Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 26 მაისის საძირკველი

 

26 მაისის საძირკველი

 

“1917 წლის ნოემბერში ილია ჭავჭავაძის დისწულმა კოტე აფხაზმა ეროვნულ საბჭოს გადასცა ილიას ბანკის შენაძენი ქონება 26 მილიონი ოქროს მანეთის ღირებულებისა (ე.ი. 8 მილიარდი ფრანკის) და ის დაედვა საფუძვლად ჩვენს დამოუკიდებლობას”.

რევაზ გაბაშვილი. “დაბრუნება” ტ. III, გვ. 22

 

1917 წლის 29 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა თავადაზნაურთა საგანგებო კრება, რომელიც მიეძღვნა თავად-აზნაურთა საკრებულოს უძრავ-მოძრავი ქონების ბედს. კრებამ მოისმინა თბილისის გუბერნიის თავად_აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლის, გენერალ კონსტანტინე აფხაზის სიტყვა, დაეთანხმა მოხსენების დედა-აზრს, რომ ქართველი თავადაზნაურობა გამოუყოფელი ნაწილია ქართველი ერისა და მისი ქონება ეკუთვნის მთელ ერს.

საგანგებო კრებას ესწრებოდა დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი დავით ნიჟარაძე და ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე.

 

***

 

ეროვნული ყრილობა

 

1917 წლის 19 ნოემბერს 1 საათსა და 15 წუთზე თბილისის სახელმწიფო თეატრის შენობაში გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა 320-ზე მეტი დელეგატი საქართველოს ყველა კუთხიდან, პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ყრილობა გახსნა საქართველოს ინტერპარტიული საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა.

I ეროვნულ ყრილობაზე მონაწილეობისათვის თავად-აზნაურთა საერთო კრების მიერ არჩეულნი იყვნენ:

კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი – თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოს წინამძღოლი, გენერალი;

დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი – თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი;

მიხეილ ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილი – ბორჩალოს მაზრის წინამძღოლი;

მიხეილ ვასილის ძე მაჩაბელი;

ივანე დიმიტრის ძე აფხაზი;

დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი;

კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი;

ვასილ ილიას ძე რცხილაძე;

ვარლამ ჯანასლარის ძე ჩერქეზიშვილი;

მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი;

გენერალი გიორგი ალექსანდრეს ძე ჯამბაკურ-ორბელიანი;

დავით ოტიას ძე ნიჟარაძე – დასავლეთ საქართველოს თავად-აზნაურთა წინამძღოლი.

 

გენერალი კოტე აფხაზი:

“მე წარმოვდექი თქვენს წინაშე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის დავალებით, რათა გაუწყოთთავადაზნაურთა ყრილობის დადგენილება ღვინობის თვის 29 დღისა. ამ დღეს გადაწყდა, რომ მთელი თავად-აზნაურობის ქონების ღირსეულ მემკვიდრედ გამოცხადებულ იქნას ქართველი ერი. ეს ქონება არ იყო მამა-პაპის მიერ შთამომავლობით დატოვებული, არამედ იყო თავად-აზნაურობის მიერ შენაძენი ამ ორმოცდაათის წლის განმავლობაში. თავად-აზნაურობას დიდი წარსული აქვს სამხედრო ასპარეზზედ. ამას გარდა სამოქალაქო ასპარეზზედაც მრავალი შესანიშნავი პირი მოგვცა ამ წოდებამ”.

“სათავადაზნაურო ბანკი 1874 წელს დიმიტრი ყიფიანის მუყაითობით დაარსდა. ბანკის წესდებაში აღიარებული იყო, მისი მოგების ნახევარი მოხმარდეს მიწის მუშას. ბანკმა დიდი შემოსავალი მისცა თავადაზნაურობას. დღეს ბანკი წლიურად 300 000 მანეთ წმინდა შემოსავალს იძლევა. ამ მოგებით იკვებება 30 ქართული კულტურული დაწესებულება.

კახეთის რკინიგზა. ამ გზას დიდი ხნის ისტორია აქვს. თავადაზნაურობას დიდი შრომა დასჭირდა ამ საქმის კეთილად დასაგვირგვინებლად. 1915 წელს ამ გზაზე მატარებელმა დაიწყო მუშაობა. ამ გზამ დიდი სამსახური გაუწია კახეთის მცხოვრებლებს. აღვნიშნავ მხოლოდ, ეს რკინიგზა რომ არ ყოფილიყო, კახეთის მცხოვრებლები ამ ომის დროს შიმშილით დაიხოცებოდნენ. ამ რკინიგზის ღირებულება 18 მილიონ მანეთს შეადგენს.

თავადაზნაურობის შენობა, სასახლის ქუჩაზე, რომლის შემოსავალი წლიურად 120 000 მანეთს იძლევა! თავადზანაურობას აქვს ელექტრონის სადგური, რაც წლიურად იძლევა 100 000 მანეთ წმინდა შემოსავალს.

ქართული გიმნაზია, რომლის შენობის ღირებულება ორ მილიონ მანეთს აღემატება…”

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ II-ს გუჯარი

 

“მშვიდობა თქვენდა და კურთხევა რჩეულნო ივერიისანო! ასულნო და ძენო აწ წარტყვევნილისა და ძალამიხდილისა მხცოვანისა საქართველოისანო! შემოკრბით ჩემდა, მამამთავრისასა თქვენისასა და ყური მიეპყართ სიტყვასა ჩემთა.

ოდეს ერი ქართველთაი გარემოიცვა შურმან, მტრობამან და ურთიერთას გაუგებრობამან, ოდეს იგი დაადგა გზასა დანაწილებისასა და წვლილებისასა – შესუსტდა შემოქმედებითი ნიჭი მისი, შეირყა სიმხნევე მისისა, დაეცა სახელმწიფოებრივი ძალი მისი და მან, ლაღმან და ქედმაღალმან მუხლი მოიდრიკა უცხოსა თესლისა, რომელმაც, თქმულებისამებრ წერილისა “ძენი თქვენნი წარიყვანნა და ცხენთა ზედა აღახსნა, ასულნი თქვენნი აღიხვნა და მზარეულ ქმნა, აგარაკნი თქვენნი და ვენახნი, ზეთის ხილნი თქვენნი და ღვინო განგიათეულნა და გყო თქვენ მისდა მონად”. რაოდენგზის ინება დედა მშობელმან “შეკრება თქვენნი, ვითარსახე შეიკრიბოს მფრინველმან მართვენი თვისნი ქვეშე ფრთეთა თვისთა, გარნა არა ინებეთ ესე” (მათე) და არცა “უფალმან” თქვენმან ნებაგცა ამისი.

და დღეს ოდეს ვხედავ კრებულსა რჩეულთასა დიდ საწადელსა წინასწარმეტყველებრ ვღაღადებ: “აჰა, ესერა რაიმე კეთილ ანუ რაიმე მშვენიერ, არამედ დამკვიდრება? ძმათა? ერთად”.

ხელთა შინა თქვენთა არს მომავალი ერისა ჩვენისა, თქვენ ხართ სასო და ხელისამპყრობელ მისი.

ღელავს და მძვინვარებს ზღვა ჩრდილოეთისა, სანაპიროსა თვისთაგან გადმოხეთქილი და წარღვნასა ექადის მრავალტანჯულსა ჩვენსა მხარესა და თქვენ, რჩეულნო ივერიისანო, თქვენ უნდა იხსნათ სამშობლო განსაცდელისაგან, თქვენ უნდა განუსვენოთ მას, მიიყვანოთ ნავთსაყუდელსა მყუდროსა და დაამყაროთ მასში ძმობა, მშვიდობა, წესიერება და ბედნიერება. თქვენი ერთობა, ერთსულოვნება და დღისა ვარამის განმსჭვრეტელობა წინდი არს იმისა, ვითარმედ “აღდგებიან მკვდარნი”, საქართველო გაცხოველდება და ქართველი ერი კვლავ აღბეჭდავს მატეანესა შინა კაცობრიობისასა საქმეთა თვისთა საგმიროთა. იყავნ, იყავნ!

აჩრდილნი დიდებულთა ჩვენთა წინაპართანი, ვედრებანი ახლადაღდგენილ ივერიის ეკლესიისანი და კურთხევა ჩემის უღირსობისაი გფარავდეთ და წარგიძღოდეთ თქვენ გზასა მას მოღვაწებისა თქვენისასა”.

მდაბალი კირიონ II, მთავარეპიზკოპოზი მცხეთისა და

სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი.

ქ. თბილისი, 19 ნოემბერი, 1917 წ.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s