Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• უფსკრულში ჩაჩეხილი ქვეყანა

 


გელა ჯიღაური


 



 


***


“განაჩენი” საბოლოო არ არის ანუ წრე უკვე შეკრულია


 


იარაღით მოსული ფაქტობრივი ხელისუფლება ოთხი წელია თავგამოდებული გვიმტკიცებს ერის “გამთლიანებასა და სიმშვიდის დამყარებას”. მაგრამ, საღად მოაზროვნე ყოველი ადამიანისთვის დღესავით ნათელია “ხელისუფალთა” სამარცხვინო და ყალბ მცდელობას დაპირისპირებული სავალალო სიმართლე ქვეყანა უფსკრულშია ჩაჩეხილი. აზრი არა აქვს უკიდურესად გაჭირვებული, მოღლილი მოსახლეობისთვის თავსდატეხილი უდიდესი უბედურების, ტრაგედიის ყველა ნიშნის ჩამოთვლას, რადგან ყველაფერი პატიოსან ადამიანებს საკუთარი მხრებით გადააქვთ. ამის მიუხედავად, ერთზე მაინც გვსურს მივაპყროთ მკითხველის ყურადღება, რადგან სხვათაგან გამორჩეულად, ბოლოხანს იგი მომეტებულად მოგვეძალა და ლამის არის ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცეს. ეს არის ტერორიზმი, ყველა თავისი შემზარავი დასასრულით. აღსანიშნავია, რომ ბოლო დრომდე, ფაქტობრივი ხელისუფლების არსებობის პერიოდში მომხდარი ყველა “ტერორისტული აქტი”, კანონიერი პრეზიდენტის მომხრეებს ბრალდებოდათ, რაც დაპატიმრებულ პიროვნებებზე უმძიმესი და გაუსაძლისი ფიზიკური ზემოქმედებით “დასტურდებოდა”. სწორედ “სამართალდამცავი” ორგანოების მუშაკთა “მაღალპროფესიული და თავდაუზოგავი” გარჯით გახდა შესაძლებელი ჩიქოვანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების, ტელევიზიის შენობის “აღებისა და სატელევიზიო ანძის აფეთქების, ყვარლის ტყის” საქმის მონაწილეთა, საქართველოს ყველა კუთხე კუნჭულში მოთარეშე “ტერორისტების” ოპერატიულად დადგენა და დაპატიმრება. თუმცა იყო ისეთებიც, მაგალითად ქალაქის პროკურორ მ. ქურდაძის, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურის თანამშრომელ ფ. ვუდროფის, გ. ჭანტურიას, გ. გულუას, ს. ხაბეიშვილის მკვლელობებთან დაკავშირებული და სხვა “ტერორისტული აქტები”, რომელთა მომწყობ განმხორციელებელთა გამოაშკარავება “ვერა და ვერ” მოხერხდა.


მარკოზის სახარება გვამცნობს: “არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, რომელიც არ შეიტყობა”. და არც დაიმალა ესოდენ ძნელად დასადგენი “ჭეშმარიტება”, თითქმის ამოუხსნელი საიდუმლო, ერთბაშად “გახსნილი და ამოცნობილი” გახდა. სათავე კი სიმართლის “პოვნასა და გამოაშკარავებას” 29 აგვისტოს, იმელის ეზოში “8-10 კილოგრამი” ტროტილის (მოგვიანებით, ტელევიზიით გვაუწყეს, რომ 200 გრამი ყოფილა) აფეთქებით განხორციელებულმა “ტერორისტულმა აქტმა” დაუდო. მომხდარიდან სამიოდე კვირის შემდეგ რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა დამნაშავეების სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შეფის ი. გიორგაძის, მისი მოადგილის თ. ხაჩიშვილის, მაშველთა კორპუსის უფროსის გ. გელაშვილის, მისი მოადგილის ლ. ჭელიძისა და სხვათა დაპატიმრების სანქციები გასცა. მაგრამ, საქართველოდან “გაქცეული” ი. გიორგაძე და უკვე დაპატიმრებული დანარჩენი დამნაშავეები თურმე მარტოოდენ 29 აგვისტოს “ტერორისტული აქტის” მომწყობ განმხორციელებლები არა ყოფილან. მალევე გვამცნეს, რომ მანამდე “გულმოდგინე ძებნა ძიებით” რატომღაც “ვერ ნაპოვნი” გ. ჭანტურიას, გ. გულუასა და .ს ხაბეიშვილის მკვლელებიც იგივენი ყოფილან. ასეა, როდესაც “მოინდომეს” სამძებრო და “სამართალდამცავმა ორგანოებმა, დროის უმცირეს მონაკვეთში “მიაგნეს” დამნაშავეებს. მაგრამ, რტომღაც არა ჩქარობენ სხვა “ტერორისტული აქტების” მომწყობთა გამოაშკარავებას, მათთვის კუთვნილის მიგებას ისე, როგორც ეს “ყვარლის ტყის”, ჩიქოვანის ქუჩის “ამფეთქებელთა, ტელევიზიის დამკავებელთა, სატელევიზიო ანძისა და ხიდების გამანადგურებელთა” მიმართ მოიმოქმედეს.


ჩამოთვლილიდან, გამორჩეულად ჩიქოვანის ქუჩაზე ჯ. იოსელიანზე “თავდასხმის” მოტივით, 1992 წლის 13 ივნისს მომხდარ “ტერორისტულ აქტზე” გვინდა შევჩერდეთ, რომლის “მომწყობთა ოპერატიულად დადგენაში” უდიდესი წილი ჩაიდო მაშინდელი საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის უფროსის მოადგილე თ. ხაჩიშვილმა. ასე შეითითხნა შემზარავი ბრალდება ინჟინერ ირაკლი დოკვაძისა და ექიმ პეტრე გელბახიანის მიმართ, რომელთა ხელში ჩასაგდებად ჩვეული ბინძური, ლაჩრული ხერხები იხმარეს. ამგვარად გარჯისთვის, სახელმწიფო საბჭოს თამჯდომარე ე. შევარდნაძემ ერთგულ თანამოსაქმე თ. ხაჩიშვილს მადლობა გამოუცხადა (მალევე შინაგან საქმეთა მინისტრობაც უბოძა). სექტემბერში, სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმმა ტერორიზმთან და დივერსიასთან ბრძოლის შტაბი შექმნა, რომელსაც თ. ხაჩიშვილი ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ შტაბის დამსახურება გახლავთ საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა “საზარელი ჩანაფიქრებისა და ზრახვების გამოაშკარავება”. მათ გეგემაში ყოფილა ქვეყნის “მმართველთა, სახელმწიფო საბჭოს წევრების, ინტელიგენციის განადგურება, მეტროს, ტელევიზიის, ენერგოკომპლექსების, საარჩევნო უბნების აფეთქება”. და რაც ყველაზე დასაფიქრებელია, თ. ხაჩიშვილმა “შეძლო ყველაზე დიდი მოსალოდნელი უბედურებისა და ტრაგედიის თავიდან აცილება” ზვიადისტების მიერ “გროზნოში შემუშავებული ე. შევარდნაძის მოკვლის გეგმა შეიტყო”. 1992 წლის ოქტომბერში, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ წერილში “კრახი”, იგი წერდა: “ტერორისტები აპირებდნენ დანაღმული ავტომობილის იმელთან დაყენებას და აფეთქებას”(!). მკითხველი დაგვეთანხმება, რომ წერილის ავტორის ნათქვამი უაღრესად ყურადსაღები და გასათვალისწინებელი ფაქტორია ზედმიწევნითი სიზუსტით რომ გაცხადდა სამი წლის შემდეგ (!).


ახლა კი ზემოთ შეპირებულ, თ. ხაჩიშვილის დიდკაცობისდროინდელ “გახსნილ საქმეს” ჩიქოვანის ქუჩაზე “განხორციელებულ ტერორისტულ აქტს” დავუბრუნდეთ. მომხდარიდან მეოთხე დღეს, მისი ვერსიით უკვე ცნობილი იყო ერთ-ერთი “ტერორისტის” ირაკლი დოკვაძის ვინაობა. 24 ივნისს, ღამის 11 საათზე, მილიციის სამმართველოს თორმეტი შეიარაღებული თანამშრომელი, ყოველგვარი სანქციისა და ორდერის წარდგენის გარეშე შეიჭრნენ დოკვაძეების ბინაში და ორი საათის განმავლობაში, მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ, იარაღის არსენალის პოვნის მიზეზით აღგზნებულებმა, პირქვე დასცეს იქაურობა. რომ ვერაფერი ნახეს, ბრაზმორეულებმა და ხელმოცარულებმა “დამნაშავის” მშობლები საქმის გასარკვევად “მცირე” ხნით წაიყვანეს და ერთი თვე ამყოფეს იძულებით პატიმრობაში. გათავისუფლების შემდეგ გენერალური პროკურორის ხელმოწერილი უდანაშაულობის მაუწყებელი საბუთი გადასცეს (!). თუმცა, დოკვაძეების ოჯახს მოსვენება არ აღირსეს გულმოდგინედ უთვალთვალებდნენ თითოეულ წევრს. ყველაფერს მისხალ-მისხალ აღნუსხავდნენ. მერე აგვისტოში ესტუმრნენ საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურიდან და ძირისძირობამდე მოჩხრიკ მოიხილეს “ტერორისტის” საცხოვრებელი. არც მათ გაუმართლდათ, ვერ მიაკვლიეს ავტომატებსა და ხელყუმბარებს, ტყვიამფრქვევებს, რაკეტებს… იგივე მეორდებოდა “ტერორისტული აქტის მეორე სულისჩამდგმელ” პეტრე გელბახიანის ოჯახშიც. 29 აგვისტოს, იმელის ეზოში მომხდარი აფეთქების შემდეგ, სპეცსამსახურის მუშაკები ისევ დოკვაძეების ოჯახს მიადგნენ და ირაკლის “ეჭვმიტანილი” დედა წაიყვანეს იგი მიიჩნიეს “ტერორისტული აქტის მოწყობის მოთავედ”. მაგრამ, ბრალდების დაუმტკიცებლობის გამო, იძულებული შეიქნენ გაეთავისუფლებინათ ტყვე.


3 სექტემბერს, ირაკლი დოკვაძე ყვარელში დააპატიმრეს. თუ რა მეთოდებით, როგორი მხეცური ხერხებით იმოქმედებდნენ “ტერორისტის” გამოსატეხად, ძნელი ამოსაცნობი არ უნდა იყოს. გენერალური პროკურორის მოადგილე ა. ბალუაშვილმა არც “დამნაშავის” შვილები დაინდო და მამის სანახავად მიტყუებულებს, უმოწყალოდ ნაცემ-ნაგვემი, ცხვირგატეხილი,ძნელად საცნობი მშობელი ანახა. მერე ოსტატურად გაგრიმულ შენიღბული, ტელემაყურებლებს წარუდგინა და სამარცხვინო მუქარით, არჩევანის წინაშე დაყენებას შეეცადა. ცხადია, მართალმა და უდანაშაულომ არავითარი პირობა არ გაიკარა და სამართლიანი მომავლის იმედად დარჩა. ასეთივე მოწამებრივი გზა გაიარა ბაქოში შეპყრობილმა პეტრე გელბახიანმაც.


1993 წლის 19 ივლისს, ლონდონში, ორგანიზაცია “საერთაშორისო ამნისტიამ” წამებულ მართლებს, თავისუფლებისთვის თავდადებულ რაინდებს (მათთან ერთად გედეონ გელბახიანს, ზაზა წიკლაურსა და ვიქტორ დომუხოვსკის) პოლიტპატიმრების სტატუსი მიანიჭა. ბუნებრივია, ამას თავგადაკლული უკუაგდებდნენ, ხელაღებით უარყოფდნენ ფაქტობრივი ხელისუფლება, მას დაქვემდებარებული “სამართალდამცავი” და სპეცსამსახურები. ამმხრივ საინტერესოა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი შეფის ი. გიორგაძის მრავალგზისი განცხადებები პოლიტპატიმართა არარსებობის თაობაზე. აღარაფერს ვიტყვით ადამიანის უფლებების “დამცველი” კომიტეტის თავკაც ს. კავსაძის ლაჩრულსა და უსუსურ მტკიცებებზე. თუმცა, ბოლოხანს საქართველოდან გარიდებული ი. გიორგაძე საქვეყნოდ აცხადებს ჩვენთან პოლიტპატიმრების არსებობაზე. ადამიანის უფლებათა “დამცველიც” ორაზროვან პასუხებს იძლევა და იძულებითი დუმილით ცდილობს უსიამო საკითხის გვერდის ავლას.


სასურველი შედეგის მოსაპოვებლად მრავალგზის ფიზიკურად შეურაცხყვეს მსჯავრდებულები, თუმცაღა ამაოდ მართლები ბოლომდე უდრეკნი და დაუმორჩილებლები დარჩნენ. საჭიროდ არ მიგვაჩნია განგებ უსაშველოდ გაგრძელებულ მათს სასამართლო პროცესზე რაიმეს თქმა, რადგან იგი უაღრესად სამარცხვინო ფორმით,ყოველგვარი წესისა და კანონის არნახული დარღვევებით ჩატარდა. ერთს კი აღვნიშნავთ, რომ განაჩენი პრიმიტიული სასამართლო ფარსის დამთავრებამდე დიდი ხნით ადრე იყო საზოგადოებისთვის ცნობილი, რადგან სახელმწიფოს “მეთაურმა” პრესითა და რადიო ტელევიზიით “სამართალგამრიგეებს” მრავალგზის შეახსენა სასჯელის უმაღლესი ზომის სიკვდილით დასჯის არსებობაზე (!).


იარაღით მოსული”ხელისუფლების წინამძღოლის”განცხადებებმა საყოველთაო აღშფოთება და გულისწყრომა გამოიწვია უცხოეთში, რადგან თავიდან ბოლომდე გაყალბებულ სასამართლო პროცესს მუდმივად ესწრებოდნენ უცხოელი ჟურნალისტები, სხვადახვა ორგანიზაციებიდან წარმოგზავნილი მეთვალყურეები. იქაურ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა წერილები, მოთხოვნები და პროტესტები უკანონოდ შეპყრობილთა უდანაშაულობაზე, სამარცხვინო პროცესზე და პირად ანგარიშსწორებას, შურისგებას დაქვემდებარებულ განაჩენზე. ამმხრივ აღსანიშნავია ქალბატონ ერიკა დეილის გამოსვლა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სადაც დაწვრილებით მიმოიხილა “ტერორისტთა” სასამართლო პროცესი, ზუსტად აღნუსხა ყველა დარღვევა. შავ დღეში ჩავარდნილი საქართველოს “ელჩი” ამერიკაში თ. ჯაფარიძე უსუსურად შეეცადა თავის დაცვას, თუმცა იძულებული გახდა დათანხმებულიყო ყალბი სასამართლო პროცესის უკანონო განაჩენის გამოტანის ფაქტზე. მაგრამ “უკან დასახევი გზა” მაინც გამოძებნა და მომხდარი, “გადემოკრატების” გზას ახლად შემდგარი ქვეყნის გამოუცდელობით ახსნა.


საბედნიეროდ, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები, საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები კვლავაც თავიანთს პოზიციაზე დგანან და გაუნელებლად მოითხოვენ უდანაშაულოთა გათავისუფლებას.


ხუთი თვე მიიწურა სიკვდილმისჯილთა ადვოკატების თ.ლაშაბერიძისა და გ. მოსესიანის მიერ უზენაეს სასამართლოში გამოტანილი განაჩენის ზეწესით განხილვის განცხადების შეტანიდან. მაგრამ, პასუხის გაცემაზე არავინ ჩქარობს, არავინ სასიკეთოდ არ ირჯება. ჩანს, “დასრულებული” სასამართლო ფარსის სასურველი კალაპოტით წარმმართველთა მითითებებსა და საბოლოო ბრძანებას ელოდებიან. ადვოკატებს არ უშვებენ დილეგში მყოფებთან. არადა, მათ ამისი უფლება გააჩნიათ, რადგან მსჯავრდებულთა საქმე ჯერ არ არის დამთავრებული. გაირკვა, რომ ნებართვა შინაგან საქმეთა მინისტრმა შ.კვირაიამ უნდა გასცეს. მინისტრი კი დუმს. ალბათ სათანადო მითითებისა და ბრძანების მიღების მოლოდინშია.


ამასთან დაკავშირებით, “პრეზიდენტობის კანდიდატის” ჯ. პატიაშვილის მიერ 9 ოქტომბერს გამართული პრეს კონფერენციის გამო, გაზეთ “თავისუფალი საქართველოს” 13 19 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ წერილში თქმული გვინდა გამცნოთ. შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა ი. დოკვაძე და პ. გელბახიანი პოლიტპატიმრებად, მან უპასუხა: “შეწყნარებაზე ხელი იმიტომ არ მოვაწერე, რომ კულუარებიდან შევიტყვე, მათ დახვრეტას არ უპირებენ. ამიტომ, ამისი აუცილებლობა არ იყო” (?!).


ახლა სამხედრო გადატრიალების ერთ ერთი მოთავისა და აღმსრულებლის, უკანონო ხელისუფლების ერთი ყოფილი “ლიდერისა და საყრდენის”, ყოფილი “მინისტრისა და დეპუტატის”, მერე “მეამბოხისა” და ქვეყნის დაქცევის მოსურვილე თ. კიტოვანის მიერ 10 11 აგვისტოს გაზეთ “რეზონანსში”, რედაქციისა და ადამიანის ” უფლებათა დაცვის” კომიტეტის ხელმძღვანელ ს. კავსაძისადმი გაგზავნილი წერილი გვსურს გაგაცნოთ (სტილი დაცულია).


“წავიდა ის დრო, როცა კომუნისტები თავიანთ სურვილებს ანხორციელებდნენ მოსამართლის მეშვეობით და თქვენ გახსოვთ მოსამართლე გერსამიას განაჩენი. ეს იყო დაქირავებული მკვლელი კომუნისტების კანონით ხელში. ეხლა მოვალეობას ასრულებს მოსამართლე დოლიძე.


მე მივწერე პროკურატურას. რომ დოკვაძე და გელბახიანი არ არიან მკვლელბი. ჩემი აზრი უნდა გაეზიარებინათ ჯერ როგორც დეპუტატის, მერე როგროც მაშინდელი სადაზვერვო მონაცემებით, რომ შემსრულებლები სხვა ადამიანები იყვნენ და არა ისინი, ვისაც ბატონმა დოლიძემ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა. იგი პასუხს აგებს მის გამოტანილ სასჯელზე.


მე ვალდებული ვარ ჩემი ერის წინაშე განვაცხადო, რომ გელბახიანი და დოკვაძე არ არიან მკვლელბი და ეს იცოდეს საზოგადოებამ და არა ბოღმისაგან გასიებულმა ზოგიერთმა, ვისაც სისხლი სწყურია და განსაკუთრებული ავადმყოფობით არის შემკული. გვეყოფა, ისედაც ამდენი სისულელეები ჩავიდინეთ და რამდენი უდანაშაულო ხალხი კედელზე ავაყუდეთ. ახლა დროა, რომ ყველამ სწორედ გამოვიხედოთ თვალებიდან და ბატონ დოლიძეს ვთხოვ თავის შთამომავლობას არ დაუტოვოს მკვლელი მამის სახელი”.


ვიტყვით, რომ ახლო წარსულში “სამთავრობო კაცის აღსარება და მონანიება” საკმაოდ ნაგვიანევია და უძალო, მაგრამ ერთგვარად მაინც ყურადსაღები, გასათვალისწინებელი. მომეტებულად ანგარიშგასაწევია წერილში თქმული: “შემსრულებლები სხვა ადამიანები იყვნენ და არა ისინი, ვისაც ბატონმა დოლიძემ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა“. მაინც ვის გულისხმობს საკანში გამომწყვდეული “დეპუტატი” სხვებში? იმათ ხომ არა, ფაქტობრივმა ხელისუფლებამ 29 აგვისტოს მომხდარი აფეთქება და ადრინდელი “სამი ტერორისტული აქტის” მოწყობა რომ აჰკიდა? ადვილი შესაძლებელია, რადგან იგი ბევრის მომსწრე, გამკეთებელი და მომსმენ-მნახველია. ადვილი შესაძლებელია თ. კიტოვანის აზრით, ჩიქოვანის ქუჩაზე აფეთქების მომწყობნი ის სხვა ადამიანები, 29 აგვისტოს მომხდარი “ტერორისტული აქტის” განმხორციელებლებიც იყვნენ, რადგან ერთმა მათგანმა, კერძოდ თ. ხაჩიშვილმა ჯერ კიდევ 1992 წლის ოქტომბერში, გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ წერილში “კრახი”, იწინასწარმეტყველა იმელთან დანაღმული ავტომობილის მეშვეობით მოსახდენ აფეთქებაზე.


დაგვეთანხმებით, რომ წრე უკვე შეკრულია. თავიდანვე ყველაფერი ცნობილი და საგანგებოდ მიჩქმალულ მიფარებული, უკვე გამოაშკარავებულია და ნათელმოფენილი. ფაქტობრივ ხელისუფლებას და მათს ნება-სურვილს დამორჩილებულ “მართლმსაჯულებას” აღარაფერი აქვს “საჩხრეკ-საძებნი”. უნდათ თუ არა, ყველა გახმაურებული “ტერორისტული აქტისა” და დანაშაულის ჩამდენ-მომწყობნი, მათთან ახლოს მდგომ, საკუთარ საყრდენ დაჯგუფებებსა და ფორმირებებში უნდა ეძებონ.


გაიხსენონ ოდითგან დამღუპველი ქმედება და მწარე სიმართლე ციხის ყოველთვის შიგნიდან გატეხვაზე.


წლეულს, 11 ოქტომბერს, გაზეთმა “მარჯმა” საყურადღებო ინფორმაცია მოგვაწოდა: “27-28 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ გადასინჯა ს. ხაბეიშვილის საქმე და მთლიანად გაამართლა იგი”. სწორედ ამაზეა ნათქვამი: სიტყვა სხვაა და საქმე კიდევ სხვაო, რადგან აწგარდაცვლილის მრავალტომიან სასამართლო საქმეში გარკვევით წერია ბრალდებულის სამგზის აღიარება ჩადენილ დანაშაულზე .


ახლად “გამართლებულისგან” განსხვავებით, ჩიქოვანის ქუჩაზე აფეთქების “მომწყობები” ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი, უსაშველოდ გაჭიანურებული წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მსვლელობისას, ყოველთვის უდანაშაულობას ამტკიცებდნენ. კანონი კი ყველასთვის ერთია, უფრო სწორედ ერთი უნდა იყოს. თუმცა, ახლანდელი “ხელისუფლებისაგან” დაპყრობილ-დამორჩილებული რადიო-ტელევიზიისა და პრესის თავგამოდებული მტკიცებით, ყველაფერი “კანონიერად” გადაწყდა. ალბათ, ზუსტად ისე, როგორც რამდენიმე წლის წინათ ს. ხაბეიშვილის საქმე. ამგვარად გარჯა, ჰაერში მუშტების ქნევა და ყვირილი განწირულობის, დამარცხების უპირველესი ნიშანი გახლავთ.


ფარისეველთა, ცრუთა და მონების გასაგონად, ქართველთა უდიდესი ნაწილის, მსოფლიოს სიმართლის მხარდამჭერი, პროგრესული საზოგადოების მტკიცე გადაწყვეტილება და ურყევი აზრი გვინდა განვაცხადოთ: რომ უზენაეს სასამართლოში გამოტანილი განაჩენისაბოლოო არ არის! სიმართლისა და წეს-კანონის დამცველების მტკიცე მოთხოვნაა მაღალკვალიფიციური პროფესიონალების მიერ უმოკლეს ხანში საფუძვლიანად გადაისინჯოს უკლებლივ ყველა მსჯავრდებულისა და ჯერაც გაუსამართლებელი პოლიტპატიმრის საქმე. დასაბამი კი არნახული უკანონობით “განაჩენგამოტანილი ტერორისტების” ირაკლი დოკვაძისა და პეტრე გელბახიანის განგებ, შეგნებულად გაუკუღმართებული, დაუმთავრებელი საქმის ზედმიწევნით სამართლიანი, ყველა წეს-კანონის უკიდურესი დაცვით გარჩევამ უნდა მისცეს.


სახარების ათი მცნებიდან, მეცხრე ჩაგვაგონებს: “არა ცილ-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა”. უფლის ეს სურვილი ახალფეხადგმული “ქრისტიანი ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების თავკაცთა” გასაგონად და გასათვალისწინებლად მოვიხმეთ, რადგან ჩადენილი ცოდვისა და ცილისწამებისთვის, მაცხოვრის წინაშე ერთნაირად აგებენ პასუხს მისი ჩამდენნიცა და მათი მოდგმა-ნაშიერნიც. ყველაფრის მნახველ მომსმენი ღმერთი უმძიმეს სასჯელს მიაგებს მართალთა გამამტყუნებლებს, მათი თავისუფლებისა და სიცოცხლის ხელმყოფთა მოსურვილებს.


მინაწერი: 23 ოქტომბრიდან ირაკლი დოკვაძემ და პეტრე გელბახიანმა ციხე-საპყრობილის ახალი ხელმძღვანელობის მიერ დაწყებული რეპრესიების პასუხად შიმშილობა გამოაცხადეს. მართალთა დაჯაბვნა შეუძლებელია, ამაოა ცდა ჯაბანთა.


1995 წელი, ოქტომბერი.


***


რეტრო ანუ ისმინეთ!


 


რეტრო წარსულის, ჩავლილის გახსენებას ნიშნავს და მეტწილად სასიხარულო, სასიამოვნო მოვლენასა თუ ამბავთან არის ხოლმე დაკავშირებული. თუმცა ზოგჯერ იძულებით, გარკვეული მიზეზით, უსიამოვნოსა და შემაძრწუნებელის შეხსენებაც აუცილებელი ხდება, რადგან ამას გახსენების პერიოდში შექმნილი ვითარება მოითხოვს. სამწუხაროდ, უმძიმეს შეჭირვებასა და განსაცდელში ჩაცვენილ მართალ ქართველებს, ეროვნული ხელისუფლების არსებობის რამდენიმეთვიანი საამო პერიოდის გამოკლებით, გასახსენებლად მხოლოდ უბედურებისა და მწუხარების, გლოვის, შიშის შავბნელი წლები შემოგვრჩნენ. დამეთანხმებით, ძნელია ყველა იმ ტკივილის ხელმეორედ შეგრძნება, დამძიმებული სულის კვლავ აფორიაქება, მაგრამ ისევ და ისევ აუცილებლობისა გამო, უფრო კი გამოსაფხიზლებლად, საჭიროდ მივიჩნევ ახლო წარსულის უმძიმესი დღეებისა თუ მოვლენების დღეს უკვე სრულიად განსხვავებული თვალსაზრისით, თუნდაც მოწოდებითი განსჯისათვის.


ამჯერად, ოთხმოციანი წლების მიწურულის იმ უმცირესი ქართველი ახალგაზრდების, სტუდენტებისგან თქმული და ნამოქმედარი მინდა გავიხსენო, სამშობლოს მოღალატეთაგან და გამყიდველებისგან მზერაჩამქრალებმა, სმენადახშულებმა რომ იკისრეს და თავიანთი დანაშაულებრივი საქციელით მხარი აუბეს, ხელი შეუწყეს კანონიერი ხელისუფლების დამხობას, პრეზიდენტის გაძევებას, ძმათამკვლელი ომის გაჩაღებას, საქართველოს დაშლა დანაწევრებას, გაპარტახებასა და გაჩანაგებას. იბერიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამასამარებელი წითელი წინამძღოლებისგან შეგულიანებულ წასისინებულმა გ. მაისურაძემ, გ. ბარამიძემ, დ. ტურაშვილმა, ფ. ჩიხრაძემ და ერთი მუჭა მათმა თანამოაზრეებმა გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინეს ერის წინაშე. გაბოროტებულმა და გულღრძო ახალგაზრდებმა დაუნანებლად გასწირეს, ზურგი უშვირეს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას შეერთებულ, კანონიერი ხელისუფლების გვერდში მდგომი უმრავლესი თანატოლების თავგანწირვას, მამულის გათავისუფლების მოწოდებას და მოღალატეთაგან შეპირებულ ჯილდო თანამდებობებს დახარბებულები, დაღუპულთა გვამებზე და სისხლის ტბორებზე გადალაჯებით წამოსჩდნენ პარლამენტსა თუ სამთავრობო სტრუქტურებში. დღეს, მაფიოზ მძარცველებთან შეკავშირებული, სხვადასხვა რანგის თანამდებობებს ჩაბღაუჭებული ეს არსებანი, ცეკა ტეკას კორუმპირებულ, პატიოსნების, სიმართლისა და კანონიერების მოძულე “აპარატჩიკების” მითითებით “იღვწიან დემოკრატიული სახელმწიფოს ასაშენებლად”. ცხადია, მტაცებელ კომუნისტთა უბეში დაფრთიანებულთა ამ გარჯას მხოლოდ ერთი მიზანი და დანიშნულება გააჩნია პირადი კეთილდღეობის დამკვიდრება, რადგან მათაც ადვილად მიუწვდებათ ხელი კრედიტებსა თუ სხვარამ დახმარებებზე. თუმცა, ხანმოკლეა და დროებითი, გაღატაკებულ გაუბედურებულთაგან წაგლეჯილითა და მითვისებულით წელმოდგმულთა აღზევება. უკანონოებსა და დამნაშავეებს აუცილებლად მოუწევთ კანონიერთა და მართალთა წინაშე წარდგომა, პასუხისგება, ჩადენილის მონანიება. დიდად დასაღონებელია და სავალალო, რომ ამგვარად გადაგვარებულთა და დაცემულთ მაინც გამოუჩნდნენ მათებრ სამარცხვინო მემკვიდრეები, მართალია მცირედნი, მაგრამ წინამორბედთა დასაგმობი, სამარცხვინოდ გაკეთებულის გამგრძელებლები.


სწორედ ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ 1991 წლის 23 დეკემბერს დაწერილი წერილი, რომლის გამოქვეყნებაზეც ყველა მაშინდელმა დამფრთხალ დაშინებულმა, ლაჩარმა რედაქტორმა უარი განაცხადა. ვფიქრობ, ცხრა წლის წინათ დაწერილის დღეს დასტამბვას თავისებური გამართლება შეიძლება მოეძებნოს, რადგან ჩვენდა გულსატკენად, ქართველი ახალგაზრდებისა და სტუდენტების მცირე ნაწილს იოტისოდენა დაც არ აფიქრებს უფსკრულში ჩაჩეხილი, დამპყრობლის უღელდადგმული სამშობლოს, გაუბედურებული ერის სვეგამწარებული ყოფა. ამისი თქმის უფლებას მაძლევენ დედაქალაქის ქუჩებში უაზროდ მოხეტიალე, სწავლა განათლებასა და შრომას გამიჯნული, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს მიძალებული, პორნოგრაფიულ ფილმებსა და ჟურნალ გაზეთებს დამცხრალი, უცხოეთს უმიზნოდ გახიზნული და დანაშაულებრივ სამყაროში ჩათრეული ქალიშვილები და ჭაბუკები, ფული რომ გაუხდიათ კერპად, სხვა ყველაფერი კი არარაობად დაუგულებიათ.


მაშ ასე, გთავაზობთ ცხრა წლის წინანდელი უმძიმესი დეკემბრის შემზარავ დღეს დაწერილ წერილს ხელუხლებლად, ყოველგვარი შესწორების გარეშე.


***


ვაი სირცხვილო! ვინ და რამ აგიბნიათ გზა კვალი ?


უმალ ყველას სათაურში გამოტანილი სიტყვები აღმოხდება სტუდენტთა იმ ნაწილის შემხედვარეს, მათგან თქმულის გამგონეს, დღეს რომ “ოპოზიციას” ამოუდგა მხარში და საქართველოში “დემოკრატიის დამკვიდრებისათვის იბრძვის”. ამას ამბობდნენ 12 დეკემბერს, მთავრობის სახლის წინ გამართულ მიტინგზე შეკრებილები, უდიდესი ისტორიული მოვლენის უკრაინის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მომსწრენი. და როდესაც სმენადქცეულები სანუკვარ სიტყვებს ვისმენდით, სწორედ მაშინ თქვენი გამყიდველი ხელმძღვანელების, დედობილებად დაგულებული დიაცების ღრიალითა და კივილით, დროშებით მოადექით უმგვანოთა და თავდამსხმელთა შესაკავებლად ჩახერგილ ავტობუსებს. გონებადაბინდულები ანგარიშმიუცემლად გაჰყვიროდით წინამძღოლთაგან ნაბრძანები რუმინელი დიქტატორის გვარს და თავგანწირულები ცდილობდით უმნიშვნელოვანესი მოვლენით მოგვრილი სიხარულის ჩახშობას. საბედნიეროდ, ვერ შეძელით. ან კი როგორ მოახერხებდით, თქვენ ხომ თავისუფლებისა და ბედნიერების დაჯაბვნას ცდილობდით. ბოროტს ხომ კეთილი არასდროს დაუძლევია?


ვაი სირცხვილო! რომ ამისი თქმა გვიწევს. მაგრამ მეტი რა ჩარაა, მორეულ სნეულებას მხოლოდ მკურნალობით ეშველება. ამ შემთხვევაში წამლად მარტოოდენ მართალი სიტყვის ჩაგონება, რჩევის მიცემა მიგვაჩნია. თუმცა, ადვილი შესაძლებელია ისინი ახლოსაც არ მიიკაროთ “დამოუკიდებელნო, საღად მოაზროვნენო და ცამდე მართალნო”. დიდად კი შეცდებით, რადგან თქვენმა გარჯამ სრულიად საპირისპირო დაგვანახა, უფრო სწორედ შეგვაშინა, რადგან სტუდენტის სახელდარქმეულ მცირე ნაწილს ოდნავი განსჯის უნარი არა გქონიათ, განდგომილთაგან წაქეზებულებს მთლად დაგიკარგავთ სიმართლის გრძნობა და რაც ყველაზე მეტად შემზარავია, გულიდან ამოგირეცხიათ სამშობლოს, ერის პატივისცემა და სიყვარული, პირადულისთვის გინაცვალებიათ ქართველობა.


ვაი სირცხვილო! 12 დეკემბერის იმ საღამოს, დიდი მოვლენით გახარებული ადამიანები თქვენ აბუჩად აგვიგდეთ, სტვენითა და ღრიანცელით, თავზეხელაღებული ქალების კივილ ხავილით გსურდათ მიტინგის ჩაშლა, ამაღლებული განწყობის მოშხამვა. მაგრამ მაინც დაგითმეთ, მოგიტევეთ, შერიგება და გაერთიანება გთხოვეთ. მერე ის იყო თქვენს ბანაკში ჩვენგან წარმოგზავნილებმა თანხმობისა და საქართველოს თავისუფლების აუცილებელი ერთიანობის წინადადება შემოგთავაზეს. ტაშისცემით გამოვხატავდით დასტურს და როდესაც ჯერი თქვენი მამამთავრის წარმოდგომაზე მიდგა, მიუღებელი პირობა წამოაყენეთ თქვენგან  დასაცავი ავტობუსების გაყვანა მოითხოვეთ. და ეს შეგნებულად გააკეთეთ, რადგან თქვენმა შემგულიანებლებმა კარგად იცოდნენ, რომ ამას არ ვიზამდით. ჰოდა, გაუმართლებლად გაგულისებულ გაფხორილებმა ისევ დაპირისპირება არჩიეთ და ერთ-ერთ ტელეგადაცემაში ბრალი პრეზიდენტის მომხრეებს დასდეთ. ცხადია, ეს ყველაფერი გამიზნულად გაკეთდა, ვინაიდან თქვენს იმ მოხდომას ლოგიკური გაგრძელება ჰქონდა ჩაფიქრებული აქცია უნდა დაგეწყოთ ილიასა და აკაკის ძეგლის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თვალწინ. მოთხოვნები თქვენებური, უსუსური გქონდათ: ” პოლიტპატიმრების” გათავისუფლება, პრესის “თავისუფლება” და … სტიპენდიების მომატება. თუმცა, პრეზიდენტის გადადგომასაც მოითხოვდით, დემოკრატიის “დამყარება გწყუროდათ”…


ვაი სირცხვილო! ნამდვილად არ გვეგონა თუ ოცდამეერთე საუკუნის ზღურბლს მიმდგარი ქართველი სტუდენტების მცირე ნაწილი ამგვარ უსუსურობას გამოიჩენდით, ქვეყნისა და ერის ავისმსურველთა სათამაშო ტიკინებად გადაიქცეოდით, პრიმიტიულად და ცალმხრივად იაზროვნებდით, ურგებს მოითხოვდით. თქვენ ხომ 1990 წლის 28 ოქტომბრამდე კომუნისტებისა და კომკავშირის უტყვი მონები იყივით, უსიტყვოდ ასრულებდით მათს ნება სურვილს. ლენინის, ბრეჟნევის, გორბაჩოვის, შევარდნაძისა და მათი ხროვის ერთგული ლაქიების პორტრეტებით მიაბიჯებდით საპირველმაისო და საშვიდნოემბრო აღლუმებზე; უხალისოდ, მაგრამ მაინც მონაწილეობდით ლენინურ შაბათობებსა და სხვა კომკავშირულ ღონისძიებებში. კაი დედმამისშვილები იყავით და ხმა ამოგეღოთ, წინააღმდეგობა გაგეწიათ. უმალ გვარიან სასჯელს მოგარტყამდნენ და შეიძლება, თანამდებობრივ სკამებზე წამოსკუპებული თქვენი მამიკოებისა და დედიკოების მათზე შემდგომში ჯდომის შესახებაც ემსჯელათ. მერედა, გაწყობდათ ეს თქვენ? ცხადია არა.


ამიტომაც ხუჭავდით თვალებს, იხშობდით სმენას, მაგრად კუმავდით პირს. რატომ მაშინ არ გაწუხებდათ შევარდნაძისა და მისი თანამოსაქმეებისგან ციხე-საპატიმროებში გამომწყვდეული უამრავი პოლიტპატიმრის ბედი? რატომ მაშინ არ აქვეყნებდით ხელისუფლების საწინააღმდეგო, სალანძღავ წერილებს? რატომ მაშინ არ თხოულობდით სტიპენდიების მომატებას? თუ ყველაფერი თავზე საყრელად გქონდათ და თქვენი მოთხოვნების, გაუსაძლისი ჭირვეულობის დაკმაყოფილება მართლა სტიპენდიით ხერხდებოდა?


ბატონმა პრეზიდენტმა, მთავრობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა არა ერთხელ საჯაროდ განმარტეს ჯ. იოსელიანისა და გ. ჭანტურიას დაპატიმრების მიზეზი. ადვილი შესაძლებელია, საქართველოს მთლიანობის ხელმყოფი, ქართველთა გაჩანაგების მოსურვილე კულუმბეგოვიც პოლიტპატიმრად მიიჩნიოთ. გაკვირვებას იწვევს თქვენგან პრესის თავისუფლების მოთხოვნაც. ამდენი ოპოზიციური გაზეთების მკითხველები, ამაზე ნამდვილად ხმას არ უნდა იღებდეთ. თავი დავანებოთ მათ, განა სამთავრობო გაზეთებში კი როდისმე უარი გითხრეს წერილების გამოქვეყნებაზე? მათში ხომ ხშირად იბეჭდება პრეზიდენტსა და ხელისუფლებას დაპირისპირებულთა წერილები.


ახლა სტიპნდიაზე ვთქვათ. დაჟინებით მოითხოვთ მომატებას და ოდნავადაც არ უფიქრდებით, რომ თქვენი უშნო ახირების დაკმაყოფილებას რამდენი წინააღმდეგობა ეღობება. არადა ზრდადასრულებულ ქალიშვილებსა და ჭაბუკებს ნამდვილად უნდა შეგწევდეთ იმის განსჯა – გაანალიზების უნარი, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ქვეყანას ახლა არაფრით შეუძლია თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება. კომუნისტი მძარცველებისგან ხაზინადაცარიელებულ საქართველოს სხვა უფრო მწვავე და პირველ რიგში მოსაგვარებელი, გადაუდებელი საქმეებისთვის არა აქვს საჭირო ფული. ძალზე ბევრი სახლია ასაშენებელი მიწისძვრით მოსრილ რაჭაში, იმერეთში, ქართლში. ბევრ იქაურ მოსახლეს კაპიკის საღირალი, თითზე გადასახვევი აღარაფერი დარჩა. ნურც უმოწყალოდ დამეწყრილ აჭარელთა ოჯახებს დაივიწყებთ. საქართველოდან უცხო ტომის ხალხთა გადასახლებისა და მათი კარ – მიდამოს გამოსასყიდი თანხებიც გაიხსენეთ. ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ ათიათასობით პენსიონერს სავალალოდ მცირე პენსიით გაჭირვებით გააქვს თავი, დიდი გასაჭირი ადგათ მარტოხელა მოხუცთა და უპატრონო ბავშვთა სახლების ბინადართ, მაგრამ მადლობა იმ დიდსულოვან ადამიანებს, მათს მესვეურებს, რომ ერთხელაც არ დაუწუწუნებიათ, სიტყვა არ დაუძრავთ სიძნელეებსა და გასაჭირზე.


თქვენ კი, მომიტინგე სტუდენტებო, აქციებს აწყობთ და უკანონო, ურგებ მოთხოვნებთან ერთად, სტიპენდიის მომატებასაც მოითხოვთ. ერთი ესა ბრძანეთ: განა იმისი საფასური რა გააკეთეთ, რამდენსაც დღემდე ღებულობდით, ახლა მომატება რომ მოისურვეთ? ცხადია, გაკეთებაში თქვენს უშუალო მოვალებას- სწავლას ვგულისხმობ. ყველამ კარგად ვიცით, როგორ “სწავლობენ “თქვენნაირი სტუდენტები. პირდაპირ გეტყვით: ეგ თქვენი “სწავლა განათლება” მთლიანად უნაყოფოა და უსარგებლო, ამას სწავლა და სპეციალობის დაუფლება არა ჰქვია. თქვენნაირ “სპეციალისტებს” უცხოეთში, ნებისმიერი ფირმა თუ კორპორაცია მხოლოდ შავ სამუშაოებზე თუ გამოიყენებს. წარმოიდგინეთ, რომ ყველა იქაური უმაღლესი სასწავლებელი თქვენი ცოდნის მქონეთ, ყოველგვარი მობოდიშების გარეშე დაატოვებინებს იქაურობას. დიახ, სრულ სიმართლეს გეუბნებით “დემოკრატიის მოსურვილეებო”, თქვენ ურგებსა და უკანონოს მოითხოვთ! თანაც რა დროს, როდესაც არნახულ ბლოკადაში ვართ მოქცეულები. მოითხოვთ, რადგან მშობლებისაგან უსაშველოდ განებივრებულებს აღარ გაკმაყოფილებთ უძვირესი ივ სენ ლორანის, არმანის, ვერსაჩეს ულტრათანამედროვე სამოსი, ყელში ამოგივიდათ სუპერსიგარეტები, დელიკატესი საკვები, სახელგანთქმული მარკის ავტომობილები და სხვა ბევრი სიკეთე, რისი გაფიქრებაც კი არ შეუძლიათ თქვენს იმ თანატოლებს, თანაჯგუფელებს, თქვენზე უკეთესად რომ სწავლობენ, ჭეშმარიტი მამულიშვილები რომ არიან. ისინიც მონაწილეობენ მიტინგებში: გამოდიან, მოითხოვენ “ოპოზიციონერებისა” და თქვენს გონზე მოსვლას, შემორიგებას, საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, კანონიერი პრეზიდენტის მხარდაჭერას, ერთგულებას. თქვენ კი მოღალატე, გამყიდველი წინამძღოლების გარდა სხვას არავის უსმენთ, თქვენზე დგახართ, ჯიუტად განაგრძობთ “მოთხოვნების” წამოყენებას.


ვაი სირცხვილო! სადამდე მიხვედით, წარმომადგენლები მიუგზავნეთ უამრავი საწუხარითა და მოსაგვარებლით გადაღლილ პრეზიდენტს. მოუცლელმა და შეჭირვებულმა გამონახა დრო და ყურადღებით მოუსმინა თქვენს დესპანებს. ჩვენ კი ტელეეკრანებზე ვუყურებდით და ვუსმენდით პრეზიდენტის კაბინეტში განვითარებულ “მოვლენებს”, სირცხვილით ვიწვოდით მათი უსუსურობის მოწმენი. და შედეგიც სამარცხვინო გახლდათ “რაინდებმა” შერცხვენილებმა დატოვეს იქაურობა. ალბათ, ეს ყველაფერი ჭკუის სასწავლებელი უნდა გამხდარიყო, გონზე უნდა მოსულიყავით. მაგრამ, ისევ მამამთავრებმა იძალეს და შხამის მორიგი ულუფა შეგასვეს, ხელი გიბიძგეს და უკვე ვრცელ დარბაზში შეკრებილებმა, პრეზიდენტთან დაპირისპირება მოისურვეთ. და გაიმართა ეს შეხვედრაც. ჩვენ ისევ ტელევიზიით ვადევნებდით თვალყურს და …. კიდევ უფრო მეტად გავწბილდით. ვერაფრით წარმოვიდგენდით თუ ასე უტიფრად, ცინიკურად, აგდებულად, უპასუხისმგებლოდ მოიქცეოდით, ყოველგვარი წესისა და ეტიკეტის დარღვევით გამოიაშკარავებდით თავს პრეზიდენტის, მთავრობის წევრების, ერის წინაშე. ეს იყო სამარცხვინო, შემაძრწუნებელი თავყრილობა, უხამსი მეტყველების, უხეში სიტყვა – პასუხისა და უმსგავსი ქცევის ამაზრზენი დემონსტრირება. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ “გამარჯვებულებად”, პრეზიდენტის “გამშავებლებად” მიგაჩნდეთ თავი. მწარედ კი მოტყუვდებით. თქვენცა და თქვენმა წამქეზებლებმაც პირწმინდად წააგეთ, სავალალო და მწარე მარცხი იწვნიეთ, თავადვე დაამტკიცეთ, გზააბნეულები და შეცდენილები რომა ხართ. და რაც ყველაზე დამაფიქრებელია, ვერაფრით მიმხვდარხართ, რომ ამით მოსკოვს მოკალათებული ავის მთესველი “თანამემამულის” თავკაცობით დარაზმული მტერი და მოშურნე გაახარეთ, თქვენი ხელით გასაკეთებელი გაუგონარი ავკაცობისა და ბოროტების, დანაშაულისა და სისხლის ღვრის მოწყობის ახალი ჩანაფიქრები აღუძარით. ეს უდიდესი ტრაგედიაა.


ვაი სირცხვილო! ჩვენს თავს აღარა ვჩივივართ, ოღონდაც უცხოელებს არ ენახეთ, იმათ არ შეეტყოთ თქვენს უგუნურებაზე. ქართული ინტელიგენციის ერთ ჯგუფთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა გულნატკენმა გვაუწყა თქვენი საპროტესტო აქციის შემსწრე გაკვირვებული იტალიელი სტუმრების შესახებ. აღშფოთებულებს ვერაფრით დაუოკებიათ უსაზღვრო გულისწყრომა და დაუფარავად უთქვამთ, რომ მათთან მსგავსის ჩადენის შემთხვევაში, ყველას საპატიმროში უკრავდნენო თავს. თქვენი აზრით რა უნდა ეპასუხა ჰუმანისტ პრეზიდენტს? ის, რომ მის გადადგომას მოითხოვთ, დიქტატორსა და ფაშისტს უწოდებთ?…


ვაი სირცხვილო! რას მოვესწარით. ქართველ სტუდენტთა მცირე ნაწილი ერის ინტერესების, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოთხოვნებით გამოდის. ხალხსა და მამულს განდგომილთა, ძველი დროების მობრუნების მოსურვილეთა ყალბი დაპირებებით გზააბნეულებს იმდენად დაგბინდვიათ გონება, კრემლის ინტერესების დამცველ გამტარებელი და საქართველოსთვის მზის ჩრდილოეთიდან ამონათების მოსურნე პიროვნების ნებას დაჰყოლიხართ, მისი მზაკვრული ჩანაფიქრების გაცხადება მოგისურვებიათ. მაგრამ, ხმამაღლა მინდა გითხრათ, რომ ეს აღარასდროს მოხდება, კომუნისტთაგან დაყენებული მიწიერი ჯოჯოხეთი საქართველოდან მათს ამოძირკვას გაჰყვა თან. დამპყრობილისაგან გამოჭედილ უმძიმეს უღელს აღარასდროს დაიდგამს ქართველი ხალხი. საქართველოში ვეღარასოდეს იბოგინებენ შევარდნაძის, მგელაძის, იოსელიანის, კიტოვანის, სიგუასნაირი მოღალატეები, მათი მიმდევარნი. ისინი ქართველთა მწარე მოგონებად დარჩებიან. (სამწუხაროდ საპირისპირო მოხდა – ი.)


ამიტომაც მინდა მოგიწოდოთ გონს მოსვლა, თვალის ახელა, საღად აზროვნება, თქვენს იმ თანატოლებთან გაერთიანება, 18 დეკემბერს რომ შეხვდნენ ბატონ ზვიადს, ერისა და პრეზიდენტისთვის თანადგომის, ერთგულების დასამტკიცებლად. ნამდვილად არ უნდა გჭირდებოდეთ იმისი შეხსენება, რომ სადღეისოდ თქვენი უპირველესი მოვალეობა ნაყოფიერი, შეგნებული სწავლა, არჩეული სპეციალობის საფუძვლიანად დაუფლებაა და არა მართალი სიტყვის, საერო საქმეთა მოძულეებისთვის ფრთების შესხმა. სტიპენდიას კი მაშინ მოგიმატებენ, როცა ქვეყანას ამისი შესაძლებლობა მიეცემა და ეს არც ისე შორეული ოცნება გახლავთ. საქართველო მაშინ თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნება და თქვენი გაუნელებელი სწავლით, ჩვენი მკლავმოუღლელი გარჯით იმგვარ ყოფას დავიმკვიდრებთ, ცივილიზებულსა და განვითარებულ ქვეყანას, უმდიდრესი წარსულისა და კულტურის ერს რომ შეეფერება. ამას ყველაფერს კი უმტკიცესი საფუძველი სჭირდება – ერის ერთობა, ურთიერთმიტევება, ურთიერთდათმობა და ურთიერთსიყვარული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანუკვარ მიზანს გვიან და უდიდესი გვემა-წვალების, მძიმე ტკივილების, აუნაზღაურებელი მსხვერპლის გაღებით მოვიპოვებთ.


აი რა წერია სახარებაში: “თუ სამეფო თავისივე წინააღმდეგ დაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს” (მათე. 12, 25)


გზააბნეულებო, ჩაუფიქრდით ჯერ კიდევ როდის თქმულ ბრძნულ ჩაგონებას!


გელა ჯიღაური


1991 წელი, 23 დეკემბერი.


 


მინაწერი: არგასაგონ, გაუსაძლის გაჭირვებასა და ტკივილში განვლო ამ წერილის დაწერიდან ცხრა წელიწადმა. დრო იგი ხანგრძლივი, უერთგულესი მრჩეველი უნდა გამხდარიყო წერილში მოხსენიებული სტუდენტების იმ მცირე ნაწილისთვის, მაშინ რომ უკანონობას დაუჭირეს მხარი, გვერდში ამოუდგნენ ერის მოღალატეებსა და ქვეყნის გამყიდველ დამაქცევრებს. დრო იგი ერთგვარი მკურნალი უნდა გამხდარიყო სულიერად, გონებრივად დაძაბუნებულებისა და დღენიადაგ მონანიებაზე, განწმენდაზე უნდა ეფიქრ ეზრუნათ. დასანანია, რომ კაცთმოძულე წითელ კრიმინალ მამამთავართაგან ცთუნებულ დამონებულებმა ეს მცირედითაც ვერ შეძლეს, უფრო სწორედ არ მოისურვეს და იმთავითვე სატანას სულმიყიდულები, დღემდე მის მორჩილ უსულო არსებებად დარჩნენ. უფრო მეტიც, ღალატისა და განდგომის სანაცვლოდ თანამდებობებ ჩამორიგებულებმა, მომდევნო თაობის მათებრ გადაგვარებული ახალგაზრდების ის მცირე ნაწილი მოწამლეს, დღეს მოქალაქეთა კავშირის კომკავშირულ სექციასა თუ სხვა მსგავს გაერთიანებებში რომ არიან ჩაბუდებულები და უსიტყვოდ აკეთებენ შავსა და ბინძურ საქმეებს. შორს არ წავალ, 2000 წლის აგვისტოში, ომალოს “შემთხვევით” დაბომბვის ფაქტს ავღნიშნავ.


“მოწინააღმდეგის ამ აგრესულ ძალადობით აბუჩად აგდებულ შეურაცხყოფილმა “სმაკელ კომკავშირელებმა” ვერაფრით აიტანეს სამშობლოს საზღვრების ხელყოფა “და აგრესორის თბილისურ სამყოფელთან “ხმაურიანი საპროტესტო აქცია” მოაწყეს. ცისფერ ქალაჩუნათათვის დამახასიათებელი წიკვინ კივილით “გაგულისებულებმა ღირსეული მიუზღეს თავდამსხმელს” და ქაღალდის თვითმფრინავებით “გააცამტვერეს მომხვდური”. ასეთი გულისამრევი, სამარცხვინო ღნავილით “გააკეთეს საქმე” უკანონოთა მემკვიდრე მოცისფრო ყლორტებმა. დასანანია, მაგრამ სიმართლეს ვერსად გავექცევით წითელთა ეს საცოდავი ნაშიერები, ერისა და მამულისთვის სამუდამოდ დაკარგული არსებანი არიან.


მაგრამ, დასაღონებელი და თავში საცემი არაფერი გვჭირს იბერიელებს. მადლობა უფალს, ქართველი ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი სამშობლოსა და ერის უერთგულესი, თავდადებული დამცველია. საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქალიშვილები და ჭაბუკები დავითის, თამარის, ცოტნეს, ილიას, აკაკის, ვაჟას, ქაქუცას, კონსტანტინეს, ზვიადის, მერაბის, ქვეყნის ერთგული მამულიშივილებისგან გაკვალულ გზას მიჰყვებიან. და ისინი ძალზე ბევრნი არიან.


გაზეთი “ქუჯი”


2001 წელი, სექტემბერი.


  


***


 


ხვედრი განწირულისა


 


“ფარისეველო ! გაუტანელო !


სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო,


ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო!


რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო ?!”


აკაკი


ორ თვეზე მეტია საქართველოს ძველი “პატრონი” დაუბრუნდა, უფრო სწორედ იგი ქვეყნის ერთ ერთმა “ხელმძღვანელმა” ჯ. იოსელიანმა მოიწვია. თუმცა რაზეა ლაპარაკი, როცა “მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსმა” ე. შევარდნაძემ თავათ ასე მოისურვა მოწვევა უნდა მიეღო, ხვეწნა მუდარა შეეთვალათ, ჩამოსულიყო და “გადაერჩინა სამშობლო, განადგურებისგან დაეცვა საყვარელი ერი”. თორემ მისივე თქმით, სულაც არ უნდოდა მაღალი თანამდებობისთვის განკუთვნილ სავარძელში ჩასვენება, მას მხოლოდ “უფსკრულში ჩაჩეხილი სამშობლოს ფეხზე დაყენების უდიდესი სურვილი ამოძრავებდა”. თადარიგიც თავიდანვე დაიჭირა და “საკუთარი წიგნის” უცხოურ გამოცემებში აღებული ჰონორარი, მისგანვე ნაბრძანები გადაბუგულ დანაცრული რუსთაველის გამზირის “აღსადგენად” გადმორიცხა. მერე რაღა დარჩენოდა? არაფერი! მხოლოდ ხელები უნდა დაეკაპიწებინა და თანამოაზრეებთან ერთად ძველებურად დატრიალებულიყო ჩვეული ფანდებით გზიდან ჩამოეცილებინა, ფიზიკურად გაენადგურებინა საშიში მოწინააღმდეგეები, თავისუფლების მოყვარე, დამოუკიდებლობის მოსურვილე ქართველები.


ბუნებრივია, “აღმშენებელს” ერთგული მხარდამჭერები და საქმის მკეთებლები დასჭირდებოდა, რადგან ბევრის გაქრობისა თუ დამუნჯებისთვის, ბევრი სულგაყიდულისა და გადაგვარებულის გულქვაობა, შეუწყნარებლობა უნდა მოეხმარებინა. რაც მთავარია, ყველაზე საჭირო და აუცილებელი უკვე განაღდებული ჰქონდა ხალხისგან არჩეული თავდადებული და გონიერი წინამძღოლი, მისთვის უპირველეს მეტოქედ და მტრად გამოცხადებული საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, სამშობლოს გარიდებული გახლდათ. მარადიული კომუნისტის გონებაშეზღუდულმა, ერს დაპირისპირებულმა დამქაშებმა სისხლის მორევში ჩაახრჩეს თავისუფლების დამცველი, სიმართლის მთქმელი ადამიანები, რუსეთის იმპერიის მინისტრყოფილის შემწეობით შეძენილი იარაღითა და უშუალო მითითებებით, რუსი კაციჭამია ჯარისკაცების დახმარებით დაუნდობლად დაცხრილეს უწვერულვაშო ჭაბუკები, სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანები, დაანგრიეს და გადაწვეს თბილისის გული და უძველესი უბნები, ძარცვეს და ანგრიეს მოწინააღმდეგეთა საცხოვრებლები… თუმცა, მთლად პრეზიდენტის მომხრეთა რბევით რომ არ გამოეჩინათ თავი, თითო ოროლა თავიანთს თანამდგომთა წინასწარ გამოცარიელებულ, მოფამფალებულ სახლებსაც “შეუტიეს”, რაც მერე ჩინებული მიზეზი იქნებოდა “განგაშის” ასატეხად, პრეზიდენტისა და მისი თანამოსაქმეების დასადანაშაულებლად.


ეს დასაწყისი იყო საქართველოს დამაქცევარისა და მომსვრელის, მოსკოვის ემისრის, მსოფლიოს ძლიერ სახელმწიფოთა გაიძვერა დიპლომატებთან დაახლოება მიჩოჩებაში გაწაფული შიკრიკის, თანამდებობის მიღებით აფართხალებული ე. შევარდნაძისა და რუსეთის “გადემოკრატებული ხელმძღვანელების” შემაძრწუნებელი ჩანაფიქრისა. სამოქმედო გეგმა კი ბევრის მომცველი იყო ქართველთა დიდი ნაწილის საბოლოოდ განადგურებას და დარჩენილთათვის რუსეთის სამუდამო უღლის დადგმას ითვალისწინებდა. ამ საშინელების აღმსრულებლები, სამხედრო საბჭოს დამორჩილებული კბილებამდე შეიარაღებული გვარდია და მხედრიონი, წითელი “ინტელიგენცია”, სრულ მზადყოფნაში იყვნენ. და გაცხადდა რუსეთის საოკუპაციო ჯარის ხელშეწყობით საზარელი გეგმა. ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოსურვილეებმა, ქართველი მაფიოზების ხელშეწყობით დაუნდობლად დახოცეს კანონიერი ხელისუფლების დამცველები და სისხლიანი კალოს კვლავაც დაყენებით შეწუხებულ პრეზიდენტს, სამშობლოსა და ერის მიტოვება აიძულეს.


ქვეყნის პრეზიდენტის სავარძელთან ერთად, მთავრობის ხელმძღვანელის სავარძელიც ცარიელი დარჩა. ძნელი არ იყო მიხვედრა იმისა, თუ ვის უფეშქაშებდა მას ჟინდამცხრალი შევარდნაძე ამისთვის უკვე შერჩეული ყავდა სასურველი პიროვნება, რომელმაც შესაშური მონდომებითა და მუხლებზე ამაზრზენი ხოხვით დაუმტკიცა ერთგულება ჯერ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარედ, ხოლო მერე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელად აღზევებულმა. “შევის” მარიონეტმა წითელმა “პროფესორმა” თ.სიგუამ ბოლომდე შეასრულა კრემლიდან წამოსული დავალება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების სკამის მაძიებელი ხელმძღვანელების, ჭკუაარეული წევრების, ეროვნული გვარდიის “სარდალ” თ. კიტოვანის, გვარდიის საღ ნაწილს მორჩენილი ნარკომან მძარცველი “გვარდიელების”, კრიმინალური “ინტელიგენციის” მხარდაჭერითა და მოქმედებით, ერთმანეთის მიყოლებით განახორციელა 2 სექტემბრის, 3-4 ოქტომბრის, 21 ნოემბრის აქციები. ერისგან გამდგარი სამშობლოს გამყიდველები სრულიად წელგამართულები იყვნენ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის დამქაში, ქართველთა გადაშენებაზე მეოცნებე შევარდნაძე შეუსვენებლად აწვდიდათ იარაღსა და მძიმე ტექნიკას, ტყვია წამალს, უცხოურ ვალუტასა და რუსულ ფულს, სურსათ სანოვაგეს, ნარკოტიკებს… გარდა ამისა, საბოლოო “გამარჯვების”, თავისუფლების სისხლში ჩაძირვისა და კომუნისტური რეჟიმის აღდგენის შემდეგ, ყველა თავისას მიიღებდა: თანამდებობებსა და წოდებებს, ჩინ მედლებსა და ხარისხებს, მოსახლეობის ძარცვით მოპოვებულ ნადავლს, ცხოვრებისეულ ყველა სიკეთეს.


ამიტომაც არ დაიზოგეს თავი ერის მოძულეებმა, მამულის გამყიდველებმა საბოლოოდ აიღეს თავზე ხელი და კრემლში შემუშავებული დამაგვირგვინებელი შეტევის განხორციელებას შეუდგნენ. 1991 92 წლების 22 დეკემბერ 7 იანვრის შუალედი საქართველოს დიდი ისტორიის დაწყევლილ, სამარცხვინო მონაკვეთებს მიემატა. იარაღში ჩაფლულმა მოღალატეებმა, რომელთა შორის ციხიდან გამოვარდნილი “დრამატურგი და პროფესორი” ჯ. იოსელიანი და მისი ბანდის წევრებიც იყვნენ, რუსეთის საოკუპაციო ჯარის ნაწილებთან ერთად შტურმი მიიტანეს მთავრობის სახლში მყოფ პრეზიდენტზე, მის თანამოაზრეებსა და ერთგულ გვარდიელებზე. არტილერიის გამოყენებით უმოწყალოდ დაანგრიეს ნაგებობები და რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, სიცოცხლე მოუსწრაფეს თავდადებულ ბევრ ახალგაზრდას, ბევრიც დაჭრეს და დაასახიჩრეს, სამუდამო ხეიბრებად აქციეს. ალბათ ბოლო არ ექნებოდა მხეცებადქცეულთა სისასტიკეს, სისხლით გახელებულები არნახულ ბარბაროსობას ჩაიდენდნენ, პრეზიდენტს რომ სწორი გადაწყვეტილება არ მიეღო დაეტოვებინა რეზიდენცია და იქნებ სამშობლოდან გარიდებით მაინც დაეცხრო ნარკოტიკებით გამხეცებული კაციჭამიების ჟინი, განადგურებას გადაერჩინა უდანაშაულო, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოსურვილე ხალხი, შემდგომი დაქცევა გადაწვა აეცილებინა თბილისისთვის.


7 იანვარს “საქართველოს ტელევიზიამ” კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ძალაუფლების სამხედრო საბჭოს მიერ ხელში აღება გვაუწყა. იმპერიის ხელმოცარულმა ნამინისტრალმა შვებით ამოისუნთქა პირველი წარმატება განაღდებული ჰქონდა, ფულს დახარბებულმა იარაღით დახუნძლულმა გარეწრებმა მისი და რუსეთის შოვინისტი ხელისუფლების ნატვრა აასრულა. ახლა შემდგომი სვლა იყო გასაკეთებელი მომხდარით ამბოხებულ შეძრული ცალკეული კუთხეების მკვიდრთა დაჩოქება, დადამბლავება იყო აუცილებელი. ამაში შესაშური ერთგულება გამოამჟღავნეს იოსელიანისა და კიტოვანის “ვაჟკაცებმა”, რუსეთის ჯარის ადამიანის სახედაკარგულმა ჯარისკაცებმა. მაშინ ხომ უცხო თესლის დამპყრობელთა ბანდებს, შევარდნაძემ ოკუპანტის სტატუსი მოუხსნა, ისინი უკვე ჩვენი “დამცველები, დიქტატორული რეჟიმისგან დამხსნელები” იყვნენ.


და დაიძრნენ დასავლეთ საქართველოსკენ იარაღში ჩაფლული რეციდივისტები, ცეცხლითა და მახვილით ნაცარტუტად რომ უნდა ექციათ ქალაქები, კოპწია სოფლები, უმოწყალოდ გაენადგურებინათ პრეზიდენტის მომხრეები. არავითარი შეღავათი არ გაეწიათ, ყურადღება არ მიექციათ, თუ ვინ იქნებოდა სიმართლისა და კანონიერების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველ მომთხოვნი, ფიზიკურად მოესპოთ მათს ნებას დაუმორჩილებელი ქალი და კაცი, მოხუცი, ახალგაზრდა, ბავშვი… “ზვიადისტების” სისხლით დაელბოთ ქართული მიწა.


აი ასე, იმპერიის დედაქალაქიდან ებრძოდა საქართველოს, თავისუფლების მოყვარე ქართველებს “შევი”. რუსეთისა და უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საუბრებში “გულდათუთქული და დამწუხრებული”, ნიღაბაფარებული უზიარებდა “გულისწუხილს” საქართველოში დატრიალებულ მოვლენებზე, “სინანულსა და მწუხარებას” გამოთქვამდა დაღუპულებზე, გულში კი მეორე დღისთვის გამიზნულ მზაკვრულსა და დამღუპველ ჩანაფიქრს ქსოვდა. აი ამგვარად, ჯერ საგაზეთო ინტერვიუებით, სატელევიზიო გამოსვლებით შემოგვიჩოჩდა ჩვენი მოძულე, დაუნდობელი მტერი და ამომგდები, 7 მარტს კი მისი საქართველოში ჩამოსვლა გვაუწყეს.


ვინა ხართ თქვენ, ამხანაგო შევარდნაძე? განა რა ბრალი მიგვიძღვის ქართველებს ღმერთის წინაშე, რომ ვერა და ვერ შევძელით თქვენგან თავის დახსნა, თქვენი ანტიქრისტიანული ქმედებებისგან გათავისუფლება? რაოდენ გულსატკენია და სამწუხარო, რომ დედამიწის ამ მადლიან კუთხეში დასახლებულ კაცთმოყვარე მოდგმას, ყოველ დროსა და ეპოქაში გამოერეოდა ხოლმე საკუთარი ჯიშის ამომგდები მტარვალი, მამულის დამაქცევარი და დამპყრობლის ხახაში ჩამგდები. საქართველოში თქვენი ტირანიის წლებმა მხოლოდ უბედურება და უიმედობა, სასოწარკვეთა, სულიერი და ფიზიკური დაცემა გვარგუნა. იმ შავბნელსა და საზარელ წლებში თქვენგან ამოქმედებული სატანური კომუნისტური მანქანა შეუჩერებლად მუშაობდა, უამრავი ფუნქცია რომ ჰქონდა დაკისრებული. მაგრამ, მარტო მანქანა მაინც ვერ გიშველიდათ ადამინის სახე და ფორმამიღებული სულიერი არსებანიც საჭირონი იყვნენ. ჩვენდა სავალალოდ, ასეთები საკმაოდ აღმოჩნდნენ, რომლებმაც თანამდებობების მისაღებად, თუ ცხოვრებისეული უპირატესობების მოსახვეჭად, უყოყმანოდ მოგყიდეს თავიანთი ბინძური სულები, უსიტყვო აღმსრულებლები გახდნენ საბჭოეთის დედაქალაქში შემუშავებული და თქვენგან დახვეწილ დაზუსტებული ქართველთა გასანადგურებელი გეგმისა. მასში კი ბევრირამ იყო ჩადებული უმთავრესი ქართველთა ასიმილაცია გახლდათ. ამისათვის საჭირო იყო საღად მოაზროვნეთა განადგურება, გონებაჩლუნგების ნასუფრალით დანაყრება, “პატივმოყვარე ინტელიგენტებისთვის” თანამდებობრივი სკამებისა და წოდებების ჩამორიგება, მათი და ოჯახის წევრების უცხოეთში ხშირი გრიალი, კორუფციისა და ნარკომანიის ზედმიწევნით გაფურჩქვნა, მექრთამეობისა და სპეკულაციის უმაღლეს ზღვრამდე მიყვანა, დანაშაულებრივ სამყაროსა და საიდუმლო ფაშისტურ სამსახურებში რაც შეიძლება მეტი გადაგვარებულის, მომეტებულად კი სუსტი ნებისყოფის, ნარკოტიკებს დამონებული ახალგაზრდების ჩათრევა, რისთვისაც უებარი საშუალება კომკავშირისა და კომპარტიის “ყოვლისშემძლეობა” გქონდათ მომარჯვებული. მოქმედებით, იღვწოდით, ყველაფერს კადრულობდით მოსკოველი ბოსების ნების აღსასრულებლად, ერთგულებისა და ყმობის დასამტკიცებლად. ამისი დამადასტურებელი ჩინ მედლები, ორდენები და სიგელები, ნამგალ უროიანი ხუთქიმიანი ვარსკვლავი ხომ საგულდაგულოდა გაქვთ შენახული, რათა საქართველოში კომუნისტური რეჟიმის მთლიანად აღდგენის შემდეგ, ისევ დაიმშვენოთ მათით მკერდი.


მაგრამ, სრული უტოპიაა თქვენი ოცნება ამხანაგო ედუარდ! რით ვეღარ დაიჯერეთ გული თქვენს დამქაშებთან ერთად, რომ ქართველები აღარასდროს დავუშვებთ მომაკვდინებელი, კაცობრიობის გამანადგურებელი კომუნისტურ სოციალისტური წყობის ფეხმოკიდებას. მართალია, თქვენი “მოღვაწეობის” დროს ბევრი გააქრეთ და მოსპეთ, მაგრამ ბევრსაც ვერ მოერიეთ, ვერ აჯობეთ, რადგან თქვენმა ღარიბმა სულმა, მარტივმა აზროვნებამ, უსაფუძვლო განათლებამ, ვერაფრით დაჯაბნა მათი ამაღლებული სული, უზადო ნიჭი, აკადემიური განსწავლა და რაც მთავარია, ვერაფრით შეძელით მათი ყველაზე დიდი უპირატესობის სამშობლოსა და ერის სიყვარულის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ბედნიერების მოპოვების გაუნელებელი სურვილის ჩაკვლა. ვერც შეძლებდით, რადგან ამ უდიდესი, უმთავრესი მიზნისა და სურვილის შესასრულებლად, თავდადებულმა ხალხმა ორი ჭეშმარიტი მამულიშვილი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იწინამძღვრა.


სწორედ ისინი გიკარგავდნენ მოსვენებას წითელ ჟანდარმს, მათდამი გამჟღავნებული შიში გიწამლავდათ ყოფას ჯერ კიდევ კომკავშირში მოღვაწეობისას. მერე შიში, სასოწარკვეთა უსაზღვროდ გაიზარდა და კომუნისტური ძალმომრეობით ახუხულავებული სახელმწიფოს “სამართავი ტახტის” ხელში ჩასაგდებად მიმქროლავი, თავგანწირული ცდილობდით მათს მოშთობას. გაიხსენეთ, რა არ იღონეთ ამისათვის: ციხეებში გამომწყვდევა, გადასახლებები, ფსიქიატრიულ კლინიკებში დამუშავებები, დაუსრულებელი დევნა თვალთვალი თუ მიყურადება, მდაბიური და პრიმიტიული შანტაჟი, ტერორი, ცილისწამება, სამარცხვინო ლანძღვა გინება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით… მაინც დამარცხდით, ვერ გიშველათ ჭკუანაკლული და შლეგი ბრეჟნევის, მისი ხროვის მხარდაჭერამ და დაფინანსებამ. ვერც მას მოყოლილმა სხვა იმპერატორებმა შეგაძლებინეს ეს. მერე საბოლოო შანსი მოგეცათ “გამარჯვებისა” როცა წითელი იმპერიის პრეზიდენტის ნიღაბაფარებულმა შოვინისტმა, კაციჭამია შანტაჟისტმა და ტერორისტმა, მდაბიურმა თვალთმაქცმა და იაფფასიანმა მოლაყბე გორბაჩოვმა გვერდით მიგისკუპათ და საქართველოს საბოლოოდ განადგურება გიბრძანათ. ჰოდა, ქსოვეთ და ქსოვეთ წამებულთა გასაბმელი ქსელები, აგეთ და აგეთ უჩუმრად დასაჭერი ხაფანგები, უანგარო ერთგულებით მოქმედებდნენ საქართველოში დატოვებული, ამაზრზენ მაქინაციებში თქვენგან გაწვრთნილი ნაცვალები.


და ისევ ვერაფერს გახდით. არა ცხრებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, არ მშვიდდებოდა აბობოქრებული ერი, სულ უფრო ზვირთდებოდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა. აუცილებელი გახდა გადამჭრელი ზომების მიღება და მორიგი დამსჯელი, “ჭკუის სასწავლებელი” ოპერაციაც გაამზადეთ. თქვენ და თქვენმა სულიერმა მოძღვარმა, 1989 წლის 9 აპრილის საშინელი აქციის ჩატარება დათქვით. დავალება უნაკლოდ შესრულდა ისევ დაიღვარა სისხლი, დაიხოცნენ უდანაშაულო ადამიანები. მერე “დამწუხრებული ჭირისუფლის” იერმიღებულმა “თანადგომა” გამოგვიცხადეთ, დამნაშავეთა “დადგენასა და დასჯას შეგვპირდით”. ვერ მოგვატყუეთ, რადგან ვიცოდით და პირში მოგახალეთ, რომ ტრაგედიის ავტორი თქვენ იყავით. ფარდა, რომელსაც ამოეფარეთ, ძალზე სიფრიფანა იყო და ნათლად ჩანდა, როგორ იწმენდით სისხლიან ხელებს თქვენ, გორბაჩოვი, იაზოვი, ნიკოლსკი, როდიონოვი და სხვები. როგორ დახოხავდნენ დავალების შემსრულებელი ფინიები, ცეკა ტეკას მაღალი თანამდებობის პირები, პარტოკრატები და გახელებულები ლოკავდნენ დამნაშავეთა ხელებიდან ჩამოღვრილ სისხლს. გეგონათ, საბოლოოდ გატეხავდით ხალხს. პირიქით კი მოხდა ქართველები კიდევ უფრო შეიკრნენ და გაერთიანდნენ, უფრო ძალუმად მიენდვნენ წინამძღოლებს.


თქვენ ამხანაგო შევარდნაძე, უსაზღვრო შიში მოგერიათ, მიხვდით, რომ სულ უფრო ახლოვდებოდა საქართველოში კომუნისტური რეჟიმის კრახის დღე. ამიტომაც გაავდით და გააფთრდით, დარტყმას დარტყმაზე გვაყენებდით, მაგრამ ვერაფერს გვაკლებდით, რადგან არჩევნებისთვის ვემზადებოდით. და სწორედ მაშინ ჩაგვწიხლეთ ყველაზე მწარედ მერაბ კოსტავა გამოგვაცალეთ ხელიდან. ეს თქვენი უდიდესი მარცხი იყო. სამაგიეროდ, დიდმა ჭირმა კიდევ უფრო გაგვამაგრა და სინამდვილედ ვაქციეთ უპირველესი ოცნება არჩევნებში გავიმარჯვეთ. ვიცოდით, ჩვენი წარმატება ახალი შეტევების განხორციელების ჟინს გაუასკეცებდა მოსკოვს, იქ დაბანაკებულ გამყიდველსა და შურისმაძიებელ “ქართველებს”, ეროვნულ ხელისუფლებას დაპირისპირებულ ოპოზიციას, რომლებზეც უდიდეს იმედს ამყარებდნენ იმპერიული ძალები. თქვენ მაშინ ის გასაღები იყავით, ზუსტად რომ მოერგებოდით მათს მერყევ სულებს. ასე გამართლდა მზაკვრული ჩანაფიქრი. ოპოზიციამ და პარლამენტში წარმოქმნილმა დაჯგუფებებმა სამარცხვინო შინაომი გამოუცხადეს პრეზიდენტს, მართალ პარლამენტარებს. მოსკოვიდან ყველანაირი დახმარებით გაძლიერებულმა ოპოზიციამ, აქაურ შეიარაღებულ ბანდებთან ერთად ყველაფერი იღონა ბინძური ამბოხების მოსაწყობად, სამხედრო გადატრიალების მოსახდენად. თქვენ “გაიმარჯვეთ” ამხანაგო ედუარდ! დეკემბერ იანვრის სისხლიანმა დღეებმა, საერთო სახალხო აჯანყებად რომ მონათლეთ, ხმის “ამოღების” საშუალება მოგცათ და “სამშობლოს გათავისუფლებით შეძრულმა” მსოფლიოს აუწყეთ დიდი ხნის სურვილი: რომ ახლა ისურვებდით “თავისუფალ სამშობლოში” ჩასვლას, ვეღარ დაიცადეთ და დაუფიქრებლად გაუსწარით იოსელიანისგან შემოთვლილ მოწვევას.


პირდაპირ საოცარია, მანამდე ხომ მრავალგზის განაცხადეთ, რომ არავითარი სურვილი არა გქონდათ საქართველოში პოლიტიკურ თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე საქმიანობისა. უბრალოდ, თქვენს უნარსა და ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეებთან ურთიერთობას “უშურველად მოახმარდით” გასაჭირში ჩავარდნილ “სამშობლოს”. თქვენი სიტყვებისა არავის სჯეროდა, რადგან ვიცოდით, რომ ინტრიგებისა და ტერორის დიდოსტატი, სრულიად საპირისპიროზე ოცნებობდით იმ თქვენს “ნაცნობობასა თუ ზეგავლენას”, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელმეორედ ხელში ჩასაგდებად, კომუნისტური რეჟიმის აღსადგენად გამოიყენებდით. ასეც გააკეთეთ. 7 მარტს ცოდვილი ფეხი თქვენგან მრავალგზის შეგინებულსა და შეურაცხყოფილ ქართულ მიწას დაადგით. და დაიწყეთ უგემოვნოდ შეთითხნილი სანახაობის წარმოდგენა ქართულად მიესალმეთ დამხვდურ კაციჭამიებსა და სისხლიანი აქციების მომწონებელ მხარისდამჭერ ერის “ნაღებს”. “ინტელიგენციასა” და ახალგაზრდობის მოღალატე ნაწილს ავტომატების ხელში აღება და მართალი ხალხის დახოცვა, ქალაქებისა და სოფლების დაწვა დანგრევა იმ ენაზე მოუწონეთ, გაუნელებლად, თავგანწირულად რომ იბრძოდით მის აღმოსაფხვრელად და ამოსაძირკვად. მართალია, ნაძალადევ ღიმილს არ იშორებდით ფეხებში გაგორებული ფინიებისთვის, მაგრამ მაინც შეშინებული იყავით, შინაგანად გაკრთობდათ ხალხის დიდი ნაწილის მოსალოდნელი რეაქცია. მაგრამ, “ჭკვიანმა პოლიტიკოსმა” არაფერი შეიმჩნიეთ, რადგან უმალ თვალზე აგაფარეს გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, რომელშიც თქვენი უზარმაზარი პორტრეტით “შემკული” წერილის ავტორი ჯ. ღვინჯილია სამარცხვინო, გულისამრევი ლაქუცით “აჯერებდა” მკითხველებს შევარდნაძის საქართველოს მხსნელად მოვლენას. სულგრძელად მოგიტევებდათ და გიმართლებდათ უმძიმეს დანაშაულებს: უამრავი ადამიანის დახოცვას, ციხეებში ამოლპობას, შეურაცხყოფას, გეორგიევსკის ტრაქტატის მოწონებას და ზარ ზეიმით აღნიშვნას, თვითმფრინავის “გატაცებას” თანმოყოლილ ტრაგედიას … საერთოდ, საქართველოს გაპარტახებას. სამხედრო საბჭოს თავკაცებმა კიდევ ერთხელ მოგახსენეს, რომ სისხლის მორევში იყო ჩაძირული, მიწასთან იყო გასწორებული დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, მრავალგზის უმოწყალოდ იყვნენ დახოცილები თბილისში გამართული პრეზიდენტის მხარდამჭერი მანიფესტაციების მონაწილეები …


ალბათ, მცირედით გაგინელდათ შიში ცოდვადამძიმებულს და გაბედულად შეაბიჯეთ სიონის ტაძარში. ეს უდიდესი მკრეხელობა იყო თქვენი მხრიდან, რადგან დღენიადაგ ეკლესიის დევნა შევიწროებაში იყავით, იქაურ მსახურთა უმრავლესობა საზარელ სუკის აგენტებად გადააქციეთ. ახლა კი უფლის სახლში შეხვედით და სანთელი “დაანთეთ”. დარწმუნებული ვართ, მაშინ ყველა ხატისა და ფრესკის წმინდანმა სიმწრისაგან თვალები დახუჭა, სმენა დაიხშო, თავიანთს სამყოფელში რომ არ ეხილეთ, ყურში არ ჩაწვდომოდათ ერისა და მამულის ამაოხრებლის, უბედურებისა და ტანჯვის მომტანის უსიამო ხმა. იქიდან გამოსულს, ყველაზე მეტად, მთავრობის სახლისაკენ გაგიწიათ გულმა, გეჩქარებოდათ თქვენი ბრძანებით დანახშირებულ დანაცრული რუსთაველის გამზირის ხილვა. აი, მაშინ კი ცოტათი დამშვიდდით, გულით შეაქეთ, მადლობა უძღვენით ამ ბარბაროსობის ჩამდენთ და გაბედულად მიხვედით 9 აპრილის მსხვერპლთა მოსახსენებელ წმინდა ქვასთან, ყვავილები დაალაგეთ და თავი დახარეთ იმ ადამიანთა მოსაგონებლად, თქვენი მზაკვრული სურვილის ჩაფუშვას რომ შეეწირნენ. ესეც დიდი მკრეხელობა იყო და თუ აღიარებთ, უზარმაზარი მარცხიც. თუმცა, მარცხი კვლავაც გელოდათ, როდესაც ერთგული მამულიშვილის დაკრძალვის მონაწილე ადამიანებმა წყევლა კრულვა და რისხვა დაგატეხეს თავზე, უნივერსიტეტთან თქვენს საავტომობილო ამალასთან შეჩეხვისას. გამძვინვარებულმა ხალხმა იუდას, საქართველოს ჯალათის, მოღალატისა და გამყიდველის შეძახილები დაგაყარათ. ეს აქტი ხალხის ნების გამოხატულება, საქართველოში თქვენი ჩამოსვლის წინააღმდეგ გამოთქმული უდიდესი პროტესტი იყო.


და საერთოდ, ვინ მოგიხმოთ საქართველოში ამხანაგო ედუარდ? ვინ შეგთხოვათ შველა და დახმარება, ანდა რისი უნარი შეგწევთ? ალბათ გგონიათ, თქვენი მომხრე მცირე ნაწილის გარდა, სხვას ვინმეს გვჯერა თქვენი როგორც “ნიჭიერი, გამჭრიახი, გამოცდილი პოლიტიკოსის, მსოფლიო აღიარებისა”. დაგვერწმუნეთ, არა. რადგან ეგ ყველაფერი თავათ მიაწერეთ საკუთარ თავს და პირველმა თვითონვე ირწმუნეთ, მერე კი მთელი ძალით ჩაუტენეთ თავში თქვენს ლაქიებს, რომლებმაც საქვეყნოდ იღრიალეს არარსებულზე. სინამდვილეში ჩვეულებრივი, საშუალო დონის თვალთმაქცი პროვოკატორი, გაიძვერა და გაქნილი არსება ხართ, საოცრად რომა გაქვთ შესისხლხორცებული იაფფასიანი, სამარცხვინო ფანდები და ხრიკები, ჩვენთან რომ ვერ იყენებთ და ვერ ყიდით. აი, უცხოელი გამოჯეჯკილი პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეებისთვის მართლაც უცხო ხილია თქვენებური ვირეშმაკობა, ფლიდობა და ამიტომაც ეგებიან ადვილად თქვენგან მოსატყუებლად გადაგდებულ ანკესზე. სწორედ ჯანჯუხებისა და ქამარ ხანჯალ ნაბად ქუდ ქალამნების ჩუქებით აუხვიეთ თვალები ასეთ რამეებში გაუთვითცნობიერებულ ადამიანებს და ერთი ორი სასიკეთო სიტყვა დააცდენინეთ, ბოლო დროს კი წმინდა ავგუსტინეს ორდენიც გამოსტყუეთ. ესეც არ იყოს, მათთვის მართლაც მოულოდნელი იყო პირქუში, სალდაფონი რუსი “დიპლომატების”ფონზე, თქვენი ნაძალადევად გაღიმებული სახე და მიჯრით გამოჩენილი კბილები. რაც შეეხება თქვენგან დაჩემებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების “ხსნისა და გერმანიის გაერთიანების მითს”, სრული უგუნურებაა და სიცრუე. თქვენ ამისი უნარი ნამდვილად არ შეგწევდათ და ეს მისსია არც არავის დაუკისრებია. უბრალოდ, ფეხმარდი, მომღიმარი შიკრიკი ყავდით გორბაჩოვს, მის ხროვას, უცხოეთის სახელმწიფოთა მეთაურებთან გამართული მოლაპარაკებების დროს.


ამიტომაც არის ამხანაგო შევარდნაძე, რომ დიდი კომუნისტური, წითელი რუსეთის გარეშე ვერაფრით წარმოგიდგენიათ არსებობა. აკი თბილისის ტრაგედიის დაწყებამდე გულახდილად განაცხადეთ “ნეზავისიმაია გაზეტაში”, რომ საქართველო დაიღუპებოდა “ერთმორწმუნე” დამპყრობლის გარეშე. ის კი არადა, ქართვლები თურმე ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ, “მუხლმოყრილები, მიწაზე დამხობილები შესთხოვდნენ რუსეთს მფარველობას”. მაინც სად, რომელ ისტორიულ წყაროებსა თუ საბუთებში ამოიკითხეთ ამის თაობაზე ? შეიძლება წითელმა ისტორიკოსებმა მიგანიშნეს ჩვენთვის უცნობ მასალებზე ? ისიც იქ ხომ არ ეწერა, თითქოსდა ქართვლებს ეთქვათ რუსებისთვის, ამიერიდან მზე ჩვენთვის ჩრდილოეთიდან ამოვაო ? აი, თქვენ მხოლოდ ასეთი რამეების გაკეთება შეგწევთ და სწორედ ესა გწადიათ მოიმოქმედოთ თქვენგან მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შემდეგ. და აღარც დააყოვნეთ დროებითი “მთავრობა” და სამხედრო საბჭო მალევე გააუქმეთ და სუფთა კომუნისტური სახელმწიფო სამართავი აპარატი შექმენით. რეზიდენციაც შესაფერისი შეირჩიეთ იმელი. არც გაგემტყუნებათ, ჩანასახიდანვე კომუნისტი, უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებდით, უშუალოდ უნდა შეიგრძნოთ მარქსის, ენგელსისა და ლენინის კაცთმოძულე იდეები. ასე დაგვიკანონეთ სახელმწიფო საბჭო, რომლის თავმჯდომარედაც დაინიშნეთ თავი. მერე მთელს საქართველოში, კვლავ დაბრუნებულ სკამებზე წამოასკუპეთ ყველა ყოფილი პარტიული ფუნქციონერი, კორუმპირებული რაიკომის მდივანი და აღმასკომის თავმჯდომარე, დირექტორი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე… სულით კომუნისტს, ვერაფრით წარმოგიდგენიათ არსებობა საბჭოების, აქტივების, თავმჯდომარეების გარეშე.


თუმცა, რატომ მარტო პარტიული მუშაკები? განა “ინტელიგენციის ნაღები” კი გვერდში არ გედგათ? განა ისინი კი თავგანწირვით არ ებრძოდნენ პრეზიდენტს, მის მომხრე თავისუფლების მოსურვილე ხალხს, დემოკრატიას? კარგად იცოდნენ, რომ არ დაუკარგავდით ერთგულ სამსახურს. არც შეცდნენ უკლებლივ ყველამ კუთვნილი მიიღო იმისდა მიხედვით, თუ ვინ როგორ გასწირა საქართველო, პრეზიდენტი. მარტო სახელმწიფო საბჭოში თავმოყრილი წითელი “აკადემიკოს პროფესორები”, უმაღლესი კომუნისტური წოდებებით დახუნძლული “შემოქმედ ხელოვან მეცნიერები” რად ღირან, ყველაფერზე რომ გეთანხმებიან, წარამარა რომ იშველიებენ სამიოდე წლის წინათ რუსეთიდან გადმოხვეწილ, მანამდე ყველასთვის უცნობი “ქართველი ფილოსოფოსის” მ. მამარდაშვილის გამონათქვამებს. არადა ცხადია, ერთი ორს თუ აქვს წაკითხული (ისიც გარდაცვალების შემდეგ) მისი “ნაშრომები”. მაგრამ, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია ის, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს ერის დაპირისპირებისთვის. მათ სამუდამოდ შეგვაზიზღეს სიტყვა “ინტელიგენტი”, რადგან მხოლოდ საკუთარ თავებს მიიჩნევენ ამად. არადა, ჩვენ მათზე გაცილებით მაღლა ვდგავართ, შეუდარებლად ძლიერები ვართ, რადგან გვწამს სიმართლე და პატიოსნება, გვიყვარს სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ვაღიარებთ და მივყვებით კანონიერ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს. და რაც მთავარია, ჩვენ მამულიშვილები ქართველი ერი ვართ და არა გადაგვარებული “ინტელიგენეტები”.


ისე რომ, ამხანაგო ედუარდ, მშვიდად შეგიძლიათ იყოთ, კადრების საკითხი “მოგვარებული” გაქვთ ყველა ძველი მაფიოზი და კორუმპირებული არსება წინანდელ სავარძელშია ჩაფლული. ახლა კი ნამდვილად “შეშურდება” პრეზიდენტს თქვენი “წარმატებისა”. ალბათ იმაზეც “ინანებს”, მთავრობის სახლის წინ დაცემულ კარვებში “ჩაბუდებული” წეს კანონების დამცველი ქალბატონები რომ ვერაფრით განასხვავა, სახელმწიფო საბჭოში მოკალათებული, ფრანგული სუნამოთი ნაპკურები, ყავისა და ამერიკული სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი “უმწიკვლო” დიაცებისგან. მაგრამ, ყველაფერს ამას ხომ ჭკუის “მიტანება” უნდოდა?… აი, თქვენ ყველაფერში “წინდახედული” ხართ, ყველაფერს “გამიზნულად”, თქვენთვის ხელსაყრელი შედეგის მომტან საქმეებს აკვარახჭინებთ. იმგვარ დივერსიებსა და შეთქმულებებს აწყობთ, თქვენ და წითელი იმპერიის თავკაცებს რომ გარგებთ. ადრინდელს მოვეშვათ და ახლები გავიხსენოთ: პუტჩს მოყოლილი მართალი ადამიანების ხოცვა ჟლეტა და პოლიტპატიმრებით საპყრობილეების გავსება, ეთნოკონფლიქტების გაძლიერება, ქართვლთა უფრო მეტად დაპირისპირება და ურთიერთშეძულება, ადამიანთა ქონების განუკითხავად ძარცვა, სისხლის სამართლის დანაშაულებათა უსაშველოდ მატება, ცხოვრების წარმოუდგენლად გაძვირება და პატიოსანი ხალხის სიღატაკეში ჩაყრა, მექრთამეობისა და კორუფციის კატასტროფულად აღზევება, ქართული ენის თქვენებურად, ძველებურად დაწიხლვა ჩაქოლვა, მშვიდობიანი მომიტინგეების უმოწყალოდ დარბევა და ჟლეტა, მათზე გაავებული ნაგაზების მისევა … და კიდევ ერთი – თქვენი გაუნელებელი ღვწა და მცდელობა საქართველოს პრეზიდენტის სახელისა და ღირსების შელახვისათვის, შურისძიებისთვის, რის მისაღწევადაც არაფერს ერიდებით. თვით ერისთვის სათაყვანო და უწმინდესი ადგილის, პრეზიდენტის განსვენებული მამის, დიდი კონსტანტინეს სახლ მუზეუმის გადაბუგვასა და გაძარცვასაც კი. ამგვარი მოქმედებით გწადიათ ძალადობით მოპოვებული უფლებების შენარჩუნება და გამტკიცება, ზეძალით ამოქმედებული კომუნისტური წნეხით პატიოსანი ხალხისთვის სულის ამოხდა.


აკი დაადასტურეთ კიდეც ყველაფერი 7 აპრილს, გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში: “მე არჩევანი არა მქონდა. ასე მიკარნახებდა სინდისი, მორალურ ზნეობრივი პრინციპები, რომლებითაც მთელი ჩემი სიცოცხლე ვხელმძღვანელობდი, რა გულით უნდა გავდგომოდი განზე იმას, რაც საქართველოში ხდებოდა”.


ერთი ეს გვიბრძანეთ ამხანაგო სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარევ ! რატომ მაინც და მაინც დეკემბერ იანვრის ტრაგიკული დღეების შემდეგ “მოგეძალათ სამშობლოს შველის” სურვილი ? “ასი ათასი დოლარიც ხომ მოგვიანებით გადმორიცხეთ” დანაცრული რუსთაველის გამზირის “აღსადგენად”. მანამდე კი რატომღაც ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაღმელივით ლაპარაკობდით, თითსაც არ ანძრევდით თქვენი “დიდი ავტორიტეტის” საქართველოსთვის “მოსახმარებლად”…


ეს ყველაფერი იმისი ნიშანია, რომ თქვენ და თქვენი უვიცი, უწიგნური ხროვა იმდენად აუტანიხართ შიშს, იმდენად გზარავთ კატასტროფის მაუწყებელი ხვალინდელი დღე, რომ აღარაფერს ერიდებით. ეს განწირულთა და შერისხულთა ხვედრია.თქვენი მარცხი გარდაუვალია. თუმცა, გამეტებით ებღაუჭებით იმელში დადგმულ სავარძელს და ხან გენშერის, ხან ბუშისა თუ ბეიკერის, ხანაც კოლისა თუ ანდრეოტის, მეიჯორის სახელების მეშვეობით, სხვადასხვა სახელმწიფოთა “საელჩოების გახსნით” ცდილობთ თქვენგან დანგრეული ქვეყნის “გადარჩენას”. გულდაგულ ამტკიცებთ, რომ მდგომარეობის სულ მცირე ცვლილებისთვის, სამი ოთხი წელიწადი იქნებაო აუცილებელი. ამას სრულიად მშვიდად ისმენს წითელი “ინტელიგენცია”, პრეზიდენტისგან კატეგორიულად რომ მოითხოვდა ერთ წელიწადში საქართველო ბაღნარად გადაექცია, რომ შეძლებულად ეცხოვრათ, უმაღლესი ხარისხის საკვები ეჭამათ, სუპერ თანამედროვე საცხოვრებლები, აგარაკები, ავტომობილები ჰქონოდათ, დედამიწაზე ყველაზე უკეთესად ჩაეცვათ…


“იზვესტიაში” დაბეჭდილ ინტერვიუში “შეწუხებული” ამბობთ: “ძნელია აწარმოო დიალოგი, როდესაც სროლა ისმის, როდესაც ყველაფერი გაკლია..” საქართველოს პრეზიდენტი დღენიადაგ ამაზე უარეს მდგომარეობაში იყო. თქვენგან მისეული ოპოზიცია თუ შიდაპარტიული დაჯგუფებები, ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. ამიტომაც მოერიეთ და სამშობლოს, ხალხის მიტოვება აიძულეთ. მაგრამ, “გამარჯვება” დროებითია, ხანმოკლეა თქვენი ხელმეორედ ცეკას გაპირველმდივნობა, რადგან ერთი მუჭა მომხრეების გარდა, ქართველთა უმრავლესობა თქვენი წინააღმდეგია და ვერაფრად იგუებს პირწავარდნილი კომუნისტის, რუსეთის იმპერიის ჟანდარმის უმაღლეს ხელისუფლად ყოფნას. ვერ მიიღებს, ვერ მოიწონებს თქვენს პოლიტიკას: ხელგაწვდილი, ყელგამოწვდილი რომ ევედრებით დასავლეთელ “ძმაკაცებსა და მეგობრებს” დახმარებას.


გამოდის, იმდენადა ხართ დარწმუნებული საკუთარი მოქმედების სისწორეში, იმდენად “გამარჯვებულად” სახავთ თავს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფს, არავისი რჩევისა თუ ჩაგონების, მოსმენის სურვილი არა გაქვთ. არადა, ამისი გაკეთება აუცილებელია, რათა თვალი აგიხილონ, გონებაზე მოგიყვანონ. ეს უპირველესად ოჯახის წევრებმა უნდა გააკეთონ, მათ უნდა იფიქრონ იმაზე, რომ უამრავ ცოდვათა ჩამდენ აკიდებულმა, აღარ მიუმატოთ ახალი, რადგან მის მოხსნასა და ანაზღაურებას ღმერთი თქვენს შთამომავლობას დააკისრებს. ხომ გაგიგონიათ, პაპის ნაჭამმა ტყემალმა, კბილი ვის მოკვეთა…


მაგრამ, ჩანს ახლობლებიც განუხრელი თანამოაზრეები გყვანან, ღრმად სწამთ და სჯერათ თქვენი მოქმედების სისწორისა, თორემ შეუძლებელია რაიმე არ ეღონათ აგონიაში ჩავარდნილის გამოფხიზლებისთვის. აბა მაშ რითი ავხსნათ თქვენი თანამეცხედრის გაბადრული სახე და გაუნელებელი ღიმილი “სამშობლოში” დაბრუნების, ამერიკის “საელჩოს” გახსნის, ბეიკერის, გენშერისა და მათი უზარმაზარი ამალების საქართველოში გამოსეირნების აღსანიშნავად გაშლილ ზღაპრულ სუფრასთან მჯდომს რომ გადაფენოდა სახეზე. საინტერესოა, ვის ეჯიბრებოდა იმ წუთებში, ვის უხდიდა სამაგიეროს ვითომცდა თავისუფალი, უდარდელი ქცევით? ალბათ, პრეზიდენტის მომხიბლავ მეუღლეს, მისი დაჩრდილვა თუ სურდა. აშკარად ჩანდა, რომ ყველაფერი ხელოვნური, ნაძალადევი და პროვინციული იყო. უმჯობესი იქნებოდა, ერთი წუთით წარმოედგინა, რომ ძაძებში გამოხვეული ბევრი დედა სიცოცხლეგამწარებული დასტიროდა თქვენგან გაჩაღებულ ძმათამკვლელ ომში დაღუპულ შვილებს, მეუღლეებს, ახლობლებს. ამასთან ბევრმა, მიცვალებული კუბოს გარეშე მიაბარა მიწას, რადგან დღეს საქართველოში სიკვდილი წარმოუდგენლად ძვირია სიცოცხლესთან შედარებით.


ესეც შიშმა გაგაკეთებინათ, ესეც დიდი მარცხი იყო, რადგან შესანიშნავად იცით განწირული ხართ. ამიტომაც სხვა გზა აღარა გაქვთ და დამნაშავე თანამოსაქმეებთან ერთად, ერთიმეორის მიყოლებით წარმოგვიდგენთ პრიმიტიულ სპექტაკლებს, რომელთა ძირითადი არსი საქართველოს “განთავისუფლება გადემოკრატება”, პრეზიდენტის ლანძღვა გინება, მისი მომხრე ხალხის განადგურება, ესენგეში შევარდნა და რუსეთის იმპერიის უღლის სამუდამოდ დადგმა, უცხოელი გავლენიანი “ძმაკაცებისგან დახმარების მიღება, საელჩოების” გახსნა და ვინ იცის, კიდევ რომელი არარსებული “სიკეთის” ქართველებისთვის მოტანა გახლავთ.


მაგრამ, ყველაფერს თავისი დასასრული აქვს ზოგს სავალალო, ზოგსაც კეთილი. გარწმუნებთ, მალე მოეღება ბოლო თქვენს თარეშს, საქარველოს დაქცევისა და ქართველთა მოსპობისთვის რომ არის გამიზნული. უშედეგოა და უძალო თქვენი საზარელი ქმედება. ნუ გექნებათ იმედი გონებაშეზღუდული, “სამშობლოსა” და ერის გამყიდველი ხროვისა, დღეს მტრისგან ზურგგამაგრებული რომ სპობს და ნაცრავს საკუთარ მოდგმას, “მამულს”. ნარკოტიკსა და ფულს დამონებული უგუნური მასა მალე შემოგიბრუნდებათ და სასტიკად გაგისწორდებათ “დიდი მოკავშირეებისგან, მეგობრებისგან” არარსებული”დახმარების” შეუსრულებლობისთვის. მაშინ ამხანაგო ედუარდ, ვეღარ გიშველიან ბუშები, ბეიკერები, კოლები, დე მიქელისები, გენშერები, რომლებისთვისაც სრულიად გამოუსადეგარი იქნებით. ზურგს შეგაქცევს “ქართული ინტელიგენცია”, დღეს რომ თქვენს ფეხებთან გორაობენ, ყველანაირ გამყიდველობას გიწონებენ, პრეზიდენტის, მისი მომხრეების ზიზღსა და სიძულვილში გეჯიბრებიან, უდანაშაულო და მართალი ხალხის დახოცვაში გამართლებენ. მაშინ ვეღარაფერს გიშველით “ემვედე” და “კაგებე”, მხედრიონი, გვარდია თუ სხვა საჯარისო ფორმირებები. შეუწყნარებლები გახდებიან “სამართალდამცავი” ორგანოები, ამხანაგი რაზმაძე, თქვენგან შეგულიანებული თავდაუზოგავად და “ვაჟკაცურად” რომ ებრძვის “სისხლის სამართლის დამნაშავე” პრეზიდენტს და ურცხვად აქვეყნებს სამარცხვინო “მამხილებელ ბრალდებებს”. აღარც ის ახალგაზრდები დაგინდობენ, ნარკოტიკებით რომ დაიმონეთ, პროფესიონალ მკვლელებად, “სამშობლოს” გამყიდველებად და ჯაშუშებად რომ გადააქციეთ. ის ხუთასამდე “მწერალიც” მაშინ ჭკუანაკლულ პოლიტიკოსად, ბეც სახელმწიფო მოღვაწედ გამოგაცხადებენ და აქამდე ცაში ატაცებულს, ტალახში ჩაგფლავენ.


ისე, რომ ამაოა თქვენი ღვწა და გარჯა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარევ ამაოა, ქართველი ხალხისთვის დრომოჭმული კომუნისტური ხერხებით “ტკბილი ცხოვრების”თავსმოხვევის მცდელობა. დროა, მთელი ერი აღარ გააიგივოთ იმათთან, ბოლო ჩამოსვლისას რომ დაგხვდნენ აეროპორტში, მწერალთა კავშირში რომ განუცხადეთ, თურმე სულმოუთქმელი ეძებდით და კითხულობდით: სად არის ჩემი ხალხიო? ისინი მართლა თქვენები არინ, ამიტომაც ჩაგიკრეს გულში, მლიქვნელური ღიმილით შეეცადნენ თანჩამოყოლილი ჩრდილოული სუსხის ჯობნას. მაგრამ, სულ ტყუილად დაშვრნენ ვერაფრით დაგვაჯერეს თქვენს “დემოკრატიულობასა და მამულიშვილობაში”. პირიქით, საბოლოოდ ჩამოგგლიჯეს ნიღაბი და ცხადლივ დაგვანახეს რუსეთის განახლებული იმპერიის ერთგული ყმის, წითელი ურჩხულის ნებაზე მოთამაშე ჯამბაზის პიროვნება.


ამიტომაც, ისღა დაგვრჩენია საბოლოოდ და მტკიცედ განგიცხადოთ, რომ ვერანაირი ფანდებითა და ხრიკებით, ვერენაირი დაშინებითა და მუქარით ვეღარ შეძლებთ ჩვენს მოხიბვლასა და გულის მოგებას, რადგან მამულისა და ერის ერთგული ჭეშმარიტი ქართველი, თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არასდროს ანაცვალებს სამადლოდ გადმოგდებული უგემური სანოვაგით სტომაქის ამოყორვას, დაწუნებული სამოსელით შემოსვას. არ არსებობს არავითარი ძალა საღად მოაზროვნე ქართველთა დაჩოქებისა, მონობის მძიმე უღელქვეშ გათანგვისა. ახლა ქართველებს მხოლოდ ერთი სურვილი და მიზანი გვასულდგმულებს რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ პრეზიდენტი, ხელისუფლება და პარლამენტი, მათთან თანადგომით დავიბრუნოთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა.


თქვენ კი, იარაღით მომხდურო ამხანაგო ედუარდ, საბოლოოდ განწირული ბრძანდებით. ნუთუ ვერა ხვდებით, რომ ვერაფერს გშველით დაუსრულებელი კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობა, 1921 წლის კონსტიტუციის “ამოქმედება, არჩევნების ჩატარებისთვის” მზადება, მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების უგულებელყოფა, ადამიანთა უფლებების დაუნდობლად თელვა, მშვიდობიანი მომიტინგეების რბევა დასახიჩრება, სისხლში ჩახრჩობა, თქვენთვის სასურველი “პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების” ერთი ორი საათით საქართველოში ჩამოსეირნება და მხარზე წამოგდებული თეთრი ნაბდებითა და ხალხის პირიდან გამოგლეჯილი ხორაგით ავსებული მაგიდებით, საკუთარი “რეიტინგის”ამაღლების მიღწევა, ერთი მუჭა კორუმპირებული “ინტელიგენციის” ჩაბღაუჭება, გზააბნეული და იარაღასხმული ახალგაზრდების მცირე ნაწილის დროებითი ერთგულება, მაფიოზური პარტოკრატების ხანმოკლე აღზევება.


ყველაფერს ამას ხომ დიდი შიში, შეძრწუნება გაკეთებინებთ, აშკარად რომ გამოსჭვივის თქვენი ცივი მზერიდან, გაყინული თვალებიდან, ვერასდროს რომ ვერ გვისწორებთ ტელეეკრანიდან. ან კი როგორ უნდა შემოგვხედოთ ამდენი ცოდვის ჩამდენმა, ურიცხვი ადამიანის გამაუბედურებელმა და ამწიოკებელმა?


ჩვენგან რად გინდათ იმისი თქმა, რომ თქვენს ნატერფალში ყველგან სისხლის გუბეები დგება და ლენცოფაც კი აღარ ამოდის. ამიტომაც გვინდა დროულად მოგიკვეთოთ და მოგიცილოთ, მთელი საქართველო გადატრუსულ უდაბნოდ, ყვავ ყორანთა საუფლოდ რომ არ გადაიქცეს. განწირული ხართ არავისგან მოხმობილო, არავისგან წინამძღოლად დანიშნულო, არავისგან კანონიერად მიჩნეულო.


იცოდეთ, რომ განწირულის ხვედრი ყოველთვის მძიმეა და მწარე, კატასტროფული, წარმოუდგენლად ტრაგიკული. განწირულის შიში, საკუთარი თვალით დანახული, ცხადლივ შეგრძნობილი სიკვდილია, მიწიერი ჯოჯოხეთია.


გეშინოდეთ შემზარავი განაჩენისა, საქართველოს დასაღუპავად მოვლენილო განწირულო “ქართველო”!


 


გაზეთი “საშუალო ფენა”


1992 წელი, მაისი.


 


***


ბილწთ ნუ შეეკვრით!  


 


ხომ მსუბუქია ბატის ფრთა, მაგრამ კალმის მოსმას უფრო მეტი გამბედაობა ესაჭიროება, ვიდრე ხმლის მოქნევას“.


დიდი კონსტანტინეს ამ ბრძნული ნათქვამით ზედმიწევნით ზუსტად არის მინიშნებული იმ ადამიანთა უდიდესსა და პასუხსაგებ მოვალეობაზე, კალმის მეშვეობით აზრის გამოთქმა, რჩევადარიგება, მოწოდება თუ მიმართვა რომ მიუჩნევიათ ერისა და მამულის სამსახურად. დღეს საქართველოში უამრავ პიროვნებას უპყრია ხელთ იგი და დიდოსტატისაგან თქმულის საპირისპიროდ, დაუფიქრებლად, დასაძრახი და ზიანის მომტანი სითამამით ამოქმედებს მართლაც ბატის ფრთისებრ მსუბუქსა და ხშირად უმძიმესი სავალალო შედეგის მარგუნებელ კალამს. ამჯერად, კალმოსანთაგან მხოლოდ ჟურნალისტებზე, მათგან უდიდესი პასუხისმგებლობით გასაკეთებელზე გვინდა ვთქვათ და წმინდანად შერაცხული ერის მამის, ილიას სიტყვები შევახსენოთ: “თუ წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლისა და ხარვეზის მხილებას არ უნდა მოვერიდოთ. პირუთვნელად უნდა ვამხილოთ ყოველი დასაგმობი და უვარგისი“.


სამწუხაროდ, ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობისთვის მიუღებელია დიდი მწერლის ეს ჩაგონება, რადგან პროფესიონალობას გამიჯნულები და ლაჩრები, თეთრის შავად წარმომჩენები, სიმართლის ჩამქოლავები და სიცრუის, ტყუილის მომწონებელ მქადაგებლები, საკუთარი ნებასურვილით დღევანდელი ფაქტობრივი ხელისუფლების ადვილად სამართავ უმარტივეს, შესაბრალის ტიკინებად გადაქცეულან. ამიტომაც არის, რომ უფსკრულში ჩაჩეხილ საქართველოში, ჟურნალისტიკაც იგივე დღეშია. თითქმის ყოველდღე გამოსულ ახალ გაზეთსა თუ ჟურნალს თავისი წილი შეაქვს მის დაკნინებასა და გაუბრალოებაში. ამას მარტო პრესაზე როდი ვამბობთ, იგივე დღეშია რადიო და ტელევიზიაც. არც არის გასაკვირვი, რადგან ზემოხსენებული კალმოსანპოლიტიკოს მოსაუბრეებზედაყრდნობილი პროვინციული, მდაბიური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მათივე სულის, გემოვნების, გონებისა და თვალსაწიერის ხელისუფლებისანტიხალხური, ქვეყნის დასაქცევად გამიზნული მწირი, უკიდურესად იაფფასიანი ნააზრევის გამავრცელებელ საშუალებებს წარმოადგენენ.


ნათქვამის დასტურია ყოველდღიური დეზინფორმაციული რადიო და ტელეგადაცემები. სიმართლისა და კანონიერების უარმყოფელი, სიცრუის, ტყუილის, სამარცხვინო და წყალწყალა ინფორმაციებით, ინტერვიუებით, “პუბლიცისტურიწერილებით ამოვსებული ოთხასამდე გაზეთი“, დაუფარავად რომ წარმოაჩენენ თავიანთი, დიქტატორული რეჟიმისადმი გამოხატულ თანხმობის პოზიციას. კანონიერი ხელისუფლების, მისი მხარდამჭერი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელისა და ღირსების შემლახველ ჟურნალისტებსოდნავადაც არ აფიქრებთ მათგან შეთითხნილ შეკოწიწებულს თანმოყოლილი უმძიმესი შედეგები და სულგაყიდულები, სისხლისღვრით აღზევებული, მაფიოზურ კლეპტოკრატულ კომუნისტური რეჟიმის მარადჟამს არსებობის იმედით სულდგმულობენ. იარაღით დამკვიდრებულთაგან გადმოგდებული გამოხრული ძვლებითა და ნასუფრალით დაპურებული კალმოსნებიმზად არიან ნაირგვარი ჯურის საეჭვო სამსახურებისა თუ ორგანიზაციადაწესებულებების“, შავ სამყაროსთან შეკრულწილნაყარი პარტიებისა თუ საზოგადოებების“, ბიზნესმენისა და ქველმოქმედის სახელმიწებებული თაღლითებისა და მაფიოზების პრესკონფერენციებზედასასწრებად, მეორეკლასელთა სუფთა წერის დარად რომ ჩაამწკრივებენ ხოლმე მაგიდებთან, მზაკვრული ჩანაფიქრის პრესით, რადიოთი და ტელევიზიით გავრცელების მოსურვილე მასპინძლები. და ისინიც, მორჩილი და უაზრო რობოტები, ორიოდე ჭიქა კოკაკოლასა თუ სპრაიტის გადაყლურწვის სანაცვლოდ, მზად არიან ყველანაირი ბინძური დავალების შესასრულებლად. მართალია, იგი დავალება უკიდურესად უხარისხოდ, შესაბრალისი ღიმილის მომგვრელი შინაარსითა და ფორმით სრულდება, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მთავარია შავბნელი სურვილებისა და მიზნების, შხამისა და ბალღამის, ჭუჭყისა და სიბილწის, ქვეყნის დასაქცევი, ერის გასანადგურებელი ავი ზრახვების რაც შეიძლება სწრაფად, შეუფერხებლად გადმოფრქვევა.


 


მართალია ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი არც მათს გაზეთებს კითხულობს, არც რადიოს უსმენს და არც ტელევიზიას უყურებს, მაგრამ მმართველთაგანდავალებამიცემული საეჭვო გაზეთების დამფინანსებლები და პატრონები, უკანონოთაგან დაპყრობილი რადიოტელევიზიის მესვეურები, ჩვეული უტიფრობითა და შეუპოვრობით ესწრაფვიან ადამიანთა დათრგუნვასა და დამონებას, რაც შეიძლება ადვილად სამართავდასამორჩილებელ არსებებად გადაქცევას. საამისოდ, შესატყვისი არსენალიცსრულ მზადყოფნაში ყავთ და წერენ შეუსვენებლად, მოუღლელად ლაპარაკობენ დეზინფორმაციის, ცილისწამების მთხზველი, შეურაცხყოფის მიმყენებელი, გესლისა და სამსალის გადმომნთხეველი დაბოღმილი, შურიანი ჟურნალისტები“.


თუმცა, ეს ყველაფერი არც აღსაშფოთებელია და არც შესაცხადებელ გასაკვირვი, თუკი კვლავაც ილიას მოვუსმენთ: “ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს“. ჰოდა ასე, ფერი ფერსაო! ვინც მუსიკას უკვეთავს, “მელოდიაცმისი გემოვნების, მისთვის გასაგებად არის შეთხზული და შემსრულებლებიც მათი მოთხოვნილების შესატყვისნი, მათს განწყობაზე მორგებულები არიან. ნურც იმას დავივიწყებთ, “ვისგანდა რომელ სასაწავლებლებშიარიან დამოძღვრილები საგანგაშოდ მომრავლებულ მოვლენილი კალმოსნები“. განა შეიძლება ყვავყორნის ბუდიდანვე ლეშსა და მძორზე დაგეშილ ბახალებს, ბულბულის ბუდეში დაფრთიანებული ბარტყების კეთილხმოვნება, სიმშვიდისა და სილამაზის სიყვარული მოვთხოვოთ? ამიტომაც ნუ გავიკვირვებთ დღევანდელ ჟურნალისტთათავლუწვდენელი ფარის შემსწრენი, უძალო ბღავილით რომ ცდილობენ მწყემსადმოვლენილისთვის ფეხის აწყობას და მას, მგელსა და დაუძინებელ მტერს მიიჩნევენ მფარველად და მხსნელად.


 


დიდად შესაბრალისნი და საცოდავნი არიან უილაჯო ფარად შეყრილშეგროვებული, .. მეოთხე ხელისუფლების გონებაარეული, სიმართლისა და წესკანონის მოშიში, პატიოსნების გამთელავი, მამულის დაცვისა და გადარჩენის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის თავდადებული პიროვნებების მლანძღავ მაგინებელი კალმოსნები“, შავი სახადივით რომ გაურბიან ჭეშმარიტებას და საკუთარი აზრის უქონელნი, მოლაყბე თუთიყუშებად შთენილნი, საცოდავი ნაცოდვილარით ანაგვიანებენ ეთერსა და ურიცხვ ჟურნალგაზეთებსდა მათ, ისევ ბრძენკაც ილიას სიტყვები გვინდა ვამცნოთ: “ყოველი სიტყვა აზრის წარმომადგენელია“. ცხადია ერის მამა, ადამიანურ, კაცურ სიტყვაზე მიანიშნებს და არა მუცლით


 


მხოხავთაგან და მაბეზღარა მლიქვნელთაგან, კაცთმოძულე და ადამიანის სახედაკარგულ არსებათაგან ამოთქმულ სიყალბით გაჯერებულ აბდა უბდაზე. ვფიქრობთ, საკმარისია და მეტის თქმა აღარაფრისა გახლავთ საჭირო, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამწევ ძალაზე“, იმ მრავალრიცხოვან ჟურნალისტებზე“, აზრდაბნეულნი, უბადრუკი ლაქიების დარად რომ ემსახურებიან ქვეყნის დამაქცევართ და თავიანთი დასაძრახი ქმედებით, ქართველთა უდიდესი მართალი ნაწილის რისხვასა და წყევლა კრულვას იმსახურებენ. ვფიქრობთ, მართალი თანამემამულეებისაგან შერისხული ჟურნალისტებიდროულად იფიქრებენ გონზე მოსვლასა და გამოფხიზლებას, უარს იტყვიან ბინძურ დავალებათა შესრულებაზე, რათა მათი სახელები აუგად არ მოიხსენიოს დღევანდელი შემზარავი გაზეთების წამკითხველმა მომავალმა თაობამ. არა გვგონია, “კალმოსანთაგზააბნეულ ფარაში მყოფთა მცირე ნაწილმა მაინც არ მოისურვოს სხივდაბნელებული თვალებიდან ლიბრის გადაცლა და ნათელის დანახვა, სმენადაბრუნებული ყურებით სიმართლის გაგება და აზრმოცემულებმა, საღად იწყონ განსჯა. მართალია გვიან, მაგრამ ამჯერად მაინც ირწმუნონ, რომ ადამიანები არიან და არა ბილწთაგან სამართავი უსულო ტიკინები.


გაზეთისაქართველოს სამრეკლო


1998 წელი, თებერვალი.


 


 


***


თქვენ იხარეთ, ოღონდაც


 


მესამე ტკივილიანი აპრილი დაგვიდგა ქართველებს. სიცოცხლის გამახალისებელი, ახასხასებულ აზურმუხტებული თვე გულს გვიმძიმებს და სევდით გვთრგუნავს, იმ საზარელ განთიადს გვახსენებს. დილა მზიანი იყო, მაგრამ ქართველთათვის დაბნელებული და შემაძრწუნებელი, ამაყი სულისა და გენის, მდაბიო და ბინძური წარმონაქმნისაგან ხელყოფილი. 9 აპრილი წამებული საქართველოს, ტანჯული მაგრამ დაუმორჩილებელი დიდბუნოვანი ქართველი ერის ტრაგიკული ისტორიის სისხლში გავლებული ფურცელია. მასზეა ჩამოწერილი ყველა ის სისხლდანთხეული, უჯიშოებმა და ჯალათებმა თვალწინ რომ ამოგვიხოცეს. ფიზიკურად მოგვისპეს მშვენიერი მანდილოსნები და ასულები, გულადი ვაჟკაცები და ჭაბუკები. თუმცა, მათს მებრძოლსა და სპეტაკ სულებს ვერაფერი დააკლეს, რადგან ბოროტი და ეშმაკი ვერასდროს დაჯაბნის კეთილსა და ანგელოზს. სამშობლოსათვის თავდადებულნი უმალ ზეცად ამაღლდნენ, კუთვნილი ადგილი ჰპოვეს წმინდა სასუფეველში.


…. მშვიდი ღამე იყო. ყველანი ერთად ვიყავით, გულანთებულები და აფორიაქებულები, ყველას ერთი ოცნება გვქონდა სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მერე უსინათლო გოგონამ შავლეგო წამოიწყო, ბევრი აჰყვა, ცეკვაც გაჩაღდა. რა ბედნიერები ვიყავით , უამრავი აციმციმებული სანთელი უფრო მეტად გვინათებდა, გვიწმინდავდა სულსა და გონებას.


ვიღაცამ დაიძახა ტანკები და ჯარისკაცები მოდიანო. არ შევდრკით, ან კი ვისი უნდა შეგვშინებოდა, ჩვენ ხომ ლოცვითა და ცეკვა სიმღერით ვამბობდით მთავარ სათქმელს. ვიფიქრეთ, დაუპატიჟებელნი და უსურველნი მალე გაგვეცლებოდნენ, თავს დგვანებებდნენ. მაგრამ, ეშმაკი და სატანა ადვილად როდი ამარჯვებინებს ანგელოზსა და წმინდანს. დასაწყისში ხომ ყოველთვის ბნელი და ბოროტი ჯაბნის სინათლესა და კეთილს. ის განთიადი რაღად იქნებოდა გამონაკლისი, მითუფრო ჩვენთვის, მრავალგზის ნატანჯ-ნაგვემი ქართველებისთვის.


და დაგვერივნენ სისხლის მხვრეპელნი ბასრი ნიჩბებითა და მხუთავი გაზით, უმოწყალოდ გვჩეხეს, სწრაფად მომაკვდინებელი შხამი გვასხურეს.


ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდა. თუმცა, ისეთი რა უნდა გითხრათ, ბევრი ხომ თავათ იყავით მხილველი იმ ბარბაროსული, კაცთმოძულე ქმედებისა, მთლიანად საქართველომ და ჰუმანურმა მსოფლიომ კი ვიდეოჩანაწერით არაერთხელ იხილა ენით აუწერელი საშინელება. სხვადასხვა ასაკის ადამიანებმა იქ დავასრულეთ მიწიერი არსებობა, უამრავი კი შხამიანი გაზით მოიწამლა. სხვა მეტი მანდაური ვერაფერი გავიგეთ და დავინახეთ, რადგან ზეციურ სამყაროში ავმაღლდით, სულიერ სასუფეველში დავიმკვიდრეთ სამყოფელი.


ზეცად ამაღლებულთა მზერა უპირველესად საყვარელი მამულის, სისხლიანი რბევის ადგილს მისწვდა. გულსაკლავი სანახავი იყო ტრაგედიის ადგილი, დამპყრობლის ავტომატმომარჯვებული პირქუში და უგულო ჯარისკაცები დაპატრონებოდნენ იქაურობას, საზარელ დუმილს მოეცვა სისხლდანთხეული მოედანი და გადაქელილ გავერანებული გამზირი. მერე დედა ქუჩას გავაცილეთ მზერა და ვაი თავო ჩვენო, უფრო მეტად დაგვეცა თავზარი მთელი საქართველო აფოფრილიყო და მოთქმით დაგვტიროდა დაღუპულებს, ცრემლი სდიოდა დიდ პატარას, დამბლადაცემული იყო და გაოგნებული ქართველობა. იმ ღამეს არავის ეძინა საქართველოში. მეორე დღეს ყვავილებით დაიფარა სისხლით მორწყული მოედანი, ძაძებში გაეხვივნენ ქართველები, მოწამლულებით გაივსო საავადმყოფოები, კომენდანტის საათი ნაადრევად აუკაცრიელებდა მგლოვიარე დედაქალაქს. მაშინ კიდევ რამდენიმე ქართველი ემსხვერპლა ამ არაადამიანურ წესს, ვერა და ვერ დაიცხრეს ჯალათებმა სისხლის წყურვილი.


უდიდესი პატივი მოგვაგო ერმა, დამახასიათებელი თავშეკავებითა და განუზომელი მწუხარებით მიაბარა ჩვენი ნეშტები ცრემლით გაბანილ მადლიან მიწას. ყველაფერს ვხედავდით, ყველაფერი გვესმოდა, მაგრამ ზეცად ამაღლებულებს არ შეგვეძლო სამადლობელი შემოგვეთვალა დამწუხრებული ერისთვის. იმითღა ვინუგეშეთ სულნი ჩვენი, რომ ვიცოდით, მომხდარით საბოლოოდ გამოღვიძებული ქართველობა, აღარ დაიცხრობდა ადუღებულ გონებას და ახლა მაინც აღარ დათმობდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის მოახლოებულ შესაძლებლობას. ჩვენდა გასახარად, აგვიხდა სურვილი. ხალხი სწორი და მართალი გზით წავიდა, ანდა სხვანაირად რად მოიქცეოდა, როცა წინამძღოლებად ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ჰყავდათ. თუმცა, ბნელი ძალებიც არ მოეშვნენ, არც მათ დაიკრიფეს გულხელი, იცოდნენ ახლა უფრო მეტად მართებდათ ქართველთათვის ფეხის დადება და ზურგში მახვილის ჩაცემა, ძმათა წაკიდება, თავის მიწაზე შეფარებული და სითბოგანაწილებული უცხო ტომების დაპირისპირება. ასე დაიწყო ქვემო ქართლის აშლა. ისევ დაიხოცნენ ქართველები და ისინი ჩვენ სულთა საძმოს გულსატკენ ნამატად გადაიქცნენ, ნამდვილად არ გვინდოდა ამგვარად ზრდა და მატება. მაგრამ, სულთა შფოთვაღელვაზე და სურვილზე არ იყო ეს დამოკიდებული, თურმე უფალი კვლავაც გვიმზადებდა განსაცდელსა და საწუხარს.


 


აფხაზეთის ჯერი დადგა. ზეციდან დავყურებდით სოხუმში დატრიალებულ უსამართლობას, დავინახეთ მართალ ქართველთა სიკვდილი და ჩვენი კვნესავარამი უხმოდ ჩაინთქა ერის მორიგ გოდებავაებაში. ისევ გაიზარდა ჩვენი სულების საძმო. მაგრამ, მაინც არ ვიქეცით ჯაბნებად, ხელი არ ჩავიქნიეთ.


 


რა ვიცოდით, რაოდენ დიდი, უზომო უბედურება გველოდა თურმე ოქტომბრის იმ შავსა და მოღუშულ დღეს, მეხი დაატყდა სრულიად საქართველოს იბერიელთ მერაბ კოსტავა გამოეცალათ ხელიდან. ისევ წამოვიდა ცრემლის ნიაღვარი, ისევ გაეხვივნენ ძაძებში ქართველები. ვხედავდით, გვესმოდა როგორ ხარობდნენ შინაური თუ გარეული მტრები ჩვენს ურვასა და დაღონებაზე, ფიქრობდნენ, ახლა მაინც დავეცემოდით, გავნადგურდებოდით. მაგრამ, პირიქით მოხდა, უზომო მწუხარებამ კაჟივით გაამაგრა ხალხი და ერთად შეაკვრევინა პირი, უფრო მეტად გაუღვივა სურვილი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენისა. დავყურებდით სათაყვანებელი ერისკაცის წმინდა სავანეში დაკრძალვას და უდიდეს ტკივილთან ერთად, მხურვალე ლოცვას ვუგზავნიდით ერს, უმძიმესი დარტყმის ამგვარად მონელების, შეკვრა შეკავშირების გამო. მას მერე ჩვენთან არის ეროვნული გმირის სული, გვწინამძღოლობს და გვამხნევებს, გაუნელებელი ლოცვა კურთხევით აღვავლენთ მხურვალე სურვილს, უმთავრეს ვედრებას უფლისადმი მალე გადმოგვახედოს თავისუფალ, საკუთარი თავის ბატონპატრონ იბერიაზე. მალე იქნებაო, გვარწმუნებს წინამძღოლი, ისევ ლოცვა ვედრებისკენ მოგვიწოდებს და ყველანი ქართველთა შეკავშირებასა და თანხმობის დამყარებას ვნატრობთ.


 


მაინც გრძლად, დამღლელად გვეჩვენება ქართველთა სანუკვარ მიზნამდე მისაღწევი გზის გასავლელი დრო. თუმცა, დღემდე კარგა გვარიანი მანძილია გავლილი, მაგრამ ვაი, რომ იგი ეკალძეძვიანია, ცრემლითა და სისხლით დამბალი. მისი გავლისას წარმატებაც იყო და სიხარულიც, მაგრამ მარცხი და ტკივილი მაინც სჭარბობდა. დავყურებდით და სული გვინათდებოდა შეკავშირებულებს, შეთანხმებულებს რომ გხედავდით, ვიტანჯებოდით და სული გვითრთოდა დაყოფილებსა და დაპირისპირებულთ რომ გიმზერდით. ასეთ შემთხვევაში მომეტებულად ვშფოთავთ და განვიცდით, უზომოა ჩვენი წუხილი და ტანჯვა. ნეტავ იცოდეთ როგორ გვტკივა, როგორ გვანადგურებს თქვენი უპირობა და შუღლი, განზე ყურება და ერთმანეთზე აუგის თქმა.


 


ყველაზე დიდი სიხარული შარშან, ოქტომბერში დაგვეუფლა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გადავიტანეთ ის ბედნიერი და ნანატრი დღე. თუმცა, რას ვამბობთ, რატომაც ვერ უნდა წარმოიდგინოთ, განა თქვენ არ იყავით შემქმნელნი მისი? როგორც იქნა ქართველებმა ხმამაღლა, დაუფარავად, თავისუფლად თქვეს და გააკეთეს უმთავრესი საქმე ღირსეულთ და სასურველებს ჩააბარეს სამშობლოსა და ერის ბედი, მომავალი. წინამძღოლობაც დიდებულ ერისკაცს მიანდეს, თანამოსაქმეებიც საიმედონი და სასურველნი მიუჩინეს.


 


გავიხარეთ, გავლაღდით, თვალში გამოვიხედეთ, თუმცა ბედკრული სამშობლოს ბედის მცოდნეებს მაინც შიში გვქონდა, კვლავ ტკივილისა თუ უსიამოვნების მიყენებისა. და აკი არც გვიმტყუნა უხილავმა ქვენა გრძნობამ. საქართველოს უძველეს კუთხეში დანთებული ცეცხლის მწარე კვამლმა შეგვაღონა ამჯერად. უმადურმა, სულგაყიდულმა, ჩვენი გულის სითბოთი და ადამიანურობით ნაბარტყევ მომრავლებულმა ოსებმა ენით უთქმელი უბედურება დაატრიალეს. უკვე მერამდენე თვეა ვუყურებთ ქართველთა ძნელად მოსათმენ აწიოკებას, რჩეულ ვაჟკაცთა უმოწყალოდ ხოცვას, ველურად და მუხანათურად ანგარიშის გასწორებას, ჩვენი ხალხის აყრასა და ოსების უადამიანობით სულშეძრულებს ძალზე გვიჭირს დამშვიდება, გონიერების მოხმობა. მაგრამ, ახლა თითქმის გვიბრუნდება საღი განსჯის უნარი, ისევ ჩვენი ხალხის სიბრძნის, თავშეკავების, გონიერებისა და ჭკვიანური მოქმედების იმედი გვაქვს. განა ვის უნდა ვუმტკიცოთ, რომ მართლები ვართ და სწორედ ვიქცევით, ყველაფერი ხომ თვალნათლივა ჩანს. მოსკოვიდან წამოსულ სისინსა და დაუშურვებლად ბოძებული იარაღის ხმარებას სულ მალე ქართული ჭკუა, ღონიერი მარჯვენა დაასამარებს, იბერიელთა მოთმინებასაც თავისი მიჯნა გააჩნია. სამარდისო დიდება სამაჩაბლოსთვის თავდადებულ ვაჟკაცებს, მათი სულები ახლა ჩვენს ლაშქარს არიან შემოერთებული და აფორიაქებული დასტრიალებს მამულის, ერის, ბედიღბლის ხვალინდელ დღეს.


 


მომეტებულად მოგვეძალა ფიქრი და დარდი მარტის ბოლო დღეებში. ან კი რა დაგვამშვიდებდა, ქართველებს ხომ უდიდესი გამოცდის ჩაბარება ელოდათ მათ ოფიციალურად, მტკიცედ უნდა განეცხადებინათ სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენაზე.


 


მზერაგამხვილებულები დავყურებდით, სულგანაბულები ვუსმენდით იბერიას 31 მარტის გარიჟრაჟიდან საღამომდე. გვიხაროდა, ვნატრობდით ქართველთა, მათს მიწაზე მცხოვრები სხვა ერების მიერ თანხმობის ერთსულოვნად, მხურვალედ გამოხატვას. როგორი ბედნიერები ვიყავით თქვენთან ერთად, ზეცად ამაღლებულები. ეს ხომ უდიდესი მოვლენა იყო, დაჯერებით გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯი საბოლოო მიზანთან და სურვილთან მიახლოებისთვის.


იმისი იმედიც მოგვეცა, რომ განზე გამდგარნი და ალმაცერად მომზირალნიც შემობრუნდებიან, მხარს გაუსწორებენ, თანხმობას მისცემენ ქართულ პარლამენტს, მის თავკაცებს. გვჯერა, საბოლოოდ დარწმუნდებიან მხოლოდ ამგვარად მოქმედების სისწორესა და აუცილებლობაში. რომ მხოლოდ ერთად ყოფნით, ერთი აზრით, მიტევებითა და ურთიერთსიყვარულის გამჟღავნებით დადგება დღე ნეტარი და სანატრელი.


 


ისევ დადგა 9 აპრილის განთიადი საქართველოში. სევდა მოგვეძალა ზეცად აღვლენილებს, უფალმაც თანაგვიგრძნო და მზე არ გააკარა იმდღეს იბერიას, თუმცა რა ვიცოდით, თურმე რაოდენ დიდსა და განუზომელ ბედნიერებას გვიმზადებდა. იმ დილით შეკრებილმა ქართულმა პარლამენტმა წინამძღოლის წინადადებით უმთავრესი გასაკეთებელი აღასრულა საქართველოს დამოუკიდებლობა აღსდგა. დარბაზში ატეხილმა ტაშისცემამ და შეძახილებმა შეგვძრა. ნეტარებით ატირდა ცად ამაღლებული ყველა ქართველის სული და სწორედ ჩვენი ცრემლები იყო, იმ დღეს გაუჩერებლად რომ აწვიმდა საქართველოს. დავყურებდით ყვავილებსა და ქართველებში ჩაძირულ ჩვენი აღსრულების ადგილს და ხმას ვუერთებდით აქაური წინამძღოლის, ლომგულ მერაბ კოსტავას ღმერთისადმი აღვლენილ ვედრებას სამშობლოს გადარჩენაზე, ქართველთა ერთიანობაზე.


 


იყავით ერთად, ხმა და ძალაგაერთიანებულები დადექით მამულის დასაცავად, სისხლიანი მარწუხებიდან თავის გამოსახსნელად, იბერიის სამარადჟამო გასაბრწყინებლად. ჩვენ კი ტანჯულნი და წამებულნი, მაგრამ მაინც ნეტარნი და ზეცად ამაღლებულნი, ჩვენსას გავაკეთებთ, ზეციურ ფარად დავეფარებით მრავალტანჯულ სამშობლოსა და უდრეკ ერს, ლოცვა ვედრებას არ მოვაკლებთ ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყანას, მის მკვიდრთ, მათს ჭკვიანსა და უშიშარ წინამძღოლ ზვიადს. იარეთ იმ გზით, რომელსაც იგი ადგას ის თავისუფალ საქართველოსთან მიდის.


 


ეს არის ჩვენი გაუნელებელი ფიქრი, მალე ასახდენი ოცნება. თქვენ იხარეთ ოღონდაც, იბედნიერეთ სამშობლოს თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით, იბერიის გაბრწყინებით და ჩვენს ნაგვემ ნაიარევ სულს, ნებით შეწირულად ჩავთვლით. ალალი იყოს და უყვედრებელი.


1991 წელი, აპრილი


 


 


 


 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s