Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● მოსკოვიდან მართული კრიმინალურ-მაფიოზური ძალების მიერ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის დამხობა და მისი სამშობლოდან გაძევება

მიხეილ მჭედლიშვილი

 მოსკოვიდან მართული კრიმინალურ-მაფიოზური ძალების მიერ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის დამხობა და მისი სამშობლოდან გაძევება

როგორც ზემოთ აღვნიშნე, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ეროვნული მთავრობის დამხობის გადაწყვეტილება იმ დღესვე მიიღო, როცა ქალაქ ალმაატაში ყოფილი იმპერიის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკების შეკრებაზე, მხოლოდ საქართველო აღუდგა წინ „ესენგეს“ კავშირში გაწევრიანებას.

 ამასთან დაკავშირებით, რამდენადაც რუსეთის ხელისუფლებისათვის ადრევე იყო ცნობილი საქართველოს პოზიცია მისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის შესახებ, რომლის საპირისპიროდაც მას ადრევე ჰქონდა შექმნილი საქართველოში თავისი მე-5 კოლონა – სიგუა-კიტოვანიოსელიანის თაოსნობით, რომლის განეიტრალებაზე არაფერი იღონა თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტმა, აი, ახლა, ალმა-ატაში თავისი უარყოფითი პოზიციის გამოვლინებისთანავე, აამოქმედა ეს კოლაბორაციონისტული ბანდა.

ცხადია, ეს ბანდა, რუსული ძალის კარნახით და მის მიერვე გულმოცემული, რომ რუსეთი კვლავაც დაეხმარებოდა საბრძოლო იარაღითა და, თუ გაჭირდებოდა, ცოცხალი ძალითაც, იმავე 21-დეკემბრის ღამით დაიძრა თბილისის ზღვიდან და უკვე 22-დეკემბრის გამთენიისას საომარი ოპერაციები დაიწყო საკუთარი ქვეყნის ეროვნული მთავრობის დასამხობად, თვით მთავრობის სახლის დაბომბვის გათვალისწინებით.

ამასთან, ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, რაც შავ ლაქად გაჰყვება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, და უპირველესად კი, მის საპატრიარქოს, ამ უკანასკნელთა თანხმობით, პუტჩისტების მიერ შემდეგ საბრძოლო პოლოგინად იქცა ქაშუეთის წმინდა ტაძრის ეზო-გარემო. ნაცვლად იმისა, რომ პატრიარქი წინ აღდგომოდა პუტჩისტების ამ გაუგონარ ბარბაროსობას და ჯვრით ხელში შუაში ჩამდგარიყო „ძმათა“ ომის აღსაკვეთად, პირიქით, რუსეთის აგენტურული კოლონა სწორედ აქედან, ქაშუეთის ტაძრიდან უშენდა ზარბაზნებს საქართველოს ხელისუფლებას.

ამ დღიდან დაწყებული, ეს სამარცხვინო ომი ორ კვირას გაგრძელდა. ერთხანს მთავრობის სახლის დამცველმა მებრძოლებმა შესძლეს ბანდიტების მოგერიება, დაამარცხეს ისინი და განდევნეს სასტუმრო „ივერიამდე“. მაგრამ ამ დროს რუსეთი, რომელიც მანამდე სცენის მიღმა იდგა და ისე წარმართავდა მოვლენებს, რომ თითქოს საქართველოში ომი თვით ქართველთა შორის მიმდინარეობდა და თავის როლს კი ამ ომში საგულდაგულოდ ნიღბავდა, მაგრამ აი, უკვე, როცა ნახა, რომ მის მიერ შექმნილი და იარაღით მომარაგებული მე-5 კოლონა მარცხებოდა, ჩამოიხადა ნიღაბი და უკვე აშკარად ჩაერია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში საბრძოლო ტექნიკითაც და ცოცხალი ძალითაც. 

 ვაზიანის სამხედრო ბაზიდან აფრენილმა თვითმფრინავებმა რამოდენიმეჯერ დაბომბეს მთავრობის სახლი. ოპერაციას უშუალოდ გენერალი ბეპაევი ედგა სათავეში.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ნათლად დაინახა საქართველოს პრეზიდენტმა, რომ მის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა არა მარტო ქართველთა კრიმინალური ძალა, არამედ რუსეთის უძლიერესი სამხედრო მანქანა, ზედმეტი მსხვერპლის გაღება უაზროდ ჩათვალა და გადაწყვიტა მთავრობის სახლის დატოვება. 1992 წლის 6-იანვარს, გამთენიისას, პრეზიდენტთან ერთად მთელმა მთავრობამ დატოვა სასახლე.

ამ დროს სიგუა-კიტოვან-იოსელიანის თვითმარქვია ხელისუფლებას თბილისის კომენდანტად უკვე დაყენებული ჰყავდა გენერალი გიორგი ყარყარაშვილი, რომელსაც დავალებული ჰქონდა მთავრობის სახლიდან გასვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის დატყვევება. ამ მიზნით შეკრული იყო თბილისიდან გასასვლელი ყველა გზა. ბატონი ზვიადი და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ჯერ შეეცადა მეტეხის ხიდით გასულიყო, მაგრამ აქ ჩასაფრებული პუტჩისტი გვარდიელების სახით დიდ წინააღმდეგობას წააწყდა – მათი ერთი „იკარუსი“ ჩაცხრილეს კიდეც, და დევნილები იძულებულნი გახდნენ ორთაჭალის მიმართულებით აზერბაიჯანისაკენ აეღოთ კურსი. გადავიდნენ კიდეც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და თავშესაფარი სთხოვეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, მაგრამ უარი მიიღეს. მაშინ ისინი აქედან სომხეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ და მსგავსი წინადადებით სომხეთის ხელისუფლებას მიმართეს. სომხეთის მთავრობა დაეთანხმა თხოვნას და დროებით სამყოფლად მიუჩინა დაბა-ქალაქი იჯევანი.

 როცა ეს ფაქტი ცნობილი გახდა უკვე ხელისუფლებაში მოსული სიგუაკიტოვან- იოსელიანის ტრიუმვირატისათვის, მათ წინადადებით მიმართეს სომხეთის ხელისუფლებას – უკან გადმოეცათ დასასჯელად საქართველოდან განდევნილი მთავრობის წარმომადგენლები.

სამწუხაროდ, სომხეთის ხელისუფლება ამაზე დაეთანხმა ქართველ პუტჩისტებს და ეს ვერაგული შეთანხმება ალბათ ხორცს შეისხამდა კიდეც, რომ არა სომხეთის საწინააღმდეგო აქცია, რომელიც განხორციელდა სამეგრელოში. სამეგრელოს მოსახლეობამ თავის ტერიტორიაზე დააკავა სოჭიდან სომხეთს მიმავალი ორი იკარუსი, რომელშიც იმყოფებოდნენ სომეხი მოქალაქენი. სამეგრელოს მოსახლეობამ მტკიცე ულტიმატუმი წარუდგინა სომხეთის ხელისუფლებას, რომ თუ საქართველოს დევნილ ხელისუფლებას არ მისცემდნენ საშუალებას, რათა ისინი სომხეთიდან გროზნოში გადაადგილებულიყვნენ, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ მოსპობდნენ სამეგრელოში დაკავებულ სომეხ მოქალაქეებს.

 სომხეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ამ მოთხოვნას დათანხმებოდა, რის შედეგადაც საქართველოს პრეზიდენტი მცირე ამალით სომხეთიდან გროზნოში გადაფრინდა და იქ მიიღო მყარი პოლიტიკური თავშესაფარი.

 თემის დასასრულს, არ შემიძლია არ აღვნიშნო თენგიზ სიგუას ერთი მეტად უღირსი საქციელის შესახებ, რომელიც მან სამშობლოს ღალატთან ერთად ჩაიდინა. მან მკრეხელურად ბრალი დასდო ბატონ ზვიად გამსახურდიას, თითქოს, საქართველოდან გასვლის ჟამს, მან ბანკიდან გაიტაცა 20-მილიონი მანეთი ფული და 22-კილოგრამი ოქრო. ამ ყოვლად დაუსაბუთებელი და ყოვლად ულოგიკო ბრალდებით ამხანაგ სიგუას სურდა სახელი გაეტეხა ბატონი ზვიადისათვის ქართველი ხალხის თვალში. ჯერ ერთი, ბატონ ზვიადს, რომელიც მთელი თავისი მთავრობით ორი კვირის მანძილზე პუტჩისტებით იყო ალყაშემორტყმული და ამის შედეგად მოწყვეტილი იყო მთელ გარესამყაროს, როგორ უნდა აეღო ბანკიდან ეს ამოდენა თანხა?! მეორე, – კაცმა, რომელმაც ტყვიების ქარცეცხლში ძლივს გააღწია თავი სამშვიდობოს, სად ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ეს უზარმაზარი თანხა გაეტანა საქართველოდან?!.

 

გაგრძელება

გარეწართა და მძარცველთა ხროვა ქვეყნის სათავეში

 

3 Responses to “● მოსკოვიდან მართული კრიმინალურ-მაფიოზური ძალების მიერ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის დამხობა და მისი სამშობლოდან გაძევება”

  1. დიდი მადლობა ამ წერილის გამოქვეყნებისათვის. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ჭეშმარიტი მამულიშვილები. ამინ.

    მიუხედავად იმისა, რომ ხდება 1991-1992 წ.წ. სამხედრო პუტჩის სიტყვიერი დაგმობა, მცირედნი საუბრობენ შეჩერებული კონსტიტუციისა და დევნილი კანონიერი ხელისუფლების აღდგენაზე. საქართველოს უბედურება მომდინარეობს იქიდან, რომ საქართველოში არ გვყავს კანონიერი ხელისუფლება, მაგრამ უფრო დიდი უბედურება დევნილი კანონიერი ხელისუფლების ემიგრაციიდან დაბრუნების სურვილის უქონლობაა. ამიტომ, პუტჩის და პუტჩისტების ნებისმიერი შეფასება, რაც არ უნდა პირუთვნელი იყოს იგი, ყოველგავარ მნიშვნელობას ჰკარგავს პუტჩის მიერ დევნილი ხელისუფლების დაბრუნების სურვილის არ ქონის გარეშე.

    ეროვნული ხელისუფლების ემიგრაციიდან დაბრუნება ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების უპირველეს მოთხოვნილებად უნდა იქცეს! წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ პუტჩის დაგმობა და ზვიად გამსახურდიას დაღუპვის მიზეზების ე.წ. გამოძიება, წმინდა წყლის ფარისევლობა არის და იქნება! ეს იქნება არა მარტო ზვიად გამსახურდიას, არამედ ეროვნული ხელისუფლების და სამშობლოს ღალატიც!

    ვინც ზვიად გამსახურდიას მკვლელებს ეროვნული ხელისუფლების ერთგულ ხალხში ეძებს და უკანონო ხელისუფლების სადამსჯელო ორგანოებისათვის მიუნდვია ამის გამოძიება, იგი პუტჩისტებზე უარეს დანაშაულს სჩადის.

    დღეს, მართლაც, ზვიად გამსახურდიას „ქომაგობა“ ეროვნული ლეგიტიმური ხელისუფლების ვერდაბრუნების ერთ-ერთი მოხერხებული ფანდია! ამიტომ, ყველა პატიოსან ადამიანს მოვუწოდებთ დღის წესრიგში დააყენონ დევნილი კანონიერი მთავრობის საქართველოში დაბრუნების საკითხი.

    დევნილი მთავრობის წარმომადგენელი

    ი. ღუდუშაური

    http://didgori.wordpress.com/2009/12/22/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98/

    Like

  2. ყოვლად დაუშვებელია ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის ეხლანდელი ხელისუფლების შეცვლა ძალის მეთოდებით. ხელისუფლება არ მოგვწონს? კარგი, მაშინ მოვა არჩევნები და გადავირჩიოთ.

    მითუმეტეს, რომ როგორც გამოჩნდა ქვეყანას არ გააცნია სერიოზული პოლიტიკური დაჯგუფება და განიცდის ორივე მხარეს კადრები მკვეთრ ნაკლებობას.

    რუსეთის აგრესიის შემთხვევაში გამარჯვების გარდა სხვა ალტერნატივა არ არის და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. რუსეტის მიერ მობილიზირებული არ არის მარტო არმია, არამედ კავკასიელი კრიმინალ,ების ბანდები რომლებიც ჩვენს შვილებს, მეუღლეებს და ოჯახებს ნამუსს ახდიან ჩვენს თვალწინ.

    http://www.fereidani.ge 104 blogi

    Like

    • iberiana said

      გეთანხმებით, ხელისუფლების არჩევნებით შეცვლა საუკეთესო გზაა, მაგრამ ეს არჩევნები გარანტირებულად სამართლიანი უნდა იყოს, სხვაგვარად, აზრი არ აქვს.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s