Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ჯოჯოხეთმონატრებულნი

 

გელა ჯიღაური

ავი, ავყია, ბოროტი

ანუ ჯოჯოხეთმონატრებული კიტუნია და პატრონები მისი

 

“თავისუფალ და დამოუკიდებელ” საქართველოში პრესაც რომ “თავისუფალია”, ყველამ ვიცით. დღეს აღარავინ “იზღუდება”, აღარავის “სდევნიან”. ნებისმიერ ადამიანს “თავისუფლად” შეუძლია საკუთარი ნაფიქრ-განსჯილის გამოქვეყნება. ეს 1991-1992 წლების “სახალხო აჯანყების” მონაპოვარი გახლავთ, თორემ 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს თანმოყოლილი “დიქტატურის დროს რა დღეშიც” ვიყავით, არავის დაგვიწყებია. მაშინ ბევრმა ჩაიგუბა პირში წყალი, რადგან “სიმართლის თქმისათვის ტყვიას თუ არა, საპყრობილეს” მაინც ვერ ასცდებოდნენ. ამიტომაც შეიბუდნენ სახლებში და მოუთმენლად მოელოდნენ პატრონისგან შემოთვლილ-შეპირებულის გაცხადებას, მანამდე კი დაკისრებული დავალებების შესასრულებლად უნდა გარჯილიყვნენ.

დავალება კი ბევრნაირია. არ არსებობს ადამიანი, ვინმესგან დავალება რომ არ მიეღოს რაიმეს გაკეთებაზე და ისინიც შეძლებისდაგვარად ცდილობენ მათს დროულად შესრულებას, სამსახურებრივი იქნება, საბრძოლო თუ ყოფითი. რაც შეეხება სამსახურებრივ დავალებებს, მათ სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭებათ ყოველი მოსამსახურისთვის, რადგან მათს შესრულებაზე ბევრად არის დამოკიდებული მისი მომავალი – თანამდებობრივი და მატერიალური წინსვლა-მატება, ჯილდო-ტიტულების მოპოვება, სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარება. ამიტომაც, მოსამსახურეთა უმრავლესობა თავს არ იზოგავს, კანში ძვრება უფროსების საამებლად, ნდობის მოსაპოვებლად, გულის მოსანადირებლად.

ცნობილია, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს ყველაზე მნიშვნელოვან დავალებებს სახელმწიფოს სამართავი სამსახურების მოხელეები, მეცნიერებისა და კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის, რადიო-ტელევიზიის, პრესის წარმომადგენლები ღებულობდნენ. მათგან გაკეთებული და თქმული ხომ ყველას დასანახი და გასაგები ხდება, რასაც მალევე სათანადო შედეგებიც მოჰყვება ხოლმე. “ვინც რა უნდა თქვასო…”, – შეახსენა ქართველთა სისხლისღვრით დამკვიდრებულმა “ხელისუფლებამ ტელევიზიონშჩიკებს”, დღეს ჩვენა ვართ საქართველოს განმგებლები და რასაც მოვისურვებთ, გიბრძანებთ, ის უნდა გააკეთოთ და თქვათო. ჰოდა, ისედაც უხარისხო, უგემოვნო და პრიმიტიული გადაცემების შემქმნელმა “გამარჯვებულმა ტელეჟურნალისტებმა” თავი აღარ დაზოგეს და ერთმანეთს აღარ აცდიან სიმართლის, უდანაშაულო და პატიოსანი ადამიანების ჩაქოლვას, საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას, მისი ოჯახის წევრებისა დ ახლობლების, კანონიერი ხელისუფლების ლანძღვა-გინებას, ერის ურთიერთდაპირისპირებას, “მოღალატე” თანამოსაქმეების თათხვა-ფურთხებას, არგასაგონი სიცრუის მოგონებას…

მათ ერთი დავალება აქვთ მიცემული: ძალ-ღონე არ დაიშურონ, ყველაფერი იკადრონ, ნურაფერს მოერიდებიან, უტიფრად ამტკიცონ – თოვლი შავია და კუპრზე თეთრი ამქვეყნად არაფერიაო. საბრალონი ერთი წუთითაც არ ფიქრობენ, რომ მათს ამ უნაყოფო, სამარცხვინო ოფლის დენას წითელი, ერის მოღალატე, გამყიდველი თანამოაზრეების გარდა არავინ უყურებს და უსმენს, “სუნიანი ნახირი” სახადივით ერიდება ამ უმსგავსოებას. არა გვგონია თვალებზე ლიბრგადაკრულნი და სმენადახშულები ვერა ხვდებოდნენ, თუ რაოდენ უბადრუკი ტიკინები არიან “ყოვლისშემძლე” წითელი ბატონების ხელში, რომლებიც სადაც და როდესაც უნდათ იქით მოისვრიან, იმაზე ატიკტიკებენ, რაც მათი ნება იქნება. იციან, მაგრამ რა ქნან, დავალება უნდა შეასრულონ, ტყუილად ხომ არ იკოტრიალეს ტელევიზიის კიბეების საფეხურებზე? გზააბნეულებმა ისიც იციან, რომ პატრონებთან ერთად ხალიფები ბრძანდებიან, თანაც მხოლოდ ერთი საათით (!).

რაკი სხვადასხვა სამსახურებისთვის მიცემულ დავალებებზე ვთქვით, ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით პრესას. “ხელისუფლება” გაზეთებს განსაკუთრებულ დავალებებს უმზადებს და ისინიც ცდილობენ პირი არ გაიტეხონ, თავი არ შეირცხვინონ. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს წეს-კანონისა და ეთიკის დაცვას. პირიქით, თავდაუზოგავად, გაუთავებელი ლანძღვით ამოსუნთქვის საშუალება არ მისცენ “ყალბისმქმნელ, ცრუპენტელა” მოწინააღმდეგეებს. ამგვარად თავგამოდებული მჯღაბნელები კი საკმაოდ არიან “შევის” ამქარში.

 

ერთი ასეთი მინიშნებული არსება გახლავთ “მწერალი და დრამატურგი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, დისიდენტი, ქომაგი, წამებული, მრჩეველ-დამრიგებელ-შემგონებელი”, ტორიჩელის სიცარიელის ზედმიწევნითი ნიმუში (მსგავსნი მრავლად რომ მოეძიება “პრეზიდენტს”) კიტა ბუაჩიძე, ოდითგან წითლების საზარელი სპეცსამსახურების დავალებათა უსწრაფეს-უპირველესი შემსრულებელი. ასაკდაუთვლელი ეს არსება დღესაც ფორხილობს და ამაზრზენი მლიქვნელობით განაგრძობს ბილწ, საწყევარ-საგინებელი საქმეების კეთებას. საჭიროდ არ მივიჩნევთ და გონების დანაგვიანება გვინდა ავიცილოთ ამ ავსიტყვა, შავგულიანი არსების “ნამოღვაწარის” განხილვით და მხოლოდ საქართველოსა და ქართველთათვის ტრაგიკული მოვლენის – 1991-1992 წლების სისხლიანი გადატრალების დროს, მისთვის გულის გასახარსა და გაბრწყინებულ პერიოდში ნამოქმედარის განხილვით გვინდა შემოვიფარგლოთ. ამას შავრაზმული “საქართველოს რესპუბლიკის” ახალგამომცხვარ დამატება “აბჯრის” 1993 წლის 20 და 27 მარტის ნომრებში გამოქვეყნებული ნაბოდვარით დავიწყებთ.

ვინც კი საღად მოაზროვნე პიროვნება ამ “ოპუსს” გაეცნო, იგი ყველამ ბოროტების, ღვარძლის, შურის, შეგინების, ლანძღვა-თათხვის, შეურაცხყოფის, ჭორიკნობის, ქართველთა კიდევ უფრო დაპირისპირების ნიმუშად, მოწოდებად აღიარა. ეს გულის ამრევი ნაცოდვილარი სხვა არაფერია თუ არა ბაზარს გაჩვეული, გაწუწკებული მაწაუკი დედაბრის მიერ დახლებს შორის სუნსულის დროს ყურმოკრული ქვეყნის ჭორი, ერთად რომ აქვს შეკრებილი და საღამოს, ბაზრის დაკეტვის მერე, თვისტომებთან რომ ჩიფჩიფებს პირაქაფებული. ამ არაადამიანურ, არაკაცურ ნაბოდვარს ბევრმა უპასუხა, მასში მოხსენიებულმა ბევრმა პიროვნებამ კი საჭიროდ არ ჩათვალა სიბილწის მთხზველთან შეპასუხება. თუმცა, საკვირველი და მოულოდნელი არაფერია საცოდავი არსებისთვის თავსლაფდასასხმელ, წყევლა-კრულვისა და სიძულვილის მომხვეჭელ იმ ნაჯღაბნში, წითელი მბრძანებელ-პატრონების მითითებითა და დავალებით რომ არის შექმნილი. დავალება კი ფრიად მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა: თავდაუზოგავად, ყოველგვარი ეტიკეტისა და ზრდილობის, ზღვარის დაუცველად, საკუთარი ასაკის უგულებელყოფით, ქუჩის ნაძირალასდარი ბილწსიტყვაობით ელანძღა და ეგინებინა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მისი მშობლები, ოჯახის წევრები, შეურაცხყოფა მიეყენებინა და აბუჩად აეგდო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, მას შეწირული ადამიანები, ქართული ინტელიგენციის ღირსეული წარმომადგენლები, ქართველი მანდილოსნები და მთლიანად ერი, დაუსრულებლად ენთხია შხამი და ბალღამი. და შეასრულა პირნათლად დავალება ყურმოჭრილმა ყმამ, მხდალმა და მუცელზე მხოხავმა მონამ. ექსტაზში შესულმა, აგონიაში ჩავარდნილმა იმდენი სისულელე და ბოროტება წამოროშა, რომ პატიოსან, სამშობლოსა და ერის მოყვარე ადამიანებს განსჯის უნარი წაერთვათ გონგამოცლილი (ანდა როდის ჰქონდა იგი) კაცუნას სატანური აზროვნების გამო.

სხვანაირად ვერც გაირჯებოდა კომუნისტებისგან დავალებების მიღება-შესრულებას ჩვეული არსება. მათგან დაპურებული, უარს ხომ ვერ შებედავდა მანამდე უამრავჯერ გაკეთებულზე? გახსოვთ ალბათ წითლების ოფიციალური ბატონობის დროინდელი იაფფასიანი “ტაქტიკური” ხრიკი – მუშებთან და გლეხებთან თავის “გატოლება-გაყადრების” სიმართლედ წარმოჩენა. ყველანაირ ბიუროებში (ცეკადან დაწყებული) აუცილებლად რომ უნდა ჰყოლოდათ მევენახე, მეფოლადე, მეფრინველე, მშენებელი, ზეინკალი, ფეიქარი, მეჩაიე, მეეზოვე … “სიხარულითა და პატივისცემით” რომ წამოასკუპებდნენ ხოლმე საშვიდნოემბრო თუ საპირველმაისო, ლენინის დაბადების დღის აღმნიშვნელი საზეიმო საღამოების პრეზიდიუმებში. შეიძლება მერე ზღაპრულ სადილ-ვახშამზეც წაეყვანათ და ღრეობას მორჩენილი ნამცეცებით დაკმაყოფილების ნება მიეცათ. ანდა კიდევ, პრესტიჟულ რაიონში საგანგებო პროექტითა და ხარისხით აშენებულ სახლებში, ერთი ბინა მათთვის გაემეტებინათ. არც კაპიტალისტურ ქვეყნებში სამოგზაუროდ შეკრებილ ჯგუფებში ივიწყებდნენ მოწინავე მშრომელის შეყვანას და ა.შ.

მწერლებიც, პუბლიცისტებიც, დრამატურგებიც, ჟურნალისტებიც თავიანთს დავალებებს ღებულობდნენ: “შეულამაზებლად, სიმართლის პირში მიხლით, დაუფარავად ემხილებინათ” არსებული ნაკლოვანებები, “გამოეაშკარავებინათ და საზოგადოების მსჯელობის საგნად გაეხადათ უღირსი ხელმძღვანელები”. და იწერებოდა უამრავი რომანი, მოთხრობა, ნოველა, პიესა, სცენარი, წერილი, შარჟი, რეპორტაჟი, იდგმებოდა სპექტაკლები, იღებდნენ კინო და ტელეფილმებს. მერე იყო “აკრძალული”, უმთავრესთა და უძლიერესთა “მხარდაჭერითა და მფარველობით” გაკეთებულის საჯარო განხილვები, პრემიების მიკუთვნება (!). “უშიშარი” ავტორების ლამის ეროვნულ გმირებად გამოცხადება. მაშინ როცა, ერთ-ერთი ფილმის მთავარი პერსონაჟის, მოხუცი ფოსტალიონისთვის ვითმოცდა მოულოდნელი საჩუქრის – მაცივრის ჩუქების ამბავის ყველასთვის ცნობილისა არ იყოს, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილ-გათვალისწინებული. სწორედ ასეთი დავალება მიიღო დიდი ხნის წინათ “სიმართლის მთქმელმა უშიშარმა დრამატურგმაც”. და მანაც აღარ დააყოვნა, ისეთი “პილპილ-წიწაკიანი” პიესა “ეზოში ავი ძაღლია” გამოაცხო, რომ ამ მდარე, პრიმიტიულ-მდაბიური ქმნილების სცენაზე გადატანამ “სიმწრის ოფლი ადინა, შიშისგან ააცახცახა” თანამდებობის ბევრი პირი თუ ჩინოვნიკი. ასე “დაუნანებლად, უშიშრად ამხილა და გაამათრახა” კიტუნიამ მაშინდელი უკუღმართობანი, მათი ჩამდენი სოციალისტური საზოგადოების ხორცმეტები. ცხადია, მაყურებელი ხვდებოდა, რომ პიესაში ნათქვამი სხვა არაფერი იყო, თუ არა კომუნისტური “თვითკრიტიკისა და ნაკლოვანებათა თვითმხილების” ცნობილი და გაცვეთილ-გახუნებული ხერხი, რომელიც ყურებზე ხახვს ვერავის დააჭრიდა, მაგრამ მთავარი გაკეთებული გახლდათ – ხელმძღვანელი კომუნისტების დავალება შესრულდა. შედეგი? არაფერი! უკბილო და უგერგილო იუმორით თქმულ “სიმართლეს” დაბეჩავებული ხალხი მწარე ღიმილით ისმენდა და ხელს უიმედოდ იქნევდა.

ასეც იყო – ქარავანი თავისი გზით მიდიოდა. თუმცა, პიესის ავტორს უკვე განაღდებული ჰქონდა სიმართლისთვის “მებრძოლის”, ხალხის ინტერესებისთვის უანგარო “თავდადებულისა და მოსარჩელე-ქომაგის” სახელი. ასე ასრულებდა წითელი პატრონებისგან მიცემულ სხვა დავალებებსაც: ხელმოკლე და მრავალშვილიანი ოჯახების (მათ შორის მეგრელებისაც) მატერიალურად ხელის წაშველებას, ხელისუფლების “გამამათრახებელი” პიესებისა თუ პუბლიცისტური ნაღვაწების, “შავი წიგნების” გამოქვეყნებაში მიღებული ჰონორარებით. და განა მარტო პირიდან ლუკმის “გამოღებითა” და უპოვართათვის “განაწილებით”, ფულის “მიტანითაც დახმარებია” შეჭირვებულთ და უმწეოებს, დასჯილებსა თუ მოკვეთილებს, უბინაოებს… თურმე სხვა ბევრი რამითაც, ეხლა ყურები რომა გვაქვს გამოჭედილი და თვალები ჩაწყალებული, “გამკეთებლის” დაუსრულებელი ძახილითა და წერა-ჯღაბნით. ის კი საგულდაგულოდ აქვს დავიწყებული, ქრისტეს რჯულის მიმდევარმა მტკიცედ რომ უნდა დაიცვას: მარჯვენამ ისე აკეთოს სიკეთე, მარცხენამ არაფერი იცოდეს. თუმცა, ეს ჩაგონება ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა აღასრულოს და არა სატანასთვის სულმიყიდულმა.

როგორც ვთქვით, კიტუნია მარადჟამს “ხმალამოღებული, ჩახმახშეყენებული” ედგა დარაჯად სამართლიანობასა და კანონიერებას, თავსა “სწირავდა” დაჩაგრულთა და ბედშავთათვის. თუმცა, მასაც ჰქონდა “იძულებითი დადუმების ავბედითი” პერიოდი. “სიმართლისათვის წამებული”, ბატონ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს თვალს იყო მიფარებული და ხმადაწეული უჩუმრად დაფაჩუნობდა “უჭაღო და უსკამ-უმაგიდო” საცხოვრებელში. ვერ გავამტყუნებთ, მაშინ ხომ “დიქტატურისა და ოცდაჩვიდმეტ წელზე შავბნელი პერიოდი იდგა”, ხმის ამოღება და დღის სინათლეზე გამოსვლა მისნაირებისთვის მომაკვდინებელი გახლდათ, რადგან იმ “დაწყევლილ დროში არც ოპოზიციური გაზეთები გამოდიოდნენ, არც მიტინგების, დაწესებულებების კიბეებზე ჯდომა-გორაობისა და ბარიკადების მოწყობის უფლებას” იძლეოდნენ. ამიტომაც აირჩია “ბედს შერიგებულმა” უბადრუკ სამყოფელში დარჩენა და არქივის გამალებით ავსება ყველანაირი გულის ამრევი ჭორითა და სიბილწით, რაც კი ვინმე უმგვანმა და გადაგვარებულმა, მამულისა და ერის მოღალატე-გამყიდველმა ჩასჩხავლა. რაც კი პანაშვიდებზე, ტრანსპორტში თუ სხვაგან გაიგონა ქართველთათვის ავის მოსურნე ნაძირალებისგან. აგროვებდა, რადგან ბოროტების იმპერიის სამსახურში მყოფი მზე-ბატონის, იქ ჩაბუდებული მოღალატეებისგან დანამდვილებით იცოდა მოახლოებულ სისხლიან გადატრიალებაზე, სისხლისფერთა ხელმეორედ აღზევებაზე, საქართველოსა და ქართველთათვის მალე თავსდასატეხ უბედურებაზე.

და დადგა ნანატრი ჟამი “გამარჯვებისა”. წითლებმა ღვარად ადინეს ქართველთა სისხლი, დაუნანებლად დაანგრიეს და დანაცრეს თბილისის უმთავრესი ქუჩა, ძველი უბნები, დაამხეს “დიქტატორი”, მოვიდა “თავისუფლება და დამოუკიდებლობა”, ქართველებმა “შვებით” ამოისუნთქეს. სახელნაცვალი კომუნისტები წინამძღოლის თავკაცობით ისევ წამოჯდნენ მცირე ხნით დაკარგულ, ნეტარი ცხოვრების მომტან სკამებზე, ზარ-ზეიმით დაიბრუნეს ურგები თანამდებობები და საქმეების კეთებას შეუდგნენ. იმ საქმეებისას, დღევანდელ კატასტროფამდე რომ მიგვიყვანეს.

და დაჯდა წერად მანამდე მოლოდინით სულგალეული კაცუნა დიდი ხნით დაგროვილი ბალღამის, ბილწსიტყვაობის ნიაღვრის ქვეყნისათვის გადასანთხევად. ამისათვის რეაქციული “საქართველოს რესპუბლიკა” აირჩია. თქმა არ უნდა, მისი რისხვა უპირველესად და უმთავრესად ზვიად გამსახურდიასთვის იქნებოდა განკუთვნილი. მაგრამ ისე მოხდა, რომ მოთხრა-მოსრის ნაცვლად, არნახული სამსახური გაუწია და ღირსება შემატა მისთვის საძულველ პიროვნებას. მხედველობაში გვაქვს მისი “პუბლიკაცია”, გაავებული “მიწასთან რომ ასწორებს” ბატონ ზვიადს, “ორ დღეში ნასწავლი” აფხაზურით რომ “გაბედა” აფხაზებთან საუბარი. მართლაც დიდებული და მოსაწონი სამსახური, ასე ვთქვათ უნიკალური რეკლამაა – საქვეყნოდ დაწერო პიროვნების ნიჭსა და უნარზე, ორ დღეში ენის დაუფლებაზე და მერე მასზე მოლაპარაკე ხალხთან უმნიშვნელოვანესი მიმართვის გაკეთების თაობაზე. ბარაქალა კიტუნია, ქართველთა პრეზიდენტის ნიჭის, მოქნილი გონების ასე ზედმიწევნითა და სწორად შეფასებისთვის, სრულიად საქართველოსთვის შეტყობინებისთვის. ეტყობა მაშინ პატრონებმა გვარიანად დაუტატანეს გადაღრძოებულ მოენე-მსახურს სიმართლის თქმისთვის და გააფრთხილეს: დავალებად ქება კი არა, ლანძღვა-გინება შეგიკვეთეთო… ჰოდა, გაფრთხილდა უტყვი ყმა, თავი აღარ დაიზოგა და ზემოხსენებულ “აბჯარში” გამოქვეყნებული მრავალგვერდიანი ნათითხნით გამოისყიდა შეცდომა.

“პუბლიცისტიკის” ეს სამარცხვინო ნაბოდვარი ზვიად გამახურდიას “განადგურებით” იწყება და სხვადასხვა დროს აღნუსხულ უბედურებებზე გვაუწყებს, რომელთა მომწყობ-განმხორციელებლები დღესაც თავისუფლად დათარეშობენ. ცხადია, დუჟმორეული “კალმოსანი” არაფერსა წერს ძალმომრეობით მოსულთაგან დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიებზე – თბილისში 3 და 7 იანვარს, 2 თებერვალს გამართული მანიფესტაციების მონაწილეთა დახვრეტაზე.

მომდევნო დარტყმა უცხოეთიდან სამშობლოში ჩამოსულ, კომუნისტების მოძულე ნუგზარ შარიაზე მოდის, ღვარძლითა და ირონიით რომ მოიხსენიებს მის ამერიკის მოქალაქეობას. მომეტებულად კი მსახიობისგან პრეზიდენტისთვის მიძღვნილ კონცერტს (აბა ავტომატსა და ბეტეერს ხომ არ უსახსოვრებდა) გაუცოფებია.

ვერც ბატონ ზვიადის წიგნების გამოცემა მოუნელებია, შურისაგან თვალებდაბნელებული, წიგნების მაღაზიების საწყობების ამ “მაკულატურით” ავსებაზე ვიშვიშებს.

და ნიმუში სულის სიმწირისა, პატარკაცობისა ანუ კაცუნობისა, “აბუჩად” რომ იგდებს პრეზიდენტის განათლებას, მის სიყვარულს ხელოვნების ერთი უდიდესი ძარღვისადმი და ფორტეპიანოზე მიკარებისათვის შავ დღეს აყრის მასაც და აწგარდაცვლილ მშვენიერ მუსიკოსს, ქალბატონ მედეა ფანიაშვილსაც. მისი აზრით, პრეზიდენტს ეს მკრეხელობად ეთვლებოდა. გამოდის, ამერიკელებმა, თბილისში განხორციელებული სისხლიანი გადატრიალების მომწყობთა დარად, ქვემეხებისა და ტანკების ალყაში უნდა მოაქციონ თეთრი სახლი და მანამდე უშინონ ჭურვები, სანამ ბატონი ქლინთონი ყველას დასანახავად არ დაამსხვრევს საყვარელ ინსტრუმენტს – საქსაფონს და ხმამაღლა არ იყვირებს: მივქარე და მეორედ ამას ხელს აღარ ვახლებო!

უნდა ითქვას, რომ დასახელებულ ნაბოდვარში ავტორს აქა-იქ წამოსცდება ხოლმე სიმართლე და თავსიდაუნებურად გვამცნობს: “საზოგადოებას პატიება მინდა გამოვთხოვო უხეიროდ დალაგებული ბუნდოვანი აზრებისთვის, გაუმართავი ფრაზებისა და აწეწილ-დაბურდული…”, ალბათ უნდა ეთქვა მონაჩმახისთვისო, მაგრამ ჩანს მეტს აღარ უხსნის “გონებას” სატანა და ისევ გესლით უვსებს თავში არსებულ სიცარიელეს. ამიტომაც აღარ აყოვნებს, ისევ ტყუილსა და ჭორს, შხამს ამოანთხევს, ტალახსა და სიბინძურეს გვესვრის არნახულად გამძვინვარებული. უშვერად გვლანძღავს ქართველებს, არნახულად აკნინებს ერისთვის უმტკივნეულესი და უმძიმესი ტრაგედიის – 9 აპრილის უდანაშაულო მსხვერპლთ, რომ თურმე ეროვნული მოძრაობის წინამძღოლებს, უსინათლო მომღერალი გოგონები შეუტოვებიათ ხელში კაციჭამია რუსი სალდაფონებისთვის. ამ ტყუილსა და ამაზრზენ, არაკაცურ სიცრუეზე კიტუნიამ საკადრისი პასუხი მიიღო ერთ-ერთი იმ უსინათლო გოგონასგან გაზეთ “იბერია-სპექტრის” N76-ში.

ზვიად გამსახურდიასადმი ზიზღსა და სიძულვილს მთლად დაუდამბლავებია მწირი აზროვნების მქონე კაცუნა და შურით გახელებულ-გაავებული “ნაცარტუტად აქცევს” პრეზიდენტის უბრწყინვალეს ნაშრომს დიდი შოთას პოემის შესახებ. გაალმასებული, უზომოდ შეურაცხყოფს ერის სიამაყესა და საგანძურს, მსოფლიო პოეტური გენიის შედევრს. ნაშრომის “გაცამტვერებისა და დაწუნების” მიზეზად მისგან ვერავითარი შინაარსის გამოტანასა და თუნდაც მცირეოდენი მეცნიერული ღირებულების დაუნახაობას ასახელებს. და სწორადაც ბრძანებს – მისნაირი აღქმა-გაგების არსებისთვის მართლაც ძნელად ჩასაწვდომი იქნებოდა დასახელებული ურთულესი მეცნიერული ნაშრომი და რაკი ვერ გაიგო (თურმე თუ გაიგებდა, მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა გამოკვლევის მეცნიერულ ღირებულებაზე საუბარი), მოდგა და “ძირფესვიანად მოთხარა”. ამიტომაც გვინდა ხმამაღლა ვთქვათ გულღრძო და პირგესლიანი “მწერლისა და დრამატურგის” გასაგონად, რომ ადვილი შესაძლებელია ჩვენც მთლად ვერ გავიგოთ ეს ჩინებული მეცნიერული გამოკვლევა, მაგრამ ამით თავი სასაცილო მდგომარეობაში არ უნდა ჩავიგდოთ. ამგვარ ნაშრომებსა და გამოკვლევებს მხოლოდ ისეთი ღრმად განსწავლული დიდი მეცნიერები გაიგებდნენ და ღირსეულად შეაფასებდნენ, როგორებიც მისგან “გაკიცხულ-თითდაქნეული” ბრწყინვალე ერისკაცები, აწგარდაცვლილი ბატონები აკაკი გაწერელია და ალექსანდრე ბარამიძე გახლდნენ. სირცხვილია და თავხედობაა, ქართული ფილოლოგიური მეცნიერების პატრიარქებისთვის, იაფფასიანი და მდარე პიესების მჯღაბნელისგან ამ დიაპაზონზე ისტერიული კივილი, “გამოფხიზლებისკენ” რომ მოუწოდებდა სამშობლოსა და ერის უერთგულეს, ვალმოხდილ მეცნიერებს. აღარაფერს ვამბობთ სითავხედის, ავყიაობის, შავგულობის ყოველგვარ ზღვარს გადასულ გამოხდომაზე დიდ კონსტანტინე გამსახურდიასადმი. ამ შემთხვევაშიც შური ჯაბნის ჭკუას და ამის გამოა, რომ დაკარგულია თუნდაც მცირეოდენი განსჯისა და ზომიერების დაცვის უნარი.

რაკი ჭკუის სწავლებასა და ჩაგონებას მორჩა კიტუნია, მერე არჩევნებსაც გადასწვდა და კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ამ მხრიდანაც შეუტია. არაფრად ჩაუგდო წეს-კანონის დაცვით შესრულებული პროცესი, რადგან თურმე ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელმა მასონმა, სამართლიანობის უგულებელმყოფელმა, შავი სამყაროს წარმომადგენელმა და კაცთმოძულე პრეზიდენტმა “ოთხი” ენის მცოდნე ზვიად გამსახურდიას უარი შემოუთვალა შეხვედრაზე. სამაგიეროდ, დიდი პატივითა და ხვევნა-კოცნით მიუღია მხოლოდ ორი ენის მცოდნე ყირგიზეთის მტკაველნახევრიანი “პრეზიდენტი”. ამიტომაც “აივსო” აზიის ეს სახელმწიფო დოვლათითა და ბარაქით, იქიდან მოყოლებული, ყირგიზებმა აღარ იციან რა სვან და ჭამონ, რა ჩაიცვან და დაიხურონ… ის კი გამალებულმა მიაჩუმათა უსირცხვილო კაცუნამ, რომ პრეზიდენტყოფილ ბუშს არც კი უფიქრია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა, რადგან მზაკვრული ჩანაფიქრების მოსურვილე, დინების საწინააღმდეგოდ მოცურავესთვის ვერაგულ ხაფანგს აგებდა, რომლის ამოქმედებაც წითელი მაფიისა და მას მიკედლებული წითელი “ინტელიგენციის” მეშვეობით განახორციელა. თუმცა, ავისმქმნელსა და ბოროტს აღარც თავათ დაადგა კარგი დღე – ამერიკელებმა აღარ ისურვეს მისი წინამძღოლობა და თეთრი სახლიდან მიაბრძანეს. ურჩიეს, დინების საწინააღმდეგოდ ესწავლა ცურვა, რადგან მხოლოდ ამის შემძლე პიროვნებას ძალუძს ხალხის სიყვარულისა და ნდობის მოპოვება.

რაც შეეხება ენების ცოდნის რაოდენობას, გულშავ არსებას ისევ შური ართმევს ისედაც მწირი აზროვნების უნარს და მხოლოდ ოთხი ენის “ცოდნას” უდასტურებს პრეზიდენტს (სინამდვილეში ხომ მეტია? თუნდაც “ორ დღეში” ნასწავლი აფხაზური). თუმცა, იქვე არაფრად უგდებს და უნიორწყლებს ამ უპირატესობას და სიყვარულით ჩამოთვლის კრიმინალური “ინტელიგენციის პოლიგლოტ” წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, შორეულ ბანგკოკში გადასკუპებული, იქაური უნივერმაღების გამყიდველთა სამ ენაზე “ჭიკჭიკის” ამბავს გვმიხელს. ამით იგი ორ კურდღელს იჭერს: საკუთარ “ენციკლოპედიურ განათლებას” წარმოაჩენს და საქართველოს პრეზიდენტისა და ბანგკოკელი გამყიდველების ერთ სიბრტყეზე გათანაბრებას მიანიშნებს. მაგრამ, რაღა ცხრა მთისა და ზღვის იქით მიექანებოდა ბედშავი არსება? გასულიყო ავლაბარში და საკუთარი ყურით მოესმინა შეიძლება სულაც ხუთ ენაზე მოსაუბრე ფეხსაცმელების მწმენდავისთვის, გამყიდველისთვის, თერძისთვის, ხარაზისთვის, დალაქისთვის…. მართლაც დიდად შესაბრალისია ამქვეყნად არარაობად მოვლენილი არსება, გესლითა დ ბალღამით გატენილი რომ წამლავს ისედაც გაბინძურებულ გარემოს.

მორიგი დავალება წითელთა ლაქიას პრეზიდენტის მეუღლის განსაქიქებლად მიუღია და “ოპუსის” მოზრდილი ნაწილი გაუმეტებია. გესლიან კაცუნას თურმე “საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია ქალბატონ მანანას გარეგნობისადმი”. კიდევ კარგი, რომ “განსჯის ეს ობიექტი” ჭკუადაცლილმა, მბრძანებელთა თანამეცხედრეებს არ “შებედა და შეადარა”, წარა-მარა უცხოეთში რომ დარბიან უზომო ჭამა-სმით ფორმადაკარგული “სხეულების” გასაპეწენიკებლად. მაგრამ, რაც შეეხება ქალბატონ მანანას მოქმედებას, იგი ამაში მთლიანად “ჩაჭრილია” და აკი ამიტომაც “შანთავს და ამათრახებს” არნახული დაუნდობლობით. რას აღარ იხსენებს “მწერალი და დრამატურგი”, რა მამხილებელ ფაქტებს აღარ ააშკარავებს: მიტინგებზე თავმოყრილი ჭუჭყიან-სუნიან-სოფლელი ბრბოს დირიჟორობას “ზვიადის დასაძახებლად”, ქართულად “ჩინებულად” მოსაუბრე კომუნისტი ნაციონალ-ფუნქციონერ თამარ ქაბულოვას (პავლე გილაშვილის მარჯვენა ხელის) “ჟეჟვა-ბეჟვასა და ჭიტლაყის ამოკვრას” (ის კაი დედ-მამის შვილი, თუკი წყაროსავით არაკრაკებდა ქართულს, რაღას გვაოჩნებდა ჩვენთვის გაუგებარ, კიტუნიასა და მისი მზე-ბატონისთვის სათაყვანებელ ყინულოვან ენაზე დუდუნით?) და ბევრ სხვა საარაკო ჭორსა და ანეკდოტს. მაგრამ ასეა, დავალება უნდა შეესრულებინა, არადა “დუბინკის” ცემით დააოსებდნენ…

ახლა ამაზრზენი ნაბოდვარის კიდევ ერთ შემზარავ, დანაშაულებრივ ნაწილზე ვიტყვით, რომელშიც აშკარად გამოსჭვივის დასაძრახი საქმის კეთების უდიდესი სურვილი. იგი მისთვის და მბრძანებელ-პატრონებისთვის საძულველ უმშვენიერეს კუთხეს, იქ მოსახლე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსურვილე, კანონიერების დამცველ ხალხს ეხება. დავალების მიზანი კი ტრადიციულად პრიმიტიულია და შესაბრალისი: კიდევ უფრო გააღრმაოს ვითომცდა დანარჩენ საქართველოსა და სამეგრელოს შორის “წარმოქმნილი ნაპრალი”. დუჟმორეული და გაცოფებული “პუბლიცისტი” არგასაგონად შეურაცხყოფს მეგრელებს, აბუჩად იგდებს მებრძოლსა და პატიოსან ადამიანებს, არნახულ სიბინძურესა და ჭუჭყში ძირავს მამულის, ერის ინტერესების დაცვის, კანონიერი ხელისუფლების გამოსარჩლებისა და მხარში ამოდგომისათვის. ლაჩრებსა და მხდალებს უწოდებს “დინამოს” სტადიონზე დატეული აფსუების “ვერმომრევსა და ვერდამმარცხებელ” მეგრელ ვაჟკაცებს და ლამის არის “თეთრ მანდილოსანთა უმწიკვლობის სიმბოლოდ” გადაქცეული ლეჩაქები წამოახუროს. იმას კი თავგამოდებული აფარებს ხელს და მიწას გამალებული აყრის, თუ ვინ გაადიდგულ-შეაგულიანა ურგები უპირატესობებით: უნივერსიტეტით, ტელევიზიით, თეატრებითა და ჟურნალ-გაზეთებით მოყირჭებული აფსუები. არაფერს ამბობს რკინიგზის “დაცვა-გაწმენდისა და ტიტულოვნი ტყვის (ს.კავსაძის, – გ.ჯ.) დახსნისათვის” დაწყებული გაუმართლებელი და დანაშაულებრივი ომის წამოწყებაზე, უაზროდ რომ შეიწირა უამრავი ახალგაზრდა მებრძოლი და მშვიდობიანი მოსახლეობა, დაუნანებლად რომ დაანგრია, ფერფლად გადააქცია კოპწია ქალაქები და სოფლები. მაგრამ ეს “არაფერია”, უბრალოდ, მოსახდენი მოხდა. მთავარი მეგრელთა დაჩოქება, მოსრა და შეჩვენება გახლდათ. თუმცა იმავდროულად, არც მეგრელთათვის “გაწეულ სიკეთეს” ივიწყებს და მანამდე უამრავჯერ დაჯღაბნილსა და წამოყრანტალებულს, გახელებული კიდევ ერთხელ გვადენს ცხვირიდან ძმრად.

როგორც აღმოჩნდა, შხამით გატენილ არსებას, ბატონ ზვიადის საუბარიც ყელზე დასდგომია და ამიტომაც ატარებს “ცეცხლის ბრიალა ალში” ღრმად განსწავლული მეცნიერის სადა, გასაგებ მეტყველებას. ვერ შევედავებით – ყველას ხომ მღვდელი არ მოსწონს, ზოგს მისი მეორე ნახევარი უფრო მოსდის თვალში. ალბათ კიტუნიას, მფარველი “პრეზიდენტისა და პარლამენტართა, მომეტებულად თავმჯდომარის მჭერმეტყველი, დახვეწილი” ქართულით საუბარი ჩაუვარდა გულში. ამიტომაც გვინდა ვახაროთ აბითურიენტებსა (გამორჩეულად, ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე შემსვლელთ) და მშობლებს, ნუღარ დაიწყებენ ძვირადღირებული რეპეტიტორების ძებნას. დიქტოფონებმომარჯვებულები მიუსხდნენ რადიო-ტელევიზორებს და ღრუბელივით ისრუტონ ანკარა წყაროსავით ჩქაფუნით მოვრდნილი “მარგალიტები”.

გვეგონა ამით დაასრულებდა “კალმოსანი” ზვიად გამსახურდიას “გაშავებას”, მაგრამ კიდევ ერთი “ბრალდება” ჰქონია შემონახული და იგიც დაუფარავად აუწყა სრულიად საქართველოს. წითელთა მოენესა და გადაღრძოებულ კაცუნას საქართველოს პრეზიდენტისთვის ვერაფრით უპატიებია საფრანგეთის აწგარდაცვლილი პრეზიდენტის შარლ დე გოლის “წამდაუწუმ” ხსენება, მისთვის თავის “გატოლება” და გაბოროტებული ნიშნისგებით ჩხავის: რადგან მას “ეტოლები”, შენც უმალ უნდა გადამდგარიყავი, როგორც ის მოიქცა, როდესაც ხალხმა მოუწოდაო (!). და ისევ გულბოროტის წესი და ჩვევა – მთავრისა და სიმართლის ჩაწიხვლა, პატრონისთვის საამო შავი საქმის კეთება, თორემ “ენციკლოპედიურად განათლებულმა პუბლიცისტმა” უნდა იცოდეს, რომ დე გოლს გადადგომა მისსავე ამომრჩეველმა ხალხმა მოსთხოვა და ამისთვის არც ელისეს სასახლის დაწვა-დანგრევა, არც თანამემამულეთა ხოცვა-ჟლეტა, სისხლის ნიაღვრად მოვარდნა შეიქნა საჭირო. და პრეზიდენტმა ხალხის ნება აღასრულა. საქართველოში კი სრულიად საპირისპირო მდგომარეობა შეიქნა – პრეზიდენტის ამომრჩეველი ხალხი კვლავაც მის გვერდით იდგა, მისი გადადგომა ხალხს არ მოუთხოვია. ეს წითელი, კრიმინალური “ინტელიგენციის” სურვილი გახლდათ, შევარდნაძისა და მოსკოვს თავშეფარებული მაფიოზური ნომენკლატურის ხელშეწყობით განხორციელებული სისხლიანი გადატრიალებით რომ შეისრულეს.

რადგანაც ბატონ ზვიად გამსახურდიასა და სხვა ბევრი მამულიშვილის ლანძღვა-თათხვითა და კბენა-ჯიჯგვნით იჯერა გული, ვიფიქრეთ დაცხრაო, მაგრამ ამაოდ. შავგულიანმა და ბოღმა-შურიანმა ბოლომდე არავის აპატია “ცოდვა” და პროფესორ გ. შარაძეს მისდგა – როგორ გაბედე და ი.ორჯონიკიძეს თანამდებობაში შეეცილეო. ამასთან დაკავშირებით, საჭიროდ არ მივიჩნევთ უაზრო სჯა-ბაასის გაჩაღებას, მაგრამ “პოეტთან” დაკავშირებით კი ვიტყვით, რომ მისი შეძლებისა და უნარის პატრონს, ნამდვილად არ სჭირდება ძალაგამოცლილი, მიხრწნილი კაცუნას ვექილობა. არა გვგონია, ყველაფერზე წამსვლელმა და ყველაფრის მკადრებელმა დიაცმა ტყუილუბრალოდ ვინმეს დააჩაგვრინოს თავი, მითუფრო “პრეზიდენტის კრიშით” თავდაგულებულ–დაცულმა.

… ამით არ სრულდება 1993 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული საცოდავი არსების ნაჯღაბნი, რომელიც მისდა სავალალოდ, ზედმიწევნით მართალი, უნაკლო დასასრულით მთავრდება, წერილის ბოლოში რომ გაგაცნობთ, რადგან აღმოჩნდა, რომ “კალამგაუგდებელ კალმოსანს” კვლავაც ბევრჯერ აღუსრულებია წითელი ბატონების დავალებები, კიდევ ბევრი სიბილწით დაუნაგვიანებია იაფფასიანი ღვარძლის, შურისა და ბოროტების საქვეყნოდ მომფენი ასევე იაფფასიანი, უკანონოთა სამსახურში ჩამდგარი ჟურნალ-გაზეთები. ვიტყვით, რომ უბადრუკი კაცუნას იმ “შემოქმედებას” არ გავცნობივართ, რადგან არანაირი სურვილი არა გვაქვს შევარდნაძის პრესით გონების დანაგვიანებისა. მხოლდ ახლახანს, შემთხვევით მოგვეცა საშუალება მის ერთ-ერთ რუპორ-გაზეთ “ახალ საქართველოში” დასტამბული (იგი რამდენიმე ნომერში, რამდენიმე გვერდზე იყო გადაჭიმული, – გ.ჯ.) წითელთა სპეცსამსახურების უერთგულესი მსახურ-”კალმოსნის” ნაბოდვარის წაკითხვისა. გულღრძო კაცუნას ამ მორიგი სიგიჟის სათაურთან დაკავშირებით გვინდა ყველას ვურჩიოთ მისთვის თვალის შევლება, რადგან გაუსაძლისი ყოფისგან შეჭირვებულებს, მცირედ განმუხტვის უებარი შემთხვევა მიეცემათ. დაგვერწმუნეთ, დიდხანს და გულიანად იხარხარებთ სულით ავადმყოფობის ზედმიწევნით დამადასტურებელი სათაურ-ქვესათაურის წაკითხვისას. ვინც ვერ მოახერხებს, თავათ გაუწყებთ: “ახლა, მასწავლებელო, ნოდარ ნათაძის დაჭერის მომხრეთა სიას ვადგენ” – ეს სათაურია. ქვესათაური კი მთლად სუპერსახარხარო გახლავთ: “… ამას წერდა ედუარდ შევარდნაძე, როცა ის ქრისტეს ასაკისა ბრძანდებოდა” (!). ჰოდა, ამის გამო გადავწყვიტეთ ამ აბდა-უბდის მკითხველებისთვის გაცნობა.

“მე ნაურაზე არაფერს ვწერ, ყველაფერს ვწონი, არ შემიძლია დავწერო: “ზვიადი უშეცდომო კაცი იყო. ჩემი ღრმა რწმენით, გამსახურდიას პრეზიდენტობა სულ ერთიანად შეცდომების თაიგული იყო. მე არავისი არც მერიდება და არც მეშინია, ეშინოდეთ სიმართლის….”. ეს მრავალგვერდიანი ნაბოდვარის წანამძღვარია. ახლა კი “კალმოსნისთვის” პატრონთაგან მიცემული მორიგი დავალებით შეთითხნილ სიგიჟეს გავუყვეთ.

ცხადია, “ნამოღვაწარს” შავგულა არსება დაუფარავი შურიანობითა და ზიზღით, თანამოაზრეთა ჭ.ამირეჯიბის, მ.ლებანიძის, რ.ჭეიშვილის, ე.კვიტაიშვილის, ჯ.ჩარკვიანის, თ.წივწივაძის, ტ.ჭანტურიას, სხვათა ბწკენა-კბენით, ქოქოლის დაყრით იწყებს, რასაც უმალ საკუთარ “ჯვარცმულობას” მიაბამს. თუმცა მალევე, დროებით, შიგნეულობაში ჩაიბრუნებს გადმოსანთხევად გამზადებულ სამსალას, რადგანაც ყველაზე უმთავრესი, ქვესათაურში მკრეხელურად ნათქვამი სურს გადმოისროლოს: “შემოვიდა ჩვენში მაისი და გაზაფხულის დღესასწაული (ცხადია 1 მაისი, – გ.ჯ.). შემოვიდა ამაყად, რწმენით, გულდაჯერებით, რომ მთელს ქვეყანას, მთელს დედამიწას ახაროს სიხარული ერისა რომელმაც საუკუნეთა ქარტეხილებს გაუძლო, ათასი ჭირ-ვარამი გამოიარა, ყველაფერი აიტანა და მაინც არ დაარღვია ფუძე, არ გააცია კერა, არ წააქცია დედაბოძი. ლაპარაკია ერზე, რომელიც ამ ლამაზ მიწაზე დასახლდა (ნუთუ მიწა ლამაზი შეიძლება იყოს? მიწა ნაყოფიერი, ფხვიერი, შავი, მწირი გაგვიგია, – გ.ჯ.), დაფუძნდა და ღირსეულად ეზიარა საკაცობრიო კულტურის ყველა მონაპოვარს, აითვისა და გაიცნო კაცთა მოდგმის ნაღვაწი და ნააზრევი, თავადაც თქვა თავისი სიტყვა, ისეთი, როგორიც ეკადრებოდა, როგორიც მის მიწასა და ბუნებას შვენოდა – ლამაზი, დარბაისლური…”.

შევარდნაძის ამქარში მყოფი სტეფანოვის, ალფენიძის, მირიანაშვილის, საქართველოს დაქცევაზე, ქართველთა გადაშენებაზე მლოცველი ქართულ გვარ-სახელებს ამოფარებული უცხოტომელი ურიცხვი მრჩეველ-”კალმოსნების” მიერ ათასგზის გაცვეთლ-გაწყალებული სიტყვების ამ რახარუხით შოკში ჩავარდნილა, ცაში აფრენილა დღენიადაგ წითელი მბრძანებლის ფეხებთან მოგორავე კიტუნია და ჩიქორთული ქართულით შეკოწიწებული სისულელით რეტდასხმული წერს: “შინაარსობრივად ასე მოკლედ, აზრობრივად ასე ფრთაგაშლილად, ასე ხატოვნად ბევრი ნამდვილი მწერალიც ვერ დაწერდა, არადა, ამას წერდა ედუარდ შევარდნაძე, როცა ის ქრისტეს ასაკის ბრძანდებოდა, ვიდრე მაცხოვარს ჯვარზე გააკრავდნენ – 33 წლისა, რესპუბლიკის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი”.

ესეც ასე! ქრისტიანული სამყარო საუკუნეებია უზენაესის მეორედ მოსვლას მოელის და თურმე ამაოდ, უფალი იგი, ოციანი წლების დასაწყისში გამოგვცხადებია და თანაც სად, ჩვენს კურთხეულ მიწაზე (!). ნამდვილად არ გვეპატიება, არნახულად “შესაჩვენებლები”, სადღეისო შეჭირვებაზე უარეს განსაცდელში ჩასაყრელები ვართ, რადგან “ბევრის მცოდნე-აღმომჩენი” კაცუნას, მისი თანამოსაქმე ერთი მუჭა კრიმინალების გარდა, ლამის მთელმა საქართველომ ვერ შევნიშნეთ, ვერ ამოვიცანით ჩვენი თანამედროვე, კომკავშირ-კომპარტიაგამოვლილი სისხლისფერი “მესსია”. მაგრამ, სასოწარკვეთილებას ნუ მივეცემით, თავზე ნაცარს ნუ დავიყრით “მამაზეციერის” აღმოჩენისადმი გამოჩენილი უნებური “უმადურობის, დაუფასებლობისა და პატივის მიუგებლობისა” გამო, რადგან ჩვენგან “გასაკეთებელ-გასაღებს” თავათ “მესსია” კისრულობს – დავალებათა უერთგულეს შემსრულებელ მონასა და მოენეს მოუღალავად ანაყრებს გამოხრული ძვლებითა და ნამცეცებით.

რაკი საცოდავმა კაცუნამ მბრძანებელი “მესსიად” დაიგულა, ისევ საკუთარი არსების ქება-შეფასებას მოჰყვა და გულღრძოდ შობილმა, ზოგიერთ მისებრ მიხრწნილ-გადამღვრძალ თანამოაზრე “კალმოსანთან” ერთად აღარც მბრძანებლის ამქვეყნიდან წასული მეხოტბეები დაინდო: “ იმ ხანებში (ლაპარაკია “შევის” ცეკას პირველმდივნობის დასაწყისზე, – გ.ჯ.) ქსეროქსზე გადატანილი ჩემი “შავი წიგნი” გამოვიდა, რომლითაც მოურიდებლად ვუყვირე გრ.აბაშიძეს, ნ.დუმბაძეს, ო.თაქთაქიშვილს, ვ.ჭელიძეს, რ.ჯაფარიძეს, გ.ციციშვილს – გამოვფხიზლდეთ, ვიღუპებით-მეთქი, მაგრამ … ყველა ამათგან არავითარი მხარდაჭერა, სრული დუმილი. უბრალო ხალხმა კი, ჩეკა-კაგებეს აშკარა დევნის მიუხედავად, “შავი წიგნი” უმალვე აიტაცა, ერთმანეთს ხელიდან აცლიდნენ”.

არ გეგონოთ ამას ტყუილს ამბობდეს ლამის ბიბლიას გატოლებული ნაბოდვარის შემქმნელი. “წყალგაუვალი” ფაქტებისა და მხოლოდ “სიმართლის მთქმელი, ნაღვაწის შემფასებელ მათემატიკოს დ.ჭანტურიშვილისგან მიწერილს” (სინამდვილეში იგი თავათ კიტუნიას ნაეშმაკარი გახლავთ, – გ.ჯ.) გვაცნობს: “მართალია, თქვენ ამ ნაშრომს წერილს უწოდებთ, მაგრამ მის ავტორობაზე … უარს არ იტყოდა ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე კი თავის რჩეულ ნაწარმოებებში პირველ ადგილს დაუთმობდა”. ჰოდა, ყოველივე ამის მერე, ერის მამასთან და თვალსაჩინო მამულიშვილთან თავგატოლებულმა “კალმოსანმა” როგორ არ უმტროს, არ დაშხამ-დაცოფოს პატრონისგან რატომღაც მასზე მეტად პატივმიგებული “კალმოსნები”? სწორედ ამ მიზეზით ნ.დუმბაძის, გრ.აბაშიძისა და ი.აბაშიძის კიდევ ერთხელ დაგესლვის მერე, შვებამოპოვებული არსება წითლების საქმიანობის ტრადიციულ ნაწილს, დავალებით გათვალისწინებულ “შეხურების, თვითკრიტიკის, თვითგვემისა და შეჩვენების” ნაწილს უახლოვდება.

“მთელი წლის წვალება დამჭირდა, რომ წიგნს რესპუბლიკის ხელმძღვანელამდე მიეღწია, მაგრამ მან მისი დამწერის ხილვა არ ისურვა. ამხანაგი შევარდნაძე დისიდენტად მიჩნეულ კიტა ბუაჩიძეს თავს როგორ გაუყადრებდა”. აი, ასე “უტევს და აშავებს დისიდენტი” კიტუნია მზე-ბატონს. მაგრამ, ამით არ ამთავრებს “შეჩვენებას და უარეს მწარე ბრალდებას ახლის” სახეში, რაც უნებლიედ წამოსროლილი სიმართლე გახლავთ: “გადაჭრით შეიძლება თქმა იმისა, როგორც შევარდნაძის მრავალწლიანი მოღვაწეობა გვიჩვენებს, გულგრილად უყურებდა და უყურებს ჯერ ერის გამეჩხერიანების, მერე კი მისი სრული ამოწყდომის საკითხს”. სრული სიმართლეა! თვით საბრალო კიტუნიასგანაც ვერდამალული.

და ისევ უნებლიე სიმართლე: “მხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა გახადა შესაძლებელი “შავი წიგნის” დასტამბვა 1990 წელს” (ე.ი. ეროვნული მოძრაობის აღზევებისა და გამარჯვების პერიოდში, – გ.ჯ.). თუმცა, ამას არავითარი ფასი და მნიშვნელობა არა აქვს უმადური, გულშავი არსებისთვის. მერე დავალების გეზს უნებურად აცდენილი, ისევ ოდითგან გაკვალულ კალაპოტში ვარდება და ჩვეული გაავებით მიედ-მოედება, ულევად აფრქვევს სიცრუეს, ბალღამს.

“შევარდნაძე 1992 წლის სექტემბერში გვაფრთხილებდა, საქართველოს ბედი სოხუმში წყდებაო. ეს ომი სულაც არ იგრძნობოდა თვით თბილისშიც კი. თოფი არ აიღოთ, აფხაზები ხელს არ გახლებენო, – ამშვიდებდა გალელებს პრეზიდენტობაზე თავგადაკლული “მწერალი და მეცნიერი” ზვიად გამსახურდია”, -გაჰკივის წითელთა სპეცსამსახურებში დაგეშილ-გამოწრთობილი ¨დისიდენტი პუბლიცისტი”. დაგვეთანხმებით, წყლის ნაყვა და უაზრობაა ჭკუადაცლილის, ბოროტებისგან თვალებდავსილის, სმენადახშობილის ნაბოდვარისთვის უამრავჯერ თქმულის, დაწერილის, ოფიციალურად აღიარებულისა და დამტკიცებულის დაპირსიპირება. ანდა რა საჭიროა? განა თავათ უამრავჯერ არ ამოუკითხია მზე-ბატონის მაამებელ გაზეთებში დაბეჭდილი მწარე სიმართლე “უმაღლესი მთავარსარდლის” სოხუმიდან გამოქცევის, ჩვენი უპირველესი მტრის– რუსეთისთვის საქართველოს ერთი უმშვენიერესი კუთხის- აფხაზეთის ჩაბარება – ჩუქების თაობაზე? ისიც კარგად იცის, რომ ბატონ ზვიადის დაბრუნება და კანონიერი ხელისუფლების აღდგენა ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა – კონსტიტუციით აფხაზეთი თოფ-ზარბაზნის გამოუყენებლად, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილებით დაუბრუნდებოდა საქართველოს. ამას კი არაფრად დაუშვებდა “უმაღლესი მთავარსარდალი”, დავალების შეუსრულებლობას არ აპატიებდნენ დინების საწინააღმდეგოდ ცურვის უარმყოფელი და ვერამტანი შავი სამყაროს ბოსები.

აფხაზეთის ტრაგედიის “ვერგადამტანი” არსება მრავალგვერდიან აბდა-უბდაში მოზრდილ ნაწილს, “გაუქარვებელ ტკივილთან” დაკავშირებულ პიროვნებას – სტალინს უწილადებს და შავ დღეს უთენებს, ჯუღაშვილის თურმე ოსად გამომცხადებელ, ქართველ დრამატურგ პოლიკარპე კაკაბაძის შვილს, პროფესორ მანანა კაკაბაძეს. და იშვიათი მიზეზის მპოვნელი ხელიდან არ უშვებს დიდი ხნით შიგნეულობაში ჩაგუბებული სიძულვილის გამოაშკარავების სასურველ შემთხვევას. შურით აღგზნებული, ჩვეული გაუტანლობით გესლავს დრამატურგს: “პოლიკარპე კაკაბაძეს ხელისუფლებისგან არასდროს არავითარი დევნა და შევიწროება არ განუცდია (თურმე აუცილებლად კაგებეს ჯურღმულებსა და ციხე-დილეგებში უნდა ამოერთმიათ სული უდანაშაულო პიროვნებისთვის, – გ.ჯ.). მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ საშუალო დონისაზე დაბალ სპექტაკლ “ცხოვრების ჯარას” მაყურებელი არ მიაწყდა”. შურით დაბოღმილ-გააფთრებული კაცუნა, პ.კაკაბაძის შემოქმედების დამფასებელსა და მომწონებელს, მარადჟამს წითელ რეჟისორ გ.ლორთქიფანიძესაც არ ინდობს და დიდ ცოდვად, შემოქმედებითს მარცხად მიუთვლის “ყვარყვარეს” გრიბოედოვის თეატრში დაუდგმელობას. ჰოდა, ყველაფერი ნათელია – რაკიღა პ.კაკაბაძის პიესა დასახელებულ თეატრში არ გააჭაჭანეს, იგი არაფერი ყოფილა. სამაგიეროდ მისმა მდარე, მდაბიურმა პიესამ “ეზოში ავი ძაღლია” იბოგინა გარკვეული ხნით, ქართველთა დაუძინებელი მტრისენოვანი თეატრის სცენაზე (!).

მართალია ენამოშხამულმა, შურიანმა კიტუნიამ უთვალავგვერდიან დავალება-აბდაუბდაში საკმაო ადგილი დაუთმო მუდამ მისი პატრონების სამსახურში მყოფ ზოგიერთ მისებრ გამყიდველსა და მოღალატე არსებას, მაგრამ ბოლო ათწლეულის დავალებები ხომ მხოლოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახისა და ახლობლების, კანონიერი ხელისუფლების, მისი მხარდამჭერი მოსახლეობის გაუნელებელ ლანძღვა-შეჩვენებას, ჭუჭყისა და სიბილწის მორევში ჩახრჩობას ითვალისწინებს. ჰოდა, დაკვეთით გაუთვალისწინებელი წითელი “ინტელიგენტების” კბენა-ფლეთით გულნაჯერი კაცუნაც ისევ მბრძანებელთათვის უკიდურესად საჭიროსა და მაამებელ, შიგნეულობაში დაგროვილი ულევი ბალღამის გადმონთხევისთვის აუცილებელ საკითხებს უბრუნდება: “ქალის ენერგიამ და სინაზემ უნდა გადაარჩინოსო საქართველო”, – ამოუკითხავს “შევის” პრესაში, მუდამ ბოროტების მაძიებელსა და მოსურვილე “კალმოსანს” და განაგრძობს: “ამასვე ამბობს ერთი პარლამენტარი მანდილოსანი, მეტი ქალი უნდა ჩავაბათო პოლიტიკაში”. შემდეგ კი უპირველეს საძულველ პიროვნებას მიადგება:

“ბევრი ქალი ჩააბა პოლიტიკაში ზვიად გამსახურდიამ, მის გამოჩენისას კივილს რომ იწყებდნენ, ვარდებოდნენ ისტერიკაში, ქვითინებდნენ, იგლეჯდნენ თმებს. მათი ავანგარდი გახლდათ ე.წ. კარვის ქალები “ანტიზვიადელებს” პერანგებს რომ ახევდნენ და სახეში აფურთხებდნენ, მწერალთა ყრილობის წინ ცეცხლს რომ მისცეს მათი მშვენიერი წიგნები”..

“შავი წიგნის” შემკოწიწებელ-დამჯღაბნელის ამ ათასჯერ თქმულში ახალი და სენსაციური არაფერია. პატრონთა საამებლად, მამულისა და ერისთვის თავგანწირული ქართველი ქალების აუგად ხსენება, ლანძღვა-გინება, მიმღვრძალი ფინიასავით აწკავწკავებული არსების ერთი საყვარელი თემა გახლავთ და ცხადია, ამჯერადაც უდიდესი სიამოვნებით ასრულებს დავალების ამ მონაკვეთსაც. მხოლოდ ის არის “გულდასაწყვეტი”, რომ საბრალო კაცუნას არანაკლებ საბრალო მბრძანებლბს ხელთ არა აქვთ “ზვი-ა-დის” ძახილით “ქადაგად დავარდნილი, თმებდაგლეჯილ-ლოყებჩამოკაწრული, გაგიჟებულ-დასაბმელი, “ანტიზვიადელების” ცემა-ტყეპით გამხეცებული კარვის ქალების ორგიების” ამსახველი ვიდეომასალა, თორემ იცოცხლეთ, ელექტროენერგიას ოცდაოთხი საათი მიაწვდიდნენ მათგან მოძულებულ ქართველებს და მხოლოდ იმ სანატრელ ჩანაწერებზე ამუშავებდნენ ტელევიზიის უკლებლივ ყველა არხს. არც ხალხის მიერ შეჩვენებული, ძალმომრეობით დამკვიდრებულთა დავალებით გამართული “მწერლების” შეგროვების დროს მათი “მშვენიერი” (ჭირის დღესავით საძულველ არსებათაგან მოპარულ-გადაწერილი “ქმნილებანი”, გესლიანი კაცუნასთვის ამჯერად მშვენიერნი რომ შეიქნენ, – გ.ჯ.) წიგნებით არარსებული კოცონის აბრიალებას, ზვიად გამსახურდიასგან “ორასი მილიონი მანეთისა და ზოოპარკიდან გატაცებული ცხოველების”, მოსკოვის “პუტჩის” მომწყობთა მხარის დაჭერის დამადასტურებელი იანაევის ოქმებისა თუ სხვა “სენსაციური, უტყუარი” ფაქტების ვერდამტევი ფირების ხილვას მოგვანატრებდნენ. და რადგან სატანასთან წილნაყარებს მსგავსი არაფერი მოეძიებათ, კიტუნიასგან შეთითხნილი მდაბიური, პრიმიტიული საგაზეთო ნაცოდვილარებით კმაყოფილდებიან. თუმცა მეორესმხრივ, არც გაემტყუნებათ – “სუნიანსა და ტლუ, გიჟებად შერაცხულ კარვის ქალებს” როგორ შებედავენ და თუნდაც წამიერი გაფიქრებით გვერდში ამოუყენებენ ამერიკული სიგარეტების კვამლითა და ფრანგული სუნამო-კონიაკ-შამპანურის არომატით გაჟღენთილ “უმწიკვლო და სპეტაკ-უცოდველ დიაცებს”: ლ.ღოღობერიძეს, ქ.დოლიძეს, მ.ლორთქიფანიძეს, ი.პირუმოვას (სარიშვილს), გ.გაბუნიას, ნ.კირთაძეს, მ.ჩილინგაროვას (გიგინეიშვილს), ნ.დევდარიანს, რ.ბერიძეს, ნ.ალექსანდრიას, ი.ორჯონიკიძეს, ნ.ონიანს, ნ.ჯაფარიძეს, მ.დოიჯაშვილსა და მათი ამქარის სხვა წვრილფეხობას.

ჩანს, “კარვის ქალების” თემა ერთგვარი ქვაკუთხედი გამხდარა სპეცსამსახურების ჭკუადაცლილი შიკრიკისთვის. ამისი დასტურია “ახალ საქართველოში” დასტამბული მრავლგვერდიანი ნაბოდვარის სწორედ ერთი “შლეგი კარვის ქალისგან უნებურად წამოსროლილი სიმართლის” მაუწყებელი სიტყვებით დასათაურება. 1991 წლის ოქტომბერში, “კალმოსანი” კაცუნას ნაცნობი “გვართმცოდნე აკადემიკოსი”, კარვების წინ თავის ნამოწაფარ ქალს გადაყრია და “მისგან ნაამბობი” კიტუნიასთვის უხარებია. მასწავლებლის შეკითხვაზე, ნამოწაფარ “კარვოსანს” იქ ყოფნისა და საქმიანობის შესახებ დაუფარავად ჩაუკაკლია: “ახლა, მასწავლებელო, ნოდარ ნათაძის დაჭერის მომხრეთა სიას ვადგენ (აი, სწორედ ეს მარგალიტის მძივად ასხმული სიტყვებია გამოყენებული ამაზრზენი “პუბლიკაციის” სათაურად, – გ.ჯ.). ზოგმა არც კი იცის, რას აწერს ხელს… კარავს ენდობიან, ჩვენ ხომ აქ მთავრობის ტელეფონიც გვიდგას… ხუთას მანეთს მაძლევენ ყოველთვიურად”. მართალია შავგულა-შავკალმოსანი არსება დასაწყისში ერთგვარი მადლიერებით მოიხსენიებს “უაღრესად საინტერესო ამბის” მაუწყებელს, მაგრამ იქვე კუთვნილ შხამს აპკურებს მასავით ჭორიკანა “მეცნიერს”, რომელიც ძნელად დასადგენი ურიცხვი “აკადემიებიდან”, ერთ-ერთის “აკადემიკოსად” სახელწოდებარგებული ყოფილა. ცხადია, ამქვეყნად ბოროტებისთვის მოვლენილი, “გვართმცოდნე აკადემიკოსისგან” მოჩმახულს არ დასჯერდებოდა და მეტად დარწმუნებისთვის, კვლავაც მისგან შეთითხნილს, “პიროვნებაგაუმხელელი (სინამდვილეში არარსებული, – გ.ჯ.) ნაცნობი ქალისგან” თქმულად ასაღებს: “კარავში “ნაკოლკებიანი” ქალებიც იყვნენ, ქრთამობიაც იყო გამეფებული…”. დიდად გასაკვირვია და მოულოდნელი, რომ “კარვის ქალების” მეისტორიე-მემატიანე მხოლოდ ამ ორი მოგონილი პიროვნებისგან “მოყოლილით” დაკმაყოფილებულიყო.

ჰოდა, “ინფორმაციული სიცარიელე” ნაწილობრივ ჩვენ გვინდა შევუვსოთ და ვახაროთ, რომ “ქვეყნის საარსებო უმნიშვნელოვანესი საკითხების გადამწყვეტ-მომგვარებელი კარვის ქალები” არაფრად დასჯერდებოდნენ მარტო სამთავრობო ტელეფონსა და ხუთასმანეთიან ანაზღაურებას. ადვილი საფიქრებელია, პრეზიდენტი კარვებს არც ფაქსებითა და კომპიუტერებით (მაშინ ჩვენში მობილური ტელეფონები თითქმის არ არსებობდნენ, თორემ მათაც უხვად ჩამოურიგებდა კარვოსნებს, – გ.ჯ.) უზრუნველყოფაზე ეტყოდა უარს. აღარაფერს ვამბობთ “თავზესაყრელი სურსათ-სანოვაგით უწყვეტ მომარაგებაზე”, თორემ აბა მაშ რითი “ღრეობდნენ და ტაშფანდურობდნენ კარავთა მკვიდრნი?”. რაც შეეხება ნ.ნათაძის “დაჭერისთვის საჭირო ხელმოწერების შეგროვებას”, ამისთვის ნამდვილად თავს არ შეიწუხებდნენ, არ “დახურდავდებოდნენ კარვის ქალები”. ჭკუამხიარულობისა და უვიცობის საოცარი ნაზავი არსების “შეპყრობას” როგორმე, ხელმოწერების შეუგროვებლად მოახერხებდნენ “ყოვლისშემძლე მოხელეები”.

და ისევ “კარვის ქალების” უსაყვარლესი თემა, მხოლოდ ამჯერად გაცილებით მომგებიანი დატვირთვითა და შეფერილობით. ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიასადმი ქართველი ხალხის მიერ გამოხატული თანადგომის, პატივისცემისა და სიყვარულის დამნახველი გაშმაგებული არსება ისევ ზემოხსენებული “ინკოგნიტო ქალის მონაყოლით” ესწრაფვის მზე-ბატონის გულის მოგებას და არაკაცური, არაადამიანური მეთოდით ცდილობს ეროვნული მოძრაობის წინამძღოლის “გაბაიბურებას”. ყველაფერს ყელში ამოსული, გაცვეთილი მონაჩმახით იწყებს: “მიტინგის დროს თუ ტაში იყო დასაკრავი, ქალბატონი მანანა ხელს აგვიწევდა, და თუ არ იყო ტაში დასაკრავი – ხელს გააქნევდა”, – “გაუმხელია” უხილავსა და არარსებულ ქალს ჭორის გუდა “კალმოსნისთვის”. მაგრამ, გულბოროტი კაცუნა ამ “უმნიშვნელო სამხილით” არ კმაყოფილდება და პრეზიდენტის მეუღლეს “უმკაცრეს ბრალდებებს” უყენებს: “ამ ქალის “პოლიტიკური თამაშები” აშკარად სახიფათო და დამღუპველია, რადგან შინაურ იდიოტებს სათვალავი არ მოეპოვებათ, რომელთა აყოლიება ქმრის გვარის წყალობით, დიდად არ გაუჭირდება”. მკითხველი ცხადია მიხვდა, რომ შხამ-გესლიანი კაცუნა ქალბატონ მანანას “სახიფათო და დამღუპველ პოლიტიკურ თამაშებში” ქართველთა უდიდესი ნაწილის თანხმობითა და მხარდაჭერით, ძალმომრეობით დამკვიდრებულთა წინააღმდეგ გაგრძელებულ სამართლიან მოქმედებას გულისხმობს და აშკარად გრძნობს წარმატებული, უეჭველი დასასრულის მოახლოებას.

ამ გარდაუვალი აუცილებლობითა და ჭეშმარიტებით შეშინებული, დამბლადაცემული “მწერალი და დრამატურგი” მასზე არანაკლებად დამფრთხალ-შეძრწუნებული მბრძანებლების გამოსაფხიზლებლად “ენციკლოპედიური განათლებით” ცდილობს მათს გაფრთხილებასა და თადარიგის დაჭერას: “მანანა არჩვაძეს გაგონილი ექნება და ახლა მოსვენებას არ აძლევს სირიმავო ბანდარანაიკეს ბედი, რომელსაც ქმარი, შრი-ლანკას პრემიერ-მინისტრი მოუკლეს და მის ადგილზე სირიმავო დასვეს. მანანა არჩვაძე-გამსახურდიასაც გულში აქვს ამოჭრილი, რომ მსგავსი შემთხვევა საქართველოშიც განმეორდეს. მასაც საქართველოს პრეზიდენტობაზე უჭირავს თვალი”. დაგვეთანხმებით, პატრონთაგან მართლაც დიდად დასაფასებელია ერთგული მორჩილისა და დავალებათა უზადო შემსრულებლის ამგვარი “მიხვედრილობა და ალღოიანობა”, რადგან ქალბატონ მანანას “გულისნადები და დამღუპველი აზრები” დღემდე მის გარდა სხვამ ვერავინ ამოიცნო. ვერც გაიგებდნენ, რადგან “უბრწყინვალესი ნიჭის” პატრონს, სხვა ბევრ რამესთან ერთად, მამაზეციერმა ბევრისთვის საოცნებო მჩხიბავ-მკითხაობაც მხოლოდ მას უბოძა. აი, თურმე კიდევ რისთვის იხმეს წითლებმა “სასწაული” არსება საიდუმლო სამსახურში საქმიანობისთვის, ბინძური დავალებების შესასრულებლად. ადვილი შესაძლებელია, კიტუნია შევარდნაძის უზარმაზარი ამალის ერთი წევრთაგანი იყოს, ისეთი, ვითარცა გამოტვინებული, შეშლილი ბრეჟნევისთვის, სამყაროს “საოცრებად” მოვლენილი “გრძნეული”ოფიციანტი ჯუნა. ჰოდა, მშვიდად შეუძლია იყოს “პრეზიდენტი”, სახელგავარდნილი ჯუნას ორეული, უფრო სწორედ მჯობნი, აუცილებლად აღმოუჩენს განუსაზღვრელი ვადით, ე.ი. სიკვდილამდე, პრეზიდენტად “არჩევა”-ყოფნის გზასა და საშუალება-კანონს.

უკიდურესად საძულველი “ზვიადიზმის” პრობლემის ქექვა-ჩხიბვას “მისანი-კალმოსანი” საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებული “წყალშეუვალი და უზუსტესი მოსაზრებებით” ამთავრებს: “თურმე ნუ იტყვით, ბატონი გოცირიძის გაზეთი გამოდის როგორც ცილისმწამებელი, რომელიც შეგნებულად აფარებს ხელს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზატორ შევარდნაძეს. და ეს უმძიმესი ბრალდება სახელმწიფოს მეთაურმა ისე გადაყლაპა, ვითომც აქ არაფერია. ეს არ მოხდებოდა, შევარდნაძეს პრინციპულობა რომ გამოეჩინა: გამსახურდიამ თავი მოიკლა თუ მოკლეს, მაშინ სულ იოლი იქნებოდა დაზუსტება. ჩამოვიდნენ კიდეც უცხოელი ექსპერტები, მაგრამ ცხედარს ახლოსაც არ გააკარეს მხოლოდ იმიტომ, რომ საამისოდ გროზნოდან ნება არ დართო მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ იმ წინასწარი მოსაზრებით, რომ თუ ექსპერტიზა თვითმკვლელობას დაადგენდა, მაშინ მისი ქმარ-პრეზიდენტის მოკვლას შევარდნაძეს ვეღარ დააბრალებდა, ახლა კი აბრალებს. ძალზე საკვირველია, ხელისუფლებას მანანა არჩვაძისათვის ასე მონურად “ანგარიში რატომ უნდა გაეწია”.

გაკაპასებული არსების ამგვარად აღშფოთება და მზე-ბატონის “გაუმართლებელი გაჩუმება, დათმობაზე წასვლა” გულბოროტი კაცუნას მორიგი თვალთმაქცობაა, თორემ ყველაზე უკეთ სწორედ მას მოეხსენება მბრძანებლის არნახულ დაუნდობლობასა და გაწირვაზე, უდანაშაულო და მართალი ადამიანებით გადაჭედილ ციხე-საპატიმროებზე, იმქვეყნად გასტუმრებულ უამრავ გამოყენებულ “ახლობლებსა და მეგობრებზე”… უსასრულოდ ჩამოსათვლელიდან მხოლოდ ერთი – თვითმფრინავის “გამტაცებელი”ჩინებული ახალგაზრდებისა და მათი “წინამძღოლი” მღვდლის დახვრეტაც კმარა. ჰოდა, მართლაც დიდად გასაკვირვია, რატომ “იყუჩა და თვალი მოუხუჭა მსოფლიო რანგის პოლიტიკოსმა, რატომ დაემორჩილა ასე უჩუმრად” მისთვის საძულველი პიროვნების “უძალო” თანამეცხედრის გროზნოდან “მოსული” ექსპერტიზის ჩაუტარებლობის მოთხოვნას?

მაგრამ, კვამლი უცეცხლოდ რომ არ არსებობს…

“ზვიადიზმის” პრობლემის დაღრღნა-დახვრით გამაძღარი და გულნაჯერი “პუბლიცისტი” მრავალგვერდიანი ნაცოდვილარის მომდევნო ნაწილს ქვეყნის სასიცოცხლო, გადამრჩენი პრობლემების განსჯა-განხილვას უთმობს. მისი გაცნობა, თუნდაც თვალის გადავლება (რომელიც თურმე დასახელებული გაზეთის მომდევნო ნომრებში გაგრძელდება, – გ.ჯ.) მართლაც გონების დაბინძურებაა, რადგან იგი ნაბოდვარი, დავალებით გათვალისწინებული ტრადიციული კომუნისტური “თვითკრიტიკა–თვითგვემა-მხილების”მოხმობით გახლავთ შეთითხნილი.

ახლა კი დადგა ჯერი მკითხველისთვის 1993 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული ნაჯღაბნის უნაკლო დასასრულის გაცნობისა, რომლითაც შავგულა არსებას საკუთარი თავის გამაბაიბურებელ, უზუსტეს შეფასებად აქვს მოყვანილი. აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ ყრმობის დროს, მათემატიკის მასწავლებელის მიერ დაბდურსა და ბენტერა თავში (მართლაც ზედმიწევნითი შეფასებაა, – გ.ჯ.) გამრავლების ცხრილიდან, ბევრი ბაგუნის შემდეგ, როგორც იქნა შეუტანია უბრალო ჭეშმარიტება, რომ ორჯერ ორი ოთხია. და მაინც არაფერი შესულა პატარობიდანვე თავცარიელ არსებაში და დღემდე ვერ გარკვეულა ელემენტარულ არითმეტიკაში, ვერაფრით მიმხვდარა, რომ უამრავი უარყოფითისგან ვერაფრით წარმოიქმნება მცირეოდენი დადებითიც კი. ეს რომ გაეგო და შეეთვისებინა, მაშინ აღარ დაიწყებდა საქვეყნოდ თავის გასამასხარავებელი სიგიჟის მტკიცებას, რომ ე.წ. “იმედის არჩევნების” დროს, ურნებთან მიახლებულმა “შევის” მომხრეთა დიდმა ნაწილმაც კი უარყოფითი წერილობითი პასუხი გასცა (ე.ი. გადახაზა, – გ.ჯ.) “პარლამენტის თავმჯდომარედ” მისი კანდიდატურის დასახელებაზე. საბოლოოდ კი იგი “დადებითი – ოთხმოცდათექვსმეტპროცენტიანი თანხმობით არჩეული” გამოდგა (!)… ჰოდა, ამგვარი სასწაულის მოხდენის შემდეგ მაინც შეეცდებოდა მათემატიკას შემომწყრალი კაცუნა მისკენ ნაწილობრივ შემობრუნებას მხოლოდ იმის გამო, რომ კომუნისტური რეჟიმის კვლავმობრუნების ჟამს, სისხლისფერ მბრძანებლებს გაცილებით ბევრი სჭირდებათ ბინძური, არაადამიანური, შავი დავალებების სულგაყიდული შემსრულებლები, რომელთა დასახარბებლად ამქვეყნად ყველაზე “სანატრელს” – დოლარებს იშველიებენ. ისე რომ, ეჭვშეუვალია, “ენციკლოპედიურად განსწავლული” უტყვი მორჩილი სიამოვნებით ჩაუჯდებოდა არითმეტიკის პირველი კლასის სახელმძღვანელოს, ცხონებული მასწავლებლის გაკვეთილებსაც გაიხსენებდა და რამენაირად შეისწავლიდა უმარტივეს მიმატება-გამოკლებას, გამრავლების ტაბულას, უანგარო სამსახურს რომ გაუწევს პატრონთაგან მიცემული დავალებების შესრულებაში გადაგდებული დოლარების დათვლაში. იმ დოლარებისა, თავათ წითლები მთელი სიცოცხლე მალულად რომ აგროვებდნენ, მათით რომ დაიხვავეს რამდენიმე თაობის ნაშიერთათვის სამყოფი სარჩო-საბადებელი.

და ბოლოს, გესლითა და ბალღამით გატენილი არსებისგან აბუჩად აგდებულ, ბატონ ზვიად გამსახურდიასგან შეუმცდარად განჭვრეტილ ქვეყნისა და ერის მომავალზეც გვინდა აღვნიშნოთ. ვაი, რომ ამაშიც მართალი გამოდგა ხალხის რჩეული. საქართველოში შექმნილი სადღეისო მდგომარეობა კატასტროფულია, უფსკრულში გადაჩეხილებს ვერაფრით დაგვიღწევია თავი, ხსნის გზა ყველა მხრიდან მოჭრილია. თუმცა, ეს ოდნავადაც არ აწუხებს წითელთა უტყვ მონას, რადგან დარჩენილი ცხოვრების ერთადერთი მიზანი, სისხლისღვრით აღზევებული პატრონების ახალი დავალებების დრულად შესრულება გახლავთ. და აკეთებენ ერთად საქმეს დამღუპველსა და შავს, ვითარცა არს “შავი წიგნი” მისი. ასეა, ხომ გაგიგიათ ბრძნული ნათქვამი: “ბოროტისგან ბოროტება გამოდისო”. არქიმანდრიტმა რაფაელმა კი თავის ქადაგებაში ეს გვაუწყა: “როცა მტრები გვსაყვედურობენ და გვთათხავენ, თავიანთი ენით ჩირქს აცლიან ჩვენს წყლულებს და იარებს”.

ისიც კარგად გვინდა დაიხსომონ იარაღით, სისხლისღვრით დამკვიდრებულებმა, მათგან გულგამაგრებულმა უმგვანო და საზარელ დავალებათა შემსრულებელმა მოღალატე, ლაჩარმა არსებებმა, უპირველესად კი კიტუნიამ, რომ არნახულ საქმეთა გამკეთებლები, არმოსასმენის მთქმელები, ქართველებმა დიდი ხანია შერისხეს და შეაჩვენეს, დაუნანებლად მოიკვეთეს, ზურგი შეაქციეს გამყიდველთაგან შეგინებულსა და გათელილ მიწიერ სამყოფელში. დანარჩენს კი უზენაესი მიაგებთ – იქ გასამგზავრებლად გამზადებულებს, ჯოჯოხეთს სანატრელად გაუხდით.

 

1993 წელი, იანვარი.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s