Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• პოლიტიკური რისკები

 

ნ. ბაღდავაძე

 

პოლიტიკური რისკები 

 

საქართველო სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა და თავლწარმტაცი ქვეყანაა.
საქართველოს უძველესი და საამაყო ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რომელიც 3500 წელზე მეტით თარიღდება, რაც ქართველებს დიდი სიამაყისა და ღირსების განცდით აღავსებს. საქართველო მსოფლიოში მეორე უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. მას საკუთარი დამწერლობა და ენა გააჩნია და თავს იწონებს მდიდარი მემკვიდრეობით, რაც ასახულია კულტურაში, ხელოვნებაში და გამოიხატება ღრმა ოჯახური ფესვებით, სტუმართმოყვარეობით, განსაკუთრებული კულინარიისა და მეღვინეობის ტრადიციებით.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 19 წლის განმავლობაში ქვეყანამ სამოქალაქო  და სამამულო ომებიც გამოიარა, რასაც კორუფციის აყვავება მოჰყვა, ამან კი სრულიად გააჩანაგა ეკონომიკა და გააღატაკა მოსახლეობა. დღეს მოსახლეობის 61% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ხოლო 23%-მა უცხოეთს მიაშურა.

ეკონომიკის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს, ესენია: ძირითადი დასაქმების სექტორის არაკონკურენტუნარიანობა საექსპორტო ბაზარზე; სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ცუდად მართული საწარმოები; მეწარმეებს არ გააჩნიათ ბაზარზე ორიენტირებული უნარჩვევები, ცუდად ან საერთოდ არ მიუწვდებათ ხელი ფინანსურ საშუალებებზე; გარდა ამისა, ტერიტორიული კონფლიქტები, კორუფცია, საგადასახადო და საბაჟო მოსაკრებლების არაგამჭვირვალე შეგროვება, დანგრეული ინფრასტრუქტურა და არასაიმედო ენერგომომარაგება დამატებით ბარიერებს ქმნის უცხოური ინვესტიციების პირდაპირი მოზიდვის დროს. სოციალური საკითხების თვალსაზრისით, მთავრობა საერთო შიდა პროდუქტის დაახლობით 1%-ს ხარჯავს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და განათლების უზრუნველსაყოფად, რაც სარისკოს ხდის ნებისმიერ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ წინსვლას.

საქართველოსათვის აუცილებელია ახალი მიზნობრივი განვითარების პროგრამები. ჩვენი მიზანია საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობა, აგრეთვე ეკონომიკისა და ჯანდაცვის მომსახურებების განვითარება. ასევე საჭიროა პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალი მიდგომებისა და ღირებულებების დამკვიდრებას, რითიც დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტად პასუხისმგებელნი და ანგარიშვალდებულნი იყვნენ თავიანთი ქვეყნის წინაშე. ჩვენი გრძელვადიანი მიზნები ქვეყნაში კონცენტრირებული უნდა იქნეს სამართლიანობასა და კანონიერებაზე, ეკონომიკის ზრდაზე, ენერგოსექტორის რეფორმირებაზე, სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების განვითარებაზე, დემოკრატიასა და მმართველობაზე, ასევე ახალი ტიპის სამოქალაქო საზოგადოებებისა და სამშვიდობო მოძრაობების ჩამოყალიბებაზე.

მაშინ, როცა ქართული თავისუფალი საზოგადოების მხრივ,  ერთიან სახელმწიფოში, მოსახლეობაში ინერგებოდა სიყვარული, ძმობა, ნათესაობა აფხაზებს, ოსებსა და ქართველებს შორის, საქართველოს მტრების მიერ, ისტორიის გაყალბების საფუძველზე, აფხაზებისა და ოსების არაერთ თაობას ქართველის სახით, ჩამოუყალიბდათ მტრის ხატი! ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ გარე მტრული ძალების პროვოცირებით, ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ სულელურად წარმოებული ომის წინაშე, როგორც ზნეობრივად ისე მატერიალურად. მოუმზადებელი აღმოჩნდა, როგორც თავად ხელისუფლება, ისე ქართული საზოგადოება და მოსახლეობაც.

 საჭიროა თავიდან, ახალი, სწორი, გეგმაზომიერი და მიზნობრივი მიდგომით, საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივი და კანონიერი ხელისუფლების ხელშეწყობითა და ქვეყნის შიგა თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივითა და ძალისხმევით ეროვნულ–რეგიონალური და საერთაშორისო ორგანიზაციების რესურსის გამოყენება და ახალი თაობის ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნა. ეს პროცესები კი ხელს შეუწყობს სეპარატისტულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დათბობას.

საქართველოში ჯერ კიდევ არის საკითხები, რომლებიც მყისიერ მოწესრიგებას საჭიროებენ. ესაა, ქვეყნის სამართლებრივი კანონიერი და დემოკრატიული განვითარების დონე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ქვეყნის პოლიტიკური რისკი, ანუ, მისი პოლიტიკური და სოციალური დინამიკა.    

საქართველოში ბოლო დრომდე არ არსებობდა შესაბამისი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რისკებს რეალურად შეაფასებდა. ამგვარი კვლევის ჩასატარებლად შემუშავებულია გარკვეული მოდელი, სადაც მთავარი სწორად შერჩეული კითხვარია. დღეს ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას რამდენიმე სპეციალისტი და სამოქალაქო ორგანიზაცია ცდილობს.

პოლიტიკური რისკების დათვლისას შემდეგ კომპონენტებს ანიჭებენ მნიშვნელობას:
1. მთავრობის სტაბილურობა; 2. სოციალურ-ეკონომიკური პირობები; 3. საინვესტიციო პროფილი; 4. შიდა კონფლიქტი; 5. საგარეო კონფლიქტი; 6. კორუფცია; 7. სამხედროები პოლიტიკაში; 8. რელიგია პოლიტიკაში; 9. კანონი და წესრიგი; 10. ეთნიკური დაძაბულობა; 11. დემოკრატია; 12. ბიუროკრატიის ხარისხი.

ამათგან განმსაზღვრელი ქულა პირველ ხუთ კომპონენტს ენიჭება, ყველაზე უმნიშვნელო ბოლო კომპონენტია და რასაკვირველია, მაღალი ქულის მიღება კარგ სიტუაციას სულაც არ ნიშნავს.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების დიაგნოსტიკისა და შეფასების პრობლემა თავადვე წარმოადგენს კონფლიქტს. ზოგადად, ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ერთი მხრივ, როგორც ფსიქოლოგიური და მეორე მხრივ, როგორც მეთოდოლოგიური და ინსტიტუციური პრობლემა.

აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას ვივარაუდოთ, რომ ამ რთული კონფლიქტის ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიძლება არც კი იყოს წარმოდგენილი ამ დისკუსიებში. ერთ-ერთი ასეთი კომპონენტია – იდეოლოგიური კონფლიქტი ქვესისტემაში “სეცესიონისტები-იუნიონისტები”.

მნიშვნელოვანია ინსტიტუციური პრობლემებიც.

ეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არც ქვეყანის შიგნით და არც საერთაშორისო დონეზე არ არსებობეს ინსტიტუციური პოტენციალი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონფლიქტების ადეკვატურ შესწავლაზე, დიაგნოსტიკასა და შეფასებაზე. მე-20 წელია საქართველოს მოსახლეობა ჩათრეულია შეიარაღებულ კონფლიტებში და დღემდე არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც წარმოაჩენს ამ კონფლიქტების ადეკვატურ სოციოლოგიას თუ ანატომიას.
აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს ინტელექტუალურმა ელიტამ (სამეცნიერო-აკადემიურმა. ანალიტიკურმა სტრუქტურებმა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებამ) დღემდე ვერ შეძლო მობილიზება და ეროვნული ინტერესების დასაცავად, ინტელექტუალური და ინფორმაციული პოტენციალის ეფექტური გამოყენებით, შეფასებითი ხასიათის სერიოზულ სამეცნიერო ანალიზზე დაფუძნებული პროდუქტის შექმნა. აღარაა ლაპარაკი კონფლიქტის მოწინააღმდეგე მხარის (მხარეების) ექსპერტებთან თანამშრომლობასა და საერთო დოკუმენტების მომზადებაზე. გარკვეულწილად, ეს არსებული ტრაგედიის ერთ-ერთი საფუძველიც არის.

უშედეგოა კონფლიქტის აღქმის პრიმიტივიზაცია _ “აპ-პრობლემა”. “კაპ-პრობლემა” წარმოადგენს რთული, მრავალკომპონენტიანი კონფლიქტების ერთ-ერთ კომპონენტამდე დაყვანას. მაგალითად, ამჟამად არსებული კონფლიქტის დაყვანა საქართველო-რუსეთის კონფლიქტამდე ან მანამდე მისი დაყვანა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებამდე. ეს მცდარი აღქმა შეიძლება იყოს ჩვენს ცნობიერებაზე გარედან მანიპულირების შედეგი, ანუ ხელოვნურად იქმნება ისეთი საინფორმაციო ველი, ისეთი განწყობა, რომელიც ამარტივებს კონფლიქტის სურათს. ამისთვის გამოიყენება სპეციალური სიმბოლოები და დეფინიციები. მათი ფონოსემანტიკური ეფექტი იძლევა აბსოლუტურად სხვა სურთს. ასე იქმნება ფსევდოკონფლიქტი. ამაზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები და როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე სამოქალაქო საზოგადოებებიც  არა მხოლოდ არ ახდენს ამ პროცესის მონიტორინგს, იგი ხელს უწყობს ნებსით თუ უნებლიედ ამ ტერმინების მასიურ ტირაჟირებას.

ქვეყანაში არ არსებობს საინფორმაციო თავდაცვის სისტემა. ამას ხელს უწყობს ადამიანის ისეთი ბუნებრივი თვისებები, როგორიცაა სიზარმაცე და უპასუხისგებლობა ან ნამუსის, თავმოყვარეობის და ეროვნული ღირსების რესურსის დეფიციტი.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია მაჟორიტარული თუ კონსენსუალური დემოკრატიის საკითხი. პოლიტიკური კონფლიქტები ზემოაღნიშნულ ძალებს შორის არასდროს გადაწყდება ისეთ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც ექვემდებარება მაჟორიტარული (ანუ უმრავლესობის) დემოკრატიის კანონებს. ეს სისტემა საქართველოსთვის დამღუპველია და იგი მუდმივი სამოქალაქო ომის გარანტიაა.

გადარჩენის გზები უნდა ვეძებოთ ისეთი დემოკრატიული მოდელის გამოყენებაში, როგორიცაა კონსენსუალური დემოკრატია. ამ პირობებში ყველა ჯგუფის ინტერესები იქნება მეტ-ნაკლებად დაცული და ორიენტირება მოხდება კონსტრუქციულ და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.

ყველაფერი, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, რთული განსახორციელებელია ჩვენი პოლიტიკური კულტურის პირობებში, მაგრამ ამავე დროს _ რეალური. მთავარ საშინაო სირთულეს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობენ ძალები, რომლებსაც არ სურთ ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ესენი არიან სეცესიონისტები.

ჩვენ ვხვდებით სეცესიონიზმის ორ სახეობას:
1. მისი მომხრეები აქტიურად იბრძვიან ტერიტორიული მთლიანობის რღვევისათვის და ამიტომ მათი დაყოფა რამდენიმე ჯგუფად შეიძლება:
სეპარატისტები – ანუ მომხრეები გამოყოფის და დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნის, მაგალითად, დამოუკიდებელი აფხაზეთის მომხრეები.
ირედენტისტები – გამოყოფა იმისათვის, რომ მოხდეს შეერთება სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან ან სხვებთან ერთად ახალი სუბიექტის შექმნა.

2. ამ კატეგორიის სეცესიონიზმის მომხრეები თვლიან, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე შესაძლებელია რამდენიმე საქართველოს არსებობა ან ქვეყნის რბილად დაშლის მომხრეები არიან. აგვისტოს ომმა მათი იდეების განვითარებისათვის ნოყიერი ნიადაგი შექმნა.

რაც შეეხება იუნიონისტებს, აქ სიტუაცია ბევრად მარტივია. ესენი არიან ადამიანები, ვინც არ კარგავს რწმენას იმისა, რომ ერთიანმა საქართველომ შესაძლებელია იარსებოს, და არ თვლიან, რომ ეს იდეა განეკუთვნება პოლიტიკური რომანტიზმის ან პოლიტიკური უტოპიის კატეგორიას.

დღეს ასეთები ბევრნი არიან, მაგრამ არ იციან, რომ იუნიონისტები არიან. მათ ეს იდეოლოგიური იდენტიფიკაცია არა აქვთ. შესაბამისად, მათი ინსტიტუციური განვითარება და მათი დიალოგი სეცესიონისტებთან პრიორიტეტული ამოცანაა სამშვიდობო პროცესის აღორძინებისთვის.

პოლიტიკური სისტემის მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია ასევე მისი ლეგიტიმურობის დონის ხარისხიც.

2 ივნისი 2010

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s