Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ქართული გენი

 

„ქართული გენი უცხო ხალხის სამსახურში”

 

ასი რჩეული ბიოგრაფია

 

 

ქართველმა მკითხველმა მიიღო კარგი საჩუქარი – დაიბეჭდა წიგნი, სახელწოდებით: „ქართული გენი უცხო ხალხის სამსახურში (ასი რჩეული ბიოგრაფია)“.

წიგნის შმუცტიტულზე არსებული წინათქმა იუწყება, რომ: „ეს წიგნი, მსგავს თემატიკაზე დაბეჭდილი, პირველი ნაშრომია საქართველოში. მკითხველის წინაშე სრული სისავსით წარმოჩინდებიან სამშობლოსაგან დაშორებით მოღვაწე ყველა სახის სახელმოხვეჭილი ქართველები – სასულიერო პირები და მეცნიერები, სამხედროები და პოლიტიკოსები, მწერლები და ხელოვანნი, თავგადასავალთა მაძიებელნი და ავანტიურისტები… მათი საქმიანობის გაცნობით მკითხველისათვის საცნაური გახდება, თუ ეპოქების სახესხვაობათა მიზეზით, სოციალური პირობების ზეგავლენით, ოჯახური ტრადიციებით თუ სხვა მიზეზ–შედეგობრიობითა და გარემოებებით – რა გარეგნულ გამოვლინებებს ახდენს ქართული გენი მსოფლიო განფენილობაში.“

წიგნის შესავალი კიდევ უფრო აზუსტებს ნაშრომის მიზანდასახულებას, სადაც სახელდობრ მითითებულია:

„დღემდე მრავლის უმრავლესი ქართველის სახელია დაკარგული, ან მითვისებული უცხო ტომის მემატიანეთა მიერ, რომლებიც, ჩვენგან განსხვავებით, თავისი თვისტომის თითოელ სახელს სანთელივით უფრთხილდებიან და ქართველებივით დაუდევრად და უდიერად არ ფანტავენ! ამ გზით ვინ იცის რამდენი ქართველია მითვლილი სომხად, რუსად, ბერძნად, სპარსად, ფრანგად თუ ვინ იცის, ვისად აღარ! ჩვენი ვალია, ის სახელები მაინც დავინარჩუნოთ, რაც უცილობლად მიუთითებს მათ ჩვენეულ ეროვნულ კუთვნილებაზე!

ჩვენი წიგნით მკითხველსა და ფართო საზოგადოებას გვსურს გავაცნოთ 100 საყოველთაოდ ცნობილი, სახელგანთქმული იმ ქართველი მოღვაწის ბიოგრაფია, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს სხვადასხვა ქვეყნებისა და ერების პოლიტიკურ, სამეცნიერო თუ ხელოვნების სარბიელზე უხსოვარი დროიდან დღემდე. „სახელმოხვეჭილი“ არ ნიშნავს მაინცდამაინც დადებითად მოაზრებულს – შეიძლება ის სახელი უარყოფითადაც ყოფილიყო მოხვეჭილი – ჩვენთვის მთავარი იყო ამ სახელის არსებობა – გნებავთ კარგი და გნებავთ ცუდი სახელისა!

მსგავსი წიგნები გააჩნიათ დროთა უკუღმართობით, სხვათათვის დამაშვრალ ჩვენსავით მცირესა თუ ჩაგრულ ერებს – ებრაელებს, პოლონელებს, ირლანდიელებს, სომხებს… ამ წიგნის არსებობა ჩვენთვის მით უფრო მნიშვნელოვანია, რამდენადაც ქართველები სომხებივით და ებრაელებივით საყოველთაოდ არ არიან გაფანტულნი და არ ახასიათებთ დიდი დიასპორებისთვის ჩვეული შეკავშირებულობა და საკუთარი თვითიდენტიფიკაციისადმი განსაკუთრებული მზრუნველობა…

ჩვენი ყურადღების საგანია ნებისმიერი ქართველი – ეროვნული თვითიდენტიფიკაციითა, თუ ოდენ ეროვნული წარმომავლობით; საქართველოსთან რაიმე კუთხით დაკავშირებული, თუ საერთოდ დაუკავშირებელი; თავისი შემვრდომებელი ქვეყნის მიმართ კეთილად განწყობილი, თუ ბოროტად; უცხო მიწა–წყალზე დაბადებული, თუ კონდოტიერად შეხიზნული…–ანუ: გენეტიკური ქართველები, რომლებმაც უპირატესი დადებითი თუ უარყოფითი როლი შეასრულეს სწორედ უცხო ქვეყნის სარბიელზე!

დღევანდელი ანონსის შემდეგ „იბერიანას“ საიტი დროდადრო მიაწვდის მკითხველებს ფრაგმენტებს ამ წიგნიდან და გახდის მათ შორეულ ქვეყნებში მოღვაწე თანამემამულეთა კეთილ და ავ საქმეთა თანაზიარად!

 

***

                

 

***

 

აბაშიძე დავით (ანტონ) – Abashidze David (Anton)

(1867-1942) 

 რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი   

  

      ეკუთვნოდა აბაშიძეთა თავადურ საგვარეულოს.1891 წელს წარჩინებით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო  ჩაუქი მხედარი, მოფარიკავე და მოცეკვავე.  გადაშლილი ჰქონდა დიდი საერო ასპარეზი, რის ნაცვლადაც იგი გაემგზავრა კიევს, აღიკვეცა ბერად დიმიტრის (დიმიტრი როსტოველის სახელობაზე) სახელით და ჩაირიცხა სასულიერო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა თბილისში.

       იყო თბილისის იმ სემინარიის ინსპექტორი, სადაც სტალინი სწავლობდა და, როცა  ამ დაუდგრომელ მოსწავლეს დანაშაულებრივი ქცევისათვის კარცერში სვამდნენ პურზე და წყალზე, ჩუმად უგზავნიდა ხოლმე საჭმელს. შემდგომშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მიმოწერაც კი ჰქონდათ. ასეთი თანაგრძნობა მომავალში დაუფასა ბელადმა არქიეპისკოპოსს – საეკლესიო პირთა დევნის ჟამს  საბჭოთა  ხელისუფალმა გასცა ბრძანება, ხელი არ ეხლოთ მისთვის. მონაზონ სერგის ცნობით: „სქიარქიეპისკოპოსი ანტონი სტალინისთვის ლოცულობდა და, ვინ უწყის, თუ  რაგვარად შეეწეოდა მას  ეს ლოცვა!“   

      საქართველოში მსახურებისას ის ასრულებდა ალავერდელი ეპისკოპოსის, ქართული საეგზარქოსოს ვიკარიუსის, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის ნასტოიატელის მოვალეობებს. შემდეგ გვევლინება გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსად;

       ამის შემდეგ გრძელდება მსახურება რუსეთის იმპერიის ფარგლებში –1905 წლიდან პოდოლსკის ეპარქიაში, 1906 წლიდან – ტაშკენტისა და თურქესტანის კათედრაზე. იმპერიის ეკლესიის სამსახურში მყოფი მეუფე მტკიცედ იდგა რუსული სახელმწიფოებრიობის დაცვის სადარაჯოზე. ის არ უშინდებოდა შუა აზიის უდაბურ სივრცეებს და ველურ ბუნებას – ეპისკოპოსის გამოწრთობილი სულით და კავალერისტის გამობრძმედილი  სხეულით ლახავდა მდინარეებს და უდაბნოებს, აარსებდა ეკლესიებს, ამრავლებდა მრევლს…

       თურქესტანში მისი მსახურებისას ტაძრების რიცხვი ერთიორად გაიზარდა – 78–დან 161–მდე. მისი მმართველობის ჟამს, როგორც იქნა, დასრულდა ათწლეულობით გახანგრძლივებული ამაღლების სოფიის კათედრალური ტაძრის მშენებლობა ალმა–ატაში, რომელსაც სილამაზით მოსკოვის ვასილი ნეტარის ტაძარს ადარებდნენ.  აშენდა მშვენიერი ტაძრები სამარყანდში, კოკანდში, აშხაბადში, ბაირამ–ალიში, ისიკ–ყულის წმიდა სამების მამათა მონასტერში. მისივე დახმარებით ალმა–ატაში დაარსდა ივერო–სერაფიმეს ქალთა მონასტერი, რომელსაც მეუფემ გადასცა ქალაქგარეთ სააგარაკე მიწის ნაკვეთი და ნაგებობანი, რომლებიც მის დასასვენებლად იყო გამოყოფილი. მეუფის ლოცვა–კურთხევით აშხაბადში დაარსდა დედათა მონასტერი. დააარსა თურქესტანში ეპარქიის ბეჭდვითი ორგანო, რაც წინანდელი სასულიერო პირების შეფასებით შეუძლებლობას წარმოადგენდა. „თურქესტანის ეპარქიული უწყებანი“ გახდა ეპოქალური მოვლენა მთელი ამ უზარმაზარი რეგიონისათვის. ამას მოჰყვა სასულიეროთა საერთო ეპარქიული ყრილობები, სადაც საეკლესიო პირებს მიეცათ საჭირბოროტო საკითხების ერთობლივად განხილვის საშუალება.

       პირველი ასეთი შეკრება ჩატარდა 1908 წელს. თავის სიტყვაში მეუფემ მათი საქმიანობა მოციქულებრივ ღვაწლს შეადარა. ხშირად ჩადიოდა რუსეთში და იქიდან ჩამოჰყავდა მღვდლები „სამოციქულო ღვაწლისათვის“ თურქესტანში; მოჰქონდა დიდი შემოწირულობები რუსი ქველმოქმედებისაგან; ჩამოჰქონდა წმიდანთა წმიდა ნაწილები, წმიდა ხატები. ტაშკენტში დააარსა რელიგიურ–ზნეობრივი განათლების თურქესტანის საზოგადოება; აშხაბადში – წმიდა ჯვრის იმიერკასპიის საძმო.

      1912 წელს გადაიყვანეს ყირიმში – ტავრიის ეპარქიის ეპისკოპოსად. რუსეთის პატრიოტის სულით განმსჭვალული ეპისკოპოსი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდან 1914 წელს ჩაეწერა შავი ზღვის ესკადრაში და რიგითი საეკლესიო მუშაკის სახით იმყოფებოდა  ბრძოლებში ჩაბმულ ერთ–ერთ სამხედრო გემზე. აქ გამოჩენილი გმირობისათვის მიიღო იშვიათი ჯილდო – პანაღია გოირგის ბაფთით(პანაგია ნა გეორგიევსკოი ლენტე).

      1917 წელს მეუფემ მიიღო კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობა. მეუფე აწარმოებდა მოლაპარაკებას ბოლშევიკებთან და შეაწყვეტინა სროლა კრემლის მიმართულებით, რითაც საშუალება მიეცათ სასულიერო პირებს,  ჩაეტარებინათ თავიანთი კრება.

      საქართველოში ავტოკეფალიის გამოცხადების გამო დიმიტრი აბაშიძე არჩეულ იქნა წმიდა სინოდის წევრის მოადგილედ. მეუფე  გამოვიდა საქართველოს „თვითნებური“ ავტოკეფალიის გამოცხადების წინააღმდეგ, რის შემდეგაც მან თვით დაიხშო გზა საქართველოსკენ. 

      1918 წელს დაბრუნდა ტავრიის ეპარქიაში. იქ მეფის არმიის ოფიცრებს იცავდა  რევოლუციონერთა მხრივ ანგარიშსწორებისაგან.

      1919 წელს ყირიმში ვრანგელის შენაერთების შესვლის შემდეგ, ის აირჩიეს დროებითი უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს თავმჯდომარედ  რუსეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში. ამ დროს სოვნარკომის წარმომადგენელი ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდა ცარიცინის დაცვას და ყოფილი მასწავლებელი არაერთგზის მიმართავდა მას თხოვნით, შეერბილებინა ხვედრი წითელარმიელთა ხელში მოხვედრილი საეკლესიო მსახურებისათვის.

     ვრანგელის დამარცხების შემდეგ სასულიერო პირთა უმრავლესობამ დატოვა რუსეთი, მაგრამ თეთრი არმიების ყირიმიდან ევაკუაციის შემდეგ არქიეპისკოპოსმა არ მოისურვა რუსეთის დატოვება. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, რადგან იგი ამხილებდა ბოლშევიკებს. 1923 წელს იგი დააპატიმრეს, მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა, მაგრამ სტალინის ჩარევის შემდეგ აკმარეს მინიმალური სასჯელი. 2 წელი იჯდა ციხეში და იქ დაკარგა მხედველობა. უსინათლო გამოუშვეს ციხიდან.

       1926 წელს კიევო–პეჩორის ლავრაში, პეჩორის წმიდა მამათა საძვალეებთან მრავალდღიანი ლოცვის შემდეგ იქმნა სასწაული – უფალმა ნაწილობრივ აღუდგინა მეუფეს მხედველობა.

       1926 წელს მიიღო დიდი სქემა: ანტონ პეჩორელის სახელის საპატივცემულოდ – ანტონის სახელით. 1931 წელს კიევო–პეჩორის ლავრა დაიკეტა, საძმო განიდევნა მონასტრიდან და აეკრძალა ქვეყნის 6 მთავარ ქალაქში ცხოვრება; მეუფე ანტონი დააპატიმრეს 1933 წელს – სასჯელის ზომა იყო  5 წელი საკონცენტრაციო ბანაკში (პირობით). საგანგებო დადგენილებით გაათავისუფლეს – დააბრუნეს ერში – ფიზიკურად არსებობდა  მორწმუნეთა კარიდან კარზე გადაადგილებით 1933-დან 1941 წლამდე.

      ასრულებდა ფარულ ღვთისმსახურებებს და ხელდასხმებს; ითვლებოდა კიევის ჯგუფის კატაკომბური ეკლესიის სულიერ მწყემსმთავრად; ზოგიერთი მონაცემებით, იყო ქართული კატაკომბური ეკლესიის ორგანიზატორიც და მისი პირველიერარქი 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე.

  

***

 

                                     

One Response to “• ქართული გენი”

  1. mariami said

    mec abashidze mariami var……… gamixarda mama antonis naxva!!!!!!!!!!!gtxovt gamomexmaurot……

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s