Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ენდრიუ ანდერსენი – საქართველო და საერთაშორისო შეთანხმებები 1918 – 1921

 

andersen

ენდრიუ ანდერსენი

საქართველო
და საერთაშორისო
შეთანხმებები

1918 – 1921

Georgia and the International Treaties

of 1918-1921
Copyright © 2019 by Andrew Andersen

 

თარგმანი / რედაქცია: მერი ბიწაძე
რუკები: ენდრიუ ანდერსენი და გიორგი ფარცხალაძე
გარეკანის დიზაინი: კეტი ალბერტსი და ალექსანდრ კუროვი

 


ავტორის შესახებ

E.andersenენდრიუ (ანდრეას) ანდერსენი – კანადელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, ახლა მუშაობს კალგარის უნივერსიტეტის (კანადა) სამხედრო სტრატეგიული კვლევის ცენტრში.

ამ წიგნის ძირითადი მიზანია, გააცნოს როგორც კოლეგა-ისტორიკოსებს, ისე ფართო აუდიტორიას საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსსა და საზღვრებს არეგულირებდნენ რუსეთის იმპერიის დაცემასა და საბჭოთა კავშირის შექმნას შორის მთელი პერიოდის განმავლობაში.

წიგნში ასევე განხილულია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები და კონფლიქტები და ომები, რომლებსაც მითითებულ პერიოდში ადგილი ჰქონდათ როგორც საქართველოში, ისე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ნაწილში. წიგნი ასევე მოიცავს მოკლე ექსკურსებს იმ ტერიტორიების ისტორიასა და ეთნოგრაფიაში, რომლებიც სადავოდ ითვლებოდნენ ზემოხსენებული ხელშეკრულებების მომზადებისა და დადების დროს. ნაჩვენები ტერიტორიებიდან ზოგიერთი ახლაც სადავოა.

ეს წიგნი შეიძლება იმ თანამედროვე კონფლიქტების დარეგულირების გასაღებადაც გამოდგეს, რომლებიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას ემუქრებიან.


 

შესავალი

  1. სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში 1918 წლის დასაწყისისთვის
     
  2. ბრესტის საზავო ხელშეკრულება: ბოლშევიკების გულუხვი საჩუქარი ოტომანთა იმპერიას
     
  3. ფოთის ხელშეკრულება: პირველი რესპუბლიკის  პირველი კომპრომისი
     
  4. ბათუმის ხელშეკრულება: ზავი ტერიტორიის სანაცვლოდ
     
  5. მუდროსის დაზავება: ახალი იმედები
      
  6. საქართველო და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია: „ყრუ კედლის“ გარღვევა
     
  7. საქართველო-აზერბაიჯანის 1919 წლის ხელშეკრულება: კავკასიაში კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ბრძოლა
     
  8. რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება: „გეშინოდეთ დანაელებისა…“
     
  9. საქართველო და სევრის ხელშეკრულება
     
  10. საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურედ ცნობა: ტრიუმფი პირველი რესპუბლიკის დაცემის
     
  11. საქართველო და პოლონეთი: ალიანსი, რომელიც არ შედგა
     
  12. მოსკოვის (16.03.1921) და ყარსის (13.10.1921) ხელშეკრულებები
     ​

დასკვნა

​​​დამატება (ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ტექსტები)

მოკლე ცნობები წიგნში მოხსენებულ პიროვნებათა შესახებ

რუკების ნუსხა

შეცვლილი გეოგრაფიული დასახელებების ნუსხა

გამოყენებული ლიტერატურა

 


შესავალი

„ისტორიას გამარჯვებულები წერენ, ამიტომ მასში არ მოიხსენებიან დამარცხებულნი“, – წერდა XX საუკუნის დასაწყისში ანტონ დრექსლერი[1] . თუ ჩავთვლით, რომ გერმანიის ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებლის ეს გამოთქმა რამდენადმე სწორია, მაშინ არც თუ ისე გასაკვირია ის, რომ ჩვენს დროში ცოტამ თუ იცის საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომელიც 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 14 მარტამდე არსებობდა და ორმა „გამარჯვებულმა“ – საბჭოთა რუსეთმა და ქემალისტურმა თურქეთმა გასრისეს.

1991 წელს სსრკ-ის დაშლამდეც კი ყველა დონის საბჭოთა ისტორიკოსები ისეთ სახეს იღებდნენ, თითქოს 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველო არც არსებობდა[2] , სამხედრო აგრესიის შედეგად მის ანექსიას ყურადღება რომ არ მიქცეოდა. ამავე მიზეზით მითითებული პერიოდის საქართველოს ისტორიას იგნორირება უკეთდებოდა თურქეთშიც. დასავლეთში საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილი წიგნებისა და სტატიების რაღაც რაოდენობა კი გამოსცეს, მაგრამ ამ კვლევების პოპულარობა ახლოს იყო ნულთან: პრაგმატულ ევროპელებსა და ჩრდილო ამერიკელებს გონივრულად არ მიაჩნდათ დროის დახარჯვა იმის შესასწავლად, რაც არ შედგა და ზერელე შეხედვით აღდგენას არ ექვემდებარებოდა.

საქართველოს გარშემო შექმნილმა საინფორმაციო-სამეცნიერო ვაკუუმმა 1991 წლის გაზაფხულზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტში ისტორიის ნაირგვარი ფალსიფიკაციის წინაპირობები შექმნა უპირველესად „რუსული სამყაროს“ პროპაგანდის რუპორების, ასევე სხვადასხვა მიზეზით კრემლის იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მოქცეული დასავლეთის რიგი მკვლევარების მხრიდან. ფალსიფიკაციას ექვემდებარება არა მხოლოდ მთლიანად საქართველოს ისტორია, არამედ არაუბრალო წარსული სხვადასხვა ტერიტორიებისა, მათ შორის მათიც, რომლებიც დღეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ჩარჩოებშია, ამავე დროს რფ-ის ჯარის მიერაა ოკუპირებული და საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. თვით საქართველოში კი ახალი ისტორიული მეცნიერება ჯერ მხოლოდ ყალიბდება და მას ხანგრძლივი გზის გავლა მოუწევს პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის იმ დონის მიღწევამდე, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მხრიდან ნდობის კრედიტის უზრუნველყოფა შეეძლება.

ზემოთ თქმულის ძალით მოცემული წიგნის ამოცანაა, როგორც კოლეგა-ისტორიკოსებს, ასევე უფრო ფართო აუდიტორიას გააცნოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსსა და საზღვრებს არეგულირებდნენ რუსეთის იმპერიის დაცემასა და საბჭოთა კავშირის შექმნას შორის პერიოდში, ასევე ამავე პერიოდში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე, მთლიანად აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და კერძოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის გარემოზე სხვადასხვა სიდიდით გავლენის მომხდენი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენები. წიგნში ასევე მოცემულია მოკლე ექსკურსები მასში გაანალიზებული საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებისა და დადების მომენტში სადავოდ მყოფი რიგი ტერიტორიების ისტორიასა და ეთნოგრაფიაში.

ბოლოს ბოდიში უნდა მოვუხადო ქართველ მკითხველს იმისთვის, რომ წიგნის თანმხლები რუკების ტექსტი ინგლისურიდან ქართულად არაა გადათარგმნილი. თუმცა, იმედი მაქვს, ტექსტის წაკითხვის შემდგომ მათში გარკვევა რთული არ იქნება. მით უმეტეს, რომ საბაზო ინგლისურს ფლობს თითქმის ყველა, ვინც საერთაშორისო ურთიერთობებით არის დაინტერესებული.

ასევე მინდა ვაცნობო მკითხველს, რომ 1914 წლის შემდეგ თურქეთში სამჯერ (!) გადაარქვეს სახელი ბევრ დასახლებულ ადგილს. ამიტომ დღეს რუკაზე ვერ ნახავთ ზოგიერთ ქალაქსა და სოფელს, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდნენ და ამ წიგნშია მოხსენებული. მათი სახელწოდებები ცნობილია მხოლოდ რუსული ტრანსკრიპციით შტაბის იმდროინდელ რუკებზე და რუსეთისა და სომხეთის მხრიდან მონაწილეთა მემუარებში. თურქები მაშინ არაბული ხვეული, ჩართული ხელით წერდნენ და ეს არ იძლევა ზუსტ წარმოდგენას ამ დასახელებების წარმოთქმაზე.

…………………

1 ანტონ დრექსლერი (Anton Drexler; 1884-1942) – დამაარსებელი გერმანიის მუშათა პარტიისა, რომელსაც შემდეგ გერმანიის ნაციონალურსოციალისტური მუშათა პარტიის სახელწოდებით ჰიტლერი ჩაუდგა სათავეში.
2 მათ შორის ქართველი საბჭოთა ისტორიკოსებიც. თუ საბჭოთა პერიოდში შეუძლებელი იყო ობიექტური მეცნიერული მოკვლევის გამოქვეყნება, არც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ გამოჩენილა მომავალი თაობებისთვის „მაგიდის უჯრაში გადამალული“ არამცთუ ასეთი კვლევა, თუნდაც ბელეტრისტული ნაწარმოები. მხატვრულ ლიტერატურაში ეს პერიოდი ასახულია მხოლოდ ა. ქუთათელის ორტომიან რომანში „პირისპირ“ (კონიუნქტურის წინაშე ვალმოხდით) და აქა-იქ გაკვრით (რასაკვირველია, უარყოფით კონტექსტში) მცირე მოცულობის ნაწარმოებებში, მაგ., რ. გვეტაძის „ჭიაკოკონა“ (მთარგმ. შენიშვნა).

 

 

დასკვნა

პირველი ქართული რესპუბლიკის არსებობის პერიოდი ფრიად ხანმოკლე იყო. პირველი მსოფლიო ომის ფერფლისა და რუსეთის იმპერიის ნამტვრევებისგან აღმდგარმა ქართულმა
სახელმწიფომ არასრულ სამ წელიწადს გაძლო. ისტორიისთვის ეს მხოლოდ მოკლე წამია. და ამის მიუხედავად არ უნდა იყოს გაზვიადება იმის თქმა, რომ 1918 წლიდან 1921 წლამდე პერიოდმა ძველი ქართველი ხალხის ისტორიაში ახალი ხანა გახსნა. ეპოქა, რომელიც შეწყვიტა სამოცდაათწლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ და ანექსიამ, მაგრამ დღემდე გრძელდება 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.

თავისი არსებობის თვეების განმავლობაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ოთხი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანა და სამი საერთაშორისო ხელშეკრულების სუბიექტი. ამის გარდა, ქართველმა დიპლომატებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კიდევ ორი საერთაშორისო შეთანხმების პირობების განხილვაში, რომელთაგან ერთი პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისას დადებული ოთხი უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულების რიცხვში შევიდა (სევრის ხელშეკრულება). ამასთან საქართველო სამხრეთ კავკასიის 1918 წელს შექმნილი სამი სახელმწიფოსგან ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც დასავლეთის დიდი წამყვანი სახელმწიფოების მხრიდან დე-იურე აღიარების მიღწევა შეძლო.

როგორი გაკვეთილი შეიძლება გამოვიყვანოთ ზემოთ მოხსენიებული სავალალო მოვლენებისგან? პირველ რიგში, იმის გაგება, რომ სხვადასხვა დიდი სახელმწიფოების ინტერესების გზაჯვარედინზე განლაგებული პატარა სახელმწიფოს არსებობის შენარჩუნებისთვის ელიტებისა და მასების პოლიტიკური ნების, ასევე დაცვის სამხედრო და ეკონომიკური საშუალებების არსებობის გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უფრო ძლიერ მოთამაშეთა შორის მანევრირების, ასევე მუდმივად ცვლადი გეოპოლიტიკური გარემოებისგან დამოკიდებულებაში სიმტკიცისა და დამთმობლობის შერწყმით უახლოეს მეზობლებთან მოლაპარაკების უნარი. არა ნაკლებ მნიშვნელოვანია არა ყოველთვის და არა ყველასთვის გასაგები ჭეშმარიტების შეცნობა: იმისთვის, რომ პატარა სახელმწიფოს უფრო მძლავრი დიდი სახელმწიფოების დახმარება და მფარველობა ჭირდება, არც ერთი ეს დიდი სახელმწიფო არ შეელევა თავის ძირითად ინტერესებს საქართველოსთვის და არ დაიწყებს ქართული პრობლემების გადაწყვეტას თვით ქართული საზოგადოებისა და მისი მთავრობის მაგიერ. ამასთან „დიდ საჭადრაკო დაფაზე“ [731] წარმატების მისაღწევად აუცილებელია განკარგულებაში პროფესიულად მომზადებული და თავისი საქმისა და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის თავდადებული დიპლომატების კორპუსის ყოლა, რომლებმაც, სხვა ყველაფრის გარდა, ჯერ არს იცოდნენ მათი, ვინც წარსულში (კერძოდ, პირველი რესპუბლიკის არსებობის წლებში) მათ ადგილზე იყო წარმატებების და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეცდომების[732] შესახებ და ისწავლონ ამ შეცდომებზე, მათი გამეორების თავიდან აცილებისთვის.

 

…………………

731 ზბიგნევ ბჟეზინსკის ცნობილი გამოთქმა
732 ის, რომ შეცდომები მეტი იყო, ვიდრე წარმატებები, დასტურდება 21 წლის გაზაფხულზე პირველი რესპუბლიკის დაცემით და ასევე იმით, რომ 1920 წლის შუა ხანებთან შედარებით საქართველო არსებითად შემცირდა ტერიტორიულად.

***

 

1.სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში 1918 წლის დასაწყისისთვის

2.ბრესტის საზავო ხელშეკრულება- ბოლშევიკების გულუხვი საჩუქარი ოტომანთა იმპერიას

3.ფოთის ხელშეკრულება- პირველი რესპუბლიკის პირველი კომპრომისი

4.ბათუმის ხელშეკრულება- ზავი ტერიტორიის სანაცვლოდ

5.მუდროსის დაზავება- ახალი იმედები

6.საქართველო და პარიზის სამშვიდობო კონფერენცია- „ყრუ კედლის“ გარღვევა

7.საქართველო-აზერბაიჯანის 1919 წლის ხელშეკრულება- კავკასიაში კოლექტიური უსაფრთხოებისთვის ბრძოლა

8.რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება- „გეშინოდეთ დანაელებისა…“

9.საქართველო და სევრის ხელშეკრულება

 

10.საქართველოს დამოუკიდებლობის დე-იურედ ცნობა- ტრიუმფი პირველი რესპუბლიკის დაცემის

11.საქართველო და პოლონეთი- ალიანსი, რომელიც არ შედგა

12.მოსკოვის (16.03.1921) და ყარსის (13.10.1921) ხელშეკრულებები