Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აბულაძე – ქართველი ებრაელები

 

ქეთევან აბულაძე

ქართველი ებრაელები და საქართველოს მოსახლეობა

 

,,ებრაელებს არ მოეპოვებათ არცერთი დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ საქართველოში ებრაელებს აყრილი გვქონდა მოქალაქეობრივი უფლებები ან გვავიწროვებდნენ, რათა უარი გვეთქვა ჩვენს სარწმუნოებაზე… არც ზეპირი გადმოცემა გვაქვს ამის შესახებ”1-აცხადებს თავის წიგნში ებრაელი მწერალი აბრეკ ბათოშვილი, რაც სრული ჭეშმარიტებაა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გარდა თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ გვხვდება ებრაელთა შორის საეკლესიოსამონასტრო ყმები, რომელნიც სანთლით და თეთრით ემსახურებოდნენ ტაძარს.

ევროპის ებრაელისაგან განსხვავებით, ქართველ ებრაელს შეეძლო შეეძინა უძრავი ქონება, ქრისტიანი ყმა და ესარგებლა საერთო კანონმდებლობით მაშინ, როცა ევროპელი ებრაელები მათთვის სპეციალურად ამოქმედებულ კანონთა შედეგად გარიყულნი იყვნენ საზოგადოებიდან.

XVII-XVIII საუკუნეების დოკუმენტებში, კარგად სჩანს ქართველებისა და ქართველი ებრაელების სოციალურეკონომიკური და სამართლებრივი თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება, მშვიდობიანი თანაცხოვრება.

ებრაელებს ხშირად ბრალს სდებდნენ, რომ ისინი არ იცავდნენ იმ ქვეყნის ინტერესებს, სადაც ცხოვრობდნენ. მაგრამ მწერალ ნ. ლესკოვის (XIX საუკუნის ბოლო) განცხადებით, ეს მოვლენა უნდა ახსნილიყო იმ ქვეყნებში ებრაელთა საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით, რამეთუ ებრაელს შეუძლია დიდი პატრიოტული თავგანწირვა… თუ იგი არ არის უარყოფილი.”2

ნ. ლესკოვის შეფასებას თვალსაჩინოდ ადასტურებს ქართული სინამდვილე, ქართულ-ებრაული ურთიერთობანი.

XVII საუკუნეში ახალციხელი ქართველი ებრაელები გაიწვიეს ჯარში. მივიდნენ რა დანიშნულ ადგილას, ქართველთა მეფემ არ ინდომა მათი ომში გაყვანა და გაანთავისუფლა, რადგან ისინი ვაჭრობას უძღვებოდნენ კარგად. ,,ურიებმა” ეს იუკადრისეს, მაგრამ ბრძანებას დაემორჩილნენ და სანაცვლოდ დიდძალი სურსათი მიართვეს ომში მიმავალ ჯარს – მოგვითხრობს ზ. ჭიჭინაძე.3

ისევ ზ. ჭიჭინაძეს მოვუსმინოთ: “არც თქმულა და არც გაგონილა, რომ ოდესმე ქართველ ებრაელებს ან საქართველოსთვის ეღალატოთ ან ქართული მეფისათვის და რაიმე ცნობები სახელმწიფოს მტერთათვის გადაეცათ, თუმცა ამის შესაძლებლობა მათ ხშირად მიეცემოდათ, რადგან ისინი სავაჭრო მიზნით ხშირად მოგზაურობდნენ უცხო სახელმწიფოში.”4

XX საუკუნის გარიჟრაჟზეც ქართველი ებრაელები ინარჩუნებდნებდნენ მშვიდობიან თანაარსებობას ქართველებთან და საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებებთან, რისი ნათელი დადასტურებაცაა ებრაელთა მსოფლიო კონგრესზე რაბინ დ. ბააზოვის და გენერალ ლიმფონის განცხადებები.

ებრაელთა სატკივარი გათავისებული ჰქონდა საქართველოს, მის ინტელიგენციას: ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. გოგებაშვილს, ზ. ჭიჭინაძეს, ნ. ხიზანიშვილს, გრ. უმწიფარიძეს (გ. ვოლსკი) და სხვებს. XIX საუკუნის ჟურნალ-გაზეთების: ,,ივერია”, ,,დროება”, ,,კვალის”… ფურცლებზე იბეჭდებოდა ებრაელთა მომავლის იმედის აღმძვრელი წერილები.

ფეოდალურ ეპოქაში ქართული თუ უცხოური წყაროები არ აღნუსხავენ ებრაელების საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებებთან დაპირისპირების არცერთ ფაქტს, რისი თავდებიც და გარანტიც იყო თავად საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკა და ქართველი ხალხი. მდგომარეობა მნიშვნელოვნად იცვლება კავკასიაში რუსეთის დამკვიდრების შემდეგ, რომლის პოლიტიკამ ,,გათიშე და იბატონე” დაარღვია საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს შორის საუკუნეობით არსებული მყუდროება.

რუსეთის შოვინისტური პოლიტიკა ქართველ ებრაელსაც შეეხო. თვითმპყრობელობის მიერ ინსპირირებული იქნა ებრაელთა საქმე, დაკავშირებული რელიგიურ რიტუალთან5 კერძოდ, სურამსა და ქუთაისში. საბედნიეროდ, ამ მოვლენამ საქართველოში ვერ მოიკიდა ფეხი ქართველი ინტელიგენციის აქტიური ბრძოლის შედეგად. კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებასთან ერთად შეიცვალა გასაღების ბაზარები, ბაჟები, სატრანზიტო გზები. ქართველი ებრაელი ვაჭრები ჩაიკეტნენ ადგილობრივ ბაზარზე, რითაც შემცირდა მათი წვლილი საშინაო და განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობაში. საპირისპიროდ გაიზარდა სომეხთა როლი აღებმიცემობაში, რომელნიც უკეთ მოერგნენ არსებულ სიტუაციას.

ქართველ ებრაელებსა და სომხებს შორის ეკონომიკურ ნიადაგზე აღმოცენებული დაპირისპირება არ გადაიზარდა ეროვნულ შუღლში. სწორედ ამასთან დაკავშირებით აღნიშნავდა ი. დავიდი, რომ ,,XIX საუკუნეში სომეხთა და ებრაელთა ურთიერთობა იყო ლოიალური.”6 ჩვენი აზრით, ებრაელთა პოზიცია სომხების მიმართ საქართველოს ტოლერანტულნაციონალური პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელიც მტკიცედ გამჯდარი საქართველოს მოსახლეობას შორის.

XIX საუკუნის დასაწყისიდან კავკასიაში გადმოსახლებულ რუს და ევროპელ ებრაელებს დახვდათ ადგილობრივი არაერთგვაროვანი კულტურისა და ენის ებრაელები – ქართველი, მთის, არამეელი, სპარსელი. ქართველი ებრაელები გადმოსახლებულთ უნდობლად მოეკიდნენ და ლამის უარყვეს კიდეც.12 ქართველი ებრაელები თვლიდნენ, რომ მათ დაკარგული ჰქონდათ ძველ ებრაელთა ენა, ზნეობა, წესები. თავად ევროპელი ებრაელებიც ადგილობრივებს ქედმაღლურად ექცეოდნენ, მოიხსენიებდნენ სხვადასხვა შერქმეული დამცინავი სახელებით. ,,თითქოს ეს იყო ორი სხვადასხვა სამყაროს შეჯახება.”8

ყოფითმა პირობებმა გამოიწვია ადგილობრივი და ჩამოსული ებრაული ეთნოსის სოციალურ-ეკონომიური დაპირისპირება. ქართველ ებრაელთა ხელოსნური ნაწარმი მარცხდება ევროპელ ებრაელთა ხელოსნურ ნაწარმთან კონკურენციაში, რომელიც აღრმავებდა მათ დაპირისპირებას და ქართველ ებრაელს არსებობის წყაროს დაკარგვას უქადდა.

მაგრამ ქართველ და ევროპელ ებრაელთა სოციალურეკონომიკური დაპირისპირებაც მოკლებული იყო ეროვნულპოლიტიკურ საფუძველს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო ეროვნული საკითხის გადაწყვეტა. საგულისხმოა, რომ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისისათვის ქართველთა ხვედრითი წილი საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა, ეროვნულ უმცირესობათა რაოდენობა კი გაიზარდა.

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა – ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს შეუქმნის მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა ერს.”9 თავის არსებობის სამი წლის მანძილზე ხელისუფლება ცდილობდა ამ დებულების განხორციელებას და თუ ბოლომდე ვერ აღასრულა, ეს მხოლოდ დროის ფაქტორი იყო.

საქართველოს სახელმწიფო ენად გამოცხადდა ქართული, მაგრამ ყველა ეროვნებას მიეცა უფლება მიეღო განათლება და დაებეჭდა ლიტერატურა თავის მშობლიურ ენაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა ორმა ქართველმა ებრაელმა მ. დავარაშვილმა და ი. ელიგულაშვილმა; დამფუძნებელ კრებაში ეროვნულ უმცირესობათა 26 ადგილიდან ქართველ ებრაელებს გამოეყოთ ორი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გახდა ი. ელიგულაშვილი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის გამოცოცხლებაში და უცხოური კაპიტალის მოზიდვაში; სოციალ-დემოკრატი მ. მაღალაშვილი სათავეში ჩაუდგა საქართველოს მთავრობის მომარაგების სამინისტროს ერთ-ერთ განყოფილებას. ამდენად, ქართველი ებრაელები აღმოჩდნენ საქართველოს მართველობით აპარატში, მათი სიმცირე კი აიხსნებოდა ქართველ ებრაელთა საერთო განათლების დაბალი დონით, ინტელიგენციის ნაკლებობით.

XX საუკუნის დასაწყისშიც ქართველები კვლავ იზიარებდნენ ებრაელთა ტკივილსა და სიხარულს. 1918 წლის 28 ნოემბერს ონში რაბინ დ. ბააზოვის ინიციატივით შედგა მიტინგი, რომელიც მიეძღვნა ინგლისის მიერ პალესტინის ებრაული სახელმწიფოს აღიარების საკითხს, რომელსაც დაესწრო მთელი დაბის საზოგადოება. შეკრებაზე გამოვიდნენ სოციალდემოკრატიის, სოციალ-ფედერალისტთა, ეროვნულდემოკრატთა, სამღვდელოების წარმომადგენლები, ეროვნული დროშებით მოაწყვეს მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.18 ასეთივე მიტინგი გაიმართა ქ, ახალციხეში, რომელსაც დაესწრნენ ქართველი ინტელიგენციის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ბოლშევიკური ,,დემოკრატიისა” და ,,ერთა მეგობრობის” ლოზუნგი ქართველ ებრაელებმაც იგემეს. 1918 წელს ფესახის სადღესასწაულო დღეებში ბოლშევიკების მიერ წაქეზებული ოსები თავს დაესხნენ ცხინვალის სოფლებს, დიდი ზიანი მიაყენეს ცხინვალის ებრაელთა უბანს – მოსახლეობა გაძარცვეს, სცემეს, დაწვეს სახლები. ქართველ გვარდიელთა გვერდით იბრძოდნენ ებრაელებიც.10

ასევე მოექცნენ ონელ ებრაელებს ,,მობალშევიკე” ჯარისკაცები.11

ამდენად, ზემოთ აღნიშნული ორი ფაქტი აღმოცენებული იყო არა ეროვნულ, არამედ პოლიტიკურ ნიადაგზე და ინსპირირებული იყო კვლავ ამჟამად უკვე საბჭოთა რუსეთის მიერ.

ქართველ ებრაელთა კულტურული და ყოფითი ურთიერთობა საქართველოს სხვა ეროვნებებთან ძალიან უმნიშვნელო იყო, რაც, ჩვენი აზრით, აიხსნება მათი კარჩაკეტილობით.

ქართველებსა და ქართველ ებრაელბს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება არ დარღვეულა საუკუნეთა მანძილზე, თუ არ ჩავთვლით სურამსა და ქუთაისში რუსეთის მიერ ინსპირირებულ რიტუალურ დაპირისპირებას.

ახლა უფრო დეტალურად განვიხილოთ ქართველ ებრაელთა ურთიერთობა საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებებთან.

ჩვენს ხელთ არსებული სამეცნიერო ლიტერატურა, დოკუმენტური წყაროები არ იძლევა ებრაელთა ეთნიკური დაპირისპირების მასალებს მცირედი გამონაკლისის გარდა.

სწორედ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს ქართველ ებრაელთა და ოსთა ურთიერთობა.

1925 წლის იანვარში მოსკოვში იქმნება საკავშირო ებრაელთა მიწათ მოწყობის საზოგადოება, “კომზეტი”, რომლის მიზანს შეადგენდა მიწაზე დასახლების და სოფლის მეურნეობაზე გადასვლის მსურველთა დახმარება. ასეთივე ფუნქცია დაეკისრა 1927 წლის დეკემბერში, საქართველოს კპ ცკ-ის გადაწყვეტილებით საქართველოს მშრომელ ებრაელთა მიწათმომწყობ საზოგადოებას, როგორიც იყო მემმსი.

საქართველოში ფართოდ გაიშალა საკოლმეურნეო მოძრაობა. მხოლოდ 1932 წელს ფუნქციონირებდა ებრაელთა 14 კოლმეურნეობა,21 რომელთაგან ორი კოლმეურნეობის წევრ ქართველ ებრაელებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მოსახლეობასთან.

1929 წლის 3 მაისს სახკომსაბჭოს და გადასახლებულთა კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით ,,სამხ. ოსეთიდან”13 ტირიფონის ველზე გადასახლებულ 33 კომლს გამოეყო მიწები. ამან გამოიწვია გორის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სამართლიანი პროტესტი, რადგან მცირემიწიანობის გამო სოჩის ოლქში უნდა გადაესახლებინათ გორიდან 200 კომლი, მაშინ, როცა შეიძლებოდა მათი ადგილობრივი მიწის ფონდით დაკმაყოფილება და რომ იგი ,,გამოიწვევდა გლეხებში დიდ უკმაყოფილებას.”14 მათ საპროტესტო წერილით მიმართეს საქართველოს სახკომსაბჭოს, მაგრამ უშედეგოდ.

ასე წყდებოდა ეროვნული პრობლემები, მიწათმოწყობის პრობლემები საქართველოში, რაც ქმნიდა ახალი დაპირისპირების საფუძველს.

1930 წელს ჩამოყალიბდა ტირიფონის ველზე ე.წ. ‘სამხ. ოსეთიდან” გად-სახლებულ ებრაელთა კოლმეურნეობა. კოლმეურნეობის წევრები მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში აღმოჩნდნენ. არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები, სასმელი წყალი, ნიადაგი ჭაობიანი იყო, სწორედ ტირიფონის ველზე მომხდარი ებრაელთა და ოსთა კონფლიქტი გახდა საქართველოს ცაკ-ის მსჯელობის საგანი. ამასთან, 1932 წლის 4 აპრილის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის დადგენილებით ,,სხვა რეგიონიდან მათი გადმოსახლება მიჩნეულ იქნა მიზანშეუწონლად.”15

საქართველოს ცაკ-მა 1932 წლის 5 მაისს დაადგინა ტირიფონის ებრაელ და ოსთა საკითხის შემსწავლელი კომისიის დასკვნა მცირედი შესწორებით. კერძოდ, 2პ. აიკრძალოს ოსთა და ებრაელთა შემდგომი დასახლება იმ ადგილებზე, რომელიც კომისიის მიერ უვარგისად არის მიჩნეული.16

ზეღდულეთის ირგვლივ არ იყო სასმელი წყალი, საძოვრები. არასწორად იქნა მიჩნეული ზეღდულეთის ფონდზე (წითელი უბანი) გლეხების დასახლება. ამიტომ უკვე დასახლებულნი უნდა გადასულიყვნენ ახალ ხურვალეთში. ჩვენის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება განაპირობა ებრაელთა და ოსთა შორის დაპირისპირებამ, კოფლიქტის განმუხტვის აუცილებლობამ.

ზემოთ აღნიშნულ დადგენილებას ოსები არ ასრულებდნენ და კვლავ აგრძელებდნენ მშენებლობებს ძველ ადგილებზე, ებრაულ კოლმეურნეობასთან ახლოს. საქართველოს მემმსი (მარკმანი) სთხოვდა გორის რაიკომს და ,,სამხ. ოსეთის” ცაკ-ს გადაეყვანათ ოსები მათთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე-ახალ ხურვალეთში, ხოლო უკვე გადმოსახლებულ ოსთა 12 ოჯახი დაეტოვებინათ და ჩაერიცხათ ებრაელთა კოლმეურნეობაში.17

რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული ფაქტი კვლავ დაძაბავდა ოს და ებრაელთა შორის ურთიერთობას და 1932 წლის 9 ივნისს სამხ. ოსეთის ცაკ-ის მიერ საქართველოს ცაკ-ისადმი გაგზავნილ წერილში განცხადებულია, რომ ,,ტირიფონის ველზე ოსებსა და ებრაელებს შორის არავითარი უთანხმოება არ არის და არ ყოფილა”18 მიგვაჩნია სრულ სიყალბედ.

აკრძალვის მიუხედავად ოსები კვლავ იკავებდნენ ტერიტორიებს ტირიფონის – ,,წითელი უბნის” ებრაელთა კოლმეურნეობის გვერდით. საქმე იქამდე მივიდა, რომ გორის რაიაღმასკომმა (მიუხედავად იმისა, რომ ტირიფონი მას ჩამოაჭრეს და გადასცეს სამხ. ოსეთს) მიზანშეწონილად მიიჩნია ,,უკანონოდ გადმოსახლებულთა მილიციის საშუალებით შეჩერება.”19

ე.წ. სამხ. ოსეთის ცაკ-ი მალავდა სიმართლეს, აჩქარებდა გადასახლებას და საქართველოს ცაკ-ს უგზავნიდა ყალბ ცნობებს, რომ ,,ტირიფონის ველზე ოსებსა და ებრაელებს შორის არავითარი უთანხმოება არ არის და არც ყოფილაო.”20 სამხ. ოსეთის ხელმძღვანელობა არაფერს აკეთებდა ტირიფონზე დამკვიდრებულ ებრაელთა უკვე ათვისებული ტერიტორიიდან თვითნებურად დასახლებულ ოსთა ხურვალეთში გადასახლებისათვის. კიდევ უფრო გაააქტიურეს მშენებლობა, ,,რასაც თან ახლავს დაუშვებელი მოქმედება ებრაელ კოლმეურნეებთან და საკოლმეურნეო საქონელთან… ანადგურებდნენ ახალ ნათესებს… მიითვისეს მოსავლის ნაწილი მათთან ახლოს მყოფი ნაკვეთებიდან, ემუქრებიან კოლმეურნეთა სიცოცხლეს, აცხადებენ: ჩვენ მაინც გაგაგდებთ აქედან, მთელი მიწა ჩვენი იქნება… რის გამოც ბევრმა დატოვა კოლმეურნეობა, რაც საფრთხეს უქმნის კოლმეურნეობის არსებობას.”21 ,,ერთა მეგობრობის გარანტი” საქართველოს საბჭოთა ხელისუფლება უძლური იყო ე.წ. სამხ. ოსეთის რეგიონში.

როგორ გამოიყურება ტირიფონის ებრაელთა კოლმეურნეობა 1936 წელს? კოლმეურნეობაში იყო 26 კომლი, 86 წევრი, მათ შორის ერთი ოსი.

1936 წლისათვის ებრაელებსა და ოსებს შორის ეროვნული დაპირისპირების მტკიცება სათანადო მასალის უქონლობის გამოძნელია, მაგრამ წარმოვადგენთ ერთ დოკუმენტს. ტირიფონის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ე. ბაზაზაშვილი წერილით მიმართავს საქართველოს მემმსს, რომ იგი ტოვებს კოლმეურნეობას, რადგან ადგილი აქვს უთანხმოებას და ჩაგვრას. კერძოდ, 1935 წლის 6 დეკემბერს მათთან მისულა შავშვების კოლმეურნეობის თავმჯდომარე ხოხაევი გადასახადის გადახდის მოთხოვნით, რომელიც ირიცხებოდა კოლმეურნეებზე. მან ააწიოკა ტირიფონის მოსახლეობა, გამოუყარა გარეთ ნივთები, რომ თითქოს რაიაღმასკომიდან დავალებული ჰქონდა 24 საათის განმავლობაში ამოეღო მათგან ფულადი გადასახადი. ხოხაევმა არ ადროვა სამი დღეც კი, რომ კოლმეურნეებს ფული შეეგროვებინათ, ყოველივე ამან დიდი გავლენა იქონია წევრებზე და სტოვებენ კოლექტივს.22

1936 წლის 1 თებერვალს ამ საკითხის განხილვა მემსსმა როგორც ყოველთვის დაავალა კომისიას.

ამ ფაქტიდან კარგად სჩანს მათ შორის ძველი უთანხმოების, დაპირისპირების კვალი, რომელიც არასწორი ეროვნული და სოციალური პოლიტიკის გამო კვლავ ძალაში რჩებოდა.

დოკუმენტში კარგად ვლინდება მუშურ-გლეხური მთავრობის ‘ზრუნვა”- მძარცველური დამოკიდებულება მშრომელი მასისადმი.

ებრაელთა და ოსთა დაპირისპირება, ჩვენი აზრით, განისაზღვრებოდა არა იმდენად სოციალური ნიშნით, რამდენადაც ეროვნულით, რასაც ადასტურებს საქართველოს ცაკ-ის ეროვნული უმცირესობის ოქმები.

XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს ქ, ცხინვალში ცხოვრობდა 5810 სული, ქართველი ებრაელები კი შეადგენდნენ მის 34,4%-ს ე.ი. 2009 სული.23

სამხ. ოსეთის ცაკ-ის 1928 წლის 11 სექტემბრის დადგენილებით ქ. ცხინვალის და დაბა ახალგორის მცხოვრებლებს, რომელთაც გაწყვეტილი ჰქონდათ კავშირი მეურნეობასთან და საკუთარი შრომით არ ამუშავებდნენ მას, ჩამოერთვათ ბაღები და სახნავი მიწები. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა 69 ებრაელი. მოქალაქეთა პროტესტის შედეგად მათ მცირე ნაწილს დაუბრუნეს ჩამორთმეული ნაკვეთები.

მოქალაქეებს ბაღებთან ერთად ჩამოართვეს მოსავლის 50%. ეროვნულ უმცირესობათა კომისიის თავმჯდომარის ლინეცკის დასკვნით – მოუვლელობით ხილის დიდი ნაწილი ფუჭდებოდა, ხეები ტყდებოდა, ადამიანები მაინც აგრძელებდნენ ჩამორთმეული ბაღების მოვლას და ხელისუფლების მოქმედებას აფასებდნენ – ,,ქურდობას დღისით-მზისით.”24

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცხინვალის ებრაელები გასაბჭოებამდე ძირითადად მისდევდნენ ვაჭრობას და ბაღების მოვლას,25 დავინახავთ, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინი, მით უმეტეს, რომ იმ ხანად ცხინვალში არ არსებობდა არტელი, ან სხვა საწარმო და ებრაელებს ძირითადად დახმარებას (მცირედ) უწევდა სინაგოგა. ულუკმაპუროდ დატოვეს 12-19 სულიანო ოჯახები, რომელთა არსებობის ერთადერთი წყარო ბაღი იყო, დაჰპირდნენ ანაზღაურებას, მოატყუეს.

ებრაელთა პროტესტი ცხინვალის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაამართალა იმით, რომ ჩამორთმეული ბაღების ტერიტორია სჭირდებოდათ ქალაქის კეთილმოწყობის, გზების გასაყვანად, თუმცა აღნიშნული ჩანოჭრილი მიწების ნაწილი გადასცეს მშენებლებს, ,,ოს კულაკებს”. მაგალითად, დავარაშვილის ბაღი გადასცეს მილიციის უფროსის ჯიოევის სიმამრს და ა.შ.26

საქართველოს ცაკ-ის ნაციონალურ უმცირესობათა კომისია გვერდს ვერ უვლის ამ ფაქტს და ღნიშნავს, რომ ,,ნაციონალური ანტაგონიზმის მკვეთრი ფაქტები არ არის, მაგრამ არის აზრი, რომ ებრაელებს ბაღები ჩამოერთვათ და მილიცია ავიწროებთ ეროვნული ნიშნის მიხედვით… არამეგობრული ურთიერთობა ჩანს ოსებსა და ებრაელებს შორის… რიგში მდგომ ებრაელებს არ აძლევენ პურს, გლეჯენ წვერს… სკოლას ჩამოართვეს დიდი ოთახი.”27

ეს საკითხები განიხილეს ებრაელთა სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა საოლქო კომიტეტის მდივნის მოადგილე ჯიოევი. ებრაელთა საბჭოს წევრებმა, რომლებიც იყვნენ მუშათა, მეწარმეთა, ხელოსანთა წარმომადგენლები, გააკეთეს ამგვარი განცხადება: ,,თუ გინდათ განთავისუფლდეთ ებრაული მოსახლეობისაგან, სჯობს თავი გაგვაყოფინოთ მარყუჟში და მომენტალურად განთავისუფლდებით, მეტის მოთმენა აღარ ძალგვიძს, არ არის დაცვა. პატარა თანხის გადაუხდელობისთვისაც კი მას ამწყვდევდნენ 2-3 წლით დამნაშავეებთან ერთად… ჩვენი ცხოვრება არის დუხჭირი.”28

ცხინვალის ებრაელები განსაკუთრებით გულისწყრომას გამოხატავდნენ უსამართლობის გამო, სახელწიფო სტრუქტურა დაცვის გარანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ებრაელის მიერ მილიციაში მიყვნილ ქურდს გამოუშვებდნენ და თავად ხდებოდა იგი მილიციის დაცინვის და ძალადობის მსხვერპლი, ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი.29

ებრაელის მიერ მიყვანილ ქურდს მილიცია ეკითხებოდა, ხომ არ იყო თავად ეს ებრაელი დანაშაულის მონაწილე. პრეზიდენტის არქივში დაცული ერთ-ერთი დოკუმენტით ვლინდება, რომ სურამის ებრაელებს მილიცია ცუდად ეპყრობოდა, აღნიშნული ფაქტი განაცხადა მოქალაქე ჯალიაშვილმა ნაციონალური უმცირესობის II თათბირზე 1929 წლის 20 ნოემბერს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რაში გამოიხატებოდა იგი.30 ასევე ამცირებდნენ მილიციელები ქალებს და მცირეწლოვანებს ქ. ცხინვალში.

1928 წლის ნოემბერში ეროვნული უმცირესობის კომისიის სხდომაზე ებრაელთა საბჭოს წევრის განცხადებით-პურის რიგში ოთხმა მილიციელმა სცემა დედა-შვილ ზიზოვებს და მილიციამ იქით დააპატიმრა ისინი.31

ე.წ. სამხ. ოსეთში საკმაოდ ირღვეოდა ერთა თანასწორობის პრინციპები, რაც თავად ავტონომიური ოლქის მცდარი და წინასწარგანზრახული პოლიტიკის შედეგი იყო. თავად ებრაელები ამას აფასებდნენ როგორც ,,ნაციონალურ ანტაგონიზმს”.32

1932 წელს ებრაელთა 14 კოლმეურნეობიდან ერთ-ერთი იყო ‘წითელი გორა”, რომელიც დაარსდა 1928 წელს კახეთში, სიღნაღთან. მემმსის კომისია გვერდს ვერ უვლის ებრაელების ურთიერთობას ,,წითელი გორა”-ს მახლობლად ყუბანის სოფელ ბეშკენტიდან გადმოსახლებულ უმიწო გლეხებთან, რომელნიც ,,შურით უყურებდნენ ებრაელებისადმი საქართველოს მთავრობის კარგ დამოკიდებულებას”, რომელნიც იმედოვნებდნენ, რომ გადმოსახლებულნი ვერ გაუმკლავდებოდნენ სიძნელეებს და მიწა მათ დარჩებოდათ.33

ებრაელების და ყუბანელ კაზაკთა დაპირისპირებას ადასტურებს კოლმეურნე ებრაელთა მოთხოვნა მემმსისადმი: ,,ჩვენ გვინდა ცეცხლსასროლი იარაღი მხეცებისა და ყაჩაღური ჯგუფისგან თავდასაცავად.”34

საბჭოთა ხელისუფლება არასწორი პოლიტიკით ძაბავდა ეროვნაებათა შორის ურთიერთობას და იწვევდა ნაციონალურ ანტაგონიზმს, რაც კარგად აისახა ერთის მხრივ ებრაელების და მეორეს მხრივ ოსების, ყუბანელების ურთიერთიბაში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ, არტელების, კოოპერატივების გახსნამ ებრაელი ვაჭრის მოქმედების არეალი და მათი როგორც შუამავლის ფუნქცია შეამცირა, გამოიდევნა იგი ბაზრიდან, გაუჭირდათ ახალ სისტემაზე მორგება. მიუხედავად ამისა, მაინც ვაჭრობის სფეროში წამყვან პოზიციებს ფლობდნენ სომხები და ებრაელები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მათი კონკურენცია არ გასცილებია სოციალურ-ეკონომიურ დაპირისპირების ფარგლებს.

აქვე მოგვყავს ახალციხის ღარიბკომის განყოფილების განცხადება, რომ ქართველ ებრაელთა კოლმეურნეობაში გაერთიანებულნი ყოფილან სომხებიც და რომ მათ შორის ეროვნულ ნიადაგზე არასოდეს მომხდარა გაუგებრობა, მუშაობდნენ მეგობრულად.35

1936 წელს ებრაელები აღნიშნავდნენ: -,,ჩვენ ვცხოვრობთ განუხრელ მეგობრობაში ქართველებთან, სომხებთან, თურქებთან, რუსებთან.”36 შეიძლება ეს შეფასება გადაჭარბებულიცაა ინტერნაციონალიზმის გამართლების მოტივით, მაგრამ მაინც ებრაელთა მკვეთრი დაპირისპირების ფაქტები საქართველოში მცხოვრებ სხვა ეროვნებებთან ჩვენ მიერ მოძიებული მასალებით არ დასტურდება. ჩვენს საკვლევ პერიოდში ხშირი იყო საწარმოებში სოციალურ-ეკონომიური დაპი-რისპირება სხვადასხვა ეროვნულ დაჯგუფებებს შორის, რომელიც ხანდახან ეთნოკონფლიქტების სახეს იღებდა. ამ პროცესებში, ჩვენს ხელთ არსებული მასალებით ქართველი ებრაელები არ ფიგურირებენ, შესაძლო ფაბრიკაქარხნებში მათი უმნიშვნელო რაოდენობის გამო. თუმცა იყო ანტისემიტიზმის სუსტი გამოვლინებაც. რაც ძირითადად თავს ატყდებოდათ ევროპელ ებრაელებს, რომლებიც დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი ფაბრიკა-ქარხნებში.

1929 წლის 20 ნოემბერს, ნაციონალური უმცირესობების II თათბირზე ორმა, სამმა გამომსვლელმა აღნიშნა ქართველთა მხრიდან ანტისემიტიზმის გამოვლენის ფაქტები, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რაში ვლინდებოდა იგი37.

გადავხედეთ რა თათბირის მონაწილეთა ანგარიშებს, ჩვენთვის ნათელი გახდა ებრაელთა სატკივარი და პრობლემები. ვაჭრის შვილებს არ იღებდნენ ტექნიკუმებში, არ ეძლეოდათ არავითარი გასაქანი, ჩამორთმეული ჰქონდათ ხმის უფლება, ზოგიერთ სკოლაში არ იღებდნენ ებრაელ ბავშვებს ეროვნული ნიშნით (ქარელში), სამხ. ოსეთის ხელისუფლება არ აძლევდათ ვარგისიან მიწებს, როგორც ხმაჩამორთმეულებს არ აძლევდნენ სათესლე მასალას და ა.შ. გამომსვლელი ბერაძე აღნიშნავდა, რომ ონის ხელმძღვანელობაში არის ანტისემიტური განწყობილება, რადგან კოოპერატივებში, პროფკავშირებში ებრაელები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი და არა აქვთ სკოლები.38

ჩვენი აზრით ამგვარი ფაქტებით ქართველთა მხრიდან ანტისემიტიზმის მტკიცება მოკლებულია რეალურ საფუძველს. ზემოთ აღნიშნული ნათელი დადასტურებაა არა საქართველოს საბჭოთა ხელისუფლების ან ქართველთა ანტისემიტიზმის (თუ საერთოდ იგი ასე შეიძლება შევაფასოთ), არამედ საბჭოთა წყობის არასწორი ეროვნულ-სოციალური პოლიტიკის. ებრაელთა ყველა აღნიშნული პრობლემა სოციალისტური სისტემიდან მომდინარეობდა და ქართველთა ანტისემიტიზმის მტკიცება აბსოლიტურად ყალბია.

გაზეთი ,,კომუნისტი” თვლიდა, რომ საქართველოში ეროვნული დაპირისპირების, კერძოდ ანტისემიტიზმის განვითარებას ხელი შეუშალა სოციალისტური მოძრაობის ფართო გაქანებამ (როგორც ჩანს საბჭოთა იდეოლოგებს შორის ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი არსებობდა), თუმცა წინა საუკუნეებში ამ მოძღვრების არარსებობას ხელი არ შეუშლია ქართველთა და ებრაელთა ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულისთვის.

როგორ წარმოედგინათ თავიანთი სტატუსი ქართველ ებრაელებს ახლად შექმნილ საბჭოთა საქართველოში? ქართველ ებრაელთა შორის ეროვნული და კულტურული გამოღვიძების საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვის დ. ბააზოვს და მის ძეს გერცელ ბააზოვს. საინტერესოა, როგორ წარმოედგინა ქრთველ ებრაელთა მომავალი დ. ბააზოვს. საქართველოში განხორციელებული ავტონომიზაციის ფონზე მას კარგად ესმოდა, რომ ებრაელთა პოლიტიკური უფლებები გადახლართული იყო ქართველ ხალხთან და ისინი არ დაზოგავდნენ მათთვის (ებრაელებისთვის) არაფერს, მაგრამ მაინც თხოულობდა მინიმუმს, რაც შეადგენდა სამკვდროსასიცოცხლო საჭიროებებს.40

დ. ბააზოვი ითვალისწინებდა რა ებრაელთა მძიმე ყოფას, კულტურული ავტონომიის ქვეშ ითხოვდა: სკოლების გახსნას ებრაელთა ბავშვებისათვის, სადაც შეისწავლიდნენ ებრაულ ენას, ლიტერატურას, ისტორიას, სხვადასხვა მეცნიერებებს, რაც ხელს შეუწყობდა ბავშვების აღზრდას ებრაული ზნე-ჩვეულებებით, ,,რომლებიც იქნებოდნენ მცოდნე თავისი ვინაობისა და გამოსადეგი თავისი ერისა და კაცობრიობისა.”41

ქართველ ებრაელთა კულტურული ავტონომიის მოთხოვნის საპასუხოდ ატყდა განგაში. იგი ლამის სიონიზმთან გააიგივეს და დ. ბააზოვს სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს. საბჭოთა იდეოლოგების აზრით ,,სოციალისტური რევოლუციის პირობებში ებრაელთა კულტურული ავტონომიის მოთხოვნა კარგავს თავის მნიშვნელობას და ყველა ერს აძლევს კულტურის განვითარების საშუალებას”, და კიდევ ,,ეროვნულკულტურული ავტონომია სასარგებლოა მხოლოდ ვაჭრებისა და რაბინებისთვის და არა ღარიბ-ღატაკთათვის.”42

,,ყველგან, სადაც კი ებრაელები გამოჩნდებოდნენ უმალ იქმნებოდა კონფლიქტი მათსა და მკვიდრ მოსახლეობას შორის, აღმოცენდებოდა ებრაელთა საკითხი”43 -წერს ანდრია დიკი. ჩვენი აზრით, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო მათი სარწმუნოება. რუს და უცხოელ მოგზაურთა აღნიშვნით, ქართველი ებრაელები შედარებით ზედმიწევნით იცავდნენ ებრაული რელიგიის წესჩვეულებებს და თავიც კი მოჰქონდათ ამით რუს და ევროპელ ებრაელებთან.

საბჭოთა ხელისუფლების სოციალისტური კულტურისაკენ სწრაფვის მიუხედავად, 1921-40 წლებში ქართველი ებრაელებიც სარგებლობდნენ დროის მონაპოვრებით. კერძოდ, არსებობდა ებრაული თეატრი, საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კულტურის სახლი, სკოლები (შეზღუდული რაოდენობით), ბიბლიოთეკები, გაუმჯობესდა ებრაელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ა.შ. მაგრამ ამ ფონზე უნდა აღინიშნოს რომ საქართველოს ეროვნულ უმცირესობათა შორის ყველაზე სავალალო მდგომარეობაში იყვნენ ქართველი ებრაელები; პირველ რიგში ისინი მოკლებულნი იყვნენ მშობლიურ ენაზე სწავლებას,44 ბეჭდვით ორგანოს,45 სხვადასხვა პროფილის ტექნიკუმებს (არსებობდა რუსული, სომხური..), ჩამორთმეული ჰქონდათ ხმის უფლება. აქედან გამომდინარეობდა მათი სოციალურ-პოლიტიკური შეზღუდვები. მაგრამ ამას მაინც არ გამოუწვევია დაპირისპირება ქართველებსა და ებრაელებს შორის.

თუ ქართველები და ქართველი ებრაელები კვლავ ინარჩუნებდნენ ურთიერთშორის პატივისცემასა და სიყვარულს, ეს იყო თავად ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთირეთგამოცდის და კეთილგანწყობის შედეგი და არა საბჭოთა ხელისუფლების ეროვნული უმცირესობის მიმართ წარმოებული პოლიტიკის.

 

გამოყენებული წყაროების და ლიტერატურის სია

1. ა. ბ ა თ ო შ ვ ი ლ ი, ებრაელი ხალხის ისტორიიდან,თ. 1991 გვ. 379

2. Н. Лесков. “Евреи в россии”. I. 1902, ნომ. 25

3. ზ. ჭ ი ჭ ი ნ ა ძ ე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 32

4. ი ქ ვ ე. გვ. 30

5. რიტუალურ ცილისწამებებს ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანში, დაღესტანში. იხ. История евреев на кавказе. Кавкасиони-Тел-Авив, ტ.I-II, ნო. 27

6. Ицхак Давид, Назв. Произведение. ст. 190

7. ი ქ ვ ე, ტ. II, გვ. 474

8. ი ქ ვ ე

9. ფ. ლ ო მ ა შ ვ ი ლ ი ,,საქართველოს ისტორია”, XI კლასის სახელმძღვანელო, 1995, გვ. 25

10. გაზ. ,,ხმა ებრაელისა”, 1918, # 3, გვ. 3

11. ი ქ ვ ე

12. სუიცსსა, ფ. 525, ანაწ. 1, საქ. 84, ფურც. 33

13. ე.წ. ,,სამხრეთ ოსეთში” ქართველი ებრაელებიძირითადად ცხოვრობდნენ ქ. ცხინვალში 2009 სული, იხ. სუიცსსა, ფ. 284, ანაწ. 1, საქ. 1079, ფურც. 4

14. სუიცსსა,ფ.600, ნაწ.1, საქ.1197, ფურც.

15 15. სუიცსსა, ფ. 525, ანაწ. 1, საქ. 84, ფურც. 47

16. სუიცსსა, ფ. 284, ანაწ. 1, საქ. 2244, ფურც. 4

17. სუიცსსა, ფ. 525, ანაწ. 1, საქ. 84, ფურც. 2

18. ი ქ ვ ე

19. სუიცსსა, ფ. 284, ანაწ. 1, საქ. 2244, ფურც. 11

20. სუიცსსა, ფ. 284, ანაწ. 1, საქ. 2244, ფურც. 8

21. სუიცსსა, ფ. 525, ანაწ. 1, საქ. 84, ფურც. 59

22. სუიცსსა, ფ. 525, ანაწ. 1, საქ. 382, ფურც. 118

23. სუიცსსა, ფ. 284, ანაწ. 1, საქ. 1079, ფურც. 4

24. სპა, ფ. 14, ანაწ. 4, საქ. 424, ფურც.46

25. სუიცსსა, ფ. 284, ანაწ. 1, საქ. 639, ფურც. 62

26. სპა, ფ. 14, ანაწ. 4, საქ. 424, ფურც. 46

27. სუიცსსა, ფ. 284, ანაწ. 1, საქ. 639, ფურც. 66

28. სპა, ფ. 14, ანაწ. 4, საქ. 424, ფურც. 48

29. სუიცსსა, ფ. 284, ანაწ. 1, საქ. 639, ფურც. 72

30. სპა, ფ. 14, ანაწ. 4, საქ. 420, ფურც. 123

31. სპა, ფ. 14 ანაწ. 4, საქ. 424, ფურც. 49

32. ი ქ ვ ე, ფურც. 56

33. ი ქ ვ ე, ფურც. 89

34. სუიცსსა, ფ. 525, ანაწ. 1, საქ. 19, ფურც. 23

35. სუიცსსა, ფ. 284, ანაწ. 1, საქ. 2244, ფურც. 60

36. სუიცსსა, ფ. 525, ანაწ. 1, საქ. 376, ფურც. 119

37. სპა, ფ. 14, ანაწ. 4, საქ. 217, ფურც. 13

38. სპა, ფ. 14, ანაწ. 4, საქ. 420, ფურც. 45, 67, 123, 140, 466

39. გაზ. ,,კომუნისტი”, 1921, 24 სექტემბერი

40. გაზ. ,,მაკავეელი”, 1924, #2, გვ. 1

41. გაზ. ,,კომუნისტი”, 1923, 2 აგვისტო

42. ი ქ ვ ე

43. ა. დ ი კ ი, ,,ებრაელები რუსეთსა და სსრკ-ში”, ალმანახი ,,ლაზარეს აღდგინება”, 1997, #X, გვ. 3

44. 1926 წლის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 20897 (0,8%) ქართველი ებრაელი, რომელთაგან თავის ,,ეროვნულ ნაციონალურ მშობლიურ ენად ქართული მიიჩნია 20858 ე.ი. 100%- მა. ,,ახალგაზრდა კომუნისტი”, 1926, 25 თებერვალი, გვ. 2

45. 1937 წელს საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა ენაზე გამოდიოდა 44 გაზეთი, არც ერთი ებრაულენოვანი ან ებრაელთათვის. ჟურნ. ,,ბოლშევიკი”, 1937, # 5, გვ. 70

 

K. Abuladze

The Relationship of Georgia Jews to other National Minorities living in Georgia

 

The Jewish writer Abrek Batoshvili has said recently in print that “We, Georgian Jews, don’t possess any written or verbal document proving discrimination of our civil rights and that we were forced to reject our religion while living in Georgia.”

It must be mentioned that there is no other country except Georgia, where Jews carry out their religious service to church by candle or money. Documents from the XVII-XVIII centuries clearly show that Georgian Jews and Georgians had equal, economic and legal rights, they peacefully co-existed together.

The Jews are often blamed for not being patriotic and not protecting interests of the country where they live. Let’s listen to a Georgian scholar Z.Chichinadze who tells us the following: “As for our direct and active involvement in the international trade, Georgian Jews very often had a chance of high treason to sell some information to foes of the State. But they have never done this. There is neither written nor verbal record of this.”

Both Georgian and foreign sources of the feudal era do not present any facts regarding confrontations between Jews and other nationalities living in Georgia. This was guaranteed by the Georgian state policy as policy as well as Georgian people.

The Russian occupation of the Caucasus changed the situation dramatically . Their policy of “divide and conquer” damaged the long-established practice of friendly co-existence of national minorities in Georgia. This process was not successful in Georgia due to active resistance of the Georgian intellectuals.

Starting from XIX century Russian and European Jews moved to the Caucasus. Here they were met by local Jews with their versatile culture and language. These were Georgian highlander, Persian and Arabian Jews, as they had already lost their ancient Jewish language, morals, traditions. European Jews themselves were arrogant toward Georgian Jews, calling them various insulting, mocking nicknames. It seemed to be a clash of two worlds.

The Georgian Democratic Republic declared in 1921 created free developmental conditions for every nation living in this country, including Georgian Jews. It is very important to mention that the Act of Georgian Independence was signed by two Georgian Jews. Among others, Georgian Jews also experienced the Bolshevik “democracy” and “friendship of nations”.

In the early twentieth century in Georgia there was a wide spread collectivization of agricultural. According to the archived documents the Jewish people in Georgia had social-national problems with Ossetian and Cossack members of collective farms. The Jewish people had some problems in Tskhinvali, their gardens were taken away and they were oppressed by party and judicial organs.

The Jewish people called this relationship “National antagonism”. In 1936 Georgian Jews emphasized that “We live in great friendship with Georgians, Armenians, Turks, and Russians.” This assessment may be exaggerated in the Soviet Internationalist movies in Georgia, but it seems to be supported by facts.

Some Orthodox Communists blamed Soviet Georgians for Chauvinism and Anti-semitism. According to the reports of the Commission of National Minorities we see that this is based on Jewish people’s problems. The merchants children weren’t admitted to schools, technical schools, they had no right to vote, they weren’t given the land and seeds, etc.

The above mentioned facts demonstrate that the Soviet rules were to blame. Rabbi David Baazov put forward demands for the cultural autonomy of Georgian-Jews. The demand for cultural autonomy was considered to be Zionism and David Baazov was imprisoned.

Notwithstanding the assimilation to Socialist culture in 1921- 1940, the Jews had some achievements: Jewish theatre, museum, the house of culture, schools, libraries, etc. But we must mention, that the Georgian-Jews were in the worth situation among the national minorities in Georgia. They were deprived of learning in native language, of having access to printing presses. They had no right to vote, but this did not cause the battle between Georgians and Jews.

It is easy to find out the elements of Georgian Culture in the Jewish wedding, funerals, clothing, architecture. This is the result of long, good, neighbourly relationships between the Georgian and Jewish peoples.

In 1913 at the International Conference of Zionist in Frankfurt the speakers spoke about the facts of destruction of the Jews. One of the deputies denoted that there was no country where anti- Semitism has not existed. At that moment the representative of the Georgian Jews Mr. Baazov said: “My friends, there is such a country in the world. It is Georgia -a small Christian nation…Georgia does not have ghettos, ruin, discrimination. There was a loud applause after the speech.

The head of the conference General Jifman announced to the society “This country is very far away from us, but it must be very close to every Jew’s heart.. My sons, I want you to express your love toward the Georgian nation as well as you can.

Georgian-Jews religious tolerance was not destroyed during the Soviet period. In 1994 in Washington at the Word Jewish Congress Mr. Guram Batiashvili a Jewish writer said: “The experts announce to us the increase of anti-Semitism in different countries, but fortunately I can not give you such information. Georgia is such country where anti-Semitism can not take place. Anti-Semitism is recognized neither in the State nor in everyday life.

If Georgian Jews still receive respect and love this is not the result of the Soviet Power Politics toward the national minorities but the result of friendship and good will of the peoples themselves.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s