Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ღუტიძე – ქართველები თურქეთში

 
ინგა ღუტიძე

ფილოოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ლექსიკის სესხების ერთი თავისებურების შესახებ თურქეთის ეთნიკურ ქართველთა მეტყველებაში

 

მე-19 საუკუნეში რუსეთის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას შედეგად სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, ერთიანი სახელმწიფოს დაშლა, ტერიტორიების დაკარგვა, ქართველი ერის სხვადასხვა ეთნოგრაფიული ჯგუფების ცალკე ხალხებად გამოცხადება, მაჰმადიან ქართველთა საკუთარი საცხოვრისიდან აყრა და თურქეთში დიდი გადასახლება მოჰყვა, რომელიც ისტორიაში მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი.

მუჰაჯირობა ქართველი ერის ისტორიაში სრულიად სამართლიანადაა მიჩნეული ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიად. “არცერთ შემოსევას, არცერთ ბარბაროს დამპყრობელს არ მიუყენებია იმოდენა ზარალი ისტორიული ზემო ქართლის (სამცხე-საათაბაგოს) კუთხეებისათვის, რაც მუჰაჯირობამ მოუტანა. ძირძველი ქართული მიწა დაიცალა მოსახლეობისაგან. თითქმის დაცარიელდა კოლა, არტაანი, შავშეთი, კლარჯეთი, ლივანა, მურღული, მაჭახელი, ტაო, აჭარა, ქობულეთი. დაცარიელებულ სოფლებში გაჩანაგდა მეურნეობა, ბევრი სოფლის სახსენებელი სამუდამოდ წაიშალა. საარქივო ცნობები გვატყობინებენ, რომ 1879 წლის გასახლების შემდეგ ქობულეთში ორი ათასი მცხოვრებიდან ხუთასამდე დარჩა, ხოლო მახლობელი სოფლები სრულიად გავერანდა და გაპარტახდა. იყო სოფლები, სადაც არც ერთი სული აღარ დარჩენილიყო. მაგ. კვირიკე-ქობულეთში, არსენაული-ქედაში, ერეგუნა-მურღულში… (შ. ფუტკარაძე, 1993, 9; მეგრელიძე, 1964, 48).

არაერთი ნაშრომი და გამოკვლევა მიეძღვნა თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა, უმეტესწილად კი ართვინის ვილაიეთში შემავალი სოფლების ისტორიული, ეთნოლოგიური და ლინგვისტური თვალსაზრისით შესწავლას (ნ. მარი, ზ. ჭიჭინაძე, გ. ყაზბეგი, დ. ჰილსი, შ. ფუტკარაზე, ტ. ფუტკარაძე, ნ. ცეცხლაძე, რ. თოფჩიშვილი რ. გუჯეჯიანი…), რომელთაც მომავლისათვის ფასდაუდებელი მნიშვნელობა ექნება.

წინამდებარე ნაშრომი მუჰაჯირობის დროს თურქეთში, კერძოდ, ულუდაღის ქედის ძირას მდებარე ბურსას ვილაიეთის ქალაქ ინეგოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა ლექსიკის ერთ თავისებურებას შეეხება;

თუკი ენა ყველაზე მკაფიოდ და მძაფრად გამოხატავს ეთნოსის სულს აწმყოსა და წარსულის განუმეორებელი სინთეზით, ლექსიკა ყველაზე ადრე აღიქვამს ეთნოსში მიმდინარე ცვლილებებს, თავისებური რეაქცია აქვს მათ მიმართ. ამდენად, ლექსიკაში ასახული ყველა ცვლილება, თუნდაც უმნიშვნელო, ერთ-ერთი ძირითადი ასპექტია ყველა ეთნოსის ისტორიისა და ეთნიკური სახის შესაქმნელად. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, როცა საკითხი ისტორიულ საცხოვრისს, ენობრივ და კულტურულ სივრცეს მოწყვეტილ ეთნიკურ ჯგუფს ეხება.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ თურქეთის მოსახლეობა ეთნიკური სიჭრელით გამოირჩევა. თურქეთში ძალიან ძნელია ზუსტი სტატისტიკის დადგენა გარკვეული და ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ თუკი სტატისტიკა ზუსტი იქნებოდა, შესაძლოა, თურქეთი პირველ რიგებში აღმოჩნდეს ამ თვალსაზრისით. ეს მცირე ექსკურსი იმისთვის დაგვჭირდა, რომ მუჰაჯირობის დროს აყრილ მაჰმადიან ქართველთა დიდი ნაწილი, რომელიც თავს “გურჯს” უწოდებს, გარკვეული წლების ხეტიალის შემდეგ ბურსის ვილაიეთის ქალაქ ინეგოლსა და მის მიმდებარე სოფლებში დამკვიდრდა, სადაც რამდენიმე ეთნოსის წარმომადგენლებმა: თურქებმა, აფხაზებმა, ჩერქეზებმა, ქურთებმა, ბულგარელმა პომაკებმა, არნაუტებმა, ბოსნიელებმა, ბოშებმა… მოიყარეს თავი. ეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთა არასრული ჩამონათვალია. დღეს მთლიანად ეთნიკური ქართველებითაა დასახლებული ინეგოლის 13 სოფელი: სულჰიე, ფევზიე, ბათაქლი, გულბაჰჩე, ჰაირიე, მურათბეი, ჰილმიე, საადეთი, მესრურიე, ბაჰჩექაია, თუფექჩიყონაღი, ყაზელი, ხოლო ყარაყადის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ეთნიკური ქართველი, “გურჯია”, მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი ე. წ. “მესხი თურქი”, ხოლო ბაჰარიეში, ყარაჯაყაიასა და გუნეი ქესთანეში ეთნიკური ქართველები სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან ერთად ცხოვრობენ. ეთნიკური ქართველებს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე მუდმივი და სხვადასხვაგვარი ენობრივი და კულტურული ურთიერთობა ჰქონდათ სხვა ეთნოსის წარმომადგენლებთან. ისინი ყოველთვის ეძებდნენ ფორმებს ამგვარი ურთიერთობისთვის, ამიტომაც კულტურულ-ენობრივი კონტაქტები, ლექსიკური შეხვედრები კაცობრიობის ისტორიასავით ძველია. კულტურულ-ენობრივი კონტაქტები და ლექსიკური შეხვედრები, როგორც ცნობილია, სხვადასხვა გზებითა და საშუალებებით ხორციელდებოდა, მაგრამ როგორც სხვადასხვა ფაქტისა და მონაცემის ანალიზი გვიჩვენებს, ამგვარი ურთიერთობის რეზულტატი ყოველთვის დამოკიდებული იყო, არის და იქნება იმ პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობის ხასიათზე, რომელიც მათ შორის არსებობს.

დღეს აღარავინ კამათობს იმაზე, რომ არათუ მრავალეთნიკურ, არამედ ისეთ გარემოშიც კი, სადაც ორი ეთნოსის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს, ენობრივი ინტერფერენციის ხარისხი განუზომლად მაღალია. დღევანდელი ურბანიზაციის პირობებში ეს პროცესი თითქმის შეუქცევადია. ბურსის რეგიონში წარმოდგენილ სხვადასხვა ეთნოსის წარმომომადგენლები და მათთან ერთად ეთნიკური ქართველებიც თურქეთის ენობრივი პოლიტიკის შედეგად ერთსა და იმავე, თურქულ ენაზე მეტყველებენ, მიუხედავად მათთვის დამახასიათებელი სპეფიკური სხვაობებისა, რომლებიც წარმოთქმაში აისახება.

ენათმეცნიერებაში არსებობს ცნება ენობრივი თუ დიალექტური “კუნძულისა” (Dომასცჰნეწ 1994ბ, 323-328) ე.წ. ეთნიკურ ჯგუფებში, რომლებიც კომპაქტურად მოსახლეობენ სხვა ენობრივ, უცხოენოვან გარემოში. ცნობილი გერმანისტი პ. ვიზინგერი აღნიშნავს, რომ ენობრივი კუნძულის ქვეშ იგულისხმება მცირერიცხოვანი ენობრივი კოლექტივი სხვა საზღვრებში, უფრო მსხვილ, უცხოენოვან ტერიტორიაზე (ჭიესინგერ, 1983, 900-930).

გ. პროტცე ენობრივ კუნძულს განიხილავს როგორც ნაწილს, გამოყოფილს ძირითადი კომპაქტური ენობრივი ტერიტორიიდან უცხო ენითა და კულტურით, რომელიც ამგვარ პირობებში ენობრივი და კულტურული ურთიერთობის თვალსაზრისით საინტერესო თვითმყოფად ცხოვრებას ინარჩუნებს (Pროტზე, 1969, 595). G

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რომ ენობრივი თუ დიალექტური კუნძულის მცხოვრებნი ენობრივი და კულტურული თვალსაზრისით საინტერესო თვითმყოფად ცხოვრებას ინარჩუნებენ, ჩვენი დაკვირვების შედეგად, რომელსაც მრავალეთნიკურ გარემოში ვაწარმოებდით, ამგვარ ენობრივ კოლექტივებს უკვე ცოტა აქვს საერთო როგორც თავის ენობრივ სამშობლოსთან, ისე თავის გარემომცველ უცხოენოვან სამყაროსთან. თუმცა უცხოენოვან სამყაროსთან მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებისას ახალ გარემოში ამგვარი “კუნძულების მცხოვრებნი იღებენ ამ ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს და მათ ყოფასა და ენაში დღეს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე არათუ ნელ-ნელა, არამედ დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს ცვლილებები, რომლებიც თვალშისაცემია ნებისმიერი დამკვირვებლისა თუ მკვლევარისათვის. ამიტომ საჭიროა ისეთი გზებისა თუ საშუალებების ძიება, რომლებიც ხელს უწყობს ეთნიკური ჯგუფის მიერ ენის შენარჩუნებას. სპეციალურ ლიტერატურაში კარგად არის შეფასებული ის რთული პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემო, რომელშიც ეს ხალხი ცხოვრობდა; გასათვალისწინებელია ეთნიკურ ქართველთა ცხოვრების სპეციფიკური პირობები, იმ ჯგუფისა, რომელიც მოწყვეტილია ისტორიულ სამშობლოს, დარღვეული აქვს თავისი ეთნოსის სხვა წარმომადგენლებისათვის დამახასიათებელი კულტურული სივრცე და კულტურულ ღირებულებათა სისტემა. ამ მხრივ ინეგოლისა და მიმდებარე სოფლების ეთნიკურ ქართველთა მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება ართვინის ვილაიეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველთა მდგომარეობისგან, რომლებიც დღესაც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, რომელიც ისტორიულად მათი განსახლების არეალია. როდესაც ეთნიკური ჯგუფი თავისი ისტორიული განსახლების არეალს არ წყდება, ენობრივ-კულტურული სივრცისა და ღირებულებების შენარჩუნება, თუნდაც ნაწილობრივ, შესაძლებელია.

სწორედ ამგვარ ენობრივ კუნძულს ქმნიან ისტორიულ სამშობლოს მოწყვეტილი ეთნიკური ქართველები თურქეთში, რომლებიც ახალ ენობრივ გარემოში აღმოჩნდნენ; გარემო, რომელსაც ბუნებრივად უნდა შეეზღუდა ქართული ენის ლექსიკის გამოყენების სფერო – თურქული ენის მასალის გამოყენებისა და გაძლიერების ხარჯზე.

რა განაპირობებს ქართული ენის შენარჩუნებას იმ ხალხის მეტყველებაში, რომლის რამდენიმე თაობა არასოდეს ყოფილა საქართველოში, მაგრამ გათავისებული აქვს ქართული ენა, რომელიც ზეპირად, ზეპირმეტყველებით გადაეცემა თაობიდან თაობას? ამ თვალსაზრისით რამდენიმე გარემოებაა საინტერესო. “სხვადასხვა ხალხების და მათი ენების შერევა-ასიმილაციის ხელისშემშლელ არაერთ ფაქტორზე მიუთითებენ მეცნიერებაში. პირველყოვლისა ასახელებენ ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებს. დიდი მთები, ხეობები, განიერი მდინარეები, უდაბნოები… ხელს უშლიდნენ ორი ან რამდენიმე ხალხის (ეთნოსის) ეთნიკურ და ენობრივ კონტაქტებს. იქ, სადაც ასეთი ხელისშემშლელი პირობები არ იყო ისტორიულად ორი ეთნოსის საკონტაქტო ზონაში ყოველთვის გვქონდა შერეული მოსახლეობა, რაც ხშირად ერთი ეთნოსის მიერ მეორე ეთნოსის ასიმილაციას იწვევდა (თოფჩიშვილი, 2005,192-193). ენათა შეურევლობის მიზეზად ასახელებენ მეურნეობის ფორმასაც. მაგრამ ამჯერად ყურადღებას ერთ ასპექტზე შევაჩერებთ. ეს გახლავთ ლექსიკის სესხების თავისებური ტიპი.

თურქული ენა უკვე განუყოფელი ნაწილია თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის და მჭიდროდ არის დაკავშირებული ყოველდღიურ ყოფასთან და იმ საგნებისა და მოვლენების ნომინაციასთან, რომელიც საერთოა ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხისათვის; და მაინც თურქული ენის ლექსიკის გავლენის თვალსაზრისით უნდა გამოიყოს 2 ჯგუფი, რომლითაც ეთნიკური ქართველები ჯერ კიდევ ახერხებენ ენობრივ რეგულაციას:

1) პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ლექსიკა, რომელიც უკავშირდება ოფიციალურ სფეროს, საერთო-სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, პროფესიისა და სოციალური სტატუსის აღმნიშვნელი ლექსიკა, რომელიც საერთოა ყველა ჯგუფისათვის. ეს ლექსიკური ერთეულებია: რესპუბლიკა, ხელისუფლება მთავრობა, სახელმწიფო, სამშობლო, ბინა, დაწესებულება, პოლიტიკა, სასამართლო, საბაჟო, ინსპექცია, შეთანხმება, საზღვარი, სახელმწიფო საავადმყოფო, სკოლა, უფლება, ქონება, საკუთრება, არჩევნები, ნებართვა, შვებულება, ჩინოვნიკი, მოსამსახურე, თანამდებობის პირი, მმართველი, უფროსი, დირექტორი, ხელმძღვანელი, ინჟინერი, მამასახლისი, ქირურგი, მასწავლებელი, მოძღვარი, მეომარი, ჯარისკაცი, ოსტატი, სპეციალისტი, ხელმარჯვე, გამოცდილი, მორიგე, მცველი, მწერალი, ავტორი, Aმშენებელი, და ა.შ

2) მეორე ჯგუფში გამოიყოფა ვაჭრობასთან, მრეწველობასთან დაკავშირებული ლექსიკა და აგრეთვე ის ლექსიკური ერთეულები, რომლებიც უკავშირდება თურქული ეთნო- სის ცხოვრებასა და ყოფით რეალიებს: მრეწველობა, ინდუსტრია, მასალა, ანგარიში, ფარა, ფული, რაფინირებული საქონელი, ვალი, პროცენტი, ვაჭარი, არსებობის საშუალება, Aმიწა, ადგილი, პატრონი, მფლობელი, სახლი, კომლი, რესტორანი, დღე-ღამის სამყოფი კერძი, ყიდვა-გაყიდვა, ვაჭრობა, ანგარიში, მოთხოვნა, კომერციული მოთხოვნა, ჯგუფი, კომპანია, კაპიტალდაბანდება, დოტაცია, ინფრასტრუქტურა, ვაჭარი…

თითქმის საუკუნე გადის ათათურქის რეფორმებიდან, რომლებმაც უზრუნველყო თურქული ენის საყოველთაო და ინტენსიური გავრცელება თურქეთის მთელ ტერიტორიაზე და, ბუნებრივია, ეთნიკური ჯგუფის ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-კულტურული სფერო საოჯახო ენით ან კიდევ მათთვის დამახასიათებელი ყოფით ვერ შემოიფარგლებოდა. ასეთ პირობებში თურქული ენის ყოვლისმომცველი გავლენა თუნდაც ეთნიკურ ქართველთა იმ თაობაში, რომელსაც თურქულ სკოლაშიც კი არ უვლია, განუზომლად დიდია. ამასთანავე თუ გავითვალისწინებთ ისეთ რეგიონში ცხოვრებას, რომელშიც რამდენიმე ეთნოსის წარმომადგენელმა მოიყარა თავი და სხვადასხვა ენათა თუ დიალექტთა შერევის გარდაუვალი პროცესები მიმდინარეობს, ცხადია, რა სირთულის წინაშე იდგა ეთნიკურ ქართველთა ჯგუფი, რომელსაც ყველა გზა უნდა მოესინჯა ეთნიკური სახის შენარჩუნებისთვის. ერთ-ერთ ასეთ ძირითად საშუალებად უნდა დარჩენილიყო ეთნიკური ენის ლექსიკის დიდი ნაწილი, რომელსაც ისინი საოჯახო ყოფასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ. ეთნიკური ენის ლექსიკის არსებითი ნაწილი უნდა შენარჩუნებულიყო.; რადგან თუკი ისტორიულ სამშობლოს მოწყვეტილი ეთნიკური ჯგუფი საოჯახო ყოფასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარი ეთნოსის ენის ლექსიკის დიდ ნაწილს ცვლის და სახელმწიფო ენის გავლენას უქვემდებარებს, იქ ყველა სისტემურ თავისებურებაზე მსჯელობა, ფონემური შედგენილობა იქნება ეს თუ გრამატიკული წყობა, ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ამიტომაც ცდილობდნენ ეთნიკური ქართველები არ დაერღვიათ ძირითადი ლექსიკური ქსოვილი და თურქული ლექსიკიდან, რომელიც თანდათანობით, მაგრამ მყარად იკიდებდა ფეხს მათ საოჯახო ყოფასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში, უმეტესწილად ისეთი სიტყვები ესესხებინათ რომლებიც ახალი რეალობისა და ცნებების ამსახველი იყო. დაკვირვებამ გვიჩვენა, ზღვარი ლექსიკის ამ უბნებს შორის ისეა გავლებული ეთნიკურ ქართველთა მეტყველებაში, რომ ლექსემები: დედის ენა, სისხლი, ხორცი, სოფელი, თოვლი, სიცოცხლე, ვაზი, სული, სიკვდილი, სირცხვილი, მთა, კორდი, წყალი, ქორწილი, სტუმარი, პური, ყანა, ხევი, მეზობელი, კაცი, ქალი, დედამთილი, მამამთილი, ბაღვი, პრატი, წისქვილი, ტბა, საბძელი, კარი, ტირილი, დედაბერი, ვარია, ახორი, მიწა, ფხალობიაი, კერჩხილობიაი, კორკოტი, ჭიმური, ჭადი, კეცი, სამზერო, მზითვალი, კრავი, კაკუნა, ნიკორა, ლერწი, დოდოფალი, მარწყვი, ჟოლი, ნარკოკობა, ვაშლი, სხალი, ცაცხვი, თელა, წაბლი, თხილი, კაკალი, მაყუალი, ნეკერი, ნაკუერცხალი, ბეღელი, ნალია, ნადი, ხვიმირი, დათვი, (მ)გელი, თაგვი, კორწიალა, წყარო, (რ)ძე, ფაჩხი(ფი- ჩხი), ციცა, ცეცხლი, ჭიაყელა, ბზე, ბულული, ცხრილი, გული, თვალი, ოფლი, ღვარი, ღელე- ღურდანი… და უამრავი ლექსიკური ერთეული, რომლებიც მათი ეთნიკური ენის ლექსიკის ძირითადი ნაწილია, საოჯახო ყოფასა და საკუთარი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას უცვლელია. ეს ლექსიკა კვლავაც მყარი და ჩაუნაცვლებელია თურქული ლექსიკური ერთეულებით. თუ ჩვენ მიერ მოპოვებულ მასალას შევედარებთ შ. ფუტკარაძის მიერ 1993 ჩაწერილ მასალებში ასახულ ლექსიკას, ამ მხრივ სიტუაცია უცვლელია. ეთნიკურ ქართველთა განმარტებით ეს სურათი არ უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ენა “გადაირეცხება, ენის მოშლა ამ პროცესით დაიწყება.

ჩვეულებრივ, ლინგვისტური კვლევები საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებში გრამატიკისა და ჩაწერილი ტექსტების სიტყვათა კორპუსის უტილიზებით შემოიფარგლება, რომლებიც ეთნიკური ჯგუფის კულტურის სხვადასხვა დონის ამსახველია. დღეს დიდი სოციალური ცვლილებების ეპოქაში ენობრივი კონტაქტების სოციოლინგვისტურ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება დიდ მნიშვნელობას იძენს, თურქული ლექსიკის სესხების თავისებური ტიპი, რომელმაც უზრუნველყო ეთნიკურ ქართველთა მეტყველებაში ქართული ლექსიკის შენარჩუნება, ერთი ასპექტია იმ პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს არა იზოლირებულად, არამედ ცოცხალი და პროდუქტიული ურთიერთობით მეორე ენასთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ენობრივი ურთიერთობების რეზულტატის განუმეორებლობას.

http://iberiana.webs.com/mtavari_problema.htm

 

 იხილეთ აგრეთვე:

• მუჰაჯირ ქართველთა ენობრივი და ეთნიკური  იდენტობის საკითხები

• ეთნიკურ ქართველთა ენის შენარჩუნების სოციოლინგვისტურ ასპექტთა შესახებ თურქეთში

 

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s