Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რეპრესირებული სვანები

 

ხელისუფლების დემარში მესტიაში და რეპრესირებული სვანები

 

13.05.2010

 

[ნანა ფაჟავა, მესტია]

დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით, მესტია ის ადგილი აღმოჩნდა, სადაც ოპოზიციურმა ძალებმა გაერთიანება მოახერხეს, პარტიული ინტერესების მიუხედავად „თავისუფალი კვოტები აითვისეს“ და სვანეთის დასაცავად „ბრძოლა“ გამოაცხადეს. ერთიანობის შედეგად კი სვანებმა ათეულობით „პიკაპზე“ „ამხედრებულ“ „ვანოს ბიჭებს“, გოროზია-გუნავასა და მარგიან-ჯაფარიძეს უკან დაახევინეს.

3 მაისის ღამეს, მესტიაში, ხელისუფლებისა და ძალოვანების მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ სვანებს 1937 წელი გაახსენა. „ჩაბნელებული მესტია, კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმი, რომელსაც ხალხი სახლებიდან გამოჰყავდა… ფილმებში თუ მინახავს ასეთი რამ, ისეთი, რასაც ბერია და სხვები აკეთებდნენ…არ მეგონა, ასე საშიში თუ ვიყავი სვანეთისთვის…“-ეს სიტყვები ცნობილ მოკრივეს, ლერი ნაკანს სააკაშვილის ხელისუფლებამ ათქმევინა.

 

ლერი ნაკანი პარტია „თავისუფლებისა“ და სხვა ოპოზიციური კანდიდატებიდან ერთ-ერთია, რომელსაც ღამის 12 საათზე მესტიის მინიციპალიტეტის გამგეობაში გუბერნატორი და შსს წარმომადგენლები კანდიდატურის მოხსნის თაობაზე განცხადებას იძულებით აწერინებდნენ.

 

ლერი ნაკანი: „ჩემთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამოვიდნენ, მითხრეს, თუ ნებაყოფლობით არ წამოხვალ, სპეცრაზმი გაგიყვანს. დაგეგმილი იყო, მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით, ამიტომაც მოვედითო… მიმიყვანეს გამგეობაში. იქ დამხვდა გუბერნატორი გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, შსს წარმომადგენელი ანზორ მარგიანი და სხვა ძალოვნები. მარგიანმა ერთ-ერთ ოთახში გამიყვანა და მითხრა, შენმა თანაპარტიელმა ვიქტორ ჯაფარიძემ კანდიდატურა მოიხსნა და შენც ასევე უნდა მოიქცე, შარში თავს რატომ ყოფო. გოროზია მეუბნებოდა, რას გვერჩი ამ მთავრობასო. მე ავუხსენი, რომ ამ ხელისუფლებისგან დაუნახავობა დავინახე და ამიტომაც დავდექი ვიქტორის გვერდით. 13 წელია ბავშვებს ვწვრთნი, ერთადერთი ის დამეხმარა ფინანსურად, რომ შეჯიბრებებში მონაწილეობა მიგვეღო…“

 

გუბერნატორის მსგავსად ნაკანისგან კანდიდატურის მოხსნასა და „ნეიტრალზე დგომას“ სამხარეო პოლიციის შეფი გუნავაც მოითხოვდა. ზუსტად სამი დღის შემდეგ კი მისი მინისტრი მერაბიშვილი ტრიბუნაზე „ამაყად“ შემდგარი აცხადებდა, რომ „ჩვენი მიზანია, საქართველოში პოლიცია საზოგადოების ნდობით სარგებლობდეს. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, ვისიც არ უნდა იყოს იგი, პოლიცია პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართოს, უშედეგოდ დასრულდება. პოლიცია იყო და დარჩება საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სახელმწიფო ორგანოდ.

 

„ავტორიტეტული ორგანო“, რომელიც „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო „პროპაგანდას“ რეგიონში უკვე ღიად ეწევა, მესტიის გამგეობაში იმ საღამოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესა და „თავისუფლების“ კანდიდატს, ვახტანგ ნაკანსაც „მოძღვრავდა.“ ნაკანმა „პრესა.გე“-სთან საუბარს თავი აარიდა, თუმცა გაირკვა, რომ მის სახლთან 3 მაისის ღამეს ძალოვანების შემდეგ ექიმები გამოჩნდნენ. სამედიცინო დახმარება ლარისა ნაკანს სწორედ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობის გამო დასჭირდა.

 

იმას, რასაც ნაკანები არ, ან ვერ ამბობენ, ოპოზიციის ის სხვა ლიდერები იხსენებენ, რომლებმაც გამგეობის შენობაში შეღწევა და თანამოაზრეების „გამოხსნა“ მოახერხეს.

 

ნელი ნავერიანი, „ალიანსი საქართველოსათვის“: „როდესაც მე და ჩვენი კანდიდატი, კახა ჟორჟოლიანი გამგეობის შენობასთან მივედით, ზუსტად 44 „პიკაპი“ და ათეულობით შეიარაღებული პირი დაგვხვდა. შენობაში უპრობლემოდ შევედით, რადგან პოლიციელებს „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში, ან იმ იძულებით მიყვანილ ოპოზიციურ კანდიდატებში ავერიეთ, რომლებიც იქ უკვე დამწყვდეული ჰყავდათ. ბნელ დერეფნებს მობილური ტელეფონით ვანათებდით. ლერი ნაკანი შევნიშნეთ, რომელსაც გოროზიას თანდასწრებით კანდიდატურის მოხსნის შესახებ წინასწარ შედგენილ განცხადებაზე ხელი მოაწერინეს. ლერი ამბობდა, რომ ურჩობის შემთხვევაში მას მარგიანი და გოროზია ჩასაფრებით, ჩაჩეხვითა და გადაჩეხვით ემუქრებოდნენ.

 

ამ დროს ვახტანგ ნაკანი სხვა ოთახში ჰყავდათ, რომელიც მხოლოდ სანთლით ნათდებოდა. ის მცირე მეწარმეა და ალბათ ამიტომაც მიუჩინეს „სათანადოდ“ ფინანსური პოლიციის წარმომადგენელი ჩიქოვანი. ოთახში ჩვენმა მოულოდნელმა შევარდნამ მათში დაბნეულობა და შოკი გამოიწვია. აღარ მივეცით იმის საშუალება, რომ ვახტანგს კანდიდატურის მოხსნაზე ხელი მოეწერა. ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ნაკანის გადაყვანა გამგებლის კაბინეტში გადაწყვიტეს, სადაც გოროზია იყო. ხმაურზე მესტიის პოლიციის უფროსი გია შედანია და მისი მოადგილე, ჯონი ბელქანია გამოვიდნენ. მათთან შეკამათების შემდეგ კი ბელქანია ფიზიკურად გამისწორდა, მხრებში ხელი მკრა და ჩემი გაძევება სცადა. მის მიმართ პროტესტი იმდენად გამოვხატე, რომ დაიხია.

 

ამავე პერიოდში სპეცრაზმი ცხუმარის, იფარისა და კალას მიმართულებით დაიძრა. ოპოზიციური კანდიდატების ნაწილს განცხადებაზე ხელი სახლში, გზაზე ან მესტიაში მოაწერინეს. ვახტანგ ნაკანი კი გამოვიყვანეთ, მაგრამ შენობის გარეთაც დიდი ხმაური დაგვხვდა. სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა ნოდარ ნაკანსა და კახა ჟორჟოლიანს ღიად ემუქრებოდა, „ბორკილდადებულს წაგიყვანთ აქედან, კიდევ დაგჭირდებათ სვანეთის გზაზე სიარულიო. გოროზიას სძულს სვანეთი და მსურს ეს პირადად ვუთხრა მას. 2006 წლის ადგილობრივი არჩევნების დროსაც იჯდა იგი მესტიის გამგეობაში და ჩვენს ბიჭებს მუშტებს უბრახუნებდა….“

 

პოლიციის ძალადობის ობიექტი იმავე საღამოს ნოდარ ნაკანისა და საოლქო კომისიის მდივნის, ნათია გიგანის არასრულწლოვანი ქალიშვილები გახდნენ, რომლებმაც მესტიის ცენტრში განვითარებული მოვლენების ასახვა სკვერში ჩასაფრებულებმა, ვიდეო-კამერით სცადეს. მარი ნაკანის დედამ, ნინო ჯაფარიძემ, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატია, საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ ფეხდაფეხ დევნიდა მის შვილს 40-მდე პოლიციელი.

 

ნინო ჯაფარიძე: „იმ დროს, როცა ჩემი თანდასწრებით პოლიციის უფროსები გუნავა და შედანია ჩემს მეუღლეს ემუქრებოდნენ „შენს ოჯახს კარგი დღე არ დაადგებაო“, პოლიცია ჩემს ქალიშვილზე და მის მეგობარზე უკვე „ზრუნავდა“, სკვერში იარაღით დასდევდა. ჩემს მისვლამდე მეზობელმა ქალმა პოლიციელს, ჯონი ბელქანიას წინააღმდეგობა გაუწია და იარაღის გამოყენების საშუალება არ მისცა. ძალოვანებმა არასრულწლოვანი ჯემალ ჯაფარიძეც გაიტაცეს, რომელიც გოგონებზე ძალადობას აპროტესტებდა. მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ვეძებდით მას, პოლიციის იზოლატორში არ ჰყავდათ, მხოლოდ დილით გამოჩნდა, მაგრამ არაფერს ამბობს.“

 

ნინო ჯაფარიძე მომხდარ ინციდენტში გუბერნატორის მოადგილეს, ერეკლე ჯაფარიძეს ადანაშაულებს. „ჯაფარიძე უძღვებოდა წინ ამ ყველაფერს. იგი თავისი კარიერისთვის წირავს მთელ სვანეთს და მშვიდობიან მოსახლეობას.“-აცხადებს მაჟორიტარობის კანდიდატი.

 

ერეკლე ჯაფარიძე ინციდენტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს და კომენტარზეც უარს აცხადებს, მაგრამ „პრესა.გე“-ს კამერის ობიექტივში იგი მაინც მოხვდა. მესტიის მომავალ გამგებლობაზე მეოცნებე ჯაფარიძე ჟურნალისტს დიდი ხნის ნაცნობობას ახსენებს და მასთან შეუთანხმებლად სვანეთში „ვიზიტს“ საყვედურობს.

 

კამერის წინ საუბარს თავს არიდებს ერეკლე ჯაფარიძის ძმა, ილია ჯაფარიძეც, რომელიც მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი და 3 მაისის ინციდენტის აქტიური მონაწილეა. „უმსგავსო ხალხის ლაპარაკი და ინტრიგაა ეს ყველაფერი. არაფერი მომხდარა, რვაჯერ არის 44 მანქანით გოროზია ამოსული. ოთხჯერ მარტო ჩემი ძმის სახლში ვნახე. ამ უმსგავსობაზე არ ღირს ყურადღების გამახვილება.“-ირწმუნება ილია ჯაფარიძე.

 

ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლასა და განცხადებების არსებობას ადასტურებს საოლქო კომისიის მდივანი ნათია გიგანი. ის ამბობს, რომ „მთელი საოლქო კომისიის შემადგენლობა არჩევანის წინაშე დაგვაყენეს, ან უნდა გაგვეტარებინა განცხადებები, ან არა. მე მოვითხოვე, რომ ყველა კანდიდატი პირადად მოსულიყო, როგორც კანონის ფარგლებშია დაშვებული და პირადი განცხადების საფუძველზე მოეხსნათ. ის განცხადებები, რასაც ამბობენ, ჩვენამდე არ მოსულა, გამგეობის შენობაში დარჩა…“

 

ოპოზიციურ კანდიდატებზე ზეწოლის, დაშინებისა და მმართველი პარტიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო რესურსების გამოყენებაზე საუბრობს საოლქო კომისიაში ლეიბორისტებიდან წარდგენილი წევრი ალეკო ხერგიანი. იმავეს ადასტურებს „ალიანსი საქართველოსათვის,“ ლატალის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა გირგვლიანი. „ნაცმოძრაობის“ მხრიდან მის მიმართ გამოჩენილ „შემწყნარებლობას“ იგი სანდრო გირგვლიანის ბიძაშვილობას უკავშირებს.

 

„ამ ხელისუფლებამ დიდი ტკივილი მოგვაყენა. სანდროსა და მთელი ოჯახის ტრაგედია მაძლევს იმის ძალას, რომ ბოლომდე ვიბრძოლო. არ გავჩერდები, ვერ გამაჩუმებენ მანამ, სანამ სამართალს არ ვიპოვი. ამ მთავრობას უნდა ოპოზიცია საერთოდ არ არსებობდეს და ყველა მათი მორჩილი იყოს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამ ყველაფერს გუბერნატორი გოროზია და სხვა ხელისუფლების წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, მათ შორის მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე.“-აცხადებს მამუკა გირგვლიანი.

 

გოჩა ჭელიძე ხელისუფლების ერთადერთი წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომელიც „პრესა. გე“-სთან ინტერვიუს დათანხმდა. იგი მედიისა და პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისმწამებლურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გოროზიას გამოჩენა მხოლოდ „მიმდინარე გრანდიოზულ პროექტებზე კონტროლს უკავშირდება.“

 

გოჩა ჭელიძე: „გოროზიას ყოფნა მესტიაში უჩვეულო ნამდვილად არ იყო. იმ ღამეს პროექტების განხილვა მიმდინარეობდა, ოპოზიცურმა ძალებმა კი აბსოლუტურად პროვოკაციული ნაბიჯები გადადგეს. სიმართლეს არ შეესაბამება ისიც, თითქოს არასრულწლოვან ბავშვებს ვინმემ რამე დაუშავა, ან ვინმე დააკავეს. უსაფუძვლოა ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს შენობების გარემონტება შერჩევით ხდება. მშენებლობების დაწყებაც არ უკავშირდება არჩევნებს, უბრალოდ, ხარაჩოები ახლა იმიტომ გაკეთდა, რომ მანამდე მესტიაში თოვლი იდო.“

 

„ხარაჩოში ჩასმული“ მესტია არჩევანის წინაშე მალე დადგება, მაგრამ… „პრესა.გე“-მ მესტიაში ისეთი ამომრჩევლებიც შენიშნა, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემას მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას სასარგებლოდ გეგმავენ…

 

მესტიელების კიდევ ერთი სატკივარი ტერიტორიულ მოწყობას უკავშირდება. რაიონის საავადმყოფოს ექიმი, ომარ ჭკადუა პრობლების გადაჭრას სვანეთის მხარისათვის მეტი უფლებების მინიჭებაში ხედავს. ჭკადუა ის კვალიფიციური ექიმია, რომელსაც მესტიის საავადმყოფოში სხვა კოლეგებთან ერთად მუშაობა თითქმის საველე პირობებში უხდება.

 

ომარ ჭკადუა: „მესტიას სამეგრელოსთან 240 კილომეტრი აშორებს, ამიტომაც ძნელია მართვა. თუ იმას ეძახიან მართვას, წელიწადში ორჯერ ამოვლენ, პურმარილს მიირთმევენ და ისევ უკან წავლენ, არ ვიცი. წარმოუდგენელია, ჯანდაცვა, განათლება, პოლიცია და პროკურატურა, ხე-ტყის წარმოება ზუგდიდიდან მართო. შეუძლებელია, უშგულელი კაცი ელემენტარული ცნობის, ან პასპორტის ასაღებად სამეგრელოში ჩავიდეს…უნახავს აქ ვინმეს ზამთარში ეს ხელისუფლება? მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ სვანეთი. 3 მაისს ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა. არ შეიძლება საკუთარ ხალხს ასე მოექცე. ამ ქმედებით „ნაციონალებმა“ რეიტინგი საერთოდ დაკარგეს. მოსახლეობამ მათ მიმართ განწყობა რადიკალურად შეიცვალა. ამას ის დიდი უმუშევრობაც ემატება, რაც სვანეთისთვის მომაკვდინებლად იქცა.“

 

3 მაისის ინციდენტიდან მეორე დღეს გუბერნატორი გოროზია, მისი მოადგილე ჯაფარიძე და გამგებელი ჭელიძე „ცენტრალურმა“ ხელისუფლებამ გაურკვეველი ვადით „დაასვენა.“ თანამდებობის პირების შვებულებაში გასვლას მესტიელები „სპეცოპერაციას“ უკავშირებენ, თუმცა ჯაფარიძე და ჭელიძე მხოლოდ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაზე მიანიშნებენ. გოროზიასთან დაკავშირება კი „პრესა.გე“-მ ვერ მოახერხა.

 http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10853

 

***

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s