Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ცრუნი. “პოეტი-დირექტორი-ვანგა”

გელა ჯიღაური

ცრუნი

 

“საქართველოს ტელევიზიის” სადღეისო საქმიანობას მხოლოდ ერთი სიტყვა-უარყოფითი მიესადაგება, რომლის მიღმაც ამისი დამადასტურებელი ბევრი მიზეზი და ფაქტი ფიგურირებს. თავი დავანებოთ მის მწირ, ლამის ქვის ხანის დროინდელ ტექნიკურ აღჭურვილობას, უკიდურესად დაბალ პროფესიონალიზმსა და უვიცობას, უგემოვნებას, რუსეთის ტელევიზიის გადაცემებთან მიმსგავსების პრიმიტიულ მცდელობასა და მთავარზე ვთქვათ – იმ შემზარავ, დამღუპველსა და სამარცხვინო სიცრუეზე, ტყუილსა და სიყალბეზე, ასევე სამარცხვინო შეუპოვრობითა და მოუღლელობით რომ აფრქვევს. ეთერიდან მოვარდნილი ჭუჭყისა და სიბილწის ამ ნიაღვარს მხოლოდ ერთი დანიშნულება გააჩნია – ძირფესვიანად მოთხაროს, საბოლოოდ მოახრჩოს მართალი სიტყვა და პატიოსნება, სინათლე და სითბო, სიყვარული… ამიტომაც არის, რომ ქართულ ტელევიზიას მაყურებელი და მსმენელი თითქმის აღარავინა ყავს. პატიოსანი ადამიანები, ჭეშმარიტი მამულიშვილები სახადივით ერიდებიან მტრად მოკიდებულ ამ სადეზინფორმაციო საშუალებას და ისედაც გაუსაძლის ყოფას, კიდევ უფრო არ იმწარებენ საგანგებოდ შემზადებული საეთერო სამსალით. თუმცა ჩვენდაუნებურად, გაუთვალისწინებელ გარემოებათა თუ შემთხვევათა გამო, ხანდახან მაინც გვიწევს ხოლმე ეკრანიდან მოვარდნილ სიცრუესთან შეჩეხვა და გუნება-განწყობილების გაფუჭება. წერილში სწორედ ხასიათის წამხდენ შემთხვევით ნანახ-მოსმენილ ერთ ასეთ ეკრანულ მწარე “ინექციაზე” გვსურს გაუწყოთ.

22 მაისს, “საქართველოს ტელევიზიამ”, გადაცემა “პარლამენტის საათი” შემოგვთავაზა. მისი ერთი სიუჟეტი “პარლამენტის ვიცე-სპიკერ” რ. ბერიძესა და “პარლამენტარ” მ. ჩილინგაროვას (გიგინეიშვილს) დაეთმო, რომლებიც თურმე ახალი დაბრუნებულები გახლდნენ ბელგიაში “საქმიანი” სტუმრობის შემდეგ, სადაც ფრიად მნიშვნელოვან თავყრილობაში – ევროსაბჭოს სხდომებში მიეღოთ მონაწილეობა. ცხადია, პირველი სიტყვა “ვიცე-სპიკერს” ხვდა. და მანაც, საბჭოური ეკონომიკური გეოგრაფიის მასწავლებლისთვის დამახასიათებელი სქემით “გაგვათვითცნობიერა” დასახელებული საბჭოს შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაში. შემდეგ კი “მთავარზე” გადავიდა და სივრცეში მომზირალმა, სახეზე ნათელფენილმა, უკვე უშუალოდ “გაკეთებულ-მოგვარებულ” საქმეზე “გვახარა”. თავი და თავი კი ამ არნახული “წარმატებისა”, თურმე სხდომის მონაწილეთაგან მოწონებული მისგან წარმოთქმული “საანგარიშო მოხსენება” გამხდარა.

ქალბატონ “ვიცე-სპიკერის” გამოსვლიდან შევიტყვეთ, რომ მოხსენებით გამოსულს “არაფერი დაუმალავს, არაფერი შეულამაზებია” და სხდომის მონაწილეთათვის “აბსოლუტური სიმართლე” უთქვამს: რომ თურმე, ხანგრძლივი კრიზისისა და პარალიზების შემდეგ, “სახელმწიფოს თავკაცთა მოუღალავი განსჯით, ფიქრით, მცდელობითა და მოქმედებით, ბოლოხანს როგორც იქნა ნავსი გამტყდარა” და წინა ხელისუფლებისგან “გზას აცდენილ-გავერანებულ-დაქცეული” ქვეყნის გადარჩენის “საიმედო ნაბიჯები” გადადგმულა. რომ თურმე, ბოლო არ უძევს საქართველოში უცხოელი “ინვესტორებისა და ბიზნესმენების, ფინანსისტებისა და ბანკირთა სტუმრობას, რომელთა სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრები და მოლაპარაკებები, უდიდეს იმედებს გვინერგავენ უმძიმესი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად”. რომ თურმე, ქვეყანაში სულ “უფრო აშკარად საგრძნობი ხდება საერთო მდგომარეობის სტაბილიზება”. რომ თურმე, “თავისუფალი და დამოუკიდებელი” საქართველო მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიკაფავს გზას “დემოკრატიისკენ”. ერთი სიტყვით, ხანგრძლივი უკუნეთისა და სიბნელის შემდეგ, როგორც იქნა “მართლა გამოჩენილა” ნანატრი სინათლის სხივი, ნანატრი გვირაბის ბოლოს.

საუბრის დასასრულს, “ვიცე-სპიკერმა ეროვნული ღირსებისა და თავმოყვარეობის” სიმები შეგვირხია და კიდევ უფრო სახენათელმა და გრძნობამოჭარბებულმა გვამცნო იმ დიდსა და განუზომელ ბედნიერებაზე, უნაპირო სიხარულსა და სიამაყეზე, რაც “პარლამენტარ” მანდილოსნებს ბრიუსელში გამართულ კონცერტზე, ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების, ქართველი დირიჟორის ხელმძღვანელობით შესრულებისას ხვდათ წილად.

აი, ასეთ ნათელ ფერებში დაგვისურათა “ვიცე-სპიკერმა” ევროსაბჭოში სტუმრობა და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის “აღმავლობის” გზაზე შემდგარი სამშობლოს საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაცნობა. ოდნავადაც არ გვეპარება ეჭვი, რომ “ხელისუფლების” წარმომადგენელი ქალბატონი, ღრმად არის დარწმუნებული დასახელებული სატელევიზიო გამოსვლის სიმართლესა და სისწორეში, რომ მისგან ბრიუსელში თქმულმა “სიმართლემ” სამომავლოდ გასაკეთებელ “დიდ საქმეს” დაუდო დასაბამი. რომ გადაცემის მსმენელებმა, ნამდვილად დაიჯერეს ეკრანიდან მოსმენილი და იმ ღამით უწყინარი, მშვიდი, სახვალიო ბედნიერი და იმედიანი მომავლის დადგომის ძილით დაიძინეს.

სამაგიეროდ, ჩვენ ვერ დავუჯერებთ რ. ბერიძეს, ვერ ვირწმუნებთ მის გულწრფელობას, ბრიუსელში თქმულსა და ნამოქმედარს ვერ ჩავუთვლით არა თუ სასიკეთო, რიგით საქმედაც კი, რადგან “ხელისუფლებაში” მყოფმა, ჩვენგან – რიგითებისგან განსხვავებით, ბევრად მეტი იცის იმ კატასტროფულ მდგომარეობაზე, რომელიც სადღეისოდ არის შექმნილი საქართველოში. სინამდვილის შეგნებულად გვერდის ავლა და დამალვა, შავის თეთრად გასაღება, სიმართლის განგებ მიჩქმალვა და დაფარვა კი ნამდვილად დასაგმობი ქმედებაა, რომლის მომქმედს პატიოსანი და მართალი ხალხი ოდითგან მატყუარას, ცრუს ეძახის. დიდად საინტერესოა, თუ რას გულისხმობდა “ვიცე-სპიკერი” საქართველოს სასიკეთო მდგომარეობისკენ შემობრუნებაში, სტაბილიზაციისა და აღმავლობის გზაზე გასვლაში? ალბათ საზღვრებმორღვეულ, დაფლეთილ-დანაწევრებულ-გაყიდულ-გაჩუქებულ, რუსული იმპერიის ხელახლად უღელდადგმულ, ოკუპირებულ, დამპყრობლის სამხედრო ბაზებით მოფენილ, მტრისგან გადათელილ-გაპარტახებულ ქვეყანას, მის პატივ-ღირსება-უფლებააყრილ მოსახლეობას, ეროვნული ხელისუფლების დამხობის მერე მის მხარდამჭერთათვის მოწყობილ სადამსჯელო ლაშქრობებსა და იარაღით მოსული “ხელისუფლების” მიერ განხორციელებული სისხლიანი გადატრიალების დროს დაღუპულ ათეულ ათასობით ადამიანს, უსახლკაროდ დარჩენილ, დამცირებულსა და შეურაცხყოფილ სამას ათას ლტოლვილს, ქვეყნის შრომისუნარიანი მართალი მოსახლეობის ოთხმოცდაჩვიდმეტ პროცენტ უმუშევარს, თვეობით უხელფასოდ მომუშავე დანარჩენ “მოსამსახურეებს”, უამრავ მოშიმშილეს, სნეულსა და მათხოვარს, საგანგაშოდ მომრავლებულ ნარკომან და ზნედაცემულ ახალგაზრდობას, თავის გადასარჩენად უცხოეთში გადახვეწილ-გახიზნულ, ყოვლად შეუფერებელსა და სამარცხვინო, დამამცირებელი სამუშაოებით დასაქმებულ ქართველებს, ქვეყნის უკიდურესად დამბლადაცემულ ეკონომიკასა და მთლიანად მოშლილ მეურნეობას, უკლებლივ ყველაფრის გაუგონარ სიძვირეს, ბიზნესად მონათლულ გულისამრევ, არაფრის მომცემ წვრილმან ვაჭრუკანობას, გაუგებარსა და დამღუპველ პრივატიზაცია-ვაუჩერიზაციას, “კონსტიტუციაზე მუშაობას, არჩევნებისთვის” მზადებასა და სხვა მრავალს.

არა გვგონია, ბრიუსელში გამართული ევროსაბჭოს იმ თათბირის გამოცდილსა და მცოდნე მონაწილეებს უკლებლივ ყველაფერი დაეჯერებინათ “ვიცე-სპიკერის” მოხსენებიდან, ყველაფერზე თავი დაექნიათ, დასტური განეცხადებინათ და ერთი სული ჰქონოდათ, სანამ კრიზისიდან “უკვე თავდაღწეული” ქვეყნის წარმომადგენლებს, დახმარების ზეშეღავათიან წინადადებებს შესთავაზებდნენ.

შეუძლებელია თათბირის მონაწილეები საქართველოს თავს დამტყდარი უბედურებისა და ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გამო მომხსენებლებისთვის დასმული კითხვების უპასუხოდ დატოვებას დასჯერებოდნენ. არაფრად ჩაეგდოთ მათი საბჭოს მიერ, გაჩანაგებულ-გაძარცვული ქვეყნის დასახმარებლად გადაცემული, ქარს გატანებული და უგზო-უკვლოდ მიჩუმათებული ათეულ მილიონობით ეკიუ. განა ჯერ კიდევ ყოფილი ვიცე-პრემიერი რ. გოცირიძე საჯაროდ არ აცხადებდა (თანაც რამდენჯერ), რომ ვერაფრით დაედგინათ, რაში მოეხმარებინათ ევროსაბჭოს მიერ გამოყოფილი სამოცდაათი მილიონი ეკიუ. მერე კი იმ ვაიფინანსისტ-ეკონომისტის “სამოღვაწეო” ასპარეზიდან აბარგების შემდეგ, იმ თანხაზე აღარავის დაუძრავს კრინტი. ამას გარდა, ევროსაბჭომ კიდევ რამდენჯერმე გადმოურიცხა მილიონობით ეკიუ ჩვენს ქვეყანას, თუმცაღა უცნობია და დაფარული მათით “გაკეთებული” საქმეები.

სიმართლე უნდა ვთქვათ და ტელესაუბრის დასაწყისში, ევროსაბჭოს დანიშნულებისა და საქმიანობის გაცნობისას, “ვიცე-სპიკერმა” მათემატიკური სიზუსტით გვაუწყა დახმარებისთვის გამოყოფილ ზემოხსენებულ თანხებზე, მათს მოხმარებაზე კი რატომღაც იყუჩა. ალბათ, ერთგვარ უხერხულობად და უადგილოდ მიიჩნია თავიდანვე ტყუილის მოხლა, რადგან მერე ბევრზე ბევრი სიცრუე უნდა გაესაღებინა სიმართლედ, სასოწარკვეთილი და გამოუვალ მდგომარეობაში ჩაცვენილი ადამიანების “დასაიმედებლად”, ბედნიერი მომავლის დადგომის მოლოდინის “გასახანგრძლივებლად”. ეს ალბათ თვით რ. ბერიძის ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარეობს. წლეულს, გაზეთში “ალია საქართველოდან” თებერვალში გამოქვეყნებულ ინტერვიუში დასმულ შეკითხვაზე, თუ როდის და რატომ მიმართავს ტყუილს, გულახდილად პასუხობს:”მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ვინმეს გამხნევება, დაწყნარება და დამშვიდება მინდა”…

ამჯერად, ნამდვილად ვერ დავიჯერებთ “ვიცე-სპიკერის” ხასიათის ამ ნიშანთვისების გამოყენებას თანმოყოლილ სასურველ, აუცილებელ დადებით შედეგიანობას. პირიქით, იმ საღამოს ტელეეკრანიდან ნათქვამმა გაშიშვლებულმა სიცრუემ და აშკარა ტყუილმა, თვალნათლივ დაგვანახა ბრიუსელში მივლინებულისთვის მიცემული დავალების არსი და დანიშნულება, რომლის შესრულებაც ყველანაირი ხერხითა და ფორმით გახლდათ აუცილებელი. ამიტომაც გვინდა ვუთხრათ მისიამოთავებულ “ხელისუფლების წარმომადგენელს”, რომ მისგან იმ საღამოს ტყუილისა და სიცრუის მრავალგზის მოხმობამ, კიდევ ერთხელ წარმოგვიჩინა ფაქტობრივი ხელისუფლების უსუსურობა და უძალობა, ხავსს მოკიდებული, უილაჯოდ რომ ცდილობს ფონს გაღწევას. სხვანაირად რომ ვთქვათ, “ვიცე-სპიკერის” ტელეგამოსვლამ მამლის ნათქვამი გაგვახსენა: “მე ვიყივლე და გათენდება თუ არა, ჩემი საქმე არ არისო”…

ჯერი ბელგიის დედაქალაში შემდგარ ფორუმზე წარგზავნილ მეორე “დესპანზე”, “მეცნიერ-პარლამენტარ” მ. ჩილინგაროვაზე (გიგინეიშვილზე) მიდგა. მისი ნათქვამიდან გამომდინარე ვიტყვით, რომ ფრიად “საპასუხისმგებლო” მისიადავალებულმა, საკუთარ შესაძლებლობათა ფარგლებში, მეტნაკლებად შეძლო მიცემული დავალების შესრულება, რადგან გამგზავრებამდე, მუშაობისა და მოქმედების საბჭოურ-კომუნისტური წეს-კანონებით დავალებამიცემულ არსებებს, აუცილებლად ჩაუტარებდნენ საჭირო საწვრთნელ მეცადინეობებს, მიეცემოდათ სათანადო ინსტრუქტაჟი და მითითებები იქ სალაპარაკოდ, ძირისძირობამდე გაიცხრილ-გაიფილტრებოდა ევროსაბჭოში წასაკითხი მოხსენებები. ამასთან დაკავშირებით, აუცილებლობად მიგვაჩნია გაზეთ “თავისუფალი საქართველოს” ამაწლის N11 გამოქვეყნებული წერილის “ნორმა ჰელმსი-ტირანიის მფარველი” ორი ადგილის მოყვანა: “საგულისხმოა, რომ მან (ნორმა ჰელმსმა, – გ. ჯ.) თავისი ბარათი ევროსაბჭოში გადასაცემად გაატანა “პარლამენტის ვიცე-სპიკერ” რ. ბერიძესა და “პარლამენტარ” მ. გიგინეიშვილს, რომლებიც მივლინებულნი იყვნენ ბრიუსელში განსაკუთრებული მისიით – როგორმე გაეფანტათ ამ ბოლო დროს ევროსაბჭოში და საკუთრივ ამ კომისიაში (ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომისიაში, – გ. ჯ.) ჩამოყალიბებული აზრი საქართველოში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების შესახებ”.

და კიდევ ერთი ნაწყვეტი ამავე წერილიდან: “ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ქალბატონმა ნორმა ჰელმსმა წერილი მისწერა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისიას, რომელმაც “გამსახურდიასა და მის მომხრეთა საქმის” წინასწარი და სასამართლო ძიების დროს დაშვებულ სამართალდარღვევათა გამო საკმაოდ მკაცრად შეაფასა საქართველოში ამ სფეროში არსებული ვითარება. ქალბატონი ჰელმსი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია – “ჰიუმან რაითს ვოთჩ/ჰელსინკის” ანგარიში ამ საქმის თაობაზე რიგ შემთხვევებში გაზვიადებულია, რიგ შემთხვევებში ყალბი და ხელისუფლებისადმი ოპოზიციური ძალებისგან მომდინარე ტენდენციის გამომხატველი”.

ვფიქრობთ, ყოველივე ამის შემდეგ სრულიად ნათელია და გასაგები ბრიუსელს წარგზავნილებისთვის მიცემული დავალების – იქ სათქმელის მთავარი არსი და დანიშნულება. სწორედ ამ შინაარსისა გახლდათ “მეცნიერ-პარლამენტარის” სატელევიზიო გამოსვლაც. ბუნებრივია, მოსაუბრე “ვიცე-სპიკერის” გაკვალული გზით წავიდა და ყველანაირად შეეცადა ოდნავადაც არ დაერღვია დავალებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

“პარლამენტარის” საუბრიდან შევიტყვეთ, რომ ბრიუსელში გამართულ სხდომაზე იგი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილი მოხსენებით გამოსულა.

 

აღსანიშნავია, რომ მ. ჩილინგაროვამ არც ამჯერად გაუშვა ხელიდან შემთხვევა და კიდევ ერთხელ გვამცნო ფაქტობრივი ხელისუფლების “თავკაცის ამოუწურავ” შესაძლებლობებზე, კიდევ უფრო “დამაჯერებელი სიდარბაისლით” გვაუწყა მისი ინიციატივითა და ძალისხმევით შექმნილ, მსოფლიოში სხვაგან არსად არარსებულ ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტზე, რომლის ფაქტიური, ნამდვილი საქმიანობა-ადამიანთა უფლებების დარღვევა და შელახვა, კარგად გახლავთ ცნობილი მართალი ქართველებისათვის.

ამის შემდეგ “პარლამენტარი” უშუალოდ “საქმეზე გადავიდა და გულახდილად, მისხალ-მისხალ” გაგვაცნო წარმოთქმული მოხსენების შინაარსი. შევიტყვეთ, რომ მასაც “არაფერი დაუმალავს, არაფერი მიუჩქმალავს, ყველაფერი წესითა და რიგით, სათანადო ფაქტებ-მაგალითებით” მოუხსენებია დარბაზში მყოფთათვის, დაწვრილებით უსაუბრია სამაჩაბლოში დატრიალებულ ამბებსა და აფხაზეთის შემზარავ ომზე, ქართველთა სასტიკ გენოციდზე, ადამიანურ უფლებააყრილ ლტოლვილებზე. შეუძლებელია არ შევაქოთ და მადლობა არ მოვახსენოთ მ. ჩილინგაროვას ამგვარი “გარჯისათვის”, საჯაროდ რომ აუწყა ევროპის ძლიერი და განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლებს, აფხაზი და ოსი სეპარატისტებისგან საქართველოში დატრიალებულ უბედურებებზე, მათგან დაზარალებული ადამიანების უფლებების არნახულ დარღვევებზე. სხვა დანარჩენზე კი საყვედური უნდა ვუთხრათ ბრიუსელს წარგზავნილ “დესპანს” სიცრუის იმ ნიაღვრისთვის, ასე დაურიდებლად და დაუფარავად რომ მიუშვა სხდომის მონაწილეებზე.

შინ დავალებამიცემულმა შეგნებულად აუარა გვერდი და არაფერი თქვა საქართველოს ამჟამინდელი “ხელისუფლების” რეჟიმს თანმოყოლილ ადამიანთა უფლებების შემაშფოთებელ დარღვევებზე, კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერი მოსახლეობის მრავალგზის აწიოკება-დარბევებზე, მრავალათასიანი მიტინგების დახვრეტა-დახოცვის ფაქტებზე, პოლიტპატიმრებით ავსებულ ციხე-დილეგებზე, მათს გაუგონარ, აუტანელ დაკითხვა-წამებებზე, უკანონოდ და უსამართლოდ წარმართულ სასამართლო პროცესებზე, უკანონო განაჩენებზე. თუმცა, ეს გასაკვირვი არ არის, რადგან ყველაფერი “მეცნიერ-პარლამენტარ” არსებას სიცრუედ და ტყუილად, ერთობ გაზვიადებულ-გაბერილად მიაჩნია, ზუსტად ისე, როგორც ჰელმსისგან, ბრიუსელში გატანებულ წერილში წერია. ასეა, სული სულსა სცნობს და ხელი ხელსა ბანს. ამიტომაც უწოდა მ. ჩილინგაროვამ, ევროსაბჭოს საქართველოში წარმომადგენელ თანამოზრე ქალბატონ ჰელმსის დარად, საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს ვოთჩ/ჰელსინკის” მიერ საქართველოში დატრიალებული უბედურებების სამართლიან შეფასებას ყალბი და ცრუ, კანონიერი ხელისუფლების მომხრეთაგან მოგონილი.

არა გვგონია სხდომის მონაწილეებს, საქართველოდან წარგზავნილი მეორე მომხსენებლის ცრუ ბრალდებებისთვის ეგდოთ ყური და ერთხმად მოეწონებინოთ მოსმენილი. ალბათ ასეც იყო, რადგან ტელემოსაუბრეს უნებურად მაინც წამოსცდა და “გულახდილ, მართალ” საუბარში მაინც გაჟონა სიცრუის დამჯაბვნელმა სიმართლემ – სხდომის მონაწილეთაგან გამოხატული “წამიერი” უკმაყოფილებისა და უნდობლობის გამო. მაგრამ მისდა სასახელოდ, მალევე ისეთი “გამაქარწყლებელი და დამაჯერებელი ფაქტებით გაუფანტავს და მიუხვრჩია თავდამსხმელთა ის წამიერი შეტევა, ეჭვები და უნდობლობა”, რომ საღამოს გამართულ ვახშამზე, ლამის “მუხლებზე დავარდნილებსა და ქადაგად დაცემულ ცდომილთ, უამრავი საბოდიშო სიტყვა დაუხარჯავთ, გულწრფელი პატიება უთხოვიათ ცამდე მართალი ქართველი” არსებებისთვის. ნათქვამის დასტურად, ევროსაბჭოს საქართველოში სხვა წარმომადგენელი, ბატონი კორბიუ მოიხსენია.

დაე სჯეროდეთ მათ, რომ მართლები არიან და სამართლიან-კანონიერად ირჯებიან. შეუძლებელია, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილებმა მაინც არ იგრძნონ ნათქვამისა და ნამოქმედარის მცდარობა, ოდნავი სინანული მაინც არ განიცადონ ამდენი სიცრუისა და ტყუილის სიმართლედ გასაღების მცდელობის გამო. თუმცა გარეგნულად, მსგავსი არაფერი ეტყობოდათ. პირიქით, გამარჯვებულებისა და უკიდურესად საჭირო საქმის ფრიად საპასუხისმგებლო მისსიის სასურველად მომგვარებლების კმაყოფილი პოზით დაგვემშვიდობნენ. ალბათ, ღრმად იყვნენ დარწმუნებულები “პაეზდკის” წარმატებაში.

სამაგიეროდ ჩვენ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ფაქტობრივი ხელისუფლების სამსახურში ჩამდგართა სამარცხვინო ხერხებით ყოფისა და საქმიანობის მოახლოებულ გარდაუვალ მარცხსა და კატასტროფაში. სხვანაირად არც შეიძლება – ტყუილსა და ფარისევლობაზე, ორპირობასა და სიცრუეზე დაფუძნებული ძალაუფლება დასაღუპავად არის განწირული. მატყუარები და ცრუნი, ბოროტთა დარად, ყოველთვის იქნებიან ძლეულნი სიკეთითა და სიმართლით, პატიოსნებითა და ჭეშმარიტებით.

22 მაისის ხსენებულ ტელეგადაცემაში, ბრიუსელიდან მობრუნებული “დესპანები” კი აშკარად, შეუპოვრად და ურცხვად, უტიფრად ცრუობდნენ. და იყვნენ ცრუნი.

სიცრუე და ორპირობა, ავნებს…

დასრულება ბრძნულად ნათქვამისა “მეცნიერ-პარლამენტარი” არსებისთვის მიგვინდია.

 

გაზეთი “არჩევანი”

1995 წელი, ივლისი

 

“პოეტი – დირექტორი – ვანგა”

 

იზა ორჯონიკიძე თუ პოეტი იყო, 1991-92 წლების სისხლიან გადატრიალებამდე საქართველოში თითქმის არავინ იცოდა. ეს “პატივი” სხვათაგან განსხვავებით, ცოტა ადრე, სამსახურში მერგო, სადაც ზედმეტად თამამი დიაცის მნახველს, მის “პოეტობაზეც” მაუწყეს.

კანონიერი ხელისუფლების დამხობის, პრეზიდენტის განდევნის, ქვეყნის აწიოკება-გაპარტახების, ტერიტორიების დაკუწვა-გაჩუქების, ძმათამკვლელი ომის გაჩაღებისა და გამარჯვების, პროვინციული ფაშიზმის ამოშანთვისა” და სხვა ბევრ უბედურებათა მნახველ-მომსწრე “რევოლუციის გამარჯვებულმა ტრიბუნმა” საწადელს მიაღწია. ცეცხლითა და მახვილით, ნგრევითა და სისხლისღვრით ძალაუფლებადაბრუნებული წითლების მზაკვრულ თვალს არ გამოეპარა მისი ქმედება და ერთგულება, ბოლომდე ამოიცნეს “სამშობლოს თავისუფლებაზე თავდადებულის” სურვილი და გვერდში ამოიყენეს, ოცნების ასრულება აღუთქვეს.

“პროვინციული ფაშიზმის დამმარცხებელმა” მარტო ამ წარმატებით ვერ დაიცხრო ჟინი. მფარველისაგან მხარ-უფლება მიცემულმა, ცნობილ მეცნიერთან ჭიდილი მოიგო და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის სკამის მფლობელი გახდა. ვერც ამ წარმატებამ გაანელა “პოეტ-ხელმძღვანელის” აბობოქრებული სული და კანონიერი ხელისუფლების თანამდგომი ხელქვეითების მუზეუმიდან ლანძღვა-გინებით გამოყრის მერე, არნახული შემართებით გადაეშვა “იმედის საპარლამენტო არჩევნებში” მონაწილეობის მისაღებად. და იქაც იმარჯვა გადირექტორებულმა “მოლექსემ, ამომრჩეველთაგან ხმამიცემულმა და ნდობარგებულმა, დეპუტატის” მანდატი მოიპოვა. ყველაფერი წარიმართა წმინდა წიგნში ნათქვამით: “კეისარს კეისრისაო”. თუმცა, ი. ორჯონიკიძე ამმხრივ გამონაკლისი და გამორჩეული არ გახლავთ. სისხლიანი გადატრიალების უკლებლივ ყველა მონაწილეს ჩაუცვივდა პირში დაზვინული მაგიდიდან ჩამოცვენილი ნამცეცები. მაგრამ, ყველას არ შეერგო ის სასუსნავი: ზოგი თავისით, ხელუხლებელი გაიძურწა ამაქვეყნიდან, სხვებს “ტერორისტებისა და დაუდგენელი ბოროტმოქედების” ტყვიებმა მოუსწრაფეს “დიქტატურასთან” ბრძოლაში გადარჩენილი სიცოცხლე. და გრძელდება დღემდე “უცნობთაგან” გაჩაღებული ანგარიშსწორების სამარცხვინო, პრიმიტიული კამპანია.

“პოეტ-დირექტორ-პარლამენტარს” ამმხრივ არავითარი საფრთხე არ მოელოდა, იგი არც მხედრიონელი გახლდათ და არც ტერორისტული დაჯგუფების წევრი. მაშინდელ “მმართველთაგან” აღზევებული, თავგამოდებით ჩაერთო ქვეყნის “გადემოკრატებისთვის წამოწყებულ საერთო-სახალხო ლაშქრობაში” და თავის საგაზეთო, ტელე თუ საპარლამენტო გამოსვლებში “არავინ დაინდო, ქვა ქვაზე არ დატოვა”. ცხადია, რევოლუციის ერთ-ერთი მებაირახტრის რისხვა უპირველესად მისთვის საძულველ საქართველოს პირველ პრეზიდენტს დაატყდა და მარადჟამს “სიმართლის მთქმელმა და დამცველმა”, ამაზრზენსა და სამარცხვინო ტელეგამოსვლაში, ჩვეული დაუნდობლობით “ამხილა”.

“მე ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მივდიოდი და არასდროს მიტრაბახია. უსამართლობას ვერ ვიტან და … ამიტომ საქართველოს “კაგებეს” ჩემთან პრობლემა არასდროს ჰქონია, ჩემი არასოდეს შინებიათ”, – განაცხადა “ნაპარლამენტარმა პოეტმა-დირექტორმა” გაზეთ “ასავალ-დასავალში” (1997 წ. N 5) გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომლის სათაურიც “სანამ ცოცხალი ვარ, ბატონ ედუარდის გვერდით ვიდგები”, რესპოდენტის ვინაობის ძირისძირობამდე აღქმისა და შეცნობის დამადასტურებელია. ი. ორჯონიკიძისეულ ამ “გულწრფელსა და პირდაპირ” ნათქვამში მკითხველი უმალ ამოიცნობს ბატონ ზვიად გამსახურდიასადმი მისი მოწინააღმდეგეებისაგან წამოსროლილი გამონათქვამის – საქართველოს პრეზიდენტის მდინარის დინების საწინააღმდეგოდ ცურვის – პერიფრაზს. სხვაობა მხოლოდ ერთ სიტყვაშია და ალბათ იმიტომ, რომ სავარაუდოა “პოეტმა-დირექტორმა” ცურვა არ იცოდა. ალბათ ამის გამო მიუყვებოდა ფეხით მდინარის ნაპირს, ცხადია დინების საწინააღმდეგოდ.

ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს “არასწორად” ცურვისათვის მსოფლიოს შავი სამყარო დაუპირისპირდა და ბუნებრივია, “უკუღმა” მოსიარულე ი. ორჯონიკიძესაც არ დაადგებოდა სიკეთე. ავადსახსენებელი კაგებე ხომ სწორედ უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლებსა და სიმართლის მთქმელთ დევნიდა. მარადჟამს უსამართლობის “ვერ ამტან პოეტს” კი, თურმე არაფერს ერჩოდა, ოდნავადაც არ შინებია მისი… ჩვენ კაგებე საზარელ და შავბნელ, დაუნდობელ და კაციჭამია მონსტრად გვყავდა წარმოდგენილი. სინამდვილეში კი მასაც ჰქონია მიტევებისა და მოსიყვარულების, მიჩვევისა და ერთგულ მეგობარ-თანამოსაქმედ გახდომის უნარი. ამიტომაც, ძნელია “პოეტის” ამ ურთიერთსაწინააღმდეგო და აბსოლუტურად შეუსაბამო “აღიარებებს” ვერწმუნოთ. მართლაცდა, ვერაფერს დავუჯერებთ პიროვნებას, რომელიც საცოდავი უსუსურობით, შესაბრალისად უპირისპირდება საკუთარ თავს და საგაზეთო ინტერვიუს ერთ მცირე მონაკვეთში, კორესპონდენტის ნათქვამით: “თქვენზე უამრავი ჭორია გავრცელებულიო”, – გაცეცხლებული, დაუფიქრებლად, ღირსებად მიიჩნევს მანამდე ბატონ ზვიად გამსახურდიას მეუღლის გასალანძღად დასახელებულ თვისებას: “სკანდალური ქალი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე მანანა არჩვაძე გახლავთ”.

ცოტა ქვემოთ კი პრეზიდენტის მეუღლის გამკიცხავი “პოეტი-დირექტორი”, იგივე თვისებით თავს იწონებს და უხარია: “მერე რა თუ სკანდალურ ქალბატონს მეძახიან, ლაჩარს ხომ არა!”

რას მივაწეროთ ი. ორჯონიკიძის ამგვარი წუთიერი ცვალებადობა? გულმავიწყობას რასაკვირველია არა. მანასეზე ნათქვამისა არ იყოს, საგაზეთო ინტერვიუდან აშკარად ჩანს, რომ “ხან ისე და ხან ასე”, მისი არსებობისა და მოქმედების უმთავრესი წეს-კანონია. ამიტომაც აბამს იგი მოურიდებლად და ურცხვად ქოთანს ყურს, მისთვის ხელსაყრელსა და სასურველ ადგილზე, უსამართლობისა და უკანონობის “მოსისხლე მტერი”. თუმცა, მთლად დაუნახავებიც არ უნდა ვიყოთ, რომ ვერ შევნიშნოთ მისი გულწრფელობა და თავმდაბლობა, ინტერვიუში გადაჭრით რომ უარყოფს საკუთარი პიროვნების ვანგად და ნოსტრადამუსად წარმოჩენას. არადა, ეს თავმდაბლობის გამოხატვის მართლაცდა კლასიკური და ერთგვარად გაცვეთილი ხერხია, თორემ საგაზეთო საუბარში არსებული ცალკეული ადგილების წამკითხველებმა ადვილი შესაძლებელია მათზე ძლიერ წინასწარმეტყველად და ნათელმხილველადაც აღიარონ. და რაც მთავარია, “პოეტისთვის” უფლისგან მინიჭებული “მადლი” უბრალო ცხოვრებისეული, ბულვარული წვრილმანების ამოცნობასა და განჭვრეტაში კი არა, არამედ სახელმწიფოსა და ერის საარსებო უმნიშვნელოვანესი, სასიცოცხლო საკითხების, მოსალოდნელი საფრთხისა თუ საშიშროების შეტყობინებაზე იხარჯება.

ნათქვამი ვინმემ შურიანობასა და ცინიკოსობაში რომ არ ჩაგვითვალოს, “პოეტ-დირექტორსა” და სუკის პოლკოვნიკს შორის 1976 წელს შემდგარი საუბრის ერთ მონაკვეთს გაგაცნობთ: “მეც პირდაპირ ვუთხარი – სულ რაღაც ათ წელიწადში სსრკ დაიშლება, საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებს, მაგრამ … თავისუფლებისთვის მზად არ აღვმოვჩნდებით (!) …”. მართალია, “ნათელმხილველი შეცდა და მისგან გამოცნობილი” მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გაცხადდა, მაგრამ განა იგივე ნოსტრადამუსი და ვანგა თავიდანვე ყველაფერს მიზანში არტყამდნენ? წარმატება და სახელი ხომ მოგვიანებით მოდის. ჰოდა, ი. ორჯონიკიძესაც თანდათან გაუძლიერდა მამაზეციერისგან ბოძებული “მადლი, სიბრძნისა და გონიერების” მომატებაც საგრძნობი გახდა, ადამიანთა “შესწავლა-ამოცნობამაც” თავისი გაიტანა და ყველაფერი განკუთვნილ ადგილზე დადგა. ამის შემდეგ წარმოუდგენელი იყო და ცოდვის დადება, ვინმესგან მის ვანგობაში დაუჯერებლობა. ეს რომ სიმართლეა და ყველანაირ ეჭვს მოკლებული, ნათლად დასტურდება “პოეტ-ვანგას” მიერ, მისთვის საძულველი პიროვნების, საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი გამოთქმული იმ “წინასწარმეტყველებით”, ინტერვიუში რომ გვაუწყებს:

“ზვიადმა ლექსების გამოცემა გადაწყვიტა. მისმა პირველმა მეუღლემ “მერანში” მოიტანა. წავიკითხე და პირკატა მეცა. ვუთხარი, არ შეიძლება კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟმა ამისთანა ლექსები გამოაქვეყნოს, შერცხვება-მეთქი. ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ ზვიადი თვითონ მეწვია და გამლანძღა, მეწყინა და გასვლისას მივაძახე – გავა ხანი და შეარცხვენ შენს ოჯახს, სამშობლოსა და საკუთარ თავს – მეთქი. აკი ამიხდა კიდეც…”.

არა გვგონია ყოველივე ამის მერე რომელიმე ურწმუნო თომას რაიმე საწინააღმდეგოს სათქმელად მოუბრუნდეს ენა, სულ მცირე ეჭვიც კი შეიტანოს “პოეტის” ვანგობაში, რადგან დღეს ყველამ იცის მისგან ჯერ კიდევ “როდის განჭვრეტილის მწარე სიმართლეზე” – ბატონ ზვიად გამსახურდიას მიერ “შერცხვენილ ოჯახზე, სამშობლოსა და საკუთარ თავზე”. ესეც არ იყოს, წერილის დასაწყისში ი. ორჯონიკიძე ქართველთათვის უცნობ პოეტად მოვიხსენიეთ და ვაგლახ როგორ “შევმცდარვართ”. “პოეტად დაბადებული”, თურმე ჯერ კიდევ როდის “უკეთებდა რეცენზიას წიგნებს”, უნიჭიერეს ზვიად გამსახურდიას შემოქმედებას აბუჩად იგდებდა და იწუნებდა, სამარცხვინოდ მიიჩნევდა. ამაში არაფერია გასაკვირვი – ზედმეტად თამამების ენას ძვალი არა აქვს. დიდმა ბერნარდ შოუმ ასეთებზე ამომწურავადა თქვა: “ვისაც ყველაზე მეტად უყვარს სწავლება, მან ყველაზე ნაკლები იცის”.

მართალია, “პოეტს-დირექტორს-ვანგას” მოჭარბებულად უყვარს სხვათათვის ჭკუის დარიგება, მითითება და სწავლება, მაგრამ დიდი ირლანდიელის ნათქვამი ი. ორჯონიკიძეზე ნამდვილად არ ვრცელდება. ამისი დამტკიცება კი არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს და უმალ დარწმუნდებით ამაში, თუ ინტერვიუს ჩაუყვებით: “ზვიადი ისეთ საქმეს დაეჭიდა, ისეთი ტვირთი წამოიკიდა, რომელსაც ვერასოდეს მოერეოდა (!)…დეკემბრის ამბები რომ დაიწყო, მთავრობის ტელეფონით გავაფრთხილე გონს მოსულიყო, მაგრამ…

გამსახურდიას ყველაზე დიდი დანაშაული ის იყო, რომ სიახლოვესაც არ იკარებდა იმ ადამიანებს, ვინც მასზე ყველაფერი იცოდა (!)”.

დასანანია, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ყურად არ იღო “პოეტ-ვანგას”გაფრთხილება, ახლოს არ გაიკარა ეროვნულ ხელისუფლებაში პრესტიჟული თანამდებობის მიღების მოსურვილე, მისი “ავან-ჩავანის, ყველა ცხოვრებისეული წვრილმანის მცოდნე” ი. ორჯონიკიძე და აკი ამიტომაც “დაისაჯა”. თუმცა სულ დაგვავიწყდა, რომ ბატონი ზვიადი სიახლოვეს არ იჭაჭანებდა კრიჭაში ჩამდგარსა და ზედმეტად ცნობისმოყვარე, მის პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩამყოფ არამკითხეებს. “პოეტ-დირექტორს” კი თურმე “ბევრი სცოდნია უკარება” პრეზიდენტზე: “ზვიადს ბავშვობიდან ვიცნობდი. მასთან ძალზე თბილი და ნორმალური ურთიერთობა მქონდა”.

და მაინც არ დაიყენა გვერდში პრეზიდენტმა “ახლო ნაცნობი” ი. ორჯონიკიძე, საჭიროდ არ ჩათვალა მისთვის სულ უმნიშვნელო საქმის დაკისრება, რადგან უეჭველია მასაც კარგად ეცოდინებოდა ბავშვობიდან “დაახლოებული პოეტის” ავ-კარგი. მუდამ სიმართლისთვის მებრძოლი, მისთვის თავდადებული პრეზიდენტი გვერდში ვერ ამოიყენებდა სიმართლის ჩამქოლავს. “მივხვდი, რომ სიმართლის თქმით არაფერი იცვლება, უპატიოსნებას ვერაფერს მოვუხერხებ, ჩემი კნავილი სახელმწიფოს ვერ გაასწორებდა”, – ეს “პოეტ-დირექტორის” ინტერვიუში ნათქვამი სიტყვებია.

ეტყობა, კორესპონდენტთან საუბრისას გაახსენდა კატისგან ძეხვის ვერ შეწვდომით გამოწვეული სინანულისა და მარცხის პარასკევისთვის დაბრალება და უსუსურად, შესაბრალისად, იქით ცდილობს თავის დამდაბლებას: “ხშირად მეკითხებიან, რატომ არ დადექი პრეზიდენტის გვერდითო. მე ეს არ შემეძლო. მან გაუსაძლისი სიტუაცია შექმნა. რაც უნდა სამწუხარო იყოს, ეროვნული მოძრაობა დასაწყისშივე შავ სამყაროს დაუკავშირდა, ჭუჭყიანი ფული იშოვნა და ყველა მათგანი საეჭვო სახსრებით სულდგმულობდა. ვინ აღარ დაგვასვა თავზე. აგიჟებდნენ, რაღას არ ეუბნებოდნენ – ბუშზე ჭკვიანი და ნიჭიერი ხარო … მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა”.

ჰოდა, ვეღარ მოითმინა საქართველოს პრეზიდენტის “უხერხემლობითა და უნიათობით შეძრულმა”, ვერაფრით აიტანა მის გარემოცვაში მყოფ “უვიცთაგან” ჭუჭყიანი ფულით სულდგმულობა. საუბარში დასახელებული მისთვის საძულველი პიროვნებებისგან და მათს მსგავსთაგან გამიჯნული, სამშობლოსა და ერის “გადამრჩენი” ლ. შაკიაშვილის, რ. ბერიძის, მ. ჩილინგაროვას (გიგინეიშვილის), ნ. კირთაძის, ნ. დევდარიანის, ქ. დოლიძის, გ. გაბუნიასა და სხვა ოპოზიციონერი “ჟანა დ’არკებისაგან” შემდგარ ამქარს შეუერთდა. ბოლომდე იბრძოლა “ფაშისტური დიქტატურის ამოსაძირკვად”, პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების, თანამოსაქმე-თანამოაზრეთა ქვეყნიდან გასაძევებლად. იწონებდა ხუნტის მიერ მანიფესტანტთა და მომიტინგეთა დარბევა-დახოცვის, სამეგრელოს მრავალგზის მიწასთან გასწორების შემზარავ ოპერაციებს. რაც შეეხება საქართველოში განხორციელებული სისხლიანი სამხედრო გადატრიალების მოსურვილე და ხელშემწყობ, შავბნელ ძალებთან დაკავშირებულ, ბინძურ გარიგებებსა და საეჭვო ოპერაციებში გახლართულ ექს-პრეზიდენტ ბუშთან, ნიჭიერი შემოქმედისა და მეცნიერის, უდიდესი ჰუმანისტის, ტაქტიანი და ბრწყინვალე პოლიტიკოსის, ბატონ ზვიადის შედარებას, იგი აზრად არავის მოსვლია, რადგან უბრალოდ ამისი გაფიქრებაც კი სიშლეგე, ალბათ უფრო დანაშაულია. ამიტომაც, “პოეტ-ვანგას ამ ირონიული” ჩანაფიქრის სიმართლედ გასაღების მცდელობა, წყლის სულელური ნაყვა და შესაბრალისი ცილისწამებაა, უდიდესი ცოდვის დადება და მკრეხელობაა.

ვერც ეროვნული მოძრაობის დასაწყისშივე შავ სამყაროსთან “ჩახუტება აიტანა” ი. ორჯონიკიძემ, ვერაფრით “აპატია” ბატონ ზვიად გამსახურდიას ნდობამოპოვებულებს საეჭვო სახსრებით “სულდგმულობა” და ბუნებრივია, ამგვარ “მტაცებელ-დამნაშავეებთან” ყოფნას, ფაქტობრივი ხელისუფლების “ხათრით”, უცხოეთიდან შემოსული ჰუმანიტარული დახმარებებისა და უზარმაზარი სესხების “ოფიციალური არხებით აღებ-მიმთვისებლებთან” შეკავშირება ამჯობინა. ალბათ ამის გამო გავრცელდა ხმები “პოეტ-დირექტორის” მიერ უცხოეთში სახლის ყიდვის თაობაზე. არ ვიცით, რამდენად მართალია მისი უცხოეთში გაქოხიანების ამბავი, მაგრამ ჭკვიანურად ნათქვამისა: “კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს”, ნამდვილად გვჯერა. თუმცა, ამას ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ყბადადგმულისა და დაჩქმალულ-დაფარულად, მიუღებელი და დასაძრახი გზით შეძენილი სრა-სასახლეებისაგან თუ სხვარამ ულევი ქონებისაგან, ღმერთმა ყველა დაიფაროს.

უგემოვნო, ჭრელა-ჭრულა, ერთმანეთს მიუსადაგებელი ნაკუწებისგან შეჯღანული საბნის პირის მსგავსი დაფანტულაზრებიანი ინტერვიუს ერთ ნაწილს “პოეტი-დირექტორი-ვანგა” თანამზრახველი მეამბოხეებისგან გაჩაღებულ 1991-92 წლების სისხლისღვრას სწირავს: “ნუ გგონიათ, რომ თბილსის ომი ინტელიგენიცამ დაიწყო. არც ზვიადი იყო იმისათვის მზად, რაც მოხდა. მის დაღუპვაში ყველამ დოზირებული როლი ითამაშა.

ასეა თუ ისე, გამსახურდიამ მოაწყო დეკემბრის ამბების პროვოცირება…”

საქართველოს პრეზიდენტის “ოპოზიციონერთა” და ი. ორჯონიკიძისეულ ამ “კლასიკურ” ცილისწამებაზე პასუხის გაცემის არავითარი სურვილი არ გაგვაჩნია, რადგან სიმართლე დიდი ხანია დადგენილია. მართალს ქუდი არასდროს არ ეწვის. “პოეტ-ვანგას” და მის ქუდდამწვარ დაქალ-ძმაკაცებს მხოლოდ ოდითგან თქმულს შევახსენებთ: “ჩემი შენ გითხარიო…”.

ჭკუის სწავლებითა და დარიგებებით, “უტყუარი” წინასწარმეტყველებით მოღლილ “ნაპარლამენტარს” ისევ ავიწყდება კორესპონდენტისთვის ნათქვამი, რომ თავისი კნავილით სახელმწიფოს ვერ გაასწორებდა, უპატიოსნებას ვერაფერს მოუხერხებდა და ინტერვიუს დაღმართს ჩაყოლილი, სრულიად საწინააღმდეგო ხასიათის პიროვნებად, ყველანაირ უპატიოსნება-უსამართლობის წინააღმდეგ ჩახმახშემართულ მებრძოლად წარმოგვიდგება: “როგორ ფიქრობთ, ვინმეზე ნაკლებ პარტიას ვერ ჩამოვაყალიბებდი, სურვილი რომ მქონდეს? მაგრამ არ ვაკეთებ… ზედმიწევნით ვიცი საქართველოში მოქმედი თითოეული პარტიის სულის თქმა, ვინ რითი მოვიდა დღემდე.

კატეგორიულად მოვითხოვ, მომავალი არჩევნებისას ყველა პარტიამ წარმოადგინოს და საზოგადოებას აჩვენოს, თუ რა საშუალებებით ახერხებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.”

მოდით და ნუ მოვუწონებთ ამგვარ “შეუვალობასა და მომთხოვნელობას პოეტ-დირექტორს”. ახლა კი ცხადია და გასაგები, რომ პარტიათა სამზარეულოების ყველა ბინძური წვრილმანის მცოდნე, ვერაფრით იგუებდა მრუდე გზაგამოვლილი პარლამენტარების გვერდით ჯდომას, მათთან ერთად “სახელმწიფოს” ბედ-იღბლის გადაწყვეტას და აკი ამიტომაც ჩამოცილდა “პოლიტიკურ მოღვაწეობას, ისევ პოეტად” დარჩენა და “გადირექტორობა” არჩია.

…”შევარდნაძესთან ახლო ურთიერთობა ჩემ სიცოცხლეში არ მქონია”, – აცხადებს სიბრალულისა და შეცოდების აღმძვრელი სათაურის მქონე ინტერვიუს დამამთავრებელ ნაწილში ი. ორჯონიკიძე. თუმცა, მისგანვე ნათქვამიდან და საერთოდ მოქმედებით აშკარად ჩანს, თუ რაოდენ მოხიბლულია “მსოფლიო რანგის პოლიტიკოსით” და ჩვეული “გულმავიწყობით”, საქართველოს “პრეზიდენტისგან” შორსდგომისა და უცნობობის საწინააღმდეგოს გვაუწყებს: “მთელს საქართველოში ყველაზე კარგად მარტო შევარდნაძემ იცის, რომ მე მივეკუთვნები ისეთ ადამიანთა რიცხვს, რომელთა მართვაც არ შეიძლება”.

ალბათ, ამ შემთხვევაში გულმავიწყობა არაფერ შუაშია, უბრალოდ “პოეტი-დირექტორი” კმაყოფილი გვამცნობს სათაყვანებელი არსების საოცარ უნარს. არც ზოგიერთი გონებადაბნელებულის გამოფხიზლება ავიწყდება და თავგადაკლული იღვწვის დაუჯერებლის დასამტკიცებლად: “ის მეთოდები და ხერხები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ ასწავლა, არასოდეს თავისი ქვეყნისა და ხალხის საწინააღმდეგოდ არ გამოუყენებია!”. თევზისა არ იყოს, ამ შემთხვევაში წყლით პირგავსებულები, კრინტსაც ვერ დავძრავთ…

ჩანს, დღემდე არ განელებია “პარლამენტარ პოეტ-დირექტორ-ვანგას” საქართველოს პირველი პრეზიდენტისგან უარყოფა, უნდობლობის გამოცხადება და შეურაცხყოფილ-განაწყენებული, “უცნობი-შორსმდგომი”, მაგრამ იმავდროულად მისი “ყველაზე კარგად შემცნობი”, საფიცარი პიროვნებისგან გულმოცემული, კიდევ ერთხელ “ბწკენს” საძულველ ადამიანს და თავს გამარჯვებულად მიიჩნევს: “ედუარდი ბინძურ რუსულ პოლიტიკას მთელს მსოფლიოში ყველაზე უკეთ იცნობს. ამიტომ გამსახურდიასავით, მოედანზე არმატურით არ შემოიფარგლა, ეგ არის და რუსეთისგან თავი დავიცავიო”.

ეტყობა, უსასრულო ლაფის სროლითა და სიბინძურის შესხმით, ლანძღვა-გინებით გასავათებულ ი. ორჯონიკიძეს მეხსიერებამ გვარიანად უღალატა, თორემ “ბევრის მცოდნემ” უნდა უწყიდეს, რომ იმ ავბედით დღეებში, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეების მიერ, მომხდური “პოეტისა და ოპოზიციონერებისგან” გასამიჯნად პროსპექტის გარდიგარდმო დაყენებული ავტობუსები, არმატურისგან არ მზადდება. შეიარაღებული ბანდებისგან ალყაშემორტყმული პრეზიდენტის მომხრეები, ძალიანაც რომ სდომებოდათ, არმატურას ვერსად იშოვნიდნენ და იქ ვერ მიიტანდნენ მის შემოსაფარგლავად. სამაგიეროდ, “ნაპარლამენტარის” სულიერ-ხორციელმა და-ძმებმა იშოვნეს ბლომად არმატურა, რკინა-ბეტონის ბლოკები, საკანალიზაციო მილები, ყველანაირი ნაგავი და რამდენიმე ადგილას გადახერგეს დედა-ქუჩა. რაც შეეხება ბატონ ზვიადისთვის რუსეთისგან თავის დაცვის თაობაზე წაყენებულ “ბრალდებას”, საამისო ნამდვილად არაფერი სჭირდა და არც უფიქრია ამაზე. პირიქით, შეშინებულმა და საგონებელში ჩავარდნილმა სისხლიანი იმპერიის მმართველებმა ყაზბეგში, საქართველოს პრეზიდენტისგან შეთავაზებულ თანასწორუფლებიანი, კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების წინადადებას, განაწყენებული წითელი ქართველების მიერ განხორციელებული სამხედრო გადატრიალებით უპასუხეს. და დღეს, დამპყრობელი რუსის ჩექმა, ადრინდელთან შედარებით კიდევ უფრო მეტი დაუნდობლობით ჯეგავს ქართულ მიწას, აბუჩად იგდებს იბერთ ქვეყანას, ხარბად იტაცებს მის ძველთაძველ ტერიტორიებს და ბარბაროსულად ანადგურებს იქაურ მკვიდრ მოსახლეობას.

სისხლიანი იმპერიის არაადამიანური ქმედებების მნახველი, ამერიკაში გაწვრთნილი ურიცხვი დამცველებით შემოსალტული “თავკაცი” კი დუმს.

დარწმუნებული ვართ, წერილში ნათქვამს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სრულიად უშედეგოა თეთრის შავად, თაფლის ნაღველად, ბულბულის ყვავად გამსაღებელი ი. ორჯონიკიძესათვის, არსებისათვის, მისთვის მრავალგზის მოსაწოდებელს, უპირველესად ჩასაგონებელსა და მისაღებს, ჩემი შენ გითხარის პრინციპმომარჯვებული, ისევ სხვებისთვის მისათითებლად და დასამოძღვრავად რომ იყენებს: “არ შეიძლება პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთს მტრად გადავეკიდოთ.”

კარგი იქნებოდა თუ ამ მოწოდება-ლოზუნგს უწინ თვითონ გაითავისებდა და მრუდე გზას დამდგარი, მცდარ პოზიციაზე გაყინული, მტრად არ მოეკიდებოდა სამშობლოსთვის, ერისთვის თავგანწირულ ადამიანებს, სიმართლის დამცველ პიროვნებებს, რომელთა ერთ ნაწილს უდიერად იხსენიებს ინტერვიუში, წარმოუდგენლად სწორი, უშეცდომო არჩევანისა და სურვილის გამომხატველი სათაური რომ ახლავს. სხვანაირად არც ეგების – შეუძლებელია სულმა სული არ იცნოს.

 

გაზეთი “ზვიადის გზა”

1997 წელი, N 19

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s