Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ბოროტისაგან ბოროტება გამოდის

 

გელა ჯიღაური 

ბოროტისაგან ბოროტება გამოდის!

ანუ გაფრთხილდით ამხანაგო პრეზიდენტო!

 

სამყაროს შექმნისას უფალმა ყველას და ყველაფერს კუთვნილი მიაგო. ცოცხალ არსებათა შორის უდიდეს საოცრებას-ადამიანსაც თავისი არგუნა, რომელთაგან ძირითადი გახლდათ ცნება თავისუფლება რომლის შელახვის უფლება არავის უბოძა. პირიქით, ამგვარი სურვილის აღძვრისა და აღსრულების შემთხვევაში, არავის ინდობდა და უმკაცრესად სჯიდა. სწორედ ამისთვის აღგავა მიწისაგან პირისა სხვათა თავისუფლების ხელმყოფი ზოგიერთი უძღები მოდგმა, დაშალა და დაამსხვრია უსამართლო, სისხლისმღვრელ ომებში დროებით გამარჯვებული იმპერიები. ისე, რომ ღმერთი საბოლოოდ ყველას და ყველაფერს საკუთარ ნებას უმორჩილებს და ადამის ჩამომავალთ, წილხვედრით დაკმაყოფილებას აჯერებს. გონებაჯანსაღნი და მორჩილნი ყურად იღებენ, ჯერდებიან უფლისგან რგებულს, უძღებნი და ბოროტნი, შლეგნი და გონებაჩლუნგნი კი ისევ სატანას მონობენ და სხვათა დამორჩილებით ლამობენ გაძლიერებას, ნებიერი, მდიდარი ყოფის დამკვიდრებას.

ამ მხრივ, პირველობას ვერავინ შეეცილება ჩრდილოელ “ერთმორწმუნე” სლავ მეზობელს, მარადჟამს მადადაუმცხრალი რომ მიელტვის უცხო ტომების დაპყრობას, მათი მიწების მიტაცებასა და დაჩემებას. უზარმაზარი ტერიტორიის ხელთმოგდებული რუსეთის ყველა დროის იმპერატორები განუკურნებელი, ავბედითი სენით იყვნენ შეპყრობილნი–მსოფლიო ბატონობაზე ოცნებობდნენ. მაგრამ როგორცა ვთქვით, უზენაესს არავისთვის მიუნიჭებია ეს დასაგმობი უფლება და ცხადია, არც რუსთა უძღები მოდგმა იქნებოდა გამონაკლისი. და მაინც მოხდა ისე, რომ სწორედ სლავთა იმპერიამ მოაღწია მეოცე საუკუნის მიწურულამდე. მოაღწია ვერაგული, მზაკვრული ხერხებით და უზარმაზარ საპყრობილედ აგებულ სისხლიან იმპერიას, სხვადასხვა მოდგმის ხალხთა “ერთიანი, ძმური კავშირის” ქვეყანა ეწოდა. ბოროტობით, სიძულვილით, ძალადობითა და შიშით გაჟღენთილი საზარელი ნაგებობა, მასში იძულებით შეყრილი ადამიანების ძვლებითა და სისხლით იყო ნაშენები, რომელსაც მმართველად

ყოველთვის გაურკვეველი ეროვნების, საკუთარი ჯიშის უარმყოფელი ურჩხული-უზურპატორები, კაცთმოძულე ავანტურისტები ყავდნენ. ყველა წითელი მონსტრი და სისხლიანი ტირანი, თავის მემკვიდრეს არსებული გაუსაძლისი რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრების, დამონებულ ხალხთა მეტად დაპირისპირების, განადგურების, მათი სამკვიდრებლის მოსრა-გაქრობის შემზარავ ანდერძს უტოვებდა.

დანაბარები უდიდესი მონდომებითა და სიამოვნებით სრულდებოდა ახლადმოვლენილი გველეშაპი-მეთაურის მიერ. კომუნისტი ჯალათები, კაციჭამია ხელქვეითებთან ერთად ადგენდნენ წითელი იმპერიისათვის საშიში, “ზედმეტი” მცირერიცხოვანი ერების გადაგვარება-განადგურების გეგმებს და მერე ელვისებურად ახორციელებდნენ არაადამიანურ ჩანაფიქრს. აღსანიშნავია, რომ კრემლის დიქტატორთა მოქმდება ძირითადად კავკასიის დაუმორჩილებელ, თავისუფლებისმოყვარე ხალხებზე ვრცელდებოდა, რადგან მათ მიიჩნევდნენ იმპერიის დამსხვრევისა და მოსპობის უპირველს, უმთავრეს მოსურვილეებად და აღმსრულებლებად. ტირანნი მომეტებულად ქართველებითა და ჩეჩნებით იყვნენ დაშინებულები, მათი შეუპოვრობა და რაინდობა უკარგავდათ მოსვენებას, მათი ამბოხი სული და დაუმორჩილებლობის გაუნელებელი სურვილი აფორიაქებდათ, რადგან კარგად უწყიდნენ, რომ მათი ხელიდან დასხლტომა, უგემრიელესი და მსუყე ლუკმის – კავკასიის დაკარგვას მოასწავებდა. ამიტომაც იყო, რომ კავკასიის “გადამრჩენი და მფარველი” სლავი ხელმწიფეები, დღიდან დედამიწის ამ კუთხეში ფეხმოკიდებისა, გაუნელებელი მონდომებით იღვწოდნენ ამ ხალხების დამონებისა და განადგურების, მათი უმდიდრესი მიწების, სამყაროს ამ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაწილის სამუდამოდ მისათვისებლად. ბოლო არ უჩანდა ჩრდილოელთა ვერაგულ თავდასხმებს და ეგზეკუციებს, აშკარა და ფარულ ბრძოლებს, რეპრესიებს, ამაყი და თავმოყვარე ხალხების დაპირისპირებას, გენოციდს… უნდა ითქვას, რომ რუსთაგან გატარებულ სამარცხვინო, დასაგმობ პოლიტიკას, დასაძრახ მოქმედებას, ყოველთვის სასურველი შედეგი მოჰყვებოდა – ურთიერთქიშპობასა და ბრძოლებში გამწყდარ-დაქანცულ ხალხებს, წამქეზებლები და მოსისინენი ძალზე ადვილად, უმტკივნეულოდ აბამდნენ ხაფანგში და მერე შიგ მომწყვდეულთა თხოვნითვე ადგამდნენ მონობის უღელს. ასე ფორმდებოდა “მფარველობის, გადარჩენის, ხელშეუხებლობის” ტრაქტატები და ხელშეკრულებები, შეთანხმებები. ასეთნაირად იზრდებოდა და ფართოვდებოდა რუსთა იმპერია, რომელშიც ყველანი და ყველაფერი “გადამრჩენლის” საკუთრება ხდებოდა. და რაც ყველაზე სავალალოა, იმპერიის ჩარჩოებში მომწყვდეული ხალხები უმალ კარგავდნენ ყველანაირ უფლებებს საკუთარ ქვეყნებში: ეკრძალებოდათ მშობლიურ ენაზე მეტყველება, იდევნებოდნენ რელიგიურობისთვის, მამა-პაპათა მიწა-წყლიდან აყრილებს, უსიერსა და მომაკვდინებელ ადგილებში ასახლებდნენ… ასე ჩაიკლა ეროვნული სული და გენი რუსთაგან დამონებულ ბევრ მოდგმაში, რომელთა ახლანდელი ნაშიერნი მხოლოდ დამპყრობლის ენაზე მეტყველებენ, მის ადათ-წესებს მიიჩნევენ მშობლიურად (?!).

შემდეგ კი დადგა ჟამი ჩაგრულთა და დამონებულთა “გადარჩენის, ხსნის, გათავისუფლების, მონობის ბორკილთა მსხვრევის, თვითგამორკვევისა”. ცარიზმის უღელქვეშ მგინავ ერებს, სულზე “მოუსწრო” ურჯულო ვ. ულიანოვის თავკაცობით აბობოქრებულმა “დიადმა ოქტომბრის რევოლუციამ და საბოლოოდ იხსნა გაქრობისაგან”. სახელ და ფერნაცვალ იმპერია-ჯურღმულში გამომწყვდეული ყველა მოდგმა “თანასწორუფლებიანი და თანატოლი” გახლდათ – რიგითსა და ბოგანო მეჯინიბესა თუ მრეცხავს, “თავისუფლად შეეძლო დაერიგებინა და შენიშვნა მიეცა” ბოლშევიკური იმპერიის თავკაცისთვისაც კი და საჭიროების შემთხვევაში მის ადგლიზე წამოსკუპებულიყო.

ცნობილია, რომ ხელისუფლების მპყრობელი ღვთის მგმობი წითლები, ძალაუფლების შენარჩუნებას თავიანთი კაციჭამიობით ახორციელებდნენ. სხვანაირად შეუძლებელი იყო, რადგან წითელთა იმპერიის ფუძემდებელმა, თაღლითურად შენიღბულმა ულიანოვმა ძალაუფლება და ტახტი, წინამორბედი თეთრი იმპერატორის მოდგმის ამოწყვეტით, უზარმაზარი სამართავი აპარატის განადგურებით მოიპოვა. სიცრუესა და ორპირობაზე, გაუტანლობასა და ღალატზე, დაუნდობლობაზე, თვალთმაქცობაზე დაფუძნებული, ხელოვნურად და ძალადობით შეკოწიწებული “სახელმწიფო” ერთი ძირითადი და უმთავრესი პრინციპით არსებობდა – მბრძანებელ მოდგმას, მუდამ მორჩილებასა და შიშში ჰყავდა უმცირესნი და დაპყრობილ-დამონებულნი, ყველანაირი მზაკვრული და ფარული ხერხებით რომ აჯიშებდა, ავიწროებდა, ციხე- დილეგებსა და მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილებს, მამა-პაპათა მიწებიდან აყრას აიძულებდა და მანამდე სხვებისთვის წართმეულ შუა აზიის მხურვალე უდაბნოებსა და ყინულოვანი ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის  უკაცრიელ, გაუსაძლის ტრამალებში გადაისროდა, იქ უღებდა ბოლოს.

სულიერი მამისგან და მასწავლებლისგან გაკვალული, უთვალავ უდანაშაულო ადამიანთა სისხლისგან დამბალი გზა გააგრძელა და გატკეპნა “ყველა ხალხების მამად” სახელშერქმეულმა ი. სტალინმა. დედამიწაზე სოციალიზმის მშენებლობისა და დამკვიდრების ერთ-ერთმა სტრატეგმა, საბჭოთა კავშირად წოდებულ უზარმაზარ საპყრობილეში რკინისებური რეჟიმი დაამყარა. “წესრიგისა და კანონიერების, სიმართლის დაცვას” უამრავი ხალხი შეეწირა – 1937 წელი ამ მხრივ ყველაზე სისხლიანი გამოდგა, უდანაშაულოდ დასჯილ-დახოცილ ადამიანებს არავინ ითვლიდა. განუზომელი იყო ბელადის “თანამემამულეთა” მაშინდელი ტრაგედია – ოცდაჩვიდმეტმა წელმა ყველაზე ბევრი ქართველი მოინელა. მაინც ვერ დაცხრა ტირანი, სამშობლოდ აღიარებული იმპერიის შესანარჩუნებლად ყველანაირ დამსჯელ მეთოდებს მიმართავდა: ერთი ასეთი ღონისძიება გახლდათ ფეთქებადსაშიშ ადგილებში მოსახლე მეამბოხე სულის ხალხთა აყრა-გადასახლება, ყოვლად აუტანელი ვითარების შექმნა და თანამიმდევრული გაჩანაგება. სწორედ ამგვარი ხვედრი ერგოთ თავისუფლებისმოყვარე, დაუმორჩილებელსა და რაინდ ჩეჩნებს, წინაპართა უმდიდრესი მიწიდან, შუა აზიის მკვდარ უდაბნოებში რომ გადაისროლეს. იქ უნდა განადგურებულიყო იშვიათი და საოცარი მოდგმა, მათი სამშობლო კი ჩრდილოელთა სამუდამო კუთვნილება გამხდარიყო. მაგრამ, ამაო გამოდგა ვერაგი ზრახვანი იმპერიის მმართველი ხროვისა. ვაინახებმა არავის დაანებეს ტანჯული სამკვიდრო, სასწაულად თავგადარჩენილები, მამა-პაპათა კერიებს დაუბრუნდნენ.

ხალხთა საზარელი საპყრობილის ერთ-ერთი მესაძირკვლის, ჩრდილოელთათვის აშკარად შეუფრებელი სახელის – დიდი რუსი ხალხის მბოძებლის, მათთვის დამშვრალ-მოღლილისა და ყველანაირი სიკეთის მსურველ-გამკეთებელი დიქტატორის ამაქვეყნიდან გადასვლისა და მათგან რგებული “სამადლობლის” მიგების შემდეგ, ტახტი მის გარემოცვაში ტაკიმასხარად და ლაქიად მიჩნეულ არსებას ხვდა. ნ. ხრუშჩოვს თანამოსაქმეები დაუდგენელი ეროვნების პიროვნებად თვლიდნენ: ზოგი რუსად, სხვები უკრაინელად. ასეა თუ ისე, ამ ვირეშმაკასა და გაუთლელ არსებას, ღორის კოლტის მწყემსობა უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე სისხლიანი იმპერიის წინამძღოლობა. თუმცა, ხომ გაგიგიათ ჩვენებური ჭკვიანური ნათქვამი: “რაც ალხანა, ის ჩალხანაო”. ჰოდა, “დიადი ქვეყნის” სამართავი აღვირი მამაზეციერმა ზედმიწევნით შერჩეულ “თავკაცს” ჩააბარა. ამერიკის შეერთებული შტატების დაწევისა და გასწრების შლეგურ-შეშლილი ჟინით შეპყრობილმა უჭკუო და რეგვენმა ხრუშჩოვმა, საბჭოთა კავშირად წოდებულ საპყრობილეში გამომწყვდეულ ხალხებს, ორ ათეულ წელიწადში “ამქვეყნიურ სამოთხეში” – კომუნიზმში შებრძანება და არნახულად ნეტარი ცხოვრების დამკვიდრება აღუთქვა. სინამდვილეში კი მისთვის საძულველი წინამორბედი დიქტატორის პიროვნების კულტის დაგმობითა და გაუთავებელი ლანძვა-გინებით, კიდევ უფრო გაამწვავა ეროვნული შუღლი “ერთიან ძმურ ოჯახში” გაერთიანებულთა შორის. ამიტომაც გაუჩნდა სურვილი შეგნებულად ათვალწუნებული ერის-ქართველების აყრა-გადასახლების, მიწისა პირისაგან აღგვისა და მათს სამოსახლოზე სლავთა გამრავლება-დამკვიდრებისა. მაგრამ, ვერ აისრულა საწადელი ჭკუით სნეულმა და ხეპრემ. თანამოსაქმე-თანამოაზრე ბანდიტებმა, მოულოდნელად გამოსდეს კვანტი და სიცოცოხლის შენარჩუნების პირობით, ტახტის დათმობა აიძულეს.

ჩამოგდებულისა და შეგინებულის მემკვიდრე კი უკვე გვირგვინდადგმული გახლდათ. ასე გაიმპერატორდა ხრუშჩოვზე არანაკლებ უვიცი და უწიგნური, ყეყეჩი ლ. ბრეჟნევი: ოქრო-ბრილიანტისა და ჩინ-მედლების მონა, უთვალავი ორდენისა და მედალ-სიგელის კავალერ-მფლობელი, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატი “მწერალი”, სამარცხვინო პოლიტიკოსი და მილიონობით ადამიანის საწყევარ-საგინებელი ავღანეთის სისხლიანი ომის გაჩაღებისთვის, ჩვენდა საუბედუროდ უამრავი ქართველი ახალგაზრდაც რომ შეეწირა. მაგრამ, სატანაგაბატონებული იმპერიის ხელმწიფემ თავისდაუნებურად, წინამორბედისგან დაწყებული ერთი სასიკეთო საქმე მაინც გააკეთა – გულდაგულ არყია და ანგრია შემზარავი იმპერიის ბალავარი და დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში პირადი საპირფარეშოთი მოგრიალემ (ლამის საბანკეტო მაგიდასთან მჯდომს, ზურგსუკანაც რომ უდგამდნენ), ჯოჯოხეთში მიმავალმა, გვარიანად შერყეულ-მოფამფალებულ-ჩამპალი დატოვა.

ხელმწიფობის ჯერი სუკის ცივსისხლიან შეფსა და კაცთმოძულე ი. ანდროპოვს დაუდგა, მოხერხებულად რომ შეეცადა “სახელმწიფო წესრიგისა და სამართალ-კანონის დაცვა-გამყარებას”. უამრავი ცოდვის ჩამდენმა და სამომავლოდ კვლავაც გამკეთებელმა, დიდხანს ვეღარ იბოგინა და დიდი ხნით ადრე დასამკვიდრებელი ჯოჯოხეთის გზას დაადგა.

კომუნისტებს კი ტახტის მემკვიდრე უკვე გამზადებული ჰყავდათ და იმპერატორობა ამქვეყნად არაფრის მაქნისს, ცოცხალ-მკვდარ კ. ჩერნენკოს უბოძეს. თუმცა, არაფერი არ იყო გასაკვირვი – სისხლიანი იმპერიის მმართველ ვამპირთა ბანდას სწორედ მისნაირი ლეში-თავკაცი აწყობდა. მათდა სავალალოდ, ტახტზე დადებულმა ხელმწიფემ მალე განუტევა სული და წითელმანდატიანები ისევ ტახტის მიტაცების, მმართველი უმრავლესობისთვის სასურველი თავკაცის ამორჩევის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

იმპერატორის გვირგვინი გაქალაქელებულმა პროვინციელმა, გაქნილი და მოხერხებული მეუღლისგან მოკვარახჭინებული საქმის ჩაწყობით ხელთმოგდებულმა, ქაქან-ლაქლაქის მანქანის მჯობნმა მ. გორბაჩოვმა დაიდგა. ავანტურისტი და თაღლითი, ტრადიციული შოვინისტის აღზევებით, საბჭოეთში ახალი, იმპერიის დაშლა-გაქრობის წინაპერიოდი ჩამოდგა. ახლადგამომცხვარმა სისხლიანმა დიქტატორმა თანამოსაქმე ლაქიებთან ერთად, ხალხთა საპყრობილის შენარჩუნების სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა, რომლის გაცხადებასაც ხმაურიანი და სამარცხვინო, ტახტისა და მემკვიდრეობის შემარყეველ-გამოსაცლელი სიტყვები “გარდაქმნა და საჯაროობა” წარუმძღვარა. თვალთმაქცი “პოლიტიკოსის” განცხადებით, ეს ყველაფერი აუცილებელი წინაპირობა უნდა გამხდარიყო ახალი “დემოკრატიული ზესახელმწიფოს” ჩამოსაყალიბებლად. უნდა ითქვას, რომ ქაქანა ტირანმა თავდაპირველად შეძლებისდაგვარად მოახერხა იმპერიის უდიდეს ნაწილზე მოსახლე ბოგანო, გონებაჩლუნგი ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, მცირეოდენი ნდობის მოპოვება. ამის გამო ცრუპენტელა და თანამეცხედრის დაკრულზე მოცეკვავე იმპერატორმა, სამფლობელოს ვითომცდა მართლა გარდაქმნა-გადემოკრატების დასამტკიცებლად, საბჭოეთის პირველი პრეზიდენტის სახელიც მიიწება. ამ იაფფასიანი ხრიკებით სურდა ენაჭარტალა კაცუნას სისხლისფერი იმპერიის შენარჩუნება. იმას კი ვერა გრძნობდა, თუ კიდევ უფრო როგორ მოირყა იმპერია-საპყრობილის საძირკველი, როგორ იმრავლეს და იზარდნენ მის კედლებს მოდებულმა ბზარებმა. სულ უფრო მიზანდასახული ხდებოდნენ დასავლეთის სახელმწიფოთა პოლიტიკური ძალების ჭკვიანური მოთხოვნები და მოქმედებები, თანამიმდევრული ზეწოლით რომ აიძულეს ავყია და ბრიყვი გორბაჩოვი, საკუთარი ნებით დაეთმო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დათანხმებოდა გერმანიის გაერთიანებაზე.

და მაინც, ბოროტების იმპერიის დამანგრეველ-დამასამარებელი ძალა საქართველოდან დაიძრა. შეუძლებელი გახდა აზვირთებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იმპერიული, ტრადიციული გადამჭრელი ზომებით ჩახშობა. წითელი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ძალისხმევით თბილისში დატრიალებულმა აპრილის სისხლიანმა ტრაგედიამ, უკან დახევისა და ჩაჩუმება-შეშინების ნაცვლად, უმტკიცესად შეაკავშირა ერი, რაც საფუძველი გახდა კომუნისტთა მმართველობის გაუქმებისა და მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებისა, რასაც ეროვნული ხელისუფლების მოსვლა და პირველი ქართველი პრეზიდენტის, ეროვნული მოძრაობის თავკაცის ზვიად გამსახურდიას არჩევა მოჰყვა. ბატონმა პრეზიდენტმა ზედმიწევნით ზუსტი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. იგი აბსოლუტურად განსხვავებული იყო მანამდე არსებული კომუნისტურ-იმპერიულ-მონურ-შოვინისტური ურთიერთობის პრინციპებისგან. მისი მოქმედება სრულ თანასწორუფლებიანობაზე, უმეტესად დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირის დამყარებაზე გახლდათ დაფუძნებული. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მიუღებელი აღმოჩნდა ზოგიერთი მაშინდელი სახელმწიფოს თავკაცისთვის, რადგან თავათ იყვნენ გახლართულნი შავბნელ, მაფიოზურ-მასონურ დაჯგუფებებში და ცხადია, მათთვის მიუღებელი იქნებოდა მფარველთა თუ თანამზრახველთა ნება-სურვილის წინააღმდეგ წასვლა.

არც რუსეთში ისხდნენ გულხელდაკრეფილები დაპყრობილი ქვეყნების დაკარგვით შეშფოთებული კომუნისტები. თავდაპირველად, მათი ახალი წინამძღოლი, მანამდე ჩვეულებრივი საქალაქო ტრანსპორტით მოსიარულე და ასევე ჩვეულებრივი პოლიკლინიკა-მაღაზიებითა თუ სხვა ყოფითი სამსახურებით მოსარგებლე, დემოკრატის სახელდაჩემებული, სინამდვილეში სულითხორცამდე კომუნისტი ელცინი, ვითომცდა დაყაბულდა უგემრიელესი ლუკმის-საქართველოს, იმპერიის ორთავიანი არწივის ჭანგებიდან დასხლტომას და ქართველი პრეზიდენტის ნებას “დაყოლილმა”, ყაზბეგში ჩასულმა, ფრიად მნიშვნელოვან სახელმწიფოთაშორისო საბუთებსა და შეთანხმებებზე მოაწერა ხელი. ეს ყველაფერი ბოროტების იმპერიის ახალ წითელ პრეზიდენტს საერთაშორისო ნდობის მოსაპოვებლად სჭირდებოდა, თანაც მთლად მოსაწონი არ იყო, ახლად გაპრეზიდენტებულს, მეორე დღესვე ბომბდამშენები და ტანკები შეესია ქართველთა მიწა-წყლისთვის. პირიდან გავარდნილი მსუყე ლუკმის უკან ჯამში ჩაბრუნება, თანამეინახეებმა და უცხოეთის შავბნელმა ძალებმა ურჩიეს ახლო მომავალში მათგან დაგეგმილი მოსკოვს თავშეფარებული ქართული განაწყენებული პარტიული ნომენკლატურის, მათთან შეკავშირებული თანამდებობადაკარგული, ხელმოცარული კრიმინალური ინტილიგენციის მცირე ნაწილის მიერ წამოწყებული ამბოხების ანუ სამხედრო გადატრიალების დაწყების დღისთვის გადაედო.

მართალია კომუნისტური იმპერიის მმართველმა ხროვამ ჩვეული, მრავალგზის სასურველი შედეგის მომტანი ხერხების გამოყენებითა და ქართველ ხალხს, მის კანონიერ პრეზიდენტს გამდგარი მაფიოზურ-კრიმინალური ერთი მუჭა არსებათა მხარდაჭერით, დროებით შეძლო იბერთა ქვეყნის საკუთარ მარწუხებში მოქცევა და წითელთა წყობა-რეჟიმის აღდგენა, მაგრამ ვერაფერი გააწყო ქართველთაგან წამოწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის კანონზომიერ, ღირსეულ გამგრძელებელ-მემკვიდრე ვაინახებთან. მართალია, რუსეთის იმპერიულ ძალებს არც ამ ხალხის შემარცხვენელი ჰასბულატოვის, ავტურხანოვის, ზავგაევის, ჰაჯიევისა და მათი მსგავსების მოძებნა და “სამშობლოში წესრიგისა და კანონიერების დამყარებისათვის” შეგზავნა გაუჭირდათ, მაგრამ საბედნიეროდ, მათ თითქმის არავინ გაჰყვა-ჩეჩნეთში გამყიდველები და მოღალატეები, თითებზე ჩამოსათვლელები აღმოჩნდნენ. ამიტომაც გამოდგნენ უძლეველები ერთიანი სულისკვეთებით, ერთ მტკიცე ძალად შეკრული ჩეჩნები. ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა რუსული იმპერია, რომ ხელისგულისოდენა ჩეჩნეთში ამგვარ წინააღმდეგობას წააწყდებოდა.

განწირულსა და აგონიაში ჩავარდნილს, ოდნავადაც არ აწუხებს დასაწყისიდანვე წაგებულ ომში დახოცილი უამრავი სლავი ჯარისკაცის, ტყვედ ჩაბარებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მათი ახლობლების ბედი. წითელი პრეზიდენტი იანუშშიც არ აგდებს შვილმკვდარი და ჯერ კიდევ ცოცხალი ჯარისკაცების დედების საპროტესტო გამოსვლებს, კატეგორიულ მოთხოვნებს ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, ჯარის გამოყვანის შესახებ. საამისოდ, იმპერიის მესაჭეს ოდითგან დამკვიდრებული “დასამშვიდებელ-დასაწყნარებელი” პასუხი აქვს მომარჯვებული – პრესითა და ტელევიზიით ურცხვად აცხადებს “უმცირესი დანაკარგებით განხორციელებულ წარმატებულ” საბრძოლო ოპერაციებზე, მოპოვებულ “გამარჯვებებზე”.

განწირულის ბოდვასა და უაზრო ლუღლუღს, მხარს უბამს მესამედ გაწითლებული საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლება. 30 აგვისტოს, მიტინგზე გამოსულმა სახელმწიფოს “მეთაურმა” განაცხადა, რომ მართალია მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება, დასავლეთის სახელმწიფოების მეთაურები ასეა თუ ისე აღიარებენ რუსეთის მიერ ჩეჩნეთში გაჩაღებული ომის უკანონობას, ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევებს, მაგრამ არაფერს ამბობენ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის ხელყოფაზე, რადგან იგი თურმე “კონსტიტუციურად რუსეთის განუყოფელი ნაწილი და კუთვნილება” ყოფილა. ცხადია გამომსვლელი, წითელი იმპერატორისგან შედგენილ-მიღებულ “კონსტიტუციას” გულისხმობდა. ყოველივე ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ყველა ადამიანი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ წყლის ნაყვა მართლა უაზრობაა და არაფრის მომცემი, რომ კედელს შეყრილი ცერცვი ძირს ჩამოცვივდება, რომ ენას ძვალი არა აქვს…

ჰოდა, ლაქლაქობენ უსირცხვილოდ ესენგეს იმპერიის დიდ-პატარა ჩინოვნიკები ჩეჩნეთის “უკანონო” პრეზიდენტისა და “ბანდიტური” ფორმირებების მოსპობა-განადგურების გამო წამოწყებული ომით გამოწვეული დანგრეული ქვეყნის “აღდგენა-აღმშენებლობაზე”, დაუშურვებლად აცხადებენ და ასახელებენ ჩეჩენთა ხვალინდელი “ბედნიერი” ცხოვრებისთვის დასახარჯ ფანტასტურ-საარაკო თანხებს. და ყოველივე ამის შემდეგ რუსეთის ავიაცია დაუნდობლად ბომბავს, ნანგრევებად აქცევს იჩქერიის ქალაქებსა და სოფლებს… “აღდგენითი” სამუშაოები კი “ფართო ფრონტით არის გაშლილი”, დამპყრობელი ტრილიონობით რუბლს “არ იშურებს” ჩეჩენთა ქვეყნის “ასაყვავებლად”(!). ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ტელევიზიის პროგრამა “ვრემიას” გადმოცემულზე გვსურს გაგახსენოთ, ლენინგრადში გამართულ მიტინგზე პედაგოგი ქალი ლოზუნგით ხელფასით მხოლოდ ოთხი დღით თავის გატანაზე რომ გვაუწყებდა.

მაშინაც რომ მაგიდაზე შემწვარ-მოხრაკული, სხვარამ პირის ჩასატკბარუნებელი არ ექნებოდა გაშლილი, კარგად მოგეხსენებათ. იცის ეს ბოროტების იმპერიის წითელმა იმპერატორმა და ოდნავადაც არ ადარდებს ამ დღეში მყოფი მილიონობით თანამემამულის ბედი და არხეინად იმეორებს მისთვის ეგზომ ხელსაყრელსა და მომგებიან გამოთქმას: ვინც რა უნდა თქვასო…

იგივე გამოთქმის მოშველიებით შეეცადა რუსთ ხალმწიფე ჩეჩნებთან მოლაპარაკებისაგან თავის დაძვრენას, მაგრამ პრეზიდენტ ჯოჰარ დუდაევის იმ ერთი მუჭა “ბანდიტური ფორმირებებისაგან” შერცხვენილი, ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის უთვალავი დანაკარგისა და ზარალის მიმგები, დასავლეთის სახელმწიფოების მეთაურთაგან ზემოხსენებულ გაფრთხილებათა მიმღები, იძულებული შეიქნა, თავისი უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები და თანამზრახველები მოსალაპარაკებლად გაეგზავნა სწორედ “უკანონო” პრეზიდენტის წარმომადგენლებთან და არა მისგანვე შეგზავნილ გამყიდველ და მოღალატე “ეროვნული აღორძინების მთავრობის თავმჯდომარე” ს. ჰაჯიევთან, უ. ავტურხანოვთან, რ. ჰასბულატოვთან თუ ჩეჩენთა საძულველსა და მიუღებელ სხვა მარიონეტებთან, რომლებიც საბედნიეროდ ძალზე ცოტანი არიან.

მართალია მოლაპარაკება დაიწყო და მიმდინარეობს, მაგრამ წითელი ხელმწიფის მსტოვრები ჩვეული სიფლიდით, სიცრუითა და მზაკვრობით ყველაფერს კადრულობენ მის ჩასაშლელად. ამგვარი პროვოკაციებისა და შანტაჟის მომწყობნი იქით ედავებიან ჩეჩნებს – “ორპირობასა და ლაჩრობას” სწამებენ.შეთანხმების საფუძველზე მიღებული ტყვეთა გაცვლის პირობის შეუსრულებლობას, პრინციპით “ყველა, ყველაზე” ჩეჩნებს აბრალებენ და შეგნებულად ჩქმალავენ სიმართლეს – ტყვედ ჩავარდნილ-ჩაბარებული რუსი სამხედროების უარსა და პროტესტს სამშობლოში დაბრუნებაზე, სადაც მათი თქმით სასჯელის უმაღლესი ზომა თუ არა, მრავალწლიანი კატორღა მაინც აქვთ განაღდებული. ყოველივე ამის მიჩუმათებითა და თვალს მიფარებით სურს განწირულ იმპერიას არსებობის გახანგრძლივება და სხვა მრავალ უსუსურ საბაბთა მოშველიებით ცდილობს სადამსჯელო ჯარის ჩეჩნეთში დატოვებას, აზრადაც არ მოსდის მისი გამოყვანა. ასე ეწირება საზარბაზნე ხორცად გადაქცეული უამრავი რუსი ჭაბუკი, ჟინდაუმცხრალი იმპერიისა და მმართველი ბანდის მგლურ მადას. განწირული “ხელისუფალნი” ყველაფერზე მიდიან.

ვფიქრობთ, ძალზედ მოახლოებულია ბოროტების იმპერიის დაქცევის ჟამი. გარდაუვალი აღსასრულით კიდევ უფრო გახელებული და გაბოროტებული წითლები, გააფთრებული სისასტიკითა და არნახულად მოძალებული ვამპირული მადით ელტვიან შემზარავი საპყრობილის ფუძეგამოცლილი, დაბზარულ-დამსკდარი კედლების შეკავებასა და გამაგრებას. მაგრამ, ამაოა ყოველივე-საძულველი იმპერია უნდა დაინგრეს და აღიგავოს მიწისგან პირისა. ბოროტების აუცილებელი ხვედრი სიძულვილი, მარცხი და განადგურებაა.

 

 

გაზეთი “არჩევანი”

1995 წელი, ივლისი

 

• გელა ჯიღაური – წინამძღოლი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s