Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• კახნიაშვილი- აჯანყების უფლება

 

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

“აჯანყების უფლებიდან” _ პლუტოკრატიულ ტირანიამდე

 

 ბატონი აკაკი ბაქრაძე არასოდეს ყოფილა ბოლშევიკური პარტიის (“სკკპ”-ს) წევრი. მარკესივით, ყოველთვის მშობლიურ ხალხს ემსახურებოდა და არა ხელისუფლებას. ამისთვის, მართალია, ილიასავით არ დაგვიხვრეტია, მაგრამ სიცოცხლეში გული ბევრჯერ დავუკოდეთ…

 სტუდენტობისას რამოდენიმეჯერ მოვახერხე მის ლექციებზე დასწრება.ლიტერატურულ მითებსა და იდეალებზე საუბრობდა, მაგრამ გონიერი ადამიანი ხვდებოდა, რომ კომუნიზმი უტოპია იყო, ხოლო მისი მქადაგებლები _ ნომენკლატურული ფლიდები. ბუნებრივია, ტოტალიტარულმა რეჟიმმა საჯარო გამოსვლებიც აუკრძალა და სამსახურიდანაც დაითხოვა.

 დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ზვიად გამსახურდიაზე “გამარჯვებულმა ხალხმა” ქვეყნის პრეზიდენტად ყოფილი “ცეკას პირველი მდივანი” აირჩია და საზოგადოების “კიჩიზაციის” (გაპრიმიტიულობის) სახით, ბატონმა აკაკიმ ეროვნული მოძრაობის ტრაგიკული ფინალიც იხილა, თავსდატეხილი უბედურება “დიდ გაბითურებად” აღიქვა და გულისტკივილი გაგვანდო: “მთელი ცხოვრება მეგონა, სინათლეს ვაღვიძებდი, _ სიბნელე გამიღვიძებია!”

 მართალია, პირველი “სახალხო-დემოკრატიული აჯანყების” შემდგომი სრული ჩამობნელებისაგან განსხვავებით, “ვარდების რევოლუციამ” თბილისი “სინათლის ქალაქად” აქცია, მაგრამ სამართლებრივი კულტურის მხრივ, რომ ქვეყანაში ისევ სრული წყვდიადია, შევარდნაძის მემკვიდრეების კონსტიტუციისადმი (“უზენაესი კანონისადმი”) ან, თუნდაც საერთაშორისო სამართლის ნორმებისადმი დამოკიდებულებაც ცხადყოფს.

 ბუნებრივია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღიდან მოყოლებული თავს დატეხილი კატაკლიზმებისთვის მნიშვნელოვანი პასუხსმგებლობა საზოგადოებასაც აწევს, მაგრამ, პირველ რიგში, იმ ქართველ იურისტებს უნდა მოეკითხოთ, რომლებიც საინფორმაციო საშუალებების კეთილგანწყობის მეშვეობით არიან “ცნობადები” .

 “ასავალ-დასავალისადმი” (#14, 7-13 აპრილი) მიცემულ ინტერვიუში კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ “საერთო-სახალხო აჯანყება არ არის სახელმწიფო გადატრიალება. ეს არ არის შეთქმულება და დანაშაული. ეს, საერთოდ, უკანონო ქმედება არ არის. იგივე გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემაც კი საჯაროდ დაადასტურეს, რომ ხალხს აქვს აჯანყების უფლება, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანის დაბადებითი უფლება, რომელიც ასახულია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის პრეამბულის მესამე აბზაცში, სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლებამ არ უნდა აიძულოს ხალხი, ისარგებლოს აჯანყების უფლებით, ანუ ხალხს აქვს აჯანყების უფლება!”

 უშუალოდ, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებშიც, ბატონმა კობამ, ინგა გრიგოლიას პოპულარულ “პოლიტ-შოუშიც” იგივე გაიმეორა და, ალბათ, უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის გაეროს დეკლარაციასთან ერთად საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლიც მოიშველია.

 ადამიანის უფლებათა მიმართულებით მოღვაწე სამართლის დოქტორმა, პროფესორმა ბიძინა სავანელმაც სატელევიზიო გამოსვლებსა და საგაზეთო პუბლიკაციებში არაერთხელ შეგვახსენა “აჯანყების უფლებაზე”.

 სხვათა შორის, ქართველი იურისტებიდან პირველმა, 1991 წლის დეკემბრის “სახალხო-დემოკრატიული აჯანყება-რევოლუციის” სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ბატონმა ვიქტორ შარაშენიძემ მოიშველია. ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული 2003 წლის ნოემბრის “ვარდების რევოლუციის” დღეებში კი, პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ზოგიერთი “ახალგაზრდა იურისტიც” საკმაოდ აქტიურად ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალის გამოყენებით “ნაციონალების” შეჭრა “აჯანყების უფლებით” გაემართლებინა..

 ვინაიდან, არჩევნების ტოტალური გაყალბებით ხელისუფლებაში მოსულთა უგუნურობამ ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი დაგვაკარგვინა და ქართულ საზოგადოებაში კვლავ რევოლუციური განწყობა დაამკვიდრა, ხოლო სტაჟიანი მეამბოხეები “რევოლუციის” მეხუთე წლისთავისთვის მორიგ “სახალხო აჯანყებას” გეგმავენ, თავი ვალდებულად ჩავთვალე “გამარჯვებული ხალხისთვის” შეძლებისდაგვარად ამეხსნა “აჯანყების უფლებასთან” დაკავშირებული სამართლებრივი გარემოებები.

 ამასთან, როდესაც აჯანყებასთან მიმართებაში გაბაშვილ-თარგამაძეს ვახსენებთ, სამართლიანობა მოითხოვს სხვა, არანაკლებ “ავტორიტეტული “რევოლუციამცოდნეები” გაგვეხსენებინა. თუნდაც, 1917 წელს აჯანყება-გადატრიალების გზით რუსეთის ხელისუფლებაში მოსული მაშინდელი უმრავლესობის (“ბოლშევიკების” ) მთავარი იდეოლოგი _ ვლადიმერ ლენინი. “დიდმა ბელადმა”, ჯერ კიდევ საუკუნის წინ დამოძღვრა მასები: “რევოლუცია _ კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებააო!” მართლაც, თუ რუსეთის იმპერიის “ტირანი” მმართველი რევოლუციონერების გასამართლებას და გადასახლებას სჯერდებოდა, აჯანყების გზით ხელისუფლებაში მოსულებმა “ნათელი მომავლის” შენება მეფის ოჯახის დახვრეტით დაიწყეს…

 მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულის მესამე აბზაცის ფორმულირებას კი იმ რედაქციიდან მოვიყვან, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთათვის განკუთვნილ (3 ათას ტირაჟიან) კრებულშია მოცემული: პრეამბულაში (შესავალში) ხაზგასმულია, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღება იმანაც განაპირობა, რომ “აუცილებელია ადამიანის უფლებები დაცული იყოს კანონის ძალაუფლებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი იძულებული არ იყოს, სხვას რომ ვერაფერს გააწყობს, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ აჯანყების გზას დააადგეს”.

 ანუ, განვითარებულმა სახელმწიფოებმა სწორედ იმიტომ აღიარეს ადამიანის ძირითადი (ფუნდამენტური) უფლებები (სიცოცხლისა და უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლოსა და არჩევნების, საკუთრებისა და პირადი ცხოვრების, აზრისა და გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების…) და აიღეს ვალდებულება კანონის ძალით უზრუნველეყოთ მათი დაცვა, რომ ადამიანი იძულებული არ გამხდარიყო “ტირანიის” (ძალადობაზე და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმის) წინააღმდეგ აჯანყების გზას დადგომოდა. ამასთან, მხოლოდ მას შემდეგ, რაც “სხვას რომ ვერაფერს გააწყობდა”…

 შევეცდები, კიდევ უფრო გასაგებად განვმარტო. დეკლარაციის პრეამბულაში, ფაქტობრივად, ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ადამიანს უნდა შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პირობები, მაგ. უზრუნველყოს სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებით, რათა იძულებული არ გახადოს შიმშილის გამო, “სხვას რომ ვერაფერს გააწყობს” (სათანადო ორგანოებისადმი საჩივრით მიმართვის და პროტესტის სხვა ფორმების გამოყენების შემდეგ) საჭმელი მოიპაროს ან სხვა ადამიანი მოკლას. ცხადია, ამ დანაწესიდან არ გამომდინარეობს, რომ ადამიანს ქურდობის ან სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება აქვს. ამდენად, მიმაჩნია, რომ დეკლარაციის პრეამბულაში საკმაოდ გასაგებად არის მინიშნებული სახელმწიფოთა ვალდებულებებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სწორედ იმ მიზნით, რათა ადამიანები იძულებულნი არ გახდნენ, სხვა მხრივ რომ ვერაფერს გააწყობენ, აგრესია უკიდურესი ფორმით გამოავლინონ.

 მითუმეტეს, ხაზი იმ გარემოებასაც უნდა გაესვას, რომ ლაპარაკია აჯანყების გზით “ტირანიის დამხობაზე”, ხოლო, როდესაც ქრონიკულად 90-95 პროცენტით ირჩევ ხელისუფლებას და საარჩევნო პროცედურის მიმართაც არ გიჩნდება პროტესტის გრძნობა, და მხოლოდ უფლებამოსილების მიწურულს აცნობიერებ, რომ დიქტატორი (“ქაჯი”) მოგიყვანია ქვეყნის სათავეში, არა მგონია, გონივრული იყოს ადამიანის უფლებათა დამცავი საეთაშორისო აქტებით გათვალისწინებული პროტესტის ფორმების გამოყენებამდე, ხალხს მოუწოდო სამართლებრივ სივრცეში ისარგებლოს არარსებული “აჯანყების უფლებით”.

 ამასთან, ყოფილი თანაგუნდელების სახელისუფლო სავარძლებში “რევოლუციური” (თუნდაც “ხავერდოვანი”) ჩანაცვლებისთვის, რბილად რომ ვთქვა, არაკორექტულია კონსტიტუციური ნორმების გამოყენება. მითუმეტეს, სააკაშვილის ერთიანი (“ნაციონალური”) გუნდიდან “ოპოზიციაში” გადასული იურისტების მხრიდან.

 მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას უპირატეს ძალას ანიჭებს შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ ის არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას… ამასთან, ცხადია, სანამ სამართლის ნორმას გამოიყენებ, ჯერ მისი შინააარსი უნდა გაიაზრო სათანადოდ. მითუმეტეს, საერთაშორისო სამართალში მართლაც რომ არსებობდეს “აჯანყების უფლება”, სანამ შენი ქვეყნის კონსტიტუციის მეექვსე მუხლამდე მიხვალ, წინა დებულებებსაც ხომ უნდა გადაავლო თვალი…

 საქართველოს “უზენაესი კანონის” მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ხელისუფლება კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში ხორციელდება და “არავის აქვს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება”.

 სახელმწიფოს ძირითადი დანიშნულებაც თავისუფლებასა და წესრიგს შორის გონივრული მიჯნის გავლებაა. შესაბამისად, ყველა ის ქმედება, რომელიც ხელისუფლების ძალადობის (რევოლუცია-აჯანყების) გზით შეცვლისკენ არის მიმართული ან მიზნად ისახავს კონსტიტუციით დაცული ფასეულობებიის ხელყოფას სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი.

 ცივილიზებულ სახელმწიფოში, არა მარტო ხელისუფლების ცვლის მექანიზმი, არამედ, მოქალაქეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებიც კანონმდებლობით მკაცრად არის რეგლამენტირებული. ამასთან, უმრავლესობის ინტერესების დაცვა ისე უნდა განხორციელდეს, რომ უმცირესობაში დარჩენილთა ძირითადი უფლებებიც არ შეილახოს.

 ამდენად, არც მსოფლიო და არც ევროპულ სამართლებრივ სივრცეში არავითარი საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივი “აჯანყების უფლება” ბუნებაში არ არსებობს და ეს “ნოვაცია” ჩვენი “ტელეპოლიტიკოსების” რევოლუციური თვითშემოქმედების ნაყოფია, რომლის კიდევ ერთხელ პრაქტიკაში განხორციელება ქართულ სახელმწიფოებრიობას საერთოდ მოუშლის ისედაც მორყეულ საძირკველს.

 აქვე, მცირე კომენტარს გავაკეთებ გაზეთ “განმანთავისუფლებლის” სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომელშიც “აჯანყების უფლების” არსებობის დასადასტურებლად მოყვანილია “სოცინტერნის” ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის რეგიონალური კომიტეტის 1980 წლის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის მესვეურები “იცავენ ხალხის უფლებას შეირაღებულ აჯანყებაზე, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ან დახურულია თავისუფლებისკენ მიმავალი მშვიდობიანი გზები”.

 ცხადია, ლათინურ ამერიკაში ან კარიბის ზღვის კუნძულებზე მცხოვრები სოციალისტური ორიენტაციის “რევოლუციონერების” მოწოდებები ევროპულ ოჯახში გაწევრიანებული საქართველოს სამართლებრივი სივრცის ნაწილად ვერ ჩაითვლება და ვერც ხელისუფლების ძალისმიერი ცვლის ჩვენში დამკვიდრებული ქრონიკული ფორმის გასამართლებლად გამოდგება. ამდენად, უმჯობესია კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ უფლებებით ვისარგებლოთ და ხელისუფლება ცივილიზებული ფორმით (სამართლიანი არჩევნებით) შევცვალოთ. “რევოლუციური ჟინი” და მოჭარბებული ენერგია კი, ისევე, როგორც ინტელექტუალური პოტენციალი ადამიანის უფლებათა დამრღვევთა და არჩევნების გამყალბებელთა წინააღმდეგ კანონით განსაზღვრული საშუალებებით ბრძოლისკენ მივმართოთ. ამასთან, პროტესტის გამოხატვაც კანონით დაშვებულ ფარგლებში უნდა მოვახერხოთ და ქვეყნის გარედან მართული ძალების (სხვა არაკეთილმოსურნეების) ინტერესებში “ამისტებად” და “იმისტებად” არ უნდა დავიყოთ.

 საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, “ვიღაც მესამეს” ხელს აძლევს შეიარაღებული კონფლიქტები და სამოქალაქო დაპირისპირება. ცხადია, როდესაც ძალის გამოყენებით მითვისებულ ხელისუფლებას ნებით არ თმობ და ყველაფერს იკადრებ სკამის შესანარჩუნებლად, პირველ რიგში, იმ “ტირანსაც” (შევარდნაძეს) საგრძნობლად აუმაღლდება რეიტინგი, ვინც მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება ახალგაზრდა “რევოლუციონერ-რეფორმატორებს”. ამდენად, საზოგადოება არ უდა აჰყვეს შესაძლო პროვოკაციებს ხელისუფლებისა თუ ფსევდო-ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან და საპროტესტო აქციები მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში უნდა წარმართოს. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ და ვიცით სად გადის ზღვარი საკუთარი აზრის გამოხატვასა და დანაშაულს (“აჯანყებას”, “რევოლუციას”) შორის.

 სავსებით ვეთანხმები ბატონ ბიძინა სავანელს, რომ 2008 წლის 5 ინვარს და 21 მაისს ჩატარებული “სპეც-ოპერაციები” არჩევნებად (მითუმეტეს სამათლიანად) ვერ ჩაითვლება და საზოგადოება არ უნდა შეეგუოს ნების თავისუფლად გამოხატვის შეზღუდვას, მაგრამ დაუშვებელია სახელისუფლებო (სამთავრობო) შენობებში შეჭრა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენება. მხოლოდ მშვიდობიანი, კონსტიტუციურ ფარგლებში მოქცეული ქმედებებით (საჩივრები, სასამართლოსადმი მიმართვა, მიტინგი, მანიფესტაცია, დაუმორჩილებლობა) უნდა მივაღწიოთ იმას, რომGფაქტობრივმა ხელისუფლებამ აღიაროს არჩევნების ტოტალური გაყალბება, სრულყოს საარჩევნო კანონმდებლობა, დაითხოვოს საარჩევნო ადმინისტრაცია, შექმნას რეალურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო კომისიები, ან გადადგეს და არჩევნების ჩატარების საშუალება საზოგადოების ნდობით აღჭურვილ და ობიექტურ სპეციალურ ორგანოს მიანდოს.

 გონივრულად მიმაჩნია, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და პროცედურა ისეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განესაზღვრა, რომლის უმრავლესობას სწორედ 1991 წლის “აჯანყების” გზით დამხობილი უზენაესი სააბჭოს წევრები აირჩევდენ, ხოლო დანარჩენებს 1995 წელს არჩეული პარლამენტარები. მაგ. 21 კაციან ცესკო-ში 11 ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელი იქნებოდა, ხოლო 10 შევარდნაძის (შესაძლებელია, ცესკოს 10 წევრიდან ორ-ორი 1992, 1995, 1999, 2003 და 2008 წელს არჩეულ დეპუტატებს შეერჩიათ), რაც გაზრდიდა მოქალაქეების ნდობას არჩევნებისადმი და წარმომადგენლობითი ორგანოს ლეგიტიმურობის ხარისხსაც მნიშვნელოვნად აამაღლებდა.

 ყველა შემთხვევაში, ცესკომ გონივრული საარჩევნო სისტემისა და პროცედურის შემუშავების გარდა, არჩევნების ჩატარებამდე მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ამომრჩეველთა რიცხვი, შეიძინოს აპარატურა, რომელიც გამორიცხავს ხმების გაყალბებას და იზრუნოს სრულიად დამოუკიდებელი (პოლიტიკური ამბიციების არმქონე) საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებაზე. ამასთან, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, თუნდაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყენებით სამართლებრივი ცოდნის გავრცელებას. ბუნებრივია, რომ სანამ მოქალაქე არჩევანს გააკეთებს, ის მაინც უნდა ავუხსნათ, დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები და სამართლიანი არჩევნები რას ნიშნავს და პარლამენტის წევრს რა ფუნქციები აკისრია. ის მაინც იცოდეს, კეთილმოწყობის სამუშაოები მისი ძირითადი საქმე არ არის, ხოლო სამართლისა და ეკონომიკის საფუძვლების ცოდნის გარდა, საკანონმდებლო ხელისუფლებაში ხალხის წარმომადგენელს გარკვეული ცხორებისეული გზაც უნდა ჰქონდეს გავლილი და ზნეობითაც იყოს გამორჩეული.

 ვინაიდან, 2003 წლის ნოემბრის “აჯანყების” მესვეურებიდან ოპოზიციაში გადასული “აქტივისტები” 2007 წლის 7 ნოემბერს საბოლოოდ დარწმუნდნენ, საით მიჰქრის მათი “რევოლუციის მატარებელი”, იმედი მაქვს, ამ ჩიხური მიმართულებით “ეროვნულ-ნაციონალურ მოძრაობას” აღარ გააგრძელებენ და სარეფორმო ოღრო-ჩოღროებზე ჯაგ-ჯაგით გადაღლილ ქვეყანას განვითარების ევოლუციურ ლიანდაგზე გადაიყვანენ.

 მართალია, წინათ აჯანყებებს და დრომოჭმული რეჟიმების ძალისმიერ ცვლას (სახელმწიფო გადატრიალებებს) “რევოლუციად” მოიხსენიებდნენ, მაგრამ თანამედროვე იურიდიულ ლექსიკონებში ამ ტერმინს ვეღარ იპოვით. კარგა ხანია აღიარებულია, რომ იძულების მექანიზმი მხოლოდ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს და კანონმორჩილებას უნდა უზრუნველყოფდეს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ძალოვანი სტრუქტურები ქვეყნის ტერიტორიასთან და მოსახლეობასთან ერთად, მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებასაც იცავენ და ძალისმიერი გზით შეცვლას ერთმნიშვნელოვნად დანაშაულად მოიზრებენ, ხოლო კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას იყენებენ.

 სხვა საქმეა, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები 1990 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, მაგრამ ესეც ჩვენი დაბალი სამართლებრივი კულტურის  მაჩვენებელია და ამ სფეროში წესრიგი თავად თუ არ დავამყარეთ, “უცხოელი დამკვირვებლები” ჩვენი (უდაოდ ნიჭიერი…) პროფესიონალი გამყალბებლების მანიპულაციებში ვერაფრით გაერკვევიან (ცხადია, ამის დიდი სურვილიც რომ ჰქონდეთ).

 საგულისხმოა, რომ თბილისელი “ვარდოსნებისგან” განსხვავებით, კიეველ “ნარინჯისფერ” ამომრჩეველთა პროტესტი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებს არ გასცდენია და არც ძალისმიერი გზით დაუკავებიათ სახელისუფლო დაწესებულებები მოიერიშეებს (“შტურმოვიკებს”), ხოლო სადაო საკითხი სასამართლო ხელისუფლებამ (თანაც, საკონსტიტუციო სასამართლომ და არა “უზენაესმა” …) გადაწყვიტა. ამდენად, უკრაინაში, ფაქტობრივად, არავითარი “რევოლუცია” (დასჯადი ქმედება) არ მომხდარა და არც 90-ს გადაცილებული პროცენტებით აურჩევიათ ახალი “ბელადი”.

 სხვათა შორის, იმ თვითგამოცხადებულ “აფხაზეთის რესპუბლიკაშიც”, სლავებისაგან ანბანი, ჩვენგან კი, ახლახანს, მიწაც რომ “ისესხეს”, გაცილებით გონივრულად მოიქცენ და მიუხედავად იმისა, რომ პირველობისათვის რამდენიმე უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება იბრძოდა, “საქმის გარჩევა” მაინც სასამართლოში ამჯობინეს. “პრეზიდენტობის” რეალური კანდიდატიც რამდენიმე შეარჩიეს (თუნდაც, სხვის დასანახად…). ყოველ შემთხვევაში, ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობით და მდიდარი კულტურული საგანძურით თუ ვერ დაიკვეხნიან, როგორც ჩანს, სამართლებრივი განათლებით თუ აზროვნებით (“მენტალიტეტით”) ნამდვილად გვაჯობეს. არადა, ევროპა-ამერიკიდან (“მეგობარი ქვეყნებიდან”) ჩამოსულმა მასწავლებლებმა (“ექსპერტ-კონსულტანტებმა”), რაც ჩვენი სამთავრობო თუ ე.წ. არასამთავრობო სექტორის სწავლა-განათლებაზე (“ტრეინინგ-სემინარ-კონფერენციებზე”) დრო და ფული (“ვალუტა”) დახარჯეს…

 როგორც ჩანს, ქართველი პოლიტიკოსების ერთ ნაწილს დემოკრატიაზეც და აჯანყებაზეც ერთობ სპეციფიკური (“ორიგინალური”) წარმოდგენა აქვთ. ამდენად, თუ ხელისუფლება-ოპოზიცია “აჯანყობია-რევოლუციონერობანას” არ მოიშლის, დიდი შანსია, რომ ამომრჩევლის თვალში, ევრო-ამერიკულმა მოდელმაც სრული დისკრედიტაცია განიცადოს და “ქართული დემოკრატია”, უკეთეს შემთხვევაში, რუსეთ-ბელორუსულ ან თურქმენულ-აზერბაიჯანულს (შევარდნაძე-აბაშიძის რეჟიმებთან მიახლოებულს) დაემსგავსოს, ხოლო უარესს შემთხვევაში, ფასადურ-კარიკატურული ელემენტებით გაჯერებულ კუბურს ან ჩრდილოეთ კორეულს (ჭაბუა ამირეჯიბის “არქიფო სეთურისეულს” ან ჯორჯ ორუელის რევოლუციური იდეებით აღგზნებული “ცხოველების ფერმაში” აპრობირებულს…).

 ადამიანსაც, თუ რა დონემდე უმღვრევს გონებას რევოლუციური ჟინი თუ აღტყინება, ფრანგმა “განმანათლებლებმა” საკუთარ თავზე (ზოგიერთმა, პირდაპირი მნიშვნელობითაც), ჯერ-კიდევ XVIII საუკუნეში იწვნიეს. აბსოლუტური მონარქიის დამხობის შემდეგ კი, სულ მალე, ფაქტობრივად, ტირანია (ძალადობასა და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმი) მიიღეს…

 მართალია, “აჩრდილი” კარგა ხანს ისევ შუაგულ ევროპაში დადიოდა, მაგრამ მორიგი სოციალური ექსპერიმენტისათვის, შედარებით დაბალი სამართლებრივი კულტურის მქონე პერიფერია შეირჩა. 1917 წლის რევოლუცია-გადატრიალებამ დემოკრატიზაციის გზაზე მდგარი რუსეთის იმპერია დაანგრია და დედამიწის 1/6-ზე ტოტალიტარული რეჟიმი დაამკვიდრა. ნათელი მომავლის (“კომუნიზმის”) მშენებლობა კი, იმ მეფის ოჯახის დედაბუდიანად ამოწყვეტით დაიწყო, რომელიც მონარქიის აქტიურ მოწინააღმდეგეებს (“ტერორისტებს”) სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე აძევებდა დედაქალაქიდან. ამასთან, “პროლეტარიატის დიქტატურის” დამყარებისთანავე, “გამარჯვებულმა ხალხმა”, ახალი სახელმწიფოს სიმბოლოდ პარტიული (“ბოლშევიკური”), ურო-ნამგლიანი წითელი დროშა დააწესა.

ამის შემდეგ, XX საუკუნის 20-იან წლებში, მარქსიზმ-ლენინიზმის ვირუსი აზიაშიც ფართოდ გავრცელდა და მისი თანმდევი “რევოლუციური პროცესები”, მართვა-გამგეობის ფორმასთან და ხელისუფლების საკადრო შემადგენლობასთან ერთად, მილიარდი ჩინელის სახელმწიფო სიმბოლოებსაც არსებითად შეეხო (“დიდმა კედელმაც” ვერ დაიცვა…).

ევროპისა და აზიის მიჯნაზე, “ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე” დაფუძნებული “ერთი მუჭა” ქართველები (ევროპაში ერთ, საშუალო ზომის ქალაქში რომ დავეტევით, აზიაში კი, დიდი სოფელიც გვეყოფოდა…) ხომ ყველასაგან გამოვირჩევით და, არა თუ სხვის, არამედ საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს ვსწავლობთ…

XX საუკუნის მიწურულს, 70-წლიანი ბოლშევიკური ტოტალიტარიზმისაგან თავდაღწეულებმა, დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, ჯერ იყო, 90%-ით არჩეულ “ეროვნულ ხელისუფლებას” წელიწადი არ ვაცალეთ და “სახალხო-დემოკრატიული აჯანყების” გზით დავამხეთ. ამის შემდეგ, იგივე პროცენტული მაჩვენებლებით, “ტირანი” კომუნისტებისდროინდელი “ცეკას პირველი მდივანი” პრეზიდენტად გავამწესეთ და ისიც, უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 4 თვით ადრე გადავაგდეთ (თუ, თვითონ “გადაგვაგდო”) “ვარდების რევოლუციით”. ამასთან, თუ 1921 წელს, “წითლებმა” ბოლშევიკური ალმები ძალისმიერი გზით მოგვახვიეს თავს, XXI საუკუნის “გამარჯვებულმა ქართველებმა”, უკვე საკუთარი ნებით აღმართეს “რევოლუციური” სიმბოლო სახელისუფლებო დაწესებულებებზე.

 თუმცა, პროგრესიც აშკარაა… არც ფრანგებივით გამეტებით დავრევივართ ინტელიგენციას (მხოლოდ სამუშაოდან დავითხოვეთ და “ჩავრეცხეთ”…), არც რუსებივით გაგვიჟლეტია მოსახლეობის ნახევარი (მხოლოდ ცხოვრება გავუძვირეთ და ემიგრაციაში წასვლა ვაიძულეთ…) და არც ჩინელებივით დაგვიწიოკებია “იმპერატორის” ოჯახი (მხოლოდ, ის “პირველი” გავუშვით პენსიაზე, რომელიც 30 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად მართავდა ქვეყანას). ერთადერთი, რაც ძირძველი “რევოლუციონერებივით” მოვიმოქმედეთ, ხელისუფლების “საკადრო გადახალისება” და ტრადიციული სიმბოლოების ცვლა იყო.

 გარდა ამისა, სპეციფიკური (“ეროვნულ-ნაციონალური”) რევოლუციური “ნოვაციებითაც” გავაოცეთ მსოფლიო. აბა, რომელი ფრანგი, რუსი ან ჩინელი, უკრაინელი თუ აფსუა-აფხაზი, სენეგალელი თუ ვიეტნამელი ან, თუნდაც პოპულარული ანეგდოტების გმირი “ჩუქჩა” მოიფიქრებდა, თანაც XXI საუკუნეში, “რევოლუციის” წლისთავი სამების მშენებარე ტაძარში აღენიშნა პომპეზურად და იქვე გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები “რევოლუციის ექსპორტის” თაობაზე. ამასთან, “რესპუბლიკის” მოედანი “რევოლუციისად” გადაენათლა და სახელმწიფო (ფაქტობრივად, პარტიული) დროშები იმ ეკლესიაში გამოეფინა, რომელიც კონსტიტუციით (“უზენაესი კანონით”) დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან.

 ნაუცბათევად მიღებულ გერბზე უპირატესობა “ერთობის ძალას” მივანიჭეთ. არადა, თვითმყოფადი კულტურით და ინტელექტით გამორჩეულმა მცირერიცხოვანმა ერმა, უმჯობესია აქცენტი, უფრო ცოდნაზე, განათლებასა და ინფორმირებულობაზე გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ სამართლებრივი განსწავლულობით და კულტურით გამორჩეული მოქალაქეები შეძლებენ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.

 სახელმწიფოსა და სამართლის საფუძვლებში გაუთვიცნობიერებელი მოსახლეობის “ერთობის ძალა” კი, პირველი “სახალხო აჯანყების” დღეებშიც შევიგრძენით და “ვარდების რევოლუციის” დროსაც. სხვათა შორის, როდესაც გულანთებული ქართველები რუსეთის იმპერიას მიტინგებით “ვამხობდით”, ბრბოდ ქცეულმა ეგზალტირებულმა მასამ, ბატონ აკაკი ბაქრაძესაც კი, სტვენით შეაწყვეტინა სიტყვა, როდესაც მთავრობის სასახლის წინ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა…

 ამდენად, დროა რუსთაველისა და ილიას შთამომავლები ცოტა გონს მოვეგოთ, როგორც ბატონი აკაკი იტყოდა “ვასალური აზროვნება დავძლიოთ”, “სინათლე გავაღვიძოთ” და კონსტიტუციური (ევოლუციური) გზით დავამკვიდროთ სამართლებრივი სახელმწიფო. თორემ, თუ “აჯანყება-რევოლუციებით” გავაგრძელეთ სვლა, ფედერაციის სუბიექტებად დანაწევრებული “მზიური საქართველო” სრულ სამართლებრივ წყვდიადში ჩაიძირება.

 განვლილი ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდანაც საზოგადობამ სათანადო დასკვნები თუ არ გამოიტანა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე არ აიღო ორიენტირი, “ხუთჯვრიან სტადიამდე” მისულ ქვეყანას ვეღარაფრით განვკურნავთ და დემოკრატიული რესპუბლიკის ნაცვლად, მართლაც კარიკატურული ტიპის პლუტოკრატიული ტირანია შეგვრჩება ხელში.

 

http://iberiana.webs.com/mtavari_problema.htm

 

იხილეთ აგრეთვე:

• ავთანდილ კახნიაშვილი – კორუფცია,  პრივატიზაცია (“პრიხვატიზაცია”), ფედერალიზაცია და ეთნოკონფლიქტები

• ავთანდილ კახნიაშვილი-2008 წლის არჩევნები იურისტის თვალით

 

 

 

 

 

Advertisements

2 Responses to “• კახნიაშვილი- აჯანყების უფლება”

  1. გიორგი გულბანი said

    გამარჯობათ ბატონო ავთანდილ,

    სრულიად ვეთანხმები წერილის ძირითად აზრს, რომ ისტორიას არ ახსოვს აჯანყების გზით ხელისუფლების შეცვლას ნგრევისა და უბედურების გარდა რაიმე სასიკეთო მოეტანოს.

    სიმართლის თქმა ადვილი საქმე არ არის, რადგან შუა გზაზე გაჩერებას არ ცნობს. ვერ დაგეთანხმებით, რომ აკაკი ბაქრაძე პურჩისტების მოერ გაბრიყვებული მსხვერპლი იყო. მკითხველს უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ აკაკი ბაქრაძემ გადასცა “მხედრიონს” “დოსააფის” კუთვნილი იარაღი მარაბდის ველზე. ამის ვიდეო ჩანაწერი არსებობს და მოძიება არ უნდა გაჭირდეს. სწორედ აკაკი ბაქრაძე ედგა გვერდით არამზადა ჯაბა იოსელიანს, როდესაც ამ არაკაცის ბანდები საქართველოს აწიოკებდა. ერელ მაინც თუ გააპროტესტა ბაქრაძემ შევარდნაძის მიერ ჩადენილი აურაცხელი დანაშაული? მერწმუნეთ, რომ ამგვარი რამ არ მომხდარა, სამწუხაროდ.

    გიორგი გულბანი

    Like

  2. გიორგი გულბანი said

    აკაკი ბაქრაძის ამარზადობის კიდევ ერთი მტკიცებულება ისაა, რომ ის გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს, ანუ ხუნტის წევრი და პასუხოიმგებელია ყოველ დანაშაულზე, რაც ამ ხუნტამ ჩაიდინა. იხილეთ: https://iberiana.wordpress.com/ganmatavisuflebeli/khunta/

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s