Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• როდემდის კვისლინგ

 

როდემდის კვისლინგ, როდემდის?!
ანუ ყური ვუგდოთ გურამიშვილს!

 

ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა-მჭევრი!
იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.
ერთმან მტერმან ათს მათსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,
მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან შენაწევრი.
გურამიშვილი

ვახტანგის ადგილს
იჭერს ხეჩუა! –
ქართლი გვეცლება
თვალსდახელშუა!
მუხრანი

კვირა ისე არ გავა, რომ საქართველოს კომენდანტმა სააკაშვილმა თავისი ბრძენთა-ბრძნული გამონათქვამებით არ გაგვაოცოს, არ გაგვაკვირვოს,  არ გაგვაოგნოს, რასაც თან ერთვის შიში, შიში ჩვენი ხვალინდელი დღის გამო. ვის ხელში ჩავვარდით, რა იქნება ხვალ?
დიახ, რა მოგველის ხვალ?! როგორი იქნება  უპატრონოდ შთენილი საქართველოს მომავალი, რომელსაც უცხო თესლი და ეშმაკი დაჰპატრონებია? ამ დროს კი ქართველები ან ყურთბალიშზე ხვრინავენ ან კიდევ შოუ-დისკოტეკებზე დაძუნძულებენ და შადრევნების შხაპებით იგრილებენ ახურებულ სხეულს.

„საქართველოში უფრო მეტი ქართველი მუსულმანია, ვიდრე ქართველი ქრისტიანი“ – გვამცნო საქართველოს საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტმა სააკაშვილმა მომავალ არაქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას.

ის, რომ წლეულს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 300 სხვა ეროვნების ახალგაზრდა ჩარიცხულა, ნამდვილად მისასალმებელია და საღად მოაზროვნე ადამიანს ამის საწინააღმდეგო არ უნდა ჰქონდეს.

მაგრამ…
გავეცნოთ საქართველოს რესპუბლიკის მოსახლეობის რელიგიურ შემადგენლობას და დავინახოთ იმ კაცის ინტელექტუალური დონე, რომელიც საქართველოს ბატონ-პატრონობას იჩემებს.

საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, მისი მოსახლეობის 84% მართლმადიდებელი ქრისტიანია, მუსულმანი – 9,9%, დანარჩენი კი სხვა აღმსარებლობის.

რადგანაც მუსულმანებზეა საუბარი და ისიც ქართველ მუსულმანებზე, რომლებიც რა თქმა უნდა უმეტესწილად აჭარაში ცხოვრობენ, ამის შესახებაც მოვიშველიებ არსებულ მონაცემებს: აჭარის მოსახლეობა იგივე, 2002 წლის აღწერის მიხედვით, შეადგენს 376 016 კაცს. მათ შორის: მართლმადიდებლები 64% და მუსულმანები 30,6%-ია.

ასეთია საქართველოს მოსახლეობის რელიგიური თანაფარდობა.

აქედან ნათლად ჩანს,  რომ კომენდანტ სააკაშვილს წარმოდგენა არ აქვს იმ სახელმწიფოზე (თუ ამას დღეს სახელმწიფო ჰქვია), რომელსაც ის კომენდანტობს.

აქედან ნათლად სჩანს ის, რომ მიშა ცრუ და ფლიდია, ერთნაირად ატყუებს ქართველსაც და არაქართველსაც, ქრისტიანსაც და არაქრისტიანსაც!

ის, რომ დღეს ქართველების ერთი ნაწილი მაჰმადიანური აღმსარებლობისაა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის თავსდატეხილი ისტორიული ავბედობისა და უბედურების შედეგია. ეს კუთხე ხომ საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილი იყო დედა სამშობლოს, განიცდიდა ეროვნულ და რელიგიურ ჩაგვრას, ამ მხარის ქართველობის გამაჰმადიანება განახორციელეს ძალადობრივი გზით, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ბოლო ათწლეულებში ჩვენი სისხლხორცეული ძმები, უფლისა ნებითა და თავიანთი სურვილით, თანდათან უბრუნდებიან ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენს სასიქადულო მართლმადიდებლობას!

ჩვენ ნამდვილად არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო სხვა აღმსარებლობის ხალხებთან, თუ კი ისინი მზაკვრულად არ შემოუტევენ ჩვენს მართლმადიდებლურ აღმსარებლობას.

აქ საქმე საქართველოს კომენდანტის ინტელექტის დაბალ დონეს და ამ სიმდაბლიდან გამომდინარე საქართველოს სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგოდ მიმართულ ნათქვამსა და ნაქნარს ეხება, რისი წაყრუებაც არანაკლები ღალატის ტოლფასია!

ჩვენთვის ნათელია ისიც, რომ საქართველოს კომენდანტის პირით სხვა ღაღადებს, ღაღადებს ის, ვისაც სურს ისტორიის სამუზეუმო ექსპონანტად გახადოს საქართველო და ქართველი ხალხი.

ამას წინათ იყო და  სააკაშვილმა ქართველი ხალხი სომხურ ეთნოსს მიაკუთვნა, დღესაა და გაგვამაჰმადიანა. ქართული საზოგადოების მხრიდან კი რომ იტყვიან, იშვიათი გამონაკლისების გარდა,  – „ნულ ვნიმანიე“.

იქნებ დავიღალენით და აღარ გვინდა, არც ქართველობა და აღარც მართლმადიდებლებად დარჩენა?

იქნებ ჩვენი ქართველობა, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ეროვნული ტრადიციები, ოცსაუკუნოვანი მართლმადიდებლობა ხელს გვიშლის თანამედროვე კაცობრიობასთან ინტეგრირებაში, წინაღობა და ბარიერია იმ „სანუკვარის გლობალიზაციისა“, რასაც ასე შესტრფის და ესწრაფვის საქართველოს დღევანდლი აპარტეიდული რეჟიმი?!

იმავე შეხვედრაზე კომენდანტმა სააკაშვილმა საზეიმოდ ასეთი „სიახლეც“ გვამცნო – „ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს შეუძლია, საქართველოს პრეზიდენტი გახდეს“ (სტილი დაცულია) (ზანგებსაც? – მიშას მარგალიტი) და თან ჩამოთვალა შაშკინი, ყურმანოვი…

საინტერესოა, გარდაფხაძეს თუ შეუძლია შაშკინისა და ყურმანოვის ისტორიულ სამშობლოებში პრეზიდენტად გახდომა?

ჩვენთვის საყვარელი და პატივსაცემია ყველა ის უცხო ტომელი, ვინც საქართველოს თავის სამშობლოდ გულწრფელად გაითავისებს, მისთვის დაიდაგება და დაშვრება, სულ ერთია რუსი იქნება ის თუ შირვანელი, მაგრამ ასეთებს დღევანდელ ასპარეზზე ნამდვილად ვერ ვხედავთ!

საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცეული საქართველოს კომენდანტ სააკაშვილის მიერ დასახელებული ერთ-ერთი „მომავალი პრეზიდენტის“ ისტორიულ სამშობლოში, მიჩუქებულ ქართულ მიწაზე მართლაც ცხოვრობენ მუსულმანი და ქრისტიანი ქართველები – ჰერები. იქ, ჰერეთში ქართველებს ეკრძალებათ ქართული გაზეთისა და წიგნის წაკითხვა! იქ, საინგილოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გამუდმებულ დევნა-შევიწროებაშია!

აქ, საქართველოში, ბოლნისში უშველებელი მეჩეთი იგება. აქ, საქართველოში მუსულმანური დღესასწაული სახელმწიფო დღესასწაულად ცხადდება.

„თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,
სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაკრა თვითო ქიშტი!
მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა ძმასა ყისტი;
თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა მოიხვედრეს ხიშტი!“
გურამიშვილი

იქ, შორს ევროპაში, სადაც მილიონობით მუსულმანი ცხოვრობს, დღეს უარს ამბობენ მეჩეთების წამოჭიმვაზე, მუსულმან ქალებს უკრძალავენ თავსაფრის ტარებას. ეს ხდება იქ, „დემოკრატიულ სამოთხეში“, რომელსაც აგრერიგ შეჰხარის კომენდანტი სააკაშვილი.

როდემდის კვისლინგ, როდემდის ეს დამღუპველი და გულიასამრევი მონური მაამებლობა და მორჩილება?!

მოღებულა და მორღვეულა საქართველოს ბჭენი, ქვეყანა ქცეულა ათასი ავაზაკის სათრეველად, ვისაც რამდენი უნდა იმდენს აჭრის საქართველოს სხეულს მიწას, ტყეს…

არადა ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში გვაფრთხილებდა აკაკი შანიძე:

„აბა ფხიზლად ქართველებო,
მივყვეთ მამა-პაპათ კვალსა!
წარსულს გრძნობით ვიგონებდეთ,
ჩავუფიქრდეთ მომავალსა!
ცალი თვალი პონტოსაკენ,
ნუ ვაშორებთ გურგანს ცალსა!
ყური ვუგდოთ გურჯი-ბოღაზს
და ნუ ვაღებთ დარიალსა!
მოსწონდათ და ახლაც მოსწონთ
 ჩვენი ქვეყნის მთა და ველი,
მზით დამწვარი ჰიჯაზელი,
გაყინული ჩრდილოელი,
სპარსი, თურქი, ლეკ-მონღოლი,
ბერძენი თუ რომაელი,
ყველა ჩვენსკენ ისწრაფოდა,
ყველა მაშრიყ-მაღრიბელი“
აკაკი შანიძე, 5 დეკემბერი 1917 წელი, დედაქალაქი

ნუთუ სულ გაწყდა გონიერი, განათლებული და ქართულად მოაზროვნე ადამიანი კომენდანტ სააკაშვილის გარემოცვაში, რომ შეასწავლოს, შთააგონოს წინაპართა ღაღადისი?

ნუთუ აღარ დარჩა, თუნდაც სირცხვილის გრძნობის მატარებელი მის ამქარში?

ნუთუ არვის გესირცხვილებათ ასეთი უვიცობისა და სიყალბის მოსმენა?

აღარ გრცხვენიათ ამდენი დითირამბების და ლიქნის?

კომენდანტ სააკაშვილის გარემოცვაში მრავლად არის ხალხი, რომლებიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებად, მისი იდეების ერთგულ ჯარისკაცებად ასაღებდნენ თავს. გვინდა ზოგიერთ მათგანს მივმართოთ, თუნდაც ლევან ურუშაძეს.

ბატონო ლევან, გიცნობთ, როგორც ნამდვილად განათლებულ, ქართულად მოაზროვნე ადამიანს, ვიცნობთ შენს ოჯახსაც, სადაც ქართული სული სუფევს და ქართული გული ძგერს. შენს ოჯახში სტუმრობა ჩვენთვის ნამდვილი სულის ზრდა იყო, სადაც ინტელექტი, გონება და მამულიშვილობა ერთურთს  ჰარმონიულად შერწყმია.

ბატონო ლევან, როგორ მიიღეთ, როგორ აიტანეთ სააკაშვილის ის სიტყვები, სადაც ეს უვიცი, წმიდა დავით აღმაშენებელს ნატოში შესვლაზე მეოცნებედ გვისაღებდა? როგორ შეეგუეთ წმიდა თამარ მეფის ოსად გასაღებას, ქართველთა მოდგმის სომხურ ეთნოსად გამოცხადებას, ქართველი ხალხის გამაჰმადიანებას და მრავალ ასეთ მკრეხელურ უნგურობასა და უწიგნურობას?! 

რატომ არ გვესმის თქვენი ხმა ყოველივე ამ უზნეობის წინააღმდეგ მიმართული?

ბატონო ლევან, თქვენც გხიბლავთ მიშასეული კონფედერაციის იდეა?

„აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?
ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?
კარგს კაცს ვითარ დაუკარგო, რაც რამ სიკარკაცე აქო?
ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს ჩამსვა, თავს დამარქო?!“
გურამიშვილი

გვინდა მივმართოთ ბატონ მამუკა წიკლაურსა და მის ვაჟს, დღეს რომ სააკაშვილის რეჟიმის რუპორად ქცეულა, როგორ იტანთ ყოველივე ამას?

ბატონო მამუკა, გინდა ისეთი საქართველო, სადაც ქვეყნის ბატონ პატრონად ქართველი  აღარ დარჩება და ყურმანოვები იქნებიან საქართველოს ბედის გამრიგენი?

„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?
ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.
მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,
ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“.
გურამიშვილი

ნუთუ მართლაც გაგვეყინა ძარღვებში სისხლი და გენი?

იყო გუშინ ასეთი მაგალითი, როდესაც კომენდანტ მიშას ბანაკში მყოფ, აწ განსვენებულ, ეროვნული მოძრაობის ამაგდარ ქალბატონს ლია ანდღულაძეს მკვახე შეძახილით შესძახეს: რას სჩადიხარ, რად დააგდე ძველი გზაო, არ ისმინა, თავი გამოიდო, გადაეგო მიშას და მის ხროვას, მაგრამ როდესაც მიიცვალა, ამ ავაზაკებმა უკანასკნელ გზაზეც არ გააცილეს. ჩვენ კი დაგვრჩა ნატკენი გული, მაგრამ ვერ გავწირეთ, მაინც ვერ გავიმეტეთ და იმიერში ალალი სიტყვა და ცრემლიც გავატანეთ.

თქვენც ასეთი ბედი გელით, გონს მოდით, შემობრუნდით, დადექით იმ გზაზე, რომელზეც ვიდოდნენ ჩვენი მამულის რაინდი მეციხოვნენი  _ ზვიადი და მერაბი!

რამ დაგვამცრო და დაგვაგდო ასე?

ასეთი რა სიამე და განცხრომააა ამ გადაგვარებულ კასტაში, მას რომ ვანაცვალოთ ჭეშმარიტი მამულიშვილობა, ნუთუ ასე საამო და მიმზიდველია შადრევნების შხაპი?

„პირს-ფერობა, უკან ძრახვა არა თქმულა საფარსაგო.
სჯობს ტყუილით ქვე ყოფნასა ზე სიმართლით ავიბარგო;
ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო,
მაზე სული არ წარვსწყმინდო, რა გინდ ხორცით დავიკარგო“.
გურამიშვილი

იქნებ მართლაც ასეა, დღევანდელ ქართველობაში მაჰმადიანი სჭარბობს ქრისტიან მართლმადიდებლებს?

ნუთუ ამაოდ გვიმარტვილია, ნუთუ ამაოდ გაწყვეტილა ერთბაშად ასი ათასი ქართველი, ნუთუ ამოდ დაშანთულა დედა ქეთევანი? ნუთუ ამაოდ უღვრია ქართული სისხლი ქართველს ქრისტეს სამსხვერპლოზე მიტანილი?

გავძლებთ, გადავრჩებით კი ქრისტეს გარეშე?

ბოლო ათასწლეულები, თუ რამ შეუქმნია ქართველს ღირებული და საამაყო, ეს ყველაფერი ხომ ქრისტეს სულითა და მისადმი თავდაუზოგავი სიყვარულით შექმნილა.

ცხოვრებამ გვიჩვენა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რომ ქრისტეს მადლით ცხებული ქართული ქრისტიანული სულიერი თუ მატერიალური კულტურის საგანძურში მხოლოდ ქართველ მართლმადიდებელს დაუდევს განძი ხელთუქმნელი, რამეთუ ეს სარწმუნოება მკვიდრად გამჯდარა ქართველობის გენში, მის სისხლსა და ხორცში, მის გულსა და გონებაში და თვინიერ მისა ვიქცევით არარაობად, დანომრილი ღორების კოლტად, გავქრებით და გადავშენდებით! 

ქართველებო, დებო და ძმებო, გაუფრთხილდით ქართული ოჯახის სიწმინდეს, მის სიმტკიცეს, თორემ დანგრეულ და გავერანებულ ოჯახს ჩვენი მომავალიც ეწირება. უდანაშაულო პატარები ხდებიან მსხვერპლი და უმეტეს შემთხვევაში ყალიბდებიან არასრულფასოვან და ჩამოუყალიბებელ პიროვნებებად, რაიც ერთობ ვნებს ჩვენს მომავალს, ჩვენს სამშობლოს, ფაქტიც სახეზეა!

თითქოს ჩვენი თანამედროვეა საქართველოს სვე-ბედით გულდაკოდილი და მასზედ მომტირალი მგოსანი დავით გურამიშვილი, თითქოს დღეს წერდეს ქართლის ჭირზე, დღესაც ხომ იგივე უბედურება და რისხვა დასტყდომია თავს ამერ-იმერს, ვითარც ამ სამიოდე საუკუნის წინ, ამიტომ ჩვენი წერილის დასასრულსაც მოვიყვანთ მის სტრიქონებს:

მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა;
ცა რისხვით შუვა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა;
ვენახთ უწვიმის სეტყვანი, მზგავსი ნახეთქი ლოდისა.
მკალია დასცის ყანებსა, ქარი უქროდის ოდისა!
მოუგის დიდი სიყმილი, შემუსრის ძალი პურისა;
აღარვინ იყვის ღვინითა აღმავსებელი ჭურისა.
შემცირდის ხართა ნახნავი, მოსწყდის ნაწველი ფურისა,
ყვნის სასწაული, არ იყვის კაცი მიმგდები ყურისა!
 და ა.შ.

  

ალექსანდრე სანდუხაძე

  

 

 

 

2 Responses to “• როდემდის კვისლინგ”

  1. იოსებ said

    ალექსანდრე სანდუხაძის მამულიშვილობა კიდევ უფრო ნათლად გაცხადდა მისი ამ სიტყვით. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი შვილები. შენთვის მოებაძოთ სიტყვაში თუ საქმეში ჩვენს და-ძმებს!

    ღმერთმა დაგლოცოს ალექსანდრე!

    p.s.

    მაპატიე ძმაო, თუ უხერხულობაში ჩაგაყენე ამ პატარა გამოხმაურებით. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და მთლად გაჩუმებაც არ იქნებოდა კარგი.

    Like

  2. გურამ გურამიშვილი said

    ესეთი სწორი აღწერა – საქართველოს დღევანდელი მდგომარეობისა, რაც აქ წავიკითხე… სიტყვები არ მყოფნის… გული მიკვდება ჩემს ლამაზ სამშობლოზე… გმადლობთ, ბატონო ალექსანდრე, თქვენმა წერილმა უფრო გამიღვივა პატრიოტული გრძნობა და ბრძოლის უნარი სამშობლოს დასაცავად…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s