Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ეროვნული მოძრაობა (1988)

 

მედეა შამუგია

მასალები XX საუკუნის ოთხმოციანი წლების საქართველოს ეროვნული მოძრაობის ისტორიის შესწავლისათვის (1988 წელი)

 

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია, რომელიც 70 წელი გაგრძელდა. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა… ამ პერიოდში რაიმე ეროვნულის წინ წამოწევა ნაციონალიზმად ინათლებოდა და განიცდიდა სასტიკ დისკრიმინაციას, რაც ხორციელდებოდა საქართველოს რუსეთთან ასიმილირების მაქსიმალური ცდის ფონზე. სისტემატურ შევიწროვებას განიცდიდა ქართული ენა, ეკლესია… ხდებოდა საქართველოს თვითმყოფადი კულტურის ჩახშობა, ძირძველი ქართული მიწების გასხვისება (საინგილო, სოჭი) და ა. შ… შეიცვალა დამოკიდებულება შრომისადმიც. გლეხმა შეიძულა მიწა, რადგან მასთან უკვე აღარ აკავშირებდა შრომის შედეგი, სახელმწიფო მოხელეთაგან შეიქმნა კორუმპირებულ ჩინოვნიკთა ფართო ქსელი, რომელიც უსინდისოდ ყვლეფდა ქვეყნის ქონებას, საქართველოდან ინტენსიურად გადიოდა ყველაფერი, რაც ფასეული იყო; ამ ყოველივემ კი საბოლოოდ ეროვნული ეკონომიკის განადგურებამდე მიგვიყვანა…

ზემოთხსენებული მოვლენები, ბუნებრივია, გულგრილს არ ტოვებდა ქართველი საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს, ამიტომ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის (თუმცა სუსტი) ამ ხნის განმავლობაში არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, მაგრამ, უკვე ჩამოყალიბებული, მოძრაობის სახე მან მიიღო, ამ თვალსაზრისით გარდამტეხ, 1988 წელს, რომლის ლიდერებსაც წარმოადგენდნენ ზ. გამსახურდია და მ. კოსტავა. (გამსახურდიამ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ, ხელი მიჰყო აქტიურ არალეგალურ საქმიანობას, რის გამოც მალე დააპატიმრეს კიდეც. ამის შემდეგ, 1974 წლიდან მან შექმნა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი და მ. კოსტავასთნ ერთად განაგრძო ბრძოლა ეროვნული და ადამიანური უფლებების დაცვისათვის. 1976 წელს მათ შექმნეს საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომელიც ცდილობდა დაეცვა ქართული ენა, ეკლესია, კულტურის ძეგლები, დევნილთა და პატიმართა უფლებები… მას ჰქონდა არალეგალური ოფსეტური გამომცემლობა… უშვებდა არალეგალურ ჟურნალებს. “ოქროს საწმისი” და “საქართველოს მოამბე”, თანამშრომლობდა მოსკოვის დემოკრატიულ მოძრაობასთან და არალეგალურ ჟურნალ “მიმდინარე ამბების ქრონიკაში”. 1975 წლიდან არის წევრი სამართალდაცვითი ორგანიზაციისა “საერთაშორისო ამნისტია”) (13,1).

1988 წლის ეროვნული მოძრაობის აღმავლობა გარკვეულწილად განაპირობა საბჭოთა კავშირში მიმდინარე ცვლილებებმაც: აშშ-მა შეიმუშავა რუსეთში კომუნიზმის უსისხლო უკუგდების დოქტრინა. დასავლეთმა კარგად უწყოდა, თუნდაც ელემენტარული ცვლილება რუსეთის პოლიტიკურ სტრუქტურაში გაამძაფრებდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს, ამიტომ მან გორბაჩოვის “გარდაქმნის თეორიის” გაკრიტიკების ნაცვლად, აქტიურად დაუჭირა მხარი მას. საბჭოეთში პლურალიზმის დაშვებამ კი გამოაცოცხლა პოლიტიკური აზრი, რამაც განაპირობა ეროვნული მოძრაობის კერების გაჩაღება მოლდავეთში, ბალტიისპირეთში, საქართველოში… (11,2) სოციალური პირობების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდა ხალხის ფართო მასები თვით რუსეთში, ხოლო ჩერნობილის ავარია, გერმანელი მფრინავის მატიას რუსტის თვითმფრინავის წითელ მოედანზე დასმა, ყარაბაღისა და ავღანეთის მოვლენები, ტელეხიდები მოსკოვვაშინგტონს შორის და ანტისტალინური პროპაგანდის პირველი ტალღები იყო უტყუარი ნიშნები საბჭოთა კავშირის დაშლის დასაწყისისა. (16,6). დრო იყო უფრო მკვეთრი ნაბიჯები გადადგმულიყო ეროვნულ მოძრაობაში, მაგრამ არა გაბედული თავისუფლე-ბის მოთხოვნით, საჭირო იყო მიზნამდე ნაბიჯნაბიჯ მისვლა… წინსვლის დასაწყისად კი 1987 წლის შემოდგომა იქცა.

1987 წელს საქართველოს ინტერესები ძირითადად ორი ხაზით ვითარდებოდა: დავით გარეჯი და ტრანსკავკასიის რკინიგზა, რომელიც ქართველი კომუნისტებისათვის რუსეთთან დასაკავშირებელი მორიგი მაგისტრალი უნდა ყოფილიყო. სწორედ ეს გახდა საქართველოში პირველი წინააღმდეგობის საბაბი: სტუდენტებმა შეაგროვეს 3000 ხელმოწერა და, რადგან წერილის გაგზავნას მოსკოვში შესაძლოა ხელი შეშლოდა ადგილობრივი КГБ-დან, ორი ახალგაზრდა საგანგებოდ გადაფრინდა ქალაქ ,,Минеральные Воды”-ში და გაზეთ “Комсомолуская Правда”-ს გაუგზავნა მოთხოვნა, შეწყვეტილიყო გზის მშენებლობა… ქართველი სტუდენტების ჩივილს სსრკ-ის კომპარტიასთან საქართველოს კომპარტიაზე, ბუნებრივია, შედეგი არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ, ამჯერად, მოსკოვმა, საბჭოეთში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, მაინც თავიდან აიცილა წინააღმდეგობრივი სიტუაციის შექმნა საქართველოში და “ტრანსკავკასიის რკინიგზის” დაფინანსებაზე უარი თქვა.

დაახლოებით ამავე პერიოდში თბილისში იქმნება პირველი ე. წ. “არაფორმალური გაერთიანება”- ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. მას სათავეში ედგნენ დისიდენტები: თ. ჩხეიძე, ზ. ჭავჭავაძე, გ. მამულია… საზოგადოებაში მიიწვიეს ყველა დისიდენტი ზ. გამსახურდიას გარდა. (თავისი 1978 წლის ცნობილი “მონანიების” გამო).

1987 წელს გრანდიოზულად აღინიშნა ი. ჭავჭავაძის 150 წლისთავი. საზოგადოებრივი აზრის გამოღვიძებამაც ამ დღეებში იჩინა თავი: უცნობმა ტერორისტებმა ააფეთქეს ფ. მახარაძის საფლავი (ის 12 საათში აღადგინეს ჯ. პატიაშვილის ბრძანებით); სასწრაფოდ შეიარაღებული დაცვა დააყენეს ს. ორჯონიკიძის ძეგლთანაც, რამაც სიტუაცია ძლიერ დაძაბა… ამას მოჰყვა 24 დეკემბრის აქცია დიდუბის პანთეონში, რომლის ინიციატორები იყვნენ მ. კოსტავა, გ. ჭანტურია, ა. იმნაძე, კიდევ სხვა რამდენიმე დისიდენტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტები. ის მიეძღვნა 1937 წელს დახვრეტილი პატრიოტების ხსოვნას. ამის შესახებ საქართველოს უშიშროება საქმის კურსში იყო და შესაბამისად მოემზადა კიდეც: აქციას დაემთხვა სახ. უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებელთა გასვლა პანთეონში ქართველი საზოგადო მოღვაწეებისათვის პატივის მისაგებად, რათა საჭიროების შემთხვევაში დისიდენტები “საზოგადოებრივი ღონისძიების ჩაშლისათვის” დაეპატიმრებინათ. მას არც ფსიქოლოგიური ზემოქმედება დავიწყებია: ერთ-ერთი თანამშრომელი ყველაფერს (უფრო შესაშინებლად) ვიდეოკამერით აფიქსირებდა…

როდესაც ი. შენგელიამ 37 წელს დახვრეტილი ქართველი მოღვაწეების სიის კითხვა დაიწყო, სომეხმა დისიდენტმა ქალმა პატარა პლაკატი გაშალა წარწერით: “Люди, не молчите” რომელიც კგბ-ს თანამშრომელმა მაშინვე გამოგლიჯა ხელიდან, მცირე ხნის შემდეგ კი დაიწყო აქციის აშკარა დარბევა. კგბ-მ, ბუნებრივია, მშვენივრად იცოდა, ასეთი გამოსვლა საკმაოდ სერიოზული აქტი იყო, მაგრამ სხვის თვალში მაინც შეეცადა, შეექმნა მისთვის სავსებით ჩვეულებრივი მოვლენის სახე, ამიტომ ხშირად გაისმოდა მისი მხრიდან სიტყვები: “ნუ ხულიგნობთ!” (საბჭოთა კავშირში ხომ დისიდენტთა უმრავლესობას ხულიგნობის გამო აპატიმრებდნენ). 2-3 წუთში ყველაფერი “მოგვარდა”. ამ დროს მოულოდნელად გ. ჭანტურია ქვაზე ავიდა და შესძახა: “მეგობრებო, რაც მოხდა, ჩვენი გამარჯვებაა, გაუმარჯოს ჩვენს საქმეს!” – ანუ დისიდენტები არ აპირებდნენ უკან დახევას და ბოლომდე გააგრძელებდნენ ბრძოლას მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს რომ გიორგი ჭანტურიას პირდაპირ დაეფიქსირებინა, მაშინვე ნაციონალისტობას მიაწერდნენ და დააპატიმრებდნენ ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისათვის. დანარჩენებმა ტაში დაუკრეს… იქვე იდგნენ თავჩაქინდრული პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის რექტორი, ნ. ამაღლობელი და კომკავშირის ცკ-ის პირველი მდივანი ს. გოგიბერიძე. გ. ჭანტურიამ ხმამაღლა წაიკითხა ი. წერეთლის “ღია წერილი ჯ. პატიაშვილს”, სადაც ის ოცდაათიანი წლების რეპრესირებულთა ძეგლის აღმართვას მოითხოვდა.

აქცია დაიშალა… მაგრამ მას მოჰყვა უდაოდ სერიოზული შედეგი. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პლენუმმა “პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით” თანამდებობიდან გაათავისუფლა ა. ინაური, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საბჭოთა კავშირში და მთელი 40 წელი ხელმძღვანელობდა ქართულ კგბ-ს. ეს იყო ეროვნული მოძრაობის პირველი გამარჯვება, რაც გახდა საფუძველი 1988 წლის მოვლენებისა (16,6).

1988 წლის დასაწყისშივე განვითარებულმა შედარებით თავისუფალმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო “პოლიტიკური მხურვალების” გაძლიერებას. ეს უპირველესად “ცენტრალური პრესის” ლიბერალიზაციაში, გორბაჩოვისა და რეიგანის შეხვედრებში, თვით საბჭოთა კავშირში პირველი კოოპერატივების გახსნაში და, რაც მთავარია, ყარაბაღის ავტონომიური ოლქის სომხეთთან გაერთიანებაში გამოიხატა. საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა თმობდა პოზიციებს. ეს კი ძლიერ სტიმულს წარმოადგენდა ქართველი დისიდენტებისათვის…

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოსთვის ერთერთ ძირითად პრობლემად კვლავ რჩებოდა დავით გარეჯი, რომლის ახლოს მოწყობილი იყო რუსეთის ჯარის პოლიგონი, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ქართულ ისტორიულ კომპლექსს. სწორედ ეს იქცა საბაბად თბილისის სახ. უნივერსიტეტის ეზოში დაწყებული აქციისა. რამოდენიმე მიტინგიდან ერთ-ერთი საკმაოდ ხალხმრავალი აღმოჩნდა და მიიღო მჯდომარე აქციის სახე. მიტინგს ლიდერობდნენ უკვე “რადიკალებად” და “ზომიერებად” გათიშული “ი. ჭავჭავაძის საზოგადოების” წევრები და, უპირველეს ყოვლისა, ზ. გამსახურდია (17,6), რომელმაც განთავისუფლებულ მ. კოსტავასთან ერთად 1988 წლიდან განაახლა ინტენსიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა და დაიწყო ახალი არალეგალური ჟურნალის “მატიანესა” (გამოიცა სულ 4 ნომერი), და რუსულ-ინგლისურენოვანი საინფორმაციო ჟურნალ “Vestnik  Gruzii”-ს გამოცემა (13,1).

ი. წერეთელმა მოუწოდა სტუდენტებს დაეკავებინათ “ქაჯეთის ციხე” – ცკ-ის რეზიდენცია. ხალხი მის სიტყვებს აღფრთოვანებით შეხვდა, მაგრამ გ. მამულიას გამოსვლამ, “თუ ჩვენ დავიშლებით, ეს იქნება ჩვენი დამარცხება”, ისინი შეაჩერა. ამ დროს აქციაზე (მას ამერიკელი სტუმრებიც ესწრებოდნენ), მოვიდა ცკ-ის მდივანი იდეოლოგიის დარგში გ. ენუქიძე და ახალგაზრდებს დაშლისაკენ მოუწოდა… გადაწყდა, მიტინგი მომდევნო დღებში გაეგრძელებინათ, მონაწილეებმა ნელ-ნელა დატოვეს უნივერსიტეტის ეზო… აღნიშნულმა აქციამ კი იმ პერიოდში საქართველოში საინსპექციო ვიზიტით ჩამოსული იგორ ლიგაჩოვი აიძულა, ჯ. პატიაშვილის თხოვნით, (შეეწყვიტათ სამხედროებს სროლა დავით გარეჯის ტერიტორიაზე), თბილისიდან დაერეკა სსრკ-ის თავდაცვის ახალ მინისტრ დიმიტრი იაზოვისათვის და პრობლემის განხილვა დაევალებინა (17,6).

ქართველი მრევლისა და სასულიერო პირთა მრავალმხრივი მოთხოვნის მიუხედავად, “დემოკრატიზაციისა და საჯაროობის” პირობებშიც, არ შეიმჩნეოდა ქართული ეკლესიის მდგომარეობის თუნდაც ოდნავი გაუმჯობესება; უფრო მეტიც, ხდებოდა მისი ყოველმხრივი დისკრიმინაცია: ავიწროვებდნენ ენას ლიტურგიის დროს, პერიფერიულ ქალაქებში კი ღმრთისმსახურება საერთოდ არ მიმდინარეობდა ქართულად; შეზღუდული იყო საეკლესიო გამოცემებიც, მრავალი რაიონი ამაოდ მოითხოვდა მოქმედი ეკლესიების გახსნას; ყველა ამ პრობლემასთან და ქართველი ხალხის ეროვნული უფლებების დამცველ ბ. კაკუბავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით 1988 წლის 11 მარტს შიმშილობა გამოაცხადა ზ. გამსახურდიამ, ხოლო მ. კოსტავამ გააკეთა მიმართვა ქართველი ხალხისადმი, რომ შიმშილობის განსაზღვრულ ეტაპზე შენაცვლებოდნენ გამსახურდიას, რის შედეგადაც გამოცხადდებოდა ხანგრძლივი, პერმანენტული შიმშილობა. მანვე გადასცა ეს ინფორმაცია დასავლეთის პრესას ძმებ გუდავების მეშვეობით. აღნიშნული საკითხები საფუძვლიანად გააშუქა ზ. გამსახურდიამაც ამავე პერიოდში გაკეთებულ განცხადებაში.

ქართველ დისიდენტებს კავშირი ჰქონდათ დასავლეთის პრესასთანაც და შეძლებისდაგვარად სისტემატურად აწვდიდნენ ცნობებს საკუთარი მოღვაწეობისა და ქვეყანაში შექმნილი პრობლემების შესახებ. ეს ძირითადად ხორციელდებოდა ბოსტონში მცხოვრები ქართველი ძმების ედუარდ და თენგიზ გუდავების საშუალებით. ისინი, როგორც ჰელსინკის ჯგუფის წარმომადგენლები, მძაფრად გამოხატავდნენ პროტესტს საქართველოს ძველი და თვითმყოფადი კულტურის ჩახშობასთან დაკავშირებით და მხარს უჭერდნენ ზ. გამსახურდიას შიმშილობაში.

19-20 მარტს ბოსტონში ჩატარდა მუსიკალური ფესტივალი ჯანსუღ კახიძისა და გია ყანჩელის მონაწილეობით. ამ დღეებშიც გუდავებმა მოაწყვეს დემონსტრაცია ქართველი დისიდენტების სოლიდარობის ნიშნად. აქციაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა დაცვის ამერიკული ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელმაც. მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “შეწყვიტეთ დისიდენტების დევნა!”, “გაათავისუფლეთ ბორის კაკუბავა!”, “ენა – სამშობლოს რწმენა” და ა. შ. (8,3) მათ მოქმედებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ქართული პრესის მხრიდან, სადაც ისინი დებოშიორებად და კრიმინალებად დაახასიათეს, ხოლო მათი აქციები – უსაქციელო “გამოხდომებად” (9,9).

დროთა განმავლობაში გახშირდა ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის. ამჯერად, აპრილში აშშ-ის მხრიდან საბჭოეთს ეწვია მოკლე ვიზიტით სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი, იგი ჩავიდა თბილისშიც, დაესწრო წირვას და პირადად შეხვდა საქართველოს ეკლესიის პატრიარქს. შულცის ერთერთი მაღალი რანგის მრჩეველი კი ესაუბრა ზ. გამსახურდიას, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მძიმე მდგომარეობას, რომ ის იმყოფება სუკ-ის გავლენის ქვეშ და ზოგიერთ ნამდვილ მორწმუნეს არ აძლევენ წირვაზე დასწრების საშუალებას (8,3).

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 70 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო მორიგი მიტინგი. ქ. ქუთაისში “ი. ჭავჭავაძის საზოგადოების” IV დასმა დემონსტრაციის მოწყობის უფლებაზე სასტიკი უარი მიიღო. ხოლო 26 მაისს, ქალაქში დაწესდა მილიციის არნახული კონტროლი, ქუჩები გაივსო სახანძრო მანქანებითა და სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სუკ-ის თანამშრომლებით. მიუხედავად ამისა, ქუთაისის ცენტრში მაინც მოიყარა თავი სამი ათასამდე კაცმა. თორმეტმა აქციის მონაწილემ სცადა აქტივისტთა დაკავებისადმი პროტესტის ნიშნად თეატრის კიბეებზე დაჯდომა, ზოგიერთმა გაშალა პლაკატებიც, მაგრამ ისინი ფიზიკური ძალის გამოყენებით მაშინვე დააკავეს. მომიტინგეთა მეორე ჯგუფმა ბაგრატის ტაძარში გადაიხადა ქართველი ერის პარაკლისი და წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, თუმცა მცდელობა, გაეგრძელებინათ აქცია, ჩაიშალა (14,1).

1988 წლის ივნისში გაათავისუფლეს ქართული სამართალდაცვითი მოძრაობის წევრი ვალენტინა ფაილოძე, რომელიც ბოლო 15-16 წლის განმავლობაში საბჭოთა დამსჯელი ორგანოების უწყვეტ დევნას განიცდიდა, ვინაიდან მან ამხილა სვეტიცხოვლის ტაძრის საეკლესიო საუნჯის გატაცების ორგანიზატორები და მონაწილეები. მისი განთავისუფლება მოხდა ინდივიდუალურად, საყოველთაო ამნისტის გარეშე… ვ. ფაილოძემ აქტიურად განაგრძო მუშაობა ჰელსინკის ჯგუფში (9,9).

მ. გორბაჩოვი აღფრთოვანებით ხვდებოდა ნებისმიერ წინადადებას, რომელიც დასავლეთის რომელიმე ქვეყნის უატომო ტერიტორიად გამოცხადებას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, 28 აგვისტოს, “ი. ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ღია წერილით მიმართა სკკპ ცკ-ის გენერალურ მდივანს მ. გორბაჩოვსა და აშშ-ის პრეზიდენტ რ. რეიგანს, სადაც მოითხოვა ამიერკავკასიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების უბირთვო ზონად გამოცხადება, თუმცა მის ინიციატივას გამოხმაურება არ მოჰყოლია… (18, )

 სექტემბერ-ოქტომბრიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ახალი ეტაპი დაიწყო.

მარნეულის რაიონში, სოფ. ორჯონიკიძის მახლობლად, აზერბაიჯანელმა მოძალადემ ნამუსი ახადა 18 წლის ქართველ ქალიშვილს. აღნიშნულ რეგიონში 4 ოქტომბერს ჩავიდნენ ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა, ი. წერეთელი, გ. ჭანტურია და სხვ. თბილისში დაბრუნებულებმა სტუდენტებს გააცვნეს მარნეულში შექმნილი ვითარება, ხოლო 8 ოქტომბერს, მათივე ინიციატივით, მოეწყო მიტინგი თბილისის იპოდრომზე, სადაც გამოსულები იყვნენ აგრეთვე ი. ბათიაშვილი, თ. ქორიძე და სხვა დისიდენტები. მომიტინგეები მოითხოვდნენ, (ვინაიდან ქართველი საზოგადოება განიცდიდა შევიწროვებას არაქართველების მხრიდან) მარნეულის რაიონში ფუნქციონირებაში ყოფილიყო მხოლოდ ქართული სკოლები.

მიუხედავად აქციის მონაწილეთა პატრიოტული მოთხოვნებისა, მათ გამოსვლას ფართო უკმაყოფილება მოჰყვა პრესასა და ქართველი მოსახლეობის გარკვეული ნაწილიდან. უკანონოდ ჩაითვალა მიტინგიც, რადგან მის ორგანიზატორებს აქციის მოწყობის შესაბამისი უფლება არ გააჩნდათ (1,4).

ეროვნული მოძრაობის ლიდერები მხოლოდ ადგილობრივი მუშაობით არ იფარგლებოდნენ. იმის გამო, რომ მათი მოღვაწეობა არ დარჩენილიყო “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”, დემოკრატიულ მსოფლიოს უნდა შეეტყო დისიდენტთა მიზნისა და ბრძოლის შესახებ. რათა აეძულებინა რუსეთი შეეწყვიტა ქართველი პატრიოტების დევნა. აქედან გამომდინარე, ოქტომბრის ბოლოს ზ. გამსახურდიამ და მ. კოსტავამ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს (რომელიც ნოემბრის ბოლოს ორდღიანი ვიზიტით უნდა სწვეოდა მოსკოვს), მიმართეს თხოვნით, რომ შეჩერებულიყო საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დისიდენტების წინააღმდეგ მიმართული ტერორის მორიგი ტალღა. ვინაიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ჰელსინკის ჯგუფის აქტივისტი, მრავალი დემონსტრაციის მონაწილე და მცირე ხნის წინ შექმნილი საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი თეიმურაზ ქორიძე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი, 12 ოქტომბერს, ლურჯი მონასტრის დემონსტრაციისა და საქართველოს მთავრობის სახლის კიბეებზე ჯდომითი აქციიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, თავისი სახლის წინ ოთხმა უცნობმა სასტიკად სცემა. რამდენიმე საათის მერე კი დაფიქსირდა სატელეფონო მუქარა ედპ-ის პრეს-მდივნისა და ერთ-ერთი წევრის მიმართ. ანონიმური მუქარის წერილები მიიღო თ. ქორიძემაც (10,10).

საბჭოთა კავშირი ქართველი ერის დისკრიმინაციას იდეოლოგიურის გარდა, მატერიალური ბაზითაც ახდენდა. კერძოდ, სსრკ-ში შემოიღეს ხორცის პროდუქტებში რადიონუკლეიდების კატასტროფული ნორმატივები. დოკუმენტს სათაურით: “ძეხვეულის წარმოებისათვის”, იმ ხორცეული ნედლეულის გამოყენების რეკომენდაციები, რომლებიც შეიცავენ რადიაციულ ნივთიერებებს კილოგრამზე 3700 ბეკერელიდან 37000 ბეკერელამდე (N129 დსპ 20-9 1987 წ. 6 თებერვალი), ხელს აწერს სსრკ-ის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ა. ი. ზაიჩენკო. მისი რეკომენდაციები გაიგზავნა საქართველოს რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონში და მიღებული იყო შესრულებისათვის 1988 წლის ბოლომდე. ტერმინი “ბიოლოგიური ომი” ზ. გამსახურდიას წყალობით ხშირად გაისმოდა მიტინგებზე, რამაც აიძულა პრესა დაეწყო წერა ამ ტაბუდადებულ თემაზე და საზოგადოება არსებული საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა (12,3).

ამასობაში დადგა ნოემბერიც, რომელიც პოლიტიკური მოვლენების მხრივ უმნიშვნელოვანესი იყო არამარტო 1988 წლის, არამედ მთელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის.

ნოემბრის დემონსტრაციის ბიძგი იყო ის, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცვლილებები შეეტანა საბჭოთა კონსტიტუციაში, რომლის მეშვეობითაც სერიოზულად იზღუდებოდა “მოძმე რესპუბლიკათა” სუვერენული უფლებები და შესაბამისი პროექტი წარადგინა სესიაზე.

10 ნოემბერს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში გაიმართა სსრკ-ის კონსტიტუციის ცვლილებებისა და დამატებების პროექტის განხილვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მეცნიერებმა და სხვადასხვა შემოქმედებითი თუ შრომითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათი მოთხოვნა იყო შეეცვალათ კონსტიტუციაში ის პუნქტები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა “მოძმე რესპუბლიკათა” თავისუფალ ნებას (4,2).

21 ნოემბერს, ამჯერად, საქართველოს ალკკ ცკ-ის სააქტო დარბაზში შეიკრიბნენ კომკავშირის მუშაკები, სხვადასხვა შემოქმედებითი და არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები. სხდომაზე დაისვა საკითხი, ყველა რესპუბლიკას მისცემოდა უფლება, თვითონ შეემუშავებინა საკუთარი კონსტიტუცია, რომელთა მიხედვით მოხდებოდა შემდგომში საბჭოთა კონსტიტუციის შედგენა (5,4).

რეალურად არცერთ მოლაპარაკებას შედეგი არ მოჰყოლია და წინაღმდეგობამ 22 ნოემბრიდან, თბილისის მთავრობის სასახლის წინ, გაფიცვის სახე მიიღო. მის ძირითად მასას სტუდენტები წარმოადგენდნენ, ორგანიზაციულ საკითხებს კი კვლავ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ხელმძღვანელობდნენ. ახალგაზრდებს ხელში ეჭირათ ეროვნული დროშები და ლოზუნგები: “უარვყოფთ კონსტიტუციის პროექტს!”, “გაუმარჯოს ჭეშმარიტ დემოკრატიას!” და ა. შ. ისინი ერთხმად მოითხოვდნენ ეროვნული უფლებების გაზრდას, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შეწყვეტას, მშვიდობიანი გამოსვლების შესახებ კანონის გაუქმებას და სხვა (5,4).

აქცია მცირე ხნის შემდეგ შიმშილობაში გადაიზარდა. დაძაბული სიტუაციის განსამუხტავდ 25 ნოემბერს თბილისის სახ. უნივერსიტეტში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან მოეწყო სსრკ-ისა და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატების, მეცნიერებისა და არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგნელების შეხვედრა, რომლებმაც ისაუბრეს რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებისა და მისი ასპექტების შესახებ (2,4), მაგრამ, ვინაიდან, ახალგაზრდების ძირითადი მოთხოვნა კვლავ დაუკმაყოფილებელი იყო, გაფიცვა გრძელდებოდა… უფრო მეტიც, 25 ნოემბრის ღამეს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა: მიტინგის ერთ-ერთი აქტივისტი მთავრობის სასახლის თავზე ავიდა და საბჭოთა დროშა ჩამოხსნა (6,2). ეს იყო გაბრიელ (გაბული) ისაკაძე. ამ “აღმაშფოთებელი” საქციელის გამო, ის გიჟად მონათლეს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს და მანამდე აწამებდნენ იქ, სანამ 1989 წელს მ. კოსტავას ძალისხმევით არ მოუხსნეს ხულიგნობის მუხლი (მერაბმა მის გასათავისუფლებლად მიტინგზე 10000 ხელმოწერა შეაგროვა).

გორბაჩოვისგან არაფერი ისმოდა… აქციაზე კი ვითარება უფრო და უფრო რთულდებოდა… გაფიცვის დაწყებიდან მეშვიდე დღეს რამდენიმე სტუდენტი დაუყოვნებლივ მოათავსეს საავადმყოფოში, მაგრამ დანარჩენები მაინც ჯიუტად განაგრძობდნენ რუსთაველის პროსპექტზე დგომას. არავინ იცის როდემდე გაგრძელდებოდა ასე, რომ არ დამდგარიყო 29 ნოემბერი, როდესაც აქციის მონაწილეებს გააცნეს მ. გორბაჩოვის სიტყვა, რომლის მიხედვით, ის ითვალისწინებდა რა, ქართველი სტუდენტების მოთხოვნას, წყვეტდა კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას… (7,4).

ასე, რომ 29 ნოემბერს, ნაშუადღევს შიმშილობა დასრულდა. მიღწეული წარმატება იყო ეროვნული მოძრაობის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რომლის მეშვეობით მოგერიებულ იქნა რუსეთის კოლონიალური პოლიტიკის მორიგი შემოტევა; ეს სიხარული იყო ნაყოფი ქართველი დისიდენტების ფასდაუდებელი ღვაწლისა და ნათელი იმედი თავისუფალი საქართველოსი…

ნოემბრის აქციიდან მალე, 3 დეკემბერს, ქ. ქუთაისში ჩატარდა 1988 წლის უკანასკნელი მიტიგი. მასში მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან ჩასულმა არაფორმალური გაერთიანების ჯგუფებმა. მათ უნდა განეხილათ კულტურის ძეგლთა დაცვა-აღდგენის საკითხები, ემსჯელათ ეკოლოგიურ პრობლემებზე და სხვ. საბრძოლო დიდების მემორიალთან რვაასამდე კაცი შეიკრიბა, რომელთაც მიტინგის ორგანიზატორებმა ერთიანობისა და ეროვნული ძალების მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს, მაგრამ ზოგიერთი ვაიქართველი კოსმოპოლიტის გამოსვლის შემდეგ აქცია, ფაქტიურად, ჩაიშალა… (3,3).

ამრიგად, 1988 წელს საქართველოს ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა: ეს იყო გარდამტეხი პერიოდი, რომელმაც, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, გამოაფხიზლა ხალხი და აამაღლა მისი ეროვნული თვითშეგნება. მაგრამ, აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი: დისიდენტების მიზანი ერთიანი, თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო იყო, სადაც დაცული იქნებოდა ნებისმიერი ეროვნებისა და სარწმუნოების თითოეული წარმომადგენელი, თუმცა, ამავე დროს არ დაირღვეოდა ქართველი მოქალაქის უფლებები და მისი ენისათვის, ხალხისა და კულტურისათვის პატივი უნდა ეცა ყველას, ვინც ტერიტორიულად ცხოვრობდა საქართველოში; მაგრამ, ხშირად, ქართველი პატრიოტების მოწოდებები, ისევ და ისევ საბჭოთა ხელისუფლების აქტიური მუშაობის გამო, არასწორად – ნაციონალიზმად აღიქმებოდა, ამიტომ ეროვნული მოძრაობისათვის, დღიდან მისი წარმოშობისა, ყველაზე მწვავე პრობლემად რჩებოდა თანაფარდობა ეროვნულსა და ზოგადსაკაცობრიოს შორის… აღნიშნული და კიდევ მრავალი წინააღმდეგობის გამო, ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის მისი ლიდერებისაგან – ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავასაგან – კოლოსალურ ენერგიასა და დიდ მსხვერპლს მოითხოვდა; ურთულესი იყო მძაფრი იმპერიალიზმის ხანაში ეროვნული ძალებისა და ქართველი ერის ცნობიერების გამთლიანება, რამაც მომავალში საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა… 1988 წლის მოვლენებით დაიწყო ქართველი ერის თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა, ანუ ისევ ზ. გამსახურდიას სიტყვებით რომ ვთქვათ – “ქრისტეს გზა, – ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა…”

 

გამოყენებული პერიოდული ლიტერატურა

1. “კომუნისტი”, 1988 წ. 11 ოქტომბერი; გვ.4

2. “კომუნისტი”, 1988 წ. 24 ნოემბერი, გვ. 4.

3. “კომუნისტი”, 1988 წ. 4 დეკემბერი, გვ. 3.

4. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1988 წ. 12 ნოემბერი, გვ.2.

5. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1988 წ. 24 ნოემბერი, გვ. 4.

6. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1988 წ. 8 დეკემბერი, გვ. 2.

7. “ახალგაზრდა კომუნისტი”, 1988 წ. 30 ნოემბერი, გვ. 4.

8. “ლიტ. საქართველო”, 1988 წ. 20 მაისი, გვ. 3.

9. “ლიტ. საქართველო”, 1988 წ. 27 მაისი, გვ. 9.

10. “ლიტ. საქართველო”, 1988 წ. 4 ნოემბერი, გვ. 10.

11. “ახალგ. ივერიელი”, 1990 წ. 20 სექტემბერი, გვ. 2.

12. “ახალგ. ივერიელი”, 1991 წ. 5 მარტი, გვ. 3.

13. “საქართველოს რესპუბლიკა”, 1991 წ. 8 მაისი, გვ. 1.

14. “ქართული ქრონიკა”, 1988 წ. 20 ივნისი, გვ. 1.

15. “არჩევანი”, 1993 წ. 9 აპრილი, გვ. 1.

16. “7 დღე”, 1997 წ. 20-22 მაისი, გვ. 6.

17. “7 დღე”, 1997 წ. 27-29 მაისი, გვ. 6.

18. ჟურნალი “ივერია” 1988 წ. ?8.

 

Medea Shamugia

Materials for the study of the history of the national movement of Georgia in the 1980s (1988)

 

On the 25th of February 1921 Russia brought about the occupation and annexation of Georgia, which lasted for 70 years. Our country lost independence…. In this period the bringing forward of anything national (Geo. erovnuli) was declared “nationalism” (Geo. nacionalizmi) and suffered cruel discrimination, which was implemented as the beginning of a maximal attempt at the assimilation of Georgia to Russia. The Georgian language and the Georgian church experienced systematic oppression…. There occurred the suppression of independent Georgian culture, the alienation of old Georgian lands (Saingilo, Sochi) and so on…. Dependence on work also underwent change. The peasant came to hate the land, for the results of labor no longer connected him to it, a web of corrupt bureaucrats was made from state officials, who shamelessly exploited the property of the country, everything which was valuable was intensively removed from the country; all of this brought us to the brink of the final destruction of the national economy….

1988 had the greatest importance for the nationalindependence movement of Georgia: this was a period of great changes, which, in spite of many obstacles, awakened the people and raised their national self-consciousness.

But, here the following must be pointed out: the goal of the dissidents was a united, free, democratic Georgia, where every representative of every nationality and religion would be protected, although at the same time the rights of Georgian citizens would not be abolished and all, who live in the territory of Georgia, must respect their language, people and culture. But, frequently, the appeals of Georgian patriots, because of the active work again and again of Soviet powers, was incorrectly considered nationalism, because for the national movement, from the moment of its formation, the most acute problem remained the correlation between the national and the more generally human…. as a result of this and many other forms of opposition, the battle for independence demanded colossal amounts of energy and great sacrifice from its leaders — Z. Gamsakhurdia and M. Kostava — the most complex was the making whole of national forces and the consciousness of the Georgian nation (eri) in a time of strong imperialism, which would bring independence to Georgia in the future….With the events of 1988 a road moving towards the freedom of the Georgian nation was began, or again to use the words of Z. Gamsakhurdia —”the road of Christ — a thorny path of crucifixion and inevitable resurrection….”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s