Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•წინაპართა შეგონებანი

წინაპართა ვედრება და შეგონებანი

 

  

***

“ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოეთისა, სანაპიროსა თვისთაგან გადმოხეთქილი და წარღვნასა ექადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა და თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დღისა ვარამის განმსჭვრეტელობა წინდი არს იმისა, ვითარმედ “აღდგებიან მკვდარნი”, საქართველო გაცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატეანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა თვისთა საგმიროთა. იყავნ, იყავნ!”

კირიონ II

https://iberiana.wordpress.com/iberiana/yriloba/

 

 ***

ზვიად გამსახურდია: აირჩიე ქართველო ერო

(1990 წლის 26 მაისი)

 

ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით, მოვიდა მეოცე საუკუნემდე და მის წინაშე დადგა არჩევანი _ აი, ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტების, დიდი დემოკრატებისა და ჰა, მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთოებისა, ბარაბასი.

და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.

და აი, მოდის ახალი არჩევანი, წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. 

აი, გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა!

აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!

 და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებულ იყოს უკუნისამდე.

გაუმარჯოს ილია მართლის გზას!

კურთხეულ იყოს ილია მართლის გზა!

გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

 

***

 

ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება

  

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს.

”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრებით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…

 სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:

 … ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ… ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში… მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები… საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია… საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას…

 … ეს არ არის მუქარა… ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას…”

***

წმინდა ილია მართალის შეგონებანი

„სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისე ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულააა, – თუ ასე ითქმის, ვერც თვალსა და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ხედავდეს მართლმადიდებლად და მეორესაც, ერთსაც გაუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარი სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტანად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყევლად მოსავია მარტო იმსარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამოსოდ სარწმუნოება – კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იყიდის და როცა უნდა იცვამს“.

„დიდი მამულიშვილური სიყვარული და ღრმა სარწმუნოება, ეს ორი უძლიერესი გრძნობა ადამიანისა“.

„ქრისტიანობა ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთსა და იმავე მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან, – გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-თვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარი მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას სულ იმაზე მიაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდესს საგანს, ერთად შეერთებულს, თავ დადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.

აი სად არის და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერსა და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი რით გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტესი ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი-მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ, აი რამ მოაგერებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მიაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული-მამულსა და ეროვნებასა და ეგრედ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაიმძღვარა წინ, ათას ხუთასი წელიწადი ომითა და სისხლის ღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.     

ამ სამთა უწმინდაესთა საგანთა შეერთებამ ასწია ჩვენი სამღვდელოება და დააყენა იმ მაღალ ხარისხზედ, სადაც ყოველი ბიჯი ღვაწლია და სამსახური ქვეყნის წინაშე. მოღვაწეს და მოსამსახურეს ყოველთვის დიდი პატივი და სახელი აქვს და ამიტომაც უწინ სასულიერო წოდებაში შესვლა და ყოფნა დიდ პატივად და დიდ ღირსებად მიაჩნდათ. დიდნი გვარიშვილნი, მეფეთა ოჯახისანი და ძენიც- კი ბედნიერად ჰრაცხდნენ თავიანთ თავს, თუ-კი ეღირსებოდნენ სასულიერო წოდების კაცად გახდომას, სასულიეროში შესვლას და სამსახურსა.   

ყველამ იცოდა, რა მძიმეა ჯვარი ქრისტესი, ჯვარი მამულისა და ეროვნებისა და სახელიც მოღვაწისა ამ სიმძიმეში იყო. ეს სიმძიმე აპატიოსნებდა  ღვაწლსა, ეს ტვირთი ასხივოსნებდა სამსახურსა და ამ პატიოსნებასა და სხივოსნობაში იყო თავ-მოწონებაც  და ჯილდოც მოღვაწისა. ამ სახით წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამც თუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმ უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევა მოსილი კალთა გადააფარა, ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა და აი ათას ხუთას წელიწადია ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შეგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა“.

„ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო. იგი ამასთან ერთად ქვითკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილების გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არა-რა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო ეს ჩვენი ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათა შორის, ქართველი ერი ამისათვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა. ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედის-გამგებელთა  და არ არის ჩვენი არც ერთი სახელგანთქმული კაცი, ან მეფე, რომ სხვათა შორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ამიტომაც, მოაცალებდათ თუ არა პოლიტიკური ტრიალი ბედისა, ყოველი მათგანი ცდილობდა, არაფერს ზოგავდა, ქრისტეს რჯული, შინაგანის ღირსებით განდიდებული და მიმზიდველი, გარეთა ღირსებითაც განედიდებინათ, გაემშვენიერებინათ და მისი მონასტრები ყველგან მოეფინათ ქრისტეს რჯულის სახსოვრად და სადიდებლად“. 

„ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომ ჩვენს ისტორიაში  არ იცის მაგალითი, რომ ქართველს სურვებულიყოს ოდესმე სხვისი სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი – აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელსა სავანესა და სინდისის თავისუფლებასა“.

ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლშვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულსსამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის ეს, ეს ერი მოსწყდეს! ცოდვა არ არის ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს! ცოდვა არ არის, ტურამელამ გამოღნას როგორც მძოვრი, როგორც ლეში! რათ? რისთვის? ის რა ვირი მოვპარეთ? გითხრათ რით გაგახაროთ?

ყველა ეს შევძელით და საკითხავად საჭიროა, – რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გაგვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით – იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე, მისი ფარ-ხმალი. ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით. ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით. ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა…

 იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. „სილბო გვქონდა ნაქსოვისა“ –  ვით ქრისტეანებს „და სიმტკიცე ნაჭედისა“ – ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი, დროთა შესაფერისი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერისი ხერხი, დროთა შესაფერისი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერისი მხნეობა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო, დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა“.

ხმლინმა მტერმა ვერ დაგვათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწაწყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიან მტერს გავუძელით, გადავრჩით. ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევინარჩუნეთ, საქოლავი არვის ავაგებინეთ, ხმლით მოსულმა ვერა დაგვაკლო რარა, – შრომით, გარჯითა და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება, და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან, შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვინღა გაუძლებს თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველივე ამისათვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილი ცხოვრებისა, დავიწყება თავისის ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან – მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა. წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო მომავალისა. ეს სამი სხვადსხვა ხანა, სხხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარის და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძნისაგან, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო, ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ბუნებური კანონი.

ბევრს ერს ქვეყნაზედ სულაც არა ჰქონია წარსული, სულაც არა ჰქონია ისტორია, ესე იგი იმისთანა ცნობიერი ცხოვრება, რომელიც გამოსახავს ხოლმე სულიერს და ხორციელს ვიანობას ერთიანის კრებულისას, მის მიზიდულობას, მის აზრს და საგანს არსებობისას, მის წმიდათა-წმიდას, და რომელიც მკის თავის დროებისათვის და ამასთანავე სთესს მერმისისათვის. ამისთანა ხალხი დღესაც ბევრნი არიან ქვეყანაზედ. ამისთანა ხალხი უბინაო კაცსა ჰგავს, რომელმაც არ იცის – ვინ არის, რისთვის არის, საიდამ მოდის და სად მიდის. ამიტომ ამისთანა ხალხი ბევრით არ გამოირჩევა პირუტყვთაგან და იქნება ბევრში უკანაც ჩამოურჩება. ულმობელი კანონი ისტორიისა ამისთანა ხალხს ვერ დაინდობს ეხლანდელ დროში, და სხვა უფრო ძლიერის ისტორიის მქონე ერი დაეძგერება თუ არა თან გაიტანს და შეიწირავს ამისთანა ხალხსა.

თუ ესეთი არა, ბევრი აღარ არის იგი ერი, რომელსაც ისტორია ჰქონია და იგი ისტორია დაუვიწყნია; აღარც ამისთანა ერს აქვს მკვიდრად მოკიდებული ფეხი არსებობისათვის საჭიდაოდ, იმიტომ რომ, რა იყო – ის დავიწყებული აქვს და მაშასადამე , რა არის – არც ის იცის. არ იცის რა გაიმაგროს, რისთვის გაწიროს თავი, რას გამოესარჩლოს და რას არა. ფეხ-ქვეშიდამ გამოცლილი აქვს ის მაგარი მიწა, იგი თანი თავის ვინაობისა, რომელსაც ისტორია შეადუღებს ხოლმე მამა-პაპათა ნაღვაწ-ნამოქმედარისაგან საშვილიშვილოდ ფეხმოსაკიდებლად და გასამაგრებლად. იგი დიდება, იგი სახელი, რომელსაც ამისთანა ერი ჩაინარჩუნებს ხოლმე წარსულისაგან თავის გულში, თავის სამღერელსა და საგალობელში, თავის ზღაპრებსა და მოთხრობებში, მართალია, ბევრს ანუგეშებს ხოლმე ჭირსა და ლხინში, მაგრამ რაც დრო მიდის, ეგ ნუგეშიც ისტორიის დავიწყებასთან ერთად, ნელდება და თანდათან ჰქრება. იმიტომ რომ სამღერალსა და საგალობელში, ზღაპრებსა და მოთხრობებში ჩარჩენილნი სახსოვარნი, ისტორიის დავიწყების გამო, მართალს აღარა ჰგვანან და უაზრო და უსაგნო ზღაპრადღა გადაიქცევა, როგორც მთქმელის, აგრეთვე გამგონის თვალშიაც. ამის გამო ამ სახსოვრებში ის ცეცხლ-მოსაკიდებელი ძალ-ღონე აღარ არის, რომელიც კაცს ააფეთქებს ხოლმე მოქმედებისა და გარჯისათვის, და რაკი ეს არ არის, ყოველი ეს განძი და საუნჯეც კი, წარსულისაგან გადმოლოცვილი, ამაო და ფუჭია ერის გამხნევებისათვის, ერის დღეგრძელობისათვის.

თუნდ ეგეც არ იყოს, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზე გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღლის წევა. შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი, რა ავი მიიჩნია კეთილად, რა კეთილი – ავად, რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა, რისთვის და რაში უქმობდა, უამისოდ თვითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება, დავით გურამიშვილისა არ იყოს, და ამ წუთისოფელში ვერას გახდება.

 * * *

 ჩვენს ერს ორიათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუყრია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამკვიდრებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ესეა, ამისი საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორიათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის. რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შექმნილ წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენი ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა. ეს ერთი მხრით, მეორეს მხრით – რა ჩამოგვარჩენდა ასე უწყალოდ სხვა ქვეყნებსა ან განათლებასა, ან გამდიდრებაში, თუ ამისთანა ქვეყნის პატრონთა ცხოვრების საძირკველში  მაგარ ქვასთან ერთად უვარგისი და ფხვნილი ქვაც არ ჩაეყოლებინა ჩვენს ისტორიას.

რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ხსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია, და თუ იგი დავივიწყეთ, მაშინ დაგვივიწყნია ჩვენი ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა – რაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი“.

„ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულის და დიდ-ბუნოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისის ერთიანის სულის წირვა, ეს თავის დიდბუნოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირია თუ ლხინი. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვადრება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხლად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხილი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანსა ამ წუთისოფელში.

დიდბუნოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის, და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქეზებენ, ამხნევებენ, თუ ნამეტნავად იმის მაგალითები ერის საკუთარის ისტორიისანი არიან. ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა სულმდგმულობდეს, თუ მართლა ერთობა სურს და აგრეც არის, საცა ერი ერობს. აბა შეხედეთ სხვა ქვეყნებს, ერთი იმისთანა სახელოვანი კაცი არა ჰყოლიათ, რომ მის სახსოვრად ძეგლი არა ჰქონდეთ აღმართული? რისთვის? სულ იმისთვის, დიდმა თუ პატარამ დაიხსომოს თავისის სახელოვანი კაცი, სულ მუდამ თვალ-წინ იყოლიოს და მის ბაძვას ეცადოს…“

„უკეთესნი და უდიდესნი ერისა ხომ სხვა არა არიან-რა, თუ არა ერის გულის ნადების და წყურვილის გამომხატველნი და განმახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო მოქმედებდნენ, თითქო ჰქმნიან ისტორიას. ამიტომაც ეს ამისთანა მოქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ეროვნება სურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით აღსაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი  – საკუთარი ვინაობის დავიწყებაა, და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რისი მაქნისია? იგი ნადირია, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავისი მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი. გარდა ამისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მოქმედდთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინა ისინი ცხოველი მაგალითებია მისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენაც დიდ-ბუნოვანია ამისთამა მოქმედი, რამდენადაც ეს დიდბუნოვანობა ხშირია რომელსამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონისა და შესაძლებლობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემის სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანი კაცნნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივობას ვიგულისხმებთ.

გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შესაძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათაგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ ბუნოვანობის შარავანდედითა, და თაყვანს სცემს სასოებითა და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა…“.

„როცა ერი ყოველს მოვლინებას და საქმეს მის გარშემო მომხდარს, ყოველს ნახულს, გაგონილს, და ყოფილს საზოგადო მნიშვნელობისას – გონებით დააკვირდება, ღირსსახსოვარს, ავსა თუ კარგს, – ხსოვნისათვის აღნუსხავს, გულში ჩაირჩენს და სასწორზედ სწონის ფასის დასადებლად, – მაშინ პირდაპირ და უტყუარად შეიძლება კაცმა სთქვას, რომ იგი ერი გონებითად ჰასაკში შედის, ჭკუა, გული და ცნობიერება დასძვრია მოქმედებისათვის. ეს ნიშანი მაშინ უფრო ნამეტანად უტყუარია, როცა ასეთი ყურადღება ერისა მიიქცევა ხოლმე იმისთანა კაცზედ, ვისაც რაიმე ღვაწლი მოუძღვის ერის წინაშე. ამისთანა კაცის დაფასება დამსახურებულის პატივისცემა ცხადი მაგალითია, რომ ერის გონების თვალი ახილებულია“.

„ვინც არ უნდა იყოს, გლეხი, თავადი, ერი თუ ბერი, ისტორია ყველას ღვაწლია, საერთოდ მთელის ერის ნამოქმედარია, და იგი მამა-პაპა, რომელსაც თავისი სახელი ასე თუ ისე მოუქცევია, ყველას მამა-პაპაა საერთოდ და განუყოფლად, იმიტომ რომ საისტორიო კაცი ხორცია ხორცისგან მთელის ერისა და ძვალი ძვალისგან, ამიტომაც ისტორიაში მოქმედ მამა-პაპის ავად ხსენება გლეხის მამა-პაპის გლახად ხსენებაც არის და ამას გლეხი, ვით შვილი ერთისა და იმავე ქვეყნისა, ერთსა და იმავე ერისა, თავის დღეში არ იკადრებს“.

„ჩვენ ადრევეც გვითქვამს, რომ ეხლანდელ დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოგიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გადაუბრუნდაო. სულ ყველაფერის აირივ-დაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია. ქვენა-გრძნობანი ზენა-გრძობათა ადგილას გამეფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა თავანკარად, თითქოს ჭკუისა და გულის აღებ-მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა“.

სხვაზედ მინდობა – ქვიშაზედ აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერობაში. წამოუვლის ნიაღვარი „შემთხვევისა“ და იმ იმედს, იმ მინდობას აღგვის ხოლმე დედამიწის ზურგიდამ და იმედევნეულს, სხვაზედ დანდობილს, ერთ უდაბურს ტინზედ გარიყავს, შენს თავს შენვე მოუარეო. ეს კანონი – ისტორიული კანონია, იქნება ზოგიერთებისათვის ფრიად არ მოსაწონი, მაგრამ აუცილებელი კი. ბევრიც რომ ვივაგლახოთ, ბევრიც რომ ვატაროთ უბეში სხვაზედ დამყარებული იმედი, მაინც ბოლოს „ჟამთა სვლა“ ამ კანონზედ დაგვაყენებს და დრო წასული ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგული დრო იქნება, ჩვენ ვამბობთ, რომ ხალხი თვითმოქმედებით არის ძლიერი და ნაყოფიერი სულით, თუ ხორცით. რაც მალე დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, რაც მალე შევითვისებთ, მით მალე გამოვიხსნით თავს იმ გაჭირვებიდამ, რომელშიაც ასე სასოწარკევეთილობით დღეს ვიმყოფებით. გვეყო, რაც ჩვენმა წარსულმაჩვენ მაგალითები გვიჩვენა. ნუთუ აქამომდის გული ვერ დავაჯერეთ, რომ ჩვენს გარე ჩვენი ხსნა სიზმარია. მაშ თუ ასეა, სწავლისა და განათლების სახსარის ნაკლულობას ჩვენის ცრემლით, ვახით და ვიშით ვერ შევავსებთ. სულ ტყუილია! როგორც თითოეული კაცი, ისე საზოგადოება, ისე ხალხი მარტო თავისით არის და თავისით უნდა იყოს კიდეც. ძალაც ამისთანა ხალხშია და ბედიცა.

… მიზეზი ის არის, რომ დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვია და ამეებმა სრულიად ჩვენში ის თვითმოქმედების ძალ-ღონე, რომელიც უწინ იყო და რომელიც თუკი სადმე არის, ყველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფუძველიც. ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთობაშია, საცა კაცი თვითონ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა, საცა ერთი ვერას იქმნს, იქ ოცსა და ორმოცს ერთად შეუძლიან ჰქმნას.

გვეყო ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება. ჩვენის გაჭირვებისა, გულისტკივილისა და წადილის პატრონი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ. მძიმეა ეს უღელი, მით უფრო სახელოვანია მისი ერთგულად გამწევი. მძიმეა მაგრამ უმაგისოდ ვერ მოგებულა ამ ქვეყნიერობაზე სიკეთე და ძალ-ღონე ხალხისა. სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარა-გზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ“.

***

იპარვენ პატიოსნების სახელითა და არვინ ჰკითხულობს: სად პატიოსნება და სად მპარაობა?

აბეზღებენ და ცილსა სწამებენ გულმტკივნეულობის სახელით და არვინ ჰკითხულობს; სად ცილი და ბეზღი და სად გულმტკივნეულობა?

ჰღალატობენ საქმეს, ჰღალატობენ ერთმანეთსა ერთგულობის სახელითა და არვინ ჰკითხულობს: სად ღალატი და სად ერთგულობა?

სხვის ნაკლს, სხვის უბედურობას თავის ღირსებად, თავის ბედნიერებად, თავის სიხარულად სთვლიან კაცთმოყვარეობის სახელითა და არვინ ჰკითხულობს: სად სხვისი ნაკლის და უბედუორობის გამო სიხარული და ცეკვა და სად კაცთმოყვარეობა?

სტყუიან, ცრუობენ სიმართლის სახელითა და არავინ ჰკითხულობს: სად ტყუილი და სად სიმართლე?

კაცს სამარცხვინო ბოძზედ ტყუილ-უბრალოდ გასაკრავად არა ჰზოგავენ, არ თაკილობენ, და იძახიან-კი – ადამიანის ღირსება, ადამიანობა ხელშეუხებელია, სათაყვანებელია, და განმკითხავი არვინ არის: სად ტყუილ-უბრალოდ ადამიანის თავზე ლაფის დასხმა და სად ხელშეუხებლობა ადამიანის ღირსებისა?

ათასს ამისთანას ჩამოგითვლით, საცა თქმა საქმეს არ ებმის და საქმე თქმას არ ემსგავსება, არ ეთანხმება ყველაფერი ეს ცარიელის სახელით გადის და სახრავს კი არავინ დაგიდევთ. ფიცი სწამთ და ბოლო კი არავის აკვირვებს, თქმა ერთია და ქმნა სახვა. ნუთუ ამას არ ეთქმის, რომ ლოგიკა დაკარგულია, ხელიდამ წასულია, სადღაც ბარდებში განაბული?

„ჩვენ საწყალ ქართველებს ერთი სხვა საძაგელი სენიც გვჭირს – ყიზილბაშობა. გულის შემაზრზენი, კაცის ღირსების დამდაბლებელი პირფერობა, ურცხვი ტყუილი ქება, საძაგელი კლაკვნა და პირიდამ თაფლის დენა, რომელსაც ქართველი „ზრდილობას“ ეძახის, – ესენი ერთად შტოები არიან დამპალ ყიზილბაშობისა. ისე უყვარს ქართველს ეს გამყვრნელი და წამახდენელი სენი, რომ არა თუ აქე, არ მიეფერე, პირიდან თაფლი თუ არ ადინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცდომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა, ამა თუ იმ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლესა და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია – ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი, უალაგო ქება გლახისა და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა“.

უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია. ჭკვიანი უცოდინარი ყოველთვის თავის ქერქშია, – რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იგი მეტიჩრობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩემობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის საკუთარ აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანსისწავლის, გაითვალისწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ჭკვიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისი თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარჩი არ ახვევს, მან თავისი ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც, ერთიანად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩრობას, მეტ სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო იონებს ახლოსაც არ გაეკარება.

სულ სხვაა უნიჭო და უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად, რამოდენადაც სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული, მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გაიხადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზე მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულსავით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან სიტყვებს ჰხმარობს უანგარიშოდ, განუკითხავად, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თვითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკკუადამჯდარ კაცს კი ეს სამასხრო ოინები სასაცილოდაც არ ჰყოფნის“.

ძლიერია ერი რაც არ უნდა პატარა იყოს, როცა მამულიშვილობა, თავის ქვეყნის სიყვარული ასე ამხნევებს, ასე ამოქმედებს, როცა უბედურება რამ, განსაცდელი რამ, გულზე ხელს არ აკარებინებს, როგორც იმედგაწყვეტილს, სასოებადაკარგულს, არამედ იმოდენად ძლიერ აღვიძებს, ძლიერ მისძრავს-მოსძრავს, რამდენადაც ძლიერია თვით მის თავზე მოსული უბედურება და განსადელი“.

ყოველი ერი თავის ისტორიით სულდგმულობს. იგია საგანძე, საცა ერი ჰპოულობს თავისის სულის ღონეს, თავისის სულის ბგერას, ტავის ზნეობითს და გონებითს სულის აღმატებულებას, თავის ვინაობას. ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ერნისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეასმჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულ უღელში შებმულნი, ერთად მებრძოლი, ერთსა იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული – ერთსულოვნობით, ერთგულობით, ძლიერია. თუნდ დროთა ბრუნვას ერი განეყოს, დაერღვიოს, – მაგრამ მაინც რჩეულთა შორის იდუმალი შემსჭვალება, იდუმალი მიმზიდველობა იმოდენად სუფევს, რომ სამყოფოა ცოლმე რაიმე შემთხვევა, რათა იფეთქოს, იჭექოს დაძინებულმა ისტორიამ და ერთსულობამ, ერთგულობამ თავისი ძლიერი ფრთა გაშალოს.

***

  • ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.
  • ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.
  • ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული, იმოდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.
  • არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.
  • ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.
  • მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.
  • ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.
  • აწმყოს, რომელსაც წარსული არ აქვს, არც მომავალი აქვს.
  • ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!
  • ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა.
  • სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი.
  • გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.
  • ქვეყანაზე, რომ ჭირი არ იყოს, ადამიანი ენასაც არ ამოიდგამდა.
  • სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
  • დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად გხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.
  • დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო.
  • ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა.
  • დიდი სიბრძნეა კაცისა, ცნობა თავისი თავისა.
  • იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.
  • ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.
  • არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.
  • ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა ხეირი.
  • მეზობლის უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება ვერ დაფუძნდება.
  • რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა… მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.
  • ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია, ეს-ეს არის ქვეყნის ღერძს ხელი ჩავკიდეთო. ქვეყანაზე ბევრი რამ არის უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია, თითქო ჭკუა, თუ არ წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს.
  • არც უწიგნობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი, თუნდ უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია.
  • ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.
  • იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდან მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვერ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე გაკიცხვისა.
  • დამუნათებული, წაყვედრებული კეთილი, … ბოროტზე უარესია და უმძიმესი ასატანად.

 

***

 

კონსტანტინე გამსახურდია

(1893-1975)

“ბრძენკაცი უნდა იყვე და შლეგად მოაჩვენო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არ ჰყავს ამქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს” .

***

 ნაწყვეტი რომანიდან “დიდოსტატის მარჯვენა”

 “ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი – სარკინოზებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა.
ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.
სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები “აფხაზს” მეძახდნენ, ხოლო აფხაზები – “ქართლელების მსტოვარს” მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.
დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.
მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი – გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი – ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.

ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს – “ბერძნულს” ხოლო საუკეთესო ცერცვსაც – “ბერძნულს”.
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”.

         

 ***

 

საფო მგელაძე – “საქართველო”

თუკი ვინმეს მოესსურვა,
ძველი წყლული გავვიმრთელოს,
და ამ გრძნობით მოევლინა
ჩვენს პატარა საქართველოს,
თუ კვლავ სისხლით აღარ მორწყავს
მის მთა-გორებს, მინდორ –მდელოს,
თუ უხეშად ხელს არ ახლებს
ჩვენ სატრფოს და სამლოცველოს,
თუ რომ იგი უკუ აქცევს
შემოტანილ ხმალს და ხიშტებს,
თუ სიფლიდეს არ შევწამებ,
თუ მტრულად არ შემოგვიტევს,
თუ ვიხილავ ქართულ დროშას,
თუ მოვისმენ კვლავ დიდებას
და ადგილი არ ექნება
აქ პირადულ განდიდებას,
თუ კი იგი მშრომელ მუშას
რასაც ამბობს, იმას მისცემს
და ამავ დროს ქართველობას
შეურცხვენლად დაამტკიცებს.
თუ დაიცავს ეროვნულ სულს,
ბრძოლის ცეცხლში გამოვლებულს.
არ ვიხილავ ჩემს სამშობლოს
გოლგოთაზე ჯვარცმულს, ვნებულს –
მაშინ, მაშინ მეც მათთან ვარ,
წინ ვერ გამისწრებენ სხვები,
დაჩაგრულთა სამსხვერპლოზე
მეპირველი დავიწვები!მაგრამ ვინმე თავხედურად
თუ ჩვენს საზღვრებს გადმოლახავს,
ჩემს სამშობლოს დამიმცირებს,
შემიგინებს, შემილახავს,
დამიჩაგრავს, დამიმონებს,
ცრემლსა დაადენს უმიზეზოდ
და ჩვენს ლამაზ ბაღ-წალკოტებს
გადააქცევს მტრების ეზოდ,
ძალადობას გაგვიბედავს,
მანდილს მოხდის ქართველ დედას,
ციხე-კოშკებს შეგვიგინებს,
ჯაჭვ-ბორკილებს გაგვიჭედავს,
მწუხარებას შემოგვიტანს,
მწუხარებას – შავ ფრთა გაშლილს,
აატირებს მთაწმინდაზე
ილიას და ბარათაშვილს,
შავს ჩააცმევს ტურფა თამარს,
ძაძით მოსავს სათნო ნინოს,
მაშინ, დაე ჩვენმა მტერმა
საპასუხო მოისმინოს:
იცოდეს, რომ ვერ დაიპყრობს
ძალით ჩვენს სულს ვერასოდეს,
არ გვსურს ვაჟას ნორჩი ნუკრი
კვლავ სისხლიან ბალახს ძოვდეს,
იცოდეს, რომ ვერც ერთს ჩვენგანს
ის მტრობით ვერ შეიერთებს,
თაყვანს არ ვცემთ არვის კერპებს,
არ ვიწამებთ არვის ღმერთებს!ჩემი ერი ამაყია
და ის მონა არ გახდება,
თუ აქამდე არ მომკვდარა,
მომავალშიც არ მოკვდება!
მწამს მსოფლიო ასპარეზზე
ის გაიტანს ზღაპრულ ლელოს
და კვლავ ვნახავთ
მკვდრეთით აღმსდგარ
გამარჯვებულ
საქართველოს!

*** 

 

 თედო სახოკია

თქვენ რაღას მისდევთ?!

 (სამეგრელოს “ავტონომისტებს”)

სამეგრელოს “ავტონომიის” კითხვა აღძრულია ერთ ჯგუფ “მეგრელ ავტონომისტთა” მიერ. ეს კითხვა, როგორც ესენი ბრძანებენ, აღძრულია მათის სიყვარულისა და მზრუნველობით მეგრელთა პროლეტარიატის მიმართ, რომელნიც, როგორც ცალკე “ეროვნება”, თურმე ნუ ბრძანებთ, იჩაგრებიან საქართველოს უდღეური სუვერენიტეტისაგან …

მკითხველს უკვე გაცნობილი ექნება პრესაში დაბეჭდილი წერილები ამ ავტონომისტთა უსუსურობის, თუ გნებავთ, მოღალატური საქციელისა და ბოროტ ზრახვათა შესახებ. საერთო აღშფოთების ჟამს არ შემიძლია ჩემი, როგორც ქართველისა, კერძოდ, სამეგრელოს მკვიდრის, ხმაც არ შევუერთო და არ გამოვთქვა ჩემი გულისწყრომა სამეგრელოს ამ არამკითხე პატრონების მიმართ.

როგორც ქართველი ერის განუყრელ, ორგანიულ ნაწილს, სამეგრელოს, რომელსაც თავისი დღენი, რაც თავი ახსოვს, დედაქართველთან უცხოვრია საერთო ცხოვრებითა, მათთან ერთად ერთ უღელში შებმულს უწევია ცხოვრების ჭაპანი, მათთან ერთად შეუქმნია საერთო კულტურა, ახლა, ამდენ საუკუნეთა შემდეგ, ვიღაც გარეწარი გამოდის და ურჩევს – შენს ღვიძლს დედას გულიდან უნდა მოსწყდეო?!.

როგორ, “საქართველოს სუვერენიტეტი” ჩაგრავს სამეგრელოსა, რომელსაც მთელი საქართველო თვალის ჩინსავით ულოლიავებს? ნუთუ მეოცე საუკუნეში ვინმემ უნდა თქვას: მეგრული სხვა არის და ქართული კიდევ სხვაო?! სხვა არის ის მეგრული, რომელშიაც თითქმის ასი პროცენტი ქართული ძირის სიტყვებია? ის მეგრული, რომელიც წარმოადგენს აწინდელის ქართულის შევსებას?! მეგრულს ოჯახში, შინაურობაში, ხმარობს ხალხი, მაგრამ მეგრული, როგორც დამახასიათებელი ეროვნებისა, არ არსებულა, ყოველსავე შემთხვევაში ქრისტეს აქეთ. საუკეთესო მცოდნენი ქართულის ენისა სამეგრელოს მოუცია ქართული კულტურისათვის. მარტო სახელოვანი მქადაგებელი ანტონ ჭყონდიდელი და საქართველოს ისტორიკოსი და ქართული გრამატიკის შემდგენელი თ.ჟორდანია კმარა, რომ სხვათა მთელი გუნდი არ ვახსენოთ.

ყოველივე “მეგრელ ავტონომისტთაც” მშვენივრად იციან. იციან და მაინც ვითომდა “სამეგრელოს პროლეტარიატის” ქომაგთა როლსა კისრულობენ და გაიძახიან და ვითომ ვიღაცეები უნდა დაარწმუნონ – სამეგრელოს ხალხი ცალკე ეროვნებას შეადგენს.

გვეთაკილება კიდეც ამ საანბანო ჭეშმარიტებაზე მეგრელებსვე ვეკამათოთ, და გვინდა ვეკამათოთ, მხოლოდ გვინდა სამზეოზე გამოვიტანოთ ნამდვილი მიზეზი ამისა – ეს უდავო ჭეშმარიტება სადავოდ რად გახდა, უხრიკავი სახრიკავად რამ აქცია.

ყველას მოგეხსენებათ, რომ მეგრული ენის საკითხი რუსების შემოსვლამდე არ არსებობდა. ეს საკითხი გაჩნდა მას აქეთ, რაც რუსებმა საქართველოში ფეხი მოიკიდეს. როცა საქართველოს სხვადასხვა სამთავროები გაუქმდა და ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა ნაწილები გაერთიანდა, რუსის მთავრობამ იგრძნო ამ გაერთიანების საშიშროება და გადაწყდა ხელოვნურად შეექმნა დაქუცმაცება ჩვენის ქვეყნისა. 1870-იან წლებში იერიში მიტანილ იქნა სამეგრელოს სკოლებზე.აქ სამინისტრო სკოლებიდან ქართული ენა გამოდევნილ იყო, როგორც არადედაენა და პირდაპირ რუსულის საშუალებით ასწავლიდნენ საგნებს. ასე იყო საქმე “სამოქალაქო” და “ნორმალურ” სკოლებში. ამ სკოლებში მყოფი შეგირდები ქართულის,ანუ, როგორც ისინი ამბობდნენ და დღესაც ამბობენ, “ჩქინობურას” ე.ი. (ჩვენებურას) წერა-კითხვას კონტრაბანდით, შინაურულად, მალვით თუღა სწავლობდნენ.

ასე მიდიოდა სამეგრელოს გარუსების საქმე 1890 წლამდე. ამ ხნიდან იწყება უფრო “დასაბუთებით”უარყოფა ქართული ენისა, როგორც სამშობლო ენისა, რომლის საშვალებით უნდა მომხდარიყო. თანახმად რაციონალური პედაგოგიის მოთხოვნილებებისა, სწავლა-აღზრდა სამეგრელოს მოზარდი თაობისა. ამ ხნიდან სცენაზე გამოდის კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი იანოვსკი (ტომით პოლონელი) და მისი მარჯვენა ხელი ლევიცკი (ისიც პოლონელი). ლევიცკიმ ჯერ შემოიღო ეგრეთ წოდებული “მუნჯური” მეთოდი სკოლებში, რომლის მიზანი იყო რუსული ენის შესწავლა ჯერ უშუალოდ, დედაენის დაუხმარებლად და მერე სრულიად განდევნა ქართული ენისა საქართველოს სკოლებიდან. ლევიცკის “მუნჯურ” მეთოდს ხმალამოღებული დაუხვდა ჩვენი ნეტარხსენებული პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი და აღმოსავლეთ საქართველოში გასავალი არა ჰქონდა.

სულ სხვანაირად მიდიოდა საქმე იმერეთში სადაც ლევიცკი სკოლების საგუბერნიო ინსპექტორად იყო. განსაკუთრებით იერიში მიიტანეს სამეგრელოს სკოლებზე. აქ ხელზე დაიხვიეს მეგრულის არსებობა, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს სხვა, განსაკუთრებული ენა არისო. რა თქმა უნდა, ლევიცკებისათვის ხელსაყრელი არ იყო აღიარება იმისა, რომ ეს სხვაობა მხოლოდ გარეგნული იყო და რომ არსებითად ქართულ ენას, როგორც ლიტერატურულს და სამშობლო ენას, უნდა დაეჭირა ადგილი სამეგრელოს სკოლებში.

ლევიცკიმ ხონის სემინარიის მასწავლებელ პეტროვს მეგრელთათვის ცალკე ანბანიც შეადგენინა, რა თქმა უნდა, რუსული ასოებით და იმავე სემინარიის მუშაკის და შემდეგში “ცნობილი” თადა აშორდიას საშვალებით მეგრული ხალხური ზღაპრები თუ ლექსებიც ჩააწერინა; ეს სახელმძღვანელო უნდა გამხდარიყო სამეგრელოს სკოლებში. თ. აშორდიას კარგი ადგილი მისცეს, მატერიალურად უზრუნველყვეს, თან დაავალეს, ზუგდიდის მაზრაში ქართული ენა, თუკი სადმე არსებობდა ასეთი, სკოლებიდან გამოედევნა და ხელი შეეწყო რუსული ენის განმტკიცებისათვის.

აშორდიას თავის მხრივ აგენტებიც გაუჩნდნენ და გააჩაღა საქმე; სამეგრელოს სკოლა გადაიქცა ბავშვების დაჩლუნგებისა და გადაგვარების ერთგვარ ქარხნად. ერთი თოფის დაცლით მთავრობამ ორი კურდღლის მოკვლა მოახერხა: სამეგრელოს სამინისტრო სკოლებიდან ქართული გამოდევნა და გარუსების გზაზე შეაყენა სამეგრელოს მკვიდრნი.

სამშობლო ენას, ქართულ ენას თუ კიდევ სული ედგა სამეგრელოში, ისევ სამრევლო სკოლებში. მიზეზი ამისა ის იყო, რომ ღვთისმსახურების ენა ეკლესიებში ქართული იყო და, რაკი სკოლები მრევლში, ეკლესიებთან იყო გახსნილი, ენაც ქართული უნდა ყოფილიყო სახმარად ასეთ სკოლებში. გაიმართა ჯერ ყრუ ბრძოლა სამინისტროს უწყებასა და ადგილობრივ სასულიერო უწყებას შორის ამ ნიადაგზე, მაგრამ გამარჯვებული ჯერჯერობით სასულიერო უწყება რჩებოდა, მხოლოდ დიდხანს არა. ლევიცკიმ გადაწყვიტა სხვა მხრივ მოეარნა საქმისათვის. ამავე აშორდიას ახალი მისია, გიორგი მთაწმინდელობა დააკისრა. აშორდიას უნდა “ეთარგმნა” საღმრთო წერილი ქართულიდან მეგრულად. ეს, ლევიცკის აზრით, განდევნიდა სამეგრელოს სამრევლო სკოლებიდან ქართულ ენას, მაგრამ მთელი სამეგრელო, როგორც ერთი კაცი, ფეხზე დადგა ასეთი უხამსობისა და არამკითხე ჭირისუფლების წინააღმდეგ და ეს კოლექტიური გულისწყრომა და აღშფოთება სამეგრელოს მკვიდრთა გამოიხატა მაშინდელი გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლის დასაბუთებულ მოხსენებაში, რომელშიაც სამეგრელოს წარმომადგენელი ერისკაცნი, სხვათა შორის, ნიკო (დიდი) დადიანი მისთვის ჩვეული ოსტატობით ამტკიცებდა მთელს უგვანობას და უსაფუძვლობას ასეთი განზრახვისას. გრიგოლის მოხსენებას საფუძვლად დაედო მოხსენება ეპისკოპოს ბესარიონისა, რომელსაც, როგორც სამეგრელოს მკვიდრს, მოსთხოვეს თავისი აზრი წარმოედგინა მეგრულად საღმრთო წერილის თარგმნის შესახებ. ეპისკოპოს ბესარიონის მიერ შედგენილ კომისიაში, სხვათა შორის, მუშაობდა ჩვენი ისტორიკოსი თ. ჟორდანია, რომელმაც სავსებით დაასაბუთა მთელი უაზრობა და ზედმეტობა ასეთი ცდისა.

ეპისკოპოს გრიგოლის მოხსენებამ ერთხანს შეაჩერა მეგრულად საღმრთო წერილის მთარგმნელნი და, მაშასადამე, სამეგრელოს სკოლებში ქართული ენაც დარჩა.

მაგრამ, აჰა, საქართველოს საეგზარქოსოს საეპარქიო სკოლათა მეთვალყურედ დაინიშნა დეკანოზი ივ. ვოსტორგოვი. ამჟამად საქართველოს სასულიერო უწყების სწავლა-განათლების საქმეს სათავეში ჩაუდგა ანაფორას ქვეშ ამოფარებული ჯალათი და სულთამხუთავი ჩვენი სულისა, ეს ებრაელთა იროდი ჩვენი ყრმებისა, ეს კარიერისტი და საუკეთესო განმახორციელებელი რუსთა სახელმწიფოს მტარვალური მთავრობის გამარუსებელი და გამანადგურებელი პოლიტიკისა. მაბეზღარობა, ჯაშუშობა, გამცემლობა, მუხანათობა გაჩნდა მასწავლებელთა შორის…

განსაკუთრებით სამეგრელოსათვის შეიქმნა მძიმე დეკანოზ ვოსტორგოვის ფარფაში. იგი თამამად იძახდა – მეგრელები სხვანი არიან, ქართველებთან საერთო არაფერი აქვთ და ამიტომ ქართული ენა მათს სკოლებში არ უნდა ისწავლებოდეს, მის მაგივრად რუსული, სახელმწიფო ენა, ასწავლეთო. ბოლოს იმდენად გაკადნიერდა ეს ანაფოროსანი პოლიტიკანი, რომ პრესაშიაც გაბედა ამის მტკიცება. ალბათ მკითხველს ახსოვს პროფესორ ნ.მარის პასუხიცა; აკადემიკოსმა ნ.მარმა მიწასთან გაასწორა მეტიჩარა, პოლიტიკანობით დაბრმავებული დეკანოზი, რომელმაც ისეთ სფეროში შეტოპა, სადაც არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა და გამოაჩინა მარტოოდენ უსუსურობა.

მაგრამ ახლა მეორე მხრიდან მოიტანეს იერიში ქართულ ენაზე. სოხუმის ეპარქიაში მთავრობა რუს ეპისკოპოსებს გვიგზავნიდა. ამ ეპისკოპოსებმა და განსაკუთრებით არსენიმ ბრძანება გასცეს, სამურზაყანოში და მთლიანად აფხაზეთშიც წირვა-ლოცვა რუსულად უნდა ყოფილიყო. სოხუმში ჟანდარმერიის დახმარებით სდევნიდა სასულიერო მთავრობა ყველას, ვინც მრევლის გულისნადების გამომჟღავნებას გაბედავდა და მოითხოვდა წირვა-ლოცვის შესრულებას სამშობლო ენაზე ეკლესიებში. ვინ მოსთვლის, რამდენი ოჯახი აატირეს ამ ნიადაგზე.

1905 წ. რევოლუციამ ცოტათი შეანელა ჩვენი რუსიფიკატორების გულმოდგინება. რევოლუციის შემდეგ, რეაქციის დაწყებისთანავე, ბნელეთის ძალნი ისევ ამუშავდნენ. 1918 წ. ფოთში მასწავლებელ სტეფანე გაგუას ინიციატივით უკვე თვით მეგრელები გამოვიდნენ ლევიცკი-ვოსტორგოვის მიერ დაწყებული საქმის განმგრძობნი, როგორც მოხალისენი. მაგრამ ყველას ბალღთა ლაღობად მიგვაჩნდა მათი ნაცოდვილი და სერიოზულობაში არ ჩამოგვირთმევია, სანამ 1925 წელს, როცა ყველაზე ნაკლებ მოველოდით ასეთი ავანტიურის გაღვიძებას, ზუგდიდში დაიწყო ავტონომიის ნიადაგის მზადება. მაფალუელთა ჯგუფმა მოსკოვში თხოვნა გაგზავნა: “გვიხსენით საქართველოს სუვერენიტეტისაგან, სამეგრელოს “პროლეტარიატის საცოდაობას ნუღა უყურებთ და უშუალოდ შეუერთეთ რუსეთის პროლეტარიატსო”.

მკითხველს ნებას ვთხოვ, მეგრული ანდაზით მოვათავო ჩემი მოკლე საუბარი: “მწევარი კურდღელს მისდევს, მაგრამ კურდღელი რაღას მისდევს? (წიარი კურდღელ მეთხოზუნია, მარა კურდღელი მუს მეთხოზუნია?).

ლევიცკი-ვოსტორგოვები ყველამ იცის, რასაც მისდევდნენ, მაგრამ თქვენ, სამეგრელოს “ავტონომისტებო”, თქვენ რაღას მისდევთ?!..

                      

***

 

 ვაჟა–ფშაველა – კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

 

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, – რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში…

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზარდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო – მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? – არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება…

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

პატრიოტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგალითად არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე – საზრდოდ, ნანა – მოსასვენებლად.

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, – ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? – იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, – სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ…

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

 ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

1905 წ. 

***

 

მიხეილ (მიხაკო) წერეთელი – “ერი და კაცობრიობა”

 

ერი ერთ თვით შემგნებ არსს წარმოადგენს, ერთ სოციალურ შინაარსის მქონე სუპერორგანიზმასა, თავისი სიცოცხლის დამცველს. ამას აქვს თავისი ვნებანი, იდეალები, მისწრაფებანი და სხვა. ამიტომ ერი როგორც სოციალური არსი გაცილებით უკეთილშობილესი არსია, ვიდრე ყველა სხვა არსებულნი სოციალურნი არსნი წარსულში და აწმყოში.

ერი უფრო „ცოცხალია“, ვიდრე სახელმწიფო, ვიდრე ხალხი, საკუთარი წარმოება, საკუთარი ხელოვნება, მეცნიერება, ზნე–ჩვეულება, სამართლის ნორმები, სარწმუნოება, საკუთარი ენა, საკუთარი ეთნიური ტიპიც – ყოველივე ეს ერს ახასიათებს, როგორც ერთ სოციალურ ინდივიდუალობას. მართალია, ზოგ ამ თვისებათაგანი სხვა ერთა თვისებაც არის, მაგალითად, ორ ერს შეიძლება ერთი და იგივე რელიგია ჰქონდეს, ზოგიც დაკარგულია, მაგალითად, საკუთარი სამართალი და პოლიტიკა, რომელთა ადგილიც სხვა სახელმწიფოსგან ძალით შემოტანილ სამართალსა და პოლიტიკას დაუჭერია, ზოგიც ნასესხებია, მაგრამ ყოველთვის საერთოსა და ნასესხებს ადევს ეროვნული ელფერი. დაკარგული კი ან ყოველთვის არსებობს რომელიმე ფორმით, როგორც მაგალითად კონვენციონალური სამართალი, ან ძალით შემოტანილის დათრგუნვა და საკუთარის შემოღების სურვილი ყოველთვის არსებობს ერში.

… დიდი სახელმწიფო მითი განირჩევა ერისაგან, რომ პირველი უფრო უსულო სოციალური ორგანიზმია ან სხვათა დამხრჩობი ვეშაპი, უკანასკნელს კი სოციალური სული უდგია…

ქართველი ერის ერთი ნაწილი დღეს გაოსმალების გზაზე ადგია, ჟამთა ვითარებაში ეს ნაწილი ძალით ჩამოაჭრეს ქართულ ეროვნულ ორგანიზმსა. ქართველს არ სურდა ნებით მოსცილებოდა თავის საზოგადოებას. საუკუნეობით იბრძოდნენ გმირები, მაგრამ დღეს ხალხიღა დარჩენილა ამ ქართველთაგან. იგინი აღარ არიან ნაწილი ქართველი ერისა. ზოგი ისევ საქართველოს ტერიტორიაზედ დარჩენილა, ზოგიც გადასახლებულა ოსმალეთის სხვადასხვა ადგილას, მაგრამ აქ დარჩენილიც და გადასახლებულიც სოციალური მასალაა ქართველი ერისა.

ბევრს გაღვიძებაც ეტყობა: თხოულობენ ქართულ სკოლებს, შეუნახავთ ქართული ენა, რომლის განვითარებასაც თხოულობენ. შერჩენიათ კიდევ ტიპი ქართული და მრავალი ზნე ჩვეულება, ქართველი ერიც სცდილობს დაიბრუნოს თავისი დაკარგული ნაწილი და როდესაც ერთ ნაწილს მაინც დავიბრუნებთ, გავხდით ისევ ჩვენი ერის ნაწილად, მაშინ იმ ნაწილთ დაბრუნებაც ადვილი იქნება, სადაც ენაც კი დავიწყებიათ და მცირე მოგონებებიღა დარჩენილა ქართველობისა, მაშინ კვლავ აღსდგება საქართველო, ისევ გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული ერთობა, ერთობა კულტურისა, მაშინ ვიხილავთ აჭარელ, სამცხელ, ტაოს მწერალთა და ხელოვანთა, იქაურ ქართველ გმირთა, რომელთაც ქართული ეროვნება ისევე ექმნებათ მჯდარი გულში, როგორც გურულსა ან კახელსა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქმნებიან ისინი ნაწილნი ქართველი ერისა, ეხლა კი მოლოდ ხალხის ნაწილნი არიან, უბრალო სოციალური მასალა. ამ მასალის გადამუშავება და ეროვნულ ელემენტებად შექმნა თვით ჩვენი დანარჩენი ერის მხენობისაგან და ენერგიისგან არის დამოკიდებული…

…  მიუხედავად ერის ასეთი სიცხოველისა ერთა ისტორიაში მაინც ვამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომ გადაგვარება ეროვნული სოციალური ორგანიზმისა არ არის შეუძლებელი მოვლენა და განსაზღვრულ აუტანელ ცუდ პირობებში ერს, როგორც დაჩაგრულს, ისე თავისუფალს გადაგვარების ნიშნები გამოაჩნდება ხოლმე.

 

ჩვენ აქ არ შევუდგებით გადაგვარების მიზეზთა გამოკვლევას. ეს სულ სხვა საგანია. ვიტყვით მხოლოდ რაში გამოიხატება ეს გადაგვარება: როდესაც ეროვნული ორგანიზმის ზრდა დამთავრებულია, როგორც არა ვსთქვით, მას აქვს ყველა სოცილური ორგანო თავის ფუნქციათა აღსასრულებლად: ეკონომიკური, არტისტული, სარწმუნოებისა და მეცნიერებისა, ზნეობრივი, იურიდიული, პოლიტიკური. რაც უფრო რთულია და სპეციალური ორგანო, მით უფრო მგრძნობიარეა იგი. ეკონომიკური ორგანო ყველაზე უფრო საზოგადო და მარტივია, მაგარი და მტკიცე. პოლიტიკური კი ყველაზე უფრო სპეციალური, რთული და მგრძნობიარე. უმეტეს შემთხვევაში ერის გადაგვარება იწყება ამ რთულ და მგრძნობიარე ორგანოს ატროფიიდან და თავდება ეკონომიკურ ორგანოთა გაქრობით. შემდეგ თვით ხალხი და ტერიტორია ჰქრება, ეს ორი უპირველესი ელემენტი ეროვნულ-სოციალური ორგანიზმისა, მისი მასალა და საფუძველი. საქართველომ მაგალითად ჯერ პოლიტიკური ორგანო დაჰკარგა, შემდეგ კი თანდათან მიდის მისი სოციალური ორგანიზმის დაცემა. დაიშალა მისი იურიდიული ორგანიზმი პოლიტიკური ორგანიზმის დაშლის შემდეგ, დაეცა ეკლესია და განიძარცვა სიმდიდრისაგან, დაეცნენ ზნე-ჩვეულებანი, მწერლობა, ენა, გაღარიბდა მთელი ერი ეკონომიკურად. თითქმის მთელი მესამედი მისი ტერიტორიისა ოსმალებმა წაიღეს და ზედ დარჩენილი ქართველობა გადააგვარეს და დაუკარგეს ეროვნება, შეარჩინეს მხოლოდ მცირეოდენიღა – ხალხობა. დანარჩენი ორი მესამედი ტერიტორიისა თანდათან ეხლა გვეცლება ხელიდან. ხალხი დაბნევის გზაზედ არის დამდგარი, ენაც ირყვნება და საზოგადოების მაღალ კლასსებს თითქმის ავიწყდება იგი. ამაში იხატება საქართველოს გადაგვარება, ქართველი ერი ებრძვის მართალია გადაგვარებას, მაგრამ ვინ იცის მიაღწევს თუ არა დაშლილი ეროვნული ორგანიზმის აღდგენას – იმდენი ხელის შემშლელი პირობა ახვევია გარს. თუ სძლია ამ პირობათა, მისი ეროვნული ორგანიზმი ხელახლავე აღსდგება. თუ ძლეულ იქნა, მისი ეროვნული ორგანიზმი გაქრება, ტერიტორია –  საფუძველი საზოგადოებისა დაიკარგება, ხალხი გაიბნევა მთელ დედამიწაზედ და გახდება მხოლოდ სოციალურ მასალად – ქართველ ხალხად, მსგავსად სომეხთა და ურიათა.

 …

ერი ეს არის ერთი სოციალური სუპერ-ორგანიზმი ანუ ჰიპერ-ორგანიზმი. შემდგარი ერთგვარ ანუ მრავალგვარ ეთნიურ და სოციალურ მასალათაგან, რომელსაც შეუძლია ჟამთა ვითარებაში შექმნას ერთი გარეგნულად მოწესრიგებული საერთო ცხოვრება თავის შემადგენელ ერთეულთა. ერთი საზოგადოება ყველა თავისი ორგანოებითა, ენითა, სარწმუნოებითა, მეცნიერებითა, ზნეობითა, ხელოვნებითა, სამართლითა და პოლიტიკითა – საზოგადოება განსაკუთრებული ისტორიითა, ტიპითა და თვით შეგნებითა, სრულის ინდივიდუალობითა.

 

 

 

 

                

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s