Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მაია თომაძე

ქართული გვარები

რეზო შატაკიშვილი მაია თომაძის ტრაგიკულ ბედზე

მაია თომაძის პირველი როლი ეთერი იყო „აბესალომ და ეთერში“ და ეთერივით მწარე ბედი არგუნა განგებამ. ეთერის პარტია იმღერა სიკვდილის წინაც და იმ ქვეყნადაც ეთერის კაბით გაეშურა…

მაია თომაძე, ანუ მაკო, როგორც მას შინაურობაში ეძახდნენ, მუსიკალური ტრადიციების ოჯახში დაიბადა. მამა – პეტრე თომაძე საოპერო მომღერალი იყო, დედა – ნათელა სვანიძე კომპოზიტორია.

მომღერალს ადრევე შეტყობია, აბსოლუტური სმენა და უნიკალური ტემბრის ხმა რომ ჰქონდა. იხსენებენ, ჩვილი ტირილს რომ იწყებდა, სახლი ზანზარებდაო. მაიას დედა საგანგებოდ უფრთხილდებოდა შვილის ხმას. მაშინ მოდად იყო ქცეული ვოკალური მონაცემების მქონე ბავშვების სცენაზე გაყვანა, რითაც არაერთი მშვენიერი ხმა დაღუპეს. მაიას დედას არათუ სცენაზე არ გაუყვანია მაია, საერთოდ მალავდა მის ვოკალურ მონაცემებს, მეგობრებთან  წამღერებასაც კი უშლიდა. მაია ჭირვეულობდა, სიმღერა უნდოდა, მაგრამ დედა უშლიდა… სკოლის გუნდის ხელმძღვანელს თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ზუსტად ვერ იღებდა გამებს… სიმღერას უშლიდნენ და ფუნდამენტურ მუსიკალურ განათლებას აძლევდნენ: 5 წლისა ვიოლინოზე მიაბარეს. 8 წლისა უკვე სტრავინსკის ისმენდა. მუსიკალური ტექნიკუმიც ვიოლინოს დიპლომით დაასრულა. კონსერვატორიაში კი უკვე ვოკალურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

მერე იყო „აბესალომ დე ეთერი“. წამყვანი პარტიები „მთვარის მოტაცებაში“, „ევგენი ონეგინში“, „ომსა და მშვიდობაში“, „შუშანიკის წამებაში“, „დონ ჟუანში“ , „და არს მუსიკაში“, „აიდაში“, „დონ კარლოსში“…

 

მაიას პირველი როლი ეთერი იყო „აბესალომ და ეთერში“.

იყო სამწლიანი სტაჟირება დიდ თეატრში.

იყო დიდი წარმატება ბარსელონაში.

1986 წლის ნოემბერი, ბარსელონა, მომღერალთა საერთაშორისო კონკურსი. მონაწილეობს 17 ქვეყნის 148 მომღერალი.

მაია თომაძემ წარმატებით გაიარა სამივე ტური. პირველ ტურში, მაიას ნამღერმა ესპანურ რომანსმა მარტო მაყურებლის კი არა, მუდამ თავშეკავებული ჟიურის მქუხარე ტაშიც დაიმსახურა.

ჟიურიში იყვნენ – მონსერატ კაბალიე, ირინა არხიპოვა, ჯუზეპე დისტეფანო, რენტა კუპერი, მაგდა ალივიერო…

მესამე, ბოლო ტურში კი, ჟიურის თხოვნით, განმეორებითაც შეასრულა ლეონორას არია ვერდის „ბედისწერის ძალიდან“ და… ტრიუმფალური გამარჯვება. გამარჯვებულთა კონცერტს ხსნის ესპანეთის დედოფალი სოფიო. აღფრთოვანებით იხსენიებენ მაია თომაძეს. მაია თომაძე ასრულებს ლეონორას და აიდას არიებს, მერე კი მსმენელის დაჟინებული თხოვნით, ესპანეთის ცის ქვეშ აჟღერდა არაყიშვილის „ქალის ურმული“ და უკვდავი „სულიკო“… და მაია თომაძის აფიშას მიეწერა ბარსელონას ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პირველი პრემიისა და გრან პრის მფლობელი…

ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, ამ სიომ ოპერის თეატრშიც შეაღწია.

თეატრის ახალგაზრდობა დიდ მაესტროს – ჯანსუღ კახიძეს დაუპირისპირდა, ისეთ დირიჟორს ითხოვდნენ, რომელსაც მათთვის ეცლებოდა. დაიწყო კახიძე-ხომერიკის ცნობილი კონფლიქტი. მაია თომაძემ სოლიდარობა გამოუცხადა პარტნიორს და გამოაცხადა, თუ ხომერიკს თეატრიდან გაუშვებდნენ, თავადაც წავიდოდა, და წავიდა კიდეც. მავანმა კი ამაზრზენი ხმა გაუვრცელა – ვითომ თომაძემ ხმა დაკარგა და ამიტომ წავიდა თეატრიდან…

თეატრიდან წასულმა საოპერო მომღერალმა პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში გადაინაცვლა, ეროვნულ მოძრაობაში ჩაება. იყო უზენაესი საბჭოს წევრი „მრგვალი მაგიდიდან“. მაჟორიტარი დეპუტატი – 31-ე ქარხნიდან. მერე ხმაც გაუვრცელეს, 31-ე ქარხანამ მაია თომაძეს წყნეთში სასახლე აუშენაო, თბილისიდან ასულ კომისიას, წინაპრების დანატოვარი, ღარიბული, ხისკიბიანი აგარაკი შერჩა ხელში. ისიც ოჯახის. ამ აგარაკს თავის დროზე საცოდავი ღობე ერტყა თურმე. ახალი ღობე მაია თომაძეს ბარსელონის პრემიით შემოუვლია. ოჯახმა ეს აგარაკი მაკოს გარდაცვალების შემდეგ გაყიდა, საფლავის გასაკეთებლად. ახალმა პატრონმა კი ბარსელონის პრემიით ნაყიდი ღობე სადღაც შორს მოისროლა…

მაია თომაძე იყო ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი. თუმც კი, იყო ინციდენტი, რომლის შემდეგაც იგი კვლავ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლად დარჩა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, მაგრამ ურთიერთობა დაეძაბა მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან.

ეს ინციდენტი კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩენს მაია თომაძეს.

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე, მანანა არჩვაძემ მაია თომაძეს სთხოვა, გვიმღერეო. საოპერო მომღერალმა მოკლედ მოუჭრა: მე ჩანგლის წკარუნზე არ ვმღერიო!

ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, მაია თომაძე დროებით საცხოვრებლად ფინეთში გადავიდა. ეს მისი მხრიდან იძულებით გადადგმული ნაბიჯი იყო, თორემ მას შეთავაზება საზღვარგარეთ ცხოვრებაზე ჯერ კიდევ ბარსელონას ფესტივალის დროს ჰქონდა, მაგრამ არ წავიდა. ფინეთის მუსიკალურმა საზოგადოებამ თბილად მიიღო, პატრონობდნენ, სიმღერის საშუალებას აძლევდნენ. და როცა უკურნებელი სენი აღმოაჩნდა, საკუთარი ხარჯებით გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია იქვე, ფინეთში და სიცოცხლის ხუთწლიანი გარანტიაც მისცეს.

იმ ზაფხულს გახარებული დაბრუნდა საქართველოში, ხუთ წელიწადს ვიცოცხლებო. აქ კი დახვდა ეკონომიკური ქაოსი, პურის რიგები, უშუქობა…

სწორედ იმ ზაფხულს შეეხმიანა ერთ-ერთი მასზე ბევრად უფროსი კოლეგა, დედად რომ ერგებოდა, იმ ასაკის, შეცვლილი ხმით: „კიდევ ცოცხალი ხარ? რით ვერ მოკვდი“. მომღერალი ატირდა, იცნო, ვისი ხმაც იყო, მერე იმ „ღირსეულმა“ ქალბატონმა თავის მართლება დაიწყო, მე როგორ ვიკადრებდიო. არადა, მომღერლის უტყუარ სმენას არ გამოჰპარვია, ვისი ხმა იყო…

შემდეგ კვლავ ფინეთში წავიდა, წავიდა კიდევ ერთხელ გულმოკლული.

მაგრამ ისევ აქეთ გამოუწია გულმა. ბათუმის საოპერო თეატრში „ლელა“ იდგმებოდა, მას ლელა უნდა ემღერა და იმდენად უნდოდა ქართულ მიწაზე ქართულად სიმღერა, რომ წინა დღეს ქიმიამიღებული წამოვიდა ფინეთიდან. პეტერბურგის აეროპორტში თავსხმა წვიმაში თავისი ლაბადა უცხო ბავშვს მოახურა და გაცივდა, ბათუმში უკვე სიცხიანი ჩავიდა.

დეკორაციები იგვიანებდა და „ლელა“ ვერ შედგა. სხვათა შორის, როცა რეზო ლაღიძის ოპერა „ლელა“ თბილისში დაიდგა, მაია თომაძეს არ ამღერეს პრემიერაზე. და ეს მაშინ, როცა თავად რევაზ ლაღიძე აღფრთოვანებული იყო მაია თომაძის შესრულებით და თვალცრემლიანმა უთხრა კიდეც: თითქოს შენთვის დამიწერია ეს არიაო.

ბათუმშიც ვერ იმღერა, რადგან სპექტაკლი აგვიანებდა, ვერ შედგა „ლელა“, მაგრამ დაინიშნა „აბესალომ და ეთერის“ მორიგი სპექტაკლი, იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, ქართულ მიწაზე ქართულად ემღერა, რომ დასთანხმდა, ხომერიკთან ერთად გამოსულიყო სცენაზე, რომელზეც იმჟამად განაწყენებული იყო. სცენაზე 39 გრადუსი სიცხით გავიდა.

ეს იყო მაია თომაძის ბოლო გამოსვლა სცენაზე, მისი ეთერი გაცილებით ტრაგიკული და ამაღლებული ყოფილა, ვიდრე ოდესმე. დარბაზი ტიროდა ეთერის ბედზე. დარბაზი ცრემლს აფრქვევდა, ტიროდა მაიას. თბილისის მაღალ ეშელონებში კი ბოღმას აფრქვევდნენ, რატომ მღეროდა ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი მაია თომაძე ბათუმის სცენაზე. ასეთი დროც იყო.

მაია თომაძემ ეთერით დაიწყო და ეთერით დაასრულა.

ექიმებმა ფილტვებში გასული მეტასტაზები შენიშნეს, ეგონათ, არ იცოდა, რა სჭირდა… სიკვდილის ბოლო დღეებშიც საფრანგეთის კონკურსისთვის ემზადებოდა, დედა და ახლობლები რომ დაემშვიდებინა, რომ ვითომ არაფერი ოცოდა თავსდატეხილ უბედურებაზე, არადა იცოდა ფინელი მედიკოსებისგან. იხსენებენ, რომ სიკვდილის ბოლო წუთებშიც კი თავის ხმაზე იყო. ვისაც სენისგან გატეხილი არ ენახა და მარტო ტელეფონზე ესაუბრებოდა, ვერ იჯერებდა მის ავადმყოფობას.

არ ეპუებოდა სენს. ებრძოდა, მხოლოდ ბოლო ორი კვირა ვერ შეძლო ფეხზე წამოდგომა. და აი, სწორედ მაშინ, სიცოცხლის ბოლო წუთებში უგანეს ყოფილმა თანამებრძოლებმა, ჰპირდებოდნენ სამკურნალო თანხას, ამაოდ ალოდინებდნენ, ატყუებდნენ. ქართველებისგან გაწბილებული მომღერალი ფინელებისთვის უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაურეკეს და ფინეთში ჩასვლა შესთავაზეს, მთელ სამკურნალო ხარჯებს კისრულობდნენ. მაგრამ წასვლა ვეღარ მოასწრო, გარდაიცვალა. იმის გამო, რაკიღა მაია თომაძე „ზვიადისტი“ იყო, მისი გარდაცვალება აქაურმა ტელევიზიამ ერთი ფარღალალა განცხადებით ამოწურა, ამ დროს ფინელმა მუსიკოსებმა გაიგეს რა მაია თომაძის გარდაცვალება, მიმდინარე კონცერტი შეწყვიტეს მომღერლის პატივსაცემად.

დაკრძალვის წინა დღეს ბათუმიდან ჩამოფრინდნენ და ეთერის უძვირფასესი ხავერდის კაბა ჩამოუტანეს, შემოსეს ქართული საოპერო სცენის ეთერი ამ კაბით და იწვა კუბოში მაია თომაძე ეთერის კაბით – ეთერივით მრავალჯერ გულნატკენი, მრავალჯერ აღიარებული, მრავალჯერ გახარებული… მეზობლის კართან გვირგვინი იპოვეს – „მაია თომაძეს ოპერის კოლექტივისგან“…

“Prime Time”

05 November 2010

***

m-tomadze

უზენაესი საბჭოს დეპუტატი მაია თომაძე მთავრობის სასახლის ეზოში

***

m-tomadze2

m-tomadze3

***

m-tomadze4

***

***

Advertisements

10 Responses to “• მაია თომაძე”

  1. george said

    მიუხედავად იმისა, რომ მაია სცენაზე არ მახსოვს (პატარაობის გამო) მისი უდიდესი თაყვანისმცემელი ვარ. რაც აქ ითქვა ყველაფერს ვეთანხმები, უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს. ის ქალბატონი, ვინც მაიას სიკვდილი უსურვა ვინ იყო? რაც შეეხება ხომერიკს, მაგან იმდენად გაიფუჭა ხმა, რომ ნამდვილად იყო გაგდების ღირსი (ამდენ ხანს როგორ გააჩერეს თეატრში ეს არის საკვირველი).

    Like

  2. თბილისი said

    მაიას ბრწყინვალე, დიდი დიაპაზონის ხმა ჰქონდა. ის დაამშვენებდა ნებისმიერ მსოფლიო საოპერო სცენებს.

    Like

  3. მე ასე მახსოვს, ის ვინც დაურეკა მაიას და კითხა” კიდევ ცოცხალი ხარო”, ქალი არ იყო. იგი მისი ბავშვობის მეგობარი იყო, კაცი. არ მინდა დავასახელო, ვაი თუ ვცდები. იმ პერიოდში ყველა ამაზე საუბრობდა. მე ვიცნობდი მაიას.. სიკვდილის წინ 2 კვირით ადრე ვინახულე, ნაწყენი იყო რამოდენიმე ადამიანზე, ვიცაც შეეძლო მისი ფინანსიური დახმარება და არ დაეხმარა.

    Like

  4. Charlotte said

    Wonderful website. A lot of useful info here. I am sending it to a few pals ans additionally sharing in delicious. And obviously, thank you for your effort!

    Like

  5. lia ivanidze said

    მოვძებნე მაია, მოვუსმინე და დავტკბი!..

    Like

  6. თინათინ ბეჟანიშვილი said

    რა ბედნიერება ჩემთვის რომ ამ ადამიანთან ბავშვობის ეპიზოდი მაკავშირებს,იგი ჩვენი ოჯახის მეგობარი და უსაყვარლესი ადამიანი იყო.ადამიანი უდიდესი სიკეთით დაკილდოვებული,ადამიანი რომელიც საკუთარ 16 წლის ერთადერთ ვაჟს საჭესთან აჯენდა და თავისი ჰონორარით ნაყიდი წამლები და საყოფაცხოვრებო ნივთები ჩაჰქონდა სამაჩაბლოს ომის დროს დაჭრილებისთვის და დაზარალებულებისთვის.ადამიანი,რომელიც ვერ დააფასა და ვერ დაინახა საქართველომ.ამდენი წლის განმავლობაში არ შემხვედრია მასზე უფრო კეთილშობილი და სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი.მადლობელი ვარ უფლის რომ ამ ადამიანთან შეხვედრის და მასთან ურთიერთობის ბედნიერება მქონდა.მადლობა ავტორს ამ ვრცელი სტატიისთვის.

    Like

  7. გუშინ აღმოვაჩინე და არ ვიცი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s