Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ნოვოდვორსკაია: იდიოტიზმი დასჯადია

 

ვალერია ნოვოდვორსკაია: იდიოტიზმი დასჯადია…  

ია მერკვილაძე, ნიუ–იორკი, აშშ

ამერიკაში ყოფნისას კონსტანტინ ბოროვოისა და ვალერია ნოვოდვორსკაიას არაერთხელ ჰკითხეს: თუ რუსეთში ასე ცუდადაა საქმეები, ხალხი ხმას არ იღებს, ხოლო გარშემო ტოტალური უიმედობაა გამეფებული, უკან რისთვისღა ბრუნდებით, რატომ არ რჩებით ამერიკაშიო? ნოვოდვორსკაია კი პასუხად ოსიპ მანდელშტამის ლექსს “დეკაბრისტი” ყვებოდა და, საერთოდ, მისი საუბარი პოეზიისა და “კუპრის კასრის” (ამერიკულ რუსულ რადიოში “დევიდზონ” მის საავტორო გადაცემას სწორედ ასე ჰქვია) ერთგვარ “საფირმო”, ნოვოდვორსკაიასეულ ნაზავს წააგავდა…
  “Тому свидетельство языческий сенат,
  – Сии дела не умирают…”
– რა შემიძლია რუსეთისთვის? – ხმამაღლა ფიქრობს იგი. -მე რუსეთს იმის საშუალებას არ მივცემ, რომ პუტინის ფეხებთან ეგდოს. მე რუსეთს გავკიცხავ, ვაფურთხებ, შეურცხყოფას მივაყენებ ანუ ყველანაირად შევეცდები, რომ რუსეთი ამ პოზას გადავაჩვიო. არ მივცემ იმის საშუალებას, რომ ამ პოზაში სამუდამოდ გარჩეს და ვეღარ ადგეს. თუმცა ისიც ვიცი, რომ სიმართლე არავის სიამოვნებს. რუსეთს გაზის, ნავთობისა და ატომური იარაღის გარეშე ყოფნას ვუსურვებ. საუბედუროდ, პუტინსა და მედვედევს ჯერ არ გამოლევიათ გაღატაკებული რუსი მოქალაქეების ფული, რომლითაც ეფ-ეს-ბეს საშტატო პროვოკატორებს ინახავენ.
 

პარტია “დემოკრატიული კავშირი” სწორედ სსრკ-სთან საბრძოლველად შევქმენით და თანაც მაშინ, როცა სიტყვა “დემოკრატი” აკრძალული იყო, ხოლო მისი ხსენება კა-გე-ბე-ში დაკითხვაზე რიგში ჩადგომას ნიშნავდა. თავიდან იგი ერთგვარი პროტოპარტია გახლდათ. 1988 წელს შეუძლებელი იყო ერთმნიშვნელოვნად ლიბერალური ან მემარჯვენე პარტიის შექმნა, რადგან ქვეყანაში მაშინ ამის შესაბამისი ინტელექტუალური რესურსები არ იყო. “დემკავშირში” იყვნენ მემარჯვენე ლიბერალები, მამარცხენე კონსერვატორები (მე მათ ვეკუთვნი), სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან–დემოკრატები, ერთი–ორი – დემოკრატი ტროცკისტიც. თავიდან ევროკომუნისტებიც კი იყვნენ, რომლებიც ორი თვის თავზე მიხვდნენ, რომ სოციალისტები არიან, ხოლო შემდეგი ორი თვის თავზე – ლიბერალები გახდნენ. ჩვენი პარტია ერთგვარი “ტანცკლასი” იყო, სადაც ადამიანები პოლიტიკურ ბრძოლას სწავლობდნენ. 70 წელი ხალხი პოლიტიკის გარეთ იყო, 3 წლის განმავლობაში კი ჩვენმა “დემკავშირმა” საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა განვლო. ჩვენს პარტიას ამერიკულ რესპუბლიკურ პარტიისგან ის განასხვავებს, რომ ჩვენ ანტიიმპერიული პარტია (აშშ იმპერია არასოდეს ყოფილა), დასავლური არჩევანის პარტია ვართ, ეკონომიკური მრწამსით კი – მემარჯვენე კონსრევატორები.

  ***

  შეხვედრებზე ვალერია ნოვოდვორსკაიას არაერთხელ ჰკითხეს ობამას რუსეთში ვიზიტის, რუსი ოპოზიციონერების, ოლიგარქებისა და ინტელიგენციის შესახებ, რაზეც მან ყველა ზემოჩამოთვლილს, აშშ–ის პრეზიდენტის ჩათვლით, მისთვის ჩვეული პილპილიანი პირდაპირობით ნეკნები გადაუთვალა. მისი განსაკუთრებული “სიმპათია” კი ქართველთა მგზნებარე “გულშემატკივარ” ვლადიმირ ჟირინოვსკის ერგო.

– 1990 წლიდან ჟირინოვსკი კაგებეს ტროას ცხენია. კაგებეს იდეებისთვის ნიადაგის მოსინჯვა სწორედ ამ კაცის საშუალებით ხდება: კრემლს აინტერესებს გავა თუ არა ესა თუ ის საკითხი. რუსეთის ექსპანსიონიზმ–ნეოკოლონიალიზმისა და ინდოეთის ოკეანეში რუსი ჩექმის დასველების იდეა სწორედ ჟირინოვსკის საშუალებით იქნა გამოცდილი. ჯერ ინდოეთის ოკეანემდე არ მისულან, მაგრამ სადღაც ფოთისა და სოხუმის რაიონში ჩექმის დასველება კი დაიწყეს, თერგშიც უნდოდათ, მაგრამ ეს წამოწყება ძვირი დაუჯდათ. სწორედ ჟირინოვსკიმ ჩამოაყალიბა რუსეთის საგარეო ვექტორები და ახლა ამხელა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა მართლაც ჟირინოვსკის ეპატაჟური განცხადებების სტილზეა აგებული. მაგრამ ჟირინოსვკი შეურაცხადი ნაძირალა თუა, ახლა ლავროვი გახდა მისი საქმის გამგრძელებელი ანუ რუსეთი მთელს მსოფლიოს დასჩხავის: არაფრის ნებას არ დაგრთავთ და მხოლოდ იმას გააკეთებთ, რასაც ჩვენ გეტყვით! რაც შეეხება ზიუგანოვის ოპოზიციონერობას: იგი ძველი, პირწავარდნილი ფუნქციონერია, რომელიც გობს დააშორეს, ახლა მისი თეფშიდან ლუკმას სხვები ჭამენ, სუფრაზე დანა – ჩანგალი გააგდებინეს, სკამიდანაც მოისროლეს და მას, ეს, რასაკვირევლია, არ მოსწონს. რამდენია მისნაირი კომუნისტი, ძველი დროის დაბრუნება რომ უნდა, რადგან იმ ბრძოლაში, რომელსაც ძალოვანი სტურქტურები აწარმოებდნენ, ბოლოს და ბოლოს გებისტებმა გაიმარჯვეს, რომლებიც ზიუგანოვისთვის ლუკმის განაწილებას სულაც არ აპირებენ. ზიუგანოვი თავის მეთოდიკით მოქმედებს, მას ელექტორატის ის სეგმეტი ჰყავს, რომელიც ყველაზე ჭკუასუსტია, ცხოვრებასთან ყველაზე ნაკლებად შეგუებული და ამიტომაც სამწყსოდ – ძალიან ადვილი. ამის სანაცვლოდ ეს ხალხი ჭამა-სმის, ჩაცმა-დახურვის საშუალებას იღებს. მაგრამ კომუნისტებმა ჭამა-სმაზე მეტი მოინდომეს. ესაა და ეს. ვინ უწოდებს მათ ოპოზიციას? ოპოზიცია ეს არის ძალა, რომელიც ქვეყნის განვითარების უკეთეს და არა უარეს ვარიანტს გთავაზობს. სხვაგვარად გამოდის, რომ ჰიტლერი სტალინის ოპოზიციად შეიძლება ჩაითვალოს, სტალინი კი – ჰიტლერის ოპოზიციად და “ვერ გაიგებ” ამ სიტუაციაში დისიდენტები ვის მხარეს უნდა დადგნენ.
 

რუსეთში მედვედევის პრეზიდენტობისას საქართველოსთან მიმართებაში რაიმე სახის მცირედი პროგრესი შესაძლებელია?
– მედვედევმა თქვა, რომ სააკაშვილი მოლაპარაკებების მაგიდასთან არასოდეს დაჯდება. გამოდის, რომ მოსკოვი კვლავ კოლონიური, დაპყრობითი ომების მომხრეა; აცხადებს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენიაო და საერთოდ, დასალეთისკენ გახედვის უფლება არავის აქვსო. მედვედევმა მთელი ბლოგოსფეროდან საპასუხოდ მაინც და მაინც ბლოგერი, ვინმე მაქსიმ კალაშნიკოვი აირჩია. ეს ის კალაშნიკოვია, რომელიც აცხადებს, რომ რუსი ლიბერალები უნდა გაწყდნენ. მედვედევი არის “ზმეი გორინიჩის” მეორე თავი. მედვედევი მეორე თავად მთავარმა თავმა დაიყენა და მეორე პირველს ეუბნება: “რა გნებავთ, ბატონო, – “ლანგეტი” თუ “ბივშტექსი”? პუტინმა იგი კარგად აღზარდა. იგი “ყარაბას ბარაბასის” თოჯინაა და საბოლოოდ სრულად “გაყარაბასდა”. შეიძლება გახსოვთ მაქსიმ დუნაევსკის “ყარაბას-ბარაბასის” მუზიკლი? ანდა ТЮЗ-ში, 1970-იანებში მარკ რაზოვსკის მიუზიკლი “სამი მუშკეტერი”. რადგან იგი ანტისაბჭოთა იყო, სცენაზე ყველაფერი არ გათამაშებულა. იქ ასეთი კუპლეტია:
  “Союз злодеев прочен, в нем много хороших людей.
  Всяк человек порочен, тренируйся – и будешь злодей”.
 

მედვედევი კარგადაა გაწვრთნილი, რუსეთ – საქართველოს ომი სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა და ამით მან ნიურბერგის პროცესზე თავისი პერსონალური ადგილი უკვე “გამოიმუშავა” და არა მარტო როგორც პუტინის თანამეინახემ. საქართველოს ახლა “ალ-ყაიდის” შეფარებას მიაწერენ, მიკვირს ადრე “ჰესბოლასთან” მეგობრობასა და კიდევ უფრო ადრე, კარიბის ზღვის მეკობრეობას რომ არ აბრალებდნენ. როცა რუსეთი ამგვარ ბრალდებებს საქართველოს უყენებს, ეს საქართველოს წარმატებულობის ხარისხის მაჩვენებელია. რაც შეეხება ჩვენს ოლიგარქებს: გუსინკსის  ციხეში “მატროსკაია ტიშინა” საკმაო დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეყვარებოდა. უბედურ ხოდორკოვსკისაც კი ჰქონდა იმის მცდელობა, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებოდა და მერე მიხვდა, რომ არ გამოუვიდოდა. გუსინკისა და ბერეზოვსკის ბევრი ცოდვა აწევთ. გუსინკი ნიჭიერი ადამიანია, კარგი ტელევიზია გააკეთა, მაგრამ მერე მან და ბერეზოვსკიმ რეფორმატორთა მთავრობის წინააღმდეგ გაილაშქრეს. ხელისუფლებაში პუტინი სწორედ ბერეზოსვკიმ მოიყვანა. ვინაა ახლა დამნაშავე, წინასწარ რომ არ იცოდნენ, ეს კაცი ვინ და რა იყო? ამ ოლიგარქებს მხოლოდ თავისი ფული აინეტერსებდათ, მათგან ცუდი კაპიტალისტები გამოვიდნენ, რადგანაც ნამდვილი კაპიტალისტი თავისი კაპიტალის გარემოზეც ფიქრობს. რუსი ოლიგარქები კი ისე იქცეოდნენ, თითქოს მათ რუსეთში არ უნდა ეცხოვრათ. ის კი არა, ელცინის ადგილზე ლუჟკოვის ან პრიმაკოვის დასმაც კი უნდოდათ. ელცინს პუტინი ბერეზოვსკიმ თავად მიუყვანა. იდიოტიზმი დასჯადია… ელცინს კი ერთადერთი პასუხისმგებლობა და საზრუნავი უნდა ჰქონოდა – რუსეთი. სხვა დანარჩენისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია, მაგრამ პიესა ცუდი სცენარით განვითარდა.
 

ახლა საქმე იქეთკენ მიდის, რომ მალე რუსეთს ფული არ ექნება, რათა სატელიტები არჩინოს. კიდევ კარგი, რომ იუშენკო უკრაინას დასაველთისკენ და ნატოსკენ ექაჩება, იულია ტიმოშენკოს ქცევა კი კონიუნქტურულია. თუმცა ამავე დროს უნდა ითქვას, რომ უკრაინამ მუშაობა ისწავლა. მას არც გაზი აქვს, პრეზიდენტის ხელები სისხლში გასვრილი არაა, ხოლო ბოლო 18 წლის განმვლობაში უკრაინული კა-გე-ბეს შესახებ არავის არაფერი გაუგია. რუსეთი კი ზის, იბერება და იმუქრება გაზსა და ნავთობს არავის მივყიდიო, არადა მას მხოლოდ ეს შეუძლია, რუსეთს ხომ ეკონომიკა არა აქვს. მას არ შეუძლია არ გაყიდოს გაზი და ნავთობი იაფად ან ძვირად. ასე თუ ისე, იგი იძულებულია ენერგორესურსები ნებისმიერ ფასად ვინმეს მაინც მიჰყიდოს.
 

ახლა ინტელიგენციას ”მივადგეთ”: 7 ოქტომბერს, პოლიტკოვსკაიას მკვლელობისა და პუტინის დაბადების დღეს რუს პრემიერს მიღებაზე რუსი მწერლები ესტუმრნენ…
– ნაძირლები! კლოუნადა გამართეს! მათ ნაწარმოებებს აღარ მივეკარები. ამ დონის პირმოთნეობა! კარგიც რომ დაწერონ, მათი აღარ მჯერა. ისინი პუტინთან კი არა, ანას ხსოვნის დღეზე უნდა ყოფილიყვნენ გარეთ, მიტინგზე. იმ დღეს მკვლელის მსხვერპლის გასახსენებლად უნდა მისულიყვნენ და არა მკვლელთან დაბადების დღის აღსანიშნავად!
  რუსული შოუ-ბიზნესიც იმისთვისაა, რომ ხელისუფლებას მოემსახუროს და ეტყობა სხვა რამისთვის არც გამოდგება. ისინი არ არიან ადამიანის “სულების ინჟინრები” და ამ შემთხვევაში ჩვენ აქ არაფერს ვკარგავთ, მაგრამ გული მაინც მწყდება. მაგალითად, ალისა ფრეინდლიხზე, რომელმაც პუტინი თავის იუბილეზე დაპატიჟა და მის საჩუქარზე უარი არ თქვა. ეს ძალიან სამწუხაროა.

რუსეთი არასასურველი ქვეყნის მიმართ ატომური იარაღით პრევენტული დარტყმის გამოიყენებისთვისაც მზადაა…
– ეს ნამდვილი მანიაკალია, თანაც – მწვავე ფორმის. თუმცა ცხადია, რომ მხოლოდ იმუქრებიან. თავადაც იციან, რომ ატომურ იარაღს არ გამოიყენებენ, რადგანაც ისევ თავად მოხვდებათ, ატომური იარაღი ხომ ორმხრივ ალესილი დანაა. ატომური ღრუბელი რუსეთისკენ დაიძვრება, ისევე როგორც ეს ჩერნობილის კატასტროფის დროს მოხდა, როცა ბელორუსია დაზარალდა. მერე კი ბირთვული ღრუბელი მათი საყვარელი აფხაზეთისკენაც გასწევს. თუმცა არც აფხაზეთი უყვართ, მაგრამ მაინც – ატომური ღრუბლის შემდეგ ძალიან გაუჭირდებათ დაამტკიცონ, რომ იგი საერთოდ ოდესმე უყვარდათ. მერე კი ყველას გაგვახსენდება: “У попа была собака, Он ее любил. Она съела кусок мяса, Он ее убил!…”

 – ახლა ობამას მშვიდობის ნობელის პრემია აქვს და იქნებ ამ პრემიის “ხათრით”…
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ ობამამ უკლებლივ მთელი ამერიკელი ხალხი წვეულებაზე მიიწვია, რათა ეს ნობელის პრემია ერთად მიირთვან? ეს პრემია ღალატის საზღაურია. რუსეთში კი ყველაზე კარგად იციან, თუ რისთვის იძლევიან ასეთ პრემიებს. ნიკოლაი ნეკროსოვმა თქვა:
  “Блажен незлобивый поэт, В ком мало желчи, много чувства”…

კაცობრიობას არ უყვარს, როცა მას ლანძღავენ და რაიმეს ასწავლიან. ამერიკა ყველას ასწავლიდა, რადგანაც თავისი სკოლის დონის მიხედვით იგი პირველი იყო. ადამიანის უფლებების დეკლარაცია ამერიკის კონსტიტუციას ეყრდნობა. ამერიკაშია თავისუფლება და ადამიანის უფლებების პრიმატი. ახლა კი ამერიკა უარზეა ეს გაკვეთილები სხვას ჩაუტაროს, მოსწავლეებს კი მეტი რა უნდათ? დარბიან კლასში, ცარცსა და ჩვარს ისვრიან, ყვირიან და უხარიათ, რომ გაკვეთილები აღარ ჩატარდება. ამერიკა რუსეთს აღარ აძლევს შენიშვნებს, აღარც ხოდორკოვსკის, აღარც არჩევნების გამო, უბრალოდ აღარაფერს ამბობს, რათა პუტინსა და მედვედევს ხასიათი არ გაუფუჭოს. ამერიკის საელჩოს ფასადზე კუბელი პოლიტპატიმრების რიცხვი ენთო და ახლა ჩაქრა. როგორც ჩვენთან ამბობენ, ამერიკამ დემოკრატიის ექსპორტზე უარი თქვა. დემოკრატიის ძალოვან თუ არა ძალოვან დანერგვაზე, ამას უკვე მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ მან ექსპორტზე უარი თქვა. დემოკრატიაზე უარის თქმა კი ნამდვილი ღალატია. ამჯერად პირველად ისტორიაში დაჯილდოვება მოხდა აბსოლუტურად აბსურდული მოტივით. თუმცა ნობელის კომიტეტს ადრეც ჰქონდა სულელური დაჯილოდოვებები: თუნდაც ტერორისტი არაფატის ანდა მანდელასი. ეს სულელური დაჯილდოვებები იმ იმედითაა, რომ ეს ხალხი გამოსწორდება, მაგრამ სანამ ვინმეს პრემიას მისცემ, უნდა დაიცადო და როცა ადამიანი გამოსწორდება, მერე მისცე, თორემ მერე პრემიის უკან გამორთმევა მოგიწევს. არაფატს პრემიას უკან ვეღარ წაართმევდნენ და ვერც – მანდელას. როცა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრების დონე დავარდა, მოსაკლავად უკვე თეთრებს დასდევდნენ და სეგრერირებული თეთრკანიანები აღმოჩნდნენ. მერე მანდელას პრემიას უკან ხომ არ გამოართმევდნენ? ალბერტ გორსაც მისცეს ნობელის პრემია, მაგრამ კლიმატი უარსდება და თანაც აშკარაა, რომ პრემია უკვე შეჭმულია. ობამა იმათ გვერდზე, ვინც მართლაც დაიმსახურა ნობელი (მარტინ ლუთერ კინგი, სახაროვი, დედა ტერაზა), ცალკე დგას. ბარაკს ეს პრემია იმისთვის მისცეს, რათა მას დემოკრატიის ექსპორტზე უარი ეთქვა. ეს ძალიან არაღირსეული საქციელია.

სამაგიეროდ ბუშს უნდოდა ექსპორტირება. რა გამოუვიდა?…
– ბუშს რაც შეეძლო, ის გააკეთა. იგი იმაში არაა დამნაშავე, რომ ავღანეთში დემოკრატიის მიღება არაფრით უნდოდათ და ქალები დღემდე ფარანჯაში დადიან, ერაყში კი შიიტები და სუნიტები იმის მაგივრად, რომ სადამ ჰუსეინის არარსებობით ისარგებლონ და ნორმალურ ცხოვრებას შეუდგნენ, ერთმანეთს დაერივნენ. ამერიკამ მათ შანსი მისცათ! ამერიკას შანსის მიცემა შეუძლია, მაგრამ არა ვინმეს დემოკრატიული ცხოვრებით ცხოვრების იძულება. ბუშმა სამყარო ერაყისგან დაიცვა; ბუშმა სამყარო მესამე მსოფლიო ომისგანაც იხსნა, როცა რუსეთ – საქართველოს ომის შეჩერება შესძლო. ბუშს თავის ბიოგრაფიაში საკმაო რაოდენობის პუნქტები აქვს, რომლის მიხედვითაც მედალი “მეწამულის გული” (ამერიკულ მედალს Purple Heart ომში დაღუპულ და დაჭრილ ყველა ამერიკელ მეომარს აძლეევნ – ი.მ.) მაინც უნდა დაემსახურებინა. ობამა კი გაკიცხვის გარდა ჯერ ვერაფერს იმსახურებს.

ნობელის პრემიის ავანსად მიცემით მემარცხენე ევროპას თეთრ სახლში თავისი კაცის ყოლა ხომ არ უნდოდა? 2009 –ის 20 იანვარს აშშ-ის 44–პრეზიდენტის ინაუგურაცია იყო, 1 თებერვალს კი – ნობელის პრემიაზე ნომინანტთა წარდგინების ბოლო დღე.
– არ ვიცი, რატომ თვლის ევროპა თავისად იმ ადამიანს, რომელმაც ამერიკიდან დაშორებულ ქვეყნებში დემოკრატიების მშენებლობაზე უარი განაცხადა. თავისად არ ითვლება ის, ვინ დემოკრატიას ღალატობს. რატომ?! სწორედ ეს ვერ გავიგე. ისე, სხვათაშორის, ევროპასაც შეუძლიათ რომ უღალატონ. ევროპა აცხადებს, დამანებეთ თავი, ესა და ეს ჩვენ არ გვეხებაო და ის კი არ იცის, რომ მერე მისი ჯერიც შეიძლება დადგეს.

ცუდადაა ჩვენი საქმე?
– ცუდად. ევროპა ხომ თეთრ სახლზეა დამოკიდებული. ბოროტი ძალების წინაშე ასეთი ფართო მასშტაბური კაპიტულაცია და პოზიციების ჩაბარება მე დიდი ხანია არ მინახავს.

ჰოლივუდმა დიდის ჭოჭმანის შემდეგ ალექსანდრ გოლდფარბის სცენარით ლიტვინეკოს მკველობაზე ფილმის გადაღება გადაიფიქრა...
– ჰოლივუდს არ აწყობს თუნდაც ასეთი მხატვრული სახით მოსკოვის წინააღმდეგ გამოსვლა. ჰოლივუდი სავსეა მემარცხენეებით. მაკარტის ბევრი მუშაობდა სწორედ ჰოლივუდში მოუწია, სადაც ამერიკაში კომუნიზმის აშენების არანომრალური იდეები დასაირნობდა. იქაურ ცხელ თავებს სსრკ მოსწონდათ და ამიტომაც ამერიკის სენატის კომისია მათი “სიამოვნების” შესწავლით იყო გართული. ცნობილი მემარცხენეები არიან ჯეინ ფონდა, ოლივერ სთოუნი და კიდევ ათეულობით ჰოლივუდელი. ევროპის პოზიცია გარკვეულწილად იზოლიციონიზმადაც შეიძლება აღვიქვათ. ტალიავინის დასკვნა სწორედ ამის მაჩვენებელია. ამ დასკვნას მოლოტოვ-რიბენტორპის პაქტსაც კი შევადარებდი. ევროპას რუსეთის დადანაშაულების შეეშინდა. რასაკვირველია, ანგარიშის შედგენისას ისინი არა სამართლიან სასამართლოზე, არამედ გაზსა და ნავთობზე ფიქრობდნენ. მათ ორ სკამზე ჯდომა გადაწყიტეს: თან მოსამართლეობა უნდოდათ და თან რუსეთისთვის სიამივნების მინიჭება. არადა არ გამოუვიდათ. დარჩნენ დიპლომატებად, მლიქვნელებად და კონფორმისტებად.

თქვენი საქართველოს მოქალაქეობის ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებდით?
– ეს მითია. საქართველოს მოქალაქეობა ჩემთვის ოფიციალურად არავის მოუნიჭებია. იგი მომცა აწ გარდაცვლილმა ზვიად გამსახურდიამ მაშინ, როცა თავად იყო ქვეყნიდან გაგდებული. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ მე საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის უფლება მქონოდა. საქართველოში ჩემი მოგზაურობა ბერიას აშენებულ ციხეში დასრულდა. ჩემი ოთხდღიანი შიმშილობის შემდეგ, მე “მხედრიონის” ავტომატების თანხლებით თვითმფრინავში შემაგდეს და ადლერში გამიშვეს იმისათვის, რომ შევარდნაძის ყალბი არჩვენების ჩატარებისთვის ხელი არ შემეშალა. ვისაც ამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდოდა, ბერიას ჯურღმულში ჩემთან ერთად იჯდა. მახსოვს საკანში ორ “ზვიადისტ” ქალთან ერთად ვიჯექი. მახსოვს შევარდნაძის იპოზიციური გაზეთი “იბერია-სპექტრი” და მისი რედაქტორი ირაკლი გოცირიძეც, რომლის სიკვდილი საქართველოსთვის დიდი დანაკლისია. ისიც მახსოვს, თუ რას აკეთებდა მაშინ ე.წ. ოპოზიცია, რომელიც ახლაც გაჰყვირის. უცნაურია, რომ კომუნისტი შევარდნაძე მათთვის მისაღები იყო, სააკაშვილი კი – არა.

გამსახურდიას “პროვინციალ ფაშისტს” უწოდებნდნენ. რას ფიქრობთ მის ფაშისტობასა და მამარდაშვილთან ურთიერთობაზე? დრო და დრო იმასაც ამბობენ, სააკაშვილი გამსახურდიას ემსგავსებაო...
– რასაკვირველია, ნებისმიერი ქართველი პრეზიდენტი, რომელიც იმაზე კი არ ფიქრობს, რუსეთს როგორ ჩაბარდეს, არამედ იმაზე – თუ როგორ გახადოს საქართველო დამოუკიდებელი, გამსახურდიას დაემსგავსება. უბრალოდ, დისიდენტ გამსახურდიასგან განსახვავებით სააკაშვილმა იცის, თუ როგორ გააკეთოს ეს და ამ მიზნის მისაღწევად იგი იარაღის გამოყენებაზეც არ იტყვის უარს. ანუ ის სრულფასოვანი პოლიტიკური მოღვაწეა და მას შიშველი ხელებით ვერ შესწვდები. გამსახურდია არასოდეს ყოფილა ნაციონლისტი, ის იყო მეცნიერი, ხოლო მთელი მისი კამათი მერაბ მამარდაშვილთან არაფრად ღირს. რუსებს მამარდაშვილი გამსახურდიასთან დასაპირისპირებლად დასჭირდათ და ამიტომაც “გაახსენდათ”.  ეს დაპირისპირება სწორედ ამით იყო მოტივირებული. მამარდაშვილი კარგად გამოიყენეს. მერაბ მამარდაშვილი რომ დაფიქრებულიყო იმაზე, თუ რაგვარი სახის რუსული საფრთხე მოელის საქართველოს, იგი ზვიადს არ წაეჩხუბებოდა. ზვიადი იმ ქართველების წინააღმდეგ გამოდიოდა, რომლებსაც საქართველო არ ადარდებდათ და სსრკ-ის დაშლაზე გული წყდებოდათ. მათ უნდოდათ დრო თავის ქვეყანაზე ზრუნვაში კი არა – მოსკოვის რესტორნებში გაეტარებინათ. ქართული ინტელიგენციის ზოგიერთ წარმომადგენელს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის მსახურობა, ქართულად საუბარი კი არა, მოსკოვის კაბაკებში ტახტების გაცვეთა ერჩივნა. რუსები მამარდაშვილს ჩაეჭიდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ხიშტები არც ისე კარგი არგუმენტია, ხოლო რუსი გენერლების, ჯარისა და კა-გე-ბე-ს მოღვაწეების არგუმენტებით ვერავის დაარწმუნებ. კრემლი მამარდაშვილს იყენებდა და მანაც, დაუკვირვებლობის გამო, მას ამის უფლება მისცა. უფლება იმისა, რომ მამარდაშვილის სახელი გამოყენებინათ. რასაკვირევლია, მას უნდა ეფიქრა, რომ იგი უდაბნოში არ ცხოვრობს. უნდა ეფიქრა, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი და საშიში მტერი ჰყავს. თუმცა მგონია, რომ დღეს მერაბ მამარდაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო და ამ წლების სიმძიმე საქართველოსთან ერთად განეცადა, თავის შეცდომას, ალბათ, მიხვდებოდა.

რა ხდებოდა ბალტიისპირეთში?
 – ბრძოლა ბალტიისპირეთის დამოუკიდებლობისათვის ჩვენ ნულიდან უნდა დაგვეწყო. ლიტვას ვეხმარებოდით და ლანდსბერგისს ვასწავლიდით, რომ ლიტველებს არა ეკონომიკური თვითმმართველობა, არამედ – სსრკ- დან გამოსვლა უნდა მოეთხოვათ. ლიტველებმა გედიმინასის ორდენითაც კი დამაჯილდოვეს. მათ იციან რისთვის მომცეს იგი. დაუმსახურებლად მას არ იძლევიან. ჩვენ ლიტვას მთელი ძალ-ღონით სსრკ-დან ვექაჩებოდით და ვასწავლიდით, თუ როგორ უნდა ემოქმედა. მაგრამ საქართველოს არაფრის სწავლა სჭირდებოდა. საქართველომ ძალიან კარგად იცოდა, რომ იგი სსრკ-ს აუცილებლად დააღწევდა თავს, იცოდა, რომ ამას შესძლებდა. მერაბ კოსტავა და ზიად გამსახურდია საქართველოს არა მარტო თვითგამოცემითი მასალებით ამარაგებდნენ, არამედ მოსკოვში ჩემოდნებით “არქიპელაგი გულაგი” ჩამოჰქონდათ, რომელიც თქვენთან მთებში იბეჭდებოდა.

  ზვიად გამსახურდიას მონანიება და მის შეხედულებებზე თითქოსდა უარის თქმა სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მას ციხეში ჩასმას არ უპირებდნენ. ის იყო ეროვნული კერპის, კონსტანტინე გამსახურდიას შვილი. მას უთხრეს: ჩვენ არაფერს გიზამთ, უბრალოდ ქვეყნიდან გაგაძევებთ და საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს წავართმევთო.
 

სეპარატიზმით დამუქრებამ პირველად 1970-იანი წლების შუა ხანს გაიჟღერა. კა-გე-ბე სეპარატიზმით გაშმაგებით კი ძირითადად მაშინ დაკავდა, როცა სსრკ-ის ნგრევის პროცესი ახლოვდებოდა. ამ დროს შეიქმნა რეგიონათშორისი ჯგუფი “სოიუზ”, რომელმაც მუშაობა არძინბასთან ერთად დაიწყო. სეპარატისტებს ყველანაირ სიკეთეს დაჰპირდნენ იმის სანაცვლოდ, რომ საქართველო თავის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად საბჭოთა კავშირიდან არ გამოსულიყო. როცა საქართველოში რეფერენდუმი სსრკ-დან გამოსვლის თაობაზე გასაოცარი, შთამბეჭდავი რეზულტატით ჩატარდა, ბალტიისპირეთს ჯერ კაშხალი განგრეული არ ჰქონდა, რუსეთი მათ არ უშვებდა. საქართველო კი კედლის განგრევას უკვე ცდილობდა. საბჭოთა ლიდერებს საქართველოს ასეთი სწრაფვა, რასაკვირველია, არ მოსწონდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ საქართველო ძალიან უმადურია; ფიქრობდნენ, რომ რატომღაც საქართველო რაღაცის გამო მათი მუდმივი მადლობელი უნდა ყოფილიყო. ამიტომ ომი საქართველოს დასჯის მიზნით იქნა გაჩაღებული. საქართველოს ომისკენ იმ იმედით უბიძგეს, რომ 1990-იანებში ქართველები, ოსები, აფხაზები ერთმანეთს ამოწყვეტდნენ და ცოცხალი ამბის გამომტანიც არ დარჩებოდა. ამ ომში ქართველები არ იყვნენ დამნაშავენი. გამსახურდია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის კონფედერაციის სტატუსის მინიჭებისთვის მზად იყო. ზვიადი ცხინვალში ფეხით ჩავიდა, რათა ამ მომლოცველობაში ოსებსა და ქართველებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა აღედგინა, მაგრამ ეს საქმეს ვერ დაეხმარებოდა, რადგან რუსეთი ცეცხლზე ნავთს ასხამდა. ათასობით ქართველის, აფხაზისა და ოსის სიცოცხლე რუსეთის სინდისზეა. ეს ხალხი მან გადაამტერა ერთმანეთს, მაგრამ რა მიიღო? საქართველო სსრკ-დან მაინც წავიდა. ახლა საქართველოს ისევ გამოენთნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველომ მარტო სსრკ-დან კი არა, არამედ კიდევ უფრო შორს წასვლა გადაწყვიტა. სააკაშვილი ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწეა, შევარდანაძის ნამდვილი მოსწავლე. ეტყობა შევარდნაძეს ეგონა, რომ მიშა სააკაშვილი მისი კვალით წავიდოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სააკაშვილმა რეფორმები დაიწყო და უკან ჩამოიტოვა სსრკ-ის ბევრი რესპუბლიკა და მათ შორის პუტინის რუსეთიც. სწორედ იმ დროს გადაწყვიტეს მისი გაჩერება ძალიან ტრადიციული საშუალებით – კუდზე მარილის დაყრით. ისე რომ, კუდი ვეღარ გაზრილიყო. სააკაშვილმა მოასწრო აჭარის, რომელიც რუსეთის მეხუთე კოლონა იყო, წესრიგში მოიყვანა. იქ ორი რუსული დივიზია იდგა, ხოლო ასლან აბაშიძე ყოველთვის ამაყობდა იმით, რომ მან ეს დივიზიები დააპურა; რომ აჭარა, ფაქტობრივად, საქართველოს ნაწილი კი არა, არამედ თვითკმარი რესპუბლიკა იყო. იქ საბჭოთ კადრებმა ობობას ბუდე მოიქსოვეს. სააკაშვილმა აჭარის პრობლემა უსისხლოდ გადაწყვიტა და ამიტომაც დაარტყეს ხელებზე.

 – ნამდვილად ფიქრობთ, რომ აშშ-სა სხვა ევროპული ქვეყნების მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობაზე გაცემულმა სანქციამ გამშვები მექანიზმის როლი ითამაშა?
– აშშ –ს კოსოვოს აღიარებით უსიამოვნებების გარდა არაფერი მოუგია. კოსოვოს საბაბი რუსეთს სულაც არ სჭირდებოდა, რუსეთმა გადაწყვიტა, რომ ომი უნდა ყოფილიყო და ომიც დაიწყო. სამხრეთ ოსეთი კი ყურადღების გადამტანი მანევრი იყო. რუსები თბილისში აფხაზეთის გავლით უნდა შესულიყვნენ ისე, რომ ვერავის მოესწრო საქართველოს გამოქომაგება. საქართველო ამ ომში უდანაშაულოა. სააკაშვილის მხრიდან პასუხის არგაცემა წარმოუდგენელი იყო. ქვეყანას თავს დაესხნენ და ის ვალდებული იყო თავი დაეცვა. მას არ შეეძლო მშვიდად ეყურებინა, თუ როგორ ანგრევენ ქართულ სოფლებს. მას პასუხი უნდა გაეცა და ცხინვალისთვის დაერტყა, რადგან იქ სამხედრო ობიექტები (არა სამოქალაქო, როგორც ამას პალესტინელი ტერორისტები შეგნებულად აკეთებენ) იყო განლაგებული. იქ რომ სამოქალაქო პირები დარჩენილიყვნენ, ეს ოსების ბრალი იქნებოდა და არა მიხეილ სააკაშვილის. მან რუსების თბილისისკენ სვლა შეაჩერა და აშშ-ს რეაგირებისთვის დრო მისცა. მხოლოდ ამიტომაა, რომ ახლა საქართველო სრულად არაა ოკუპირებული და მხოლოდ ამიტომ ქვეყნის მმართველად იგორ გიორგაძე არ გყავთ. ეს კაცი საქართველოს კა-გე-ბეს თავია, რომელიც დიდი ხანია რუსეთის მარიონეტის როლისთვის ემზადება და თავის ვარსკვლავურ საათს რუსულ სამთავრობო აგარაკებზე ელოდება. ეს იცოდა OSCE-მ, PACE-მ და კიდევ ორჭოფობენ: საჭიროა თუ არა რუსეთს “ხმის ამოღების” უფლება ჩამოერთვას. არადა რუსეთმა უკვე ამოიღო ხმა, თავისი სიტყვა თავისივე ტანკებითა და ზარბაზნებით თქვა და ეს ტანკები პირველად კი არ ალაპარაკდნენ, არამედ ვინ იცის – მერამდენეჯერ. რასაკვირველია, რუსეთისთვის ადგილი არაა არც OSCE-სა და არც PACE–ში. G 8–დან კი იგი დიდი ხანია უწმინდური ცოცხით უნდა გაეგდოთ. ძალიან უცნაურად მოიქცნენ ევროპელი პარლამენტარები, როცა ტალიავინის დასკვნაში, ფაქტობრივად, დაწერეს, რომ არ იციან ვინაა დამნაშავე ანუ ლამის მიუთითეს, რომ სააკაშვილია დამნაშავე. ეს იმიტომ, რომ რომ ევროპის დინგი ღინღლში კი არა – გაზსა და ნავთობშია. არ შეიძლება რუსული გაზით იყო დაინტერესებული და თან რუსეთს ასამართლებდე. ევროპას “მშვენიერი” თვისება აღმოაჩნდა ბერლინისა და მოსკოვშის ოლიმპიადაზე მონაწილეობისა… ანდა როცა სტალინის არსებობაზე თვალს ხუჭავდა.  

ბევრი დასავლურ ღირებულებებს სწორედ დასავლეთის ამბივალენტურობის გამო არ სცნობს. სწორედ იმ მიზეზთა გამო, რაზეც თქვენ ზემოთ ისაუბრეთ.
– დასავლეთი არც გეორგაფიული ცნება, არც გრძედი და არც განედი, არც მერიდიანები და არც პარალელებია. დასავლეთი ეს არის გარკვეულ ღირებულებათა ნაკრები. უპირველესად, ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც ადამიანის უფლებების დეკლარაციასა და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტში მატერიალიზდება. როცა დასავლეთი მყისიერი ინტერესების გამო თავისსავე ღირებულებებს ღალატობს, უნდა ვუთხრათ, რომ ისინი მათი წინაპრების მიერ არჩეული გზიდან უხვევენ. დასავლეთი მაგალითი უნდა იყოს.
 მე გეტყვითი რისიც მწამს: მწამს იმისა, რომ საქართველო იქნება ისეთი დასავლეთი, როგორიც უკვე თავად დასავლეთი არაა. დასავლეთი, რომელიც თავისი კონცეფციის, თავისუფლების კონცეფციის სისუფთავეს, ადამიანის უფლებების დაცვის პრიორიტეტს განამტკიცებს, დახმარებაზე უარს არავის ეტყვის და თავის ღირსებაში შეუდრეკელი იქნება. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ საქართველომ გაწყვიტა. ეს ბევრ სხვასაც უნდა გაეკეთებინა, მათ შორის – უკრაინას. საქართველოს არასოდეს სჭირდებოდა იმის სწავლა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო იმპერიის საზღვრებში. ქართველებს იქით შეეძლოთ სხვისთვის ესწავლათ, თუ როგორ და რანაირად ემოქმედათ.

დიდად გმადლობთ მუდმივი მხარდაჭერისთვისა და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით თქვენი ასეთი რომანტიკული წარმოსახვისთვის…
 -საქართველო რუსეთისთვის გემრიელი ლუკმა იყო, არის და იქნება. ამიტომ საქართველოს შეჩერებას, დადუმებას ცდილობდნენ, ცდილობენ და კიდევ დიდხანს შეეცდებიან სწორედ ტეროტირული დანაწევრების გზით და ეს არასოდეს დაგავიწყდეთ.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s