Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 25 თებერვალი

 

 

***

 

25 თებერვალი

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა თბილისი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძლად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი.
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს.
არ შეგიბრალეს კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდ თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკვლავებს
და უძრავ იყო თბილისის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიმსხვრა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნაბანი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი.
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი.
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

კოლაუ ნადირაძე
25 თებერვალი 1961

***

1921 წლის თებერვალი

ჟორდანიას მხართეძოზე წამოწოლილს მშვიდი ძილით ეძინა, როცა ლენინი და, უპირველეს ყოვლისა კი, მის გვერდში მყოფი ქართველი გარეწრები, თავსაც რომ აბეზრებდნენ ლენინს – ჩქარა დაერთო ნება, შესეოდნენ საკუთარ სამშობლოს რუსული არმიებით, საქართველოს ანექსიისთვის ემზადებოდნენ.

აი, რას მოგვითხრობს გენერალი მაზნიაშვილი ჟორდანიას ხელისუფლების არნახულ უპასუხისმგებლობაზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართ, რაც სამშობლოს ღალატად შეიძლება ჩაეთვალოს მას. დიახ, როცა ეცნობი გენერალ მაზნიაშვილის მიერ მოწოდებულ მასალებში ჟორდანიას, არათუ მხოლოდ უმოქმედობის, არამედ მის მიერ აშკარად ჩადენილ მავნებლურ ქმედებას, აუცილებლად გებადება კითხვა: ხომ არ იყო ჟორდანია ფარულად შეთანხმებული მარქსისტული იდეოლოგიით ახლოსმდგომ ლენინთანსაქართველო განიარაღებული დაეხვედრებინა თავდამსხმელ მხარესთან ბრძოლაში?! მაშ, მოვუსმინოთ სამშობლოსათვის თავდადებულ ცნობილ გენერალს. გენერალი მაზნიაშვილი: „1920 წლის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმები, რომ ომი ბოლშევიკებთან აუცილებელია. უკვე ენკენისთვეში სამხედრო მინისტრის კანცელარიამ შეადგინა ვრცელი მოხსენება, რომელიც წარუდგინა მთავრობის თავმჯდომარეს. ეს მოხსენება ამბობდა, რომ ბაქოში სდგება ცალკე მე-11 არმია, რომელსაც სათავეში უდგას გეკერი, და ამ არმიის მიზანი და დანიშნულება არის საქართველოსკენ წამოსვლა (მოხსენება ეკუთვნოდა სამხედრო მინისტრის ამხანაგს).

მე-11 არმია რომ სდგებოდა ბაქოში, ამას აცნობებდა აზერბაიჯანის მთავრობასთან დანიშნული ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელიც. უნდა ვიფიქროთ, რომ სამხედრო მინისტრის ამხანაგის მოხსენებისა და ბაქოში ჩვენი წარმომადგენლის განცხადებების შემდეგ, მთავრობას უნდა მიეღო საჭირო ზომები თავდასაცავად და უნდა ებრძანებინა სათანადო ორგანოებისათვის, მზად ყოფილიყვნენ ყოველგვარ მოსალოდნელ ხიფათის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო არავითარი ზომები… ნოემბრის დასაწყისში საინჟენერო ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა, ჩემი თხოვნით დაათვალიერა თბილისის აღმოსავლეთის საზღვრები და შეადგინა გეგმა თბილისის მიდამოებში დროებითი სიმაგრეების მოსაწყობად, სახელდობრ: საგარეჯოსთან, ფოილოს ხიდის რაიონში და სამხრეთ-აღმოსავლეთით იაღლუჯის მაღლობებზე. ეს გეგმა წარედგინა ჯერ სამხედრო მინისტრს, ხოლო მისგან მთავრობას. მაგრამ საამისოდ ფულის გაღებაზე მთავრობამ უარი განაცხადა. ხიფათი კი თანდათან აშკარავდებოდა. [140]

ცხადი იყო, რომ მთავრობა ეყრდნობოდა რაღაც სხვას, რადგან თუ ამით არა, სხვა არაფრით აიხსნება მთავრობის უარი დროებითი სიმაგრეების მოწყობაზე და სხვა სათანადო ზომების მიუღებლობაზე. და ამ „რაღაცა სხვას“ მთავრობა ჩვენ, ჯარის უფროსებს გვიფარავდა და არ გვიხსნიდა. ავიაციის საქმეც მეტად ცუდ მდგომარეობაში იყო. მთავრობამ, მართალია, შეიძინა იტალიაში რამდენიმე აეროპლანი, მაგრამ ავიაციის უფროსის მოხსენებიდან სჩანს, რომ მას არ ჰქონდა ამ აეროპლანებისთვის საკმაოდ ბენზინი, და შიშობდა, რომ თუ ხიფათი თავს დაგვატყდებოდა, მას არ ეყოფოდა ბენზინი და ზეთი.

ავიაციის უფროსმა რამდენჯერმე მიმართა თითქმის ყველას, ვინც კი მთავრობაში იყო და დაჟინებით მიუთითებდა ბენზინისა და ზეთის მარაგის საჭიროებაზე, მაგრამ ყური არავინ ათხოვა…“

ყველაფრის ჩამოთვლა აქ შეუძლებელიაო, ამბობს გენერალი მაზნიაშვილი და აცხადებს – „მარტო ამით რომ თავდებოდეს ამ ხნის ყველა უბედურებანი, შესაძლებელია ხიფათისათვის თავი დაგვეხწია. მაგრამ მთავარი უბედურება ჯერ კიდევ არ ვიცოდით…

დამფუძნებელ კრებასთან არსებობდა სამხედრო კომისია, რომლის ფუნქციებში შედიოდა სამხედრო სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტების გადასინჯვა, რომლებიც დამფუძნებელ კრებას უნდა დაემტკიცებინა.

დეკემბერში, თუ იანვრის დასაწყისში (როცა მთავრობა დღე-დღეზე ელოდა წითელ არმიელთა თავდასხმას) ამ კომისიამ სხდომაზე მოიწვია გენერლები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, გრიგოლ ლორთქიფანიძემ, რომელიც სამხედრო კომისიის თავმჯდომარეც იყო, კრებას წარუდგინა დასამტკიცებლად გვარდიის მთავარი შტაბის მოთხოვნილება, რომ დათხოვნილ იქნას უვადო  შვებულებაში  ყველა  ჯარისკაცი,  რომელმაც  იმსახურა ჯარში ორი წელიწადი და მეტი გენერალმა ოდიშელიძემ და მის შემდეგ გენერალმა გედევანიშვილმა მოახსენეს კრებას, რომ თუ ეს ჯარისკაცნი დათხოვნილ იქნებიან, ჯარი დარჩება უუნტერ-ოფიცრებოდ, რაც ძალიან დასწევს ჯარის ბრძოლის უნარს, და რადგანაც ომი მოსალოდნელი იყო, ამიტომ სამხედრო მინისტრის ორივე ამხანაგმა უარჰყვეს გვარდიის წინადადება. მაგრამ მთავრობამ, პირადათ ნ. რამიშვილმა, მხარი დაუჭირა გვარდიის მთავარი შტაბის წინადადებას და ამგვარად, გამოცხადდა ბრძანება ძველი გამოცდილი, მცოდნე ჯარისკაცთა დათხოვნის შესახებ“. მაგრამ არც ეს კმარა. 1921 წლის იანვრის დასაწყისში ბაქოდან ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი გაბო ხუნდაძე, რომელმაც მთავრობას მოხსენება წარუდგინა და დაადასტურა, რომ ბაქოში დამთავრდა მე-11 არმიის შედგენა, რომლის მიზანია საქართველოს მიმართ ოპერაციების დაწყება. მაგრამ არც ამ განცხადებამ იქონია გავლენა მთავრობაზე“ (იხ. გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, გვ. 150-154).

ოჩოპინტრე მენშევიკური [141] ხელისუფლების უთავობისა თუ ამ შეგნებული ბოროტმოქმედების შესახებ იგივეს ადასტურებს რევაზ გაბაშვილიც:

„როცა უკვე ვიცოდით შავი და კასპიის ზღვაზედ რუსის ჯარის მოგროვება, დარიალის ყელთანაც, სომხეთშიც; ჰეკერის პლანიც, – 1920 წლის ქრისტეშობის თვეში, მომზადებისა და ქუდზე კაცის დაძახების მაგიერ – ჩვენ მოვახდინეთ „დემობილიზაცია ჯარის კადრებისა!“ ეს მაშინვე გასაშტერებელი უტვინობა, შემდეგ, პარიზში, ბ-ნმა დავით შარაშიძემ თავის წიგნში არა მარტო დაადასტურა, ახსნაც გამოუნახა: „უნდა გვეჩვენებინა ბოლშევიკებისათვის, რომ ომი არა გვწადიანო“-ო. ტუტუცი ცხვარის ანგარიში, – მგლის მადის… ვითომ გასანელებლად“ (იხ. რ. გაბაშვილი, „რაც მახსოვს“, გვ. 284-285).

ერთი სიტყვით, მენშევიკურმა ხელისუფლებამ ნოე ჩანჩურეთელის მეთაურობით, როგორც ზემოთ ითქვა, შეუგნებლად თუ ღალატით, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო უბოროტეს მტერს განიარაღებული დახვედროდა.

ახლა ვნახოთ, რა ხერხეს მიმართა რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველოს დაპყრობა გაემართლებინა და იგი ნაკლებ საგანგაშო გაეხადა გარე სამყაროს თვალში. მოვუსმინოთ ისტორიკოს აკაკი სურგულაძეს: „საქართველოში შეჭრას უნდა მისცემოდა გამართლება საერთაშორისო ასპარეზზე იმით, რომ საქართველოს მთავრობამ თითქოს დაარღვია ხელშეკრულების პირობები. გასაბჭოების სცენარი ითვალისწინებდა საქართველოში სოციალისტურ გადატრიალებას შინაგანი ძალებით. საბჭოთა რუსეთის როლი კი უნდა გამართლებულიყო კლასობრივ თანამოძმეთადმი „ძმური დახმარებით“….

1921 წლის თებერვალში კრემლისათვის ხელსაყრელი დრო დადგა: წითელმა არმიამ დასავლეთით მოიგერია პოლონეთის შეტევა, სამხრეთში დაამარცხა ვრანგელის არმია. ამასთან, მომზადდა სავაჭრო ხელშეკრულება ინგლისთან. პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა საქართველოს საკითხი აღიარა საბჭოთა რუსეთის საშინაო საქმედ, რითაც წააქეზა კიდევ რუსეთის აგრესია საქართველოში“. უფრო ადრე, 1920 წლის ნოემბერში რუსეთმა მოახდინა სომხეთის ოკუპაციაც, რის შედეგადაც საქართველო ორმხრივ რკალში მოექცა.

მოვუსმინოთ ისევ აკ. სურგულაძეს: „აჯანყების ინსცენირება დაიწყო 11 თებერვალს ლორეს რაიონში ე. წ. „ნეიტრალურ ზონაში“. სინამდვილეში ეს იყო არა აჯანყება, არამედ სომხეთში განლაგებული წითელი არმიის ნაწილების თავდასხმა საქართველოზე. და აი, უკვე 15 თებერვლის თარიღით სტალინმა ბაქოში მყოფ ორჯონიკიძეს გაუგზავნა ქართულად დაშიფრული დეპეშა: ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი“… ამავე დღეს აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა მე-11 არმიამ, რომელიც კავალერიის ორი დივიზიით იყო გაძლიერებული. ასევე, შედარებით უმნიშვნელო ძალებით, უფრო საპანიკოდ, საქართველოს საზღვრებში შემოჭრა განხორციელდა სოჭის მხრიდან, მამისონის უღელტეხილით და დარიალის ხეობით. [142]

და აი, 16 თებერვალს მოსკოვში შედგა „საქართველოს დროებითი მთავრობა“ ასეთი შემადგენლობით: ფ. მახარაძე (რევკომის თავმჯდომარე), მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა, ა. გეგეჭკორი, ბ. კვირკველია, ან. ნაზარეტიანი და სხვ. საგულისხმოა, რომ ლორეს რაიონში, სადაც ეს „აჯანყების“ სცენარი გათამაშდა, ეგრეთწოდებული „რევოლუციური კომიტეტის“ წევრთაგან იქ, ადგილზე არც ერთი მათგანი არ ყოფილა. თვით რევკომის თავმჯდომარე ფ. მახარაძე შულავერში, სადაც ეს მთავრობა დაფუძნდა, ჩავიდა იმ დროს, როცა უკვე ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის შემოგარენში საქართველოს ეროვნულ ძალებსა და შემოსეულ რუსულ არმიას შორის. და აი, ამ დროს, 16 თებერვლის თარიღით დეპეშას უგზავნის ლენინს „აჯანყებული გლეხობის“ სახელით, სადაც იგი ითხოვს წითელარმიელთა დახმარებას. როგორც იტყვიან, ცინიზმი ამაზე შორს ვეღარ წავა.

რუსეთის მე-11 არმიის ძირითადი, დამრტყმელი ძალა წითელ ხიდზე გადმოვიდა და იქიდან შემოუტია თბილისს. მეორე, მცირე ნაწილი კი ზაქათალის მხრიდან გადმოვიდა და კახეთში შემოიჭრა. აქ მას რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა არ დახვედრია. გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა კოჯორთან, ტაბახმელასთან და სოღანლუღის მიდამოებში. თავიდან საქართველოს ჯარს სათავეში ედგა გენერალი ოდიშელიძე, შემდეგ კი გენერალი კვინიტაძე. სოღანლუღთან გამართულ ბრძოლებს უშუალოდ წარმართავდა გენერალი მაზნიაშვილი.

ახლა, მოვუსმინოთ რ. გაბაშვილს იმის შესახებ, თუ რა პირობებში და რა შესაძლებლობებით უხვდებოდა მტერთან ბრძოლა ჩვენს ჯარებს:

„ავედი ტაბახმელაზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ბრტყელ ბექობზე იდგა 4 პატარა, სამთო ზარბაზანი. ოფიცერი ჩრდილელი მბრძანებლობდა ამ „ბატარეას“. სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად. აქვე მყოფ ჩემს ყოფილ მასწავლებელს („გიმნასტიკისა“) ა. ჩხეიძეს ამის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ამ სამი ზარბაზნისათვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარებიო. წამოსვლისას მითხრა: ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა და უთხარით თბილისში, ყუმბარები მოგვაწოდონ, რამდენი ხანია ვეხვეწებით, გვპირდებიან და არსადა სჩანს; მესამე დღეა, ახალგაზრდებს, ამ სიცივეში, არც ცხელი საჭმელი უნახავთო.

იმ საღამოსვე წერილობითი „პატაკი“ წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: რა ვქნათ, ხალხი არა გვყავს, მაგრამ ხვალვე ვეცდები ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გაუგზავნო მაინცაო. მეორე დღეს, როცა ტაბახმელაზე უკვე სამნი ავედით, – მე, გიორგი ამირეჯიბი და საშა ჩხეიძე, გზაზე ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა და გულში გავიფიქრე: „ყოჩაღ თევზაძე, მაინც მოუხერხებია რაღაც!“ მაგრამ შტაბში რომ მივედი, შემომჩივლეს – ყუმბარებისა და საჭმლის მაგიერ, შეცდომით (?) ერთი კამიონი ძველი შინებით მოგვივიდაო“, და საწყალი გაყინული იუნკრებიც, ისევ ცივი ჭადით ილოღნებოდნენ“ (იქვე, გვ. 303-305). [143]

„24 თებერვალს, განთიადისას, მე, ლელი ჯაფარიძე და გრიგოლ ვეშაპელი, ავტომობილით გავემგზავრეთ სოღანლუღის ფრონტზე, გამარჯვებულ მაზნიაშვილთან, რომელმაც წინა დღეებში სასტიკი მარცხი მიაყენა რუსებს და 1600 ტყვე გამოგზავნა თბილისში. სწორედ 18-ს და, შეიძლება ამიტომ (?) გასცა ბრძანება ჟორდანიამ – ევაკუაციისა… ვაი, თუ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოსო?!..

„სოღანლუღის ფრონტზე“ უცნაურობანი ვნახე. ჯერ ერთი, „შტაბში“, – რკინის გზის (?), თუ რაღაც მინაგვარ შენობაში, „მეისრეებისათვის“ რომ აშენებენ, ყუმბარა ჩამოვარდნილა, რის გამოც შეშინებული ჯარისკაცები აქეთ გამორბოდნენ. აი, თქვე ლაჩრებო, მაშ ფრონტზე ვაშლებს ხომ არ ჩამოყრიდნენ-მეთქი და გავემართე მაზნიაშვილის შტაბისაკენ. დავინახე გენერალი მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ქნევით ჰაერში: აბა ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!“ შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი… სადა გვყავს ცხენები? – აგერ ცხენები… ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის და სხვა… ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, – მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, გენ. მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისთვისაც არა ჰყავდა ცხენი… რომ „ეკუნკულნა“ ფრონტებს შორის.

გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსსა და გვარდიის „წარმომადგენელს“ შუა, და, რის ვაი-ვაგლახით „კომპრომისით“ გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი, – ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა საჩქარო ქაღალდით და წავიდნენ“ (იქვე, გვ. 306-307).

ვფიქრობ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება ის კამათიც, რომელიც გაიმართა ჯარის სარდალსა და რიგით გვარდიელს შორის: სარდალი ეფიცება გვარდიელს – „ცხენს ერთ საათში დაგიბრუნებთ! – არა, ეს გვარდიის ცხენებია, თქვენ საკუთარი უნდა გყავდეთ! – კაცო, რა დროს მაგაზე დავაა, საჩქარო საქმეა! – გვარდიის შტაბი ნებას არ იძლევა ჩვენი „ინვენტარისა და იარაღის თხოვებაზე“… და ასე გაუთავებლად (იქვე, გვ. 307)…

ახლა კვლავ მაზნიაშვილს მოვუსმინოთ იმ უპასუხისმგებლობის შესახებ, რასაც მთავრობა და თბილისში მყოფი შტაბი იჩენდა ფრონტებზე მებრძოლი ჯარისა და მისი მეთაურების წინაშე, და საერთოდ, იმ ფაქტის შესახებ, თუ ხელისუფლების უთაობითა, თუ აშკარა მავნებლობით როგორ იყო მოშლილი ყველაფერი: „ომის დაწყების პირველ დღეებიდან თბილისის დაცლამდე, მებრძოლ რაიონებს მოწინააღმდეგის შესახებ შტაბი არავითარ ცნობებს არ აწვდიდა… ჩემს განკარგულებაში არ იყო კავალერიის არცერთი ნაწილი, რომ შეძლება მქონოდა გამეგზავნა მტრის ბანაკის დასაზვერად“ (გვ. 11). „ჩემს განკარგულებაში არ იყო არცერთი ცხენოსანი კაცი, რომელიც შემეძლო გამეგზავნა მოხსენებით შტაბში, თუ ვინიცობაა [144] ტელეფონის ქსელი გაფუჭდებოდა, ამ დროს კი შტაბში გარდა ცხენოსან ორდინარცებისა იდგა რამდენიმე ავტომობილი“ (გვ. 174). „ლაშქრის შტაბმა, არ ვიცი რა მიზეზით, საჭიროდ არ ჩათვალა გამოეგზავნა ჩემთვის კავალერიის ერთი ესკადრონი მაინც, ცხენოსანი ჯარი კი იდგა იმ დროს სოფელ ლილოსთან სრულიად უსაქმოდ“ (გვ. 166). „მაშინ, როდესაც დ. ჭავჭავაძე რეკვიზიციის სახით ჰკრებდა დანჯღრეულ უნაგირებს ქუთაისში და სამტრედიაში, ნავთლუღის საწყობებში იყო თურმე რამდენიმე ათასი საკავალერიო ახალი უნაგირი და ცხენის სხვა მრავალი მოწყობილობა.

შემდეგში საპატიმროში, პირადათ გოგუას და მთავრობის ზოგიერთ დარჩენილ წევრთ ხშირად ვეკითხებოდი: როგორ მოხდა, რომ საწყობებში დაგროვილი იყო აუარება ქონება, მთარობას კი პოზიციებზე გამოჰყავდა ცუდად ჩაცმული ჯარისკაცები, ხოლო სამობილიზაციო პუნქტებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ საჭირო საგნების გაცემაზე? მთავრობის წევრნი, ჩემს შეკითხვაზე მომეტებულ შემთხვევაში სდუმდნენ, ხანდახან კი იტყოდნენ: შემდეგში, როდესაც ისევ ხელისუფლებას დავიბრუნებთ, ამგვარი რამ აღარ განმეორდებაო“. ასეთივე დურაქულ პასუხს იძლეოდა თურმე კალისტრატე გოგუა: „ვცდილობდით ეს ქონება შეგვენახა, რომ დიდხანს გვყოფნოდაო“ (გვ. 169- 170).

რა უნდა უწოდო ასეთ ხელისუფლებას? – შეურაცხადნი, თუ ტვინნაღრძობი იდიოტები? უბოროტესი მტერი კარზე გადგას, არ იცი ხვალინდელი დღე გაგითენდება თუ არა, – ქვეყანა ყოფნა-არყოფნის წინაშე სდგას, შენ კი, მთავრობა რომ გქვია, არ აძლევ ფრონტზე მებრძოლ ჯარს საწყობებში უქმად არსებულ საბრძოლო მასალას. კავალერიისათვის საჭირო აღჭურვილობას, ხოლო ჯარისკაცს ტანსაცმელს და საჭმელს, ხელმომჭირნეობის იმ მოტივით, რომ „შემდეგისათვის დიდხანს გვყოფნოდაო?“ ანდა, რა პასუხია, „შემდეგში, როდესაც ისევ ხელისუფლებას დავიბრუნებთ, ამგვარი რამ აღარ განმეორდებაო“? მიკვირს, რატომ არ მიუგო მაზნიაშვილმა ოჩოპინტრე მოკამათეებს – ქვეყნის გამაუბედურებელო უბადრუკებო – ვინ დაგაბრუნებთ ხელისუფლებაში?!

აქვე მინდა მკითხველს ერთი მეტად საგულისხმო ფაქტზე მივუთითო იმ გასაგონადაც, ვინც თვლის, რომ მაინც არაფერი გამოვიდოდა რუსის ჯართან ბრძოლაში დიდი წინააღმდეგობის გაწევით, რადგან, კიდევაც რომ დაგვემარცხებინა მე-11 არმია, ახლა აგერ სხვა არმიები მოდიოდნენ ჩვენი ქვეყნის დასაპყრობადო.

კი მაგრამ, რუსეთის მთავრობამ, იგივე საქართველოსოდენა ფინეთს, ანდა უფრო პატარა – ბალტიისპირა ქვეყნებს რატომ არ შეუსია რუსის ჯარი?! იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ლენინმა აღნიშნულ ქვეყნებში, არათუ ვერ იპოვა დასაყრდენი – მე-5 კოლონა, ბოლშევიკ-ნაძირალათა სახით, არამედ პირიქით, ლენინმა იქ ნახა ერთ მუშტად შეკრული ხალხი მტკიცე ხელისუფლებით და შესაფერისი თავდაცვისუნარიანობით, რის გამოც ლენინმა ვერ გაბედა მათ ქვეყნებში შეჭრა. ყველამ კარგად იცის, თუ რა [145] დღე აყარა რუსის ჯარს პილსუდსკის პოლონეთმა. ყველამ კარგად იცის ისიც, რომ ლენინი საქართველოსგანაც მსგავს წინააღმდეგობას მოელოდა და იმიტომ ვერ რისკავდა დიდხანს მასთან ომის წამოწყებას. იგი მას შემდეგაც ორჭოფობდა, როცა სტალინი და ორჯონიკიძე პირიქით, საქართველოს სისუსტეზე მიუთითებდნენ და მისი წრაფი მოხრჩობის იმედს აღუთქვამდნენ, თუკი მათ ნებას დართავდა იქ ჯარებით შესევაზე.

ამიტომ ლენინმა საქართველოს შინაგანი მდგომარეობის, უპირველეს ყოვლისა კი მისი საბრძოლო მზადყოფნის დეტალური ცნობების მიღების მიზნით, საქართველოსთან გააფორმა ფიქტიური სამშვიდობო ხელშეკრულება, საელჩო დააკომპლექტა 400-კაციანი მზვერავჯაშუშებით, და როდესაც მათ მიერ მიღებული ცნობების საფუძველზე დარწმუნდა ჟორდანიას ხელისუფლების უსუსურობაში, საბრძოლო უუნარობაში და ქვეყანაში არსებულ ანარქიაში, მხოლოდ მას შემდეგ დართო ნება ქართველ გარეწრებს – სტალინსა და ორჯონიკიძეს, შესეოდნენ საქართველოს რუსული არმიებით.

ახლა მე გეკითხებით: საქართველოს რომ ჰყოლოდა ჯერ ის ორი რკინის დივიზია, რომლის შეიარაღებას უფასოდ სთავაზობდა ჯერ გერმანია და მერე ინგლისი, – ამასთან, რაც მთავარია, მთავრობას რომ შეექმნა 67000- იანი არმია, რომლისთვისაც საჭირო ბიუჯეტი 1919 წელს „დამფუძნებელმა კრებამ“ დაამტკიცა, მაგრამ ხელისუფლებამ სადღაც გააქრო, ლენინი ჩვენთან ომს გარისკავდა?

არა, ვერ გარისკავდა! მაგრამ, ვთქვათ და ეს ომი მაინც წამოეწყო – თუკი ცუდად შეიარაღებულმა, ხელისუფლების მიერ გერად მიჩნეულმა ერთმა მუჭა ჯარმა სოღანლუღის ფრონტზე, სადაც ამ ჯარის სარდალ მაზნიაშვილს არა თუ უსაჭიროესი კავალერია, არამედ ერთი ცხენიც არ ჰყავდა თავისთვის, და მაინც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი და 1600 მათი ჯარისკაციც ტყვედ ჩაიგდეს, რა დღეს დააყენებდნენ, ამ ჩვენს შესანიშნავ სარდალს ზემოთხსენებული რაოდენობის ჯარი რომ ჰყოლოდა სათანადო შეიარაღებით?

აი, თვითონ გენერალი მაზნიაშვილის საწუხარი სიტყვები, რასაც გადმოგვცემს სოღანლუღის ფრონტზე ჩასული პარლამენტარი ეროვნულდემოკრატიული პარტიიდან რ. გაბაშვილი თავის მემუარებში: „აი, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიხდება ომი, ვეხვეწებით, ერთი ცხენი მაინც გამომიგზავნონ ასეთ საჭიროებისათვის (ლაპარაკია იმაზე, გვარდიელი ცხენს რომ არ ათხოვებდა ფრონტის სარდალს შიკრიკის გასაგზავნად), შემდეგ გამიყარა ხელი მაზნიაშვილმა და წამიყვანა იმ ადგილების საჩვენებლად, სადაც წინა დღეებში ქართველმა მებრძოლებმა სასტიკი მარცხი მიაყენეს რუსებს. აი, ამ სანგარში შემოიჭრა მტერი, მაგრამ დახოცეს, დასჭრეს, გაჰყარეს და ტყვეები ჩავიგდეთ ხელში. ორიოდე ცხენოსანი ესკადრონი რომ გვყოლოდა, გაქცეული მტრების სადევნელად, სულ გავანადგურებდით და ათასობით კიდევ მეტს ტყვეებს ჩავიგდებდით ხელშიო… შემდეგ მითხრა: გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიშო არ არის, ფრონტი მთლიანად გვიჭირავს, და თუ დაპირებულ ბატალიონს დააჩქარებენ, კიდევ დიდხანს ვერას დაგვაკლებენ ეს უნიფხვო ბოლშევიკებიო. [146]

ისე დამშვიდებული წამოვედი, რომ ნასადილევს, დაქანცულს, დამეძინა და მარტო საღამოს 9-საათზე მივედი „ფრასკატი“-ში, ახალი ამბების გასაგებად. ვლაპარაკობდით ომიანობაზე, რომ შემოვარდა ვეშაპელი და გამოგვიცხადა: „ბრძანებაა გაცემული, 12-საათზე ღამე იხსნება ფრონტი და თბილისსა ვტოვებთ!“-ო. – როგორ, რათა, ვისი ბრძანებაა? დილას ფრონტზე მაზნიაშვილი მარწმუნებდა, არაფერი საშიშროება არ არისო და რა მოხდა ამის შემდეგ? – მთავრობის დადგენილებაა… და, ხეირიანადაც აღარ აგვიხსნა, ისევ გავარდა.

ისეთი თავზარ-დამცემი ამბავი იყო მორალურად, რომ არა გვჯეროდა, მაგრამ ჩაბნელებული, უკვე მიძინებული – მიწყნარებული თბილისი, საიდანაც მთავრობა და სამხედრო ძალა იპარებოდა ხალხის გაუფრთხილებლად, – მძიმე შთაბეჭდილებას სტოვებდა“ (იქვე, გვ. 307- 309).

ახლა მოვუსმინოთ თვით გენერალ მაზნიაშვილს. თბილისის უბრძოლველად დატოვების „ამ ბრძანებამ ძალიან გამაკვირვა და გამაოცა. 12-საათამდე დარჩენილი იყო რამდენიმე წუთი. რამდენიმე წუთის შემდეგ გუდა-ნაბადი უნდა აგვეკრა და გავქცეულიყავით თბილისიდან.

ჯერ კიდევ 24 თებერვალს საინტენდანტო და საარტილერიო საწყობებმა მოზიდეს ჩემს რაიონში სანოვაგისა და ვაზნების უამრავი მარაგი და… უცბად უკან დახევა სატახტო ქალაქიდან! ეს საშინელება იყო. რა მოხდა? რაში იყო საქმე?

ყველაზე მეტად მე ერთი გარემოება მაოცებდა: თბილისის დაცლა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მოჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ვერ ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზედაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით, რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობილება, არამედ არცკი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენა არცკი ინებეს. ქალაქიდან ოთხივე ფრონტი დაშორებული იყო, ზოგი ორ ვერსზე, ზოგი სამზე და ზოგი ხუთზე. ძნელი იყო ჩვენი დაბარება? ავტომობილებით ხომ ოთხივე ფრონტის უფროსი 5-წუთში მოვიდოდით შტაბში! “ (იქვე, გვ. 174-175).

ასე სამარცხვინოდ ომის დამთავრებას, არცთუ დაუძლეველ მტერთან და თბილისის უბრძოლველად დატოვებას, ნოე ჟორდანია თავის მემუარებში, მის მიერვე დანიშნულ მთავარსარდალს – გენერალ კვინიტაძეს აბრალებს, კვინიტაძე კი, ალბათ, ჟორდანიას (მე არ ვიცნობ მის მემუარებს), მაგრამ სინამდვილეში მთავარსარდალიც მთხლე აღმოჩნდა და ოჩოპინტრე ჟორდანიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. [147]

თვით ცნობილი ისტორიკოსი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი, რომელიც მენშევიკური ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომათა თუ აშკარა დანაშაულობათა სერიალების უშუალო მოწმე იყო, ამ მარცხისათვის პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს მენშევიკურ ხელისუფლებას, არა მარტო ქვეყნის მართვის საქმეში სრული უნიათობისათვის, არამედ მარქსისტულ-კოსმოპოლიტური კურსისათვის, რითაც ამ ხელისუფლებამ ქართველობაში, ნაცვლად სამშობლოსადმი სიყვარულისა და თავდადებისა, მავნე ინდიფერენტიზმს მისცა გასაქანი.

აი, რას წერს ამის შესახებ ზ. ავალიშვილი: „მშობელი ერისა და შემოსეულ უცხოელის უკანასკნელ წამში დაპირისპირება, უეცრად გადასვლა საერთაშორისო სოციალისტური ყრილობების კილოდან მამულიშვილურ და ეროვნულ პათოსის ენაზე – უკვე დაგვიანებული და უიმედო საქმე იყო, 1918 წლიდან რომ მიეღოთ ამ მხრით სრულიად საშუალო სახელმწიფოებრივი ზრუნვა, ასეთი უეცარი და უშედეგო ფერისცვალება აღარ იქნებოდა საჭირო“ (ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა, გვ. 6).

რაღა შორს წავიდეთ, თვით ერთ-ერთმა ცნობილმა მენშევიკმა – პეტრე გელეიშვილმა აი, რა უპასუხა მტრის შემოსევითა და ქართველ ხელისუფალთა უცხოეთში გაქცევით შეცბუნებულ მუშებს, როცა მათ ჰკითხეს: „– ამხანაგო პეტრე, ეს რა ამბავია, რავა იქნება ეხლა საქმე? რა გვეშველება? „ამხანაგმა“ პეტრემ ნერვიული გაბრაზებით შეჰყვირა: – გამიჭირეთ საქმე, ყველგან მაგას მეკითხებიან: „რა მოხდა, რა მოხდა?!-ო, რა მოხდა? რაზე ღელავთ?: ერთი სოციალისტური პარტია მიდის, მეორე მოდის, სხვა არაფერი, საღელავი რაა?“ (იხ. რ. გაბაშვილის მემუარები, გვ. 324).

ეხლა კვლავ ზ. ავალიშვილს მოვუსმინოთ. იმ ბოროტმოქმედების შესახებ, რაც ჩადენილი იქნა 1921 წელს საქართველოს მიმართ, ასეთ განმარტებას იძლევა ზ. ავალიშვილი: „როცა 1921 წელს, თებერვალმარტის მძიმე დღეებში, საქართველო გააწვინეს მაგიდაზე და გამოცდილმა ქირურგმა – საბჭოთა ხელისუფლებამ – სასტიკი ოპერაცია გაუკეთა, მან იცოდა, რომ ავადმყოფი გააბრუა და ოპერაციისათვის უკვე მოამზადა მასზე არა ნაკლებ გამოცდილმა, თუმცა არა მასავით გამბედავმა ქართველმა სოციალ-დემოკრატიამ“ (იქვე. გვ. 7).

დაბოლოს, ზ. ავალიშვილი ასე აგვიწერს 25 თებერვლის დღეს, უბოროტესი მტრის ჯარების შემოსვლას თბილისში, რომელსაც არნახული სისხლისღვრა უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში: „25- თებერვალს, 1921 წ., საბჭოთა ჯარები შედიოდნენ თბილისში; წინ მოუძღოდა წითელი ბაირაღით ხელში, თეთრ ცხენზე მჯდომი, ერთი ქართველ-კომისართაგანი. მას გვერდით უხილავათ მოჰყვებოდა, გაძვალტყავებულ ჯახრიკაზე, ძონძებში გახვეული ჩონჩხი, და გასისხლიანებულ თითებში ეჭირა ნგრევის ცელი“ (იქვე, გვ. 243).

1921 წლის 25-თებერვალი უმძიმესი დღეა ქართველი ხალხი მატიანეში. ამ დღიდან საქართველოს ისევ დაედგა კისერზე რუსეთის უღელი – ახალი, საბჭოთა, ანუ კომუნისტური, გაცილებით უფრო მძიმე, სასტიკი და სისხლიანი, ვიდრე მანამდელი რუს-ხელმწიფის უღელი. ამაოდ დაიქცა კოჯრის მთაზე და სხვაგან სისხლი ქართველი ახალგაზრდებისა, რომელთაგან ცამეტი გმირი თბილისში, ერთ საძმო საფლავში ჩააწვინა და დაიტირა ქართველმა ხალხმა“ (. სანიკიძე). დარჩა მხოლოდ რუსეთის უღელი და უმწარესი ქართული სიმღერა:

სიზმრად ვნახე საქართველო, –

სისხლის ზღვაში ბანაობდა, –

დაფლეთილი მისი დროშა

კოჯრის მთაზე ქანაობდა…

მიხეილ მჭედლიშვილი – ოჩოპინტრე მენშევიკები ხელისუფლების სათავეში

https://iberiana.wordpress.com/m-mchedlishvil/m-mchedlishvili-7/

***

იუნკრები “სობორო”–ს ეზოში

***

1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკური რუსეთის მე–11 საოკუპაციო წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე  დაცემული გმირები

მარო მაყაშვილი

(1902 – 1921)

მოწყალების და

დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგმომებთან

მარიამ (მარო)მაყაშვილი დაიბადა 1902 წლის 25 აგვისტოს თავადაზნაურთა ოჯახში. მამა, კონსტანტინე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო; დედა, თამარ გაბაშვილი კი — მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული.

დაამთავრა ქალთა ქართული გიმნაზია და სწავლა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო.

1921 წელს, წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილო დაიჭრა კეფაში და გარდაიცვალა 20 თებერვალს. მისი ცხედარი ქაშვეთში გადმოასვენეს. პანაშვიდი საქართველოს პატრიარქმა აღუსრულა და იქვე, პირდაპირ სამხედრო ტაძარში გადაასვენეს. დაკრძალეს კოჯორში დახოცილი იუნკრების გვერდით ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე)

მაროს დიდ მწერლობას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დღიურის, ორი დიდი რვეულის და პატარა მოთხრობების გარდა არაფერი დარჩა.

https://iberiana.wordpress.com/iberiana/geowomen/

 ***

 მიხეილ იოსელიანი

საქართველოს ეროვნული არმიის ოფიცერი (1918-1921).

   მიხეილ თუმანიშვილი

ქართული ეროვნული არმიის
(1918–1921) ოფიცერი, იუნკერთა სკოლის ასმეთაური.
 
ნიკოლოზ კალანდარიშვილი (იუნკერი)
 
დაიღუპა კოჯორთან 23 თებერვალს.
  ბესარიონ კემულარია (შტაბს კაპიტანი)

gabriel-gekhtmani1-1

 

 

 

გაბრიელ გეხტმანი (იუნკერი)

გერმანული წარმოშობის გამოჩენილი ქართველი მეცნიერ-გეოგრაფისა და მამულიშვილის, პროფესორ გიორგი გეხტმანის უმცროსი ვაჟი.

 

 


 

გერონტი არჩვაძე (მოხალისე)

დაიღუპა კოჯორთან 23 თებერვალს

 

 

 

 

erustavi

 

შალვა ერისთავი (იუნკერი)
დაიღუპა კოჯორთან 23 თებერვალს.

ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს, იუნკერთა წინსვლა სერიოზულად შეაფერხა სტრატეგიულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევებმა. იუნკრები პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე «მაქსიმისაკენ“. მოიერიშეებს მალევე გამოეყო ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა «მაქსიმის“ ლულა.

 

 

 

 

იოსებ ჯანდიერი (იუნკერი)

 

 

 

mojirishvili

 

 

ძმები ალექსანდრე  და ივანე მუჯირიშვილები, მოხალისეები.  

 

 

 

 

 

 

ალექსანდრე ახვლედიანი

პლატონ დოლიძე

პავლე იაკობაშვილი

ლევან კანდელაკი

ოთარ ლორთქიფანიძე

 მიხეილ ლოლუა

 ილია ჯანდიერი

არჩილ ჯანდიერი

გიორგი ანდრონიკაშვილი

გიორგი ზედგინიძე

გიორგი იაშვილი

ვახტანგ ისკანდერაშვილი

ივანე კერესელიძე

რევაზ ფავლენიშვილი

ივანე ჯამასპიშვილი

გრიგოლ კიკიანი

პავლე ბეშქენაძე (მოხალისე, უნივერსიტეტის სტუდენტი)

ნიკოლოზ ზანდუკელი

ნიკოლოზ სტურუა

გენო ქარუმაძე

ჯიშკარიანი (ჯარისკაცი)

ირაკლი თოიძე (კაპიტანი)

ბესარიონ კემულარია (შტაბს-კაპიტანი)

არჯევან ანანიაშვილი (მაიორი)

«1921 წლის 23 თებერვალს, უფროსკლასელები დილიდანვე დიდი მთავრის ქუჩაზე, მორგში წაგვიყვანეს, სადაც კოჯორში დახოცილი ქართველები იყვნენ ჩამოსვენებულნი. 11 კუბო, 11 რჩეული ვაჟკაცი _ რა დედამ გშობაო იტყოდი… პროცესიას სამღვდელოება კათოლიკოს ლეონიდეს წინამძღოლობით წარუძღვა. კუბოებს სტუდენტები მოასვე­ნებდნენ. ვერის ხიდით ახლანდელ რუსთაველის მოედანზე ამოვედით. მოედანი ხალხით გაივსო _ ასე მივაცილეთ ტაძრამდე მებრძოლნი», იხსენებს პუბლიცისტი ანტონ კელენჯერიძე.

«თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, 26 თებერვალს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო.წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა. ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით, მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშალა», იხსენებს ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე
***

geo

25 თებერვლის შედეგები

1921 წლის 16 მარტის რუსეთ-თურქეთის ყარსის ხელშეკრულებით თურქეთს გადაეცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთი ნაწილი (მაჭახელა, ბორჩხა, მაკრიალი), ასევე, ართვინის და არდაგანის ოლქები, რომელთა ტერიტორიული მოცულობა შეადგენდა 10-ათასამდე კვადრატულ კილომეტრს 160 ათასი მცხოვრებით.

1921 წლის 21-მაისის დადგენილებით, აფხაზეთი სავსებით ჩამოაცილეს საქართველოს და იგი დამოუკიდებელ სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადეს. ეს იყო გაუგონარი რამ ამ ძირძველი ქართული მიწა-წყლის მიმართ. ბოლოს, როგორც იქნა, შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და 1921 წლის 16  დეკემბრის ხელახალი განჩინებით, აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის უფლებით კვლავ შეიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში.

ასევე, აჭარასაც მიენიჭა ავტონომიის სტატუსი, რასაც საფუძვლად დაედო განსხვავებული სარწმუნოებრივი ფაქტორი, რაც ასევე ნაკარნახევი იყო მოსკოვ-ანკარის გარიგებით.

გაცილებით უფრო უსამართლო იყო ეგრეთწოდებული „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკური ერთეულის შექმნა ზემო ქართლის, ანუ ისტორიული დვალეთის მიწა-წყალზე. სტალინმა და ორჯონიკიძემ შექმნეს  „სამხრეთ ოსეთის რევკომი“. კურიოზი ის იყო, რომ შეიქმნა ოსური ეროვნული ხელისუფლება, მაგრამ არ იყო იქ ოსური მოსახლეობა. ამ ვაკუუმის შესავსებად საბჭოთა რუსეთის მიერ ფინანსური და სხვა სახის დახმარებით უკან დააბრუნეს ერთის მხრივ დვალეთიდან გახიზნული ოსები, მაგრამ რამდენადაც ეს არ იყო საკმარისი რეგიონში ოსური უმრავლესობის შესაქმნელად, თვით ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი მოსახლეობაც ჩამოათესლეს სამაჩაბლოში. ამის გარდა, ოსებისათვის ფართო დასასახლებელი რეგიონის შექმნის მიზნით, „სამხრეთ ოსეთს“ მიაკუთვნეს გორის, დუშეთის, შორაპნისა და რაჭის მაზრების 40 ქართული სოფელი. ასევე უსაფუძვლოდ დაუდგინეს დედაქალაქად ქ. ცხინვალი, სადაც იმ დროს ოთხი თუ ხუთი ოსური ოჯახი ცხოვრობდა მხოლოდ.

რაც შეეხება შინაური მეზობლების – სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის დაჯილდოებას ქართული მიწა-წყლით, ეს უშუალოდ სტალინმა და ორჯონიკიძემ განახორციელეს. კერძოდ, იმავე 1921 წელს სომხეთს გადასცეს ლორე-ალავერდის მხარე, სულ 2367 კვადრატული კილომეტრი 38-ათასი მოსახლით. 1922 წელს აზერბაიჯანს გადასცეს ზაქათალის ოლქი (ისტორიული საინგლო), გარეჯის ველი და ყარაიაზის სექტორი, ელდარი – 4553 კვადრატული კილომეტრის ფართობი და 92600 მცხოვრებით. რუსეთს დაუმტკიცეს (ტერიტორიულ ნაკლებობას განიცდიდა და იმიტომ) არა მარტო ტუაფსეს აქეთ მდებარე სოჭის მხარე, არამედ აფხაზეთის კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი (პილენკოვო).

სულ, საქართველოს გასხვისებული ტერიტორიის ოდენობა 15 853 კვ. კილომეტრს აღემატებოდა, ხოლო მასზე მცხოვრებთა რიცხვი 292 257 სულს შეადგენდა (იხ. საქართველოს ისტორია, აკ. სურგულაძე, გვ. 245-246).

3 Responses to “• 25 თებერვალი”

  1. ruska said

    მზარავს, როცა მახსენდება, როგორ ვზეიმობდით 25 თებერვალს, როგორ გვაიძულებდნენ, საქართველოს ბედნიერების დღედ აღგვექვა მისთვის ყველაზე ტრაგიკული დღე!!!

    Like

  2. a. sanduxaZe said

    axlac ase ar aris? ramdeni saSineli dre Seemata Cvens svegamwarebul istorias 22 dekemberi, 6 ianvari, 14 agvisto, 7 agvisto, avadmosagonari “vardebis revolucia”…

    Like

  3. jaba melkadze said

    pirdapir gvelis chkuita da gamchriakhobit gamoircheodnen menshevikebi!

    Like

დატოვე კომენტარი