Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ცრუპენტელა ოპო-ლიდერები

 

ლევან ჯავახიშვილი

ცრუპენტელა ოპო-ლიდერები…

 
   

 გთავაზობთ პოლიტიკანთა რადიკალურად განსხვავებულ აზრებსა და ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს. ჩვენ შეგნებულად არ შემოვიფარგლეთ ერთი თემით, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ამჯერად, ოპოზიციის ვაი-ლიდერთა სახეცვლილება მრავალფეროვანია.

 

   ზურაბ ნოღაიდელი: რუსეთი ემბარგოთი და ქართული პროდუქციის  აკრძალვით, თავის პოლიტიკურ მიზნებს ვერ მიაღწევს საქართველოში. რუსეთის ბაზარს ჩაენაცვლება ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ბაზარი, რუსული ბაზარი არ არის უალტერნატივო და ქართული პროდუქცია არათუ რუსეთის, ევროპული სახელმწიფოების მოთხოვნილებებსაც პასუხობს. (2006 წ.).
   რუსული ბაზარი უალტერნატივოა ქართული პროდუქციისათვის. ჩვენ ჯერ შორს ვართ, ვაწარმოოთ იმ ხარისხის პროდუქცია, რომელიც ევროსტანდარტებს უპასუხებს. ამიტომ, დანაშაულია, არ იზრუნო რუსული ბაზრის დასაბრუნებლად. სამწუხაროდ, რუსულ ბაზარს ჯერ ვერაფრით ჩავანაცვლებთ. (2010 წ.).

   ზვიად ძიძიგური: გოგა ხაინდრავა არის ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთი მთავარი დამამხობელი. ზოგმა სიტყვით დაამხო ზვიადი, იდეოლოგიურად უთხრიდა ძირს და პოლიტიკური მტერი იყო მისი, ზოგმა კი იარაღი აიღო ხელში 1991 წლის დეკემბერში. ხაინდრავა ამ მხრივაც გამორჩეულია. ის კონგრესის წევრი იყო და სიტყვით ებრძოდა ჯერ ზვიდას, მერე დაიჭირეს, მაგრამ ციხიდან რომ გამოვიდა, ჩამოაყალიბა ბანდა და მხედრიონთან და კიტოვანის გვარდიასთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა ზვიადის დამხობაში, მერე მის დევნაში, მან 1992 წელს 6 მაისის გამთენიისას, ბარათაშვილის ხიდზე, გამსახურდიას ემიგრაციაში მიმავალ მომხრეებს დაუშინა იარაღი, ხაინდრავას „დევიატკა“ იყო სწორედ და მეც იმ ერთ-ერთ ავტობუსში ვიჯექი. ეს საკუთარი თვალით ვნახე და რა დამავიწყებს? დიახ. ხაინდრავა ესროდა უიარაღო ხალხს ავტობუსში, ქალებს, მათ შორის. ( 2000 წ.).
   გოგა ხაინდრავა არის ვაჟკაცი და პატრიოტი კაცი, ნეტავ ბევრი იყოს მასეთი… კი, იყო ადრე რაღაც გაუგებრობები, მაგრამ მოგვარდა ყველაფერი. ახლა, ამდენი წელი გავიდა და აღარ მახსოვს, რა მოხდა ბარათაშვილის ხიდთან. რა ვიცი იყო თუ არა იქ ხაინდრავა… რომც ყოფილიყო, არა მგონია, უიარაღი ხალხისთვის ესროლა. გოგა მაგას არ იკადრებდა. ისე კი, იქ დიდი უბედურება დატრიალდა. ხალხი დაჭრეს და დახოცეს ავტობუსში. (2008 წ.).
 
     რამაზ კლიმიაშვილი: საქმე მიხეილ სააკაშვილში არ არის. მთავარია ის გარემოცვა, რომელიც მას მართავს. სწორედ ეს ხალხი ქმნის ხელოვნურ პრობლემებს რუსეთთან, ეს ე.წ. „რეფორმატორთა ჯგუფი“, რომელიც ამერიკიდან იმართება მაკკეინის დაჯგუფების მიერ. ( 2006 წ.).
   ერთადერთი კაცია პრობლემა – სააკაშვილი. მას საკუთარი გარემოცვა ვერ აკონტროლებს. სააკაშვილს რომ მოვიშორებთ, მერე ყველაფერი დალაგდება და მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობაც. (2009 წ.).     
  
   კახა კუკავა: ძალით წართმეულს ნებით არავინ დაგვიბრუნებს. სამაჩაბლოს და აფხაზეთს, არავინ დაგვიდებს ლანგარზე და არ მოგვართმევენ. მე არ ვეწევი საომარ რიტორიკას, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, ძლიერი ჯარი უნდა ავაშენოთ, ძლიერი არმია იქნება ერთ-ერთი გარანტი იმისა, რომ ამ მოლაპარაკებებში წინ წავიწევთ და რუსეთს უფრო და უფრო მეტს დავათმობინებთ. თან ახლა მარტონი აღარა ვართ. (2005 წ.).
   აი, სწორედ ამან დაგვღუპა, ამ საომარმა რიტორიკამ სახელისუფლებო პოლიტიკოსების, მინისტრების და დეპუტატების მხრიდან, იმის ძახილმა ყოველდღე, რომ ძალით წართმეულს არავინ დაგვიბრუნებს ნებით და ძალით უნდა დავიბრუნოთო. მართლა დაიჯერეს, რომ ისეთი ჯარი გვყავდა, რომელიც რუსეთის არმიას დაამარცხებდა. (2008 წ)

   კობა დავითაშვილი: შალვა ნათელაშვილმა მიხედოს თავის პარტიას და თავის „სპონსორებს“. სად ჰყავს მას სპონსორი? საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე, საარჩევნო სიებში ჰყიდის ადგილებს – პირველ ათეულში საპარლამენტო არჩევნებზე, ამბობენ, 50 000 დოლარი ღირს ლეიბორისტთა სიაში მოხვედრაო. მაგას სხვაზე რა აქვს სათქმელი? (2003 წ.).
   რა მოხდა მერე? რესტორანში ავიღებ ფულს თუ ოფისში, რა განსხვავებაა? ან ბაზრის დირექტორი, მფობელი იქნება პარტიის დონორი თუ სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი, რა დიდი განსხვავებაა? ან ვისი რა საქმეა, მე ვის ჩავსვამ საკუთარი პარტიის საარჩევნო სიაში და ვის არა? ( 2007 წ.).

   გოგა ხაინდრავა: ირაკლი ოქრუაშვილმა საოჯახო თუ ნათესაურ ბიზნესად აქცია თავდაცვის სამინისტრო, იქ კლანური მმართველობაა. პროფესიონალს, თუ უცხოა, არ აჭაჭანებენ. ( 2007 წ.).
   ოქრუაშვილი კლანურობას მაინც არ კადრულობდა, როცა შეეძლო გაეკეთებინა ფული და დიდი ძალაუფლებაც ჰქონდა. ირაკლიმ პროფესიონალების ფასი მაინც იცოდა. (2007 წ.).

   დავით გამყრელიძე: საქართველოში არ არსებობს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი თავისუფლების ინსტიტუტის ფილიალია, ხოლო სოზარ სუბარი, ამ ინსტიტუტის მესვეურთა ნების აღმასრულებელი (2005 წ.).
   საქართველოს არასდროს ჰყოლია ისეთი ძლიერი სახალხო დამცველი, როგორიც სოზარ სუბარია, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, მისი წინა მორბედების მიმართ. დღემდე, ასე გამართულად ამ სტრუქტურას არ უმუშავია და სამწუხაროა, რომ პარლამენტი სახალხო დამცველს ასე არასერიოზულად ეკიდება. პრინციპში, ეს არც არის მოულოდნელი – სოზარ სუბარი არ არის მარტო თავისუფლების ინსტიტუტის, მისი გამოზრდილი პარლამენტარების და სხვა საეჭვო წარმომავლობის უცხოური ორგანიზაციების უფლებათა დამცველი.

   თინა ხიდაშელი: ახალ მემარჯვენეებს და მათ ლიდერს, დათო გამყრელიძეს საუკუნო სირცხვილად მარტო ის ეყოფათ, 2003 წლის 23 ნოემბერს, პარლამენტში რომ მივიდნენ და შევარდნაძე-აბაშიძის კლანს მიუსხდნენ და ქვორუმი შეუვსეს. ამით გამოჩნდა, ვისი და რა ძალების მართულია ეს პარტია და თავად გამყრელიძე. ასეთ დროს, ასეთი გამოუსწორებელი შეცდომის მერე, თუმცა ეს პოლიტიკურად დანაშაულიც იყო, ნორმალური პოლიტიკოსები მიდიან პოლიტიკიდან. გამყრელიძე საბოლოოდ გაიშიფრა და მორჩა მისი თამაში მემარჯვენეობით. (2004 წ.).
   მემარჯვენეები არიან სოლიდური პოლიტიკური ძალა და მათთან ვითანამშრომლებთ. არ გამოვრიცხავ, ერთად გამოვიდეთ არჩევნებზე, თუმცა, რა ფორმით, ამაზე ჯერ არ შემიძლია რაიმეს თქმა. კონსულტაციები დაწყებულია. ჩვენ მზად ვართ, ყველა სოლიდურ პარტიასთან სათანამშრომლოდ, რომელიც ჩვენს პოზიციებს გაიზიარებს. ( 2006 წ.).

   ირაკლი ოქრუაშვილი: ახალი მემარჯვენეები არ არის პოლიტიკური პარტია. მათი ლიდერები არიან ჩვეულებრივი ოლიგარქები, რომლებიც ვითომ ოპოზიციაში არიან და მილიონებს შოულობენ ბიზნესით, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები კი სახელმწიფო სამსახურებში არიან მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული. ცოტა უცნაურია, რომ შევარდნაძის ხელისუფლება, ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველების გარდა, ყველა ოპოზიციურ ძალას სდევნის, ებრძვის, გასაქანს არ აძლევს, მათ კი, არათუ პრობლემებს უქმნის, ბიზნესის აყვავებაში უწყობს ხელს და მათ კომპანიებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან კრედიტის აღებისას, გარანტადაც უდგება. (2003 წ.).
   …მე არ გამოვრიცხავ თანამშრომლობას ახალ მემარჯვენეებთანაც. ეს არის სერიოზული ძალა, სერიოზული პოლიტიკური გამოცდილებით. (2008 წ.).

   ნინო ბურჯანაძე: ვიღაცებს სურთ, ისე წარმოაჩინონ ვითარება, თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე არის უუფლებო ან უმკაცრესად შეზღუდული უფლებებით, მე არავინ არაფერს მეკითხება და მხოლოდ სხვისი ნების აღმასრულებელი ვარ, თანაც, უსიტყვოდ. მე არა ვარ ისეთი ხელწამოსაკრავი პოლიტიკოსი, რომ ასეთი რამე ვინმემ მაკადროს და თუ მაკადრეს, სათანადო პასუხსაც მიიღებს. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ – ვგულისხმობ პრეზიდენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, სამთავრობო გუნდს და ცხადია, ერთმანეთს ვუწევთ ანგარიშს, ისევ საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე. ცხადია, არის კომპრომისები, ოღონდ ორმხრივი და არა ცალმხრივი, როგორც ეს ვიღაც-ვიღაცეებს უნდათ წარმოაიჩინონ ჩემს სისუსტედ და, საერთოდ, შექმნან ამის საფუძველზე მითი, ბურჯანაძის პარლამენტის უუფლებო თავმჯდომარეობაზე. ვიმეორებ, მე არანაირ პოლიტიკურ დისკომფორტს არ განვიცდი და პრეზიდენტის გუნდში არის ჰარმონია. (2006 წ.).
   მე მქონდა, რეალურად ძალიან შეზღუდული უფლებები, ვერ ვახერხებდი სრულად მომეხდინა რეალიზაცია იმ უფლებამოსილებისა, რასაც ქვეყნის მეორე პირს კონსტიტუცია ანიჭებს. იყო ხალხი, რომელთაც, უბრალოდ, ვერ მოვერიე, თუმცა, ყველა იმ არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღებისას, რომელთაც მერე ძირი გამოუთხარეს ამ ხელისუფლებას და ხალხის აღშფოთებას იწვევდა, ვეწინააღმდეგებოდი. რაც შემეძლო იმას ვაკეთებდი, ყოფილა შემთხვევა, პრეზიდენტთან შევთანხმდებულვარ კონკრეტული საკითხის თაობაზე, მიგვიღია გადაწყვეტილება, მერე კი ეს გადაწყვეტილება შეუცვლია პრეზიდენტს და გაუკეთებია იმის საპირისპირო, რაზეც შევთანხმებულვართ… მე იქ მქონდა დისკომფორტი და ყოველდღე, რაღაც წინააღმდეგობების დაძლევის მცდელობა, რასაც ხან ვახერხებდი, ხან – ვერა. (2009 წ.).

   დასკვნა:  ირაკლი წერეთელი: ეს ოპოზიცია უნდა აიღო და ერთიანად ნაგავში გადაუძახო!

 

„დრონი. ჯი“

 

***

 

 ლევან ჯავახიშვილი – როგორ აქებდნენ სააკაშვილს მისი დღევანდელი ოპონენტები…

 

 

 

 

 

One Response to “• ცრუპენტელა ოპო-ლიდერები”

  1. jaba melkadze said

    tkveni ojaxebi m…..n!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s