Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რეხა და რეხელები

20953097_302443666830609_4736242777372322967_n[1]

გულიკო საბაძე

რეხა – ერთადერთი უძველესი ქართული  სოფელი

წალკის რაიონში

რეხ2ა

 რეხარეხა  წალკის  რაიონული  ცენტრიდან  ყველაზე  დაშორებული  სოფელია,  რომელიც  მდებარეობის  ბორჯომის  რაიონის  საზღვართან.  რეხადან  ბორჯომის  რაიონის  უახლოეს  სოფელ გუჯარეთამდე  მანძილი 13-15  კმ-ია.

1795  წელს აღა მეჰმედ ხანის მიერ ძველი  თრიალეთის  მთლიანად  აოხრების  შემდეგ  რეხა  იყო  ერთადერთი გადარჩენილი  ქართული  სოფელი.  რეხაში, გადმოცემით სოფლის გადარჩენის მიზეზიც იციან. გაუკაცრიელებული თრიალეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც  მხოლოდ მგლებისა და  ტურების  ხმა ისმოდა,  მარტოდ დარჩენილი რეხის ქართველობა  ტოვებდა სოფელს  და გადადიოდა  უახლოეს  რაიონებში  საცხოვრებლად.  მიუხედავად ყველაფრისა,  სოფელში  სიცოცხლე გრძელდებოდა,  ხალხმა მაინც შეინარჩუნა ქართული ცნობიერება და  ღვთის წყალობით,  ამ  სოფელში  სიცოცხლე  დღემდე  გრძელდება.

ბევრი  მკვლევარი  თვლიდა,  რომ  აღა მეჰმედ ხანის  შემოსევებს  ვერც  რეხა  გადაურჩა,  მაგრამ  უამრავი  უტყუარი  ფაქტია  იმისა, რომ  ამ  სოფელში  ცხოვრება  არ  შეწყვეტილა, გამომდინარე  იმ მარტივი  მოსაზრებიდან,  რომ   გადმოცემით იცოდნენ  ყველა მეზობელი ნასოფლარების ძველი სახელები  და თითოეული სოფლის ეკლესიების შესახებ გარკვეული ინფორმაცია. რეხელების გარდა, სხვა სოფლებში არავინ არაფერი იცის ძველი თრიალეთისა და მისი ნასოფლარების  შესახებ რაიმე  ინფორმაცია. უზარმაზარი ტერიტორიის  გაუკაცრიელების გამო,  ურთიერთობა ჰქონდათ ძირითადად  ბორჯომის,  გორის  და სამცხე- ჯავახეთის  მოსახლეობასთან.

სოფელ  რეხის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის  ეკლესიაში არსებული  საეკლესიო ჩანაწერების,  არქივებში  არსებული   ზოგიერთი  მასალის  გაცნობის, რეხაში  არსებული გადმოცემების შესწავლის და  რეხის  უხუცეს  მაცხოვრებლებთან  შეხვედრების  შემდეგ,  დავრწმუნდი,  თუ  როგორი  დაუნდობელი  და ცბიერი  მტერი  ჰყოლია  ჩვენს  ქვეყანას  მართლმადიდებელი,  ცხვრის  ტყავში  გახვეული  რუსეთის  სახით.  როგორ  დაუნდობლად  აპირისპირებდნენ სხვადასხვა სოფელს, სოფლის  მაცხოვრებლებს  ერთმანეთთან  და  შემდეგ  როგორ  ვერაგულად  ევლინებოდნენ  მშველელის  სახით.  ეს  ხომ  მათი  ყველგან  და  ყველა  დროში  ნაცადი  ხერხი  იყო.

  1830-იან წლებში წალკის ძველ ქართულ ნასოფლარებში პასკევიჩმა თურქეთიდან  ჩამოასახლა სომხები, მართლმადიდებელი  თურქულენოვანი ბერძნები და  მართლმადიდებელი თურქულენოვანი  ქართველები. ეს უკანასკნელნი, ანუ თურქულენოვანი ქართველები არტაანის  რაიონის,  სოფელ  ველიდან მხოლოდ  რეხაში  ჩაასახლეს.  ყველგან და ყველა დროში რუსების  ყოველი ქმედება შორს  გამიზნული გეგმა იყო.  ყველას გვეგონა, მათ შორის მეც,  რომ  მართლმადიდებელმა რუსებმა თურქებისგან შევიწროებული ქრისტიანი  მოსახლეობა  გადაარჩინა.  სოფლის ეკლესიაში  არსებული  საეკლესიო ჩანაწერების გაცნობის  შემდეგ,  მართლმადიდებელ  რუსებზე  ჩემი  წარმოდგენა  თავდაყირა  დადგა. განსაკუთრებული  გულმოდგინებით  წავიკითხე ადგილობრივი მკვლევარი ისტორიკოსის,  ბატონი  შოთა  ლომსაძის  წიგნები,  რამაც  განსაკუთრებულად  იმოქმედა  ჩემზე.  ბატონი შოთა ლომსაძე,  თვითონ  რუსი მკვლევარების ნაშრომებზე  დაყრდნობით,  თავის  ნაშრომებში აღნიშნავს,  რომ  თრიალეთის მოსახლეობის განადგურება რუსულ ინტერესებში  შედიოდა. მათ  ამ ადგილას  კაზაკების  ჩამოსახლება  უდოდათო. ამიტომ  კი  არ დაეხმარნენ  ამ  მხარის  მოსახლეობას,  არამედ  პირიქით – ხელი  შეუწყეს  ამ  მხარის  მთლიანად  აოხრებას.  ის,  რაც  თვითონ უნდოდათ, სხვას გააკეთებინეს.  როგორც  ჩანს,  უცებ ვერ  მოახერხეს  კაზაკების  ჩამოსახლება,  ამიტომაც  შემდგომში  თრიალეთის  ქართულ ნასახლარებში  თურქეთიდან  ჩამოასახლეს სომხები,  თურქულენოვანი  მართლმადიდებელი  ბერძნები  და  თურქულენოვანი  მართლმადიდებელი  ქართველები  მხოლოდ  რეხაში.  ამიტომაც  არის,  რომ  ამ  სოფელში თურქული  დღემდე  დამკვიდრებული  ენა  იყო.

    ბატონები  როლანდ  თოფჩიშვილი   და   შოთა  ლომსაძე  ადასტურებენ,   რომ  „თურქული   ენის   ინტენსიური  გავრცელება  რუსულ პერიოდში  დაიწყო,  მე – 19   საუკუნის  70-იან  წლებში  სამცხე  ჯავახეთის  მკვიდრ   მოსახლეობაში“.  ამას  ადასტურებენ  თვითონ   რუსი  მკვლევარები.  ბატონი   შოთა   ლომსაძე   წიგნში  „სამცხე ჯავახეთი“   რუსი  მკვლევარის  ლ .   ზაგურსკის  ნაშრომის   ციტირებას   აკეთებს.   ამის   მიზეზად   იმას   ასახელებენ, რომ  რუსებს   გააფთრებულ  წინააღმდეგობას  უწევდა  სამცხის  მოსახლეობა.   რუსები  ამიტომაც  ხელს   უწყობდნენ   მათი  ძალით  გათურქებას,  ხოლო  შემდეგ  კი   მათ   გადასახლებას თურქეთში,  ხოლო   მათ   მიწებზე  არაქართველების   ჩასახლებას.   რუსებს   თავდაპირველად უნდოდათ, რომ ქართველებისგან დაცლილ თრიალეთში  ჩამოესახლებინათ  კაზაკები.

რუსების  მიერ   ჩატარებულ   მოსახლეობის   აღწერაში   1886   წელს  სამცხე – ჯავახეთის  მოსახლეობის  სალაპარაკო   ენა   იყო  თურქული.   მაგალითად, 1886 წელს ასპინძაში  49   ოჯახი  იყო   „თათარი“.    თვითონ   ოჯახის   წევრები  ადასტურებენ,   რომ   მათი   სალაპარაკო  ენა  იყო   თურქული.  გარდა  ამისა,  თურქეთიდან  ჩამოუსახლებიათ  ქურთებიც  და თათრებიც,  რომლებიც  ჩაუსახლებიათ  რეხიდან  3  კმ- ში  მდებარე  სოფელ  ხანდოში და საპიტიახშოში (საბიდახჩაში).  ჩემს  ბავშვობაში  მხოლოდ  რეხაში  ფუნქციონირებდა  ქართული 8 წლიანი  სკოლა,  ხოლო  48  საკმაოდ  მჭიდროდ  დასახლებულ  სოფელს  შორის  მხოლოდ  რეხაში  ცხოვრობდნენ  ქართველები.  პასკევიჩმა  რეხაში  თურქეთიდან ქურთები და თათრებიც რიმ ჩამოასახლა, ამაზე ხშირად ლაპარაკობდა  დედაჩემი.  მე  ამის  არ  მჯეროდა,  ვინაიდან  ყველამ  ვიცოდით,   რომ  პასკევიჩმა  თურქეთიდან  მხოლოდ  ქრისტიანები  ჩამოასახლა,  რათა  თურქების  ზეწოლისგან  ეხსნა  ეს  მოსახლეობა.  ჩვენი  მეზობელი  ბერძნებიც  სულ   ამას   ამბობდნენ რუსებზე  მადლიერების  ნიშნად.   ეტყობა  ვიღაცეებს   კიდევ   უფრო  შორს  მიმავალი მიზნები   ჰქონდათ.   ხანდოში   ჩვენ  ვიცოდით  რომ   შემდგომში   ცხოვრობდნენ  სოფელ ავრალოდან გადასული  ბერძნები.  მთელი   საუკუნე  რეხის  გვერდით  საუკეთესო   მიწებზე   ცხოვრობდნენ  თათრები   და   ქურთები,  რომლებიც  საკმაო   შეღავათებით   სარგებლობდნენ.  ეს  გადმოცემით   ვიცოდი,   მაგრამ    არანაირი   ოფიციალური   მასალა   ხელში   არ  მეჭირა.

   საქართველოს ისტორიულ არქივში 254-ე ფონდში დაცული მასალების  საგულდაგულოდ   დათვალიერების  შემდეგ,  წავაწყდი   19  ფურცლისგან   შემდგარ  დოკუმენტს,   რომელიც   ეხება   მხოლოდ   საბიდახჩას (საპიტიახშოს)    და  ხანდოს  მიწებს.   აღმოჩნდა,  რომ  იქ  მართლაც არის ნახსენები  ჩამოსახლებული  ქურთები   და   თათრები,   რომლებსაც  საკმაოდ   დიდი  სახნავ-სათესი  მიწები  დაურიგეს,   იმ  პირობით,   რომ   არანაირ გადასახადს  არ  გადაიხდიდნენ.  საუკუნე   ასე  ცხოვრობდნენ.  ეტყობა,  შემდეგში ეს  გააპროტესტეს  მეზობელი   სოფლების მოსახლეობამ – სომხებმა,   ბერძნებმა   და  მათაც  დაუწესეს  გადასახადი.  როგორც  ჩანს  მასალებიდან,  მათ საერთოდ   უარი   თქვეს  ყოველგვარი   გადასახადის  გადახდაზე,   რუსებს გაუპროტესტეს პირობის დარღვევა, რის   შემდეგაც   ყველანი   უკან – თურქეთში  გადასახლებულან.  ასე,  რომ  1890 წლისათვის  ამ ქართულ ნასოფლარებში თათრები   და ქურთები უკვე აღარ  ცხოვრობდნენ.  (ეროვნული   არქივი,  ფონდი  N254,   აღწერილობა   3 ,  N0  3 2 7 5 ).

რეხა4

     სოფელ რეხას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების  სახელობის  ეკლესიაში  არსებული  ჩანაწერების  გადახედვითაც, იქმნება  ნათელი  სურათი  იმისა,  თუ  რა გულმოდგინედ მუშაობდნენ  რუსული  დავალების  შემსრულებელი ე. წ.  მღვდლები.  ამ  ეკლსიაში  რაც  მე  მახსოვს,  იმ წიგნების  მეასედიც  კი  არ არის  დარჩენილი. 30-იანი  წლებიდან არ სრულდება ღვთისმსახურება და  ვისაც  როგორ უნდა,  ისე  გაჰქონდათ  საეკლესიო  სიწმინდეები.  სანამ  ცოცხალი  იყვნენ  ერთგული  რეხელი  მოხუცები, ისინი  ყველანაირად  უფრთხილდებოდნენ  ამ  სიძველეებს.  ეკლესიაში  შემორჩენილი წიგნების  გადათვალიერების   შემდეგ,  დიდხანს  ვიყავი  გაკვირვებული – რეხასთვის  და  რეხელებისთვის არავითარი მშვიდობიანი დრო არ ყოფილა, მათ  წინააღმდეგ     როგორი  გააფთრებული  ბრძოლა  ყოფილა  გაჩაღებული  სწორედ  რუსულ  პერიოდში.   ერთადერთი  გამონათება  ამ  სოფლისთვის  იყო  საქართველოს  დამოუკიდებლობის  მოკლე  პერიოდი,  როცა  რეხაში  გამოაგზავნეს  ქართველი  მღვდელი  გიორგი  დარჩია,  ხოლო  მედავითნედ  მუშაობდა  ადგილობრივი  ალექსანდრე  საბაძე.  სამწუხაროდ,  მამა გიორგის (დარჩიას ) და ალექსანდრე საბაძის ამ  ეკლესიაში  მოღვაწეობის ყველანაირი   კვალი თითქმის გამქრალია. სამაგიეროდ,   აქ   ინახება  ყველა   მოგზავნილი  „სასულიერო   პირების“ ჩანაწერები.   თურმე   ისინი   საეკლესიო   წიგნში   სოფლის   ყველა   აღმსარებელ   და მაზიარებელ პიროვნენებს რუსული გვარის ბოლოსართით „ოვ„-ებით   მოიხსენიებენ.    ვნახე წიგნები ლათინური ასოებით,   მაგრამ   თურქულ    ენაზე   გაკეთებული   ჩანაწერებით, რომელიც მე ვერ ამოვიკითხე. მანამდე, 1848 წლის ჩანაწერები   შესრულებულია  სპარსული  დამწერლობით, რაც, რა თქმა უნდა, ვერ წავიკითხე.  უფრო   შემდგომი  წლების  ჩანაწერები  შესრულებულია ლათინური  ანბანით, ოღონდ  თათრულად, რაც  ასევე  ვერ წავიკითხე. ბევრია ბერძნული  ასოებით   გაკეთებული  ჩანაწერები,  ალბათ  თათრული  სიტყვებით.    ამ   ჩანაწერების დათვალიერების შემდეგ დავრწმუნდი, თუ როგორი   ერთნაირი   იყო   რუსების  დამპყრობლური, კოლონიზატორული მიდგომა ჯერ რეხელი მართლმადიდებელი მოსახლეობის მიმართ,  ხოლო   საუკუნის   შემდეგ  უკვე   მესხეთში   მცხოვრები   მაჰმადიანი   მესხების მიმართ. ჩემდაუნებურად, გამახსენდა  ახალციხის  რაიკომის  მდივნის  კირვალიძის  1944 წლის ზაფხულში გაგზავნილი ვრცელი  მოხსენებითი ბარათის შინაარსი, სადაც იგრძნობა მისი პატრიოტული განწყობა და ისიც, თუ როგორ სჯეროდა საბჭოთა იდეოლოგიის. ეგონა საბჭოთა ხელისუფლება   ნამდვილად  იზრუნებდა   გამაჰმადიანებულ   მესხებზე   და  მათ  ასიმილაციაზე  ისტორიულ   სამშობლოსთან.

    1944 წლის  ივნისში ახალციხის რაიკომის პირველი  მდივნის  გ.  ვ.   კირვალიძის  ვრცელი  მოხსენებითი   ბარათიდან,  რომელიც   გაუგზავნა  საქართველოს  ცეკას   პირველ   მდივანს  კანდიდ ჩარკვიანს და  სახალხო კომისართა  საბჭოს თავმჯდომარეს ვ. მ. ბაქრაძეს, ირკვევა,   რომ 1939 წელს მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ახალციხის 83   სოფელში ცხოვრობდნენ   ქართველები  3 989   კაცი   და  ადარბაიჯანელები –  27 811  კაცი.    ესენი   გამაჰმადიანებული  ქართველები არიან და   მათ   გათათრებას   ხელს   უწყობდნენ   რუსები. კირვალიძე   წერს:  „ისტორიულად ცნობილია,  რომ    გამაჰმადიანებულ   ქართველებს,   უმეტესად   გლეხობას,  მესხეთ- ჯავახეთში  ჯერ  კიდევ  ოსმალთა  ბატონობის  დროიდან  ქართული ენა   მთლიანად დავიწყებული არ ჰქონდათ.   სახლში    და   ურთიერთ   შორის  ლაპარაკობდნენ   ქართულად.  თათრულ   ენას კი   ხმარობდნენ   თავადაზნაურობა (ბეგები) და ის პირები, ვინც სახელმწიფო სამსახურში იმყოფებოდნენ.    ქართული   ენის   დავიწყება   ინტენსიურად   გრძელდებოდა მე-19 საუკუნეში, მიუხედავად იმისა, რომ მესხეთ -ჯავახეთი იყო  განთავისუფლებული   ოსმალეთის  უღლიდან.  ეს მდგომარეობა  აიხსნება ძველი  რუსეთის   მთავრობის   კოლონიური   პოლიტიკით,   რის   საფუძველზედაც   ქართველი   მაჰმადიანები   თათრებად   იქმნენ   გამოცხადებულნი.  დაშინებული  ამ  გვარ    პოლიტიკით,  მრავალი   გამაჰმადიანებული   ქართველთა   ოჯახები    იძულებული   იქმნენ  გადასახლებულიყვნენ   შუაგულ    ოსმალეთში,    აჭარაში   და   ნაწილი  კი   შუა   აზიაში.  

    მიუხედავად    ყველა    ამ   განსაცდელისა,    გამაჰმადიანებულ    მესხჯავახებმა  მაინც   შეინარჩუნეს   მშობლიური    ქართული    ენა.   როგორც   თქვენთვისაც   ცნობილია,   ხალხის   მტრები,    რომლებიც   რაიონულ   პარტიულ   და   საბჭოთა   ორგანიზაციებს    ხელმძღვანელობდნენ,    წინათ  ხელს   უწყობდნენ   გამაჰმადიანებული   ქართველების   მთლიანად   და   სამუდამოდ  გადაგვარებას.    ამის    დამადასტურებელი   ფაქტები    მოიპოვება   ბევრი.    მათგან    მოვიყვან    ზოგიერთ    მნიშვნელოვან    ფაქტებს:   რაიონულ   მმაჩში   1921-1929   წლებში    საქმეთა   წარმოება  მიმდინარეობდა   თათრულად   ძველი    სპარსული   ალფაბიტით,   1930–1935 წ.  – თათრულად-  ლათინური   ალფაბიტით,    ხოლო    1936   წლიდან  დღემდე  კი  –  რუსულად “.

     მიუხედავად კირვალიძის გულწრფელი   თხოვნისა,  რომ  ხელი შეეწყოთ  ამ  ხალხის   საქართველოსთან და ქართველებთან ინტეგრაციაში,  ძალიან   მალე,   სულაც   რამდენიმე   თვეში,  ისინი  მთლიანად  გადაასახლეს  შუა  აზიაში.

   ის, რაც ურჯულო მტერმაც   კი   არ   გააკეთა,   უარესი   გაუკეთა   მესხეთის   მოსახლეობას   მართლმადიდებელმა   ცხვრის   ტყავში   გახვეულმა   მტერმა.

    ამ წერილის წაკითხვის შემდეგ  აღარ   გამიკვირდა  ის,  რაც  ხდებოდა   სოფელ   რეხას   ეკლესიასა  და   მრევლში.   მაშინ    რეხაში   შემოგზავნილი   მღვდლები   რუსულ   შეკვეთას   ასრულებდნენ. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ რეხაში მართლმადიდებელი ქართველები  ცხოვრობდნენ,   მხოლოდ  გარემოცვა  იყო  არაქართული.

 

***

რეხა – უძველესი ქალაქი

რეხ3ა

 ყველას და მათ შორის  მეც,  ყოველთვის მაინტერესებდა საკუთარი სოფლის, საკუთარი გვარის ისტორია და ყოველთვის ვეძიებდი სათანადო ლიტერატურას.

მოგვიანებით, როდესაც გავეცანი ბატონი  ივანე  ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიას“,  უდიდესი  სიხარული  განვიცადე, როცა იქ  ნახსენები  აღმოჩნდა  ჩემი  სოფლის  სახელი.  ჩემს  სოფელში  ხალხი  გადმოცემით  სულ  იმას  ამბობდა,   რომ    სოფელი რეხა   ადრე  ქალაქი  იყოო,  სოფლის  შუაში,  პატარა  გორაკზე,  იდგა  ძველი  ციხეო.  ამ  ადგილს  დღესაც  „ყალას“  უძახიან.  „ყალა“ თურქულად ციხეს ნიშნავს. აქ ყოფილა წარჩინებული პირების რეზიდენციაო.   ციხეს   ჰქონია უამრავი სამალავი,    სადაც   გაჭირვების   დროს  თავს  აფარებდნენ.   ამ   ადგილას  მართლა   არის  სამალავი   გვირაბები.    დღეს არანაირი ციხის ნანგრევები ამ ადგილს არ ეტყობა.  გარდა   ამისა,   რეხაში   დღესაც    იციან    ადგილი,    სადაც   მდინარე   ქციაზე    დავით    აღმაშენებელმა   ხიდი  ააგო.  მოგვიანებით  მდინარემ  შეიცვალა  კალაპოტი,  ხოლო  ამ   ხიდის   ნანგრევები    მიწაშია   ჩამარხული.

rexa7

ადგილი,  რომელსაც  უძახიან „ყალას“

პირველად  იქ   ამოვიკითხე,  რომ  ცამეტი  ასურელი  მამიდან   ერთ -ერთი  –  აბიბოს  ნეკრესელი,   ქალაქ  რეხაში   აწამეს, მეექვსე  საუკუნეში.  საკუთარი  სოფელი ამოვიკითხე,  როგორც  უძველესი ქალაქი,   სადაც  იჯდა  სპარსელების  მიერ დანიშნული გამგებელი – მარზაპანი.  მარზაპანმა  იქ  მოაწყო  დიდი თეატრონი და ხალხის თვალწინ აწამა  წმინდა მამა. ამას გვამცნობს X საუკუნის ისტორიული წყარო. ისტორიული  წყარო  იმასაც   გვამცნობს,  რომ   რეხას  ეკლესია-მონასტრების  მღვდელმსახურებმა  წმინდა მამის ცხედარი რეხადან ჯერ სამთავისში გადაასვენეს,  ხოლო   შემდეგ  კი   მცხეთის  სამთავროს  მონასტერშიო.  ეს  იმის  მიმანიშნებელია,  რომ   რეხას ტერიტორიაზე  უამრავი  ეკლესია-მონასტერი არსებობდა.  როცა ეს წყარო შეისწავლა ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა, ცხადია,  აუცილებლად მოინახულებდა იმ  გეოგრაფიულ  ადგილს, სადაც ეს  ისტორიული  ფაქტი  მოხდა. ამ   ისტორიული   წყაროს   ავტორი   აღმოჩნდა   არსენ კათოლიკოსი.  ბატონი  ივანე  ჯავახიშვილი  როცა  ძველ  თრიალეთს  სწავლობდა,  დროის  გარკვეული  მცირე  პერიოდი  ცხოვრობდა  პაპაჩემის  ვასილ  მარკოზის  ძე  საბაძის  ოჯახში.

რეხა 2

მიქაელ  და  გაბრიელ  მთავარანგელოზების სახელობის  ეკლესია

როდესაც ბატონი ივანე ჯავახიშვილი   ეცნობოდა   რეხაში    შემორჩენილ   ეკლესიებსა  და   ეკლესიათა    ნანგრევებს,    მაშინ    სოფელი    რეხა  არ  ეკუთვნოდა   წალკის  რაიონს. (სოფელი რეხა  ჯერ ეკუთვნოდა ბორჩალოს მაზრას,  შემდეგ   მიაკუთვნეს  გორის  მაზრას,   მცირე  პერიოდი  მიაკუთვნეს ბორჯომის რაიონს, ხოლო შემდეგ დღემდე ეკუთვნის წალკის  რაიონს).

იმ პერიოდში სოფელი  რეხა  დანარჩენ საქართველოს მხოლოდ გორის გავლით  უკავშირდებოდა.  მოსახლეობა  სავაჭროდ  მხოლოდ  გორში  და  ბორჯომში  დადიოდა.   წალკამდე    გზა  გაიყვანეს    ხრამჰესის   აშენების   შემდეგ. გორის    მაზრაში    ორი   რეხა   არსებობდა -ერთი მთებში, თრიალეთისა და არჯევნის მთებს შორის (ახლანდელი   წალკის   რეხა), ხოლო   მეორე -დაბლობზე,  ქალაქ  გორთან  ახლოს.  ასევე   არსებობდა სოფელი  წინარეხი  ახლანდელ  კასპის  რაიონში.  კასპის  რაიონის   ტერტორიაზე   არსებულა   დაბა  რეხა, სადაც   მიედინებოდა   მდინარე  რეხულა.  ამჟამად   მდინარის   სახელწოდება   არის  ლეხურა,   ხოლო  უფრო  გვიან   ამ   სოფელს   დაერქვა  საკორინთლო.  ზოგიერთი  მკვლევარის აზრით, სწორედ ამ რეხაში აწამეს  აბიბოს  ნეკრესელი,  ვინაიდან  ეს  სოფელი  უფრო ახლოს  მდებარეობდა  სამთავისთან   და  მცხეთასთან. ზოგიერთმა  მკვლევარმა  კი  თრიალეთის  ტერიტორიის  შესწავლის  შემდეგ,  აბიბოს  ნეკრესელის  მარტვილობის  ადგილად  სწორედ  წალკის  რეხას  მიიჩნევენ,   მითუმეტეს  სწორედ  ამ  ტერიტორიაზე  აბიბოს  მონასტრის  არსებობას  ადასტურებს  ვახუშტი  ბაგრატიონი  და  სოფელ  თეზის    (დღევანდელი სოფელი ავრანლო)  ერთ-ერთ  ეკლესიაზე  არსებული  წარწერა.  ისტორიული წყარო კი იუწყება: „ . . . მიიყვანეს იგი მარზაპნისა მის ზენა სოფლად,  ქალაქსა,  რომელსა  ჰქვიან  რეხი,  და შეკრბა მუნ სიმრავლე ეპისკოპოსთა   და  მღდელთა და  ერისმთავართაი,  და   თეატრონი   დიდი    იქმნა     წინაშე    მარზაპნისა“

  ამ  ისტორიული  წყაროდან  გამომდინარე,   ამავე  წყაროზე  დაყრდნობით,  ბატონი   ივანე  ჯავახიშვილი  ასკვნის,  რომ   „ზენა   სოფელი“  გულისხმობს  ქვეყანას –  „დაეპყრა  ქართლი   მეფისა  და  იგინი   ხელმწიფე  იყუნეს  ამას   სოფელსა“,    მეორეს  მხრივ,  მამა  აბიბოს  ნეკრესელი   როცა  მარზაპანთან   მიყავდათ,   გზად  შიომღვიმეს  შეუხვევია  და   საუბრისას   მამა   შიოსთვის  უთქვამს: „უსჯულონი   ეს  სპარსნი  განძვინდეს  ჩვენ   ზედა  ამპარტავნებითა  თვისითა,    რამეთუ   დაიპყრეს  სოფელი  ესე  ჩვენი.

ბატონი დავით მერკვილაძე ლეონტი მროველის „ქართლის  ცხოვრებაზე“  დაყრდნობით   წერს:  „ ლეონტი   მროველის    „ქართველ   მეფეთა   ცხოვრებაში“   „ზენა   სოფელი“   „შიდა  ქართლთან“   ერთად   მოიხსენიება   ქართლის   უძველეს   ამბავთა  გადმოცემისას.   მემეტიანის   ცნობით,   მცხეთოსს   თავის   შვილთაგან   სამი   ყველაზე  სახელოვანისთვის  განუყვია   თავისი    „ქუეყანა   და   ნათესავი   მათი   ყოველი“.    ოძრხოსისთვის   მიუცია  მიწა- წყალი   „ტასისკარითგან   ვიდრე   ზღუამდე   სპერისა“,   ჯავახოსს   ერგო  ტერიტორია   „ფანავრითგან   ვიდრე   თავადმდე  მტკურისა“,    ხოლო   უფლოსს   დარჩენილა   რა    მამისეულ    სამკვიდროში  –  მცხეთაში,   უპყრია   „ქუეყანაი      არაგვთაგან  და  ტფილისითგან  ვიდრე  ტასისკარამდე და ფანავრადმდე. და  ამან აღაშენა     უფლისციხე,    ურბნისი,   კასპი “–    განაგრძობს   ავტორი   და   დასძენს –   „არაგვთაგან  და   არმაზითგან    ვიდრე   ტასისკართამდე   უწოდა   ამას  ქუეყანასა  ზენას – სოფლისა,   რომელსა   აწ   ჰქვიან    შიდა   ქართლი“.

  აქედან   ჩანს,   რომ   ზენა   სოფელი  უფრო   ძველი   სახელია.   ლეონტის   ცნობებიდან   გამომდინარე,   უფლოსის   სამკვიდრო   შეიცავდა   „მთელ  თრიალეთს  და   ვრცელდებოდა  თრიალეთის   ქედის   სამხრეთითაც“.

ბატონი  დევი  ბერძენიშვილი   თავის   ნაშრომებში   აღნიშნავს,   რომ   „მატიანე   ქართლისა“   სამხრეთ   – დასავლეთ  საქართველოს  „ზემო   ქვეყანას“  – „ზემო   სოფელს“  უწოდებს.   შემდგომში   ძველ   „ზემო   სოფელს“  –  „ზემო   ქართლს“  დაარქვეს  „საათაბაგო“ .  ბატონ  დევი  ბერძენიშვილს  მოჰყავს  V  საუკუნის  სომეხი  ისტორიკოსის  ცნობა,   რომლის   მიხედვითაც,   სამცხის   მერე  არის  „ზენა   სოფელი“,   რომელშიც  შედიოდა  თორი.   ნახსენებია  თორის  სოფელი   გუჯარეთი,   რომელიც   სოფელ   რეხას  მოსაზღვრე  სოფელია (13 კმ ).

ბატონმა  ივანე  ჯავახიშვილმა  ატენის  სიონის  ფრესკული   წარწერის (853  წ.)  წაკითხვის  შემდეგ   “ზენა   სოფელს“   დაუკავშირა   სამთავრო  ქვეყანა,   სადაც  მამულებს  ფლობდნენ    თორელი – ჯავახიშვილები.   მასში  შედიოდა  თორი,   ძამა,  ატენის   ხეობა.

 დასასრულს, ბატონი დევი ბერძენიშვილი ასკვნის: „დავით აღმაშენებლამდე უძველესი   ადმინისტრაციული დანაწილებით თრიალეთი სასპასპეტოში  შედიოდა,  შემდეგ   შედიოდა   საპიტიახშოში,    რაზედაც   წყაროთა   ჩვენებების   გარდა  ცხადად  მეტყველებს   ტოპონიმი –  საპიტიახშო.   ჯუანშერის   ცნობითაც   „პიტიახში“   ნათესავი  ფეროზისა   მთავრობდა   თრიალეთის   ტაშირს   და  აბოცს “ .  . . .

  „დავით  აღმაშენებლის დროიდან   თრიალეთი   სამეფო   საკუთრებად   იქცა,  რომელსაც   მართავდა  მეფის   ერთგული   მოხელენი.    ამ    დროიდან   მხარის    ცენტრმა   წალკაში   გადაინაცვლა,  რომლის    პირველ    ხსენებას   „ქართლის    ცხოვრების “  ძველი   სომხური   თარგმანი  (X III ს.)  ადასტურებს: „თრიალეთელთა   ქვეყანა,   რომელიცაა   წალკელთა “.

ვახუშტი   ბაგრატიონი  სოფელ   რეხას   მეზობელ   სოფლებად   იხსენიებს    საქათმეს,   თეზისსაპიტიახჩოსცრიცს   და   კიდევ  უფრო  შორეულ  სოფლებად იხსენიებს  ორ   სოფელს,   რომელთაც   ჰქვიათ   ერთი   და   იგივე   სახელი –   საბა.

ვახუშტი   ბაგრატიონის   მიერ   მოხსენიებულია   „აბიბოს   მონასტრის“   არსებობა  ავრანლოს (თეზი)  და  რეხას შორის.  ამას   შემდგომში   ადასტურებდა   ბატონი    ექვთიმე   თაყაიშვილი  და  ბატონი  დევი ბერძენიშვილი. მონასტრის არსებობას იუწყებოდა   ავრანლოს (თეზის)  ერთ-ერთ  ეკლესიაზე   შემორჩენილი  ქართული  წარწერა, რომელიც თავის   დროზე   მოინახულა   და   ამოიკითხა  ვახუშტი   ბაგრატიონმა.   სოფელი   თეზი  (დღევანდელი  სოფელი  ავრანლო – ეს სახელი დაერქვა   ამ   სოფელს   პასკევიჩის   მიერ   თურქეთიდან მართლმადიდებელი, თურქულად  მოლაპარაკე   ბერძნების   ჩამოსახლების   შემდეგ)  რეხადან   დაშორებულია   5  კილომეტრით.   ამ  სოფლებს  აქვთ   საერთო   საზღვარი.  მათ  შორის  სხვა  სოფელი  არ მდებარეობს.  ამ   სოფელს   რომ   თეზი   ერქვა,   რეხელებმა კარგად იციან. რეხასა და სოფელ ავრანლოს დამაკავშირებელ გზას რეხელები დღესაც  თეზის   გზას   უძახიან.

რეხა 3

სოფელი   რეხა  და  მისი   მიმდებარე  ტერიტორია,   1721   წლის  ვახუშტი  ბაგრატიონის   მიერ  შედგენილ   რუკაზე.  სწორედ  აქ   არის   მითითებული   აბიბოს  მონასტერი.

 

XX  საუკუნის 80-იან წლებში, სოფელ  ავრანლოში  მაცხოვრებელმა ერთმა ბერძენმა  მართლმადიდებელმა  რეხას და  ავრანლოს  შორის აღმოაჩინა მიწაში ჩამარხული უძველესი ეკლესია, უძველესი ქართული   წარწერით. მე რომ მოვინახულე ეს დანგრეული ეკლესია, მითხრეს წარწერა VI-VII საუკუნისააო. იქ   მოსალოცად  დადიოდნენ  რეხელები  და ავრანლოელები. დღეს, 2012 წლიდან, იქ საპატრიარქომ გახსნა მონასტერი, სადაც მხოლოდ ერთი ბერი მოღვაწეობს. ამისთანა უამრავი ჩამარხული ეკლესია აღმოაჩინეს ამ ტერიტორიაზე,  რაც ცხადია,   არ  ეცოდინებოდა  ბატონ   ივანე   ჯავახიშვილს.

რეხა 4

  არქიმანდრიტ   მამა  დოროთეს   ღვაწლით  აღდგენილი   მონასტერი  2012  წელს.   უძველესი   წარწერა   ეკლესიის  კედელშია   ჩატანებული   ისეთ   სიმაღლეზე,   რომელზეც  ბარბაროსის   ხელი   ვერ   მიწვდება.  სწორედ    ეს   მონასტერი  მდებარეობს  რეხას  და  ავრანლოს   შორის.

წარწერა  მარჯვენა  სარკმლის  ზევითაა  განთავსებული,   რომელიც  ვერ   გადავიღეთ.  ეს   ეკლესია  იყო  გაბრიელ   მთავარანგელოზის  სახელობის.  სოფელი  და  ეკლესია  შემოსეულმა  მტრებმა   მიწასთან გაასწორეს.

რეხა 6

 

***

რეხა 5

 

სოფელი  რეხა უძველესი დასახლებული  ადგილი  რომ იყო,  ამას  ადასტურებს მიწის  ყოველი  მტკაველი.  მახსოვს  ბავშვობაში მამიდაჩემი ჩვენი  სახლის  უკან  სამარხებს  რომ მათვალიერებინებდა. გვამები  ისევეა  სალის   ქვებს  შუა  ქვა-ყუთებში ჩამარხული.  ერთ-ერთ  ჩონჩხს ყველა  კბილი საღი  ჰქონდა, ეტყობა  ახალგაზრდაა  გარდაცვლილი – მეუბნებოდა მამიდა. წვიმა რომ ადამიანთა  ძვლებს  გამოაჩენდა,  მაშინვე  მიწას  აყრიდნენ,  ცოდვანი  არიანო.  ყველამ,  ვინც  დიდი სახლი  აიშენა, საძირკვლის  გათხრისას,  რაღაცა  აღმოაჩინა. სხვები  არ  ვიცი,  მაგრამ  ჩემმა  ბიძაშვილმა  საძირკვლის  თხრისას  აღმოაჩინა  სამი  ქვევრი,  რომელთაგან  ორი იყო დამტვრეული ერთში იყო  ღვინო,  მეორეში – ქერი,  ხოლო  მესამე  იყო  ცარიელი. ეს ქვევრი სახლის  სარდაფში  ჩააბეტონეს,  რომ  შთამომავლობას  ცოდნოდა.   ასევე  გამოჩნდა  მიწის  დარანი,  რომელიც  დღემდეა  შენახული.  რაც  შეეხება  ჩემს  უფროს  დას,  როცა   ბოსტანს  ბარავდა, ბარის დაკვრისას ეგრევე  ამოიყარა  ლაშა  გიორგის  დროინდელი  ვერცხლის  მონეტები,  რომლებიც  მაშინვე   გადასცა  მუზეუმს,  საიდანაც  შესაბამისი  სიგელი  გამოუგზავნეს.

რეხა 8

 

***

ლეკთა თარეში

   სოფელი,   რომელშიც   ჩემი  წინაპრები   ცხოვრობდნენ,  ითვლებოდა,   რომ   თითქოს   იქ  მე-19  საუკუნის  დასაწყისამდე  სიცოცხლე  შეწყვეტილი  იყო.   ყველამ,    ვინც   მოიარა   წალკის რაიონი და  მისი სოფლები, მიიჩნიეს,  რომ   ეს   რაიონი   მთლიანად    საბოლოოდ   ააოხრა  აღა- მეჰმედ  ხანმა მე-18  საუკუნის  დასასრულს  და  ეს  არე-მარე  მთლიანად  იყო  უკაცრიელი. მიტოვებული და აოხრებული სოფლები შეივსო პასკევიჩის მიერ  თურქეთიდან   ჩამოსახლებული თურქულად მოლაპარაკე   მართლმადიდებელი  ბერძნებით,  თურქულად  მოლაპარაკე  მართლმადიდებელი ქართველებით   და   სომხურენოვანი   სომხებით  მე-19  საუკუნის დასაწყისში. მაგრამ პასკევიჩის მიერ ჩამოსახლებულ მართლმადიდებელ,   თურქულ ენაზე  მოლაპარაკე   ქართველებს,  რომლებიც  რეხაში  დასახლდნენ,   დახვდნენ   ადგილობრივი  მაცხოვრებლებიც   მხოლოდ  სოფელ   რეხაში.

ამ  სოფელში  რომ   ხალხი   უწყვეტად  ცხოვრობდა, გამომდინარეობს იმ მარტივი მოსაზრებიდან, რომ  წალკის რაიონის სოფლებიდან მხოლოდ  რეხაში   დღესაც   იციან იმ ახლომდებარე სოფლების სახელები, რომლებიც პასკევიჩამდე ნახევარი   საუკუნით    ადრე ლეკებმა  ააოხრეს. იმ   პერიოდში  ლეკთა  თარეში  ძალიან  ცნობილი  მოვლენა იყო   საქართველოს  ისტორიაში. როცა ბატონი  შოთა   ლომსაძე   სწავლობდა   ცნობილი   მესხი   მოღვაწის ივანე გვარამაძის ბიოგრაფიას, მისი   მამის   შესახებ   წერდა:    „მამამისი   პავლე  დაიბადა მაშინ, როცა ლეკებმა აიღეს ვარხანის ციხე-1785 წელს. ეს რაზმები  ქვემო  ქართლის   დარბევის  შემდეგ  მიადგნენ   ვარხანს“  .

      რეხაში  დღესაც  იციან „სისხლიანი  მდელო“, ზოგი  „ლეკთა  კალოსაც“   უძახის,  სადაც  ლეკებმა სოფელ „საქათმის“ მოსახლეობის კალო მოაწყვეს და ცოცხალი არავინ  დატოვეს.  ასევე  გაწყვიტეს  სოფლების   „ცხოვრეთის“,  „პეტეურას“,   „ტუსრების“,   „ქორეთის“,  კიდევ   ერთი  სოფლის   მოსახლეობა,   რომლის   სახელი  რეხაში   უკვე  აღარ   ახსოვთ.   ეს   სოფელი  მდებარეობდა    რეხასა   და   სოფელ   გუმბათის  საძოვრებს  შორის. ამ  სოფლის  ნასახლარში შემორჩენილია  ქართული   ეკლესიის   ნანგრევები  დიდი   გალავნით.   ნანგრევებში   არის  უამრავი  მოჩუქურთმებული   ქვები.  რეხაში  იციან  მხოლოდ,   რომ    ეს  ეკლესია   იყო  მიქაელ   მთავარანგელოზის   სახელობის. (ვახუშტი  ბაგრატიონის  მიერ  შედგენილ რუკაზე აღნიშნულია სოფელი ცრიცი, რომლის  მდებარეობაც  ზუსტად  ემთხვევა  ამ  ნასოფლარის  მდებარეობას – გ.ს.),    ხოლო   ქორეთის   ეკლესია   იყო   გაბრიელ   მთავარანგელოზის    სახელობის.   თვითონ   სოფელ   რეხას   ეკლესია   იყო   მიქაელ   და   გაბრიელ   მთავარანგელოზების   სახელობის.  რეხაში   ისიც   იციან,    რომ  სოფელ   „ცხოვრეთის“  ეკლესია    იყო   ხარების   სახელობის,    ხოლო    „საქათმის“   ეკლესია   იყო   ფერისცვალების    სახელობის.

          სამუდამოდ  მემახსოვრება   არა   მარტო   მე,    არამედ  ჩემს  კლასელებსაც   ისტორია,   რომელიც  მოგვიყვა  ჩვენი  კლასის  დამრიგებელმა  ეკატერინე  საბაძემ,   როცა   მე-4  კლასში   გავდიოდით   იაკობ  გოგებაშვილის  „იავნანამ   რა   ჰქმნა?“.    მაშინ  გავიგეთ   „სისხლიანი   მდელო“-ს   ამბავი.   თან   ისიც  დააყოლა,    რომ   მრავალი   წლის   მანძილზე   ამ   ჭალაზე   წითელი   ბალახი   ამოდიოდაო.   ისიც   მოგვიყვა,    რომ    სოფელ    „საქათმის“   ეკლესიასთან   არსებულა   საფლავის    ქვა,   რომელიც  ეპიტაფიის   მიხედვით   ეკუთვნოდა    ცხოვრეთიდან    საქათმეში   გამოთხოვილ   ახალგაზრდა   ქალბატონს.  ეპიტაფიაზე   ჩანაწერი   ყოფილა ძველი   ქართული   დამწერლობით   დაწერილი. დღეს   ეს   ქვა   გამქრალია   სასაფლაოდან.  ასევე    გაიხსენა  სოფელ  პეტეურის   სასაფლაოდან   ჩამოგორებული  საკმაოდ   დიდი  ქვის   ლოდი,   რომელზეც   იყო  დიდი   მოცულობის   ძველი   ქართული   წარწერა.   ეს   ქვაც   გამქრალია   რეხას   ტერიტორიიდან.   პეტეურას   სასაფლაოდან  ჩამოგორებული   ერთი   ქვა   ამჟამადაც   არის  რეხას  ტერიტორიაზე.   მოვინახულე   ეს   ქვა   და   სურათიც   გადავუღე.   ქვაზე   რაღაც   წარწერაა,   რომელიც   ჩვენ   ვერ   ამოვიკითხეთ.

რეხა 7

  პ ე ტ ე უ რ ა ს     ქ ვ ი ს    ს უ  რ ა თ ი

        ლეკთა    თარეში    მხოლოდ   მაშინ   შეწყდა,    რაც    მეფე   ერეკლემ   მოღალატე   ქსნის    ერისთავი   სათანადოდ    დასაჯა.   ამას   ადასტურებს   თავის   წიგნში  „ჯავახური   ლეგენდები“   ბატონი   ილია   ალხაზიშვილი.  „ქსნის   ერისთავი   იუდასავით   ვერცხლზე   ჰყიდდა   თავის   სამშობლოს,   ლეკის   ბელადები  მიართმევდნენ    ხოლმე   მდიდარ   ფეშქაშებს,   ლეკურ   შალებს   და   სხვ.   თავგასული   ერისთავი  იდუმალ   ნებას   აძლევდა   უშველებელ  ლეკთა   ბრბოს,    რომ    გადმოეთელათ    მთელი    საქართველო   გზადაგზა   რბევითა   და    ყაჩაღობით “.    რეხასთან    5 – კმ – ში   მყოფი   სოფელ   ავრანლოს   ძველი   ქართული    სახელი  „თეზი“ რომ     იყო   –   ესეც   იცოდნენ    რეხელებმა.

 

როგორ   გადაურჩა   სოფელი    რეხა    აღა- მეჰმედ   ხანის   შემოსევას   

ამაზე    რეხაში    ასეთი   გადმოცემა  არსებობს: (მე ვწერ მხოლოდ  იმას,  რაც    დედაჩემისგან   გამიგია)  „როდესაც   ჩვენსკენ   მოდიოდა   თურქეთის   ან    ირანის    ჯარი,   სოფლის   ერთადერთი    ვიწრო   შემოსავლელი ყოველთვის  პურით   იხერგებოდა   ხოლმე. ამ მიდამოში ყველა    ეკლესიის  მსახურნი რეხაში იყრიდნენ  თავს  საეკლესიო   სიწმინდეების   გადასარჩენად.   სასულიერო   პირები   ამბობდნენ,     რომ    ზოგჯერ   ურჯულო  მტერსაც   კი    რაღაც   ღირსება  გააჩნია-  მუსულმანები პურს არასოდეს გადააბიჯებენო. მაშინაც რეხა  და   მისი    მიდამოები   უღრანი   ტყით  იყო   შემოსილი.   რეხაში   თავშეფარებულმა   სასულიერო    პირებმა   მოსახლეობას    დაავალეს,    რომ    გამოეცხოთ    რაც   შეიძლება    მეტი   პური,   რომ  პურით    ჩაეხერგათ    სოფლის   ერთადერთი   ვიწრო   შემოსასვლელი.   მათ  იციანო  პურის  მადლი  და   მართლაც პურს არ გადაუარეს.   სოფელი  ასე   გადაურჩა   აღა – მეჰმედ   ხანის  შემოსევას“.

 

***

რეხელები

    მე-19 საუკუნის დასასრულს, როცა    ბატონმა    ილია   ალხაზიშვილმა   რეხა   მოინახულა,    წერდა:  „გავედით   მდინარე   ქციას,    რომელიც   ნაქებია   გემრიელი   კალმახით.   სამიოდ    ვერსის   მანძილი   რომ   გავიარეთ,    აქ   ერთადერთი    ქართული    სოფელი    ვიპოვეთ,    სახელდობრ   რეხა,    რომელშიც   160   კომლი   ქართველობა    ასახლია.    გამეხარდა,   ვიფიქრე, სულ არარაობას, წამლად  ხომ დარჩენილა  ქართველობა  წალკაში.  მაგრამ  ისე   თქვენი   მტერი   და    დამაწყევარი   დაღონდეს,    როგორც  მე    ამ   რეხელების   ნახვამ   დამაღონა.  აჰა  შენი ნაფლეთები მრავალტანჯულო საქართველო!  რეხელებმა   ქართული   საყველპუროდ   ძლივსღა   იციან   და    ამათაც    ღვიძლი   დედაენის,   ქართულის   მაგიერ   დედინაცვლად   თათრული    ენა   გახდომიათ.   მღვდელი    „ბერძენი“    ჰყავთ,    რომელიც    ეკლესიაში ბერძნულად სწირავს,  თუმცა   თვითონაც    არ   ესმის,   რასა   სწირავს,    რადგან   ბერძნული  ლაპარაკი  არ  იცის,  მაგრამ  ეს მღვდელი  სახარებასაც   კი    უთარგმნის   თავის    მრევლს ბერძნულიდან თათრულად  და ქადაგებასაც  თათრულ    ენაზე    ამბობს,    რადგან    რეხელებმა არც  ერთი  სიტყვა  არ იციან   ბერძნული,    მღვდელმაც   კიდევ   ქართული    არ    იცის,  ამიტომ  აღსარებასაც  თათრულ  ენაზე  ეუბნებიან“ .

    ბატონ   ილია   ალხაზიშვილს  ჩამოთვლილი   აქვს   რეხის   მოსახლეთა   ზოგიერთების   გვარები – მიქაძეები, მინაძეები, ზანდალაშვილი, ხუციშვილი, საბაშვილი (საბაძე), ანუ  საბაანი, მურვანიშვილი,  მაცუკატოვი, კოვზიაშვილი,  ოსიაშვილი (ოსიძე).  კოვზიაშვილები  და   ოსიაშვილები   შიდა   ქართლიდან   არიან   ჩამოსახლებულებიო,    ხოლო   მურვანიშვილები – სურამიდან. ნაწილი მოსახლეობის   არიანო   ჩამოსახლებული   არტაანის   რაიონის    სოფელ    ველიდან.   მოსახლებასთან   საუბრისას,   მოსახლეობა   ითხოვდა   ქართველი   მღვდელის   გამოგზავნას,   რათა   შვილებისათვის   ქართული   ლაპარაკი   ესწავლებინათ.   „რეხელი    ქართველობა    სწავლას    ძლიერ     ეტანება,  მაგრამ  ის  აწუხებთ, რომ   ქართული    არსად    არის“.    იმ    დროს    სოფელ   ავრალოში,    არსებობდა სკოლა, მაგრამ   სწავლება რუსული  იყო.  რეხელები  იქ  არ  დადიოდნენ. ვისაც   საშუალება ჰქონდა (მაგალითად მიხეილ   მურვანიშვილი) საკმაოდ შორს, გორში  დადიოდა   ქართულად   განათლების   მისაღებადო.

    სოფლის ასეთ ვითარებაში  ყოფნა  საუკუნეების    მანძილზე  გრძელდებოდა.  უგზოობისა   და სიშორის გამო, ნელ-ნელა იკარგებოდა ქართული ცნობიერება. სოფელ რეხას გარშემო,  არცერთი   ქართული   დასახლება  არ  იყო.  იქმნებოდა  ხელსაყრელი  პირობები, რათა დაეჩქარებინათ  ხალხში  წარსულის  დავიწყება,  ქართული   ენის  დაკარგვა  და   იმის  სურვილის აღძვრა, რომ მოეთხოვათ რუსული განათლების  აუცილებლობა.  ერთად-ერთი,   რასაც ვერაფრით  ვერ   ეხებოდნენ,   იყო   ქართული  მართლმადიდებლური  სარწმუნოება.   სარწმუნოების, სიწმინდეების ხელყოფას ვერავის აპატიებდნენ, სიცოცხლის ფასად იცავდნენ  ამ ყოველივეს. ბოლოს ყველაზე დაუნდობელი   ბრძოლა   სწორედ  მამთლმადიდებლობის  ყველაზე  ერთგულ  დამცველებს  გამოუცხადეს  „მართლმადიდებელმა“  რუსებმა, ადგილობრივ მოღალატეებთან  ერთად.

    უკანასკნელი მღვდელი, რომელიც რეხაში მოღვაწეობდა, იყო მღვდელი გიორგი დარჩია, ხოლო მედავითნედ მუშაობდა პაპაჩემის   ძმა –  ალექსანდრე საბაძე. ორივეს ძალიან მძიმე პერიოდში მოუხდათ მუშაობა  და  ორივეს  ცხოვრება  ტრაგიკულად  დამთავრდა.   (მათ   შესახებ  ჯერ  საკმარისი  ინფორმაცია    არ   მაქვს  მოძიებული,   ამიტომ   ძირითადად  ვეყრდნობი   სოფელში   არსებულ    გადმოცემებს).

 

***

ძველი  ქართული  ეკლესიები რეხაძი

      სოფელ რეხას შუაზე ჰყოფს პატარა ღელე. ამ  ღელის   ნაპირას იდგა უძველესი  მიქაელ   და  გაბრიელ  მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია,   რომელიც ძველი  ნანგრევების ადგილზე აღადგინეს მოგვიანებით, 1878 წელს.  მოიწვიეს   ბერძენი  კალატოზები და  ძველი  ნანგრევების  ადგილზე   დაიწყეს  ახლის  მშენებლობა. ძველი  საძირკველი  ახლაც  ატყვია,  ხოლო  ძველი  ნანგრევებიდან  შემორჩენილი  მოჩუქურთმებული  ქვები  ჩატანებულია ეკლესიის კედლებში. ძველ ეკლესიას მზის საათიც კი  ჰქონია. ეს  ჩემი მოსაზრებაა. ალბათ  ამ  ქვის  დანიშნულებას   სპეციალისტები   უფრო დაადგენენ.  ის  ქვა,  რომელზეც ეს  საათი იყო გამოსახული, ახალი  ეკლესიის იატაკზეა დაგებული. შესაძლოა, მისი დანიშნულება არც  იცოდნენ ბერძენმა კალატოზებმა.

4

სოფელ რეხას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია

 

ძველი  ეკლესიის  ნაშთები,  რომლებიც  ჩატანებულია  ახალი  ეეკლესიის  კედელსა  და  იატაკზე.

გადმოცემით ვიცით, რომ   ძველი  ქართული  ეკლესიების  ნაშთები დაუნდობლად ნადგურდებოდა. ხდებოდა ძველი ქართული  ეკლესიების  აღდგენა,   მაგრამ   ამას  აკეთებდნენ  არაპროფესიონალები,   რის  გამოც  იკარგებოდა  ქართული  სიძველის კვალი.  ღვთის მადლით, რაც არ  უნდა  მოენდომათ,   ამ  ტერიტორიაზე  იმდენია  წარსულის დიდებული ნაშთები, რომ ყველაფრის განადგურებას ვერ ახერხებდნენ.   ზოგიერთი  ქვა  არ  დაიკარგა,  რაც  უტყუარი  დასტურია   ამ  ეკლესიების  სიძველის.   გადმოცემით ვიცით, რომ ამ ტერიტორიაზე არსებული ყველა  სიწმინდე  რეხაში  ინახებოდა.    იყო უძველესი ხატები, ჯვრები, წიგნები.

3

ძველი  ეკლესიის  საძირკველი,   რომელიც  ახლაც  ჩანს  ახალი  ეკლესიის  კედელთან.

***

ცხვრის  ტყავში  გახვული „მართლმადიდებელი  კეთილმოსურნეები”

 

   ის,   რისი  განადგურებაც  ვერ   მოახერხა   ურჯულო   მტერმა,   ადვილად   მოახერხა  ცხვრის  ტყავში  გაეულმა  „მართლმადიდებელმა   კეთილმოსურნემ“. მე-19  საუკუნის  დასაწყისში   რეხაში  მოღვაწეობდნენ  მხოლოდ   ისეთი   მღვდლები, რომლებმაც   არც   ერთი   სიტყვა   არ   იცოდნენ   ქართული.  პოპულარიზაციას  უწევდნენ თურქულ ენას,  რომელსაც  ყოველთვის  აპროტესტებდა  სოფლის  მოსახლეობა.

   XX საუკუნის დასაწყისში სოფელ რეხას  მოსახლეობის  გამუდმებული  თხოვნა  ყოფილა,   რომ გამოეგზავნათ  ქართველი  მღვდელი. ამას  ყურად  არავინ  იღებდა,   ამოტომ   მოსახლეობას სოფლის  ხუცესად  3  წლით  აურჩევია  ადგილობრივი   საბაძე. მრავალგზის  თხოვნის  მიუხედავად,  რომ  გამოეგზავნათ  ქართველი  მღვდელი,  გაეხსნათ  ქართული  სკოლა, 1914-1915 წლებში სოფელში გაუხსნიათ  რუსული  სკოლა,  სადაც საღვთო  რჯულს  ასწავლიდა შემოგზავნილი  მღვდელი  სიმონოვი.  გადმოცემით  ისიც  ვიცით,   რომ  ხალხის  თხოვნა  მხოლოდ  იმით  დააკმაყოფილეს,   რომ  სოფელში  გამოუგზავნიათ  ქართველი  მედავითნე,   რომელსაც  აიძულებდნენ,   რომ   მხოლოდ  ის  გაეკეთა,  რასაც  სიმონოვი დაავალებდა.  ამ  დროს  ადგილობრივი,   რეხელი  ალექსანდრე  საბაძე  ჯერ  გაუგზავნიათ  მედავითნედ  სოფელ  ხოვლეში,  ხოლო  შემდეგ- შიდა  ქართლში- ცხინვალის  რაიონის,  სოფელ ბელოთში. ამ დროს  რეხაში  მიმდინარეობდა  მოსახლეობის  გვარების  შეცვლა.  ყოფილა  მცდელობა,  რომ   სოფლისთვის სახელიც  შეეცვალათ. სწორედ  ამ  დროს  ალექსანდრე  საბაძეს  კატეგორიული  თხოვნით  მიუმართავს  ეგზარხოსისთვის,   რომ  მას  და  რეხაში  მომუშავე  ქართველ  მედავითნეს  ადგილები  შეეცვალათ. ოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქართულ გარემოს მოწყვეტილ  სოფელში სიმონოვი  ეწეოდა  ანტიქართულ  მოღვაწეობას.  ისედაც  ქართული  ცნობიერება   შესუსტებული იყო სოფელში, ვინაიდან მოსახლეობის უმრავლესობა თურქულად  საუბრობდა.  სიმონოვს  დახვდა  საკმაოდ  ნოყიერი  ნიადაგი  იმისათვის,  რომ გაეჩინა თანამოაზრეებიც სოფელში  და  მოსახლეობის  ცნობიერებიდან  საბოლოოდ  აღმოეფხვრა  მათი  ქართული  წარმომავლობა.

მე-19  საუკუნის  დასაწყისში   რუსების  მიერ  დაწყებული   საქმე   გააგრძელა   სიმონოვმა.   ყველა ახალდაბადებულ საბაძეს გვარად უწერდა საბოვს, ზაზაშვილს – ზაზოვს,  ზოგიერთს – ტოსოვს, ლაზარაშვილს -ლაზაროვს, მამულაძეს – მამულოვს, ვახტანგიშვილს – ვახტანგოვს, მინაძეს-მინაძოვს და ასე  შემდეგ. ალბათ,   ასე  უცვლიდნენ   გვარებს  რეხას   მოსახლეობას  და უწერდნენ   მანძულაშვილს – მანძულოვს, ხუციშვილს – ქეიშოვს,  ქურდაძეს – კურდოვს,   ღვინიაშვილს-ხრისტაფოროვს, ღარიბაძეს-კალაიჩევს, ივანიძეს-ივანოვს,ზოგიერთ ივანიძეს ჩაუწერეს ნიკადიმოვი, ზანდარაშვილს – ზანდაროვს, დალაბანდიშვილს ბალაბანოვს,   ყავრელაშვილს   გავრილოვს,   ომანიძეს –  ომანოვს,   ხმალაძეს –  კოსტანოვს, დურდიაძეს -დურდიევს,  ურუმაშვილს – ურუმოვს,   მურვანიშვილს-  მურვანოვს,  ოსიძეს – ოსოვს,  ქოჩაკიძეს – მაცუკატოვს   და   ასე    შემდეგ.  გარდა  ამისა  საეკლესიო ჩანაწერებში  წავაწყდი  რეხაში მაცხოვრებელ  გოგალაძეებს,  ლომიძეებს,  ყარაგვეზაშვილებს, ბაკურაძეებს.  ჩანაწერების  უმრავლესობა  სპარსული,  ბერძნული  და  თურქული  დამწერლობითაა,  რომელიც  მე ვერ  ამოვიკითხე.

    1915  წელს,  ეგზარხოსს  შეუსრულებია  ალექსანდრე  საბაძის თხოვნა   და,  მართლაც  გამოგზავნეს  რეხაში  მედავითნედ,   ხოლო   რეხაში  მომუშავე  ქართველი  მედავითნე  გაუგზავნიათ   ალექსანდრეს ადგილას  ცხინვალის  რაიონში. სოფელში  შემოსვლისთანავე,  ალექსადრე საბაძეს გაუხსნია  სამრევლო  სკოლა,  სადაც  ხალხს  ქართულად ლოცვებს და  წერა-კითხვას  ასწავლიდა.   მოითხოვა,   რომ   რეხაში   ყოფილიყო  მხოლოდ  ქართული  სკოლა  და   აქაც   საწადელს  მიაღწია.   მაშინ   დაარსებული   ქართული   სკოლა   დღემდე   ფუნქციონირებს. მოსახლეობამ აიძულა სიმონოვი, რომ წასულიყო სოფლიდან და   მართლაც ის გადასულა  სამუშაოდ  სოფელ  გუმბათში.  ალექსანდრე  საბაძემ  სოფლის ხმა  მიაწვდინა  საქართველოს  საეგზარხოსოს  და  რეხაში  დაბრუნებისთანავე  მოუთხოვიათ  ქართველი   მღვდელის  გამოგზავნა.   მართლაც,   ძალიან   მალე,  მრავალი  საუკუნის  განმავლობაში პირველად რეხაში გამოგზავნეს ქართველი მღვდელი ჯავახეთიდან, კოთელიელი მამა გიორგი  ტყემალაძე,  რომელიც  რეხას  ეკლესიაში ქართულად აღავლენდა წირვა- ლოცვას.    სოფელ  გუმბათის   ბერძნულ   ენაზე   მოლაპარაკე  მოსახლეობამ  გუმბათიდან სიმონოვი ძალიან  მალე გამოაძევა.  ეს  სოფელი  რაიონში ერთადერთი სოფელი იყო,  სადაც   მოსახლეობა   მშობლიურ  ენაზე, ბერძნულად  ლაპარაკობდნენ. ყველა დანარჩენ  სოფლებში  მართლმადიდებელი  ბერძნები თურქულად ლაპარაკობდნენ. ისინი ითხოვდნენ წირვა  –  ლოცვის  ბერძნულად  ჩატარებას,  სიმონოვი  კი  რუსულად  წირავდა   და  ლოცვების   სწავლებასაც  რუსულ   ენაზე  ითხოვდა.  ამასობაში  რუსეთში  დაამხეს მეფის  მთავრობა  და  ხელისუფლებაში  მოვიდნენ  ბოლშევიკები.   1917–1918 წელს  საეგზარხოსომ  ქართველი  მღვდელი   სხვაგან  გადაიყვანა, ხოლო მის ადგილას ისევ გამოგზავნა სიმონოვი,  ალბათ   ახალი   დავალებით.

***

არქივში  მოძიებული  მასალები

 

მოვლენების  განვითარების  ამ  მიმდევრობას  ადასტურებს  ჩემს  მიერ  არქივში  მოძიებული  შემდეგი  მასალები,  რომელსაც  აქვე  განვათავსებ  ჩამონათვალის  სახით:

 I –  ბორჩალოს  მაზრის  სოფელ  რეხას  მაცხოვრებელი  ალექსანდრე  საბაძე (ონ  ჟე  საბოვ),  მივლინებულ   იქნას  სოფელ  ხოვლეს  სამრევლოში  ხელფასის  და  შემოსავლის  უფლებით – 26  მაისი,  1911  წელი.

მივლინებული ხოვლეში მეფსალმუნის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ალექსანდრე  საბაძე   დაინიშნოს  ამავე  სოფლის  მრევლის  მეფსალმუნედ –  22  ივნისი,  1911   წელი .

მეფსალმუნის  მოვალეობის  შემსრულებელი  სოფელ  ხოვლეში  ალექსანდრე  საბაძე  განთავისუფლდეს ამ თანამდებობიდან სამხედრო სამსახურში გაწვევასთან  დაკავშირებით.  9  ოქტომბერი,  1911  წელი.

ყოველთვის  ვფიქრობდი,   თუ   საიდან   იცნობდა  ალექსანდრე   საბაძე  გიორგი  მაზნიაშვილს. ცნობილია,  რომ   გიორგი  მაზნიაშვილი   დაიბადა  კასპის  რაიონის  სოფელ  სასირეთში.  ისიც  ცნობილია,   რომ  ხოვლე  და  სასირეთი  მოსაზღვრე  სოფლებია.   შესაძლებელია,  რომ  ისინი   სულაც   აქედან  იცნობდნენ  ერთმანეთს.  რა  თქმა   უნდა,   ეს   ჩემი   ვარაუდია.

II – 1911 წელს   რეხაში  ნოემბრის  თვემდე  მეფსალმუნედ  მუშაობდა  ალექსანდრე  ტოსოვი.  იგი  გაიწვიეს  სამხედრო  სამსახურში  და  მის  ადგილას  დაინიშნა  დიმიტრი  პეტრეს ძე  მაცუკატოვი. 1914 წლის 13 დეკემბერს  რეხას  ეკლესიაში  დიმიტრი  მაცუკატოვი  გაანთავისუფლეს  სამხედრო  სამსახურში  გაწვევასთან  დაკავშირებით  და   მის  ადგილას  გამოგზავნეს  ქართველი  მეფსალმუნე –  თეოფანე  გელაშვილი.

III –1912 წლის 1 იანვარს ეგზარხოსის ბრძანებით და სოფელ რეხას მაცხოვრებელთა  თხოვნით (ბორჩალოს მაზრა, სოფელი  რეხა),  რეხას  მაცხოვრებელი  – ტიმოთე  კონსტანტინეს  ძე  საბაძე   3  წლით  დანიშნეს  რეხას  ეკლესიის  ხუცესად(სტაროსტა) .

IV – 1913 წელს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე  საბაძე  დაინიშნა  მეფსალმუნედ  სოფელ  ბელოთში (ცხინვალის რაიონი ).  საეგზარხოსოს  უწყებანში  გვარი  შეცდომით   წერია  –  ალექსანდრე  ცაბაძე.

V – 1915 წელს რეხაში გაიხსნა რუსული სკოლა და რეხაში მღვდლად და მასწავლებლად  გამოგზავნეს  ნიკოლოზ  სიმონოვი.

VI  –  1915  წლის  3  თებერვალს  თეოფანე  გელაშვილი  რეხადან  გაგზავნეს  სოფელ  ბელოთში  ალექსანდრე  საბაძის  ადგილას,   ხოლო  ალექსანდრე  საბაძე   ბელოთიდან  გამოგზავნეს  თავის   მშობლიურ  სოფელში – რეხაში. ამ  ინფორმაციის  დამადასტურებელი  დოკუმენტის  კოპირებულ  ასლს  აქვე  ვანთავსებ.

5

VII  – საქართველოს  ისტორიულ   არქივში  ინახება  სოფელ  რეხას  1916  წლის  საეკლესიო  ჩანაწერები. 1915  წლის  დასასრულის   ჩანაწერებში  სიმონოვის  მიერ  რუსულ  ენაზე  გაკეთებულ   ჩანაწერებს   გვერდით   მოყვება  ალექსანდრე  საბაძის  მიერ  ქართულ  ენაზე  შესრულებული  ჩანაწერები.  ეს  არის  მრავალი  საუკუნის  მანძილზე  პირველად  შესრულებული  ქართული  ჩანაწერები რეხას საეკლესიო  წიგნებში.   1915  წლის  1  მარტის  ბრძანებით  ნიკოლოზ  სიმონოვი,  პირადი  თხოვნის  საფუძველზე,  გაუგზავნიათ  სოფელ  გუმბათში,  წმინდა  თომას  სახელობის  ეკლესიაში.  მიუხედავად  ამ   ბრძანებისა,  საქართველოს  ისტორიულ  არქივში  დაცული  1916  წლის  რეხას  ეკლესიის  ჩანაწერებში  მაინც  ფიგურირებს  ნიკოლოზ  სიმონოვის  სახელი.

VIII  –  1916  წლის  17  თებერვალს  სოფელ  რეხაში  ბოლო  საუკუნეების ისტორიაში  პირველად  გამოგზავნეს  ქართველი  მღვდელი   ახალქალაქიდან  გიორგი  ტყემალაძე.  მანამდე  იგი   მუშაობდა  ახალქალაქის  თეოდორე   ტირონის  სახელობის  ეკლესიაში.  როგორც ჩანს, ალექსანდრე საბაძემ,  რეხაში  შემოსვლისთანავე,  სოფლის  მოსახლეობის  ხმა  მიაწვდინა  საქართველოს  საეგზარხოსოს  და  სოფელში  პირველად  გამოიგზავნა  ქართველი   მღვდელი.

IX  –  საქართველოს  ისტორიულ   არქივში  არსებული  ჩანაწერების   მიხედვით (1916  წელი),  რეხაში  მართლაც  დასტურდება  ქართული  სამრევლო  სკოლის  არსებობა.  ამ  სკოლაში მასწავლებლად დანიშნულა მარიამ ნიკოლოზის ასული სევასტიანოვი. ამ  დანიშვნას ხელს აწერენ:

მღვდელი- გიორგი  ტყემალაძე,

მედავითნე-ალექსანდრე  საბაძე.

 (საქართველოს  საისტორიო  ცენტრალური  არქივი,  ფონდი  484,  N 52 ,  საქმე  – 504).

სევასტიანოვები  დღესაც  ცხოვრებენ  რეხაში.  იციან,  რომ  არიან  ქართველი  წარმომავლობის,  მაგრამ  ნამდვილი  ქართული  გვარი  არც  მათ  იციან  და  ვერც  მე  მივაგენი  რეხაში  არსებულ  საეკლესიო  ჩანაწერებში.  მარტო  ის  გავიგე,   რომ  მარიამის  დედა  ყოფილა  გურული,   გვარად  ჭყონია,   ამიტომ   შესანიშნავად  იცოდა  ქართულად  ლაპარაკიც  და  წერა-კითხვაც.  ის  სამრევლო  სკოლაში  რეხელებს  ქართულად   წერა – კითხვას ასწავლიდა.  როგორც  რეხელებისგან   გავიგე,  1925  წელს, როცა  მამა   გიორგი (დარჩია)  დააპატიმრეს,   სამრევლო   სკოლაც   დახურეს. რამდენიმე   წელი   ქართულად   სწავლა  აკრძალული  ყოფილა.  თურმე,  სამრევლო   სკოლის   მასწავლებელი   შუა   ღამისას  დადიოდა   ოჯახიდან – ოჯახში,   რომ   ბავშვებისთვის  ქართული   წერა   – კითხვა   და   ლაპარაკი ესწავლებინა.   რეხელი  ესმა  მინაძის  ნაამბობით,   მისმა   დედამ  ვერა  საბაძემ  შესანიშნავად იცოდა  ლაპარაკიც  და  წერაც   ქართულად.  დედამისის   ნაამბობით   იცოდა  ესმამ,   რომ   სამრევლო  სკოლის   მასწავლებელი   მათ   ოჯახში   მხოლოდ   შუაღამისას,   მალულად   მიდიოდა.  ესმა  ამჟამად  ცხოვრობს ქალაქ  თბილისში  და  მისი  ნაამბობი   კიდევაც  ჩაწერილი  მაქვს.

X – საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში დაცული მასალის მიხედვით, აღმოვაჩინე  შემდეგი ინფორმაცია :  „ საქართველოს  საეგზარხოსოს  უწყებანი“,  1917  წლის  1–15  ივნისი, N11 – „ ბორჩალოს მაზრის სოფელ გუმბათის მრევლის მოძღვარი  (მღვდელი)   ნიკოლოზ   სიმონოვი გაიგზავნოს ივანოვოს   მრევლში.“,   14  აპრილი, 1917  წელი.

ამ   ინფორმაციის  წაკითხვის  შემდეგ  დიდხანს  ვეძებდი  სოფელ  ივანოვოს  ჯერ  წალკის  რაიონში,   ხოლო   შემდეგ  საქართველოს  ტერიტორიაზე.  ისიც   ვიფიქრე,   შესაძლოა  წალკის  წყალსაცავის  მშენებლობის   დროს  ეს  სოფელი  წყლით  დაიფარა   და   მოსახლეობა  სხვაგან  ჩაასახლეს. დიდი  ძიების  შემდეგ,  დავადგინე,  რომ   რეხაში   მოსახლეობის  გვარების  შეცვლასთან ერთად, სოფელსაც  შეუცვალეს  სახელი.   ვინაიდან   რეხაში  ცხოვრობდნენ   ივანიძეები,  ყველას გვარი  გადაუკეთეს ივანოვად,  ჩაწერეს  ბერძნებად და   სოფელსაც  დაარქვეს   ივანოვო.  ეს  ინფორმაცია დამიდასტურეს  თვითონ სიმონოვის  ნათესავებმა  –  გუმბათიდან  სიმონოვის ოჯახი  გადმოვიდა რეხაში, ჰყავდათ ძროხები და  ცხვრები.   გადმორეკეს  საქონელიც  და   ფეხით  ამოვიდნენ  რეხაში.   ამ   ორ   სოფელს  შორის   მანძილი  8  კილომეტრია.

1918   წელს   საქართველომ   მოიპოვა  დამოუკიდებლობა   და  რეხა  ისევ   დარჩა  სოფელ  რეხად.   ეს  ამბავი  კი   მალევე  წაიშალა  ხალხის  მეხსიერებიდან.

XI – ბატონი იასე ლორთქიფანიძე, ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომებზე   დაყრდნობით, ადასტურებს, რომ თრიალეთში  არსებობდა  ორი   რეხა,  ასევე  არსებობდა   რეხასთან მოშორებით მდებარე ორი  სოფელი,   რომელთაც  ერქვათ  ერთი და იგივე სახელი – საბა.  ეს ერთი და იგივე სახელის  მქონე  სოფლები  შედარებით  დაშორებული სოფლები  იყვნენ  ერთმანეთისგან..  რეხას  შესახებ  კიდევ  ერთი  წყარო  გადავიკითხე.  მინდა  შევჩერდე  ბატონი  გიორგი   ბოჭორიძის  ნაშრომზე „მოგზაურობა  სამცხე – ჯავახეთში“.    სოფელ  საროში,  კოშკის  ძირას  ყოფილა  მოზრდილი  ქვა  ასომთავრული  წარწერით,   რომელიც   იუწყება,  რომ   მეფეთა  მეფე   დემეტრემ   რეხი   მამულებით   უბოძა  ვაჩეს   და   მერე  ააგეს  ეს  ციხეო.

     შემდეგში   ბატონი   დევი   ბერძენიშვილი   წერს:  „მეფეთა   მეფე   დემეტრე  იხსენიება  საროს  ციხის  წარწერაში,   სადაც   ციხის   მშენებლობაზეა   საუბარი.   აქ  ნათქვამია,  რომ  მეფემ  ვაჩეს  რეხი  მამულობით  უბოძა,  მან   კი   ციხის  შესავალად  აქცია მაჭას(მაჭატია)  მამული“. ამ წარწერის  მიხედვით ბატონი დევი ბერძენიშვილი ასკვნის,    რომ   რეხი   საროს   ძველი   სახელწოდება   ყოფილა.

სოფელ რეხას წალკელები კოთელიას უძახიან, ხოლო რეხელებს-კოთელიელებს. რეხაშიც და კოთელიაშიც ცხოვრობენ  ხუციშვილები,  ლაზარაშვილები  და  ყავრელიშვილები.   რეხაში  ცხოვრობენ  საბაძეები,   ხოლო  კოთელიაში –  საბაშვილები.  საპატრიარქოს არქივში დაცულ  წერილში  ნახსენებია  რეხაში  მაცხოვრებელი  ლაზარიძეები.   ამჟამად  ისინი  ლაზარაშვილებად  იწერებიან. ისედაც   ბატონი  ილია  ალხაზიშვილი  რეხელ  საბაძეებს   საბაშვილად  იხსენიებს.  ერთ-ერთ   ძველ  რუკაზე  რეხას  მართლა  კოთელია  უწერია   და  გვერდით  ფრჩხილებში  უწერია  რეხა.

XII -2010 წლის დეკემბერში,  სამეცნიერო- პოპულარულმა  ჟურნალმა  „ისტორიული   მემკვიდრეობა“,   გარეკანის   მესამე   გვერდზე  მოათავსა  სოფელ   რეხაში  არსებული  იმ   ეკლესიის ილუსტრაცია, რომელზეც რეხაში ამბობენ, რომ   ძალიან   ძველი   სალოცავიაო.   მის აღმოსავლეთ   კედელზე  ყოფილა  უძველესი   ქართული   წარწერა   და   ბარელიეფი.   თავის   დროზე   მამაჩემიც   ლაპარაკობდა   ამ   წარწერის  შესახებ,   ნანახიც   ჰქონია.   კომუნისტებმა   ეკლესიის   თავზე  აღმართული   ჯვარი  როცა   ჩამოხსნეს,   წარწერაც  მაშინ   დაკარგულა,   ასევე  დაზიანებულა  ეკლესიის  გუმბათი.   60-ან   წლებში,   თვითონ   რეხელებმა  შეაკეთეს  სახურავი  და  ჯვარიც  აღმართეს,  მაგრამ   წარწერა  ამ   ადგილიდან  სამუდამოდ   გამქრალა.   სწორედ   ამ  ეკლასიაში  რუსულად   ღვთისმსახურებას  აღასრულებდა  მღვდელი  სიმონოვი.  ეს  ეკლესია  გადაიღო   ბატონმა   გელა   ქოქიაშვილმა  და   განათავსა   ჟურნალში  „ისტორიული    მემკვიდრეობა“,  სახელწოდებით  „რეხის   „ღვთისმშობელი“ –  მინდვრის   ეკლესია,  თრიალეთი“.

7

 

ურჩხული   სოფელ     რეხიდან “

უფრო   ადრე,   ეს   ეკლესია  1991   წელს,   ნოემბერში   მოინახულა   ბატონმა   ნიკოლოზ  ვაჩეიშვილმა   ქართული   ხელოვნების   ისტორიის  ინსტიტუტის სამეცნიერო  ექსპედიციასთან   ერთად.  სწორედ   ამ  ეკლესიის  გვერდით  არსებობს  უცნაურ  გამოსახულებიანი   დიდი   ქვა.   ჩემს   ბავშვობაში   სკოლიდან   წაგვიყვანეს   და  დაგვათვალიერებინეს   ეს   ქვა.   ჩვენთან   ყოველთვის   ეგონათ,   რომ   ამ   ქვის   ქვეშ   იყო   გოლიათის   საფლავი.

8

სამეცნიერო   ექპედიციამ   ეს   ქვა  წინაქრისტიანული   ხანის   ძეგლად   მიიჩნია. ბატონმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა  ხელმეორედ  ეს  ქვა  გადაიღო  2002   წელს.   მის შესახებ    კიდევაც   განათავსა  წერილი   სამეცნიერო   პოპულარულ   ჟურნალში  „საქართველოს   სიძველენი“ – თბილისი, 2003 -ტ 4–5, გვ.30 – 33.   წერილის   სათაურია   „ურჩხული   სოფელ     რეხიდან “.

 ბატონი  ნიკოლოზ  ვაჩეიშვილის  აზრით, ეს   ადგილი   იყო   წარმართობის   დროინდელი წმინდა ადგილი. შუა  საუკუნეებში  იმავე ადგილას ეკლესიის აგების ანალოგი  საქართველოში არ არსებობს. სამაგიეროდ რეხის „ურჩხულთან“ ძლიერ ახლოსაა   ტასილი-ადჯერის   ფრესკები   აფრიკაში  და   ნასკას   უდიდესი   გამოსახულებები  სამხრეთ   ამერიკაში. ტასილი -ადჯერის ფრესკები კლდეზეა ნახატი, ხოლო  რეხას „ურჩხულთან“ უფრო ახლოსაა  პერუში,   ნასკას   უდაბნოში  მდებარე   ის   გამოსახულებები,    რომლებიც   მხოლოდ   დიდი   სიმაღლიდან   ჩანს.

   ბატონ ნიკა  ვაჩეიშვილს   მიაჩნია,   რომ   აუცილებელია  ამ   ქართული   ძეგლისადმი   საგანგებო   ყურადღება   და   მომავალი   შესწავლის   აუცილებლობა.

1

2

3

 

  სწორედ  ამ  უძველეს  ეკლესიაში  ღვთისმსახურებას  რუსულად  აღავლნდა  მღვდელი  სიმონოვი  თავის  მცირერიცხოვან  მრევლთან  ერთად.  1917  წელს  რეხაში  მეორედ  დაბრუნებულმა  სიმონოვმა დაიწყო  გააფთრებული  ბრძოლა  ალექსანდრე   საბაძის  წინააღმდეგ. შემოსვლისთანავე სიმონოვი ჯერ ალექსანდრე  საბაძეს  დაუპირისპირდა,  ვინაიდან მის  მიერ  დაარსებული  რუსული   სკოლა  უკვე  ქართულად  ფუნქციონირებდა.  სწორედ ალექსანდრეს წყალობით რეხას სკოლამ  დაიწყო  ქართულ  ენაზე   ფუნქციონირება.   პირველი  უთანხმოება  სიმონოვსა  და  ალექსანდრეს შორის სწორედ ამის გამო მოხდა.  უნდა  აღინიშნოს,  რომ    რეხას   სკოლაში  რუსულ ენას ასწავლიდა  სოფელ   ბეშთაშენიდან   (ბეშქენაშენი) ნიკუჩა იანიდი.  მისი  შვილი პლატონი მონათლა ალექსანდრე საბაძემ. ასე მშვიდობიანდ ხდებოდა სოფელში ქართულენოვანი სკოლის დამკვიდრება. 1937  წელს   წალკაში  აღმასკომის თავმჯდომარედ მუშაობდა მიშა  იანიდი, ნიკუჩას ბიძა. იმის გამო, რომ მისი ძმის შვილი  იყო სანდრო   საბაძის   ნათლული,  უჩივლეს   ამის   გამო   და   ისიც   გახდა  1937  წლის  რეპრესიების  მსხვერპლი, ისიც  დაუხვრეტიათ.

 გუმბათიდან რეხაში დაბრუნებული სიმონოვი ისევ აგრძელებდა ანტიქართულ საქმიანობას.  ერთ-ერთი  მღვდელმსახურების  დროს,   როცა  ახალდაბადებული   ბავშვის  ნათლობისას,   სიმონოვმა   ბავშვს  გვარი  შეუცვალა,  ვერ აიტანა ალექსანდრემ და სიმონოვს საცეცხლური ჩაარტყაო (იგონებს ჩემი ბიძაშვილი მიხეილ საბაძე – 88  წლის).  ალექსანდრე   იმდენად  შეურიგებელი იყო სიმონოვის ანტიქართული ქმედებებით, რომ  თვითონ  სიმონოვი  განდევნა  ეკლესიიდან  პატრიოტი  თანასოფლელების  თანადგომით.  რეხელებისთვის   ეროვნება და სარწმუნოება იმდენად ფაქიზი   და   მტკივნეული   თემა  იყო,   რომ   სიმონოვს  არ უშვებდნენ  სოფლის ეკლესიაში.  აქ  მოღვაწეობას   მაინც  აგრძელებდა   მედავითნე   ალექსანდრე,   რომელმაც   გახსნა   სამრევლო   სკოლა   და  აგრძელებდა  მრევლში   ქართულად  წერა -კითხვისა და ლოცვის   სწავლებას.   სიმონოვი   კი   აგრძელებდა   თავის   ანტიქართულ  მოღვაწეობას და ბრძოლას ალექსანდრეს წინააღმდეგ.

სიმონოვმა და   მისმა   მომხრეებმა   დაიწყეს  ეროვნულად   მოაზროვნე  პირების   დევნა.   სოფელი   ორად   იყო   გაყოფილი.  ჩვენი   ქვეყნის   დაუნდობელმა  „მართლმადიდებელმა“    დამპყრობელმა   ყოველთვის და  ყველა   დროში მისთვის ნაცად ხერხს  მიმართა –  „გათიშე    და    იბატონეს“   პრინციპით, სოფელში ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირა. ისინი სალოცავად სხვადასხვა ეკლესიაში დადიოდნენ. ნაწილი დადიოდა  სიმონოვთან  რუსულად   ჩატარებულ   წირვაზე,   ხოლო   მეორე  ნაწილი დადიოდა ქართულად  ჩატარებულ   წირვაზე  სოფლის  ცენტრში  არსებულ მიქაელ და  გაბრიელ  მთავარანგელოზების  სახელობის  ეკლესიაში.  იმ   დროში  სასაფლაოც კი   იყო   ორად  გაყოფილი –  სიმონოვის  მომხრეებს  უკვე   მარხავდნენ  ახალ   ადგილას  –  წმინდა  გიორგის  სახელობის  ეკლესიის  გვერდით,   ხოლო ქართველი მღვდელისა და ალექსანდრე საბაძის მომხრეებს -ძველ  სასაფლაოზე.   სწორედ იმის გამო,   რომ  იმ დროს იყო დიდი შიმშილობა,   საბერძნეთის ხელისუფლება ეხმარებოდა  მხოლოდ  ბერძნებს,  ამიტომ, საუბედუროდ,  როგორც  ხდება  ხოლმე, სიმონოვს რეხაშიც საკმაოდ გამოუჩნდნენ მიმდევრები.  ქართული  გვარის   ტარებას, ზოგს  ერჩივნა  ბერძნებისაგან  დახმარება   მიეღო.  უკვე ისე ვითარდებოდა მოვლენები, რომ დიდ საგონებელში იყვნენ   ჩავარდნილი მართლა ერის ბედით დამწუხრებული პატრიოტები. სიმონოვი სოფლის  ახლოს მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში აგრძელებდა  რუსულად  ღვთის მსახურებას თავის მცირერიცხოვან მრევლთან ერთად. ხალხში ნერგავდა  უთანხმოებას და   რუსულად  სწავლების უპირატესობას. იმის  გამო, რომ მრევლის   ნაწილი   უკვე   სხვა   ტაძარში  დადიოდა, ირჩევდა   რუსულად  ღვთისმსახურების უპირატესობას,  შესაბამისად   სოფელი   აღმოჩნდა   ორად   გაყოფილი.

    (2013  წელს,  28  აგვისტოს  ამ  ეკლესიაში  მლოცველ  ხალხს  შორის  შევხვდი   სოფლის  უხუცეს  მაცხოვრებლებს,   რომლებმაც  დამიდასტურეს,   რომ  ამ  ეკლესიაში  სიმონოვთან  მოარულ  ხალხს  თითო   ტომარა   ფქვილსაც   ურიგებდნენო,   გარდა   ფულისა   და   სხვა   პროდუქტებისა  – გ.ს.)

***

რა ხდებოდა ჯავახეთში I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ

   მე-20 საუკუნის დასაწყისი  იყო  სოფლის  ისტორიაში  ყველაზე  მძიმე  პერიოდი. გარდა  იმისა,  რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა  ხალხის გვარების გადაკეთება  და  მათი ბერძნებად  ჩაწერა,  პარალელურად  დაერთო  დიდი  დაპირისპირებები  მსოფლოში. დაიწყო  პირველი  მსოფლიო  ომი,  რამაც  უდიდესი განსაცდელის  წინაშე  დააყანა  სამცხე- ჯავახეთი.  მაშინ    დიდი არეულობა იყო მთელს ქვეყანაში და განსაკუთრებით სამცხე -ჯავახეთში.  1917  წელს  რუსეთში გაიმარჯვა ოქტომბრის რევოლუციამ.  მეფის რუსეთი ჩაბმული იყო პირველ მსოფლიო ომში. ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ,  რუსეთი გამოვიდა ომიდან.  დაიდო  „ბრესტ-ლიტოვსკის“  ზავი, რომლითაც მთელი სამცხე – ჯავახეთი თურქეთის ხელში აღმოჩნდა. თურქეთის ტერიტორიაზე  ომში მყოფი რუსის ჯარი გამოიწვიეს უკან,  თურქეთიდან.   მეფის  რუსეთის  დამხობის  შემდეგ, უპატრონოდ  დარჩენილი  რუსის ჯარი, თურმე, სასტიკად უსწორდებოდა თურქეთის მოსახლეობას.  არ ინდობდნენ არც ქალებს და არც ბავშვებს.  წვავდნენ  და  ანადგურებდნენ  ყველაფერს, რაც ხელში ჩაუვარდებოდათ.  რუსის  ჯარის   ხსენება  უდიდეს  განსაცდელს  და  შიშს  იწვევდა  თურქებში  და  განსაკუთრებით  გამაჰმადიანებულ  ქართულ  მოსახლეობაში.

თურქეთში, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებში ძირითადად ცხოვრობდნენ გამაჰმადიანებული   ქართველები, ამიტომ  ყველაზე  მეტად  სწორედ  ისინი   გაამწარეს  რუსებმა.  გამწარებული თურქეთის მოსახლეობა გამოყვა უკან რუსის ჯარს და ააწიოკეს მესხეთის და ჯავახეთის მართლმადიდებელი მოსახლეობა. თურქები რუსებს აიგივებდნენ მართლმადიდებლობასთან და მართლმადიდებლობას კი – ქართველებთან. თუ რა სასაკლაო მოაწყვეს მაშინ თურქებმა  სამცხე – ჯავახეთის  მიწაზე, ეს კარგად ახსოვთ დღესაც  სამცხე- ჯავახეთში.

  მინდა  გავიხსენო   ჩემს   მიერ  1993   წლის   კვირაცხოვლობას, ასპინძის რაიონის სოფელ  ტოლოშში  გაკეთებული ჩანაწერი,  რომელიც  ზუსტად  აღწერს  იმ დროინდელ  ვითარებას.  ამ   დღეს   სოფლის  მოსახლეობა  მიეშურება  5  კმ-ში   არსებულ   ნასოფლარში (სოფელი  ალანძია), სადაც  დგას კვირაცხოვლობის   სახელობის  უძველესი  ეკლესია.   სოფელი   ალანძია  უკვე  არ  არსებობს.  მისი  გამაჰმადიანებული ქართველი მოსახლეობა მეორე  მსოფლიო ომის დროს გადაასახლეს შუა აზიაში. სოფელ ტოლოშის მოსახლეობა

9

ლალი  პავლეს  ასული  მელიქიძე

მანქანებით   მიეშურება ამ   ტაძრისკენ, მაგრამ  ზოგი  თვლიდა, რომ ეკლესიაში   მოლოცვას ფეხით  მისვლისას  უფრო  მეტი  მადლი  აქვსო.  ამიტომაც მე,  ჩემი   სამი   წლის შვილი   ლაზარე და ქალბატონი ლალი მელიქიძე (75 წლის) ფეხით მივეშურებოდით სალოცავისკენ. მე  მას  უდიდეს პატივს  ვცემდი.    მეუბნებოდა,   რომ   ამ   სალოცავს   მინდა   შევავედრო ჩემი ერთადერთი მემკვიდრის თამრიკოს  მომავალიო. მხოლოდ მისი ხათრით,   თორემ  ჩემი  ასაკის ადამიანი  ამას  როგორ  შეძლებსო.  სწორედაც  თამრიკოს გამო მინდა ფეხით ავიდე ამ  სალოცავში  და  მისთვის  ვილოცოო.   მას   პატივს   ვცემდი,   იქიდან გამომდინარე, რომ ის  იყო ძალიან კეთილი, ერთგული,  სამართლიანი,  პირდაპირი,  ასაკის მიუხედავად,   ძალიან   მშრომელი ადამიანი. ყველა   გაჭირვებულს   პირველი  გაუმართავდა    დახმარების   ხელს,   მაგრამ  ზარმაცებს  და უქნარებს  დაუნდობლად  გაკიცხავდა   ხოლმე.  მას   ყოველთვის   ვადარებდი   ოთარაანთ   ქვრივს.   გარეგნობითაც  და   ჩაცმულობითაც  იყო   იმ   ვერიკო   ანჯაფარიძის   პროტოტიპი,   როგორმაც   კინოში   განასახიერა  „ოთარაანთ   ქვრივი“ .

8

ალანძიის  კვირაცხოვლობის  სახელობის  ეკლესია

სწორედ  იმ  წელს  ჩვენი    ქვეყანა   იდგა   უდიდესი   განსაცდელის   წინაშე.   გარდა   ამისა   ძალიან აქტუალური იყო ე.წ. „თურქი  მესხების“  საკითხი.  მე  პირადად  ვიყავი  მომხრე მათი  ისტორიულ სამშობლოში ჩამოსახლების, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. მისი ნაამბობი იმდენად შემაძრწუნებელი იყო ჩემთვის, რომ სახლში  დაბრუნებისთანავე კიდევაც ქაღალდზე გადავიტანე ჩვენი საუბრის  ჩანაწერი.   ყოველთვის  ვთვლიდი,  რომ   სამცხე-ჯავახეთის თემა  იყო  ძალიან  შეუსწავლელი.   ამ   ქვეყნიდან უკვე გადიოდნენ ისტორიული მოვლენების მომსწრენი, ამიტომ თითოელი ასეთი ადამიანის  ნაამბობის დაფიქსირებას ვთვლიდი ჩემს მოვალეობად. ოდესმე, იქნებ ვინმეს გამოდგომოდა.

„გაქცევების“    დროს   მე   ვიყავი   6   თვის,  როცა   შემოგვესივნენ   თურქები.  ყველაზე   დაუნდობლები  იყვნენ ადგილობრივი გამაჰმადიანებული ქართველები. ჩვენი ოჯახი  გაიქცა   სოფლიდან,   მტკვარზე   გადავიდნენ.   სხვანაირად   თავს   ვერ   გადაირჩენდნენ.  მდინარე  მტკვარის ნაპირას, უზარმაზარი ლოდის გვერდით მე წამომაწვინეს და დაიწყეს ჯერ გაზრდილი  ბავშვების  გადაყვანა.  ყველა  გაიყვანეს,   მაგრამ   ჩემი   გადაყვანა   ვეღარ   მოასწრეს.  გაიქცნენ  ბორჯომის   ხეობისკენ.   ვინც   ვერ   მოასწრო   გაქცევა,   წვავდნენ   და  მიწაში ცოცხლად მარხავდნენ. ჩვენი სოფლის ამობუგვის    შემდეგ,   მამაჩემი  დაბრუნდა  მალულად  ჩემს  წასაყვანად  და  გადამარჩინა. ერთი  კვირა   ვიყავი   ლოდის   ქვეშ. თურმე   ჩემი   ტირილის   ხმას   მდინარის   დინების   ხმა   ახშობდა.   მე   არ   ვიცი   ასეთი  ბავშვის  გადარჩენა როგორ შეიძლებოდა,   მაგრამ    ფაქტი   იყო   სახეზე   და   ეს   ამბავი   მთელმა   სოფელმა იცოდა.  ჩვენი   მშობლები   იმ   ადამიანებსაც   იცნობდნენ,   ვინც   ამას   სჩადიოდა.  ჩვენ  და  ჩვენმა  ახლობლებმა  თავი  შევაფარეთ  ბორჯომის  ტყეებს.  ჩემმა ზოგიერთმა ბიძაშვილმა თავი  შეაფარა  წალკის რაიონის სოფელ  რეხას.  ეს  ამბები   ხალხს  ახსოვთ. სწორედ  ამიტომ არიან  მათი ჩამოსახლების წინააღმდეგი. ჩვენს სოფელში    ცხოვრება აუტანელი იყო მშვიდობიანობის დროსაც.  ჩვენი  მშობლებისგან ვიცოდით,    რომ   ყოველ ღამე სახლის ერდოდან უსმენდნენ ადამიანთა საუბრებს ოჯახებში. თუ  გაიგონებდნენ   ერთ  ქართულ  სიტყვასაც კი,  ამის გამოც ანადგურებდნენ  ოჯახებს.   ამიტომაც   არის,   რომ   უფროსი თაობის მოხუცები ერთმანეთთან თურქულად საუბრობენ.  არც    უნდა გაუკვირდეთ,   რომ   თურქეთში   მცხოვრები   ქართველები   ქართულად   ვეღარ   ლაპარაკობენ“.

  სალოცავში რომ ავედით, მოლოცვის შემდე ქალბატონი ლალი დამატარებდა ნასახლარებზე და იხსენებდა იმ ოჯახებს  და პიროვნებებს,  თუ   ვინ   სახლობდა   თითოეულ  ნასახლარში.   თან   შემატყო   ჩემი   უდიდესი   ინტერესი,   ამიტომ   ყველაფერს   გულიანად  მათვალიერებინებდა.  შევატყვე,  თვითონაც   თითქოს ყველაფერზე   გული   წყდებოდა და  თითქოს  ყველაფერს  ემშვიდობებოდა.  მითხრა  კიდევაც,  ჩემი  ასაკიდან  გამომდინარე, აქ ვერასოდეს ამოვალო. ერთ-ერთ ნასახლართან მისვლისას მითხრა,  ამ  ოჯახის  შვილი ჩემს   ქმართან ერთად იმყოფებოდა  ჯარშიო,   ძალიან   უყვარდათ   ერთმანეთი  და იყვნენ კარგი  მეგობრები.  ომის  შემდეგ   ის  დაბრუნდა  სოფელში,  მაგრამ  თავისიანები –  ყველანი  გადასახლებული დახვდა. თვითონაც წავიდა, გადაიკარა. გულდაწყვეტილი  წავიდა  აქედან – ნეტავ  ვისთვის  ვიბრძოდიო   იმ  ომში,  ან   ვის   და  რას  ვიცავდიო.    ქალბატონი  ლალის   მეუღლე მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვალოდ დაიკარგა. ამ   ხალხთან  გვქონდა  ძალიან   კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ „გაქცევების“ დროს რატომ იყვნენ ჩვენს   მიმართ   ასეთი    აგრესიულები,   არ    ვიცი.   ეს   პერიოდი   ძალიან   მძიმე   მოსაგონარია   დღემდე   სამცხე- ჯავახეთის   მოსახლეობაში.

 თურქებისგან გამოღწეულმა და გადარჩენილმა მოსახლეობამ გაქცევით უშველა თავს. თავი შეაფარეს ბორჯომის ხეობას და სოფელ რეხას. მოსახლეობის  უდიდესი ნაწილი  შიმშილით და სიცივით ამოწყდა  ბორჯომის  ხეობაში.  იქ  დღესაც  არის დახოცილთა  საფლავები. რეხაში გადმოხვეწილები ყველა ოჯახმა შეიფარა, გაუყვეს უკანასკნელი ლუკმა, ყოველგვარი საყვედურის გარეშე – ქრისტიანული  თმენითა   და  ქართული  სტუმართმოყვარეობით აცხოვრეს. იმ პერიოდში მხოლოდ პაპაჩემის – ვასიკო საბაძის ოჯახში  40-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა.   უზარმაზარ   ცხვრის  ფარეხში  და  საქონლის  სადგომებში   ოჯახებს  კუთხეები   ჰქონდათ   გამოყოფილი.  საცხოვრებელი  სახლისა   და  შინაური  ცხოველების სადგომის   ყველა   კუთხე   ლტოლვილებს   ჰქონდათ   დაკავებული.

 ბიძაჩემი –გიორგი საბაძე (1905 წელს დაბადებული) იხსენებდა, რომ ჩვენს სახლში ცხოვრობდნენ: მელიქიძეები სოფელ ტოლოშიდან, ფანჯაკიძეები სოფელ კოთელიიდან, ჯვარიძეები სოფელ ჭობარეთიდან, გვირჯიშვილები  სოფელ ჭობარეთიდან, ზედგინიძეები, ზარიძეები  სოფელ   კოთელიიდან,   მიქელაძეები სოფელ ქილდიდან,   თეთვაძეები   სოფელ   პტენიდან,  დევნოსაძეები   სოფელ  აფნიიდან,   მოსიძეები   სოფელ   აფნიიდან,    ნათენაძეები   სოფელ   გოგაშენიდან,  ლონდარიძეები   სოფელ   საროდან,  გვარამაძეები,  ასპანიძეები,  დავლაშერიძეები.  ზოგის  გვარები  არც  მახსოვსო.   რეხას   ყველა   მაცხოვრებელმა,  მდიდარი  იყო  თუ  ღარიბი,   შეიფარეს    დევნილთა    რამდენიმე   ოჯახი.

  ბატონი შოთა  ლომსაძე წიგნში „მესხები“ წერდა:  „ახალციხის    მაზრის   23   ქართული    სოფლიდან  დაურბეველი  დარჩა  მხოლოდ  4  სოფელი, რომელნიც   ახალციხის    ახლოს    მდებარეობენ. .  .  . დარბეული    სოფლები    საშინელ    სურათს   წარმოადგენენ.    სახლები  დანგრეული  და გადამწვარი,  მცხოვრებნი კლდეებსა  და  ტყეებში  გახიზნული.  დედამ    არ    იცის   სად    დატოვა   შვილი   და    შვილმა    არ    იცის    სად    არის     დედა“.

ბატონ  შოთა  ლომსაძეს   მოჰყავს   ციტატა   იმდროინდელი   გაზეთ   „ერთობიდან“:    „დამპყრობლებმა ყველგან გამართეს საშინელი  სასაკლაოები.    ჩადიოდნენ    ყოველგვარ    ძალადობას და  ხოცავდნენ  იმას,  რაც  ხელში  ჩაუვარდებოდათ. აღა მეჰმედ  ხანის შემდეგ საქართველოს ისტორიამ არ იცის ასეთი    აწიოკება  და     რბევა- განადგურება  მტერთაგან, რაც მიაყენეს ჯავახეთს“.  ასევე თავის  წიგნში  ბატონ  შოთა  ლომსაძეს    მოჰყავს    დეპეშის   შინაარსი, რომლითაც მთავრობას მიმართავს თრიალეთის  რაიონის კომისარი 1918 წლის 6   ივნისს “ახალქალაქის მაზრის ლტოლვილთა   ქართული    მოსახლეობის     ერთი    ნაწილი  უკვე წალკის რაიონის სოფელ რეხაში   ჩავიდა“.    7    ივნისს   კი   თვითონ    ლტოლვილები  ბაკურიანიდან მთავრობის სახელზე გაგზავნილი    დეპეშით   იუწყებოდნენ,    რომ    „მთელი    ახალქალაქის მაზრა, რომელთაც   ვეღარ    გაუძლეს    მუსლიმანთა    მოძალებას,    წავიდა    ბაკურიანისა  და  წალკის მიმართულებით   ცივ    სიმაღლეებისაკენ, ღია ცისა და წვიმის ქვეშ, რომ იქ გაჭირვებული ლტოლვილები  შიმშილისა  და  სიცივისაგან     იხოცებიან,    როგორც    ბუზები“.  ბატონ შოთა  ლომსაძეს   ასევე    მოჰყავს    ციტატა   გაზეთ   „ერთობიდან“,    სადაც    წერია: „წალკის ველზე და ბაკურიანის ტყეებში იღუპებოდნენ    უკანასკნელი    ქართველები,   უკანასკნელი ქართული სოფლებისა“,   რომელთაც    მთავრობა   ვერავითარ   ყურადღებას ვერ აქცევდა, იხოცებოდნენ  შიმშილისა,   სიცივისა    და    ავადმყოფობისაგან“.

 „ღია ცის ქვეშ მიტოვებულ ლტოლვილებში, რომელთა ბედზე არავინ ზრუნავდა,   ფართოდ   გავრცელდა  მძვინვარე  ხოლერა,   ისპანკა,  ტიფი და სხვა. მაშინ  ახალქალაქისა  და   ახალციხის  მაზრებიდან  სულ  100 000  ლტოლვილი  გამოვიდა“.  ბატონი  შოთა    ლომსაძე   ასევე  წერს,  რომ  1919  წლის   მეორე    ნახევრიდან    სამცხე- ჯავახეთმა    მიიღო    ნანატრი    მშვიდობა და  ლტოლვილები   მხოლოდ    მაშინ    დაბრუნდნენ    მიტოვებულ    სოფლებში.

მე ზუსტად არ ვიცი, თუ რამდენი წელი ცხოვრობდნენ  გადმოხვეწილები რეხაში. ზოგი ამბობდა 3 წელი,  ზოგი ამბობდა 1 წელი, მაგრამ ერთი ცხადია, რომ ცხოვრების მოკლე პერიოდში, ასეთი საშინელი ეპიდემია სოფელში ვერ გაჩნდებოდა. (დევნილმა მოსახლეობამ  რეხა  მხოლოდ  მაშინ   დატოვა,  როცა  გიორგი   მაზნიაშვილმა  თურქები  განდევნა სამცხე-ჯავახეთიდან 1919–1920 წლებში. რეხაში ლტოლვილების პირველი ნაკადი  1917 წლიდან გადმოსულა. მანამდე 1917 წელს  გამოქცეული  ხალხი  რეხაში   ცხოვრობდა). რეხას  სასაფლაო  გაივსო  უპატრონო  საფლავებით.  ეპიდემიას ემსხვერპლა  ბევრი  რეხის  მაცხოვრებელიც,  მაგრამ  რეხელები  დღესაც  სიამაყით  იხსენებენ,   რომ   დევნილი  მოსახლეობის  დაპურებითა  და  უსაფრთხო  თავშესაფრის  მიჩენით,   სოფელმა  დიდი  მადლი და სიკეთე  დაუტოვა   მომავალ  თაობას.  სხვათაშორის,  რეხაში   დღესაც  ლხინისა  თუ   ჭირის  სუფრაზე,   იხსენებენ  უპატრონო  მიცვალებულებს  და  მათ   საფლავებს.  იმასაც ამბობენ, სანამ რეხაში ერთი კომლიც კი იცხოვრებს, მათ საფლავებს უპატრონო საფლავები ვერ დაერქმევაო.  რეხელებს  ყოველ  აღდგომის   მეორე   დღეს ამოჰყავთ  სოფელში  რომელიმე   სასულიერო   პირი,   რომ   ახლობლების   საფლავებთან   ერთად   მათი   საფლავებიც  აკურთხებინონ.  ეს ისტორია  იცის  პატარა  ბავშვმაც კი სოფელ რეხაში.  1917–1920   წლის  გაქცევების   პერიოდს   რეხაში   უძახიან   „კახტაგანობას“.   მაშინ   ეპიდემიით   ერთდროულად გარდაცვლილებს  ერთ   სამარეში  მარხავდენენ    სოფლის   სასაფლაოზე. ეს   ადგილი  ამჟამად   მთლიანად   ბალახითაა   დაფარული. ლტოლვილთა  სასაფლაოს   მხოლოდ  ერთ სამარეზე ქვის ჯვარია  აღმართული .   ეტყობა,   იმდენად   ტრაგიკული   იყო   მთელი   ოჯახის   ამოწყვეტა   ეპიდემიისგან, რომ   სოფელმა   ქვის   ჯვარი   დაუდგა,   ზედ   გარდაცვლილი მცირეწლოვანი  ბავშვების  სახელების  მითითებით. ქვაზე  დასახელებულია  სახელები:  ივლიტა  –   6  წლის,    მარიამი –   13   წლის,    ლაზარე – 23   წლის.  სამწუხაროდ,   ყველაფერი    ვერ   წავიკითხე.

1

  რეხაში, ეპიდემიის  შედეგად  ერთ დღეს გარდაიცვალნენ თეოფილე საბაძე (18 წლის),  გრიგორი საბაძე (24 წლის) და კიდევ ახალგაზრდა ლტოლვილი ქალიშვილი (ისიც 18 წლის).   სამივე ერთად, ერთ  სამარეში დაასაფლავეს  რეხას სასაფლაოზე. მათ  საფლავს  ერთი  საერთო  ქვა  ადევთ.

2

6

გრიგორი  საბაძის  შთამომავლები  ყოველ  აღდგომის  მეორე  დღეს ამ  ქვაზე  შლიან   სააღდგომო   მოსაგონარ  სუფრას.   რეხაში  სულ  იგონებდნენ, რომ სამივემ ერთდროულად დალია სული. ისინი  სოფლის სხვადასხვა  უბანში  ცხოვრობდნენ. გრიგორი  ცხოვრობდა  სოფლის  ბოლოში,  თეოფილე  ცხოვრობდა  სოფლის  დასაწყისში, ხოლო  გადმოხვეწილი  ქალიშვილი –  შუა  სოფელში.  გრიგორი საბაძეს   ორი   მცირეწლოვანი   შვილი   ჰყოლია –  გერმანე  და  ელისაბედი.   სიკვდილის  წინ  იგი   თურმე  ბოდავდა – მე და დევნილი გოგონა  (იმ გოგონას  სახელი  და  გვარი  არც  იცოდნენ)   ჯვარს ვიწერთო და მეჯვარედ მოგვყვება  თეოფილე  საბაძეო.    ამ   სევდიან  ამბავს  ბავშვობიდან,   ჩემი   მოხუცი   ნათესავებისა და მეზობლებისგან,   თითქმის   ყოველ  დღე   ვისმენდი.

7

თეოფილე საბაძე

გრიგორი  საბაძის  ფოტო  ვერ  მოვიძიეთ.  ლტოლვილი ქალიშვილის  სახელი  და  გვარი  თავის დროზეც  არ  იცოდნენ. შემორჩენილია მხოლოდ თეოფილეს ფოტო.

მამაჩემი და ბიძაჩემი, როცა დიდი გულისტკივილით იხსენებდნენ უფროს ძმას – თეოფილეს (ბიძაჩემი დაბადებული იყო 1905 წელს, ამიტომ ყველაფერი ახსოვდა, მამაჩემი დაბადებულა თეოფილეს გარდაცვალებიდან  4 წლის შემდეგ) ყოველთვის ხაზს უსმევდნენ, რომ სოფელში დატრიალებული დიდი უბედურების მიუხედავად, ერთი სასაყვედურო სიტყვა არ თქმულა  ლტოლვილების მისამართით, რომ მიზეზი მათი ახლობლების გარდაცვალებისა ისინი იყვნენ. ისინი მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ,  რომ სოფელმა თავისი დიდსულოვნებით დიდი მადლი დაუტოვა მომავალ თაობებს. ამისი ყველაზე ღირსეული მაგალითი იყო ჩვენი ოჯახის  საქციელი, რაც მხედველობიდან არ გამოეპარა დიდ  ქართველ მწერალს, ბატონ ლევან  გოთუას. კიდევ უფრო სამწუხარო ფაქტი ისაა,  რომ კლასიკოსი მწერლის  ეს ნაწარმოები დღემდე გამოუქვეყნებელია.

  1918 წელს მარკოზ პავლეს ძე საბაძეს ოჯახში ეპიდემიისგან ორი  შვილიშვილი გარდაეცვალა – ვლადიმერ მარკოზის ძე საბაძის და  ოლია  ივანეს ასული ვახტანგიშვილის პირველი შვილი  და  ასევე  ვასილ მარკოზის ძე საბაძის  და მაიკო  დიმიტრის  ასული ვახტანგიშვილის ასევე უფროსი  ვაჟიშვილი – თეოფილე. იმის გამო,  რომ  ვლადიმერის  ქალიშვილი 2-3 წლის ყოფილა,  მას თითქმის მომავალში  არც არავინ  ახსენებდა. ლაპარაკობდნენ მხოლოდ  თეოფილეზე, მის ნიჭიერებაზე  და განსწავლულობაზე, რომელიც 18 წლისა  დაიღუპა. დღესაც უფროსი თაობა მას დიდი გულისტკივილით  იხსენიებს. (შემდგომში ჩემს  მიერ  საქართველოს  ისტორიულ არქივში მოძიებული საეკლესიო ჩანაწერებიდან გავარკვიე, რომ ვლადიმერს და ოლიას ჰყოლიათ 1916 წელს დაბადებული უფროსი  ქალიშვილი  ბარბარე- ნინო,  რომელიც  ემსხვერპლა  ეპიდემიას).

  ამ ტრაგიკული  მოვლენების  შემდეგ, ყველას  ეგონა რომ  მარკოზ  საბაძის  ოჯახში, სადაც 50-მდე ლტოლვილი  ოჯახი  ცხოვრობდა, ლტოლვილების  მიმართ  განწყობილება  შეიცვლებოდა. ამ  დროს  მოხდა  პირიქით – ოჯახმა  ყველაზე ღირსეული, ქრისტიანული  ნაბიჯი გადადგა, რასაც ყოველთვის იხსენებდნენ ჩემი მშობლები და ახლობლები.  როდესაც ლტოლვილები  უკან  დაბრუნდნენ, ერთი  ოჯახი,  რომელიც ჩვენს  ოჯახს  აფარებდა  თავს,  მთლიანად განადგურდა  ეპიდემიისგან. გადარჩა  დაუძლურებული,  დასნეულებული  დედა  და  მისი  სულიერად  ავადმყოფი  მცირეწლოვანი შვილი თევდორე.  ფაქტიურად  ისინი იყვნენ  განწირული.  ამიტომ  პაპაჩემმა  ისინი იშვილა  და  თავის  სამოსახლოში  გამოუყო საცხოვრებელი.  რეხაში დღემდე  იხსენებენ  საბოანთ  გიჟ  თევდორეს,  რომელიც  სიცოცხლის  ბოლომდე  ნახირში  დადიოდა.

 

***

რეხელების ბრძოლა ქართული ენისა  და მართლმადიდებლობის შენარჩუნებისთვის

   საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სოფლის მოსახლეობამ  მიმართა  საქართველოს   კათოლიკოს  პატრიარქს,   რომ   სიმონოვი  განედევნათ  სოფლიდან  და  სოფელში გამოეგზავნათ ქართველი   მღვდელი,   რომელიც   სოფლის   ეკლესიაში  წირვა- ლოცვას ქართულად აღასრულებდა. თან წალკის რაიონში არც  ერთი   ქართულის  მცოდნე  მღვდელი არ იყო, ამიტომ იძულებული იყვნენ აღსარება  თათრულ  ენაზე  ჩაებარებინათ. ეს  თხოვნა ძალიან მალე შეუსრულა მრევლს დამოუკიდებელი საქართველოს   საპატრიარქომ   და  სოფელ   რეხაში   გამოგზავნა  ქართველი   მღვდელი   გიორგი   დარჩია.

    სოფელ  რეხის  მოსახლეობის გამუდმებული  თხოვნა რომ  ყოფილა  სოფელში  ქართველი  მღვდელი  გამოეგზვნათ  –  ამას  ადასტურებს  ჩემს  მიერ  2014  წლის  3 ივლისს  საპატრიარქოს  არქივში   აღმოჩენილი  მასალა.   ემოციის   გარეშე  ვერ   ვკითხულობდი  ამ   მასალასაც.    საპატრიარქოს  არქივში  დაცული   მასალებიდან   ირკვევა,   რომ   სოფელ   რეხას   მოსახლეობას 1920 წლის   7   მარტს   მოუწვევიათ სოფლის   კრება,   კრებას  რწმუნებულად  აურჩევია ალექსანდრე  საბაძე  და  ვლადიმერ  ოსოვი.  დოკუმენტში  ნახსენები   ვლადიმერ  ოსოვი  არის  სამაჩაბლოდან  მე-19  საუკუნეში  რეხაში  შემოსახლებული  ოსიაშვილის  შთამომავალი.  ისინი  1921  წლიდან  გადასახლდნენ   სოფელ  ხოსპიოში  და  იწერებიან   ოსიძეებად.  ვლადიმერ  ოსოვის მამა  თეოდორე მე-19  საუკუნის  დასასრულს  რეხიდან  გადასულა  ქალაქ  ყარსში,  იქ  აუშენებია  დიდი  სახლი  და  იქვე  დასახლებულა. თეოდორე ოსოვის შვილს ვლადიმერს მიღებული ჰქონია შესანიშნავი  რუსული  განათლება.  როდესაც ყარსში  იდგა რუსის ჯარი, მაშინ თურმე თეოდორე ოსოვი ყოფილა მთავარი მომმარაგებელი ამ საჯარისო ნაწილების.  იგი იბრძოდა  პირველ   მსოფლიო  ომში.  ომის  დასრულების  შემდეგ, ოჯახი  ისევ  დაბრუნებულა   რეხაში,  რეხიდან კი გადასულან  სოფელ  ხოსპიოში.

 

3

          გ   ა   ნ   ა   ჩ   ე   ნ   ი

                 1920   წელს   მარტის    7 – სა    დღესა

  ჩვენ,  სოფელ  რეხაში  მცხოვრებლები   91  კომლი,   შევიკრიბენით  რა   სასოფლო   კრებაზედ,  ერთ  ხმად  აღმოვირჩიეთ  ჩვენ   შორის    რწმუნებულად   ალექსანდრე   საბაძე   და  ვლადიმერ  ოსოვი,  რომელთაც მივანდეთ აღძრან   სადაც   ჯერ   არს  შუამდგომლობა   მღვდელი სიმონიდის  ჩვენი  სამრევლოდან  გაძევების  შესახებ,  რომელიც  როგორც ანგარი,  განხრწნილი  ადამიანი,  მთავრობის  ძველი  განკარგულებით 1919 წელს 10   მაისს  მთლად  უნდა  გაძევებული  ყოფილიყო  სოფელ  რეხიდან და ხელმეორედ   მთავრობის განკარგულებით 1919 წელს ქრისტეშობისთვის რიცხვებიდან ყოფილიყო შვიდი   დღე რეხაში, მარტო რეხაში  კი   არა  და   ბორჩალოს   მაზრიდანაც   მთლად   გაძევებული  ყოფილიყო,   მაგრამ   იგი  დღეს   მას   აქეთია   მეოთხე  თვეა  კიდევ  რეხაშია,   თავისით   არ ეთმობა. მთელი  სოფელი  აირ- დაირია.  ხალხთა  შორის  სხვა   ათასნაირ   ანარხიას და  პრავაკაცობას  ეწევა  თავრობის  წინააღმდეგ.  უსათუოდ  ჩვენ   ხალხთა   შორის   ერთი    დიდი  უბედურებას  მოახდენს,  ეს  სიმონიდი   ისეთი   ბოროტი   ჩვეულების   კაცია.

ამაზედ  ჩვენ კრებული მუხლმოდრეკით  გიღაღადებთ   და   გთხოვთ   ჩვენ   სრულიად   საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომა დაუყოვნებლივ მოახდინოთ განკარგულება და მოგვაშოროთ  თავიდან  სიმონიდი,  ჩვენი მუნი და   ჭირი.

 გეხვეწებით  და  გამოგვიგზავნოთ  ჩვენ  რეხაში   ქართველი   მღვდელი,   თუ   იშოებოდეს,    საჩქაროდ  დანიშნოთ  .  .  .    მონასტერის  მღ.  მონაზონი  ბერი  ამბროსი,  ამ   წმინდა  დიდ – მარხვაში   ჩვენი   ქრისტიანი   ხალხი   არ   დავჩეთ   უზიარებელი  და   წმინდა   ბედნიერ   დღესასწაულებში   უწირვოდ.   რაზედაც    ხელს   ვაწერთ   სოფლის   კრებული.

1

   ამ წერილის მიღების   შემდეგ  საქართველოს   საპატრიარქომ   მიიღო   გადაწყვეტილება,   რომ   სოფელ   რეხაში   გამოეგზავნათ   ქართველი   მღვდელი –  ბერ – მონაზონი    გიორგი (დარჩია),   რომელსაც   ხელი   მოაწერა   კათოლიკოს   პატრიარქმა   ამბროსი   ხელაიამ.   ბრძანება   დაიწერა  1920   წლის   11   ივნისს.   ეს  ბრძანებაც  იქვეა   საარქივო    მასალებში.

       უმძიმესი   ვითარება   იყო    რეხაში,    როცა   მე-20   საუკუნის  20-იანი  წლების დასაწყისში,  დამოუკიდებელი  საქართველოს  არსებობის  პერიოდში,  სოფლის   მიქაელ  და  გაბრიელ  მთავარანგელოზების  სახელობის   ეკლესია  ჩაიბარეს  მღვდელმა    გიორგი  დარჩიამ    და    მედავითნე    ალექსანდრე   საბაძემ.

     ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ორი   პატრიოტი  პიროვნების  ერთობლივი   მოღვაწეობა   სოფელ რეხას მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიაში. იმდენად  მადლიანი და ერთგული მსახური იყო ეკლესიის მამა  გიორგი,  რომ   მეზობელი  ბერძნული  სოფლებიდანაც  ამოდიოდა   მოსახლეობა  რეხაში   წირვაზე   დასასწრებად.  მამა   გიორგი  ცდილობდა, რომ ბერძენი მოსახლეობისათვის მშობლიური ბერძნული ენა და  ბერძნულად   ლოცვა  ესწავლებინა. ძალიან  გაძლიერდა  მრევლი ქართული ენისა და  საღვთო  რჯულის  კარგი  სწავლებით.   მიუხედავად  იმისა,   რომ  მამა  გიორგის   მოღვაწეობას  რეხაში  დიდ  სირთულეს უქმნიდა სიმონოვი და  ბოლშევიკური ხელისუფლება,  მისგან მიღებული  ცოდნა დიდი ხნის მანძილზე გამოყვა რეხას მაცხოვრებლებს და მიმდებარე სოფლების ბერძნულ მოსახლეობას ათეისტური ხანის დამკვიდრების   შემდეგაც.

    სიმონოვი, რომელიც აგრძელებდა რეხაში თავის მოღვაწეობას,   მალევე   მამა   გიორგის დაუპირისპირდა. მას უნდოდა,  რომ    ათასნაირი   ცილიმწამებლური   მეთოდებით მრევლი დაეპირისპირებინა სულიერ მოძღვარს. იგი ყველა მეთოდით  ებრძოდა   მამა   გიორგის,   მამა  გიორგის  კი   სიცოცხლის   ფასად   იცავდა   ალექსანდრე  საბაძე.  რეხაში  დღესაც   კი    იხსენებენ, რომ ალექსანდრემ მამა გიორგი რამდენჯერმე სიკვდილს გადაარჩინაო. სიმონოვი  არაფრით  არ ეშვებოდა  მამა   გიორგის,   ამიტომ   ალექსანდრე   მას  ფიზიკურად   დაუპირისპირდა.  ამ ეპიზოდს ასე ხსნიდა მამაჩემი და მგონი მართალიც იყო:  ალექსანდრე  საბაძემ, მედავითნემ, როგორც  ამავე   დროს   დამოუკიდებელი  საქართველოს   გვარდიის   ოფიცერმა,   კარგად   მიუხვდა  სიმონოვის  ხრიკებს, რომელსაც  სურდა  მრევლი   დაეპირისპირებინა მამა  გიორგისთვის. მან კარგად იცოდა, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის  შემდეგ  ბოლშევიკური ხელისუფლება დღეს თუ  ხვალ წითელი არმიის  წინააღმდეგ ბრძოლას არ აპატიებდა, ამიტომ ინსპირირებული დაპირისპირება მამა  გიორგი  დარჩიასა და მრევლს შორის პირად დაპირისპირებაში გადაიტანა თავისთავსა და სიმონოვს   შორის. სიმონოვის ამდენი მცდელობის მიუხედავად, სოფლის ეკლესიაში წირვა-ლოცვას მაინც ქართულად აღასრულებდნენ მამა გიორგი დარჩია და ალექსანდრე საბაძე. იმ დროიდან, რაც ალექსანდრე  ფიზიკურად  დაუპირისპირდა   სიმონოვს, სიმონოვის მრავალგზის ჩივილების გამო, თავისი შეურიგებლობით და შეუწყნარებლობით „სასულიერო პირის“ – სიმონოვის მიმართ,   ის  მიუღებელი აღმოჩნდა სამღვდელოებაშიც და საერო ცხოვრებაშიც, ვინაიდან იგი ამავე დროს, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრთან დაახლოებული პირიც  იყო.

       როდესაც  სოფელ  რეხაში ასეთი დაპირისპერება  იყო  სოფლის  მაცხოვრებლებს  შორის,  მაშინ  რეხა  ეკუთვნოდა  გორის  მაზრას. სოფელს  სავაჭრო  ურთიერთობები  ჰქონდა  ქალაქ  გორთან და მის  მიმდებარე  სოფლებთან. უგზოობის  გამო,  ეს  ურთიერთობებიც  მხოლოდ  ზაფხულობით  იყო  შესაძლებელი.  სოფელი,  რომ  მოეწყვიტათ  ქართული  გარემოსთვის,  ადგილობრივმა  მცირერიცხოვანმა  სიმონოვის  მომხრეებმა  მიმართეს  საქართველოს  მთავრობას და  მოითხოვეს  მიერთება  წალკის  რაიონთან,  სადაც  საურთიერთობო  ენა  იყო  მხოლოდ  თურქული  და  სომხური,  ხოლო  საქმის  წარმოება  ხდებოდა  რუსულად. ამას   აუცილებლად  მოყვებოდა სოფლის  მოწყვეტა  ქართული  გარემოდან.  როგორც  რეხელებისგან  გადმოცემით  ვიცოდი,  სწორედ  მაშინ  გადაწყდა  რეხიდან  ქალაქ  გორამდე  გზის  გაყვანა,  რომელსაც  ზეზმანის  გზას  უძახდნენ,  ვინაიდან  არქიტექტორი  ყოფილა  გერმანელი  ზეზმანი.  მიუხედავად  ჩატარებული  დიდი  სამუშაოებისა, შეაჩერეს  გზის  მშენებლობა  და  რეხა  მიუერთეს  მცირე  ხანი  ბორჯომის  რაიონს.  ეს  გააპროტესტეს  სიმონოვის  მომხრეებმა  და  წერილი  აფრინეს  ხელისუფლების  სახელზე,  რომ  ბორჯომის  რაიონთან  მიერთება  მათ  დედა  ენას (თურქულს) დააკარგვინებდა,   ამიტომ  სოფელი  რეხა  ძალიან  მალე  მოწყვიტეს  ბორჯომის  რაიონს  და  შეუერთეს  წალკის  რაიონს.    ამან სოფელში შფოთი, დაპირისპირება და აჯანყება   გამოიწვია.    სწორედ  მაშინ  შედგა  „შავი სიები“.  რამოდენიმე   ათეული    პიროვნება   დააპატიმრეს   და   მილიციამ ძალის გამოყენებით ჩაახშო სიტუაცია სოფელში. ძალიან   აქტიური   წინააღმდეგი   ამ პროცესის ყოფილან სწორედ  საბაძეები. სწორედ მაშინ  დააპატიმრეს  იობ   სოლომონის  ძე  საბაძეც. სოფელში  ხალხის დასაშინებლად გახშირდა ქურდობა და   ყაჩაღობა.  არ  ვიცი   ეს ყველაფერი იყო  თუ   არა  ინსპირირებული,   ფაქტი   ის  არის,   რომ   ძირითადად   იმათ   ოჯახებს ესხმოდნენ თავს,  ვინც   რეჟიმს   არ   ემორჩილებოდა.   ამის  დამადასტურებელია  ჩემს   მიერ  1976  წელს  შესრულებული   ჩანაწერი  იობ   სოლომონის   ძე   საბაძის  გარდაცვალების წლისთავზე,   როცა   ჩამოსულები   იყვნენ   რეხაში  მისი   დის –  სალომეს   შვილები – ავთო და ვაჟა მეტრეველები  ბოლნისიდან  (ისინი  კოთელიიდან გადასახლდნენ  ბოლნისში). ამ ყველაფერს დედაჩემი ირინე მათ უყვებოდა, მე კიდევ ქაღალდზე გადავიტანე ყველაფერი. მე მეგონა  დედაჩემი   ცდებოდა,   როცა   ამბობდა  მაშინ  მამაჩემი   დაპატიმრებული  იყოო.   მე   ამას   1937   წელს   ვუკავშირებდი.   იმიტომ   რომ   1937   წელს   დედაჩემი (1927 წელს დაბადებული) ვერ იქნებოდა 3 – 4  წლის.  მისი  ნაამბობის     ჩანაწერი   შენახული   მქონდა.

    ირინე  იობის   ასული   საბაძე (1976  წლის  ჩანაწერი):   „3–4  წლის   ვიყავი,   როცა  მამაჩემი იობი დააპატიმრეს. იმ პერიოდში სოფელში  იყო   დიდი  შფოთი   და  არეულობა.  ხალხს არ უნდოდა წალკის რაიონთან მიერთება,  ვინაიდან ამ  რაიონში    ქართული არავინ  იცოდა, ჩვენს სოფელს კი უნდოდა ურთიერთობა ქართულ გარემოსთან. ყოველ ღამე ოჯახებს თავს ესხმოდნენ და აყაჩაღებდნენ, ამიტომ თვითონ სოფლელებმა გადაწყვიტეს   ეზრუნათ   სოფელზე,   ვინაიდან   ვისაც    ევალებოდა   სოფლის   დაცვა,   ისინი    არაფერს   აკეთებდნენ.  ღამით თვითონ სოფლელები რიგ-რიგობით დარაჯობდნენ სოფელს.  რადგან   მამაჩემი დაპატიმრებული  იყო,   ერთ   ღამესაც   ჩვენს   ოჯახს   თავს   დაესხნენ   ყაჩაღები.   ჩვენთან ცხოვრობდა ბიძაჩემი თომა და  ბებიაჩემი    ეფემია.  ჩვენი   სახლი   იდგა   სოფლის   განაპირას, სასაფლაოსთან,  ამიტომ  ჩვენი  ოჯახის დაყაჩაღება  შედარებით   ადვილი   იყო.    ჩვენ მიწურ  სახლში  ვცხოვრობდით.  ყველას  ჰქონდა ძველი ოდები, ხოლო   იქვე  ახლოს   შინაური ცხოველების  სადგომები. ყველა  კარი   ჩარაზული გვქონდა.    უცებ   ყაჩაღებმა    დაიწყეს კარების მტვრევა. შეშინებული ბავშვები ზოგი  სად  იმალებოდა  და  ზოგი სად. ისინი   ძალიან დაუნდობლები იყვნენ, შეეძლოთ  ყველა   ამოეხოცათ.   დედაჩემის      საზრიანობამ    იხსნა  ოჯახი.  მან   უცებ    სკივრიდან   ამოიღო   თავისი    ქორწილის   კაბა,   მოასხა    ნავთი,    წამოაცვა  ორთითზე,  წაუკიდა  ცეცხლი  და    გამოყო  ერდოდან.  მოცვივდნენ  ყაჩაღები და   ემუქრებოდნენ – გესვრითო.  ამ  დროს  მე მივუვარდი დედას, ჩავეჭიდე  მის  კალთას,  განწირული ვტიროდი  და  აქეთ ვექაჩებოდი, რომ დედა არ მოეკლათ.  ამასობაში    ცეცხლი   დაინახეს ყარაულებმა და მოცვივდნენ ჩვენთან. შემდეგ ყაჩაღები სიმთვრალეში   თვითონვე   გამოტყდნენ,   რომ    აპირებდნენ   დედაჩემის    მოკვლას,   მაგრამ   განწირული   ბავშვის   ტირილმა  შეგვაჩერაო. ასე  იხსნა   ოჯახი დედაჩემის  თავგანწირვამ   და   საზრიანობამ. ამ  ამბავს  დღესაც  იხსენებენ   რეხაში“.

    ასეთი  წინააღმდეგობის მიუხედავად, სოფელი მოწყვიტეს ქართგარემოს და   მიუერთეს   წალკის  რაიონს,  შეიქმნა  სიტრუაცია,    როცა   ქართულის   ცოდნა   საჭირო არ ხდებოდა. ამიტომაც არის,   რომ   სოფელში   თურქულ –   ქართული   ლაპარაკი   დღემდე ისმის. თითქმის   ქმნიდნენ   ყველა   პირობას   იმისათვის,   რომ   ხალხს   მასიურად   დაეტოვა სოფელი ან  სკოლა  გადაექციათ  რუსულ  სკოლად.  ღვთის  წყალობით  ამას ვერ   ეღირსნენ.

    როგორც კი რეხა მიუერთეს წალკის რაიონს,  იხელთეს    დრო    მეზობელმა   სოფლებმა –  ავრანლოს   და   ხანდოს   ბერძნულმა   მოსახლეობამ,   ასევე  სოფელ  ყიზილ-ქილისის  სომხურმა  მოსახლეობამ.   მოითხოვეს   რეხას   მიწების  მიტაცება    და    ხელში    ჩაგდება.   ფაქტიურად ისე  მოხდა, რომ მთელი რაიონი ფიზიკურად დაუპირისპირდა  ერთ  სოფელს.   ფიზიკურ  დაპირისპირებას  რამდენიმე  რეხელის სიცოცხლეც შეეწირა. (მათ   შორის   ერთი   ყარაგოზაშვილი  ყოფილა. ამის  გამოც  ეს გვარი მთლიანად გადასახლდა რეხიდან. ასევე  ღვინიაშვილები გადასახლდნენ კახეთში.  დღეს   რეხაში ყარაგვეზაშვილები  უკვე  აღარ   ცხოვრობენ). სწორედ  ამ  დროს ბიძაჩემი გიორგი,  3-თვიან   ჯარში   იმყოფებოპდა   ქალაქ   გორში.  იგი 3   დღით   თავის   იარაღიანად   გამოუშვეს   ჯარიდან.   სოფელში    მოსულმა   გიორგიმ    ამ  დაპირისპირებაში   ამოყო   თავი.  იგი   რამდენიმე   რეხელმა  ქალმა   ძლივს  დააკავა   –  შენ  იარაღით  ხარ,  ეს მოწყობილი  ამბავია   და   არ   გაბედო   იქ   წასვლაო.   ამის   შემდეგ    რეხაში 50 კაცი  დააპატიმრეს. კიდევ  უფრო  გაგრძელდა „შავი  სიები“. დააპატიმრეს ვასიკო    საბაძის ორივე   შვილი  –  გიორგი   და   ილია.   ვასიკო   საბაძეს   კიდევ    ერთხელ   მოუხდა   ფილიპე მახარაძესთან  ჩასვლა.   მართალია,   ძალიან    მალე   ყველანი   გაათავისუფლეს,   მაგრამ რეხას სამუდამოდ ჩამოართვეს თავისი ტერიტორიები. ამ ტერიტორიებში შედიოდა საბიდახჩიც (საპიტიახშო), სადაც მდებარეობდა თომა საბაძის აღმოჩენილი    სამლოცველო.

    ვასიკო  საბაძის  შვილები – გიორგი და  ილია  ციხიდან მარტონი გამოუშვეს, შუა   ღამისას.  მათ  წალკაში ნაცნობი არავინ  ჰყავდათ. იყო ძლიერი  ყინვა.   გაახსენდათ,   რომ    წალკაში   ნიკოლოზ სიმონოვის ოჯახი ცხოვრობდა. მისი ქალიშვილი ლიზა იყო ზაქარია  ვახტანგიშვილის მეუღლე,  ზაქარია  კი   მათი    ბიძა   იყო –   დედის   ბიძაშვილი.

    სწორედაც,   რომ    იყო    ბედის   ირონია   –   ჯერ    წაგგლეჯენ,    დაგკორტნიან,   სულში   გაფურთხებენ   და   მერე  კი   მფარველ    ანგელოზად    მოგევლინებიან   და   მადლობასაც   გათქმევინებენ.   მთელ   რეხას    მოედო    ამბავი,   რომ   ვასიკო   საბაძის    დამშეული,   დატილიანებული   შვილები –   გიორგი   და   ილია,   მიიღო   სიმონოვის   ოჯახმა –  დაბანა,   დაასუფთავა,   დააპურა  და  მშვიდობიანად    გამოისტუმრა    რეხაში.    ეს    ამბავი   ზუსტად   2014   წელს   მომიყვა   რამდენიმე    რეხელმა.    სწორედაც, რომ ერთიანი საქართველოს  სახეა პატარა  რეხა   ამ    ყველასგან   მივიწყებულ    ტერიტორიაზე.

 

***

ალექსანდრე   საბაძე – ქვეყნისა და   ეკლესიის   ერთგული  მსახური

  როცა  რეხელები  მიყვებოდნენ ალექსანდრე  საბაძის   ღირსებებზე  და  დამსახურებაზე –  ყველა  ეროვნული  საქმის  ავტორი  სანდრო პაპა  იყოო,   ასევე როცა მიყვებოდნენ „ზეზმანის გზის“  შესახებ,  რომელსაც  ქალაქი გორი  რეხასთან  უნდა  დაეკავშირებინა,   ცხადია   არავინ  დღემდე  არ  იცოდა,   რომ   ამ  მართლა   ეროვნული  საქმის   ავტორი   ასევე  ალექსანდრე  საბაძე  ყოფილა.

    როცა  გორის  არქივში  ვეძებდი  მასალებს  სოფელ   რეხაზე,   ერთმა  დოკუმენტმა,   შეხედვისთანავე  ბავშვივით  ამატირა –  ხელწერა  ვიცანი.  ხელწერა  იგივე  იყო,   რაც  ისტორიულ  არქივში  ვნახე  სოფელ  რეხის  საეკლესიო  ჩანაწერებში,   ასევე   კასპის  რაიონის   სოფელ  ხოვლეს  საეკლესიო  ჩანაწერებში,  სადაც  ალექსანდრე  საბაძე   მედავითნედ   მუშაობდა.   ასეთივე   ხელწერის   იყო   ასევე  საქართველოს  საპატრიარქოს  არქივში  არსებული   დოკუმენტიც.   სწორედ   ამიტომ   მინდა  გორის  არქივში  არსებული  დოკუმენტის კოპირებული ასლიც და  მისი   შინაარციც  აქვე  განვათავსო.  მინდა  აღვნიშნო, რომ  არქივში,  დოკუმენტის წინა  რამდენიმე ფურცელი   იყო  ამოხეული.  თვითონ  არქივის  თანამშრომლებსაც  გაუკვირდათ – ნეტავ  როდის  და  ვინ  ამოხია  ეს  ფურცლებიო.

 „ ო  ქ  მ  ი   N 0  30

 1923   წელი   ივლისის  17   დღესა

  სოფ.   ატენი

   ჩვენ   ქვემორე   ამის   ხელისმომწერნი  წარმომადგენელნი  სოფლებისა  მდებარე  ატენის  ხეობაზე  ს. ს.   ატენის,   ბობნევის,   ბიისის,   ორმოცის,   ზემო  ბოშურის,   ქვემო   ბოშურის,   ფეტვისხევის, ტუსრების, ყველაანთუბნის,   თავხეობისა  და  აგრეთვე  წალკაზე   გაგზავნილი  წარმომადგენელი  ატენის  თემიდან   ამ   საქმის   შესახებ –  გავითვალისწინეთ  რა  გზების   საზოგადო   მნიშვნელობა    და  კერძოთ   გზის  გაყვანა   ატენის  ხეობაზე,   რომელიც   შეაერთებს  მჭიდროდ  მთელ  წალკის, ატენის ხეობას და   სხვა  რაიონებს   ქ.   გორთან   და   რომ დღევანდელი  გზის  უქონლობა  აუტანელ  და  გაჭირვებულ  მდგომარეობაში   აყენებს  მცხოვრებთ  –   ამისათვის   ვადგენთ:   გაყვანილ  იქნას   გზა  ქ.   გორიდან  ატენის   ხეობაზე  წალკამდის,რისთვისაც ჩვენ თავს  მოვალედ  გავხდით,  გამოვიდეთ  საჭირო სამუშაოზედ და  ვთხოვთ  მთავრობას,  რომ  მოგვაწოდოს  საჭირო  ტექნიკური  ძალები  და სამუშაო იარაღი,  რაზედაც   ხელს  ვაწერთ:  ტატო  ქერდიყოშვილი,  გიო   ჭიღლაძე,   ლოთეშვილი,   ფილო  პავლიაშვილი   –  რადგანაც    მათ   წერა   არ   იციან,  მათი  თხოვნით   ხელს   ვაწერ  სამადაშვილი, ივანე  ყველაშვილი,  ბესო  ჯიოშვილი,  გიო   ჭიღლაძე,  ნიკო  წერეთაშვილი,   დათიკო  ქერდიყოშვილი,   ამათი   უწერილობის  გამო   და   თხოვნით    ხელს  ვაწერ   ეპ.  სიამიშვილი,  ივანე  ფილიშვილი,  ქიტო  მაყიშვილი, მათი  თხოვნით  და უწერილობის  გამო   ხელს  ვაწერ  დათა   ლოცულაშვილი,   მიხა   თოფჩიშვილი,   მიხა  ქოქაშვილი,  კოტე  თინიკაშვილი,   კოტე   ბუთხუზი,  ლევანა   ვანიშვილი,  ამათი   უწერილობისა   გამო     და  თხოვნით   ხელს   ვაწერთ  კოლა   ლოცულაშვილი,  სიკო   შავდათუაშვილი,  ამისა  უწერილობის   გამო   ხელს  ვაწერ  ი.   წიქარიძე,   ზურა  შუღლიაშვილი,  შიო   გუცაშვილი. “

                     დედნის   სისწორეს   ადასტურებს

                             მდივანი ( ხელმოწერაა )

    ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ გორისა და  მისი   მიდამოების  ადგილობრივი   კომიტეტი   მიმართავს „გორისა და მისი რაიონის  აღმადგენელი   მთავარი   კომიტეტის  თავმჯდომარეს   ამხ.   ავაკოვს

     მიმართვაში   აღწერილია   ამ  გზის   მშენებლობის   აუცილებლობა   და  ა. შ.“

           გორის   არქივი,  ფონდი  1 ,  საქმე  125.

 მიუხედავად  შესრულებული  სამუშაოების  მასშტაბისა,  მაინც  შეაჩერეს  ამ გზის  მშენებლობა  და  სოფელი  რეხა  აგრძელებდა  ინერციით  სვლას  ქართული  ცნობიერების  შენარჩუნებით  ადგილობრივი  პატრიოტი  თანასოფლელების  დიდი  მცდელობით.

    როცა  გაჩნდა  იმის   საშიშროება,  რომ   თურქეთის   ხელში მთელი   სამცხე-ჯავახეთის და   აჭარის ტერიტორია შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ალექსანდრე  საბაძე  მაშინვე  გაეშურა გენერალ მაზნიაშვილთან, რათა მონაწილეობა მიეღო დაკარგული  ტერიტორიების  დაბრუნებაში. რეხელების  უმრავლესობისათვის, სამცხე-ჯავახეთის მოწყვეტა საქართველოდან, ნიშნავდა დედულეთთან მოწყვეტას,    ვინაიდან უმრავლესობას დედა სამცხე-ჯავახეთიდან   ჰყავდა. რეხაში  დიდი  ხნის  მანძილზე  რძალი  მხოლოდ  სამცხე-ჯავახეთიდან   მოყავდათ.   ასე  ინარჩუნებდნენ  რეხელები   თვითმყოფადობას.  ახალქალაქის  განთავისუფლების   შემდეგ,  ალექსანდრე   ისევ   დაუბრუნდა  რეხას  და   აგრძელებდა  მედავითნედ  მუშაობას   მამა   გიორგისთან  ერთად.  როგორც  კი   მოხდა  საქართველოს  ოკუპაცია  ბოლშევიკების   მიერ,  გათამამებული   სიმონოვი  გახდა   ყველა იმ ბოროტების მიზეზი, რაც თავს დაატყდა  ალექსანდრე  საბაძეს   და   მის   ოჯახს.   სანდრო   საბაძემ  თავის თავზე  აიღო  მთელი მოსალოდნელი  დაპირისპირება  და საბოლოოდ   წავიდა   სოფლიდან.

     მღვდელი  გიორგი დარჩია  დარჩა  რეხაში  ხოლო  ალექსანდრე საბაძე  იბრძოდა გენერალ მაზნიაშვილთან დაკარგული  ტერიტორიების განთავისუფლებისთვის. ალექსანდრე საბაძე, გარდა  იმისა,  რომ  ჰქონდა   სასულიერო  განათლება,  ჰქონდა  ამავე  დროს სამხედრო წოდებაც. ამაზე ხშირად  ლაპარაკობდა  სოფელ რეხას  სკოლის   დირექტორი  იაკობ (იაშა)  საბაძეც. იაშა მასწავლებელს სოფელში   დიდი   ავტორიტეტი   ჰქონდა.   მას   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   მექანიკა-მათემატიკის  ფაკულტეტი  ჰქონდა   დამთავრებული.  უნივერსიტეტის  დამთავრების   შემდეგ  დაუბრუნდა   თავის  სოფელს   და   სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა თავისი   სოფლის   ახალგაზრდობის   განათლებაზე.  იგი ზუსტად აფასებდა ლექსანდრე საბაძის ღვაწლს და მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა ყველას ამახსოვრდებოდა. იაშა    საბაძე   იმასაც   ამბობდა,  რომ  ბოლშევიკური  ოკუპაციის   წინააღმდეგ, როცა   ქაქუცა  ჩოლოყაშვილი აჯანყებას ამზადებდა უკუპანტების   წინააღმდეგ,   წალკის,  თეთრიწყაროს  და ახალქალაქის  აჯანყებულთა   რაზმებს   ალექსანდრე   საბაძე   აგროვებდაო.  თვითონ გვარდიის  ოფიცერი  იყოო.

 ალექსანდრე საბაძის წასვლის შემდეგ, მამა გიორგის (დარჩიას)  ღვთისმსახურებაში   ეხმარებოდნენ  დედა-შვილი  ეფემია  და  თომა  საბაძეები. ეფემია  წარმომავლობით  რეხელი, მამულაძეების  ოჯახიდან   იყო. 1921 წლიდან, დაიწყო რეხას ზოგიერთი მაცხოვრებლის   ახალქალაქის   რაიონის   სოფელ   ხოსპიოში  ჩასახლება.  ალექსანდრე  მეორე ძმასთან – ვლადიმერთან  ერთად საცხოვრებლად  გადავიდნენ  ახალქალაქის რაიონის სოფელ ხოსპიოში. იმ დროს ხოსპიოში დარჩენილი  იყო დაცარიელებული სახლები მაჰმადიანი ფალავანდიშვილების. მამაჩემი იგონებდა, რომ  დღემდე არ იციან, თუ  რა  ბედი  ეწიათ  ფალავანდიშვილებს.  ზოგი  ამბობდა,  რომ  1918   წელს  თურქეთიდან   გამოსულმა რუსებმა ამოხოცესო,  ზოგი  ამბობდა, თურქებსა  და  სომხებს  შორის  გაჩენილ  დაპირისპირებას  შეეწირნენო,  ზოგი  კი  ამბობდა,  თვითონ  აიყარნენ  და  გადავიდნენ  თურქეთშიო. სოფელი ხოსპიო გადაქცეული იყო ნასოფლარად. თურმე  რუსებს ეხვეწებოდნენ ფალავანდიშველები, რომ  მათთვის დაებრუნებინათ მამულები   და  ისინი  აუცილებლად დაიბრუნებდნენ მამა-პაპურ,  მართლმადიდებლურ სარწმუნოებას,   მაგრამ პირიქით- რუსები უფრო ხელს უწყობდნენ  ადგილობრივი  მოსახლეობის  გამუსულმანებას.  ასე ამბობდა  მამაჩემი   და  დასტურად  უამრავ   ისტორიას   ყვებოდა.

  იმის გამო, რომ ნასოფლარად ქცეულ სოფელ ხოსპიოში ქართული დასახლება  გაჩენილიყო, ალექსანდრე საბაძემ რეხადან გადაიყვანა ხალხის ნაწილი და  იქ   ჩაასახლა.   მაშინ  ახალქალაქში  გენერალ – გუბერნატორი   იყო  გიორგი  მაზნიაშვილი,   რომელიც  ასევე ხელს უწყობდა სოფელ ხოსპიოს აღორძინებას. რეხა  საკმაოდ  დიდი  სოფელი   იყო  და იმდენი სახნავ-სათესი რეხაში  აღარ  იყოო.   ბევრი   მოსახლე  უსახლკაროდ   და   დიდ   გაჭირვებაში ცხოვრობდა. ამიტომ ბევრმა მიიღო  ხოსპიოში   ჩასახლების გადაწყვეტილება. ხოსპიოში რეხელების ჩასახლება  დაწყებულა  1921 წლიდან.   მდინარის   ერთ ნაპირას რეხელები ჩასახლდნენ, ხოლო მეორე ნაპირზე ცხოვრობდნენ თურქეთიდან  ჩამოსახლებული  სომხები. ფალავანდიშვილების დანატოვარ ერთ-ერთ დიდ სახლში,    რომელიც ბეგს ეკუთვნოდა, ალექსანდრე საბაძეს გაუხსნია ქართული სკოლა, სადაც  ყველა   საგანს,   თავდაპირველად   თვითონვე    ასწავლიდა  და  თან  იმავე  სახლში  ცხოვრობდა. სოფელ  ხოსპიოს ქართული  სკოლა,   დღესაც  ამ  შენობაშია განთავსებული. სწორედ ხოსპიოს, ანუ ახალქალაქთან ორ კილომეტრში ქართული დასახლების, ასევე ქართული   სკოლის დაარსების ავტორი და ინიციატორი იყო ალექსადრე საბაძე.

დიდი ტკივილი მიიღო სანდრო საბაძემ  საბჭოთა ხელისუფლებისაგან. მის ცოლ-შვილს რა ბედი ეწიათ, დღემდე არ ვიცით.გადმოცემით ვიცით,  რომ მისი   ციხეში   ყოფნის  დროს,  ცოლშვილი   გაუტაციათ და მათი ასავალ-დასავალი  ვერავინ  ვერ  გაიგოო.  რეხაში მოგვიანებით  ხმა   დარხეულა,  რომ გენერალმა მიშა მიქელაძემ   გაიგო   გამტაცებლების ვინაობა და  მათ თავისი  ხელით  გაუსწორდაო. ალექსანდრე  საბაძე   მიშა   მიქელაძის  მამიდაშვილი იყო. ალექსანდრე  ბოლშევიკებს მეტეხის ციხეში ჰყავდათ  დაპატიმრებული,    ბოლშევიკური   ხელისუფლების  წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობის  გამო.   ციხეში   მჯდომი   ალექსანდრე  საბაძე   არ  დახვრიტეს, რადგან უნდოდათ მისგან  მიეღოთ   სასურველი   ჩვენება   მამა   გიორგის (დარჩიას) წინააღმდეგ. მამაჩემი  იგონებდა,   რომ   მისი   ცოლ-შვილის   გატაცების   მიზეზი    სწორედ   ეს  იყოო.  ხალხში    კი   ათასნაირი   ბინძური  ჭორი   გაავრცელეს  სანდროს მეუღლეზე, რომლის შესახებ დღემდე არაფერი არ ვიცით.  ძალიან   ბევრი სიბინძურე  ააგორეს  ალექსანდრე   საბაძის   წინააღმდეგ,   მაგრამ   საწადელს   ვერ  მიაღწიეს. როცა მიმდინარეობდა რესპუბლიკაში  გახმაურებული სასამართლო   პროცესი  მამა  გიორგის   (დარჩიას)  წინააღმდეგ,  პარალელურად  მიმდინარეობდა სანდრო საბაძის  წამება  ციხეში.    სანდრო   საბაძე   ციხიდან  გამოუშვიათ   ნაწამები  და  დაავადებული,  რის გამოც  მალევე  გარდაიცვალა  მარტოობაში, 1928  წელს.  დასაფლავებულია სოფელ ხოსპიოს ეკლესიის კედელთან, თავის ძმასთან-ვლადიმერთან  ერთად.

ასე ემსხვერპლა ბოლშევიკების  რეჟიმს  ქვეყნისა და   ეკლესიის   ერთგული  მსახური  40  წლის ასაკში,  რომელსაც შეეძლო   კიდევ   უამრავი  სასიკეთო   საქმის  კეთება   თავისი ქვეყნისთვის (მის შესახებ ყველანაირი  ინფორმაცია თითქოს გააქრეს საგულდაგულოდ. ვერსად  ვერაფერი  მოვიპოვე, ფოტოსურათიც კი – გ.ს.).     ალექსანდრე   საბაძის   სიცოცხლის ტრაგიკული დასასრულის მიზეზი ყველაფერთან ერთად, იყო „მღვდელი“  სიმონოვიც.

       მამაჩემი    ყოველთვის   ამბობდა,   რომ    სიმონოვი    შემოგზავნილი   იყოო.   სულ   ვეწინააღმდეგებოდი, თუ რატომ უნდა ყოფილიყო შემოგზავნილი  მღვედელი  იმ დროში.  ის,  რის   შესახებაც  მე   მხოლოდ   2013   წლის   ოქტომბერში    გავიგე,   მამაჩემს   მხოლოდ გადმოცემით ეცოდინებოდა. მუდამ მეუბნებოდა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში თურქეთიდან მართლმადიდებელი ბერძნების  წალკაში   ჩამოსახლების   შემდეგ,  ყველას   ჩაუწერეს  რუსული  გვარები,  რის შესაბამისად  გაუხსნეს  რუსული  სკოლები.  ამ  დროს   ამ   მოსახლეობის   უმრავლესობა   წარმოშობით   ქართველები   იყვნენო.  ჩამოსახლებულ    სომხებს გაუხსნეს  სომხური სკოლები. რეხაშიც თავდაპირველად გახსნეს რუსული  სკოლა,   სადაც ძირითადად ასწავლიდნენ ლოცვებს  რუსულად.   როგორც  კი  ალექსანდრე  საბაძე  გამოგზავნნეს მედავითნედ სოფელ რეხაში, მაშინვე იზრუნა იმაზე,  რომ   რეხაში  სწავლება  ქართულ  ენაზე   ყოფილიყო.  საწადელს  მართლაც   მიაღწია.  რეხა  იყო   ერთად-ერთი,    სადაც  ქართული  სკოლა ფუნქციონირებდა. ალბათ, აქაც სიმონოვის მეშვეობით უნდოდათ    რუსული  სკოლის შენარჩუნება და   რეხას   მოსახლეობის   ასიმილაცია   წალკის   რაიონის   დანარჩენ მოსახლეობასთან. წალკაში ჩამოსახლებული ბერძნების უმრავლესობის ქართულ  წარმომავლობას  ადასტურებს  მეუფე  ანანია  ჯაფარიძის  ნაშრომი  „საქართველოს  სამოციქულო  ელკესიის  ისტორია“,   სადაც  ვკითხულობთ: „XVII–XVIII  საუკუნეებში  საქართველო  ფაქტიურად  გაყოფილი  იყო  ორ  მაჰმადიანურ  სახელმწიფოს –  სპარსეთსა  და   ოსმალეთს  შორის  .  .  .   მესხეთის   დაპყრობის  შემდეგ  ოსმალეთმა ბრძოლა გამოუცხადა  „ქართველობას“.   ქართველად   დარჩენა  გაუსაძლისი   ხდებოდა . . . სპარს-ოსმალთა   ბატონობის   დროს   არა  მარტო   მესხეთსა  და   სამხრეთ  საქართველოში, არამედ ქართლ-კახეთში უამრავი ქართველი ტოვებდა ეროვნულ ქართულ ეკლესიას ე.ი. ქართველობას და მაჰმადიანდებოდა, სომხდებოდა, ბერძნდებოდა ან „ფრანგდებოდა“, ვინაიდან სპარსეთმა  და  ოსმალეთმა   სომხურ   მოსახლეობას ძალზე ფართო  სარწმუნოებრივი  ავტონომია  მიანიჭა . . .  ასეთივე   ფართო   სარწმუნოებრივ – ეთნიკური ავტონომია ჰქონდა თურქეთში  მართლმადიდებელ  ბერძენ მოსახლეობას “ .

    სიმონოვი  რომ  შემოგზავნილი „მღვდელი“  იყო, ამას  ბევრი  რეხელიც  ადასტურებს. ამ  გადმოცემის   უფრო  მეტი  დამაჯერებლობისთვის,   მომყავს   ზოგიერთი   დეტალი  ერთი   გახმაურებული  საქმიდან,   რომლის   სასამართლო   პროცესი  იმართებოდა  1926   წლის  ნოემბერში, წალკაში. საქმის დეტალებიდან ირკვევა, რომ  1925   წლის    ივლისში,  სოფელ  რეხაში  მომხდარა  დიდი  სასწაული,   როცა  ღვთისმშობლის  გამოცხადებით,  აღმოაჩინეს მიწაში ჩამარხული სალოცავი წმინდანთა უხრწნელი გვამებით  (მაშინდელი   გაზეთი „კომუნისტი“ ამას უწოდებს „გარდაცვლილთა ძვლების ხელოვნურად გასანთვლით მიღებულ ცხედრებს“). ეს ამბავი რეხაში ისედაც ყველამ იცოდა, უშუალო თვითმხილველებისგან, მაგრამ თუ რესპუბლიკურ პრესაშიც შუქდებოდა (რა  თქმა  უნდა  დამახინჯებულად) – ეს კი  არავინ   იცოდა.

ღვთისმშობელი   გამოეცხადა  სოფელ  რეხას  მკვიდრს- თომა საბაძეს, რომელსაც მიუთითა ადგილი, სადაც იყო  ჩამარხული   სალოცავი   სიწმინდეებთან ერთად.  ეს სამლოცველო   აკურთხა   ბერ-მონაზონმა   გიორგი    დარჩიამ,   ვინაიდან გვამების ხილვისას იკურნებოდა  უამრავი   ადამიანი,   ძირითადად   დაბადებიდან   გამოყოლილი პათოლოგიებით- ყრუ,   მუნჯი,  ბრმა,  ხეიბარი,  უშვილო   და    ასე    შემდეგ.  რეხაში  სულ  იხსენებდნენ, რომ  სამარხის  გახსნას ისეთი  სასწაულებრივი  ნათება  მოჰყვა,  რომ  მთელი  სოფელი სიშორის მიუხედავად (3 კმ), ამ ადგილისკენ დაიძრა. იმდენი  ადამიანი განიკურნა იმ   დროს,    რომ   სამლოცველო   კიდევაც   აკურთხა  მამა   გიორგიმ.   ეს სასწაული ბოლშევიკებმა გამოიყენეს მამა გიორგის წინააღმდეგ. პაპაჩემი იობ საბაძე (თომა საბაძის ძმა) იხსენებდა, რომ მაშინ რეხა მილიციას ალყაში ჰყავდა მოქცეული და რეხისკენ მომავალ უამრავ  ადამიანს  გზას   უკეტავდა.  სოფელში  არავის უშვებდნენ. ამ სასწაულების თვითმხილველი  რეხელები სალოცავთან აღამებდნენ და  ათენებდნენ. დიდი ზეიმი იყო ირგვლივ. დიდი ხნის ავადმყოფი ადამიანები, განკურნების შემდეგ,  მადლიერების ნიშნად უამრავ შესაწირს წირავდნენ სალოცავს. ყველა ეს შემოწირულობა  მიჰქონდათ ბოლშევიკებს, ხოლო მამა გიორგის  წინააღმდეგ   ათასნაირ   ცილისმწამებას აგორებდნენ. რეხაში ახლაც იხსენებენ,  რომ  იმ  დროს ბავშვობიდან  თანდაყოლილი  დაავადებით უამრავი ადამიანი, ასაკის მიუხედავდ, უცებ იკურნებოდნენ, ამიტომ სალოცავისთვის ყველაფერს  იმეტებდნენ   მადლიერების   ნიშნად,   რასაც კომუნისტები იპარავდნენ ყაჩაღების ხელით,  თან აგორებდნენ   ათასნაირ   ჭორებს    მამა  გიორგის წინააღმდეგ. თომა   საბაძის   ბიძაშვილი  – დარეჯან   საბაძე (90  წლის,   ცხოვრობს კახეთში, სოფელ ოზაანში) იხსენებს: „მაშინ რეხას მოაწყდა უამრავი   ავადმყოფი  ადამიანი. დიდი ხნის ინვალიდები  როცა  იკურნებოდნენ,  გახარებულები  ყველაფერს, რაც   შეეძლოთ   წირავდნენ   ეკლესიას.   უამრავი  ოქრო – ვერცხლი   შესწირეს   სალოცავს.  ცხადია,   ამ   შესაწირს   არავინ   ეხებოდა,   მითუმეტეს   მამა   გიორგი.   ის   წმინდანი   იყო.  ბოლოს ჩაკეტეს გზები, რეხაში არავის  უშვებდნენ.  მთელი შესაწირი კომუნისტებმა  წაიღეს.  დააპატიმრეს  მამა  გიორგი,  თომა  საბაძე,   ეფემია   საბაძე.  ბორკილდადებულები   რეხადან გორში ჩაიყვანეს, ხოლო   შემდეგ  – თბილისში.   ყველამ   ვიცოდით,   რომ   ისინი   დასახვრეტად  მიყავდათ.  სოფელში   კი   ხმას  ავრცელებდნენ,    რომ   თომა  გიჟი  იყოო,    ხოლო   მამა   გიორგი  – მძარცველი,   რომელიც  პირად  კეთილდღეობაზე  ზრუნავდა  და   თბილისში  მანუფაქტურას  იშენებდა.  ცხადია,  ამას  არავინ  იჯერებდა,  ვინაიდან  მთელი  სოფელი იყო  ამ  სასწაულის  თვითმხილველი.  ბოლოს  სასამართლო  მოუწყვეს.  ძალიან  გაგვიკვირდა, როცა  ერთი   წლის   შემდეგ  ყველანი  დაბრუნდნენ   რეხაში.   მერე   ხმა გამოვიდა, რომ  ციხეში   მათი  ყოფნისას,   ისეთი   საწაულები  ხდებოდა,   რომ   თვითონვე  შეეშინდათ  და  გამოუშვეს.  თომა  ჩემი  ბიძაშვილი  იყო.  ის  ისეთივე  იყო,   როგორც  ბერი  გაბრიელი.  თვითონ  თომას  მონაყოლიდან  ვიცი  ეს  ყველაფერი.  იგი  ყველაფერს  წინასწარმეტყველებდა. მაგალითად ამბობდა, რომ ძალიან მალე ცაზე მანქანები ივლიანო.  ჩემს  ძებნას  რომ  დაიწყებენ,  მაშინ  მე მეოთხე  ცაზე ვიქნებიო.  თომა  დედამისზე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა.  როცა   გადაწვიტეს  დედის  დასაფლავება  შვილის გვერდით,  საფალავის გათხრისას, გადაწყვიტეს ენახათ თომას ცხედარი. ყველაზე  მეტად  ამით  დაინტერესებული იყვნენ ურწმუნოები. რომ ამბობენ, თომა წმინდანი იყოო,   ერთი  ვნახოთ   რა  ბედი ეწიაო. როცა გახსნეს ჩასასვენებელი, თომას ცხედარი იქ არ აღმოჩნდა.  საფლავის გახსნის ინიციატორი ყოფილა  დავით  კალაიჩევი.   მისი   მეუღლე  ნატო  საბაძე  ჩემი და თომას  ბიძაშვილი  იყო.  ნატოს  და  დავითის  შთამომავლები  დღესაც  ცხოვრებენ  რეხაში.   ყველანი   ისე  შეშინდნენ,   რომ   ერთ-ერთ   მათგანს   უცებ  თმები  გაუთეთრდა“.   ამაზე   დიდხანს   ლაპარაკობდნენ  რეხელები.

ჩემი   უფროსი   ბიძაშვილი   მიხეილ    საბაძე   იხსენებს:   „მეორე   მსოფლიო   ომის   დამთავრების შემდეგ, ომიდან დაბრუნებულმა მალე მუშაობა დავიწყე წალკაში, მილიციაში.   გარეგნობით   ყველას   მოვწონდი.    მილიციის   ერთ-ერთი    ასაკიანი   თანამშრომელი   დაინტერესდა   ჩემი ვინაობით,  ამიტომ   მიხმო  თავის კაბინეტში. როცა  გაიგო  ჩემი გვარი,   დაინტერესდა  თუ    ვასიკო   საბაძესთან    რა   მაკავშირებდა.   რომ    გაიგო   შვილიშვილი   ვიყავი, მიამბო შემდეგი:  „1926  წელს  მივიღეთ  დავალება,  რომ    უნდა   დაგვეკავებინა  26  კაცი და  27-ე ვასიკო  საბაძე. ყველანი უნდა  ჩაგვეყვანა  ქალაქ   გორში,    ხოლო   შემდეგ თბილისში ფილიპე მახარაძესთან. ჯერ გორში   იმიტომ,    რომ   რეხა   ეკუთვნოდა   გორის მაზრას. 26 კაცი ბორკილდადებული ჩავიყვანეთ ქალაქ   გორში   ფეხით,    ხოლო    შემდეგ გორიდან თბილისში  – მატარებლით.  მათ    შორის    იყვნენ   მღვდელი   გიორგი   დარჩია, დედა- შვილი  თომა    და   ეფემია  საბაძეები. ვასიკო   ვერ   ავიყვანეთ,    ვინაიდან    არ იყო სოფელში. როცა  ჩავედით თბილისში, ფილიპე მახარაძემ    მკაცრად   მოგვმართა –   შეასრულეთ ჩემი დავალება? ჩვენ ვუპასუხეთ, რომ დავალება ნაწილობრივ   შევასრულეთ-   ვასიკო  ვერ დავაკავეთ. იცნობთ კი ვასიკოს?-იკითხა ფილიპე მახარაძემ. თანამშრომლებიდან  ერთი   ქართველი  თანამშრომელი  მართლა   იცნობდა  ვასიკოს, მე  არ ვიცნობდი. ამ  დროს კაბინეტის  მეზობელი  კარებიდან  თვითონ ვასიკო გამოვიდა ჩვენთან  და  თავად  ფილიპე   მახარაძემ    გაგვაცნო    მისი   თავი.   ჩვენ    გვიან  გავიგეთ, რომ როცა მეფის ხელისუფლება დევნიდა ფილიპე მახარაძეს, მისთვის რამდენჯერმე  დახმარება   გაუწევია   ვასიკოს.    საბჭოთა   ხელისუფლების   დამყარების   შემდეგ  ფილიპე  მახარაძე  ვასიკოსთვის    იყო    იდეური   მოწინააღმდეგე.   მაგრამ   როცა    საქმე შეეხო 26 ადამიანის სიცოცხლეს, მითუმეტეს მამა გიორგის სიცოცხლეს, ასევე სანდრო   საბაძის სიცოცხლეს, რომელიც მაშინ დაპატიმრებული იყო, ვასიკომ  ყველაფერი იღონა ამ    ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ადამიანები   დასახვრეტად მიგვყავდა თბილისში ფილიპე მახარაძესთან, ძალიან მალე კი მათ  წალკაში   მოუწყვეს  სანახაობრივი  სასამართლო,  რის  შემდეგაც   ყველანი   გაათავისუფლეს.    ჩვენ    ვასიკო    ვიხილეთ ფილიპე   მახარაძესთან   ტრადიციულ   ქართულ   ტანსაცმელში   გამოწყობილი,   რამაც   პირადად    ჩემზე   წარუშლელი   შთაბეჭდილება   დატოვა“.   სამწუხაროდ   მიხეილ   საბაძეს ამ  მილიციის   მუშაკის   გვარი   უკვე    აღარ    ახსოვდა.  მიხეილს მოგვიანებით ისევ  შეხვედრია  ეს  თანამშრომელი,   რომელიც   წალკაში  ბენზინს   ყიდდა და  თავს  იმით ირჩენდა. მიხეილი იხსენებდა, რომ 26 კაცის სიცოცხლის  გადარჩენის  გამო,   ვასიკო   პაპამ   თავის   ნაბოლარა  შვილს –  თეოფილეს  ოფიციალურ  სახელად  ფილიპე  დაარქვა  მადლიერების გამო. ასე,   რომ   ბიძაჩემის  ნათლობის  სახელი   იყო   თეოფილე,    ხოლო    ოფიციალური   სახელი –  ფილიპე (საუბარია მამაჩემზე).

***

  რეხაში   მომხდარ  სასწაულს   კომუნისტებმა  დაარქვეს  „ბერი   დარჩიას  ოინები“    და    აღძრეს   ბრალდება 26  კაცის    წინააღმდეგ,   რელიგიური  ფანატიზმის  გაღვივების   გამო.    მათ   შორის   იყვნენ   მღვდლებიც –   სიმონოვი,    პარასკევოვი,    კარიბოვი.    ეს   სამარხი   ღვთისმშობლის  გამოცხადებით    აღმოაჩინა   სოფელ    რეხას   ღარიბმა,   წერა-კითხვის   უცოდინარმა მკვიდრმა  თომა    საბაძემ,   რომელიც   ამავე   დროს  მამა  გიორგის  ეხმარებოდა  ეკლესიაში   ღვთისმსახურების  დროს.   ამიტომ    საბრალდებო   სკამზე   აღმოჩნდნენ  თომა   საბაძე,   მისი  დედა   ეფემია   საბაძე,  ნათესავი   სპირიდონ   საბაძე და    სხვები.  ამ   სალოცავის   ისტორია   დღესაც   კარგად   იციან   რეხაში.  ამ  სალოცავს  ჰქვია „გარდაფონი“,  ზოგი ამბობდა „გარდაფოლი“, ასევე ”თომას   სალოცავს“  უძახიან.  ეს  სიტყა  „გარდაფონი“ ან „გარდაფოლი“,  საიდან  მომდინარეობს  და  რას  ნიშნავს,  არავინ  ვიცით. სალოცავი  1929 წელს  აღუდგენიათ   ხელმეორედ   რეხას   მაცხოვრებლებს   თომა   საბაძის   ძმის  – იობ   სოლომონის   ძე    საბაძის   თაოსნობით.    სწორედ   ამ    სალოცავის   ხელმეორედ   აღდგენის   გამო    იგი   1937   წელს   ციმბირში   გადაასახლეს.  სალოცავი კი დაანგრიეს. დღესაც    კი   აღნიშნული   პათოლოგიებით   დაავადებულები   დაყავთ  ამ    სალოცავში   და   ბევრ   შემთხვევაში   სასწაულები   მართლა   მომხდარა

1

2

  სასამართლოზე  საბოლოო  სიტყვაში  თომა   საბაძე  და  მამა  გიორგი (დარჩია)  თავს  დამნაშავედ არ სცნობენ. „ბერი დარჩია სასამართლოზე  დასმულ  ყველა კითხვას ჰეგელის   და კანტის ფილოსოფიით პასუხობდაო“ – იუწყება   იმ   დროინდელი   გაზეთი   „კომუნისტი“.

 სასამართლოს   განაჩენის   გამოტანამდე   ერთი  დღით  ადრე,    საინტერესოა   ერთი    განცხადება,    რომელიც   შეიტანეს   მოსამართლე    ბერიშვილის   სახელზე  მღვდლებმა –   კარიბოვმა,    პარასკევოვმა    და    სიმონოვმა:

    „ჩვენ    ქვემორე    ამისა    ხელისმომწერნი   მღვდლები  კატეგორიულათ   და    გულწრფელათ   ვუცხადებთ   სასამართლოს,   რომ   სამუდამოთ   ვტოვებთ   მღვდლობას   და   გვსურს   გავხდეთ    ჩვეულებრივი    მოქალაქენი,     რომ    ერთგულათ  და   პატიოსნად    ვიმუშავოთ,   ისევე,  როგორც    ყველა    მშრომელნი   მუშურ – გლეხური   სახელმწიფოს    განსამტკიცებლად   და     მის   საკეთილდღეოდ.

ჩვენ   ეს  განცხადება  იმიტომ   კი    არ   შემოგვაქს,    რომ,   როგორც   სასჯელმისჯილთ,   გვეშინოდეს  და  უფრთხილდებოდეთ  ჩვენს   ტყავს,   არამედ   იმიტომ,  რომ   ხელს   ვიღებთ  რა   მღვდლობაზე,  ყველას   გასაგონად   ვაცხადებთ,   რომ        არავითარი    „ ღმერთი“  არ    არსებობს  და    რომ     ყველაფერი    ეს    არის    აფიორა,    შარლატანობა,  მოტყუება  და   ხალხის  გაყვლეფა,    იმ   ხალხის,    რომელიც    განსაკუთრებით    წალკაში,   უდიდეს  სიბნელეში  იმყოფება.

    ჩვენ   ვაცხადებთ,  რომ  არ  არსებობს არავითარი   „სასწაულები“     და    მაშასადამე,    არც     „წმინდა    ნეშტები“ .   და   ამიტომ  აღარ   ვთვლით  რა   თავს  მღვდლებად,   და   ვაღირებთ   რა  იმას,   რომ  ესოდენ  ხანგრძლივმა   შრომამ  არ  გამოიღო  ნაყოფი  და   უსარგებლო   იყო  ხალხისათვის.   ჩვენ  ქვემორე  ამის   ხელისმომწერნი  გთხოვთ   დააჩქაროთ  ჩვენი   საქმის   გარჩევა  საქართველოს   უზენაეს  სასამართლოში,   გაგვანთავისუფლოთ   პატიმრობიდან   და   მოგვცეთ  შესაძლებლობა,   დავბრუნდეთ   მშობელ   ადგილებში,   სადაც   პატიოსნად  ხალხის   და  საკეთილდღეოდ  გვსურს  ვიმუშაოთ,   რისთვისაც   გთხოვთ  მოგვცეთ  საამისო  უფლება  და  სამსახური.

 ჩვენ   კიდევ   ერთხელ  ვამოწმებთ   ზემონათქვამის   სისწორეს  და  გულწრფელობას“

              სიმონოვი     ნიკოლოზ   ათანასეს   ძე,

           პარასკევოვი      კონსტანტინე     დანიელის    ძე,

           კარიბოვი      თეოდორე      ალექსანდრეს   ძე.

               23     ნოემბერი,     1926      წ.

                სოფელი    ბარმაქსიზი.“

              გაზეთი    „ კომუნისტი“ ,    1926   წლის   ნოემბერი.

1926  წლის  24  ნოემბერს,   სასამართლომ   მამა   გიორგი   დარჩიას    და    თომა    საბაძეს   რეხას  მიმდებარე  რაიონებიდან გადასახლების    განაჩენი   გამოუტანა.    რეხაში    დღესაც    იხსენებენ, რომ  მათი  ციხეში  ყოფნის  დროს  ისეთი  სასწაულები ხდებოდა, რომ განაჩენის    სისრულეში  მოყვანაზე  არც  არავის უფიქრია,  მიუხედავად იმ აჟიოტაჟისა,   რაც   ატეხილი    იყო რესპუბლიკურ პრესაში წალკაში მიმდინარე მოვლენებზე. განაჩენის   გამოტანისთანავე   მამა გიორგი (დარჩია)  და   დედა- შვილი –   თომა    და    ეფემია   საბაძეები   დაუბრუნდნენ   მრევლს,   გააგრძელეს   ეკლესიაში   მუშაობა.   თურმე    მათი    ციხეში   ყოფნის    დროს,    ყოველ  დღე,  საკნის  კარების  საგულდაგულოდ   ჩაკეტვის    მიუხედავად,    საკნის   კარები   დილით   მისულ   ბადრაგს  ღია  ხვდებოდა. იმ  დროს ციხეში  იჯდა  ალექსანდრე   საბაძეც,   ვინაიდან  იგი   დამოუკიდებელი   საქართველოს   გვარდიის  ოფიცერი   იყო,   შესაბამისად   იბრძოდა   წითელი   საოკუპაციო   ჯარის   წინააღმდეგ. მისი   საკნის  კარებიც  ყველას  ღია  ხვდებოდა. ამიტომაც  ალექსანდრე საბაძეც კი ძალიან მალე გამოუშვიათ ციხიდან ნაწამები    და   დასახვრეტად   განწირული.   მისგან   სასურველი  ჩვენება  მამა   გიორგის (დარჩიას)   წინააღმდეგ ვერანაირი ტკივილის მიუხედავად ვერ მიიღეს. სანდრო საბაძე დასნეულებული   გამოვიდა  ციხიდან  და  მალევე  გარდაიცვალა.

თომას სამლოცველო

თომას  სამლოცველო  და  მასთან   არსებული  წყარო

ყოფილი „მღვდლების“ „ღვაწლი“ სათანადოდ გამოიყენა საბჭოთა  ხელისუფლებამ.  ისინი   მთელ ჯაშუშურ ქსელს ხელმძღვანელობდნენ  წალკაში.   წარმოიდგინეთ   იმ   ადამიანების  მდგომარეობა,  ვინც  მათთან  აღსარებას ამბობდა და   ზიარებას   იღებდა.  მთელი  რისხვა  დაატყდა  ეროვნულად  მოაზროვნე  ადამიანთა  ოჯახებს.  ასეთი   ადამიანების  და  მათი  შვილების მიმართ ათასნაირ ბინძურ ჭორებს ავრცელებდნენ   სახელისა  და   ავტორიტეტის შელახვისთვის.  სწორედ   ამიტომაც   იყო,   რომ   ჩვენი  ოჯახების   წევრები   დღისით  გარეთ  ვერ  გამოდიოდნენ.  მამიდაჩემი   სულ   ტირილით   მიყვებოდა,  თუ მიწის ნაკვეთებს ღამე წვალებით   როგორ   ამუშავებდნენ.  რა  თქმა   უნდა,  მაშინ  ძალიან  ბევრმა  ადამიანმა სული ეშმაკს მიჰყიდა. ამ გამაოგნებელი  ჭორების  ამბები  დღესაც კი მესმის სოფელში. ხელისუფლებას  არც  ისეთი  ადამიანების მოძებნა   გაუჭირდა,   ვისაც  ბინძური  დავალებების  შესრულება  ევალებოდა.   რეხაში   ყველა  ასეთი  ადამიანი  სიმონოვის  მრევლიდან   იყვნენ.

    მას  შემდეგ,  რაც  სასამართლო  მოუწყეს  მამა  გიორგის  (დარჩიას),   სასამართლოს   დასრულების   შემდეგ,  სოფელი   რეხა   გავსებული    ყოფილა   დაქირავებული   აგენტებით.  მთავარი   სამიზნე   მამა    გიორგი  ყოფილა.   მამა   გიორგის   ჰქონდა   პატარა   მიწური  თავშესაფარი   ეკლესიის   გვერდით,    სადაც   მკაცრი,    ბერისთვის    შესაფერისი    ცხოვრებით ცხოვრობდა. ამ ადგილას ადრე ბაკურაძეები ცხოვრობდნენ, რომლებიც თბილისში გადასახლდნენ. რეხაში, მკაცრი, სუსხიანი ზამთრის    მიუხედავად,   მამა გიორგის მხოლოდ ტყავებში ეძინა. რამდენჯერმე უცდიათ მისი სიცოცხლის ხელყოფა,  მაგრამ მას საბაძეების მთელი საგვარეულო იცავდა. თითქმის ყარაულობდნენ მის  კელიას.   რეხელები  იგონებენ, რომ რეხაში მკაცრი, სუსხიანი ზამთრის  მიუხედავდ,   მამა   გიორგის   ყოველთვის ფეხზე ხის სანდლები ეცვა. ასეთ ფეხსაცმელს ადგილობრივი მეწაღე უმზადებდა.

   როდესაც  სოფელ   რეხის  მიქაელ  მთავარანგელოზის  სახელობის  ეკლესია  საკოლმეურნეო    საწყობად   გადააქციეს,    სოფელში   მიმდინარეობდა   გაძლიერებული   ათეისტური პროპაგანდა, მომრავლდნენ „უღმერთოთა კავშირის“ წევრები.  ხელისუფლება  განსაკუთრებული  სიძლიერით  ებრძოდა  მართლმადიდებლობას.

სოფელ  რეხას  მიქაელ  და  გაბრიელ  მთავარანგელოზების  სახელობის  ეკლესიის  ძარცვის  ისტორია  დღესაც  ახსოვთ   სოფელში.  ზოგიერთი  მათგანი,  ვისაც  უშუალოდ  შეეხო ეკლესიის ძარცვის გამო მიღებული  სასჯელი,  დღესაც  ცოცხალია.  შეგნებულად  არ  ვასახელებ  გვარ-სახელებს.  ისედაც   ყველამ   ყველაფერი  იცის.  ერთერთმა  პარტიულმა  მუშაკმა, რომელმაც ჩამოხსნა ზარები, ზარის თოკები  სახლში წაიღო. სანამ თოკებს სახლში   მიიტანდა, მის პატარა ქალიშვილს უცებ  კისერი  მოეგრიხა – სახე  ზურგის   მხარეს   მოექცა.  სახლში  მისულმა  ეს რომ ნახა,   მაშინვე   თოკები  ეკლესიას  დაუბრუნა.  ეკლესიის  ზარები  წაუღიათ სოფელ ხაჩკოვში.  დედაჩემი  მიყვებოდა,   რომ   ვინც  ზარები  წაიღო,  დამუნჯდა.   გამოეცხადა  თურმე  მიქაელ  მთავარანგელოზი  და  დაემუქრა:  „როგორც  მე  წამართვი  ხმა,  ასევე  მე  გართმევ   ხმასო“.  ეკლესიაში  იოანე  ნათლისმცემლის  ხატს  თვალები  ამოუთხარეს (ამის  ჩამდენი  ისე   დაისაჯა,   რომ   შემდგომ   ხატს  რესტავრაცია   თვითონვე   გააკეთებინა), ეკლესიის გუმბათის ჯვარს ტყვია ესროლეს.  ვინც  ამას  ჩადიოდა  და  შემდეგ   მათ  რა ბედი   ეწიათ,   ესეც  კარგად  იციან  რეხაში.   ვინც  ტყვია  ესროლა  ჯვარს,   ძალიან   მალე ისეთი სენი შეეყარა, რომ მთელი  სხეული ჭრილობებით დაესერა, თითქოს   უამრავი  ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.  არცერთი  მემკვიდრე  ცოცხალი  აღარ  დარჩა, ისინიც   იგივე  სენით  დაავადნენ. ისე  ამოწყდა    მისი  მოდგმა.    

მამა   გიორგის  სიცოცხლეს   რეალური   საფრთხე დაემუქრა. იგი  ჩაიკეტა  თავის მიწურ კელიაში  მუდმივ   მარხვასა   და   ლოცვაში.  სოფელ რეხაში ყველამ იცის იმ ადამიანების გვარ-სახელები,  ვინც  ეკლესიის   სიწმინდეებს  ერჩოდა. ისიც  იციან  თუ  ვინ  შეიპარა   მამა   გიორგის  საცხოვრებელში და როგორ  გაძარცვეს  ის.  როგორც  ჩანს,  დავალებული  ჰქონდათ  მამა  გიორგის  ჯერ ძარცვა,   რომ   არსად  წასულიყო,   ხოლო   შემდეგ  კი – სიცოცხლის  ხელყოფა.   ყველა  პირადი  ნივთი  წაიღეს  მისი  კელიიდან. მე  გვარ-სახელს   არც  ახლა   დავასახელებ   და  მხოლოდ   ჩავწერ   ერთი   ქალბატონის   ნაამბობს:  „ჩემს  მამამთილს   გაუძარცვია   მამა  გიორგის  საცხოვრებელი, ამიტომაც ჩემი ოჯახი დღემდე  მუდმივ ტანჯვაშია. ამ ცოდვის გამო  ძალიან   დიდი  სასჯელი  მიიღო  ჩემმა  ოჯახმაო“.

1926    წელს   ხელისუფლებამ  მამა   გიორგის   დასწამა  ცილი,  რომ  იგი „ხალხს  ატყუებდა“ და  იღებდა შემოწირულობებს. მამა  გიორგის   შეუქმნეს  „მძარცველის“  ალიბი.  გაზეთი „კომუნისტი“ 1926  წელს  ხალხს   აუწყებდა,    რომ   სოფლის   ეკლესიის   შემოსავლით   იგი  „მსხვილ  მანუფაქტურას   იშენებდა   თბილისში“.   გადაწყვიტეს  დაქირავებული    რეხელი   ჯაშუშების   მეშვეობით, ვითომ ძარცვის მიზნით   სიცოცხლეს გამოესალმებინათ. ეს ინფორმაცია რაიონის  პატრიოტი    მილიციის  მუშაკისგან ცნობილი  გახდა  ვასიკო   საბაძისთვის.   ვასიკო   პაპამ   მალულად  გამოიყვანა   თავისი  საცხოვრებლიდან მამა გიორგი   და   გადმოიყვანა   თავის  საცხოვრებელ  სახლში. მაგრამ   მამა გიორგისთვის, როგორც ბერისთვის, მიუღებელი  იყო ოჯახის წევრების მხრიდან დიდი   სიყვარულისა  და   მზრუნველობის  ქვეშ ცხოვრება, ამიტომ  თვითონ   მოინდომა   რეხადან   წასვლა,   სოფელი   რომ   ეხსნა   სამუდამო   ცოდვისაგან. ვასიკო   საბაძემ   მამა   გიორგის   სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა პირადად აიღო  თავისთავზე.  მამა   გიორგის  სიცოცხლეზე   ზრუნვა    სანდრო   პაპას   უკანასკნელი  თხოვნა  იყო. ვასიკო  საბაძემ,  თავის  შვილებთან  ერთად, გადაწყვიტეს სოფლიდან მისი მალულად გამოყვანა და როგორმე  სამშვიდობოს   გაყვანა. ბიძაჩემი გიორგი იხსენებდა, რომ მაშინ რომ გავედით  ოჯახიდან,   არც   ვიცოდით,  ცოცხალი თუ დავუბრუნდებოდით ოჯახს. იმდენი ყაჩაღი დადიოდა  სოფელში,   რომ   ღამე   სოფელს   ყარაულები   ჰყავდა.  ოჯახი და  მეურნეობა  ჩავაბარეთ დედას და უმცროს დას –  ნანოს, დანარჩენები მდინარის ნაპირს გავყევით ატენის ხეობისკენ. ვასიკო  საბაძემ შვილებთან-გიორგისთან და ილიასთან ერთად გამოიყვანა მამა  გიორგი  ღამე  სახლიდან,  ხევ-ხევ სიარულით   ჩაიყვანა    ქალაქ    გორამდე  ატენის ხეობის  გავლით. სოფელ ატენში  ცხოვრობდა ვასიკო საბაძის  უფროსი  ქალიშვილი  ევდოკია   საბაძე.   მასთან  ცხოვრობდა  და ატენის სკოლაშიქართულად განათლებას იღებდა ფილიპე საბაძეც. ალექსანდრე საბაძე     ამ   დროს    უკვე   გარდაცვლილი   იყო.    ასე   შეასრულეს   სანდრო   პაპას   უკანასკნელი   დანაბარები –   გაფრთხილებოდნენ  მამა  გიორგის  სიცოცხლეს. ისე მოხდა,  რომ  მამა    გიორგი   ვასიკო    საბაძის ოჯახის ყველა   წევრს    გამოემშვიდობა.   მის    სამშვიდობოზე   გაყვანაზე  მთელმა   ოჯახმა იზრუნა. მამა გიორგის სამშვიდობოზე გაყვანის  შემდეგ,   ვასიკო  თავის  შვილებთან   ერთად დაბრუნდნენ სოფელში. ასე   იხსნეს  სოფელი  რეხა  იმ  სამუდამო  ცოდვისგან, რაც    კიდევ    უფრო  მძიმე   მდგომარეობაში   ჩააგდებდა    სოფელს,    რომელიც    ისედაც    კომუნისტების    მიერ   მიტოვებული   იყო   ღვთისა   და   ბედის   ანაბარად.

        თუ  როგორ  მოხდა მამა  გიორგის  სამშვიდობოზე გაყვანა,  ამას   დეტალურად   ყვება   ჩემი  ბიძაშვილი, სოფელ  რეხის  საშუალო  სკოლის  პედაგოგი,  ელენე  გიორგის    ასული   საბაძე„ჩემს   მშობლებს   გიორგის   და   შუშანას   10   შვილი   ვყავდით –   მიხეილი,   ნათელა,   სოფიო,  ეთერი,  ბარბარე (ბაბო),  სერგო,   გედევანი,  ელენე,   ნოდარი   და   ვასილი.   აქედან    მამა   გიორგის   ნათლული   მხოლოდ   ნათელა   იყო.    ამის   გამო   ის   ყოველთვის   თავს  გვამეტებდა.   როდესაც   დაიწყეს   მამა   გიორგის   დევნა,   მაშინ   ვასიკო   პაპამ    ჩემს   მეორე   პაპას –   დედაჩემის   მამას  პავლეს   სთხოვა   დახმარება.    დედაჩემის   მამა   სიმონოვის   მომხრე   იყო,    ამიტომ    მასზე    ეჭვს   ვერ   აიღებდნენ.   ვასიკო  პაპამ  სთხოვა,  იქნებ შვილიშვილის  ხათრით  მაინც   ეს   კეთილი   საქმე   გაეკეთებინა.   ერთ  დილას  ვასიკო  პაპა,  მამაჩემი  გიორგი და  ბიძაჩემი   ილია  გაუდგნენ   ატენის   გზას.   შეღამებისას   დაბრუნდნენ   უკან   ვითომ    სოფლისკენ   შემოვლითი    გზით   და   გაჩერდნენ იმ ღელის  სათავესთან,    რომელიც    სოფელს   შუაზე    ყოფს.   იქ   გაჩერდნენ   დილამდე. იქ  იყო   პატარა   ხევი,   ამიტომ  მათ ვერც  ვერავინ დაინახავდა. ყველას  ეგონა  ისინი   სახლში   დაბრუმდნენ. გვიან   ღამით   ჩვენთან   მოვიდა   პავლე   პაპა   დედაჩემის   წასაყვანად, ვითომ   ვიღაც  ავად   გაუხდათ   სახლში.   მამა   გიორგის   გადააცვეს   დედაჩემის  კაბა, მოასხეს დედაჩემის  დიდი შალი და  გავიდნენ   სახლიდან.   პავლე   პაპას   სახლი   იყო   ზუსტად   ღელის  პირას  ყველაზე    განაპირა    სახლი.  მამლის   ყივილზე   გავიდნენ   სახლიდან   მამა   გიორგი   და   პავლე   პაპა,   ხევის   ბოლოში   დახვდნენ   ჩვენები   და   ამ   შემოვლითი   გზით   გაეშურნენ   ატენის   ხეობისკენ.   პავლე   პაპა   მაშინვე    უკან  დაბრუნდა.   ამ   ამბავს   ზუსტად   ასე   მიყვებოდა   დედაჩემი     შუშანა“.

ბიძაჩემი გიორგი საბაძე იხსენებდა – “როცა    მამა   გიორგი  სამშვიდობოზე  გავიყვანეთ,  მაშინვე დავბრუნდით სოფელში. ძალიან მალე, მამაჩემის დავალებით,  ძროხები  ჩავიყვანე  ქალაქ  გორში  გასაყიდად.  გორიდან  ჩავედი  თბილისში   მამა  გიორგის  სანახავად.  მამა  გიორგის  ძალიან  გაეხარდა   ჩემი  ნახვა.  გამომშვიდობებისას  მამა  გიორგიმ   ფეხსაცმელები  გამოუგზავნა  თავის  ნათლულს –  ჩემს   უფროს  ქალიშვილს- ნათელას.   ჩემი  ქალიშვილი  ამ  ფეხსაცმელებს  დიდხანს  სათუთად  ინახავდა.  ეს  იყო  ჩვენი  უკანასკნელი   შეხვედრა.   ამის  შემდეგ  მამა  გიორგის  თუ   რა   ბედი  ეწია,   არავინ   არაფერი    ვიცით”.

 

ვინ იყო მღვდელი  დარჩია?

  ამ წერილის წერის  დროს  არქივებში   ვეძებდი   ინფორმაციას   ჩემი    წინაპრებისა   და მამა  გიორგის (დარჩიას) შესახებ. აღმოჩნდა,  რომ    მამა   გიორგის   შესახებ    წერილი დაბეჭდილა „საპატრიარქოს უწყებანში“ 2008 წლის ივლისის ბოლოს. წერილის   ავტორები   არიან ბატონები გიორგი მაჩურიშვილი   და   ლუარსაბ   ტოგონიძე.

2014   წლის    29   იანვარს,   საპატრიარქოს   ბიბლიოთეკაში   მოვძებნე   ეს   გაზეთი.   ინფორმაცია  მამა  გიორგის  ღვაწლის  შესახებ  ჩემთვის  იყო შოკისმომგვრელი.   ორი   კვირა ვერ გამოვდიოდი  ემოციებიდან.  უდიდესი მადლობა ამ  წერილისთვის ბატონებს   გიორგი მაჩურიშვილს  და   ლუარსაბ   ტოგონიძეს.  სოფელ  რეხაში  დღემდე  უდიდესი  სიყვარულით იხსენებენ მამა გიორგის, მაგრამ არავინ არ იცის იმ უდიდესი ღვაწლის შესახებ,  რაც ჰქონია  მამა  გიორგის.   ალბათ   ეს   კარგად   იცოდნენ   სანდრო   პაპამ    და   ვასიკო პაპამ,  ამიტომაც  მის სიცოცხლეს  ასე  თავგანწირვით   უფრხილდებოდნენ. თურმე   ასეთი  წმინდანი   ჩემს    სოფელში,  რეხიდან  წასვლამდე  მცირე  პერიოდი   ჩემს   სახლში   ცხოვრობდა,  მის  ნაფეხურებზე  დავდიოდით   და    მის    შესახებ    კი არაფერი   ვიცოდით.   მინდა „საპატრიარქოს  უწყებანიდან“ მცირე ამონარიდის მოკლე   შინაარსი     ამ   წერილში   განვათავსო, რათა   რეხას    მაცხოვრებლებმა  და  საერთოდ   დაინტერესებულმა  პირებმა   მოიგონონ, მოიხსენიონ  და იამაყანონ ამ უდიდესი პიროვნების ღვაწლით. „საპატრიარქოს  უწყებანში“  წერილის სათაურია „არქიმანდრიტი  გიორგი (დარჩია)“.

არქიმანდრიტი გიორგი დარჩია არქიმანდრიტი გიორგი – ერისკაცობაში გიორგი  დარჩია  დაბადებულა  XIX  საუკუნის  70-იან წლებში  გურიაში,   სოფელ   ჯუმათში.  ჯუმათის   მონასტრის   ბერებთან   სიახლოვემ   მიაღებინა   გადაწყვეტილება,   რომ   სიცოცხლე   უფლისათვის   მიეძღვნა,    ამიტომ   ჯერ  მუშაობდა მორჩილად მცხეთის წმინდა ჯვრის  მამათა   მონასტერში,    შემდეგ   გადაიყვანეს   ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის  მონასტერში, ხოლო  ამის შემდეგ წმინდა   დავით  გარეჯელის  მამათა  მონასტერში.  მალე   ამ   მონასტერში    აღკვეცეს    ბერად    და  მონასტრის  წინამძღვრის  –   იღუმენის    ბენედიქტე   ბარკალაიას   ლოცვა-კურთხევით   გაუგზავნიათ   ათონის    მთაზე,   ქართველთა    სავანეში    სამოღვაწეოდ.  ათონის  მთაზე  მოღვაწეობის  პერიოდში   მამა   გიორგის   კარგად  შეუსწავლია    როგორც  ძველ  ბერძნული, ასევე  ბერძნული  სალაპარაკო   ენაც,    რათა   ბერძნულ   ეკლესიასთან   მოლაპარაკებების გზით დაბრუნებოდა ეს  მონასტერი   ისტორიულ   პატრონს.   ამ   მიზნით    რამდენჯერმე   ჩასულა   კონსტანტინეპოლში,   კონსტანტინეპოლის   პატრიარქთან   მოსალაპარაკებლად.  ამ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალა  თურქებსა   და   რუსებს   შორის  გაჩაღებულმა   ომმა.

XX საუკუნის  10-იან  წლებში   მამა   გიორგი   ათონის    მთიდან    დაბრუნების   შემდეგ    მოღვაწეობდა ჭყონდიდის  ეპარქიაში. XX საუკუნის 20-იანი  წლების დასაწყისში  სრულიად   საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსი   ხელაიამ  მიანიჭა   იღუმენის    წოდება  და  გააგზავნა  გორის  რაიონის სოფელ რეხაში (ამჟამინდელი წალკის  რაიონის   სოფელი  რეხა) წმინდა  მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის   ეკლესიაში   წინამძღვრად.     ასეთი   წინამძღვარი  ჰყავდა  რეხას  მრევლს  მძიმე   პერიოდში.  მიუხედავად  იმისა,  რომ  მას  შემდეგ რეხას მიქაელ  მთავარანგელოზის   სახელობის  ეკლესიაში   ღვთისმსახურება    არ    აღდგენილა, მაგრამ მამა გიორგის ღვაწლი და მისგან დაგროვილი   მართლმადიდებლური  ცოდნა   და  მადლი   დღემდე   მფარველობს    ამ  სოფელს.

  1928  წელს, აღდგომას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქრისტეფორე   III-მ (ციცქიშვილი)  მამა   გიორგის   არქიმანდრიტის    წოდება   მიანიჭა.  რეხადან წასვლის შემდეგ მამა  გიორგი   მოღვაწეობდა   ბათუმ-შემოქმედის    ეპარქიაში.

 ამდენი ღვაწლის მიუხედავად, მამა  გიორგი  ვერ  გადაურჩა  კომუნისტების რეპრესიებს და   იგი  1937  წელს  დაკავებისთანავე  დაუყონებლივ  დახვრიტეს.

  ჩემს მიერ საქართველოს უშიშროების არქივში მოძიებული მასალის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ არქიმანდრიტი  გიორგი (გიორგი ზურაბის ძე დარჩია)  დაუხვრეტიათ  1937  წლის  22  დეკემბერს.

     უფლის წყალობით, ასეთი  სულიერი  მოძღვარი  ჰყავდა სოფელ  რეხას  მაცხოვრებლებს   და  მათ  შორის  ჩემს  წინაპრებს.

  სოფელ რეხისთვის   საუკუნეების  მანძილზე  გამონათება  და  დიდი  მადლი  იყო   მხოლოდ  მამა გიორგი   დარჩიასა   და   ალექსანდრე   საბაძის   მოღვაწეობის    პერიოდი,    როცა  მათ  ხალხს ქართულად  ლოცვა  ასწავლეს.   

მამა   გიორგი   კი   გადარჩა,    მაგრამ    ვასიკო  საბაძეს  სიცოცხლის  ბოლომდე გაყვა  სინანული   იმისა,    რომ   რეხაში   მომუშავე   ერთი ახალგაზრდა პედაგოგი   ვერ   გადაარჩინა.    ბიძაჩემი    გიორგი   საბაძე   იხსენებდა:   –  ერთხელ მამაჩემთან  მოვიდა სოფლის სკოლის ახალგაზრდა    პედაგოგი   და   მამაჩემს    შესჩივლა  –  ვასიკო  ძია,  ღამ-ღამობით  ვიღაცეები  მაწუხებენო. მამაჩემი  მაშინვე  მიხვდა,   რაშიც იყო საქმე და სასწრაფოდ სთხოვა  ჩვენს სახლში გადმოსულიყო. ჩვენც   მივეხმარეთ   და მისი  ყველა  პირადი ნივთი იმ  დღესვე  ჩვენთან    გადმოვიტანეთ.    როცა   ყველაფერს    თავისი  ადგილი  მივუჩინეთ, დაბრუნდა სკოლაში, რომ წიგნები და რვეულები   გადაერჩია.    სწორედ  ის  ღამე  მისთვის  საბედისწერო    აღმოჩნდა.    სულ    იმას   ვნანობდით,    რატომ   გავუშვით მარტო. დაქირავებულმა  აგენტებმა სწორედ იმ ღამეს გამოასალმეს სიცოცხლეს.

  ეს   ტრაგედია   სოფელში   დღესაც    ახსოვთ,    მეც   ვიცოდი,    მაგრამ    არასოდეს   დავინტერესებულვარ  იმ  პედაგოგის ვინაობით. სწორედ ამის გამო    ვესტუმრე    პაპაჩემის   ბიძაშვილიშვილს – ქრისტინე საბაძეს (82 წლის).  მისი   სახლი   ზუსტად   სკოლის  გვერდით   იყო. სახლის ფანჯარა სწორედ  სკოლის   იმ   ოთახს   უყურებდა,    სადაც   ეს  ახალგაზრდა   პედაგოგი ცხოვრობდა. მთელი ის პერიოდი მას შესანიშნავად ახსოვს, თანაც   დეტალურად.  ქრისტინეს დედამთილი ნიკოლოზ სიმონოვის ქალიშვილი იყო. სწორედ  ამიტომ   საუბარი   იმით   დავიწყე,    თუ    ლიზა   ბებია   ყოველთვის    ჩემს   სანდრო   პაპას   ცუდად   რატომ    ახსენებდა?  ჩვენიც  არ  ერიდებოდა   და  დიდი  ხნის  წინ  გარდაცვლილ  ჩვენს  პაპას  სულ   წყევლიდა.   მისი   ნაამბობი   ჩემთვის    გამაოგნებელი   აღმოჩნდა .

მიუხედავად ჩემი დასმული კითხვისა, ქრისტინემ თავდაპირველად  მიამბო   საბაძეების   გვარის  ისტორია,  რომელსაც  ყველა  ეკითხება  და  ყველასთან  საუბარს მხოლოდ   ამით   იწყებს. „რეხაში  მე-19   საუკუნის  მეორე   ნახევარში   ყარსიდან შემოსულა ვიღაცა მღვდელი, ბერძენი ეროვნების,  რომელმაც  დაიწყო   სოფლის    მოსახლეობის გვარების გადაკეთება. მას დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს საბაძეებმა. ამიტომ   ჩვენი გვარი ვერ შეცვალეს, მაგრამ  გვარის გვერდით   ჩაწერეს  „ონ  ჟე  საბოვ“.  ასე,   რომ   მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩვენი გვარი   იყო   „საბაძე (ონ   ჟე   საბოვ)“ .    ამაზე  გამეცინა,   ვინაიდან მივიღე   პასუხი    იმ  კითხვაზე,   რაც   გამიჩნდა   არქივში   ალექსანდრე   საბაძეზე   ინფორმაციის   ძიების   დროს.   საქართველოს  საეგზარხოსოს  1911  წლის  რუსულენოვან   ჟურნალში  „საეგზარხოსოს   უწყებანი“,   წავაწყდი   ასეთ   ინფორმაციას:   „ბორჩალოს   მაზრის სოფელ რეხას მკვიდრი  ალექსანდრე   საბაძე (ონ ჟე  საბოვ)   მივლინებულ   იქნას   სოფელ ხოვლეს სამრევლოში მედავითნედ“. 1911 წლის 26 მაისი.   გვარის   ასე   უცნაურად   მოხსენიებამ   კიდევაც   გამაკვირვა,   პასუხი   კი   ქრისტინესგან    მივიღე.

  ქრისტინემ ისევ გააგრძელა:  „რაც   შეეხება   შენს   მიერ   დასმულ  პირველივე   კითხვას –  ჩემი  დედამთილი,  ქალბატონი  ლიზა  მარტო  სანდრო  პაპას კი არა,   საბაძეების მთელ საგვარეულოს ვერ იტანდა. მიზეზი კი ის იყო,  რომ მამამისი (სიმონოვი)  იყო დაპირისპირებული მამა  გიორგი  დარჩიასთან და დარჩიას კი მთელი საბაძეები იცავდნენ.   ჩემი დედამთილი სულ იმის   ქადაგებაში   იყო,   თუ    როგორი   განსწავლული   პიროვნება   იყო   მამამისი –  ნიკოლოზ   სიმონოვი.  მამაჩემმა,  სიმონოვმა   მთელი   მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფია ზეპირად  იცოდაო (თურმე ამაში გამოიხატებოდა მისი   უპირატესი   განსწავლულობა მამა გიორგისთან შედარებით).. ჩემი დედამთილი  თვითონვე  აღიარებდა,   რომ სანამ რეხაში მოვიდოდნენ,  ისინი  სოფელ   გუმბათში   ცხოვრობდნენ.   გუმბათელებს   იმდენად  არ  უნდოდათ  სიმონოვი  მოძღვრად,  რომ  მათ  საქონელს    სოფლის   ნახირში   არ   რევდნენ.

 პედაგოგი, რომელმაც სიცოცხლე რეხაში ტრაგიკულად დაასრულა ,იყო გივი  რამიშვილი.  ვინაიდან ჩვენი  სახლი  იდგა სკოლის გვერდით, ამიტომ   ის    ხშირად    მოდიოდა  ჩვენთან.  მამაჩემი არასოდეს არ აკლებდა სოფლის პროდუქტებს.  მას  მამაჩემი- ნონე საბაძე ყველაფერში ეხმარებოდა. ზამთრის ცივ ღამეებში სულ ჩვენთან იყო  ბუხართან.  მერე მიდიოდა დასაძინებლად. სოფელს ის ძალიან უყვარდა,  ამიტომ   ყველა   ცდილობდა   მის დახმარებას, ძირითადად საკვები პროდუქტებით. მამაჩემი კი ამას არავის უთმობდა. მამაჩემი ყოველთვის გაკვირვებული იყო-ასეთი დიდი ტრაგედია დატრიალდა სოფელში და  არავინ არ მოსულა  ჩვენთან  დასაკითხად, თუ  რა მოხდა იმ ღამეს, ჩვენ ხომ აქვე  ვცხოვრობდითო. ის  რომ კომუნისტების გამოგზავნილი  პედაგოგი  ყოფილიყო,  მაშინ  მთელ სოფელს ააწიოკებდნენ. მაშინ წალკის რაიონში პროკურორად მუშაობდა  სიმონოვის   სიძე, ჩემი დედამთილის დის ქმარი – დანილოვი. მან მაშინვე მიაგნო მკვლელებს,  რომლებიც   რეხის მაცხოვრებლები  იყვნენ  და  პედაგოგი  მოკლეს  ძარცვის მიზნით. შემდეგში ის მკვლელი ციხეშივე მოკლეს – მთავარი მოწმე  მოიშორეს. სინამდვილეში   კი  გივი  რამიშვილი, როგორც  სოფელში ამბობდნენ,  ნოე  რამიშვილის  ძმის შვილი იყოო.   რაც შეეხება სანდრო პაპას,  მის შესახებ  ის ვიცი, რომ  გარდა სასულიერო განათლებისა,  ის იყო ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი.  ჰყავდა ულამაზესი მეუღლე – კატო  ბაქრაძე,  სოფელ აკაურთადან.   ჰყავდა   ქალიშვილიც. რეხადან წასვლის   შემდეგ   სანდრო   პაპა   მონაწილეობას   იღებდა   ქალაქ  ახალქალაქის  განთავისუფლებაში,  ამიტომაც  ის  ძალიან  უყვარდათ   და   უდიდეს  პატივს  სცემდნენ  ახალქალაქის  სომეხი   მოსახლეობა.   ამავე  დროს  ის  მონაწილეობას   იღებდა  ბოლშევიკების   წინააღმდეგ   აჯანყებაში.   იგი   მთელი   წალკის,    თეთრიწყაროს    და   ახალქალაქის რაიონის აჯანყებულების ხელმძღვანელი იყოო. ამის გამო, აჯანყების ჩახშობის შემდეგ იგი იჯდა   ციხეში.  ზუსტად  ამ დროს გაიტაცეს მისი  ცოლ-შვილი.   ციხიდან   გამოუშვეს   ნაწამები   და   დაავადებული,    ამიტომაც    მალევე    გარდაიცვალა.  როდესაც სანდრო საბაძე   ხოსპიოს   სკოლაში   მუშაობდა,   მას  და  მის  ოჯახს    სამეურნეო   საქმეში   ეხმარებოდა რეხადან ხოსპიოში გადასული იოაკიმე მაცუკატოვი. სანდროს გარდაცვალების   შემდეგ, ის ვერ გაჩერდა ხოსპიოში და ისევ დაბრუნდა  რეხაში.  ის  ჩვენი კარის მეზობელი იყო. სულ იხსენებდა, რომ სანდრო და   მისი   მეუღლე   ისეთი   კეთილშობილი  ადამიანები  იყნნენ, რომ მასეთებს მე  ვერასოდეს ვერ შევხვდებიო. კატო   იყო ულამაზესი ქალბატონი. მათი დაკარგვის შემდეგ, მე ხოსპიოში   ვერ   გავჩერდებოდიო“.

 

***

პიესა „ჩაძირული სოფელი“

  მამა გიორგი დარჩიას სოფლიდან წასვლისა და გივი რამიშვილის მკვლელობის შემდეგ,   ვასიკო საბაძე ეულად, პირისპირ აღმოჩნდა იმ განსაცდელის წინაშე, რაც მის ქვეყანას ელოდა.  გივი  რამიშვილი  მოკლეს  1936 წელს. სწორედ  ამ  წელს   სოფელში    გამოჩნდა    ახალი  თანამოაზრე,  ბატონი   ლევან  გოთუა.

      1930-იანი  წლების  დასაწყისში, დაგეგმილი იყო  ძველი  თრიალეთის  ტერიტორიაზე, წალკის  რაიონში  ახალი  მასშტაბური  წყალსაცავის  მშნებლობა.  საფრთხე  შეექმნა  სოფელ  რეხას,  რომელსაც  აყრა  და  სხვაგან  გადასახლება  დაემუქრა.  რეხელების  გადმოცემით  ვიცი,  რომ  რეხა გადაარჩინა თვითონ კანდიდ  ჩარკვიანმა  და  ვინმე მგელაძემ.  კანდიდ  ჩარკვიანის  პასუხი  ყოფილა –  რეხა  რომ იქიდან  ავყაროთო,  მასინ  უზარმაზარ  ტერიტორიაზე  მანგლისიდან  ბორჯომამდე  ერთი  ქართველი  კაციც  კი არ  დარჩებაო.  რეხა  დატბორვას  გადაურჩა,  მაგრამ  სამაგიეროდ  წალკის  წყალსაცავში  6  სოფელი  ჩაიძირა  თავისი  უძველესი  ეკლესიებით.  ხრამჰესის  მშენებლობა  დაიწყო  1934  წელს  და  დასრულდა  1948  წელს.  სწორედ  1936  წელს  ბატონი  ლევან  გოთუა  გადაასახლეს  წალკის  რაიონში,  არ  მისცეს  თბილისში  ცხოვრების  უფლება.  ბატონმა  ლევანმა  გულგრილად  ვერ  აუარა  გვერდი  ყველასგან  მიტოვებულ  და  მივიწყებულ  სოფელ  რეხას,  იგრძნო  ის  უდიდესი  სასიშროება,  რაც  ელოდა  ამ  სოფელს  და  მის  ღირსეულ  დამცველებს,  ამიტომაც  თავისი  პროტესტი  ამ  სოფლის მდგომარეობის  გამო  გამოხატა  თავისი  ნაწარმოებით  „ჩაძირული  სოფელი“,  რომელიც  დღემდე  გამოუქვეყნებელია. გადმოცემით  ვიცოდი  ამ  ნაწარმოების  არსებობა.  ამის  შესახებ  მე  გავიგე მამაჩემისგან  1978  წელს,  ხოლო   ინფორმაცია  წავიკითხე  ჟურნალ „მნათობში“  1990 წელს.

             

ერთხელ  შემთხვევით  მოვხვდი  ერთ  სკოლაში,  სადაც  პედაგოგად  ჩემი  მეგობარი  მუშაობს.  სკოლის  დირექტორმა  როცა  გაიგო  ჩემი  წარმომავლობა,  ძალიან  გაეხარდა,  სულ  ვეძებდიო  ვიღაცას,  რომელიც  რეხამდე  გზას  მიმასწავლიდაო.  მაშინ  მოვუყევი  ბატონი  ლევან  გოთუას „ჩაძირული  სოფელის“  შესახებ.   სკოლის   დირექტორი   იმდენად  დაინტერესდა   ამ   ნაწარმოების   არსებობით   და   შინაარსით,  რომ   დაუკავშირდა  გოთუების   ოჯახს.      შეპირდა,   რომ   თუ    არსებობს   ასეთი   ნაწარმოები,  აუცილებლად მოიტანდა ამ ნაწარმოებს და  ქსერო   ასლს   პირადად   გადმომცემდა.    მთელი  თვე   დიდი   ინტერესით და  შიშით ველოდი  ამ  ნაწარმოებთან   შეხებას. შიშით იმის გამო,   რომ   ვაითუ იქ  სოფელი რეხა საერთოდ   არ   იყოს   ნახსენები   და   მამაჩემს   მართლა   რაღაც   ეშლებოდა. სკოლაში რომ მოიტანეს ეს ნაწარმოები, ჯერ ხელიდან   ხელში   გადაჰქონდათ   ფილოლოგებს. ბოლოს, 2014 წლის  მაისში   დამიბარეს   სკოლაში.   დიდი   რიდით   ერთ-ერთ ფილოლოგს მაინც   ვკითხე,   ამ   ნაწარმოებში   სოფელა   რეხა   თუ   იყო   ნახსენები.    პასუხი იყო ისევ ჩემთვის შოკისმომგვრელი -თავიდან   ბოლომდე   რეხაზეა   მიძღვნილიო.   სახლში   მოტანილი   ნაწარმოები   ორი   კვირა   ვერ   წავიკითხე.   მასთან  შეხება   იმხელა  ემოციებს  იწვევდა   ჩემში,   რომ   ვერანაირად  ვერ   ვეკარებოდი.    ბავშვობიდან  სულ  მახსოვს რეხელების ინტერესი – მოსახლეობა წლების მანძილზე იმაზე   ოცნებობდა,   ნეტავ   ჩვენი არსებობა ვინმემ  თუ   იცისო,   ან   ჩვენზე   რამე   სადმე   თუ   წერიაო.   თურმე   წერია   და თან უდიდესი ქართველი მწერლის  მიერ. ეს  ნაწარმოები  დღემდე  ჩაძირულია,   ისევე,   როგორც ნაწარმოების მთავარი გმირი და ის სოფელი, სადაც მთავარი გმირი ცხოვრობდა.   დაველოდოთ, იქნებ ვინმე  დაინტერესდეს მისი ბედით  და მასაც ეღირსოს მზის   სინათლე.  აქვე მინდა განვათავსო ბატონი ლევან გოთუას ხელით დაწერილი   წინასიტყვაობა,  რომელიც   ნაწარმოების  თავშია   განთავსებული,   როგორც  „წინასწარი   შენიშვნები“.

ლევან გოთუა

ლევან გოთუას ხელნაწერი

 წინასწარი    შენიშვნები

1)   დრამა   „დაძირული    სოფელი“   დაწერილია   ხრამჰესის  მშენებლობის   მასალებზე.  აქედანვეა  აღებული   სოფლის   გადასახლების   ფაქტი,   იმ   განსხვავებით,   რომ   „ხრამჰესში“  ეს   უფრო   დიდ   მასშტაბით   განხორციელდა. (გადასახლებულია  ახალ   ადგილზე   6   სოფელი )

2)   სოფელი   რეხა   მართლაც   არსებობს   წალკის   რაიონში,   აღნიშნული   მშენებლობის  მახლობლად (7 კილომეტრი).   მართალია   მას  არ  მოსწევია  გადასახლება,   მაგრამ   მე   იგი  გამოვიყენე,  როგორც   ყველაზე   უფრო  შორი  და  ჩამორჩენილი   სოფელი  ამ   ისედაც   შორეული   რაიონისა.

3)  თემა:   ძველი   და   ახალი.   მართალია,   ჩემი   გმირის (პარტკომი) სიტყვით რომ  ვთქვათ  „დიდი   ხანია   მოფიქრებული    და   გადაჭრილი“,   მაგრამ   იგი  ჩემის   აზრით,  რა   სახითაც   მე   მაქვს   მოცემული,   არაა   მოკლებული   არამც   თუ   ისტორიულ,  არამედ   თანდართულ  აქტუალურ   მნიშვნელობას.

4) ჩემი რეხა (ძველი ცხოვრების ნაბოლარა   საყუდი)  შესაძლოა   რამდენადმე   ფერშექუფრული იყვეს, ის დიალექტის   დრამატულად   ხელმისავალ გადმოცემისათვის  საჭიროდ   დავინახე .

5) „დაძირული სოფელი“ საბჭოთა მასალაზე ასე ოპტიმისტური ტრაგედიის (კლასიკური გაგებით)   შექმნის   ცდაა.

ლ . გოთუა

ქ.  ტფილისი

3/ IV   39 წ .

***    

რეპრესირებული რეხელები

1937  წელს პატარა  სოფელ  რეხას  9  რეპრესირებული  ჰყავდა,  უმძიმესი  დრო  დაუდგათ   მართლა  ეროვნულად  მოაზროვნე  ადამიანებს.

 I –   პაპაჩემი  – ვასილ    მარკოზის   ძე    საბაძე  (წელს  გავიგე,  რომ  დაუხვრეტიათ);

 II –  ნიკოლოზ   ხუციშვილი   (ვასიკო  საბაძის  დის შვილი),  გადაასახლეს  ციმბირში   და  ცოცხალი  დაბრუნდა   გადასახლებიდან;

III – თეოდორე ყარაგოზაშვილი (ვასიკო საბაძის მამიდაშვილი), გადასახლებაში   გარდაიცვალა;

IV – იობ სოლომონის ძე საბაძე – გადაასახლეს ეკლესიის აღდგენის   გამო.   გადასახლებიდან  დაბრუნდა ცოცხალი და პატრონობდა  სოფლის  ეკლესიას (თომა საბაძის  ძმა). სწორედ მისგან გავიგეთ  ძალიან  ბევრი  დეტალი  მათი  დაკითხვის  დროს და   ყველა   იმათ  შესახებ,   ვინც   იყო  მათი  გადასახლების   მიზეზი;

 V – იობ  ლაზარაშვილი – 72  წლის მოხუცი გადაასახლეს ციმბირში.  ვასიკო  საბაძე    იყო  მისი  მეჯვარე. მისი შვილების ნათლიები  ჩვენი    ოჯახის    წევრები    იყვნენ. გარდაიცვალა   გადასახლებაში;

VI – ლადო  ტოსოვი.  მათი  ნამდვილი  გვარი ზაზაშვილია.    მათი  ნამდვილი  ქართული  გვარი ოფიციალურად ისევე იყო  გადაკეთებული,   როგორც  ყველა  დანარჩენი  რეხელის.  მისი მეჯვარეც  ვასიკო  საბაძე იყო,  გამომდინარე    აქედან   ვასიკო    იყო    მისი  შვილების    ნათლია.   გარდაიცვალა    გადასახლებაში;

 VII – კონსტანტინე ილიას ძე საბაძე. მათ ოჯახთან გარდა ნათესაობისა,  ნათელ-მირონობა, შესაბამისად ახლო ნათესაური   ურთიერთობა   გვაკავშირებდა  ვასიკო   საბაძის  ოჯახს. გარდაიცვალა    გადასხლებაში;

VIII – მიხეილ ქურდაძე– ვასიკო საბაძის   სიძე. ის იყო ვასიკო პაპას  ბიძაშვილის ქმარი, გარდაიცვალა   გადასახლებაში;

 IX –  სანდრო   ხუციშვილი –  ვასიკო  საბაძის  დის  მაზლი,  ნიკოლოზ  ხუციშვილის ბიძა,    გარდაიცვალა    გადასხლებაში.

     9 კაციდან  მხოლოდ  ვასიკო  დახვრიტეს  და  მხოლოდ   ორი    დაბრუნდა    ცოცხალი.    გარდა  ამისა  წალკის  აღმასკომის  თავმჯდომარე    დააპატიმრეს   იმის    გამო,   რომ    მისი    ძმის   შვილის    ნათლია  იყო   ალექსანდრე  საბაძე.  რეხას  ყველა   რეპრესირებული    იყო    „სიებში    მყოფი“.

    უნდა  აღინიშნოს,   რომ   როცა  ვესაუბრებოდი  რეხაში  რეპრესირებულთა   ოჯახების  შთამომავლებს, ყველა  თავისი   ოჯახის  გაუბედურების  მიზეზად  ადგილობრივ  ნათესავებს  და ახლობლებს ასახელებდნენ. ნამდვილი  დამსმენი  და  ჯაშუში  იდგა  ჩრდილში.   ალბათ,   ესეც  ხალხის  დაპირისპირებისა  და  ერთმანეთისადმი  უნდობლობის   კიდევ   ერთი   მიზეზთაგანი   იყო.

  რაც  შეეხება  მეორე  მსოფლიო  ომს,  რეხაში  კაცი  არ დაუტოვიათ,  სოფლის  მამაკაცების  უმრავლესობა  არ  დაბრუნებულა  ომიდან.  ასე  მოიტანა  დღემდე  თავი  სოფელმა  რეხამ,

        გულიკო  საბაძე

         18  აპრილი,  2018  წელი.

გულიკო საბაძე – სოფელი რეხა pdf