Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გელა ჯიღაური – წინამძღოლი

გელა ჯიღაური

წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი. უკვდავება გმირისა
“მოთმინების ფიალადაცლილი, ამხედრებული” კაცუნები ანუ ვინც მახვილს აიღებს…
ავი, ავყია, ბოროტი ანუ ჯოჯოხეთმონატრებული კიტუნია და პატრონები მისი
როცა ფეხი დაადგეს…
ბოროტისაგან ბოროტება გამოდის! ანუ გაფრთხილდით ამხანაგო პრეზიდენტო!
ვისი გორისა ხარ შენ, “ევროპელო ქართველო?”
ვაი ქართველებს – თქვენ არავინ არა ხართ, ბატონო …
ზურაბ ფიფია: მ ე ვ ი ტ ყ ვ ი ს ი მ ა რ თ ლ ე ს!
“ვარსკვლავთცვენა”
ენა ჩვენი ქართული
რუსებო წადით! წადით! წადით!!!
ცრუნი. “პოეტი-დირექტორი-ვანგა”
უფსკრულში ჩაჩეხილი ქვეყანა – “განაჩენი” საბოლოო არ არის ანუ წრე უკვე შეკრულია. რეტრო ანუ ისმინეთ!

 

 

 

წ ი ნ ა მ ძ ღ ო ლ ი

 

არ არსებობს ერი, ისტორია მისი, ნეტარებითა და სიამაყით არ იყვნენ მოხსენებულნი სახელოვანი თავკაცები, რომელთა ცხოვრება, ბრძოლა და საქმიანობა, სარკე გახლავთ ხალხისა. ადამიანის სულისა და ხასიათიდან გამომდინარე დაუფარავად ვაღიარებ, რომ სხვისი სახელი და დიდება, სხვათა წინამძღოლთა და ერისკაცთა განდიდება ნაკლებად მხიბლავს, რადგან გული ჩემიანისკენ მიმიწევს, იგი მყავს წარმოდგენილი უმამაცესად და უმთავრესად, უპირველესად და უნიჭიერესად, მას მივიჩნევ სხვათათვის სამაგალითოდ და სანატრელად.

შევწიროთ მადლი უფალს იმისათვის, რომ ბევრი გონიერი და თავდადებული წინამძღოლი მოგვივლინა, ბევრს დააკისრა ერისკაცის ტვირთის ტარების უფლება და მისსია. დიახ, ბევრნი გვყავდნენ ასეთები მამრნიც და მდედრნიც, ახალგაზრდებიც და ჭარმაგნიც, გვირგვინოსანნიც, აზნაურნიც და უაზნონიც. ყველას ერთი ჰქონდა საფიქრალი, გასაკეთებელი, უმთავრესი ჰქონდა გულში ამოჭრილი ხელშეუხებელი მამული, დაუმორჩილებელი ერი. და განა უპრიანი არ იყო მრავალთა თავკაცთა წმინდანებად შერაცხვა? აკი ამიტომაც მოიხატა და შეიმკო მათი ფრესკებით, ხატებით ქართული ეკლესია მონასტრები, სალოცავები. ჩაუქრობლად იწვოდა სანთელ საკმეველი თავდადებული წინამძღოლების, ერისკაცების, გმირთა სახელების მოსახსენიებლად, საუკუნოდ უკვდავსაყოფად.

რომელი წინამძღოლი და ერისკაცი გავიხსენო?

საამაყოთა და სასახელოთა სიჭარბე მცირერიცხოვან ქართველთა გაუტეხელი სულის, დაუმორჩილებელი გენისა და ბუნების დასტური გახლავთ. მაგრამ, ერთი ორს მაინც გავიხსენებ: მგლისმუხლა გორგასალს, ლომგულ აღმაშენებელს, მზისსწორ თამარს, უდრეკ ქეთევანს, სხვა გვირგვინოსნებს: ფარნავაზს, მირიანს, ლუარსაბს, გიორგი ბრწყინვალეს,

თავდადებულ დიმიტრის. და ცხადია, ბოლოსთვის მოვიტოვე საწყისი, სათავე ამდენი დიდი ერისკაცისა, გმირისა, წინამძღოლისა თვით ერი ქართველი. ჯიში, რომელმაც მარადჟამ მცირერიცხოვნობისა, მტრისა და მოქიშპის გაუნელებელი მოხდომების მიუხედავად, შეუძლებელი შეძლო შეინახა და შეინარჩუნა მამული, ენა, სარწმუნოება.

შევინახეთ, შევინარჩუნეთ და… მერე ერთბაშად დავკარგეთ, ძალაუნებურად დავმორჩილდით. ბედისწერა ულმობელი გამოდგა, რადგან ჩრდილოელ ერთმორწმუნესთან ნებით მიკედლებამ მწარედ გვანანა მცდარი არჩევანი. თუმცა, ერს გულხელი არ დაუკრეფია, ბედს არ შერიგებია. ისევ გამოჩნდნენ წინამძღოლები და ერისკაცები, ისევ ადუღდა ჯიუტი ქართული სული, ისევ აბრიალდა თავისუფლებისა და დაუმორჩილებლობის მინავლებული ნაკვერჩხალი და გამოანათა ბრძენი წინამძღოლის, ილიას სახემ. სწორედ მისებრი თავკაცი, გზის სწორად გამკვალავი სჭირდებოდა ქართველობას.

აკი შეუდგა კიდეც ქართული გოლგოთის მძიმე აღმართს ერის მამა, მაგრამ წიწამურთან დაღვრილი წმინდა სისხლი დასასრული გახდა იმ ეკლიანი აღმართისა. თუმცა, წმინდანად შერაცხული ილიას შემდეგ საქართველო მაინც გახდა თავისუფალი.

ხანმოკლე გამოდგა ქართველთა თავისუფლება. ისევ ჩრდილოელმა მომიჯნავემ გვიმუხთლა. იქიდან წამოსულმა წითელმა გველეშაპმა მისივე მსგავსი პირსისხლიანი და უძღები ზოგიერთი ქართველის ნებითა და ხელშეწყობით, ვერაგულად გადასანსლა იგი.

მაშინ აიშალნენ ქაქუცა და ძმანი მისნი. ჩოლოყაშვილი გახლდათ წინამძღოლი უზარმაზარ ურჩხულთან უთანასწორო, უძალო შერკინებაში. და ვაი, რომ უხერხემლო, განწირული გამოდგა ერისკაცის თავდადება. ილაჯგაწყვეტილმა ხალხმა მხარი ვერ მისცა, მკლავი ვერ გაუმაგრა წინამძღოლს და დაიდგა დაძაბუნებულმა მამულმა წითლებისაგან გამზადებული უმძიმესი უღელი. ვერ გაუძლო, ვერ აიტანა წინამძღოლმა სამშობლოს ამგვარი ხვედრი და უცხო ცის ქვეშ, სხვის მიწაზე სვეგამწარებული ყოფა არჩია, იქ ჩაიფერფლა მამულის თავისუფლებისათვის თავგანწირული.

გაუსაძლისი, აუტანელი გახდა კომუნისტური რეჟიმი. ავგულებმა და სისხლის მსმელებმა უკან ჩამოიტოვეს უსასტიკესი, ვერაგი ტირანები და დიქტატორები. მათი ცხოვრებისა და საქმიანობის მთავარი არსი, ერთადერთი მიზანი ადამიანთა თავისუფლების ჩახშობა, შემაძრწუნებელია და დამთრგუნველი. კომუნისტების გარდა, სხვასთან არავისთან არის საჭირო იმაზე დავა, იმისი მტკიცება, რომ ადამიანთა თავისუფლება ბალავარია ამქვეყნიური არსებობისა. ეს ყველგან და ყველამ იცის, საბჭოთა იმპერიის, მისი მმართველი წრეების გარდა.

სამოცდაცხრა წელია თავისუფლებაწართმეული ქართველი ერი ბორგავს და გმინავს სანატრელი, კუთვნილი უფლების დასაბრუნებლად. ვერ იოკებდნენ, ვერა სდებდნენ მონობის ლაგამს ამაყ ქართველებს, წითლებისაგან ბოძებულ სკამებზე წამოსკუპებული ერთი მუჭა “რესპუბლიკის ხელმძღვანელები”. ეს არც მოხდებოდა, რადგან ქართული ჯიში ვერ იგუებს მბრძანებელსა და დამპყრობელს. სამოცდაცხრა წელია დიდ სამზადისშია ქართველობა, ძალას იკრებს თავისუფლების დასაბრუნებლად. მადლობა უფალს, საკმაოდ გვყავდნენ ერისკაცნი, გამუდმებით რომ გვაფხიზლებდნენ, დღენიადაგ რომ ჩაგვძახოდნენ უღლის გადაგდებაზე, შენიღბულ დაფარული ტირანიისაგან თავის დახსნაზე, სამშობლოს თავისუფლებაზე.

მომეტებულად კოლხური კოშკიდან ისმოდა ჩაგონება ქართველთა თავისუფლებაზე. მისი მკვიდრის გენიალურ ქმნილებებში ნიაღვრად იყო მოვარდნილი ღაღადისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისა. ჩვენი ეპოქის ქართული მწერლობის წინამძღოლი, დიდი კონსტანტინე გვმოძღვრავდა, სულს გვიბერავდა, გვამხნევებდა და გვამაგრებდა.

ბუნებრივია და მართალი, რომ წინამძღოლის სიტყვა თუ საქმე, ძეს მისას მისწვდებოდა პირველს. იგი გახდებოდა კანონიერი მემკვიდრე, იგი შეეხიდებოდა სახელოვანსა და მებრძოლ მშობელს.

და ჩაგვესმა სახელი ზვიად გამსახურდიასი. გვესმოდა ჩუმად, დაფარულად მის ნააზრევზე, ნაფიქრალ-ნამოქმედარზე. გვესმოდა მის თანამოსაქმეებსა და ძმადნაფიცებზე, გამორჩეულად – მერაბ კოსტავაზე. ბევრი ეხმარებოდა, უსმენდა ახალგაზრდა თავდადებულებს. მაგრამ, უშედეგო იყო და უნაყოფო გარჯა იგი გამძვინვარებული კომუნისტური იმპერია დაუსრულებლად მიმართავდა დევნასა და ტერორს, შანტაჟს, ცილისწამებას, პროვოკაციას… არ ილეოდნენ საპყრობილეებისა და გადასახლებების უმძიმესი დღეები. მაგრამ არა კრთებოდნენ, არ ნელდებოდნენ ზვიადი და მერაბი, მათი მიმდევარნი და თანამოსაქმენი. არ განელებულა არსი მათი ცხოვრებისა ბრძოლა ადამიანთა უფლებების დასაცავად. ასე შევიტყვეთ საქართველოს ჰელსინკის კავშირის შესახებ.

… იყო ორმოცდათექვსმეტი წლის სისხლიანი მარტი, სამოცდათვრამეტი წლის ქართული ენის დაცვა შენარჩუნების მღელვარე აპრილი, იყო ოთხმოცდარვა წლის მოშიმშილეთა, ეროვნული მოძრაობის აღზევების ნოემბერი, იყო ოთხმოცდაცხრა წლის მსხვერპლთშეწირვის სისხლიანი ცხრა აპრილი, იყო მერაბ კოსტავასთან განშორების შავი ოქტომბერიც. დაგვაკლდა ერთერთი წინამძღოლი, თავდადებული მამულიშვილი.

ღმერთს არასდროს გაუწირავს ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა, რადგან ამ მიწის მკვიდრნი უყოყმანოდ ანაცვალებდნენ სიცოცხლეს მამულს, ენასა და სარწმუნოებას.კიდევ იმიტომ გადარჩა პატარა იბერია, რომ ყოველთვის ჰყავდა წინამძღოლები და ერისკაცები. ახლაც, ამ აბობოქრებულსა და აფოფრილ საქართველოშიცა გვყავს წინამძღოლი, ბატონი ზვიად გამსახურდია. ამიტომაც, ნუ გავხდით უსაშველოდ და დაუძლევლად ეროვნულ მოძრაობაში წარმოქმნილ უთანხმოებას, ნუ გავახარებთ მტერს და ავის მსურველს ჩვენივე დაკნინებითა და უიმედობით, რადგან არა გვაქვს უფლება ამისა.

გავყვეთ წინამძღოლს, ყური მივუგდოთ, ვიწამოთ მისი რჩევა და სიტყვა, ვენდოთ მის აზრსა და ფიქრს, რადგან ეროვნულსა და პოლიტიკურ მოღვაწეს აქვს ნიჭი, უნარი საერო საქმეთა შორის უპირველესის აღსრულების სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსპოვებლად.

… ვერ აისრულა, ვერ ეღირსა ბრძენი ილია სამშობლოსა და ერის თავისუფლებას. სამუდამო განსასვენებელსაც მგლოვიარე სამშობლოს სიმბოლო დაუდგა მცველად და ნუგეშად. თუმცა, იმედად დაგვიტოვა წინასწარმეტყველის უტყუარი ალღოთი თქმული: “აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია”. და დაგვიდგა ეს მომავალი, ჩვენივე ხელით აღსასრულებელი. და უნდა აღვასრულოთ იგი ყველამ ერთად, სრულიად საქართველომ.

 

გაზეთი “შავლეგო”

1990 წელი. ოქტომბერი

 

უკვდავება გმირისა

 

“მამაჩემი იმთავითვე შთაგვაგონებდა ორივეს ეროვნულ იდეებს. გვათვითცნობიერებდა, თვალს გვიხელდა სინამდვილეზე, დამოუკიდებელი საქართველოს ოცნებით გვზრდიდა”. ზვიად გამსახურდია ხუთშაბათობით და ყოველ კვირა დღეს, საეკლესიო დღესასწაულების დღეებში, მამა დავითის ეკლესიიდან გამოსული, წმინდა ილია მართლისა და დიდი განმანათლებლის იაკობის საფლავებთან ერთად, ბოლნისის სიონის ბრინჯაოს ჯვრით შემკულ საფლავს მივეახლები და ჯვარს გადავწერ იქაურობას.

აქ საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა განისვენებს.

დღეს 13 ოქტომბერია. გმირის გარდაცვალების დღე. ცხრა წელი გავიდა თავზარდამცემი ტრაგედიის მოხდენიდან. ამ ხნის მანძილზე ბევრი დაიწერა და ითქვა მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და საქმიანობაზე, თავგანწირულ ბრძოლაზე. თუმცა, ბევრზე ბევრი ჯერაც სათქმელია და სამზეოზე გამოსატანი. ბუნებრივია, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირის ამბავთა მოწმეა მისი დედა, ქალბატონი ოლღა დემურია კოსტავა და მასთან ერთად, მერაბის უახლოესი მეგობარი, უერთგულესი თანამებრძოლი, საქართველოს მარადიული პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მეუღლე, ქალბატონი მანანა არჩვაძე გამსახურდია.

შემოთავაზებულ საუბარში მოთხრობილია კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახთან მერაბ კოსტავას ურთიერთობაზე, ეროვნული მოძრაობის პატრიარქ ზვიად გამსახურდიასთან მეგობრობასა და ძმობაზე, სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეულ უმძიმეს ბრძოლაზე. პრეზიდენტის მეუღლე მოსაწონი გონიერებით იხსენებს გმირის გაცნობის დღეებს, შემდგომი ურთიერთობის საინტერესო და ლამაზ პერიოდებს.

მანანა არჩვაძე გამსახურდია: მერაბ კოსტავა 1971 წელს გამაცნო ზვიადმა, სახლში მესტუმრნენ. ცხადია, ჩემთვის უცნობი იყო ზვიადის მაშინდელი ჩანაფიქრი, ოთხი წლის შემდეგ რომ გაცხადდა. დღეს, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფისთვის, მაინც ღიმილის მომგვრელია ზვიადის მაშინდელი, ერთგვარად ბავშვური მოქმედება.

შესაძლოა ეს ზვიადმა მერაბის აზრის შესატყობად, სათანადო რჩევის მისაღებად მოიმოქმედა?

– საფიქრებელია, რომ ზვიადმა მეგობრისგან სასურველი რჩევა მიიღო, რაც შემდგომში საქმით დადასტურდა. პირველი შეხვედრისას მერაბმა გულახდილი, დაუფარავი საუბარი დაიწყო იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ, თუმცა ზვიადისაგან უკვე ყველაფერი ვიცოდი. მაგრამ, მერაბი იმდენად პირდაპირი და უშუალო იყო, რომ დაწვრილებით გამაცნო თავიანთი მომავალი სამოქმედო გეგმა. მთავარი მიზანი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გახლდათ. ზვიადმა უთხრა, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ცნობილი იყო და სხვა თემაზე მსჯელობა შესთავაზა. დიდხანს ვისხედით, ვსაუბრობდით პოეზიაზე, მუსიკაზე. ზვიადი და მერაბი საშუალო სკოლაში ერთად სწავლობდნენ, ერთად დაამთავრეს მუსიკალური ათწლედიც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ შემდეგში ჩვენთან სახლში, ხშირად ძალზე ლამაზად, მეგობრულად ეჯიბრებოდნენ ფორტეპიანოზე დაკვრაში. მერაბი უმეტესად ბეთჰოვენზე მუშაობდა, ზვიადი ბეთჰოვენსაც უკრავდა, მაგრამ უპირატესობას შუბერტსა და შოპენს ანიჭებდა. ის დღეები ჩემთვის დაუვიწყარია და საამოდ გასახსენებელი. დღეს სურათები გადავათვალიერე, თვალი შევავლე ორივეს და გული დამიმძიმდა. როგორია, ასეთი პიროვნებების გვერდით ყოფნა და მოულოდნელად განშორება. აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფერი მომისწრია. ჩვენი ერთად ყოფნა ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნდა, რადგან მათში უკვდავებას ვხედავდი, ამას ისინი თავიანთი სულიერებით, აზროვნებით, საქმით ამტკიცებდნენ. ზვიადისა და მერაბის ფიზიკურ დაკარგვაზე არასდროს მიფიქრია, მიუხედავად ამის მოხდენის უამრავი პერიოდების არსებობისა, თუნდაც ცალკეული და ერთობლივი დაპატიმრებების დროს. არასდროს მიფიქრია მათთან განშორებაზე, ამ უმძიმესი ჟამის დადგომაზე. ის კი არადა, ყოველთვის ჩემს თავს ვხედავდი ამაქვეყნიდან გარდასულად. მათ არასდროს.

ჩვენს ურთიერთობას მარტო მეგობრულს ვერ დავარქმევ. მიმაჩნია, მსგავსი არასად არავის ჰქონია. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რომ “ვეფხისტყაოსანი” მათთვის დაიწერა. მათს ურთიერთობას, საქმიანობას, აზროვნებას, ცხოვრებისადმი მიმართებას, სულიერ კავშირს, სამშობლოსა და ერისათვის თავდადებას რომ ვაანალიზებ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები ტარიელისა და ავთანდილის აუცილებელ არსებობაში. ისინი მეოცე საუკუნის “ვეფხისტყაოსნის” გმირები იყვნენ. ამ ორი პიროვნების, ორი რაინდის მოვლენით ღმერთმა საქართველო არ გასწირა. მათ ქართველებს თვალნათლივ დაუმტკიცეს ურღვევი, ჭეშმარიტი მეგობრობის სინამდვილე. ამგვარ ტრადიციას შენარჩუნება მართებს, რაშიც ალბათ ისევ უფალი მოგვიწყობს ხელს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა დაიღუპება. სწორედ უღალატო, უმტკიცესი მეგობრობა იყო საფუძველთა საფუძველი, უმთავრესი ზვიადისა და მერაბის ურთიერთობაში. ისინი ერთმანეთს ამაგრებდნენ, აძლიერებდნენ, ხელს უწყობდნენ, რათა ძნელბედობის დროს, მათი ცხოვრება კი ყოველთვის მძიმე და გაუსაძლისი გახლდათ, სხვანაირად დაფიქრების საშუალება არა ჰქონოდათ. მათში ხომ მიწიერს უფრო ზეციური სჭარბობდა. ისინი მუდამ მზად იყვნენ თავგანწირვისთვის, რაც ყველას არ შეუძლია. შეიძლება ვინმეს ამისი სურვილი გაუჩნდეს, მაგრამ აღსრულება გაუჭირდეს. მერაბისთვის მსგავსი არაფერი არსებობდა, საკუთარ თავზე ფიქრი გამორიცხული იყო. ალბათ ამით იყო გამოწვეული ის, რომ ზოგჯერ იმდენად თამამ ნაბიჯს გადადგამდა, რომ შეიძლება უკან მოხედვის საშუალება აღარ ჰქონოდა და ყველაფერი უსიამო შედეგით დამთავრებულიყო. ზვიადი უფრო თავდაჭერილი იყო, უფრო შორს იხედებოდა და ყოველთვის ეუბნებოდა: თუ შენზე არა, ჩემზე მაინც იფიქრე, მარტო ხომ არ უნდა დამტოვო, შევძლებ კი მერე უხელ-ფეხოდ სიარულს? გთხოვ, ხშირად იფიქრო იმაზე, რომ საქართველოსთვის ხარ საჭირო და აუცილებელი. შენს გარეშე ძნელია ჩემი არსებობა და საქმიანობა.

და მართლაც, მერაბის გარდაცვალების შემდეგ ზვიადი მარტო დარჩა. მარტოობასაც გააჩნია. მინახავს ეულად დარჩენილი მარტოხელა მშობლები, ხდება ასეთი ტრაგედიები, მაგრამ ისინი სულ სხვა პიროვნებები არიან და იმგვარი საფიქრალ – გასაკეთებელი არ გააჩნიათ, როგორიც ზვიადს ჰქონდა. მათ ხომ – დიახ, ოჯახში ყველა ვმღეროდით. გარდა ამისა, მუსიკალური განათლებაც მივიღე. დამეთანხმებით, რომ ამგვარ ვითარებაში ადამიანები უფრო ახლოს ეცნობიან, ეჩვევიან და უახლოვდებიან ერთმანეთს.

ცრემლებით აევსო მშვენიერ მასპინძელს მომხიბვლელი და გონიერი თვალები.

ყოველთვის ძნელია ჩემთვის ორი ბუმბერაზი ადამიანის და არა მარტო მათი, უცრემლოდ გახსენება. ამ დროს, თითქოსდა საკუთარი თავის სისუსტეს შევიგრძნობ ხოლმე, მაგრამ შეუძლებელია მოწოლილი სევდისა და ტკივილისათვის მუდმივად გვერდის ავლა.

ახლა გავაგრძელებ ბატონ კონსტანტინესთან, ჩემს მამამთილთან პირველი შეხვედრისა და გაცნობის ამბავს. როგორც აღვნიშნე, ზვიადმა და მერაბმა სახლში მომაკითხეს. თურმე, ყველაფერი წინასწარ მოუფიქრებიათ და მოულაპარაკებიათ. ჩავსხედით მანქანაში და ის იყო დავიძარით, ზვიადმა ბოდიში მოიხადა და დავიწყებული ნივთის გამო სახლში მცირე ხნით შევლის ნებართვა გვთხოვა. მივედით კოლხურ კოშკთან, ზვიადი გადავიდა და მერაბს დარჩენილი ნივთის გამოტანაში დახმარება სთხოვა. მერაბმა კი ვითომცდა ჩემი მარტოდ დარჩენა იუხერხულა და ეზოში შესვლა შემომთავაზა. გადავედი, ეზოში გავჩერდი. დავინახე, რომ მერაბი კიბეზე ავიდა. თურმე ბატონი კონსტანტინე მზადყოფნაში იყო და ჩემს მისვლას ელოდებოდა, რადგან ზვიადისთვის ბევრჯერ უთხოვნია ჩემი ნახვის თაობაზე.

ქალბატონი მირანდა და თამარი მაშინ ცოცხლები აღარ იყვნენ?

– დიახ, ორივენი გარდაცვლილნი გახლდნენ. ქალბატონი მირანდა ოთხი წლის გარდაცვლილი იყო. არც თამარი იყო ამ ქვეყნად, იგი 1973 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კიბეებზე ასული მერაბი მომიტრიალდა და უკვე სახლში შესვლა შემომთავაზა. რადგან მათი ჩანაფიქრის შესახებ არაფერი ვიცოდი, გავბედე და შევედი. ზვიადი მამასთან იყო კაბინეტში. მერე გამოვიდა, მერაბს ნიშანი მისცა და ოთახში შებრუნდა, კარი სანახევროდ ღიად დატოვა. ამ დროს მერაბმა ხელები ზურგზე მომაბჯინა და კარგა გვარიანად მიბიძგა. ასე აღმოვჩნდი კაბინეტში. ბატონი კონსტანტინე წამოდგა, გადამეხვია და გულში ჩამიკრა. გაოგნებული ვიყავი. ხუმრობა ხომ არ იყო, ამხელა პიროვნების წინაშე წარდგენა. უმალ ყველა მისი ნაწარმოების გმირი დამიდგა თვალწინ, ასე რომ შეგვაყვარა, განუზომელი სიხარული და სილამაზე რომ გვარგუნა. დამეთანხებით, თუ რაოდენ ძნელი იყო ესოდენ დახვეწილი, უსაზღვრო გემოვნების მქონე ადამიანზე სასურველი შთაბეჭდილების მოხდენა, დადებითად აღქმა. მაკოცა და მკითხა, თუ რატომ ვაგვიანებდი მათთან საცხოვრებლად გადასვლას. მესმის, რომ ძნელია მშობლების სახლის დატოვება, მაგრამ მეუღლის სახლში ცხოვრებაც ხომ აუცილებელიაო (თუმცა, მაშინ ზვიადის მეუღლე ჯერ არ ვიყავი). მერე ზვიადს გადახედა და კმაყოფილმა უთხრა: ყოჩაღ, ბიჭო! სუფრა უკვე გაშლილი იყო. მერაბი უსაზღვროდ გახარებული და ბედნიერი გახლდათ. ძალზე დამახასიათებელი ჯდომა იცოდა მხრებში ფართოდ გაშლილი, სახენათელი.

ღელავდა მერაბი დიდ კონსტანტინესთან თქვენი წარდგენა გაცნობის დროს?

 

– სრულებით არა. ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა. ცოტათი ჩემს წინაშე გრძნობდა თავს უხერხულად, რადგან ჩუმად ვუსაყვედურე თავს გადამხდარის გამო. ცხადია, მერაბს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან დიდად გახარებული გახლდათ ძმისა და მეგობრისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის წარმატებით მოგვარებით, მასში მისეული წილის ჩადებით. მაგიდას ზვიადი თამადობდა. ბატონი კონსტანტინე ზომიერად სვამდა. ერთი რამ გამორჩეულად მინდა აღვნიშნო. მაგიდაზე დაჭრილი ქათამიც იყო და მრგვალად მოხარშულიც, იყო მისი საყვარელი შაშხიც. აიღო ბატონმა კონსტანტინემ მთლიანი ქათამი, ოთხად გაჭრა და ოთხივეს თანაბრად შეგვახვედრა. მერე შაშხიც ოთხად გაანაწილა.

გამოდის, მწერალმა ამით თქვენ გამსახურდიების ოჯახის სრულუფლებიან წევრად ჩაგთვალათ.

– ალბათ. მაგიდასთან ყოფნისას ყურადღებას არ მაკლებდა. მისაყვედურა კიდეც უჭმელობის გამო და მითხრა, რომ ამას არ მომიწონებდა. მე კი გონებაში ისევ მწერლის გმირებს ვუპირისპირდებოდი. მეგონა მათი საზომით აღმიქვამდა ბატონი კონსტანტინე. მერაბს, როგორც შვილს, ისე მიმართავდა და ეპყრობოდა, ზვიადისგან არ ანსხვავებდა. და ასე იყო ყოველთვის. განმარტოებულები, საათობით საუბრობდნენ, მსჯელობდნენ, კამათობდნენ.

არ იმღერეთ?

– რასაკვირველია. სამივემ უზადოდ იმღერეს მრავალჟამიერი. სხვათა შორის, არსებობდა ბატონ კონსტანტინესა და ზვიადის მიერ ორ ხმაში შესრულებული სიმღერის ჩანაწერი, რომელიც ერთხელ რადიოთიც გადაიცა. ზვიადისა და მერაბის მიერ შესრულებული სიმღერების ჩანაწერებიც გვქონდა, რომლებიც კოლხურ კოშკში გაჩაღებულ ხანძარს შეეწირნენ. შესაძლებელია, ვინმეს აქვს რაიმე ჩანაწერი, მაგრამ დღემდე არავის არაფერი მოუწვდია. საფიქრებელია, უკანონო ხელისუფლების მოკვდინებას ელოდებიან და მერე გაბედავენ იმ სავარაუდო ჩანაწერებისა თუ სხვარამ საინტერესოს, ღირებულის გადმოცემას. არადა მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ერის კუთვნილი განძია, რომელსაც გაფრთხილება და შენარჩუნება მართებს. მე მაშინ ხმა არ ამომიღია, ვერ შევბედე, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კონსტანტინე ჩემდამი უდიდეს ყურადღებას იჩენდა, უსაზღვრო სითბოს გაიღებდა, ცდილობდა, რაც შეიძლება თავისუფლად მეგრძნო თავი. მერე დავემშვიდობე ოჯახის თავკაცს და მეგობრებმა დილით მოცემული პირობა შეასრულეს მცხეთაში წავედით, სვეტიცხოველსა და ჯვარს მივეახლეთ. სამივენი ბედნიერები ვიყავით. შინ მიცილებისას იმ პირობით დამემშვიდობნენ, რომ მალე გადავიდოდი კოლხურ კოშკში საცხოვრებლად.

ხელის მოწერის დღე დავთქვით. ეს იყო 1974 წელს. ერთ-ერთი რაიონის მმაჩის ბიუროში ნაცნობი გვყავდა და იმან მოგვიხერხა. ცხადია, მეჯვარე მერაბი იყო. ჯვარი კი ვერ დავიწერეთ, ამისი ნებართვა არ მოგვცეს. ეკლესია მწყრალად იყო ჩვენზე. მიზეზი მაშინდელ თვითგამოცემებში ეკლესიებში დატრიალებული ამბების მამხილებელი წერილების გამოქვეყნება გახლდათ. არამცთუ ჯვრის წერა, ბავშვის მონათვლაც კი აგვიკრძალეს.

ჯვარი 1991 წელს, ნათლისღების დღეს, მეტეხის ტაძარში, საიდუმლო ვითარებაში დავიწერეთ. სანამ ზვიადი პრეზიდენტი არ გახდა, შიოლაშვილმა ამისი ნებართვა არ მისცა. ზვიადმა დამირეკა და მითხრა ტაძარში მივსულიყავი, რატომღაც ბავშვების დასწრება არ მოისურვა, უხერხულიაო. მე კი ძალიან მინდოდა, რომ ისინი ჩვენთან ყოფილიყვნენ. თოვდა და ბნელოდა. ტაძარი გაგვიღეს, სინათლე არ იყო, სანთლები ავანთეთ, მერე ოთხი მგალობელიც გამოჩნდა და ასე მოკრძალებულად, თითქმის ჩაბნელებულ ტაძარში, არცთუ სასურველი ადამიანების გარემოცვაში დავიწერეთ ჯვარი. ზვიადი ძალზედ ბედნიერი იყო, შვებით ამოისუნთქა. იმ ბედნიერ დღეს ახლდა უდიდესი გულისტკივილი და სევდა – მერაბი ჩვეთან აღარ იყო. გვტკიოდა ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის ჯვრისწერა ასე მალულად, ერისგან დაფარულად მოხდა. პირიქით კი უნდა ყოფილიყო სრულიად საქართველოს უნდა ეხილა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი არავინ გადაიღო ფირზე, მხოლოდ მოგონებად დარჩა ის ძალზე ამაღლებული სანახაობა.

ცნობილია, რომ წითელმა ხელისუფლებამ, სუკმა ყველაფერი იღონა დიდი მწერლის ტირანად, კაცთმოძულედ, უხეშ და ქედმაღალ პიროვნებად წარმოსაჩენად, ყველანაირად ესწრაფოდნენ ხალხში მისდამი სიძულვილისა და ზიზღის გაღვივებას. სინამდვილეში კი ბატონი კონსტანტინე უსაზღვროდ კაცთმოყვარე, თბილი, გამტანი, მოსიყვარულე ადამიანი გახლდათ. თქმით ხომ არაფერს გეტყოდათ, არც უხასიათობითა თუ უსიამო განწყობით გაგრძნობინებდათ შეუძლოდ ყოფნას.

მხოლოდ ის იყო, საცხოვრებლად მათთან გადასვლის პირველ ხანებში ხშირად ტიროდა მეუღლესა და ქალიშვილს. ზვიადის არაერთგზის თხოვნის მერე შეწყვიტა გლოვა. მამას ზვიადი უმეტესად სასიყვარულო სახელით მიმართავდა. ზვიადმა მეც და შვილებსაც შეგვარქვა მოფერებითი სახელები. მამაშვილის ურთიერთობა ხშირად ძალზედ ბავშვური და ღიმილის მომგვრელი იყო.

ეს ყველაფერი ხომ ორი გენიის თანაარსებობა იყო.

– დიახ. და უნდა მოგესმინათ, მართლაცდა ამ ორი გენიის საუბრისთვის, დაგენახათ მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება მამა და შვილი, დედა და შვილი, ბაბუა და შვილიშვილი.

ზვიადი საკმაოდ ბავშვური იყო.

– ძალიან.

პრეზიდენტს სახელით მოვიხსენიებთ. მარტო მე არა, ქართველებიც ასე მოიხსენიებენ. თქვენც მანანას გეძახიან. და ეს განუზომელი სიყვარულის, უსაზღვრო პატივისცემის გამოხატულებაა.

– დიდი მადლობა. მართლაც ასე იყო და დღესაც ასეა. სხვათა შორის ცოტნეც და გიორგიც ყოველთვის სახელებით მოგვმართავდნენ. მამად ახლა თუ მოიხსენიებენ ხოლმე. მახსოვს, ზვიადმა მითხრა, რომ ბავშვებისთვის მხოლოდ დედათი და მამათი მომართვის თაობაზე გვეთქვა. დაუძახა და უთხრა: დღეიდან მე თქვენთვის ზვიადი აღარა ვარ, მანანაც აღარ იქნება მანანა, ვიქნებით მამა და დედა. მოისმინეს და … ორიოდე წუთის შემდეგ რაღაცის გამო გიორგიმ დაუძახა: ზვიად, ზვიადიკო! ვეღარაფერი უთხრა, ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. ალბათ, ასე იყო საჭირო.

ისევ ბატონ კონსტანტინეზე მინდა ვთქვა და ცხადია, მერაბთან უშუალო კავშრში. ისე ხდებოდა ხოლმე, რომ ზვიადის თბილისიდან გამგზავრების მერე, მამამთილი ჯიუტად აღარ ნდომულობდა ოპერაციის შემდგომი პროცედურის შესრულებას. ცხადია, საშველად უმალ მერაბს მოვიხმობდი და მის მხრებზე გადადიოდა ყველაფერი. ექიმს კი მოიყვანდა, მაგრამ მერე იყო მთავარი, დიდი ხვეწნა -მუდარა იყო საჭირო მდგომარეობის მოსაგვარებლად. თუ არა მერაბი, მე ვერაფერს გავხდებოდი.

საერთოდ, ზვიადის თბილისში არყოფნისას, ღამე მერაბი იყო ჩვენთან. გვიანობამდე თავს არ გვანებებდა, ეზოს დაათვალიერებდა, ძაღლს აუშვებდა და მერე ზვიადის ოთახში დიდხანს კითხულობდა, ძალზე ცოტა ეძინა. ესეც ცხადლივი დასტური გახლდათ უანგარო და უზადო, უღალატო მეგობრობისა, უძირო და ფაქიზი სიყვარულისა.

ბატონ კონსტანტინეს მეორე ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევდნენ. იმ დროს ცნობილმა უროლოგმა კონსტანტინე არშბამ სუკის ბრძანებით უარი გვითხრა ოპერაციაზე. ის კი არა და, მოგვიანებით შინ მოსულმა ერთმა აგენტმა ზვიადს პირდაპირ განუცხადა, რომ მამამისს არასდროს ეღირსებოდა ოპერაციის გაკეთება და ისე მოკვდებოდა. ასეც მოხდა. მოსკოვშიც ვერ მიგვყავდა. ვინ გაგვიშვებდა? როდესაც ამხელა პიროვნებას ჩავიყვანდით, იქაური სუკი უმალ ფეხზე დადგებოდა. საგანგებოს არაფერს მოიმოქმედებდნენ, უბრალოდ ისეთ ნარკოზს მისცემდნენ, იტყოდნენ: გულმა უმტყუნა და ა. შ. თანაც ასაკოვანი იყო. თუმცა, მას რომ ის დაავადება არა ჰქონოდა, გაცილებით დიდხანს იცოცხლებდა, იმდენად ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდა.

ახლა მერაბის მიერ ჩვენი ბავშვებისადმი გამოვლენილ უდიდეს სიყვარულსა და მზრუნველობაზე მსურს გავიხსენო. ცოტნეზე გახლდით ფეხმძიმედ. ზვიადისგან განსხვავებით, მერაბი ჩინებულად თევზაობდა ბადით. მიდიოდნენ ხრამზე, იჭერდნენ თევზებს და კარგახანს ახალი თევზი გვქონდა. მერაბი მარწმუნებდა, რომ თევზი აუცილებელი იყო ჩემთვის. აი, ამგვარ მზრუნველობასაც კი იჩენდა ის საოცარი კაცი. ცოტნე აგვისტოში დაიბადა და უნდა გენახათ მათი სიხარული. მერაბი თურმე ყველა გამვლელს აჩერებდა და ახალშობილს ალოცვინებდა. შინ რომ დავბრუნდით, თქმა არ უნდა ყოველდღე მოდიოდა, დახედავდა ბავშვს და გახარებული აღნიშნავდა მის ყოველ უმნიშვნელო სახეცვლილებაზე, ზრდაზე. მერე კი გათენებამდე, ზვიადის ოთახში დაუსრულებლად საუბრობდნენ, მსჯელობდნენ, სამოქმედო გეგმებს სახავდნენ, რომლის არსი და მიზანი კარგად

არის ცნობილი. მეც გვიანობამდე ვუსმენდი და ბედნიერი ვიყავი ორი უდიდესი მამულიშვილის გვერდით ყოფნით.

გიორგის დაბადების დროს მერაბი გადასახლებაში იმყოფებოდა და სურათით გაიცნო. ჩვენ შედარებით ადრე დავბრუნდით გადასახლებიდან, ზვიადი რამდენჯერმე ჩავიდა მის სანახავად. ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიაში, ნოღაის სტეპში ვიყავით გადასახლებული, მერაბი კი ციმბირში. ასე დავშორდით ერთმანეთს ფიზიკურად, სულიერად კი ჩვენი ურთიერთობა, სიახლოვე კიდევ უფრო გამტკიცდა და გაძლიერდა. დევნა-შევიწროების მიუხედავად, მაინც ვახერხებდით მიმოწერას, ხალხი გვეხმარებოდა. ისე რომ ბავშვებზე მერაბმა ყველაფერი იცოდა და დიდ იმედებს ამყარებდა მათზე. 1986 წლის შემოდგომაზე მერაბი საქართველოში გადმოიყვანეს, ქსნის კოლონიაში, სადაც ზვიადი მუდმივად აკითხავდა. ბავშვები თან არასდროს წაგვიყვანია, არ გვინდოდა მერაბი იმ გარემოცვაში ენახათ. კოლონიიდან 1987 წლის 30 აპრილს, გვიან ღამით გაათავისუფლეს და დილით, ექვს საათზე უკვე ჩვენთან იყო. მოსვლისთანავე ბავშვების ოთახს მიაშურა და მის შეძახილზე, ნამძინარევი ცოტნე და გიორგი, მანამდე უნახავ, მაგრამ ჩვენი მონაყოლით კარგად ნაცნობ წარმოსადეგ მამაკაცს, მერაბის ძახილით, კისერზე ჩამოეკიდნენ. ეს იყო სიხარულიც, ტკივილიც. ვისურვებდი, რომ ყველა მეგობარს ასე ყვარებოდეს მეგობრის შვილი. საქართველოში ადამიანებს მხოლოდ ამგვარი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ, მხოლოდ ეს არის ჭეშმარიტი მეგობრობა. საქართველოს ასეთი სიყვარული გადაარჩენს. შეუძლებელია მერაბთან ურთიერთობა ცალკეულ პერიოდებად დანაწილდეს, რადგან ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით. თუ რამე კეთდებოდა, ორივენი შეთანხმებულად, გამიზნულად ახორციელებდნენ. ჩვენ ხომ მაშინდელი ხელისუფლების საიდუმლო და სპეცსამსახურებისგან განცალკევებულ -გამიჯნულები ვიყავით, ყველა გაგვირბოდა. მაგრამ, ახლა ერთგვარად მსიამოვნებ

ს ის, რომ ხალხი, რომელიც მაშინ არ გვეკარებოდა, მოგვიანებით ჩვენთან მოვიდა. მთელი საქართველო მოვიდა ჩვენთან.

ზვიადისა და მერაბის უმძიმესი ცხოვრებიდან და საქმიანობიდან გამორჩეულად თვითგამოცემებისა და არალეგალური ლიტერატურის გამრავლება-გავრცელება მინდა გამოვყო. საბჭოთა კავშირში მათ პირველებმა წამოიწყეს ამ მიმართულებით საქმიანობა. სოლჟენიცინიდან და სახაროვიდან დაიწყეს. მე მომხდარი ამბების ქრონიკით ვიყავი დაკავებული, რომლის მასალებს მოსკოვში გამოცემული ჟურნალის ნეგატივებით ვამუშავებდი. გამზადებულ მასალებს ზვიადი სტამბაში წაიღებდა და მერე უკვე გავრცელების ჯერი დგებოდა. საქართველოს გარდა, რუსეთში გაგვქონდა. მორიგეობით მიჰქონდათ ზვიადსა და მერაბს. ორივე ერთად არასდროს წასულან, რადგან დაპატიმერბის შემთხვევაში, ერთი მაინც დარჩებოდა გარეთ. როგორც აღვნიშნე, ზვიადის გამგზავრების შემთხვევაში,

ჩვენთან მერაბი რჩებოდა. ის იყო ჩვენი პატრონი, ყველაფრის მომგვარებელი.

მახსოვს, ზვიადმა და მერაბმა სოლჟენიცინის “გულაგის არქიპელაგის” გამრავლება, საქართველოში და მთელს საბჭოთა კავშირში გავრცელება გადაწყვიტეს. მოსკოვში ზვიადმა სოლჟენიცინის თანამოსაქმე ა. გინზბურგი ნახა და მისგან მიცემული ორივე წიგნი თბილისში ჩამოიტანა. ხელიდან ხელში გადადიოდა წიგნები, კითხულობდნენ ერთად, აწყობდნენ გეგმებს. ერთ-ერთ სტამბაში მოძებნეს პიროვნება, რომელმაც წიგნების დაბეჭდვა ითავა. ცხადია, შემდეგ ამისთვის იგი მკაცრად დაისაჯა დააპატიმრეს, სასტიკად ექცეოდნენ. თამარის ოთახში დიდი მაგიდა გავშალეთ და მუშაობას შევუდექით. მათთან ერთად მე და ჩემი და, აგრეთვე სტამბის ორი თანამშრომელი ვსაქმიანობდით. როდესაც წიგნები უკვე მზად იყო, მოსკოვში წაღების აუცილებლობა შეიქნა.

 

ზვიადი და მერაბი ბუკინისტებისა და წიგნების მაღაზიების გარდა, სხვაგან არსად შედიოდნენ, ამიტომ მე დამავალეს ჩემოდნების ყიდვა. უნივერმაღში რამდენიმე უზარმაზარი ჩემოდანი ვიყიდე. შეძენილს მოწონება ხვდა, მაგრამ საკეტები მთლად საიმედოდ არ მოეჩვენათ და “პირიმზეში” დამატებითი საკეტების გასაკეთებლად წავიღე. მოილაპარაკეს, რომ მოსკოვში მორიგეობით წავიდოდნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, თბილისის გარდა, ზოგჯერ მცხეთიდან და ხაშურიდან მიემგზავრებოდნენ. ჩემოდნები სხვებს შეჰქონდათ ვაგონებში, თვითონ კი ხელცარეილები იკავებდნენ თავიანთს ადგილებს. ცხადია, მეზობელი კუპეები სუკის აგენტებს ჰქონდათ დაკავებული. ერთხელაც, მერაბის გამგზავრების ჯერი დადგა. ჩემოდნები უკვე კუპეში იყო შეტანილი, დავემშვიდობეთ და შინ მშვიდად დავბრუნდით. თბილისში ჩამოსულმა, ძნელად დასაჯერებული ამბავი გვიამბო. კუპის თანამგზავრები ძალზე სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ. გაცნობა ღვინის სმით აღუნიშნავთ და გათამამებულ მერაბს მისთვის მტკივნეულ, ტრადიციულ თემაზე უსაუბრია, თავისებურად ცდილა თანამგზავრების გამოფხიზლებასა და თვალის ახელას. მერე ჩემოდანი გაუხსნია და აკრძალული წიგნები უჩუქებია. მათაც, კმაყოფილებსა და დაინტერესებულებს, ჩანთებში საგულდაგულოდ დაუმალავთ. მართალია, ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ზვიადმა მკაცრად გააფრთხილა, სხვა დროს მსგავსის გამეორებისაგან. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ უშუალოდ და ადვილად შეძლო უზადოდ მოსაუბრე, არნახული ზემოქმედების უნარის მქონე მერაბმა უცნობი ხალხის დაინტერესება და დაფიქრება. სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა. ზედმიწევნით გულღია და ხალასი მერაბი, მაშინ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ამის გამო შეიყვარა ერმა ასე თავდავიწყებით და განუზომელად მერაბ კოსტავა. მეორეს მხრივ კი, ორმოცდაათი წლის ასაკში მისი დაკარგვა, უბედურება აღმოჩნდა ერისათვის. ეს ხომ ჩვენი უდიდესი ტრაგედიაა.

აკრძალული ლიტერატურის წარმატებული გავრცელებით გათამამებულებმა, “ოქროს საწმისისა” და “საქართველოს მოამბის” დაარსება და გამოცემა გადაწყვიტეს. სწორედ მათს გამოჩენას მოჰყვა ის მძიმე განაჩენი, 1977 წლის დაპატიმრებით რომ დასრულდა. ხალხს კარგად ახსოვს მათი ლანძღვა-გინებითა და ბრალდებებით ახმაურებული პრესა. საინფორმაციო საშუალებები დიდხანს ამუშავებდნენ მოსახლეობას და გულდაგულ არწმუნებდნენ ორი უღირსი პიროვნების მოკვეთის აუცილებლობაში. თუმცა, მათი საქმიანობის შესახებ არაფერს იუწყებოდნენ. ცნობილია, თუ რაოდენ ზომბირებული ჰყავდა მაშინდელ წითელ ხელისუფლებას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და ამიტომაც ეს ყველაფერი მათ ისე აღიქვეს, როგორც შთააგონეს.

მერაბ კოსტავას უანგარო მეგობრობის, შეუდარებელი თავგანწირულობის, ერთგულებისა და სიყვარულის დასტურად 1977 წლის აპრილში, მწერალთა კავშირში გამართულ ზვიადის სასამართლოზე მინდა ვაუწყო მკითხველს. სახლიდან გამოსულები, დავით აღმაშენებლის ქუჩას ფეხით დავადექით. უნდა გენახათ სუკის რამდენი ავტომობილი და ფეხოსანი მოგვყვებოდა. მთელი გზა მერაბი გაუჩერებლად ეხვეწებოდა ზვიადს, უარი ეთქვა თვითგამოცემების რედაქტორობაზე, რადგან ამით თავიდან აიცილებდა დაპატიმრების განაჩენის გამოტანას. ამ უმძიმეს მისსიას თავათ კისრულობდა. მერაბის ეს თხოვნა კიდევ ერთი ბრწყინვალე დასტური იყო მისი რაინდული, ვაჟკაცური ბუნებისა, ერთგულებისა და თავდადებისა, სიყვარულისა და მეგობრობისა. ზვიადმა მტკიცე უარი განუცხადა და ლაპარაკის შეწყვეტა სთხოვა. იქ მისულები, ზვიადის გარდა, დარბაზში არ შეგვიშვეს. დაიწყო სამარცხვინო, შემზარავი პროცესი. ყრუდ დაგმანული კარიდან საშინელი ყვირილი, უფრო სწორედ ცხოველური ხმები, ღრიალი გამოდიოდა. დუჟმორეული “კალმოსნები”ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ზვიადის ლანძღვასა და შეჩვენებაში, ამაზრზენად ეცილებოდნენ შევარდნაძისათვის თავის მოწონებასა და ლაჩრულად მუხლებზე ხოხვაში. ასე დასრულდა “მწერალთა” არაადამიანური გალაშქრება. იყვნენ კი ისინი მწერლები? ახსოვს კი რომელიმე მათგანი დღეს ქართველობას?

ამასთან დაკავშირებით, გალაკტიონისგან კონსტანტინე გამსახურდიასათვის ნათქვამი მინდა შევახსენო მკითხველს:

“კონსტანტინე, ამ საუკუნეში მე და შენ ვეყოფოდით საქართველოს “.

და ასეც არის. ცნობილია, რომ სუკი თუ სხვა სპეცსამსახურები გაუნელებლად ესწრაფოდნენ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლთა გათიშვასა და დაპირისპირებას.

საბედნიეროდ, მათი ყოველი მცდელობა მარცხით მთავრდებოდა. უნივერსიტეტის სტუდენტთა თაოსნობით ზვიადის ორმოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრა მინდა გავიხსენო. მაშინ მერაბი სიტყვით გამოვიდა. ეს იყო მნიშვნელოვანი, საყურადღებო გამოსვლა, რადგან სწორედ დაპირისპირებისა და უკმაყოფილების ჩამოგდების მოსურვილეთა გასაგონად განაცხადა: “ზვიად, მე და შენს შორის თუ რამე მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს”.

ზვიადსა და მერაბს შორის უთანხმოებისა და გათიშვის მცდელობის უამრავი მაგალითიდან, გამორჩეულად ერთს აღვნიშნავ: ქსნის კოლონიიდან მერაბის დაბრუნების მერე ზვიადმა აზრის გამოთქმა მთხოვა იმის თაობაზე, თუ ვის მიუჩენდნენ მერაბს მეთვალყურედ, ვისით შეეცდებოდნენ მათს დაცილებას. მაშინვე ვუპასუხე, რომ მათი ერთად ყოფნა-საქმიანობის მწარე შედეგებით ნაგებ-ნაწვნევი წითელი ხელისუფლება, არ დაუშვებდა ორი უდრეკი მებრძოლის, თავდადებული წინამძღოლის შემდგომ ერთობას. თავისუფლად ყოფნას აღარაფრით დაანებებდნენ, პერიოდულად მოახდენდნენ მათს დაპატიმრებასა და განცალკევებას, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკურადაც კი გაგანადგურებენ-მეთქი. და ეს ყველაფერი, შემდგომმა პერიოდმა გააცხადა ზვიადი და მერაბი დღეს ცოცხლები აღარ არიან. თვალი გადავავლე მერაბის გარემოცვას და უმალ გამოვრიცხე რუსუდან ბერიძე, ლალი გიორგაძე, სხვები, რადგან ისინი უკვე მხილებულ-გაშიფრული აგენტები იყვნენ და მათ მერაბი აღარ მიენდობოდა, აღარ მოტყუვდებოდა, აღარ წამოეგებოდა სუკის მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე. ისეთ პიროვნებას შეარჩევდნენ, ეროვნულ

მოძრაობასთან რომ იქნებოდა დაკავშირებული.კინორეჟისორი რ. ჩხეიძე თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით კომუნისტურ იდეოლოგიასთან იყო დაკავშირებული, ბოროტების იმპერიას ემსახურებოდა. და ცხადია, მისი ქალიშვილი თამარიც, სუკიდან წამოსული წითელი დისიდენტი გახლდათ. თუმცა, ხალხის თვალში ჯერ არ იყო მხილებული, იგი მთლიანად მერაბის ტრაგედიის მერე გაშიშვლდა. ისე რომ, სუკმა ერთობ საიმედო დასაყრდენად თ. ჩხეიძე ჩათვალა. მინდა მისი პატიმრობის შესახებაც აღვნიშნო. იგი ორთაჭალის ციხის შტატიანი თანამშრომელი იყო. ამის შესახებ ციხის უფროსმა დელიბაზაშვილმა გამოაქვეყნა წერილი გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” და მასთან ერთად სხვა თანამშრომლებიც გაგვაცნო: გ. ჭანტურია, მარიკა ბაღდავაძე, ნანა კაკაბაძე და სხვები. ყველა ისინი ხელფასს ღებულობდნენ. ასე რომ, თ. ჩხეიძეს ციხიდან “გათავისუფლების” შემდეგ სუკმა ერთადერთი დავალება მისცა დაახლოვებოდა მერაბ კოსტავას და დაეპირისპირებინა ზვიადთან. არნახული მცდელობის მიუხედავად, თ. ჩხეიძემ დავალება ვერ შეასრულა. ნათქვამის დასტურად მერაბის მიერ ზვიადისთვის ნათქვამს გაგაცნობთ.

ერთ საღამოს თ. ჩხეიძე სასმელებით ხელდამშვენებული ესტუმრა მერაბს და სანაძლეო შესთავაზა: თუ იგი დაათრობდა მერაბს, მაშინ ზვიადთან მეგობრობა უნდა შეეწყვიტა და თუ პირიქით მოხდებოდა, იგი მიატოვებდა მერაბს.

დამაფიქრებელია ის, რომ მისი ანატომიური აგებულების ქალი, რანაირად, რა გზით მოახერხებდა სასმელის კარგად ამტანი, ძნელად დასათრობი მამაკაცის დაჯაბვნას. ამიტომაც ვკითხე მერაბს: ნუთუ ასე კარგად სვამს სასმელს, შენ რომ გეჯიბრება მეთქი. გაეცინა. ცხადია, ეს ყველაფერი დავალების შესასრულებლად კეთდებოდა.

მერედა, შედგა შეჯიბრი მარათონი?

– რასაკვირველია არა. მერაბს მტკიცე უარი უთქვამს და ისე გაუსტუმრებია. მოსმენილის თაობაზე ზვიადმა ისღა უთხრა, რომ თ. ჩხეიძეს სხვა გზა აღარა ჰქონდა-ამგვარი იაფფასიანი ხრიკებით უნდა გასულიყო ფონს, ყველაფერი შეესრულებინა სუკისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მამხილებელი ფაქტების გამოქვეყნებით, საბოლოოდ დაასამარებდნენ მის “დისიდენტურ” კარიერას.

საბედისწერო გამოდგა საქართველოსთვის 1989 წლის აპრილი. მაშინ დაიწყო აფხაზეთის მოვლენები. ზვიადი და მერაბი დროულად ჩავიდნენ იქ, შეისწავლეს ვითარება და მალევე დაბრუნდნენ, რადგან უკვე სწრაფად ღვივდებოდა ყოველგვარი პროვოკაცია. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აპრილის აქცია, რომლის მიზანიც რუსეთის კაცთმოძულე მმართველებისა და საქართველოს ჟანდარმის მიერ შემუშავებული მზაკვრული ჩანაფიქრის აცილება გახლდათ. ამ დროს ისინი ცხადია ერთად იყვნენ, მცირე ხნით არ მოსცილებიან ერთმანეთს. ჰოდა, ერთადაც დააპატიმრეს, თუმცა იძულებულები გახდნენ, ერთადვე გაეთავისუფლებინათ.

და ქართველთა ისტორიის ერთი უსაშინლესი, არნახულად ტრაგიკული დღე 9 აპრილი. მე აღარ მოვყვები მას მოყოლილ საშინელებებს, რადგან ხალხმა ყველაფერი ზედმიწევნით იცის. მომხდარის შემდეგ ერთმანეთი ვეღარ ნახეს. ზვიადი მოწამლული და გრძნობადაკარგული გამოიყვანეს, მერაბი კი ღვთის მადლით, გადარჩა მოწამვლას. მერე მე და გონსმოსული ზვიადი კონსერვატორიასთან შევხვდით და მერაბის ძებნას შევუდექით, ის კი ალბათ ჩვენ გვეძებდა. თუმცა, მარტო მერაბს როდი ვეძებდით. ვეძებდით ყველას, აქციის ყველა მონაწილეს, მათი ბედი გვაწუხებდა. შეძრწუნებულები ვცდილობდით სასწრაფო დახმარების მანქანების გაჩერებას, მაგრამ ამაოდ. ისინი გაფრთხილებულები იყვნენ, არავისთვის არაფერი შეეტყობინებინათ მსხვერპლისა და დაჭრილ-დაზარალებულების, მოწამლულების შესახებ. ხალხი ფილარმონიასთან იკრიბებაო გვითხრეს და იქითკენ გავეშურეთ. იქ მისულებს, მერაბის ხმა შემოგვესმა. ერთმანეთს გადავეხვიეთ, ვტიროდით, მომხდარს ვუსამძიმრებდით. ზვიადს და მერაბს საკუთარი თავის გადარჩენა არაფრად უღირდათ. ეს ხომ მათი ცხოვრების ერთი ყველაზე უსაშინლესი და ტრაგიკული დღე იყო. მაგრამ, მალევე გამოერკვივნენ და ზვიადმა მიტინგის ჩატარება მოისურვა. აუცილებლად უნდა წავსულიყავით საავადმყოფოებში, ზუსტად აღგვენუსხა დაჭრილები, მოწამლულები და დახოცილები. ირგვლივ მყოფი ხალხი გვაფრთხილებდა, გვთხოვდნენ იქაურობას გავცლოდით, რადგან ორივეს დაპატიმრება ჰქონდათ თურმე განზრახული. ცხადია, არსად არ წავედით, იქ დავრჩით, რადგან ჩვენი გარიდება ხელისუფალთ აძლევდათ ხელს. მათ გაქცეული და მიმალული წინამძღოლების დაპატიმრება სურდათ. ამით ისინი ერთგვარად მიჩქმალავდნენ თავიანთს დანაშაულს, მათგან მოწყობილ სისხლიან ტრაგედიას ზვიადსა და მერაბს გადააბრალებდნენ. ამის შესახებ დაუფარავად წერს ა. ლებედი თავის წიგნში. ყურადსაღებია, რომ რუსი გენერალი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესსაც გვამცნობს ტარგედიის მომწყობად და აღმსრულებლად, მაშინ თბილსში მყოფ შევარდნაძეს ასახელებს. ხალხმა ყველაფერი იცის. ისიც იცის, რომ ზვიადისა და მერაბის მკვლელიც ჯალათი შევარდნაძეა.

მასპინძელს სევდა და ნაღველი გადაეფინა სახეზე. მცირე ხნით დადუმებულს, გაუძნელდა საუბრის გაგრძელება, უმწვავესი ტკივილიანი მოგონებისაგან თავის დაღწევა.

ჩემთვის უმძიმესია და გაუგონრად მტკივნეული მერაბის დაღუპვის თაობაზე საუბარი. 1989 წლის 11 12 ოქტომბერს, კინოს სახლთან ჩატარებული მიტინგების შემდეგ, სპორტის სასახლესთან წვევამდელთა აქცია დაიწყო. მას მერაბი უძღვებოდა. 12 ოქტომბერს, მიტინგის დასრულების მერე, ამაზრზენი, ფარისევლური გათამაშების მხილველი გავხდი. ხალხი სპორტის სასახლისკენ გაემართა. ჩვენც იქ უნდა წავსულიყავით. შევნიშნე, რომ მერაბს ერის მოღალატე და გამყიდველი რეზო ჩხეიძე მიეახლა და ხელმკლავი გამოსდო. მერაბს დაურიდებლად დავუდექი გვერდში და მოგზავნილის ლაპარაკს მივაყურადე. მოკლედ განუმარტა, რომ სამტრედიაში მესხეთელი თურქების ბარგი იყო დაკავებული და მერაბს იქ წასვლა, ბარგის გამოხსნა მოსთხოვა. რამდენჯერმე გაუმეორა მოთხოვნა, წასვლის პირობა სურდა ჩამოერთვა, რადგან ალბათ, სწორედ იქ ჰქონდათ ჩაფიქრებული ეროვნული მოძრაობის წინამძღოლის ფიზიკური განადგურება. მერაბი დაფიქრდა, დარწმუნებული ვარ გული დაეწვა იმ ხალხის მდგომარეობის შემტყობს (თუმცა, ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით მათი საქართველოში ჩამოსახლებაზე) და წასვლაზე თანხმობა განუცხადა. ყველაფერი ზვიადს ვუთხარი, მერაბიც მოუყვა. ბუნებრივია, ზვიადმა არ მოუწონა გადაწყვეტილება, რადგან მისი იქ წასვლით, ჩაშლის საფრთხე შეექმნებოდა წვევამდელთა აქციას. ესეც არ იყოს, მოწინააღმდეგეებისგან შემოთავაზებული გამგზავრება უდიდეს საფრთხესთან და რისკთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან იქ, ზვიადთან დაპირისპირებული თამარ ჩხეიძის მანქანით უნდა გამგზავრებულიყვნენ. ისიც შეახსენა, რომ მანამდე იმ ქალს თერთმეტი (!) ჰქონდა დამტვრეული, რადგან არ იცოდა ავტომობილის მართვა. მოკლედ, კატეგორიულად მოსთხოვა სამტრედიაში წასვლისგან თავის შეკავება. გვიან ღამით, სპორტის სასახლიდან წამოსული მერაბი ჩვენთან მოვიდა. ზვიადმა ისევ გააფრთხილა და გამგზავრება აუკრძალა. მერაბი თ. ჩხეიძესთან მივიდა სახლში და წასვლაზე უარი უთხრა. ჩანაფიქრის ჩაშლით გაგიჟებულმა ქალმა, ქუჩაზე მოსახლეთა თანდასწრებით, უშვერი სიტყვებით ლანძღა იგი და ბილწსიტყვაობის კორიანტელი დააყენა, გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენა შეუდარებელ ვაჟკაცს და გასაღებების ასხმა ესროლა. დამცირებული, დამწუხრებული მერაბი ისევ ჩვენთან დაბრუნდა და ყველაფერი გვიამბო. მერე ზვიადმა თავათ წაიყვანა სახლში. გვეგონა ყველაფერი რაღაცნაირად დასრულდა. მაგრამ, ამაო ყოფილა ჩვენი დამშვიდება. შუაღამეს თ. ჩხეიძე თავს დასდგომია მერაბს და ბიბლიაზე დაფიცებული, სამტრედიაში წასვლაზე დაუთანხმებია. მერაბისთვის კი ბიბლია ყველაფერი იყო.

გათენდა 13 ოქტომბრის დილა, ქარიანი, წვიმიანი, ცივი. დაახლოებით დღის პირველ საათზე ტელეფონმა დარეკა და ნაცნობმა სოფელ ბორითთან მომხდარი ავარიის შესახებ მამცნო, რომელიც წარმოუდგენლად დაუჯერებელი ამბით მერაბის სიკვდილის მაუწყებელი სიტყვებით დასრულა. გაოგნებულმა, აზროვნების უნარი დავკარგე, ცუდად შევიქენი. სახლში მარტო ვიყავი, ვეღარაფერს ვახერხებდი. მალე ზვიადიც მოვიდა, არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. არ ვიცოდი, როგორ გამეგებინებინა საზარელი ტრაგედია. უგუნებობა შემატყო და მიზეზს ჩამეკითხა. ძლიერი თავის ტკივილი მოვიმიზეზე და ბავშვების სკოლიდან მოყვანა ვთხოვე. თანაც ვშიშობდი, რომ ვინმე შემხვედრ ნაცნობს არ ეთქვა მისთვის ყველაფერი. მალევე მოიყვანა ბავშვები და მითხრა, რომ ეზოში დახვედრილ უცნობ მამაკაცს მომხდარი ავარიისა და მერაბის გორის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ შეეტყობინებინა. ამიტომ, მაშინვე წასვლის თადარიგს შეუდგა. ზეწრების, ბამბის, შესახვევებისა და წამლების მომზადება მთხოვა. ვუთხარი, რომ ჯერ ნაცნობებთან დაგვერეკა, ყველაფერი დაგვეზუსტებინა და თუ ნათქვამი მართალი გამოდგებოდა, მერე წასულიყო. გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ყველაფერი შევუსრულე და როდესაც გამზადებულმა წასვლა დააპირა, მაშინღა მოვიკრიბე ძალა და კარებში შეჩერებულს, მერაბის დაღუპვა ვაუწყე. რამდენიმე წამს გარინდებული მიყურებდა, მერე საზარელი ხმით დაიწყო ტირილი, უფრო სწორედ ღრიალი. მე მოსმენილი მქონდა მისი ტირილი მამის გარდაცვალებისას, მაგრამ ეს იყო გასაგონად მძიმე და გაუსაძლისი. ხელი მომხვია და გაუთავებლად ჩამეკითხებოდა: იქნებ კარგად ვერ გაიგე, იქნებ მართალი არ არისო, მაინც წავალო. ბავშვები დავიფიცე, გორში გამგზავრება მინდოდა გადაეფიქრებინა, ვინაიდან ადვილი შესაძლებელი იყო, ახლა მისთვის მოეწყოთ მერაბის თავს გადამხდარი. ამ დროს ეზოში მთავარი დამნაშავე, რობინზონ თუშურაშვილი შემოვიდა. ზვიადმა არაფერი ათქმევინა, გაცეცხლებულმა, მომხდარის დადსტურება მოსთხოვა. მანაც მოკლედ უპასუხა, რომ მერაბი გორის საავადმყოფოში იყო და დამშვიდება დაუწყო. ეს იყო ამაზრზენი, ყოვლად სამარცხვინო სანახაობა. მერე გავაღეთ ეზოს ჭიშკარი, ბოლო არ უჩანდა მომსვლელებს. ზვიადი მთელი დღე, გვიანობამდე ეზოში და გარეთ, ხალხთან იყო და დაუსრულებლად ხმამაღლა ლაპარაკობდა, ქადაგებდა. ეზოში მდგარ მუხებთან მიდიოდა და შუბლს ახლიდა. მისგან ეს ყველაფერი ძალზე მოულოდნელი და უჩვეულო იყო, რადგან ყოველთვის ერთობ მოკრძალებული, ნაკლებად მოლაპარაკე გახლდათ. ცხადია, მიტინგების გამოკლებით, რომლებზეც იგი სრულიად აბობოქრებული გამოდიოდა ხოლმე.

თქმა არ უნდა, მომხდარი ტრაგედიის გამოძიებას მსვლელობა არ მიეცა. ყველაფერი თავიანთთვის ხელსაყრელად წარმართეს და ჩაათავეს. თ. ჩხეიძეს კი ქვრივის მისსია დააკისრეს და იგიც რამდენიმე თვე ძაძებში გახვეული გახლდათ.

ბორითთან განხორციელებულ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით გამორჩეულად მინდა მივანიშნო იმაზე, რომ მანქანა, რომელშიც მერაბი იჯდა, იმდენად იყო დაზიანებული, ისე იყო დაჭეჭყილ დამსხვრეული, რომ ვერცერთი მძღოლი ვერ შეძლებდა იქიდან ცოცხლად გამოსვლას (კრებულში “შავლეგო” დაბეჭდილია ამისი აღმნუსხველი რამდენიმე ფოტოსურათი). მაშინ როცა, საჭესთან “მჯდომ” თ. ჩხეიძეს ერთი პაწაწინა ნაკაწრიც არსად ჰქონდა. თუმცა, რატომღაც ისიც საავადმყოფოში წაიყვანეს. გასაგებია, ეს რისთვისაც გაკეთდა, სასურველი დასკვნის მიღება იყო საჭირო, მაგრამ საბედნიეროდ ამისი აღსრულება ვერ მოხერხდა. არსებობს სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმადაც ავარიის შემდეგ, იგი სრულიად უვნებლად გადარჩენილი გახლდათ. სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან თ. ჩხეიძე ტრაგედიის ადგილზე სრულიად მოულოდნელად, მოგვიანებით გამოჩენილა. ყოველივე ამის გამო საფიქრებელია და მჯერა, რომ იგი საერთოდ არ იჯდა იმ ავტომანქანაში. უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი თ. ჩხეიძე დღემდე დაუსჯელი დადის. თუმცა, ეს არ არის გასაკვირვი. მას ხომ გავლენიანი და მისებრ დამნაშავე მფარველები იცავენ. სუკის გამოცდილი აგენტი მხარში ამოუდგა საქართველოში ჩამოსულ შევარდნაძეს და საზარელ დანაშაულებათა ჩადენისთვის სანუკვარი ჯილდო – “პარლამენტის დეპუტატობა” დაიმსახურა. სწორედ ამის გამო “ქართველი ქალი” თ. ჩხეიძე საქართველოს ისტორიაში მერაბ კოსტავას მკვლელისა და სისხლიანი გადატრიალების, კანონიერი ხელისუფლების დამხობის აქტიური მონაწილის სახელით ჩაიწერა. ეს ყველაფერი მალე გაცხადდება და ყველა თვალნათლივ დაინახავს ჩადენილ გაკეთებულს.

ზვიადი მარტო დარჩა. საოცარია, მაგრამ მერაბმა ეს ერთგვარად იწინასწარმეტყველა კიდევაც მისდამი მიძღვნილ ლექსში “ძმას ქრისტესმიერს”, როდესაც მიმართავს : “ხომ ხედავ როგორ გართულდა ომი, ვაჰ, თუ ძალები შემომელია, თუმცა მარადში ვარ თანამდგომი, ავთანდილობა ერთობ ძნელია”.

ქართველმა ერმა მერაბ კოსტავა ეროვნულ გმირად აღიარა და სათაყვანო მამულიშვილთა გალერეაში დაუმკვიდრა ადგილი. ამიტომაც იყო აუცილებელი მისთვის ღირსეული განსასვენებლის მიჩენა, რის გამოც დიდი ბრძოლის გადახდა მოუხდა ზვიადს. ცეკას მაშინდელი მდივანი გ. გუმბარიძე ამის უფლებას არ იძლეოდა. თუმცა, მას არავინ აკითხებდა. იქ, მოსკოვში არ უნდოდათ მერაბისთვის ამ პატივის მიგება, რადგან შოვინისტსა და კაცთმოძულე ხელისუფლებს, მეოცე საუკუნის მიწურულს, არ სურდათ, საბჭოეთის მცირერიცხოვან ერებსაც ჰყოლოდათ ეროვნული გმირები. ამიტომაც იყვნენ უარზე მერაბის მთაწმინდაზე დაკრძალვის გამო. არადა, ზვიადს რაღაც განსაკუთრებულის, გამორჩეულის გაკეთება სურდა მერაბისთვის. ისიც კი გადაწყვიტა, სადმე განცალკევებით დაეკრძალათ, მერე მისი სახელობის ეკლესიას ააგებდნენ და ამით მარადიულ უკვდავებას დაუმკვიდრებდნენ მამულისა და ერისთვის წამებულ რაინდს. საბოლოოდ, მაინც მთაწმინდაზე, ილიასთან და იაკობთან ახლოს დაკრძალვა მიიჩნია საჭიროდ

აღსანიშნავია, რომ გუმბარიძესთან ერთად თავი წამოყვეს ვაი-ინტელიგენტებმა, სისხლისმსელთა შვილებმა, დღევანდელმა პუტჩისტებმა და სამარცხვინოდ გაილაშქრეს მერაბის წმინდა მთაზე დაკრძალვის გამო. ასე გაგვიმწარეს ტრაგიკული დღეები. ეს იყო კაცთმოძულეობის, ზიზღის, ფაშიზმის გამოხატვის თვალნათელი დღეები. ნაცვლად ჩვენი, ჭირისუფლების მერაბთან ყოფნის, განშორების საბოლოო საათების რამენაირად გახანგრძლივებისა, ქუჩაში დავდიოდით. მოეწყო უზარმაზარი მიტინგი მერაბის მთაწმინდაზე დაკრძალვის მოთხოვნით. ეს იყო კიდევ ერთი აშკარა გამოვლენა იმისა, თუ რაოდენ საწინააღმდეგოდ იყო განწყობილი კომუნისტური ნომენკლატურა, წითელი ინტელიგენცია ეროვნული მოძრაობის მიმართ, რომლის საბოლოო შედეგი ჩვენი დღევანდელი ყოფა გახლავთ. ხომ ცხადი გახდა მათგან ჯერ კიდევ მაშინ, 1989 წელს ჩაფიქრებულის სივალალე მერაბ კოსტავასთვის საფლავის გაუმეტებლობით, საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას აღუდგებოდნენ წინ. ასეც მოიქცნენ. საქართველო მარადჟამს რუსეთის იმპერიის მიერ უნდა ყოფილიყო უღელდადგმული და დამონებული. დიდად სამწუხაროა, რომ მაშინ ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი სათანადოდ არ გაითვალისწინა.

საბოლოოდ, როგორც იქნა, სასურველი ნებართვა მივიღეთ და ხალხიც რატომღაც ამით დაკმაყოფილდა. ვიტყვი, რომ საფლავს ერთს კი არა, ათს მისცემდენენ, ოღონდ დროზე ადრე გაესტუმრებინათ ამ ქვეყნიდან ზვიადიც და მერაბიც, რადგან მაშინ კიდევ უფრო მეტი ხნით შეინარჩუნებდნენ ხელისუფლებას.

მკითხველი დამეთანხმება, რომ კონსტანტინე გამსახურდიას დაკრძალვის დღის მერე, ამდენმა ხალხმა მხოლოდ მერაბის დაკრძალვაზე მოიყარა თავი. მთაწმინდაზე წარმოთქმულ გამოსათხოვარ სიტყვაში ზვიადმა ასე მიმართა მერაბს: “შენ აღარ გჭირდება რეფერენდუმი. ქართველმა ხალხმა ეროვნულ გმირად გაღიარა. დღეს სრულიად საქართველომ ერისთვის ზვარაკად შეწირულ პიროვნებად გცნო”.

მერაბმა ცხოვრება ნაადრევად დაასრულა, მაგრამ მასზე ჯერ კიდევ ბევრია სათქმელი, ხალხისთვის გასაცნობ – მისაწოდებელი. საკმაოდ დაიწერა ცეკას შეკვეთით, რ. ჩხეიძის დაკვეთითა და მონაწილეობით გადაიღეს დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ყველა პიროვნებაა წარმოჩენილი, ზვიად გამსახურდიას გარდა. გამორჩეულნი გახლავან თ. ჩხეიძე, გ. ჭანტურია, ი. წერეთელი და სხვა მოღალატე გამყიდველები, მერე ხუნტას რომ მისცეს მხარი. საფიქრებელია, ალბათ, დარწმუნებულები იყვნენ, უსუსურად, სამარცხვინოდ შეკოწიწებულ შეთითხნილის მატიანეში დამკვიდრდებოდნენ. მწარედ კი სცდებიან, მატიანე და ისტორია ამაზრზენ სიყალბეს სანაგვეზე მოისვრის.

ღრმად ვარ დარწმუნებული, უეჭველად დადგება დრო და ჭეშმარიტი, ძირისძირობამდე განწმენდილ განახლებული ქართული ეკლესია მერაბ კოსტავას წმინდანად შერაცხავს.

ზვიადისა და მერაბის სიმაღლე მიუწვდომელი მწვერვალია, რომლის დაპყრობას ვერავინ შებედავს. თუმცაღა, ღმერთმა ინებოს და საქართველოს კვლავაც მოუვლინოს მათი მსგავსი მამულიშვილები. იბერთ ქვეყანას, უფრო მეტიც კავკასიას ერთიანობა და გადარჩენა სჭირდება. ჭეშმარიტი ეროვნული წინამძღოლის გარეშე კი ზედმეტია ამაზე ფიქრი.

კიდევ ბევრის გახსენება შემეძლო მერაბზე. ზვიადის განცდებზე მეგობრისა და ძმის პატიმრობის პერიოდშ

ი, მერაბის ხანგრძლივ შიმშილობებზე, თავგანწირულ ნაბიჯებზე, მისი ბიოგრაფია ასე უხვად რომ მოიცავს. მომავალში შევეცდები ყველაფერი გმირისთვის საკადრისი, ღირსეული პატივით სრულად ვაუწყო ქართველ ერს.

საქართველოს მარადიული პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას მეუღლისა და უახლოესი თანამებრძოლის, ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ნაამბობის მერე, შეუძლებელია ზედმიწევნით მისადაგებულად არ მივიჩნიოთ საქართველოს ეროვნული გმირის ტანჯული და ჯვარცმული, სიხარულითა და კარგით მწირად განზავებული ცხოვრებისთვის თითქოსდა საგანგებოდ თქმული: “კარგი ცხოვრების დღეები დათვლილია, კარგი სახელი კი საუკუნოდ რჩება”.

ღმერთს არასდროს გაუწირავს ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანა, რადგან ამ მიწის მკვიდრნი უყოყმანოდ ანაცვალებდნენ სიცოცხლეს ენას, მამულსა და სარწმუნოებას.

კიდევ იმიტომ გადარჩა იბერია, რომ ყოველთვის ჰყავდა წინამძღოლები, ერისკაცები.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში უზენაესმა ეს მისსია ქვეყნისა და ერისთვის თავდადებულ მამულიშვილებს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას დააკისრა. წამებულმა გმირებმა თავიანთი ცხოვრებით, უშეღავათო ბრძოლით ბრწყინვალედ აღასრულეს ნება უფლისა.

ვიწამოთ სამარადისოდ, შეუდარებელი წინამძღოლები. გულისყური მივაპყროთ მათს რჩევებსა და დარიგებებს, ვენდოთ მათს აზრსა და ნაფიქრალს, რადგან მათ გააჩნდათ უნარი საერო საქმეთა შორის უპირველესის გაცხადებისა სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისა.

 

მამულიშვილნო, აღვასრულოთ ნება დანაბარები წინამძღოლთა:

იყოს ზვიადისა და მერაბის საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი!

 

გაზეთი “საქართველოს სამრეკლო”

1998 წელი, ოქტომბერი.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s