Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ თამაზ ვაშაძე – თბილისის მერი უნდა იყოს უპარტიო

 

“ჩემი მერობის დროს, ადამიანები დასაქმდებიან არა პარტიული,

არამედ პროფესიონალიზმის ნიშნით”

(აცხადებს თბილისის მერობის კანდიდატი პარტია “სოლიდარობიდან” ვაშაძე თამაზ)

 

 

თამაზ ვაშაძე – შრომითი საქმიანობა დაიწყო 14 წლისამ და ღირსეულად განვლო დამხმარე მუშიდან დედაქალაქის მერობამდე. 20 წლის ახალგაზრდაზე გივი ჭელიძემ დაწერა წიგნი ‘”ყვირილას პირას იზრდებოდა ფალავანი”. 24 წლის ასაკში მყოფ თამაზზე კი შალვა ჩაგუნავამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “გზა მომავლისა”.

იგი, პროფესიით მშენებელი ინჟინერია. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დროს იყო თბილისის მერი. 1991 წლის 29 აპრილს, რაჭა–იმერეთისა და სამაჩაბლოს დამანგრეველი მიწისძვრის დროს, პირადად ხელმძღვანელობდა სარეაბილიტაციო შტაბს, განაგებდა საამშენებლო სამუშაოებს და მასთან დაკავშირებულ ფინანსებს. მასვე მოუწია, ამ პერიოდში მომხდარი აჭარის სტიქიის დროს მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაც.

1991 წელს, წყალ–სათხილამურო სპორტში ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირეებით, მან უსწრაფეს ვადაში ააშენა სპორტული კომპლექსი მალთაყვაში, სადაც წარმატებით იასპარეზეს მსოფლიოს წამყვანმა სპორტსმენებმა. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და სამი შვილიშვილი.

***

– ბატონო თამაზ, ახალშექმნილმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ “სოლიდარობა” თქვენ წამოგაყენათ დედაქალაქის მერობის კანდიდატად. ამ ორგანიზაციის ნამდვილი წევრი ბრძანდებით, თუ, უბრალოდ, მათ მიერ დასახელებული კანდიდატი?

– მე არ გახლავართ “სოლიდარობის” წევრი, მაგრამ მე დავთანხმდი ამ ორგანიზაციის ლიდერების შემოთავაზებულ წინადადებას ვიყარო კენჭი უმთავრესი მიზნით – ერთხელ და სამუდამოდ (ვიმეორებ, ერთხელ და სამუდამოდ!) მოვსპო და დავასამარო საქართველოში პარტიული კუთვნილების ნიშნით კადრების შერჩევისა და დასაქმების დისკრიმინაციული და ყოვლად უსამართლო პრაქტიკა. დღეს, არამცთუ თანამდებობებზე, არამედ თვით უბრალო სამუშაო ადგილებზეც კი, ინიშნებიან (საქმდებიან) მხოლოდ გაბატონებული პარტიის წევრები, ხოლო უპარტიოს, ან ოპოზიციური პარტიის (ნამდვილი ოპოზიციის…) წარმომადგენელს არავითარი პერსპექტივა არა აქვს ამ ქვეყანაში, არამედ განწირულია უმუშევრობისათვის და შიმშილით სიკვდილისათვის. თბილისის მერი უნდა იყოს უპარტიო.

მე ვიზიარებ ყველა იმ პარტიის პლატფორმას, რომელიც ითვალისწინებს ხალხის, საზოგადოების და თბილისის მოსახლეობის თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, განურჩევლად ასაკისა, პარტიული კუთვნილების და აღმსარებლობისა და ეროვნებისა.

– თქვენ ბრძანეთ, ასაკი. ეს საკითხი, სააკაშვილის ანტისახალხო ხელისუფლებამ ძალზე მტკივნეული გახადა;

– 40 წელს მიღწეულ ადამიანებს წაართვა შრომისა და დასაქმების უფლება და სამსახურებიდან გამოყარა.

– თქვენი მერობის შემთხვევაში ვიქონიოთ იმედი, რომ მოსპობთ ამ ყოვლად გაუმართლებელ ასაკობრივ ცენზს და ადამიანს მისცემთ შესაძლებლობას იმუშაოს საპენსიო ასაკამდე მაინც და დასწევთ, თუ არა საპენსიო ასაკს?

–საპენსიო ასაკს აუცილებლად დავწევ, ხოლო ადამიანებს მივცემ შესაძლებლობას, არამცთუ საპენსიო ასაკამდე, არამედ (თუ იგი შრომისუნარიანია) იმუშაოს საპენსიო ასაკშიც. თბილისის მერმა უნდა შეძლოს კონსოლიდაცია ყველა პარტიის ლიდერების, რომ მათთან ერთად შეიმუშაოს ახალი სამუშაო ადგილებისა და დედაქალაქის განვითარების პროგრამა, ხოლო კადრების შერჩევა უნდა ხდებოდეს მხოლოდ პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერებისა და პატრიოტიზმის ნიშნით. ყველა თანამდებობის პირს უნდა უყვარდეს თავისი ქალაქი და ხალხი. ერთპარტიული სისტემა მიუღებელი და დაუშვებელია, რამეთუ იგი წარმოშობს ანტაგონიზმს და მუდმივი დაპირისპირების სახიფათო მუხტის მატარებელია. ეს შხამიანი წყარო უნდა მოისპოს, რათა დამკვიდრდეს მშვიდობა თანამოქალაქეებს შორის, რათა სიყვარულით ვაკეთოთ და ვაშენოთ. ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში კადრები სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. მე ამის პირობას ხმამაღლა ვდებ. ეს არის ჩემი კრედო, ხოლო ჩემი სლოგანი – “საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ”.

 – ბატონო თამაზ, მაშასადამე, თქვენ, როგორც მერობის კანდიდატი, თბილისის ამომრჩევლების წინაშე დებთ პირობას, რომ მოქალაქეთა დასაქმების საკითხში აღმოფხვრით შევარდნაძის ეპოქიდან დამკვიდრებულ დისკრიმინაციას და იხელმძღვანელებთ მხოლოდ პატიოსნების, პროფესიონალიზმისა და არა პარტიული კუთვნილების ნიშნით?

– მე საქართველოში მიცნობენ, როგორც შეუვალ და უღალატო პიროვნებას. მე ვიქნები პირველი გამტარებელი და დამცველი სამართლიანობის. ჩემს ქალაქში, ჩემი მერობის პერიოდში, დაჩაგრული ადა- მიანი, თავის კანონიერ უფლებებში, აღარ იარსებებს! თბილისელებისათვის, ჩემთან მოსასვლელი ყველა გზა იქნება ღია. მე, მოქალაქეებს, სააკაშვილის მინისტრებისა და მერების მსგავსად, არ დავემალები, არამედ მოქალაქეებისათვის დავაწესებ ყოველკვირეული მიღების დღეებს. შეიძლება ყველას ყველა პრობლემა ვერ მოვუგვარო, მაგრამ თავიანთი პრობლემის ჩემთან მოტანის უფლებას არ წავართმევ. მე ვიქნები ნამდვილი სახალხო მერი, ჩემს ხალხზე და ქალაქზე ჭეშმარიტი მზრუნველი მერი.

– როგორი იქნება თქვენი მიდგომა ძველი თბილისის უბნებისადმი, ისტორიული და კულტურული ძეგლებისა თუ საცხოვრებელი სახლებისადმი, იზრუნებთ თუ არა მისი იერ- სახის შენარჩუნებისა და დაცვისათვის?

– ეს ჩემი, როგორც პატრიოტი პიროვნებისათვის ღირსების საკითხია და მასზე ზრუნვა პრიორიტეტი იქნება ჩემთვის. სიძველეებთან მიმართებაში დაცული და გათვალისწინებული იქნება თვით ნიუანსიც კი. ჩემი საქმიანობა, მშენებლობა–რეკონსტრუქციის საკითხში, დაემორჩილება ერთადერთ დიქტატს – არქიტექტურას, რომ არ დამახინჯდეს ხედები და არ დაინგრეს თვით ნაკლები მნიშვნელობის ძველი შენობა-ნაგებობაც– კი. ძველი თბილისის აღდგენა–შენარჩუნება წახალისებული იქნება ბიზნესის მხრივ, მაქსიმალურად გავამარტივებთ ბიზნესმენთა საქმიანობას ძველ თბილისთან მიმართებაში, რათა თბილისი გადაიქცეს კიდევ უფრო მიმზიდველ ქალაქად.

– ბ-ნ თამაზ, ძველ თბილისზე არანაკლებ პრობლემატურია ურბანისტული თბილისიც, რომელსაც საბჭოური და პოსტ-საბჭოური ეპოქებიდან შემორჩა დაწყებულ- დაუმთავრებელი შენობები, რომლებსაც, თითქმის ყველა, თვით ცენტრალურ უბნებშიც კი მრავლად ვაწყდებით. უპატრონოდ დაგდებულ- მიტოვებული ეს შენობები (დაჟანგულ ამწე-კრანებიანად) საზარელ სიმახინჯედ ქცეულან. ვიქონიოთ იმედი, რომ თქვენი მერად არჩევის შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს დასრულდება დაწყებული მშენებლობები და თბილისში აღარ იარსებებს რკინა-ბეტონის საზარელი ჩონჩხები?

– აუცილებლად! ჩემი არჩევისთანავე, ძალიან სწრაფად შედგება ნუსხა დაწყებული მშენებლობებისა, მივიღებთ კონკრეტულ მიმართულებას და გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ობიექტების, მშენებლობების დასრულებისა, ხოლო, რომელიც ვერ ჩაჯდება დღევანდელი არქიტექტურის საერთო ანსამბლში, მოვახდენთ მის დემონტაჟს. ამ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო საკითხის გადაწყვეტაში მე მოვიწვევ ყველა სპეციალისტს, რათა კომპლექსურად შევისწავლოთ და გადავწყვიტოთ საკითხი – გავათავისუფლოთ თბილისი ყოველგვარი სიმახინჯეებისაგან. რასაკვირველია, დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვექცეოდი და მოვექცევი საკულტო დანიშნულების ძეგლებს, რომელიც ფაქიზ მიდგომას საჭიროებს. არ შეიძლება მკვეთრი დისონანსის არსებობა ძველ და ახალ ნაგებობებს შორის. მოკლედ, იმუშავებს სპეციალისტებისა და პატრიოტების ჯგუფი, რომლებიც მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს, რათა მომავალ თაობებს დარჩეს ძველი თბილისის უნიკალური ნაგებობები.

– როგორც მერობის კანდიდატი, რას პირდებით თბილისის მოსახლეობას სოციალური დონის ამაღ- ლების მხრივ, როგორ აპირებთ გაბატონებული სიღარიბის დაძლევას, გაქვთ თუ არა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თქვენეული პროგრამა?

– საქართველოში ყოვლად მოუწესრიგებელია საპენსიო სისტემა. არ შეიძლება მაღაროელსა და ქუჩების მხვეტავს, ან ყარაულს თანაბარი პენსია ჰქონდეს. სამუშაო ადგილების შექმნაც და საპენსიო საკითხებიც ცენტრალურ მთავრობასთან ერთად გადასაწყვეტი საკითხებია. უნდა შემუშავდეს დიფერენცირებული საპენსიო პროგრამა და ამასთანავე, გაიზარდოს მინიმალური პენსია. ხოლო, პენსიონერის დაკრძალვის ხარჯები, მთლიანად სახელმწიფომ უნდა გაიღოს. ასეა ეს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე, – ცოცხლებზე და გარდაცვლილებზეც. ჩვენ, პენსიონერებს ძალიან დიდი პატივი უნდა ვცეთ, უნდა შევიმუშავოთ სათანადო პროგრამა. რაიონის გამგებლებს უნდა მივცეთ მეტი უფლებები, რომ ადგილზე გადაწყვიტონ მრავალი პრობლემა და ყველაფერში დამოკიდებული არ იყვნენ ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ადამიანებს უნდა მივცეთ უფლებები თავად წყვეტდნენ მრავალ პრობლემას.

– ბ–ნ თამაზ, ალბათ, თქვენი მერობის დროსაც იქნებიან უკმაყოფილო ადამიანები, იქნება მიტინგები, როგორ გამოხატავთ თქვენს დამოკიდებულებას მომიტინგეთა მიმართ, თქვენც დაარბევთ?

– არავითარ შემთხვევაში! მე, მიტინგების დარბევის განკარგულებას, თვით პრეზიდენტისგანაც კი არ აღვასრულებ! მიტინგების უფლება კონსტიტუციური უფლებაა და ამ მხრივ, მოქალაქეებს სრულ თავისუფლებას მივანიჭებ – თვით ჩემს კაბინეტშიც მივცემ მიტინგის მოწყობის უფლებას. მე არ დავემალები და არ გავექცევი ჩემს ხალხს. მიტინგები მოაქვს არასწორ მუშაობას. სწორად და სამართლებრივად უნდა იმუშაო და მიტინგებიც აღარ იქნება. აი, ეს არის გამოსავალი და არა, დარბევა.

 – მერად არჩევის შემთხვევაში, ხომ არ იზრუნებთ, თბილისის სკოლებში რელიგიის სწავლების აღდგენაზეც, რამეთუ მოზღვავებული გარყვნილობის ინსტიტუციების ფონზე კატასტროფულად ირეცხება მოზარდის ზნეობა და მორალი, იშლება ფსიქიკა, ხდება წაქეზება კრიმინალისადმი, რის შედეგადაც ვკარგავთ მომავალ თაობებს.

– დიახ, სამწუხაროდ, მოზარდის ზნეობრივ-მორალური ფორმირება, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე გლობალურ პრობლემად იქცა და მან, გეთანხმებით, ძალზე საშიშ ზღვარს მიაღწია. ჩვენ, ეკლესიასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემაზე, მოვალენი ვართ. მართლმადიდებლური რელიგია, ყველა რელიგიაზე მეტად პროგრესული რელიგიაა და იგი სკოლებში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, თუმცა, ვაცხადებ რა ამას, ეს არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემდეთ სხვა რელიგიებს. ეს ქვეყნის განვითარებას ხელს არ შეუწყიბს.

– ბ-ნ თამაზ, როგორია თქვენი პოლიტიკური ორიენტაცია: დასავლეთი – ნატო, თუ რუსეთი?

– ჩვენი გზა და ხიდი ყოველთვის იყო ევროპა, ამ გზით გაგვქონდა ჩვენი კულტურა და მას საქართველოს სახელი ერქვა, ხოლო რუსეთთან კავშირით, ყოველთვის ჩაკარგული ვიყავით, როგორც კოლონია. რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა გვქონდეს და უნდა ვიაროთ ევროპის გზით.

– გმადლობთ საინტერესო ინტერვიუსთვის, არჩევნებში გამარჯვებას გისურვებთ.

 

 ესაუბრა ქეთევან ჭანტურია

 

 გაზეთი “განმათავისუფლებელი” N24

2010, მარტი

 

***

 

 

 

3 Responses to “◊ თამაზ ვაშაძე – თბილისის მერი უნდა იყოს უპარტიო”

  1. iberiana said

    თამაზ ვაშაძის გამარჯვება – ეროვნული მოძრაობისა და მისი მიმდევრების ღირსების საკითხია.

    Like

  2. დიდი მადლობა იმისათვის, რასაც თქვენი ვებ-გვერდი “იბერიანა” აკეთებს ქართული ეროვნული საქმის პოპულარიზაციისათვის.

    Like

  3. ზოია said

    უდიდეს პატივს გცემთ, ბატონო თამაზ.წარმატებას გისურვებთ და მე კი ვისურვებდი გიცნობდეთ პირადად.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s