Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუხაძე – კოლექტიური მეხსიერება

ვასილ რუხაძე

კოლექტიური მეხსიერება

 

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ჩვენს საზოგადოებაში იმ ტრაგედიებისადმი კოლექტიური ხსოვნა არ არსებობს, თანამედროვე მსოფლიოში კი თითქმის არ დარჩენილა არცერთი განვითარებული ერი და ქვეყანა, რომელსაც მის მიერ განცდილი ტრაგიკული წარსულის შესახებ კოლექტიური ხსოვნის ჩამოყალიბების ინტენსიური პოლიტიკა არ გაეტარებინოს. “კოლექტიურ ხსოვნას” ყველა ქვეყანა და საზოგადოება ქმნის, რომელსაც საკუთარი თავისუფლება და მომავალი ძვირად უღირს. მტრის მიერ თავსდატეხილ ბოროტებათა კოლექტიური ხსოვნის გამომხატველი მემორიალი, წიგნი თუ ხსოვნის დღე მუდამ თავს  ახსენებს საზოგადოებას წარსულ  უბედურებას, აფრთხილებს მისი  მომავალში განმეორების საშიშროების შესახებ, ქვეცნობიერად  აყალიბებს და განამტკიცებს ეროვნულ ცნობიერებას და აერთიანებს საზოგადოებას, – ეს გახლავთ კოლექტიური მეხსიერების უმთავრესი ფუნქცია და მისი შედეგი. ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კი ჯერ კიდევ აქვს “უკვდავი” ნოსტალგია საბჭოთა კავშირისადმი. როგორც საზოგადოებამ და ქვეყანამ, ვერ შევქმენით კოლექტიური ხსოვნა, რომელიც თანმიმდევრულად და სრულად გამოამზეურებდა საქართველოში ხანგრძლივი რუსული ოკუპაციის შედეგად დატრიალებულ საშინელებათა უამრავ მაგალითს და რუსულ ოკუპაციას ქართულ ისტორიაში, ყოფიერებასა და ცნობიერებაში სრულიად დამსახურებულად, აბსოლუტურ ბოროტებად შერაცხავდა.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “პირWელი” კენტის უნივერსიტეტის (Kent State University, USA) პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტს ვასილ რუხაძეს ესაუბრა.

“თანამედროვე მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და საზოგადოება უკვე ათწლეულებია, რაც “კოლექტიური მეხსიერების” შექმნის ინტენსიურმა პროცესმა მოიცვა. ტერმინი “კოლექტიური მეხსიერება” პირველად XIX-XX საუკუნის ფრანგმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა მაურის ჰალბვაქსმა გამოიყენა, რათა იგი “ინდივიდუალური მეხსიერების” ცნებისაგან განეცალკევებინა. ამ ტერმინით მან გარკვეული ჯგუფის ან საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული და გაზიარებული საერთო ხსოვნა აღნიშნა. მას შემდეგ “კოლექტიური მეხსიერების” ცნება პოლიტიკური მეცნიერების, სოციოლოგიის, ისტორიოგრაფიის, ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის დარგებში გავრცელდა, მყარად დამკვიდრდა და ასობით სამეცნიერო ნაშრომის საფუძველი გახდა. თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებასა და სოციოლოგიაში (განსაკუთრებით კი კონფლიქტების გადაწყვეტის სამეცნიერო ლიტერატურაში) “კოლექტიური მეხსიერება” (იგივე კოლექტიური ხსოვნა) რეპრესიული, ტრაგიკული წარსულის შესახებ საზოგადოების, ერის მიერ კოლექტიურად გაზიარებულ აზრს, უთქმელი თანხმობით, ოფიციალურად მიღებულ ეროვნულ თხრობა-ნარატივს ნიშნავს. იმისთვის, რომ ტრავმატული წარსულის კოლექტიური ხსოვნა ჩამოყალიბდეს, საზოგადოებები მემორიალიზაციის ისეთ ფორმებს მიმართავენ, როგორიცაა ოკუპაციის და რეპრესიის მსხვერპლთა ძეგლების, მემორიალებისა და საძმო სასაფლაოების შექმნა, დაღუპულთა და ტრაგიკული, ისტორიული მოვლენების აღსანიშნავი ხსოვნის დღეების დაწესება, ოკუპაციის მუზეუმების დაარსება, ტრაგიკული წარსულის შესახებ ისტორიული მასალების აქტიური მოძიება, მტრის მიერ თავსდატეხილ უბედურებათა  და ეროვნულ მოღვაწეთა გმირობის შესახებ ისტორიული შრომების, ნარკვევების, სასკოლო-სახელმძღვანელო წიგნების, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების შექმნა და სხვა მრავალი.

 

ერები და საზოგადოებები “კოლექტიური მეხსიერების” შექმნას უმეტესწილად ტრაგიკული და სისხლიანი ოკუპაციების შემდეგ იწყებენ, რათა ოკუპაციით შერყეული ეროვნული იდენტურობა, მოქალაქეობრივი და საზოგადოებრივი თვითშეგნება განამტკიცონ, ან სულაც გარდაქმნან და ეროვნული ერთიანობის ჩამოყალიბება-შენარჩუნებას შეუწყონ ხელი. ზოგიერთი პოლიტიკური მეცნიერი და სოციოლოგი, როგორებიც არიან კარსტედტი (2008), მერტუსი (2000) და სიედერი (2001) უფრო შორსაც მიდის და რეპრესიული წარსულის შესახებ ისტორიული სიმართლის დადგენას, მომავალი თაობებისათვის მისი ისტორიული მატიანეს შექმნასა და კოლექტიური ხსოვნის ჩამოყალიბებას ხედავს, როგორც მნიშვნელოვან წინაპირობას იმისათვის, რომ  წარსულში განცდილი ბოროტება მომავალში აღარ განმეორდეს. ოლიკი (2003) კი, განიხილავს რა ხსოვნის ფუნქციას, წერს, რომ ხსოვნა მუდმივობისა და განგრძობითობის შექმნით ამყარებს იდენტურობას სწრაფი და რადიკალური ცვლილებების პირობებში. იგი ამბობს: “ხსოვნა არის ჩვენი არსების უმთავრესი ნიჭი; ის არის წარსულსა და აწმყოს შორის მიმდინარე დიალოგი, რომელიც განსაზღრავს ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მყოფადობას”. ქვეყნის მთავრობები, ინტელექტუალური წრეები და საზოგადოების სხვა ფენები, ხედავენ რა კოლექტიური ხსოვნის გამაერთიანებელ და შემაკავშირებელ ძალას ქვეყნის ეროვნულ ცხოვრებაში, ერთდროულად არიან ჩართულნი კოლექტიური მეხსიერების შექმნის პროცესში. თანამედროვე მსოფლიო ში თითქმის არ დარჩენილა არცერთი განვითარებული ერი და ქვეყანა, რომელსაც მის მიერ განცდილი ტრაგიკული წარსულის შესახებ კოლექტიური ხსოვნის ჩამოყალიბების ინტენსიური პოლიტიკა არ გაეტარებინოს. ამგვარად, სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა შექმნეს ამ ქვეყნებში 1930-1940-იან წლებში იაპონიის სისხლიანი ოკუპაციის უამრავი ძეგლი, მემორიალი, ხსოვნის დღეები და სასწავლო-საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები, რომელთაც უდიდესი როლი ითამაშეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ საზოგადოებებში ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ეროვნულ კონსოლიდაციაში. კოლექტიური ხსოვნის უამრავი მაგალითი გვხვდება საფრანგეთსა და პოლონეთში, რომელთაც ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა სამარადისოდ უკვდავეყოთ ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის სისასტიკე მომავალი თაობების ხსოვნაში. თვით გერმანიაში, განსაკუთრებით ბერლინში ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლთა უამრავი მემორიალი ადგილობრივებს თუ სტუმრად ჩასულებს მუდამ მოაგონებს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილ საშინელებებს. იგივე პოლონეთს, ისევე, როგორც სხვა ყოფილ კომუნისტურ ქვეყნებს მრავლად აქვთ კომუნისტური ოკუპაციისა და ტირანიის შემახსენებელი მემორიალები, მუზეუმები, საძმო სასაფლაოები, ხსოვნის დღეები, სასკოლო სახელმძღვანელოები და კარგად დოკუმენტირებული ისტორიული მატიანე განცდილი უბედურებების შესახებ. სხვადასხვა ქვეყნების მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ფაქტი ის გახლავთ, რომ კოლექტიურ ხსოვნას ქმნის ყველა ქვეყანა და საზოგადოება, რომელსაც საკუთარი თავისუფლება და მომავალი ძვირად უღირს. მტრის მიერ თავსდატეხილ ბოროტებათა კოლექტიური ხსოვნის გამომხატველი მემორიალი, წიგნი თუ ხსოვნის დღე მუდამ თავს  ახსენებს საზოგადოებას წარსულ  უბედურებას, აფრთხილებს მისი  მომავალში განმეორების საშიშროების შესახებ, ქვეშეცნეულად აყალიბებს და განამტკიცებს ეროვნულ ცნობიერებას და აერთიანებს საზოგადოებას. ეს გახლავთ კოლექტიური მეხსიერების უმთავრესი ფუნქცია და მისი შედეგი. ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ნათელია თუ რაოდენ დადებითი როლი შეიძლება, ითამაშოს კოლექტიური ხსოვნის შექმნამ ოკუპაციიდან ახლადგანთავისუფლებული ქვეყნისა და საზოგადოების ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება-განმტკიცებისა და ეროვნული კონსოლიდაციის საქმეში. კოლექტიური მეხსიერების ფორმირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ საქართველოსა და ქართული  საზოგადოებისათვის მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციისგან განთავისუფლდა 1990-იანი წლების დასაწყისში. რუსული (ორივე, ცარისტული და კომუნისტური) ოკუპაცია საქართველოში მთლიანობაში 187 წელი გაგრძელდა (და სამწუხაროდ, მთლიანად ჯერაც არ დამთავრებულა, რისი მოწმეც თითოეული ჩვენგანია).

 

ამ დროის განმავლობაში რუსეთმა საქართველოს და ქართველ ხალხს განუზომელი მასშტაბის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური უბედურებები დაატეხა თავს. ხანგძლივმა რუსულმა ოკუპაციამ მოარყია ქართული ეროვნული ცნობიერება და ფიზიკურად მოსპო ან თვისობრივად გადააგვარა ჩვენი საზოგადოებრივი ინსტიტუტები. საქართველოს ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე (1980-იანი წლების მიწურულსა და 1990-იანი წლების დასაწყისში) ისე ჩანდა, რომ ორსაუკუნოვანი, სასტიკი რუსული ოკუპაციის შემდეგ ამ საზარელი ბოროტების შესახებ კოლექტიური ხსოვნის შექმნა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რათა შერყეული ეროვნული იდენტურობა გაგვემყარებინა, საზოგადოებრივი კონსოლიდაცია მოგვეხდინა და როგორც ერს, მომავლის საერთო გეგმები ერთად დაგვესახა. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ეს ასე არ მოხდა! ეროვნული მოძრაობის დაშლისა და სამოქალაქო ომის შემდეგ, თუ რამოდენიმე ისტორიულ ნარკვევს, დოკუმენტურ ფილმს და 2006 წელს მთავრობის ინიციატივით  თბილისში შექმნილ “საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს” არ ჩავთლით, საქართველოში ცარისტულ და საბჭოთა ოკუპაციის საშინელებებზე კოლექტიური ხსოვნის ფორმირება შორს არ წასულა. ჩვენში რუსეთის 187 წლიანი ოკუპაციის მიერ დატრიალებულ ბოროტებებზე ცოდნა ნაწილ-ნაწილ, არასისტემურად და არათანმიმდევრულად შემოვიდა, რამაც საზოგადოების უმეტეს ნაწილში საქართველოს ამ უაღრესად ტრაგიკულ პერიოდზე არასრული და მხოლოდ ზედაპირული ცოდნა დაამკვიდრა. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ და ქვეყანამ, ვერ შევძელით, შეგვექმნა ისტორიულ ფაქტებზე დამყარებული საერთო ეროვნული თხრობა-ნარატივი, იგივე კოლექტიური ხსოვნა საქართველოში რუსული (ორივე, ცარისტული და საბჭოთა) ოკუპაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელსაც ერი გაიზიარებდა და მისი მომავალში თავიდან ასაცილებლად ერთად თავდადებით იბრძოლებდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ აქვს “უკვდავი” ნოსტალგია საბჭოთა კავშირისადმი, იმპერიისადმი, რომელმაც მათ სამშობლოს თავისუფლება წაართვა და 70 წლის მანძილზე ასეულ-ათასობით მათი თანამემამულე უმოწყალოდ გაჟლიტა. “კოლექტიური ხსოვნის” უქონლობა განაპირობებს სწორედ, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღემდე მისტირის “ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრობას” მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელმა  აფხაზეთსა და შიდა ქართლში ათასობით მათი თანამემამულე ასევე დაუნდობლად ამოხოცა, ასეულ-ათასობით თანამოქალაქე საკუთარი მიწიდან გამოყარა და მათი სამშობლო დაამცირა და  შეურაცხყო. ასევე არ უნდა გვიკვირდეს, რომ ჩვენში თავისუფლადმონავარდე, საზოგადოების ყველა სფეროში გავრცელებული ქართველი კოლაბორაციონისტები ასეთი ენთუზიაზმით, იმედითა და აღტკინებით მუშაობენ და ქადაგებენ “ჩვენს ისტორიულ მეგობარ და ერთმორწმუნე” რუსეთთან ახლო-მეგობრული ურთიერთობების “აღდგენას”.

 

ქართველი კოლაბორაციონისტების ამ იმედისა და ენთუზიაზმის მიზეზი ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში უნდა ვეძიოთ: ჩვენი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ სრულიადაც არ მიაჩნია განცდილი ცარისტული და საბჭოთა ოკუპაცია (და მისი მემკვიდვრე პოსტ-საბჭოთა რუსული ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიის მეხუთედზე) ბოროტებად. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა: ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ და ქვეყანამ, ვერ შევქმენით კოლექტიური ხსოვნა, რომელიც თანმიმდევრულად და სრულად გამოამზეურებდა საქართველოში ხანგრძლივი რუსული ოკუპაციის შედეგად დატრიალებულ საშინელებათა უამრავ მაგალითს და რუსულ ოკუპაციას ქართულ ისტორიაში, ყოფიერებასა და ცნობიერებაში სრულიად დამსახურებულად, აბსოლუტურ ბოროტებად შერაცხდა. ახლა, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და მტერი გარედან და შიგნიდან, ქართველი კოლაბორაციონისტების აქტიური მოქმედებით გააფთრებული ცდილობს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთხელ ხელყოფასა და ქართული სახელმწიფოს საბოლოო მოსპობას, როგორც არასდროს, გვჭირდება კოლექტიური ხსოვნის შექმნა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა საქართველოში ცარისტული და საბჭოთა ოკუპაცია, რათა იგი, ან მისი მსგავსი ბოროტება საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს. სანამ გადავიდოდეთ  ანალიზზე იმისა, თუ როგორ უნდა შევქმნათ კოლექტიური ხსოვნა, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, გავიხსენოთ და მოკლედ მიმოვიხილოთ საქართველოში რუსული ოკუპაციის უამრავი ძალადობისა და ბოროტების უმთავრესი ფაქტები, რათა ნათლად დავინახოთ, რისი დამახსოვრება და უკვდავყოფა გვმართებს  ქართველებს. 1801 წლიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერიამ თანმიმდევრულად და ძალადობრივად გააუქმა ქართული სამეფო-სამთავროები. საქართველოს მმართველი სამეფო დინასტია და პოლიტიკური ელიტის სხვა წევრები ფიზიკურად გაანადგურეს. დარჩენილი ნაწილი იძულებით რუსეთში  გადაასახლეს, საიდანაც მათი აბსოლუტური უმრავლესობა აღარ დაბრუნებულა. რუსეთის იმპერიამ ქართულ სამეფო-სამთავროებთან ერთად ქართული მრავალსაუკუნოვანი ეკლესიის ავტოკეფალიაც გააუქმა და რუსულ ეგზარქატს დაუქვემდებარა. ამას მოჰყვა ქართული საეკლესიო ქონების მასობრივი ექსპროპრიაცია და რუსეთში გატანა. ძნელი სათქმელია, დღევანდელი საერთაშორისო ვალუტის კურსით რამდენ ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს ეს გატაცებული ისტორიული ქონება. ფაქტია, რომ მაშინდელმა ქართულმა ეკლესიამ განუზომელი ზარალი განიცადა. რუსულმა ეკლესიამ აკრძალა ეკლესიებში ქართულ ენაზე ღვთისმსახურება, რითაც გარდა ქართველი ერის მიზანმიმართული რუსიფიკაციისა და მორალური შეურაცყოფისა, სულიერი განვითარების საშუალება მოუსპო უამრავ ქართველ ქრისტიანს, რომელთაც რუსული ენა ან არ ესმოდათ, ან ღვთისმსახურების მოსმენა მხოლოდ ქართულ ენაზე სურდათ. რუსულმა ეკლესიამ, რუსული ტრადიციის შესაბამისად, თეთრად გადაღება ქართული ეკლესია-მონასტრების უძველესი ფრესკები, რითაც განუზომელი ზიანი მიაყენა ქართულ ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას. რუსეთის იმპერია ქართველი სამღვდელოების ეროვნულად განწყობილ ნაწილს სასტიკად გაუსწორდა. მათგან ყველაზე გაბედულნი, 1820 წლის იმერეთის აჯანყების მონაწილე ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსები რუსმა დამყრობლებმა შეიპყრეს და შორაპნის გზაზე ტომრებში დაახრჩვეს.

 

ცარისტულმა რუსეთმა სისხლში ჩაახშო ყველა ქართული აჯანყება, 1802 წლის თუშ-ფშავ-ხევსურეთის აჯანყებით დაწყებული და 1877 წლის გურიის აჯანყებით დამთავრებული. თანამდევმა რუსულმა სადამსჯელო ექსპედიციებმა მთლიანობაში ფიზიკურად გაანადგურა ათეულ-ათასობით მშვიდობიანი ქართველი და პირისაგან მიწისა აღგავა უამრავი ქართული სოფელი და დაბა. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიულად კარგად ცნობილი შატილის დანგრევა, ხევსურთა ამოჟლეტა და გადარჩენილთა გადასახლება. რუსეთის იმპერიამ ასეულ-ათასობით ქართველი სამცხე-ჯავახეთიდან და აფხაზეთი დან აჰყარა (“მუჰაჯირობა”) და მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლა, მათ ადგილზე კი რუსეთის ერთგული კავკასიური ეთნიკური ჯგუფები ან რუსული რელიგიური სექტები ჩაასახლა.

ცარისტულმა რუსეთმა ფიზიკურად გაანადგურა ყველა ქართველი ეროვნული მოღვაწე, სოლომონ დოდაშვილიდან მოყოლებული. ქართული სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო აქტიური რუსიფიკაციის პოლიტიკას დაუქვემდებარა. რუსულმა ენამ თანმიმდევრულად და წარმატებით დაიწყო ქართულის განდევნა, არა მარტო საზოგადოებრივი, არამედ თვით ოჯახური ცხოვრებიდანაც. 1801 წლიდან მოყოლებული, საქართველოში რიცხობრივად თანდათანობით  მზარდმა  რუსული საოკუპაციო არმიის შენახვამ გააჩანაგა ქართული გლეხობა და მთლიანად ქართული ეკონომიკა. რუსეთის იმპერიამ საქართველოდან გაიტანა აურაცხელი რაოდენობის სასარგებლო წიაღისეული: ხე-ტყე, ქვანახშირი, მანგანუმი, მინერალური წყლები და ა. შ., რომელიც, ძნელი სათქმელია, თანამედროვე საერთაშორისო ვალუტის კურსით რამდენ ასეულ მილიონ (და იქნებ, გაცილებით მეტ) დოლარს შეადგენს. ცარისტული რუსეთის დამყრობლურ ომებში დაიღუპა და დაიჭრა ასეულ-ათასობით ქართველი მეომარი. 1921 წლიდან დაწყებული, საბჭოთა რუსეთის ოკუპაცია არათუ ჩამოუვარდებოდა, არამედ, ალბათ, ბევრად აღემატებოდა ცარისტული ოკუპაციის სისასტიკეს. მის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით ბოლშევიკურმა რუსეთმა ძალადობრივად დაიპყრო სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ფიზიკურად გაანადგურა დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე ათასი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. საბჭოთა რუსეთმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეროვნული არმია და ქვეყანაში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია, თავად ბოლშევიკური პარტიის გარდა. 1922, 1924 წლის აჯანყებების და 1937 წლის რეპრესიების დროს საბჭოთა რუსეთმა დააპატიმრა, გადაასახლა ან ფიზიკურად მოსპო ათეულ-ათასობით ქართველი. ამ რეპრესიებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ქართულ სამხედრო-პოლიტიკურ, ინტელექტუალურ და კულტურულ ელიტას, რომლის უდიდესი ნაწილი დაიღუპა. ამ პროცესმა უაღრესად უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებაზე, რომლის შედეგებს დღესაც  ვიმკით.

ბოლშევიკურმა, და შემდეგ საბჭოთა საეკლესიო ტერორმა, მიწასთან გაასწორა ასობით ქართული ეკლესია-მონასტერი და ფიზიკურად გაანადგურა უამრავი ღირსეული ეროვნული საეკლესიო მოღვაწე, მათ შორის – კათალიკოს-პატრიარქები კირიონ II საძაგლიშვილი (რომლის მკვლელობას 1918 წლის ბოლშევიკური ქაოსის ეპოქაში მკვლევარების ნაწილი ბოლშევიკ აგენტებს მიაწერს, ნაწილი კი – ცარისტ შავრაზმელებს), ამბროსი ხელაია და ქუთათელ-გაენათელი არქიეპისკოპოსი ნაზარი.

იძულებითმა საბჭოთა კოლექტივიზაციამ წელში გატეხა მაშინდელი ქართული ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ღერძი, შეძლებული ქართველი გლეხი, სამუდამოდ წაართვა მძიმე შრომით შექმნილი დოვლათი და, რაც მთავარია, მიწაზე კერძო მფლობელობა.

 საბჭოთა რუსეთმა მეორე მსოფლიო ომში გარეკა 700,000 ბრძოლისუნარიანი ქართველი. ამ ომში საბჭოთა კავშირის, როგორც იმპერიის გადარჩენას, მეორე სისხლიანი და ტოტალიტალური იმპერიის ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში 350,000 ქართველი მეომრის სიცოცხლე შეეწირა. ეს რაოდენობა პროცენტულად ყველაზე მაღალი გახლავთ საბჭოთა იმპერიის ყველა სხვა ერებთან შედარებით.

 საბჭოთა რუსეთის რეპრესიები საქართველოში 1922, 1924 და 1937 წლებით არ შემოფარგლულა. 1921 წლიდან მოყოლებული, 1980-იანი წლების დასასრულამდე საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში, ციხეებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში სიცოცხლე დაასრულა ნათელი გონების უამრავმა შესანიშნავმა ქართველმა, რომელთაც უარი თქვეს, საკუთარი სამშობლოს დაპყრობასა და დამცირებას შერიგებოდნენ. ბევრი ქართველი, საზოგადო მოღვაწე და დისიდენტი ამ წლებში მუდმივი კომუნისტური ტერორის ქვეშ ცხოვრობდა: დაპატიმრებები, გადასახლებები, დაკითხვები, მუქარა და შევიწროება მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 1959 წლის 9 მარტს და 1989 9 აპრილს მშვიდობიანი ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლიანი ანგარიშსწორებები საქართველოში საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის უამრავ დანაშაულობათა ერთ-ერთი გამოხატულებებია.

 1921 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა ძალამ ხელში ჩაიგდო ქართული სასარგებლო წიაღისეულის განკარგვა-ექსპლუატაცია, რის შედეგადაც საქართველომ აურაცხელი რაოდენობის ბუნებრივი რესურსი დაკარგა. დღემდე გაურკვეველია, რა სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობიან ჩვენში არსებული ქართველი, მაგრამ პრო-რუსულად განწყობილი ნოსტალგიური ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც კერძო საუბრებში ხშირად აცხადებენ, რომ საქართველო რუსეთის დოტაციაზე, ანუ ფინანსურ დახმარებაზე იმყოფებოდა საბჭოთა ოკუპაციის წლებში.

საბჭოთა რუსეთმა, ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა ცარისტულმა რუსეთმა ქართული საზოგადოება ინტენსიური რუსიფიკაციის პოლიტიკას დაუქვემდებარეს. რუსულმა ენამ თანდათან ჩაანაცვლა ქართული და იქცა არა მარტო ოფიციალური, არამედ ოჯახური კომუნიკაციის ენად.

 საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოში აგენტურის მასშტაბური ქსელი შექმნა. ათასობით ქართველი, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროდან დაშინებით, შანტაჟით ან სხვადასხვა პრივილეგიების დაპირებით საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან საიდუმლო თანამშრომლობის პროცესში ჩართეს საკუთარი თანამემამულეების და თანამოქალაქეების დასმენის ხარჯზე. საბჭოთა უშიშროების სამსახურთან მასობრივმა თანამშრომლობამ (რომელსაც 1970-იან წლებში ოკუპირებული საბჭოთა საქართველოს მაშინდელი კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი ცინიკურად “სოციალიზაციას” უწოდებდა) დაასუსტა ჩვენი საზოგადოების შინაგანი ერთიანობა, წინააღდეგობის ძალა და დამანგრეველი შედეგები გამოიღო შემდგომში განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ფონზე.

 ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულობათა ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. რა თქმა უნდა, მათ სრულ აღწერას რამდენიმე ტომი დასჭირდება და ეს სტატია მათ ვერაფრით დაიტევს. აქ წარმოდგენილ ისტორიულ ფაქტთა მოკლე მიმოხილვის მიზანი ის გახლდათ, რომ გაგვეხსენებინა იმ სისხლიანი და რეპრესიული ეპოქის უმთავრესი ფაქტები, რომლის მემორიალიზაციაც გვმართებს ქართველებს.

 და მაინც, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ და როგორც ქვეყანამ, იმისათვის, რომ შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მიერ გადატანილი საშინელებების კოლექტიური ხსოვნა?

 – საქართველოს მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს ისტორიული სიმართლის დამდგენი სახელმწიფო კომისია, რომელშიც შევლენ ქართველი ისტორიკოსები, სოციოლოგები, პოლიტიკური მეცნიერები, ფსიქოლოგები და ა. შ. ეს კომისია დეტალურად გამოიძიებს 1801 წლიდან მოყოლებული, რუსული (ორივე, ცარისტული და საბჭოთა) ოკუპაციის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულობებს ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე;

– საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ზემოთ აღნიშნული ისტორიული სიმართლის დამდგენი კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით (ისევე, როგორც სხვა უკვე არსებული უამრავი ისტორიული მასალის გამოყენებით), შეიქმნას ისტორიის სასწავლო სახელმძღვანელოები საქართველოში რუსული ოკუპაციის შესახებ საშუალო სკოლის  მოსწავლეებისათვის და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისათვის;

– შეიქმნას რუსული (ცარისტული და საბჭოთა) ოკუპაციის დროს დაღუპული უამრავი რიგითი ქართველისა თუ ეროვნული გმირის საერთო საძმო სასაფლაოები, მემორიალები, ძეგლები; დაწესდეს მათი ხსოვნის დღეები, ან ხანგრძლივი რუსული ოკუპაციის შედეგად დაღუპულ ქართველთა ხსენების ერთი საერთო ეროვნული დღე;

– საქართველოს ქალაქებსა და დაბებში ქუჩებს, სკოლებს, სკვერებსა და პარკებს მეტი ინტენსივობით ეწოდოს რუსეთის ძალადობის შედეგად დაღუპული ქართველი გმირების სახელები;

– ეროვნული გლოვის დღეებად გამოცხადდეს საქართველოს პირველი (1801 წლის 8 იანვარი) და მეორე  (1921 წლის 25 თებერვალი) ოკუპაციის დღეები;

– ქართული საზოგადოების სხვადასხვა წრეებმა – ისტორიკოსებმა, მწერლებმა, სოციოლოგებმა, კინორეჟისორებმა, ჟურნალისტებმა აქტიური ყურადღება დაუთმონ ისტორიული ნარკვევების, ისტორიულ-ანალიტიკური ნაშრომების, დოკუმენტალური და მხატვრული ფილმების შექმნას, სადაც პროფესიონალურად და ისტორიული ობიექტურობით გადმოსცემენ საქართველოში ორი საუკუნის მანძილზე რუსული ოკუპაციის მიერ დატრიალებულ ტრაგედიებს;

 

ეს ჩამონათვალი შეიძლება, გაცილებით შორსაც წავიდეს. ამ პუბლიკაციის მთავარი მიზანი კი გახლავთ, აჩვენოს ახლა, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში არსებული თანამედროვე ქართველი კოლაბორაციონისტები ქართველი ხალხის დაბნეულ ნაწილს გააფთრებით და თავდადებით უმტკიცებენ “ჩვენს ისტორიულ და ერთმორწმუნე, “მაგრამ ჯერ კიდევ ჩვენს ოკუპანტ რუსეთთან “მეგობრობის აღდგენის” უპირატესობას და აუცილებლობას, თუ რაოდენ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს საზოგადოებაში კოლექტიური მეხსიერების შექმნას. იგი რამდენიმე დადებით შედეგს მოიტანს: აამაღლებს ხანგრძლივი რუსული ოკუპაციის შედეგად დასუსტებულ ქართულ ეროვნულ ცნობიერებას და შექმნის ჩვენი ახალი და უახლესი ისტორიის ერთიან, საერთო თხრობა-ნარატივს, რაც, თავის მხრივ, გაადვილებს საქართველოს განვითარებისა და ბრძოლის საერთო ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას; დაეხმარება ქართველი საზოგადოების ეროვნულ კონსოლიდაციას; თანამედროვე ქართველ კოლაბორაციონისტებს გაცილებით გაუძნელებს ჩვენი საზოგადოების დაბნეულ ნაწილთან “ერთმორწმუნე” რუსეთთან “მეგობრობის აღდგენის იდეის” ექსპორტს, რაც თანდათანობით დაასუსტებს კოლაბორაციონისტთა ძალებს.

 

აქვე, ჩვენი ანალიზის საერთო თემიდან გამომდინარე, მინდა, დავსვა ერთი  კითხვა საქართველოსა და რუსეთს შორის “მეგობრობის” თემასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართველი კოლაბორაციონისტები ბევრ ჩვენს დაბნეულ თანამემამულეს აღტკინებით უმტკიცებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არავითარი არსებითი და სერიოზული პრობლემა არ არსებობს და რომ ჩვენს შორის “მეგობრობის აღდგენა” არათუ შესაძლებელი, არამედ გარდაუვალი კანონზომიერებაა. მართლაც, მოდით ვკითხოთ ჩვენს თავს: შესაძლებელია თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის “მეგობრობის” აღდგენა? პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი 200 წლის ისტორიის მაგალითებზე დაყრდნობით მინდა, განვაცხადო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის “მეგობრული” ურთიერთობა, ამ სიტყვის პირდაპირი და სრული გაგებით, არასდროს არსებობდა, ხოლო არარსებულის აღდგენა ძალიან გაჭირდება. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დამპყრობლისა და დაპყრობილის, მჩაგვრელისა და ჩაგრულის, ძალადობითა და რეპრესიებით აღსავსე ურთიერთობა გახლდად, სადაც გადაგვარებული ქართველების ჯერ – ცარისტული, ხოლო შემდეგ საბჭოთა პრივილეგირებული კასტა მონდომებით ქმნიდა “მოძმე რუსეთთან” ქართველი ხალხის “ისტორიული ძმობისა და მეგობრობის” მითს. გასაკვირია, რა სახის მეგობრობაზე შეიძლება, ვისაუბროთ, როდესაც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთს ქართულ მიწაზე მუდმივად ჰყავდა ათასობით ჯარისკაცისგან შემდგარი უზარმაზარი საუკუპაციო არმია და გამალებით და გულმოდგინედ ჟლეტდა საზოგადოებრივ სარბიელზე გამოსულ ყველა სასიქადულო ქართველს, მრავალ სხვა უამრავ ბოროტებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

რაც შეეხება მეგობრობის ახლიდან ჩამოყალიბებას… მართლაც ყველა იმ საზარელი ბოროტების და ძალადობის შემდეგ, რაც ცარისტულმა და საბჭოთა რუსეთმა (და შემდეგ პოსტ-საბჭოთა რუსეთმა დღევანდელ დღემდე) ჩვენს ქვეყანას და ხალხს დაატეხა, შესაძლებელია თუა არა ამ ორი ქვეყნის შერიგება და ნამდვილი მეგობრობის ფორმირება? ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს დასახმარებლად მინდა, მოვიხმო ზემოთ უკვე ნახსენები პოლიტიკური მეცნიერების და სოციოლოგების, კარსტედტის (2008), მერტუსის (2000) და სიედერის (2001) აზრი, რომლებიც შერიგებისა და მეგობრობის მთავარ ფაქტორად და წინაპირობად ყოფილი მჩაგვრელისა და მოძალადის მიერ ჩადენილი ისტორიული დანაშაულობების აღიარებას ასახელებენ. აქედან გამომდინარე, ვთლი, რომ საქართველოს მთავრობამ, ამჟამინდელმა თუ მომავალმა, მთელი ქართველი საზოგადოების სახელით თანამედროვე რუსეთს, როგორც ცარისტული და საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ და სამართლებრივ მემკვიდრეს, ოფიციალურად უნდა მოსთხოვოს ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ განხორციელებული უწყვეტი ძალადობისა და დანაშაულობების სახალხო აღიარება და ოფიციალური ბოდიშის მოხდა. რუსეთის მიერ ჩადენილი ისტორიული უსამართლობების აღიარება და ბოდიშის მოხდა (საქართველოს ისტორიული კუთხეების – აფხაზეთისა და შიდა ქართლის დაუყოვნებლივ და მთლიან დეოკუპაციასთან ერთად) უმნიშვნელოვანესი წინაპირობები გახლავთ, რათა ორ ქვეყანას შორის, ახლო თუ შორეულ მომავალში მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულობები აურაცხელია, მათი სისასტიკის მასშტაბები – გამაოგნებელი. ამ ორ ქვეყანას შორის ისტორიული ძალადობისა და უსამართლობის უზარმაზარი უფსკრული დევს, რომლის გადალახვა უბრალოდ “რუსეთთან ურთიერთობების ახლიდან დაწყებით” თუ “განახლებით”, როგორც ამას ქართველი კოლაბორაციონისტები ხმის თრთოლვით აცხადებენ, შეუძლებელია! ყოველ შემთხვევაში, თანასწორობის უნივერსალურ პრინციპზე დამყარებული ურთიერთობა და მეგობრობა (მეგობრობა, რომელიც მხოლოდ თანასწორ ურთიერთობებზე შეიძლება, ჩამოყალიბდეს და განვითარდეს) წარმოუდგენელია, სანამ ყოფილი მჩაგვრელი ყოფილი ჩაგრულისადმი თავის დანაშაულობებს არ აღიარებს და ოფიციალურ ბოდიშს არ მოიხდის. მხოლოდ ეს შეიძლება, გახდეს მომავალში თანაბარი და მეგობრული ურთიერთობების გარანტი. მხოლოდ ამან შეიძლება, დაარწმუნოს ჩვენი მრავალტანჯული ქვეყანა, რომ ყოფილი მჩაგვრელი დანაშაულს თავის სახელს უწოდებს, მას აღიარებს და მომავალში მის განმეორებას გამორიცხავს. თუკი ყოფილი მჩაგვრელი და ოკუპანტი თვლის, რომ მის მიერ ჩადენილი ძალადობა და რეპრესიები აღიარებას და ბოდიშის მოხდას არ საჭიროებს, რა არის იმის გარანტი, რომ მომავალშიც იგივეს არ გაიმეორებს?! მჩაგვრელს ხომ ჩაგრულისადმი არ განუცხადებია, რომ წარსულში ჩადენილი ძალადობა და ოკუპაცია მიუღებელი და დასაგმობია? მანამდე კი მაღალი პროფილის რუსთა აქტიური ფსევდო-მოწოდებები და საქართველოში ტრიუმფალური ვიზიტები ვითომც ქართველ ხალხთან “მეგობრობის აღსადგენად” ურცხვი თვალთმაქცობაა და ჩვენი საზოგადოების დეზორიენტაციას, დემორალიზაციასა და გათიშვას ისახავს მიზნად.

 მჩაგვრელისათვის ისტორიული დანაშაულის აღიარებისა და ოფიციალური ბოდიშის მოთხოვნა არც ახალი გახლავთ და არც რომელიმე მხარის დასამცირებლად განკუთვნილი პოლიტიკური აქტია. იგი კოლექტიური მეხსიერების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფორმაა და ხშირად გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადოებათა მიერ. თანამედროვე სამყაროში თითქმის არ დარჩენილა არც ერთი ყოფილი კოლონია, წარსულში ჩაგრული თუ რეპრესირებული ერი და ქვეყანა, რომელსაც თავისი ყოფილი მჩაგვრელისაგან განცდილი ისტორიული ჩაგვრა-ძალადობის აღიარება და ბოდიშის მოხდა არ მოეთხოვოს. როგორც თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებებს შეშვენით, ყოფილმა მოძალადეებმა და იმპერიებმა, აწ უკვე დემოკრატიულმა საზოგადოებებმა სახალხო და გულწრფელი ბოდიში მოუხადეს ყოფილ ჩაგრულებს. ამგვარად, გერმანიის მთავრობებმა აღიარეს და ოფიციალური სახალხო ბოდიში მოუხადეს პოლონელ, ფრანგ, ებრაელ და ევროპის სხვა ხალხებს მეორე მსოფლიო ომისას ოკუპაციისა და მათთვის მიყენებული განუზომელი ზიანისათვის. ასევე საფრანგეთის მთავრობამ მოუხადა ბოდიში ალჟირელ ხალხს ოკუპაციისა და ალჟირის განმათავისუფლებელ ომში მიყენებული უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლისათვის. საფრანგეთმა ასევე აღიარა და სახალხო ბოდიში მოიხადა საფრანგეთის როლისათვის ნაცისტური ოკუპაციის დროს საფრანგეთის ებრაელობის წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებში… მსგავსი უამრავი ისტორიული მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც  შორს წაგვიყვანდა და იგი ამ სტატიის მიზანს სცდება. ფაქტი ის გახლავთ, რომ ოფიციალური ბოდიშის მოთხოვნა ყოფილი მჩაგვრელისაგან საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა და მისი გამოგონების ავტორობა ქართველებს ნამდვილად არ გვეკუთვნის. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ამ პრაქტიკის გონიერი და სამართლიანი მომხმარებლები გავხდეთ.

 უდავოა, რომ საქართველომ უაღრესად მძიმე და რთული  ორასი წელი განვლო, მაგრამ წარსულის ტრავმატულ გამოცდილებას მხოლოდ უარყოფითი როდი მოაქვს. მას ორმაგი შედეგის მოცემა შეუძლია. როგორც არჩერი (1986) წერს, ტრავმამ ადამიანის ყოფიერებაში შესაძლებელია, ითამაშოს ადამიანური ძალის სტიმულანტისა და მამობილიზირებელი ფაქტორის როლი. ტრავმის გადალახვით ადამიანი ახდენს კულტურულ გარდაქმნას, ახლიდან დაბადებას, განახლებას. თუმცა როგორც სზტომპკა (2003) წერს, ტრავმა ყოველთვის შემოქმედებითი როდია. მის წინააღმდეგ მობილიზაცია [საზოგადოებრივი და ინდივიდუალური] შეიძლება, ძალიან მცირე და სუსტი იყოს, მასთან დამოკიდებულების სტრატეგია კი – არაეფექტური. ამ შემთხვევაში ტრავმა ახდენს “კულტურული განადგურების” (გვ. 194) ციკლის ინიცირებას: კერძოდ, სოციალური აქტივიზმის პარალიზებას, აპათიას, პესიმიზმს, მასობრივ უნდობლობას, რაც თანდათანობით კულტურის მოსპობითა და საზოგადოების დაშლა-განადგურებით მთავრდება.

მაშ ასე, შევძლებთ ჩვენ – ქართველები ჩვენი ტრავმატული წარსულის გადალახვას და მის შემოქმედებითად გამოყენებას? ანუ შევძლებთ ჩვენი ტრაგიკული წარსულის საერთო, კოლექტიური ხსოვნის შექმნას და წარსულის უბედურებათა მომავალში განმეორების აღსაკვეთად ერთად, თავდადებით ბრძოლას? შევძლებთ ჩვენ, ქართველები, როგორც საზოგადოება, როგორც ერი და ქვეყანა, ერთობლივად გავიზიაროთ და დავიმახსოვოროთ რუსეთის იმპერიის ხელში განცდილი განუზომელი ბოროტებები, თუ მათ ბრიყვულად დავივიწყებთ და ჩვენს ისტორიულ მტარვალსა და დამამცირებელს კიდევ ერთხელ ჩავუვარდებით ხელში და შესაბამისად, ისტორიის ულმობელ მორევში დავიშლებით და ჩავიკარგებით? ამის პასუხს, ალბათ, უახლესი მომავალი მოგვცემს.

ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერი და სოციოლოგი პრისცილა ჰეინერი ამბობს:  წარსულის ბოროტებათა დავიწყება მის მომავალში განმეორებას იწვევს. მაშ, ჩვენც კარგად გვახსოვდეს ის საზარელი ბოროტება დედამიწაზე, რასაც რუსული ოკუპაცია ჰქვია, რათა ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და ქართველთა მომავალმა თაობებმა იგი აღარასოდეს გამოსცადონ”.

 

 pirweli.com.ge

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s