Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ ერთიანი კავკასია

 

აკაკი ვარაზაშვილი

ერთიანი კავკასიის იდეის პერიპეტიები 

 

ერთიანი კავკასიის იდეა, რომელიც ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაეროში სულ ახლახან იქნა გაჟღერებული, რა თქმა უნდა, კავკასიელ ხალხთა ხანგრძლივი თანაცხოვრების ისტორიაში პირველი არ არის. მაგრამ დღეს მას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება, რასაც მალე კონკრეტული ნაბიჯებიც მოჰყვა საქართველოსგან, ჩრ. კავკასიის ე. წ. ავტონომიურ რესპუბლიკებში მცხოვრები ხალხებისათვის უვიზო რეჟიმი შემოიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელსაც შორს მიმავალი მიზნები აქვს, ეტყობა, რომ ნაჩქარევად არ არის მიღებული და შედეგებიც წინასწარ არის გათვლილი. მის მთავარ ლაიტმოტივად ჰუმანიტარული მოსაზრებები დასახელდა. მაგრამ გადაწყვეტილებას აშკარად გამოკვეთილი ანტირუსული ხასიათი, რომ აქვს ამის შენიღბვა შეუძლებელია და ის პირდაპირი მნიშვნელობითაც გაიგეს კრემლში მოკალათებულმა ოკუპანტებმა.

რუსეთს, იმ ავბედითი, 1801 წლიდან მოყოლებული, საქართველოს მიმართ თავისი განსაკუთრებული სიძულვილი არასოდეს შეულამაზებია და ამის სხვადასხვა მიზეზთა შორის ერთ–ერთი სწორედ ის იყო, რომ რუსი დამპყრობელის აზრით, კავკასიაში, ქართველებს გამორჩეული ადგილი ეკავათ და არამარტო გეოგრაფიულად, რაც მათ საშუალებას აძლევდა აქ მცხოვრებ ხალხთა გაერთიანებასაც ჩადგომოდნენ სათავეში. ეს კი კავკასიის დამორჩილებასა და ოკუპაციას, რუსული გათიშე და იბატონეს პირობებში, სათუოს ხდიდა.

ახლა კი ჩვენ გადავწყვიტეთ, ისტორიულად არაერთხელ შესრულებული მისია – კავკასიაში მოთავე–წინამძღოლისა კვლავაც ვიტვირთოთ და განვახორციელოთ კიდეც! ცხადია, რომ ამ ეტაპზე ამას მხოლოდ იდეის, ჩანაფიქრის სახე აქვს, მაგრამ ყველა დიდი საქმე სწორედ, იდეის გარშემო კონცენტრირდება, ხორცს ისხამს და მოვლენათა სწორი განვითარების პირობებში არ არის გამორიცხული, ბოროტების იმპერიის მეორედ დაშლის აკვანიც აქ, კავკასიაში დაირწეს.

ბუნებრივია, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილებას გამოხმაურება რუსეთშიც მოჰყვა და პროვოკაციად მონათლეს. ცოტა მოგვიანებით საყვედურებიც მოაყოლეს და განაცხადეს, რომ სახელმწიფოთა შორის ნორმალურ ურთიერთობაში – არ შეიძლება ერთი ქვეყანა მეორე ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებდეს, დანარჩენს კი არაო; ლათინო–ამერიკულ სერიალებში მოდაშია ამნეზიით დაავადება, ეს სერიალები კი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუსეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, და თუ არა მათი გავლენა, რითი უნდა აიხსნას რუს პოლიტიკოსთა მოკლე და ალაგ–ალაგ მახსოვრობა. განა თვითონ პირველებმა, ყოველგვარი საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით, აფხაზ და სამაჩაბლოში მცხოვრებ ოს სეპარატისტებს რუსეთში უვიზო შესვლის უფლება არ მიანიჭეს? აკი მაშინ ჯერ კიდევ ხმამაღლა აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ესეც არ იკმარეს, მსგავსი ჰიტლერსაც არ უკადრებია, ჩეხებს იქ მცხოვრებ გერმანელების დაცვას რომ ედავებოდა. რუსები მივიდნენ, ვითომ არაფერიო! საქართველოს მოსახლეობას რუსული პასპორტები დაურიგეს და რუსეთის მოქალაქეებად გადაწერეს. საინტერესოა ასეთი საქციელი, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის რომელი ნორმატივებით უნდა აიხსნას. მაგრამ ეს ხომ რუსეთია, ჩამოყალიბების დღიდან ყველას თითს რომ უქნევს და ჭკუას ასწავლის! ერთი ციცქნა საქართველო აქ რა მოსატანია, ან რომელი საერთაშორისო კანონები დააკავებს რუსულ დათვს მთელ კავკასიაში ნადირობა თუ მოუნდა. მაგრამ ნუ იტყვით – ისევ კავკასიელები და მათი ერთიანობა, პატარა საქართველოც მზად არის მიიღოს ეს გამოწვევა და თიხის ფეხებზე შემდგარ გოლიათს ხელთათმანიც კი ესროლოს.

ჩრ. კავკასიაში, რომ ფეთქებად საშიში მდგომარეობაა – ეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს და ამას კრემლშიც აღიარებენ. აღნიშნული რეგიონი ოკუპანტისათვის დღეს უფრო დიდი თავსატეხია, ვიდრე დაპყრობილი ტერიტორიისაგან მიღებული, გნებავთ მატერიალური, სტრატეგიული თუ მორალური სარგებლის განცდა. რუსი პოლიტოლოგების ერთი ნაწილი იმ ჭკუაზეც კი დადგა, რომ კრემლს ურჩევენ უარი თქვას ჩრდილოეთ კავკასიაზე და თუნდაც მეამბოხე რესპუბლიკები თავის ნებაზე მიუშვან.

ბუნებრივია კრემლში ნებით ამის გაკეთებას არავინ აპირებს, იქ, საღ აზრზე უფრო, დამპყრობელის ინსტიქტებით ხელმძღვანელობენ. კრემლს უამრავი თავსატეხი აქვს და გამოსავალს ვერ პოულობს. ის ვერ ახერხებს ელემენტარული წესრიგი დაამყაროს თავისავე ტერიტორიად მიჩნეულ ქვეყნის ნაწილში, სადაც გამუდმებული აფეთქებები და ტერორისტული თავდასხმები ხდება. ეს მის საერთაშორისო ავტორიტეტსა და იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს. რუსეთში ჯერაც კარგად ახსოვთ, თუ რა დღეც დააწია ჩეჩნებს სტალინმა, როცა რამოდენიმე დღეში ისინი თავის გუდა–ნაბადით შუა აზიაში გადაასახლა. ამის გამეორებაზე კვლავ არ იტყოდნენ უარს. მაგრამ ბოდიში! იმიტომ კი არა, რომ დღეს კავკასიელები უფრო უყვართ, არამედ იმიტომ რომ ამისი, არც თავი აქვთ და არც უნარი, თორემ ყველანაირ საზოგადოებრივ აზრსაც არაფერში მოერიდებოდნენ, რაც თუნდაც ჩეჩნებთან უახლოეს ორ ომშიც გამოჩნდა, როდესაც ჩეჩენ უმამაცეს მებრძოლებს ვერაფერი დააკლეს – ქალებსა და ბავშვებს დაერივნენ, ასი ათასობით მშვიდობიანი მცხოვრები უმოწყალოდ დახოცეს.

რუსეთი ისტორიულად ჩრ. კავკასიელი ხალხებისათვის, თუ არ ჩავთვლით ოსებს, ყოველთვის ასოცირდება დაპყრობასთან, აწიოკებასთან, ჟლეტასთან, ყველა იმ უბედურებასთან, რომელიც შეიძლება ერთმა ეთნოსმა მეორეს დაატეხოს. გენოციდის კოშმარები გერმანელმა ფაშისტებმა ევროპას რომ ჩაუტარეს – იმდენად საშინელი იყო, რომ მსოფლიო საზოგადოებამ პირობა დადო – მსგავს განუკითხაობას ხალხებს შორის ურთიერთობაში არ დაუშვებდა, მაგრამ კრემლის კარგად შეზარხოშებული მესვეურებისათვის და მათი ლოთი გენერლებისათვის – “რას ფიქრობს მსოფლიო” ვერაფერი შემაკავებელია და XXI საუკუნეშიც ჩეჩენ ხალხს ნამდვილი გენოცდი მოუწყვეს.

რუსი ჩვენთვისაც დამპყრობელია და თან სასტიკი, მაგრამ ჩვენ მათში, თუნდაც პირველ ხანებში, ერთმორწმუნესა და ქრისტიანებს ვხედავდით. ჩრ. კავკასიელებისათვის კი რუსი დამპყრობელთან ერთად – ურჯულო, გიაური იყო და არის. რომლისთვისაც უცხოა სარწმუნოებრივი შემწყნარებლობა, მუსულმანურ მოსახლეობას ან ფიზიკურად უსწორდებოდა, ანდა აიძულებდა დაეტოვებინა მშობლიური ადგილები და ოსმალეთში გახიზნულიყო.

თავის დროზე საბჭოთა კავშირის დაშლა, მრავალ მნიშვნელოვან ობიექტურ, თუ სუბიექტურ ფაქტორებთან ერთად, საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმაც დააჩქარა, დღეს კი, ჩრ. კავკასიაში მიმდინარე პროცესები – ამ ხალხთა დაუოკებელი სული და ლტოლვა თავისუფლებისაკენ დაუდებს საფუძველს რუსეთის ფედერაციის დაშლას. ჩვენ გვეძლევა შანსი ეს პროცესი შეუქცევადი გავხადოთ, ამით კი საქართველოს გამთლიანებაც სისრულეში მოვიყვანოთ.

რუსეთში ხვდებიან და უკვე ხმამაღლადაც ალაპარაკდნენ, რომ ჩრ. კავკასიელთა დაშოშმინების პუტინისეულმა პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. კადიროვი უმცროსისათვის განსაკუთრებული უფლებების დელეგირებამ, მისგან გემის ვირთხის მსგავსი ზომბის შექმნის იდეამ, რომელსაც თავისიანები უნდა გაენადგურებინა, მიზანს ვერ მიაღწია. ჩეჩენმა ხალხმა ამასაც გაუძლო და კვლავ რუსული იმპერიის დაუძინებელ მტრად რჩება. კადიროვმა კი მისთვის უკონტროლოდ გამოყოფილი ასეულობით მილიონი პირადი გამდიდრებისა და კორუმპირებული კლანის შესაქმნელად გამოიყენა. რაც ჩრ. კავკასიაში რუსული პოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო მეტ ზიზღსა და წინააღმდეგობას იწვევს.

როდესაც კრემლმა ძალისმიერი პოლიტიკით ჩრ. კავკასიაში მისთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღო, იგი ცდილობს მსოფლიოს წინაშე წარსდგეს, როგორც ჩრ. კავკასიის მომრიგებელ–მომწესრიგებელი. სურს დაარწმუნოს მსოფლიო, რომ არა ის, ღმერთმა უწყის რა პროცესები დაიწყებოდა, რომლის უარყოფითი შედეგები შორს გასცილდებოდა რეგიონის მაშტაბებს. თუმცა კრემლმა მთელი ამ ხნის განმალვობაში ჩრ. კავკასიის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ერთი ნაბიჯიც არ გადადგა. მით უმეტეს, ცნობილია, რომ აქ მცხოვრები ადამიანების უდიდეს ნაწილს იარაღისაკენ მისწრაფება და სიყვარული გენეტიკურად ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი. ძალმომრეობის პირობებში კი, ხსენებული ხალხები, რომელთაც თვითრეალიზაციის მშვიდობიანი პირობები არ შეუქმნეს – ბრძოლაში ხედავენ ხსნასაც და მომავალსაც. არადა, ის რესურსები, რაც კადიროვისა და მისი შეიარაღებული ბანდის შესანახად წელიწადში გამოიყოფა, – სულ ეყოფოდა, თუნდაც ჩეჩნეთში მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემის მოგვარებას, მაგრამ ეს არ კეთდება და ამას თავისი ახსნა აქვს. ჯერ ერთი – კრემლის მიზანია ჩრ. კავკასია მოსახლეობისაგან დაცალოს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადასარჩენად უცხოეთისაკენ უბიძგოს. მაშასადამე, არაძალისმიერი გენოციდი პერმანენტულად გააგრძელოს. სტალინის კიდევ ერთი სიბრძნე – “არ არის ხალხი, არ არის პრობლემა”, რუსებს ძალიან კარგად ახსოვთ და მეორე, მართალია, ტერორისტული აქტები კრემლს მოსვენებასა და მოთმინებას აკარგვინებს, თუმცა უპრობლემო ჩრ. კავკასია ოკუპანტების აზრით მათთვის უფრო დიდი თავსატეხი შეიძლება გახდეს. ასეთ შემთხვევაში ე. წ. ავტონომიები უკვე კონსტიტუციურად, ძალადობის გარეშე მოითხოვენ რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლას – ამაზე კი კრემლს პასუხი არა აქვს. ეს მისთვის მოვლენათა განვითარების ყველაზე საშიში სცენარია, რომელსაც უსათუოდ მოყვება დომინოს ეფექტი და რუსეთის ფედერაცია ისევე დაიშლება არაერთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, როგორც ეს საბჭოთა კავშირის შემთხვევაში მოხდა. მაგრამ სანამ ეს მოხდება, კრემლი მანიპულირებს და ცდილობს ჩრ. კავკასიელ მებრძოლთა შეურიგებელი ბრძოლა თავისუფლებისათვის იარაღით ხელში (რომელიც სამწუხაროდ ტერორიზმის ელემენტებსაც მოიცავს, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, რასაც თან სდევს ადამიანთა გატაცება და სხვა უკანონობანიც) იმის სამტკიცებლად გამოიყენოს, რომ ჩრ. კავკასიაში არ არიან თავისუფლებისათვის მებრძოლნი, რომ ისინი ჩვეულებრივი ექსტრემისტები და ბანდიტები არიან და, რომ რუსეთი ყველა კანონის დაცვით ცდილობს მათგან ქვეყნის გადარჩენას. ასეთი პოლიტიკა, მებრძოლთა გადაცთომები მუშაობს და კრემლს საშუალებას აძლევს მსოფლიო საზოგადოებას მისთვის სასურველი კუთხით დაანახოს აქ მიმდინარე პროცესები. ოკუპანტებს ხახვივით შერჩათ ჩრ. კავკასიელთა არაერთი გენოციდი და მათ შორის სულ უახლესიც. სამწუხაროდ, ევროპა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მკაცრად აკრიტიკებდა რუსეთს ჩრ. კავკასიაში და განსაკუთრებით კი ჩეჩნეთში ჩატარებული წმენდისათვის. დღეს, მსგავს პროცესებს შეგუებულია და რეაგირებაც ნულის ტოლია. ასე რომ, დასავლეთში ეტყობა მართლაც აშინებთ ჩრ. კავკასიური პრობლემები და რუსეთს ევროპისათვის ჩვეული უდარდელობით ბევრ დანაშაულზე თვალებს უხუჭავენ.

ახლა მთავარი კითხვა – ჩრ. კავკასიელთა უვიზო შემოსვლა საქართველოში არის თუ არა საფრთხის შემცვლელი?! რა თქმა უნდა არის და ამას ვერ გავექცევით. საინტერესოა, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ერთ–ერთმა ქართულმა პოლიტიკურმა მიმდინარეობამ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება რუსულ პროვოკაციად გამოაცხადა, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსები საქართველოსკენ გზას გაუხსნიან მარტო ტერორისტებს, ეს უკანასკნელნი კი სამი თვის განმავლობაში ტერორისტული აქტების მოწყობით იქნებიან დაკავებულნი. თუმცა, აღნიშნულია ისიც, რომ ჩრ. კავკასიელებთან კონტაქტები უსათუოდ მისასალმებელია და, რომ საქართველომ მათი ინტერესები ყველა საერთაშორისო დონეზე უნდა დაიცვას.

როგორც ვხედავთ – რუსული პროპაგანდისტული მანქანა თავის საქმეს აკეთებს და ჩრ. კავკასიელებს არამარტო ევროპაში, ჩვენც ეჭვის თვალით ვუყურებთ. მით უმეტეს, რომ გარკვეული მიზეზებიც გვაქვს. რუსეთის მიერ პროვოცირებული ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დროს, ოკუპანტმა მშვენივრად გამოიყენა ჩრ. კავკასიელთა არაინფორმირებულობა, საქმე ისე წარმოაჩინა, რომ ვითომ ქართველები ვჩაგარავდით აფხაზებს და მისდა სასიხარულოდ მოახერხა ჩრ.კავკასიელ მებრძოლთა ერთი ნაწილის საქართველოს წინააღმდეგ დაძვრა. სამწუხაროდ, ისინი გვიან მიხვდნენ რუსულ პროვოკაციას, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლით – საკუთარი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ჩაიდინეს ის, რაც ასორმოცდაათი წლის წინ ჩავიდინეთ ჩვენ ჩრ. კავკასიაში.

მაშასადამე, საფრთხე, რომ კრემლი ჩრ. კავკასიელებს მის მიერ გაწვრთნილ ტერორისტებსაც მოაყოლებს, რა თქმა უნდა არსებობს. არც ის არის გამორიცხული, რომ მათ საქართველოში ტერორისტული აქტებიც მოგვიწყონ. ეს უსათუოდ გათვლილი იქნება საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად  – აი, რა მოგვიტანა საზღვრების გახსნამ და ა. შ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დეოკუპაციის დაჩქარება, მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – სწორედ, ჩრ. კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე იქნება ბევრად დამოკიდებული.

ერთიანი კავკასიის იდეა, – ის პოლიტიკური გზავნილია, რომელსაც კრემლი ყველაზე მეტად უფრთხის; ცხადია, რუსეთში მშვენივრად უწყიან, რომ აქ ერთიანი სახელმწიფოს შექმნაზე არ არის ლაპარაკი. მაგრამ კავკასიური სოლიდარობაც მათთვის ძირშივე მიუღებელია, იმიტომ რომ მთელ მის საოკუპაციო ძალისხმევას დიდ საშიშროებას უქმნის.

უვიზო რეჟიმი ნიშნავს, რომ საქართველოში შემოვა არამარტო ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობა, რომელიც წვრილმანი ვაჭრობით შეეცდება ხელის მოთბობას, არამედ ახალგაზრდები, სხვადასხვა წრის ინტელექტუალები. სურვილის შემთხვევაში, ჩრ. კავკასიელ აბიტურიენტებს, მათთვის ხელსაყრელი პირობებით საშუალება უნდა მიეცეს ისწავლონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთან განათლება მიღებული და უკან სამშობლოში დაბრუნებული ახალგაზრდა, როდესაც ჩრ. კავკასიის დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი – ას ტანკზე უფრო ეფექტურია.

საქართველო დღეს თავისი განვითარებით არ არის სრული ევროპული ქვეყანა. მაგრამ უკვე მიღწეულით მას შეუძლია, ჩრ. კავკასიელთა კოლონიური მდგომარეობის გათვალისწინებით, მათთვის სამაგალითო გახდეს. ამიტომ, იქიდან შემოსულ საზოგადოების გონიერ წარმომადგენლებს უსათუოდ გაუჩდებათ იმისი შეგრძნება, რომ დამოუკიდებლობის პირობებში მათთაც შეუძლიათ იგივე პროცესები თავიანთ სამშობლოში წამოიწყონ, რაც მათ მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნას მეტ სტიმულსა და მიზანდასახულობას მიანიჭებს. რა პასუხი ექნებათ კრემლში – არა! დამოუკიდებლობა მარტო ერთ მუჭა ოს და აფხაზ სეპარატისტებს ეკუთვნით, თქვენ არაო! ამას, რა თქმა უნდა, არავინ დაეთანხმება.

საქართველომ სწორი ნაბიჯი გადადგა (ამ ნაბიჯებით ვიდოდნენ ზვიად გამსახურდია და ჯოხარ დუდაევი) და ის საფრთხეები, რომელიც რუსეთმა შეიძლება გაათამაშოს იმისი საპირწონე ვერ იქნება, რასაც ჩვენ მივიღებთ, როდესაც ჩრ. კავკასიელთა დამოუკიდებლობისათვის შეურიგებელ ბრძოლას მთელი კავკასიისათვის სიკეთის მომტანი შედეგები მოყვება. საქართველო ვალდებულია და შეუძლია კიდეც ჩრ. კავკასიელებს ამ ბრძოლაში მხარში დაუდგეს. ამით ჩვენ იმ ისტორიულ შეცდომასაც გამოვასწორებთ, როდესაც რუს ოკუპანტებს, ჩვენდა საუბედუროდ კავკასიის დამოჩრილებაში ვეხმარებოდით.

 

 გაზეთი “განმათავისუფლებელი”, #27

 

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s