Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• საგანძური საფრთხეშია

 საგანძური

 

***

ნინო მიქიაშვილი

ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს ბარბაროსები შეესივნენ!!!
  

 

 18.06.2010

ეროვნულ საგანძურში, გასულ შაბათს დატრიალებულ ამბავს თავად ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები დანაშაულად, ვანდალიზმად აფასებენ და ამაში ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს ადანაშაულებენ. ის, რაც მუზეუმის თანამშრომლებისთვის დანაშაული და ვანდალიზმია, კულტურის სამინისტროსთვის “გაუგებრობა”, ან “აბსურდია“.

პრესა.გე გთვაზობთ ჟურნალისტურ მოკვლევას, 12 ივნისს, ეროვნულ საგანძურში მომხდარ, რბილად, რომ ვთქვათ, აურზაურთან დაკავშირებით. ამ მასალაში თითოეული სიტყვა ეფუძნება კონკრეტულ ადამიანებთან შეხვედრის დროს ჩაწერილ ინტერვიუებსა და დოკუმენტებს, რომლებიც ვნახეთ და გადავიწერეთ.

პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა: საქართველოს ეროვნული მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორს, გია მარსაგიშვილს; უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვაჟა ხირსელს; მუზეუმის დაცვის პოლიციის განყოფილების გამგეს, შოთა ხაბეიშვილს; ეროვნული საგანძურის კურატორს ელენე კავლელაშვილს; საგანძურის რესტავრატორს ერმილე მაღრაძეს და კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს სოფიო ხუნწარიას.

ჩვენი მედიასაშუალება არ არის პირველი, რომელიც 12 ივნისს მომხდარ ფაქტს აშუქებს. “ოქროს ფონდში ბარბაროსულად შეჭრის“ თაობაზე 13 ივნისს, ხელოვნების მუზეუმის წინ, “ანჩისხატის და სიწმინდეების კრებულის“ ხელმძღვანელმა, ზაზა ნანობაშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელიც სააგენტოებმა გააშუქეს, ამაზე ინფორმაცია გასულ კვირას ტელეკომპანია “მაესტრომაც“ გადასცა, მაგრამ ვრცელი მასალა, იგივე ჟურნალისტური მოკვლევა პრესა.გე–ს გარდა, დღემდე არავის გაუკეთებია.

ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და ამიტომ, გასულ ოთხშაბათს, პირდაპირ მივედით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში, იქ სადაც, ბატონი დავითის კაბინეტია. დაცვის სამსახურის თანამშრომელს ვთხოვეთ ლორთქიფანიძის თანაშემწესთან დაკავშირება, რომელმაც განგვიცხადა, რომ “ბატონი დავითი მართლა ძალიან დაკავებულია, ვერ მიგიღებთ, ჩვენს ფიარს დაუკავშირდითო“. ფიარის, იგივე ეროვნული მუზეუმის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანა ვერულაშვილის რჩევით, ვითარებაში უკეთ გასარკვევად ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორს, გია მარსაგიშვილს მივაკითხეთ, რომელიც შაბათს მუზეუმში არ იყო, ქალაქგარეთ, მუზეუმის ერთ–ერთი თანამშრომლის დედის დაკრძალვაზე გახლდათ წასული. მომხდარის შესახებ მას ტელეფონით შეატყობინეს. გამომდინარე აქედან, ის, რაც შაბათს ეროვნულ საგანძურში მოხდა, გადმოცემით იცის; ამას დარღვევად აფასებს და ამბობს, რომ ამიერიდან, მუზეუმი შორს დაიჭერს თავს შპს “სტუდია მეტროსგან“, რომელიც საქართველოს მთავრობის დაკვეთით, უცხოურ ტელევიზიებში განსათავსებლად საქართველოზე ერთწუთიან კლიპს იღებს. სწორედ ამ კლიპის ერთი კადრის გადასაღებად, ეროვნულ საგანძურში შესვლას, თუ შეჭრას მოჰყვა დიდი აურზაური.

მანამდე, გია მარსაგიშვილი “მეტროს“ ხელმძღვანელობას ტელეფონით ესაუბრა: “ეროვნულ მუზუემში მათგან 11 ივნისს მოვიდა წერილი: “გთხოვთ, მოგვცეთ საშუალება, 12 ივნისს ოქროს ფონდში შევიტანოთ გადაღებისთვის აუცილებელი, მცირეოდენი განათების აღჭურვილობა“. ეს წერილი ჩვენ გადმოგვიგზავნეს, რომლის მიღების შემდეგ “სტუდია მეტროს“ წარმომადგენლებს ვესაუბრე. მათ უნდოდათ 4 საათზე მოსვლა. ჩვენ ვთხოვეთ სამზე მობრძანებულიყვნენ. ისინი ოქროს ფონდში 7–8 კაცის დაშვებას მოითხოვდნენ. მე 5–6–ზე ვლაპარაკობდი და ბოლოს, შევთანხმდით 7–8 კაცზე. მესამე საკითხი განათებას ეხებოდა; ავუხსენი რომ ფონდში საკმარისი განათება იყო, რომ ყველა ტელევიზია ფონდის განათების ფონზე უპრობლემოდ აწარმოებდა გადაღებას და თითქოს ამაზეც რაღაც თანხმობა გვქონდა. მეორე დღეს, ანუ შაბათს კახეთში ვიყავი აუცილებლად წასასვლელი. მათ აქ მოსვლა დააგვიანეს;

ხუთს რომ ათი წუთი დააკლდა, დაახლოებით იმ დროს მოსულან. ჩვენს თანამშრომლებთან სატელეფონო კავშირი მქონდა. შემდეგ, ოქროს ფონდის ზედამხედველებმა დაურეკეს ელენე კავლელაშვილს, რომელიც არის ოქროს ფონდის მცველი. ისიც კახეთში იყო. უთხრეს, რომ ოქროს ფონდში საკმაოდ დიდი აპარატურის შეტანას ცდილობდნენ. ელიკო იქიდან სასწრაფოდ წამოვიდა“.

გია მარსაგიშვილს ვთხოვეთ ელენე კავლელაშვილთან შეხვედრაში დაგვხმარებოდა. იგი მუზეუმის ფოიეში დაგვხვდა, ტელეკომპანია “რუსთავი 2“–ის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა და გვთხოვა დავლოდებოდით. დრო უქმად რომ არ დაგვეკარგა, მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, ვაჟა ხირსელთან შეხვედრა გადავწყვიტეთ. ამაშიც ბატონი გია დაგვეხმარა, “ ბატონი ვაჟა ნახეთ, მგონი საქმის ვითარება იცისო“, – გვითხრა, ვაჟა ხირსელის სამუშაო კაბინეტთან მიგვაცილა და გამოგვემშვიდობა. მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ინტერვიუს ჩაწერაზე კატეგორიული უარი განგვიცხადა – “მე პირადად დავით ლორთქიფანიძეს ვემორჩილები და სანამ ის არ მიბრძანებს, ინტერვიუს ვერ მოგცემთ. დაუკავშირდით, მისგან ნებართვა აიღეთ“. ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა ჩვენს სატელეფონო ზარს კვლავ არ უპასუხა. შემდეგ ისევ მუზეუმის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ანა ვერულაშვილს დავურეკეთ და დახმარება ვთხოვეთ, რაზეც ცივი უარი მივიღეთ – “თქვენ რა, ორი რესპონდენტი – გია მარსაგიშვილი და ელიკო კავლელაშვილი არ გყოფნით, ამ აბსურდზე რომ ამხელა ამბავს ტეხთ?!“

ხელოვნების მუზეუმის და იქ არსებული ეროვნული საგანძურის უსაფრთხოების ირგვლივ ვაჟა ხირსელს პირადი საუბრის დროს რამდენიმე კითხვა დავუსვით, რომელთა შორის ყველაზე საინტერესო პასუხი ამ კითხვაზე გაგვცა – “როგორ მოიქცევით, თქვენმა ზემდგომმა ისეთი რამ რომ გიბრძანოთ, რისი შესრულებითაც კანონი დაირღვევა?” პასუხი: “იცით რა, ჩემო კარგო, კანონი დაირღვევა, მაგრამ შენი უფროსი, რომ გიბრძანებს, უნდა შეასრულო, მაგრამ მე რომ ვეტყვი, რომ ეს არის უკანონო და ის კიდევ მიბრძანებს, მე პასუხისმგებლობა მეხსნება“.

ჩვენს მკითხველს ვთხოვთ, ერთი წუთით წარმოიდგინოს, რა მდგომარეობაში იქნებოდა დღეს ეროვნული საგანძური, ჩვენს წინაპრებს მის უსაფრთხოებაზე ლორთქიფანიძე–ხირსელისეულად, რომ ეზრუნათ (მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ). ვაჟა ხირსელისგან შევიტყვეთ, რომ “შაბათს საგანძურში მომხდარი ამბის შემდეგ, საგანძურის მთავარი მცველი, იგივე კურატორი, ელენე კავლელაშვილი გულის წასვლამდე იყო. სადღაც წასული გახლდათ. ჰოდა, რომ ჩამოვიდა და აქ ეს ამბავი დახვდა, ელდა ეცა. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, გული რაღაცას მიზამდა. ეს დაუშვებელია“.

როგორც პრესა.გე–მ შეიტყო, შაბათ საღამოს, “სტუდია მეტროს“ და მათთან ერთად დაახლოებით ასი კაცის საგანძურში შესვლის, თუ შეჭრის და იქ აპარატურის შეტანის შემდეგ, დაცვის პოლიციამ დამხმარე ძალა ჯანაშიას სახელობის მუზეუმიდან გადმოიყვანა. ინტერვიუს მოცემაზე დაცვის პოლიციის განყოფილების გამგემ, შოთა ხაბეიშვილმაც უარი გვითხრა – “ამის უფლება არ მაქვსო“. პირადი საუბრისას განგვიმარტა, რომ დაცვის პოლიციას, რომელიც უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ექვემდებარება, შაბათს კანონი არ დაურღვევია. ამის შემდეგ მან საქაღალდე გახსნა და მაგიდაზე დავით ლორთქიფანიძის ხელმოწერილი წერილის ასლი დაგვიდო და გვითხრა – “ჩვენ აი, ამ დოკუმენტით ვიხელმძღვანელეთო“. ეს წერილი სიტყვა–სიტყვით გადმოვიწერეთ:

N01/10–636
11..06.10

შსს ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსს, პოლიციის კაპიტანს თამაზ მამულაშვილს

ბატონო თამაზ, შპს “სტუდია მეტრო“, საქართველოს მთავრობის დაკვეთით აწარმოებს კლიპის გადაღებას საქართველოს შესახებ. კლიპის ერთი კადრის გადაღება მოხდება ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში. გთხოვთ, ამა წლის 12 ივნისს, “სტუდია მეტროს“ წარმომადგენლები დაუშვათ ოქროს ფონდში და შეატანინოთ გადაღებისთვის საჭირო განათების აღჭურვილობა.
პატივისცემით, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე

 

შოთა ხაბეიშვილთან საუბრის დასრულების შემდეგ, ხელოვნების მუზეუმის საგანძურის კურატორს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ელენე კავლელაშვილს შევხვდით და ვესაუბრეთ. იგი უკვე 30 წელია საგანძურის თანამშრომელია. ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე, არასდროს უნახავს ის, რასაც შაბათს შეესწრო:

“მანამდე, 4 ივნისს ოფიციალური შეტყობინება მივიღე, რომ “სტუდია მეტრო“ საქართველოზე კლიპს იღებდა, რომლის ერთი კადრისთვის, ოქროს ფონდში ფოტოგადაღების ნებართვას ითხოვდა. ისინი 5–ში მოვიდნენ, აქაურობა დაათვალიერეს და საგანძურისთვის მიუღებელი, გარკვეული პირობები წამოაყენეს –უკეთესი ფოტოები, რომ გამოგვივიდეს, დამატებით განათებას გამოვიყენებთო… ვუთხარი, რომ ამის გაკეთება დაუშვებელი იყო, რაზეც მომიგეს – “ნუ გეშინიათ, დავრეკავთ და მოვაგვარებთო“. ავუხსენი, რომ ეს საქმე ვერ მოგვარდებოდა, უნდა დამორჩილებოდნენ ჩვენს მოთხოვნებს, რაც არა ჩვენი კაპრიზი, არამედ, საერთაშორისო კანონებით განსაზღვრული მოთხოვნებია. მათ ვუთხარი, რომ ხელს იმ შემთხვევაში შევუწყობდით, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებდნენ.

ამ საუბრის შემდეგ ისინი წავიდნენ. 11–ში მუზეუმის კონსერვატორი, გია მარსაგიშვილი მობრძანდა და მითხრა, რომ იგივე ჯგუფი 12–ში შემოვიდოდა; “სპეციალური, რეზოლუციიანი მიმართვა არსებობს, შემდგომში მოგიტანთო“. როცა ვკითხე როგორ შემოვლენ–მეთქი, ბატონმა გიამ მომიგო, ყველა პირობას დაიცავენ, განათების გარეშე შემოდიანო. მას ორი მამაკაცი ახლდა, ვერ გეტყვით ისინი ვინ იყვნენ, მაგრამ მათაც მითხრეს, პრობლემა არ არის, ამ პირობებს დავიცავთო.

მე ვიცოდი, რომ ისინი შაბათს ორ საათზე უნდა მოსულიყვნენ. აქ ვერაფერი პრობლემა ვერ დავინახე; ვიფიქრე, რომ შემოვიდოდნენ და ერთ–ორ ფოტო–კადრს გადაიღებდნენ, რასაც ზედამხედველებიც მშვენიერ კურირებას გაუწევდნენ. მე არ ვიცოდი, თუ ისინი ვიდეოგადაღებას აპირებდნენ. დაპირებული, რეზოლუციადადებული ქაღალდი, დაგვიანებით, პოსტ–ფაქტუმ, კვირას მივიღე, რომელშიც ეწერა, რომ კლიპი უნდა გადაღებულიყო, რისთვისაც ამ ჯგუფს “მცირეოდენი განათების აღჭურვილობა“ უნდა შემოეტანა. ამ ქაღალდს მუზეუმის გენერალური დირექტორის რეზოლუცია ედო გია მარსაგიშვილის სახელზე – “გთხოვთ, განიხილოთ და შესაძლებლობის შემთხვევაში დართოთ ნება“.

შაბათს, 12 ივნისს, ელენე კავლელაშვილს საგანძურის ზედამხედველებმა 16.45 წუთზე დაურეკეს და უთხრეს, რომ გადასაღებად არავინ მოსულა. როცა ხუთის ნახევრის შემდეგ საგანძურის დასათვალიერებლად არავინ მიდის, იქაურობა იკეტება და შესაბამისად, ფონდის კურატორმა მათ სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ საგანძური დაეკეტათ. 16.52 წუთზე ზედამხედველებმა კურატორს კვლავ დაურეკეს – “მოვიდნენ და კატეგორიულად ითხოვენ შემოსვლას, აპარატურის შემოტანას“. ამის შემდეგ, ელენე კავლელაშვილი ერთ–ერთ სტუმარს (სავარაუდოდ, “მეტროს“ წარმომადგენელს) ტელეფონით თავად დაელაპარაკა, რომელმაც აუხსნა, რომ მათ საგანძურში მხოლოდ ერთი პატარა ნათურის შეტანა უნდოდათ. საგანძურის კურატორს რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ დაურეკეს – “მძიმე აპარატურა შემოაქვთ, განუზომლად დიდი რაოდენობის ხალხი შემოდის“.

ელენე კავლელაშვილი კახეთიდან იმ წუთას წამოვიდა და თბილისში ჩამოსულს, რვის ნახევარზე ასეთი სურათი დახვდა:

“მუზეუმის წინ უცხოური მარკის უზარმაზარი ტრაილერი იდგა, რომლის უკანა კარი გაღებული იყო; მასში რაღაც ნარჩენები ეწყო, ყუთების ცარიელი კარკასები; ჩანდა რომ მუზეუმში მძიმე აპარატურა იყო შეტანილი. იქვე იდგა სპეციალური მოძრავი ბარი – დიდი მანქანა, რომელზეც იყიდებოდა ლუდი, ჩაი, ყავა, ნამცხვრები. იქვე იყვნენ ახალგაზრდა გოგო–ბიჭები, რომლებიც ლუდს შეექცეოდნენ და მუზეუმში შედიოდნენ, გადიოდნენ. პლუს ამას, იქ კიდევ სამი თუ ოთხი მიკროავტობუსი და კიდევ ერთი სატვირთო მანქანა იდგა.

საერთოდ, ასეთ დროს მუზეუმის წინ ტრანსპორტის ასეთი ჭარბი რაოდენობა არ არის და ამის დანახვაზე შევშფოთდი. მუზეუმის კარი ღია გახლდათ. ფოიეში დიდი ზომის სადენები, დენის წყარო იყო შემოტანილი – რამდენიმე მსხვილი კაბელი პირდაპირ საგანძურისკენ მოდიოდა. საგანძურის კარი ბოლომდე ღია და საგანძურის პირველი, დიდი დარბაზი, ხალხით სავსე დამხვდა; შიგნით დაახლოებით ას კაცამდე იქნებოდა. როგორც საგანძურის ზედამხედველებმა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, ორი საათის განმავლობაში საგანძურში დაახლოებით სამასი კაცი შევიდა და გავიდა, რაც არის დაუშვებელი! დარბაზის ცენტრში ასევე მათ მიერ შეტანილი კომპიუტერები იდგა. საგანძურში კომპიუტერების შეტანა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან გამოსხივება იქაურობას ვნებს.

ამ კომპიუტერებში უყურებდნენ იმას, რაც ხახულის ღვთისმშობლის ხატთან ხდებოდა. ნახევარი დარბაზი შემოტანილი აპარატურით, ყუთებით იყო სავსე. რომ შემოვედი ხახული ვერ დავინახე, რადგან დიდი შავი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, რომელიც ანჩისხატის კარადის საფასადო ნაწილს შუაზე კვეთდა. ხახულის კარადა საერთოდ არ ჩანდა, ხოლო ანჩისხატი ნახევრად იფარებოდა. აღშფოთება ვერ დავმალე და ხმამაღლა მივმართე – ეს, რას სჩადით? თქვენ საქართველოს უპირველესი ხატები დააზიანეთ–მეთქი. დარბაზში ტემპერატურული რეჟიმი დარღვეული იყო, კონდენცირება აღარ იგრძნობოდა. პლუს ამას, დარბაზში ეს ხალხი რაციებით და მობილურებით იყო შემოსული, რაც ასევე დაუშვებელია. როგორც მითხრეს, ერთმა გოგონამ სიგარეტიც კი ამოიღო და კიდევ კარგი არ მოსწია. იცით, როგორი სურათი დამხვდა?! – საგანძურის დარბაზი კინოგადაღების მოედნად ჰქონდათ გადაქცეული, თავისი სალონით. იმ წუთში ვერ დავინახე შავი ფარდის მიღმა რა ხდებოდა. ორმა ახალგაზრდა კაცმა დარბაზიდან გამომიყვანა.

მე ვერ ვჩერდებოდი, ხმამაღლა ვყვიროდი, აღშფოთებას გამოვხატავდი. ჩემს კაბინეტში შემომიყვანეს და მოითხოვეს გავჩერებულიყავი, მაგრამ მე ვერ გავჩერდებოდი, ტყვიამფრქვევის წინაშეც რომ დავმდგარიყავი, მაინც ვერ გავჩერდებოდი, იქ ისეთი სურათი დამხვდა. ვერ დამაკავეს, დარბაზში ისევ შევბრუნდი – აქაურობა სასწრაფოდ დატოვეთ–მეთქი. ქართველებთან ერთად იქ ფრანგები და უკრაინელებიც იყვნენ. ერთ–ერთმა ფრანგმა რომ დამინახა, გამოაცხადა – “ოქეი“, გადაღება შეწყვიტეს და დარბაზიდან აპარატურის გატანა დაიწყეს. ხახულს შავი ფარდა, რომ ჩამოხსნეს, მის თავზე დიდი, გრძელი კინოფარის ჩამოღება ვეღარ მოასწრეს. ზედამხედველებმა მითხრეს, რომ თითქმის სამი საათის განმავლობაში ხახულს ანათებდა გვერდებიდან ორი ძლიერი კინოფარი და ერთი ზემოდან. როგორი ცივი განათებაც არ უნდა ყოფილიყო, სხივები საშინლად აზიანებს, რადგან აქ გვაქვს ოქრო, რომელზეც სხივები უარყოფითად მოქმედებს; ასევე გვაქვს ვერცხლი, რომელიც უკვე რეკრისტალიზაციას განიცდის; ტიხრული მინანქარი გვაქვს, რომელიც მეშვიდე–მერვე საუკუნიდან მოყოლებული, მეთორმეტე საუკუნის ჩათვლით ფენებს შეიცავს; აქ გვაქვს პატიოსანი თვლები, რომლებიც ასევე უძველესია და ხახულს დავით აღმაშენებელმა შესწირა (თუ უფრო ძველი ქვები არა გვაქვს კიდევ). ამ ქვებს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, ასეთი სხივები მათთვის დაუშვებელია, აღარ ვლაპარაკობ ტემპერატურულ რეჟიმზე…

პლუს ამას, ხახულის წინ რკინის მძიმე რელსები იდო, რომელზეც ლითონის კინოგადაღების კამერის დასამაგრებელი მოწყობილობა მოძრაობდა. როგორც ზედამხედველებმა გადმომცეს, სანამ რელსებს გაამაგრებდნენ, როგორც ხახულის, ისე ანჩისხატის ვიტრინები ზანზარებდნენ. საგანძურში ყველანაირი პირობა დაირღვა; იყო რხევები, ბიძგები, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, ტენიანობის დარღვევა, სინათლის დარღვევა, რის გამოც არა მარტო ხახულმა, არამედ ყველა ხატმა, რომელიც საგანძურშია დაბრძანებული, დაზიანება მიიღო, რომელიც დღესვე არ გამოჩნდება, თანდათანოდბით იჩენს თავს“.

ელენე კავლელაშვილი გასულ წლებში სხვადასხვა ქვეყნებიდან (იაპონიიდან, ნიდერლანდებიდან…) ჩამოსული გადამღები ჯგუფების მუშაობას იხსენებს, რამაც ყოველგვარი ზედმეტი განათებების და აპარატურის გარეშე, უპრობლემოდ ჩაიარა.

“მთელი ამ წლების განმავლობაში, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ საქართველოს კულტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ღონიძიებებს, მაგრამ ამავდროულად, საერთაშორისო კანონის შესაბამის პირობებს ვაყენებთ, რომლის დაცვა აუცილებელია. უცხოეთის მუზეუმებში ასე მხოლოდ სიძველეების ასლებთან იქცევიან, დედნებთან მსგავსი ქმედება დაუშვებელია. ეს არის საყოველთაოდ მიღებული წესი“, – ამბობს ელენე კავლელაშვილი და გასულ შაბათს ეროვნულ საგანძურში მომხდარ ფაქტს ასე აფასებს:

“საგანძურის ისტორიას მსგავსი რამ არ ახსოვს. ეს არის მასირებული, დამანგრეველი შეტევა საგანძურზე! მე სხვა სიტყვები არ მომეძევება. როგორი სასჯელიც არ უნდა წამოვიდეს ჩემს წინააღმდეგ, ამას ყველგან ვიტყვი. შაბათს ჩემი არყოფნით ისარგებლეს; აქ რომ ვყოფილიყავი, თავს შევაკლავდი და ამას არ დავუშვებდი. სამოცდაათიან წლებში, როდესაც ასეთი გადაღებები ხდებოდა, ამ პროცესს მუზეუმის იმჟამინდელი დირექტორი, შალვა ამირანაშვილი ზედამხედველობის გარეშე არ ტოვებდა, თავად ესწრებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ზედამხედველობა მკაცრად იყო განსაზღვრული და ვერავინ გაბედავდა რაიმე ისეთს, რაც საგანძურს დააზიანებდა. აქაურობა ყოველთვის დაცული იყო. ჩვენი წინაპრები საგანძურს სხვანაირად უვლიდნენ. ჩვენ მოვალე ვართ იგივე გავაგრძელოთ“.

ეროვნული საგანძურის რესტავრატორი, ერმილე მაღრაძეც არ იყო შაბათს მუზეუმში, რადგან ეს მისთვის არასამუშაო დღეა; ამბობს, რომ არავის გაუფრთხილებია, არაფერი იცოდა და ამიტომაც დასვენების დღეს სამსახურში არ მოსულა. გამომდინარე აქედან, მონაყოლზე დაყრდნობით, შესაძლო დაზიანებებზე ვერ გვესაუბრა, რადგან თავისი თვალით არ უნახავს, როგორი ტიპის განათებები, რა ტიპის აპარატურა შეიტანეს და ამუშავეს საგანძურში, “მაგრამ ძირითადად რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ეს არის დირექციის, უშუალოდ დათო ლორთქიფანიძის დანაშაული. გადაეცით ჩემგან ეს სიტყვები. ეს აურზაური არ შედგებოდა, ის რომ იქ მიბრძანებულიყო. ხომ იცოდა, რომ ეს ხდებოდა?!“

ჩვენ დავინტერესდით, იცოდა თუ არა საქმის ვითარება ეროვნული მუზეუმის ზემდგომმა, კულტურის სამინისტრომ. ამ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფიო ხუნწარიამ განგვიცხადა:

“კულტურის სამინისტრომ იცოდა, რომ მზადდება სარეკლამო რგოლი. მუზეუმმა ჩაგვაყენა საქმის კურსში, რომ შემოვიდა გარკვეული დოკუმენტაცია, აპარატურის შეტანასთან დაკავშირებით. იქ არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა, გარკვეულწილად ამას დავარქმევდი ან გაუგებრობას, ან აბსურდს. სარეკლამო რგოლი უნდა გადაეღოთ და ბუნებრივია, ამას სჭირდება სპეციფიური განათება და ასე შემდეგ. თუმცა გადამოწმებულ იქნა, რა განათება შედის, რა ტექნიკა შედის და ასე შემდეგ, იმისთვის რომ რაიმე ნიმუში არ დაზიანებულიყო. უმჯობესია გამოითხოვოთ და ბოლომდე ნახოთ მთელი საბუთები, იქ კარგად ჩახედოთ რა და როგორ წერია“.

საბუთებიც გამოვითხოვეთ და კარგადაც ჩავიხედეთ, რა და როგორ წერია, მაგრამ გადამოწმებული და დაკონკრეტებული ვერაფერი ვნახეთ. ამ ინცინდენტის გახსენებამ კი 21 აპრილს, ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ჩაწერილი ინტერვიუ გაგვახსენა, რომელიც პრესა.გე–ზე 21 აპრილს გამოქვეყნდა სათაურით – “ექსპონატების გატანა ეროვნული საგანძურიდანაც შეუძლიათ“, რომელშიც გენერალური დირექტორი თავად საუბრობს, როგორ გამოსცა კანონქვემდებარე აქტი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ მინისტრს, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს, სურვილის შემთხვევაში საგანძურიდან ექსპონატის გატანა და კაბინეტში დაკიდება შეუძლია.

 http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11522

 

***

 

ეროვნულ საგანძურს განადგურება ემუქრება 

 

17/05/2010

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს – იესო ქრისტეს უკავშირდება. საეკლესიო-ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ, რომ “მხატვარი ბევრს ეცადა, მაგრამ მაცხოვრის სახის ტილოზე გადატანა ვერ შეძლო, მაშინ იესომ მას ტილო გამოართვა, სახეზე მიიფარა და მასზე მისი სახე სასწაულებრივად აღიბეჭდა”.  ამიტომ ჰქვია ანჩისხატს ხელთუქმნელი სიწმინდე და იგი საქართველოში უფლის განგებით მოხვდა. მრავალ განსაცდელსა და მრავალ უსჯულოს გადარჩენილმა ხელთუქმნელმა სიწმინდემ დღევანდლამდე სასწაულებრივად მოაღწია, თუმცა განსაცდელის ჟამი ჯერ არ დასრულებულა. ჟამთა აღმწერელი 21-ე საუკუნეშიც განაგრძობს ისტორიის თხრობას: ბოლშევიკურმა რეჟიმმა ეკლესია-მონასტრები დაანგრია, რაც გადარჩა – წაბილწა და გამორჩეული ფასეულობები, მათ შორის, სასწაულმოქმედი ხატები და ჯვრები, მუზეუმის ექსპონატებად აქცია. მრევლიც და ეკლესიაც დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა ამ სიწმინდეების კანონიერი მფლობელისთვის, ეკლესიისთვის დაბრუნებას, მაგრამ – უშედეგოდ.

 რამდენიმე ათეული წლის წინათ სასწაულმოქმედი სიწმინდეების დაპატიმრებას ღვთისმგმობელ საბჭოთა რეჟიმს უკავშირებდნენ, ე. წ. ვარდების რევოლუციისა და საქართველოში ე. წ. დემოკრატიული და პროგრესული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, საზოგადოებას იმედი გაუჩნდა, რომ კეისარს – კეისრისა, ხოლო უფალს – უფლისა მიეზღვებოდა და იმ სიწმინდეებს, რომელთა ადგილიც ეკლესიაშია და რომელთა წინაშეც მრევლმა უნდა ილოცოს, მუზეუმის ბნელი სარდაფებიდან ამოიღებდნენ და კანონიერ მფლობელს დაუბრუნებდნენ. თუმცა იმედი ამ შემთხვევაში პირველი მოკვდა და “დემოკრატიული მმართველობის” ხედვის კუთხე, ბოლშევიკურ სტანდარტებს, თანაც ყველაზე ცუდი კუთხით, ვერაფრით გასცდა.

 

 

“უსაფრთხოებისა და დაცვისთვის”

 

 ქართული მართლმადიდებლური სიწმინდეების მუზეუმის საცავებსა და დაბზარულ საგამოფენო დარბაზებში დატოვების მთავარ და ერთადერთ მოტივად თავად ამ საგანძურის უსაფრთხოებაზე ზრუნვა სახელდება. მუზეუმის მესვეურთა განცხადებით, ხატები, ეკლესიაში გადაბრძანების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, მათზე უარყოფითად იმოქმედებს სანთლის კვამლი, მრევლის მრავალრიცხოვნება და, ამასთან, დაცული არ იქნება მძარცველებისგანაც. მუზეუმებში კი, ისევ მუზეუმის მესვეურთა მტკიცებით, ყველა სათანადო პირობაა შექმნილი და ხატების უსაფრთხოებას თურმე არაფერი ემუქრება.

გასაგებია – ევალებათ და ამბობენ, მაგრამ რამდენად სანდოა ეროვნული საგანძურისა და სიწმინდეების მინდობა ვიღაცების სამსახურებრივ მოვალეობაზე და აგრესიულ რიტორიკაზე? ამ მამაცხონებულებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ქართველმა ერმა ისტორიის მანძილზე შექმნილი ფასეულობები მათ პირად საკუთრებაში უანდერძა და ექვთიმე თაყაიშვილმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად განძი პირადად მათ ჩამოუტანა, ამიტომ “არავის არაფერი ეკითხება”. სამაგიეროდ, შეგიძლია ხმის ამოუღებლად შეხვიდე მუზეუმში, გადაიხადო 10 ლარი ექსკურსიამძღოლისთვის, ბილეთი ცალკე იყიდო და ჯგუფურად დაათვალიერო ის, რაც ქართველ ერს, თავისი არსებობის მანძილზე შეუქმნია.

 ჯგუფისგან ჩამორჩენა ან რომელიმე ხატთან დიდხანს გაჩერება აკრძალულია. ექსკურსიამძღოლის განცხადებით, ადრე თურმე “ათასი კატეგორიის ადამიანი”  მოდიოდა და სამუზეუმო ექსპონანტებთან ლოცულობდა კიდეც! ამიტომ ადმინისტრაციამ ხატებთან ლოცვა მუზეუმის დარბაზშიც აკრძალა. მართალია, ამას მუზეუმის პრესსამსახურის წარმომადგენელი უარყოფს – საქართველოში რწმენის თავისუფლებაა და ხატებთან ლოცვას, თუნდაც მუზეუმის დარბაზში, როგორ ავკრძალავდითო, მაგრამ, სამაგიეროდ, ექსკურსიამძღოლმა დაგვიდასტურა და აკრძალვის მიზეზად ლოცვის დროს ადამიანისგან გამოყოფილი ნახშირორჟანგი დაასახელა, რომელიც თურმე ხატებს აზიანებს. იმის დასადასტურებლად, რომ ეს ნამდვილად ასეა, მარტივი მაგალითი მოიყვანა, როდესაც ერთი ჯგუფი ათვალიერებს მუზეუმს, მეორე ჯგუფს არ ვუშვებთ, ნახშირორჟანგის ზედმეტი რაოდენობა რომ არ დაგროვდესო. ამისი თქმა იყო და მეორე ჯგუფი, მეორე ექს­კურისამძღოლის ხელმძღვანელობით დარბაზში შემოვიდა – წესით უხერხულად უნდა ეგრძნო თავი, თუმცა არაფერი “შეიმჩნია” და შედარებით დაბალი ხმით განაგრძო მორიგი სიწმინდის მატერიალურ-ისტორიული აღწერა. 

 ვინც ყოფილხართ მუზეუმში, სადაც ეროვნული საგანძური “უსაფრთხოდ და ყველა წესის დაცვით” ინახება, დამეთანხმებით, რომ ამ სარდაფს მუზეუმის საგამოფენო დარბაზთან საერთო არაფერი აქვს – ნესტის სუნი, დაბზარული და ჩაშავებული ჭერი არანაირ სამუზეუმო გარემოსა და განწყობას არ ქმნის; ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, არცთუ ისე სუფთა ტილოს კვალი ემჩნევა, ხატები და ჯვრები კი, რომელთაც საუკუნეების მანძილზე არაერთი განსაცდელი გამოიარეს, ყოველგვარი თანმიმდევრობისა და დისტანციის გარეშე, ლამის ერთმანეთზეა ჩამოკიდებული.

ამის გამო არ ჩანს კედლის არც ერთი მონაკვეთი, რომლებიც, ყველა ლოგიკის თანახმად, ჭერზე უკეთეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს. სულიერებას არაფრად რომ აგდებენ, გასაგებია, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს ისტორია, კულტურა და ის, რასაც საგანძური ჰქვია, უფრო მეტს არ იმსახურებს და “კუთვნილი ადგილი” აქვს მიჩენილი, წესიერი საგამოფენო სივრცის შესაქმნელად ჯერჯერობით ფინანსები არ გვყოფნის! მართალია, პრიორიტეტი ჯერ შაკირას კონცერტი, საახალწლო ჭაღები, პრეზიდენტის მილიარდიანი სასახლე და “მშვიდობის ხიდია”, რომლის ფასადაც ხუთი ევროსტანდარტის სამუზეუმო საცავი აშენდებოდა.

ეს რაც შეეხება სახელმწიფოს ემოციურ-სულიერ და ინტელექტუალურ დამოკიდებულებას ეროვნულ საგანძურთან. ბევრად უფრო რთულად არის საქმე, როდესაც ამ საგანძურს მატერიალურ სიმდიდრედ აღიქვამენ და ოქროთი და ძვირფასი თვლებით შემკულ ხატებს ვიღაც-ვიღაცები კრისტისა და სოტბის აუქციონების “კონტექსტში” უფრო ხედავენ, ვიდრე მუზეუმის დაბზარულ და დანესტიანებულ სარდაფებში.

ანჩისხატისა და სიწმინდეების მომლოცველთა კრების ხელმძღვანელ ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, “საქართველოს ეროვნული მუზეუმი სათანადოდ დაცული არ არის. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ქართული სიმდიდრის ძარცვა დღესაც გრძელდება. ვფლობთ ინფორმაციას, რომ რამდენიმე თვის წინ ეროვნული მუზეუმიდან ღამღამობით ყუთებით რაღაც მალულად გაჰქონდათ. ღმერთმა უწყის, რა იყო იმ ყუთებში შეფუთული. პროკურატურაში ქართველი ერის ეროვნული საგანძურიდან სხვადასხვა კატეგორიის 200 ნივთის დაკარგვის აქტი დევს. საცავში დაცული სიწმინდეებიც, რომელსაც ადმინისტრაცია შეგნებულად არ აღრიცხავს, სერიოზულ საფრთხეშია. ეს ხდება იმიტომ, რომ მაღალჩინოსნები აღურიცხავ საგანძურში ხელს კარგად ითბობენ. საცავში არსებული ყველა ნივთი გამოფენილ ექსპონატებთან ერთად უნდა აღირიცხოს. ეროვნული საგანძური ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რასაც ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მივაღწიეთ”.

 

***

 

ეროვნული საგანძური უკვალოდ იკარგება

 

 საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან შეხვედრაზე უარი გვითხრა. სამაგიეროდ, საჯარო ინფორმაცია კანონდარღვევით, მაგრამ მაინც, მოგვაწოდა. სხვა საკითხია, რა ეწერა იმ “საჯარო ინფორმაციაში”. ჩვენი კითხვების პასუხები, როგორც მოსალოდნელი იყო, ორ წინადადებას არ სცდებოდა და არაფრის მთქმელი იყო. მაგალითად, კითხვაზე:  აღრიცულია თუ არა საცავებში დაცული ყველა ექსპონანტი და საგანძური, მოჭრილად გვიპასუხეს: “მუზეუმში დაცული ყველა ნივთი აღრიცხულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”.

რაც შეეხება საცავიდან ნივთების დაკარგვას, მუზეუმი გვპასუხობს, რომ “საქართველოს მუზეუმი 2004 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა და დაარსების დღიდან დღემდე არც ერთი ექსპონანტის დაკარგვის ფაქტი არ გამოვლენილა”. ცნობისათვის: ეროვნული მუზეუმის იმ გაერთიანებაში, რომელიც 2004 წელს შეიქმნა, 15 მუზეუმი შედის და მას ერთიანი მენეჯმენტი მართავს.

დაკარგულ ნივთებზე სულ სხვა ინფორმაციას გვაწვდის კულტურის სამინისტრო, რომელმაც საჯარო ინფორმაციის შესახებ კანონის მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინა და ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები დროულად მოგვაწოდა.

ოფიციალური  ინფორმაციით, 2001-2010 წლებში საქართველოს მუზეუმებიდან, მათ შორის ეროვნული მუზეუმიდანაც, 300-მდე ნივთი დაიკარგა. დაკარგულთა ნუსხაში 2006 წელს და შემდგომ დაკარგული ნივთებიც მოხვდა. შესაბამისად, ეროვნული მუზეუმის პრესსამსახური ტყუის ან არ ფლობს შესაბამის ინფორმაციას, როდესაც აცხადებს, რომ 2004 წლიდან დღემდე არც ერთი ნივთი არ დაკარგულაო.

 გაუჩინარებული ექსპონატების უმეტესობა უძველეს პერიოდს განეკუთვნება.  მათ შორისაა:

ბრინჯაოს ხანის ნივთები; გულსაკიდები; ხელით ნაქსოვი ხალიები; ოქროს სამკაულები; გიშრისა და სარდიონის მძივები; ხანჯლები; ეროვნული სამოსი; ჭურჭელი; ხატები; ხის ბუტაფორული ვიოლინო სარკითა და ფიგურებით; თუჯის დაფა პეტრე დიდის ხელის გამოსახულებით; დიმიტრი ყიფიანის პორტრეტი; ხის ყუთი წმინდანის გამოსახულებითა და ასობით მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული და მატერიალური ღირებულების ნივთი.

 ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი გია მარსაგიშვილი  დაკარგულ ექსპონატებს  მხედრიონის პერიოდს მიაწერს, მუზეუმიდან ექსპონატების ყუთებით გატანას კი კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მუზეუმში სარემონტო სამუშაოები დაიწყო, ფონდების ყუთებით გადატანა რამდენჯერმე მართლაც საჭირო გახდა, თუმცა ეს იმის საშუალებას არავის აძლევს, მუზეუმი ექსპონატების გაყიდვაში დაადანაშაულოს და ცილი დასწამოს.

 გია მარსაგიშვილი: “იმხანად მუზეუმში არ ვმუშაობდი, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ მუზეუმის თანამშრომლებს ორი შეიარაღებული ჯგუფი დაესხა თავს. მუზეუმს სამი მილიციელი იცავდა და სამივეს ერთი რევოლ­ვერი და ერთი ავტომატი ჰქონდა. ქალაქში შეიარაღებული ბანდების თარეშს ხელს არაფერი უშლიდა. შეგახსენებთ, იმ დროს სამოქალაქო ომი და სრული განუკითხაობა იყო. ეროვნული მუზეუმის უდიერად ხსენება არ არის მიზანშეწონილი. ჩვენ ვართ არა პოლიტიკური, არამედ სახელმწიფო ორგანიზაცია და ვემსახურებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას. არ შეიძლება დაუზუსტებელი ინფორმაციის მედიასა­შუალებებით გავრცელება”.

 მიუხედავად ამ განცხადებისა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მეთოდები დაძველდა და ყველაფრის 90-იან წლებზე გადაბრალება ალიბად აღარ გამოდგება. ამ ფაქტს ადასტურებს კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული 20-გვერდიანი ჩამონათვალი, რომელიც დაკარგულ ექსპონატებს მოიცავს და მათ შორის ბევრი 2004 წლიდან თარიღდება.

 ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, აცხადებს, რომ მუზეუმებში ექსპონატების მკაცრი აღრიცხვა და მათი შეფასება არ ხდება. ამას ადასტურებს კულტურის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილიც, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ “მუზეუმის შესახებ” საქართველოს კანონით, სამუზეუმო ექსპონატები საბუღალტრო აღრიცხვას არ ექვემდებარება (თავი მე-4, მუხლი 22). მათი შეფასება ყოველთვის პირობითია და ფასებს განსაზღვრავს ბაზარი.

 ამავე კითხვაზე ეროვნული მუზეუმის პრესსამსახური გვპასუხობს: “ექსპონატების ღირებულება დგინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაზღვევისთვის ფასდება; აქედან გამომდინარე, მხოლოდ ის ნივთებია შეფასებული, რომლებიც სხვადასხვა დროს საექსპოზიციოდ იყო გატანილი” (საქართველოდან – ავტ.).

ასე რომ, ჩვენ უკვე ვერასდროს გავიგებთ, რა დაადგინა ბაზარმა და რა ფასად გაიყიდა ძვ. წ. აღ.-ის IV–III საუკუნეების ოქროს ბეჭედი აყიყის თვლით ან იმავე პერიოდის უთვლო ოქროს ბეჭედი და კიდევ 275 მსგავსი ექსპონატი, რომლებიც საქართველოს მუზეუმებიდან მხოლოდ 90-იან წლებში კი არა, ზუსტად 2003 წლიდან დღემდე პერიოდში დაიკარგა. ის, რაც დღეს იკარგება, ამის შესახებ საზოგადოებამ, შესაძლოა, კიდევ 5 ან 10 წლის შემდეგ გაიგოს, როდესაც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი აღარ დადგება და ყველაფერი დღევანდელ “ავბედით” პერიოდს დაბრალდება.

 ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, მუზეუმში დაცული ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატიც გაძარცულია. მისი თქმით, ანჩისხატი თამარ მეფემ თვალმარგალიტით, იაგუნდითა და სხვა ძვირფასი თვლებით შეამკობინა. მათმა დიდმა ნაწილმა ისტორიულ ქარტეხილებს, მათ შორის, 90-იან წლებსაც გაუძლო, დღეს კი “მშვიდობიან და დაცულ” პერიოდში გაქრა. ხატიდან ბაგრატიონთა დალოცვის ტექსტიც ამოჭრილია. ანჩისხატთან უწმინდესისა და უნეტარესის მიერ შეწირული ძვირფასი ნივთები, ოქრო და თვალ-მარგალიტი დაგვხვდა. როდესაც ექსკურსიამძღოლს ვკითხეთ, რატომ დევს ხატთან ეს ნივთებითქო, მარტივად გვიპასუხა, პატრიარქმა “ხატს აჩუქაო”. უწმინდესი პირადი შენაწირის მეშვეობით ცდილობს, გაძარცული ხატი კუთვნილ მორთულობაში აღადგინოს და ამგვარად ხელთუქმელ ხატს ის დაუბრუნოს, რაც “საიმედო პირობებში დაცვის” შედეგად დაიკარგა.

ამასთან, ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ ხატის მორთულობისა და ძვირფასეულობის აღწერილობის შესახებ, ასევე ვერც ის დავადგინეთ – როდის რამდენი ხატი მოიპარეს, ისინი ხომ “ბუღალტრულად არ აღირიცხება”…

 ზაზა ნანობაშვილის განცხადებით, “ანჩისხატის ტაძრის დახურვის შემდეგ, სახელმწიფომ უამრავი სიწმინდე მუზეუმში გადაიტანა: წმინდა ხატები, სახარება, ბარძიმ-ფეშხუმი. ამ ჩამონათვალიდან დღეს აღარაფერი ჩანს”.

მუზეუმის წარმომადგენლები ყოველივე ამას ბრალდებად აღიქვამენ და ამ თემაზე საუბარს ქვეყნის ღალატად მიიჩნევენ. მათი აზრით, ეროვნული მუზეუმი ერის სარკეა და მისი ხელაღებით ხსენება ყოვლად დაუშვებელია. ძნელია, არ დავეთანხმოთ, სამწუხაროდ, ეროვნული მუზეუმი მართლაც ერის სარკეა. ხოლო ის, რაც ამ სარკეში მოჩანს, მისაღებად და საამაყოდ მხოლოდ ბრმას შეიძლება მოეჩვენოს.  

 

ნუ ხმაურობთ, პროკურატურას ძინავს!

 

 გასულ წელს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ  მასობრივად გაუჩინარებული ექპონატების შესახებ პროკურატურას წერილობით აცნობა.

მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ცხადაძის მიერ ხელმოწერილ ოფიციალურ პასუხში ნათქვამია, “ზემოჩამოთვლილი ფაქტებისა და, აგრეთვე, 1990-2008 წ.წ. მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომხარი ძარცვის ან ინვენტარი­ზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის შესახებ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2009 წლის 20.01 #13/08/90 წერილით აცნობა საქართველოს გენერალურ პროკურატურას”.

 შესაბამისად, ინფორმაციის მისაღებად, თუ რა ეტაპზეა ამ საქმეების გამოძიება (იქნებ იპოვეს საგანძურის ნაწილი ან დააბრუნეს მაინც),  ბუნებრივია, პროკურატურას მივმართეთ. პირადი შეხვედრა და ინტერვიუ ჩაკეტილ ქვეყანაში, მით უფრო არასახელისუფლო მედიასაშუალებებისთვის, გამორიცხულია. აქაც კანონი მოვიშველიეთ, იმედი გვქონდა, რომ პროკურატურა და იუსტიციის სამინისტრო ზრდილობის გულისთვის მაინც გაითვალისწინებდნენ კანონის მოთხოვნას. გაითვალისწინეს კიდეც და კანო­ნით დადგენილ ვადაში წერილობით გვაცნობეს: “საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხილული იქნა თქვენი 2010 წლის 12 აპრილის წერილი და გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის ზედამხედველობის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველო მოთხოვნილი ინფორმაციის აღრიცხვას არ აწარმოებს. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები არ მოგვეპოვება”.

 საჯარო ინფორმაციას ხელს პატივისცემით აწერს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ირაკლი ჩილინგარაშვილი.

როგორც იტყვიან, ამ ხალხს, ეროვნული საგანძური და მათი დაბრუნების პასუხისმგებლობა კი არა, ორი ბატი არ ჩაბარდება.

ან იქნებ ეს მოჯადოებული წრე არ არის და ყველაფერი ბევრად უფრო მარტივია? მაგალითად, ის, რომ სათანადო დაცვის მოტივით, დაუცველად დარჩენილი საგანძური გავლენიანი პირებისთვის ღიაა და ერთი-ორი ხატის ან ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული მძივების, ბეჭდებისა და სხვა ნივთების გაუჩინარებას ვერავინ მოინაკლისებს. მით უფრო, რომ საცავებში ჩალაგებული განძის დიდ ნაწილს დღის სინათლე არასდროს უხილავს და საზოგადოებამაც რეალურად არ იცის, რა დევს დაბეჭდილ ყუთებსა და ცხრაკლიტულებში.

 ჭეშმარიტად დაცულია, თუმცა ვისგან და რისგან, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის მიგვინდვია. ასე რომ, მითი – საეკლესიო რელიკვიები და სიწმინდეები იმიტომ არ გადააქვთ ეკლესიებში და იმიტომ არ აძლევენ ადამიანს თუნდაც მუზეუმის დარბაზში ლოცვის უფლებას, რომ მათ დაზიანების საფრთხეებისგან იცავენ; საპნის ბუშტია, სულს შეუბერავს რომელიმე გავლენიანი ჩინოვნიკი (მთლად “უფროსზე” რომ აღარაფერი ვთქვათ) და გასკდება. თუმცა, როგორც თავად უფალმა თქვა, მიაგეთ კეისარს კეისრისა და უფალს – უფლისა.  “ყველაფერი კეისარს” კი კრახით სრულდება, რომლის კონტურებიც დღეს სულ უფრო და უფრო მკვეთრად იკვეთება. 

 

მანო ბაზუაშვილი

მაია გულისაშვილი

 

http://www.fact.ge/news.aspx?i=770ed21a-aac2-43f8-a029-54c9f5551170

 

 

***

 

ეროვნული მუზეუმში დაცულ ძვ.წ.აღ-ის V საუკუნის “კუს ყელსაბამს” 12 ბურთულა აკლია

 
07.06.11 “ჯი-ეიჩ-ენი”
საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ძვ.წ.აღ. V საუკუნის ოქროს სამკაულები დაიკარგა, რომლის ფასიც დაახლოებით (საერთაშორისო კლასიფიკაციით) 10 მილიონ დოლარს სცილდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “ალია” 7 ივნისის ნომერში აქვეყნებს. სტატია სათაურით “დიდი სკანდალი ვანის გათხრების გარშემო” ეროვნულ მუზეუმში დაცულ კუს ყელსაბამს ეხება.

გაზეთი პორფესორ ალეკო ცინცაძეს ესაუბრა, რომელიც რიცხვით სიმბოლიკაზე დაყრდნობით იკვლევს მასალებს. სწორედ ალეკო ცინცაძემ აღმოაჩინა, რომ კუს ყელსაბამს 94-ის ნაცვლად 82 ბურთულა აქვს. მისი თქმით, რიცხვ 94-ს აქვს საკრალური მნიშვვნელობა და მან ქართულ სარიტუალო სამკაულებში დაიწყო ამ რიცხვის ძიება. ცინძაძე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ასეთია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ცნობილი ე.წ. ოქროს კუს ყელსაბამი, ძვ.წ.აღ. V საუკუნით დათარიღებული. “ეს სამკაული შეიცავს 31 კუს. აქედან 30 პატარა კუა, ერთი დიდი. ზოგადად მინდა იცოდეთ, რომ კუ იბერიული სტრუქტურა გახლდათ. იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ მასში “ძის” სულია დავანებული, აქედან გამომდინარე ითვლებოდა, რომ დიდი კუ წლელიწადს აღნიშნავს, 30 პატარ კუ კი იმ პერიოდისთვის მზის კალენდარში დღეების რაოდენობაა თვეში. 31 კუს გარდა, სამკაულს ჰქონდა ბურთულები. წესით და კანონით ითვლებოდა რომ ამ ბურთულების რიცხვი უნდა ყოფილიყო 94. იმიტომ რომ წლის განმავლობაში მზე 94 გრადუსიან რკალს გადის” – ამბობს პროფესორი.

მისი თქმით, ამ კუს სარტყელიდან ყველა პარამეტრიც ემთხვეოდა მზის კალენდარს, მაგრამ არ ემთხვეოდა ბურთულების რაოდენობას რომლის რიცხვი ნაცვლად 94-სა იყო 82. პროფესორი ამბობს, რომ მან დაიწყო ძიება და მოიპოვა 1981 წელს გამოცემული ანთოლოგია, სადაც გამოქვეყნებულია ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები, მათი ფოტოები და მათ შორის ფოტო კუს ყელსაბამის. საუბარია ოთარ ლორთქიფანიძის წიგნზე, რომელიც ვანის გათხრებს ხელმძღვანელობდა. პროფესორის თქმით, წიგნში აღმოჩნდა, რომ მოცემულ სამკაულზე არის 94 ბურთულა. მაშინ როცა ეროვნული მუზეუმის საიტზე გამოქვეყნებულ სურათზე არის 82 ბურთულა.

მისივე თქმით, როდესაც მუზეუმში ასეთი რამ იკარგება, ეს აღრიცხული უნდა იყოს. თუმცა ეს აღრიცხული არსად არ არის.

პროფესორი ყელსაბამის მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ოქროს სამკაული არ არის. 94 ბურთულასთან ერთად მას მოჰქონდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ უძველეს მზის კალენდარზე. თან ასტრონომიული ინფორმაცია “საოცრად მაღალი ცივილიზაციის მატარებელი და მაღალი დონის მაჩვენებელი ქურუმთა იმდროინდელი კასტისა საქართველოში. ვისაც ეს გულზე ეკიდა ის განსაკუთრებული ვინმე იყო, მზის შვილი. მას მზის კალენდარი დაჰქონდა მკერდით”.

გაზეთი “ალია” ამავე სტატიაში აქვეყნებს ეროვნული მუზეუმის ფონდის მცველის დარეჯან კაჭარავას პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ დანარჩენი ბურთულები სხვაგან ინახება. მისი თქმით, ყველაფერი არ არის გამოფენილი არის დაჭყლეტილი მძივები და ისინი ფონდშია შენახული. კაჭარავა ამბობს, რომ “ახლა ყველაფერი არ არის გამოფენილი და ეს ჩვეულებრივი ამბავია”.

მისი მტკიცებით, კუს ყელსაბამს ნამდვილად 94-ვე ბურთულა აქვს, მაგრამ, რადგან დაზიანებულია მას არ გამოფენენ.

http://ghn.ge/news-44161.html

 

 

 ***

 

 

                        

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s