Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ილია ჭავჭავაძისა და მის გარშემო შემოკრებილი თერგდალეულთა დასის ბრძოლა

მიხეილ მჭედლიშვილი

ილია ჭავჭავაძისა და მის გარშემო შემოკრებილი თერგდალეულთა
დასის მამულიშვილური ბრძოლა
ქართული ეროვნული მეობის გადასარჩენად

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დავით აღმაშენებლის შემდეგ საქართველოს არ ჰყოლია იმაზე უფრო დიდი და მრავალმხრივი ეროვნული მოღვაწე, როგორიც იყო ილია ჭავჭავაძე. დავით აღმაშენებელი ისეთ დროს მოევლინა საქართველოს, როცა იგი თურქ-სელჩუკთაგან სრული წალეკვის საფრთხის წინაშე იდგა. მან თავისი ტიტანური ენერგიითა და გენიოსურად წარმართული პოლიტიკით, არათუ იხსნა საქართველო, არამედ ძლიერების არნახულ მწვერვალზეც აიყვანა – მისი საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გასწია. დავითის მიერ საძირკველჩაყრილმა საქართველომ ერთი საუკუნე იარა თავისუფლებისა და დიდების გზით. თვით თამარის ოქროს საუკუნეს მან მისცა დასაბამი.

 სამწუხაროდ, მე-15 საუკუნის ბოლო წლებიდან (1491 წ.) საქართველოს, ცრუმეგობრის სახით, კიდევ უფრო ვერაგი, სკვითურ-სლავური მოდგმის მტერი მოევლინა, რომელმაც ჯერ მთელი სამი საუკუნე სპარსოსმალებთან მრავალჯერ დაპირისპირებითა და გადამწყვეტ მომენტებში ზურგშექცევით სისხლისგან დაგვცალა, ხოლო შემდეგ, როცა ასე არაქათგამოცლილები, იგივე ვერაგობით, 1801 წლიდან თავისი ჩექმის ქვეშ მოგვაქცია, ახლა უკვე მიზნად დაისახა ქართული მიწიდან ქართული გენის აღმოფხვრა და მისი რუსად გადაგვარება.

რუსის ხელისუფლებამ ამ ვანდალურ მიზანს ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, როცა საქართველოს დაპყრობის შემდეგ ქვეყნის მმართველობიდან, სასამართლო ორგანოებიდან, სკოლებიდან და თვით ეკლესია-მონასტრებიდანაც კი, სავსებით გამოდევნა ქართული ენა და მის ადგილზე რუსული ენა გააბატონა. თვით ქართულ გვარებს კი მოკვეცა „შვილი“ და „ძე“ და მათ რუსული დაბოლოებები დაანათლა. ქართველთა ზედაფენაც უკვე ისე შეეთვისა ამ გადარუსებას, რომ ერცხვინებოდა კიდეც ქართულად ლაპარაკი.

და აი, გარუსების ამ უდიდესი საფრთხის ჟამს, სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის თერგდალეულთა სახელოვანი დასი ილიას მეთაურობით, რომელმაც არა მარტო გადაარჩინა ქართველი ერი რუსიფიკაციის საფრთხეს, არამედ მათვე ჩამოაყალიბეს თავიანთი სამწერლობო შემოქმედებებში მეცნიერულ, პედაგოგიურ და მაღალზნეობრივ პრინციპებზე, საკაცობრიო იდეალებთან შეთანხმებული – მრავალეროვნული და მრავალფეროვნული ეროვნულ-პატრიოტული მოძღვრება, რომელიც ყოველთვის გადაარჩენს საქართველოს შესაძლო კატაკლიზმებისაგან, თუკი ქართველი ერი ამ მოძღვრებით იმოქმედებს და არ აჰყვება სტალინ-ორჯონიკიძე-შევარდნაძის ანტიეროვნულ, კოსმოპოლიტურ-მასონისტურ იდეებს.

დღეს უკვე აღიარებულია, რომ 1089 წელს საქართველოს რომ არ მოვლენოდა დავით აღმაშენებელი, მისი შთანთქმა თურქ-სელჩუკთაგან გარდუვალი იყო. იგივე ითქმის რუსთა ბატონობის ქვეშ მყოფ საქართველოზე – მე-19 საუკუნის 60-იან წლებში, საქართველოს რომ არ მოვლენოდა ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი თერგდალეულთა დასით, საქართველოს შთანთქმა რუსთაგან გარდუვალი იქნებოდა. თუ რამდენად რეალური იყო საქართველოს გათქვეფა რუსულ უკიდეგანო მორევში და ხუთიათასწლოვანი ერის სრული აღგვა მიწისაგან პირისა, – თუ რამდენად დაკარგული ჰქონდა უკვე ქართველს ეროვნულპატრიოტული გრძნობა და მხოლოდ ხორციელი არსებობა მიაჩნდა მას სიცოცხლის მიზნად, ამ დასს რომ არ შეენჯღრია თავით-ფეხებამდე მიძინებულ-მიმკვდარუნებული ერი, მოვუსმინოთ თვით ილიას:

„დრო მე-40 და 50 წელთა იყო, დრო ჩვენის გონებრივისა და ეროვნულის მიძინებისა, მოქანცულობისა. მწერლობაც ამგვარის მიმძინარებულის ხასიათისა გახლდათ… მაშინ რომ ქართველისათვის გეკითხათ, რას ფიქრობთ, რა გსურთო, სიცოცხლეზედ ვფიქრობთ, სიცოცხლე გვინდაო, გიპასუხებდნენ, – მაგის გარდა კიდევაო? – კიდევ სიცოცხლე გვინდაო, გეტყოდნენ. – რას ეძახით სიცოცხლეს, როგორ თუ სიცოცხლეო? – ისეო, გეტყოდნენ, რომ გავლა-გამოვლა შეგვეძლოს, სუნთქვაო, ცით და მთვარით დატკბობა, მზის ცქერაო და ჩვენის ჭიის გახარებაო…“

ახლა თავად განსაჯოს მკითხველმა – განა სწორი არ იყო ილიას დიდი თანამებრძოლი აკაკი, როცა ასე გაპირუტყვებულს, ეროვნულგრძნობადაკარგულს, მონობას შეგუებულს და მარტო მუცელზე მაფიქრალ საქართველოს „ფურთხის ღირსი“ რომ უწოდა?!

ისევ მოვუსმინოთ ილიას, იმ დროის დაცემულ საქართველოზე, რომელიც მან თავის შესანიშნავ პოემა – „აჩრდილში“ გამოხატა:

„აქ არვის – დიდსა, თუ პატარასა, –
ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,
დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა
ღვთივ მოუცია მარტო მამული“.

შემდეგ ილია ამ პოემაში უფრო დეტალურად ასე აგვიწერს ქართველთა მხრივ დაკარგულ ეროვნულ-მამულიშვილურ გრძნობას, მის გულცივობას  საკუთარი სამშობლოს მიმართ, როცა იგი ეხება საქართველოს ძველ დედაქალაქს – მცხეთას:

„აწ აღარა სჩქეფს წყარო ცხოველი,
ხე ცხოვრებისაც იგი დამჭკნარა
და იგი დედა-ქალაქი ვრცელი
აწ სამიკიტნო დაბად გამხდარა.
ნგრეულან მისნი დიდნი პალატნი,
დიდი ცხოვრება მის დაცემულა,
დღეს იმ ცხოვრების წმინდა ალაგნი
პირუტყვთ ქელვითა შეგინებულა“.

შემდეგ ილია თბილისს აგვიწერს, სადაც იგივე სასოწარმკვეთი მდგომარეობაა:

„აგერ ტფილისიც… ყრმასაც და ბერსაც,
ქალსა – მახინჯსაც და მშვენიერსაც,
დიდსა, პატარას, თავადსა, გლეხსა,
მე უხილავი ყურსა ვუგდებდი,
მაგრამ კი, ვფიცავ ქართვლის სახელსა,
მათ აზრში აზრსა მე ვერ ვპოვებდი.
………………….
რისთვისც მამანი იღვწოდნენ უწინ –
დღეს შვილთ არ უღირთ არც ერთ ფლურადა.
გრძნობას – ოქროსა ფასად ჰყიდიან,
მთავრის ღიმილზე – პატიოსნებას,
და დაჟანგებულ ბორკილზე სცვლიან
თავის მამულის თავისუფლებას“.

ყველაზე სამწუხარო კი, აი რაა ილიას სიტყვით:

„და ძესა შენსა დღეს არც კი სწამს შენი აღდგენა,
განწირულების შთასდგომია მას გულში წყლული,
მას დაჰკარგვია ტანჯვათ შორის შენდამი რწმენა
და დაუგდიხარ, ვით ტაძარი გაუქმებული“.

კითხულობ ამ სტრიქონებს და იგივე დღევანდელი დღე დაგიდგება თვალწინ – უყურებ მეტროს სადგურების წინ გადატენილ (უსაქმურ) ახალგაზრდობას, უშნოდ რომ იპურჭყებიან და საუბრობენ მხოლოდ იმაზე – რა დალიეს, რა შეჭამეს, რა იანგლეს – არც ერთი სიტყვა ეროვნულ პრობლემებზე… აიღეთ თუნდაც საკუთარი სახლ-კარიდან გამოდევნილი ლტოლვილი ქართველები, ისევ იმ სატანური ძალებისაგან რომ ელიან შველას, ვინც ისინი მშობლიური მიწა-წყლიდან გამორეკა. რა უნდა დავასკვნათ ყოველივე აქედან? ერი რომ ასე დაეცემა ზნეობრივად და გონებრივად, იგი დასაღუპავადაა განწირული.

ილიას „აჩრდილი“ ხომ დიდებული ნაწარმოებია, მაგრამ მას თავის არცერთ შემოქმედებაში ასე მკვეთრად, სხარტად და მართებულად არ უმხილებია ქართველ ხალხში, ბოლო საუკუნეებში (ქვეყნის პოლიტიკური დაშლილობის დღიდან) დამკვიდრებული ავი ზნენი, როგორადაც მხილებულია მის ორ ლექსში – „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით“ და „ბედნიერი ერი“.

პირველში, ჩვენი უგუნურებისა და ბედოვლათობის ისტორიაა გადმოცემული, როგორც საკუთარი სამშობლოს წინაშე, ასევე რუსის უბოროტეს მტრებთან მიმართებაში. მეორეში კი ზედმიწევნით დახატულია იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი მანკიერებანი. ილიას ლექსი – „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით“, ეს, თითქმის გაგრძელებაა იმ კრიტიკული პოეზიისა, რომელიც დავივთ გურამიშვილს აქვს ჩამოყალიბებული თავის შესანიშნავ პოემაში – ქართლის ჭირი“.

ილია ამ ლექსში ამხელს ქართველი კაცის იმ დროისათვის დამახასიათებელ უგუნურებასა და ბედოვლათობას, თუ პოლიტიკური დაშლილობის იმ ჟამს, როგორ „ვწეწდით და ვიწეწებოდით ურთიერთბრძოლით, როგორ ვღალატობდით ურთიერთს, – როგორ მოვარყიეთ ამ გზით ქართლის ბჭენი და შემდეგ უღონოდ ქმნილნი როგორ გავრბოდით და გამოვრბოდით ქრისტიანობის ნიღბით მოვლენილი ცრუმეგობრის წინაშე სახვეწნელად, ხოლო, როცა ამ მზაკვარმა მტერმა „ხელთა გვიგდო, წაგვიჭირა თოკი ყელში და ქართვლის ბედი ბურთსავითა სათამაშოდ წინ გაიგდო – ჩვენც ყაბახზედ ვაჟკაცურად როგორ ვჯირითობდით და ვბურთაობდით“. და ამგვარად, როცა ერთმანეთის მტრობით ჩვენს სახლს ცეცხლი ჩვენვე წავუკიდეთ, „ჭკვიანურად იმ ცეცხლის წინ როგორ ვისხედით და ხელს ვითბობდით“.

ილია თავის პუბლიცისტურ წერილებშიც დიდ როლს ანიჭებდა წინაპართა შეცდომების მხილებას. იგი წერდა: ისტორია იმითია დიდი, რომ გვიჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანვე გვასწავლის ჭკვას, როგორ უნდა მოვიქცეთ… თუ წინსვლა და გამარჯვება გვინდა, ნაკლისა და ხარვეზის მხილებას არ უნდა მოვერიდოთ… ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს… აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულის მოყვარე და არა ის, ვინც მეტის-მეტად დამჟავებული სიყვარულისა გამო ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების აღიარება ნახევარი გასწორებაა…

ჩვენი ეროვნული და ზნეობრივი დაცემის საილუსტრაციოდ კიდევ უფრო საგულისხმოა ილიას „ბედნიერი ერი“. აი, მის მიერ არაჩვეულებრივი რეალობით დახატული ქართველი ერი მთელი თავისი მანკიერებით, რაც ილიამ წარმოაჩინა ქართველის ჭკუის სასწავლებლად.

ბედნიერი ერი

ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
       მძიმე ყალნით,
       ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი.
       უწყინარი,
       უჩინარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
       უშფოთველი,
       ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
      ყოვლად მთმენი,
       ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
       ყველა უნჯი,
       ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
       თვალაბმული,
       თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
        ყველა ყრუი,
        ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
       მცირე, დიდი,
       ყველა ფლიდი,
ცუღლეტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
       მტვერწაყრილი,
       თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
       უზღუდონი,
       გზამრუდონი,
არ გამტანი და ცბიერი:
       მტრის არ-მცნობი,
       მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
       არ-რის მქონე,
       არ-რის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?!

 

ილიას ეს სიტყვები, ანუ ერის მანკიერი თვისებების მხილება და მის წინააღმდეგ ბრძოლა ძირითადი ამოცანის – ერის განთავისუფლების – ნაწილი იყო. იგივე შინაარსი იყო ჩადებული ილიას დიდი თანამებრძოლის აკაკის ლექსშიც – „ვედრება“, სადაც იგი „ფურთხის ღირსს“ უწოდებს მონობას შეგუებულ საქართველოს.

კრიტიკოს აკაკი ბაქრაძის შესანიშნავი გამოთქმით „ზნესრულობას მუდმივი და უწყვეტელი კავშირი აქვს თავისუფლებასთან. ილიას აღწერილი სურათიც ამ კავშირის დაძლევის ნაყოფია“. 

ერს აარსებებს პატრიოტიზმი, სამშობლოსადმი უანგარო სიყვარული. პატრიოტიზმი კი პატიოსნებისა და ზნესრულობის უმაღლესი გამოვლინებაა. სამშობქლოს პატრიოტი ვერასოდეს ვერ იქნება – ქურდი, უქმი, მექრთამე, მეძავი, მაფიოზი და კოსმოპოლიტი. ასეთ ხალხს სამშობლო არ გააჩნია. მათი სამშობლო იქაა, სადაც ფულს იშოვნიან, კარიერას გაიკეთებენ და ხორციელ სიამოვნებას მიიღებენ. ხოლო, როცა ერი მანკიერების ასეთ ჭაობში ჩაიძირება, იგი სასიკვდილოდაა განწირული. აი, ასეთი მანკიერი და სიკვდილს შეგუებული („ფურთხის ღირსი“) საქართველო ჩაიბარა ილიამ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში.

პეტერბურგში სწავლამიღებულმა და სამშობლოში მომავალმა ილიამ გზაშივე ჩამოაყალიბა ის ეროვნული მრწამსი, რომელიც ქვაკუთხედად დაედო მთელ მის მოღვაწეობას. ეს იყო ოთხ სიტყვაში ჩამოყალიბებული უდიდესი შინაარსის ფრაზა – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“-ო, რითაც ის აზრი გამოახატა, რომ თუ საქართველომ დამოუკიდებელი არსებობა არ დაიბრუნა, იგი აუცილებლად შთაინთქმება უკიდეგანო რუსულ მორევშიო.

მუდამ მტრის თანამდევ საქართველოს ერთი დადებითი მომენტი ახლდა ხოლმე ყოველთვის. როგორც კი დადგებოდა მისი ყოფნა-არყოფნის ჟამი, თითქოს რაღაც ღვთიური ძალა მსხნელად მოუვლენდა ხოლმე ზებუნებრივი ნიჭითა და ფენომენალური ენერგიით დაჯილდოებულ ზეკაცს – ხან ფარნავაზს, ხან გორგასალს, ხან დავით კუროპალატს, ხან აღმაშენებელს, ხან გიორგი ბრწყინვალეს და მათ შორის ერისა და სარწმუნოების გადარჩენისათვის მებრძოლ წამებულებს – აბოს და გობრონს, დავითს და კონსტანტინეს, ცოტნეს და დემეტერეს, თევდორეს და ქეთევანს, ბიძინას, შალვას და ელიზბარს…

ამჯერად კი ღმერთმა, ვითარცა ეგვიპტის მონობიდან ებრაელთა გამომხსნელი მოსე წინასწარმეტყველი, ქართველებს რუსი ასიმილატორებისაგან მსხნელად ილია წინასწარმეტყველი მოუვლინა.

ოღონდ, ამ შემთხვევაში, ვერ განმეორდა ჩვენში ებრაელთა მსგავსი ის სასწაული, რომელიც გაწმენდდა საქართველოს მონობას შეგუებული ქართველებისაგან. ილია მოკლა სწორედ იმ ქართველობამ, ვინც რუსთა მონობაში დაიბადა და ვინც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ილიას მიერ რუსთა ტყვეობიდან საქართველოს გამოყვანას. ესენი იყვნენ ტვინთხელა, რუსული ყაიდის მარქსისტები.

 ილია იყო ენციკლოპედიური ჭკუითა და ცოდნით დაჯილდოებული პიროვნება – არა მარტო დიდი მწერალი, პოეტი და პუბლიცისტი, არამედ დიდი ენათმეცნიერიც, ჩინებული ეკონომისტი და ფინანსისტიც, იურისტიც და ისტორიკოსიც, მეცნიერული ცოდნით აღჭურვილი დიდაქტიკოსიც, სოციოლოგიც და კრიტიკული აზროვნების ბრწყინვალე ოსტატიც, უბადლო ჟურნალისტი, ღრმად მოაზროვნე პოლიტიკოსი და დიდი სახელმწიფო მოღვაწე – ზუსტად ისეთი, როგორიც იმ დროს წყალწაღებულ საქართველოს სჭირდებოდა.

ილიას დამსახურება ქართველი ერის წინაშე ჯეროვნად რომ შევაფასოთ, უპირველესად უნდა გავიცნობიეროთ ქართველი ერის ის ყოფა (თუ მას ერიღა ეთქმოდა), რა სახითაც იგი დახვდა ილიას და მის დასს, მათი  ასპარეზზე გამოსვლისას. მართალია, ეს უკვე ითქვა წინა თავში – „ქართული ქეიფი და დროსტარება რუსთაგან საქართველოს დასამარების ჟამს“, მაგრამ არ იქნება, ალბათ, ზედმეტი, თუ კვლავ მოვისმენთ დამატებით ცნობებს იმ ვითარების შესახებ, რაც ილიას მოღვაწეობამდე და თვით მისი მოღვაწეობის დროს სუფევდა საქართველოში. ეს საჭიროა არა მარტო ილიას და მისი დასის დამსახურების წარმოსაჩენად, არამედ იმ ფანატიკოს ქართველთა გადასარწმუნებლადაც, ვისაც არ სჯერა, რომ რუსეთი იყო და არის არა ჩვენი დამხმარე და მოსიყვარულე სახელმწიფო, არამედ უბოროტესი მტერი ყველა წინა დამპყრობლებთან შედარებით.

მრავალჯერ ითქვა და კიდევ ვიმეორებთ – მართალია, ისევე, როგორც რუსი მოხელენი და ოფიცერ-სალდათები, წინა დროის დამპყრობლებიც გვარბევდნენ და გვძარცვავდნენ, მაგრამ, გნებავთ თვით მონღოლები, ერის მაარსებელ ბურჯებს არ ეხებოდნენ – ქვეყანას კვლავ ქართველი მეფე მართავდა ეროვნული ადათ-წესებითა და კანონმდებლობით, მონღოლებს ჩვენთვის არ გააუქმებიათ ქართული სკოლები და არც ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აუკრძალავთ. რუსებმა კი ეს ყველაფერი მოგვისპეს, თვით საქართველოს სახსენებელი ამოშანთეს ოფიციალური დოკუმენტაციიდან და ბაგრატიონთა მთელი დინასტია რუსეთში გადაასახლეს, რომ მათი მეთაურობით კვლავ არ აღვედგინა ჩვენი ქართული სამეფო. ერთი სიტყვით, მოგვსპეს, როგორც ქვეყანა. დამისახელეთ აბა, რომელ დამპყრობელს ჩაუდენია ჩვენი ქვეყნისათვის ამხელა ბოროტება?!

აი, როგორ ფაქტებს გვაუწყებს 1928 წელს გამოცემული ერთი უაღრესად საინტერესო წიგნის ავტორი გრ. გიორგაძე, რომლის სათაურია „საზოგადოებრივი ურთიერთობა საქართველოში 1864-1905 წლებში“: „1899 წელს ქუთაისის გუბერნატორი შუამდგომლობს ხელმწიფის წინაშე, რომ მას საჭიროდ მიაჩნია დაუნიშნოს თავად-აზნაურების შვილებს სტიპენდიები კადეტის კორპუსებში და არავითარ შემთხვევაში სამოქალაქო გიმნაზიებში; კადეტის კორპუსებში აღზრდა ხელს შეუწყობს ადგილობრივ მცხოვრებლების გათქვეფას რუსულ მოსახლეობაშიო“. ახალი თაობის ამ მიმართულებით აღსაზრდელად თვითმპყრობელობა არაფერს ზოგავდა: „არც თვალთმაქცობას, არც დაჯილდოებას, არც სიმკაცრეს და არც, ვითომცდა მცირე ერების ინტერესების დაცვას. სწორედ რუსიფიკაციის ცხოვრებაში გასატარებლად თვითმპყრობელობა გამოდიოდა ვითომ მეგრელების, აფხაზებისა და სვანების ეროვნულკულტურული ინტერესების დამცველად, როდესაც მათთვის თხზავდა, ვითომ ახალს, იგივე რუსულ ანბანს ქართული მწერლობისა და ანბანის წინააღმდეგ“. აქვე ვკითხულობთ: „ცხოვრების პრაქტიკულმა მოთხოვნილებამ ბევრი ქართველი აშკარა რუსიფიკაციის გზაზე შეაყენა; ყველა ხედავდა, რომ ცხოვრებაში მისი შვილი არათუ წარჩინებული და დაწინაურებული არ იქნებოდა, ლუკმა პურსაც ვერ იშოვიდა, თუ რუსულ ენაში კარგად გაწაფული არ იქნებოდა. ამიტომ, შექმნილი მდგომარეობის გამო, ქართველობა ბევრ შემთხვევაში თვითონვე თხოულობდა: ჩემს შვილს ქართულ ენას ნუ ასწავლითო“ (გვ. 228-229).

ამის გამო „საქართველოში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ინტელიგენციამ თავის სამშობლო ენა არ იცოდა, თავის წარსულის, ისტორიის უვიცი იყო. თავად-აზნაურობის ყრილობებზე, ბანკის კრებებზე, საერთოდ, ყოველგვარ ყრილობაზე მოქალაქეობა მოპოვებული ჰქონდა რუსულ ენას, რუსულად სწარმოებდა სჯა და ბაასი. ქართველი ინტელიგენტები ბოდიშს იხდიდნენ კრებებზე – ქართული არ გვეხერხება, რუსულად უნდა ვილაპარაკოთო. საერთოდ, მაღალ სფეროებში სამარცხვინო, ცუდი ტონის ნიშანი იყო ქართულ ენაზე ბაასი და მსჯელობა“ (იქვე, გვ.229).

იმის ნათელსაყოფად, თუ რუსებს რამდენად სძულდათ ქართველობა, რამდენად ზიზღით იყვნენ განწყობილი ქართველი ერისა და ყოველივე ქართულის მიმართ, აღნიშნული წიგნის ავტორს მოაქვს ერთი ასეთი ცნობა: „ინგლისელმა მოხელეებმა, რომლებიც ფოთ-თბილისის რკინიგზას აშენებდნენ, 5-6 თვის განმავლობაში შეისწავლეს ქართული ენა, რუსები კი, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტი საქართველოში არიან, არ იციან არც ერთი ქართული სიტყვა“ (იქვე, გვ. 238).

შორს რად მივდივართ, ავიღოთ დღევანდელობა, როცა რუსი უკვე 200 წელი ბატონობს საქართველოში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან და იაპონიასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან იაპონლები (თანაც აქ ცხოვრებით კი არა, იაპონიაში) იმდენად დაინტერესდნენ ქართული კულტურით, რომ ქართველებივით დაეუფლნენ, სულ 2-3 თვეში, ისეთ რთულ სიმღერებს, როგორიც კახური „ჩაკრულო“ და გურული „კრიმანჭულია“, – აბა ერთი რუსი თუ დაინტერესებულა დღემდე ქართული ხელოვნების (სიმღერები, ცეკვები) შესწავლით.

რა არის ეს, თუ არა ზიზღი იმ ხალხის მიმართ, რომლებზედაც ისინი ბატონობენ – ქართველი იქნება ის, თუ შუააზიელი თათარი?! აბა, შეადარეთ თქვენ ერთის მხრივ მენშევიკების დროს ქართველი ხალხის მიმართ გერმანელთა დამოკიდებულება – როგორ ზრუნავდნენ ისინი საქართველოს მომძლავრებისა და ოსმალთაგან საქართველოს მიწა-წყლის დასაცველად, და მეორეს მხრივ კი, რუსთა საუკუნოვანი ბოროტული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ – როგორ იბრძოდნენ ქართველთა გადასაჯიშებლად, ქართული სახელმწიფოს მოსასპობად და რუსეთის ორგანულ ნაწილად გადასაქცევად. აი, როგორ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ თვით სახელოვანი თერგდალეულები, რუსი ასიმილატორების წინაშე, იმ ხანად ნებადართული ქართული დაწყებითი სკოლებისათვის ქართული სახელმძღვანელოების დამტკიცება-გამოცემის საქმეში. ზემოთ ხსენებული წიგნის ავტორი სწერს: „80-იანი წლებიდან სხვადასხვა პირები იწყებენ ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების და დამხმარე წიგნების შედგენას. მაგრამ მთავრობა სასტიკ ცენზურას უწევდა ამ სახელმძღვანელოებს. მოვიყვანთ ორიოდე მაგალითს:

1885 წელს კავკასიის საცენზურო კომიტეტს განუხილავს წიგნი „საქართველოს მოკლე გეოგრაფია“, რომელიც თავისებურად შეუსწორებია. სიტყვა „საქართველო“, სადაც კი ნახმარია, ყველგან ამოშლილია და მის მაგიერ წაწერილია „ტფილისის და ქუთაისის გუბერნია“. მთავრობისათვის მიუღებელი იყო სიტყვა „საქართველოს“ ხმარება სახელმძღვანელოში, რადგან მისი პოლიტიკით, ახალგაზრდობას, ახალთაობას უნდა დაევიწყებია სიტყვა „საქართველო“, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის მომაგონებელი იყო, და მის მაგიერ უნდა შეეთვისებია, რომ არსებობს არა საქართველო, არამედ რუსეთის იმპერიის ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები.

ერთი სიტყვით, სკოლაში და საზოგადოებაში ყველაფერი მიმართული იყო იქით, რომ ქართველ ხალხს დაევიწყა საქართველოს არსებობა, დაევიწყა თავისი ისტორია, ქართული ენა და შთამომავლობით ქართველი გამხდარიყო არსებითად, სულიერი განწყობილებით – რუსი.

 მეორე მაგალითი: 1890 წელს ზაქარია გულისაშვილმა შეადგინა „წიგნი სახალხო საკითხავათ საქართველოს მეფეებზე“, რომელიც წარუდგინა მთავრობას და ითხოვა, ნება დაერთოთ მისი გამოცემა სახალხო სკოლებისათვის… რეცენზენტი აღნიშნავს, რომ წიგნში მოთხრობილია ისტორიული ამბები საქართველოს მეფეებზე, სხვათა შორის, ერეკლე II-ზე. „ჩემი აზრითო, – სწერს რეცენზენტი, – საშიში და მიზანშეუწონელია გაეცნოს ხალხი ამ წიგნს, რადგან ის იწვევს ეროვნულ გრძნობებსო…“ (იქვე, გვ. 253-255).

ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ რუსები, მთელს ამიერკავკასიაში განსაკუთრებული მძულვარებით ძირითადად საქართველოს ეპყრობოდა, როგორც უფრო მძლავრ ეთნიკურ ერთეულს და რუსულ ქვაბში ძნელად გადასახარშავს. სომხეთს კი, რომელსაც საქართველოსთან დასაპირისპირებლად იყენებდა, შვილივით ეპყრობოდა. აი, რას ვკითხულობთ იგივე წიგნში: „საინტერესოა, რომ სომხეთის ეკლესიის მეთაური კათალიკოსი და მასთან არსებული სინოდი მთავრობასთან აწარმოებდა მიწერ-მოწერას სომხურ ენაზე. სინოდი ვალდებული იყო ყოველწლივ წარედგინა მთავარმართებლისათვის ანგარიში თავის მოღვაწეობის შესახებ. ამ ანგარიშს სინოდი უგზავნიდა მთავარმართებელს სომხურ ენაზე შედგენილს“.

ამგვარად, დაასკვნის წიგნის ავტორი: „რუსის ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა საქართველოში მიმართული იყო იქით, რომ მოეხდინა ქართველების ასიმილაცია, მისი რუსობაში გათქვეფა. ამ პოლიტიკისათვის ის იყენებდა ძირითადად სკოლას, სადაც სწავლაგანათლება მხოლოდ რუსულ ენაზე სწარმოებდა, ხოლო სამშობლო ენა, ისტორია, გეოგრაფია და სხვა, რაც ახალთაობას შეაგნებინებდა თავის ეროვნებას, სკოლიდან განდევნილი იყო. მაგრამ ეს კიდევ რა, თვით ერთ ეროვნებაშიც, კერძოდ ქართველებში, იწვევდა განხეთქილებას და ცდილობდა ქართველი ერისათვის ჩამოეშორებინა მისი ორგანული ნაწილები: მეგრელები, მუსლიმანი ქართველები, სვანები, აფხაზები“ (იქვე, გვ. 276-277).

 თუ რა ვანდალისტურ მეთოდებს მიმართავდა რუსის ხელისუფლება ამ მიმართულებით, მოვუსმინოთ თვით ი. გოგებაშვილს: „მთავრობამ დაუწყო გაფაციცებით თვალ-ყურის დევნა, რომ ქართული წიგნები არ ჩავარდნოდათ, არც მეგრელებს და არც სვანებს, სულერთია, ქალი იქნებოდა, თუ კაცი. აი ამისი დამამტკიცებელი ერთი საოცარი ამბავი. ამას წინად თვით უფროსი სწავლა-განათლების საქმისა ბრძანდებოდა ერთს მეგრულ სკოლაში, სახელდობრ ახალ-სენაკისაში, საცა ქალები სწავლობენ. როცა სწავლება გათავდა, უფროსმა კეთილ-ინება და ბრძანა, გაშინჯეთ შეგირდები, ქართული წიგნები ხომ არა აქვთო. აღმოჩნდა დამნაშავეც. ერთს შეგირდს – ქალს უპოვეს ქართული წიგნი და დიდი შეშფოთებით მიართვეს დიდს ბატონს. უფროსმა ისეთის მრისხანებით გადახედა მთელს კლასს, რომ შეგირდებსაცა და მასწავლებელ ქალსაც ლამის გული წაუვიდათ და ზოგს ქვითინი წასკდათ. როცა მასწავლებელი ქალი ეახლა საღამოზედ ძლევამოსილს პედაგოგს, რათა შენდობა ეთხოვნა, საკმაო სიფხიზლით ვერ ვადევნე თვალ-ყური, ქართულის წიგნების კონტრაბანდა შემომეპარა და მაპატივეთო, დიდმა ბატონმა არც-კი მიიღო“ (ი. გოგებაშვილი, თხზულებანი, ტ. 4, გვ. 109).

ი. გოგებაშვილი იმავე წერილში, რომლის სათაურია – „შევიწროება ქართულის ენისა და ქართველებისა სწავლა-განათლების სფეროში“ – გადმოგვცემს ასეთ სენსაციურ ამბავს: „კავკასიის სამოსწავლო მთავრობა ამასაც არა სჯერდებოდა. ყოველი ღონით ჰზრუნავდა, რომ თვით სახელწოდებაც კი გაეუქმებინა ქართველებისა. აი ამისი ნამდვილი და ახალ-ახალი საბუთი. ზემოხსენებულმა ობერ-რევიზორმა თვისი მგზავრობა დასავლეთ საქართველოში ასეთის ღვაწლმოსილობით დაამთავრა. ინახულა ბათუმის სასწავლებელი და მიჰმართა ერთს რვა წლის ბავშვს – შენ ვინა ხარ? – ქართველი, – სთქვა პასუხად ბავშვმა. – ქართველი კი არა, რუსი ხარ, – სთქვი, რუსი ვარ-თქო. ბავშვი გაშტერდა და სდუმდა. რევიზორმა იფიქრა, აქ ნამდვილად სეპარატისტობაა დამალულიო, გაწყრა, გაგულისდა, წაავლო ხელი ბავშვს, ანჯღრევდა და გაჯავრებით გაიძახოდა თავისას. შეშინებულმა ბავშვმა ძლივს წამოილუღლუღა: რუ…სი… ვარ. ხმამაღლა სთქვი, რომ რუსი ხარ, – გაიძახოდა რევიზორი. შემკრთალმა ბავშვმა კარგა ხანს ვერ მოახერხა ხმის ამოღება. ბოლოს მოიკრიბა ძალ-ღონე და შეჰყვირა: რუსი ვარო, და თან ქვითინი წასკდა“ (იქვე, გვ. 114-115).

 ეს ფაქტი ხომ ამაზრზენია რუსეთის იმ ბოროტული დამოკიდებულების საილუსტრაციოდ, რასაც ის სჩადიოდა ქართველების წინაშე, – შორს წაგვიყვანს, აგრეთვე იმ ფაქტების ჩამოთვლა, რასაც ი. გოგებაშვილი მოგვითხრობს ზემოაღნიშნულ წერილში იმის ნათელსაყოფად, თუ როგორ დისკრიმინაციას ეწეოდა რუსის ხელისუფლება ქართველების მიმართ სასწავლო-საგანმანათლებლო დარგში, კავკასიის სხვა ხალხებისაგან გამორჩევით, მაგრამ ეს ხანა მაინც ერთგვარ შეღავათად უნდა ჩაითვალოს საქართველოსათვის წარსულთან შედარებით, რადგან ამ დროს სახელოვანი თერგდალეულების ძალისხმევით, რუსის ხელისუფლებამ ინება და გახსნა საქართველოში დაწყებითი სასწავლებლები ქართველი ბავშვებისათვის, სადაც რუსულთან ერთად ქართულიც შეისწავლებოდა უკიდურესად დამთრგუნველი ზეწოლის პირობებში.

ახლა კი ისევ დავუბრუნდეთ იმ საწყის ხანას, როცა ილია ჭავჭავაძე, თერგდალეულთა დასით, შეუდგა იმ დიდ და ძნელ ბრძოლას ვერაგ მტერთან, რასაც საქართველოს გადარჩენა ჰქვია. ილიამ თავისი ეროვნული მრწამსი, ანუ უბოროტესი მტრისაგან საქართველოს ხსნის პროგრამა ასე ჩამოაყალიბა: ჩვენის დაცემული ვინაობის აღდგენა… ამ იდეის განსახორციელებლად ილიამ, უპირველეს ყოვლისა, პრესა აამოქმედა. ფრთხილი, არაფრის მაქნისი და კონსერვატიული ჟურნალის – „ცისკრის“ საპირისპიროდ მან ეროვნული იდეალებისათვის უკომპრომისო მებრძოლი ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ დააარსა 1863 წელს, რომელიც 1877 წლიდან ჯერ ყოველკვირეულ, ხოლო შემდეგ ყოველდღიურ გაზეთად გადააკეთა „ივერიის“ სახელწოდებით. ამ გაზეთმა, უფრო გვიან დაარსებულ გაზეთ „დროებასთან“ ერთად, რომელსაც ილიას თანამებრძოლები – ჯერ სარგეი მესხი, ხოლო შემდეგ ივ. მაჩაბელი რედაქტორობდნენ, უდიდესი როლი შეასრულეს თითქმის უკვე გადაგვარებული ქართული ეროვნული სულის აღორძინებაში. ეს გაზეთები, უპირველეს ყოვლისა კი „ივერია“, წლების მანძილზე ფარად ედგნენ ქართულ ენას, ქართულ სკოლას, ქართულ თეატრს და სრულიად საქართველოს, უკიდურესი რეაქციის ხანაში.

მაგრამ აქვე უნდა ითქვას, სულ სხვა ვითარებაში აღზრდილი, დღევანდელი მკითხველის გასაგონად, რომ ეს გაზეთები – „ივერია“ და „დროება“, ჯერ როგორის წვითა და დაგვით არსებობდნენ და მეორე – რა ბრძოლის ფასად ახერხებდნენ თავიანთ მამულიშვილურ მოვალეობას – დაეცვათ, მტრის მრავალმხრივი შემოტევების პირობებში, ქართველი ერი აშკარა გადაშენებისაგან. და იცით ვინ იყვნენ სამშობლოსათვის თავგანწირული ასეთი მოღვაწენი იმ დროს, როცა მუშასა და გლეხობას, ბარისა და ნიჩბის იქით არაფერი გაეგებოდათ და თითქმის, როგორც ყოველთვის, არც ესოდათ, თუ როგორ იღუპებოდა მათი ქვეყანა და არც შეეძლოთ ეშველათ რაიმეთი თავიანთი უცოდინარობის გამო? – ტვინთხელა და გარეწარი ქართველი კომუნისტების მიერ ყბადაღებული „მემამულე-თავადები“ – ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ვანო მაჩაბელი, სერგი მესხი და სხვები. როგორც ვიცით, ამ მხრივ განსაკუთრებით ედავებოდნენ ილია ჭავჭავაძეს, როგორც გადამწყვეტ ფიგურას, მარქსისტების მიერ უკუგდებული ეროვნული იდეალების დაცვის გამო და საბაბად კი მის „მემამულეობას“ იყენებდნენ და ამის გამო რა ცილს აღარ სწამებდნენ.

თუ რისთვის იყენებდნენ ჩვენი ეს ეგრეთწოდებული „მემამულე“ მწერლები თავიანთი მამულებიდან მიღებულ შემოსავალს, მოგიყვანთ ერთ ასეთ მაგალითს: გაზეთ „დროების“ გამომცემელმა სერგი მესხმა, რომელმაც მთელი თავისი ქონება და ენერგია ამ გაზეთს შესწირა და ბოლოს ვალებში ჩაფლულმა და ჭლექით დაავადებულმა დატოვა ეს  გაზეთი. 400 თუმანი ილიამ დადო იმისათვის, რომ ამ გაზეთს არსებობა არ შეეწყვიტა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ილია ამ დროს ჩვენი ქვეყნის არაოფიალური მეთაური იყო და ქართველთა საკეთილოდ ყოველი მომსვლელ-წამსვლელის დახვედრა-გამასპინძლება მის კისერზე გადადიოდა.

მეორე, უპირველესი საკითხი, დაცემული ვინაობის აღსადგენად იყო ქართული სკოლების დაარსება. ამას კი ფულადი სახსრები სჭირდებოდა, რაც არ გააჩნდათ ქართველებს უსასტიკეს კოლონიურ პირობებში. იმპერიის ხელისუფლება კი სახსრებს მხოლოდ რუსულ სკოლებს ახმარდა. ამ პირობებში ქართველ მამულიშვილებს საკუთარი ფულის შოვნაზე უნდა ეზრუნათ.

და აი, მოწინავე ქართველ საზოგადოებაში ჩაისახა აზრი, რომ საკუთარი ეროვნული ფინანსების შესაქმნელად დაარსებულიყო საადგილ-მამულო ბანკი, რომელიც თავიდან აზრად მოუვიდა დიმიტრი ყიფიანს, და რომელიც, თავდაპირველი ჩანაფიქრით, თავადაზნაურთა მამულების შენარჩუნების საქმეს უნდა მომსახურებოდა. ამ ფაქტის შესახებ შემდგომში ნიკო ნიკოლაძე წერდა: თუ ადრე იგი თავადაზნურობის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად იყო ჩაფიქრებული, თერგდალეულთა ხელში ეროვნული ცხოვრების განახლების იარაღად გადაიქცა. ქართველთა სულიერი და მატერიალური საქმიანობის ფუძე გახდაო.

მაგრამ ასეთი ბანკის დაარსება, არცთუ ისე იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ეს მისია თავის თავზე არ აიღო ილია ჭავჭავაძემ, თუმცა ისიც არნახულ წინააღმდეგობას წააწყდა რუსულ ბიუროკრატიისაგან, ბანკის წესდების დამტკიცების საკითხში. ამის გამო აღშფოთებული ილია აი, რას სწერდა რუსი მოხელეების მისამართით საქართველოში თავის მეუღლეს: „მე ამისთანა გულშეუტკივარი ხალხი არ მინახავს… რას უზამ ამისთანა ხალხს, რომლებისთვისაც ღმერთს არც მოტვლეპილს კეფაში ტვინი ჩაუდვია და არც მყრალს სულში გრძნობა. ღმერთმა დაიხსნას ყოველი ქრისტიანი ამათ ბრჭყალებიან ხელში ჩავარდნისაგან. ვერ წარმოიდგენ, რა ხალხია, ღმეჭია, ღრეჭია, ფლიდი და მურტალი“. ილიას ასეთ ხალხთან წელიწადნახევრიანი ბძროლა დასჭირდა, მაინც არ მოეშვა და თავისი უდრეკი ხასიათის წყალობით მიზანს მიაღწია. 1871 წლის 28 მაისს ბანკის წესდება დაუმტკიცეს, ხოლო 1875 წლის დასაწყისში თბილისის საადგილმამულო ბანკმა ფუნქციონირება დაიწყო.

ეს იყო იმ დროის პირობებში დიდი ეროვნული საქმე, რამდენადაც ამ დღიდან საფუძველი ჩაეყარა ქართული ეროვნული კრედიტის არსებობას და მით ქართული კულტურისა და განათლების აღორძინების საქმეს. და როგორ ცდებიან ილიას ის ზოგიერთი (კერძოდ, ცნობილი მემუარისტი იაკობ მანსვეტიშვილი), ვინც ამ ბანკში მოღვაწეობას შეცდომად უთვლიან ილია ჭავჭავაძეს იმ მოტივით, რომ, რაც მან ეს ბანკი დააარსა, თავად უკვე ხელი უნდა დაებანა საკუთარი ნაღვაწიდან და ამ საქმეს სხვა (თუნდაც ივანე მაჩაბელი) ჩადგომოდა სათავეში, ხოლო ილიას კი თავისი დიდებული ნიჭი კვლავ მწერლობისათვის მოეხმარებიანაო, „აჩრდილისა“ და  „განდეგილის“ მსგავსი ნაწარმოებები ეწერაო.

ამ დარგის მოღვაწეებს არ ესმით, რომ მაშინ საქართველო და ქართველი ერი სრული დაღუპვის საფრთხის წინაშე იდგა, – რომ მაშინ ჩვენი ქვეყნის მოსასპობად აშკარად და დაუფარავად გვიტევდა რუსეთი და სომხეთი მომძლავრებული კაპიტალით, – რომ თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, უკვე სომხურ ქალაქად იყო გადაქცეული, – რომ სომეხი კაპიტალისტების მხრივ მიმდინარეობდა საქართველოს ეკონომიკური დაპყრობის პოლიტიკა.

კერძოდ, როცა სომხეთის დედაქალაქი ერევანი ალიზის ქოხმახების გროვა იყო, სომეხი კაპიტალისტები ქართველთა კისრიდან აღებულ კაპიტალს ერევნის აშენებაზე კი არ ხარჯავდნენ, არამედ თბილისში აბანდებდნენ უზარმაზარ მშენებლობებზე, კაპიტალისტურ საწარმოებზე, თბილისის დაუფლების მიზნით. და თუ თბილისი სომხურ ქალაქდ გადაიქცეოდა და მთელი დანარჩენი საქართველო კი რუსულ ვოლოსტებად, ვიღას რათ უნდოდა (აქ მოსახლე რუსებს, სომხებს, ოსებს…) მაშინ შენი „ოთარაანთ ქვრივი“, „გლახის ნაამბობი“, „აჩრდილი“ და „განდეგილი“?! ვინღა იქნებოდა აქ ამ ნაწარმოებთა წამკითხველი?!

ამაზე, აი, როგორ შესანიშნავ პასუხს გვაძლევს მწერალი და კრიტიკოსი აკაკი ბაქრაძე: „დღეს ხშირად გაიგონებთ წუწუნს, რომ ნიჭიერმა მწერალმა საბანკო საქმიანობას შესწირა მისი დაუშრეტელი ენერგიის დიდი ნაწილი. ამის გამო ვალალებენ და ვიშვიშებენ. ავიწყდებათ კი უმთავრესი. თუ არ იქნებოდა თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკები, შესაძლებელია აღარ ყოფილიყვნენ ისინიც, ვისაც ქართულად დაწერილი ლექსები თუ მოთხრობები სჭირდება. ქართულ მიწა-წყალს ისეთი ენერგიით უტევდა უცხო კაპიტალი (უმთავრესად სომხური) და ისეთი ხელგაშლილობით იყიდებოდა ყველაფერი, რომ ძნელად წარმოსადგენია, რა გადარჩებოდა. ფულის დამარცხება არც ხმლით შეიძლება და არც პოეზიით. ფულის დამარცხება მხოლოდ ფულით შეიძლება. არსებობს ცხოვრების ერთი ურყევი კანონი: ჭკუას ჭკუით უნდა ებრძოლო, ენერგიას – ენერგიით, ფულს – ფულით, ხმალსა და თოფს – ხმლითა და თოფით, ცოდნას – ცოდნით, პოლიტიკას – პოლიტიკით, არმიას – არმიით. სხვანაირად მტერს ვერ მოერევი. ვინც ეს არ იცის, იგი მუდამ დამარცხებულია. სწორედ ეს გაითვალისწინეს ილიამ და მისმა თანამოსაგრეებმა და უცხო კაპიტალს ქართული საადგილმამულო ბანკი დაუპირისპირეს. გაიმარჯვეს კიდეც. ამიტომ ილიას საბანკო თუ ფინანსური მოღვწეობა ისეთივე დიდია, როგორც მისი „ოთარაანთ ქვრივი“ თუ „განდეგილი“ (აკ. ბაქრაძე, ილია ჭავჭავაძე, გვ. 133).

რაც შეეხება საკითხს, რომ ბანკს ივ. მაჩაბელიც გაუძღვებოდაო, არც ესაა სწორი. ამაზეც შესანიშნავ პასუხს გვაძლევს ილიასადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში ბატონი აკაკი ბაქრაძე: „ილია მტკიცე ბუნების კაცი იყო… ივ. მაჩაბელს კი უფრო რბილი, დამყოლი ბუნება ჰქონდა. მძიმე, ძნელი და რთული საქმიანობაა ბანკირობა. ფულსა და ლმობიერებას ერთმანეთი არ უყვართ. თუ გინდა, ფული შეინარჩუნო და მოიგო კიდეც, მაშინ ქვის გული უნდა ჩაიდგა, თორემ ლმობიერების გზას თუ დაადექი, ფული მყისვე გაიპარება და ხახამშრალს დაგტოვებს“. ამიტომ ბანკს სწორედ ილიასთანა მტკიცე ხასიათის მქონე კაცი სჭირდებოდა და არა ვანო მაჩაბლისთანა დამყოლი და ლმობიერი კაცი. ერთი სიტყვით, საქმე ისე უნდა წარმართულიყო, რომ ივ. მაჩაბელს, როგორც ბანკის დირექტორს, შემოსავალ-გასავლის საქმე ეწარმოებინა, ილიას კი გადამწყვეტი როლი შეესრულებინა ეროვნულ საადგილმამულო ბანკში.

მაშ, რამ დაარღვია ორ დიდ მამულიშვილს შორის ეს ბუნებრივი ურთიერთობა? არა მარტო ხასიათთა სხვაობამ, უპირველეს ყოვლისა, უმოქმედოთ, ჭამა-სმას გადაყოლილმა, ფუქსავატმა თავად-აზნაურობამ! აი, რას გვეუბნება ამ დაპირისპირების ირგვლივ კვლავ ბატონი აკ. ბაქრაძე: „საადგილმამულო ბანკში დაგირავებულია მამული. სესხი აღებულია. გარკვეული ვადის გასვლის მერე დამგირავებელმა ვალის ნაწილი უნდა გადაიხადოს. თუ ვერ გადაიხდის, შესაბამისი ღირებულების მამული გაიყიდება. ქართველი თავად-აზნაურების უმრავლესობა უზრუნველი ხალხია. მამულს დააგირავებენ, ფულს აიღებენ, ვალის გადახდას აღარ ფიქრობენ. ილია არავის აძლევს შეღავათს. არ გადაიხადეს ვალი, მაშასადამე მამული უნდა გაიყიდოს. გარბიან ვანოსთან. ემუდარებიან – ცოტა კიდევ გვადროვეთ, უახლოეს ხანში უსიკვდილოდ გადავიხდითო. იცის ივანე მაჩაბელმა, რომ ეს დაპირება ტყუილია, მაგრამ გული სიბრალულით ევსება და ვალის გადახდის ვადა გადააქვს.

იწყება ჩურჩული, მიწერ-მოწერა – რა დიდებული კაცია ივანე მაჩაბელი, გულისხმიერი, გამგები, ხელშემწყობი, მზრუნველი. კი არ გახრჩობს, გეხმარება, თანაგიგრძნობს, გიმსუბუქებს მდგომარეობას. აბა, ილია ჭავჭავაძეა კაცი? ურჯუკი, დაუნდობელი, სულის მოთქმას არ გაცდის, სულთამხუთავივით გადგას თავზე, რომ ან ფული წაგგლიჯოს, ან მამული გაგიყიდოს. თუ ილიას გავაგდებთ და ვანოს დავტოვებთ, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. იწყება ჯგუფების შედგენა, ოპოზიციის შეკოწიწება. იმას არავინ ფიქრობს, თუ ვალი არ გადაიხადე ან მამული არ გაიყიდა, ბანკი თვალის დახამხამებაში გაკოტრდება და დაიქცევა. ბანკთან ერთად დაიღუპება ის, რაც ბანკით არსებობს. დაიღუპება ყველა ქართული საქმე. ამიტომ ილია ვალდებულია, შეუბრალებელი იყოს. გულის ხმას ყური არ უგდოს და მხოლოდ ცივი გონებით იხელმძღვანელოს. ამიტომ ივ. მაჩაბლის ლმობიერი და დამყოლი ხასიათი არავითარ შემთხვევაში არ გამოადგებოდა ეროვნულ პოზიციებზე მდგომ ქართულ სააადგილმამულო ბანკს. სწორედ ილიასთანა მტკიცე ნებისყოფის კაცი სჭირდებოდა მას, იმისათვის, რომ ამ ბანკის მეშვეობით საქართველოს გადარჩენის ეროვნული საქმე ეკეთებინა.

ამ პირობებში თავად-აზნაურთა ინტრიგანული წრე ილიას წინააღმდეგ საჩივარს სწერს პეტერბურგის მთავრობას იმის შესახებ, თითქოსდა თბილისის საადგილმამულო ბანკში რაღაც დიდი დარღვევებია. ჩამოდის სარევიზიო კომისია პეტერბურგიდან ვინმე დობეცკის ხელმძღვანელობით. ეს კომისია ვერავითარ სერიოზულ დარღვევას ვერ პოულობს ბანკში და 86 ამიტომ კეთილი მისიით, პირადად ბ-ნი დობეცკი ურჩევს ქართველ საზოგადოებას, რომ ეს ორი ეროვნული მოღვაწე შეარიგონ ურთიერთს. ამ რჩევით მიმართავს პირადად ვანო მაჩაბელს ბ-ნი დობეცკი მის საპატივსაცემოდ გამართულ სუფრაზე.

 ამ წინადადებას თითქმის თანხმდება კიდეც ვანო მაჩაბელი, მაგრამ აქ მას წინ აღუდგება უკვე მებრძოლ პარტიად ჩამოყალიბებული – უსაქმური და უზრუნველი ქართლის თავადაზნაურობა, ვისთვისაც ქართლ-კახეთის საზოგადოების გამთიშველი ეს ორთაბრძოლა ერთგვარი გართობა, თეატრალური სანახაობა იყო, – რას ჰქვია უკან დახევა, როცა გამარჯვება თითქმის უკვე ჩვენს ხელთააო და ვანო მაჩაბელიც, თავისი პარტიის მოთხოვნით, კიდევ უფრო მძაფრ ბრძოლაში ებმება ილიას წინააღმდეგ. კერძოდ, მის მიერ იწერება ილიას გამკილავი ბროშურა – „თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოღვაწეობა“, რამაც საბოლოოდ ჩატეხა ხიდი ამ ორი მამულიშვილის შერიგების გზაზე და რაც საბედისწერო აღმოჩნდა თვით მაჩაბლისათვის.

 რაც შეეხება ილიას მიმართ წაყენებულ იმ ბრალდებას, რომ იგი ამ ორთაბრძოლაში ნამეტანი დაუნდობლობით მოეპყრო ვანო მაჩაბელსო, არც ამაში არიან მართალი ილიას ოპონენტები. ცეცხლი, ილიასა და მაჩაბელს შორის, უქნარა თავად-აზნაურობამ დაანთო, ვინც ბანკიდან აღებულ სესხს საკუთარი მამულის აღდგენა-განვითარების საქმეს კი არ ახმარდა, არამედ დუქნებში ქეიფებსა და ყომარბაზობაში ფლანგავდა. ბანკი მათთვის საწველი ფური იყო, ხოლო ეგრეთწოდებული „ბანკობია“ ანუ ილიასა და მაჩაბელს შორის საბანკო დავა – თეატრალური გართობა. ვანო მაჩაბელი ამ ფუქსავატი თავადაზნაურობის წამქეზებლობის მსხვერპლი შეიქნა. რაც შეეხება დაუნდობლობას, ეს თვით ბრძოლის კანონია. ჯერ საჭიდაო ხალიჩაზე არ უნდა გაიწვიო შენი თაყვანისმცემელი კაცი, თანაც ერის აღიარებული ლიდერი. და, თუ გაიწვევ ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი ქიშპისა და ამბიციურობის ნიადაგზე – შენ კი არა, მე ვარ რაცა ვარო! – ანუ, „უჩემოდ ვინ იმღერეთაო!“ – იქ დანდობა უკვე შეუძლებელია, – ან ერთი უნდა წაიქცეს, ან მეორე. საჭიდაო ხალიჩაზე გაწვეული ილია მაჩაბლის ხათრით ვერ დამარცხდებოდა!

ბანკის დაარსებამ ბიძგი მისცა, რომ ახლა უკვე ქართული ეროვნული კულტურისა და განათლების საქმეზე ეზრუნათ. და აი უკვე, 1879 წლის 15 მაისს საფუძველი ჩაეყარა მეორე დიდ ეროვნულ დაწესებულებას. ეს იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელსაც დიდი შემწეობა აღმოუჩინა ილიას ქვისლმა – გენერალმა სტაროსელსკიმ (კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწემ), ილიას ნათესაობის გამო. საზოგადოების თავმჯდომარედ გრიგოლ ორბელიანის წინადადებით არჩეულ იქნა ამ საქმის დიდი მოჭირნახულე – დიმიტრი ყიფიანი, მოადგილედ კი – ილია ჭავჭავაძე. საზოგადოებას საბოლოოდ, 1885 წლიდან, სათავეში ჩაუდგა ილია და იგი უცვლელად ედგა მას სიკვდილამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საზოგადოების დაარსებით მოპოვებულ იქნა უფლება – ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე მიეღოთ დაწყებითი განათლება (ცხადია, რუსულთან ერთად), წინააღმდეგობა მაინც ძალზე დიდი იყო კავკასიის სასწავლო ოლქის იმგვარ „მზრუნველთა“ მხრიდან, როგორიც იყო იანოვსკი და სხვა მისთანა რუსიფიკატორები. თუმცა, ეს ცალკეულ მოხელეთა თვითნებობა როდი იყო. ყველაფერ ამას ხელმღვანელობდა მზაკვარი ხელისუფლება, ერთი ხელით რომ ამ უფლებას აკანონებდა, მეორე მხრივ, საიდუმლო ინსტრუქციებით მის ცხოვრებაში გატარებას სასტიკად ახშობდა.

და მაინც, არაჩვეულებრივად დიდია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი რუსიფიკაციისაგან საქართველოს გადარჩენის საქმეში – უპირველეს ყოვლისა, დაწყებითი ქართული სკოლების გახსნით და იმ ბრძოლით, რასაც ის ეწეოდა იმისათვის, რომ შენარჩუნებულიყო იქ მშობლიურ ენაზე სწავლება.

მაგრამ საქმე მარტო ქართული სკოლების გახსნით როდი მთავრდებოდა. საჭირო იყო სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენა ისეთის სულისკვეთებით, რომელიც ეროვნულ გრძნობებს გაუღვივებდა ქართველ მოზარდებს. ამ მხრივ ფასდაუდებელი შრომა გასწია იაკობ გოგებაშვილმა „დედა-ენისა“ და „ბუნების კარის“ შედგენით. ეს სახელმძღვანელოები, დღესაც რომ ქვაკუთხედად უდევს ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს, არა მარტო იმითაა გამორჩეული, რომ მოზარდის გონების გასახსნელად შესანიშნავადაა შერჩეული და დალაგებული გარემომცველ ბუნებასთან (ფლორა, ფაუნა) და ცხოვრებისეულ სინამდვილესთან დაკავშირებული თემები, რომელიც დიდ სიყვარულსა და სითბოს აღუძრავს ბავშვს საკუთარი სამშობლოს მიმართ, არამედ თავისი ენციკლოპედიურობითაც. აიღეთ კერძოდ „ბუნების კარი“, რომელიც ოთხი საგნის ცოდნას აძლევს ერთბაშად ბავშვს – ბუნების, ლიტერატურის, გეოგრაფიისა და ისტორიისაც. თანაც დაუკვირდით, რა მარტივი ენითა და რა ღრმა შინაარსითაა ყოველივე ეს გადმოცემული. ხომ დიდი იყო გოგებაშვილის როლი, რუსული რეაქციის შემოტევის ჟამს, ქართული ენისა და ქართული სკოლის დაცვისა და განვითარების საქმეში, მაგრამ როცა დადგებოდა უმწვავესი პრობლემა, ამ მხრივ, ისიც სხვებთან ერთად, ილიას მიაკითხავდა ხოლმე მძლავრი და საკადრისი პასუხის გასაცემად. ასე იყო, როცა რუსის პირწავარდნილმა შოვინისტმა კატკოვმა ქართული დროშა შეგვიგინა ახლადაღორძინებულ ქართულ თეატრში, დავით ერისთავის პიესის – „სამშობლოს“ წარმოდგენისას, და ასე იყო მაშინაც, როცა მეორე შოვინისტმა იანოვსკიმ შემოგვიტია ქართული სკოლებიდან ქართული ენის ამოსაძირკვავად.

აი, როგორის ხატოვნებით გადმოგვცემს ამ ფაქტს ცნობილი მემუარისტი, გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი ი. მანსვეტაშვილი: „თვით იაკობ გოგებაშვილი, ეს ერთგული მოამაგე ქართული სკოლისა, ეს დაუღალავი გუშაგი ქართული ენის ხელშეუხებლობისა, ი. გოგებაშვილი,  რომელსაც ჭკუაც მოსდევდა და კალამიც კარგად ემორჩილებოდა, ესეც კი ილიას მიაშურებდა და ეტყოდა: „გაგვიძეხ, ბერო მინდიავ! კარს საფრთხე მოგვდგომიაო“, გასრესას, გათელვას გვიპირებენ, ენას პირიდგან გვგლეჯამენ, შენ უნდა გვიხსნა ამ განსაცდელისაგან, შენ უნდა ამოიღო შენი ძალუმი ხმაო. ილია დინჯად მოუსმენდა ყველას, მასალას შეაგროვებდა, შეისწავლიდა, თავის გამჭრიახ გონების ცხრილში გაატარებდა… საგანს ისე გააშუქებდა ყოველ მხრივ, პედაგოგიკის ისეთს ღრმა ცოდნას გამოიჩენდა, რომ თვით სპეციალისტებს უკვირდათ, ესე ზედმიწევნით როგორ შეუთვისებია ჩვენი მეცნიერებაო. ასეთი საგზლით შეუდგებოდა გზას და ბრძოლის ველიდან ძლეული არ დაბრუნდებოდა“.

როგორც ითქვა, ქართული მიწა-წყლისა და ეროვნული ვინაობის დასაცავად თერგდალეულებს დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ, აგრეთვე სომეხ ნაციონალისტებთან. სომხები ცდილობდნენ გამოეყენებინათ ქართველთა საპირისპიროდ რუს ხელისუფალთა კეთილი განწყობილება სომეხთა მიმართ და მათი მხარდაჭერით არა მარტო დამკვიდრებულიყვნენ საქართველოს მიწა-წყალზე, არამედ გაეთავისებინათ კიდეც მთელი აღმოსავლეთ საქართველო, თბილისის ჩათვლით, ერთის მხრივ ეკონომიკური დაპყრობის გზით (გაფუქსავატებული ქართველი თავადაზნაურებისაგან ვეებერთელა მამულების ჩალის ფასად შესყიდვითა და სავაჭრო და სამრეწველო ბერკეტების დაუფლებით), ხოლო მეორე მხრივ, ამ ტერიტორიების ისტორიული კუთვნილების „მეცნიერული“ დასაბუთებით. მათი „მეცნიერული დასაბუთება“ კი ხდებოდა არნახული ოინბაზობით. მაგალითად, გამოთლიდნენ საფლავის ქვებს, უძველესი დროის აღმნიშვნელი სომხური წარწერებით, და ჩაფლავდნენ სადავო ტერიტორიაზე – რომელიმე ტაძრის, ან ციხე-კოშკის მიდამოებში, ხოლო თვით ამ ტაძრებსა და ციხე-კოშკებს გამოაცლიდნენ ქართულწარწერიან ქვებს და სამაგიეროდ ჩასვამდნენ სომხურწარწერიანს.

ამის შემდეგ სომეხი ისტორიკოსები გამოაცხობდნენ სტატიას, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან სომეხთა კუთვნილებას შეადგენდაო და თანაც დაატანდნენ – აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები კიდევ უფრო ნათელს გახდიან ჩვენს „მეცნიერულ“ დასკვნებსო. და მართლაც დაიწყებოდა, ეგრეთწოდებული, „არქეოლოგიური ძიება“, „აღმოაჩენდნენ“ მათ მიერვე ჩაფლულ საფლავის ქვებს და საკითხიც უკვე დადასტურებულად ითვლებოდა „სომხურ-მეცნიერული“ მეთოდოლოგიით. სომეხთა ამ შემოტევებს მტკიცე კედლად აღუდგა ქართული ეროვნული მწერლობა (მაშინ, ჩვენდა საბედნიეროდ, არც მწერლობა იყო გადაგვარებული პრორუსულ „წითელ ინტელიგენციად“ და, არც სამღვდელოება). ამ საქმეში, როგორც ყოველთვის, ყველაზე აქტიურად ილია და აკაკი გაისარჯნენ.

ილიამ ამ საკითხს უძღვნა დიდი მეცნიერული ცოდნით დასაბუთებული ვრცელი წერილი – სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“, რომელიც ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიაში, როგორც კრიტიკული  სიტყვის შედევრი. ამ წერილში ილია ამხელს რა ცრუმეცნიერ სომეხთა – პატკანოვების, ეზოვების, ხუდაბაშოვების, ერეცოვებისა და სხვათა ოინბაზობას, რომლებიც უმტკიცებდნენ უცხოელებს, რომ დიდცხვირიანები სულ ქართველები არიანო, ხოლო ლამაზები და ტანკენარები სომხებიო, – ასევე, ჭკვიანები და საზრიანები მხოლოდ სომხებიო, რომლებსაც აქვთ ამ ჭკუის დამახასიათებელი ანდაზაც – „რად ჰკითხულობ, ვისი გამომცხვარია ეს პური? გინდ ურიისა იყოს, თუ გემრიელია, სჭამეო“, – ანუ „სადაც ჰნახო პური, იქ დაბინავდიო“, – ხოლო ქართველებმა მეურმეობის მეტი არაფერი იციანო და ეს მიწა-წყალიც, კავკასია რომ ჰქვია, უხსოვარი დროიდან ყოველთვის სულ სომხებს სჭერიათო, ხოლო ეს ვიღაც „ვრაცები“ რომ ჰყრიან, ერთი ათიოდე ბოსლის ადგილი უჭირავთ მხოლოდ და აქაც გადაშენების გზას ადგიანო, – ერთერთ შენიშვნაში, თუ როგორ იმტკიცებდნენ ამ ტერიტორიებს თავისთვის – ილია სწერს: „გადასხვაფერება, სხვისა თავისად დაჩემება, აფხეკა და ჩაფხეკა საბუთებისა, გაბათილება სხვისა, და სხვის ადგილას თავიანთ თავის გამოჭიმვა, მონასტრებისათვის ძველის ქვების გამოცლა, ქართული წარწერის ამოფხეკა და ზედ სომხური ასოების გამოყვანა, ან თვითონ ასეთი ქვის მოპარვა და სადღაც გადაკარგვა – ასეთი ოსტატობა და ოინბაზობა, სომეხთა ძველად-ძველი თვისება და ჩვეულება ყოფილაო“ (იხ. ილიას ხუთტომეულიდან, ტ. II, გვ. 465 და გვ. 473).

 საინტერესოა მოვისმინოთ ახლა აკაკის სარკასტული ლექსი სომეხთა მიმართ იგივე თემაზე, მიძღვნილს ზემოთხსენებული სომეხი ისტორიკოსის – ეზოვისადმი.

ახირებული სტუმრობა

სასწორ-საზომით მოარულს,
უმადურს, გაუტანელსა,
რა უნდა უთხრას ქართველმა
შემოხიზნულსა ვანელსა?!
ერთ დროს რომ კარზე მოადგა,
მშიერ-მწყურვალი, შიშველი,
და საწყლად, ქრისტეს სახელით
გამოუშვირა მას ხელი,
ევედრებოდა: „დავკარგე
სამშობლო, სახლი-კარიო!..
გზა აღარა მაქვს შენს იქით…
აღარც თავშესაფარიო.
„ამხანაგობას ვერ გკადრებ…
ვერც გაგიბედავ ძმობასო!..
შენ მიპატრონე! მეც ნაცვლად
გაგიწევ ნამდვილ ყმობასო!“
პასუხად ესმის: „ეჰ, ძმაო,
გულს მიკლავს შენი კვნესაო!
ყმობა-მონობა ქრისტეს სძულს!
მან ძმობა დაგვიწესაო!
„ვინც სტუმრად მოდის, არ არის
თვით ქრისტეს მოციქულიო?
და ქრისტეს ტახტი-ტაძარი –
მასპინძლის წმინდა გულიო?!
„ჰა, ძმაო, სახლი და კარი,
შემოდი მზაზე წევრადო!..
შენი სტუმრობა და ძმობა
არ დამიჯდება ბევრადო“.
შედის სტუმარი მადლობით,
მასპინძელს ჩაესახლკარა,
მაგრამ რომ სული მოიდგა,
სტუმრობა აღარ იკმარა;
ჩაჰკიდა ხელი ყოვლიფერს…
ეს ჩემი იყო ყველაო!
მათხოვრად როდის მოვსულვარ?
ან როდის გთხოვე შველაო?
ადრეც ვყოფილვარ!.. ახლაც ვარ!
შენ ვერც-კი გიცნობ: ვინ ხარო!
არც წარსული გაქვს, არც აწმყო,
რომ მომავალით იხარო!
ამისი მოწმეც ბევრი მყავს
შენივე ქვეყნის შვილიო!..
ჩემს ოქრო-ვერცხლში ჩამჯდარი…
ჩემგანვე გაჭედილიო!!
ოქრო და ვერცხლი ბევრი მაქვს,
აქცია… ასიგნაციო!
შენ ღერიბი ხარ!.. მომშორდი!
არ გესმის? „ასი გნაციო!“

დიდია აკაკის როლი ქართველთა გამარუსებელი პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება და მის ნასუფრალზე ნასაზრდოები ქართველი ისტორიკოსები და მწერლები დღემდე ისე წარმოუდგენდნენ საქმეს ქართველ ხალხს, თითქოს ილია, აკაკი და თერგდალეულთა მთელი თაობა მიესალმებოდა საქართველოში რუსთა გაბატონებას და პროგრესულ მოვლენად მიიჩნევდნენ მათ მიერ თვით ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობას იმ საბაბით, რომ ისინი ზოგჯერ მაამებლურ სიტყვას იტყოდნენ რუსი მოძალადეების მისამართით, მათი ანტიქართული განწყობილების შესარბილებლად.

ამგვარ რუსოფილებს ავიწყდებათ, ან განგებ ჩქმალავენ, რომ მეფის დროის რუსეთი ისეთივე დესპოტური და ისეთივე სხვა ერების მოძულე იმპერია იყო, და ისევე იდევნებოდა მაშინაც თავისუფალი სიტყვა – მითუმეტეს ეროვნული, როგორც ხდებოდა ეს, უფრო უარესი კომუნისტური რეჟიმის დროს. ამიტომ, იმ დროის ქართველი ეროვნული მოღვაწენიც იძულებულნი იყვნენ ანგარიში გაეწიათ არსებული სინამდვილისათვის და დამპყრობელთა გულის მოსაგებად ზოგჯერ გუნდრუკიც ეკმიათ, რათა ამ მოძალადეთა გარეგნული „სიყვარულის“ საფარქვეშ თავიანთი ეროვნული საქმე ეკეთებინათ. ამიტომ მათი პოზიციები უნდა განვსაჯოთ არა, მაგალითად, აკაკისათვის პეტერბურგში
გამართული წვეულების დროს, აკაკის მიერ წარმოთქმული სადღეგრძელოთი, ანდა ილიას მიერ რუსთა მპყრობელობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი სტატიით, არამედ მათი შემოქმედების ძირითადი მიმართულებით. ხოლო ამ მხრივ აკაკის (ისევე, როგორც ილიას) მთელი პოეზია რომ ანტირუსულია, ამაში ვფიქრობ არ შეეპარება ეჭვი, არც ერთ გონიერ მკითხველს.

და მაინც, არ იქნება ზედმეტი, თუ მკითხველს სანიმუშოდ წარვუდგენთ მისი ეროვნულ-პატრიოტული პოეზიიდან რამდენიმე ღირსსახსოვარ ლექსს. საინტერესოა, მაგალითად, აკაკის აზრი იმის შესახებ, თუ რა როლი შეასრულეს საქართველოს მიმართ სპარსეთმა, თურქეთმა და რუსეთმა. აი, როგორა აქვს ეს აზრი გამოხატული ლექსის სახით, რომლის სათაურია – „გამოცანა“:

თავშეხვეულს გავექეცი,
თავწითელამ დამიჭირა,
შემბოჭა და სასიკვდილოდ
დანა ყელში დამაჭირა…
უცხო, ქერა მომეშველა,
მოძალადე ამაცალა,
ხორცი იხსნა, სული მოკლა,
ვაი-უით შემიცვალა.
ვინც რომ ამას გამოიცნობს,
ერთი გუდა ხიზილალა!

თავშეხვეული – თურქია, თავწითელა – სპარსი, ხოლო ქერა – მოყვასის ნიღბით მოვლენილი რუსი – ყველაზე უფრო მზაკვარი, ცბიერი და ულმობელი დამპყრობელი.

დიდად საინტერესოა, აგრეთვე, აკაკის ერთ-ერთი ლექსი – „ჩაფიქრება“, რომელიც ეხება რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის ასი წლისთავს, და სადაც მოცემულია, აგრეთვე, სამშობლოს გარეწარი – ქართველი მარქსისტების კრიტიკა:

მეც მივდივარ, შენც მიდიხარ:
გეთხოვები, საქართველო! –
მეც ვსჭკნები და შენცა სჭკნები,
როგორც ზამთრის პირად მდელო.
თვით ბუნების კანონია,
მე რომ დავსჭკნე ვით ფოთოლი,
სამერმისოდ სხვა გამოვა
ჩემი სწორი, ჩემი ტოლი!
მაგრამ შენ, ხევ ცხოვრებისა
და აკვანო მთელი ერის,
მომავალი შავ-ბედითი
სიკვდილის ზარს რად გიმღერის?!
რაც-კი გქონდა სისხლად, ხორცად,
შენაძენი ათას წლობით, –
მთლად მოგიკლა ასმა წელმა
თვალთმაქცურის საძაგლობით.
მოგიხიბლა თვალი, გული,
გიქარგავდა ზედაპირსა,
მაგრამ მითი იმავე დროს,
როგორც ჩრჩილი, ხრწნიდა ძირსა!
და აღარ ხარ, რაც იყავი:
ჰხმები, სჭკნები ნელა-ნელა.
ათასის წლის ჭირნახული
ასმა წელმა მოგინელა.
რაც რომ მტრობამ ვერ დაგაკლო,
ის მოყვრობამ აგისრულა:
სულ ხელის-სმით და „ნანინით“
შენი ძირი გამოხრულა.
შენს წაქცევას და დამხობას
„ასი წელი“ შემოჰყურებს,
შენ წახვალ და სხვა შემოვა,
შენს ნადგომზე ისადგურებს.
მე ის მტანჯავს, ის მაწუხებს
და ის მიხეთქს ასე გულსა,
რომ აღარვინ არ გიყურებს,
მოსარჩენსა ვით სნეულსა!
და, პირიქით, ხელს უწყობენ
მაგ შენს მალე წამოქცევას,
ჰგმობენ წარსულს და ერთპირად
უგზავნიან კრულვა-წყევას.
ამნაირად ჩაიდენენ
მხოლოდ მტრების ხელსაყრელსა,
თავი მოაქვთ მშრომელ მუშად,
სამშობქლოს რომ სჭრიან ყელსა!
რაღა გვეთქმის? რომ კიდეც ვსთქვათ,
სადღა არის, ვინ, გამგონე?
ბრძოლა! ბრძოლა! მაგრამ ვაი!
მიხდილი მაქვს დამჭკნარს ღონე.
და მიტომაც გეთხოვები,
შავ-ბედითო საქართველო!
მაგრამ შენი მაინც სინჯე,
ეგებ მითი თავს უშველო!
გაახილე თვალი! ნუ გწამს
გარეშემო ვარდი… ია!
სანამ გულში უჩინარად
ჩამჯდომია ჩრჩილი… ჭია!

ეს ლექსი თავისი შინაარსით ეპოქალური მნიშვნელობისაა. მასში შესანიშნავადაა გაცხადებული რუსეთის უბოროტესი როლი საქართველოს წინაშე, რომელმაც „ათასი წლის ჭირნახული საქართველო ას წელიწადში მოინელა თვალთმაქცური საძაგლობით“. აქვეა ნაჩვენები ერისა და სამშობლოს უარმყოფელი ქართველი მარქსისტების ანტიპატრიოტული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც იმის ნაცვლად, რომ რუსეთის მიერ „დასნეულებულ საქართველოს მორჩენაზე“ ეზრუნათ, „პირიქით ხელს უწყობდნენ მის მალე წამოქცევას“, და თანაც, თავიანთი უგუნურების გამო, ყალბი ინტერნაციონალიზმის იდეებს აყოლილებს, „თავი მოჰქონდათ მშრომელ მუშებად, სამშობლოს რომ სჭრიდნენ ყელს“.

თუ როგორი მომხრე იყო აკაკი რუსთა მპყრობელობისა, მკითხველს სანიმუშოდ წარმოვუდგენთ, მისი საკმაოდ ვრცელი ანტირუსული პოეზიიდან, კიდევ ერთ ლექსს, რომლის სათაურია:

ნაძალადებ საქმროს
დამეხსენი, ჩრდილოელო!..
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?..
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?!
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?!
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!..
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!..
არაფრად ჰგავს შენს ხმელ სოროს
მხარე ჩემი ეს მდიდარი!..
არა, ღმერთმა ამაშოროს
შენისთანა ბრანძი ქმარი!..
94
ვერ მომხიბლავ, ცრუ მოყვარე,
ვერც ენით, ვერც თვალადობით…
შეგიპყრივარ, როგორც მთვარე
გველეშაპსა, ძალადობით…
შენი ტყვე ვარ, მაგრამ ჩემ გულს
ანუგეშებს ის იმედი,
რომ ოდესმე შენს ცხრაკლიტულს
მთლად დალეწავს ჩემი ბედი!
დამხსნის შენსა მონებასა,
ცბიერებას გაგიწბილებს,
გამიმტკიცებს გონებასა,
თავის უფლად მაქორწილებს!..
დამეხსენი ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო!..

ანდა აიღეთ, თუნდაც, საყოველთაოდ ცნობილი მისი ლექსი –„სატრფოს“: რუსეთის კოლონიურ უღელში გაბმულ საქართველოს რომ მიმართავს:

მეგულები ციხეში,
ცხრაკლიტულში მჯდომარე…
შეთვისებას გიპირებს
გაიძვერა მოყვარე…

მკითხველმა ახლა თავად განსაჯოს – განა, შეიძლება ამ სიტყვების მთქმელი პოეტი რუსთა მიერ საქართველოს დამონების მომხრე ყოფილიყო, მითუმეტეს, როცა ეს „თვით ოხერი და მოუვლელი“ მოძალადე დამპყრობლები ტალახში სვრიდნენ და უარყოფდნენ მთელ ჩვენს წარსულ ცივილიზაციას, ველურებად გვნათლავდნენ – თავად ველურები, და იმის ღირსადაც არ გვთვლიდნენ, რომ ჩვენშიაც გაეტარებინათ ის რეფორმები, რაც რუსეთში ხორციელდებოდა?!

აი, რას წერს ამის შესახებ ზემოთ აღნიშნული წიგნის ავტორი გრ. გიორგაძე: „1899 წელს გუბერნატორი თავის საიდუმლო მოხსენებაში ხელმწიფის სახელზე უარყოფს საქართველოში ერობის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას და ამ უარყოფით დამოკიდებულებას ასაბუთებს იმით, რომ ქართველ ხალხს არა აქვს ზნეობრივი საფუძვლები და მან არ იცის, რა არის კანონიერებისადმი პატივისცემაო.

იგივე მომხსენებელი ეხება რა ქართველი თავად-აზნაურობის ზნეობრივ მდგომარეობას, საშინელი ცილისმწამებლობით ახასიათებს მას – უწოდებს „ზნედაცემულს, ცრუს, მატყუარას, მძარცველს, ყალბი საბუთების გამკეთებელს, უვიცს და აქედან გამოჰყავს დასკვნა, რომ თუ ასეთია უპირველესი წოდება, რაღა იქნება საერთოდ ხალხიო“. წიგნის ავტორი განაგრძობს: – „ასეთივე დამამცირებელი წერილები
იწერება იმ დროის პრესაშიც. მაგალითად, გაზეთ „კავკაზში“ იწერება – „ქართველები ყაჩაღებია, ამიტომ ჯერ უნდა მოისპოს საქართველოში ყაჩაღობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაისვას საკითხი რეფორმების შესახებო“ (გვ. 214-216).

ერთი სიტყვით, რუსობა, ყოვლად უნამუსოდ, ჩვენ გვიკიჟინებდა ისეთ მანკიერებებზე, რაც ფაქტობრივად მათში ბუდობდა და ჩვენში მხოლოდ მათი მეშვეობით იკიდებდა ფეხს. ქართველი თავად-აზნაურობის ამ
ცილისმწამებლურ დახასიათებაში ჩვენ ვხედავთ, აგრეთვე, ჩვეულ რუსულ უმადურობას, რამეთუ ქარსაა გატანებული ის სიკეთე, რასაც ეს წოდება იჩენდა რუსეთის მიმართ კავკასიის დაუფლებისათვის ბრძოლაში. აი, ამ დროს, როცა ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესი მტრობითა და სიძულვილით განწყობილი ყოველი რუსი – მეფეც, მოხელეც, მღვდელიც, ჯარისკაციც, მწერალიც და ჟურნალისტიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გვიტევდა, ხოლო ილია თავისი დასით, არათუ წარმატებით უმკლავდებოდა
მართლმორწმუნეობის ნიღაბქვეშ შემალულ უბოროტეს მტერს, არამედ ქართველ ხალხს ამზადებდა კიდეც ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის, თვით საკუთარ სამშობლოში გამოუჩნდნენ ერისა და სამშობლოს უარმყოფელი ქართველები, რომლებიც თავიდანვე მოექცნენ რუსი სოციალისტიმპერიალისტების
გავლენის ქვეშ და იმ დროს, როცა ეს რუსობა ცდილობდა, ერების შერწყმისა და კაცობრიობის გაერთიანების მარქსისტული თეორია თავისი იმპერიულ-ასიმილატორული მიზნებისათვის გამოეყენებინა, ქართველ ანტიპატრიოტთა ეს წრე ბრმად ამოუდგა მხარში მარქსისტებად მონათლულ რუსის შოვინისტებს და მტერზე უფრო მეტის აქტივობით დაიწყო ბრძოლა ქართველი ერის რუსულ
იმპერიაში გასათქვეფად, რომ რუსეთს „დემოკრატიასთან“ ერთად აეშენებინა „მარქსისტული სამოთხე“.

ამათ შორის პირველი, ვინც შეებრძოლა ილიას მისი ეროვნული მრწამსის გამო, ეს გახლდათ ჩანჩურეთელი მარქსისტი – ნოე ჟორდანია. ილიასთან კამათში იგი აცხადებდა: „არცერთ ხალხს ისე ნაკლებად არ აინტერესებს ნაციონალური საკითხი, როგორც ქართველ ხალხსო“ – ამიტომაო, ილიას „ამდენი ხნის მუშაობამ მუქთად ჩაიარა, მისი ნაციონალური დროშა ხალხმა ერთი დაკვრით უარყო და მის ალაგას ააფრიალა ინტერნაციონალური დროშა“-ო.

ჯერ ერთი, ილიასა და მისი დასის მუშაობა მიმართული იყო იქით, რომ ეხსნათ საქართველო გარუსებისაგან. მათ ეს მისია ბრწყინვალედ შეასრულეს როგორც საადგილმამულო ბანკის შექმნით, რაც იყო ეროვნული საქმის ფინანსური დასაყრდენი, ასევე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებით, დაწყებითი ქართული სასწავლებლების გახსნით, ქართული ეროვნული პრესის შექმნით და
მთელი რიგი სხვა ღონისძიებებით მათ ნამდვილად იხსნეს საქართველო გადაგვარებისაგან. ასე რომ, ილიას მუშაობას, ამ მხრივ, ფუჭად არ ჩაუვლია.

რაც შეეხება ინტერნაციონალიზმის მარქსისტულ დროშას, ესეც ააფრიალა არა ქართველმა ხალხმა, არამედ ჟორდანიასთანა ქარაფშუტა თეორეტიკოსებმა. ამ მხრივ მათ მხოლოდ გულუბრყვილოთა მცირერიცხოვანი მასა მიიმხრეს დემაგოგიური დაპირებით, რომ სოციალიზმის დროს მუქთა ჭამა-სმა გექნებათო! აი, ეს მასა იყო – კერძოდ, გაზეთ „კვალის“ თანამშრომლები, რომელთაც ასეთი განცხადება გააკეთეს ჟორდანიასა და ილიას შორის კამათთან დაკავშირებით: „ახალმოსულმა“ (ილიას ფსევდონიმი იყო) დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნ. ჟორდანიასთან პაექრობა. საერთოდ, რა უფლებით ბედავს იგი ეკამათოს ისეთ სასახელო მოღვაწეს, როგორიც არის ნ. ჟორდანია. ბატონი ნ. ჟორდანია შრომობს მისდა სასახელოდ და ჩვენდა სანუგეშებლადო“. თუმცა, ისინიც მალე დარწმუნდნენ ამ კაცის ოჩოპინტრობაში, როცა შემთხვევის წყალობით გახელისუფლებულმა ჟორდანიამ თავისი ყოვლად უმაქნისი პოლიტიკით საქართველოც დაღუპა და თავადაც ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა.

ბუნებრივია, ილია თავისი ერუდიციის წყალობით, მათ შორის მიმდინარე პოლემიკაში ჯობდა ნოე ჟორდანიას. ეს უკანასკნელი კი ცდილობდა, მარქსისტისათვის დამახასიათებელი დემაგოგიით გაემტყუნებინა ილია.

მოგიყვანთ ერთ ასეთ ფაქტს: ჟორდანიამ რომ ვერაფერი გააწყო ლოგიკით ილიასთან კამათში, ასი მომხრის გვარები ჩამოწერა საგაზეთო წერილში და კითხვა დაუსვა ილიას: ახლა მაინც არ ჩათვლი თავს გამტყუნებულად, როცა მე ასი კაცი მიჭერს მხარს და შენ კი ერთი ილია ხარო?! ამაზე ილიამ უპასუხა: ციფრებს რა მნიშვნელობა აქვს, ასჯერ ნული, მაინც ნულიაო! ახლა ამაზე აუტეხეს დავა ჟორდანიამ და მისმა მარქსისტმა ძმაკაცებმა, კვლავ მარქსისტული დემაგოგიით – ილიამ მშრომელ ხალხს ნულები უწოდაო.

დიახ, მარქსისტთაგან, ჟორდანიამ პირველმა დაიწყო ბრძოლა ილიას წინააღმდეგ მისი ეროვნულპატრიოტული პოზიციის გამო, იმის მტკიცებით, რომ – რის ეროვნება, რა ეროვნება, – რის ტერიტორია, რა ტერიტორია, – რისი ენა, რისი მამული, ანდა რისი სარწმუნოება – „კაცი სადაც კუჭს გაიძღებს, იქ ექნება მას სამშობლო“-ო (იხ. მარქსისტიდასელებისადმი მიმართული აკაკის ლექსიდან – „გარეწრები“).
მაგრამ ჟორდანიას ამგვარი კამათი რაღაც ჩარჩოში მაინც იყო ჩამჯდარი და ერთგვარად თავშეკავებულიც იმ ხულიგნურ და ყოვლად უნამუსო ცილისმწამებლურ გამოხდომებთან შედარებით, რომელსაც შემდგომ მიმართა მესამე დასელთა უმცირესობამ ფილიპე მახარაძის თაოსნობით.

ილიას იდეალი, უპირველეს ყოვლისა, იყო საქართველოს განთავისუფლება უცხოთა ბატონობისაგან და დამოუკიდებლობის აღდგენა. მას ეს პროცესი ორ ეტაპად ჰქონდა გათვალისწინებული: „პირველ ეტაპს საფუძვლად უნდა დასდებოდა „გეორგიევსკის ტრაქტატი“.

ამ ეტაპის მთავარი ამოცანა იყო ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა და რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს ავტონომიის მიღწევა. მეორე ეტაპი საქართველოს სრული განთავისუფლებით და დამოუკიდებელი ეროვნული სახელმწიფოს შექმნით უნდა დაგვირგვინებულიყო“ (იხ. ფარნაოზ ლომაშვილის საქართველოს ისტორიის X კლასის სახელმძღვანელო, გვ. 149).

ილია ეტრფოდა არა, როგორც მას სწამებდნენ მარქსისტები, ბატონყმურ საქართველოს, არამედ ტერიტორიულად, ეკონომიურად, პოლიტიკურად, სოციალურად, კულტურულად და სახელმწიფოებრივად შეკავშირებულ და აღზევებულ საქართველოს, რომელიც დამყარებული იქნებოდა „ძმობა-ერთობა-თავისუფლების“ ცნობილ პრინციპებზე. მას, ამ იდეალების განსახორციელებლად საჭიროდ მიაჩნდა მთელი ერის შეკავშირება ერთ მუშტად, განურჩევლად წოდებისა და პარტიული მრწამსისა, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე მთელი წარსული ისტორიის მანძილზე, უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლისას.

რაც შეეხება შიდა პრობლემებს – ადამიანთა შორის წოდებრივუფლებრივი, სოციალური და სხვა სახის გადასაწყვეტ პრობლემებს – განა ილია, პირველი არ აყენებდა „შრომის ახსნის“ საკითხს, როცა მისივე თქმით, „უქმ სიტყვად აღარ იქნებიან ძმობა, ერთობა, თავისუფლებაო?!“ დიახ, ილიას ეს საკითხი ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად მიაჩნდა, ოღონდ მას შემდეგ, როცა ერი ჯერ უცხოთა უღელს გადაიგდებდა კისრიდან. ილია ასე მსჯელობდა: რისი კლასი, რა კლასი – რისი ბატონი, რის ყმა, როცა უცხო მოძალადე სრულ აღგვას გიპირებს პირისაგან მიწისა ბატონსაც და ყმასაცაო?! ჯერ შევერთდეთ ამ უბოროტესი მტრის დასამხობად და მერე ვიფიქროთ ურთიერთ სადაო საკითხებზეო.

ახლა უყურეთ, რა შესანიშნავად მსჯელობს იგივე საკითხზე მეორე დიდი ქართველი – აკაკი წერეთელი თავის ერთ-ერთ ლექსში, რომლის სათაურია – „საგულისხმოდ“.

ამბობენ: მეცხვარის ძაღლებს
როცა მოუვათ ჩხუბიო,
ვერ გააზავებთ ვერაფრით,
გინდა აძგეროთ შუბიო!
ღრენენ და ჰყეფენ! ხორხოზში
აღარ აქვთ ყურთა სმენაო!..
ვეღარც არჩევენ ერთმანეთს,
კბენა!.. კბენა და კბენაო!..
მაგრამ მეცხვარე რომ ხედავს,
არ არის სხვა საშველიო,
განგებ იძახის: „ჰკა, მაგას!
ქსი! ქსი! მოვიდა მგელიო!“
ეს ხმა აფხიზლებს მოჩხუბრებს,
თავდება ყოვლიფერიო!
და ერთად ჰყეფენ, გარეშე
რომ მოიგერონ მტერიო.
ეს რომ უამბეს მგოსანსაც,
სიხარბე შემოეპარა,
და ქართველთ სავედრებელად
ლოცვა დასწერა პატარა:
„რადგანაც ქართველობაზე
ჩვენში დღეს ყველა სტყუაო,
ღმერთო, მიეცი ქართველ კაცს
ძაღლის გრძნობა და ჭკუაო“.

განა საქართველო მართლაც არ მოისპობოდა ჯერ კიდევ ათასეული წლების წინ, რომ ქართველებს – ერსაც და ბერსაც, ბატონსაც და ყმასაც ერთად შეკავშირებულს კი არ ებრძოლა არაბთა, სპარსთა, თურქთა, მონღოლთა და სხვათა ბატონობის დასამხობად, არამედ კლასობრივი დაყოფის საფუძველზე მარტო თავად-აზნაურობას ებრძოლა და უმთავრესი მებრძოლი ძალა – გლეხობა კი განზე გამდგარიყო?

ერთი სიტყვით, ილიასათვის უპირველესი საკითხი იყო ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა და მხოლოდ ამის შემდეგ შიდაპრობლემების მოგვარება. ქართველი ურა-მარქსისტებისათვის კი (მსოფლიოს ყველა
ეროვნებისაგან განსხვავებით), ეროვნული საკითხი არათუ არ არსებობდა, იმპერიიდან გამოყოფისა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენის თვალსაზრისით, არამედ დამღუპველადაც კი თვლიდნენ ქართველთაგან ამგვარ მისწრაფებას, რადგან, ჯერ ერთი, მათი იდეოლოგიით „პროლეტარებს სამშობლო არ გააჩნიათო“, და მეორეც, იმპერიიდან საქართველოს გამოყოფა დაასუსტებს რუსეთის პროლეტარიატსო და ასე გათიშულები ვეღარ შეძლებენ კლასობრივი მტრის დამარცხებას და ნანატრი – კომუნისტური წყობის დამყარებას, რომლის დროსაც იმდენი ქონება დაგროვდება, ბურჟუაზიისა და თავადაზნაურობისაგან წართმეული პროდუქციისა და ახლადშექმნილის სახით, რომ ჩაგრულთა ახლანდელ კლასს, რაც ესურვება და რამდენიც ესურვება, იმას მიიღებს – როცა უნდა მწვადსა და როცა უნდა ჩახოხბილ- ჩაქაფაულსაო. თანაც, უქადაგებდნენ: თქვენს ამ ბედნიერ ცხოვრებას სასტიკად ეწინააღმდეგებიან ილია ჭავჭავაძე და სხვა მისთანა თავადებიო, რისთვისაც მათი მოსპობაა საჭიროო!

აი, ასეთი ყალბი დაპირებებით ისე გადარიეს მარქსისტებმა უწიგნური მასა, ისე წაასისიანეს თავად-აზნაურთა წოდების წინააღმდეგ, რომ უხვი და ნაირ-ნაირი ჭამა-სმის მოლოდინით მადააშლილებს, ერთი სული ჰქონდათ, რაც შეიძლება ჩქარა ამოეჟლიტათ თავა-აზნაურობა, რომ მალე ღირსებოდნენ „აღთქმულ ქვეყანაში“ შესვლას. ამ მიზნით, გლეხები მარქსისტთა წაქეზებითა და თაოსნობით ქმნიდნენ ყაჩაღურტერორისტულ ბანდებს – „წითელი რაზმელებისა“ და „ტყის ძმების“ სახელწოდებებით, რომელთა მოქმედებაში შედიოდა: თავად-აზნაურთა მამულების გაჩეხვა, სახლ-კარის გადაბუგვა და მათი ფიზიკური განადგურება. ამ გზით მათ უამრავი, სრულიად უდანაშაულო ოჯახი ააწიოკეს და მოსპეს ქართლში, კახეთში და საქართველოს სხვა მხარეებში.

ჯერი ახლა ილია ჭავჭავაძეზე მიდგა. იმის გამო, რომ ილიას ძალზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი ქართველ ხალხში, მარქსისტებმა გადაწყვიტეს, ცილისმწამებლური ბრალდებებით შეელახათ მისი სახელი მთელი ერის თვალში და ამ გზითვე გაემართლებინათ შემდგომ მისი მკვლელობაც.

ჯერ კიდევ ადრე, როცა მთელი ქართველობა დიდის ამბით ემზადებოდა, რომ 60-წლისთავის იუბილეს გადახდით ღირსეულად დაეფასებინათ ილიას დიდი ღვაწლი ქართულ მწერლობაში და მის საეროვნო მოღვაწეობაში, ქართველმა მარქსისტებმა ღვარძლით სავსე პროპაგანდა გააჩაღეს ამ იუბილეს ჩასაშლელად და ჩაშალეს კიდეც იმ მოტივით, რომ საქართველოში რამდენ სხვასაც (ჭიპაძეს, ჯღამაძეს, ნაბიჭვრიშვილს – მუშათა კლასიდან) შეუსრულდა დაბადებიდან 60 წელი და განა მათ კი არ ეკუთვნით იუბილეს გადახდაო?!

მაგრამ ყველას და ყველაფერს გადააჭარბა ქართველი მარქსისტების უსინდისობამ, როცა ფილიპე მახარაძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „მოგზაურში“ (№13, 1905 წ.) დაიბეჭდა „ვ. ნ“-ს ინიციალებით ასეთი სათაურის საბრალდებო წერილი – „საგურამოსა და ჭოპორტის საზოგადოება“. რა ბრალდებას უყენებდა ორ ასოს ამოფარებული ეს გარეწარი ილია ჭავჭავაძეს?

ამ წერილში მოყვანილი ფაქტების სიცრუე შესანიშნავად აქვს მხილებული მწერალ-კრიტიკოსს აკაკი ბაქრაძეს თავის მონოგრაფიაში – „ილია ჭავჭავაძე“ და ჩვენ მკითხველს ვთავაზობთ ამ კრიტიკულ ამონაწერს. პირველი: „ერთ-ერთ ახალსოფლელ გლეხს უთქვამს (ინფორმაციის ავტორი ამ გლეხის გვარს არ ასახელებს): „გასულ ზაფხულში, როცა სანადელო ყანა მოვმკე, ვეახელ ბატონს და მოვახსენე, რომ მოურავი გამოეგზავნა და ძნა გაგვეყო. ველოდები ერთი დღე, მაგრამ არ გამოჩნდა; მეორე დღეს ნაშუადღევს ჩამოვიდა მოურავი, კაცი გულქვა და შეუბრალებელი, გავიყავით ყანა, დაუდე ჩემს ურემზე და ამასობაში კიდეც დაღამდა. „ახლავე წამოიღე ურემიო“, მომაძახა მოურავმა და თითონ კი ცხენი გაქუსლა. რადგან ღამე ბნელი იყო და გზა ცუდი ილია ჭავჭავაძის კალომდე, შემეშინდა ურმის გადაბრუნება და იმ ღამის მაგიერ მეორე დღეს წავიღე ურემი. ვიდრე მოურავი და ილია ჭავჭავაძე გამოიღვიძებდნენ, მე ურემი კალოზე მივიტანე, მაგრამ მაინც ვერ გადავურჩი მოურავის რისხვას
და ლანძღვას. არ მიიღო ძნა, ბატონი აბრძანდება და ის მიიღებსო.

 

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ აბრძანდა ბატონი ილია ჭავჭავაძეც, გამობრძანდა ბალკონზე, დამჭყივლა და დამჭყივლა. მერე დამიწყო უშვერის სიტყვებით ლანძღვა. „ახლავე ეგ ძნა დააბრუნე და იქვე ჩაიტანე, სადაც დაუდე, როცა მოურავს დრო ექნება, ჩამოვა, ახლათ გამოითვლის და გაყოფსო“. ბევრი ვემუდარე, ვეხვეწე, ეხლა დავთვალოთ, თუ ერთი თავთავი აკლდეს, თავი მომჭერი-მეთქი, თუ ადამიანს არ იბრალებ, ეს უენო საქონელი მაინც შეიბრალე-მეთქი, მაგრამ ამაოთ. ძნა ისევ იქ ჩავიტანე, დავცალე ურემი და ველოდე ერთი დღე, მეორე, მესამე, მაგრამ არ არის მოურავი, იქ ველოდე მანამ, ძნა საქონელმა არ დაშალა და გააოხრა“. ამაზე ბატონი აკ. ბაქრაძე წერს: „განგებ ამოვწერე ეს ცილისწამება თავიდან ბოლომდე, რომ მკითხველმა ნათლად დაინახოს, რაოდენ უაზროა იგი. თავი დავანებოთ პროპაგანდისტულ ლიტერატურაში ჩამოყალიბებული მოდელის გამოყენებას – ბატონი გვიან იღვიძებს, ბალკონზე გამობრძანდება და გლეხს უჭყივლებს და უშვერი სიტყვებით გალანძღავს. დავაკვირდეთ ნაამბობს.

გლეხი ამბობს, რომ მოურავის თანდასწრებით გაყო ძნა და ილიას წილი ურემზე დადო. ოღონდ რაკი დაღამდა, ღამით არ წაიღო და დილით მიუტანა. თუ ასე იყო, ილია რატომღა მოითხოვდა – ძნა უკან წაიღე, რომ მოურავმა ისევ დათვალოსო? მოურავი ხომ იქვე იდგა და ეტყოდა „გულქვა“ ილიას – უკვე დათვლილი მაქვსო და ხელახალი გაანგარიშება საჭირო არ არისო? თუ მოურავს ეხალისებოდა ერთისა და იმავე საქმის ხელმეორედ გაკეთება? გამოდის, რომ მოურავი თავისთავს სჯიდა.

ძნა, რომელიც გლეხმა მოიტანა, ილიას წილი იყო. ილიამ ეს ძნა უკან გააბრუნა, რომ მერე იგი საქონელს გაენადგურებინა. რა აწუხებს გლეხს? იმდენად უჭკუო ყოფილა ილია ჭავჭავაძე, რომ საკუთარი ქონება გაუნიავებია. გლეხის წილს არაფერი დაკლებია. თუ მშრომელ გლეხს გული დასწვა იმან, რომ ნაშრომ-ნაამაგარი ასე უზრუნველად გაიფანტა? თუ ასე იყო, რატომ დაანება პირუტყვს ძნების გაოხრება? იქვე არ იყო თვითონ, საქონლის გარეკვას რა უნდოდა?

ილიას მტრები ჯერ ამტკიცებდნენ – იმდენად ძუნწია, კაპიკს ვერ გააგდებინებო ხელიდან, ახლა კი იმდენად უგუნური აღმოჩნდა, რომ საკუთარი მთელი ურემი ძნა საქონელს გააოხრებინა. ასე ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.

მაგრამ უმთავრესი ის გახლავთ, რომ ილიას არავითარი მამული ახალსოფელში არ ჰქონია და იქაურ გლეხს არაფერი ემართა მისი. ამიტომ, ცხადია, არც არაფერს მიუტანდა ილიას. „ახალსოფელში კი არც ერთი მტკაველი მიწა არ გაგვაჩნია. იგი სოფელი მთლიანად ეკუთვნის თ-დ ზაალ გურამიშვილს, რომლის მამულ-დედულს აპეკა განაგებს, რადგანაც პატრონი სნეულია, და იქ ერთი ნაყმევიც არამცთუ ჩვენ, თვით მამულის პატრონსაც არა ჰყავს“ – წერდა თვითონ ილია „მოგზაურის“ პასუხად.

მეორე: გურამიანთკარელ გლეხს მოუყოლია: „ამ ზამთარსა დიდი ყინვებისაგან წყალი, რომლითაც მთელი ოთხი თუ ხუთი სოფელი ვსარგებლობდით, გაიყინა. გაიყინა ისე, რომ მთლად უწყლოდ დავრჩით. სოფლის ზევით სამ ვერსზედ ტყეში და მიუვალ ღელეში ჭავჭავაძის მამულში, გამოდის პატარა წყარო, რომელიც ზამთრობით არ იყინება. დავიწყეთ ამ წყაროთი სარგებლობა; დაგვასია თავადმა მოურავები, ბიჭები და აგვიკრძალა წყლით სარგებლობა. თანაც გვითხრეს, ვისაც წყალი უნდა, იმან სულ თითო საქონელზე ათი შაური უნდა გვაძლიოს თვეშიო, და სასმელ წყალს მუქთათ დაუთმობთო.

იძულებული ვიყავით, დავთანხმებოდით; მთელი ზამთარი ვაძლიეთ ასე უცნაური ხარკი. ჩვენ სოფელში იყო ერთი ძალზე ღატაკი კაცი, ისე რომ ჩვენ – ღარიბებს გვყავდა ზურგზედ აკიდებული თავისი ცოლ-შვილით. ერთ დღეს ამ კაცს აემსო ორი კოკა, გადაეკიდა მხარზე და მიჰქონდა სახლში. გზად გამოვლილი დაინახა ი. ჭავჭავაძის მოურავმა, გავარდა, სწვდა ყელში, დაუწყო ლანძღვა, რატომ თვეში ათ შაურს არ იხდიო. გლეხმა მიუგო: „თქვენ ათი შაური საქონელზე დაადგინეთ და მე კი კატაც არა მყავსო; ან ათი შაური ვინ მომცა, ეს ორი კვირაა, რაც ავღანღალდი ლოგინიდან, ხომ იცი სულ ავათა ვარ, ნათქვამია „წყალი მდევსა და გველეშაპს არ დაუჭერიათ“ და თქვენ ხომ ქრისტიანები ხართო. შენთან ბევრი ლაპარაკი არ ღირსო, ამ სიტყვებით მივარდა მოურავი საცოდავს და ორივ სავსე კოკა ზედ გადაამტვრია ნახევრად შიშველ გლეხს.

ამ ამბავს ილია ჭავჭავაძე ბალკონიდან უყურებდა 400-მანეთიან ქურქში გახვეული, გულიანად იცინოდა და თანაც აქებდა ერთგულ მოურავს: „ყოჩაღ, მემარნიშვილო, ყოჩაღ, ეგრე სუსხი უნდა მისცე, რომ თავზე არ წაგვასხდნენო“. უბედური გლეხი ვიდრე სახლში მივიდოდა, დასველებული, გზაში მთლად გაყინულიყო. მივიდა სახლში, მარა იქაც კერა გაცივებული დახვდა უშეშობის გამო. გახდა ხელახლათ ავათ და ერთ კვირაზედ გაათავა მრავალ ტანჯული და წამებული სიცოცხლე“.

აქაც თავი დავანებოთ გაცვეთილი მოდელის გამოყენებას – მხეცი მოურავი, ღატაკი გლეხი, რომელსაც შეშაც არ აქვს სახლში და 400- მანეთიან ქურქში გამოწყობილი თავადი ბალკონზე – და ყური მივაპყროთ
ილიას. იგი წერდა:
„გურამიანთკარში ჩამოდის მდინარე თეზამი. ამას გარდა, სოფელში არის წყარო, რომელიც გამოიყვანეს სტაროსელსკებმა, როგორც თავისთვის, ისე სოფლისათვის. მართალია თეზამი, როგორც ხევის წყალი,
ხანდახან იყინება, მაგრამ წყარო თავისდღეში არ გაყინულა, რაც გინდ ძლიერი ზამთარი იყოს, წყაროს წყალი არ გაიყინება და ამდენად სოფელი უწყლოდ ვერ დარჩებოდა.

გურამიანთკარს, აგრეთვე ჩამოუდის არაგვი, „რომელიც, როგორც დიდი და ჩქარი წყალი, ჩვენში არა-დროს არ იყინება მთელ სიგანეზე ისე, რომ საქონლისათვის წყლის სასმელი არა რჩებოდეს ან მთლად გაუყინავი, ან ისე თხლად გაყინული, რომ ყინული ადვილად ჩასამტვრევი არ იყოს“. არაგვსა და სოფელ გურამიანთკარს შუა დიდი ფშა მოედინება, იგი წიქვილს აბრუნებს და აგრეთვე არასოდეს იყინება.

როცა სოფელში ამდენი წყალია, რატომ დაიწყებდა გლეხობა ტყეში სამ ვერსზე სიარულს? მით უმეტეს, რომ ასეთი წყარო საერთოდ არ არსებობს და ილია სხვისი მამულიდან მილებით თავის ეზოში გამოყვანილ წყალს ხმარობდა?

ილია სთხოვდა ინფორმაციის ავტორს: „მობრძანდეს, ჩემს ბალკონზე დადგეს, ორმოცთუმნიანი კი არა, თუნდა ასთუმნიანი ქურქი წამოისხას, იქიდან გაიხედ-გამოიხედოს და თუ ჩემის ბალკონიდან ტყიდან გზად მიმავალს კაცს კი არა, სპილოს დაინახავს, ჩემი კისერი და მისი ხმალი“-ო.

ვინ დაიჯერებს იმას, რომ ნაავადმყოფარი კაცი, რომელიც ლოგინიდან ძლივს წამოდგა, შიშველ-ტიტველი, სამ ვერსზე ტყეში წავიდა ორი კოკა წყლის მოსატანად. მეზობელი მაინც არ ჰყავდა, რომ ცოცხალ-მკვდარი კაცისათვის წყალი მიეწოდებინა? თუ მეზობელი გლეხებიც გულქვანი იყვნენ? სნეულებით დასუსტებული კაცი ორ კოკას როგორ ზიდავდა? ტყეში რა მიარბენინებდა, როცა კარწინ, შუა სოფელში, წყარო მოჩუხჩუხებდა? და რაც მთავარია, იმ ზამთარს გურამიანთკარში არ  არცერთი მამაკაცი გლეხი, როგორც ეს საეკლესიო დოკუმენტებით დადასტურდა.

მესამე ბრალდებას იმას უყენებდა ილიას ანონიმური წერილის ავტორი, რომ „არც ილია ჭავჭავაძე და არც სტაროსელსკი, გლეხებს ნებას არ აძლევენ ზეზე სადგომის აგებასო“. ეს მაშინ, როცა საგურამოში გლეხთა საბინადრო ადგილების არც ერთი მტკაველი არ ეკუთვნოდა არც ილია ჭავჭავაძეს და არც ოლღა გურამიშვილს. ეს ადგილები მთლიანად სამეურვეოს კუთვნილება იყო. ჰოდა, აბა, სხვის მამულში ილია გლეხებს როგორ აუკრძალავდა ან ნებას მისცემდა სახლების დადგენისას? ილია, საპასუხო წერილში ეპატიჟებოდა „მოგზაურს“ – მობრძანდით და ნახეთ თქვენი თვალით, დარწმუნდებითო რომ არავინ უშლისო გლეხებს სამეურვეო მამულში სადგომების აგებასო.

„კომუნისტი ამხანაგი“ ვ. ნ. მეოთხე ბრალდებად იმას უყენებდა ილიას, რომ „ილია ჭავჭავაძემ და სტაროსელსკიმ მთავრობას ჯარი სთხოვეს „ბუნტის“ ჩასაქრობად“-ო. ესეც მტკნარი სიცრუე იყო.

ილია, პირიქით, დაბეჯითებით აფრთხილებდა მოურავ მოსე მემარნიშვილს – „თუ ვინიცობაა, მანდ, საგურამოში ჯარი მოვიდა, შენ თვითონ ჩადი და ვინც უფროსია, ჩემმაგიერ სთხოვე, ხალხი არ დააწიოკონ, ჩვენ თვითონ მოვრიგდებითქო. თუ მაინცა და მაინც თავისი არ დაიშალონ, მაშინვე ფაეტონი გამომიგზავნე, მე თვითონ ამოვალ და მე თვითონ ვთხოვ უფროსს, მანდ არა იმოქმედონ-რა და ხალხი ტყუილ უბრალოდ არ გააფუჭონ“. ილია მოსე მემარნიშვილს მოთმინებასა და თავდაერას ურჩევდა: „გლეხებს ძალიან ნუ აუხირდები, ნურაფერს ნუ გააფუჭებინებ-კი და უბრალოზე კი ნუ გამოეკიდები. დრო მოვა და ყველაფერი დაწყნარდება და ყველაფერი გასწორდება. ეს ისეთი დრო დადგა, რომ ბევრი რამ უნდა ვითმინოთ, ბევრს რასმეს ისე უნდა აუაროთ გვერდი, თითქოს არა ვხედავთ“. ასე რომ, საგურამოში ილიას ჯარი არ მიუწვევია.

და ბოლოს ვ. ნ-ს ერთი ასეთი ცნობაც, კვლავ ყალბი, მაგრამ მისთვისვე საწინააღმდეგო. „ჭავჭავაძეს ყავდა ახალსოფლიდან ერთი დედაბერი მექათმეო. ამის შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდეს, რატომ დედაშენი არ ანებებს თავს ბატონებთან სამსახურსო და კაცი იძულებული გახდა ძალით გამოეთრია გაჯიუტებული დედაბერი“-ო. ჯერ ერთი, ამ წერილის ავტორი იმას გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში მართლაც ტერორიზმი ყოფილა გამეფებული მარქსისტების თაოსნობით, რომელსაც ახდენდნენ ზემონახსენები „წითელი რაზმელები“, „ტყის ძმები“ და სხვები, – და ამიტომაც ჯარის ჩაყენება საჭირო ყოფილა ტერორისაგან თავის [103] დასაცავად. ამის გარდა, ეს ცნობა იმას გვიდასტურებს ილიას სასარგებლოდ, რომ მის სამსახურში გლეხობა ძალზე კარგად გრძნობდა თავს და სწორედ ამიტომ არ ტოვებდა ილიას კარ-მიდამოს ნახსენები დედაბერიც. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ცნობაც ისეთივე მოგონილი და შეთითხნილი იყო, როგორადაც მთელი მისი წერილი.

მაინც, ვინ იყო ეს ვ. ნ., რომელსაც ასე ფართოდ გაუღო კარი ჟურნალმა „მოგზაურმა“? დადასტურდა, რომ იგი იყო „მესამე დასელთა“, და კერძოდ, ფ. მახარაძის ჯაშუში – ვასილ ნაცვლიშვილი. მალე ისიც დადასტურდა, რომ იგი სულაც არ ყოფილა საგურამოში და ილიას წინააღმდეგ მთელი ეს ცრუ ბრალდებები აქვე – თბილისში შეთითხნა.

მაგრამ რა, უნამუსო ვირზე იჯდა, ფეხებს ატლაყუნებდაო! ვასილ ნაცვლიშვილს, შემდეგაც, არათუ არ სცხვენოდა ილიას წინააღმდეგ მიმართული, სიცრუეზე დამყარებული წერილის ავტორობა, ამაყობდა კიდეც ამ პასკვილით. როგორც ბატონი აკ. ბაქრაძე გადმოგვცემს – 1927 წელს იგი შესულა ცენტრარქივში მომუშავე რაჟდენ კალაძესთან, რომელიც მესამე დასის ისტორიის დაწერას აპირებდა და მისთვის უთქვამს – მეც მომიხსენიე ამ ისტორიაში, რადგან მე ვარ ის ვ. ნ., რომელმაც ილიას საბრალდებო წერილი დაუწერაო. კალაძეს იგი კაბინეტიდან გამოუგდია.

მაგრამ რა გინდა, წერილმა თავის მიზანს მაინც მიაღწია. ბრიყვ მასას მაინც სჯერა დღესაც მისი და მაინც იმეორებს წერილში გამოთქმულ სიცრუეს – ილია, თურმე სასტიკად ექცეოდა ყმა-გლეხებს, წყალი რა არის, წყალსაც კი არ აძლევდა სასმელად გლეხებს თავისი წყაროდანო. ერთმა არაკაცმა, რომელსაც წარმოდგენაც კი არა აქვს ილიას მწერლურ შემოქმედებაზე, ასე მითხრა მენტორული ტონით: ილია, მართალია, კარგი მწერალი იყო, მაგრამ ყმა-გლეხებს სახრეს ურტყამდა, თურმეო. ბრიყვთა ეს მასა, მიუხედაად თავისი უვიცობისა, არ შეიძლება ვერ მიმხვდარიყო, რომ ილიას წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები მთლად მართალი არ იქნებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს მასა (ყოველ შემთხვევაში მისი გარკვეული ნაწილი) მაინც კმაყოფილი დარჩა ილიას ასე გაბიაბრუებით. რატომ? სად უნდა ვეძიოთ ამის მიზეზი? ამაზე ნათელ პასუხს გვაძლევს ჩვენი დიდებული მგოსანი ვაჟა-ფშაველა თავის შესანიშნავ ლექსში – გიორგი სააკაძის სურათზე. აი ეს ლექსიც?

გიორგი სააკაძის სურათზე

ცალკერძ შენა ხარ და შენს პირდაპირ
მეორე სახე მე მეხატება
შენის ქვეყნისა – საქარველოსი.
რამდენი ფიქრი მწვავს, მებადება:
თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,
კარგი შვილები რად გვებადება?
შვილის სიკეთე მშობელს შეჰშურდეს,
ნამდვილს მშობელსა ეს ეკადრება?
ცრემლები მაღრჩობს, ვეღარას ვამბობ,
კარგის დაღუპვა რად გვენატრება
ჩვენის შვილისა, ჩვენივე ძმისა?!
ვეღარას ვიტყვი, ვთრთი, მეხათრება,
ჩემო ქვეყანავ, ჩემო სიცოცხლევ,
არ გეკადრება, არ გეკადრება!..

დიახ, ამ განსაზღვრებაში ვაჟა-ფშაველა სავსებით მართალია! სააკაძის კრიტიკოსები – კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი ბაქრაძე და სხვები ერთხმად იმას აბრალებენ გიორგი სააკაძეს, რომ 1714-1616 წლების სპარსელთა შემოსევისას იგი თან ახლდა შაჰ-აბასსო. ჯერ ერთი, შაჰაბასის შემოსევა, როგორც ეს ნათქვამია ჩემს პირველ წიგნში, განპირობებული იყო არა გიორგი სააკაძის შაჰ-აბასისადმი წამქეზებლობით, როგორც ამაში ბრალს სდებს „ქართლის ცხოვრება“ გიორგი სააკაძეს, არამედ თეიმურაზ I-ის ყოვლად უპერსპექტივო პრორუსული პოლიტიკით.

მაგრამ მთავარი აი, რა არის: ვინ და რატომ აურია გზა სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ გიორგი სააკაძეს? იმისთანა დიდებულ სარდალსა და თავისი ქვეყნის პატრიოტს, როგორიც სააკაძე იყო – მეფე, ერი და ბერი რომ ხელს ჰკრავს პარტიკულარისტი ფეოდალების ენების ამყოლი მეფის გამოუძიებელი გადაწყვეტილების ნიადაგზე, განა შეიძლება ამ ბოროტების რითიმე გამართლება? მაშ, რა ხდება? ხდება ის, რომ, როგორც თავად ბატონი კონსტანტინე ბრძანებდა – ვერ ვიტანთ დიდ პიროვნებას და უმალ მისი დაღუპვის სურვილი გვეუფლება. მაგალითები გნებავთ? უამრავიდან, თუნდაც რამოდენიმეს დაგისახელებთ საგულისხმოდ. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ტაძრის საკურთხეველზე ცხვარივით დავკალით არაბთა წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი მეფე – აშოტ კუროპალატი, – ვინც, ქართველი ერის გადამრჩენელსა და ძლიერების მწვერვალზე ამყვან დავით აღმაშენებელს სამი შეთქმულება მოვუწყვეთ მოსაკლავად, – ვინც უსპეტაკეს მეფე თამარს (ოქროს ეპოქის შემომქმედს) დიდი ომი გავუმართეთ იმისათვის, რომ იგი ტახტიდან ჩამოგვეგდო და მის ადგილზე დაგვესვა ზნედაცემული რუსი.

მაგრამ თავი დავანებოთ შორეულ ამბებს – ილიასთანა მოღვაწეს ჯერ ცილისწამების მორევში რომ ამოსვრის და მერე თოფს რომ ესვრის, იმ ერს ერი ეთქმის? აკი სწერდა კიდეც იმ დღეებში ვაჟა-ფშაველა: „საშინელი, მეტის-მეტად ბარბაროსული მკვლელობაა, რომლის მსგავსი არსად, არა ქვეყანაში არ მომხდარა და არც მოხდება! მხოლოდ საწყალს, უბადრუკს, უბადრუკის შვილების პატრონს საქართველოში შეიძლება ამისთანა მკვლელობა…“

 დიახ, ეს საზარელი მკვლელობა არ იყო მარტოოდენ მის ორგანიზატორთა და უშუალო შემსრულებელთა ბოროტგანზრახული აქტი. ჯერ ილიას ცრუ ბრალდებებს, ხოლო შემდეგ მის მკვლელობას მხარს უჭერდა მარქსისტების მიერ გაბრიყვებული ადამიანების ერთი ნაწილიც. [105]

ბრიყვთა სწორედ ეს ნაწილი იყო გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელთა სახით, რომლებიც წინ აღუდგნენ ჟურნალ „მოგზაურის“ ცილისმწამებლურ ბრალდებაზე ილიას საპასუხო წერილის დაბეჭდვას. ისინი აცხადებდნენ: „თუ ილიას პასუხი დაიბეჭდება გაზეთში, მაშინვე გაფიცვას მოვაწყობთო“. ხედავთ, ბოროტება სადამდეა ასული? ილიას, საპასუხო წერილის დაბეჭდვაზე უარს ეუბნება ის გაზეთი, რომლის დაარსებასაც მან უდიდესი ღვაწლი დასდო და რომელიც მისივე რედაქტორობით ფარად ედგა მთელ საქართველოს რუსული რეაქციის შემოტევისას. უფრო საწყენი ისაა, რომ ილის წინ აღუდგა მარქსისტების მიერ წაქეზებული, გულუბრყვილო ადამიანთა ის ნაწილიც, ვის ინტერესებსაც იგი იცავდა კალმითაც და საქმითაც (გავიხსენოთ თუნდაც ბატონ-ყმობის გაუქმების ჟამს ილიას თავგამოდება – ყმა მიწიანად უნდა განთავისუფლდესო).

როგორც გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელთა პოზიციიდან ჩანს, ისინი, არც ისე გულუბრყვილონი ყოფილან, რომ არ სცოდნოდათ, სწორი იყო თუ არა ილიას მიმართ წაყენებული ბრალდებები. გამოდის, რომ იცოდნენ, მაგრამ აწყობდათ ილიას გალანძღვა, რადგან მარქსისტების ჩაგონებით, ილია როგორც თავადი, ხომ წინააღმდეგდი იყო იმ „სამოთხისა“, რომელიც სოციალისტებს უნდა აეშენებინათ მშრომელებისათვის. დიახ, ეს ასეა, თორემ რატომ უნდა განეცხადებინათ პროტესტი გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებს ილიას პასუხის დაბეჭდვაზე? დაე, გარკვეულიყო მტყუანი და მართალი! – რა იყო ამაში ცუდი? ბოლოს, ამ წინააღმდეგობის გამო, ილია იძულებული გახდა თავისი პასუხი – „ნუთუ?“, თავისი ხარჯით დაესტამბა და როგორც „ივერიის“ დამატება, ისე გაევრცელებინა. იგი ჟურნალ „მოგზაურის“ კორესპონდენტის ბრალდებაზე და ამ წერილის მიმართ გამოხმაურებულ „ივერიის“ რედაქციის მიერ დასმულ კითხვაზე: ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ „გლახის ნაამბობის“ ავტორს ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან?.. იმედი ვიქონიოთ, რომ თითონ ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენტის შინაარსის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებსო – ილია ასე პასუხობდა: „თუ მართალი ხარ, თავი იმართლე ბეჭდვითვეო, ეს ადვილად სათქმელია და ზოგჯერ შეუძლებელი ასასრულებლად. მაგალითებრ, განა არ შემიძლიან დავწერო და დასაბეჭდად წავიღო, რომ ერთმა გლეხმა მიამბო, ვითმოც რედაქტორი „მოგზაურისა“ ერთს ვიღაცის სახლში შესულა, ერთი მანეთი მოუპარავს და გაპარულა. ნუთუ ის ყოვლად უსაბუთო, ყოვლად უგეშო ბრალდება უნდა დაბეჭდოს ან გაზეთმა, ან ჟურნალმა იმ იმედით, რომ თუ ეს ამბავი ტყუილია, ბრალდებული ამ ტყუილს დაამტკიცებსო?“

მაგრამ ამას ვინ დაგიდევდა – მთავარი ის იყო, რომ ილიას წინააღმდეგ მარქსისტებს ხალხის თვალში ილიასათვის სახელი გაეტეხათ ამ ყალთაბანდური ბრალდებებით, რომ შემდეგ მისი მკვლელობაც გაემართლებინათ.

ამიტომაც, ილიას საპასუხო წერილის გამოქვეყნებისთანავე, ჟურნალმა „მოგზაურმა“ არნახული განგაში ატეხა ენაბილწი წერილებით, რომელთა შორის უმთავრესი იყო ფ. მახარაძის წერილი – „თავის მართლებაც ასეთი [106] უნდა“. იმისათვის, რომ სახელი გაეტეხათ, შეეძულებინათ ხალხისათვის და სასიკვდილოდ გაეწირათ ქართველი ერის ეს სულიერი მოჭირნახულე – ილია ჭავჭავაძე, რას არ კადრულობდნენ, რას არ უგონებდნენ და რას არ უწოდებდნენ ამ დიდებულ კაცს: ილია ოინბაზი, კინტო, მსოფლიო მნიშვნელობის ჯაშუში, კაცთმოძულე, მონარქისტი, კონტრრევოლუციონერი, რეაქციონერი, ილია გლეხების მკვლელი, ილია მუშების მტერი, ილია მებატონე და სხვა.

საჭიროა აღინიშნოს ბრიყვი მასის გასაგონად, რომლებიც ახლაც იმეორებენ მახარაძელთა ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რომ იმ დროს, როცა ეს პასკვილები იწერებოდა, ილიას არც ერთი ყმა აღარ ჰყავდა. მან ჯერ კიდევ ბატონყმობის გაუქმებამდე (1864 წ.) ბევრად ადრე გაანთავისუფლა თავისი ყმები და დაიტოვა მხოლოდ ნებაყოფლობითი მომსახურე პერსონალი, რომლებიც ილიასთან გაცილებით უკეთესად გრძნობდნენ თავს (თუნდ იმ მექათმე დედაბერის სახით), ვიდრე თავიანთ კარ-მიდამოში.

 ილიასადმი ფილიპე მახარაძის ცილისმწამებლობა მარტო მის გლეხებთან დამოკიდებულებაში როდი გამოიხატებოდა. წარმოიდგინეთ სადამდე მიდიოდა მისი უვიცობა და თავხედობა, როცა იგი უარყოფდა არა მარტო ილიას მწერლურ შემოქმედებას და ჟურნალისტურ საქმიანობას, არამედ მთელს ქართულ მწერლობას და უგულებელყოფდა თვით შოთა რუსთაველის გენიალურ ქმნილებას – „ვეფხისტყაოსანს“, როცა იგი მასზე უფრო მაღლა აყენებდა დანიელ ჭონქაძეს და მის შემოქმედებას „სურამის ციხეს!“ აი, ზოგიერთი ამონაწერი ამხანაგ ფილიპეს ნაშრომ-ნაცოდვილარიდან, რომელთა შორის ერთი მათგანის სათაურია – „დანიელ ჭონქაძე და მისი დრო“ (1929 წ.), ხოლო მეორესი – „ეგნატე ნინოშვილის დრო, ცხოვრება და შემოქმედება“ (1930 წ.). იგი შოთა რუსთაველსა და მისი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ წერს: „მართალია, ჩვენს ძველ მწერლობაში არის ერთადერთი გამოჩენილი პირი – შოთა რუსთაველი თავის „ვეფხიტყაოსნით“ (ერთადერთიო! სხვა დანარჩენები – ი. ცურტაველი, ი. საბანისძე, ი. ზოსიმე, გ. მერჩულე, მ. ხონელი, შავთელი, ჩახრუხაძე – სახსენებლებიც არ არიან, თურმე!), მაგრამ რუსთაველი არ გადმოგვცემს თავის ნაწარმოებში ხალხის სულისკვეთებას და მის მისწრაფებათ; „ვეფხისტყაოსანში“ თქვენ ვერ ხედავთ ჩვენი ხალხის ცხოვრებას; ის ზღაპრული პოემაა აღმოსავლეთის კილოზე, სადაც გაღმერთებულია ქალვაჟის სიყვარული, მონური წეს-წყობილება და მონური ცხოვრება. ამნაირი შინაარსის პოემამ შეიძლება მოიპოვოს მრავალი მკითხველი, რომელიც უსაქმოდ და უდარდელათ ატარებს დროს და სხვისი ნაოფლარით ცხოვრობს, მაგრამ იგი არასოდეს არ შეიძლება გახდეს რომელიმე ნაყოფიერი მოძრაობის ან მოვლენის სათავეო“.

აქ ფილიპეს მხედველობაში აქვს რევოლუცია, ხალხის ერთმანეთისადმი მისევა და მასიური კაცთაკვლა. რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ კი ამას ვერ ვხედავთო, ბრძანებს ამხანაგი ფილიპე. [107] რუსთაველისადმი ფილიპესეული კრიტიკა სხვა მხრივაცაა განსასჯელი. კომუნისტი ფილიპე თამარ მეფის ხანას „მონურს“ უწოდებს, რომელსაც რუსთაველი „გვიქებსო“. მაგრამ მას ავიწყდება ის ბარბაროსობა და ის მონობა, რომელიც მათ თავად დაუმკვიდრეს ხალხს ჯერ მასიური ხოცვა- ჟლეტით, არნახული დიქტატურით და მერე შრომის მონური ანაზღაურებით. არც ერთი ფეოდალი არასდროს იმას არ იკადრებდა, რომ მის მამულში მომუშავე ყმა-გლეხი არ დაეპურებინა – საუზმე, სადილი, ვახშამი მათთვის არ ყოფილიყოს. კომუნისტები კი საკონცენტრაციო ბანაკებს მიმსგავსებულ კოლმეურნეობებში ძალით შეყრილ ხალხს შრომადღეზე ზოგჯერ 200 გრამ ხორბალსაც არ აძლევდნენ, რომელიც საარსებოდ 5-სულიან ოჯახს კი არა, ბეღურა ჩიტსაც არ ეყოფოდა. აი, რა იყო ნამდვილი მონობა, რომელიც ფილიპე მახარაძემ და მისთანა კომუნისტებმა დაუმკვიდრეს ხალხს.

ამხანაგი ფილიპე, როგორც ითქვა, სავსებით უარყოფდა ძველ ქართულ მწერლობას და მათ შორის შოთა რუსთაველს და მის „ვეფხისტყაოსანს“. მისი აზრით, მწერლები ეთქმით მხოლოდ ჩვენი დროის ორ მწერალს – დანიელ ჭონქაძეს და ეგნატე ნინოშვილსო. იგი ასეთ პარალელს ავლებს რუსთაველის „ვეფხისტყაოსანსა“ და დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხეს“ შორის: „ჩვენში რომ ვისმეს ჰკითხოთ: რომელი წიგნია ხალხში უფრო გავრცელებულიო? – უეჭველია პასუხს მიიღებთ, რომ „ვეფხისტყაოსანიო“… მაგრამ ამჟამად „მშრომელი ხალხი მას ნაკლებად ეტანება, და რაც დრო გადის, მისი ინტერესი კიდევ უფრო კლებულობს. „ვეფხისტყაოსანს“ უფრო ეტანება და გასავალი აქვს საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც დაჩვეულია უსაქმურობას და რომელსაც მოსწონს აღმოსავლეთის რაინდული ცხოვრება. თუ ოდესმე ხსენებული პოემა, როგორც ზღაპრული პოემა იპყრობდა ხალხის ყურადღებას, დღეს ეს სრულებით აღარ ითქმის… იქ გამოხატული და დასურათებული გმირები დღევანდელი მკვითხველისათვის სრულებით გაუგებარი და უსარგებლოაო“. სულ სხვა ითქმის დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხეზეო“. „თანამედროვე ქართულ მწერლობაში არ მოიპოვება მეორე მოთხრობა (ე. ი. არც „ოთარაანთ ქვრივი“, არც „გლახის ნაამბობი“ და არც პოემა „კაკო ყაჩაღი“!), რომელიც „სურამის ციხესავით“ იყოს გავრცელებული ხალხში, რადგან ხალხმა „სურამის ციხეში“ დაინახა თავისი მწარე ხვედრი და თავგადასავალიო“…

შენ კაცის ბოროტული აკვიატება მითხარი, თორემ – განა ილიას აღნიშნულ ნაწარმოებებში უფრო მკვეთრად არაა გამოხატული ბატონყმობის ეპოქაში მშრომელი კაცის ეს მწარე ხვედრი? რით სჯობს „სურამის ციხე“ გინდ „ოთარაანთ ქვრივს“ და გინდ „გლახის ნაამბობს“? მარქსიზმით გონებადაბინდული ფილიპე, როგორც კომუნისტიკოსმოპოლიტი და თავისი ქვეყნის კულტურულ მიღწევათა უარმყოფელი

ნიჰილისტი, სავსებით უგულებელჰყოფს არა მარტო ორიათასწლოვან ქართულ მწერლობას, გარდა დანიელ ჭონქაძისა და ეგნატე ნინოშვილისა, არამედ ქართველი ერის სამიათასწლოვან ისტორიასაც თავისი გმირული [108] წარსულით.

აი, რას წერს იგი თავის უბადრუკ ნაშრომებში ჯერ ჩვენი მწერლობის შესახებ დასავლეთ ევროპის მწერლობასთან პარალელის გავლებით: „მწერლობა ჩვენშიც, როგორც ყველგან, დიდი ხანიდან არსებობდა, მაგრამ იგი უფრო ძალით გადმონერგილი მცენარე იყო, ვიდრე ჩვენი ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენებული. ამიტომ იგი დაბადებიდანვე მკვდარი იყოო“. აი, ასე ათახსირებს ამხ. ფილიპე ჩვენს ეროვნულ მწერლობას და იცით რა მოტივით? რა მწერლობაა ის მწერლობა, რომელსაც თავისი ნაწარმოებებით რევოლუციური მოძრაობა არ გამოუწვევიაო! ამ თვალსაზრისით ამხანაგი ფილიპე გვიქებს დასავლეთ ევროპის მწერლებს და ხელოვნების მოღვაწეებს: შექსპირს, ბაირონს, გოეთეს, შილერს, ბეთჰოვენს, დანტეს, რაფაელს და მიქელანჯელოს, რომელთა ნააზრევის მიხედვით, მათმა ხალხმა რევოლუციები მოახდინესო, ხოლო რუსთაველი მათთან სახსენებელიც არ არის, რადგან ფილიპეს ჭკუით, რუსთაველის პოემამ „ვეფხისტყაოსანმა“ საქართველოში ვერც ბურჟუაზიული და ვერც სოციალისტური რევოლუცია ვერ გამოიწვია. ერთი სიტყვით, ფილიპეს ჭკუით, კაპიკადაც არ ღირს ერის სულიერი ცხოვრება, თუ რევოლუციები არ მოუხდენია და საზოგადოების ერთ ნაწილს მეორე ნაწილი არ უჟლეტია. ამ თვალსაზრისით, ამხანაგი ფილიპე „საბრალო“ ხალხს გვიწოდებს, რადგან მისივე სიტყვით, „წარსულ ცხოვრებას არ აცისკროვნებს და არ აბრწყინებს არც ერთი შესანიშნავი პირი, რომლის ნაწარმოები ამაღლებდეს გრძნობა-გონებას და აღვიძებდეს ინტერესს წინსვლისადმი.

შესაძლებელია, ასეთ ხალხს მრავალი განსაცდელი გამოეაროს, მაგრამ ისტორია მას ხსენების ღირსად არ ჩათვლის, ვინაიდან მის ცხოვრებაში არ მომხდარა ისეთი რამ, რაც მას ამის ღირსად ჩათვლის“. ფილიპე ამ სიტყვებში კვლავ რევოლუციას გულისხმობს, ხოლო ურევოლუციოდ, მისი ჭკუით, ერის ცხოვრება, ცხოვრებად არ ჩაითვლება, თურმე! ბოლოს იგი ასკვნის: „ვინც ჩვენს ისტორიას გაეცნობა, იგი დარწმუნდება, რომ სწორედ ასეთი ყოფილა ჩვენი ხალხის ცხოვრება წარსულშიო“.

ამის გარდა ამხანაგი ფილიპე იმასაც გვიკიჟინებს, რომ „ქართულ ისტორიას ჯერ არა ჰყავს გამოჩენიილი ისტორიკოსიო“. ივანე ჯავახიშვილს ისტორიკოსად არ თვლის. აგდებით მას „ვაჟბატონს“ უწოდებს. მაგალითად, იგი წერს: „ბევრი ჩვენი წარსული ცხოვრების მადიდებელი ვაჟბატონი, რომელსაც ამ ისტორიისა არაფერი გაეგება, უეჭველად დაგვძრახავს და იტყვის – როგორ თუ არ გვყოლია დიდებული პირებიო – დაგვეკითხებიან გაოცებით და გვიპასუხებენ – „განა დიდებული პირები არ არიან ვახტანგ გორგასალი, ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და სხვანიო? განა ბრწყინვალე ხანათ არ ჩაითვლება თამარ მეფის დროო?“ ამის შემდეგ ამხანაგი ფილიპე კითხვას უსვამს „ვაჟბატონ“ ისტორიკოსს: განა პიროვნება, გამოჩენილი რომ იყოს, „ამისათვის საკმარისია მხოლოდ სისხლისღვრა, შეუწყვეტელი ომები და ადამიანთა ჟლეტაო?“ [109] ხედავთ, სადამდე მიდის მისი თავხედობა?! თურმე, „სისხლისღვრა, შეუწყვეტელი ომები და ადამიანთა ჟლეტა“, რასაც მტრები გვახვევდნენ თავს და მათი გამოისობით ხდებოდა, ჩვენი მეფეების ბრალი ყოფილა და არა სხვისი. თანაც, სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლა, რითაც ყოველი ქვეყანა ამაყობს – არაფერიც არ ყოფილა!

ჰო, მაგრამ, რატომ, ამ თვალსაზრისით, ამხანაგი ფილიპე რუსეთის ისტორიასაც არ აკრიტიკებს? რუსებს ხომ ცამდე აჰყავთ ქებით ეროვნული თავისუფლებისათვის მებრძოლი თავიანთი მთავრები, მეფეები და ფეოდალი სარდლები – ალექსანდრე ნეველი, დიმიტრი დონელი, მინინი, პოჟარსკი, პეტრე პირველი და კუტუზოვი?! რაო, მათ ნაკლები სისხლი ღვარეს სამშობლოს დასაცავად? განა თვით კომუნისტები – ლენინი, სტალინი ქებით არ იხსენებდნენ რუსეთის თავისუფლებისათვის მებრძოლ ამ პირებს? არა, ჩვენ გვედავებიან მხოლოდ, ფილიპესნაირი, სამშობლო ისტორიის უარმყოფელი პირები.

ამხანაგი ფილიპე 60-იანი წლების ჩვენს დიდებულ პრესასაც უარყოფდა, რამეთუ იგი ემსახურებოდა არა წოდებათა წასისიანებას, კომუნისტების მსგავსად, არამედ საერთო ძალისხმევით ჯერ რუსიფიკაციისაგან საქართველოს გადარჩენას, ხოლო ამის პარალელურად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. კომუნისტ-კოსმოპოლიტ ფილიპეს კი ეს პრობლემა სულაც არ აწუხებდა, რადგან მარქსის მოძღვრების თანახმად, „პროლეტარებს სამშობლო არა აქვთ, ისინი სადაც კუჭს გაიძღობენ, სამშობლოც იქ ექნებათო“.

ერთი სიტყვით, კომუნისტებისათვის მთავარ იყო „კუჭი და ტუალეტი“ – სამშობლო და ერი მათთვის უარყოფითი მოვლენა იყო და ამიტომაც ესწრაფვოდნენ ყოველი ერის (უპირველესად ქართველი ერის) ეროვნულ თავისებურებათა წაშლას და კაცობრიობის გაერთნაირებას ერთიანი ენით, ერთნაირი მისწრაფებებით, ერთნაირი გემოვნებით და ერთნაირი ზნეხასიათით. ჰოდა, ასეთი მახინჯი აზროვნების ფილიპესნაირ ადამიანებს, აბა, რაში ეპიტნავებოდათ ილია და მისი ეროვნულ-პატრიოტული მოძღვრება, გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით რომ უქადაგებდა ქართველ ხალხს. ამხანაგი ფილიპე „ივერიის“ ფურცლებზე გამოხატულ ამ პატრიოტულ იდეებს „გამათახსირებელს“ უწოდებდა.

აი, რას წერდა იგი კონკრეტულად ქართული ეროვნული პრესის მისამართით, კერძოდ კი, ილიასეული გაზეთის – „ივერიის“ შესახებ – იმ „ივერიისა“, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეროვნული მეობის შენარჩუნება და უდიდესი როლიც შეასრულა ამ მიმართულებით: „1877 წლიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იწყებს გამოსვლას „ივერია“ ჯერ ჟურნალის და შემდეგ გაზეთის სახით. მის მთავარ მიზანს შეადგენდა თავადაზნაურობის, როგორც მიწათმფლობელთა კლასის, ინტერესების დაცვა, და ამ მიზანს ის ემსახურებოდა განუწყვეტლივ და სისტემატურად“.

…„სავალალო მხოლოდ ის იყო, რომ „ივერიამ“ შეძლო ამავე გზაზე (თავა-აზნაურული იდეოლოგიის დაცვა – პატრიარქალურ-ფეოდალური წყობილების დაცვა) დაეყენებინა ახალგაზრდობის ერთი, უფრო [110] რადიკალურად განწყობილი ჯგუფი, რომელიც ერთ დროს რევოლუციონურად და სოციალისტურადაც იყო განწყობილი რუსეთის ნაროდნიკების ზეგავლენით (ალ. ნანეიშვილი, გ. ლასხიშვილი, სტ. ჭრელაშვილი და სხვა). ახალგაზრდობის ეს ჯგუფი მოექცა „ივერიის“ გამათახსირებელი გავლენის ქვეშ“.

ეს იყო უსირცხვილო ბრალდება, რამეთუ არც ილია ჭავჭავაძე, და მითუმეტეს, აქ ნახსენები სოციალისტ-ფედერალისტი გიორგი ლასხიშვილი სულაც არ ყოფილან „პატრიარქალურ-ფეოდალური“ წყობილების დამცველები. ერთიც და მეორეც იბრძოდნენ თავისუფალი, დამოუკიდებელი და განახლებული საქართველოსათვის. რადგან გიორგი ლასხიშვილზე ჩამოვარდა საუბარი, მეტად საყურადღებოა ის ცნობები, რომლებსაც ლასხიშვილი გადმოგვცემს ილიას აზრს რუსეთის მოახლოებულ რევოლუციაზე თავის შესანიშნავ მემუარებში. იგი წერს:

„მახსოვს, …ილიას შევეკითხე საერთოდ რუსეთის რევოლუციაზე. ილია იმ აზრის იყო, რომ რუსეთის რევოლუციის მამოძრავებელი ძალა – აგრარული საკითხია. ქვეყნის უმრავლესობა გლეხობა არის, სთქვა ილიამ, ამაზეა დაყრდნობილი სახელმწიფოს კეთილდღეობა, და სწორედ ეს წოდებაა ცუდ ყოფაში ჩაყენებული. რუსეთში დიდია გლეხთა მიწათმფლობელობის კრიზისი და აი, ამ მხარეს უნდა მიექცეს მთავარი ყურადღება. რუსეთი თავისებური ისტორიისა და კულტურის მქონეა. არ ვფიქრობ, რომ ის წავიდეს დასავლეთ ევროპის ჩვეულებრივი გზით. მისი განმათავისუფლებელი მოძრაობა შეიძლება საშინელ სტიქიურ „ბუნტად“ გადაიქცეს და გლეხთა ამოძრავებულმა ძალამ ქვა-ქვაზედაც არ დასტოვოს. ამ ცეცხლს მორიდება უნდა. პარტიებმაც, მთავრობამაც ანგარიში უნდა გაუწიონ ამას და რევოლუციის გაღრმავების მაგიერ დაუყოვნებლივ შეუდგნენ აგრარულ პრობლემის მშვიდობიანის გზით მოწესრიგებასო.

საზოგადოდ, ილია, პესიმისტურად იყო განწყობილი და არაფერ კარგს არ მოელოდა რუსეთის რევოლუციისაგან.

ხედავთ? – ნაცვლად ქარაფშუტა მარქსისტებისა, რომლებიც რუსეთის რევოლუციისგან ზეციური სამოთხის დამყარებას მოელოდნენ ქვეყნად და ამითვე იმხრობდნენ ხალხს, რა საღად უყურებდა ილია ამ რევოლუციისგან მოსალოდნელ შედეგს? ხედავთ? – როგორის სიზუსტით აღსრულდა ილიას წინასწარხედვა, როცა რუსეთის რევოლუციას მართლაც მოჰყვა ჯოჯოხეთური ცეცხლი, რომელმაც მთლად წალეკა ქვეყნიერება, ადამიანთა ის ელემენტარული უფლებებიც კი, რომელიც მეფის ხელისუფლების დროს ჰქონდა და მილიონიან მასებს – მუშებს, გლეხებს, ინტელიგენციას ზღვა სისხლი აღვრევინა?!

ჟურნალი „მოგზაური“ ილიას მთავარ ბრალდებად მემამულეობას უყენებდა. ილია მემამულეო, ილია ფეოდალიო და ა. შ., როცა სინამდვილეში საგურამოს მამული ცოლის მზითევი იყო და რომლის შემოსავალსაც, ფაქტობრივად, ეროვნულ საქმეს ახმარდა. [111]

დიახ, ილია, როგორც არაოფიციალური მეთაური ქვეყნისა, ამ მამულიდან მიღებული შემოსავალით უმასპინძლდებოდა ქართველი ერის კეთილმოსურნე სტუმრებს – არტურ ლეისტს, მარჯორი უორდროპს და მრავალ მიმსვლელ-მომსვლელს. გარდა ამისა, შენ ქართველი კაცის ავი ბუნება მითხარი – მეტოქისადმი ქიშპი და ცილისწამება, თორემ, ილიას მამული ხომ ერთ პატარა, ბაღჩადაც კი არ გამოჩნდებოდა ლევ ტოლსტოის მამულთან შედარებით, სადაც ნახევარი საქართველო ჩაეტეოდა! მერედა, გაგიგონიათ რომელიმე რუსისაგან, გინდ მათი მარქსისტებისაგან აუგი ტოლსტოიზე, „მემამულეობის“ ბრალდებით? არა, რა თქმა უნდა! მარტო ქართველი მარქსისტები იყვნენ ასეთი ბედოვლათები!

ერთი სიტყვით, მარქსისტებმა, ფილიპე მახარაძის თაოსნობით, ყველანაირი ბინძური პროპაგანდა გააჩაღეს იმისათვის, რომ ილიას მკვლელობა გაემართლებინათ საზოგადოების თვალში. ილია რომ უნდა მოეკლათ, ეს წინასწარვე იცოდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრებმა.

აი, ამისი ორი თვალსაჩინო ფაქტი: ზაქარია ჭიჭინაძეს, როგორც გამოჩენილ მწიგნობარსა და ჩვენი წარსული ისტორიის მკვლევარს, მთელი წიგნიერი საქართველო იცნობდა და პატივს სცემდა მაშინაც და ახლაც. 1907 წელს ბატონი ზაქარია პურის საჭმელად წასულა საბაშვილის კუთვნილ ღვინის სარდაფში. საბაშვილს ღვინო, ყველი და პური მიურთმევია მისთვის. ზაქარიას მაგიდის სიახლოვეს სოციალ-დემოკრატი ახალგაზრდები მსხდარან. იშტაზე მოსულ ზაქარიას ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელო დაულევია და მათთვისაც შეუთავაზებია. მათ კი, აი, რა უპასუხიათ: შავრაზმელ ილია ჭავჭავაძის სადღეგრძელოს ჩვენ როგორ შევსვამთ. ამ დღეებში მის მოკვლას ვაპირებთ და, თუ ძალიან გინდა, შესანდობარს დაგილევთო. თანაც, ამ სიტყვებს მოაყოლეს თურმე ილიას ყოვლად უწმაწური სიტყვებით გინება.

ზაქარიას ეს ვეღარ მოუთმენია და უთქვამს მათთვის: თქვენ ყველანი ძაღლის თესლიდამა ხართ გამოსულნი. თქვენ სოციალ-დემოკრატები კი არა, ნამდვილი უზრდელი კინტოები ხართო. აბათუ ეგრეაო და წაავლეს ხელი თურმე ზაქარიას, წაიგდეს ფეხქვეშ და წიხლები დაუშინეს. მერე უკიდურესად ნაცემი, ცოცხალ-მკვდარი ზაქარია სარდაფიდან გაათრიეს და ქუჩაში დააგდეს. აი, სადამდეა მისული ილიასადმი ბრიყვი მასის დამოკიდებულება.

ერთი სიტყვით, ილია გაიწირა. მისმა პატიოსანმა, ლოგიკურმა კრიტიკამ ოპონენტების მიმართ შედეგი ვერ გამოიღო, რამდენადაც მის წინ იყვნენ უსირცხვილო კინტოები, რომლებიც „ჩვენი შენ გითხარიო“, ამ ანდაზის მიხედვით, თვით ილიას ნათლავდნენ ამ სიტყვებით. უბედურება ის იყო, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა ერთ ილიას მარქსისტების მიერ მოწამლული მასის ვეებერთელა ხროვა დაუპირისპირდა, მას ქომაგი არავინ გამოუჩნდა, რამეთუ ილიას თაყვანისმცემლები თავადაც ტერორის ქვეშ აღმოჩნდნენ მარქსისტულ-ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან. [112]

აი, რას წერს ბატონი ვ. გურგენიძე თავის მონოგრაფიაში – „ჯვარს ვაცვით ილია“, ფართო მასის იმ განწყობილების შესახებ, რომელიც შეიქმნა ილიას მიმართ მთელს საქართველოში მახარაძელთა ბილწი ცილისმწამებლობის შედეგად: „ილიასადმი საძულველი პროპაგანდის წყალობით ისე გადარიეს ხალხი, რომ ყველგან ანადგურებდნენ და სპობდნენ ილიას ნაწერებს. როგორც სილოვან ხუნდაძე წერდა 1907 წელს ქუთაისში დაბეჭდილ ბროშურაში „ილია ჭავჭავაძის სახსოვრად“, „უპატიოსნო და სინდისზე ხელაღებულნი იქამდისაც მივიდნენ, რომ მის თხზულებებს საჯაროდ სწვავდნენ, მის სურათებს გლეჯდნენ, სთხრეშდნენ ყოველგან, სადაც კი თავიანთი ბინძური ხელი მიუწვდებოდათ…“

და, მაინც, ილიას მოკვლის თანხმობა ვერ მიიღეს მახარაძელებმა, ვერც დუშეთის და, ვერც მცხეთის ორგანიზაციებში. ამიტომ „მესამე დასელმა“ მარქსისტებმა ილია ჭავჭავაძის მოკვლის გადაწყვეტილება მიიღეს გურიაში – ოზურგეთის მაზრის სოფ. ბახვის ორგანიზაციაში. ამ კრებას „მესამე დასის“ ყველა გამოჩენილი მარქსისტი ესწრებოდა და ყველამ  საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა თანხმობა ილიას მოკვლაზე. სოციალ-დემოკრატიული (იგივე „მესამე დასის“ უმცირესობის) პარტიის დავალებით მკვლელობა შეასრულეს: თედო ლაბაურმა, გიორგი ხიზანიშვილმა, ივანე ინაშვილმა, პავლე ფშავლიშვილმა, გიგლა ბერბიჭაშვილმა და ვიღაც იმერელმა, რომლის ფსევდონიმის უკან დღემდე იმალებოდა სერგო ორჯონიკიძე. ამათგან, მეფის სასამართლომ თედო ლაბაური, გიორგი ხიზანიშვილი და ივანე ინაშვილი – ჩამოახრჩო, პავლე ფშავლიშვილი კი სხვა ყაჩაღებთან ერთად მოკლეს 1908 წელს. გადარჩნენ მხოლოდ – გიგლა ბერბიჭაშვილი და სერგო ორჯონიკიძე – მათ სპარსეთში გაქცევით უშველეს თავს. თავდამსხმელებმა გაძარცვეს ილია და მისი გონდაკარგული მეუღლე იმ აზრის შესაქმნელად, ვითომდა მკვლელობა პოლიტიკურ ნიადაგზე კი არ არის ჩადენილი, არამედ მძარცველობის საფუძველზეო.

მეფის მთავრობის გამოძიებამ საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად დაადგინა მკვლელობის თაოსანი ორგანიზაციაც, შემსრულებლებიც და მკვლელობის გამომწვევი მიზეზებიც. 1907 წელს თბილისის გუბერნატორი პეტერბურგში იუსტიციის მინისტრს ატყობინებდა: „30 აგვისტოს, დაახლოებით ნაშუადღევის პირველ საათზე, საგურამოდან 4-ვერსის დაშორებით, დუშეთის მაზრაში, სამხედრო ფორაში გადაცმულმა ბოროტგანმზრახველებმა ტყვიით მოკლეს სახელმწიფო საბჭოს წევრი, თავადი ილია ჭავჭავაძე და მისი მოსამსახურე. დაჭრილია კნეინა, რომელიც კონდახებით სცემეს თავში. ყველანი გაძარცულნი არიან. მიღებულია სასწრაფო ზომები. არის მოსაზრება, რომ თავადი მოკლეს ადგილობრივმა გლეხებმა სოციალ-დემოკრატების წაქეზებით. გაძარცვა სიმულაციის მიზნით არის მომხდარი“.

თვით სოციალ-დემოკრატები, ვინც მართლაც ამ საუკუნო დანაშაულს უთავა, თავს ასე იმართლებდნენ თავიანთ გაზეთში – „ჩვენი გზა“, 1907 წლის 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში: „ვთქვათ, სოციალდემოკრატების მიერ მომზადებულმა ნიადაგმა დაბადა ეს მკვლელობა, [113] მერე ამისათვის განა შეიძლება დაგმოთ თვით ნიადაგი, რომელზედაც აღმოცენდა კავკასიის რევოლუცია იმიტომ, რომ სადაც ხე იჭრება, იქ ნაფოტებიც ცვივაო?“

ჯერ ერთი, რა „ბედნიერებაც“ მოუტანეს ხალხს მარქსისტებმა თავიანთი რევოლუციით, ეს ჰკითხონ მათ მიერ მილიონობით დახვრეტილთა და ციმბრში დასამარებულთა სულებს.

მეორეც, სწორედ ამ ბნელი საქმეების ჩადენისათვის თვით იქცნენ ისინი ნაფოტებად, რამეთუ ილიას მკვლელობის თაოსნები, დღეს, ყველანი ერთად, ისტორიის სანაგვეზე არიან მოსროლილები, ხოლო ილიას სახელი, როგორც დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწისა, მარად უკვდავი იქნება არა მარტო საქართველოს ისტორიაში, მის აწმყოსა და მომავალში, არამედ მთელი კაცობრიობის თვალშიც. მაგრამ იმ ფაქტს როგორ ამოშლი ისტორიიდან, როცა ეს დიდებული კაცი თვით ქართველთაგან გაიწირა?! აი, რას წერს ამის შესახებ ბატონი ვ. გურგენიძე თავის მონოგრაფიაში – „ჯვარს ვაცვით ილია“: „ილია მოკლეს არც სომხებმა (იყო ცდა გადაგვებრალებინა „ქვათა ღაღადის“ გამო მათთვის) და არც „სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა რუსებმა – მეფის ჟანდარმერიის წარმომადგენლებმა“. ილია მოვკალით ჩვენ და ამ მკვლელობაში ბრალი მიუძღვის მთელ ქართველ ხალხს, იმდროინდელი ქართველი საზოგადოების ყველა წევრს!“ (გვ. 8).

უნდა ითქვას, რომ თვით აკაკი წერეთელიც ამ აზრის იყო. ილიას მკვლელობაში იგი ბრალს სდებდა არა მხოლოდ ქართველ მარქსისტთა მცირე ჯგუფს, არამედ ამ დემაგოგთა ამყოლ მთელ ქართველ მასასაც. აი, თუნდაც ერთი შესანიშნავი ეპიზოდი აკაკის ბოლოდროინდელი ცხოვრებიდან, რომელიც მოთხრობილია პოეტ კოლაუ ნადირაძის მიერ, 1991 წლის 14 ოქტომბრის გაზეთ „თბილისში“ შალვა მარკოზაშვილის ავტორობით გამოქვეყნებულ წერილში – „არ ცდებოდა აკაკი“: როგორც ცნობილია, აკაკი ვერ დაესწრო მთაწმინდაზე ილიას დაკრძალვას ავადმყოფობის გამო. იგი ილიას ცხედარს გამოეთხოვა სასტუმრო „კავკაზის“ აივნიდან ხელიხელთ გამოყვანილი, მეტად ღირსსახსოვარი, ისტორიული სიტყვით. სასტუმროში შებრუნებულს, უკიდურესად გამწარებულს უთქვამს: „ამას რას მოვესწარი – კაცი, რომელმაც სამშობლოს კეთილდღეობას მოახმარა თავისი სიცოცხლე, სიკვდილის ღირსი იყო? მერე ვინ მოკლა იგი? ქართველებმა! ნუთუ, ისე უნდა დაეცეს ერი, რომ მადლობის ნაცვლად გული გაუგმიროს თავის მოამაგეს? ვაი, რა დრო დადგა, ვაი, ჩვენს ცხოვრებას!..“

შემდეგში, როცა აკაკი ცოტა მომჯობინებულა, უთხოვია – მთაწმინდაზე ამიყვანეთ, ილიას საფლავზეო. ეტლი შეუთავაზებიათ, მაგრამ უარი უთქვამს – ფეხით მინდა ავიდეო. ხელჩაკიდებული, სვენებსვენებით აუყვანიათ იგი კოლაუ ნადირაძესა და სერგო კლდიაშვილს.

ილიას საფლავთან მისულს დაუჩოქია და აცრემლებულა. ასე ყოფილა ერთხანს. მერე თანმხლები პირების დახმარებით ფეხზე წამომდგარა, ცრემლი მოუწმენდია, ხელი დედაქალაქისაკენ გაუშვერია და უთქვამს: – მიმიფურთხებია შენთვის საქართველო!“ (ცხადია, ილიას მოკვლისათვის).

დიახ, ილია ჭავჭავაძე თვით ქართველი ერის უარმყოფელი ქართველი მარქსისტების მოკლულია, რასაც თანაუგრძნობდა ბრიყვი მასაც. მოკლეს ის კაცი, რომელმაც უდიდესი ღვაწლი დასდო თავის სამშობლოს ცხოვრების ყველა სფეროში – უპირველესად კი გარუსებისაგან მის გადარჩენაში, და ვისი ეროვნული მოძღვრებაც ყოველთვის იქნება მისი არსებობის უმთავრესი წყარო! მაშ, რატომ მოვექეცით ასე ილიას? იმიტომ, რომ ასეთი ყოფილა თურმე ქართველი კაცის ბუნება ოდითგან – დიდ პიროვნებას ვერ ვიტანთ, უმალ მისი დაღუპვა გვენატრება. მაშ, კვლავ გავიხსენოთ ვაჟას სიტყვები და ილიას თემაც ამით დავამთავროთ:

„თუ ვერ ვიგუებთ, ვერ შევიფერებთ,
კარგი შვილები რად გვებადება?“

 

მესამე ნაწილის დასასრული
თბილისი, 1999 წელი

ოჩოპინტრე მენშევიკები ხელისუფლების სათავეში
ნაწილი IV

Advertisements

2 Responses to “● ილია ჭავჭავაძისა და მის გარშემო შემოკრებილი თერგდალეულთა დასის ბრძოლა”

  1. mari said

    ❤ კაი იყო

    Like

  2. mell said

    კარგი გვერდია 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s