Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● რუსეთის ორიენტაციის წარმოშობისა და საქართველოს წინაშე რუსეთის როლის

მიხეილ მჭედლიშვილი

რუსეთის ორიენტაციის წარმოშობისა და
საქართველოს წინაშე რუსეთის როლის
არასწორ შეხედულებათა დამკვიდრების მიზეზები

 

რუსული ორიენტაციის დამწყებად კახთა მეფე ალექსანდრე გიორგის-ძე (1476-1511) ითვლება. პირველმა მან აიღო გეზი ერთმორწმუნე რუსეთისაკენ. ალექსანდრეს კურსს მტკიცედ გაჰყვნენ იმ დროს დაქუცმაცებული საქართველოს ყველა მომდევნო მეფე-მთავრები. მიუხედავად ამ ორიენტაციით გამოწვეული დამღუპველი შედეგებისა, საქართველოს მესვეურები 1491 წლიდან 1801 წლამდე, ე. ი. 300 წელზე მეტი ხნის მანძილზე ბრმად მიჰყვებოდნენ ერთხელ აღებულ გეზს, ვიდრე 1801 წელს საქართველო არ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.

მართალია, რთული იყო მაშინ საქართველოს მდგომარეობა ისეთი აგრესორების ხელში, როგორიც ირანი და თურქეთი იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რუსეთთან დაკავშირებამ კი არ გააუმჯობესა საქართველოს მდგომარეობა, არამედ კიდევ უფრო გააუარესა. რამდენადაც რუსეთის დამკვიდრება საქართველოში უდიდესი საშიშროების წინაშე აყენებდა ირანს, თურქეთს და მთელი კავკასიის მაჰმადიანებს, აღნიშნულმა აქტმა წარმოუდგენელი რეაქცია გამოიწვია ამ უკანასკნელთა მხრიდან. ისინი კოალიციურად აღდგნენ საქართველოს წინააღმდეგ და მიზნად დაისახეს ქართველი ერის მთლიანად აღმოფხვრა, რათა მოესპოთ რუსეთისათვის კავკასიაში დამკვიდრების შესაძლებლობა. ხოლო რუსეთს, არა თუ რაიმე დახმარება გაუწევია საქართველოსათვის, პირიქით, იგი თვითონვე აბამდა ხოლმე საქართველოს თავის ავანტიურისტულ ქსელში და ბრმა იარაღად იყენებდა მას თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ საკუთარი ინტერესებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა შემოსევა, რომელიც საქართველომ განიცადა XVI-XVII საუკუნეებში, გამოწვეული იყო საქართველოს რუსეთთან დაკავშირებით.

დღეს ისე ხელისგულივით ჩანს რუსეთის მზაკვრული როლი საქართველოს წინაშე, აგრეთვე რუსეთთან დაკავშირებით გამოწვეული საბედისწერო შედეგები, რომ რუსეთის ორიენტაციის მცდარობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

როგორც ცნობილია, ძმობა-მეგობრობის დემაგოგიურ ლოზუნგებს ამოფარებულმა საბჭოთა რუსეთმა უკვე შთანთქა ათეულობით პატარა ერი, აგრეთვე, იმ დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საქართველოს არსებობის საკითხიც. ყოველივე ამის მიუხედავად, ზოგიერთი გულუბრყვილო ქართველი, რომელიც მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნამდვილ ისტორიას, ხოლო მიმდინარე რთულ ამბებს უყურებს მტრის მიერ ჩაგონებული მატყუარა ლოზუნგების მიხედვით, თავდაჯერებულია იმ შეგნებით, რომ ჩვენ მხოლოდ რუსეთმა გადაგვარჩინა, იგი ახლაც გვიცავს და, მაშასადამე, სწორი იყო რუსეთის ორიენტაციაო.

დღევანდელი ქართველი რომ ასეთი თვალით უყურებს, როგორც [12] მიმდინარე მოვლენებს, ისე განსაკუთრებით წარსულ ისტორიას და ჯერაც ვერ გარკვეულა სანამდე მიიყვანა საქართველო ჩვენი წინაპრების დაუფიქრებელმა ნაბიჯმა, ადვილი წარმოსადგენია, რამდენი ფანატიკოსი მიმდევარი ეყოლებოდა რუსული ორიენტაციის ჩვენს მეფეებს, როცა თვით ამ ორიენტაციის ბედი წყდებოდა. მითუმეტეს, რომ მაშინ ჩვენი წინაპრებისათვის სავსებით უცნობი იყო რუსის ერი თავის ბუნებითა და მისწრაფებებით.

მაგრამ, რელიგიური დოგმებით შეზღუდულ ხელმძღვანელთა შორის მაშინაც ყოფილან საღად მოაზროვნე პოლიტიკური მოღვაწენი, რომლებიც დამღუპველად თვლიდნენ ამ ნაბიჯს.

აი, რას სწერს ამის შესახებ ცნობილი ისტორიკოსი ალექსანდრე ფრონელი: „თითო-ოროლანი მაშინაც იყვნენ, რომელნიც წინასწარმეტყველურის შორს გამჭვრეტელობით ჰქუხდნენ და ჰღაღადებდნენ, რომ საპოლიტიკო არსებობის მოსპობა კი არ აღაყვავებს სარწმუნოებას, პირიქით, დასთრგუნავს და დაამხობსო. მაგრამ ასეთი ხმა რჩებოდა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. მსოფლიო ისტორიაში ხშირია ისეთი მომენტები, როცა ერს, ქვეყანას გაიტაცებს რომელიმე აზრი, იდეა და ჰგონებს, თუ ეს აზრი, იდეა არ განვახორციელე, თავი ცოცხალი აღარ მინდაო და გამწარებული, ზოგჯერ ძლიერის სულისკვეთებით, იბრძვის და ეტანება თვისის იდეალის განხორციელებას. სწორედ ასეთი დრო და მომენტი დაუდგა საქართველოს მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს. ქვეყანას სჯეროდა, რომ დაღუპვისაგან მხოლოდ მართლმადიდებელი რუსეთი დაგვიხსნის და სხვა არავინაო. უმრავლესობა ერისა ბედისწერას აჰყვა და გულხელდაკრეფილი დაემორჩილა ღვთის განგებას“ (ალ. ფრონელი, მთიულეთი, 1804 წ., გვ. 206).

თავის დროზე, რუსეთის ორიენტაციას არ ეთანხმებოდნენ ისეთი ცნობილი პოლიტიკური მოღვაწენი, როგორებიც იყვნენ: გიორგი სააკაძე, როსტომ მეფე, ბაქარი და პაატა ბატონიშვილები, სოლომონ ლეონიძე, ჭაბუა ორბელიანი, ასპინძის გმირი დავით სარდალი, იმერეთის მეფე სოლომონ II, ალექსანდრე ბატონიშვილი და სხვები.

რუსეთის ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა საერთოდ უარყოფდა საქართველოს შესვლას რომელიმე სახელმწიფოს მფარველობაში, ხოლო უარეს შემთხვევაში ისინი მაინც ირანისაკენ იხრებოდნენ.

მე-18 საუკუნის გამოჩენილი პოლიტიკური მოაზროვნე სოლომონ ლეონიძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამი საუკუნის გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ მცდარი და დამღუპველი იყო რუსული ორიენტაცია. ის კარგად ხედავდა, რომ რუსეთთან დაახლოება საქართველოს ირან-ოსმალეთთან უფუჭებდა დამოკიდებულებას, ხოლო რუსეთი არავითარ დახმარებას არ უწევდა საქართველოს მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან დაპირისპირების შემთხვევაში.

ამიტომ, სოლომონ ლეონიძე, საქართველოს დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და ქართველი ერის გადასარჩენად, საჭიროდ მიიჩნევდა [13] კავშირის გაწყვეტას რუსეთთან, საქართველოს გაერთიანებას და გონივრული პოლიტიკის წარმოებით კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას ირან-ოსმალეთთან.

როგორც ისტორიული ფაქტები გვიდასტურებენ, ეს სავსებით შესაძლებელი იყო, მაგრამ, მაშინ იმდენად ძლიერი იყო ჩვენში რწმენა ერთიანი რელიგიის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე, იმდენ სიკეთესა და ბედნიერებას მოელოდნენ რუსეთიდან, რომ ბოლოს და ბოლოს, მაინც რუსულმა მიმართულებამ გაიმარჯვა.

მართალია, რუსული ორიენტაციის თავდადებული მომხრეები სულ მალე მიხვდნენ საბედისწერო შეცდომას და დაიწყეს თითზე კბენანი, მაგრამ რაღა დროს. ეს მწუხარება ნათლადაა გამოხატული იოანე ბაგრატიონის ერთ ცნობილ ლექსში:

„სკვითთ წაგვართვეს მთლად ქვეყანა,

არც კი მოგვცეს კაცი ერთი,

ქართლ-კახეთსა არ დასჯერდნენ,

ზედ დაიდვეს იმერეთი.

მწირობაში დავგლახავდით,

შემწე არ გვყავს არცა ერთი,

შევთხოვთ ზენას სამართალსა,

ვნახოთ, ვითა განსჯის ღმერთი“.

ამგვარად, რუსეთის მიერ 1783 წლის ტრაქტატის ფეხქვეშ გათელვისა, ხოლო საბოლოოდ, საქართველოს ანექსიისა და ქართველთა წინაშე არაერთი ბარბაროსული აქტის ჩადენის შემდეგ, რომლის შესახებაც ქვემოთ გვექნება მოთხრობილი დაწვრილებით, – აგრეთვე, კომუნისტურ ხანაში რუსეთის მიერ საქართველოს შთანთქმის საშიშროების ზრდასთან დაკავშირებით, რუსეთის ორიენტაციის მომხრეთა რიცხვი თანდათანობით შემცირდა. მაგრამ, ქართველი საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღესაც ამართლებს ერეკლეს და მის წინამორბედებს აღნიშნული პოლიტიკური კურსისათვის იმ მოტივით, რომ „სხვა გამოსავალი არ არსებობდაო“ და ის კი ავიწყდებათ, რომ რუსეთთან დაკავშირებამ საქართველო არათუ გამოიყვანა იმ „გამოუვალი“ მდგომარეობიდან, რომელიც რუსეთუმეებმა თვითონვე შექმნეს თავიანთი ბეცი პოლიტიკით, არამედ იგი კიდევ უფრო უარეს ჩიხში მოამწყვდია.

 რუსული ორიენტაციის თაყვანისმცემლები იმაში ცდებიან, რომ ისინი უკრიტიკოდ იზიარებენ თითქმის უკვე დოგმადქცეულ, ზემოდან თავსმოხვეულ ვერსიას „ირანის ან თურქეთისაგან საქართველოს დაპყრობისა და მოსპობის აუცილებლობის“ შესახებ. მათ, ამ დებულების განუსჯელად მიღების საფუძველზე, გამოჰყავთ მცდარი დასკვნა: „თუ საქართველოს ირანის, ან ოსმალეთისაგან მართლაც მოსპობა მოელოდა, მაშინ ცხადია, რუსეთის მიერ საქართველოს სამეფოს გაუქმება და მისი რუსეთთან შეერთება პროგრესული მოვლენა იყოო“. [14] კი მაგრამ, რატომ არ კითხულობენ, საიდან მომდინარეობს ეს ვერსია და რა მიზანს ისახავს იგი? ნუთუ დიდი დაფიქრება სჭირდება იმის ამოხსნას, რომ ეს დებულება ჩვენი ბატონ-მბრძანებლების შემუშავებულია და მიზნად იმას ისახავს, რომ „ირან-ოსმალეთის მიერ საქართველოს მოსპობის დაშინებით გაამართლოს თვით რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა და რუსეთის პროვინციად გადაქცევა. აბა, დაფიქრდით და თვითონვე განსაჯეთ: საქართველო ამჟამად ირანის ხელში რომ იყოს, ანდა დამოუკიდებელი, მაშინაც ასეთი შეფასება მიეცემოდა რუსეთის მოქმედებას საქართველოს წინაშე? ცხადია, არა.

საქართველოსთვის, წარსულ მტრებთან შედარებით, რუსეთი რომ გაცილებით უარესი მტერია, მარტო იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ აზიის თითქმის ყველა დამპყრობლის – თურქ-სელჩუკების, მონღოლების, თემურ ლენგისა და სხვათა ხელში, საქართველო ძირითადად ინარჩუნებდა თავის სახელმწიფოებრიობას, ქართულ ეროვნულ მთავრობას, ქართულ ენას, ქართულ კანონმდებლობას და მათ შორის სარწმუნოებასაც. რუსეთმა კი დაიპყრო თუ არა საქართველო 1801 წელს, იმ დღიდანვე მოსპო ყველა აღნიშნული ეროვნული ნიშანი და აკრძალა ოფიციალურ დოკუმენტებში თვით საქართველოს ხსენება. ქართულ სკოლებში, სასამართლო ორგანოებში, წარმოება-დაწესებულებებში და ეკლესიამონასტრებში გააბატონა რუსული ენა.

იმისათვის, რომ სავსებით აღმოეფხვრათ ქართული ეროვნული სული ჩვენს ეკლესია-მონასტრებში, რუსის ვანდალისტ-შოვინისტებმა, რემონტის საბაბით, თეთრი საღებავით შეღებეს და მოსპეს ძვირფასი ეროვნული მხატვრობა.

რით უნდა აიხსნას ის გარემოება, რომ ქართველობის გარკვეული ნაწილი, წარსულშიც და ამჟამადაც, მადლიერი იყო და არის რუსეთისა? საიდან ჩაუჯდა თავში ქართველ კაცს ის აზრი, რომ თითქოს ირანოსმალეთის შემოსევების დროს რუსეთი ეხმარებოდა საქართველოს და მანვე იხსნა საქართველო დაღუპვისაგანო?

როგორც ითქვა, რუსეთის როლის ასეთი არასწორი გაგება ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაყალბებული ისტორიით. საქართველოს ისტორიის ახლანდელი სახელმძღვანელო აშკარად გაყალბებულია და შელამაზებული სახით ისწავლება ქართულ სკოლებში. რუსეთის სახით მტერს მოყვრად ასაღებს არა მარტო ეს ეგრეთწოდებული „საქართველოს ისტორია“, არამედ მასობრივი აგიტაციის ისეთი საშუალებანი, როგორიცაა პრესა, რადიო, ტელევიზია, კინო და თეატრი, რომლებიც სახელმწიფოს სამსახურში არიან ჩაყენებული. ბუნებრივია, ასეთ პირობებში ქართველ კაცს გაუკუღმართებულად ესმის რუსეთის როლი საქართველოს მიმართ და ამიტომაა, რომ იგი რუსის დამპყრობელს თავის მეგობრად და დამხმარედ თვლის.

 ეს რაც შეეხება დღეს. მაგრამ ისტორიულად ქართველი ერის ასეთ დეზორგანიზაციას ხელი შეუწყო მთელმა რიგმა სხვა გარემოებებმაც: პირველი, რამაც რუსეთისადმი განუსაზღვრელი ნდობა გამოიწვია [15] ქართველობაში, ეს იყო მაჰმადიანურ სახელმწიფოებთან საქართველოს დაპირისპირების გამო იმ ყალბი აზრის გაბატონება, რომ თითქოს ირანოსმალეთის შემოსევები გამოწვეული ყოფილიყოს განსხვავებული სარწმუნოებით. ამ ნიადაგზე ქართველმა ხალხმა იწამა, რომ სამაგიეროდ რუსეთი, როგორც ერთმორწმუნე ქვეყანა, ჩვენი დამხმარე და გულშემატკივარი იქნებაო.

ამრიგად, იმ კრიტიკულ ხანაში მოვლენებისადმი საღი პოლიტიკური მიდგომის ნაცვლად, ჩვენში დამკვიდრდა რელიგიური ფანატიზმი, რამაც ქართველი ხალხის მესვეურთ დაავიწყა ბიზანტია-საქართველოს შორის წარმოებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები და ამ ნიადაგზე პრაქტიკულად უკვე შემოწმებული ერთმორწმუნეობის სრული უსაფუძვლობა პოლიტიკაში.

მაგრამ, წარსული ისტორიული გამოცდილების უგულებელყოფას ვინ ჩივის, საქართველოს მაშინდელი მესვეურები ანალიზს ვერ უკეთებდნენ თვით მათს თვალწინ მიმდინარე მოვლენებს, როცა ევროპის ქრისტიანული სახელმწიფოები ერთის მხრივ, და მაჰმადიანური სახელმწიფოები (ირან- თურქეთი) მეორე მხრივ, სისხლისმღვრელ ბრძოლებს აწარმოებდნენ ერთიმეორის გასანადგურებლად. სად იყო აქ გადამწყვეტი ფაქტორი ერეკლეს მიერ ქებული ერთმორწმუნეობისა?

პირიქით, ერების ურთიერთშეჯახების დროს, როცა პატარა ერი იძულებულია თავი დაიცვას დამპყრობელი ერის წამლეკავი ზემოქმედებისაგან, განსხვავებული რელიგია და ზნე-ჩვეულებანი უფრო დადებითი ფაქტორია, ვიდრე რელიგიისა და ზნე-ჩვეულების ერთობა. მაგალითად, ირან-ოსმალეთის სახით ჩვენი მტრების განსხვავებული რჯული იყო სწორედ ძირითადი მიზეზი იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ ისინი ქართველების მხრიდან და ვერა და ვერ შეძლეს მათ მაჰმადიანურ ერებთან ქართველი ერის ასიმილაცია. ერთმორწმუნეობის ნიღბით შემოპარულმა ქრისტიანულმა რუსეთმა კი გასაოცარი ძალით შეაჩერა ქართველთა წინააღმდეგობა და შედარებით უმტკივნეულოდ ახდენდა იგი რუსის ერთან ქართველი ერის შერწყმას.

რელიგიური ფანატიზმისა და პოლიტიკური გულუბრყვილობის გარდა, მაშინდელი ჩვენი მეფეები ვერ იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე ვერც ორგანიზატორული ნიჭით და ვერც ნებისყოფის სიმტკიცით. ისინი თავგზააბნეულები მოქმედებდნენ არა მარტო საგარეო ურთიერთობის სფეროში, არამედ სახელმწიფოს შიგნითაც. ჩვენს სახელოვან მეფეებს – დავით კუროპალატს, ბაგრატ მესამეს, დავით აღმაშენებელს, გიორგი ბრწყინვალეს და სხვებს კარგად ესმოდათ, რომ მტრისაგან საქართველოს როგორც თავდასაცავად, ასევე თავდასახსნელად ყველაზე უკეთესი გზა ქვეყნის გაერთიანება იყო. უკანასკნელი პერიოდის ზოგიერთი უნიათო მეფე კი მტკიცე ნებისყოფის უქონლობის გამო, არა თუ თანმიმდევრულად იბრძოდა ფეოდალური პარტიკულარიზმის დათრგუნვისა და საქართველოს გაერთიანებისათვის, არამედ ცოლ-შვილის კარნახით თვითონვე [16] აქუცმაცებდა გაერთიანებულ სამეფოს შვილებსა და შვილიშვილებს შორის.

რუსეთის როლის შესახებ არასწორი შეხედულების დამკვიდრების მეორე მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთი დიამეტრალურად განსხვავდებოდა ქართველი ხალხის სხვა დანარჩენი მტრებისაგან თავისი ფარისევლური პოლიტიკით. ყველა მტერს, რომელიც საქართველოში შემოდიოდა, ხმალი ჰქონდა მომარჯვებული ქართველების წინააღმდეგ და აშკარად აცხადებდა საქართველოს დაპყრობის, ქართველი ხალხის გაძარცვისა და მასზე გაბატონების სურვილს. ისინი ამ მხრივ რაიმე მაქინაციებს არ მიმართავდნენ. პირიქით, მათი ტონი უაღრესად სასტიკი და აგრესიული იყო. ასეთ მტერს კი ქართველი ხალხი მომზადებული ხვდებოდა.

მაგალითად, როცა არაბთა მხედრობა საქართველოს საზღვრებს მოადგა პირველად, მისმა სარდლობამ ასე შემოუთვალა ქართველებს: „ან დაგვმორჩილდით, მოდით და გვემსახურეთ, ან დასტოვეთ თქვენი ქვეყანა და სხვაგან წადითო“. ამ უაღრესად მკაცრი განცხადების მიუხედავად, აი, რითი განისაზღვრა მათი ბატონობის პირობები საქართველოში, რასაც „დაცვის სიგელი“ ეწოდა:

1. არაბები ქართველებს უვნებლობას და სარწმუნოების ხელუხლებლობას აღუთქვამენ.

2. ქართველები მორჩილებას უცხადებენ არაბებს და იხდიან ხარკს – ჯიზიათს თითო კომლზე თითო დინარს (დაახლოებით 5 მანეთი ოქროთი).

3. ქართველებს უფლება არა აქვთ რამდენიმე კომლი ერთ კომლად შეაერთონ და ამ გზით ხარკი შეამცირონ.

4. არც არაბებს აქვთ უფლება ერთი კომლი რამდენიმე კომლად გაჰყონ, და ამრიგად, ხარკი გაადიდონ.

5. ქართველები ვალდებულნი არიან დაეხმარონ არაბებს სამხედრო ძალით.

6. თუ ქართველები მაჰმადიანობას მიიღებენ, მაშინ ისინი თავისუფლდებიან ჯიზიათის გადახდისაგან, მაგრამ მაჰმადიანობაში ერთხელ გადასული, თუ ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდება, ის დაისჯება“.

არაბთა მიერ წამოყენებული ეს პირობები ძირითადად ძალაში დარჩა. მაგალითად, კახეთს არაბთა ბატონობა თითქმის არც უგრძვნია. რაც შეეხება ბუღა თურქისა და მურვან ყრუს შემოსევებს – პირველი გამოწვეული იყო თბილისის ამირას განდგომით, ხოლო მურვან ყრუს ამაოხრებელი შემოსევა _ ქართველთა უპერსპექტივო და გაუმართლებელი აჯანყებით. იმ დროისათვის არაბთა ხალიფატი თავისი ძლიერების ზენიტში იყო და, ამდენად, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას გამარჯვება არ ეწერა.

შევადაროთ ახლა ერთის მხრივ არაბთა აღნიშნული განცხადება თავისი სისასტიკით და ფაქტიურად წამოყენებული პირობებით ქართველების მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის თვალთმაქცური განცხადება საქართველოს მიმართ და ამ ყალბი განცხადების შემდეგ საქართველოს ფაქტიური მდგომარეობა რუსეთის ხელში. [17]

1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტში საქართველოს სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ ალექსანდრე I საზეიმოდ აცხადებდა: „არა აღორძინებისათვის ძალთა, არა ნივთთვისა, არა განვრცელებისათვის საზღვართა და ესრეთცა უკვე ვრცელისა ქვეყნისა ზედა იმპერიასა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა საქართველოს სამეფოსა მმართებულებისასა. მხოლოდ პატივი და კაცობრიობა სდებენ ჩვენზედა საღმრთოსა ვალსა, მსმენმან ვნებულთა ვედრებისა, განსადევნელად შეჭირვებათა მათთა დავაწესო საქართველოსა შინა მმართებლობა, რომელსაცა ეძლოს-ცა დამყარება მართლმსაჯულებისა, ნივთისა და საქონლისა უშიშროებისა, და მიცემად თვითეულისა დაცვა ჰსჯული… მიეცა საყდროსანსა ქალაქსა მოსკოვს, სეკტემბრის დღესა ჩყა წელსა“.

ამ გულჩვილი განცხადების საფარქვეშ რუსეთმა საქართველოში დაამყარა ჯერ არნახული სისასტიკე. გარდა იმისა, რომ მან მოსპო საქართველოში ყველაფერი ეროვნული და ერთი ხელის მოსმით მოინდომა ქართველი ხალხის გარუსება, საშინელი ეკონომიური განსაცდელისა და მორალური დამცირების პირობებში ჩააყენა მთელი მოსახლეობა. რუსის სახით ქართველ ხალხს მოევლინა ფლიდი, მექრთამე, ქურდი, ლოთი და გარყვნლი არსებანი. თვითონ ყოველმხრივ ზნედაცემულნი, ისე უყურებდნენ ქართველ ხალხს, როგორც პირუტყვებს. ისინი გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებდნენ ქართველ ოჯახებს, ქმრების თვალწინ ქალების საჯარო გაუპატიურების ჩათვლით. გარდა ამისა, ქართველ გლეხკაცობას უკანასკნელ სარჩო-საბადებელს ართმევდნენ და მათი შენიშვნის პასუხად – რიღათ გამოვკვებოთ ცოლ-შვილიო, – მიწაზე მიუთითებდნენ და ეუბნებოდნენ, „თქვენ ბალახი სძოვეთო“ (ალ. ფრონელი, „ამაოება კახეთისა“, გვ. 139).

აი, როგორ პარალელს ავლებს ჩვენი ერის დიდი მოჭირნახულე და მოაზროვნე იაკობ გოგებაშვილი საქართველოს ძველ მტრებსა და ახალ მტერს – რუსეთს შორის:

 „მართალია, საქართველო იშვიათად არ იყო გარეგან დამოკიდებულების ქვეშა, მაგრამ ეს დამოკიდებულება განისაზღვრებოდა ცოტაოდენი ყოველწლიური ხარკით, რომელიც უსიამოვნო საგანს შეადგენდა მხოლოდ მეფის თავმოყვარეობისთვის. შინაგან მმართველობას იგი თითქმის არ ეხებოდა, ერი მის გავლენას სრულიად არა ჰგრძნობდა და ყოველ შემთხვევაში დამჩაგვრელ თვისებას მოკლებული იყო. კაცსა, ერსა სჩაგრავს სისტემატური უსამართლობა, შინაგანი ბრიყვობა, ყოველდღიური უღელი, რომელიც კისერში აწევს ხალხსა და ქედს ძირს ახრევინებს, ქარიშხალივით დაცემა მტრისა, რომელიც დამარცხდება, თუ გაიმარჯვებს, ორივე შემთხვევაში სტოვებს ქვეყანასა და ბრუნდება თავის სამშობლოში – მხოლოდ დროებით ხიფათს, წამის უბედურებას შეადგენს, რომლის კვალი მალე სრულიად ჰქრება ხალხის ცხოვრებაში… სპარსეთი იშვიათად არ იყო გულ-წრფელი და გულითადი ჩვენი კეთილისმყოფელი. ბევრი ცუდი ნაკლოვანება ჰქონდათ სპარსელებს, მაგრამ პოლიტიკურს [18] იეზუიტობას, სიკეთის დაუნახაობასა და უმაგალითო უმადლობას კი მათში ვერ ჰპოვებდით. ისინი ავ-კარგიანები იყვნენ. თუ მტრობას გვიხდიდნენ მხეცურის დაუნდობლობით და შეუბრალებლობით, სამაგიეროდ სიკეთისათვის იცოდნენ უხვი მოყვრობა და თავდაუზოგველი მეგობრობა“ (ი. გოგებაშვილი, რანი ვიყავით გუშინ? გვ. 29-30).

იაკობ გოგებაშვილამდე ათეული საუკუნეებით უფრო ადრე იგივე აზრს გამოთქვამდა სპარსელთა შესახებ მე-6 საუკუნის სახელგანთქმული ორატორი აიეტი. იგი აცხადებდა, რომ სპარსელებმა „თუ ვინმე გაიხადეს თავიდან მეგობრად, ისინი ცდილობენ უთუოდ დაიცვან სიყვარული, ხოლო მტრის მიმართ რისხვას განაგრძობენ მანამდე, სანამ ის მტრად რჩება“ (გ. გოზალიშვილი, ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მე-6 საუკუნეში, გვ. 41).

ხოლო რუსი დამპყრობლების მოქმედებათა შესახებ აი, რას ვკითხულობთ ალ. ფრონელის 1812 წლის კახეთის ამბოხებაში: „ნეტა რა მოთმინება და შეძლება ჰქონია ერსა, რომ კვერცხივით ზედ არ შეასკდა ზნედაცემულს ჯარისკაცსა და მსუნაგსა და გაწუწკებულს მოხელეს! უსამართლობა, ცემატყეპა, დარბევა-დაწიოკება სოფლისა, ქურდობა, განზრახ დავიდარაბის ატეხა, უზნეობა-გარყვნილების შეტანა, ქალწულთა და დედაკაცთა გაჯოხვა, – ეს რაღაც დაუჯერებელი ამბავია, ისეთი ველურობა, რომლის მსგავსი თვით თემურ-ლენგის დროსაც არ იქნებოდა. აკი სჩივიან ბოდბისხეველნი და პრასიანელნი, რაც რუსობამ მოგვაყენა, მაგგვარი თურქთა, ყიზილბაშთა და ლეკთა ჟამთა ბატონობის დროსაც არ გამოგვივლიაო!“ (ალ. ფრონელი, ამბოხება კახეთისა, გვ. 33).

აზიის დამპყრობლებთან შედარებით, რუსების მიერ საქართველოში ჩადენილი ამ საშინელი საქციელის გარდა, რაც თითქმის მხეცური მოქმედების ნორმებსაც კი აჭარბებს, საგულისხმოა აგრეთვე ი. გოგებაშვილის მიერ ზემოთ გავლებული პარალელი იმ ეკონომიკური ჩაგვრის შესახებ, რასაც საქართველო განიცდიდა ერთის მხრივ ადრეულ მტერთა ბატონობის დროს და მეორე მხრივ რუსთა ბატონობის პირობებში. როგორც აღნიშნული იყო, ადრინდელი დამპყრობლებისადმი ქართველების დამოკიდებულება განისაზღვრებოდა მხოლოდ ცოტაოდენი ყოველწლიური ხარკით. შინაგან მმართველობას იგი თითქმის არ ეხებოდა. რუსთა ბატონობის დროს კი მოსახლეობა სრულ ტოტალურ ძარცვას განიცდიდა. ხოლო შიმშილისაგან სასომიხდილ ადამიანებს, როგორც აღვნიშნეთ, ურჩევდნენ ბალახი ეძოვათ.

 ერთმორწმუნეობის ნიღბით მოვლენილ რუს დამპყრობლებთან შედარებით, რომლებმაც საქართველოში გაბატონებისთანავე მოსახლეობის ულმობელი ძარცვა-რბევის გარდა, თავიანთ სრულ გამგებლობაში მოაქციეს მთელი ეროვნული სიმდიდრე და საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ ყაჩაღურ ექსპლოატაციას უწევდნენ მას, პირდაპირ სიცილს იწვევს მსოფლიოს ყველაზე საშინელ დამპყრობლებად ცნობილი მონღოლების მიერ ცალკეული კომლებისადმი ყოველწლიური ხარკის სახით წამოყენებული რაღაც ბავშვური მოთხოვნილებანი: 100 ლიტრი ხორბალი, 50 ლიტრი ღვინო, 2 ლიტრი ბრინჯი, 3 ტომარა, 2 თოკი და 1  ნალი, და მაინც, ქართველ კაცს არაბი, მონღოლი და სპარსი ყველაზე დიდ მტრად მიაჩნია, ხოლო რუსის მიმართ აზრადაც არ გაივლებს, რომ იგია ყველაზე დიდი მძარცველი ყველა წარსულ მძარცველებთან შედარებით. ამ გაურკვევლობის მიზეზი ისაა, რომ არაბების, მონღოლებისა და სხვა დანარჩენი დამპყრობლებისაგან განსხვავებით, რუსეთი იმთავითვე მოყვრის ნიღბით მოევლინა საქართველოს და იგი ფარისევლურად ყოველთვის „დამხმარისა“ და „მფარველის“ როლში გამოდიოდა.

აი, რას სწერს ამგვარი შენიღბული მტრის შესახებ შ. რუსთაველი: „ეგრე მტრისა არ მეშინის, რადგან ცხადად მაწყინარობს, მოყვარესა – მტერსა ვუფრთხი, მემოყვრება, მოცინარობს…“

ძველ მტრებთან შედარებით რუსეთი რომ გაცილებით უფრო ვერაგი მტერია, ეს აზრი შესანიშნავად აქვს გამოთქმული აკაკი წერეთელს ერთ თავის ლექსში, რომლის სათაურია „ჩაფიქრება“. იგი დაწერილია რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. მოგვყავს ამ ლექსის შემოკლებული ტექსტი:

ჩაფიქრება

„მეც მივდივარ, შენც მიდიხარ, გეთხოვები, საქართველო!

– მეც ვჭკნები და შენცა ჭკნები, როგორც ზამთრის პირად მდელო.

თვით ბუნების კანონია, მე რომ დავჭკნე ვით ფოთოლი,

სამერმისოდ სხვა გამოვა ჩემი სწორი, ჩემი ტოლი!

მაგრამ შენ, ხევ ცხოვრებისა და აკვანო მთელი ერის,

მომავალი შავ-ბედითი სიკვდილის ზარს რად გიმღერის?!

რაც-კი გქონდა სისხლად, ხორცად, შენაძენი ათას წლობით,

– მთლად მოგიკლა ასმა წელმა თვალთმაქცურის საძაგლობით.

მოგიხიბლა თვალი, გული, გიქარგავდა ზედაპირსა,

მაგრამ მითი იმავე დროს, როგორც ჩრჩილი, ხრწნიდა ძირსა!

და აღარ ხარ, რაც იყავი: ჰხმები, სჭკნები ნელა-ნელა,

ათასის წლის ჭირნახული ასმა წელმა მოგინელა.

რაც რომ მტრობამ ვერ დაგაკლო, ის მოყვრობამ აგისრულა

სულ ხელის-სმით და „ნანინით“ შენი ძირი გამოხრულა.

 შენს წაქცევას და დამხობას „ასი წელი“ შემოჰყურებს,

შენ წახვალ და სხვა შემოვა, შენს ნადგომზე ისადგურებს…“

(აკაკი, შვიდტომეული, ტ. I, გვ.774).

ამგვარად, მოყვრის ნიღბით მოსულმა რუსეთმა არა თუ დაიპყრო საქართველო, იგი სრულიად გააუქმა როგორც პოლიტიკური ერთეული და რუსეთის შემადგენელ ნაწილად აქცია.

რუსეთის ვერაგულ მოქმედებასა და საქართველოს საშინელ ხვედრში გაურკვეველი ქართველობის ერთი ნაწილი კი კმაყოფილებით გაიძახოდა: – „რუსეთთან რომ არ ვყოფილიყავით შეერთებული, სპარსელები დაგვიპყრობდნენო“. უფლებააყრილ, დაბეჩავებულ და გაძარცულ ასეთ ქართველს „დაპყრობა“ სხვა რაღაცა ჰგონია. უბედური საქართველო! განა შეიძლება ერის ამაზე უფრო მეტი [20] დაბეჩავება? შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ერი თავის ნაციონალური ხვედრის გაგების საკითხში არასოდეს ისე არ დაბეჩავებულა, როგორც დაკნინდა და დაბეჩავდა რუსთა ბატონობის პერიოდში.

აღნიშნული მცდარი წარმოდგენის მესამე მიზეზია 170 წლის მანძილზე მტრის უღელქვეშ ყოფნა, მონობისადმი მიჩვევა და შეგუება. ხოლო მონობას მიჩვეულ ადამიანს, როგორც ცნობილია, აღარ ამძიმებს მონობის უღელი. უფრო სწორად, ვეღარ გრძნობს იგი ამ უღელს. ეს შეჩვევა იმდენად ბუნებრივი ხდება, რომ ერთი მოსწრებული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, „მონობას მიჩვეული ადამიანი უარს იტყვის განთავისუფლებაზე“.

ქართველი კაციც ისე შეეთვისა რუსეთის ბატონობას და ისე მშვიდად გრძნობს თავს ამჟამადაც მის უღელქვეშ, რომ ვერც კი წარმოუდგენია უბატონოდ არსებობა. ერის დამოუკიდებელი არსებობის ურწმუნოების დამღუპველი გამოხატულებაა ის, რომ ერების განთავისუფლების დღევანდელ ეპოქაშიც კი ზოგიერთი ქართველი ბავშვური გულუბრყვილობით კითხულობს: „რუსეთს რომ ჩამოვცილდეთ, მერე ვის ხელში უნდა ვიყოთო?“

რომელიმე ბატონის ხელში ყოფნის ეს მავნე შეხედულება, ცხადია, იმ გარემოებითაც იყო გამოწვეული, რომ ქართველ ხალხს ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი ინსტინქტური შიში ირან-ოსმალეთისა. ამას კი დიდათ უწყობს ხელს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ქართველებისადმი დამაშინებელი ანტისპარსული და ანტიოსმალური პროპაგანდა.

ქართველის შეგნებაში იმდენად ავადმყოფური ხასიათი ჰქონდა მიღებული თურქეთისა და ირანის მხრივ დაპყრობის საშიშროებას, რომ იგი ვეღარ ამჩნევდა ეპოქის ცვალებადობას. ბევრი მათგანი კვლავ 300 და უფრო მეტი ხნის წინათ არსებული მდგომარეობის მიხედვით მსჯელობს დღესაც და ვეღარ ხედავს, რომ არაბი, მონღოლი, თურქი და სპარსი დამპყრობელნი 1801 წლიდან უფრო მოქნილმა და უფრო საშიშმა რუსის დამპყრობელმა შეცვალა. ისინი შურისძიების გრძნობით უყურებდნენ ათა-პაპის დროინდელ მტრებს, რომელთა შორის ბევრი მათგანი (მაგალითად, დაღესტანი) საქართველოზე უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დღესაც და ვერ ხედავდნენ რუსეთის სახით ამჟამად არსებულ მტერს, რომელიც ჩანთქმით ემუქრებოდა და ემუქრება დღესაც დაღესტანსაც და საქართველოსაც.

ერთ დროს გრიგოლ ორბელიანიც, ამგვარი მცდარი თვალსაზრისის გამო, გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდა მთიელთა წინააღმდეგ: „იგი თავისი ხმლით საქართველოს დამპყრობლებს ეხმარებოდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ეგონა, რომ სამშობლოს მტრებს ებრძოდა. მისი სიტყვით, იგი „ლეკებთან ბრძოლაში „კახეთის სისხლს იღებდა“, მაგრამ ამ პროცესში იგი ეხმარებოდა იმ ძალას, რომლის წინააღმდეგაც თვითვე იყო რამდენიმე წლით ადრე აღმართული. იგი შურს იძიებდა იმაზე, რაც იყო ოდესღაც, და მკაცრ სინამდვილეს კი ვეღარა ჰხედავდა, სადაც იყო საჭირო ნამდვილი პატრიოტული ბრძოლა და შურის [21] ძიებაც. მთა თავისუფლებას არ სთმობდა. რუსეთის დამპყრობელი პოლიტიკა კი ამ თავისუფლებას ვერ ითმენდა. ვის მხარეზე უნდა ყოფილიყო პატრიოტ გრიგოლ ორბელიანის სიმპათიები? რასაკვირველია, მთიელების მხარეზე“ (ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია, ნაწ. I, გვ. 7).

საქართველოს არაგონივრული პოლიტიკის შედეგად რუსეთი რომ ერთიან წამლეკავ ძალად მოევლინა საქართველოსაც და კავკასიის სხვა ტომებსაც, აი, რა საყურადღებო დეტალს გვაუწყებს ამის შესახებ ცნობილი ქართველი სოციალისტ-ფედერალისტი, შესანიშნავი მემუარების ავტორი, გიორგი ლასხიშვილი ერთი მეტად ღირსეული ყაბარდოელის პირით:

„ორიოდე სადგურის შემდეგ საპატიმრო ვაგონში შემოიყვანეს კიდევ ორი ტუსაღი. ერთ-ერთმა მათგანმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება: მაღალი, მშვენიერი ტანი, ჩვენებურად გამოწყობილი მოხუცი, იმერელ თავადად მივიღეთ. სალდათებმა იგი ჩვენთან დასვეს. აღმოჩნდა, რომ ახოვანი მოხუცი ყაბარდოელი იყო. მე პირველად ვხედავდი ჩრდილოკავკასიელს და ცნობისმოყვარეობით გამოვესაუბრე. რუსულად მშვენივრად ლაპარაკობდა, თითქმის უაქცენტოდ, და არცთუ მაინც და მაინც უსწავლელი იყო… მე გადაკვრით დავუწყე ლაპარაკი კავკასიის მდგომარეობაზე…

როგორღაც უხალისოდ მაძლევდა პასუხს და მეც თავი დავანებე. მერე ჩვენ გამოგვკითხა ვინაობა. როცა გაიგო, ქართველები ვიყავით, სიამოვნება გამოაცხადა. კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ ღრმად ამოიოხრა და სთქვა:

– როცა კავკასიის მზე ჩაესვენა, მთელი ჩვენი ქვეყანა მაშინ დაიღუპა. მე ვიფიქრე – შამილს გულისხმობს მეთქი და ამიტომ რაღაც იმის შესახებ ვკითხე.

 – არა, ყმაწვილო, – მიპასუხა მოხუცმა, მე შამილზე როდი მითქვამს. კავკასიის მზე – საქართველო იყო. საქართველომ თავი დაიღუპა და კავკასიაც თან გაიყოლია…“

საღი და სრულყოფილი ეროვნული აზრის დამკვიდრება ჩვენში პირველად ილია ჭავჭავაძემ და მისმა დასმა წამოიწყო. მაგრამ, ვიდრე ეროვნული გრძნობა და გაგება დამკვიდრებას მოასწრებდა ქართველობაში, თითქმის პარალელურადვე ჩნდება მარქსიზმის რუსული დიდმპყრობელური მიმართულება, რომელთა წარმომადგენლებმა ილია ჭავჭავაძის ეროვნულ ხაზს, დაუპირისპირეს ინტერნაციონალიზმის ყალბი ლოზუნგები. ამან მთლად დააბნია თავისი ბუნებით სხვა ერების პატივისმცემელი ქართველი. მარქსიზმის ბრმა მიმდევრებმა რუსეთის იმპერიალისტური მისწრაფებანი ინტერნაციონალიზმად მონათლეს, ხოლო პატარა ერების სურვილი – თავიანთი ენისა და ეროვნული თავისთავადობის დაცვისა, – ბურჟუაზიულ ნაციონალიზმად გამოაცხადეს. გულუბრყვილო ქართველთა ერთმა ჯგუფმა რუსეთის იმპერიალისტურ მისწრაფებათა შესანიღბავად გადმოსროლილი „ინტერნაციონალიზმის“ ეს დემაგოგიური ლოზუნგი უმალვე აიტაცა ხელში [22] და იგი მტერზე არანაკლები თავგამოდებით იბრძოდა თავისი ნაციონალური მეობის, „როგორც კომუნიზმისათვის მავნე და საშიში გამოვლინების“ მოსასპობად, საქართველოში უცხო ტომის ხალხთა ჩამოსასახლებლად, ქართული ენის ნაცვლად „ინტერნაციონალური“ რუსული ენის დასამკვიდრებლად და ისტორიული ქართული მიწა-წყლის მეზობელი ერებისათვის გადასაცემად (რამდენადაც, კომუნიზმის დროს სულ ერთია მაინც წაიშლება საზღვრები ურთიერთშორისო). ანტიპატრიოტულად განწყობილი ქართველი ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ ამ უაღრესად მტკივნეულ აქტს სრული გულგრილობით შეხვდა „კომუნიზმისა“ და „ინტერნაციონალიზმის“ დემაგოგიური ლოზუნგებით მოტყუებული ერის ერთი ნაწილი.

ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე თავს იმით იცავდა, რომ წარსული ეპოქა ვაჟკაცური შემართების ხანა იყო. ხმალდახმალ ბრძოლაში კი ქართველს თითქმის ბადალი არ ჰყავდა. მაგრამ, როცა ხმალი მელურმა დიპლომატიამ შეცვალა, იგი დაიბნა და ვეღარ გაერკვა მტრის თაღლითურ ფანდებში. რა ლოზუნგებს იყენებს საბჭოთა რუსეთი ქართველი ერისა და სხვა ეროვნულ უმცირესობათა ასიმილაციისათვის?

ეს ლოზუნგია – „ინტერნაციონალიზმი“ და ამ ტერმინოლოგიის დემაგოგიურ გაშუქებასთან დაკავშირებით სსრ კავშირში შემავალი „ერების დაახლოება“ და „ერთიანი ძმური ოჯახის შექმნა“. რა მოჰყვებოდა, მაგალითად, ამ ლოზუნგის პრაქტიკულ განხორციელებას? ყველა პატარა ერის რუსულ ქვაბში გადახარშვა და სსრ კავშირის გარდაქმნა ველიკორუსულ სახელმწიფოდ. აი, იმპერიალიზმის ახალი ნიმუში, რომელიც დღემდე არ დასიზმრებია არცერთი წეს-წყობილების არცერთ აგრესორ სახელმწიფოს.

ახლა განვმარტოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ინტერნაციონალიზმი და განვიხილოთ თვით „ძმური ოჯახის“ იაფფასიანი ფრაზა, რომელსაც არავითარი დამოკიდებულება არა აქვს ცხოვრებისეულ სინამდვილესთან. პირველ რიგში, ჯერ სადავოა საკითხი, გამოხატავს თუ არა ინტერნაცინალიზმი შეგნებული კაცობრიობის მისწრაფებებს, მით უმეტეს, როგორც იგი ესმით დღესაც რუსის დიდმპყრობელ-შოვინისტებს. ამის გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ხშირ შემთხვეევაში რომელიმე იდეოლოგიური მიმართულება ჯერ თვითონ შექმნის ხოლმე რაღაც მოსაზრებას და მის გამომხატველ ტერმინს, შემდეგ კი მთელ კაცობრიობას ახვევს თავს როგორც სავალდებულოს.

 ინტერნაციონალიზმი კომუნისტური მოძღვრების განუყოფელი ნაწილია. ხოლო ეს მოძღვრება სასარგებლო და მისაღებია თუ არა მთელი კაცობრიობისათვის, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. მაგრამ უამისოდაც, ინტერნაციონალიზმის სიტყვა-სიტყვითი განმარტება – „საერთაშორისო“ – მიგვანიშნებს არა კაცობრიობის გაერთიანებაზე, არამედ ერების არსებობაზე, ერთა შორის განწყობილებასა და ინტერესთა შეთანხმებაზე. რუსი ასიმილიატორები კი ინტერნაციონალიზმის ველიკორუსულ ვარიანტს გვთავაზობენ. [23]

 ამ ვარიანტის მიხედვით, კომუნიზმი ისე ვერ აშენდება, თუ არარუსმა ხალხმა თავისი ენა და ეროვნული თავისებურება შეინარჩუნა. ამიტომ, მათი გაგებით, თანდათანობით უნდა განიდევნოს ცხოვრებიდან ნაციონალურ უმცირესობათა ენები და ზნე-ჩვეულებანი და მათ ნაცვლად დამკვიდრდეს რუსული.

რა არის ეს, ინტერნაციონალიზმი თუ იმპერიალიზმი? ცხადია, იმპერიალიზმი.

ახლა განვიხილოთ გამოთქმა – „ძმური ოჯახი“. ცხადია, ეს ლოზუნგიც ერების რუსულ ქვაბში თავმოყრას და მათს რუსულად გადახარშვას ითვალისწინებს. თანაც, ეს გამოთქმა ხელოვნურად არის შექმნილი და მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია პრაქტიკულ ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც პირველყოფილ ადამიანთა ჯოგი დაიშალა და დამოუკიდებელი ოჯახები შეიქმნა, განსაკუთრებით ცივილიზაციის დღევანდელ ხანაში, ძმები არათუ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, პირიქით, დამოუკიდებელ ოჯახებს ქმნიან, რადგან სისხლხორცეული ერთობის გარდა მათ მთელი რიგი განმასხვავებელი თვისებები და პიროვნული ინტერესები გააჩნიათ. მაგრამ, თუ გარემოებამ ძმებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არგუნა, ისინი ამ ბუნებრივი მდგომარეობის გამო ერთიმეორის მოძულენი ხდებიან. და თუ ღვიძლი ძმებიც ვერ უთავსებენ ერთიმეორეს აზრებს, ხასიათებს და მისწრაფებებს, რანაირად შეიძლება სხვადასხვა ტომის ხალხის ინტერესთა შეთანხმება, თუ არა ყველა სხვა ტომელთა დამთრგუნველი რუსული ჩექმა?

ამგვარად, ეგრეთწოდებული „ძმური ოჯახი“ წმინდა წყლის დემაგოგიაა და მას არაფერი არა აქვს საერთო არც ცხოვრებისეულ სინამდვილესთან და არც ერების თანაწევრობასთან. პატარა ერებისათვის, რუსული „ძმური ოჯახი“, ეს იგივე პროკრუსტეს ბუნაგია, სადაც თითოეულ ერს გარდაუვალი სიკვდილი ელის.

აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ მარქსისტული მოძრაობის გარიჟრაჟზე ამოიცნო მარქსიზმის დროშას ამოფარებული რუსი „სოციალისტების“ იმპერიალისტური მისწრაფებები. ამიტომ, იგი საქვეყნოდ ამხელდა მათ ბოროტულ ჩანაფიქრს, რაც არარუს ეროვნებათა უარყოფასა და საკუთარი ერების გაბატონებას ითვალისწინებდა.

აი, რუსი „მარქსისტებისადმი“ მიმართული აკაკის კრიტიკული შენიშვნები, რაც დღეს ფაქტად იქცა:

 „მტერი იძახის: „ვინ გაიგონა ახლანდელ დროში ეროვნებაო?

 მხოლოდ ერთია „მუშათ საკითხი“, გულს დაიბეჭდეთ „მარქსის მცნებაო!“

ამას ჩვენ გვირჩევს და თავისათვის სულ სხვანაირად გაიყურება:

სცდილობს კისერი მოგვატეხიოს!.. და მით თავის ერს ემსახურება.

ჩვენს ქართველებს-კი „მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა“ ჰგონიათ

 და მიაჩნიათ ჭეშმარიტებად, რაც კაჭკაჭივით გაუგონიათ.

სიტყვა სხვა არის, საქმე სულ სხვაა, სხვა უძევთ გულში მათ დაფარული!

ხრიკია მხოლოდ პოლიტიკური „ძმობა, ერთობა და სიყვარული“.

[24] (აკაკის შვიდტომეული, ტ. I, გვ. 789; ლექსი – „ჩემი ჭმუნვა“).

 ქართველი ერის ისტორიულ უბედურებად უნდა ჩაითვალოს მისი ინტერნაციონალისტური ბუნება, იმ დამახინჯებული გაგებით, როგორადაც იგი ეპყრობოდა და ეპყრობა ყველა ჯურის გადამთიელს. სხვა ერებისადმი დამოკიდებულების საკითხში ჩვენმა ზომაგადასულმა სათნოებამ, თვით საქართველოს მტრებისადმიც კი გულთბილმა მოპყრობამ და მათთვის ეროვნულიკ არის ფართოდ გაღებამ, – სტუმართმოყვარეობის ამ დამახინჯებულმა გაგებამ, – უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ერს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვძულდეს სხვა ერები იმ შემთხვევაში, თუ ისინი არაფერს გვიშავებენ. აკაკის თქმისა არ იყოს, „დეე სუყველამ იბედნიეროს თავის სამშობლოში, თავის მხარეში“, მაგრამ სისულელეა გიყვარდეს შენს მოსასპობად მოსულ დამპყრობელთა ნაშიერები, მიუხედავად იმისა, თუ რა ნიღბით მოგევლინებიან – „უფროსი ძმისა“ თუ „ტყუპის ცალის“ სახით.

ქართველი კაცი კი ისეა დაშინებული ამ ეგრეთწოდებული ნაციონალიზმით, რომ თავისი დამპყრობელისადმი სიძულვილიც მას დანაშაულად მიაჩნია. სინამდვილეში „მონისა სიყვარულია საზიზღარი და არა სიძულვილი ძლიერი, მკაცრი სიძულვილი ბატონისადმი მას სულიერად თავისუფლადა ჰხდის, იგი სრულიად კანონიერი, ღირსეული და დიდი გრძნობაა, რომელიც დიდ საქმეებს ჩაადენინებს მონასა – ნამდვილს, ეროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს. ვინც არ დაიშლის და მასაც შოვინიზმს უწოდებს, – ჩვენ არც სიტყვის გვეშინია, – ვიტყვით მხოლოდ: მონათა შოვინიზმი ბატონთადმი – კეთილი ყოფილა და არა ბოროტი გრძნობა. გაბატონებული ერნი სცდილობენ ტერიტორია წაართვან დამონებულთა და თავისი ელემენტით დაასახლონ, რომ ან გადააგვარონ ეროვნულად, ან განფანტონ იგინი და მოუსპონ თვით სახსენებელი სამშობლოსი. აი ეს არის ნამდვილი შოვინიზმი, და არა ის, რომ მონას თავისი ბატონი სძულდეს და სცდილობდეს მის კლანჭებს თავი და თავის სამშობლო გამოსტაცოს“ (მ. წერეთელი, ერი და ცხოვრება, გვ. 139).

არ შეიძლება ხაზი არ გაესვას კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც დღევანდელი საქართველოს არსებობას უფრო მეტი საშიშროების წინაშე აყენებს, ვიდრე ეს იყო წარსულში. მართალია, საქართველო ხშირად ექცეოდა წინათ მტრის კლანჭებში, მაგრამ მაშინ საქმეს ის აიოლებდა, რომ ერს საშობლოსადმი თავდადებული თავისი საკუთარი მთავრობა და ხელმძღვანელობა ჰყავდა. და ისინი არა მარტო სათავეში ედგნენ სახალხოგანმათავისუფლებელ ბრძოლებს, არამედ პირველ რიგში თვითონ ეწირებოდნენ ერის ინტერესებს. სამშობლოსადმი თავდადებულთა ამ პლეადის შესანიშნავი წარმომადგენლები იყვნენ ვახტანგ გორგასალი, ნერსე ერისთავი, დავით და კონსტანტინე მხეიძეები, დიმიტრი თავდადებული, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და სხვა მრავალნი.

დღეს კი ჩვენი ერის მართვის საქმე მტრის მსახურთა ხელშია, რომლებიც კარიერაზე ყიდიან თავისი ერის ინტერესებს. ამის გამო დღეს არავითარი საერთო არ არსებობს ქართველ ხალხსა და მის ლიდერებს შორის. ხალხის მისწრაფება ეროვნული თვითმყოფადობის დაცვაა. ხელმძღვანელი კასტა კი პირიქით ახშობს პატრიოტულ გამოვლინებებს, რასაც „ბურჟუაზიულ ნაციონალიზმს“ უწოდებს და დამპყრობლის გაბატონებას უწყობს ხელს საქართველოში ინტერნაციონალიზმის ყალბი ლოზუნგებით. ასე რომ, ახლანდელი „ქართული მთავრობა“ სინამდვილეში მტრის მე-5 კოლონაა, რომელზე დაყრდნობითაც დამპყრობელი გაცილებით უფრო მეტს აკეთებს ქართულ მიწაზე ქართული სიტყვის მოსასპობად, ვიდრე იგი შეძლებდა არაქართული მთავრობით. რატომ? „ქართული მთავრობა“ ერში ქმნის მოჩვენებითი თავისუფლების ილუზიას და ამცირებს წინააღმდეგობის გაწევის ძალას ამ მთავრობის გამარუსებელი პოლიტიკის მიმართ. რუსული მმართველობა კი ერს თავისთავად გამოაფხიზლებდა საღათას ძილისაგან და წინ აღუდგებოდა იგი რუსეთის წამლეკავ გავლენას. აი, რატომ აწყობდა დამპყრობელს საბჭოთა იმპერიაში შემავალი ერების გასარუსებლად ნაციონალურ უმცირესობათა ანტიეროვნულ კადრებზე დაყრდნობა.

გაგრძელება

რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობისა და მისი
შედეგების მოკლე ისტორიული მიმოხილვა
(1491-1783 წლები)

 

3 Responses to “● რუსეთის ორიენტაციის წარმოშობისა და საქართველოს წინაშე რუსეთის როლის”

  1. ავტორო როგორ ფიქრობ რუსეთს რომ რ დაეყრო საქართველო დღეს არსებულ მიწაზე საქართველო იქნებოდა თუ ოსმათი ანაზერბაიჯანი? და კიდევ რუეთს რომ არ დაეპყრო საქარტველო მოსახლეობა გამრავლდებოდა 5ჯერ? თუ შემცირდებოდა და გაქრებოდა? კულტურულ აღმასვლაზე რას იტყვი? ან გზები რომ მოუწყობელი იყო? ასეთი მაგალითების მოყვანა ბევრი შეიძლება ასე რომ შავს რომ წერ რუსეთზე ის თეთრის დაწერე რომლის გარეშეც საქართველო არ იარსებებდა ანუ ქართველები გაქრებოდნენ როგორც ხალხი და ისტორიაში ინებოდნენ ხეთებისა და შუმერების გვერზე„

    Like

    • mevludi said

      საქართველოს ათასი დამპყრობელი ყავდა იქამდე, სანამ რუსეთი დაიპყრობდა მაგრამ გადარჩა ღმერთის წყალობით და აქამდე მოვედით. ვერც რუსეთის დაპყრობა და ვერც ოსმანეთის ჩვენ ქვეყანას ვერაფერ უზავდა. როგორც ჩანს თქვენ არც საქართველოსი გწამთ და არც ღმერთისა.

      Like

  2. ilo said

    არადამაჯერებელი არგუმენტია თითქოს რუსეთის დროშის ქვეშ გავმრავლდით და გავერთიანდით, ჯერ ერთი ისეთი ფორმით დააბრუნა მესხეთეთი, სამომავლოდ საბოლოოდ დაკარგვის უფრო მეტი საშიშროება შექმნა, სისხლში ჩაახშო 1802 1804 1812 1819 წლის აჯანყებები, და როგორც ილია ჭავჭავაძე წერდა

    მას შემდეგ რაც’წყალობა ღვთისა
    მიეცა ტანჯულ ივერიის ძეს
    რაც კარგი ექნეს’რუსისა შტიკსა
    ღმერთმა ის რუსვე უკამვე მისცეს

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s