Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მყინვარწვერის ყინულებში დამარხული მონასტერი

1024px-K010a[1]

სენსაცია – ათი საუკუნის წინ ისეთი გლობალური დათბობა ყოფილა, რომ მყინვარწვერზე თოვლი არ იდო

მწვერვალზე ისე თბილოდა, რომ ბერებს სკები ჰქონიათ 

 

2011, 29 აგვისტო

80-იანი წლების მიწურულს მყინვარწვერზე, თითქმის 4000 მ სიმაღლეზე ალპინისტმა შოთა მირიანაშვილმა გაყინულ თოვლში ამოწვერილი ქვები დაინახა, იქვე ახლოს კარავი დასცა და მთელი ღამე არ ეძინა, – რა უნდა ყოფილიყო ის, რაც ნახა და აქამდე არც ერთ ალპინისტს არ ენახა… რამდენიმე დღის შემდეგ ეს ამბავი მეგობარს, ფიზიკოს პარმენ მარგველაშვილს უამბო. ისიც ისე აფორიაქდა, ექსპედიცია შეკრიბა და თვითონაც თან გაჰყვა. ასე გაკეთდა საქართველოს ისტორიაში სენსაციური  აღმოჩენა, – მყინვარწვერის ყინულებში დამარხულმა მონასტერმა X-XI საუკუნის შემდეგ პირველად იხილა მზის სხივები. თუმცაღა ამ დროისათვის საქართველოში დატრიალებულმა მოვლენებმა სენსაციურობა ისე მისცა დავიწყებას, როგორც ყველაფერი სხვა. მაგრამ ეს ამბავი არ დავიწყებიათ მეცნიერებს. მათი მეშვეობით ამ აღმოჩენამ კიდევ უფრო დიდი სენსაცია დაადასტურა, რაც ალბათ ექსკლუზივიც არის (ყოველ შემთხვევაში, დღემდე ამ თემაზე არავის ულაპარაკია) და ცოტა ხნის წინ დადასტურდა კიდეც შვეიცარიაში გამართულ 2116-კაციან სამეცნიერო კონგრესზე.

მყინვარწვერის ტაძრის შესახებ მოხსენება ელისო ყვავაძემ გააკეთა. ქალბატონი ელისო კავკასიაში ერთადერთი მეცნიერია, ვინც ნამარხების მტვერს უახლესი კრიმინალისტიკური მეთოდებით იკვლევს. თუმცა ვიდრე კონგრესზე ვისაუბრებდეთ, მანამდე “კვირის პალიტრასთან” (2010 წ. #15) ბატონი პარმენ მარგველაშვილის ინტერვიუ უნდა გავიხსენოთ:

“მივაბიჯებდით ყინულებში და დროდადრო გონებაში გამიელვებდა ილიასგანდეგილი” – “სად წვიმა, თოვლი ყინულად ქმნილი, მზისგან აროდეს არა დნებიან… უწინდელ დროში ღვთისა მმოსავთა, გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი და იმ ყინულში შეთხრილ ღმრთის ტაძარს ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი”… აი, ამ ბეთლემის გამოქვაბულიდან, სადაც ვახუშტი ბატონიშვილის დროსაც იყო მონასტერში ასასვლელი ჯაჭვი, 250 მეტრში, უნდა გაგვეთხარა ყინულით დაფარული ფერდობი, სადაც ქვები აქა-იქ ამოწვერილიყო. ახლოს რომ მივედით, დავინახეთ ქვებს შორის ყინულიდან გუმბათივით ამომართული მთის სვეტი, რომელზეც ჯერ კიდევ შემორჩენილიყო ჯვრის სადგამი. თავად გაპობილი ქვის ჯვარი კი – ერთ მხარეს წითელი, მეორე მხარეს – თეთრი, მერეღა ვიპოვეთ ნანგრევებში. ამას გათხრებს ვერ უწოდებ, ეს იყო ყინულის, ძალიან მძიმე არქეოლოგია. მზე მხოლოდ დღის 12 საათამდე გვეხმარებოდა, ყინულს ალხობდა, მერე წერაქვებით თავად უნდა გვემტვრია ყინული. გაიშვიათებულ ჰაერში სუნთქვა ძალიან ჭირდა.

ექსპედიციის ხელმძღვანელი, ჩემი მეგობარი ბაადურ მჭედლიშვილი, თურმე დღიურებს წერდა ამ დღეებზე. რომ გარდაიცვალა, მერე წავიკითხეთ: “აქ მზე მხოლოდ 11-12 საათამდე აცხუნებს მწვერვალს, შემდეგ კი, როგორც მწყემსის ნაგაზები, კლდეებიდან ამოდიან ნისლის ენები… აქრობენ მზეს და ქარის ზუზუნში აყრიან ხან სეტყვას, ხან სუსხიან თოვლს”. ჩვენ კი ვალაგებდით ყინულიდან ამოღებულ ქვებს და ჩავდიოდით კიდევ უფრო ქვედა ფენებამდე, რომელიც ისე იყო ჩაყინული, ძალაყინიც პირს ძლივს იკიდებდა… მერე ვბრუნდებოდით მეტეოსადგურში და დილით ისევ ვიწყებდით მუშაობას… და, აი, ერთ დღეს, ტაძრის ნიშაში ქოთანი დაგვხვდა. ავიღეთ, გავწმინდეთ და როცა ყინული მზემ მთლიანად გაადნო, ირგვლივ საკმევლის სურნელი ავარდა… მერე გამოჩნდა ხის იატაკიც… შეძრულები დავცქეროდით, – საღი არც ერთი მორი აღარ იყო, ყველა ცეცხლს დაებუგა, ზედ ისრის წვერები ეყარა… ასე მაშინ ხდება, როცა ვინმე მოდის, გადაწვავს ყველაფერს, ოხრად დატოვებს და წავა. ამას მტერი აკეთებს… სადღაც კუთხეში დარჩენილიყო თავთუხისფერი ჭილოფი – უმაღლესი ხელოვნებით ნაქსოვი და ზედ – წივანას მწვანე ღერო, თითქოს ახლახან მოუწყვეტიათო… ყინულს ეს ყველაფერი საუკუნეები ცოცხლად შეენახა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, კონსერვაციის საშუალება არ გვქონდა და ამ საოცრების შენარჩუნება ვერ შევძელით. თუმცა მაინც დიდი სიმდიდრე შეგვრჩა ხელთ – ნახანძრალ იატაკზე ეყარა სანთლის ნამწვავები და ხმლით ჩაჭრილი ხის ჯვარი… მას შემდეგ ფიქრი კი არ მასვენებს, – რა უნდოდა იქ ტაძარს, როგორ ძლებდნენ იქ ბერები, სადაც ისეთი ყინულიანი კლიმატია, სულდგმული ვეღარ ძლებს”.

…გავიდა ათეული წლები და ამ საიდუმლოს გასაღები ასე აღმოჩნდა:  
ელისო ყვავაძე: – ვიდრე თანამედრვე მიკრობოტანიკური მეთოდები არ დაინერგა,  მყინვარწვერზე ნაპოვნი სანთლებისა და ჯვრის შესწავლა ვერ მოხერხდა. ამ მეთოდებით ნამარხი მცენარეების  მტვრის სტრუქტურის შესწავლა ხდება. მტვერი კი მილიონობით წელი ინახება. ამ გამოკვლევებმა ფანტასტიკური შედეგები მოგვცა, – უმნიშვნელოვანესი მეცნიერული არგუმენტები აქცია რეალობად. მათ დაადასტურეს, რომ დაახლოებით ათი საუკუნის წინ ისეთი გლობალური დათბობა ყოფილა, რომ მყინვარწვერზე თოვლი არ იდო და ტაძარი ააშენეს.

ცალ-ცალკე შევისწავლე, როგორც მყინვარწვერზე აღმოჩენილი ღვიის მერქნის ჯვრის ნაწილი, ასევე იატაკზე მიმოფანტული სანთლები. სანთლის ცვილი ჯვარზეც არის, მაგრამ ჯვარზე დარჩენილი და იატაკზე მიმოფანტული სანთლების მტვერი სულ სხვადასხვა შემადგენლობისაა. ჯვარზე შერჩენილი სანთელი ბარიდან ამოტანილია, იატაკზე მიმოფანტული კი ადგილობრივი, რომლებსაც წივანას ღეროები ჰქონდათ. როგორც ჩანს, მყინვარწვერზე ისე თბილოდა, რომ ბერებს სკები ჰქონიათ და სანთელსაც იქვე ამზადებდნენ. ალბათ როცა პატრუქი გაუთავდებოდათ, მაშინ კრეფდნენ წივანას და სანთელს ქნიდნენ.

იატაკზე მიმოფანტულ სანთლებში მხოლოდ ადგილობრივი, მთის ალპური ყვავილების მტვერია. ყინვა რომ ყოფილიყო, ფუტკარს ალპებში რა უნდოდა, მაგრამ თბილოდა და ისიც იქვე დაფრინავდა ყვავილებზე. ჯვრის ცვილი კი ბარიდან ამოტანილი სანთლისაა – შიგ ნატურალური ტანსაცმლის ბოჭკო და ხორბლისა და ბარის მცენარეების, მათ შორის, სარეველების მტვერია. ეს იმასაც ადასტურებს, რომ მაშინდელ საქართველოში ხორბალიც მოჰყავდათ. რაც შეეხება ტანსაცმლის მტვერს, – საუკუნეების განმავლობაში ასეთი მტვერი მხოლოდ მჭიდროდ დასახლებულ ადგილებზე რჩება, 2-3 კაცი ტანსაცმლის ბოჭკოებს ვერ დატოვებდა.

ყინულებში შენახულმა სტეფანწმინდის ტაძარმა მეცნიერთა კვლევებში უმნიშვნელოვანესი როლი იმ მხრივ ითამაშა, რომ ევრაზიის კონტინენტზე “შუა საუკუნეების გლობალურ-ანომალიური დათბობის” არსებობა დაადასტურა და მსოფლიო მეცნიერებას უდიდესი ღვაწლიც დასდო. იქ, სადაც დღესაც  ყინული დევს, იმ საუკუნეებში ყინული არ იყო. პიკი კი ამ გლობალური დათბობისა, მეათე საუკუნეზე მოდის. ამიტომაც ჩვენმა მოხსენებამ, რომლის ავტორები ჩემთან ერთად იყვნენ არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი და ფიზიკოსი პარმენ მარგველაშვილი, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

– გამოდის, რომ გლობალური დათბობის ტყუილად გვეშინია.
– რაღა თქმა უნდა! სწორედ იმხანად  აღზევდა საქართველო. მთაშიც კი განვითარდა მიწათმოქმედება. აცივება მხოლოდ XII საუკუნეში დაიწყო. დათბობა-აცივება დედამიწის ისტორიაში სულ ხდება და მისი მიზეზი გლობალური კოსმოსური მოვლენებია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დიდ კატასტროფას უნდა ველოდოთ. რაც საშიშია ერთისთვის, სასარგებლოა მეორისთვის… საქმე ისაა, რამდენად ჭკვიანურად მოიქცევა ადამიანი და როგორ გამოიყენებს შექმნილ ვითარებას.

ავტორი: ეთერ ერაძე

https://www.kvirispalitra.ge/history/9187-athi-saukunis-tsin-isethi-globaluri-dathboba-yofila-rom-myinvartsverze-thovli-ar-ido.html