Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გაუკუღმართებული სიმართლის დრო

 

 

ნინო მიქიაშვილი

გაუკუღმართებული “სიმართლის დრო”

 

 

ქართული საზოგადოებისთვის არატრადიციული ორიენტაციების სხვადასხვა ფორმით თავზე მოხვევა, ცენტრალურმა ტელეარხებმა ლამისაა წესად აქციონ. ეს ხდება, როგორც ეგრეთ წოდებულ იუმორისტულ შოუებში, ისე ჩვეულებრივ გადაცემებში. ეს ორი წინადადება შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ, როგორც ამ სტატიის ავტორი, ისე, მისი გარკვეული რესპონდენტები, შერაცხონ ბნელებად, დროში ჩარჩენილებად და ეგრეთ წოდებულ ქსენოფობებად, იმათ, ვინც არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს ფარად ეფარება, მაშინ, როცა მათზე თავდასხმას არავინ აპირებს; ალბათ მათი აქტიურობის უმთავრესი მიზანი ისაა, რომ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების დაცვის შემდეგ, უცხოური გრანტების აღება გაცილებით იოლად შეიძლება.

ეს არის ამ სტატიის ავტორის მოსაზრება, რომელსაც ბუნებრივია, არსებობის უფლება აქვს, ისევე როგორც ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში წარმოდგენილ მოსაზრებებს, რომელიც ამჯერად ეხება ერთ კონკრეტულ გადაცემას – “სიმართლის დროს“, რომელშიც გასულ სამშაბათს სტუმრად ჰყავდათ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანი – “კაბაში გამოწყობილი მამრი“. ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, სტუმარი ჰყვებოდა თავისი ცხოვრების წესზე, თავს გადამხდარ ინტიმურ ისტორიებზე.., რაზეც სტუდიაში მყოფი ადამიანები დროდადრო ტაშს უკრავდნენ.

 

ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში, გარკვეულ რესპონდენტთა (ია ფარულავა, გიო ხუციშვილი, ინგა გრიგოლია, ზაზა მამალაძე, ნანა აბაშიძე, პაატა ზაქარეიშვილი, თეა გოგოტიშვილი,) ბრალდებებს “სიმართლის დროს“ მთავარი პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე პასუხობს.

 

როგორც მსახიობმა ია ფარულავამ გვითხრა, გასულ სამშაბათს, გადაცემა “სიმართლის დროს“ ყურებისას “კინაღამ გაგიჟდა“.

 ია ფარულავა: “რაც შეეხება თვითონ ვიზუალს, ანუ იმას, რომ ვიღაც ბიჭები სხედან და გვანან ქალებს, პრობლემა არ მაქვს; არა ვარ განსაკუთრებული ჰომოფობიკი; პირიქით, ძალიან ბევრი გეი–მეგობარი მყავს; 7–8 წელი ამერიკაში ვცხოვრობდი, ასეთი ადამიანები გასართობ პროგრამებში ჩვეულებრივად გამოდიან და კომენტარს აკეთებენ ვიღაცის მაკიაჟზე, ან ვიღაცის საქციელზე; ამ კონკრეტული გადაცემის ყურებისას პრობლემა იმასთან დაკავშირებით მქონდა, რაზეც საუბრობდნენ. ანუ მისმა ვიზუალმა არ გამაღიზიანა, მაგრამ კონტექსტზე, შინაარსზე კინაღამ გავგიჟდი.

 იმის დეტალებში მოყოლა და მოსმენა, როგორ წაიყვანა ტაქსისტმა ხუდადოვის ტყეში და იქ რაღაცეები გაუკეთა, არის მარაზმი; ეს არავის საქმე არაა, ასეთი ინფორმაციები მათგან არ უნდა გამოდიოდეს. მათ შეიძლება ისაუბრონ იმაზე, თუ რატომ არიან ასეთები, რატომ გადაწყვიტეს ასე, მაგრამ მათი სექსუალური ცხოვრების ჩვენთვის თავზე მოხვევა, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ამას მოზარდები უყურებენ, დაუშვებელია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი მოზარდი 20 წლის წინანდელისგან ძალიან განსხვავდება; ახლა მათ გაცილებით მეტ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით“.

 

მომღერალი გიო ხუციშვილი ამბობს, რომ გასულ სამშაბათს “სიმართლის დრო“ არ უნახავს, მაგრამ ამის შესახებ გადმოცემით იცის და აცხადებს, რომ მსგავსი თემის ტელევიზიით აფიშრება “მიუღებელი და ამაზრზენია“.

 გიო ხუციშვილი: “თვითონ გადაცემის ფორმატი მომწონს, მაგრამ თემა და სტუმრის არჩევაა დასაფიქრებელი. ყველამ იცის ტელევიზიას რამხელა ძალა აქვს და რამდენი რამ შეუძლია; ახალგაზრდები, მოზარდები უყურებენ, რომელთა ფსიქიკაზე, მსოფლმხედველობაზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს, არასწრორად შერჩეულმა თემამ, გნებავთ სტუმარმა“.

 

ყოფილი ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, რომელიც ახლა თბილისის საკრებულოს წევრია, აცხადებს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების აფიშირება ხელოვნურად ხდება, რაც მას ძალიან აღიზიანებს.

 ინგა გრიგოლია: “ეს უკვე იმდენად ზედმეტია, ხანდახან მგონია, რომ ყველაფერი ხელოვნურად კეთდება. საკმაოდ ბევრი საინტერესო და სკანდალური თემა არსებობს და აუცილებელი არ არის ყოველი გადაცემა გადაკეთებულ კაცებსა და ქალებს მიუძღვნან. ისიც მესმის, რომ ესაა კომერცია, ბიზნესი, როცა მეტისმეტად სკანდალური გადაცემის დროს სარეკლამო შემოსავლები იზრდება, მაგრამ პრობლემა რაშია იცით?! ზემოხსენებულის აფიშირება არა მარტო ერთ კონკრეტულ გადაცემაში, ან ტელევიზიაში ხდება; ამ საქმით სხვებიც, მაგალითად ჟურნალებიც არიან დაკავებულნი. არ ვიცი საქართველოში ყველა ერთად რატომ გაგიჟდა და გადაწყვიტა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის აფიშირება მოახდინოს“.

 

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ამავდროულად “რესპუბლიკური პარტიის“ წევრია, უცხოეთში ხშირად დადის. დავინტერესდით როგორია ჩვენთვის მისაბაძი დასავლური ტელეარხების პრაქტიკა, არატრადიციულ ორიენტაციებზე გადაცემების მომზადების კუთხით.

 პაატა ზაქარეიშვილი: “იქაურ ეთერში ძირითადად ანტიდისკრიმინაციული, აღმზრდელობითი დანიშნულების გადაცემები გადის, რომ ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანი წარმოადგენს საზოგადოების სრულფასოვან წევრს. ვერ ვიხსენებ გადაცემებს, რომელშიც თავიანთი ინტიმური ისტორიების შესახებ ჰყვებიან. ის გადაცემა, რომელზეც თქვენ მკითხეთ, არასდროს მიყურებია, რადგან არ მაინტერესებს. არ შეიძლება იმის თქმა, არ მომწონს და არ აჩვენოთო. თუ არ მოგწონს, აიღე პულტი და გადართე სხვა არხზე. თუ მსგავს გადაცემას წავაწყდები, იმ წუთში სხვა არხზე ვრთავ, მაგრამ თუ ვინმე უყურებს, ესე იგი მას აინტერესებს. ერთადერთი პრობლემაა არასრულწლოვნები, რომლებმაც შეიძლება კი არ გადართონ, პირიქით, ტელევიზორს მიეჯაჭვონ; შეიძლება გადაცემამ, რომლის საყურებლადაც თავიანთი ფიზიოლოგიური ფსიქიკიდან გამომდინარე მზად არ არიან, ისინი გაიტაცოს და ამან მათი ფსიქიკა გააუკუღმართოს. აი, ესაა პრობლემა, თორემ, თუ ვიღაც ზრდასრულ ადამიანს აინტერესებს, დღე და ღამე უსმინოს ასეთ გადაცემებს, რომელიც უცხოეთში საკაბელო არხებზე გადის“.

 ამასთან, როგორც პაატა ზაქარეიშვილმა გვითხრა, “სიმართლის დრო“ ამერიკული პროექტია – “ამათი მოგონილი კი არ არის?! პრესის მეშვეობით შევიტყვე, რომ 2 თუ 3 წლის წინ, ამერიკაში ეს პროექტი გაუქმდა, რადგან გადაცემამ სკანდალური სახე მიიღო და ავტორებმა მისი გაგრძელება ვეღარ შეძლეს“.

 

ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი “სიმართლს დროს“ და სხვადასხვა თოქ–შოუებს არ უყურებს, რადგან თვლის, რომ “ესაა ძალიან მდარე ხარისხისა და მხატვრული ღირებულებების გადაცემები“. იგი ამა თუ იმ თემის აკრძალვის, მიჩქმალვის და ტაბუიერების მომხრე არ არის; ამბობს, რომ ბავშვის, მოზარდის ვაკუუმში მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ ფსიქოლოგის აზრით, გადამწყვეტი ერთი მომენტია – რა კონტექსტში იქნება განხილული ესა თუ ის მოვლენა, მათ შორის არატრადიციული ორიენტაცია.

 თეა გოგოტიშვილი: “თუ მოზარდი პოზიტიურ (თავის მოსაწონ, საკეკლუცო) პლანში განხილულ გაუკუღმართებას უყურებს, მაშინ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მას ამ მოვლენის მიმართ დადებითი დამოკიდებულება გაუჩნდეს. მრავალ ქვეყანაში ვყოფილვარ და სატელევიზიო გადაცემებისთვის გამიდევნებია თვალ–ყური, მაგრამ იმდენად არა, რომ ხელაღებით ვთქვა, თუ რამდენად განიხილება ასეთი შინაარსები ცივილიზებულ ქვეყნებში. ერთი, რაც შემიძლია ზუსტად ვთქვა, ისაა, რომ იმ ფილმებში, სადაც ეროტიკული ვიზუალური შინაარსის მქონე ეპიზოდების დემონსტრირება ხდება, ჩვეულებრივ სატელევიზიო არხებზე, გარდა საკაბელოსი, არ გადის. ანუ ასეთი ღია ეროტკის მიმართ, ცივილიზებულმა ქვეყნებმა ძალიან მკაფიო დამოკიდებულება გამოიმუშავეს, რომ ეს არ უნდა იყოს სახალხო, ეს არ უნდა იყოს ტელევიზიებში, რომლებსაც უყურებენ ბავშვები. ვისაც მსგავსის ყურების სურვილი აქვს, ამისთვის საკაბელო არხების პაკეტს იძენენ და უყურებენ, უნდათ ეროტიკას და უნდათ პორნოგრაფიას. ეს ყველას პირადი თავისუფალი არჩევანის საკითხია“.

 ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი აცხადებს, რომ მან ზუსტად იცის, რომ გარკვეულ ორგანიზაციებს (“წყაროს დსახელებას არ ვაპირებ“) იმის პირდაპირი სურვილი აქვთ, რომ ქართულ მოსახლეობას შეუცვალონ დამოკიდებულებები გარკვეული საკითხების და მათ შორის, არატრადიციული ორიენტაციების მიმართ – “ტოლერანტობის გაზრდის პირდაპირი დავალება და პირდაპირი სურვილი არსებობს. ეს მოტივირებულია იმით, რომ ჩვენ არა ვართ შემწყნარებლები; ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი გრანტებს შოულობს ამ თემაზე, რომ ჩვენთან კიდევაც შეიძლება დაასაბუთონ, რომ იდევნება არატრადიციული ორიენტაცია, რის გამოც შემწყნარებლობის, ანუ ტოლერანტობის ზრდის მოტივით, რა თქმა უნდა, ხდება ის, რაც ხდება“.

 

ტრიო “თბილისის“ სოლისტს, ზაზა მამალაძეს, გადაცემა არ უყურებია; მხოლოდ რეკლამები ნახა და ამბობს, რომ გადაცემაზე ზოგადი წარმოდგენა აქვს.

 ზაზა მამალაძე: “იმაზე მეკითხებით ხომ, ქალ–კაცა რომ იყო?! ასეთი ფორმისა და შინაარსის გადაცემის ეთერში გაშვება ყველანაირ მორალს სცილდება. კი ბატონო, მე არ შევხედავ, სხვა არხზე გადავრთავ, მაგრამ მოზარდები და ახალგაზრდები უყურებენ; ეს გაუკუღმართების პოპულარიზაცია მათ ცნობიერებაში ილექება და უარყოფითად იმოქმედებს. მაგ გადაცემას გინდ ასე დაარქვით, გინდ ისე – ეს არის გაუკუღმართებული ხალხის ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც ამაზრზენია. ასეთ ადამიანებთან ნაკლები პრეტენზია მაქვს, ეგენი ბუნების შეცდომას წარმოადგენენ, მაგრამ დანაშაულს სჩადიან ისინი, ვისაც ასეთი ადამიანები გადაცემაში მოჰყავთ და ვინც მათ კითხვებს უსვამენ. წაიყვანონ და სახლში ელაპარაკონ“.

 

ნანა აბაშიძე პროფესიით ჟურნალისტია; გარკვეული, არც თუ მცირე ხნის განმავლობაში, სხვადასხვა მაღალტირაჟიან გამოცემებში სტატიებს აქვეყნებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოჯახი შექმნა და 3 შვილი შეეძინა, სახლშია, არ მუშაობს.

 ამბობს, რომ დიდხანს სწავლობდა სხვადასხვა ქვეყნებში, ტელევიზიებისა და მედიაგამოცემების შიდაგადანაწესს და მსოფლიოს არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში საღამოს ათ საათზე არ გადის ეთერში ზემოთ არაერთხელ ხსენებული გადაცემის მგსავსი რამ. ნანა აბაშიძე აცხადებს, რომ არ არის ნეონაცისტური ორგანიზაციის წევრი, ცხოვრებაზე აქვს საკმაოდ ლიბერალური შეხედულებები; არავის, საზოგადოების არც ერთ ჯგუფს, არც ცისფერებს, არც ყვითლებს, არც მწვანეებს არ ერჩის და არც არავის ინკვიზიციას ითხოვს; ესმის რომ სირაქლემასავით თავს ვერ ჩაჰყოფ და სამწუხაროდ, ვერ უარყოფ გაუკუღმართებული ორიენტაციის ადამიანების არსებობას.

 ნანა აბაშიძე: “ისიც მესმის, რომ კომერციული და რეიტინგული გადაცემის მომზადების თვალსაზრისით ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ასე შეიძლება პირდაპირ აქტი მოაწყონ ჰომოსექსუალების, ათასი საშინელი რაღაც მოიგონონ და კიდევ უფრო მეტი ხალხი მიიზიდონ; ყველაფრის კადრება ხომ არ შეიძლება, იმიტომ რომ შენ ტვინი არ გყოფნის, რომ უფრო გემოვნებიანი გადაცემა გააკეთო?! მაშინ როცა “სიმართლის დრო“ ეთერში გადიოდა, სტუმრად მოზრდილი ბავშვი გვყავდა, რომელიც ჩემს უფროს შვილთან ერთად ტელევიზორს უყურებდა; ათ საათზე მსგავს მარაზამს არ ველოდი და ამიტომ, რას უყურებდნენ, ყურადღება არ მიმიქცევია, სამზარეულოში ვსაქმიანობდი. ბავშვების აჟიტირებული ხმები, რომ გავიგე, ოთახში შევედი; მათ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდა და ვეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. ახლა ზაფხულია და ათი საათი ის დროა, როცა შედარებით მოზრდილ ბავშვებს არ სძინავთ და ასეთ დროს ყოველ წუთს ვერ გააკონტროლებ ბავშვი რას უყურებს. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში, ასეთ საეთერო დროს, მსგავსი შინაარსის გადაცემას საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა.

 

მითხარით, რა ხდება, “იმედი“ პორნოგრაფიული არხია?! მომიტრიალდებიან და მეტყვიან – “ასეთები არსებობენ და ჩვენ ეს საზოგადოებას ვაჩვენეთ; ჩვენ კი არ მოგვწონს, მაგრამ მაინცო“. მე ვეღარ შემცვლის ტრანსსექსუალის ჩვენება, ღამის 12–ის მერე რაც გინდათ ის გაუშვით, მაგრამ მოვითხოვ, 10 საათზე მსგავს სისაძაგლეს ჩემს ბავშვს ნუ აჩვენებთ! ბავშვების რეაქციის გამო, ამ გადაცემას ინტერნეტში ვუყურე. ის ტრასნსექსუალიც კი ინტიმური დეტალების მოყოლისგან თავს იკავებდა და წამყვანი გოგო, თავის იდუმალი გამოხედვით გამწარებული ეძიებდა და ჩაკითხვის პროცესში იყო, რათა როგორმე გამოეგლიჯა მისი ცხოვრების ინტიმური დეტალები. ბოლო კადრი თუ გახსოვთ, როცა ტრანსვესტიტი კესო უხდის “იმედს“ მადლობას? ამ ბოლო დროს “იმედმა“ საზოგადოების არაერთი გულისწყრომა დაიმსახურა და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან კესოს ერთი მადლობა ღირდა მთელი ამ საზოგადოების გულისწყრომად.

 ქართველებისთვის სექსიზმი საერთოდ არ არსებობდა, ახლა გადაირივნენ და ყველა ერთად პირდაპირ ეთერში ლაპარაკობს სექსზე: ტრადიციულზე, არატრადიციულზე, ამაზრზენზე, იმნაირზე, ამნაირზე და როგორი შთაბეჭდილება მრჩება იცით?! ე.წ. წამყვანები, მსახიობები ფასეულს ვერაფერს ქმნიან, გემოვნებიანი, რეიტინგული გადაცემის გასაკეთებლად გონება არ ჰყოფნით და იძულებულნი არიან გაიხადონ, ილაპარაკონ მუდმივად სექსზე, რათა პოპულარობა მოიპოვონ“.

 

გადაცემა “სიმართლის დროს“ მთავარი პროდიუსერი, ნოე სულაბერიძე ამბობს, რომ ის არ წყვეტს როდის შეიძლება გავიდეს გადაცემა ეთერში და როდის არა; ის არ არის ტელეკომპანია “იმედის“ თანამშრომელი, სხვა კომპანიაში მუშაობს, რომელიც გამზადებულ, დივიდი ფორმატზე ჩაწერილ გადაცემას აწვდის “იმედს“.

 

ნოე სულაბერიძე: “მე ორი შვილი მყავს და სხვებზე არანაკლებ მაღელვებს მათი აღზრდა. ათ საათზე ჩემს უმცროს შვილს სძინავს, ხოლო უფროსი ამ გადაცემას არ უყურებს. არ ვამბობ იმას, რომ კარგია, როცა მცირეწლოვანი ბავშვი ისეთ თემებზე სვამს კითხვებს, რომელიც მის ასაკს არ შეესაბამება, მაგრამ მგონია, რომ ამის დარეგულირებების საშუალებები არსებობს, აბსლუტურად ყველგან, მათ შორის ოჯახშიც. თუ ჩემმა შვილმა არ მინდა, რომ რაღაც ნახოს, ზუსტად ვიცი საამისოდ რა ბერკეტი გამოვიყენო. მე თუ ჩემი შვილი არ მინდა ბირჟაზე დადგეს, ზუსტად ვიცი როგორ უნდა აღვზარდო ისე, რომ ბირჟაზე არ გაიპაროს. რაც შეეხება იმას, რომ მსგავსი თემის ტირაჟირება არის მიუღებელი – ტირაჟირება არის ის, რომ უყურებ. თუ ტირაჟირება არ გინდა და გადაცემა არ მოგწონს, არსებობს პულტი, შეიძლება თითი დააჭირო და სხვა არხზე გადართო“. იმაში, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია არატრადიციული ორიენტაციის ადამიანის ცხოვრების ინტიმური დეტალების გადაცემაში წარმოჩინება, ნოე სულაბერიძე პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ 21–ე საუკუნეში ვცხოვრობთ და სხვადასხვა არხებზე ვუყურებთ მხატვრულ ფილმებს, სადაც მსგავსი ისტორიებია ნაჩვენები. “ამბობს ადამიანი და რა ვქნათ ახლა?!“, – კითხულობს სულაბერიძე და ჩვენს მორიგ კითხვას – ასე შეიძლება ძალიან ბევრი რამე თქვან და ყველაფერი უნდა გაუშვათ? ასეთ პასუხს სცემს: “ყველაფერს ზუსტად რომ არ ვუშვებთ. სიმართლე რომ გითხრათ, განწყობა ცოტათი ტენდენციური მეჩვენება. ეგეთ ისტორიას ნებისმიერ არხზე და კინოთეატრში მოისმენთ. რატომ უარყოფთ, რომ მსგავსი რამ სხვა არხებზე არ გადის და არ არსებობს?! მოყოლილი ისტორია რამდენიც გინდათ იმდენი არსებობს. არ მიმაჩნია, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარს ცხოვრების სწორი ფორმა აქვს არჩეული, მაგრამ ასეთი გადაცემა ჩვენი ცხოვრების ერთგვარი სარკეა, რომ ამ საზოგადოებაში ისეთებიც არსებობენ და ასეთებიც. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თამაშია ეს და მეტი არაფერი. ეს არის ჩვეულებრივი “ გეიმ–შოუ“, მოგება–წაგებაზე“.

 ჩვენ არ ვუარყოფთ, პირიქით, ნოე სულაბერიძეს ვეთანხმებით იმაში, რომ მსგავსი ისტორიები და მსგავსი ტიპის გადაცემები სხვა არხებზე გადის. პრობლემა სწორედ ესაა და ამ მასალის მომზადებაც ამიტომ გადავწყვიტეთ, რომელიც არ არის პირველი, რომელშიც ამგვარ პრობლემას განვიხილავთ. ჩვენ დავინტერესდით რა ნიშნით შეარჩიეს სტუმარი გასულ სამშაბათს, “სიმართლის დროში“, რაზეც ნოე სულაბერიძემ ასეთი პასუხი გაგვცა: “შევარჩიეთ იმ მიზნით, რომ ამ ადამიანს თვითონ უნდოდა, 2 თვის განმავლობაში გვთხოვდა ეთერში გაშვებას და უბრალოდ, დისკრიმინაციად რომ არ ჩაგვეთვალა – იმ შენი ორიენტაციის გამო არ ჩაგწერო, ჩავწერეთ და გავუშვით“.

 http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11572

 

***

ქართველ ლესბოსელებს დახმარება სჭირდებათ

 

საქართველოში მოღვაწე ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების   მიზნების შესახებ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. სწორედ მათი მოღვაწეობის  შედეგია ტელევიზიებში ატეხილი მარათონი, ერთმანეთს აჯობონ უზნეო ინდივიდების ჩვენება-პოპულარიზაციაში და უზნეობის პროპაგანდაში.

რუსთავი2 და სხვა ტელევიზიები ადრეც არ გვაკლებდნენ მსგავს გადაცემებს, მაგრამ რაც მსგავსი კონკურსები გამოცხადდა, მას შემდეგ სულ გადაირივნენ და ლამისაა ყირაზე დადგნენ. და ამ მარათონში, ჩვენდა გასაკვირად, ტვ “იმედმა”  რუსთავი2-საც კი აჯობა.

 

გთავაზობთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას:

 

საგრანტო კონკურსი ქალთა სექსუალურ და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის დასაძლევად

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა სექსუალურ და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის დასაძლევად.

კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც მოიაზრებს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლბტ) ადამიანების უფლებების დაცვასა და ამ ჯგუფების წარმომადგენელთა გაძლიერებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქალთა ორგანიზაციებს, ლგბტ ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ინდივიდებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებების კუთხით. საგრანტო პროგრამის გეოგრაფიული ფოკუსია საქართველოს დედაქალაქი და რეგიონები.

კონკურსი მიესალმება ქალთა ინოვაციურ ინიციატივებს, მათ შორის, კვლევით, საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობებს; ვორკშოფებს, სემინარებს, კამპანიებსა და არტ-ინიციატივებს; ასევე, აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ჯგუფების ხილვადობის გაზრდას, გაძლიერებას და ადვოკატირებას მათი უფლებების დასაცავად.

წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 30 ნოემბერი.

http://womenfundgeorgia.org/main.php?opt=art&id=109&lang=ge

გაიცანით ქალთა ფონდი საქართველოში:

შტატი:

  • ნანა ფანცულაია – აღმასრულებელი დირექტორი
  • ია ქაჯაია – ოფისის მენეჯერი
  • მაგდა ბერძენიშვილი – ბუღალტერი
  • ქეთევან ჩხეიძე – პროგრამის კონსულტანტი
  • მარიამ გაგოშაშვილი – პროგრამის კოორდინატორი
  • გულიკო ვედიაშვილი – ეკონომიკური პროგრამის კოორდინატორი

დირექტორთა საბჭო:

  • ნანა ფანცულაია (თავმჯდომარე)
  • ნანა შუღლაძე
  • მაკა ლომაძე
  • ასმათ ბეშიძე

მრჩეველთა საბჭო:

  • ლელა გაფრინდაშვილი, ქალთა ინიციატივა თანასწორობისათვის, თავმჯდომარე
  • ელენე რუსეცკი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, თავმჯდომარე
  • ნუნუ ბენდუქიძე, საზოგადოება “ბაგები 2000” , პრეზიდენტი
  • ენი ჰილარი, დამოუკიდებელი ექსპერტი (აშშ)

 

მოკლედ, ამ ქალებისა და მსგავსი ორგანიზაციების დამსახურებაა ტელევიზიებში ატეხილი მარათონი  (ცხადია, ტელევიზიებზე კარგად ვერავინ შესძლებდა ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ჯგუფების ხილვადობის გაზრდას), ეკო დეისაძის “სირობის” გამოცემა, ილიაუნიში მისი პრეზენტაცია და ამდენი დამცველ-ადვოკატის გააქტიურებაც.

***

აი, ამ კონკურსში გამარჯვებულთა ერთი ნაწილი:

 

2009 წლის მეორე საგრანტო კონკურსი

2009 წელს ქალთა ფონდმა განახორციელა საგრანტო კონკურსი ქალთა სექსუალურ და გენდერულ იდენტობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის დასაძლევად.

მხარდაჭერილი პროექტები:

1. გრანტის მიმღები: შორენა გაბუნია
რეგიონი: თბილისი
პროექტის სათაური: თბილისის ლესბი ქალთა ვირტუალური საზოგადოება: დახურულობის სოციალური ფაქტორი
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 1 775 ევრო (4 255 ლარი)
პროექტის მოკლე აღწერა: კვლევის მიზანია ზუსტი წარმოდგენა შეუქმნას ამ საკითხებით დაინტერესებულ აუდიტორიას თბილისელი ლესბი ქალების ცხოვრების წესზე, მათ პრობლემებზე, სურვილებსა და იდეებზე. შესაბამისად, აკადემიური სახის კვლევა ჩატარდება ოცდაათამდე ინფორმანტს შორის. კვლევისას რესპონდენტთა შერჩევა იწარმოებს შერეული პრინციპით და გამოყენებული იქნება კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდები.

2. გრანტის მიმღები: ელბიტიკა
რეგიონი: თბილისი
პროექტის სათაური: ლბტ თვითგამომცემლობა
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 2 408 ევრო (5 772 ლარი)
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია საქართველოში ლესბოსელი და ბისექსუალი ქალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვა, საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათი გაძლიერება და ხილვადობის გაზრდა ინტერესთა ლობირებითა და სამოქალაქო პოზიციონირებით. ამისათვის, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლბტ თემატიკის შესახებ ბროშურებისა და საფოსტო ბარათების გამოცემა, ხელნაკეთობების მომზადება და ა.შ.

3. გრანტის მიმღები: თამთა მელაშვილი
რეგიონი: თბილისი
პროექტის სათაური: საზაფხულო ბანაკი/დისკუსიები ლბტ საკითხებზე
პროექტის ხანგრძლივობა: 5 თვე
მოთხოვნილი თანხა: 1 467 ევრო (2 397 ლარი)
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია საზაფხულო ბანაკის გამართვა 2010 წლის ზაფხულში, სადაც შეიკრიბება ლბტ ჯგუფის 12 წარმომადგენელი. საზაფხულო ბანაკი/დისკუსიები ხელს შეუწყობს ლბტ ჯგუფის წევრების კონსოლიდაციას, ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვას და იმ ძირითადი საკითხების გამოვლენას, რაც მნიშვნელოვანი და პრობლემატურია ჯგუფისთვის. დისკუსიის მასალები დაიბეჭდება და გავრცელდება.

 

 

საინტერესოა,  როდემდე  და სადამდე გაგრძელდება ეს შლიგინი?!

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s