Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• კახნიაშვილი-2008 წლის არჩევნები

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

2008 წლის 21 მაისის არჩევნები იურისტის თვალით

 

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, ხოლო “ყოველი პირი ვალდებულია ასრულებდეს საქართველოს კონსტიტუციისა  და კანონმდებლობის მოთხოვნებს (მუხლი 44.1). ანუ, ხელისუფლებათა დანაწილებასა და ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვასთან ერთად, მოქალაქეები ე. წ. კანონის უზენაესობის პრინციპითაც უნდა ვხელმძღვანელობდეთ.

1995 წელს მიღებული “უზენაესი კანონით” მოქალაქეებს  პოლიტიკური პარტიის, სხვა პოლიტიკური გაერთიანების შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლებაც გვაქვს (მუხლი 26.2). ამასთან, კონსტიტუციითვე უფლება გვენიჭება მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ამომრჩეველთა ნების  თავისუფალი გამოვლინება (მუხლი 28.1).

ბუნებრივია, ნორმალურ ვითარებაში პარლამენტის წევრობის კანდიდატს პოლიტიკურ გაერთიანებებთან თანამშრომლობას ვერავინ აიძულებდა და   არჩევნების საბოლოო შედეგი, შეიძლება, მხოლოდ ერთი ამომრჩევლის ნებას გადაეწყვიტა.   

საარჩევნო კოდექსში საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე ერთის თვით ადრე შეტანილმა მორიგმა არაგონივრულმა და ანტიკონსტიტუციურმა ცლილებამ საშუალება არ მომცა დამოუკიდებლად მიმეღო მონაწილეობა  არჩევნებში. სხვათა შორის, განვითარებულ ქვეყნებში არც კანონმდებლობას ცვლიან სახელდახელოდ და არც  უშუალოდ წინასაარჩევნოდ შექმნილ პარტიებს აძლევენ მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ასე თუ გავაგრძელებთ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში თიკა კანდელაკის `ქრისტიან-ლიბერალურ  ნაციონალურ მოძრაობას” კახა კალაძის `სრულიად საქართველოს აღორძინების დემოკრატიულ-რესპუბლიკური  კავშირი” თუ გაუწევს კონკურენციას. თუმცა, 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი დღევანდელი `ხუთოსნების” გარდა,  `იუმორისტ-შოუმენთა” და  `წვიმის მომღერალთა” პოლიტიკურ გაეთიანებებსაც ექნებათ, თუ პარტიულ სიებში პირველ ნომრებად  `გამარჯებულ ხალხში”  მეტად პოპულარულ (`ცნობად”) სახეებს, მაგ.  ვანო ჯავახიშვილს ან ზუმბას ჩასვამენ… 

მანანდე, სანამ იურისტებს ჯერ კიდევ ჰქონდათ საკანონმდებლო ხელისუფლებაში მოხვედრის მცირე შანსი, საკუთარი შესაძლებლობები მეც მოვსინჯე.  2008 წლის 21 მაისის არჩევნებში პატივი მხვდა წილად, #1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარვედგინე 10-დე პარტიისა და პოლიტიკური გაერთიანების მიერ შექმნილ საარჩევნო ბლოკს `ქრისტიანულ-დემოკრატიულ ალიანსი”, რომელმაც მომცა საშუალება, როგორც დამოუკიდებელ იურისტს, შიდაპარტიული დისციპლინით შეზღუდვის გარეშე, დამეცვა ამომრჩეველთა ინტერესები.

საოლქო საარჩევნო კომისიამ 2008 წლის 24 აპრილის #89/2008 განკარგულებით გამატარა რეგისტრაციაში საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად.

საარჩევნო კოდექსის ბუნდოვანი დებულებებისა და სააგიტაციო მასალის გავრცელებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების (მათ შორის, ტერმინოლოგიურის) თაობაზე განცხადებებით საარჩევნო ადმინისტრაციისა  და საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვა 2 მაისიდან დავიწყე, თუმცა არაკომპეტენტურობის და საქმისადმი უპასუხისმგებლო (ფორმალური) დამოკიდებულების გამო  არსებითი პასუხი დღემდე არცერთ განცხადებაზე არ მიმიღია. მაგალითად, როგორც ჩანს, კანონმდებლებსაც კი ვერ გაურკვევიათ ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე სააგიტაციო მასალის `რიგითი ნომერი” უნდა მიეთითოს თუ საარჩევნო სუბიექტის. არადა, ამ ინფორმაციის მითითების გარეშე სააგიტაციო მასალის გავრცელება საარჩევნო კოდექსით Aარის აკრძალული (მუხლი 75.5). თუმცა, არც ის იცის ვინმემ თუ რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ორგანული კანონით `აკრძალული”  ასეთი ქმედების ჩადენისთვის…  

საარჩევნო სუბიექტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევების ფაქტების გასაჩივრება 2008 წლის 17 მაისს საოლქო საარჩევნო კომისიიდან დავიწყე. 20 და 23 მაისს  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,  27-ში თბილისის საქალაქო, ხოლო 29 მაისს სააპელაციო სასამართლოს (სააარჩევნო დავების ბოლო ინსტანციას) მივმართე.  საჩივარ-სარჩელებში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, მათ შორის `ამომრჩეველთა მოსყიდვა-დაინტერესების” თაობაზე, ცალკე მსჯელობის თემაა. ამჯერად, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ  საფუძვლიანობის მიუხედავად მოთხოვნებიდან არცერთი არ დაკმაყოფილდა. რეაგირების გარეშე დარჩა განცხადებაც, რომლითაც პროკურატურას ცესკოს მოხელეების მიერ `სამსახურებრივი სიყალბის” ჩადენის ფაქტის თაობაზე ვაცნობე (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 341-ე მუხლით). 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის  მე-9 მუხლის თანახმად ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული იყო, არაუგვიანეს 5 დღისა საპარლამენტო არჩევნებამდე, Aმასობრივი საინფორმაციო საშუალებებით Gგამოექვეყნებინა ამომრჩეველთა დაზუსტებული საერთო რაოდენობა. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთებში `24 საათი” და  `ვერსია”.  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად მითითებულ იქნა 3 456 936.

საარჩევნო კოდექსის  105-ე მუხლის პირველი  და 64-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე, არჩევნებიდან არაუგვიაენეს მე-18 დღეს აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და  ადგენს `ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას”. ამასთან, 105-ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად აარჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ უნდა იყოს `ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაც”

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ  2008 წლის 5 ივნისს მიღებულ იქნა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა ნაჩვენებია 3 465 736, რაც 8 800  ადამიანით მეტია ბეჭდური მედიით ადრე გამოცხადებულ `დაზუსტებულ საერთო რაოდენობასთან” შედარებით.

ამასთან, შემაჯამებელი ოქმის 3-4 გვერდებზე მოცემულია ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ოლქების მიხედვით, რაც ჯამში შეადგენს 3 499 360 მოქალქაქეს და 33 624 ათასით მეტია შემაჯამებელი ოქმის პირველ გვერდზე მოცემულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

ბუნებრივია, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ჯამი უნდა უდრიდეს საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. აქედან გამომდინარე, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პარლამენტის არჩევნების `შემაჯამებელი ოქმი” არ ჯამდება, საკმაო საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადგინა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რითაც დაარღვია საარჩევნო კოდექსით დაკისრებული ვალდებულება.

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ  ამომრჩეველთა რიცხვის საგრძნობი  (30 ათასზე მეტით) მატება  მხოლოდ იმ  8 ოლქზე მოდის (თითოეულში 3-4 ათასით), რომლებშიც არჩევნების ბედი  ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს (მთაწმინდა, კრწანისი, სამგორი,  დიდუბე, გარდაბანი, ბოლნისი, გორი, სენაკი), მივიჩნევ, რომ   ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გაპარულმა შეცდომამ,  სააშკარაოზე გამოიტანა საარჩევნო სიების მასობრივი გაყალბების ფაქტი  და, შეუძლებელი გახადა, არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამომრჩეველთა რეალურად გამოხატული ნების შესაბამისად.                 

შევეცდები უფრო გასაგებად განვმარტო. მაგ. თუ ქვეყანაში ერთი მილიონი ამომრჩეველია, არ შეიძლება ეს რიცხვი იმისდა მიხედვით იცვლებოდეს  ვინ რომელ საარჩევნო ოლქში აძლევს ხმას. ცხადია, შეიძლება ამომრჩეველმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ თუU ერთი საარჩევნო ოლქიდან მეორეში გადაინაცვლებს, ეს ფაქტი, შესაბამის სიაზეც უნდა აისახოს. ანუ,  ამომრჩეველთა საერთო რიცხვის განსაზღვრისას, ერთი ოლქიდან მეორის ამომრჩეველთა სიაში ჩამატებული მოქალაქე, ყველა შემთხვევაში უნდა მოაკლდეს ადრინდელი ოლქის ამომრჩეველთა რიცხვს. ამასთან, ცხადია იგივე ვითარებაა საარჩევნო ოლქშიც და, თუ ამომრჩევლის გადანაცვლება ერთი ოლქის ფარგლებში გახსნილი საარჩევნო უბნების დონეზე ხდება, საუბნო სიების კორექტირება ოლქის  ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას არ უნდა ცვლიდეს (არ უნდა იყოს ძნელი გასაგები, რომ, როდესაც 10 მეგობარი ან შვილი გყავს, მათი საერთო რაოდენობა იგივე რჩება, იმის მიუხედავად, ხმას თბილისში მისცემენ თუ ბათუმში, ხოლო `შეჯამებისას” სხვადასხვა ციფრი არ უნდა გამოგივიდეს…).    

საარჩევნო კოდექსის მე-9  მუხლის პირველი ნაწილის თანახმად `საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების  თარიღის გამოცხადებისას არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით”.  ამასთან, საგულისხმოა, რომ თუ ადრე მოქმედი კანონმდებლობა არჩევნებამდე 5 დღით ადრე დადგენილი რაოდენობის ცვლას დაუშვებლად მიიჩნევდა, `ვარდების რევოლუციის” შემდეგ, სააარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებით შესაძლებელი გახდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის `კორექტირება”. თუმცა, ყველა შემთხვევაში, არჩევნების დღისთვის კიდევ ერთხელ `გადაზუსტებული” ეს რიცხვი ოლქების მიხედვით ნაჩვენებ ამომრჩეველთა რაოდენობას უნდა ედრებოდეს.

ამდენად, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ განვლილ საპარლამენტო არჩევნებში ისედაც ხელოვნურად იყო გაზრდილი ამომრჩეველთა რიცხვი (3 მილიონ ნახევრამდე… ანუ, `ცესკოს” თუ ვენდობით, ფაქტობრივად იმდენივე ვყოფილვართ, რაც 1990 წელს, ანუ სანამ მილიონამდე ჩვენი თანამემამულე საზღვარგარეთ გადაიხვეწებოდა, ხოლო არჩევნებში აფხაზეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობაც იღებდა მონაწილეობას…)  და საზღვარგარეთ მუდმივად წასულ მოქალაქეებთან ერთად, გარდაცვლილების `ხმებიც” მმართველი პარტიის სასარგებლოდ იქნა მითვლილი, ხოლო ასეულობით ათას მოქალაქეზე ყალბი პირადობის მოწმობები მისამართის გარეშე გაიცა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ `ცესკოს” მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცებსა და შემაჯამებელ ოქმში მოცემული ამომრჩეველთა საერთო რიცხვი არ ედრება ერთმანეთს (33 ათასზე მეტი ადამიანია მიმატებული), საკმარის საფუძვლად მივიჩნიე შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობისთვის.

აღნიშნული ქმედებით (საარჩევნო სიების Gგაყალბება და არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება) დარღვეულ იქნა  საქართველოს კონსტიტუციით  გარანტირებული  ჩემი უფლება მონაწილეობა მივიღო არჩევნებში  და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მესამე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. Aამასთან, ხელყოფილ იქნა ჩემი უფლება  და კანონიერი ინტერესი სამართლებივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში (კონსტიტუციის პრეამბულაში ჩემი `ურყევი ნებაც” არის გამოხატული…)  მოვითხოვო კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა, მითუმეტეს საარჩევნო ადმინისტრაციისგან.

ამასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ერთდღიან ვადაში, 2008 წლის 6 ივნისს სარჩელი შევიტანე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში. მოვითხოვე `ცესკოს” გაყალბებული შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების შემდეგ ხელახალი არჩევნების ჩატარება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმის მესამე მუხლით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, რაც პირველ რიგში, ხმის მიცემას ისეთ პირობებში გულისხმობს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა ნების თავისუფლად გამოხატვას.

სარჩელში დავასაბუთე, რომ Gგაყალბებულმა სიებმა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის შეზღუდვამ არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, ხოლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინაღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და პირდაპირ და Uუშუალო ზიანს აყენებს ჩემს უფლებებსა და არსებით კანონიერ ინტერესებს (კერძოდ, კონსტიტუციურ უფლებას მივიღო მონაწილეობა არჩევნებში და მოვთხოვო საჯარო მოსამსახურეებს დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები, ავაშენო სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის ძირითადი მახასიათებელი კანონის Uუზენასეობა და სამართლიანი არჩევნებია).

ჩემი სარჩელი ლეიბორისტული პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელებთან გაერთიანდა. სამმა მოსამართლემ საქმის განხილვა 6 ივნისს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დაიწყო და გადაწყვეტილება ღამის პირველ საათზე გამოიტანა. საგულისხმოა, რომ სწორედ იმ დროს, როდესაც საქალაქო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის საკითხი წყდებოდა, სააკაშვილის მიერ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა შეკრების შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და პარლამენტის დარბაზში მმართველი პარტიის აქტივის მობილიზაცია დაიწყო.

ამ ვითარებაში, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სასამართლომ (ბუნებრივია, პერსონალურ შემადგენლობას არსებითი Mმნიშვნელობა არ აქვს…) დადგენილად ჩათვალა რიგი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა საქმეში საწინაღმდეგო შინაარსის მტიცებულებები იყო წარმოდგენილი. ამასთან მოსამართლეებმა არასწორად შეაფასეს მკიცებულებები და, ცალმხრივად, აბსოლუტურად ყველა საკითხში, მხოლოდ მოპასუხის პოზიცია გაიზიარეს (მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე `ცესკოს” წარმომადგენლებმა სადაო საკითხზე ურთიერთსაწინაღმდეგო განმარტებები გააკეთეს). გარდა ამისა, მოსამართლეებმა არ გამოიყენეს ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ.

ის ფაქტი, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ჯამი უნდა უდრიდეს საქართველოში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, ცესკოს წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, როდესაც ჩემს მიერ სასამართლო სხდომაზე დასმულ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცეს.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ, რატომღაც  დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ `ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი იმავდროულად აღრიცხულია ამომრჩეველთა ერთიან სიაშიც. მართალია, იგი ხმას აძლევს მხოლოდ ერთხელ, მაგრამ დაფიქსირებულია ორივე სიაში, რის გამოც ზემოაღნიშნული მონაცემები შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვენ…” (გვ. 10). შესაბამისად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, შემაჯამებელ ოქმში არსებული წინაღმდეგობის ახსნას შეეცადა საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის `გ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით, რომლის ძალითაც იმ ამომრჩევლის გასწვრივ, რომელიც შეყვანილია სპეციალურ სიაში აღინიშნება `კომისიის წევრია, საავადმყოფოშია, წინასწარ პატიმრობაშია ან ნაოსნობაშია…”

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება სავარაუდო მსჯელობაზე ააგო და მოპასუხე მხარის მოსაზრებას მხოლოდ იმიტომ დაეთანხმა, რომ ზემოაღნიშნული გარემოება (ერთი და იგივე ამომრჩევლის დაფიქსირება ერთიან და სპეციალურ სიაში) `შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ ცესკოს 2008 წლის 5 ივნისის შემაჯამებელი ოქმის პირველ გვერდზე მითითებულ ამომრჩეველთა საერთო როდენობა და იმავე ოქმის მე-3 და მე-4 გვერდებზე მითითებული საარჩევნო ოლქების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ჯამი არ ემთხვევა ერთმანეთს”.

ანუ, სასამართლომ, ერთის მხრივ, აღიარა შემაჯამებელ ოქმში არსებული შეუსაბამობა, მაგრამ, იმავდროულად, ფაქტობრივად, საარჩევნო ადმინისტრაციის ადვოკატის როლში მოგვევლინა და დაშვებული შეცდომის თუ Dდანაშაულის (`არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება” ან `სამსახურებრივი სიყალბე”, სსკ-ის მუხლები 164 და 341) გამართლებას შეეცადა, რითაც აშკარა მიკერძოება გამოავლინა.

ცხადია, აღნიშნული გარემობება არასაკმარისია იმის დასაბუთებისთვის, რომ  ამომრჩველთა საერთო რაოდენობა უნდა განსხვავდებოდეს ოლქების მიხედვით ნაჩვენები ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ჯამისგან. მართალია, საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს `სპეციალურ სიებსა” და `ამომრჩეველთა სიის დანართებს”, მაგრამ შემაჯამებელ ოქმში ნაჩვენები უნდა იყოს ამომრჩეველთა რეალური  საერთო რაოდენობა ქვეყანაში და ცალკეული ოლქების მიხედვით (და არა `სპეცსიებსა” და `დანართებში” მიწერილი რაოდენობა, ანუ, ფაქტობრივად, საარჩევნო ადმინისტრაციების მანიპულაციებით  ხელოვნურად გაზრდილი ამომრჩეველთა რიცხვი).

ცენტრალური სარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმმა სააშკარაოზე გამოიტანა საარჩევნო სიების გაყალბების ფაქტი, რაც დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებითაც: თუ გავითვალისწინებთ, რომ ამომრჩეველთა რიცხვის საგრძნობი  (30 ათასზე მეტით) მატება (თითოეულში 3-4 ათასით) მხოლოდ იმ  8 ოლქშია ნაჩვენები, რომლებშიც არჩევნების ბედი  ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს (მთაწმინდა, კრწანისი, სამგორი,  დიდუბე, გარდაბანი, ბოლნისი, გორი, სენაკი), ცხადი უნდა იყოს, რომ ამ შემთხევაში, მართლაც `სპეციფიკურ” ოლქებში ამომრჩეველთა მასობრივი `ავადმყოფობა, ნაოსნობა,  პატიმრობა და კომისიის წევრობა” ნამდვილად არაფერ შუაშია და,  არჩევნების ტოტალურ გაყალბებასთან თუ არა, სავარაუდოდ, არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამებასთან მაინც უნდა გვქონდეს საქმე.

ისიც ცხადია, თუ სამართლიანი არჩევნების პირობებში, თითოეული მაჟორიტარული ოლქის საბოლოო შედეგი  შეიძლება მხოლოდ ერთი ამომრჩეველის ნებამ შეცვალოს არსებითად, რამოდენიმე ათეულ ათასიანი სხვაობა იმის დასტურია, რომ შემაჯამებელ ოქმში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რაც კანონის იმპერატიული მოთხოვნაა და `ცესკო” სასარჩევნო კოდექსის ძალით იყო ვალდებული ეს მონაცემი დაედგინა (მუხლი 64.3.ა).

ამდენად, შეიძლება ითქვას,Gგაყალბებულმა (`გაორებულმა”) სიებმა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამომჟღავნების შეზღუდვამ, რაც გამოიხატა ძალოვანი სტრუქტურებისა  და იძულებით გადაადგილებული პირების `მობილიზებაში” მმართველი პარტიის მხარდასაჭერად, მითუმეტეს ისეთ `სპეცუბნებში”, რომლებიც საარჩევნო კომისიების წევრებს არ გაუკონტროლებიათY (მხოლოდ ხმები მიამატეს სხვა უბნებს)  არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

სარჩელში დავასაბუთე, რომ Gგაყალბებულმა სიებმა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის შეზღუდვამ არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე, ხოლო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინაღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს და პირდაპირ და Uუშუალო ზიანს აყენებს ჩემს უფლებებსა და არსებით კანონიერ ინტერესებს.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ გასაგები მიზეზების გამო უარი მითხრა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ამასთან, ხელჰყო საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა სასამართლოში საქმის ღია სხდომაზე განხილვის თაობაზე (მუხლი 85.1) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული საქმის განხილვის ღიაობის (საჯაროობის) პრინციპი (მუხლი 6.1), როდესაც, სრულიად უსაფუძვლოდ, უარი მითხრა პორტატიული ხმის ჩამწერი მოწყობილობის საშუალებით სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერის გაკეთებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ საქმე საარჩევნო სუბიექტების და ადმინისტრაციის დავას ეხებოდა და საჯარო სამართლებრივი ინტერესები გააჩნდა.

გარდა ამისა, სასამართლომ შემიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რაც დასტურდება შემდეგი გარემოებით. 2008 წლის 7 ივნისს დილის პირველ საათზე მიღებული გადაწყვეტილება ჩამბარდა მეორე დღის, 8 ივნისის 13 საათსა და 10 წუთზე (საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის დარღვევით),  ხოლო გასაჩივრების ვადა მეწურებოდა 18 საათზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქის განაპირას (გლდანში) განთავსებულ სასამართლომდე მგზავრობისთვის ჩემი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით ერთი საათია საჭირო, გამოდის, რომ სასამართლო ხელისუფლებას, გადაწყვეტილების მოსამზადებლად  დაახლოებთ 35 საათი ჰქონდა დათმობილი, ხოლო 15 გვერდიანი დოკუმენტის გასაცნობად და სააპელაციო საჩივრის მოსამზადებლად, ფაქტობრივად,  ოთხი საათიც კი არ დამიტოვა.

მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ამ გადაწყვეტილების (საქმე #3/1320-08) გასაჩივრება მოვასწარი. სააპელაციო სასამართლოს მისი გაუქმება (უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო)  ახალი გადაწყვეტილების მიღება მოვითხოვე, რომლითაც ბათილად იქნებოდა ცნობილი  ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი. ამასთან, მოვითხოვე განეხილათ თბილისის საქალაქო სასამართლოს  იმ განჩინების სამართლიანობა და გონივრულობა, რომლითაც უარი მეთქვა აუდიო ჩანაწერის საშუალებით, ისტორიისთვის შემომენახა დღევანდელი საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოს წარმომადგენელთა `პროფესიონალიზმის” ამსახველი დოკუმენტური მასალა.  

თუ გავითვალისწინებთ, რომ სააპელაციო სამართლოში საქმის განხილვა 2008 წლის 9 ივნისს შედგა, ანუ მას შემდეგ, რაც პარლამენტის  შენობაში შესულმა პარლამენტის წევრობის კანდიდატებმა საკუთარი უფლებამოსილება ისე ცნეს, რომ საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას  არ დაელოდნენ, გასაგები უნდა იყოს, რომ ჩემი სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლომაც არ დამრთო ნება სხდომის  აუდიო-ჩანაწერი განმეხორცილებინა. უფრო მეტიც, ცესკოს წევრთა დაჟინებული მოთხოვნით, ჩანთის გახსნაც კი მომთხოვეს, იმისAშიშით, რომ ფარულად არ გამეკეთებინა ჩანაწერი (კიდევ კარგი, პირადი დათვალირებაც არ ჩამიტარეს ტანსაცმელში დამალული ფარული ჩამწერის აღმოსაჩენად… თუმცა, თავად ფაქტი მრავლისმთქმელია და კარგად წარმოაჩენს რა `მენტალიტეტის” ხალხთან გვაქვს საქმე).

ვინაიდან, სასამართლო განხილვას ფარსის ფორმა მიეცა და შედეგი წინასწარვე იყო ცნობილი, შუამდგომლობა დავაყენე სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის  შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი  მე-5 ნომრით რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტისთვის ან მთაწმინდის საარჩევნო ოლქის `ფრიადოსანი” მაჟორიტარისთვის დაეკისრებინათ, ვინაიდან, სრულიად უანგაროდ, ფაქტობრივად, მათ ინტერესებშიც  ვმოქმედებდი. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, არამარტო საზოგადოება დარჩებოდა მოგებული და ქვეყანაში სამართლებრივი კულტურა  ოდნავ წინ წაიწევდა, არამედ,  საარჩევნო  მანიპულაციებით `გაპოლიტიკოსებული” მეწარმეები და მომღერლებიც თავიდან აიცილებდნენ პასუხისმგებლობას კომუნისტებისდროინდელივით ერთპარტიულ პარლამენტში `მოღვაწეობისათვის”.

საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ `დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა” ქართულმა სასამართლომ ცესკოს საარჩევნო მანიპულაციებს (მაქინაციებს) გამართლება მოუძებნა, 11 ივნისს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ოფისში საჯარო დისკუსიაზე მიწვეულმა ცესკოს თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა შემაჯამებელ ოქმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსხვავება საქმის დიდი მოცულობის გამო დაშვებული `უბრალო შეცდომით” ახსნა (შეხვედრას გოგი გვახარია უძღვებოდა, ხოლო დამსწრეთა შორის იურისტი გიორგი ჩხეიძე და ეკონომისტი სოსო ცისკარიშვილიც ბრძანდებოდნენ). როგორც ჩანს, საარჩევნო ადმინისტრაციას ზნეობის გარდა  ე.წ. ზოგადი უნარების მხრივაც სერიოზული პრობლემები აქვს…

თუმცა, სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დღემდე არ მიმიღია, ყველა შემთხვევაში, მინდა განვაცხადო, რომ შეცდომა ის იქნებოდა  თარხნიშვილისთვის 100 ბატი ან თხა რომ მიგვებარებინა და დღის ბოლოს გადათვლისას ერთი გამორჩენოდა… საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმში ამომრჩევლთა საერთო რაოდენობაში ათეულ ათასიან `ზედმეტობას”, სალიტერატურო ენაზე სიცრუე ან უვიცობა ჰქვია, ხოლო სამართლებრივად – `სამსახურებრივი სიყალბე” ან `არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება”. მსგავსი `შეცდომებისთვის” მოწესრიგებულ ქვეყნებში მხოლოდ საზოგადოებრივ გაკიცხვას არ სჯერდებიან და სისხლის სამართლის წესითაც უმკაცრესად სჯიან.

საქართველოს ყოველმა მოქალაქემ, არა მარტო ყველა დონის საჯარო მოხელეს, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმომადგენლობის მსურველსაც და საარჩევნო ადმინისტრაციასაც კანონისადმი  პატივისცემით მოპყრობა უნდა მოსთხოვოს. ცხადია, ეს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეების `ურყევი ნება”, მართლაც სამართლებრივი სახელმწიფოს აშენებაა, ხოლო თუ ფასადური დემოკრატიისა და პლუტოკრატიული `ბაბანის რესპუბლიკის” სტატუსს დავჯერდებით, უმჯობესი იქნება სადეპუტატო მანდატების განაწილება ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის და მისი მომხიბვლელი მინისტრისთვის მიგვენდო. პარლამენტის წევრებსაც პირდაპირ აუქციონის გზით შევარჩევდით… ამ გზით, ბიუჯეტიც საკმაო თანხით შეივსებოდა, არც `ბილბორდ-ბანერებში” გადავყრიდით ფულს უაზროდ და რევოლუცია-გადატრიალებებსაც ავიცილებდით თავიდან…

 

http://iberiana.webs.com/mtavari_problema.htm

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s