Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● „ნებაყოფლობითი“ კოლექტივიზაცია სტალინური რეპრესიების თანხლებით

მიხეილ მჭედლიშვილი

„ნებაყოფლობითი“ კოლექტივიზაცია
სტალინური რეპრესიების თანხლებით

ოცდაათიან წლებში სტალინმა წამოიწყო გლეხებისათვის კერძო მიწაწყლის
ჩამორთმევისა და კოლმეურნეობებში იძულებითი გაწევრიანების
აქცია. მაგრამ, რამდენადაც, გლეხობის უმრავლესობას არ სურდა კერძო
საკუთრების დათმობა და, როგორც მაშინ იტყოდნენ, „სანახირეში“ შესვლა,
მთავრობამ მიმართა მანამდე გაუგონარ მეთოდს ხალხის მოსათოკად.

უპირველეს ყოვლისა, გამრჯე გლეხობას შეუტიეს, მათ „კულაკის“ დამღა
დააკრეს და საკუთარი სახლ-კარიდან გამორეკეს. რა უნდა ექნათ,
ჩარდახიან ურმებში ჩასხეს ცოლ-შვლი, დააწყვეს ქვაბ-ჯამ-ჭურჭელი
საჭირო სანოვაგით და ზოგი სოფლის ბოლოს დამკვიდრდა, ზოგი კი მთის
ხეობებში განლაგდა. ასე ამყოფეს მზე-წვიმაში კარგა ხანს და მხოლოდ იმ
პირობით დააბრუნეს თავის კარ-მიდამოში, რომ კოლმეურნეობაში
შესულიყვნენ. ხოლო ისინი, ანუ ურჩი „კულაკები“, ვინც კვლავ არ
დაემორჩილა ხელისუფალთა მოთხოვნებს, მთელი რიგი ოჯახები
დედაწულიანად ციმბირში გადაასახლეს.

ამ ვანდალიზმს სტალინმა უწოდა „კულაკური კლასის ლიკვიდაცია“.
ერთი სიტყვით, „კულაკი“, ანუ გამრჯე გლეხი მოინათლა საზოგადოების
მავნე ელემენტად. აქვე უნდა ითქვას, რომ ხალხის დათრგუნვის ეს ველური
მეთოდი, რომელიც სტალინმა გამოიგონა, უფრო გვიან და უფრო მეტის
შემოქმედებით განახორციელეს კამპუჩიელმა კომუნისტებმა პოლ-პოტის
მეთაურობით.

ამ ფაქტის შესახებ აი, რას წერდა იმ დროს ალ. სოლჟენიცინი:
„ადამიანთა ხოცვის ტექნიკის არასრულყოფილობის გამო კამბოჯაში სხვა
მეთოდებია შემოღებული. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც არ
მოსწონთ კომუნისტური რეჟიმი, ჯერ რამოდენიმე საათს ფეხზე აყენებენ
(მათ შორის მოხუცებს, ქალებს, ბავშვებს), ხოლო შემდეგ ბარგისა და
საკვების გარეშე უდაბური ადგილებისაკენ მიერეკებიან ამგვარი
შეძახილებით: „წადით! მოკვდით!“ (ალ. სოლჟენიცინი, ამერიკის
პროფკავშირების წინაშე წარმოთქმული სიტყვიდან).

სტალინის მიერ აღნიშნული დამაშინებელი ღონისძიების მიუხედავად,
არც ღარიბი და არც უღარიბესი გლეხობა მაინც არ იჩენდა
კოლმეურნეობაში შესვლის სურვილს. მაშინ, სტალინმა მიმართა ასეთ
ვერაგულ ხერხს: იმ დროს, როცა, მაგალითად, ერთი ძროხის ღირებულება
უდრიდა 100-თუმანს და მეტს, გლეხობა დაბეგრეს 300-დან 500-თუმნამდე
გადასახადით. კოლმეურნეობაში მყოფ წევრებს კი 5-10 მანეთის
გადასახადი შეაწერეს. რა თქმა უნდა, მთავრობამ კარგად იცოდა, რომ
გლეხი იმ თანხას ვერ გადაიხდიდა. ამიტომ, დაბეგვრის ქვითრის მომტან
მოხელეს დავალებული ჰქონდა გლეხისათვის ეცნობებინა, რომ
კოლმეურნეობაში გაწევრიანების შემთხვევაში, 300-თუმნის ნაცვლად, 30-
მანეთსღა გადაიხდიდა.

ეს ცნობა და, აი, უკვე კოლმეურნეობათა გამგეობებს აწყდება
განცხადებების ტალღა კოლმეურნეობის წევრად მიღების თხოვნით.
ძალადობის ამ აქტს სტალინმა, ცხადია, სულ სხვა, დემაგოგიური ახსნა
მისცა: ხალხი დარწმუნდაო კოლმეურნეობის სიკეთეში და ამიტომაც
მიაწყდა მას გლეხობაო.

ეს ნათქვამი იყო მის მიერ გამოცემულ ბროშურაში, რომელიც ასე
სათაურდებოდა – „თავბრუდახვევა წარმატებისაგან“. ამ საპროპაგანდო
ბროშურაში იგი წერდა: საკოლმეურნეო შენების ამ წარმატებებმა ზოგ
ხელმძღვანელს თავბრუ დაახვია და თურმე აქა-იქ ნებაყოფლობითი
პრინციპის დარღვევას ჰქონია ადგილიო, თუმცა საერთო „ენთუზიაზმმა“
აქ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაო. ერთი სიტყვით, სტალინის
დემაგოგიას თუ დავუჯერებთ, კოლმეურნეობები შექმნილია საზეიმო
ვითარებაში, დოლ-გარმონის თანხლებით.

სინამდვილეში ეს იყო დიდი ტრაგედიის დასაწყისი, რაც ძალიან მალე
გამოვლინდა. საქმე ის გახლავთ, რომ კომუნისტური დემაგოგიის
თანახმად, კოლმეურნეობა არის „ნებაყოფლობის საფუძველზე შექმნილი
გლეხთა ამხანაგური გაერთიანება“, რომლის მატერიალურ ბაზასაც
თვითონვე ჰქმნიან საკუთარი სახსრებით და მიღებულ მოსავალსაც
თვითონვე ინაწილებენ ურთიერთშორის, გაწეული შრომის მიხედვით.
მაგრამ ეს მხოლოდ საზეიმო სიტყვებია. ფაქტიურად კი, კოლექტიური
ცხოვრების დაწყების პროცესს თან ახლავს უმძიმესი ტრაგედია, რომელიც
ჯერ იმით იწყება, რომ კოლმეურნეობის მატერიალური ბაზის შესაქმნელად
მთავრობა ავალდებულებს გლეხებს კოლმეურნეობაში გაათავსონ თავისი
ხარ-ურემი, გუთანი, სათესლე ხორბალი, ქერი და ა. შ. ამასთან, მთავრობა
აჭრის გლეხს მიწის უდიდეს ფართს და უტოვებს მხოლოდ საკარმიდამო
ნაკვეთს, რის შედეგადაც გლეხის ოჯახი სრულიად იძარცვება.

მაგრამ ეს არის ტრაგედიის მხოლოდ ერთი მხარე. მეორე და მუდმივი
ტრაგედია გამოიხატება მთავრობის მიერ კოლმეურნეობაში გლეხთა
შრომით შექმნილი დოვლათის მიტაცებაში. გლეხთა ეს ორგანიზებული
ექსპლოატაცია, რომლის როლში აწ უკვე სახელმწიფო გვევლინება,
უაღრესად შენიღბულ ხასიათს ატარებს. კომუნისტური დემაგოგიის
მიხედვით, კოლმეურნეობაში გაერთიანებული გლეხები, როცა მოსავალს
გაინაწილებენ რაღაც ასეულ გრამებში, საწყობებში დარჩენილი „ნამეტი
პროდუქტი“ რომ არ გაუფუჭდეთ, მათ შეუძლიათ „ნებაყოფლობის“
საფუძველზე მიჰყიდონ იგი სახელმწიფოს.

ჯერ ერთი, საბაზრო ფასებთან შედარებით მთავრობის მიერ გადახდილი
ფული იმდენად მცირე გახლდათ, რომ თავმოყვარე კაცი ძირს
დაგდებულსაც არ აიღებდა. მეორეც, მანქანა-ტრაქტორთა სადგურებიდან,
ანუ „ემტეესებიდან“ ტექნიკით სარგებლობისა და სხვა საბაბით,
კოლმეურნეობებში შექმნილი დოვლათი ფაქტიურად უფასოდ მიჰქონდა
სახელმწიფოს, დარჩენილს კოლმეურნეობის ხელმძღვანელობა იტაცებდა,
გლეხებს კი დაახლოებით 300 გრამ ხორბალს, ან ტაროიან სიმინდს
უნაწილებდნენ, რაც ბეღურა ჩიტსაც არ ეყოფოდა მთელ წელიწადს.

ამის გარდა, ხელისუფლებამ შემოიღო უამრავი სახის გადასახადები –
ხორცის, ყველის, კვერცხის, მატყლისა და სხვა, როცა გლეხი თავად იყო
დანატრებული ხორცსაც და ყველსაც. ამიტომ იგი ყოველივე ამას ბაზარში
ყიდულობდა და ისე აბარებდა მთავრობას.

მაგრამ ეს კიდევ რაა. გააწერეს იძულებითი ფულადი გადასახადი,
რომელსაც „ობლიგაციები“ ეწოდებოდა, თანაც მას „ნებაყოფლობითი“
დაარქვეს. გლეხების შეკითხვაზე – რაა ობლიგაციაო?! ხელისუფლების
მოხელე პასუხობდა: – ობლიგაცია, ამხანაგო, არის სესხი, რომელსაც შენ
ასესხებ მთავრობას, ჰოდა, როცა შენი ნასესხები ფულით გამდიდრდება
ჩვენი სახელმწიფო, ამ ფულს უკლებლივ დაგიბრუნებს უკანო. მეორე
კითხვაზე: – თუ ნებაყოფლობითია, ძალით რატო გვახდევინებთო?
ამაზედაც შესანიშნავი „ლოგიკურობით“ პასუხობდნენ: –
ნებაყოფლობითია, ამხანაგო, მაგრამ სავალდებულოაო! ვინც მასზე უარს
იტყოდა, ტროცკისტის იარლიყს აკერებდნენ და ციმბირში გადასახლებით
ემუქრებოდნენ.

ამით დაშინებული გლეხობა თავის უკმაყოფილებას მხოლოდ
ერთიმეორის წინაშე ჩუმი, ირონიული ღიღინით გამოთქვამდა:

კოლექტივიზაცია, შარვალი არ მაცვია,
უკან თავმჯდომარე მომდევს – აჰა, ობლიგაცია!

ასე რომ, მთლიანი კოლექტივიზაციის განხორციელების პერიოდში,
სტალინის ანტიხალხური პოლიტიკის შედეგად, შეიქმნა ისეთი ვითარება,
როცა გლეხს აღარც ოჯახში შერჩა სარჩო-საბადებელი და ვეღარც
კოლმეურნეობიდან ღებულობდა შრომის საფასურს.

ამგვარმა განუკითხაობამ 1933 წელს – კოლექტივიზაციის
დასრულების წელს, – გამოიწვია მასობრივი შიმშილი, მთელი იმპერიის
მასშტაბით, ანუ ეს იყო, სტალინის სიტყვებით – „თავბრუდახვევა
წარმატებებისაგან“, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მრავალდარგოვანი კულტურების მწარმოებელ რესპუბლიკებში,
როგორიც მაგალითად, საქართველო იყო, ხალხი ნაწილობრივ მაინც
შოულობდა საარსებო საღსარს საკარმიდამო ნაკვეთებიდან –
ვენახებიდან, ციტრუსებიდან, ხეხილიდან. ამიტომ, ეს უბედურებანი,
ყველაზე უფრო მარცვლეულის მწარმოებელ რეგიონს დაატყდათ თავს –
უკრაინას, ყუბანს, ვოლგისპირეთს და სხვ. უკრაინაში, კერძოდ, 7 მილიონი
კაცი გაწყდა შიმშილით
. უკრაინის ამ უსაშინლესი ტრაგედიის 50 წლისთავი
სამგლოვიარო მარშებით აღინიშნა ევროპის დედაქალაქებში 1983 წელს.

ყუბანის მოსახლეობის დიდი ნაწილი კი საქართველოში შემოიხიზნა.
მაგრამ არანაკლებ გაჭირვებაში მყოფ ქართველ ხალხს არ შეეძლო მათი
გამოკვება. ამიტომ ეს უბედურებიც კარი-კარ მათხოვრულ წანწალში
ამოწყდნენ.

1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა
და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s