Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ გამაჰმადიანება გრძელდება

 

 

საქართველოს გამაჰმადიანების გაღვიძებული იმპულსი

 

ოსმანთა (ოტომანთა) იმპერიის მიერ XVII საუკუნეში დაწყებული საქართველოს გამაჰმადიანება, რომელიც XIX საუკუნის დამდეგამდე გაგრძელდა (ვახუშტი, საქართველოს ც–ა 254–247, ივ. ჯავახიშვილი, “საქართველოს საზღვრები”). როგორც ჩანს, ჯერაც არ მისცემია დავიწყებას და ამ რელიგიურ ექსპანსიონიზმზე, არც თანამედროვე – XXI საუკუნის თურქეთი აპირებს ხელის აღებას.

ქართველთა დაუსრულებელმა გოდებამ ტაო–კლარჯეთში არსებული 20–მდე ეკლესია–მონასტრების უნუგეშო მდგომარეობასა და ბედზე, თანამედროვე თურქეთის ხელისუფალთ, აშკარად, საქართველოს გამაჰმადიანების პრეისტორიული იმპულსი გაუღვიძა; ძლევის იმპულსით აღძრული ოსმანთა იმპერია, თუ შუა საუკუნეებში ცეცხლითა და მახვილით იპყრობდა და იტაცებდა საქართველოს მიწა–წყალს და თავისკვეთით ამაჰმადიანებდა ქართველობას, დღეს – ჩვენი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის მგრძნობიარე, ნაცვალგებითი ბერკეტით ლამობს მაჰმადიანობის პროპაგანდა–გავრცელებას საქართველოში. საამისოდ კი მათ სრული კარტ–ბლანში აქვთ მინიჭებული საქართველოს დენაციონალიზებულ ხელისუფალთა მხრიდან; კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, თურქეთის მხარესთან მოლაპარაკების თანახმად, ტაო–კლარჯეთში არსებული ეკლესიების (ხანძთის, ოშკის, იშხანისა და ოთხთას) აღდგენისა და რეაბილიტაციის სანაცვლოდ, უნდა მოხდეს სამი მეჩეთის განახლება (ორი სამცხე–ჯავახეთში, ერთი აჭარაში) და ერთი ახალი მეჩეთის, აზიზიეს მეჩეთის აშენება ბათუმის ცენტრში, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სრულიად ქართველი ერი, თვით ბათუმის მოსახლეობა და საქართველოს საპატრიარქოც (იხ. განცხადება, ქვემოთ).

ზემოხსენებული კაბალური ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა, სააკაშვილისეული ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გაგრძელებაა და უხეშად ლახავს ქართველთა ავტოქტონურ უფლებებს.

თანამედროვე აჭარაში, სადაც გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან აქტიურად მიმდინარეობს ტრადიციული რელიგიური ფესვებისაკენ მოსახლეობის მიბრუნების ანუ გაქრისტიანების ნებელობითი, ეროვნულ წარმომავლობასთან იდენტიფიცირებითი პროცესი, ამგვარ რეალობაში სრულ ანაქრონიზმად ჟღერს თურქული მხარის მოთხოვნა მეჩეთების განახლებისა და მეტადრე, ახლის აშენების შესახებ, თუნდაც კულტურული დანიშნულებით!

დღეს, “კულტურული დანიშნულებით”, თუ რაიმე უნდა აშენდეს აჭარაში, ბათუმის ცენტრში, სწორედ და მხოლოდ ოსმანთა რელიგიური ექსპანსიისა და ანექსიის მუზეუმი (ფილიალით სამცხე–საათაბაგოში), რაც აჭარის მომავალ თაობებს დღენიადაგ მუსლიმთა ურდოების ულმობელ სისასტიკეებს შეახსენებს და საკუთარი მიწისა და სარწმუნოების შენარჩუნების მზაობისათვის გაუხედნის გულსა და ყურებს (“ნუ გათათრდები!”).

ტაო–კლარჯეთში არსებული IX–XIV საუკუნის ქართული ხელოვნების, კულტურული და რელიგიური დანიშნულების ძეგლების რეაბილიტაცია–გადარჩენა ყოველი ქართველის გულისმიერი სურვილია, ხოლო მათში ქრისტიანული წირვალოცვის აღდგენა – სულისმიერი ნატვრაა, მაგრამ, როგორც ვაჩეიშვილი აცხადებს, ხელშეკრულებაში მხოლოდ 4 ძეგლის აღდგენაზეა საუბარი და ისიც თურქეთის რესპუბლიკის ტურისტული ინტერესების გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი მეტად ფაქიზი და მგრძნობიარეა, დრო კი მხოლოდ ანგრევს და ანადგურებს ჩვენს კულტურულ მემკვირეობას ტაო–კლარჯეთში, იქნებ, პრეზიდენტებს შორის პოლიტიკური მოლაპარაკების საგნად ვაქციოთ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული ძეგლის რეაბილიტაცია და მის საპირწონედ, აგრეთვე საქართველოში არსებული მეჩეთების რეაბილიტაცია დავდოთ და არამც და არამც ავაშენოთ ახალი!

დღევანდელ რეალობაში ეს უნდა იყოს ურთიერთმეზობლური ჟესტი ორი სახელმწიფოს პრეზიდენტების მხრიდან. დღეს XXI საუკუნეა და დამპყრობელი ერები სრულად უნდა გათავისუფლდნენ ძლევის იმპულსისაგან. ცივილიზაციამ და პროგრესმა მენტალობაშიც უნდა მოახდინოს გარღვევა. ხახულის, ოშკისა და სხვა ძეგლების დღევანდელი მდგომარეობა იგივე წარსულისმიერი ვანდალიზმია თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან და ეს სწორედ ასე უნდა შეფასდეს! სწორედ ამ მიმართულებით გვმართებს ქართველებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების ყურადღების მიქცევა.

ტაო–კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლები არ შედის იუნესკოს მფარველობის ქვეშ და ამის მიღწევაც მხოლოდ თურქეთის ხელისუფლების კეთილი ნებითაა შესაძლებელი და ისიც, მხოლოდ მათი აღდგენა–რეაბილიტაციის შემთხვევაში.

რეაბილიტაციის ნუსხაში შესულ 4 ძეგლზე სამუშაოები უნდა განახორციელონ ქართველმა სპეციალისტებმა და 15 მილიონ დოლარამდე საჭირო თანხაც ქართულმა სახელმწიფომ უნდა გაიღოს. იქნებ, შევადგინოთ პეტიცია ქართული, თურქული ხელისუფლებისა და თვით იუნესკოს სახელზეც, რათა მოგვცენ უფლება აღვადგინოთ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი ყველა ისტორიული ძეგლი, რისთვისაც გვჯერა, საქართველოს მოსახლეობა უშურველად გაიღებს ლარებს. ასევე გვწამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები და ხელოვნების დარგის მდიდარი მუშაკებიც თავიანთ სოლიდურ წვლილს უეჭველად შეიტანენ ამ მამულიშვილურ საქმეში. მთავარია აქტივობა და ნებელობა, როგორც ხელისუფლების ასევე ქართველი საზოგადოების მხრიდან.

ვიმედოვნებთ, რომ ამ მამულიშვილური მოძრაობის ავანგარდში ჩადგებიან მწერლები, ხელოვნების დარგის მუშაკები, ისტორიკოსები, სტუდენტები, ეს იქნება საყოველთაო–სახალხო მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად უცხოეთში.

უნდა შეიქმნას ანექსირებული, ოკუპირებული და თვით გაჩუქებული (თურქეთის, ჩრდილო ქართლის, აფხაზეთის, ჰერეთის, სოჭის) ტერიტორიებზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მუდმივოქმედი ფონდი საბანკო რეკვიზიტით (ჩვენი რეკომენდაციაა ბანკი “ქართუ”, შეიძლება განხილულ იქნეს სხვა ბანკებიც: “თიბისი”, “რესპუბლიკა”), რამაც უნდა უზრუნველყოს ძეგლთა მდგრადობა მარადიულ მომავალში.

საფონდო შემოსავლების განმკარგავი და მაკონტროლებელი, ხელისუფლებასთან ერთად, უნდა იყოს საპატრიარქოსა და კულტურის დარგის საზოგადოებრივი წარმომადგენლები (განსაზღვრული რაოდენობა).

მხოლოდ ჩვენი სიფხიზლითა და გულმხურვალე ღვაწლით, შევძლებთ ამაოდ ვაქციოთ თურქ რეტროგრადთა მცდელობა, მოახდინონ რეგენერაცია თანამედროვე აჭარის მოსახლეობის სულიერებაში.

 

ლეილა ცომაია

გაზეთი “განმათავისუფლებელი“, N28, 2011

 

***

 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება 

 

4 თებერვალი 2011 წელი

ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ა.წ 18 იანვრის განცხადების შემდეგ საპატრიარქო ჩართული იქნებოდა იმ მოლაპარაკებებში, რომელიც თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარეობს ტაძრებისა და მეჩეთების აღდგენის შესახებ.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და პროცესი კვლავ ეკლესიის ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვითარდება, რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ხახულისა და არდაშენის გადმოცემის, – ანუ ამ სახის ნაცვალგების, – გარეშე მეჩეთების მშენებლობის დაწყება გაუმართლებლად მიგვაჩნია. გვინდა განვმარტოთ, რომ არდაშენი არ არის მხოლოდ ტაძარი; იგია ისტორიული ლაზეთის საეპისკოპოსოს ერთ-ერთი ცენტრი და, აქედან გამომდინარე, მისი აღდგენა არა მარტო არდაშენის, არამედ მთელი ამ მხარის, – ლაზეთის, ქართული ეთნოკულტურისა და საეკლესიო სივრცის განუყოფელ ნაწილად წარმოჩენას ნიშნავს. იგივე ითქმის ტაოში ხახულის მონასტრის ამოქმედების შესახებ. ვფიქრობთ, აქ მეჩეთის ფუნქციონირება თურქებისთვისაც კი დიდ საჭიროებას არ უნდა წარმოადგენდეს, მითუმეტეს რომ თურქეთში არსებულ ბერძნულ ტაძრებში მეჩეთები არ ფუნქციონირებს, ხოლო ახლახან ერთ-ერთ სომხურ ტაძარზე ჯვარიც კი დაიდგა.

ბოლოს კი დავძენთ, რომ საქართველოში აშენებული და ასაშენებელი მეჩეთები, მუსლიმთა ორგანიზაციის საკუთრება არის და იქნება, ხოლო თურქეთში აღსადგენი ტაძრები დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს და საქართველოს ეკლესიის საკუთრებაში არ მოიაზრება, რაც სამართლიანი არ არის.

ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება ჩვენს კონსტრუქციულ წინადადებას გაითვალისწინებს მოლაპარაკებებისას.

http://patriarchate.ge/?action=news_show&mode=news&id=605 



                  

One Response to “◊ გამაჰმადიანება გრძელდება”

  1. Vaso said

    mere sadaaa misha? akhali tseli sokhumshi, misi sakvareli politikosi qemal atatruki, da atsi vin agadgens ekelsiebs?
    ai aseti prezdienti iko 9 tselitsiadi da ra migtsevebi iqneboda?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s