Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

 

აკაკი ვარაზაშვილი

 

გზაჯვარედინზე – ანუ კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ

 

როდესაც ქართველებმა დასავლეთ ევროპისაკენ ყურება დაიწყეს, იქიდან მხარდაჭერისა და დახმარების იმედით, რუსები ტყიდან ახალი გამოსულები იყვნენ. მაგრამ იმის გამო, რომ მონღოლების გამოჩენამდე, მთელს უზარმაზარ სივრცეზე ფაქტიურად მოწინააღმდეგე არ ყოლიათ, სწრაფად მოხდა მათი ეთნოსის გამრავლებაცა და დომინირებაც.

რუსეთი მალე კიბოს უჯრედად იქცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გამუდმებით ნთქავდა და ნთქავდა ახალ-ახალ ტერიტორიებსა და ხალხებს. ჩვენი უბედურებაც სწორედ იმაშია, რომ მაინცა და მაინც ამ განუკურნებელი სენით შეპყრობილი ქვეყნის მეზობლად აღმოვჩნდით.

მას შემდეგ, რაც საქართველოს გარშემო სამკუთხედი შეიკრა – ირანი, ოსმალეთი და რუსეთი – მთავარი კითხვა, რომელიც აქედან გამომდინარეობდა ის იყო, თუ ვისი ლუკმა უნდა გამხდარიყო საქართველო. ცხადია, ამისაკენ სამივე ისწრაფოდა, მაგრამ ჩვენდა ბედად თავიდან ჩვენი მონელების საშუალებას არ აცდიდნენ ერთმანეთს, ეს კი ფართხალისა და აქეთ-იქით ტოკვის საშუალებას გვიტოვებდა. რაც მანამდე გაგრძელდა, სანამ რუსულმა დათვმა არ იმძლავრა და მთელს კავკასიას თავისი თათი მთელი სიმძიმით არ დაადო.

და აი ახლაც, როდესაც წელი წელს მიყვება, საუკუნე საუკუნეს, დაპყრობებისა და კოლონიების ეპოქა წარსულს ჩაბარდა; ზანგები, რომ ზანგებია აფრიკაში – იმათაც კი მისცეს დამოუკიდებლობა და მოსვენება; ჩვენი საშველი მაინც არ ჩანს, რუსი ოცდამეერთე საუკუნეშიც ვერ გათავისუფლდა დერჟავობის ბაცილისაგან.

მაგრამ მთელს ამ ორომტრიალში, ჩვენი წილი შეცდომებიც უხვად არის. პოლიტიკოსის ყველაზე დიდი მტერი მისივე გულუბრყვილობაა, ეს ჩვევა კი ქართველებს მოჭარბებულად გვაქვს. ყოველთვის ვიღაცისა და რაღაცის იმედი გვქონდა, ილუზიებით ვცხოვრობდით, შედეგი ხშირად დამანგრეველი იყო, მაგრამ სწორი დასკვენების გამოტანას მაინც ვერ ვახერხებდით.

ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში – რა ჭკუის კოლოფებიც ვიყავით იქიდანაც ჩანს, რომ მარგალიტივით დედოფალი თამარი, ბედის ირონიით რუსს ბომჟს მივათხოვეთ; რამოდენიმე წელი გახდა საჭირო ჩადენილ სისულელეს მიმხვდარიყავით.

იმავე რუსების წაქეზებით – აქაოდა დაგეხმარებით და აბა შენ იციო, მართლაც ბრძენი მეფე ვახტანგ VI-ე ისე გაგულისდა პაწაწინა ქართლის ძალებით – ირანის წინააღმდეგ იწყებს ომს. ამ გულუბრიყვილობის შედეგი ის იყო, რომ ძლივს გაასწრო საქართველოდან და ყველაზე ინტელექტუალ 1200 ქართველთან ერთად რუსეთში გადაიხვეწა.

იგივე დამართეს ერეკლე II- ესაც, რომელსაც ასევე გულუბრყვილოდ ჯეროდა, რომ რუსი ქართულ საქმეს გააკეთებდა; ვინ იცის, როდესაც აღა მახმად ხანმა თბილისი მიწასთან გაასწორა – რუსების აშკარა წაყრუებითა და პასიური ხელისშეწყობით – მიხვდა კიდეც მათ მთელს ვერაგობას, მაგრამ უკვე გვიანი იყო, სტუმრის სტატუსით მოსული – ყველაფრის დაპატრონებას ჩემობდა და შეასრულა კიდეც.

დღეს რუსები, უფრო ზუსტად კი კრემლის აპოლოგეტები პრეტენზიებს გვიყენებენ და ჩვენს უმადურობაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ არ გვინდა გავიხსენოთ თუნდაც ორასი წლის ამბები, როდესაც მუსულმანთა ოკეანეში ჩასაძირად განწირულებს, სწორედ რუსეთმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი, გადაგვარჩინა ფიზიკურ განადგურებისაგან და მოგვცა საშუალება გაგვეგრძელებინა არსებობა, მეტიც, ერად დავრჩენილიყავით.

მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია, უბრალოდ მოხდა ისე, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში – ჩვენი ფიზიკური გადარჩენის შანსი დაემთხვა რუსეთის ინტერესებს გაეფართოებინა ტერიტორიული დაპყრობები კავკასიის მიმართულებით. ჩვენი გადარჩენა არ შედიოდა რუსის გეგმაში. პირიქით, ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო; დაწყებული დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლით საქართვლეოში, სეპარატიზმის გაღვივებითა და მხარდაჭერით, ეკლესიების ძარცვა-გლეჯითა და ნაძარცვის რუსეთში გატანით, საუკეთესო ქართული ტერიტორიების მიტაცებით, ძირძველი ქართული მიწების მეზობელი სახელმწიფოებისათვის ჩამორიგებით, ქართული კულტურისა და ენის დევნით; რომელი ერთი ჩამოვთვალო, მათ სიავესა და ბოროტებას დასასრული არა აქვს და ეს ყველაფერი დღესაც გრძელდება.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კავკასიაში არიან ხალხები, რომლებზედაც რუსებს მზე და მთავარე ამოსდით, რატომ და იმიტომ, რომ ლოკვა იციან კარგად. მადლობა ღმერთს, რომ ამაში არ დავემსგავსეთ მათ.

დასავლეთი, რომელიც გადარჩენისა და ხსნის პანაცეად გავიხადეთ, ჩვეულების გათვალისწინებით, როგორც ჩანს თითსაც არ გაანძრევს საქართველოს დასახმარებლად. რუსეთი კი აქტიურ ქმედებებზე გადმოდის და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირის ფარგლებში მაინც აღსდგეს. ევროპა, ასე ჩანს, რომ ამას შეგუებულია.

ასეთ ვითარებაში რა გამოსავალი რჩება საქართველოს, კვლავ გავაგრძელოთ საომარი რიტორიკა, იხტიბარი არ გავიტეხოთ, რუსულ დათვს მუშტები ცხვირწინ ვუქნიოთ? რამდენჯერ უნდა გამოვარდეს თავისი ბუნაგიდან და დაგვლეჯოს, რომ ჭკუა ვისწავლოთ?

არ მოვა ევროპიდან მონადირე – ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ. ჩანჩურა დასავლეთი თავს არ შეიწუხებს საქართველოსთვის. კი ბატონო! ბევრს ილაპარაკებენ, ვითომდა ჩვენს საცოდაობაზე, მაგრამ ისე, რომ რუსებსაც აფიქრებინონ – არც შენ ხარ მთლად მტყუანიო. როგორც მოვლენები ცხადყოფს – რუსეთი თუ თავისი იმპერიის კიდევ უფრო გაფართოებას მოინდომებს მას დასავლეთიდან მხოლოდ მოჩვენებითი წინააღმდეგობა შეხვდება და ისიც ლაყბობის იქით არ წავა.

ეს ევროპაა – იქ განცხრომით ცხოვრობას არიან მიჩვეული და სხვისი სატკივარი გულთან ახლოს არ მიაქვთ. სულხან-საბასაც ეგონა ერვოპაში, თუ ჩავედი იმოდენა ჯარს დამახმარენ – საქართველოს მტრებს კუდით ქვას ვასროლინებო, მაგრამ ამისი გაკეთება აზრადაც არავის მოსვლია, ისევე, როგორც ეს არავის მოუნდომებია ერთა ლიგის დროს, როდესაც ნოე ჟორდანიასა და მისი მთავრობის წევრებს ფუჭად აიმედებდნენ; ევროპიდან დახმარების მოლოდინში – რუსეთი შემოვარდა და რა დღეც დაგვაწია ყველას კარგად ახსოვს. იგივე დაგვემართა ეხლაც, გაერო თუ მაერო, ნატო თუ კატო – ყველას მოიმედე ჩვენ ვიყავით, მაგრამ არაფერმა გვიშველა. შემოვარდა რუსი და კიდევ ერთხელ დაგვტორა.

ის ნაფლეთები, რომელსაც საქართველოს ვეძახით და ჯერ კიდევ შემოგვრჩა, – რამდენხანს შევინარჩუნებთ ძნელია სათქმელია. ფილმში “გიორგი სააკაძე” არის ერთი ეპიზოდი, როდესაც შახ-აბაზის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები სპარსელების შესაშინებლად იძახიან რუსი მოდის! – რუსი მოდისო! უბედურებაც ისაა, რომ რუსი კარგა ხანია მოსულია და წასვლასაც არ აპირებს.

ერთი სიტყვით, არავისი იმედი არ უნდა გვქონდეს – განსაკუთრებით კი მოლაყბე დასავლეთელი პოლიტიკოსებისა. ჭკუა უნდა მოვიკრიბოთ, არ უნდა ავჩქარდეთ, კარგად უნდა დავაკვირდეთ რუსეთის შიგნით განვითარებულ პროცესებს, რომელიც დროთა განმავლობაში სხვადასხვა ხალხებისაგან შეკოწიწებულ ერთობას უსათუოდ დაშლის. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. რუსულ იმპერიას შიდა პროცესები მოუღებენ ბოლოს. ეს იქნება საქართველოსათვის ხსნაც და გადარჩენის შანსიც.

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი” #25

მაისი, 2010

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s