Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ცრუ გმირი

 

თემურ ქორიძე

ცრუ გმირი, ცრუ საკანი და ცრუ ხელისუფლება

 

image«მიშა, მოვედით!» – ორი წლის წინათ სწორედ ამ ფრთიანი შეძახილით დაიწყო ქართული ოპოზიციის შეტევა სააკაშვილის ხელისუფლებაზე. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ძმებ გაჩეჩილაძეებს სენტიმენტალიზმი მოეძალათ და საბრძოლველად შემართული ორასი ათასი მხარდამჭერი მოსესავით ეგვიპტის უდაბნოში არა, მაგრამ ხან იპოდრომის, ხანაც სამების ტაძრისკენ მიმავალ არც თუ ისე ძნელ გზაზე ატარეს. ამასობაში რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების ოთხმოცდაათი პროცენტი, ე.ი. თითქმის მილიონი ჯარისკაცი და აურაცხელი ტექნიკა გადმოტყორცნა სააკაშვილის დასამარცხებლად, მაგრამ, როგორც ეს უკანასკნელი ხშირად იმეორებს ხოლმე, მისი ხელისუფლება არა თუ არ «ჩამოიშალა», არამედ გაძლიერდა კიდეც! ამის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ ჩვენი თავმობეზრებული ოპოზიციონერები, რომლებმაც გაწბილებულ მსოფლიოს უკვე არაერთგზის აუწყეს «სააკაშვილის დამთავრება», დღეს კვლავ ერთ ადგილს ტკეპნიან და სიმბოლური საკნების დაშლა-აწყობის ფრიად რუტინული საქმიანობით არიან დაკავებულნი. მათ ჯიბრზე კი სააკაშვილი დაუფარავად აცხადებს: «ოპოზიციის ადგილზე რომ ვიყო, ამ ხელისუფლებას სამ თვეში დავამხობდიო»…

სამი თვე კი არა, ბარე ორი წელიწადი იწურება, მაგრამ ეს «ჩამოუშლელი» პრეზიდენტი ისე ურყევად დგას, «როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი». ოპოზიცია კი აშკარად დაბნეულია. მან, უკვე დიდი ხანია, ჩვეული სიმშვიდე და წონასწორობა დაკარგა, სამაგიეროდ, კვერცხები შეიძინა და ქვების სროლაც დაიწყო. ეს უკვე ცუდის ნიშანია.

ზუსტად ოცი წლის წინათ ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ხანგრძლივი დისიდენტური საქმიანობის შემდეგ «ხალხში გასვლა» დაიწყეს და ეროვნული მოძრაობის ახალი ტალღის აზვირთებას შეუდგნენ. ისინი მართლაც «შიშველი ხელებით» მივიდნენ ხალხთან და თან მიიტანეს ყველასთვის სანუკვარი და საოცნებო იდეალები. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო ბევრს მხოლოდ სიზმრად ჰქონდა ნანახი, მაგრამ არსებობს ერის ისტორიული მეხსიერება, რომელიც მუდამ ძალზე მგრძნობიარეა და შეხებისთანავე იღვიძებს, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, თუ ვინ და როგორი ხელით ეხება ამ ძვირფას საუნჯეს. საქართველოში არავის გაჰკვირვებია, რომ სწორედ ზვიადმა და მერაბმა იტვირთეს ეს ისტორიული მისია, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ ისინი სრულიად უანგაროდ იდგნენ იდეის სამსახურში. მათ არც ფინანსები გააჩნდათ და არც პრესის მხარდაჭერა უმაგრებდათ ზურგს; პირიქით, ყოველ ნაბიჯზე ათასგვარ დაბრკოლებას აწყდებოდნენ და, რაღა თქმა უნდა, დევნა-შევიწროვებაც არასოდეს დაჰკლებიათ. ყველაფერთან ერთად მათ კიდევ ერთი ღირსებაც ჰქონდათ – საოცრად განსწავლულნი და ღვთისმოსავნი იყვნენ. მოკლედ, ზვიადის და მერაბის მორალური ავტორიტეტი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხალხს მათთვის ყური დაეგდო და მხარში ამოსდგომოდა. ამ ურთიერთგაგებაში იყო რაღაც ირაციონალური და, თუ გნებავთ, მისტიკური მომენტებიც. ორი «შეთქმული» არა ლიდერებად, არამედ ნამდვილ ქრისტესმიერ ძმებად მოევლინა თანამემამულეებს და მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური მომავლის კი არა, მთელი ერის სულიერი და ზნეობრივი სახის გადარჩენაც ითავა. აქ უკვე მათი «ხელი» ათასების, ასიათასებისა და მილიონების გულსა და გონებას უნდა მისწვდომოდა. ამისთვის კი მათ ოცდაათწლიანი განდგომის, თვითგვემისა და ჯოჯოხეთური ტანჯვის გადატანა მოუხდათ.

სულ რაღაც ორ წელიწადში ზვიადმა და მერაბმა ფეხზე დააყენეს მთელი საქართველო. ერთადერთი მოწოდება, რომელიც მაშინ უცვლელად ჟღერდა მანიფესტაციებზე, თავისუფალი საქართველო იყო. სწორედ ამ იდეამ, და არა ხელისუფლებაზე პრეტენზიის გამოცხადებამ, გახადა შესაძლებელი თითქმის წარმოუდგენელი მიზნის მიღწევა – არსებული რეალობის ძირფესვიანი შეცვლა და ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება. ნიშანდობლივია, რომ ამ იდეის ხორცშესხმის გზაზე ორივენი დაეცნენ და დაილეწნენ. ასეთი მსხვერპლის გარეშე არც ერთ დიდ საქმეს აღსრულება არ უწერია. ცამდე მართალი აღმოჩნდა ზვიად გამსახურდია, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ წლებში წინასწარმეტყველურად შენიშნავდა: «როცა დიდ საქმეს შეეწირება მსხვერპლად მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას».

«მიშა, მოვედით!» – კვლავ გულშიჩამწვდომად გაჰყვირიან ჩვენი ლიდერები და არავინ იცის, თუ რატომ, რა მიზნით და როგორი ტვირთით დამძიმებული მოდიან ისინი. აგერ უკვე ორი თვე მიილია და მთელი საქართველო სულგანაბული უსმენს ამ ლიდერთა გაუთავებელ გამოსვლებს. ყველა ტელეარხი ყოველდღიურად მათ სახეებს გვიჩვენებს, გაზეთები მათი პორტრეტებითა და ინტერვიუებით არის აჭრელებული, მაგრამ ისინი მაინც წუწუნებენ, პროტესტს აცხადებენ და ბრაზობენ, – აქაოდა, ჩვენი იდეები ხალხამდე ვერ მიგვაქვსო.

სახელდახელოდ სიმბოლური საკნებიც დაამზადეს, ყელზე თეთრი ქსოვილებიც შემოიხვიეს, მაგრამ ვერ იქნა და დასავლეთს თავი მაინც ვერ მოაწონეს. ბოლოს ადგნენ და ხალხი სტადიონზე შეკრიბეს. ჩვენ, ქართველებს, ხომ თამაშის, «სცენაზე გამოსვლის» მიდრეკილება ოდითგან გვახასიათებს. ჰოდა, ახლა მაინც კარგად შემოგვხედეთ და სათითაოდ დაგვთვალეთო, – უთხრეს დანარჩენ მსოფლიოს.

მაგრამ არც ამ ხერხმა გაჭრა. «უცნობი» – გიორგი გაჩეჩილაძე ხელში აიყვანეს და აღფრთოვანებული ხალხის წინაშე სამამულო ომში გამარჯვებულ ტრიუმფატორივით ჩამოატარეს. ასე ვიცით ჩვენ: ზოგჯერ ერის ჭეშმარიტ მოჭირნახულეს შუბლში ტყვიას ვესვრით და არც რეალურ საკნებში წლობით გამოკეტილ ადამიანებს დავინდობთ ხოლმე… მაგრამ საკმარისია, სიმბოლურ საკანში სიმბოლურად მოთავსებულ სიმბოლურ გმირს წამოსცდეს – «ოღონდ ქვეყანამ, ერმა ჩემმა არ მიღალატოსო» და, – ერთგულების ნიშნად უმალ კვარცხლბეკზე შემოვასკუპებთ… ის კი გვავიწყდება, რომ ქვეყნის ამჟამინდელი უბედურება – მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ სიმბოლური მომღერლის სრულიად რეალური თავგამოდებით მოექცა ხელისუფლების სათავეში. ასე რომ, არც ქ-ნ სალომეს გაემტყუნება, ზურაბიშვილს, ამას წინათ ფრიად ნირწამხდარმა რომ საქვეყნოდ დაიჩივლა: «ჩვენ ვდგავართ და რაღაცას ვთამაშობთო». დიახ, ეს ყველაფერი მართლაც ცუდად დადგმულ სპექტაკლს წააგავს. ლიდერები «რაღაცას თამაშობენ», მაგრამ მათ დღემდე ვერ გაუგიათ, რომ სამშობლო და მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი სათამაშო თემა ნამდვილად არ არის.

რაკი სიტყვა თამაშზე ჩამოვარდა, «ჰამლეტის» ერთი ეპიზოდი უნდა გავიხსენო. დანიის პრინცსაც ხომ ძალიან უყვარდა თამაშის ხელოვნება, მაგრამ მის მიერ დადგმულ სპექტაკლს ის შედეგი მოჰყვა, რომ ჭეშმარიტების ძიებით შეპყრობილი ნამდვილი გმირი თავადვე დაიღუპა და მთელი სამეფო კარიც თან გაიყოლა. ასე გასწირა თავი ჰამლეტმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ «დანია საპყრობილეა» და ამ საპყრობილედან ქვეყნის გათავისუფლება მხოლოდ თავგანწირვის ფასად იყო შესაძლებელი.

მიშა და უცნობიჩვენს სიმბოლურ გმირებს კი, ღვთის წყალობით, მსგავსი საფრთხე ნამდვილად არ ემუქრებათ. ისინი მხოლოდ სააკაშვილის «გადაყენების» უზენაესი იდეით არიან შეპყრობილნი და დღენიადაგ მის მიერ ჩადენილ უამრავ ბოროტებაზე მოთქვამენ. შიგადაშიგ კი მასთან მოლაპარაკებებსაც მართავენ და ახალახალ სანახაობებს გვთავაზობენ.

მათ არ სიამოვნებთ იმის გახსენება, რომ ყველაზე სერიოზული შეცდომა ჯერ კიდევ შარშან, 2008 წლის იანვარში თავად დაუშვეს, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილს საშუალება მისცეს, ოფიციალურად, მთელი მსოფლიოს თვალწინ დაეკანონებინა თავისი ძალაუფლება. არადა, ინაუგურაციის ჩაშლა და თვითმარქვია პრეზიდენტის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება უმტკივნეულოდ შეიძლებოდა. საზოგადოებამ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ, თურმე, ყველაფერი ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერთან კონფიდენციალური გარიგების შედეგად ყოფილა მიღწეული.

ახლა მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. უზურპატორი უკვე ქვეყნის გადაულახავ საფრთხედ იქცა. გაიხსენეთ მისი საზეიმო დაპირება ინაუგურაციის ცერემონიალზე. მაშინ ხანმოკლე გამოსვლაში მან ორჯერ დაიფიცა, რომ საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, ე.ი. თავის უშუალო მემკვიდრეს, გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს დაუტოვებდა. დღეს ის ამ დანაპირების თაობაზე რატომღაც პარტიზანულ დუმილს ამჯობინებს. მისი ხელქვეითები კი უკვე ისრაელის სახელმწიფოს შექმნის ორიათასწლიან ისტორიაზე მიგვითითებენ და იმით გვანუგეშებენ, რომ ასეთი პერსპექტივა არც ჩვენთვის იქნება ურიგო… არადა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიხეილ სააკაშვილი 2013 წლამდე მართლაც დარჩება პრეზიდენტად, ამ სურვილს ასრულება ნამდვილად არ უწერია.

კიდევ კარგი, რომ ქართველებს ერთი გულთმისანი წინასწარმეტყველი გვაჩუქა ბუნებამ, რომელიც, კვირა არ გავა, ჩვენი «პრეზიდენტის» მიერ ტაბუდადებულ ამ თემას არ შეეხოს და პოლიტიკური ლაბირინთიდან გზის გაგნებაში ხელი არ შემოგვაშველოს: «არაფერიც არ დავკარგეთ! პირიქით, ვიბრუნებთ!» – ასე ამბობს ქალბატონი ლელა კაკულია.

შენ რაღას გაჩუმებულხარ, მკითხველო?!

21 06, 2009

 

http://geworld.net/politics/139.html

 

 

 

 

 

 

 

One Response to “• ცრუ გმირი”

  1. teona said

    გავჩუმებულვართ, რადგანაც გვაჩუმებენ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s