Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გურამ შარაძე

Georgian Surnames

გურამ შარაძე

ფილოლოგი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი

 

გურამ შარაძე დაიბადა 1940 წლის 17 ოქტომბერს ოზურგეთის (მახარაძის) რაიონის სოფელ გურიანთაში.

1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ქ. მახარაძის #3 საშუალო სკოლა და იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1963 წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის სპეციალობით.

1966 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, ხოლო 1975 წელს გახდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

1967 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, სადაც გაიარა გზა მეცნიერი თანამშრომლისა და სწავლული მდივნის თანამდებობებიდან ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელობამდე.

1991_92 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ხოლო 1994 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი.

1997 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. ამას გარდა, შარაძე იყო საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის და რამდენიმე სხვა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მწერალთა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის და პარიზის ეროვნული საბჭოს წევრი.

გურამ შარაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: წლების მანძილზე იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების პრეზიდენტი, ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, აგრეთვე, სრულიად საქართველოს ივანე მაჩაბლის სახელობის საზოგადოების თავმჯდომარე.

80-იანი წლების ბოლოს შარაძე აქტიურად ჩაება ანტი-საბჭოთა ეროვნულ მოძრაობაში და მჭიდროდ იყო დაკავშირებული ზვიად გამსახურდიასთან, რომელიც 1991 წელს გახდა საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტი. 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ, შარაძე ოპოზიციაში ჩაუდგა ედუარდ შევარდნაძის მთავრობას. ამავე პერიოდში შარაძე იყო კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების კოლხური კოშკისა და არქივების დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხოლო გროზნოდან 1992 წელს გამოგზავნილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე გახდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი.

1995 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ. ამასთან, პარლამენტში მუშაობის პერიოდში იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის (1918_1921 წ.წ.) სამთავრობო არქივის კომისიის თავმჯდომარე. სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1996_1997 წლებში განხორციელდა პარიზიდან და ჰარვარდიდან ეროვნული არქივის სამშობლოში დაბრუნება. 1999 წელს მეორედ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეებისა და საზღვარგარეთ არსებულ ეროვნულ ფასეულობათა დაბრუნების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ.

1999 წელს გურამ შარაძემ შექმნა ზეპარტიული ეროვნული მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ხოლო 2001 წელს მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოება”.

გურამ შარაძეს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ნიკო ბერძენიშვილისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატის წოდება. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის ორდენით და უნგრეთის რესპუბლიკის ოქროს მედლით “უნგრეთის ინტერესების დაცვისათვის მთელ მსოფლიოში”.

2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე მოკლულ იქნა თბილისის ცენტრში.

 

***

გურამ შარაძეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული წიგნი და გამოკვლევა ქართულ და უცხო ენებზე, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

მნიშვნელოვანი გამოცემებია:

  1. თეიმურაზ ბაგრატიონი, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია სამ ტომად), თბ., 1972-1974 წწ;
  2. არქეოგრაფიული ძიებანი, თბ., 1973;
  3. მიხაი ზიჩი და ქართული კულტურა, თბ., 1978;
  4. პლატონ იოსელიანი _ რუსთველოლოგი, თბ., 1980;
  5. ბელა ვიკარი _ “ვეფხისტყაოსნის” უნგრულად მთარგმნელი, თბ., 1981;
  6. დავით ჩუბინაშვილი _ რუსთველოლოგი, თბ., 1982;
  7. მიკლოშ კიში ტოტფალუში და ქართული სტამბა, თბ., 1982;
  8. მარი ბროსე და ვეფხისტყაოსანი, თბ., 1983;
  9. ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე (უორდროპები და საქართველო), თბ., 1984;
  10. საქართველოს მზე და სიყვარული ალბიონის კუნძულზე, თბ., 1986;
  11. პეტრე დიდიდან ლევ ტოლსტოიმდე, თბ., 1986;
  12. ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და მოღვაწეობა (მონოგრაფია ორ ტომად), თბ., 1987-1990 წწ;
  13. უცხოეთის ცის ქვეშ (ქართული ემიგრაციის ისტორია), სამ ტომად, თბ., 1991-1993 წწ;
  14. მემედ აბაშიძე, თბილისი-ბათუმი, 1995;
  15. ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება, თბ., 1995;
  16. ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება, თბ., 1998;
  17. ეს მეორე საქართველოს დაკარგვა იქნებოდა, თბ., 1998;
  18. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტომი I, თბ., 2001; ტომი II, თბ., 2001; ტომი III, თბ., 2003; ტომი IV, თბ., 2003; ტომი V, თბ., 2004; ტომი VI, თბ.; 2005; ტომი VII, თბ., 2005; ტომი VIII, თბ., 2005;
  19. ისტორიული რელიკვიების დაბრუნება, თბ., 2001;
  20. ასე იწყებოდა წმ. ექვთიმე ღვთისკაცი – თაყაიშვილი, თბ., 2005;
  21. აკაკი წერეთელი, ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება, ტომი I, თბ., 2006;
  22. აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, თბ., 2006. აკაკის იუბილე, თბ., 2006;
  23. აკაკის სიკვდილი და დასაფლავება, თბ., 2007.
     

მრავალფეროვანია გურამ შარაძის მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობის სფერო:

ძველი ქართული მწერლობა და რუსთველოლოგია, ახალი ქართული მწერლობა, ქართული ემიგრანტული მწერლობა, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკა, კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობანი (ქართულ-უნგრული, ქართულ-ინგლისური, ქართულ-ფრანგული, ქართულ-რუსული), ბიბლიოგრაფია, რედაქტორულ-საგამომცემლო, პედაგოგიური (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სალექციო კურსი, ასპირანტების ხელმძღვანელობა – მისი ხელმძღავნელობით და მეცნიერული კონსულტანტობით მომზადდა 10-მდე სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაცია), იყო მრავალი სამეცნიერო საბჭოს წევრი.

 

http://guramsharadze.wordpress.com/biografia/

 

 

 

 

 

 



Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s