Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• კახნიაშვილი- კორუფცია, პრიხვატიზაცია

ავთანდილ კახნიაშვილი 

კორუფცია, პრივატიზაცია (“პრიხვატიზაცია”), ფედერალიზაცია და ეთნოკონფლიქტები

ქართველი ერი დასაბამიდანვე გამოირჩევა ტოლერანტობით, ცნობიერებაში ჩამოყალიბებული ღირებულებების, შეიძლება ითქვას, უნიკალური სისტემით, რომელიც სტუმრისა და მეზობლისადმი განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამოირჩევა, ხოლო სხვა სარწმუნოებისადმი ქართველი კაცი იმ ზომის შემწყნარებლობას იჩენდა, რომ საკუთარ მიწაზე უცხოტომელებსაც რთავდა სალოცავების აგების ნებას.

საქართველოში, ფაქტობრივად, ხორცშესხმულ იქნა ზოგადასაკაცობრიო იდეალი, რომლისკენაც ცივილიზებული სამყარო დღემდე მიისწრაფვის. ისტორიულად მოვლენები ისე განვითარდა, რომ სწორედ ქართულ მიწაზე მოახერხეს სხვადასხვა თვითმყოფადი კულტურების, ათეულობით ერისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა მშვიდობიანი თანაარსებობა საუკუნეების განმავლობაში. რომ არა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გარედან პროვოცირებული ეთნოკონფლიქტები, საქართველოს მოქალაქეთა კეთილმეზობლობა მტრობაში არ გადაიზრდებოდა.

დარწმუნებული ვარ, მომძლავრებული ქართული სახელმწიფო უახლოეს მომავალში შეძლებს უკეთ დაიცვას მის ტერიტორიაზე მყოფ ადამიანთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ხოლო მოქალაქეები, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა. თანაბრად ისარგებლებენ ღვთითკურთხეული ქართული მიწა-წყლის მადლით. მაგრამ არც იმაში მინდა მეპარებოდეს ეჭვი, რომ ქართველ კაცს წინაპართა შეძახილი: “სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენს ნურვინ შეგვეცილება!” როდესმე მიავიწყდება და მშობლიური მიწის – მამულის მიტაცების მცდელობას ვინმეს შეარჩენს.

ცხადია, დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებული ქვეყანა ყოველი ადამიანის უფლებებს უნდა უფრთხილდებოდეს, მაგრამ, ამასთანავე, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის იმ საწყის სტადიაზე, რომელზედაც ჩვენ ვიმყოფებით “კარგად უნდა შევიგნოთ, უფლება არა გვააქვს, არ გავუფრთხილდეთ და ერთ სულიერ ორგანიზმად არ ვაქციოთ ყველა ქართველი, სადაც უნდა ცხოვრობდეს და რა რელიგიისაც უნდა იყოს იგი”. ამ სტრიქონების ავტორის, ბატონ გურამ ფანჯიკიძის აზრით, ქართველი ერის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისათვის “დიდ ისტორიულ მოვლენასთან ერთად, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა ჰქვია, ახალ განზომილებაში უნდა მოექცეს ქართველი კაცის ხასიათი. მეტისმეტად არ უნდა გაევროპელ-გაამერიკელდეს, თავის ბუნებას არ უნდა უღალატოს, ძირითადი ბაზისი მაინც ეროვნული ხასიათი უნდა იყოს…

ჩვენ, პირიქით, დიდი ანგარიშით, იქით უნდა მივეხმაროთ აფხაზებს თუ ოსებს, რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს. ეს რომ შეძლოთ, ჯერ თავი უნდა გადავირჩინოთ” (“საით მიდის ქართველი ერი”?, გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, 1.11.1997).

როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საარსებო მინიმუმით არ არის უზრუნველყოფილი, ხოლო მილიონზე მეტი მოქალაქე საზღვარგარეთ საშოვარზეა გადახვეწილი; როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან მე-17 წელს რუსული ჯარი ვერ გაგვიყვანია, ტერიტორიის მესამედს ფაქტობრივად ვერ ვაკონტროლებთ, ხოლო ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ ნავთობსადენის გასწვრივ შესაძლოა ამერიკული ბაზებიც განთავსდეს; ქვეყანაში სამართლებრივი ნიჰილიზმია დამკვიდრებული, ხოლო კორუფცირებული ხელისუფლება ყოფილი “საერთო-სახალხო” ქონების მორიგი “პოსტშევარდნაძისეული” გადანაწილებით არის დაკავებული, საკუთარ თავისა და ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენისათვის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს. პირველ რიგში, კი ენასა და სარწმუნოებასთან ერთად, ეროვნულობის ძირითად ბურჯს მამულს უნდა გაფრთხილება.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ერის თვითმყოფადობის ერთადერთ მყარ საწინდრად, სწორედ, ქართული მიწა მიმაჩნია. მართალია, კონსტიტუციაში დეკლარირებულია, რომ “საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო” და მისი “ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია”, მაგრამ უკვე 1996 წელს სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა-გაყიდვა დავაკანონეთ, რამოდენიმე წელიწადში არასასოფლო-სამეურნეო მიწაც “პრივატულ” ბრუნვაში ჩავრთეთ, ახლახან კი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, მაგრამ სრული განუკითხაობის ვითარებაში (ძირითად ყოფილ პარტიულ ნომენკლატურაზე) იჯარით ადრე გაცემულ ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა გადაწყვიტა “რევოლუციურმა” პარლამენტმა…

იმ ვითარებაში, როდესაც პრეამბულის თანახმად, თითქოს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს უნდა დავყრდნობოდით, (ჩვენმა ბრძენმა წინაპრებმა მხოლოდ ადგილობრივ საქმეებში მმართველობის, ფაქტობრივად თვითმმართველობის ავტონომიურობა დაუშვეს), არ მესმის როგორ შეიძლებოდა 1995 წელს მიღებულ უზენაეს კანონში ღიად დაგვეტოვებინა საქართველოს ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა.

ვშიშობ, რომ ზოგიერთი “არალუსტრირებული” პოლიტიკოსის მცდელობა საქართველო ფედერაციად აქციონ (2000 წელს აჭარას, 2002წ-ში კი აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკა უწოდეს და “შესაბამის პირობებს” ელოდებიან ორპალატიანი პარლამენტი შექმნან) სწორედ ქართული მიწის “პრიხვატიზაციასთან” და მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან ჩვენი ტერიტორიით დაინტერესებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ის, რომ ქართველთა შორის ისეთი “პატრიოტები” მომრავლდნენ “მამის სული გაუშვია, მამინაცვლის სულს ფიცულობს” ღირსეულმა ერისკაცმა მორის ფოცხიშვილმაც შენიშნა. სწორედ გადაგვარებულ და კორუფცირებულ თვისტომთა სიმრავლემ ათქმევინა პოეტს, რომ

“ურცხვნი ურცხვთა შორის ურცხვობენ
“პორთფელში” უსივდებათ “პორტმანი”,
ურცხვად მორჩილებენ უცხო თესლს,
ცოტანი ქართველობენ ცოტანი!..”

მასმედიის საშუალებებით, ძირითადად კი სატელევიზიო არხებით ყურადღების გამახვილება “გურულ თუ აჭარელ ხალხზე”, “იმერელ თუ ქართლელ ახალგაზრდებზე”, აქცენტის გადატანა ქართველი მოქალაქეების “სვანურ” თუ “მეგრულ” წარმომავლობაზე (ქართულ-მეგრული ლექსიკონის გამოცემა, ბიბლიის თარგმნა მეგრულ ენაზე), ვფიქრობ, მხოლოდ იქით არის მიმართული, რომ თითოეულმა ჩვენგანმა მხოლოდ თავის კუთხეს _ საქართველოს ტერიტორიის ცალკეულ ნაწილს მიხედოს, სამშობლოდ მხოლოდ ტომობრივი წარმომავლობის ადგილად აღიქვავს და მთლიანობაში ქართული მიწის სატკივარი გულთან ნაკლებად მიიტანოს. შედეგად, კოდორის ხეობას, ფაქტობრივად მხოლოდ სვანები იცავენ, როგორც ჩანს, შატილის მისადგომები მხოლოდ ხევსურებმა, ხოლო პანკისის ხეობა მხოლოდ კახელებმა უნდა დაიცვან.

დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი საქართველო მხოლოდ უნიტარულ სახელმწიფოდ წარმომიდგენია, რომელშიც, შესაძლოა, ავტონომიურმა წარმონაქმნებმაც იარსებონ საერთაშორისო სამართლის ნორმებით განსაზღვრულ ფარგლებში (მაგალითად, თუნდაც გუდაუთის რაიონის სახით, რომელსაც კულტურული ავტონომია ექნება და არა პოლიტიკური). ისედაც მცირემიწიან საქართველოში გაუმართლებელია სუვერენიტეტის ნიშნის მატარებელი სუბიექტების არსებობა. იშვიათი ტოლერანტობით გამორჩეული ქართველებით დასახლებულ “ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში”, რომელიც მრავალი ეროვნების ადამიანმა დაიგულა სამშობლოდ, არაგონივრულია ეთნიკური ან თუნდაც რელიგიური ნიშნით ავტონომიების შექმნა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველებმა არა მარტო ისლამი იწამეს, გამოდის, რომ ავტონომია კათოლიკე ან იეღოველმა ქართველებმაც შეიძლება მოითხოვონ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკურადაც სრულიად გაუმართლებელია თუნდაც რამდენიმე ათეულმა ათასმა ეთნიკურად ქართველმა _ აფხაზებმა ან ჩრდილოეთიდან ჩამოსახლებულმა აფსუებმა საკუთარი საკანონმდებლო ორგანოები და ბიუროკრატიული მმართველობით აპარატი შეინახოს, აღარაფერს ვამბობ მინი-ჯარზე, პოლიციაზე, საკუთარ მესაზღვრეებზე და მებაჟეებზე.

მით უმეტეს, მიუღებლად მივიჩნევ ხელოვნურად შექმნილი და შემდგომში სრულიად სამართლიანად უარყოფილი ტერმინის “სამხრეთ ოსეთის” კვლავ გამოჩენას ქართველ პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა ერთი ნაწილის ლექსიკონში. დროა, ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რომ ოსეთი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით მდებარე მეზობელი სახელმწიფოა (ან რუსეთის ფედერაციის სუბიექტი), ხოლო ოსი ხალხის (ერის) წარმომადგენლები, ისევე, როგორც მაგალითად, აზერბაიჯანელები და სომხები, საქართველოში ბევრგან სახლობენ (მაგალითად, ბორჯომშიც და ტანძიაშიც). “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ერთეულის დაკანონებას კი სრულიად ლოგიკურად უნდა მოჰყვეს საქართველოს ტერიტორიზე “ჩრდილო სომხეთისა” თუ “დასავლეთ აზერბაიჯანის” ავტონომიური რესპუბლიკების წარმოშობა, მით უმეტეს, რომ ჩვენი “აზერები” და “ჰაესები” ჩამოსახლებულ “ალანებს” ერთი ათად ჭარბობენ.

თუ დღევანდელ ვითარებაში ხელისუფლება გარკვეულ კომპრომისზე წასვლას გადაწყვეტს, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ცალკეული დასახლებული პუნქტების ან რაიონების, მაგალითად, ცხინვალის და ჯავის კულტურულ ავტონომიებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი (ცხადია, კონსტიტუციასა და სახელმწიფო სიმბოლიკაზე ლაპარაკი არ უნდა იყოს. ქუჩებისა და დაწესებულებების ფირნიშებზე ქართულ წარწერებთან ერთად ოსურიც იქნება, ოსურ ენაზე იმუშავებს ტელევიზია, თეატრი, გამოვა გაზეთები და მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს განათლება ოსურ ენაზე), წინაღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ფედერაციის პრინციპით მოწყობილი საქართველოს სუბიექტებმა უკვე “საკუთარი” მიწით დაგვტოვონ და ეკონომიკურად გაცილებით მძლავრ მეზობელ სახელმწიფოებს “დე ფაქტო” მიუერთდნენ, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია კი სრულად მხოლოდ იმერეთის და გურიის რეგიონზე (მხარეზე) გავრცელდეს. თუ მიწაზე კერძო საკუთრების დაშვებას საქართველოს ფედერაციად გარდაქმნა მოჰყვა, ვფიქრობ, მეზობელ სახელმწიფოებს ქართული მიწის ხარჯზე ტერიტორიების მუდმივი გაფართოების რეალური პერსპექტივა გაუჩნდებათ (ცხადია მანამ, ვიდრე ერთის ინტერესები სხვა მხრიდან გაფართოებული მეორე სახელმწიფოს ინტერესებს არ შეეჯახება, ხოლო ჩვენი “ჰუმანური” ბუნება, უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტი, საგარეო-პოლიტიკური გამოცდილება და სამართლებრივი “ღრმადგანსწავლულობა” უკვე ქართული მიწის თაობაზე მოდავე მეზობელი სახელმწიფოების მორიგება-შერიგებაში გამოგვადგება).

ბატონი მორის ფოცხიშვილი ქართული მიწისადმი უდიერ დამოკიდებულებასაც გვსაყვედურობდა:

“ვიცი კვლავაც გააჩუქებ –
სავენახეს, სამზეოს და სართველოს…
არის კიდევ სხვა საუნჯე
ვიდრე შენი საქართველო, ქართველო?!”
“მიწა იძრა, მიწა მოკვდა
ვაი მას, ვინც მიწას ფანტავს…
მიწა უნდა იწამო და
მიწა უნდა გექცეს ხატად”.
ჭეშმარიტად სახალხო პოეტმა ანდერძადაც კი დაგვიბარა:
“ჯერ საქართველოს მოვხედოთ,
საძმოს და საიადონოს
საკუთარ თავს და სატკივარს
მერე მივხედოთ ბატონო”.

როგორც ჩანს, ზოგიერთ “პორტფელიანს” საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვასა და “სხვა საუნჯის” ძებნაში მშობლიური მიწა სახელმწიფო ბიუჯეტთან და საზღვარგარეთულ გრანტებთან ერთად “შემოეფანტა”.

ყველა შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე ყოვლად მიუღებლად მივიჩნევ ქართული მიწის საკუთრებაში გადაცემას იმ მექანიზმებით, რომლებიც ჩვენმა დეპუტატებმა დააკანონეს. ცხადია, საზღვარგარეთელმა მეგობრებმა ჩვენს პოლიტიკოსებს ეს ნაბიჯიც მოუწონეს და როგორც მსოფლიო ბანკის ექსპერტებს განუცხადებიათ “ასეთი რეფორმისტული კანონები ეს-ენ-გე-ს მასშტაბით არც ერთ სახელმწიფოს არ მიუღია” (“რეზონანსი”, 29.10.98).

როგორც ჩანს, ქართველებს ზომიერების გრძნობამ ისევ გვიღალატა და მშობლიური მიწის ყიდვა-გაყიდვაში “ჩემპიონობას” (თუნდაც ეს-ენ-გე-ს მასშტაბით) გამოდევნებულნი იმანაც კი არ დაგვაფიქრა, რომ მრავალ განვითარებულ ქვეყანაში (მაგალითად, თუნდაც ისრაელში) მიწა სახელმწიფო საკუთრებაშია, კერძო საკუთრებაზე დაფუძნებულ აშშ-ც მიწების 62% სახელმწიფოს ხელშია. ხოლო არცთუ მცირემიწიან რუსეთში მიწის განსახელმწიფოებრიობის შესახებ კანონი თითქმის ათი წელი იხილებოდა და მიუხედავად იმისა, რომ 1993 წლის კონსტიტუციით აღიარეს მიწაზე კერძო საკუთრება, მხოლოდ რამოდენიმე წლის წინ დაუშვეს საკუთრება მიწაზე, ისიც მხოლოდ შენობის ასაგებად ტექნოლოგიურად აუცილებელ ფარგლებში… ანუ მხოლოდ იმ მიწას მოგყიდიან, რომელზედაც საცხოვრებელი სახლი ან სამრეწველო ობიექტი აიგება… სამაგიეროდ, ჩვენმა პოლიტიკოსებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ კანონი, ფაქტობრივად ერთ დღეში, განუხილველად მიიღეს…

არ მგონია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ საქართველოს ცალკეულ კუთხეებში ეთნოკონფლიქტებად წოდებული ტრაგიკული მოვლენები, იქ მცხოვრები ე.წ. არაქართულენოვანი მოსახლეობის მხრიდან მკვიდრი ქართველებისადმი მტრული დამოკიდებულებით იყოს მხოლოდ გამოწვეული. როგორც ჩანს, მტერს ისევ უცხოტომელებში ვეძებთ და „კრემლის აგენტად” აუცილებლად გარედან მომხდური წარმოგვიდგენია.

აკაკის სამოქალაქო პანაშვიდზე გრიგოლ რობაქიძემ შენიშნა: „აქ ამბობენ: ქართველებს მრავალი მტერი ჰყავს. მე კი სხვა რამ მაფიქრებს: ქართველ ერს მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს: ეს არის თვითონ ქართველი ერი” („სახალხო ფურცელი”, ¹231, 1915 წელი), აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ჩვენი ჩინოსანი („პორტფელ-პორტმანიანი”) თანამემამულის კორუფცირებულობის გათვალისწინებით, არა მგონია, საქართველოში მცხოვრებ რომელიმე ეროვნების (ეროვნული უმცირესობის) წარმომადგენელს ჩვენთან აშკარა შეიარაღებული დაპირისპირება აწყობდეს, ვინაიდან, თუნდაც ბოროტი ზრახვების აღსრულებაში და სხვა უკეთურობაში (მაგალითად, ქართული მიწების დატაცებაში), ხელს, ფაქტობრივად, არავის არაფერში ვუშლით. ამდენად, შიდამეზობლური მცირე უთანხმოებების სისხლიან კონფრონტაციაში გადაზრდა, ერთი შეხედვით, როგორადაც დაუჯერებელი არ უნდა მოგვეჩვენოს, ე.წ. პერესტროიკით დაწყებულ საკუთრების გლობალური გადანაწილების – „პრიხვატიზაციის” ძირითად პროცესთან უნდა იყოს დაკავშირებული და პირთა ერთი ჯგუფის შეიძლება „ტრანსნაციონალურის” მიერ უნდა იმართებოდეს. პოსტსაბჭოურ სივრცეზე წარმოშობილი საერთაშორისო კონფლიქტებიც და ერთი ეროვნების წარმომადგენელთა შორის გაჩაღებული სამოქალაქო ომებიც უძრავი ქონების ხელში ჩაგდებით დაინტერესებული „მესამე ძალის” მიერ არის ინსპირირებული. საგულისხმოა, რომ მორის ფოცხიშვილმა ამ უკეთურობაზეც აგვიხილა თვალი:

„ძმებს ღალატობენ ძმები, –
ცუდ ხასიათზე ვდგები.
ავად ხითხითებს მტერი, –
შრება სიცოცხლის წყარო,
ვიღაც მესამე მღერის, –
ვიღაც მესამე ხარობს.
ძმებს ღალატობენ ძმები, –
ვიღაც მესამის ნებით”.

ეს „ვიღაც მესამე” ამჟამად „ახალ” ქართველებად, რუსებად თუ სომხებად „გარდაქმნილი”, – კომუნისტების დროინდელი ნომენკლატურული ელიტაა, რომელიც შინაარსით, მართლაც, ჭეშმარიტად ინტერნაციონალურია, უახლოეს წარსულში მთელი საბჭოთა ხალხის, ანუ ე.წ. საერთო საკავშირო საკუთრებად მიჩნეული ძვირადღირებული ობიექტების ახალი გადანაწილების პროცესში მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეზე ძირითადად ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებს და ხელოვნურად შექმნილი არეულობის შედეგად გაუფასურებულ ობიექტებს ჩალის ფასად ეპატრონება. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთში გაბატონებული ახალი კლასის – „პრიხვატიზაციის მამების” წადილი განსაკუთრებული მნიშვნელობის უძრავი ქონების დაუფლებისა, ცალკეულ შემთხვევებში დაპირისპირებოდა რეგიონალური მასშტაბის „წითელი კაპიტალისტების” ინტერესებს. მაგალითად, ჩინოსან „ახალ ქართველებთან”, შესაძლოა, ბიჭვინთისა და მიუსერას სამთავრობო აგარაკების, რელიქტური პერიოდიდან შემორჩენილი ფიჭვნარის ან ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის, მართლაც, უნიკალური ბუნებრივი პირობების მქონე აფხაზეთის სანაპიროს – ქართული მიწის თაობაზე მოსვლოდათ დავა. ყველა შემთხვევაში, კერძო მესაკუთრული ინსტინქტების შესანიღბად და მკვიდრი მოსახლეობის გასაძევებლად ე.წ. ეთნოკონფლიქტები იქნა გაღვივებული.

იგივე ოსი ეროვნების მოსახლეობა სწორედ გარეშე ძალის – „მესამის” მიერ იქნა პროვოცირებული ქართველებთან ძალისმიერი დაპირისპირების პრეცედენტის შესაქმნელად, ფრონტის ხაზის გასაფართოებლად და აფხაზეთში მორიგი დაძაბულობის კერიდან ყურადღების გადასატანად. თავად ოსებს ამ შეიარაღებული კონფლიქტით ისეთი არაფერი მოუპოვებიათ, რასაც საქართველოში ომის გარეშე ვერ მიაღწევდნენ. იგივე შეიძლება ითქვას აფსუა-აფხაზებზეც. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომავალში კვლავ საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება (დღევანდელი პოლიტიკა თუ არ შევცვალეთ, რეალური საშიშროება გვემუქრება ქართული მიწა კოდორამდე ან, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ გუმისთამდე დავიბრუნოთ), მაგრამ საბაზრო ურთიერთობებზე ბრმად ორიენტირებული (და არა გააზრებული) ჩვენი სამართლებრივი ბაზის წყალობით უძრავი ქონების მფლობელებად ძირითადად ნომენკლატურული პრივატიზაციის მესვეურები მოგვევლინებიან („მსხვილი მიწათმფლობელების” ძირითადი შემადგენლობა არსებითად არ შეიცვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აფხაზეთი დამოუკიდებლობას მიაღწევს ან თუნდაც რუსეთის ფედერაციას შეუერთდება). თუ ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება, მოსკოვში მოღვაწე საქართველოს ტელევიზიის ჟურნალისტის, რუსუდან ნიკურაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შეუძლია გაეცნოს, თურმე, „მოსკოვსა და თბილისში მშვენივრად იციან, რომ აფხაზეთი დღეს უკვე რამდენიმე რეალურ სექტორადაა გაყოფილი ჩერნომირდინს, ბერეზოვსკის, ჩუბაისსა და სხვებს შორის (ამ „სხვებში” უდავოდ არაერთი ქართველი „ოლიგარქიც” აღმოჩნდება – ა.კ.). საკურორტო თუ სხვა სახის ბიზნესი საქართველოს წართმეულ ტერიტორიას მომხიბვლელ პერსპექტივას უქადის დაუბრუნებლადაც…”

როგორც ჩანს, ცნობილ პრინციპს „გათიშე და იბატონე”-ს, XXI საუკუნის დასაწყისშიც არ დაუკარგავს პოპულარობა, ხოლო გავლენის ზონებად თავიდანვე დანაწილებულ ტერიტორიებზე (თუნდაც იმავე აფხაზეთში) სახელმწიფო საკუთრების მფლობელებად „წარჩინებული” კლეპტოკრატები მოგვევლინებიან. ძნელბედობას და თავსდატეხილ კატაკლიზმებს გადარჩენილი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობას კი ისღა დარჩება (ალბათ, სულ ათიოდე წელიწადში) ამერიკული ლას-ვეგასისა თუ ევროპული მონტე-კარლოს მსგავს „ტრანსკავკასიურ გასართობ ცენტრში” განთავსებული ფეშენებელური სასტუმროების, ვილებისა თუ კაზინოების მოსამსახურეებად მოეწყონ. აფხაზეთის ქართველობას კი არა, შეიძლება თბილისელებსაც იგივე პერსპექტივა გვემუქრება. „აბრეშუმის გზის” პირას აღმოჩენილ საქართველოს დედაქალაქს თურმე მეორე სართული უნდა დავაშენოთ და მთაწმინდაზე „გასართობი ცენტრი” დავაფუძნოთ…

ეჭვი არ მეპარება, მომგებიანი პროექტია და ბიზენს-გეგმის ავტორები უკვე ინვესტორებს ეძებენ გამალებით. როგორც ჩანს, ამ მორიგი „პატრიოტული” იდეის განხორციელების შემთხევაში, ვინც კი ევროპა-აზიის ფარგლებში საეჭვო გზით მოიპოვებს დოლარებს ყველა ჩვენს „გეორგიას” მოაწყდება და მადლიან ქართულ მიწაზე შეეცდება მათ ფლანგვასა თუ დაბანდებას. პლატოზე კარგადაც გაერთობა და კაზინოდან გამოსული ღამის თბილისსაც გადმოხედავს…

მთაწმინდაზე ასულ „პორტმანიან” სტუმრებს, ალბათ, არც ვალუტის წარმომავლობის თაობაზე მივცემთ უხერხულ კითხვებს, არც მსოფლიოში სილამაზითა და ინტელექტით განთქმული ქართველი ქალების ყურადღებას მოვაკლებთ და ყველა სხვა სურვილსაც დავუკმაყოფილებთ… პირველ რიგში, უძრავი ქონების მეტად ფართო ასორტიმენტს შევთავაზებთ. როგორც ჩანს, ჩვენმა კანონმდებელმა თადარიგი დიდი ხანია დაიჭირა და ისეთი სამართლებრივი ბაზა შექმნა, რომ უცხოელებს სრულიად უპრობლემოდ შეუძლიათ ქართული მიწა დაისაკუთრონ. ამისთვის, საკმარისია იურიდიულ პირად რეგისტრაციისათვის საჭირო პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯები გაიღონ, ანუ რამდენიმე ათასი დოლარი აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისთვისაც გაიმეტონ.

მთაწმინდის პლატოელ „კაპიტალისტ-დამსვენებლებს”, ალბათ, იმასაც ვაცნობებთ, რომ მათთან შედარებით „დაბალ დონეზე” მამადავითის ეკლესიაში, ქართველთა დიდი წინაპრები განისვენებენ, თუმცა ვერაფრით ავუხსნით, თუ რატომ ვუწოდეთ ილია ჭავჭავაძეს „მართალი”, მაშინ, როდესაც ბანკის შემოსავლების ხარჯზე მშობლიურ მიწას უცხოტომელებისაგან გამოისყიდდა და ქართველ გლეხკაცს გადასცემდა… დღევანდელი „საბაზრო-დემოკრატიული” თვალთახედვით ხომ სულ პირიქით უნდა ეკეთებინა… დღევანდელი „ახალი ქართველები” (ფაქტობრივად, იგივე კომუნისტური პარტიის ყოფილი ნომენკლატურული ელიტა და მათი ახლობელ-ნათესავები) ილიას საქციელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებდნენ, პრივატიზაციის თაღლითური მექანიზმის გამოყენებით მიწა ხელოვნურად რომ გაეუფასურებინა, გლეხობა იძულებული გაეხადა მიწა ბანკში გირაოში ჩაედო, გაკოტრების გზით ჩალის ფასად ხელში ჩაეგდო და უცხოელებზე სარფიანად გაეყიდა. მოკლედ, კაცი მაშინ იქნებოდა, ბანკის მეშვეობით გვარიანი ფული რომ „მოეხსნა”…

ნეტავ, რას იტყოდა ილია, ფედერალიზაციის მომხრეებისათვის რომ მოესმინა და პრივატიზაციის შედეგებისთვისაც გადაევლო თვალი? მით უმეტეს, რომ შეეტყო აშშ და გერმანია ერთმანეთს ასწრებენ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების უსასყიდლოდ დარიგებას. ნუთუ, ახალი „ქართული იდეების” ავტორები არ ფიქრობენ, თუ რა ბედი ეწევა „მოკავშირე სახელმწიფოებად”, ფაქტობრივად, სამთავროებად დაყოფილ სახელმწიფოში 4 მილიონ ნაკვეთად დანაწევრებულ ქართულ მიწას, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ერთადერთ უზენაეს მფლობელს – ქართველ გლეხკაცს, დასამუშავებლად კი არა, მთავრობისაგან ნაჩუქარი მიწის გასაფორმებლად ვერ გამოუძებნია ათიოდე ლარი.

თუ საქართველოში დღემდე განხორცილებული პრივატიზაციის მექანიზმს გადავხედავთ და მიწის სადღეისო ფასებს გავითვალისწინებთ, როგორც ჩანს საქართველოს მთელი ტერიტორიის – ქართული მიწის ბითუმად თუ ცალობით (ნაჭერ-ნაჭერ) შეძენა არა მარტო ჯორჯ („გიორგი”) სოროსს (რა მოხდება თუ მაგ. საიუბილეო დაბადების დღისათვის საკუთარი სახელობის სახელმწიფოს „გეორგიას” იყიდის?! ან იქნებ საჩუქრის ღირებულება უკვე გადახდილი აქვს), არამედ რომან აბრამოვიჩსაც სულ რაღაც 7-8 მილიარდ დოლარად შეეძლება. (სხვათა შორის, რუს ოლიგარქთა სიაში „ჩელსის” მესაკუთრეზე გაცილებით მდიდარი არაერთი მოძმე ერების წარმომადგენელია…)

ე.წ. ჩეჩნეთის კრიზისიც საკუთრების გლობალური გადანაწილების კონტექსტში უნდა იქნას განხილული. შთაბეჭდილება რჩება, რომ ფედერაციული მოწყობა და პრივატიზაციის მექანიზმები სწორედ მიწის ხელში ჩასაგდებად იქნა გამოყენებული. ამასთან, საგულისხმოა, რომ რუსეთის „ბიუროკრატიული ელიტა” ერთობ სოლიდურ ბიზნესს ხან საომარ მოქმედებებზე, ხან დროებით დაზავებაზე და ჭურვებით დანგრეული შენობების აღდგენისათვის ან მოსახლეობისათვის „ჰუმანიტარული დახმარებისათვის” გამოყოფილი სახსრების ხარჯზე აკეთებდა, ხოლო ანგარებითი მიზნების მისაღწევად ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის და ეთნოკონფლიქტების პროვოცირებას ახდენდა. ვაინახების მიმართ XX საუკუნის მიწურულს განხორციელებული ვანდალიზმის აქტის ძირითადი დანიშნულება კი, მშობლიური მიწიდან მკვიდრი მოსახლეობის აყრა წარმოადგენდა (დღევანდელი რუსი „დემოკრატი” მმართველებისაგან განსხვავებით, დიქტატორი სტალინი ჩეჩნების მხოლოდ გადასახლებას დასჯერდა… ამასთან, მას ნამდვილად სახელმწიფო ინტერესები ამოძრავებდა და არა კერძო მესაკუთრული).

საგულისხმოა, რომ რუსეთის სიმბოლო – ორთავიანი არწივი აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთდროულად გასცქერის. თუმცა, როგორც ჩანს, არც სამხრეთი მიმართულება დარჩენია უყურადღებოდ. ოსეთის დედაქალაქსაც, შემთხვევით კი არ უწოდეს „ვლადიკავკაზი” (ფლობა, პყრობა). ამდენად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩეჩნების მიწა ყოველწლიურად არანაკლებ 5 მილიარდი დოლარის ღირებულების სტრატეგიული დანიშნულების ნავთობპროდუქტებს იძლევა, გასაგები უნდა გახდეს ამ რეგიონით „პრივატიზაციის მამების” დაინტერესება და არც „ველიკორუსული დერჟავის” (დიდი, დიადი, – დაჭერა, დაკავება) სამხრეთში ფედერაციის სუბიექტთა სიმრავლე უნდა გვიკვირდეს. ამის შემდეგ, როდესაც რუსეთის მხრიდან აქტიური საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჩეჩნები ე.წ. ეთნოკონფლიქტებში აღმოჩნდნენ ჩართულნი მეზობლად მცხოვრებ ოსებთან და დაღესტნელებთან, დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს იმის გათვლა, თუ ვინ იქნება ის „ვიღაც მესამე”, რომელიც ამ დროს, ბატონი მორისის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ხითხითებს, მღერის და ხარობს”.

სხვათა შორის, იგივე მექანიზმი, რომლითაც „მესამემ” ე.ი. ქართულ-აფხაზური თუ ქართულ-ოსური კონფლიქტები შექმნა. აზერბაიჯანთან მიმართებაშიც იქნა გამოყენებული. ე.წ. მთიანი ყარაბაღის ავტონომიის სომხური მოსახლეობის წაქეზებით რუსეთმა, ფაქტობრივად, კი მისმა ნომენკლატურულმა ელიტამ, ხელში ჩაიგდო კასპიის ნავთობის მნიშვნელოვანი ნაწილი (აზერბაიჯანს საერთაშორისო კონსორციუმში საკუთარი წილის ნაწილი დაათმობინეს) და საშუალება მიიღო გაეკონტროლებინა სტრატეგიული მნიშვნელობის გაზისა და ნავთობსადენები.

ჩრდილოეთ კავკასიის ხელოვნური ფედერალიზაცია სწორედ ის ნაღმია, რომელიც იმ შემთხვევაში აფეთქდება, თუ რუსეთმა ტერიტორიის დაკარგვის საფრთხე იგრძნო. გამორიცხული არ არის, რომ „ვიღაც მესამის ნებით” ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ერთეულების „სეპარატისტებსაც” გაუჩნდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სურვილი. შედეგად, ჩეჩნეთის გარდა, კიდევ ოთხ ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას მივიღებთ, „ძმები ძმებს უღალატებენ”, შეიარაღებულ კონფლიქტში ერთმანეთს წელში გატეხენ და მშველელ-გამშველებლად ისეთ დსთ-ს, ფაქტობრივად, რუსთა „სამშვიდობო კონტიგენტს” მოუხმობენ. მოკლედ, საქმე შესაძლოა ისე წაუვიდეთ, რომ ყოველგვარ სუვერენიტეტზე თქვან უარი და უძრავი ქონებაც ჩრდილოეთ „ამღორძინებლებს” უსასყიდლოდ გადასცენ.

ფედერალიზაციის მცდელობამ საქართველოს რა „სიკეთე” მოუტანა, მოსახლეობამ უკვე იწვნია. „ვიღაც მესამის ნებით” ძმებმა ძმებს ჩვენთანაც უღალატეს, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ყოფილ ავტონომიებზე, ფაქტობრივად, აღარ ვრცელდება. ე.წ. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს გარდა იმისა, რომ კონსტიტუციასთან ერთად დროშაც, გერბიც და ჰიმნიც საკუთარი აქვთ, მათ ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის ჯარების განთავსების საკითხსაც საკმაოდ სუვერენულად წყვეტენ. ჩვენს მიწა-წყალს შემოხიზნულებმა შეიძლება ხვალ-ზეგ საკუთარი ფულიც მოჭრან, მაშინ, როდესაც საქართველოს ბიუჯეტი ზოგიერთი უცხოური ფილმის ან საფეხბურთო კლუბის შემოსავლებზე ნაკლებია.

თხუთმეტი წლის წინ, შესაძლოა, სრულიად გონივრული ყოფილიყო ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით საქართველო ფედერაციის ფორმით მოგვეწყო, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც 70 წლიან კომუნისტურ ბატონობას შემორჩენილი ქართული მიწის მესამედს „ვიღაც მესამე” აკონტროლებს (ნურავის ეგონება, რომ ჩვენი ჩრდილოელი ძმები ამას დასავლელი ან თუნდაც ოკეანისგაღმელი „მეგობრების” ნების გარეშე, ყოველ შემთხვევაში მათთან შეუთანხმებლად სჩადიან), ამის გაკეთება დაუშვებლად მიმაჩნია. დარჩენილი კუთხეებისათვის გარკვეული სუვერენიტეტის მინიჭება და, მათ შორის, ფაქტობრივად, საზღვრების გავლება, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი და მეცნიერი გვირჩევს, დამღუპველი იქნება საქართველოსათვის.

მხარეების (რეგიონების) დონეზე საკანონმდებლო ორგანოებისა და სამთავრობო სტრუქტურების შექმნას ვინ ჩივის, ჩვენი დეპუტატების ხელში, გამორიცხული არ არის, ფედერაციის სუბიექტების რიცხვმა საქართველოს ისტორიულად ჩამოყალიბებული კუთხეების რიცხვსაც გადააჭარბოს. პარლამენტში შეკრებილ ბიზნესმენ-პოლიტიკოსებს არგუმენტების მოშველიება არც უბნების დონეზე „განსახელმწიფოებრიობის” დასაკანონებლად გაუჭირდებათ. თუ ასე გაგრძელდა, გამორიცხული არ არის „თვითგამორკვევის” პროცესი უბან-ქუჩების დონეზე განხოცრიელდეს და ვარაზისხევის გადაკვეთისას ან თამარ მეფისა თუ „ვორონცოვის” ხიდზე გადასვლისას ვერა-სოლოლაკელებს საბაჟო და საპასპორტო კონტროლის გავლა მოუწიოთ.

ხუმრობა იქით იყოს, ქუჩების ავტონომიზაციამდე იმედი მაქვს საქმე არ მივა, მაგრამ საქართველოს ფედერაციული მოწყობის მომხრეები დედაქალაქს, ალბათ, ცალკე სუბიექტად მოიაზრებენ, მისი გამორჩეულობის (აქ ხომ ამდენი „ელიტარი” ბინადრობს) გამო. მართალია, დამოუკიდებლობაზე ფოთსაც და ქუთაისსაც შეიძლება გაუჩნდეთ პრეტენზია, მაგრამ პირველობას თბილისს ვერავინ შეეცილება. თუ გავითვალისწინებთ, პოპულარული ტელეარხებისა და გაზეთების ფაქტობრივ მმართველებს და პოლიტიკოსების კონტროლს დაქვემდებარებულ ოთხი ათასამდე „არასამთავრობო” ორგანიზაციას, „მზისა და ვარდების მხარეში” ნებისმიერი მასშტაბის „ბუნტის” მოწყობა არ უნდა გაჭირდეს.

მართლაც, საკმარისი იყო პარლამენტშივე გამოკვეთილიყო საკუთარი ინტერესების მქონე ხელისუფლებისათვის მებრძოლი (პოსტშევარნაძისეულ პერიოდზე ორიენტირებული) ჯგუფი და ზოგიერთი „ელიტარის” მიერ ადრე დატაცებულ – „პრიხვატიზებულ” ქონებას საფრთხე შექმნოდა (კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურების და კონფისკაციის თაობაზე გამოტანილი ლოზუნგების გამო), რომ დენის 24-საათიან მოწოდების მოთხოვნით მთელი ქალაქი უმალ ბარიკადებზე დადგა და დამოუკიდებლობის მეცხრე წელს (ეტყობა, 9 საბედისწერო ციფრია ჩვენთვის) პარალელი ფიდელ კასტროს რეჟიმთანაც კი გაავლო. (2003 წლის ნოემბერში კი მოსახლეობა როგორც იქნა არჩევნების ტოტალური გაყალბებისათვისაც „გაბრაზდა”).

ამდეგად, ეროვნული იდეოლოგიის არქონის, მოსახლეობის დიდი ნაწილის პოლიტიკაში უმწიფრობისა და სამართლებრივი ნიჰილიზმის ვითარებაში, „ვიღაც მესამეს” არა მარტო საქართველოს საზღვრებთან, არამედ თბილისშიც კი იოლად შეუძლია კონფლიქტების პროვოცირება, თუნდაც ელექროენერგიის მოწოდების გაკონტროლებით. მოკლედ, მორიგი ეთნიკური შუღლი თუ გვინდა ჩამოვაგდოთ და სეპარატიზმი ახალ კერაში გავაღვივოთ, საკმარისია მარნეული და ახალქალაქი რიგრიგობით ჩავაბნელოთ, ხოლო კონფრონტაციის მასშტაბების გასაფართოებლად დენი ავლაბარსაც უნდა გამოვურთოთ. თუ რას უქადის ხელოვნურიი ფედერალიზაცია, თუნდაც ევროპულ სახელმწიფოს, ნათლად ჩანს ემირ კუსტურიცას ფრიად გახმაურებულ ფილმში „ანდერგრაუნდი” („იატაკქვეშეთი”) ცნობილი კინორეჟისორი საკუთარი ხალხის ტრაგედიის მაგალითზე ცდილობს დაგვანახოს სამოქალაქო ომების საშინელებანი და გაეროს ცისფერჩაფხუტიანთა „სამშვიდობო მისიების” მეშვეობით შიდა კონფლიქტების დარეგულირების უპერსპექტივობა. ამასთან, გვაცნობს, რა თანამედროვე ეროვნული გმირების თუ კერპების ფორმირების მექანიზმებს, იმის თაობაზეც გვაფრხილებს, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს რეალობის გაუთვალისწინებლობას, სინამდვილის გაყალბებას, ჭამა-სმაზე გადაგებას, კორუფციისა და უზნეობის აღზევებას.

XX საუკუნის მიწურულს ერთიანი იუგოსლავიის დაშლამ და ძმებს შორის დაღვრილმა სისხლმა არ შეიძლება არ დაგვაფიქროს საქართველოში მოვლენების განვითარების მეტად საშიშ ტენდენციებზე. (სხვათაშორის, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ანუ ევროპაში მუსლიმანური სახელმწიფოების შექმნაში ლომის წილი აშშ-ს მიუძღვის…) ფაქტია, რომ ეროვნული იდეის დისკრედიტაციასა და ქართული ტრადიციული სულიერი ღირებულებების (ოჯახის და ქალის კულტი, პატრიოტიზმი, შრომის კულტურა, მიწისადმი ერთგულება, ტოლერანტობა) მოშლასთან ერთად კონსტიტუციურად დამოუკიდებელ, ერთიან და განუყოფელ საქართველოში სულ უფრო მეტად იჩენს თავს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარების სიმწვავე, რაც მყარ საწინდარს ქმნის კუთხური სეპარატიზმის აღზევებისათვის.

ცივილიზაციის ისტორია ცხადყოფს, რომ ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებულ შეიარაღებულ კონფლიქტებს, ძირითადად ეკონომიკური მოტივები განაპირობებს. ამდენად, თავისი არსით უნიტარულ სახელმწიფოში ჩადებული ფედერალიზმის ნაღმი განსაკუთრებით ფეთქებადსაშიში სწორედ ამ ვითარებაში ხდება, როდესაც საქმე საკუთრების გადანაწილებას ეხება. აღნიშნულიდან გამომდინარე. არც უნდა გვიკვირდეს, რომ „ვიღაც მესამეს”, ფაქტობრივად კი, ყოფილ პარტულ-ნომენკლატურულ ელიტას და მათ კონკურენტ (ზოგჯერ კი თანამზრახველ) უცხოელ ოლიგარქებს, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად „უპატრონოდ” დარჩენილ ე.წ. საერთო სახალხო საკუთრების მსხვილი ობიექტების ჩალის ფასად ხელში ჩაგდების მიზნით, განსხვავებული ინტერესების მქონე ეთნიკური, რელიგიური ან თუნდაც პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთთან დაეპირისპირებინა.

ცხადია, თუ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად ეკონომიკა გაპარტახდება, მკვიდრ მოსახლეობას გაუსაძლისი პირობები შეექმნება და ადგილიდან აიყრება, უძრავი ქონების (ბუნებრივი რესურსების, მიწის, წიაღისეულის) დაპატრონებას ვინღა შეგეცილება. ამასთან, საკუთრების ახალი გადანაწილების შედეგების ლეგალიზაციას კი, არცთუ იშვიათად, სწორედ პრივატიზაციის სამართლებრივი ბაზა ემსახურება. საკანონმდებლო ორგანოში ილია ჭავჭავძისეული გაგებით „პატიოსანი ხასიათითა და უჩირქო ყოფა-ცხოვრებით” გამორჩეულ მამულიშვილთა ნაკლებობა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული განუკითხაობა და სასამართლოების არასათანადო დამოუკიდებლობა საშუალებას აძლევს მავანთ, თითქოს და პირდაპირი შესყიდვით, იჯარა გამოსყიდვის უფლებით, აუქციონისა თუ კონკურსის (ტენდერის) მეშვეობით, ხელოვნურად შემცირბულ ფასებში, ფაქტობრივად კი, დატაცებით „დაიკანონონ” სახელმწიფო საკუთრება.

ამდენად, საქართველოში რეფორმები ცივილიზებული ფორმით და მეტ-ნაკლებად სამართლიანად რომ განხორციელებულიყო, ამასთან, მოსახლეობას განსახელმწიფოებრიობის კამპანიის ავტორ-ორგანიზატორთა მიმართ ნდობა რომ ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ არც სეპარატისტული განწყობა გაღვივდებოდა, ძმათა შორის სისხლისღვრასაც ავცდებოდით და მოქალაქეები საკუთარ ხელისუფლებას მხარს განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა დაუჭერდნენ.

შედეგად, ქართულ სახელმწიფოს, დღეისათვის, როგორც ეკონომიკაში, ასევე პოლიტიკაში გაცილებით ნაკლები პრობლემები ექნებოდა და საგარეო ვალებით შებორკილი სხვისი მოწყალების მოიმედე არ იქნებოდა.

უჭირს დღეს ქართველობას. უჭირს სრულიად საქართველოს. უარესადაც გასჭირვებია, მაგრამ თავი გონიერებით გაუტანია. დიდი ილია ბრძანებდა: „რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესათვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლ-მთხველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით – იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე, მისი ფარ-ხმალი. ამით გავიტანეთ თავი დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა”.

ახლა კი, როგორც ბატონი მორისი გვაფრხილებდა:

„სხვა დრო დგება, როგორც ხედავ
ხელი შეგაჩვიეს ქართველს, –
მტერი გუშინ სამცხეს გღლეტდა
ახლა ზღვისპირეთს გართმევს.
შენი იმედი აქვს შენს მტერს, –
პირზე გკოცნის, როცა ქართველს, –
მახვილს მაღლა უნდა სწევდე
გონზე მოსვლა ახლა გმართებს”.

ამდენად, ისღა დაგვრჩენია ძილ-ბურანისაგან გამოვერკვიოთ, ისიც გავიხსენოთ, რომ „სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”, გვერდი-გვერდ დავდგეთ და ყველაფერი ვიღონოთ, რომ საქართველო – წინაპართა მიწა – მომავალ თაობებსაც შევუნარჩუნოთ.

ქართველ კაცს ხომ სიცოცხლე სხვაგან ვერ წარმოუდგენია და არაერთხელ განუცხადებია: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა…” ამის მიზეზი კი მხოლოდ ქონებრივი ურთიერთობები და მიწის „საბაზრო ფასი” ნამდვილად არ იყო. იაკობ გოგებაშვილი წერდა: „მშობლიური მიწა-წყალი, მამული მარტო ნივთიერი ფაქტორი არ გახლავთ, იგი სულიერია, ცოცხალი არსებაა”.

ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიწა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის მიღწევისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე ჯერ კიდევ ერთობ არამყარად მდგარი საქართველოს გადარჩენის ერთადერთი რეალური მატერიალური საწინდარია. არ უნდა დავუშვათ, რომ ხელისუფლების უნიათობითა და ქვეყანაში მყარად ფესვგადგმული სამართლებრივი ნიჰილიზმის შედეგად, მოსახლეობისათვის უსასყიდლოდ დარიგებული ნაკვეთები უმრავლესობისათვის „ვაუჩერების” (საპრივატიზაციო ბარათების) მსგავსად მხოლოდ შანსად იქცეს და ხელიდან იქნას გაშვებული, ხოლო ადრე იჯარით აღებული, ფაქტობრივად კი კორუფციის გზით მიტაცებული ფართობები ქართული მიწის „გადამყიდველებს” ჩავუგდოთ ხელში.

ქართული სახელმწიფოს მოწესრიგებისათვის, სასამართლო რეფორმისა და ახალი საკანონმდებლო ბაზის მიღების გარდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ამდენად, ჯერ სახელმწიფო მექანიზმის გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ცივილიზებული მექანიზმები უნდა დაგვემკვიდრებინა, ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, მეწარმისათვის ხელშეწყობაზე ან თუნდაც კორუფციის აღმოფხვრისათვის მოგვეკიდა ხელი, ხოლო ბუნებისაგან თუ ღვთისაგან ქართველი ერისათვის ბოძებული მიწის განსახელმწიფოებრიობა – გაყიდვის საკითხი სამომავლოდ უნდა გადაგვედო.

სამხრეთელი სლავების ენაზე „ქვეყნის” აღსანიშნად ტერმინი „მიწა” გამოიყენება. ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენი „კინოც” ისევე დასრულდეს, როგორც კუსტურიცას იუგოსლავიური, და „მამულის გამყიდველმა მამებმა” ათწლეულების შემდეგ შვილებს ზღაპრების მეშვეობით ვამცნოთ, რომ „იყო და არა იყო რა, იყო ერთი „გეორგია”, ან მხოლოდ ადრინდელი საქართველოდან (ნიკოფსიიდან დარუბანდამდე) მოწყვეტილ თუ მორჩენილ ტერიტორიაზე (ისევ ორ, მაგრამ, ამჯერად სამწუხაროდ მხოლოდ შავ და თბილისის ზღვას შორის მდებარე…) გაშლილ სუფრაზე სადღეგრძელოებში მოვიხსენიოთ „ტკბილ მოგონებად”…

http://iberiana.webs.com/szgp.htm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s