Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მენტალური რევოლუცია

 

economist

 

 

Georgia’s mental revolution

 

საქართველოს მენტალური რევოლუცია

 

”ვარდების რევოლუციის” შემდეგ 7 წელი გავიდა და საქართველომ გრძელი გზა განვლო

ბათუმის ხუთმილიან ზღვისპირა ბულვარზე ჰამაკები და  სათამაშო მოედნები ჩამწკრივებულა, აქვეა მოცეკვავე შადრევნები, თამაშობენ ბავშვები და ოჯახები დასეირნობენ. ათი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მწვანე კუთხე, რომლის რეგიონალური დედაქალაქიც ბათუმია, ასლან აბაშიძის ძალაუფლებისმოყვარე კაცის პირადი მამული იყო. ის ამ ადგილის მფლობელი უფრო იყო ვიდრე მმართველი და   არასდროს ჩნდებოდა თავზეხელაღებული დაქირავებული მცველების არმიის გარეშე. ქალაქის ქუჩებს კეტავდნენ მაშინ, როდესაც  მის ვაჟს “ლამბორჯინიზე”  რბოლა მოუნდებოდა. დანარჩენი საქართველოსგან საკონტროლო პუნქტებით მოწყვეტილი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდიდა.

დღეს ეს სათუთი და მიმზიდველი  საკურორტო ადგილი საქართველოს კაპიტალისტური მიღწევების ექსპოზიციაა, გადასვლის მოდელი და რეკლამა იმისა, თუ როგორი შეიძლება გამხდარიყო აფხაზეთი, ჩრდილოეთით მდებარე სეპარატისტული რეგიონი, იმ შემთხვევაში თუ ორი წლის წინ რუსულ-ქართული ომის შემდეგ რუსეთი მის ანექსიას არ მოახდენდა.

ისევე როგორც ნებისმიერი რეკლამა, ბათუმი სრულ სურათს არ წარმოაჩენს. სანაპიროსგან მოშორებით, საქართველოში სიღარიბისა და უმუშევრობის დამთრგუნველ ნიშნებს წააწყდებით, მაგრამ ცვლილებები აქ მართლაც მოხდა და არა მხოლოდ ბათუმის ქუჩებში წამოჭიმულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში, რესტორნებსა და კაზინოებში, რომლებიც თურქი მოთამაშეებითაა სავსე. ცვლილება იმაში მდგომარეობს, თუ როგორ იმართება აჭარა ისე, რომ ფაქტიურად ზოგიერთი რუსი მაღალჩინოსანი სწუხს კიდეც იმ არასახრბიელო უფსკრულის გამო, რომელიც აჭარასა და მოუწესრიგებელ აფხაზეთს შორის წარმოიქმნა.

აჭარის გუბერნატორმა 38 წლის ლევან ვარშალომიძემ აჭარას უფრო ბევრი გაუკეთა, ვიდრე საკუთარ თავს. ის ძველ ბათუმში მოაბიჯებს, ჯინსებში, მცველები არსად ჩანან, ადგილობრივები მასთან მადლობის სათქმელად მიდიან და ამ ჟესტში არაფერია იძულებითი. ვარშალომიძე ქართველთა იმ კოჰორტას მიეკუთვნება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიაღწიეს. პრაქტიკულად საქართველო, ყველა თავისი პრობლემით ახალგაზრდების ხელშია, პრაგმატული თაობის ხელში, რომელმაც უკუაგდო საბჭოური პიროვნების კულტი, პრივილეგიები და პარანოია.

მერაბ მამარდაშვილი, ქართველი ფილოსოფოსი წერდა – ”საბჭოთა ადამიანი უხილავი ცვლილებების პროდუქტია, დეგენერაციისა და პროგრესირებადი დეფორმაციის. ამ ცვლილებათა ჯაჭვის მოცილება ძნელია. შესაძლოა ისინი უკვე შეუქცევადია კიდეც”. არც ერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა არ გათავისუფლებულა მთლიანად თავისი მემკვიდრეობისგან, მაგრამ საქართველომ ამ ჯაჭვის გადაგდებაში ბევრს გაუსწრო.

გია ყანჩელი, 75 წლის ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ამბობს – ”წინათ ჩემი თაობის ღირსეული ადამიანები ცდილობდნენ არ ყოფილიყვნენ საბჭოელები. დღესაც ისევ ვცდილობთ არ ვიყოთ საბჭოელები, მაგრამ ახალი თაობა სხვანაირია.  მათ არ სჭირდებათ ძალისხმევა – ისინი უბრალოდ თავისუფლები არიან იმ ზეწოლისა და სიცრუისგან”.

საქართველომ სტალინისტური რეპრესიების გამო ძალიან ბევრი გადაიტანა, მაგრამ საბჭოთა ეპოქაში მან  თამაშის წესების დაცვა და სისტემისგან სარგებელის მიღება ისწავლა. ის საბჭოთა იმპერიის სათამაშო მოედნად იქცა, ღვინის, კულტურისა და გართობის წყაროდ, მაგრამ როდესაც იმპერია დაინგრა, საქართველო თითქმის გაკოტრებულ ქვეყნად იქცა: ბანდიტიზმისა  და ეთნიკური კონფლიქტების გამო დისფუნქციური და დასახიჩრებული. 2003 წლისთვის ძალადობა თითქმის შეჩერდა, მაგრამ სახელმწიფო მაინც სუსტი და კორუმპირებული რჩებოდა.

დღეს საქართველომ ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი და ის კავკასიის ვარსკვლავად მოგვევლინა. ის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე ნაკლებადაა კორუმპირებული და მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ერთი-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც ბიზნესის წარმოება ყველაზე ადვილია.  ქვეყნის ლიბერალიზებულმა ეკონომიკამ რუსულ ემბარგოს გაუძლო, ხოლო რუსეთთან ომის დროს  სახელმწიფო კიდევ უფრო კონსოლიდირებული გახდა. პოლიცია არ იღებს ქრთამს და შუქი ფუფუნება აღარაა. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ხალხს ასეთი წარმატება აღარ აკვირვებს. ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია, რომელიც მოხდა, ცნობიერების ტრანსფორმაციაა.

სათამაშო მოედანი – სხვა არაფერი

საქართველოს გარდაქმნა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან არა საბჭოთა ქვეყნად 2003 წლის ნოემბერში, ”ვარდების რევოლუციით” დაიწყო. მაშინ 36 წლის მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მეგობრებმა თავიდან მოიცილეს 75 წლის ედუარდ შევარდნაძე. ეს არ იყო სვლა დიქტატურიდან თავისუფლებისკენ, როგორც ამას ზოგჯერ დასავლეთში ხატავენ. შევარდნაძე დიქტატორი არ ყოფილა და ზოგიერთი რეფორმატორი მისი პროტეჟეც კი იყო. ეს უფრო საზოგადოებრივი და თაობათა ცვლა იყო, ანუ როგორც ამას ლევან რამიშვილი “თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი უწოდებს, თითქმის კულტურული რევოლუცია.

რაღა თქმა უნდა ელიტა შეიცვალა. ახალი გვარდიის ზოგიერთი წევრი, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტი დაამთავრა, დასავლეთში იყო განსწავლული და ნამუშევარი. სხვები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოვიდნენ. უმეტესობა 40 წლისაც არ იყო. არც ერთს არ ჰქონდა საბჭოთა ბიუროკრატიული ტვირთი და ყველა იყო დამუხტული თავისი ქვეყნის აღდგენისა და თანამედროვე სახელმწიფოდ გარდაქმნის იდეით.

ამ რევოლუციის მთავარი მხარდამჭერი დედაქალაქი არ ყოფილა. თბილისი, ტრადიციულად  ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ სოფლებსა და პატარა ქალაქებში, სადაც ოჯახური სტრუქტურები და ინდივიდუალიზმი უფრო ძლიერია, საბჭოთა წესებს უფრო სუსტად ჰქონდა მოკიდებული ფეხი. ახალი მმართველი კლასი თბილისის ინტელიგენციასთან, რომელმაც  გვიანი პერიოდის საბჭოეთში უკიდეგანო  ძლევამოსილება შეიძინა,  თანხმობას არ ეძებდა. იმით გაღიზიანებული, რომ სააკაშვილმა პატივისცემა დააკლო, ბევრი მის მმართველობას დაუპირისპირდა.  ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იგონებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რამდენიმე კვირის შემდეგ მას თეატრის ცნობილმა დირექტორმა დაურეკა და ციხიდან თავისი იმ მსახიობების გამოშვება სთხოვა, რომლებიც მთვრალ მდგომარეობაში ჩხუბის გამო დაიჭირეს. მერაბიშვილმა უარი უთხრა და ამით სახელმწიფოსა და მის კულტურულ ელიტას შორის დამკვიდრებული განსაკუთრებული ურთიერთობები დაარღვია.

რეფორმატორებს თავი შორს ეჭირათ პოპულარული ლეგენდისგანაც ქართველების განსაკუთრებულობის შესახებ. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ინტელიგენცია და მათი ნაციონალისტი ოპონენტები ამ მითის მორგებისთვის იბრძოდნენ (დღეს ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერი მის გამოცოცხლებას ცდილობს). ახალგაზრდა, დასავლური განათლების მქონე ელიტას აღიზიანებდა სადღეგრძელოებითა და სიმღერებით გაჟღენთილი გაუთავებელი ქეიფები, მოცალეობის ეს დღესასწაულები.  მათ ალტერნატიული ნაციონალური ნარატივის გავრცელება დაიწყეს – შრომისმოყვარე, დინამიური და ევროპული ქვეყანა – ”სინგაპურის ელემენტების მქონე შვეიცარია” – როგორც ერთხელ განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მოდერნიზაციის პროცესი ენერგიული იყო, სასტიკიც კი. გია სულხანიშვილი, ბიზნესმენი და მამარდაშვილის ყოფილი სტუდენტი ამბობს – ”მთავრობამ საბჭოთა პრაქტიკის ნგრევა დაიწყო და გაანადგურა გარემო, რომელიც წარმოშობდა ნეპოტიზმს, თვალთმაქცობასა და მოცალეობას.”  ცვლილება მით უფრო გამაოგნებელი ხდება, როდესაც საქართველოს სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შევადარებთ, მათ შორის რუსეთსაც. ”ისევე, როგორც რუსეთში, საქართველოშიც იყო კანონი, მაგრამ იყო არაფორმალური წესებიც, რომლებიც კანონს ახშობდა” – ამბობს სულხანიშვილი – ”ეს წესები ძირითადად წარსულს ჩაბარდა”.

რეფორმატორებმა ერთ ღამეში გააუქმეს საგზაო პოლიცია, რომელშიც 1500 კაცი მსახურობდა და ის ამერიკული ყაიდის საგზაო პატრულით (2300 მოსამსახურე)  შეცვალეს.  ახალი თანამშრომლები არა მხოლოდ იმით იყვნენ მოტივირებულები, რომ ღირსეულ ანაზღაურებას იღებდნენ და ახალ ავტომობილებს მართავდნენ, არამედ იმითაც რომ მათი ახალი ბოსები ქრთამს არ იღებენ.  ყველა სამინისტრო და 30 000 ბიუროკრატი გადახალისდა. მთავრობამ შეამცირა ბიუროკრატული პროცედურები,  პრივატიზება გაუკეთა ყველაფერს დაწყებულს სასტუმროებიდან  საავადმყოფოებით დამთავრებული და ფული ახალი გზების ასაშენებლად გამოიყენა.

ლიბერალიზაციის დიდი წილი კახა ბენდუქიძის, ლიბეტარიანული ტიპის მაგნატის ინიციატივით განხორციელდა. მან თავისი ქონება რუსეთში შეიძინა მანამდე, სანამ ვლადიმერ პუტინი ბიზნესზე ზეწოლას დაიწყებდა. საქართველო – ამტკიცებს ბენდუქიძე – ისეთი ღარიბი იყო, რომ მხოლოდ რადიკალური რეფორმები უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ის იმასაც აცნობიერებს, რომ ეკონომიკურ რეფორმებს  ჰუმანიტარული მეცნიერებები და საგანმანათლებლო პროგრამები უნდა უმაგრებდეს ზურგს, რათა ახალი ნაციონალური ელიტა დაიბადოს. 2007 წელს მან თბილისში თავისუფალი უნივერსიტეტი დააფუძნა, სადაც კანონი, ბიზნესი და ენები ისწავლება. ყოველი კურსდამთავრებული ახალი სტუდენტის დაფინანსების ვალდებულებას იღებს, რაც ქართულ საზოგადოებაში ერთიანობის განცდას ქმნის.

ვირტუალური დემოკრატია?

2003-ში ახალგაზრდა, ენერგიული, ინგლისურენოვანი სააკაშვილი საბჭოთა სტილის ნომენკლატურული ჩინოვნიკისგან ხილულად განსხვავდებოდა.  დღეს უკვე კიდევ უფრო ახალგაზრდა თაობა წამოიზარდა. ისინი ისეთივე ლიბერალურები, ისეთივე პრო-დასავლელები არიან როგორც პრეზიდენტი. ამ თაობის  წარმომადგენლები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი ძალაუფლებითაა შეპყრობილი, აპროტესტებენ ცენტრალიზაციას და პოპულიზმს. მათთვის სახელმწიფო წმინდა ძროხა როდია, ის საბაზისო მომსახურებისა და უსაფრთხოების პროვაიდერია.

ზოგიერთი მათგანის თქმით, გადამწყვეტი ეტაპი 2007 წლის ნოემბერში დადგა, როდესაც სააკაშვილი ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივის პირისპირ აღმოჩნდა, პოლიციის სპეცშენაერთები დემონსტრაციისა და სატელევიზიო კომპანიის  დასარბევად გააგზავნა. მთავრობა აცხადებდა, რომ ის ასე მოქმედებდა, რათა  გადატრიალება აეცილებინა თავიდან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ საქართველო და გარე სამყარო შოკში ჩააგდო.

შორენა შავერდაშვილი, ყოველკვირეული ჟურნალის ”ლიბერალის” რედაქტორი, რომელსაც განათლება ამერიკაში აქვს მიღებული, ამბობს, რომ ამ მომენტიდან სააკაშვილი უფრო ხელისუფლების შენარჩუნებითაა დაინტერესებული ვიდრე რეფორმებით. ”ის გაუცხოვდა, შემდეგ კი დაუპირისპირდა ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე მეტად სურდა ტრანსფორმაციის დაჩქარება” – ამბობს ის. სააკაშვილის რამდენიმე ყოფილი მოკავშირე ახლა მის ოპონენტად იქცა.

ქაღალდზე საქართველოს ყველა ის ინსტიტუტი აქვს, რომელიც დემოკრატიას შეესაბამება. სინამდვილეში მათგან მხოლოდ რამდენიმე ფლობს რეალურ ძალაუფლებას. პარლამენტი, რომელშიც  უმრავლესობას სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შეადგენს, ნომინალურ ინსტიტუციად იქცა. პოლიცია და სასამართლო პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული. საკვანძო გადაწყვეტილებებს ახლო გარემოცვის წრეში იღებენ ისინი, ვისი გავლენაც დიდად სცილდება მათ სამსახურეობრივ სტატუსებს. დემოკრატიული ინსტიტუტები ხშირად ეწირება მიზანშეწონილებას – საუბედუროდ სააკაშვილის იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც მან ორი წლის წინ მიიღო და  სამხრეთ-ოსეთს მძიმე არტილერიით შეუტია, რუსეთს შემოჭრის საბაბი მისცა.

სიტუაციას არც ოპოზიციის სიჭრელე უწყობს ხელს და არც სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე. ოპოზიცია ხშირად საკუთარი თავის დიკსრედიტაციას უკეთ ახერხებს, ვიდრე მთავრობა. როგორც შორენა შავერდაშვილი ამბობს – „მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ მალე ვერ მოვმაგრდებით“. ბიზნესმენები უფრთხიან ოპოზიციის დაფინანსებას და რეკლამის განთავსებას კრიტიკულად განწყობილ ქართულ მედიაში, რადგან მთავრობის განაწყენების ეშინიათ.

სააკაშვილი უფრო მოდერნიზატორია, ვიდრე დემოკრატი, მაგრამ იმისთვის, რომ მის მიერ ჩატარებული რეფორმები შეუქცევადი გახდეს, საქართველოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები სჭირდება, უპირველეს ყოვლისა დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა.  მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ ამას უბრალო დირექტივით ვერ მიაღწევ, ეს ყველაფერი ფესვგადგმულ ტრადიციად უნდა იქცეს, მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა აღიაროს, ასე რომ გარკვეული დროის განმავლობაში, მისი რწმენით, მთავრობამ იმისთვის რომ სამართალი მართოს, საუკეთესოდაა აღჭურვილი. ეს არგუმენტი ძალიან სახიფათოა საიმისოდ, რომ დამაჯერებელი იყო.

ზედმეტად დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული სააკაშვილისა და მერაბიშვილის, მისი საშიში შინაგან საქმეთა მინისტრის ხელში. ეს ქვეყნისთვის ავისმომასწავებელია, რომელშიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ხელისუფლება მშვიდობიანად არ შეცვლილა. ახლად შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები უფრო მეტ ძალაუფლებას პარლამენტსა და მის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრს გადასცემს, მაგრამ სააკაშვილის ოპონენტები ამბობენ, რომ დისკუსიები  შემოთავაზებული რეფორმების გარშემო ლიმიტირებული იყო. ისინი შიშობენ, რომ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მაგალითს მიბაძავს და როდესაც 2013 წელს მისი პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება, ის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩება. თუ ის ამას გააკეთებს, თავისსავე მემკვიდრეობის განადგურების რისკს შექმნის.

კოლაფსის შემდეგ

მიუხედავად პროგრესისა, საქართველოს მომავალი მყიფეა.  ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და რუსეთთან ურთიერთობა ნორმალიზებული არაა. ის რომ აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში, რუსეთის დიდი სამხედრო ძალა დგას,  საქართველოს უსაფრთხოებისთვის კვლავაც სახიფათოა.  არსებობს იმის რისკიც, რომ სააკაშვილი ამ საფრთხეს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის გამოიყენებს. ამ წლის დასაწყისში სატელევიზო არხმა, რომელსაც პრეზიდენტის მეგობარი აკონტროლებს ეთერში კიდევ ერთი რუსული შემოჭრის შესახებ ინსცენირებული დოკუმენტური ფილმი გადასცა. ქართველები პანიკამ აიტანა. ფილმის მიზანი, რომელიც თითქოს სააკაშვილის დასტურით მომზადდა (თუმცა არხმა ეს უარყო), მოსახლეობის მობილიზება იყო, მაგრამ სანაცვლოდ მოსახლეობა აღშფოთდა.

და მიუხედავად ამისა მენტალური ცვლილება, რომელიც საქართველოში მოხდა, გაართულებს ქვეყნის უკან დაბრუნებას. 25 ივნისს პოლიციამ სტალინის მშობლიური ქალაქ გორის ცენტრალურ მოედანს ალყა შემოარტყა და შუა ღამეს დაშალა დიქტატორის ძეგლი, რომელიც საბჭოთა კავშირის კოლაფსსაც გადაურჩა და 2008 წლის რუსულ დაბომბვებსაც. ეს ფაქტი არც არავის უზეიმია, არც გაუპროტესტებია. ქართველები გზას განაგრძობენ.

 

http://foreignpress.ge/?p=14502

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s