Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მამალაძე- ეროვნული იდეოლოგია

***

ეროვნული იდეოლოგიის ჰორიზონტალური და ვერტიკალური პოსტულატები

08.03.2011

ილია მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა: “მამული, ენა, სარწმუნოება” დღესაც გამოხატავს ქართული ეროვნული იდეოლოგიის სამ მთავარ პოსტულატს.

ეს პოსტულატები, ერთგვარად, ვერტიკალური მიმართულებისაა, რომელსაც ამაგრებს სხვა სამი, ასე ვთქვათ, ჰორიზონტალური პოსტულატი, რომელთაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

მამული. ქვეყანა, სამშობლო არის ადამიანთა ერთობისთვის, ერისთვის ის სასიცოცხლო არეალი, გეოგრაფიული გარემო, რომლის გარეშეც არ ყალიბდება სოციალური ერთეული – ერი, რომელიც სინამდვილეში ღვთისმიერი ერთეულია. მიწა, სამშობლო მხარე, ქვეყანა არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც შესაძლებელია საუკუნეთა, ათასწლეულთა მანძილზე, წარღვნიდან წარღვნამდე, მეორედ მოსვლამდე ცხოვრობდეს ერი და ვითარდებოდეს. სადაც იბადებიან, მოღვაწეობენ, იკრძალებიან თაობები და თაობები. სადაც ყოველი მტკაველი, ყოველი საფლავი, ყოველი ნაგებობა და ნანგრევი, ყოველი კულტივირებული მცენარე, ყოველი მდინარე და მთა, რაღაც ძალიან საერთოსი, რაღაც ძალიან ძვირფასის სახსოვარია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. ეს არის ის საკუთარი მტვერი (მიწა, თიხა), რომლისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა და რომლადაც იქცა ქართველთა ეთნარქების თუბალის, მოსოხის, თარგალის, კარდუს სათაყვანებელი ძვლები.

ქართული და, საერთოდ, ქრისტიანული წარმოდგენით, ივერია არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ა. შ.

საქართველოს საზღვრები არის განსაზღვრული თავად ღვთის მიერ და ეს ისტორიულადაც არის დადგენილი. ამიტომ მისი ყოველი გოჯის დათმობა მტრისათვის არის ღვთის მიერ მოცემულის განიავება, ღალატი.

ენა. ენა არის კომუნიკაციის საშუალება, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. საერთო ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, გარდაცვლილ და მომავალ თაობებს. ქართულად მივმართავთ ღმერთსაც. ღმერთიც ქართულად გვესიტყვება. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი კაცის წარმოდგენაში ქართული ენა არის ლაზარე, ღვთის საუკეთესო მეგობარი. ქართველს სჯერა, რომ ღმერთს მისი ენისა ყველაზე უკეთ ესმის, რომ მისი ენა პირველადია, უძველესია, რომ ქართული ენით განისჯება კაცობრიობა და რომ თავად უფალი ამ ენით საუბრობს.

ეს სრულიადაც არ არის დასაძრახი. მესიანისტური იდეოლოგია მრავალ ერს აქვს. მეცნიერები მართლაც ამტკიცებენ ქართული ენის უძველესობას, მის სიახლოვეს სავარაუდო უძველეს საერთო კაცობრიულ მეტყველებასთან. სულთმოფენობის დღეს სულმან წმიდამ ქართულად აამეტყველა თავად ღვთისმშობელი და ივერია არგო განსანათლებლად. ასევე, ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი, მატათა, წმიდა ნინო, ათცამეტი ასურელი მამა, შემდეგ ეფთვიმე მთაწმინდელი ღვთისმშობლის გამოცხადებამ და ა. შ.

ქართული ენა არის თვითგამოხატვის ერთერთი საუკეთესო საშუალება. საკმაოდ მდიდარია ჩვენი ენა, ქართული ენით შესაძლებელია ყველაფრის გადმოცემა, მათ შორის, სახარებისა და “ვეფხისტყაოსნისა”.

სარწმუნოება. ქრისტეს სჯული არის სარწმუნოება, რომელიც ჩვენ ადვილად მივიღეთ. რომელსაც ველოდით, რომლისთვისაც მზად ვიყავით. ვინაიდან იმთავითვე ჩვენი ჩვეულებანი იყო ისეთი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობის მიღება შეგვეძლო.

სხვათაგან განსხვავებით, ჩვენ გვჯეროდა, რომ ქალიც ადამიანია, რომ მასაც აქვს სული და “ლეკვი ლომისა სწორია”. ჩვენ გვჯეროდა, რომ შეიძლება არსებობდეს უმწიკვლო ქალი, დედა და ამიტომ შევძელით გვეცნო ყოვლადწმიდა ქალწული ღვთისმშობელი. თუკი ღმერთი არსებობს, მაშ, უბიწოდ ჩასახვაც შეიძლება, ვფიქრობდით ჩვენ და ვიცანით სიტყვა. თუკი აქ ვცხოვრობთ, შესაძლოა, მერეც ვიცოცხლოთ, ვიცოდით ჩვენ და მაცხოვარი ვირწმუნეთ.

ჩვენ ალალი ხალხი ვიყავით და ვირწმუნეთ, რომ უფალს მართლაც ეტკინა მათრახების ცემა და ჯვარზე გაკვრა. ეტკინა იმიტომ, რომ თავისი ტკივილით, წამებით, ჯვარზე გაკვრით, სიკვდილითა და აღდგომით გამოესყიდა ჩვენი ცოდვები და მარადიული ცხოვრება მოენიჭებინა ჩვენთვის. მაშ, თუ მას ორი ბუნება არ ექნებოდა, ღვთიური და ადამიანური, როგორღა ეტკინებოდა. და თუ არ ეტკინებოდა, მისი ტანჯვა ხომ არ იქნებოდა ნამდვილი, მისი ტანჯვა ხომ თვალთმაქცობა იქნებოდა, ტყუილი იქნებოდა ამიტომ ვიწამეთ ჩვენ ალალებმა ალალი სარწმუნოება – დიოფიზიტობა.

ყოველი სარწმუნოება კარგია და საშუალებაა ღმერთთან მიახლებისა, მაგრამ მართლმადიდებლობა ყველაზე სრულყოფილია. ისლამი ბიძაშვილის ცოლად მოყვანას არ კრძალავს, პირიქით, იეზიდიზმიც ავალდებულებს, ასევე იუდაიზმი, არ კრძალავს კათოლიციზმიც.

ჩვენ ტრადიციონალისტები ვართ, კონსერვატორები. თითქოს ამიტომ არ ვუღალატეთ მრწამსს და არ მივიღეთ ფილიოკვე. თითქოს ეს მხოლოდ თეოლოგიური საკითხია და მეტი არაფერი. სინამდვილეში მრწამსის შეცვლამ ევროპაში გამოიწვია რეფორმაცია (პრინციპში პირველი რეფორმაცია იყო ფილიოკვე – “და ძისაგანაც” – გამომავლობა სული წმიდისა). რეფორმაციამ გამოიწვია კონტრრეფორმაცია, ისტერია, დევნა, კოცონები, ხოცვა-ჟლეტა. ჩვენი სიჯიუტე გამართლებული ყოფილა.

დიახ, გარდაცვლილი თაობების თავდადება ქრისტიანობისათვის არ ყოფილა მხოლოდ სიჯიუტე ან ვაჟკაცობა. იგი განპირობებული იყო გარდაცვლილი თაობების მიერ დაგროვილი სიბრძნით.

დღეს, მართალია, ქართველების ერთი ნაწილი არის მაჰმადიანი, მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ უნდა ითქვას, ეს არ არის გამოუსწორებელი ტრაგედია. რამოდენიმე საუკუნის მანძილზე მათზე განხორციელებულმა რელიგიურმა დევნამ თავისი გაიტანა: საინგილოში, ტაო-კლარჯეთში, ქალდია-ტრაპიზონში, ფერეიდანში მცხოვრები ქართველები მაჰმადიანდებოდნენ, თუმცა მთავარი საფუძვლები, რომელთა გამოც მართლმადიდებლობა ყველაზე მისაღები აღმოჩნდა ჩვენთვის თავის დროზე, მათ, გამაჰმადიანებულ ქართველებს შენარჩუნებული აქვთ: დედის თაყვანისცემა, ქალის პატივისცემა, ბიძაშვილ-ნათესაობა, ენა (დიდ ნაწილს, კარგად), მამულის მონატრება, სიბრძნე.

არც ერთი ქართველი არ უნდა დაეკარგოს საქართველოს. ისევ ილიას მოვუსმინოთ: “არ გვაშინებს მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთ, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინიდისს, და დიდი ხნის განშორებულს ძმას ძმურადვე შეითვისებს, თვის პატიოსანს და ლმობიერს გულზედ ძმას ძმურადვე მიიყრდენს თვალში სიხარულის ცრემლ-მორეული ქართველი. და თუ ამისათვის საჭიროა, რომ სიხარულის ცრემლის უწინარეს ჯერ ჩვენი სისხლი დაიღვაროს, ნუთუ ქართველი უკუდრკება და თავს არ შესწირავს მას, რისთვისაც ორი ათასი წელიწადი თავი უწირავთ ჩვენთა დიდებულთა მამა-პაპათა” (“ოსმალოს საქართველო”, თხზულებანი, ტ. IV).

დიდი ილიას ზემოთაღნიშნული ფორმულა “მამული, ენა, სარწმუნოება”, როგორც ვთქვით, დღესაც უკვდავ პოსტულატებად რჩება. ეს ფორმულა გამოხატავს ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალურ მიმართულებას. ფორმულა, დაწყებულია მიწიდან – მამული, მიემართება ენის მეშვეობით და სარწმუნოების სახით ღვთისკენ.

თითქმის ყველაფერი შეიძლება მოვიაზროთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სქემაში. ილიასეული ფორმულა ქვემოდან ზემოთ მზირალია. ზემოდან თუ წარმოვიდგენთ, ღმერთი, სამყარო სარწმუნოების მეშვეობით, ვერტიკალის მეშვეობით, ზემოდან ქვემოთ წამოსული ცოდნის მეშვეობით, გასაგებ ენაზე, ჩვენს შემთხვევაში, ქართულ ენაზე, გვაძლევს კომუნიკაციის საშუალებას, გზას მასთან მიახლოებისა.

რაც უფრო მართებულია სარწმუნოება, მით უფრო ახლოსაა ოთხმოცდაათ გრადუსთან მიწიდან ატყორცნილი ვერტიკალის ხაზი. მიწა-მამული არის ადგილი, სადაც ხდება ამქვეყნიური ცხოვრება-გამოცდა იმ ხალხისა, რომელსაც ღმერთი ესაუბრება ამა თუ იმ ენით. მამული, როგორც ვთქვით არის სამკვიდრო, სადაც ცხოვრობს ერი. მამული არის ამა თუ იმ სარწმუნოების (სიბრძნის) მატარებელი ხალხის საცხოვრისი.

ხალხი, ერი, თავის მხრივ, იყოფა თემებად, გვარებად, გვარები თავის მხრივ კომლებად, ოჯახებადაა გაშლილი.

თუ ცენტრიდან, მიწიერი ცენტრიდან, მამულიდან წარმოვიდგენთ ჰორიზონტალურ ხაზსაც გაშლილს, მივიღებთ შემდეგ სურათს: მამული და ერი ერთ წერტილშია (ერთ გეოგრაფიულ მოცემულობაში) გადაკვეთილი, მერე ერი იშლება გვარებად, გვარები ოჯახებად, ოჯახები ინდივიდებისაგან შედგება.

მივიღეთ ასეთი სურათი: ინდივიდი რომ სრულყოფილად დაუკავშირდეს ამქვეყნიურ მთავარ წერტილს (ერი-მამული), საიდანაც ყველაზე სრულყოფილად დაუკავშირდება ღმერთს, მას უნდა ჰქონდეს სრულყოფილი კომუნიკაცია დამყარებული ოჯახთან, ოჯახის მეშვეობით გვართან (ეს იგივე თემია, ეს იგივე მრევლია) და გვარის მეშვეობით იგი უკავშირდება ერს (ეს იგივე ეკლესია) და მამულს (ეს იგივე სახელმწიფოა).

ამ ჰორიზონტალური სამებისა და ვერტიკალური სამების მეშვეობით ინდივიდი უკავშირდება ღმერთს. ნებისმიერი წერტილის, რგოლის გამოტოვება, ნებისმიერი წერტილის არარსებობა ან ჯეროვანი დაუფასებლობა ჯებირებს უქმნის ინდივიდის განვითარებას, მის სამსახურს ერისადმი და ღვთისადმი. ყოველი წერტილი, ყოველი რგოლი უსათუო აუცილებლობა, გარდაუვალობაა, ბუნებრივი გადაჯაჭვულობაა.

მაგალითად, თუ კაცს, თავისი ნებით, არ ჰყავს ცოლ-შვილი, ერთგვარად იგი სრულყოფილად ვერ დგას ქვეყნის სამსახურში. რაღაცას (შვილებს) მაინც აკლებს თავის ქვეყანას და საბოლოო ჯამში, ღმერთს. ლაპარაკია ერისკაცებზე და არა ბერ-მონაზვნებზე, რომლებიც თავისი ლოცვებითა და მოღვაწეობით ზრუნავენ ოჯახების სიმტკიცეზე, გვარების სიძლიერეზე, ერის ერთიანობაზე, მამულის დაცვაზე, ენის შეურყვნელობაზე და რწმენის განმტკიცებაზე.

მთავარი საყრდენი წერტილების, ერი-მამულის სიმფონიური მართვა-გამგეობისათვის ღვთის მიერ დადგენილი არის ორი ხელისუფლება, საერო და სასულიერო ხელისუფლება.

მაშასადამე, ინდივიდისათვის, რომელიც ქართულად ითარგმნება, როგორც ცალარსი (ანუ არსი, მაგრამ ცალი, ე.ი. არა სრული არსი). ღვთის საუკეთესო სამსახურია ოჯახის, გვარის, ერის, მამულის, ენის, სარწმუნოების სამსახური.

ადამიანი, რომელიც შემთხვევით გაიცნობს მოგვარეს (ან დედის მოგვარეს, ან ბებიის) და სიხარულით არ აევსება გული, შეგვიძლია ჩავთვალოთ, მთლად კარგი ქართველი არ არის და მთლად კარგი ქრისტიანი. ასევე, ადამიანი, რომელსაც არ ადარდებს მამულის ბედი, ვერასოდეს იქნება კარგი ქმარი ან მამა.

მაშასადამე, მამულის, ენის, სარწმუნოების შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ ერი, გვარი, ოჯახი. ხოლო ოჯახის, გვარის და ერის შესანარჩუნებლად საჭიროა შევინარჩუნოთ მამული, ენა, სარწმუნოება.

გაიოზ მამალაძე

http://www.presa.ge/new/?m=blogs&BAID=18&BID=70

 

***

 

გაიოზ მამალაძე

ზვიადობა

 

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ნაციონალიზმის სახელწოდების პერსონაფიკაციის ნიშანს ატარებს. დღეს პროფანებისთვის ნაციონალიზმი სალანძღავი ტერმინმია. მათი აზრით, ნაციონალიზმი არადემოკრატიული და ადამიანისთვის არაბუნებრივი, შეურაცხმყოფელი მოვლენა. ასე ფიქრობენ დასავლეთზე “ორიენტირებული” “პიროვნებები”, რომელთაც განათლება ფრიად საბჭოური აქვთ და აზროვნება პოსტ-საბჭოური. გადავხედოთ, როგორ არის განმარტებული ნაციონალიზმი არასაბჭოურ ენციკლოპედიებში:

“ნაციონალიზმი არის რწმენა იმისა, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია გამოავლინოს უანგარო ერთგულება თავისი ერისადმი” (Enciclopetia Britanica v. 12 1973-1974).

“ნაციონალიზმი არის გონების მდგომარეობა დამახასიათებელი განსაზღვრული ხალხისათვის, რომელთაც აქვთ ჰომოგენური კულტურა, ცხოვრობენ ერთად მჭიდრო კავშირში განსაზღვრულ ტერიტორიაზე და აქვთ რწმენა თავიანთი გამორჩეული არსებობისა და საერთო ბედისწერისა. ამ ხალხს აქვს ურთიერთთანაგრძნობის ღრმა შეგრძნება და ერთგულება საკუთარი ჯგუფისადმი.

ნაციონალიზმი აყენებს თავისი ჯგუფისადმი ერთგულებას უფრო მაღლა, ვიდრე სხვა ერთგულებებს და მოითხოვს სიამაყეს ამ ჯგუფის მიღწევების გამო” (Enciclopetia Americana v. 19 1966).

“ნაციონალიზმი არის: 1) მოძღვრება, რომელიც ამტკიცებს ეროვნული ინტერესების უპირატესობას ამავე ერის ჯგუფების, კლასების, ინდივიდების ინტერესებთან შედარებით. 2) ინდივიდთა პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ცდილობს საკუთარი ერის ბატონობა განამტკიცოს ცხოვრების ყველა სფეროში” (Petit Larouse. Paris 1988).

ნაციონალიზმი ყოველი ხალხის გულისგულში არსებული გრძნობის, განწყობის სააშკარაოზე გამოტანასა და ცხოვრების მიზნად დასახვას ითხოვს. ამას განსაკუთრებული პიროვნებები ახერხებენ, ამიტომ ნაციონალიზმი ემყარება მითსაც განსაკუთრებული პიროვნების, ზეკაცის შესახებ.

ქართულ ნაციონალიზმზე დიდი ზემოქმედება იქონია ქართველთა ქვეცნობიერში დაიმედებულმა ოქროს აკვნისა თუ ჯაჭვების ამწყვეტი ამირანის მითებმა. დიდი პიროვნების, ნიცშესეული ზეკაცის (ქართულად მზე-კაცის) იდეა უხსოვარი დროიდან იდო ქართულ ცნობიერებაში.

ქართული ნაციონალიზმის პერსონიფიცირებას, პერსონასთან გაიგივებას, გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ხელი შეუწყო ქართული მწერლობის კლასიკოსის, კონსტანტინე გამსახურდიას ფენომენმაც. ქართველი ერის ისტორიის მანძილზე, ყველა დიდი ქართველი მწერალი ნაციონალიზმის იდეოლოგი იყო. ქართველი კლასიკოსის ოჯახში აბა ვინ გაიზრდებოდა, თუ არა ნაციონალისტი. ეს ხალხის გონებაში მყარად იყო გამჯდარი.

გარდა ამისა, ქართულ ცნობიერ თუ არაცნობიერ აზროვნებაში დიდი ადგილი აქვს რუსთველს. ქართველები მუდამ ვეძებთ “ვეფხისტყაოსანში” აღწერილ იდეალებს, მაგალითად მეგობრობას. თავად ხშირად ვერ ვპოულობთ, მაგრამ სხვათა მეგობრობაში მტკიცედ გვწამს რომ იქნება. მერაბმა და ზვიადმა ტარიელისა და ავთანდილის იდეალური მეგობრობის რეალობა დაგვანახეს, “ვეფხისტყაოსნის” “სინამდვილე” დაგვიმტკიცეს. მერაბი აღიარებდა თავის ავთანდილობას, და ზვიადის ტარიელობა, პირველობა უეჭველი ხდებოდა ასეთი კრისტალურად სუფთა პიროვნების მტკიცებით. მერაბი ქართველი კაცის გაუტეხლობის სიმბოლოდაც იქცა. ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა.

მერაბისა და ზვიადის ქართული გარეგნობაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ _ ნამდვილი იბერიული რასა.

ბიოგრაფიამაც დიდი როლი ითამაშა, რასაკვირველია. როცა ობივატელები მკვდარი თევზებივით მიჰყვებოდნენ საბჭოურ დინებას, ზვიადი და მერაბი კალმახებივით კამკამა სათავეებისაკენ მიაპობდნენ ჩქერებს ახალი თაობების შესაქმნელად.

განსაკუთრებული როლი სახელმაც ითამაშა. განგებამ, საგანგებოდ მამის მეშვეობით შეურჩია სახელი.

სახელი ზვიადი წყაროებში XI საუკუნეში ჩანს _ სპასალარი ზვიად მარუშიანი. ჩვენი აზრით, იგი უნდა იყოს საქართველოს გაერთიანების ორგანიზატორის, დიდი იოანე მარუშისძის შვილი. მანამდე უცნობია თუ არქმევდნენ ამ სახელს საქართველოში. არც მერე ჩანს ამგვარი სახელით ცნობილი პიროვნებები. კონსტანტინემ ხელახლა შემოიღო პრეცედენტი ვაჟისთვის ერთ-ერთი ვაჟკაცური სახელის _ ზვიადის დარქმევისა. ხალხმა აიტაცა და ტრადიციად აქცია. დიდი ადამიანები დიდად მოქმედებენ ხალხზე, ისინი ქმნიან ტრადიციას.

ზვიადი ამაყს, გაუტეხელს, დიდებულს, გოროზს, ამაღლებულს, ვაჟკაცურს, მიუწვდომელს, მონუმენტურს ნიშნავს (აქვე გავიხსენოთ, რომ ნაციონალისტური ხელოვნება მონუმენტურია). ზვიადია კავკასიონის მყინვარქედები (ჩვენ ქედი ვახსენეთ, მყინვარი. ნუ შევუპირისპირებთ ერთმანეთს მყინვარსა და თერგს, ამ შემთხვევაში ზვიადობა ორივეს მოიცავს, თერგი მყინვარიდან გამოდის, თერგი მყინვარის თანანაწილია); ზვიადია სვანეთის ბუნება; ზვიადი იყო ბაგრატ V, რომელმაც თემურ ლენგს მისწერა, მე შენზე უმცირე არა ვარო;

სხვა სახალხო მოვლენები, მიმდინარეობები, რომლებიც პერსონების სახელთან არის დაკავშირებული, არ არის შინაარსობრივად, ეტიმოლოგიურად, თუ სხვა, ასე დამუხტული. მაგალითად, ფრანკიზმი, ჰიტლერიზმი, სტალინიზმი, ლენინიზმი და სხვა. აღარაფერს ვამბობთ ზნეობრივად სრულიად განსხვავებულობაზე.

ზოგიერთს ამპარტავნობა ჰგონია ზვიადობა. ეს მცდარია. ზვიადობაა არ დააჩაგვრინო ქვეყანა; ზვიადობაა არ დაეცე, თუ დაეცემი ადგე და გააგრძელო ბრძოლა; ზვიადობაა ქრისტე ვერ ამოგიშანთონ გულიდან; ზვიადობაა გარდაცვლილი მამის საფლავთან ამაყად მისვლა; ზვიადობაა შვილებისათვის მამის ან ისტორიული გმირების სახელთა დარქმევა და არა რესპუბლიკის ხელმძღვანელისა; ზვიადობაა სიკვდილთან შერიგება, ქრისტიანი რაინდი სიკვდილთან შერიგების გარეშე ომში ვერ წავა;

აბა წარმოვიდგინოთ, როგორი გამომეტყველება ექნებოდათ დიდგორისკენ მიმავალ დავით აღმაშენებლის თანამებრძოლებს _ ზვიადი. ზვიადი სახეებით დაუხვდნენ რვაჯერ, ათჯერ მრავალრიცხოვან მტერს. წარმოვიდგინოთ როგორი სახეები ექნებოდათ შალვა და ივანე ახალციხელებს…

ზვიადია ქართველი ერი გადამწყვეტ წუთებში. ზვიადობა ნაციონალისტური სტილია, ნაციონალისტური მეომრობის განწყობაა.

ზვიადობა სულაც არ გამორიცხავს თავმდაბლობას. დავით აღმაშენებელზე და მის მეომრებზე თავმდაბალი ვინ იქნებოდა.

რაც მთავარია, ზვიადმა სააშკარაოზე გამოიტანა თაობათა და თაობათა ნაოცნებარი. მეომრებად აქცია და გამარჯვების იმედი ჩაუსახა მეომართა რასის შვილებს. ყველასათვის საერთო, ყველასათვის საყვარელი, ყველასათვის ძვირფასი, ყველას გულისგულში მყარად ჩაბუდებული, გენის მოცემულობა გააღვიძა. ხალხი და პიროვნება გაიგივდა ერთ მცნებაში _ ნაციონალიზმში, ზვიადობაში.

ზვიადმა დროისა და ვითარების შესაბამისად გადაახალისა ეროვნული იდეოლოგია (რა ადვილია სათქმელად “გადაახალისა”, ილიას მერე საქართველოს არ ჰყოლია ასეთი დიდი იდეოლოგი).

ნაციონალისტობა ზვიადობაა, ამიტომაც დაერქვა მეოცე საუკუნის დასასრულის ნაციონალიზმის აზვირთებას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ზვიადი როგორც ადამიანი და ზვიადობა, როგორც მოვლენა, მთლიანად, ბუნებრივად, ორგანულად გაიგივდა, გათავისდა ერთმანეთში, შეერწყა ერის კოლექტიურ ცნობიერებას, უფრო სწორად, გამოვიდა მისგან.

ზვიადისტობა, ნაციონალისტობა თავისი ჭეშმარიტი გაგებით ბუნებრივია, ორგანულია, კოლექტიურია. არქეტიპებთან საუბრის, მასთან გაერთიანების სურვილის შედეგია, კეთილშობილი ნაციონალური ინსტიქტების, გულის მიყოლაა.

ანტიზვიადისტობა, ზვიადიზმ-ნაციონალიზმის წინააღმდეგ განწყობა, ამხედრება და გალაშქრება ვერაფრისდიდებით ვერ ჩაითვლება ნაციის კოლექტიურ, ბუნებრივ, გულისგულში დაბუდებული გრძნობის, განწყობის გამოვლენად. ეს ორგანულ, ბუნებრივ გრძნობებში გაურკვევლობის, პირდაპირ ვთქვათ, ნაციონალურ ინსტიქტებში გაურკვევლობის, ზოგ შემთხვევაში, არ გარკვევის სურვილის გამოვლენაა. იგი არაფრისდიდებით არ ემყარება გარდასულ თაობათა მიერ ინდივიდების გულებში თუ ქვეცნობიერში მემკვიდრეობით დატოვებულ გრძნობა-გამოცდილებას. ანტიზვიადისტობა მთავარი ორიენტირის არ (ზოგ შემთხვევაში _ ვერ) დანახვაა.

მე ვიტყოდი, ანტიზვიადისტობა მხოლოდდამხოლოდ პერსონალური მოვლენაა, ანტინაციონალისტურია და ხშირ შემთხვევაში ნასაზრდოებია საკუთარი ეგოისტური განწყობიდან, პირადი პატარა მედან, რომელსაც ხელი შეუწყო ამგვარი განწყობის ადამიანთაგან არქეტიპთან გასაუბრების სურვილის არქონამ.

ანტიზვიადისტობა ერთგავარი ნევროზი იყო, საკუთარი პერსონისთვის საკუთარი ხელით თავსმოხვეული.

ჩვენ შეგნებით ანტიზვიადისტებზე ვლაპარაკობთ. პირდაპირი მოღალატეები, რომლებიც რუსეთის დავალებას ასრულებდნენ, არა გვყავს მხედველობაში. ანტიზვიადისტთა რიცხვი იყო პროცენტულად ძალიან მცირე. ეს იყო უიშვიათესი შემთხვევა, როცა მთელი ერი, საბედნიეროდ, იყო ნაციონალისტი.

დღეს ანტიეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ფაქტიურად აღარ არსებობს, რადგან ყოფილი ანტიეროვნული ხელისუფლების მომხრეების დიდმა ნაწილმა ისტორიული რეალობის ხილვის შედეგად შეძლო საკუთარ გულისგულში ჩახედვა და განიკურნა. თუ სადმე შემორჩა დღეს ანტიეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს არის ქრონიკული დაავადების სახე, ან ნასაზრდოებია ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლის, მონანიების ნიჭის არქონის სურვილით, ანუ საკუთარი თავის გამჟღავნებისაგან დაცვის სურვილით, საკუთარი კომფორტული განწყობის შენარჩუნების სურვილით.

ანტიზვიადისტობა არის ფსევდოზვიადობა, არაზვიადობა, არაგოროზობა, არაამაყობა, არადიადობა, არამონუმენტური აზროვნება და ა. შ.

დღეს უფრო საშიშია ფსევდოზვიადისტობა, ფსევდონაციონალისტობა. სადაც ზვიადობა მხოლოდ გარეგნულია. ფსევდონაციონალისტობა უბრალო მოვლენა არ არის, ის ძალიან დამანდრეველი ძალაა, რადგან ხიბლს შეიცავს და სახიფათოა. როგორც ფსევდომართლმადიდებლობა არის ანტიმართლმადიდებლობა, ისე ფსევდონაციონალისტობა არის ანტინაციონალისტობა, იქნება ის გამოხატული პერსონაში თუ ჯგუფში.

31 მარტს მთელი ერი ზვიადის მეთაურობით ზვიადი სახით მიდიოდა საარჩევნო ყუთებთან

დასასრულ, ვფიქრობ 31 მარტი უნდა გამოცხადდეს ქართველი ერის ზვიადობის დღესასწაულად.

presa.ge

 

***

 

გაიოზ მამალაძე – ზვიადის მისტერია გრძელდება!

31.03.2011
ზვიად გამსახურდია: “იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესთვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას ჟამს გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა”..

ზვიად გამსახურდია იყო საკრალური ტექსტების შესანიშნავი მკვლევარი და თავად გახლდათ მითოსური პიროვნება. მის ნაშრომთაგან უმნიშვნელოვანესია საკრალური ტექსტების განმარტებანი: “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”,
“ქებაი და დიდებაჲ  ქართულისა ენისაი”-ს გაგებისათვის”.

ზვიადმა კარგად იცოდა, რომ ქრისტიანისათვის თავგანწირვა ტრაგედია არ არის, იგი გამარჯვებაა და ამიტომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამით მან სილა გააწნა იმპერიას, შური იძია 1989 წლის 9 აპრილს ქართველთა ხოცვა ჟლეტვისათვის და მსოფლიოს დაანახა, რომ ქრისტიანისთვის, ქართველისათვის თავგანწირული სიკვდილით კი არ მთავრდება სიცოცხლე, ბრძოლა თუ საქმიანობა, არამედ იწყება ახალი ბრძოლა და გამარჯვება.

ზვიადმა გაგვახსენა და გვასწავლა, რომ ვართ დიდი იბერიული მოდგმის შთამომავლები, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის კაცობრიობის ისტორიაში, განვითარების გარიჟრაჟზე, მერეც და გვექნება დიადი მომავალი.

ზვიადმა ქართველებს დაუსახა ქრისტეს გზა და დაანახა ბარაბას გზის მაცდურობა და დამღუპველობა. მან მართლმადიდებლობის დღესასწაულები და მსოფლგანცდა შემოიტანა, გააცოცხლა კომუნისტური და რადიკალური ლიბერალური შემოტევების მძვინვარებისას. იგი გვაფრთხილებდა, თუ კანონიერი, ეროვნული ხელისუფლება დაეცემა, უბანი უბანს, კუთხე კუთხეს და ძმა ძმას გადაეკიდებაო. მას არ დაუჯერეს, ჩვენდა საუბედუროდ, და ახდა მისი სიტყვები ვითარცა “წინაწარმეტყველთაგანის”

ზვიადმა იცოდა, რომ არც ისე კარგად იყო საქმე, როცა სამეგრელოში იწვევდნენ ჩეჩნეთიდან. მაგრამ სამშობლოსათვის უმძიმეს წუთებში თავის გაწირვა არც დანანებია, რადგან მისი თავგანწირვა “ცუდად ხომ არა ჩაივლიდა”. და კვლავ გადაეშვა ბრძოლაში…

ზოგს ჰგონია, რომ 1991 წლის 31 მარტს სპეციალურად თავის დაბადების დღეს დაამთხვია რეფერენდუმი. ასეც რომ იყოს, განა ცუდია კაცმა დაბადების დღისათვის ასეთი კეთილშობილური საჩუქარი მოიმზადოს?! ფული ხომ არ უჩუქნია საკუთარი თავისთვის ან სასახლე, თავისუფლების წყურვილი იჩუქა…

იმ წელს, 17 მარტს დანიშნული იყო საკავშირო რეფერენდუმი სსრკ-ს “გადასარჩენად”. საქართველომ უმალ უპასუხა საკუთარი რეფერენდუმით. საინტერესოა, რომ განგების ნებით 1991 წელს 31 მარტი კვირა დღეზე მოდიოდა, იმ დროს მხოლოდ კვირაობით ტარდებოდა რეფერენდუმები და არჩევნები…

რიცხვი 7 განსაკუთრებით სიმბოლურია ბიბლიაში და საქართველოსთვის: ძველი აღთქმით ძმას უნდა შეუნდო შვიდგზის, ახალი აღთქმით სამოცდაათჯერ (7X10) შვიდგზის, ფილისტიმიდან შვიდი ძმა იესიან, დავითიან, სოლომონიანი მოვიდა კავკასიაში, ქართულ ენაში მშვიდობა შვიდიდან არის ნაწარმოები, საქართველო შვიდი სამეფოა და სხვა.

დიდი ილია ჭავჭავაძე მოკლეს 1907 წელს, საუკუნე 7 წლის დაწყებული იყო. ზვიადი მოკლეს 1993 წელს, საუკუნის დასასრულს 7 წელი უკლდა. ზვიად გამსახურდიას სამშობლოსათვის ნატანჯი ძვლები 2007 წელს დაუბრუნდა სამშობლოს. ახალი საუკუნე 7 წლის დაწყებული იყო…

მთელი ცხოვრება დევნიდნენ. დევნიდნენ სიკვდილის მერეც. მთელი ცხოვრება უამრავი მტრები ჰყავდა, საქართველოს მტრები მისი მტრები იყვნენ, უცხოელნი და შინაურნი. ერთს განსაკუთრებით სძულდა, რადგან მისი ადგილი უნდოდა და მისი მრწამსი ეზიზღებოდა. მოახერხა და გააძევა საქართველოდან ერთხელ… მაინც დაბრუნდა ზვიადი საქართველოს გადასარჩენად. მერე მოკლა იმან.

მკვდარიც დიდხანს დევნეს, მკვდარსაც დიდხანს ებრძოდნენ. რადგან სძულდათ მისი სახელი და მრწამსი. როცა ეგონათ დავამარცხეთო, მოვიშორეთო, გავიმარჯვეთო, დავავიწყეთო ზვიადი და საქართველო ქართველებს, სწორედ მაშინ დაემთხვა ერთმანეთს ვითარებანი განგების ნებით და დაბრუნდა საქართველოსთვის წამებულის ძვლები სამშობლოში.

ღმერთმა ზვიადის ნეშტის გადმოსვენებით კიდევ ერთხელ და განსაკუთრებულად განმარტა ქართული ენის ღვთიურობა და მამულიშვილის სიკვდილის მისტერია. ქართულ ენაში სიკვდილს გარდაცვალება ჰქვია.

განგებამ განგებ მოაწყო, რომ 2007 წელს, როცა გადმოსვენდა ზვიადის ნეშტი გროზნოდან, მისი დაბადების დღე, 31 მარტი, აწ უკვე რეფერენდუმში გამარჯვების დღე, დაემთხვა უფლის მეგობარი ლაზარეს აღდგინების შაბათს – ქართული ენის დიდების დღესასწაულს. ამით ზვიადის მისტერია გახდა ლაზარეს მისტერიის ნაწილი და გაგრძელება.

იოანე-ზოსიმედან მოყოლებული ქართველი წმიდა მამები უფლის მეგობარ ლაზარეს საქართველოსთან აიგივებენ და ლაზარესებრ აღდგომას უწინასწარმეტყველებენ ჩვენს სამშობლოს. ზვიადმა თავისი კვლევებით განმარტა ლაზარეს მისტერია. იმ წელს გარდამავალი დღესასწაულის – ლაზარეს შაბათის 31 მარტს დამთხვევით და 31 მარტს, დაბადების დღეს, სვეტიცხოველში უფლის კვართის გვერდით “სადაც საქართველოს ცხელი გული ასვენია” ზვიადის ნეშტის დასვენებით, უფალმა მიგვანიშნა, რომ ზვიადის კვლევები და თავგანწირვა გამართლებულია – საქართველო (ლაზარე) აღდგება, საქართველო გაბრწყინდება.

იმ დღეებში აღდგა ქართული იდეოლოგია მკვდრეთით, იმ დღეებში აღდგა ქართული მუხტი.

დაკრძალვის დღესასწაული კიდევ უფრო საკრალური გამოდგა – ბზობა. ბზობის დღესასწაული არის უფლის იერუსალიმში დიდებით შებრძანების დღესასწაული. ქართველებს სწამთ, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქია არის მეორე იერუსალიმი. ზვიადის დაკრძალვის დღეს ზვიადთან ერთად, უფლისა და ქვეყნისათვის წამებული რაინდის მეშვეობით, ეროვნული იდეოლოგია, ქართული მუხტი, “ქრისტეს გზა” კვლავ შემობრძანდა თბილისში, ახალ იერუსალიმში. ზეციური იერუსალიმის ხატ-სახეა ქართველებისათვის მთაწმინდის პანთეონი, და მთაწმინდის პანთეონში ჩაიხუტა მშობლიურმა მიწამ თავის დიდი შვილი, მისტიკოსი და მისტი – ზვიადი.

სმენია ვისმე მსოფლიოში ასე ნაწამები მიცვალებული, ისიც პრეზიდენტი, ასე დევნილი გარდაცვლილი და ასე დიდებით დაბრუნებული სამშობლოში?! ახდა მერაბის სიტყვები ზვიადისადმი:

“გადაიჭრები გზნებით მყოფადში.
დაემკვიდრები ხალხში მითივით,
ზეაღმართულო ჩვენს ეპოქაში
მიქელანჯელოს კუშტ დავითივით”…

როცა ზვიადს ვკრძალავდით ქართველები, იფიქრებდა კაცი, დიდი საქართველოს იდეას ხომ არ ვმარხავთო? მაგრამ იქვე მახსენდებოდა “იგავი მთესვარის” შესახებ: “რომელიმე დავარდა ქვეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა: რომელიმე ასსა, რომელიმე სამეოცსა, რომელიმე ოც და ათსა”.

ზვიადის გული იყო ქვეყანა კეთილი და ასმაგი გამოიღო ნაყოფი და თავად იქცა უფლის სიტყვის მთესვარად და ის მილიონი ქართველი, რომელმაც ზვიადი გააცილა მთაწმინდამდე, არის კეთილი ქვეყანა, რომელიც მოგვცემს კიდევ ასმაგ ნაყოფს.

ახლა ზეციური საქართველოს ხატ-სახება მთაწმინდაზე ზვიადი მერაბს კვლავ მიმართავს:

“და ოცნებებიც ცას მისწვდნენ ჩვენნი,
ცა გარდაგვეხსნა მარადჟამული.
ხელთუქმნელ ხატის დიდებით მშვენი
ღვთის წილხვდომილი ჩვენი მამული.
დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე
მზე შუაღამის, ბარძიმი წმინდა,
გვწყალობდეს, ვინაც გვიკურთხა ვაზი
და ღვთისმშობელი ვინაც დაწინდა.
ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე,
ბნელში მსხდომთ კვლავაც ავუნთოთ კვარი
და მიგვიძღოდეს ეკლიან გზაზე
წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი.

ზვიადის მისტერია გრძელდება!!!

 

P. S. ზვიადის ნეშტის მთაწმინდაზე დაკრძალვიდან სულ მალე, მგონი პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მამა დავითის სახელობის ტაძარში წირვას ვესწრებოდი, აღსარება ჩავაბარე ჩემს მოძღვარს, არქიმანდრიტ იოანეს და ზიარებას ველოდებოდი. უამრავი ხალხი იყო, რომ ვეზიარე, ღვინო და სეფისკვერი აღარ შემხვდა, გათავებულიყო. ზიარება კიდევ გრძელდებოდა. გამოვედი ტაძრიდან გულდაწყვეტილი. ვიფიქრე, ზვიადის საფლავთან გავალ, სანამ წირვა განახლდება-მეთქი. იქ გელა სალუაშვილი დამხვდა, იმ წუთას მოსულიყო შვილებთან ერთად.

თან მოეტანა ნახევარი ლიტრა შავი ღვინო და ერთი პური. რამდენიმე ადამიანი იყო კიდევ იქ. დამისხა ღვინო და პური მომიტეხა.

გული არ დამწყვიტა ზვიადმა (თუ ღმეთმა ზვიადის მეშვეობით). მის საფლავზე მივიღე ღვინო და პური ზიარების მიღების მერე. მართლა ღვთის რჩეული ადამიანი იყო – მისტი.

 

 

               

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s