Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

100 წელი ოსმალების ბოლო შემოსევებიდან

***

d0bad0b0d180d182d0b0-d0b3d180d183d0b7d0b8d0b8-d181d0bed181d182d0b0d0b2d0bbd0b5d0bdd0bdd0b0d18f-d0b2-d0b1d0b0d0b1d0b5-1920-d0b3d0bed0b4[1]

საქართველო და ოსმალეთი. 1918 

სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის მაისში ოსმალეთისთვის რამდენადმე მოულოდნელი, მაგრამ სავსებით მისაღები აღმოჩნდა. სულთნის კარზე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ახლად შექმნილი პატარა კავკასიური რესპუბლიკები ოტომანთა იმპერიის ექსპასპნსიონისტურ გეგმებს რეგიონში ხელს ვერ შეუშლიდნენ. პირიქით, მათი ძლევა ცალ-ცალკე უფრო გაიოლდებოდა, ხოლო სომხეთ-საქართველოს უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ოსმალეთისათვის “ნებაყოფლობით გადაცემაზე” თანხმობის მიღება ამ სუსტი ქვეყნების ხელისუფალთაგან სტამბოლს აღარ გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა.

1918 წლის 31 მაისს ბათუმში განახლდა რამდენიმე დღის წინ შეწყვეტილი კონფერენცია. ერთიანი ამიერკავკასიის სახელმწიფოს ნაცვლად, კონფერენციაზე ამჯერად ცალ-ცალკე წარსდგნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. საქართველოს ოფიციალურ დელეგაციას მთავრობის თავმჯდომარე ნ. რამიშვილი ხელმძღვანელობდა, ოსმალეთისას – საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრი ხალილ ბეი.

4 ივნისს ხელმოწერილ იქნა საქართველოსთვის თავსმოხვეული “ზავისა და მეგობრობის ხელშეკრულება.” საზღვრები ორ ქვეყანას შორის იმიჯნებოდა 1829 წლის ანდრიანოპოლის ზავის წინა პერიოდის რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრების შესაბამისად. ე. ი. ოსმალეთის ხელში ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების გარდა, გადადიოდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიც (აბასთუმნისა და აწყურის გამოკლებით). ეროვნულ სხეულს უნდა მოწყვეტოდა მთელი სამუსლიმანო საქართველო, მტკვრის ზემოწელისა და ჭოროხის აუზის მთელი ისტორიული მიწა-წყალი. საქართველო კარგავდა 350 ათასს მცხოვრებს და 9500 კმ ტერიტორიას. 

ბათუმის ხელშეკრულება საჭიროებდა რატიფიკაციას ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ იგი არ განხორციელებულა და ძალაშიც არასოდეს შესულა. ამ კაბალური ხელშეკრულების ერთადერთი დადებითი მნიშვნელობა საქართველოსთვის ის იყო, რომ ოსმალეთი დე ფაქტოდ აღიარებდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას.

სულთნის მთავრობა შეეცადა ბრესტის ზავით მისთვის მიკუთვნებულ ოლქებზე თავისი უფლებები იურიდიულადაც დაეკანონებინა. 1918 წლის ივლისში მან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში რეფერენდუმი ჩაატარა და ოსმალეთის სასარგებლოდ გაყალბებული მისი შედეგები მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატულებად გაასაღა. სინამდვილეში პლებიცისტი დარღვევებით – ღია წესით, შანტაჟის, ძალადობისა და ანტიქართული აგიტაციის პირობებში ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია ადგილობრივ მკვიდრთა დიდ ნაწილს, რადგან იგი საკუთარი სახლ-კარიდან ლტოლვილი იყო. ყოველივეს მიუხედავად, 1918 წლის 15 აგვისტოს სულთანმა მეჰმედ VI-მ გამოსცა რესკრიპტი, რომლის საფუძველზეც სამი სანჯაყი (არტაანის, ყარსისა და ბათუმის ოლქები) ოსმალეთის სახელმწიფოსთან შეერთებულად გამოაცხადა.

საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გააპროტესტა ბათუმის დისკრიმინაციული ზავი და მოითხოვა მისი გადასინჯვა ცენტრალურ სახელმწიფოთა მონაწილეობით. თბილისმა საპროტესტო ნოტები გაავრცელა აგრეთვე ოსმალთა მხრიდან უსამართლოდ ჩატარებული რეფერენდუმისა და სხვა უკანონო მოქმედებების გამო.

გერმანიამ გაიზიარა ბათუმის ზავის გადასინჯვის იდეა და ოსმალეთი ახალი საგანგებო კონფერენციის მოწყობაზე დაიყოლია. კონფერენცია კონსტანტინოპოლში უნდა გამართულიყო. სულთნის კარზე იგეგმებიდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ხელახალი რეფერენდუმის ორგანიზებაც, მაგრამ მსოფლიო ომში ოთხთა კავშირის დამარცხების გამო აღარც კონფერენცია ჩატარებულა და აღარც რეფერენდუმი.

1918 წლის 30 ოქტომბერს ინგლისსა და ოსმალეთს შორის დადებულმა მუდროსის დროებითმა ზავმა ვითარება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვნად შეცვალა. ოსმალეთს ოკუპირებული სამცხე-ჯავახეთიდან სამხედრო შენაერთები უნდა გაეყვანა.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში თავისი წარმომადგენლის აბდულ ქერიმ ფაშას მეშვეობით ოსმალეთმა ოფიციალურად აცნობა თბილისს, რომ რამდენიმე დღეში თურქთა ჯარები დატოვებდნენ ლორეს, ახალციხე-ახალქალაქის მაზრებს და ამ ტერიტორიების დაკავება საქართველოს მთავრობას შესთავაზა. იმ მიზნით, რომ მეზობელი სახელმწიფოები ერთმანეთისთვის წაეკიდებინა, ოსმალეთის ხელისუფლებამ ლორეში შესვლის წინადადებით სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასაც მიმართა. სომხეთმა მიიღო ეს პროვოკაციული წინადადება, რასაც საქართველოსთან სასაზღვრო კონფლიქტი მოჰყვა. ამასთან, ოსმალეთი ცდილობდა ევაკუირებულ მაზრებში კვლავ შეენარჩუნებინა გავლენა, რისთვისაც აქაურ ისლამურ საბჭოებს ამარაგებდა იარაღით, უტოვებდა ოფიცრებსა და ასკერებს. ოსმალეთის ხელისუფლებისა და სამხედრო წრეების წარმომადგენლები სეპარატისტულად განაწყობდნენ სამცხელ-ჯავახელ ბეგებს, ხელს უწყობდნენ ანტიქართული ერთეულების ე. წ. ახალციხის მთავრობის, ყარსის რესპუბლიკისა თუ დამოუკიდებელი აჭარისტანის შექმნა-მოღვაწეობასა და სხვ.

წყარო: გაზეთი 24 საათი – დროთა კავშირი – 2008-05-17

***

 

კუკური მეტრეველი – “უკანასკნელი გაქცევები” 1918 წ

წელს შესრულდა 100 წელი ჩვენი უშუალო წინაპრების თავზე გადახდენილი ენით აუწერელი ტრაგედიიდან.

1918 წლის გაზაფხულზე “თურქების ბოლო შემოსევებისას” დაუნდობელი “ხუჟანისგან” აწიოკებულმა ჯავახეთის და სამცხის მოსახლეობამ თავს “გაქცევებით” უშველა და მთებს იქით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ძირითადად ბაკურიანის მხარეს და წალკისკენ გადაიხვეწა. კოთელიის და ჯავახეთის კიდევ რამოდენიმე სოფლის გამოქცეული მოსახლეობის უმეტესობამ თავი თრიალეთში, “მეორე კოთელიად” წოდებულ ქართულ სოფელ რეხაში შეაფარა. რეხელებმა გულითადად მიიღეს და საკუთარ სახლებში შეიფარეს თანამოძმეები, რომელთა რაოდენობა ადგილობრივი კომლების რაოდენობას რამოდენიმეჯერ აღემატებოდა! სამწუხაროდ ისედაც გატანჯულ მოსახლეობას განგებამ განსაცდელი არ აკმარა და სოფელში გაჩენილმა ხოლერის და ტიფის ეპიდემიებმა ლტოლვილებთან ერთად ბევრი ადგილობრივი რეხელიც თან გაიყოლა.

სწორედ მაშინ გაჩნდა სოფელ რეხის სასაფლაოს ერთ კუთხეში კოთელიელი მიცვალებულების საფლავები. საუკუნის წინანდელი, ნაუცბათევი და ხშირად უბრალო ღორღით მონიშნული ჩვენი ტრაგიკულად დაღუპული წინაპრების კვალი რეხის სასაფლაოზე დღესდღეობით ძლივსღა ემჩნევა.. ჩვენ,ცხადია ერთბაშად ვერ მოვიხდით ვალს ჩვენი წინაპრების უკვდავი სულების წინაშე, ვერც რეხელების მხრიდან ძმური თანადგომისთვის ერთბაშად მადლობის გადახდა ვერ მოხერხდება, მაგრამ ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 100 წლისთავზე მცირედი ვალის მოხდა მაინც შეიძლება.

ამიტომაც, კოთელიელები ამა წლის 15 სექტემბერს ვგეგმავთ რეხაში ჩვენი წინაპრების საფლავებზე გასვლას და ვისაც გული გერჩით და ვისაც შეგეძლებათ გეპატიჟებით ყველას.

როგორც უკვე მოგახსენეთ, წელს შესრულდა ასი წლისთავი ჯავახეთში “ბოლო გაქცევების” სახელით ცნობილი მოვლენებიდან. ჩვენი უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკული პერიოდის შესახებ ძალიან ცოტა თუ იცის ქართული საზოგადოების მხოლოდ ნაწილმა. ჩვენ არც ეროვნული შუღლის გაღვივება გვსურს და არც ამ უსიამოვნო წარსულის გამო მათი შთამომავლების დადანაშაულება. ჩვენი მიზანია ჯავახეთის ტრაგიკული ისტორიის კიდევ ერთხელ გახსენება და ჩვენი უშუალო წინაპრების ხსოვნისადმი პატივის მიგება.

გთავაზობთ იმ ავადმოსაგონარი მოვლენების უშუალო მონაწილის, კოთელიელი ვლადიმერ კოპტონაშვილის მოგონებების ნაწყვეტებს, რომლიდანაც ცხდად შეიგრძნობთ თუ რა ტანჯვა ვაება გადაიტანა და რას გადაურჩა მაშინდელი ჯავახეთის მოსახლეობა!..

***

ვლადიმერ კოპტონაშვილი

ვლადიმერ კოპტონაშვილის მოგონებებიდან

…”1918 წლის მაისის თვის მიწურული დღეები იდგა. ოსმალთა ფაშის ასკარები შემოესივნენ ჯავახეთის ქართველთა და სომეხთა სოფლებს, ახალქალაქი გადააქციეს თურქ-ოსმალთა საბრძანებელ ცენტრად.

ახალქალაქიდან ბაკურიან-ბორჯომის მიმართულებით, სოფელ კოთელიამდე გზის მონაკვეთი 15 კილომეტრს შეადგენს. სოფლის ამაღლებულ ბორცვზე მდებარე კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევ კედლებთან უამრავ ადამიანს მოეყარა თავი, როგორც ეს იცოდნენ აღდგომის სწორ კვირა დღეს კვირაცხოვლობის დღესასწაულზე, მაგრამ ამჟამად სოფლის მაცხოვრებლები მოსული იყვნენ სოფლისაკენ მომავალი გამოხიზნული ადამიანების საყურებლად. ლტოლვილთა ქარავნების მოძრაობა, კალაპოტიდან გადავარდნილ აბობოქრებული მდინარის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

39943082_2136377406437076_8610475552265994240_n[1]

სოფელი კოთელია

მოდიოდა ქარავანი ჩარდახიანი ურმებით, სურსათ სანოვაგით დატვირთული ცხენებით და ვირებით, მოხუცებით, ბავშვებით, ავადმყოფებით, ცხვრის და საქონლის ჯოგებით. სივიწროვის გამო გზის ორივე მხარეს ფეხქვეშ ითელებოდა დიკის, ქერის, ბარდის და სელის ნათესები.

სხვა გზა არ იყო, სოფელ კოთელიის მკვიდრნიც ლტოლვილთა ქარავნებს უნდა შეერთებოდა, რათა თავი ეხსნა ოსმალთა ასკარებისგან. ჩვენი ოჯახი რვა სულისგან შედგებოდა, მამაჩემი არჩილ კოპტონაშვილი, დედა ევდოკია ზედგინიძე და ექვსი შვილი, სამ-სამი წელი იყო და-ძმებს შორის სხვაობა, უფროსი ვანო 18 წლის, ყველაზე უმცროსი სოფიო – სამი წლის, მე მაშინ 12 წლის გახლდით. მამაჩემმა, იმ იმედით რომ ოსმალთა ასკარებს ჯავახეთის მიწა-წყლიდან ერთ კვირაში განდევნიდნენ, 45 ძირი ფუტკრის ოჯახი საფუტკრეში დატოვა, ჯაჭვებზე გაბმული სამი ქოფაკის ამარა, სამი კასრი სალაფავით და სამი კასრი წყლის ჭურჭლებით.

ლტოლვილთა ქარავანი ორ ნაწილად გაიყო, ზოგი ბორჯომ – ბაკურიანის მიმართულებით, ზოგი კი წალკის მიმართულებით გაემართა. სოფლები ბალანთა, ჭიხარული, ტაბაწკური, მოლოთი, ხუმრისი წალკაზე გადასასვლელად გზას მოკლედ ჭრიდა და მამაჩემმაც ეს გზა აირჩია. მითუმეტეს მამაჩემის მამიდაშვილი სიმონ ხუციშვილი წალკის რეხის მკვიდრი იყო, რომელმაც მართლაც დიდი დახმარება გაუწია ჩვენს ოჯახს ლტოლვილობაში.

საწყალ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო, სწორედ რომ ლტოლვილებზე აღესრულა, წალკის გადასასვლელ ზეგანზე თავკეთილა და შავნაბადა მთების სამხრეთით მოვიდა ჯერ მსხვილი სეტყვა, ისეთი რომ საქონელმა თავები მიწას დააკრეს, სეტყვის შემდეგ ჩამოწვა ჯანყი-ნისლი, ხუთ ნაბიჯზე ვერაფერს ვარჩევდით. სწორედ ამ დროს გზა გადაგვიღობა ხუთმა შეიარაღებულმა, გამხეცებული ეცნენ ცხვარს და საქონელს. დედაჩემს ჩვენი „წაბლა“ ძროხა, რომელსაც ორივე რქა ძირში ჰქონდა მოტეხილი და ერთი მოწველის დროს ერთ ვედრო რძეს იძლეოდა, საგანგებოდ ურმის ბოლოზე ჰყავდა მიბმული, რომ არ დაკარგვოდა. მომხვდურები ეცნენ წაბლას, შეხსნეს წასაყვანად, დედაჩემი არ დაიბნა, წაბლას ეცა კისერში და ბაწარზე ჩამოეკიდა. დედას ფეხებში ორჯერ ესროლეს, მაგრამ მაინც არ შეშინდა. უფროსმა მომხვდურებს უბრძანა თათრულად „ბრახ თარგი ვერ“ თავი დაანებეთო. ამ ხუთ ყაჩაღს დაემატა კიდევ რვა მომხდური და როგორც ჩვენი, ისე სხვების საქონელი გარეკეს, წაბლა ძროხა დედაჩემის წყალობით გადარჩა. დედას თათრული ესმოდა და როგორც გაარკვია ესენი ოსმალოები არ იყვნენ, არამედ ბორჩალოელი თათრები. გარდა ამისა მომხვდურები იტაცებდნენ ქალიშვილებს და დედაქალებს, ატყდებოდა წივილ-კივილი, თოფების სროლა, ხოცავდნენ ქალებს, აუპატიურებდნენ.

ჩავედით წალკის რეხაში, საღამოსვე შევიტყვეთ სოფელ კოთელიის მკვიდრ ძმებს მელიქიძეებს სამსონს, იაკობს და მათ ბიძაშვილს ერეკლეს შეტაკებისას ბორჩალოს თათრების ბრბოდან ხუთი კაცი დაეხოცათ. თუმცა ლტოლვილთა მხრიდან სამი მამაკაცი, ორი ბავშვი და ოთხი მამაკაცი დახოცილიყო.

ჩვენთან ერთად რეხაში გადმოვიდნენ დედის ბიძები და ბიძაშვილების ოჯახები სოფელ ჩუნჩხიდან, ზედგინიძეები. დედას ჰყავდა მამის ხუთი ძმა, უფროსი ვასილი პაპა, რომელიც 32 სულისგან შემდგარ ოჯახს მართავდა, მეორე ძმა მეცხვარეობას უძღვებოდა, მესამე მესაქონლეობას, მეოთხე მემინდვრეობას, მეხუთე დედაჩემის მამა ფრიდონი კი ხეხილის ბაღის მზრუნველი ყოფილა, და რომელიც ბაღის შემოღობვის დროს დიდი ლოდის ბეჭით მიწოლით ტრაგიკულად დაღუპულა.
..

39927899_2136377743103709_8734435571218251776_n[1]

სოფელი რეხა

მახსოვს როგორც დღევანდელი დღე წალკის რეხაში ლტოლვილთა ქართველობა, სომხობა, ბერძნობა, თვითონ რეხელები ათასგვარი სენით იყვნენ დაავადებული. სამკურნალო საშუალებად მიჩნეული იყო ბალახეული ნაყენები, შელოცვა, მკითხაობა. იფეთქა პარტახტიამა მუცლის ტიფმა. ეს გამოწვეული იყო ლტოლვილთა მოზღვავებით, შიმშილით,
ჰიგიენის უკმარისობით, ისეთ ოჯახს ვერ ნახავდით მძიმე ავადმყოფი არ ჰყოლოდა. საშინელმა სენმა მრავალი ოჯახი დააზარალა. ლტოლვილთა მეტი წილი ცხოვრობდა მინდორში ფარდაგებით გადახურულ მიწურ თხრილებში, საქონლის სადგომ ბოსლებში, ამ დროს საქონელი მოსახლეობას გარეკილი ჰყავდა იალაღებზე. წალკის მთიანეთში ზაფხულშიც იცის მსხვილი სეტყვა, რომელსაც მოჰყვება საკმაო სიცივე.

მიუხედავად ასეთი პირობებისა და ასეთი მდგომარეობისა სოფლის ეკლესიაში ჯვარს იწერდნენ ახალგაზრდები, ქუჩებში ერთდროულად შეხვდებოდით მექორწილეებს და სამგლოვიარო პროცესიას.

ზაფხულის თვეებში რეხელ და ლტოლვილ ბავშვებთან ერთად, ხშირად დავდიოდი მდინარე ქციაზე კალმახის ხელით დასაჭერად, ვინაიდან შიმშილი ყველას გვაწუხებდა. გადავთელავდით პურის ნათეს ყანებს, გამოვიტენიდით უბეებს ატოლით და ღიმით, თან კრეფის დროს ბევრს ვჭამდით, შიმშილის დასაოკებლად. კბილები და ტუჩები შავი, ბალახისფერი გვქონდა. მინდვრებიდან კარგად ჩანდა წალკის ტაფობი, სადაც ახლო-მახლო სოფლების მოსახლეობა, ლტოლვილები ქალი კაცი, მოხუცი თუ ბავშვი მოფენილიყო ატოლის და ღიმის საკრეფად. გვიან შემოდგომით ვიკვებებოდით მომკილ ყანებში ჩარჩენილი თავთავის მარცვლებით და კარტოფილის ნათეს ადგილებზე ჩარჩენილი კარტოფილით. ზოგი ისე იყო დაუძლურებული შეგროვების თავიც არ ჰქონდა. ასეთი ტრაგიკული მოვლენების მომსწრე გავხდით ლტოლვილობაში.

***

ერთ ამბავს მოგითხრობთ. რეხაში ლტოლვილებად მოხვდნენ სოფელ აფანიის მკვიდრნი და-ძმა დარიკო და ეთო თავიანთი მშობლებით, რომელთაც ლტოლვილობამდე ასეთ ამბავი გადახდათ. ოსმალთა სასაზღვრო ზონიდან გადმოსულა ბრბო, თავს დასხმია სოფელს, ცხვრის და საქონლის ჯოგი გაურეკიათ. წინააღმდეგობის გაწევის დროს სოფლის შვიდი ახალგაზრდა კაცი დაუხოციათ. როგორც კი ეს გაუგია დარიკოს, დაუყონებლივ გაქცეულა იქ სადაც მის ძმა ეთოს ჰქონდა გადამალული რუსული შაშხანები ვაზნებით, აუსხამს იარაღი და გაქცეულა მტკვრის ხეობაში მოკლე გზებით მომხვდურთა დასახვედრად. ეთო დასდევნებია დას და თავზე დასდგომია კლდეში ჩასაფრებულს. როგორც კი მომხვდურებს მტკვრის პირას საქონელი ჩაუდენიათ, დარიკოს ცხენზე ამხედრებულისთვის უსვრია და იქვე მოუცელავს, შემდეგ ჩართულა ეთოც, ქვიდან ქვაზე საფარს იცვლიდნენ თურმე რომ თავდამსხმელთა სიმრავლის შთაბეჭდილება შეექმნათ. შეტაკებისას სამი მოუკლავთ, ორი დაუჭრიათ, დანარჩენები გაქცეულან. მტერს სამაგიერო მიუზღვეს და გატაცებული საქონელი სოფელს უკან დაუბრუნეს. მეორე დღეს მოუწიათ ლტოლვილობაში წამოსვლა. დარიკო იყო სიცოცხლით სავსე, სათნო, ლამაზი ქალიშვილი. ის წალკაშივე მიათხოვეს სოფელ კოთელიის მცხოვრებ მამაჩემის ბიძაშვილს პავლე ზარიძეს. შექნეს ძვირფასი ოჯახი, შემდეგ დასახლდნენ სართიჭალაში. შვილები და შვილიშვილები იღწვიან თბილისში.

1918 წლის დეკემბრის მიწურულს გახიზვნიდან მეშვიდე თვეს საქართველოს მენშევიკურ და თურქ-ოსმალთა მთავრობებს შორის მოხდა დაზავება. წალკის რეხაში მოვიდა ცნობა, ჯავახეთის ლტოლვილები დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სოფლებში.

დადგა ლტოლვილთა ნანატრი დღე, სამშობლოში დაბრუნებისა. როგორც ფუტკრის სკაში ბარტყი აბობოქრდება სკიდან გასაქცევად, ისე აიშალა რეხის ლტოლვილობა ჯავახეთისკენ გასაქცევად. პარტახტიანმა მუცლის ტიფმა ლტოლვილთა ნახევარი ოჯახები დააზარალა, ნაცვლად სამშობლოში დაბრუნებისა წალკაში და წალკის რეხაში ჰპოვეს სამუდამო სამარე. მამაჩემის ძმას თედო კოპტონაშვილს ჰყავდა 14 შვილი, თვითონ, მეუღლე და ცხრა ქალიშვილი საშინელი სენის მსხვერპლნი გახდნენ. ასევე კოთელიის მკვიდრ კარაპეტიანი ვართანის 19 ქალ-ვაჟიდან 8 გადაურჩა სიკვდილს, სოფელ გოგაშენის მკვიდრ ნათენაძეების 72 სულიანი ოჯახიდან გადარჩა 4 სული.

დედაჩემისთვის მძიმე იყო ის ტრაგედია, რომ მან თავისი მაზლის თედოს ოჯახის ცხრა წევრი საკუთარი ხელით მიაბარა მიწას. თედოს მეუღლე მაიკო დედით პტენიდან ლონდარიძე იყო და დედას დათ ნაფიცი იყო, რადგან დედას არც და ჰყავდა და არც ძმა. ჩვენ, ოჯახის წევრები ჯანმრთელად ვყავდით, მაგრამ სხვების მდგომარეობას ძალიან განიცდიდა და მუდამ თვალცრემლიანი იყო.

დედამ დამავალა, ახლო მდგომი საბძლიდან ბზე მომეტანა, რათა დილით ქალამნებში ჩაგვეყარა და ისე ჩაგვეცვა, რადგან თოვლში სიარულის დროს ფეხი სისველეს არ აიღებდა. დილით ჩემ ძმა ვახტანგსა და ჩემს შორის ქალამნების ამოსხმაში მშობლებმა პირველობა მე მარგუნეს, და ამის გამო თავს ამაყად ვგრძნობდი.

ნახევრად მიწაში ჩაფლული სახლის კარი დედამ გააღო, მაგრამ იმდენი თოვლი მოსულიყო გარეთ გასვლა შეუძლებელი გახდა. გვირაბი გამოვჭერით, მამამ სტიქიის ჭირვეულობას გადახედა და დედას უთხრა ჩვენთვის თბილად ჩაეცმია. დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა სოფელი რეხა, რომელმაც შვიდი თვე შეგვინახა. დედას ღაპა-ღუპით წამოუვიდა ცრემლები, გვაცმევდა, გვკოჭავდა, ფუთავდა ლოგინებს, საოჯახო ნივთებს, ქალამნის ბაწრები ყველას სათითაოდ თავისი ხელით განმეორებით მოგვიკოჭა, მოგვცა ღამით მოხარშული ორ-ორი კარტოფილი, დაგვაიმედა რომ ტაბაწკურის სოფელ წითელ საყდრამდე მალე მივალთ და მამაჩემის მეგობარი ალექსი სანდოძე პურს გვაჭმევდა, ჩვენ მოხარშული კარტოფილები უმალვე გადავსანსლეთ, ფიზიკურად ყველანი ჯანმრთელად ვიყავით, მაგრამ სისუსტე მაინც გვემჩნეოდა.

სულიერად და ფიზიკურად გაწამებული ადამიანები აღარ ერიდებოდნენ დეკემბრის უსასტიკეს ჭირვეულ ამინდს, ქარ-ბუქს და თოვლით გამოწვეულ უგზოობას, ოღონდ მიეღწიათ თავიანთ სამყოფ კერებამდე. მაშინდელ მთავრობას არავითარი დახმარება აღმოუჩენია ლტოლვილებისთვის, ხომ შეიძლებოდა გადასასვლელ გზებზე ჯარის ნაწილების დახმარებით მოეხდინათ ლტოლვილთა ორგანიზებული გადაყვანა და ის მსხვერპლი აგვერიდებინა თავიდან რაც მოჰყვა ლტოლვილთა უკან დაბრუნებას. წალკის რეხა მთელ წალკაში მყოფ ჯავახეთის ლტოლვილთა გამოსასვლელი გზა იყო. გაწამებული ლტოლვილთა ქარავნები მიემართებოდნენ ჯავახეთის მთიანეთის გადასასვლელზე, ბავშვებით, მოხუცებით, ფეხებზე ჭინჭებით, ბევრს ტყავის ქალამანიც არ ეცვა, დეკემბრის ჭირვეულ სტიქიას ერკინებოდნენ. ამინდი არ ცხრებოდა, თვალებში თოვლს აყრიდა, ადამიანები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, თოვლში ვარდებოდნენ, ზოგი იქვე რჩებოდა, რადგან წამოდგომის თავიც არ ჰქონდა, და თოვლი წამიერად ფარავდა მათ სხეულს.

მივემართებოდით ჩვენც, ხუთი ცხენით დაბარგული ფუთა საოჯახო ნივთებით, ცხენებს მართავდნენ მამაჩემი არჩილი, ჩემი უფროსი ძმა ვანო და რეხელი სიმონ ხუციშვილი, რომელიც ბოლომდე ჩვენს გვერდით იდგა და დიდი დახმარება გაგვიწია. ხოლო დედა, რომელსაც ლტოლვილობაში არავითარი სენით არ დაავადებულა, თავიც კი არ ასტკიებია, ხუთ შვილს გვეხმარებოდა, სოფიო ჰყავდა ახუტებული, დანაჩენები კი, ფეხით ვცდილობდით თოვლიანი გზის გავლას. ეხლაც მიკვირს ეს გამხდარი, შუა ტანის ქალი როგორ ახერხებდა თავისი მოქნილობით, მოსაზრებით ამდენი რამის ატანას.

მივადექით თავკეთილა და შავნაბადა მთების სამხრეთით მდებარე კამეჩის ვაკის მინდორს, ჩვენდა საბედნიეროდ თოვაც შეწყდა, მზემ მიდამოს თვალი გადაავლო. წინამძღოლები გაჩერდნენ. დედამ ხუთივეს გვითხრა წრე შეგვეკრა, მხოლოდ ერთიმეორისთვის გვემზირა და ისე დაგვესვენა. მაგრამ ცნობისმოყვარე ბავშვებმა დედას არ დავუჯერეთ და მივიხედ-მოვიხედეთ. გზის მარჯვენა მხარე ურემზე, რომელშიც უკვე ხარები აღარ ება, იჯდა გაყინული ახალგაზრდა ქალი ბავშვით ხელში, რომელიც ალბათ წლინახევრის იქნებოდა, და ისიც მიყინვოდა დედას მკერდზე. იქვე ურემთან ხუთი ადამიანის გვამი თოვლის ნამქერს სანახევროდ დაეფარა. ზოგს მოკრუნჩხული ხელი ამოეშვირა, ზოგს მხოლოს იდაყვი უჩანდა, ერთს ახალგაზრდა ყმაწვილს დამჯდარს ულვაშები შეყინვოდა ზედ. მაშინ ცხრა წლის ვიყავი, მაგრამ ეს ნანახი მთელი ცხოვრება არ გამოსულა ჩემი გონებიდან.

გზა გავაგრძელეთ, სანამ ტაბაწკურამდე მივიდოდით არა ერთი ტრაგიკული სურათის მნახველები გავხდით, გზის ორივე მხარე გაყინული გვამებით იყო მოფენილი. ტაბაწკურის წითელ საყდართან მზის ჩასვლისას შევედით. დედაჩემმა სოფლის განაპირას მდგომ ქალს ხელით ანიშნა, ამდენი ხალხი გზაზე რომ დამხვრჩალა და გაყინულა, რატომ სოფელი არ დაეხმარაო? ქალმა უპასუხა სოფელმა ბევრი გადაარჩინა, მაგ დროს ჩვენი სოფლიდან ორი კაცი დაიხრჩო და სოფელი აღარ მიდის საშველადო.

წითელსაყდარში ცხოვრობდა ალექსი სანდოძე შეძლებული, ცხვარ-ძროხის პატრონი, მაშინვე საქონლის დიდ ბოსელში დავბინავდით, რადგან ბოსელი თბილი იყო და მამაჩემმა ასე არჩია, უფრო თბილად დაგვეძინებოდა. დედამ მასპინძლის ქალს სთხოვა, ბავშვებს მთელი დღე არაფერი უჭამია, რისი საშუალებაც გაქვთ დაგვეხმარეთო. მართლაც დიასახლისმა ცოტა ხანში შემოგვიტანა რვა ცალი თონის თხელი ლავაში, ისე გვშიოდა სულმოუთქმენლად გადავსანსლეთ, ცოტა ხანში კი ყველას თავბრუ დაგვეხვა, ზოგს გვაღებინა კიდეც, დედა მიხვდა რომ ეს პური იყო მარეველა-მათრობელა „დალიჯა“, შემდეგ ბოსლის კუთხეში მივწექით და მკვდარივით ჩაგვეძინა. მეორე დღეს გვიან გავიღვიძეთ, დედამ გაგვამზადა სოფელ კოთელიისკენ გასამგზავრებლად, როგორც სხვა დროს ახლაც დაგვირიგა მოხარშული კარტოფილები, როდის ასწრებდა ან სად ინახავდა ჩვენთვის ცნობილი არ იყო, არც ერთი ჩვენთაგანი ძალზე მშიერიც რომ ვყოფილიყავით ჩუმად აღებას ვერ გაბედავდა, ვიცოდით რომ ვინც რამეს მოიპარავდა მაშინვე ჯუჯად, ბაყაყად ან ხვლიკად გადაიქცეოდა. გამგზავრების წინ მასპინძელმა ქალმა თითო ჭიქა რძე დაგვალევინა, რამაც სიცოცხლე დაგვიბრუნა…

***

სოფელ მოლოთთან მენშვიკური სამხედრო სარდლობის მიერ მოწყობილი იყო ხერგილი ჯავახეთში გადასასვლელად. ხელის შეხებით ჩხრეკდნენ ლტოლვილებს დიდსა თუ პატარას, დედას მუხლის სახსართან დამაგრებული ჰქონდა მამისგან მიცემული უკანასკნელი ვერცხლის და ქაღალდის ფული, უფროს ძმას ვანოს მაუზერი ჰქონდა ცხენის უნაგირის კეხის ქვეშ, ხერგილის გავლამ მშვიდობიანად ჩაიარა.

სოფელ ჭიხარულას შესასვლელში ოსმალთა ასკარების ჯგუფმა შეგვაჩერა. მამას ჩოხა ეცვა, პაპისეული ვერცხლის მესრებით და ქამრით, დედას არ დაუჯერა და ასე შეიმოსა, ყველაფერი წაართვეს, წინააღმდეგობის გაწევის გამო შორს გაიყვანეს, სცემეს და მოგვიანებით გამოუშვეს. ჩვენ კი იმ მთვარიან, სუსხიან ღამეში, ბეჟანოს ჭალაში ველოდით მამას და ფეხები რომ არ გაგვყინოდა აქეთ-იქით დავრბოდით.

ჯავახეთის სოფლები თავის მკვიდრთა დაბრუნებას თოვლიან ღამეში ხვდებოდა, დედა გვანუგეშებდა სახლში მისვლისთანავე დაგვაპურებდა, სოფელში გვიან ღამე შევედით, მიწური სახლებიდან აქ-იქ ამოდიოდა კვამლის ბოლი, ეტყობა ზოგიერთები წინა დღით დაბრუნებულიყვნენ. ჩვენი სახლი სოფლის საყდართან ახლოს იდგა, რომ მივუახლოვდით დიდი ოთახის ბუხრიდან ამოსული ბოლი შევნიშნეთ. მშობლებმა იფიქრეს ალბათ ვინმე შემოსახლებულიაო. იქვე ღობიდან კატა გადმოხტა, დედაჩემს კაბის ბოლოზე კუდი მიუცაცუნა, ჩვენ გაგვეხარდა და მოვეფერეთ. დატოვებული 45 ძირი ფუტკრის სკებისგან ნატამალიც არ დარჩენილიყო, ჩვენი ქოფაკებიც არსად ჩანდნენ. სახლის კარები მანამ არ გაგვიღეს სანამ ჩემმა ძმამ ვანომ მაუზერი სამჯერ არ გაისროლა.

ჩვენს სახლს დაპატრონებოდა ახალციხის მაზრის სოფელ ობორიდან ათამშა ორი ცოლით და სამი ბავშვით. დედამ, თურქული ენის დიდებულად მცოდნემ ათამშას ცოლების მოწონება დაიმსახურა, საბძლიდან თივა მოგვატანინა, ბუხარი დაანთო, სითბო და სინათლე ერთად მივიღეთ. შემდეგ ათამშას ცოლებთან ერთად ბუხარში ერბოიანი პურები დააცხო და დაგვაპურა. მკვდარივით ჩაგვეძინა, დილით გავიგეთ ათამშა გაპარულიყო, დაუტვირთია 12 ხარ-კამეჩი ჩვენი ამბრებიდან მოპარული ხორბლით და ქერით, სამი ურემი თივაც ზედ მიუყოლებია. დედამ მორჩენილი პურებით გამოგვკვება, შემდეგ გავვარდით სოფელში, ჩვენი თანატოლების მოსაძებნად, მაგრამ სიხარული მწუხარებით შეგვეცვალა, ბევრი ჩვენი თანატოლი ლტოლვილობაში დაღუპულიყო.

სოფელში ნახავდით დამწვარ დაბუგულ, გაძარცვულ სახლებს, შიმშილისგან დაუძლურებულ მოლასლასე ადამიანებს, გადარჩენილ მოსახლეობას სიცივით და შიმშილით დაღუპვა ელოდებოდა. მაშინ მამაჩემმა არჩილ კოპტონაშვილმა, იობ, ზურაბ, ილიკო ფანჯაკიძეებმა, მიხა ბერიძემ, გიორგი აჩელაშვილმა შეაგროვეს ფული და სამი კაცი გაგზავნეს კახეთში სიმინდის შესასყიდად. თავის გადარჩენის ერთერთი საშუალება ყანებში ჩარჩენილი ხორბლის და ქერის მარცვლები იყო, მაგრამ ძნელი იყო თოვლით, ყინულით დაფარულ ყანებში მათი ამოკრეფა. არ იყო სამუშაო იარაღები, ბარი წერაქვი, ცული, სოფელი ასკარებს პირწმინდად გაუძარცვავთ, საბედნიეროდ ათამშას ბოლომდე არ დაუნგრევია ჩვენი სათონე და რამოდენიმე მორი გადარჩენილიყო, დედამ მოიფიქრა მათგან გამოეთალათ ნიჩბები, რათა ადამიანებს შეძლებოდათ ცოტაოდენი მარცვალი ამოეკრიფათ ყანებიდან. პირველ ჯერზე ჩვენ ბავშვებმა ორი გირვანქა მარცვალი შევაგროვეთ, სპილეძის თასებით ვაშრობდით ბუხარში ცეცხლზე და შემდეგ ხელის საფქვავით ვფქვავდით. საჭირო იყო მარაგის დაგროვება, კარგ ამინდში ყოველთვის გავდიოდით მარცვლის მოსაგროვებლად. სოფელში ბევრს მოგროვების თავიც არ ქონდა, დედა საღამოობით გაგვივსებდა ხორბლით ჯამებს და ვურიგებდით გაჭირვებულ ოჯახებს.
დადგა 1919 წლის იანვარი, სოფელში ამბავი მოვიდა ბორჯომში ვაგონით შემოეტანათ სიმინდი კახეთიდან. ამ სიმინდის სოფელში მოტანას ახალციხეზე შემოვლით 10-15 დღე მაინც სჭირდებოდა.

თურქთა ასკარების ბანდები ისევ დათარეშობდნენ, იტაცებდნენ ჯოგებს, ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, იჭრებოდნენ ოჯახებში, აუპატიურებდნენ ქალებს, მამაკაცები ტყვედ მიჰყავდათ, ცეცხლს უკიდებდნენ სახლებს. 1919 წლის 10 მარტის მთავრობისადმი ბაკურიანიდან გაგზავნილ დეპეშაში ნათქვამია: „ჯავახეთის სოფლები სარო, ხიზაბავრა, გოგაშენი, კოთელია, ბარალეთი და სხვა ოსმალთა ასკარებმა გაანადგურეს, ქონება მთლიანად დაიტაცეს, ქალები და ბავშვები გააუპატიურეს, ხალხი დახოცეს, ბევრი წაიყვანეს და განაგრძნობენ სისასტიკეს“.

1919 წლის თებერვლის თვე იდგა, თოვლიანი და ყინვიანი, გაზაფხულის ნიშან-წყალიც არსად ჩანდა. ახალციხიდან მომავალ გზაზე მდებარე სოფელ კარევნის მხრიდან ჩვენს სოფელს კოთელიას მოადგა შაშხანებით შეიარაღებული ასკარების ბრბო, ორასზე მეტი იქნებოდა, მოედვნენ სოფელს, შევარდნენ სახლებში დაიწყეს დარბევა. როგორც შემდეგ გაირკვა ბრბოს მეთაურობდა ახალციხელი მოლის შვილი იაკიფ-ბეგი, მისი სამი მცველით. მოგვადგა ჩვენც, მამასახლისის მოკითხვის მიზნით, (მამაჩემი არჩილი სოფელმა მამასახლისად დანიშნა). მამამ იაკიფ-ბეგი მიიწვია ბიძაჩემის თედოს ოდა სახლში, სადაც კრებები იმართებოდა ხოლმე. სოფლის გზირმა თედო წინწკალაძემ ჯავახური წივით ბუხარში ცეცხლი დაუნთო იაკიფ-ბეგს, რომელმაც მამასახლისს უბრძანა, სოფლის ქალ-რძალნი მოეგროვებინა და ჭალაში მწკრივად დაეყენებინა, თან გააფრთხილა არავინ გადაემალა, თორემ სასტიკად დაისჯებოდა 25 როზგის დარტყმით. ამასობაში კი იაკიფ-ბეგის ბრბო სოფელში აგროვებდა ხალიჩებს, ფარდაგებს, ჭურჭელს წასაღებად. ილიკო ფანჯაკიძის ორი ხარი დაკლეს და არყის ქვაბებით შემოდგეს მოსახარშად. მამაჩემმა ზრდილობისთვის იაკიფ-ბეგს მოსაუბრედ მისი მოადგილე ფანჯაკიძე დაუტოვა, შემდეგ სოფლის გზირს თათრულად მიმართა, იაკიფ-ბეგის გასაგონად, იობ ფანჯაკიძის ცხენი მოეყვანა, ასე უფრო ჩქარ-ჩქარა შეძლებდა სოფლის შემოვლას და ქალების ჭალაში გაყვანას.
არჩილი შეჯდა ცხენზე თუ არა იმ თოვლიან, ქარბუქიან ამინდში მოჰკურცხლა სოფელ გოკიოსკენ, სადაც ეგულებოდა ამ სოფლის უფროსი გამაჰმადიანებული ასად აღა, გვარით მაჩაბელი და მოუხსენებია იაკიფ-ბეგის განზრახვის შესახებ. ასად აღას მიუღია გადაწყვეტილება სოფელ კოთელიაში გამოეგზავნა ასი გიჟი „იუზ-დალი“, სოფელ გოკიოს შეიარაღებული რაზმი, მეთაურად კი თავისი სიძე დის ქმარი გიჟი „ალია“ , გამაჰმადიანებული აბაშიძე დაუნიშნავს.

დედა როგორც სხვა დროს ახლაც სოფლის მცხოვრებთა გაჭირვებას ჩემი საშუალებით შეიტყობდა ხოლმე, ამზადებდა მცენარეებისგან ნაყენებს, მალამოებს და მე მიმქონდა ავადმყოფებთან. სოფლის შარაგზაზე, ფანჯაკიძეების უბანში, დედის დასაქმებულმა დავინახე, სოფელ გოკიიდან ასზე მეტი შეიარაღებული ცხენოსანი, ჯავახური ტანსაცმლით და ქუდებით. ცხენოსნებმა სოფელი ალყაში მოაქციეს, ნაწილი მოსახლეობაში განაწილდა, შეტყობინება გაუგზავნეს იაკიფ-ბეგს რომ ისინი ალყაში არიან, თუ წინააღმდეგობას გასწევდნენ არ დაინდობდნენ.

გოკიოდან მოსული რაზმის უფროსი “გიჟი ალია“, მამასახლის არჩილთან ერთად, იაკიფ ბეგს მიადგა ოდა სახლში, ბუხართან გასათბობად მიმჯდარს. გიჟი ალია შეარქვეს თანასოფლელებმა, რადგან ის ყოფილა ძალზე გულადი, გამბედავი, ბრძოლაში შეუპოვარი და სამართლიანი. იაკიფ-ბეგს შესვლისთანვე შესძახა ამდგარიყო ფეხზე და ისე მოესმინა მისთვის: “შენ ახალციხის მოლის შვილს მამაშენმა ის გასწავლა უდანაშაულო, გაწამებული დევნილი ხალხი დაარბიო, გაძარცვო, გააუპატიურო ქალ რძალნი, შენ რომ აქედან წაეთრევი, ჩვენ ამ სოფლის მცხოვრებნი რას გვიზამენო“. შემდეგ მიუბრუნდა მამასახლისს და სთხოვა მოეტანა მისთვის ნავთი, რათა ოდაში გამოეწვა იაკიფ ბეგი თავისი მოადგილეებით. მე იქვე მამის გვერდით ვტრიალებდი, თათრული კარგად მესმოდა და ყველაფერი გავიგე. გავიქეცი დედასთან, მოვუყევი რასაც აპირებდა გიჟი ალია, დედამ თავში ხელები შემოირტყა, თავშალი გადააგდო და გამოიქცა, ალიას ფეხებში ჩაუვარდა ნუ იზამ ამასო, თურქული ენით მიმართა ჯერ მე დამწვი, შემდეგ ეგენიო. ამასობაში იაკიფ ბეგი გამოვიდა ოდიდან თავისი მხლებლებით და პირობა მისცა გიჟ ალიას რომ სოფელს დატოვებდა. ეს ამბავი ისეთ მოკლე დროში მოხდა რომ მოძალადეებმა არყის ქვაბებში მოთუხთუხე ხორცის შეჭმა ვერ მოასწრეს, შემდეგ ეს ხორცი სოფელში დავარიგეთ. იაკიფ ბეგის ბრბო ზლაზნვით დაადგა ვარევნის გზას, ალიამ გააფრთხილა იაკიფ ბეგი, ვარევანიც ჩვენი მეზობელი სოფელია და ხვალ ჩემი რაზმით იქ მოვალო. შემდეგ გავიგეთ ვარევანში ერთი ხარი შეუჭამიათ, ვითომ მოსახლეობას თავისი სურვილით დაუკლავს.

ალიამ მისი რაზმი კოთელიაში ათ დღეზე მეტი დატოვა, რათა მოხეტიალე ასკარების ჯგუფებისგან სოფელს თავი დაეცვა. გოკიას თათრები ამ დამცველ რაზმს უგზავნიდნენ ცხვარს, საქონელს, პურს საკვებად.

მარტო ჩვენი სოფელი არ იყო ასეთ დღეში. ამბები მოდიოდა რა სისასტიკით ეპყრობოდნენ ქართულ და სომეხ მოსახლეობას მეზობელ სოფლებში: ბალანთა, ბეჟანო, ჭიხარულა, ალასტანი, ღადო, ბარალეთი, იხტილა და სხვა. ძარცვა, მკვლელობა, გაუპატიურება თითქმის ყოველდღე ხდებოდა. ბევრმა ქალიშვილმა, რძალმა და დედა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, ძალადობის და შეურაცყოფის გამო.

მამასახლისი არჩილი, მოადგილე იობ ფანჯაკიძე, სოფლის დამცველი რაზმის მეთაური ალია, და კიდევ სამი პირი ეახლნენ ახალქალაქში ფაშას, და მოახსენეს იაკიფ ბეგის, სხვა ჯგუფების თარეშის შესახებ. ფაშას მშვიდად უთქვამს: „აქ რატომ არ მოიყვანეთ ისინიო?“ გაოცებული და უიმედოდ გამობრუნებულან უკან.

————————-

იხილეთ აგრეთვე

გულიკო საბაძე: რეხა – ერთადერთი უძველესი ქართული  სოფელი წალკის რაიონში

ვიკიპედია:   საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

გამოცხადებული დამოუკიდებლობის ქრონიკები