Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ენა ჩვენი ქართული

 გელა ჯიღაური

ენა ჩვენი ქართული

 

 

ქართული ენა კურთხეულია ბიბლიაში:

“და ენაი ესე, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა”.

 

უამრავ დასაცველსა და გასაფრთხილებელ-გადასარჩენს შორის, ყოველთვის რომ ჭარბად ჰქონდათ ქართველებს, უპირველესად ენის, მამულისა და სარწმუნოებისთვის თავის გადადებას მიიჩნევდნენ და ხშირად იგი მოვალეობა სავალალო მსხვერპლთშეწირვით დაუსრულებიათ. მტერი და დამპყრობი არასდროს ელეოდა იბერთ ქვეყანას, რადგან კურთხეული მიწის მიტაცება ულევი სიმდიდრის მოპოვების უტყუარი საწინდარი გახლდათ. აღსრულება ამისი ძალზე ადვილად შეიძლებოდა, ქართველთათვის ენისა და სარწმუნოების წართმევით. ამიტომაც უნგრევდნენ და უბილწავდნენ ეკლესია მონასტრებს, უმშვენიერესსა და უძველეს ენაზე მეტყველებას უკრძალავდნენ იბერებს. მაგრამ, შეუძლებელი იყო მართლმადიდებლობის უარყოფა, სხვა რჯულის აღიარება. შეუძლებელი იყო და წარმოუდგენელი იაკობის, დავითის, თამარისა და სხვათა წმინდანების ენის უარყოფა. შეუძლებელი იყო უძველესი ანბანის ულამაზესი ასოების დავიწყება და გაქრობა.

მსოფლიოში დაახლოებით სამი ათასი ენაა, ანბანი კი მხოლოდ თოთხმეტი. მათ შორის ერთი უძველესთაგანია ქართული.

და გადაურჩა საუკუნეების შემოტევას ენა ქართული. გაუძლო ოსმალთა და სპარსთა, არაბთა, მონღოლთა, სხვათა გაუსაძლის დაწოლას. სარწმუნოებასა და მამულთან ერთად, ენაც შეინარჩუნეს იბერებმა. თუმცა, გადარჩენა იგი ლამის საბოლოო გაჩანაგებად დაუჯდა ერს. და მაინც, მოუდრეკელი სული, დაუმორჩილებელი გენი ქართველებისა, კვლავაც მზად იყო და შემართული გახლდათ სამი უპირველესი მცნების, კვლავაც სიცოცხლის გაღების ფასად დაცვისთვის. ალბათ, სწორედ ამის გამო იყო მეტი დაკვირვება, მეტის მოთმენა, საუკუნეთა მანძილზე თავსგადამხდარის გათვალისწინება იყო აუცილბელი, საბედისწერო ნაბიჯის გადადგმამდე “ერთმორწმუნე” ჩრდილოეთელის მფარველობის გადაწყვეტილების მიღებამდე. მაგრამ ალბათ, ეს იყო ნება უზენაესისა, ასე დასაჯა ქართველები უკიდურესად დამღუპველი არჩევანის გაკეთებისთვის.

იქიდან დაიწყო ქართველთა სარწმუნოებისა და ენის არნახული შეურაცხყოფა და დევნა. ყინულეთიდან შემოჭრილი ბრბო დაუნანებლად, გამიზნულად ბილწავდა და ანადგურებდა ქართული ეკლესია-მონასტრების უბრწყინვალეს აღკაზმულობას, კირითა და ბათქაშით ფარავდა დიდებულ ხელოვანთაგან შექმნილ უმშვენიერესსა და უწმინდეს ფრესკებს, ყველანაირად ავიწროებდა და სალოცავებიდან ერეკებოდა მღვდლებს, ბერებს, მონოზნებს, მრევლს. რუსეთში ეზიდებოდა უძვირფასეს ხატებსა და სარიტუალო ნივთებს, უძველეს წიგნებსა და ფოლიანტებს… მთავარი კი წინ იყო “ერთმორწმუნემ და მფარველმა” დამოუკიდებლობა წაართვა ქართულ ეკლესიას და საუკთარ ნებას დაუმორჩილა უძველესი ქრისტიანული ქვეყანა. რწმენაშეგინებულ ხალხს, რუსი ეგზარქოსები “მოძღვრავდნენ, სულიერად განანათლებდნენ”. იმავდროულად, ჩრდილოელებმა იბერთა გადაშენება მოსპობის მეორე უმთავრეს საყრდენს ენას დაუწყეს გაშმაგებით შეტევა და ყველაფერს აკეთებდნენ მისი სამუდამო ამოძირკვისა და დასამარებისთვის. თავათ ცივსა და ყინულოვან ენაზე მეტყველნი, ძაღლის ენას უწოდებდნენ უძველესსა და უმშვენიერეს, ტკბილხმოვან ენას ქართულს, სასტიკად კრძალავდნენ მასზე ლაპარაკს, სწავლა-განათლებას. სამწუხაროდ, ქართველ თავად-აზნაურთა, დიდგვაროვანთა და განათლებული საზოგადოების სულგაყიდული ნაწილი მონურად დაემორჩილა დამპყრობლის სურვილს და საკუთარი კეთილღეობის გასაუმჯობესებლად, ჩინ-მედლებისა და მოწყალების მისაღებად, გვერდში ამოუდგა მტერსა და მოძულეს, მასთან ერთად იღვწოდა და ესწრაფოდა მშობლიური ენის უარყოფას. სწორედ ამან ათქმევინა გულმოკლულ გრიგოლ ორბელიანს: “რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს”.

ძალამ აღმართი ხნა. ქართული ენის შეგინებამ, მოღალატეთაგან მისმა უარყოფამ და ჩაწიხვლამ არნახულად დააძაბუნა, სარწმუნოების შელახვის უკიდურესმა უიმედობამ მოიცვა ქართველი ერი. სასოწარკვეთილი და იმედდაკარგული ხალხი, თითქოსდა შეეგუა დამპყრობლისგან დადგმული უღლის სიმძიმეს. მომეტებულად, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულში იმარჯვა სახეგაშიშვლებულმა, საძულველმა მოძალადემ. სწორედ მაშინ გაისმა ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვა თავდადებული, გულანთებული მამულიშვილების მგრგვინავი ხმა ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად, გადასარჩენად. თუმცა, ამაო გამოდგა ერისკაცთა თავგანწირვა სისხლიანი დამპყრობელი, დამონებული და მოღალატე ქართველების ხელით გაუსწორდა გონსმოსულ, თვალახელილ ერს, ხოლო სულიერ მამად და წინამძღოლად აღიარებული ბრძენკაცი, ტყვიით დაადუმა. დიდად დასაღონებელია, რომ ამგვარმა ანგარიშსწორებამ კიდევ უფრო მეტად დააძაბუნა და დააშინა ხმაამაღლებული ქართველობა, იძულებული გახადა კვლავაც მორჩილად შერიგებოდა ვინ იცის, კიდევ რამდენი ხნით რგებულ მწარესა და მძიმე ხვედრს.

მეოცე საუკუნის ოციანი წლების შუა პერიოდში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ხანმოკლე შუალედში, ისევ მიეცა აღორძინებისა და კუთვნილი მისსიის აღსრულების შესაძლებლობა გულსატკენად დაწიხლულ ენას იბერთა. ღირსებაშელახულმა, პატივაყრილმა ქართველებმა თავისუფლად შეძლეს მშობლიურ ენაზე მეტყველება, სწავლა. ქართულმა ეკლესიამაც დაიბრუნა მოძულე მტრისგან წაგლეჯილი დამოუკიდებლობა. ტაძრებსა და მონასტრებში კვლავაც ქართულად აღევლინებოდა წირვალოცვა, ქართული საგალობლებით მშვიდდებოდა მრევლი.

საქართველოს მაშინდელმა კათალიკოს პატრიარქმა კირიონ მეორემ ასე უქადაგა ქართველებს მშობლიური ენის შესახებ:”

“დედა ენა არის უფლის კურთხევით ჩვენ წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი; დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა ფრიად ძნელი.

მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზედ ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას”.

დიდხანს აღარ გასტანა ქართველთაგან სულის მოთქმის, ქართული ენის გაცოცხლებისა და აღდგენის სანუკვარმა ხანამ. “ერთმორწმუნე” დამპყრობელმა ვერაფრით იგუა უმდიდრესი განძის იბერთა ქვეყნის დროებით ხელიდან გაშვება. ცეცხლითა და მახვილით შემოსეულმა სახელ და ფერნაცვალმა ჩრდილოელმა გველეშაპმა მომეტებული ბარბაროსობითა და დაუნდობლობით, მზაკვრულად შენიღბულმა შემოუტია ენას ქართულს, რწმენას მართლმადიდებლურს. ქრისტეს მგმობელსა და იბერთ მოძულეს, სამუდამოდ სურდა დაევიწყებინა ქართველებისთვის იოანე ზოსიმესგან თქმული:

“დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად, რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა.

და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან.

და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისათა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა”.

გაწითლებულსა და გავარვარებულ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართული იყო ჩაწერილი. სწორედ მასზე, იმ ფარატინა ფურცელზე მთავრდებოდა იბერთა უძველესი, უმშვენიერესი ენის ყველა უფლება და ღირსება. სინამდვილეში კი ყველაფერი უფროსი “ძმის” ყინულოვან ენას დაქვემდებარებულ დამორჩილებულად კეთდებოდა. მეფის რუსეთის დროიდან მეტ ნაკლებად დანაგვიანებულსა და შელახულ ქართულს, საბჭოთა რუსეთის დროინდელ შენიღბულ დაგეგმილი ჭუჭყისა და სიბინძურის ღვარცოფიც შეემატა და ტკბილხმოვან, თბილ, ჟღერად ქართულს ჟანგად მოედო მკაცრი, დაგუბული, ყინულოვანი სლავური ლექი. იძულებით თავსმოხვეულმა რუსულმა სწრაფად განდევნა საწარმო დაწესებულებებიდან ქართული და სულ უმნიშვნელო თათბირი თუ შეკრებაც კი მხოლოდ დამპყრობლის ენაზე ტარდებოდა. თანამდებობებს ჩაბღაუჭებული თავმოყვარეობაწართმეული “ხელმძღვანელები” შესაბრალისად, უაზროდ და სამარცხვინოდ ლუღლუღებდნენ რუსულად. ამ გზით სახელმწიფო ხაზინის მძარცველებს აღარავითარ აუცილებლობად აღარ მიაჩნდათ მშობლიური ენის გამოქომაგება, მისი დაცვა და გაფრთხილება. პირიქით, ღირსებააყრილები, გადაგვარებულები, თავიანთს უჯიშო ნაშიერებს რუსულ სკოლებში და უმაღლესი სასწავლებლების სლავურენოვან ფაკულტეტებზე ასწავლიდნენ, რადგან მხოლოდ ამნაირად შეძლებდნენ დამპყრობლისგან გაკვალულ მრუდე გზაზე სიარულით მოპოვებული თანამდებობისა და ნაძარცვ-ნაქურდალის ჩაბარება დატოვებას. სამწუხაროა, მაგრამ მწარე სინამდვილეა, რომ ქართული ენის დაუძლურებას, მის აბუჩად აგდებასა და უარყოფას, მასზე მეტყველების სამარცხვინოდ მიჩნევას მხარს უბამდა და ესწრაფოდა მოღალატე კომუნისტურ ხელისუფლებასთან დაახლოებული, მისით დაპურებულპატივმიგებული წითელი საზოგადოება, ქართული ინტელიგენციის სახელს რომ იჩემებდა. სწორედ მათი თანადგომითა და თანხმობით, მათი დანაშაულებრივი ხელშეწყობით მრავლდებოდა საქართველოში რუსულენოვანი საბავშვო ბაღები და სკოლები, სხვადასხვა სასწავლებლები, უმაღლესი სასწავლებლების ფაკულტეტები, გამოდიოდა უამრავი რუსულენოვანი გაზეთი და ჟურნალი, სულ უფრო მატულობდა რუსული ტელე და რადიოგადაცემები, იხსნებოდა რუსული თეატრები, მუზეუმები…

სულ უფრო ცხოველდებოდა საბჭოური იმპერიის ბუნაგში მოკალათებულთა სურვილი და განზრახვა ქართული ენის რაც შეიძლება მალე დაჯაბვნისა, სამუდამოდ გადაგვარება ამოგდებისა. ბუნებრივია, ჩანაფიქრსა და მიზანს განხორციელება, აღსრულება სჭირდებოდა, რასაც ოპერატიულად ახორციელებდნენ წითელი საქართველოს წითელი ხელისუფლები. იმავდროულად, ავი და შესაჩვენებელი საქმის მკეთებელნი, მათთვის საძულველი და მიუღებელი ქართული ენის “დაცვისა და მოვლა – პატრონობისთვის” ქმნიდნენ კომისიებს, უმნიშვნელოვანესი “საერო საქმის ” კეთებას რომ ავალებდნენ.

… ბევრის ამტან ქაღალდზე ყველაფერი აღსრულებული იყო ქართულ ენას ვერავინ შებედავდა ხელყოფას, მცირერამ აუგის თქმას. ქაღალდს მიღმა კი ყველაფერი რუსთა სასიკეთოდ, მათს საამებლად კეთდებოდა. ამიტომაც, აღარაფერი დაუდგათ წინ და საბჭოური იმპერიის მმართველებმა, აღარც იმ უძალო ქაღალდზე მოისურვეს სახელმწიფო ენად ქართულის ჩაწერა და 1978 წელს განახლებული საბჭოური კონსტიტუციიდან, მისი ამოღება ბრძანეს. ცხადია, ქართველ კომუნისტთა ხელისუფლება უმალ დაემორჩილა მბრძანებლის ნებას, მაგრამ აბობოქრებული ქართველი ერის, ინტელიგენციის ღირსეული ნაწილის, ახალგაზრდობის უმრავლესობის, ეროვნული მოძრაობის თავკაცთა შეკაშირებამ, მათგან გაწეულმა წინააღმდეგობამ და უშეღავათო მოთხოვნამ, ხელი ააღებინა იმპერიის ჯურღმულიდან წამოსული ბრძანების შესრულებაზე.

თუმცა, ყველაფერი ისევ ქაღალდს მინდობილი აღმოჩნდა. ქართული ენა საქართველოში ისევ უძალო და უმაქნისი გახლდათ. საბჭოური იმპერია კვლავაც თავის შავბნელ ზრახვებს ახორციელებდა, ბინძურ საქმეთა მკეთებელი ავკაცები თავისას არ იშლიდნენ. კარგად გვახსოვს, რაოდენ უტიფრად და თავხედურად, რუსული შოვინისტური სულის აშკარა გამოხატვით მოითხოვა თბილისში ჩამოსულმა კრემლის მაღალჩინოსანმა, სალდაფონმა ჩინოვნიკმა, რუსული სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების კიდევ უფრო მომრავლება, რუსული ენის გაცილებით გაზრდილი მოცულობით სწავლება. მაგრამ, არ ეწერა აღსრულება მოძალადის დამღუპველ სურვილს. ძალამოცემული ეროვნული მოძრაობის აღორძინებამ და მომძლავრებამ, დასაწყისშივე ჩაახშო და ჩაკლა ქართული ენის საბოლოო დასამარებისთვის წამოწყებული კამპანია.

ეროვნული ხელისუფლების მოსვლამ, დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, უპირველეს რიგში დააყენა საკითხი ქართული ენის კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად. სხვანაირად არც შეიძლებოდა იბერთ ქვეყანაში, ქართული ენა უნდა ყოფილიყო განმგებელ გამკითხავი, ქართულ მიწაზე მოსახლე ყველა ჯურის ჩამომავალს, პატივი და დიდება უნდა მიეგო მისთვის, აუცილებლობად ჩაეთვალა მასზე მეტყველება. ასეც ხდებოდა უცხო ტომისანი ქართული ენის სწავლის, მასზე ლაპარაკის უდიდეს სურვილს აცხადებდნენ და სწავლობდნენ, ლაპარაკობდნენ.

ჩვენდა სავალალოდ, დიდხანს არ გასტანა ნეტარმა და სანატრელმა ხანამ ენისა ქართულისა. ეროვნული ხელისუფლების სამხედრო გადატრიალების გზით დამხობამ, საქართველოს კვლავაც რუსეთის დამპყრობლური იმპერიის გამგებლობაში დაქვემდებარებამ, ისევ საფრთხე და საშიშროება შეუქმნა ბევრის გადამტან ჩვენს ენას. მართალია, დღეს უწინდელი გაშმაგებითა და გააფთრებით აღარ უტევს იბერთა ენას ჩრდილოელი “მფარველი და ერთმორწმუნე” (ამისი მიზეზი კი თვით იმპერიიის შიგნით წარმოქმნილი არნახული კრიზისი და შინააშლილობით გამოწვეული მოუცლელობა გახლავთ), მაგრამ გარკვეული მოცულობით რუსული ისევ ცდილობს ქართულის მორევას. კორუმპირებული “ზედა ფენაც” ისევ სლავურს აძლევს უპირატესობას და მასზე მეტყველებას ამჯობინებს. იმავდროულად, ენას მშობლიურს სხვა მხრიდანაც შემოუტიეს ვითომცდა უცხოეთთან ურთიერთობის დამყარებით, ვითომცდა ერთობლივი “საწარმოებისა და ფირმების” შექმნით, რუსულთან ერთად ინგლისურმა, გერმანულმა, თურქულმა და სხვა ენებმაც შემოუტიეს და სადღეისო განუკითხაობის წყალობით, სლავურისგან გვარიანად დანაგვიანებულ ქართულში, გულდაგულ ცდილობენ დამკვიდრებას.

გულსატკენია, რომ ერის საარსებო ერთი აუცილებელი საფუძვლის ამ შეგნებულსა და გამიზნულ დამანგრეველ ქმედებას, ქართული ენის ამგვარად შერყვნას არავინ აქცევს ყურადღებას და დანაშაულებრივი გულგრილობით შეჰყურებენ, ისმენენ მიუღებელსა და დაუშვებელს, სასწრაფოდ აღსაკვეთსა და უარსაყოფს. მოუსმინეთ და ნახეთ “ქართული ტელევიზიისა და რადიოს” უკიდურესად დაბალპროფესიულ, ენობრივად გაუმართავ, დამახინჯებული ტექსტებით მომზადებულ მდარე ხარისხის გადაცემებს, თვალი გადაავლეთ ესოდენ მოზღვავებულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ ყოველმხრივ სამარცხვინო მასალებს, მათში დახვავებულ უცხო, გაუგებარ სიტყვებსა და იაფფასიან ჟარგონს, დაიარეთ ქალაქის ქუჩა-მოედნები და დაკვირვებით დაათვალიერეთ მაღაზიების, კაფე-რესტორნებისა თუ სხვა ობიექტების, დაწესებულებებისა და ფირმების წარწერები. რატომ ამდენი უცხო დასახელება? ნუთუ, ჩამოთვლილ ობიექტთა პატრონებმა ვერაფერი შესატყვისი ვერა ნახეს და მოიგონეს უმდიდრესსა და ამოუწურავ ქართულში?

ნურავის ეგონება ეს ყველაფერი უშნო ახირება, უაზრო ჭირვეულობა იყოს. სწორედაც რომ არა. პირიქით, ყველა ცივილიზებულსა და განვითარებულ ქვეყანაში უპირველესად სახელმწიფო ენად აღიარებულს ანიჭებენ უპირატესობას, მასზე მეტყველების აუცილებლობას უყენებენ იქ სამოსახლოდ ჩასულთ, მისით ნათლავენ ყველანაირ საწარმოსა და დაწესებულებას, ფირმას, კორპორაციას, კონცერნს, ნაწარმს… ასეა, ყვლას თავისი ურჩევნია და მის სულ მცირედ აუგად ხსენებას, უდიერად მოპყრობას არავის აპატიებენ. ჩვენში კი რატომღაც ბევრმა დაივიწყა ოდითგან ჭკვიანურად ნათქვამი:

სხვის ბაღში თურაშაულის დარგვას, საკუთარში მაჟალოს დათესვა გერჩიოსო“.

ასეა, საკუთარი უნდა ვარჩიოთ სხვისას. მითუფრო ენის მხრივ, ბევრად წინ რომ ვდგავართ უამრავ ერსა და ტომზე. ენა ქართული ხომ ერთი უძველესთაგანია და უმდიდრესია დედამიწის ზურგზე. მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, მოვეფეროთ და დავიცვათ ენა ჩვენი მშობლიური, გავწმინდოთ და უწინდელი მშვენება დავუბრუნოთ. და ვილაპარაკოთ უძველესი, ღვთივკურთხეული, დალოცვილი, ულამაზესი, უბრწყინვალესი ენით ქართულით იაკობის, დავითის, თამარის, საბას, შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას, კონსტანტინეს ძარღვიანი ქართულით.

ნურასდროს დავივიწყებთ, ყველას ვაუწყოთ ჩვენს სიმდიდრესა და განძზე, ბევრისთვის სანატრელსა და ვერმოპოვებულზე, რომ: ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! იმოდენაა!”

გაზეთი “ქართული მახვილი”

1998 წელი, აპრილი

 ***

ქართული ენის “დღე”

 

ქართველი კაცისთვის ცხოვრების უმთავრესი არსი დასაბამიდან იყო ენა, მამული, სარწმუნოება, რომლისთვისაც თავის გაწირვა სავალდებულო კი გახლდათ, მაგრამ სამწუხაროდ მცირეოდენნი და ლაჩარნი ამას ვერ აკეთებდნენ, რადგან სულგაყიდულები, სამშობლოსა და ერისგან განდგომილები, მოძულებულნი იყვნენ. ენა განძია ერისა, რომელსაც საკუთარი თავივით მართებს მოვლა-გაფრთხილება, შენახვა და დაცვა მომხდურთაგან, რადგან მტრისთვის უდიდეს გამარჯვებას ნიშნავს

შეტეულისთვის ენის წართმევა, დედა ენაზე მეტყველების აკრძალვა, მითუფრო მაშინ, თუკი დამონებული და უღელდადგმული ამას საკუთარი ნებით, ზოგჯერ სიამოვნებითაც აკეთებს.

“რა ენა წახდეს…”. ვიცით და გვსმენია ამ დამაფიქრებელი, უფრო კი გამაფრთხილებელი ჩაგონების დანიშნულება და მიზანი … და თავგადაკლულები, კბილებით ვიცავთ უძველესსა და ულამაზესს, დედასავით სანუკვარსა და უსაყვარლესს, უმშვენიერესსა და ტკბილხმოვანს, უმდიდრეს ენას ქართულს. თავს ვწირავთ, სიცოცხლეს ვანაცვალებთ მის შენარჩუნებას და დაფარვას, თავდაუზოგავად ვიღვწვით მომავალი თაობისთვის შეუბღალავად და ნირშეუცვლელად გადასაცემ დასატოვებლად. ვიცით ქართველებმა ჩვენი ენის ძალა და ფასი, მისი დანიშნულება და ღონე, რადგან მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად არნახულ შემოტევებისგან გადარჩენილებსა და თავდახსნილებს, დღესაც ქართულად გვალაპარაკებს. და განა მარტო ჩვენ. ქართულად მეტყველებაზე ბევრ ქვეყანაში სურვილობენ, გულით სწადიათ მისი დაუფლება.

და მაინც, საზოგადოების მცირე ნაწილი ისევ სხვის ენაზე “ჟღურტულს” არჩევს, რადგან თურმე ნუ იტყვით და მისით “გავუცვნივართ” ევროპას, მსოფლიოს, მისით “გაგვიხელია” თვალი, მისით მოგვიდენია “ტყაპანი” მსოფლიო ცივილიზაციაში. ამიტომაც უნდა ვეთაყვანოთ თურმე მას, მუხლებზე უნდა ვიხოხოთ და ტერფები ვულოკოთ ჩვენს მერე რამოდენიმე საუკუნის მოგვიანებით ამეტყველებულებს, თუკი მიწიერი ცივილიზაციის “წყლის გადასხმა და ფიზიკურად გადარჩენა” გვწადია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თურმე დასაღუპავადა ვყოფილვართ განწირულები.

ეს გვესმოდა და ამას ჩაგვჩიჩინებდნენ დღენიადაგ იმპერიული იდეოლოგიის ყურმოჭრილი, სულგაყიდული “მეცნიერ”-პროპაგანდისტები, “აღმზრდელები თუ პროფესორ მასწავლებლები”, კულტურის, ლიტერატურის და საერთოდ, ინტელიგენციის იმ ნაწილის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც სრულიად უცხო იყო და გაუგებარი “მშობლიური”ენისთვის თავის გამოდება, ხელის გამოღება, მისთვის გამოსარჩლება და სასიკეთოს თქმა. პირიქით, ერის ეს “აღზევებული, მოაზროვნე” ნაწილი თავგადაკლული მომხრე გახლდათ “დიდი ენის” საფუძვლიანი დამკვიდრებისა, მასზე მეტყველებისა და სწავლა საქმიანობისა. ამიტომაც ელაპარაკებოდნენ გაჩენის დღიდან “საჭირო, გამოსადეგ” ენაზე თავიანთს ნაშიერებს და წამითაც არ უფიქრდებოდნენ ჩადენილ დიდ ცოდვას, შეგნებულად რომ წიხლავდნენ, უარყოფდნენ ენას ქართულს.

სანაცვლოდ, კომუნისტის მანდატიანი, სახელმწიფო “მმართველების” კარზე აღზევებულები გულუხვად საჩუქრდებოდნენ თანამდებობრივი სავარძლებით, ბინებით, აგარაკებით, ტკბილი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა სიკეთით. ასე ბანდნენ ერთმანეთს სიბინძურეში გასვრილ ხელებს ბედნიერი და კმაყოფილი პატრონ ქვეშევრდომები და ყველაფერს აკეთებდნენ ურგები უპირატესობის, უფლებების, ბედნიერი და უზრუნველი ყოფის სამუდამოდ შენარჩუნებისთვის. და აკეთებდნენ კიდეც უცხო ენაზე “აღზრდილ განათლებულ” შთამომავლობას მემკვიდრეობით უტოვებდნენ მრუდე გზით ხელში ჩაგდებულ საცხოვრებელსა და ქონებას, სამეცნიერო წოდებებს, მშობლიური პარტიისადმი სამარცხვინო ლაქიაობას, კრინტსაც არა ძრავდნენ უმთავრესსა და უპირველესზე ენაზე, მამულზე, სარწმუნოებაზე. ან კი რად იტყოდნენ, რა ჰქონდათ სათქმელი, თავათ უსასრულოდ შორს მდგომებს ყოველივე ამისგან.

სამაგიეროდ, ვერ ისვენებდნენ და გულს ვერ იოკებდნენ, სულიერად და ფიზიკურად ბობოქრობდნენ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში გაერთიანებული მეცნიერებისა და კულტურის, ლიტერატურის, ინტელიგენციის იმ დიდ ნაწილში თავმოყრილი პიროვნებები, ერის საღად მოაზროვნე უმრავლესობა, რომლებსაც ამქვეყნად არსებობა ვერ წარმოედგინათ და არც უნდოდათ სამი უმთავრესი მრწამსის გარეშე. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილს ვერ გადაწონიდა ვერანაირი ოქრო და ვერცხლი, ვერანაირი უზრუნველი და მშვიდი ცხოვრება, ვერანაირი წითელი წოდებები და ტიტულები. შეუძლებელი იყო ორსაუკუნოვანი მონობის უმძიმესი უღლის კვლავაც ტარება და უცხოს დაკრულზე ცეკვა ბუქნაობა. უძველესი და უმშვენიერესი ქართული ენა ვერაფრით აიტანდა სიცივითა და ყინულით გაჟღენთილი მკაცრი, მშრალი მეტყველების შეუფერებელ მეტოქეობას. შეუძლებელი იყო ამაყი და გოროზი იბერიული სიტყვის, მასზე მეტყველთა მუშტითა თუ იარაღით დაჯაბვნა. უძლური იქნებოდა ყოველგვარი ძალმომრეობა შეუდრეკელ ნებაზე, ურყევ სულზე გამარჯვებისთვის. ესეც არ იყოს, როგორც უკვე ვთქვით ენას, მამულსა და სარწმუნოებას ყოველთვის ერის უმრავლესობა, მისი ღირსეული წინამძღოლები იცავდნენ და უფრთხილდებოდნენ, სიცოცხლეს სწირავდნენ იბერიის არსებობისთვის აუცილებელი ამ ფესვების შესანარჩუნებლად.

ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა ენას ქართულს, მაგრამ ვერავინ შეძლო მასზე გამარჯვება, უკლებლივ ყველამ მცირე თუ მრავალრიცხოვანმა მეტოქემ სასტიკი მარცხი იწვნია, ენა იბერთა უძლეველი და შეუვალი დარჩა. ნუღარ გადავიხედებით საუკუნეების მიღმა, ნუ განვიახლებთ ტკივილითა და განსაცდელით მოყენებულ ურიცხვ იარებს და თხუთმეტი წლის წინანდელი არნახული, გაუგონარი შემოტევა გავიხსენოთ, “მფარველმა და ერთმორწმუნე” მეზობელმა რომ გვარგუნა. თუმცა, რა დაგვავიწყებს, რა გაახუნებს იმ საშინელსა და ბნელ პერიოდს, წითელი სატანა გაშმაგბული რომ ლამობდა ცურტაველის, გორგასლის, დავითის, თამარის, რუსთაველის, გურამიშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას, კონსტანტინეს ენის მოსრასა და შეურაცხყოფას, იბერთა დამუნჯებასა და უცხოურ ენაზე ალუღლუღებას.

მაგრამ, ამაო იყო და უშედეგო წითელი ურჩხულის, საქართველოში მისი ერთგული, საიმედო საყრდენის, მისი ნება სურვილის უსიტყვოდ აღმსრულებლის მაშინდელი ხელმძღვანელობის ცდა და ბრძოლა. ისინი ვერაფერს დააკლებდნენ ხალხის ნებას, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლთა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თავგანწირვას. და ვერც ვერაფერი მოუხერხეს. ყველას

გვახსოვს 1978 წლის აპრილის ის მღელვარე და შფოთიანი დღე, თბილისის ქუჩებში მოზღვავებული აბობოქრებულ აფოფრილი მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა, მუშა მოსამსახურეები, ხელოვნების, ლიტერატურის, ინტელიგენციის საღად მოაზროვნე ნაწილი, ქართული ენის მოსიყვარულე და დამცველი დიდ პატარა, მზად რომ იყვნენ სიცოცხლე გაეღოთ წინაპართა ენის შენარჩუნებისთვის. არნახული იყო და გაუსაძლისი იმპერიიდან წამოსული დაწოლა და შემოტევა. სამარცხვინო იყო და შესაჩვენებელი საქართველოში, წითელი იმპერატორისა და მისი ხროვის არაადამიანური სურვილის აღმსრულებელი მაშინდელი ქვეყნის “მმართველების” ცდა და მონდომება, დავალების შესასრულებლად. მაგრამ, სძლია ბოროტებას სიკეთემ, ნათელმა ჯურღმულს, ცოდნამ უმეცრებას, ჭეშმარიტებამ სიყალბეს, სიყვარულმა სიძულვილს, ერთგულებამ ღალატს, ბევრმა ცოტას და ენამ ქარუთლმა ისევ გაიმარჯვა. შეუძლებელი გახდა იბერთა სამეტყველო დიდებული ბგერების ჩახშობა დამუნჯება და რაოდენ მწარეა, მტკივნეულია და სამარცხვინო, მკრეხელობაა, რომ ამ თავგანწირვასა და თავდადებას დღეს ასე უტიფრად, უსირცხვილოდ მიიწერენ პიროვნებები, ცეცხლითა და მახვილით რომ უტევდნენ ქართველთა ენას, თავათ სულგაყიდულები, ყოველ ღონეს ხმარობდნენ ერის დასაჩოქებლად. და როცა არაფერი გაუვიდათ, ვერაფერს გახდნენ, ჩრდილოეთელი პატრონისგან ნაბრძანებ “დათმობაზე” წავიდნენ, უკან დაიხიეს, მზაკვრული ნიღაბი აიფარეს, რადგან უკვე მათთვის საშიშად ძლიერდებოდა ეროვნული მოძრაობა. სწორედ ამ “დათმობის ტაქტიკური”სვლა გახლდათ თბილისში დედა ენის ძეგლის დადგმა. თუმცა, ამ გულისამრევი ფარსისა არავინ იწამა. ყველამ იცოდა, რომ იგი მახე, ავბედითი ხაფანგი იყო დაგებული თავისუფლების მოსურვილე, მშობლიური ენის დამცველი პიროვნებების უვნებელსაყოფად. მაგრამ, ვერც ამ ფარისევლობამ და თვალთმაქცობამ გაჭრა. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის აგორებული ტალღის დაოკება უკვე ვერავითარ ფანდსა და ეშმაკობას, ვერანაირ პირფერობასა თუ “დათმობას” აღარ შეეძლო.

სამოცდათვრამეტი წლის აპრილის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმის, წითელმანდატიანების უმწვავესი მარწუხების, არნახული დაწოლისა და დევნა შევიწროების მიუხედავად, ქართველი ერი ყოველწლიურად მიზანდასახულად აღნიშნავდა ენის დიდებულსა და საჭირო დღეს. ეს მართლაც უდიდესი მოვლენა გახლდათ იბერთა ცხოვრებაში, რადგან ენის ზეიმის დღეს, სულიერად და ფიზიკურად განწმენდილი ქართველები ბედნიერები ეგებებოდნენ სასურველ მოვლენას, დაუფარავად და თამამად შეჰხაროდნენ, ესიყვარულებოდნენ უმშვენიერესსა და ტკბილხმოვან, უძველესსა და უმდიდრეს ენას. მომეტებულად, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ აღნიშნავდა ქართველობა ენის დღეს. მაგრამ, დიდხანს აღარ გაგრძელდა საამო ხანა. შარშან, შექმნილი ვითარების გამო, შეუძლებელი გახდა ბრწყინვალე დღის აღნიშვნა. სასოწარკვეთილმა ხალხმა ვერაფრით შეძლო ჩვეული სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა. დაღლილ, შეურაცხყოფილ საქართველოს ნამდვილად არ შეეფერებოდა ზეიმი და აღარც ხალისი ჰქონდა თბილი, ღიმილიანი სიტყვის თქმისა. ადამიანებს მომავლის იმედიღა შერჩათ და ვაი, რომ იგი კიდევ უფრო სავალალო, სამარცხვინო გამოდგა.

და დაგვიდგა წლევანდელი დღე ქართული ენისა. უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი უდიდესი ქართული მესიტყვის, ქართული პოეტური სიტყვის გენიის ძეგლთან და როდესაც იქ შეკრებილთ უნდა წარმოეთქვათ სიტყვა ქართული, ჯადოსნური, საამოდ სასმენი, ბგერების ნაცვლად იქაურობა რკინა რეზინის ხელკეტების ზუზუნსა და სათაყვანებელ ენაზე მეტყველი გამძვინვარებული შავსათვალიან, საღეჭ რეზინიან, შავ ქურთუკ-პერანგ-შარვალ-ფეხსაცმლიან, სახეალანძული ახალგაზრდების ლანძღვა – გინებასა და ბილწსიტყვაობაში ჩაიძირა. თუმცა, ეს მთლად საკვირველი და მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან წინა საღამოს, მილიციის სამმართველოს შეფის “სიტყვაკაზმული” სატელევიზიო გამოსვლის მერე, ცხადი გახდა, რომ “დემოკრატიული” ხელისუფლება კვლავაც მიმართავდა მრავალგზის წარმატებით გამოყენებულ ხერხს უმოწყალოდ ეცემათ, არგასაგონად ელანძღათ უდანაშაულო ხალხი, დაეღვარათ სისხლი. ეს ყველაფერი იქ, ზევით დაიგეგმა, რითაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცდებოდა “ერთმორწმუნე” პატრონს ერთგულება და მოკრძალება. კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩენდნენ თუ როგორ იდევნება და იწიხლება სული ქართული, სიტყვა იბერიული, როგორ ითელება ნება ქართველებისა, უფლება ერისა და ეს სხვა არაფერია, თუ არა აშკარა უარყოფა ენისა, მამულისა, სარწმუნოებისა.

ეს იყო ქართული ენის შეგინების, აბუჩად აგდების, დაწიხლვისა და შეურაცხყოფის, ჩაქოლვისა და დასჯის, სიკვდილის დღე.

თუმცა, დამსჯელთა ბანაკს მიტმასნილმა ერთმა “ჟურნალისტმა” ქალმა, გაზეთ “თბილისის”ფურცლებიდან “შეძრულმა და გაოგნებულმა” გვაუწყა, რომ პრეზიდენტის მომხრეებმა საშუალება არ მისცა ქართული ენის საზეიმო აღნიშვნისა (ალბათ, “ჟურნალისტს” შარშან, ზაფხულში, თბილისობანასნაირად აღნიშნული “გაერობანას” დღესასწაულის მსგავსი პროვინციული სანახაობის ხილვა სურდა). ის კი გულმოდგინედ მიჩქმალა, “ვერ დაინახა”, თუ რაოდენ სისასტიკითა და დაუნდობლობით გაუსწორდნენ “რაინდი” მილიციელები ქართული ენის ხელშეუხებლობის დამცველსა და ქომაგ ხალხს. მათგან დანთხეული სისხლიც, თურმე “საღებავი” ყოფილა, ოსტატურად რომ “გადაუსხამთ” მანდილოსნებს ჭაღარა თმებზე (!).

ვერაფერს ვიტყვით, ასეთია დღევანდელი “გამარჯვებულების” მოქმედების პრინციპი, ასეთია მათი სამეტყველო ქართული ენა. არ უნდა გვიკვირდეს, ასეთნაირად აღნიშნული ქართული ენის “დღე”.

გაზეთი “ნათლისვეტი”

1993 წელი, აპრილი.

 

 ***

ისევ ისე, ძველებურად? არა, უარესად!

ანუ თუ შენ ვერ ხვდები, მეზობელს მაინც მიხედე

 

თანამედროვე საზოგადოება მომსწრე ვართ რუსულ წითელი იმპერიის დამპყრობლურ გამანადგურებელი მოქმედებით მოყენებული სავალალო შედეგისა: ყველგან და ყველაფერში ჩრდილოელთა ენა და წეს კანონი გამეფდა.

დასტურად ნათქვამისა, ახლო წარსული გავიხსენოთ: ურიცხვი რუსულენოვანი ბაგა ბაღები, სკოლები, ყველანაირი რანგის სასწავლებლები, სამეცნიერო ხარისხების მოსაპოვებელი ნაშრომების ურდოს ცენტრში დამტკიცება (რუსული თარგმანის წარდგენისა და ხშირად გვარიანი თანხის ანუ ქრთამის გაღების შემდეგ), იგივე ხერხით კინოსცენარით ფილმის გადაღების ნებართვის მიღება, უკლებლივ ყველა საწარმო დაწესებულებათა საქმეების მხოლოდ რუსულ ენაზე წარმოება, სულ უმნიშვნელო კრებისა თუ თავყრილობის დამპყრობლის ენაზე ჩატარება, მათზე სამარცხვინოდ წარმდგარი, თავმოყვარეობისა და ღირსების შემლახველი, ნაწვალები სლავურით მოლუღლუღე ხელმძღვანელი (ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წინამძღოლთა ჩათვლით). და კიდევ ერთი მთავარი ხალხის დამთრგუნველ დამბეჩავებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები: უამრავი, ქართულს გათანაბრებული რუსული ჟურნალ გაზეთები, რადიო და ტელევიზია. ისიც ხომ კარგად გვახსოვს, როგორი სიმკაცრით მოითხოვა თბილისში ჩამოსულმა საძულველი იმპერიის მაღალჩინოსანმა ემისარმა უმაღლესი სასწავლებლების გადარუსება (!). ზღვარს გადასული სითავხედით დაპყრობა დამონების არნახული მოთხოვნა უსიტყვოდ ჩაყლაპა ვირეშმაკა სალდაფონის წინ მოხოხიალე საქართველოს მაშინდელმა “ხელისუფლებამ” და ჩვეული გულისამრევი მლიქვნელობით, თანხმობა და პირობა მისცა ნაბრძანების უმალ და უსიტყვოდ აღსრულებაზე.

უპირველესი გულმხურვალე მამულიშვილების, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მრავალწლიანი ბრძოლით მომწიფებული საერთო სახალხო ამოქმედების სამზადისი, სანატრელი მიზნის მიღწევისა და აღსრულების სახეს ღებულობდა. ოთხმოციანი წლების მიწურული იდგა, სასურველი გამარჯვების მოპოვების სანუკვარი ჟამი ახლოვდებოდა. ოთხმოცდაცხრა წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია, მას შეწირულ მამულიშვილთა მსხვერპლი, ქართველთა ორსაუკუნოვანი ბრძოლის გამარჯვებით დასრულების ცრემლიანი და სევდიანი წინაპირობა გახდა. აპრილის ამ სისხლიანმა დღემ ერთ, უძლეველ ძალად შეკრა ქართველები და უბედნიერეს დღეებამდე – 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, 1991 წლის 31 მარტამდე, 9 აპრილამდე და 26 მაისამდე მიიყვანა. ტანჯულ ნაგვემმა საქართველომ სისხლიანი იმპერიის მძიმე უღელი გადაიგდო და თავისუფალი, დამოუკიდებელი გახდა. ქართველებმა მთელი სისრულით შეიგრძნეს თავი საკუთარი მიწა წყლის პატრონებად, ბედნიერ ადამიანებს, ნებით არჩეული პრეზიდენტი და ეროვნული ხელისუფლება ყავდათ.

დაუვიწყარია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ის უტკბილესი და უნეტარესი პერიოდი თითოეული ქართველისათვის. და მარტო მათთვის არა ქართულ მიწაზე მცხოვრებმა სხვა ეროვნების ადამიანებმა მთლიანად გაიზიარეს ქართველთაგან მოპოვებული, გულით გაიხარეს მეორე სამშობლოდ აღიარებული ქვეყნის საზარელი იმპერიის საცეცებისგან თავის დახსნა. თუმცა, უცხოტომელთა გარკვეულ ნაწილს წინაპართა მიწისკენ გაუწია გულმა. მათ ყოველგვარი იძულებისა და ძალდატანების გარეშე, პირადი სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილებით, საკუთარი ნებით დატოვეს საქართველო და ქართველთაგან სიკეთე სითბომიგებულები, მადლიერები და კმაყოფილები გაემგზავრნენ სამშობლოში. დარჩენილები კი მონდომებითა და სურვილით შეუდგნენ ქართული ენის შესწავლას, რადგან მანამდე იმპერიული ბრძანებებითა და მოთხოვნებით დათრგუნვილებმა თვალნათლივ დაინახეს, შეიგრძნეს უცხო ქვეყანაში ცხოვრების უპირველესი პირობის-სახელმწიფო ენის ცოდნის, მასზე ლაპარაკის აუცილებლობა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ხანმოკლე გამოდგა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხანა. თანამდებობა და ძალაუფლებადაკარგულმა წითელმა პარტოკრატიამ, ერის “ზედა ფენის” სახელდაჩემებულმა მცირე ნაწილმა, მოსკოვს თავშეფარებულმა მოწინააღმდეგეებმა, ეროვნულ ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა შენიღბულმა მოქიშპეებმა, კრემლში დაგეგმილ-შემუშავებული საზარელი გეგმითა და კაცთმოძულე რუსული ჯარის მოხმობით შეძლეს სისხლიანი, კრიმინალური გადატრიალების მოწყობა. თბილისის ძველი უბნებისა და გულის დანგრევა გადაბუგვით, თანამოძმეთა დაუნანებელი ჟლეტით, კანონიერი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ქვეყნიდან განდევნით, ისევ დამპყრობელსა და მტანჯველს უბოძეს ჯვარცმული მამული, ისევ რუსული ჩექმის, ჩრდილოელი, “ერთმორწმუნე ძმის” სახე და სახელნაცვალი, ათასგზის შემზარავი იმპერიის საჯეგ სათელად გახადეს იგი.

…და ზეობს მას შემდეგ ძირისძირობამდე გაპარტახებულსა და დაქცეულ გაუბედურებულ ქვეყანაში რუსთაგან ხელდასხმული “ხელისუფლება”. კიდევ უფრო გაწითლებულმა “მმართველებმა” ყველაფერს ძველებური, იმპერიულ კომუნისტური წყობა და დანიშნულება დაუბრუნეს. ყველგან და ყველაფერს ჩრდილოეთის მზის მაფიცარი ძველები განაგებენ. მხოლოდ ეგ არის, რომ ადრე მიწაში ჩამარხულ ოქრო ბრილიანტსა თუ თვალმარგალიტს, ნაირგვარ უცხოურ ვალუტას დღეს უსირცხვილოდ ამზეურებენ, თვალწინ უტრიალებენ მათგან გაუბედურებულ გაღატაკებულ პატიოსან მამულშვილებს.

დღეს, ესენგედ წოდებული რუსეთის იმპერია, ადრინდელთან შედარებით, გაცილებით მძლავრად და საფუძვლიანად არის ფესვგადგმული საქარველოში. დაქცეულსა და გავერანებულ ქვეყანაში ჩიტი ვერ გაფრინდება კრემლის უნებართვოდ. ყველაფერი ისევ ისე ძველებურად, დამპყრობლის ნებით კეთდება. თუმცა არა, ადრინდელ შავბნელ ხანასთან შედარებით, დღეს ათასგზის საზარელი და უარესი მდგომარეობაა: დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა; დახოცილია, აწიოკებულია და ლტოლვილებად არიან გამხდარი ულმობლად დარბეული, ცეცხლითა და მახვილით მიწასთან გასწორებული მრავალი სოფლისა და ქალაქის მოსახლეობა; უდანაშაულო ადამიანებითა და პოლიტპატიმრებით არის გავსებული ციხეები; სულ უფრო იზრდება დანაშაულებრივი ქმედებანი; მძვინვარებს ყველანაირი სენი და დაავდება; კატასტროფულად ეცემა შობადობა; კატასტროფულად იზრდება უმუშევრობა, სიღატაკე, ნარკომანია, პროსტიტუცია, სიკვდილიანობა…

ქვეყნის ამ უძირო უფსკრულში ჩაჩეხვას და საბოლოოდ დაპყრობა დამონებას ფაქტობრივი ხელისუფლება კრიზისის დაძლევისა და სტაბილიზაციის დაწყების პერიოდად ნათლავს. იგივეს იქმს მარიონეტულ რეჟმს დამორჩილებული რეაქციული, შავრაზმული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. ადრინდელთან შედარებით, კიდევ უფრო იმატა რუსულენოვანმა გამოცემებმა და რაოდენ შეურაცხმყოფელია და მწარე, რომ მათგან უპირველესს “სვობოდნაია გრუზია” ჰქვია (!). ახლა თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულ, უგემოვნო, უმდაბლესი ხარისხისა და პროფესიონალიზმისგან გამიჯნულ რადიო ტელევიზიას აღარ იკითხავთ? მდაბიურ, გამიზნული მოქმედების ბომბად ჩადებულ “ვესტნიკთან” ერთად, თანდათან მატულობს დამპყრობლისენოვანი გადაცემების რიცხვი. ასეთია ნება დამპყრბლისა და მბრძანებლისა, იგი სწრაფად და უთქმელად უნდა აღსრულდეს. და სრულდება შავი საქმე დაპყრობილთაგან მდუმარედ, განუზომელი სიხარულით.

…ისტორიულად ცნობილია, რომ სომხეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ, არმენთა ქვეყანა მფარველისთვის ყოველთვის უერთგულესი მოკავშირე და საიმედო საყრდენი იყო კავკასიაში. დღეს ეს კავშირ საყრდენი მრავალგზის გამტკიცებულ გამაგრებულია, ურღვევია და მრავალსაუკუნოვანი (ღმერთმა შეარგოთ!).

და დაუჯერებელი საოცრება! ახლახანს გაზეთმა “კვირის პალიტრამ” (1996 წ. N3) ერევნის ერთადერთ რუსულ გაზეთ “ვრემიაში” (რომელსაც სომხები ალბათ მალე მოაშთობენ) გამოქვეყნებული წერილი “სომხეთში აღარაფერი დარჩა რუსულენოვანი მოსახლეობის გარდა” გაგვაცნო. აი, რას გვამცნობს იგი: სომხური ენის დაცვის სახელმწიფო კომისიამ დიდი გამარჯვება მოიპოვა. წელს სომხეთში უკანასკნელად გამოიცა რუსული ენის სახელმძღვანელოები. დღეს თუკი ვინმე გაბედავს თუნდაც ოფიციალურ დონეზე რუსულ ენაზე ხმის ამოღებას, უმალ უცერემონიოდ ჩააწყვეტინებენ ხმას.

სომეხი ბავშვებიდან ერთეულებიღა თუ სწავლობენ რუსულ სკოლებში, რომელთა არსებობა უკვე აშკარად აღიზიანებთ შესაბამის უწყებებს და თუნდაც ერთ დღეს წაუღია წყალს, მათზე მზრუნველობას აღარავინ იჩენს. რუსული ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი რუსულენოვანი სასწავლებელია, რომელსაც კატეგორიულად ებრძანა სასწავლებლად მიიღოს მხოლოდ რუსი ეროვნების და არავითარ შემთხვევაში სომეხი ახალგაზრდები, რომლებსაც სწავლა განათლების მიღება მხოლოდ მშობლიურ ენაზე მართებთ.

სომხური ენის დაცვის სახელმწიფო კომისიამ ყოველგვარი ხმაურის გარეშე გააუქმა დადგენილება, რომლის საფუძველზეც შერეული ოჯახის ბავშვებს უნდა ესწავლათ მშობლების მიერ ამორჩეულ ენაზე და შესაბამისი გადაწყვეტილებით მათაც კატეგორიულად მოსთხოვა ბავშვები მხოლოდ სომხურ სკოლებში შეიყვანონ, ხოლო რუსულ სკოლებს ასევე კატეგორიული მითითება მიეცათ, არ მიიღონ ამ კატეგორიის ბავშვები სასწავლებლად.

რაც შეეხება სომხეთის სახელმწიფო ტელევიზიის ორ არხს, იქ პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა რუსულენოვანი მაყურებლისათვის. ყველა ფილმი დუბლირებულია სომხურ ენაზე. მთელ სომხეთში წარწერები სომხურ-ინგლისურ ენებზეა. (სტილი დაცულია, – გ. ჯ.)

დაგვეთანხმებით, წაკითხულის შემდეგ მართლა ძნელი დასაჯერებელია ერთგული ყმისა და მორჩილისგან მბრძანებელ მფარველისთვის მხარის ამგვარად აქცევა, უჩვეულო, მოულოდნელი რადიკალური ზომა ღონისძიების გატარება და ამოქმედება. არ ვიცით, მფარველის როგორი რეაქცია მოჰყვა უერთგულესი მოკავშირისა და აღმსრულებლის უეცარ “ბწკენას”, მაგრამ საფიქრებელია, რომ სხვა უამრავი პრობლემითა და საწუხართაგან შეშფოთებულ- აფორიქებულმა იმპერიამ ყველაფერი უჩუმრად ჩაყლაპოს და არაფერი შეიმჩნიოს. ეს კი ყველაზე მეტად აწყობთ მარადჟამს სარგებელის მაძიებელთ და

ზედმიწევნით ხელსაყრელ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილებით, უდიდეს ეროვნულ საქმეს მოიკვარახჭინებენ. დარწმუნებული ვართ, რაოდენ თავდადებული და ერთგულად აღმსრულებელნი გახდებიან ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისა სომხეთში – რიგითიდან, პრეზიდენტამდე. სამაგალითოდ, ტერპეტროსიანის საქართველოში ბოლო

სტუმრობა გავიხსენოთ, როდესაც სომხებით დასახლებულ ჯავახეთში ჩასული, მშობლიურ ენაზე ესაუბრა თვისტომთ. მასპინძელი, საქართველოს “პრეზიდენტი” კი ძველებურად “საერთაშორისო”, ინტერნაციონალურ, დამპყრობლის ენაზე მოესიყვარულა შეკრებილთ (?!).

სამწუხაროდ ასეა, საქართველოში ყველაფერი ისევ ისე ძველებურად, ჩრდილოელი დამპყრობლისაგან გაკვალულ კალაპოტში მიედინება. სისხლიანი იმპერია თავდაუზოგავად ცდილობს შემზარავი ჩანაფიქრის ქართველთა მოსრა განადგურების გაცხადებას იმათი ხელით, ვინც 1991 92 წლებში დაუნანებლად დაღვარა მოძმეთა სისხლი და ქვეყანას უპირველესი, დაუძინებელი მტრის, “ერთმორწმუნე მფარველის” მონობის უმძიმესი უღელი დაადგა.

მაგრამ, უძალოა და ფუჭი შავბნელი ზრახვანი ბოროტთა. უფლის მაღალი ნებით, კვლავაც გაერთიანებული მამულიშვილების გმირული ბრძოლით, რაინდული თავგანწირვით, ღვთისმშობლის წილხვდომილი იბერია გაბრწყინდება!

 

გაზეთი “თვალთაი”

1996 წელი, ოქტომბერი.

 

***

ქართულ ენაზე შეტევა გრძელდება

აკაკი ვარაზაშვილი – რუსულის ნაცვლად ინგლისური ენის სწავლების ასპექტები

2011

 ***

ძველი წარწერები

 

 

 

                 

 

 

 

                            

 

Advertisements

4 Responses to “• ენა ჩვენი ქართული”

  1. ვინ არიან მეგრელები და რა არის მეგრული ენა

    საქართველოში ყველა სფეროში იმხელა უსამართლობაა გამეფებული რომ მე ხშირად მიხდება იმ დარგებზე საუბარი რომლის სპეციალისტიც არ ვარ, იქნება ეს ენათმეცნიერება, ისტორია, პოლიტოლოგია თუ სამართალმცოდნეობა. თუმცა საქართველოში ხშირად არასპეციალისტებმა “სპეციალისტებზე” მეტი ვიცით, ან მათზე მეტი სინდისი გაგვაჩნია საიმისოდ, რომ სიმრთლე ვთქვთ.
    “მეგრელი” შედარებით ახალი ეთნონიმია. ძველად ამ ხალის თვისახელი იყო ჭანი-იგივე ზანი,წანი,ცანი ფორმებით. ლაზთა ერთერთ თვითსახელად დღემდე არსებობს ჭანიც. ლაზი ჩემის აზრით საზღვაო ტრმინია(ლასტი, ლასუა, ანუ წყალზე სვლა) და ლაზებად მოიხსენიებოდნენ მეზღვაური ჭანები. ასევე მესხებიც გაიგივებულნი არიან ჭანებთან და შესაძლოა რაღაც ეტაპზე სწორედ ჭანი იყო ქართველური მოდგმის საერთო სახელი.
    ტერმინი “მეგრელი” მომდინარეობს ეგრისიდან. ტერმინი “ეგრისის” პროტოტიპად კი მეგრული მგლის სახელი “გერი” უნდა მივიჩნიოთ (ე-გერისი, ანუ მგლის ქვეყანა). მგლის კულტი და საკუთარი ქვეყნის მგლის ქვეყანაგ წოდება პროტოქართველურ ტრადიციაში დასტურდება. ბერძნული სახელწოდებებიც “ეგეოს” – “ეგროს” ასევე ეგრისიდან იღებს სათავეს. აქედანვე იღებს სათავეს სახელი გეორგოს და გეორგიაც. მომთადარე ბერძნებისთვის მიწაზე დამკვიდრება და მიწათმოქმედების ათვისება სწორედ იქ მოხდა, სადაც ცხოვრობდა ის ხალხი, ვინც თავიანთ ქვეყავას გერის ქვეყნად მოიხსენიებდა და ამდენად ბერძნებისთვის “გეოს” საერთოდ მიწის ცნებად იქცა. არც საბერძნეთის დღევანდელი სახელიც “გრეცია” არ არის შემთხვევითი.
    “გრ” ძირი შეიმჩნევა თარგამოსშიც.
    მე ვფიქრობ, რომ ტერმინი “იბერიაც” ეგრისიდან მომდინარეობს -ეგერ-ებერ-იბერ. იბერია ბერძნულ-რომაული ფორმაა და არც ქართველები და არც ბასკები თავისთავს და ქვეყანას ესე არ მოიხსენიებდნენ.
    თუმცა გერმანულად “ბერ” დათვს ნიშნავს -ძველად კი მგელის მნიშვნელობაც უნდა ქონოდა. თვითონ სტყვა “გერ-მანი” შესაძნოა შედგებოდეს მეგრული “გერ” და სვანური მარ-მან ძირებისგან. ძველი გერმანელები კელტური ტომი იყო(დღევანდელი გერმანელები მთლად მათი შთამომავლები ვერ არიან). არსებობს ცნება “კელტ-იბერიაც”. “კელტ” შესაძლოა “ქართ”-ის ვარიანტი იყოს. კელტების ერთ ნაწილს კი გალებს ეძახდნენ -ესეც შესაძლოა “მარგალ”-თან იყოს ახლოს.
    ტერმინი ეგვიპტეც შეიძლება დაკავშირებული იყოს “ეგრ”-თან, მითუმეტეს რომ ბერძნები კოლხებს და ეგვიპტელებს აიგივებდნენ. ასევე ეგვიპტის ერთერთ სახელად დასტურდება მეგრულფუძიანი ტოპონიმი “ფალია”.
    ბერძნები ასევე კოლხურ ტომებად მოიხსენიებდენ პელაზგებს,ლაზებს, მესხებს, იბერიელებს და ა.შ…
    არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება რომ კოლხური კულტურა ვრცელდება აღმოსავლედ საქართველოზეც, დღევანდელ აზერბაიჯანზეც, სომხეთზეც და ჩრდილო კავკასიაზეც. მტკვარი-არაქსის კულტურაც რომ ძველკოლხურია არც ესაა საჩურჩულო და როგორც ჩანს ესეც კი მცირე ჩამონათვალია.
    “კოლხ”ფუძის წინარექართულ შესატყვიასდაც მიმაჩნია “ქორთ”-“ქართ” ფუძე, თავისი ბრუნვებით: კარდ, ქალდ, ხალდ, ხათ და ა.შ…
    ამდენად ტერმინები “კოლხი” და “იბერი” ქართველური ფუძის გაბერძნებულ-გალათინურებული ფორმებს უფრო გავს, რომლებიც ასეთი ფორმით დაბრუნდნენ ქართულ სამყაროში.
    “ქართ” თავისმხრივ არის უძველესი ტოპონიმი, რომელიც გვხვდება მთელს ხმელთაშუაზღვის და წინააზია-მესოპოტალიის ტერითორიაზე, მაგალითად “კარდუნია” შუამდინარეთში. “ქართ” დასტურდება კრეტაზეც. კორსიკაც შესაძლოა “ქორთ”-დან იყოს ნაწარმოები. ასევე ეტრუსკული სახელი შემორჩა ქალაქ კორთონას-ვარაუდობენ რომ ადრე ერქვა ქართონა და აკავშირებებ კართაგენის ეტიმოლოგიასთან(ქართა-გენი). კორტონე დღეს იტალიურად ნიშნავს შიდა ეზოს(იტალიური ეზო). აღვნიშნავ რომ ქართი-ქართილი მეგრულად ნიშნავს შემორაგვულს(მთებითაც), ასევე ნიშნავს შეერთებასაც-გაერთიანებასაც. ამასთანავე ქართამი მეგრულად ნიშნავს გვირგვინოსანსაც(გავიხსენოთ მცხეთის მეფეები ქართამ I, II).
    ასე რომ “ქართ” ყველგან მხოლოდ ტოპონიმია და არა ეთნონიმი -თუმცა ტოპონიმებიდან იშვება ხოლმე ეთნონიმებიც. მართლაც ქართის ტომი ძველ წყაროებში არ დასტურდება, და ამდენად არც ქართული ენა. ქართული ენაც და დამწერლობაც შეიქმნა ქართლში ქრისტიანობის გამოცხადების შემდეგ. ხოლო ახალ საეკლესიო ენას საფუძვლად უდევს ძირითადად მეგრული, ანუ ის ენა, რომელზეც მანამდე მეტყველებდა ქართლის ძირითადი მოსახლეობა.
    ენათმეცნიერებმა იციან რომ ძველქართულში ბევრი სიტყვა ხელოვნურადაა შექმნილი, ბევრი სიტყვა კი მეგრულია. დიახ, არც მეტი არც ნაკლები აღმოსავლეთ საქართველოშიც ძირითადი სამეტყველო ენა მეგრული იყო ქრისტიანობის გამოცხადებამდე და ახალი საეკლესიო ენის, ანუ ქართულის გავრცელებამდე. ხოლო ამავე პერიოდისთვის მთელ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს ჯერკიდევ ეგრისი, ანუ სამეგრელო ერქვა, მანამ სანამ, მას მისსავე მეფემ აფხაზეთი არ შეარქვა: ,,ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და იპყრა ყოველი ეგრისი, არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი”. აფხაზეთი მეგრულად მხარს ნიშნავს და გვიან ჩამოსახლებულ აფსუებთან კავშირი არააქვს.
    ცნობილი ფაქტია რომ მსოფლიოში ქრისტიანობას არაერთ ქვეყანაში მიეძღვნა ახალი ენა და დამწერლობაც. მაგალითად სლავიანური ენაც და დამწერლობაც ეკლესიის წიაღში შეიქმნა და კირილიცას მეორენაირად ბულგარულ საეკლესიო დამწერლობასაც ეძახიან. ახალლათინური ალფაბეტებიც და ენებიც უპირველესყოვლისა ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა. ასევე გერმანიკული ენებიც. სომხური და ალბანური დამწერლობებიც ქრისტიანობის გამოცხადების შენგედ შექმნეს.
    მე დარწმუნებული ვარ რომ ძველქართული ენა და ასომთავრულიც ქრისტიანობის შემოსვლას მიეძღვნა.
    მეცნიერთა აზრით ქართულ ასომთავრულ დამწერლობას საფუძვლად დაედო ბერძნული და არამეული -არამეული კი ფინიკიურის განშტოებაა. საერთოდ დამწერლობა ბერძნებმა გადაიღეს პელაზგებისგან(პელაზგი და ფინიკიელი ერთიდაიგივეა), ხოლო რომაელებმა ეტრუსკებისგან და იგივე ბერძნებისგან.
    ასერომ ქართულ ასომთავრულს საფუძვლად დაედო უძველესი ქართველური ტრადიციები, რამეთუ საერთოდ დამწერლობა, როგორცესეთი ქართველური მოდგმის შექმნილია.
    თანამედროვე ქართველმა ენათმეცნიერებმა კი გამოიგონეს ისეთი ტერმინები როგორიცაა პროტოქართული, პროტოიბერიული, პროტოკოლხური და კიდევ რას მოიფიქრებენ ვინ იცის, ოღონდ მეგრული არ ახსენონ. რატომ თქვე დედა დალოცვილებო? იმ ენას, რომლითაც იშიფრება ეტრუსკულის, პელაზგულის და ა.შ. ეტიმოლოგიები და ენობრივი ფორმები, დღეს ქვია მეგრული და რატომ გინდათ მანდამაინც სვხა რამე სახელი გამოუგონოთ?
    მეგრელებისადმი ნიჰილისტურ-სარკაზმული განწყობის გამო ბევრ ქართველ ენათმეცნიერს მეგრულის გაგონებაც არ უნდა -ეს დაახლოებით იგივეა რომ საკუთარი ძმის ზიზღით დედაც შეიძულო.
    როგორც ჩანს ეს ხალხი დღესაც მზადაა ისევ ხუთგზის ააოხროს სამეგრელო და საერთოდ გაწყვიტოს მეგრელები. საიდან მოვიდა მაინც ასეთი ბიოლოგიური ზიზღი ამ უძველესი “პროტოქართული” მეგრული ენისა და მეგრელებისადმი, როგორც ჭეშმარიტად ქართული გენეტიკის მატარებელი ხალხისადმი?
    მე ამ ზიზღის პირველწყაროდ ეგრისის დიდ ომს მივიჩნევ, როცა სპარსელებს დაპყრობილი ქონდათ აღმოსავლეთ საქართველო და მოსახლეობას ასპარსელებდნენ და ეგრისელებს აზიზღებდნენ. შემდეგ იმავე სპარსელებს გორგსალმა-მგლისთავა მეფემ, ეგრისის ერთგულმა მცველმა, არაეთი მარცხი აგემა. მოგვიანებით აფხაზეთად წოდებულ ეგრისში ვერც არაბებმა და მონღოლებმა ვერ მოიკიდეს ფეხი. სამაგიეროდ აღმოსავლეთ საქართველოში უხვად დათესეს ეგრელთა სიძულვილი დამორჩილებულ ქართველთაშორის. “ტრადიცია” რუსებმაც გააგრძელეს, რადგან უწყოდნენ რომ ქართული ენისა და სულის უძვენესი ძარღვი სწორედ სამეგრელოშია შენახული.
    მიუხედავად ზოგიერთ ვაიქართველთა ასეთი აგრესიული განწყობისა, ზოგიერთმა მათზე გულნატკენმა მეგრელმა, მაინც არ უნდა თქვას ასეთი სისულელე: მე ქართველი არავარო.
    ენათმეცნიერებს კი ვეტყოდი: მეგრული ენის იგნორირებით ჩიხში შედის არამცთუ ქართული ენის და საქართველოს ეტიმოლოგიის საფუძვლების ძიება, არამედ ბევრი უძველესი ენის და საერთოდ ენის წარმოშობის საფუძვლების ძიებაც. ასე რომ ქართველო ენათმეცნიერებო დასძლიეთ ტრადიციული ნიჰილიზმი მეგრულის მიმრთ და დადექით კეთილსინდისიერი მეცნიერების გზაზე!

    Like

  2. giorgi dzanikashvili said

    asgzis da atasgzis gixdit malobas am shesanishnavi statiisatvis.tqveni gulistkivili chemtvisac,carmoshobit kaxeli kacisatvis imdenad axlosaa,rom xandaxan minda vikviro:megrulshia shemonaxuli da satutad dgemde motanili ena chveni-zogadqartuli.marto is rad girs-qals,sicocxlis shemkmnelsa da siketis sataves hkvia ”osuri”,anu orsuli,deda ,tviton erti,sulit ki ori!da qobali-xorbali? da kidev ramdeni!,,turashaulis patroni tkeshi edzebda pantasa”-ise mogvdis chven.da rac mtavaria,istoriuladac ase kofila da chemma naxevarsaukunovanma cxovrebam machvena,rom ager,am bolo 40 clis ganmavlobashi chvenshi datrialebul movlenebshi ,aravis eckinos da,samegrelom-ertadertma sheunarchuna ,,renome”-sindisi,rom vinmem gvces pativi.shors casvla rad gvinda-1oktombers marto zugdidma caukitxa sruliad sakartvelos da pirvel rigshi tbiliss leqcia temaze ,,rani vart da rogorebi unda vikot”.daskvnebi droulad unda gaketdes.martalia kargad mesmis avtoris patosi,magram shishi cota gazviadebuli mechveneba,radgan mtrebi gvkavs veragi.

    Like

  3. kaxa said

    Me vccxovrob sopel xeltubanshi

    Like

  4. თავიდან სიმართლე დაწერე შემდეგ კი გადახრა გაქვს სეპარატისტული ….. აცხადებ რომ მეგრული ეთნონიმი ახალია და ძველი ენა მეგრულიო თუ ეთნონიმი ახლია ენას მეგრული როგორ ქვია ? ძველ ენას ქვია იბერიული ენა რომელიც არის წინარექართული ენა რომლის სიტყვებიც უმეტესობა შემოინახა სამეგრელოს და სვანეთი მკვირდმა მოსახლეობამ ….. ვერცერთ ნაწერს ფრესკას საბუთს ვერ მაჩვენებ მეგრულად დაწერილს და რატომ ? იმიტომ რომ მეგრული ენა დიალექტია და ქართული კი მეგრელებმა შენზე უკეთ იცოდნენ რომ დიალექტი იყო ამიტომ ქართულ ენას შეურაწყოფა არ მიაყენეს და არ დაწერეს მაგ ენაზე საერთო ერთი სიტყვაც კი ….. ძირი არის იბერიული ენა მეგრულში კი დიალექტისთვის დამახასიატებლად არის გამოყენებული სიტყვები ….. მაგალითად წყური მეგრულად იბერიულად წყარო აი წყურზე ჩერდება სიტყვა მეგრულად იბერიულად კი წყარო სარწყულებელი და ასე შემდეგ ….. მაგალითად ყუდი მეგრულად იბერიულად საყუდელი და ასე შემდეგ ….. მოკლედ ასეთი სეპარატისტული აზროვნების ადამიანებს ცხვირით მიწა უნდა ახვნევინო ….. ეგ აზრი ერთ მეგრელს არ მოსვლია რუსების მოსვლამდე და ამას გონია ეს იყო მეგრელებში ყველაზე ჭკვიანი ….. იქნებ ლევან დადიანზე დიდი ხარ ? რატომ ერთი საბუთი მაინც არაა ან ეკლესიაზე დაწერილი ან საფლავის ქვაზე მეგრულად ? ფეხებით უნდა დაკიდო ასეთები საქართველოს მოღალატეები

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s