Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ოჩოპინტრე მენშევიკები ხელისუფლების სათავეში

მიხეილ მჭედლიშვილი

ოჩოპინტრე მენშევიკები ხელისუფლების სათავეში

ნაწილი IV

მაშ ასე, ფაქტია, რომ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი ილია დაიღუპა თვით ქართველი მარქსისტების თაოსნობით. ოღონდ, როგორც უკვე დასაბუთდა ჩვენს მიერ, ილია გაიწირა არა მხოლოდ ერთი მუჭა მარქსისტების მიერ, არამედ ამ დემაგოგებს აყოლილი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერაც. ამიტომ არ ცდებოდა აკაკი, რომელმაც მთაწმინდიდან მთელ საქართველოს მიაფურთხა.

1907 წელი დიდი უბედურების მაუწყებელი ის ნიშანსვეტია, საიდანაც დაიწყო საქართველოს კვლა, რაც ასეთის წინასწარმეტყველებით დაასკვნა ვაჟა-ფშაველამ ილიას საფლავზე წარმოთქმული სიტყვით. საქართველოს მკვლელობაში ბრალი იქიდან დღემდე მიუძღვით ქართველ მარქსისტებს: ჯერ მენშევიკებს – დაწყებული ილიას ეროვნული პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლით და მერეც – მმართველობის კოსმოპოლიტური კურსით, როცა სრულიად შემთხვევით ისინი სათავეში მოექცნენ ჩვენს ქვეყანას – ხოლო შემდეგ, კიდევ უფრო უარეს – ბოლშევიკებს, აშკარად გამოხატული ანტიქართული პოლიტიკით, რაც დღესაც გრძელდება მასონებად გარდაქმნილი ქართველი კომუნისტების მიერ.

 დიახ, ილიას მიერ ნაქადაგევი – ენა, მამული, სარწმუნოება, – არც მენშევიკებს სწამდათ და, მითუმეტეს – არც ბოლშევიკებს. ამასთან, ერთნიც და მეორენიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის იმპერიიდან საქართველოს ჩამოცილებას და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენას.

 უნდა ითქვას, რომ ილიამ თერგდალეულთა ეროვნული დასით, მართალია, დიდი მუშაობა გასწია გარუსებისაგან ერის გადასარჩენად, მაგრამ მათ ვერ მოასწრეს საზოგადოებაში რუსიციზმის ბოლომდე აღმოფხვრა, რადგან, ბოლოხანს ეროვნული მოძრაობის პარალელურად, გაჩნდა იგივე პრორუსული, მარქსისტულ-კოსმოპოლიტური მოძღვრება, რამაც თავისი დემაგოგიური (მოჩვენებითი ბედნიერების მაუწყებელი) ლოზუნგებით მთლად გადარია გულუბრყვილო ადამიანთა მასა და იგი ილიას ეროვნულ-პატრიოტულ იდეასთან დააპირისპირა. არც თავადაზნაურობის გარკვეული ნაწილი იყო განთავისუფლებული რუსოფილური სულისკვეთებისაგან. უარესიც, ზოგი გადაგვარებული თავადი თავის უპირველეს სამშობლოდ რუსეთის იმპერიას მიიჩნევდა და აზრადაც არ მოსდიოდა რუსეთის კოლონიური იმპერიიდან საქართველოს ჩამოცილება. პირიქით, თუკი საჭირო შეიქნებოდა, არც იმაზე იტყოდნენ უარს, რომ თავიანთი პატარა სამშობლო – საქართველო, უფრო „დიდი სამშობლოსათვის“ (რუსეთისათვის) შეეწირათ. აი, თუნდაც ერთი დეგრადირებული ქართველი თავადის მაგალითი, რომელზედაც გადმოგვცემს თავის მემუარებში რევაზ გაბაშვილი. [116]

 „ყველას ახსოვს ალბათ 1915 წლის „პანიკა თბილისში“ და მთელ კავკასიაში, როცა ოსმალები შემოიჭრნენ სარიყამიშში და რუსის ჯარის უფროსი მიშლაევსკი გამოიქცა ფრონტიდან. თბილისის ევაკუაცია იყო დაწყებული, სასახლიდან, „ხრამ სლავიდან“, ბანკებიდან უკვე გაჰქონდათ ყველაფერი რუსეთში, ჯარიც გაქცევაზე იყო, რომ… ამ უტიფარმა „სარდალმა“ წინადადება მისცა საქართველოს თავად-აზნაურობას და ხალხს: „რუსის ჯარი სტოვებს კავკასიას, ქართველმა ხალხმა უნდა დაანგრიოს ხიდები, სახლები, გადაწვას ბაღ-ვენახები და ყანები და დაიხიოს რუსის ჯართან ერთად, რომ შემოსულ მტერს დახვდეს მხოლოდ უდაბნო, საცა ვერც სანოვაგე, ვერც ბალახი, ვერც ცხენი და ურემსაქონელი და არც ადამიანი დარჩება – გამოსაყენებლად“-ო.

და, როგორ გგონიათ, საჩქაროდ შეკრებილ „საკრებულოში“ ეს საკითხი დაისვა გასარჩევად. მიშლაევსკი, ამასთან, გვპირდებოდა: „თბილისსა და სხვა ქალაქებს ისე ავაფეთქებთ ჩვენ თვითონ, რომ ქვა-ქვაზედაც არ დარჩეს… ოსმალების თავშესაფარავად“-ო!

 კოტე აფხაზმა, ხმაჩახლეჩილი ხმით ეს რომ წაგვიკითხა, „კრებულს“ ჩოჩქოლი შეუდგა და პირველი სიტყვა მოითხოვა ბრწყინვალე თავადიშვილმა, განათლებულმა, მიუნხენის სამხატვრო სკოლადამთავრებულმა – დავით გურამიშვილმა და რუსულად, რასაკვირველია, წარმოთქვა ორატორული ნიჭის მხრივ, შეუდარებელი „რეჩი“, მაგრამ სხვანაირად დავატრიალეთ საქმე.

„ბატონებო, – ამბობდა გურამიშვილი – რუსის ჯარი, რომელიც იცავდა საქართველოს 115-წლის განმავლობაში თათართა ურდოებისაგან, სტოვებს კავკასიას. აი ახლა, დღესა თუ ხვალ, მთავარსარდალი ააფეთქებს მხცოვან თბილისს; ჩვენი მოქალაქეობრივი წმინდა ვალია ზედმიწევნით შევასრულოთ მისი ბრძანება, დავანგრიოთ, გადავწვათ ყველაფერი, რომ ვერაგ მტერს არ დარჩეს არაფერი… უნდა ხელში ავიღოთ ყველამ მაჟარა, თუ სხვა იარაღი არ გვექნება და გავყვეთ რუსის ჯარს… გავწყდეთ ყველანი და… თუ ერთი ქართველიც არ დარჩა, ისტორიაში მაინც დარჩება სახელი, რომ რუსის იმპარეტორსა და ხალხს ისეთი ერთგული ხალხი ჰყავდა, როგორიც არის რაინდი ქართველი ერი, რომელმაც არაფერი დაზოგა და თავიც დასდო, – პატარა სამშობლო, დიდი მამულის სამსხვერპლოზედ მისატანად“-ო.

კიდევ კარგი, მიშლაევსკი რუსის მთავრობამ გადააყენა, ხოლო გურამიშვილი და ზოგი მისი მხარდამჭერები დარბაზიდან გააძევეს, თორემ კაცმა არ იცის, ეს ქარიხვეტიები რას დააწევდნენ ჩვენს ქვეყანას და ხალხს – მითუმეტეს თბილისს.

საქართველოში კერძოდ, და ასევე მთელს ამიერ-კავკასიაში მენშევიკებს გაცილებით უფრო დიდი გავლენა ჰქონდათ ხალხში, ვიდრე ბოლშევიკებს. ამიტომ, როგორც კი რუსეთში თებერვლის რევოლუციის შედეგად მეფის ხელისუფლება დაემხო და იქ ბოლოს მენშევიკური ხელისუფლება დამყარდა კერენსკის მეთაურობით, მასთან შეთანხმებით, კვლავ რუსეთის ორიენტაციის მქონე „ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი“ („ოზაკომი“) შეიქმნა ამ მხარის სამართავად, რომელსაც მცირე ხანს სათავეში ედგა ჯერ სოციალისტ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე, ხოლო შემდეგ მენშევიკი აკაკი ჩხენკელი. [117]

 ოსმალეთის ჯარის შემოჭრასთან დაკავშირებით საქართველოს, ისევე როგორც კავკასიის, ინტერესების დასაცავად ტრაპიზონში გაიგზავნა საზავო დელეგაცია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბატონი ჩხენკელი, მაგრამ მისი ვოიაჟი ტრაპიზონში უშედეგოდ დამთავრდა. „ოზაკომი“ (ჩხენკელის მეთაურობით) ერთგულად ასრულებდა რუსეთის დროებითი ბურჟუაზიული მთავრობის ადგილობრივი ორგანოს მოვალეობას… „ოზაკომი“ ამიერკავკასიის ხალხებს მოუწოდებდა, მორჩილებით დაეცადათ დამფუძნებელ კრებამდე, რომელიც რევოლუციის ძირითად საკითხებს გადაწყვეტდა. მაგრამ „ოზაკომი“ იძულებული გახდა ამიერკავკასიის ხალხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინაშე გარკვეულ დათმობებზეც წასულიყო. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეგზარქატის გაუქმებას და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალიის აღდგენას (1917 წ. მარტი)“ (იხ. საქართველოს ისტორია (1801-1918), ფრ. ლომაშვილი, გვ. 216).

ასე რომ, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, ისევე როგორც შემდეგში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, მოხდა არა მენშევიკ-მარქსისტთა „პატრიოტული ნებით“, არამედ იძულებით ნიადაგზე, რამდენადაც მარქსისტ-კოსმოპოლიტებს, არც ერი ეპიტნავებოდათ და, არც ეკლესია. გარდა ამისა, ისინი რუსეთთან საქართველოს განუყოფლობას ქადაგებდნენ და რატომ მოისურვებდნენ რუსეთისაგან საქართველოს ეკლესიურად ჩამოცილებას?

1917 წ. 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. 16 მარტს თბილისში შედგა სასულიერო მოღვაწეთა კრება, რომელმაც კათოლიკოსპატრიარქად აირჩია კირიონი – უმწიკვლო სასულიერო მოღვაწე და ერის დიდი პატრიოტი.

 ყოვლად უსუსურმა „ოზაკომმა“ მცირე ხანს იარსება. 1917 წლის 15 ნოემბერს იგი შეცვალა იმგვარადვე უსუსურმა ამიერკავკასიის კომისარიატმა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ცნობილი მენშევიკი – ევგენი გეგეჭკორი. ვისაც სურს წარმოდგენა იქონიოს, თუ რა პოლიტიკური გაქანებისა და როგორი ეროვნული სულის კაცი იყო ბატონი ევგენი, მან ჯერ წაიკითხოს აკაკი წერეთლის გაშარჟებული ლექსი „ვაშა დეპუტატს!“, ხოლო შემდეგ გაეცნოს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო კონფერენციისადმი გაგზავნილ მის კრეტინულ დეპეშას, რომელიც მან აახლა იმის პასუხად, რომ „ჩამოდით და მიიღეთ მონაწილეობა კონფერენციაში თქვენი მხარის ინტერესების დასაცველადო“. ბატონმა გეგეჭკორმა კი მის იქ მიმწვევებს ასე უპასუხა: „რადგან კავკასია (და საქართველოც) შეადგენს რუსეთის ნაწილს, ზავის საკითხი რუსების კომპეტენციას შეადგენსო“ (იხ. რ. გაბაშვილის მემუარები სათანადო დოკუმენტაციის დართვით, გვ. 160).

ჰოდა, რადგან კავკასიისა და საქართველოს ინტერესების დამცველად [118] ბრესტ-ლიტოვსკში არავინ აღმოჩნდა კავკასიიდან, ხოლო რუსეთის სახით იქ წარმოდგენილი იყო ბოლშევიკური მთავრობა – ამასთან, რაკი გეგეჭკორიც რუსეთს ანდობდა კავკასიისა და საქართველოს ბედს, საბჭოთა რუსეთის დელეგაციასაც რა ენაღვლებოდა და ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქები იქვე მყოფ ოსმალებს გადასცეს, რის სამაგიეროდაც თავიანთვის ამ ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვეს. მაშინ კი ატეხეს ჩოჩქოლი და მთავრობის სახელით ჩხეიძემ და გეგეჭკორმა პროტესტი განაცხადეს საქვეყნოდ, რომ არ სცნობდნენ ბრესტ-ლიტოვსკის უკანონო გადაწყვეტილებას, მაგრამ რაღა დროს!

 რა იყო გეგეჭკორის ასეთი ტრაგიკომიკური მოქმედების მიზეზი? იგი რუსების კომპეტენციაში გულისხმობდა რუსულ მენშევიკურ ხელისუფლებას, ვისთანაც ძმურად იყვნენ ჩახუტებულები და არავითარ შემთხვევაში არ ფიქრობდნენ იმ რუსეთის ქვეშევრდომობიდან საქართველოს გამოყვანას.

სამწუხაროდ, მათ არ გაეგებოდათ, რომ რუსეთი – მენშევიკური თუ ბოლშევიკური, – რუსეთი – წითელი, ყვითელი თუ ალისფერი, – რუსეთი – მონარქისტული, დიქტატორული თუ დემოკრატიული, ყველთვის იყო და იქნება საქართველოს შთანთქმის მსურველი და არა თანასწორუფლებიანი მეზობელი და პარტნიორი. ჰოდა, იმის გამო, რომ ბრესტის ზავის საკითხი მენშევიკური რუსეთის მთავრობამ კი არა, ბოლშევიკური რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამიტომ განაცხადეს პროტესტი, თორემ, რაც ლენინის რუსეთმა გააკეთა, ეს რომ კერენსკის რუსეთს გაეკეთებინა, ალბათ დიდსულოვნად შეუნდობდნენ, რადგან ერი და სამშობლო მიწაწყალი არც მენშევიკ-ქართველებს ანაღვლებდათ და, მითუმეტეს, არც ბოლშევიკ-ქართველებს. ერთნიც და მეორენიც ეროვნული სულისაგან დაცლილი, რუსთმოყვარე „ინტერნაციონალისტები“ იყვნენ. შემთხვევით კი არ შეადარა კახელმა გლეხმა მენშევიკები და ბოლშევიკები ურმის თვალგადავლილ ნეხვს – ერთ მხარეზე რომ ცოტა მეტია და მეორეზე ნაკლები. აი, თუნდაც ერთი აღმაშფოთებელი ფაქტი მენშევიკთა და მათივე თანამოაზრე სხვა სოციალისტური პარტიელის ქმედებიდან, რომელსაც გადმოგვცემს რევაზ გაბაშვილი:

 „1912 წელს მოხდა საშინელი ჩვენი (ე. ი. საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრივობის) მორალური მარცხი… უდიდესი მასშტაბით: კიევში მომხდარ „რუსეთის არასახელმწიფოებრივ ერთა კონფერენციაზე“, რომელიც ხდებოდა საიდუმლოდ, – „კოოპერაციის კონფერენციის“ კამუფლაჟით, – საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა: სოციალ-დემოკრატმა ნ. რამიშვილმა და ს. ჯიბლაძემ და სოციალისტ-ფედერალისტმა – ოსიკო ბარათაშვილმა და სამსონ ფირცხალავამ თავიანთი პარტიების სახელით, ბოროტება ჩაიდინეს: მომავალ – ტერიტორიალურ-ეროვნულ განსაზღვრებაში, – საინგილო მორალურად მიაკუთვნეს აზერბაიჯანს, აფხაზეთი – ჩრდილო-კავკასიას და ახალციხე-ახალქალაქი, ბორჩალოს მაზრა ნავთლუხამდის – სომხებს; რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პრინციპების მიხედვით: „რეალური მოსახლეობისა“. [119] ეს თეორიულ-მორალური გაცემა სახელმწიფოებრივ ტერიტორიის მთელი პროვინციებისა, – რაც ასე კარგად უდგებოდა საერთოდ რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ… დადასტურებული იყო ჩვენი ზემოაღნიშნული „სოციალისტების“ არა მარტო ხელის მოწერით, არამედ კიევიდან ჩამოტანილ რუკაზედაც აღნიშნული“ (იხ. რ. გაბაშვილის მემუარები).

ასე რომ, სტალინმა და ორჯონიკიძემ აქ აღნიშნული ტერიტორიები რომ გასცეს 1921 წელს, ამისათვის საჭირო თეორიული საფუძვლები გაცილებით ადრე მენშევიკებმა შეამზადეს.

ახლა მე მინდა დროებით გადავუხვიო ძირითად თემას და ჩემეული თვალსაზრისი წარმოვუდგინო მკითხველს ქართველ მარქსისტთა სრულიად განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ამ სენის მიმართ სხვათაგან გამორჩევით. ოჯახის, საკუთრების, ეროვნებისა და ღმერთის უარმყოფელი მარქსიზმი რომ საკაცობრიო ბოროტებაა, ეს მაშინაც კარგად ესმოდა ცივილიზებულ ხალხს, როცა ამ მოძღვრებამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა.

მართალია, მარქსის დემაგოგიური მოძღვრებით ბევრი მოიხიბლა, მაგრამ ყოველი ქვეყნის შვილს ისიც კარგად ესმოდა, რომ ჯერ ერი და სამშობლოა უპირველესი ფენომენი და მერე ესა თუ ის იდეოლოგია. მაგალითად, ამ მოძღვრების მიმდევარი პოლონელი, გერმანელი, ფრანგი ასე მსჯელობდა: მე ჯერ პოლონელი ვარ, მე ჯერ გერმანელი ვარ, მე ჯერ ფრანგი ვარ და მერე ვარ მარქსისტიო. შორს რად მივდივართ – განა სხვა ხალხებზე გაბატონების რუსულ- იმპერიალისტურ პოზიციებზე არ იდგა თვით უპირველესი მარქსისტი ლენინიც, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა რუსეთის იმპერია, ხოლო შემდეგ განა ისევე „ძმობა-მეგობრობისა“ და „ერთიანი ძმური ოჯახის შექმნის“ დემაგოგიური ლოზუნგით არ ფიქრობდა რუსულ ქვაბში არარუსი ერების გადახარშვას? მხოლოდ ქართველი იყო (გინდ მენშევიკ-მარქსისტი და გინდ ბოლშევიკ-მარქსისტი) მსოფლიოს (და იგივე საბჭოთა კავშირის) ხალხთაგან გამონაკლისი, რომელიც ჩაიდებდა თუ არა ჯიბეში გინდ მენშევიკის და გინდ ბოლშევიკის მანდატს, რუსული მოდის ინტერნაციონალისტი და თავისი სამშობლოს უარმყოფელი გარეწარი ხდებოდა!

ასე დაგვებადნენ ჯერ ჩხეიძე, წერეთელი, ჟორდანია, გეგეჭკორი, ჩხენკელები – მენშევიკ-მარქსისტთა სახით, ხოლო შემდეგ კიდევ უფრო უარესი – სტალინი, ორჯონიკიძე, მახარაძე… და ბოლოს – შევარდნაძე – ბოლშევიკ-მარქსისტთა სახით, რომლებსაც კიტრადაც არ უღირდათ და არ უღირთ სამშობლო და მისი მიწა-წყალი. აი, თუნდაც ერთი საგულისხმო მაგალითი აქ ჩამოთვლილ კოსმოპოლიტთა შორის ნოე ჟორდანიას ეროვნულ ინდიფერენტიზმზე, რასაც გადმოგვცემს ბატონი რევაზ გაბაშვილი: „1917 წელს ნოე ჟორდანიამ იმავე დარბაზში, საცა ბრწყინვალე თავად-აზნაურობის „საუკეთესო“ წარმომადგენელმა დ. გურამიშვილმა წარმოთქვა ზემოაღნიშნული რუსულპატრიოტული „რეჩი“, ორმოციოდე პოლიტიკური და საზოგადოებრივი [120] წარმომადგენლის წინაშე გააკეთა მოხსენება, სადაც მთელი საათის განმავლობაში გვიმტკიცებდა, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქი კი არ არის, არამედ ინტერნაციონალური ცენტრია, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი და იმის იქით მდებარე ტერიტორია – ეკუთვნის სომხებსა და აზერბაიჯანელებს და მხოლოდ დასავლეთი მესამედი –„ვერა“ – და აქეთ მდებარე ტერიტორია გვეკუთვნის ქართველებსო“ (გვ. 103).

ზემოთ ვთქვით და ახლაც ვიმეორებთ, რომ მარქსისტულ-კოსმოპოლიტური სენი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, მაგრამ არსად არ მიუღია მას ისეთი მახინჯი ფორმა, როგორიც მიიღო ქართველ მარქსისტთა შორის. ჰოდა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ისინი მოექცნენ შემდეგში სრულიად შემთხვევით განთავისუფლებული ჩვენი ქვეყნის სათავეში, სავსებით ცხადი გახდება, თუ როგორ უპატრონებდნენ მას ჩხენკელისთანა, გეგეჭკორისთანა და ჟორდანიასთანა ეროვნული სულისაგან დაცლილი ოჩოპინტრეები. და მაინც, არ შეიძლება არ აღინიშნოს, თუნდაც ერთი დადებითი მომენტი კავკასიის კომისარიატისა, როცა მას ე. გეგეჭკორი მეთაურობდა. მოგეხსენებათ, ლენინმა სავსებით მოშალა გერმანიასთან და თურქეთთან მებრძოლი ფრონტი, იმ დროის თვალსაზრისით სამშობლოსადმი მოღალატური ლოზუნგით – ძირს ომიო! ამის შედეგად თურქეთთან მებრძოლი კავკასიის ფრონტიც მოიშალა და ეს ამოდენა არმია სამშობლოსაკენ დაიძრა, თანაც, ეს იყო გარევოლუციერებულ- გაბოლშევიკებული არმია.

ფრონტიდან წამოსულებს, მათ უნდა გამოევლოთ თბილისი, რაც წალეკვით ემუქრებოდა არსებულ ხელისუფლებასაც და თბილისსაც. დიახ, ეს ასე იყო, რადგან იმ დროს რკპ(ბ) სამხარეო კომიტეტში წარმოიშვა აზრი, რომ არმიის ეს ნაწილები თბილისზე გაეტარებინათ და აქ საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად გამოეყენებინათ ისინი. აზერბაიჯანულმა და ქართულმა ეროვნულმა ძალებმა სადგურ შამქორთან ჯარის ამ ნაწილებს თბილისისაკენ მიმავალი გზა გადაუღობეს, ლიანდაგი აყარეს, მიმართულება შეუცვალეს და ეს ჯარი თბილისს ააცდინეს. შეტაკების დროს მრავალი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დანაშაულად ჩაეთვალოს ე. გეგჭკორის ხელისუფლებას. პირიქით, სწორედ ამგვარი სიმტკიცით უნდა ევლოთ ჩვენს იმდროინდელ ხელისუფლებას თავის შემდგომ პოლიტიკაშიც.

მაგრამ არა, იმ ქარაფშუტული რწმენით, რომ სოციალისტური რევოლუცია და მის საფუძველზე დამყარებული დემოკრატია დამპყრობელ ქვეყანას სხვათა მიწების დაპყრობაზე ხელს ააღებინებდა და თვით ვეფხვებსა და მგლებს ბატკნებივით მოათვინიერებდა (გაიხსენეთ ფურიეს მოძღვრება, რომლისგანაც დიდათ არ განსხვავდებოდნენ ქართველი მარქსისტები), ქართველი მენშევიკები ვერ ასცდნენ ამ ქარაფშუტულ აზროვნებას, რითაც თავიც დაიღუპეს და საქართველოც დაღუპეს. [121]

 აი, თუნდაც ერთი, მათ მიერ გატარებული ღონისძიება ოსმალების შემოსევის ჟამს. როგორც უკვე გავეცანით, გეგჭკორის უთავობის გამო ბრესტის კონფერენციამ ყარსი, არდაგანი და ბათუმის ოლქი ოსმალეთს გადასცა. ახლა ოსმალები ამ უფლების ძალით წამოვიდნენ გადაცემული მიწა-წყლის დასაკავებლად. ჯარები გადმოსხეს თვით ბათუმის ოლქშიც. ამ ფაქტთან დაკავშირებით გეგეჭკორმა მოიწვია „ეროვნული საბჭო“ იმის გასარკვევად, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.

კრებაზე სიტყვით პირველი გამოვიდა იმ დროს ცნობილი გენერალი ვასო გაბაშვილი. მან კრებას განუცხადა: „მე ვიცნობ ბათუმის ციხეს, როგორც ჩემ ხუთ თითს. მომეცით 3000 ჯარისკაცი და სიტყვას გაძლევთ, ოსმალებს კი არა, ჩიტს არ გადმოვაფრენ აქეთკენო“. აი, რა უპასუხა გეგეჭკორმა გენერლის მხედრულ სიტყვას: „რას ბრძანებთ, ბატონო გენერალო – ჯერ ერთი, სადა გვყავს ჯარი?! მეორეც, ბათუმში ჯარი კი არ უნდა წავიყვანოთ, არამედ ხალხი; იქ საპროტესტო მიტინგები უნდა გავმართოთ, და როცა ოსმალები დაინახავენ, რომ მთელი ქართველი დემოკრატია წინააღმდეგია მათი, – დღეს დემოკრატიის ხანაა და ოსმალეთის დემოკრატიაც ჩვენი ძმები არიან, – ისინი ვერასოდეს ვერ გაბედავენ ბათუმში შესვლას“.

 ბატონმა გეგეჭკორმა, როგორც გადმოგვცემენ, ბათუმში მართლაც ჩაიყვანა 40 ათასი კაცი. მიტინგებიც გამართა და პროტესტებიც აუარებელი იყო, მაგრამ ოსმალების 5- ათასიანმა ჯარმა, წარმოიდგინეთ, – „ჩვენმა ძმებმა… – დემოკრატიულ დღევანდელ ხანაში…“ – ბათუმი რამდენიმე დღეში აიღეს, თითქმის უბრძოლველად, 5-ათასი ტყვეც ჩაიგდეს და დანარჩენები კი ცხვრებივით იფრინეს“ (იხ. რ. გაბაშვილის მემუარები, გვ. 176-177).

 რა ვუწოდოთ ასეთ რეგვენ მთავრობას, თუ არა ოჩოპინტრეები?

ერთი სიტყვით, ოსმალეთმა რუსეთის ხელით მიიღო ამიერკავკასიიდან სამი ვეებერთელა ოლქი. ამასთან დაკავშირებით, თურქეთმა თან ჯარების გადმოსხმა დაიწყო ნაჩუქარი მიწების დასაკავებლად, თანაც ამიერკავკასიის ხელისუფლებასთან საზავო მოლაპარაკებას შეუდგა იმ განზრახვით, რომ „ეს შენაძენი ამიერკავკასიის ბეჭდითაც დაედასტურებინა“ (ზ. ავალიშვილი). მოლაპარაკება დაიწყო ქ. ტრაპიზონში. თურქეთი ბრესტის ზავით ნაჩუქარი ყარსის, არდაგანისა და ბათუმის ოლქების გადაცემას მოითხოვდა ამიერ-კავკასიის მთავრობისაგან. ამიერ-კავკასიის დელეგაციის გეგმა კი ითვალისწინებდა შეთანხმებას 1914 წლის სასაზღვრო ფარგლებში. თურქეთის დელეგაცია ზავზე ხელისმოწერის პირობად ასევე „ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოითხოვდა, რამეთუ იმპერიიდან ჩამოცილებული კავკასიის დაპყრობა უფრო ადვილი იქნებოდა. მაგრამ გეგეჭკორს, არა ამ პოლიტიკური ჭვრეტის, არამედ ვიწრო – მენშევიკურ-პარტიული თვალსაზრისით, სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა რუსეთიდან ამიერკავკასიის ჩამოცილებაზე. იგი რუსეთის დამფუძნებელი კრების მოწვევას უცდიდა და იმედოვნებდა, რომ დამფუძნებელი კრება [122] აღკვეთავდა ძალადობრივ საბჭოთა ხელისუფლებას, აღადგენდა რუსეთის დემოკრატიას და ამიერკავკასიაც მისი მეშვეობით აიცილებდა თურქეთის აგრესიას.

მაგრამ გეგეჭკორი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა. პირიქით, დამფუძნებელი კრება თვით დაამხეს კომუნისტებმა და გეგეჭკორს ეს იმედები მოეშალა. ამ პირობებში ტრაპიზონის კონფერენცია ჩაიშალა, ხოლო თურქეთმა შეტევა განაახლა. სხვა რა გზა იყო, კომისარიატი გადადგა და გზა დაუთმო დამფუძნებელი კრების ამიერკავკასიის დეპუტატებისაგან შექმნილ პარლამენტს, რომელსაც ამიერკავკასიის სეიმი ეწოდა. სეიმის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აკაკი ჩხენკელი.

რამდენადაც თურქეთი მოლაპარაკების წინაპირობად ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას აყენებდა, სეიმმა 1918 წლის 22 აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რის საფუძველზედაც თურქეთთან მოლაპარაკება განახლდა, ამჯერად უკვე ბათუმში.

ტრაპიზონის მოლაპარაკების ჩაშლიდან ბათუმის კონფერენციამდე ერთი თვე გავიდა. ამ პერიოდში თურქეთი შეუჩერებლივ ახორციელებდა სამხედრო მოქმედებას სამხრეთ საქართველოს ტერიტორიის მისატაცებლად. თურქებმა ხელთ იგდეს არა მარტო ბრესტის ზავით გათვალისწინებული ოლქები, არამედ სხვა ტერიტორიებიც. მათ ჯერ თავიანთი აგენტების მეშვეობით, სამასი წლის წინათ მესხეთში დამკვიდრებული თურქები ააჯანყეს, რომლებმაც მოითხოვეს ავტონომიის უფლებით მესხეთის შეერთება თურქეთთან, მერე კი უკვე, აშკარა აგრესიის გზით, დაიკავეს ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, აიღეს ქ. ოზურგეთი, აბასთუმანი და ბორჯომის გზით თბილისისაკენ გამოემართნენ.

საქართველო არნახულ კრიზისში მოექცა სხვა მხრივაც. ცენტრის კარნახით სწორედ ამ დროს გააქტიურდნენ ეროვნულ გრძნობადაკარგული ქართველი ბოლშევიკები. არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მოაწყვეს გამოსვლები საქართველოს მთელ რიგ რაიონებში. ცხინვალელმა ოსებმა იარაღი საბჭოთა რუსეთიდან მიიღეს, ხოლო სოხუმში აფხაზ აჯანყებულთა, რომელთა შორის ქართველი ბოლშევიკებიც იყვნენ, დასახმარებლად სოჭისა და არმავირის წითელგვარდიელთა შეიარაღებული რაზმელებიც კი ჩამოვიდნენ.

ბათუმში წარგზავნილი დელეგაცია იძულებული გახდა ბრესტის საზავო პირობები ეცნო, მაგრამ ნახა რა თურქეთმა უხერხემლო სეიმის სისუსტე, ამით აღარ დაკმაყოფილდა. იგი ახალ-ახალ პრეტენზიებს აყენებდა, რასაც მთელი საქართველოს ოკუპაცია უნდა მოჰყოლოდა.

ასეთ მძიმე ჟამს საქართველოს მოვლა-პატრონობის თაოსნობა ხელში აიღო ეროვნულმა საბჭომ, რომელიც ჯერ კიდევ 1917 წლის ნოემბერში შეიქმნა პირველ ეროვნულ ყრილობაზე, საქართველოს პოლიტიკური პარტიების დაახლოებისა და ეროვნულ ძალთა კონსოლიდაციის საფუძველზე. მენშევიკებთან ერთად ეროვნულ საბჭოში დიდ როლს [123] ასრულებდნენ სოციალისტ-ფედერალისტები და ეროვნულ-დემოკრატები. ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამხმარისა და მისი დამოუკიდებლობის გარანტად მიიჩნია იმ დროს მძლავრი გერმანია, რომელმაც ვეებერთელა რუსეთი დააჩოქა და ბრესტის დამამცირებელ ზავზეც ხელი მოაწერინა.

ეროვნული საბჭოს სახელით ა. ჩხენკელმა მოლაპარაკება გამართა გერმანიის დელეგაციასთან, რომელიც ბათუმში ჩამოვიდა შუამავლის დანიშნულებით. 19 მაისს ჩხენკელმა ოფიციალურად მიმართა გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს ფონ ლოსოვს, ჩარეულიყო ამიერკავკასია- ოსმალეთის დავაში, რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო. საქართველოს გერმანიასთან ურთიერთობას მყარი საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა.

შესანიშნავი ისტორიკოსი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამ პროცესს ასე გადმოგცვემს თავის წიგნში – საქართველოს დამოუკიდებლობა: „აი, დამოუკიდებლობამ კარებზე მოაკაკუნა, და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გაუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა! ნუთუ ეს ხალხი დაბადებულია მხოლოდ მონობისთვის, მორჩილებისთვის და იგი უნდა გადაიქცეს „ეთნოგრაფიულ მასალათ“, რომლიდანაც პირობების მიხედვით გამოდიან ხან სპარსელები, ხან ოსმალოები, ხან რუსები! არა, მას ახსოვს, მას სურს წამოდგეს და იქმნეს თავის-თავადი…“

რამდენადაც გერმანია დათანხმდა საქართველოს სასარგებლოდ ჩარეულიყო ოსმალეთთან დავაში, ბათუმში მყოფი საქართველოს დელეგაციის მრჩეველი ზ. ავალიშვილი სასწრაფოდ ადგენს თბილისში გასაგზავნი დეპეშის ტექსტს და ა. ჩხენკელის ხელმოწერით უგზავნის გენერალ კვინიტაძეს:

„გადაეცით საქართველოს ეროვნულ საბჭოს პრეზიდიუმს შემდეგი: საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების კიდევ დაგვიანება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს. გერმანელების შუამავლობის ცდა არ მოხერხდა. დაგვრჩენია ერთად ერთი: ოსმალოების შემოსევას წინ დაუყენოთ დამოუკიდებელი საქართველო, რომელსაც მხარის დამჭერათ ეყოლება გერმანია. მის წარმომადგენლათ საქართველოს მთავრობასთან იქნება გრაფი შულენბურგი, რომელიც საჭიროა დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე იქმნეს ცნობილი… გამზადებულია ხელმოსაწერათ დროებითი შეთანხმება გერმანიასთან… უცდი ამ აქტის შესახებ უსწრაფეს ცნობას“. თბილისიდან გაიგზავნა საპასუხო დეპეშა: „დამოუკიდებლობა გამოცხადებული იქნება ხვალ, 26 მაისს…“

პარალელურად, ისევ გერმანელთა (გრაფ შულენბურგის) რჩევით ოსმალოთა შესაჩერებლად შეიქმნა ბორჩალოელ გერმანელთაგან ათასკაციანი ბატალიონი ორი გერმანელი ოფიცრით და გაიგზავნა ნატანებისაკენ გერმანული დროშით ხელში. ერთის მხრივ, ეს ბატალიონი, ხოლო მეორეს მხრივ, ვ. გოგვაძის ჯავშნიანი მატარებელი შეიჭრა ოსმალთა [124] რიგებში, მარჯვნივ და მარცხნივ მიჰყარეს ოსმალები და კარგა დიდი ზარალით გააქციეს. საცა წამოიწიეს ოსმალებმა, – წინ გერმანელი ჯარი დახვდათ… და ჩერდებოდნენ მოკავშირეთა წინაშე – მუხლი ეკეცებოდათ“ – წერს რ. გაბაშვილი. რაც აქ მოხდა, „ნაღდი მაჩვენებელია, თუ რისი მიღწევა შეგვეძლო, საქართველოს სათავეში, უთავო „რუსეთის სოც-დემ. მუშათა პარტიის“ მეთაურობა კი არა გვყოლოდა, არამედ ნამდვილი ეროვნული სულით გაჟღენთილი; ან თუნდ ნოე ჟორდანიას უხერხემლობის მაგიერ ნოე რამიშვილის ნებისყოფას გაემარჯვნა“ (იქვე, გვ. 179).

1918 წლის 26 მაისს თურქეთმა ამიერკავკასიის მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა – 72 საათის განმავლობაში შეესრულებინათ ახალი საზღვრების, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის ჯარების გატარების და სამხრეთ კავკასიაში რეფერენდუმის თაობაზე თანხმობის საკითხი. ამასთანავე, ოსმალებმა ეხლა მოისურვეს ნახჭევანის მაზრაც, ე. ი. მთელი რკინიგზა – ყარსი-ალექსანდროპოლი-ჯულფა. მაგრამ უფრო ადრე, დღის ხუთ საათზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა, რომელზე დაყრდნობითაც თურქეთის მთავრობას ასეთი პასუხი გაეგზავნა: „თქვენი ულტიმატუმი ამიერ-კავკასიის მთავრობისადმი მიმართული, შეუძლებელია კუთვნილებისამებრ ჩაბარებული იქნეს, ამიერ-კავკასიის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადების გამო“.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება სულაც არ შედიოდა ქართველი მენშევიკების პროგრამაში. როგორც ზემოთ ითქვა, მათთვის ეროვნული საკითხი არ არსებობდა. წუთითაც არ ფიქრობდნენ ისინი რუსეთიდან საქართველოს ჩამოცილებას, თუკი იქ მენშევიკური მთავრობა იბატონებდა. მაგრამ, ჯერ იმის გამო, რომ იქ ბოლშევიკები მოექცნენ ხელისუფლების სათავეში, ხოლო, უფრო კი იმის გამო, რომ ოსმალეთის აგრესიამ საქართველო აშკარა ოკუპაციის საფრთხის წინაშე დააყენა, იძულებულნი გახდნენ მიეღოთ გერმანიის რჩევა და საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ. „ეს აღიბეჭდა კიდეც მენშევიკურ „დამოუკიდებლობის აქტში“, საცა, აღფრთოვანების მაგიერ, ტირილი და ბოდიშებია… რუსეთის წინაშე“ (იხ. რ. გაბაშვილის მემუარები, გვ. 189).

 აი, კერძოდ, რას მოგვითხრობს რ. გაბაშვილი თავის მემუარებში ცნობილი მენშევიკის კაკი წერეთლის შესახებ, როცა 25 მაისის ეროვნული საბჭოს კრებაზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი წყდებოდა: „კაკი წერეთელი გულშეწუხებული ჩავარდა სავარძელში და გაჰკიოდა ისტერიულად: „რას შვრებით, თქვენა ღუპავთ რუსეთის დემოკრატიასაო!“ (გვ. 189).

ასე და ამგვარად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1918 წ. 26 მაისი) აქტი მთავრობის სახლის სხდომათა დარბაზში, მენშევიკური უმრავლესობის მიერ აღინიშნა ნამდვილ სამგლოვიარო ატმოსფეროში, რუსეთიდან საქართველოს ძალაუნებური ჩამოცილების გამო. გაიხარა მხოლოდ ხალხმა. როცა მთავრობის სახლის აივნიდან ეს აქტი [125] გამოუცხადეს იქ შეკრებილ მრავალათასიან საზოგადოებას, ისინი ტაშის გრიალითა და სიხარულის ცრემლებით შეხვდნენ ამ ისტორიულ აქტს.

რაც შეეხება ნ. ჟორდანიას სიტყვას, რომელიც ამ აქტთან დაკავშირებით წარმოითქვა, ეს იყო ნაღველგარეული განაცხადი, განსაკუთრებით მისი ბოლო ნაწილი, იმის გამო, რომ დაიშალა ხელოვნურად შეკოწიწებული ამიერკავკასიის კონფედერაციული სახელმწიფო, თუმცა აქვეა გამოთქმული იმედი იმისა, რომ კვლავ აღდგებაო იგი, რომელსაც ცხადია, რუსეთუმე ჟორდანია მოიაზრებდა რუსეთთან განუყოფელ კავშირში, რაც მოხდებოდა იმის აზრით, ბოლშევიკების გადაშენების შემდეგ.

აი, ის სიტყვა, რომლითაც ბატონმა ჟორდანიამ მიმართა დარბაზში შეკრებილ ელიტას: „მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის და იმავე დროს ტრაღიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა, ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს. ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგან ერთი მოკვდა და მეორე იბადება, შეუძლებელია ყოფილიყო ინტერესთა წინააღმდეგობა და თუ ოდესმე პირველი აღსდგება მკვდრეთით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა. საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს აღსდგება, არ იქნება მიმართული არც ერთი ხალხის, არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მიზანია დღევანდელი ისტორიული ქარტეხილიდან დაიფაროს თავისთავი, და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდ განსაცდელში… ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენს შორის მყოფ ერებთან… ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისეთივე უფლება მოსილნი, როგორც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა – ქართველობა. ეს ერნი, შეერთებულნი ერთი დროშის ქვეშ შეჰკრავენ კავშირს იმ ერებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეშე იმყოფებიან და ამით წარმოიშვება ის სახელმწიფოებრივი კავშირი, რომელიც აღადგენს აქ ჩვენს წინაშე დაღუპულ სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერაციული კავშირი“.

ამავე დღესვე, საქართველოს ეროვნული საბჭო, ფაქტიურად, საქართველოს პარლამენტად გარდაიქმნა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი მენშევიკი – კარლო ჩხეიძე, თანაშემწეებად – სანდრო ლომთათიძე და სოსიკო მდივანი. შედგა მთავრობაც. მთავრობის თავმჯდომარისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა ნოე რამიშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა აკაკი ჩხენკელი, სამხედრო მინისტრი – გრიგოლ გიორგაძე (ფაქტიურად, უჯარო გენერალი), ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი – გიორგი ჟურული, განათლების მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი, მიწათმოქმედების მინისტრი – ნოე ხომერიკი, იუსტიციის მინისტრი – შალვა მესხიშვილი, გზათა მინისტრი – ივანე ლორთქიფანიძე. სამწუხაროდ, ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მცირე ხანს დაჰყო. 1918 წლის 24 ივნისიდან იგი შეცვალა ნოე ჟორდანიამ. სამწუხაროდო ვამბობთ, რადგან ყოვლად უსუსურ მენშევიკურ მთავრობაში, ვისაც ცოტაოდენი სიმტკიცე მაინც გააჩნდა, ეს იყო ნოე რამიშვილი. [126]

 ერთი სიტყვით, აღდგა სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ცივილიზაციის მქონე საქართველო თავის ისტორიულ უფლებებში. მისი არსებობის კანონიერება სცნო მსოფლიოს მრავალმა სახელმწიფომ. მაგრამ საკითხავი აი რა არის: როგორ მოხდა, რომ იმპერიიდან გამოყოფილმა პოლონეთმა და ფინეთმა ბოლომდე გაუძლეს აწ უკვე ბოლშევიკური იმპერიის ზეწოლას, – ასევე ბალტიისპირა ერთიციცქნა ქვეყნებმა 20 წელი მაინც შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა და საქართველომ კი სამი წელიც ძლივს გასძლო?

პირველი, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ლენინმა აღნიშნული ქვეყნების მოსახლეობაში, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ვერ ნახა დასაყრდენი ძალა სამშობლოს მოღალატეთა სახით. ჩვენში კი ასეთი ძალები საკმაოდ მოიძებნა რუსოფილ-მენშევიკთა სახით. უფრო მეტიც, როგორც ცნობილია, სტალინი და ორჯონიკიძე იქით ეხვეწებოდნენ ლენინს – დაგვრთეთ ნება, რომ რუსი წითელარმიელებით დავიპყროთ ჩვენი ქვეყანაო! ისიც ცნობილია, რომ საქართველოში შემოსეულ რუსის ჯარს ასევე წინ მოუძღოდნენ ქართველი ბოლშევიკები. მაგრამ საქართველოს ასე უცებ დაცემაში უპირველესი როლი შეასრულა თვით მენშევიკურმა ხელისუფლებამ თავისი უსუსურობით, უპირველესად, ანტიეროვნულ პოზიციებზე დგომით, ანარქიამდე დაყვანილი დემოკრატიით, ქვეყნის მართვის წესების სრული იგნორირებით.

დავიწყოთ იმით, რომ ახლად ფეხადგმული ქვეყნის დასაცავად უპირველესი როლი ენიჭება ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს: 1. შინაგან სიმტკიცეს და 2. სამამულო არმიის შექმნას თავდაცვის განსამტკიცებლად. დავსვათ ახლა კითხვა: ბატონ ჟორდანიას ტვინი ამოტენილი რომ არ ჰქონოდა მარქსის კოსმოპოლიტური ხლამით, რომელზე დაყრდნობითაც გვიმტკიცებდა, რომ „თბილისი საქართველოს დედაქალაქი კი არ არის, არამედ ნეიტრალური ქალაქიაო“, ვის უნდა დაყრდნობოდა ქვეყნის მართვის საქმეში, დემაგოგ მარქსს, თუ ჩვენი დიდი მამულიშვილების – ფარნავაზის, გორგასალის, დავით აღმაშენებლისა და გიორგი ბრწყინვალის დიდებულ ორგანიზატორულ გამოცდილებას?

ავიღოთ, უპირველეს ყოვლისა, დავით აღმაშენებლის მაგალითი. საქართველოს ისტორიაში ყველაზე უფრო მძიმე განსაცდელის ჟამს აი, რითი დაიწყო თავისი მოღვაწეობა ამ დიდებულმა მეფემ: მან, პირველ რიგში, აუცილებლად საჭირო სიმკაცრით, აღგავა სამშობლოს ორგული ფეოდალები და ზნეობრივად წარყვნილი უმაღლესი სამღვდელოება, ხოლო მათ ადგილზე, გვარიშვილობის მიუხედავად, დააწინაურა ჭეშმარიტი მამულიშვილები. მაშასადამე, მან, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანა შინაგანად განამტკიცა.

ახლა ვნახოთ, როგორი იყო ნოე ჩანჩურეთელის მარქსისტული დემოკრატია საქართველოს მოღალატეთა მიმართ. ფილიპე მახარაძის [127] ძირსგამომთხრელი მოქმედების გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი ბრძანებას იძლევა მისი დაპატიმრების შესახებ. მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია კი აცნობს და აფრთხილებს გარეწარ ფილიპეს – ნოე რამიშვილმა თქვენი დაპატიმრების ბრძანება გასცა და ჰარიქა, თავს უშველეო! (იხ. რ. გაბაშვილის მემუარები, გვ. 281).

ახლა, რაც შეეხება არმიის შექმნის საკითხს, რომელსაც უნდა დაეცვა ჩვენი ქვეყანა უცხო ძალის აგრესიისაგან. ჟორდანიამ კი ეროვნული ჯარის შექმნის ნაცვლად შექმნა პარტიული გვარდია, რომლის ძირითადი მოვალეობა იყო დაეცვა ხელისუფლება შინაგანი შემოტევებისაგან. ჯარის შეუქმნელობის მიზეზის შესახებ კი, აი, რით იმართლებს თავს ჟორდანია, რასაც თავის მემუარებში, გადმოგვცემს ბატონი რ. გაბაშვილი: „იარაღი არა გვქონდა და ჯარი როგორ უნდა შეგვექმნა, ან რითი შეგვეიარაღებინაო?“ (გვ. 184).

 მაგრამ თვით ბატონი რ. გაბაშვილი აი, როგორის არგუმენტებით აბათილებს ჟორდანიას სიცრუეს: „სად დაიმალება ისეთი მაგალითები, როგორც ტრაპიზონისა და საერთოდ დიდი ომის, რუს-ოსმალოს ფრონტიდან ნაძარცვი აურაცხელი ქონება (სამხედრო და სხვაც), რომელიც საქართველოს „ბიუჯეტად“ ეყოფოდა და მე თუ „ძარცვას“ ვეძახი, სწორედ იმიტომ, რომ სოციალისტურმა პარტიებმა და კერძო პირებმა დაირიგეს, და არა – სახელმწიფოს გადასცეს. მათი „კოოპერატივები“ და კერძო ვაჭრები ჰყიდიდნენ და მდიდრდებოდნენ, ჩამოტანილი შაქრით, ფქვილით, რძის კონსერვებით და ათასი სხვა რამ სანოვაგითა და საქონლით. აქ თუ ახდილი ძარცვა-ყაჩაღობა ხდებოდა, ეგრეთ-წოდებული „ზემგორის“ უთვალავი ქონება, – კარავ-უნაგირ-ლურსმნიდან დაწყებული, ფართლეულ-ფქვილ-კონსერვებით გათავებული, – ისე საიდუმლოდ ჰქრებოდა – ზურგით, ცხენით, ურმით, ვაგონებით წაღებული, რომ ორიოდე თვის შემდეგ, სადგურიდან მუშთაითამდე მთებად დაყენებული მდიდარი საწყობები, – უდაბნოს მოგაგონებდათ, თბილისის სამხედრო საწყობები – დაუშრეტელი (რადგან ნახევარ-მილიონზე მეტი ჯარის ცენტრალური ამუნიციისა იყო) – ისე დაცარიელდა, რომ შემთხვევით გადარჩენილიდან – 1921 წლის ომის შემდეგაც, – ბოლშევიკებს დარჩათ 1700 ახალი თოფი და მათ შორის ქუთაისში 300 ხელუხლებელი ტყვიისმფრქვეველი…“ (რ. გაბაშვილი, „რაც მახსოვს“, გვ. 183-184).

 სხვათაშორის, მე პირადათ, იგივე მსმენია იმ დროს მომსწრე ჩემი სოფლის გლეხობისაგან: წითელწყაროს (დედოფლის წყარო) სამხედრო საწყობები სავსე იყო იარაღით, ტანსაცმელ-ფეხსაცმელით, ცხენოსანი ჯარის აღკაზმულობითა და სურსათით, მაგრამ სულ განიავდა მენშევიკური ხელისუფლების უყურადღებობითო.

ჯარისადმი ჟორდანიას უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ფრონტიდან დაბრუნებული ენთუზიასტი გენერლები და ოფიცრები მაინც ქმნიდნენ ქართულ საჯარისო შენაერთებს უკიდურესად მძიმე პირობებში. ერთ-ერთი ასეთი გენერალი გახლდათ შესანიშნავი სარდალი და მამულიშვილი გიორგი მაზნიაშვილი. [128]

 აი ისიც, მსგავსად რ. გაბაშვილისა, როგორის დასაბუთებით აბათილებს არა მარტო ჟორდანიას სიცრუეს – „იარაღი არა გვქონდა და ჯარი რითი უნდა შეგვეიარაღებინაო“, არამედ მის მტრულ დამოკიდებულებასაც ჯარისამდი: „კავკასიის არმიის უზარმაზარი საწყობები, რომლებიც სავსე იყო მრავალ მილიონიან ქონებით, თითქმის უდარაჯოთ იყო დატოვებული. ცხენები მრავლად იხოცებოდა შიმშილით, რადგან საკვებს, რომელსაც იძლეოდა საინტენდანტო სამმართველო, ჯარისკაცები ჰყიდდნენ ბაზარზე“ (იხ. გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, გვ. 4-5).

იგი კვლავ აგრძელებს ხელისუფლების უნიათობის დამამტკიცებელი ფაქტების ჩვენებას კიდევ უფრო მეტის დაკონკრეტებით: „იარაღი, მოკაზმულობა და მთავარ სურსათის მარაგი საწყობებში იმდენი იყო, რომ შესაძლებელი იყო ქართული ლაშქრის თუნდა 50 ათასი კაცის შეიარაღება, მოკაზმვა და გამოკვება ათი წლის განმავლობაბში. საჭირო იყო მხოლოდ ჯარისკაცები, რომელთა შედგენა და გამოწვრთნა შესაძლებელი იყო ორისამი თვის განმავლობაში, თუ მთავრობა ამ საქმეს გულით მოეკიდებოდა და საჭირო დახმარებას გაუწევდა. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ მენშევიკური მთავრობა, ქართული არმიის შედგენას გულგრილად უყურებდა და ჯარისკენ მხოლოდ მაშინ მოიხედავდა, როდესაც გაჭირვება დაადგებოდა, დანარჩენ დროს კი მიგდებული და მინებებული იყო თავის ბედსა და ნებაზე.

ვიტყვი მეტსაც: მენშევიკები თავის საკუთარ ჯარს შეჰყურებდნენ უნდობლად და მასში ჰხედავდნენ თავის საფრთხეს მომავალში, როცა იქნება, ჯარი ჩვენს წინააღმდეგ წამოვა და დაგვამხობსო. თუ არა ამით, სხვა რითი აიხსნება ერთსა და იმავე დროს სახალხო გვარდიისა და ჯარის არსებობა?

რას წარმოადგენდა სახალხო გვარდია სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით?

იგი შესდგებოდა დეზერტირ ჯარისკაცებიდან, რომლებიც მსახურობდნენ დღეს ერთ ლეგიონში, ხვალ მეორეში, ზეგ კიდევ მესამეში; სამ-ოთხ ლეგიონიდან გატაცებული ჰქონდათ სამხედრო ტანისამოსი, ფეხსაცმელი და სხვა საქონელი, და თავი რომ გადაერჩინათ სასჯელისაგან, ეწერებოდნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (ეს ხომ მეტად ადვილი საქმე იყო!) და შემდეგ გადადიოდნენ სახალხო გვარდიაში…

რისთვის და ვისთვის იყო საჭირო ეს გვარდია, რაკი ის ვერ გამოდგებოდა გარეშე მტერთან ბრძოლაში? ვფიქრობ, რომ მენშევიკებს ამოქმედებდა ამ საკითხში ერთგვარი აზრი: ჯარი საჭიროა გარეშე მტერთან ბრძოლისათვის, ხოლო ჯართან საბრძოლველად (ვინ იცის, რა შემთხვევა იყვეს!), საჭიროა სახალხო გვარდია… ამიტომ სახალხო გვარდიის გულის მოსაგებად მენშევიკები არაფერს ზოგავდნენ. რაც შესაძლებელი და საუკეთესო იყო, მიჰქონდათ გვარდიაში: საუკეთესო იარაღი, საუკეთესო მოკაზმულობა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ცხენები, სურსათი და ბლომად ფული. და ეს იმ დროს ხდებოდა, როდესაც ჯარის ნაწილების უფროსები დარბოდნენ ქალაქის ქუჩებში და სესხულობდნენ [129] ფულს კერძო პირებისაგან ჯარის უსაჭიროეს მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად… აი, ამგვარ ტანჯვაში იმყოფებოდა ქართული ჯარი! არც ნდობა, არც ყურადღება, არც საღსარი. და თუ იგი მაინც კიდევ არსებობდა, ეს უნდა მიეწეროს სამშობლოსადმი და საქმისადმი სიყვარულით გამსჭვალულ ოფიცრებისა და უფრო შეგნებულ და პატიოსან ჯარისკაცების საქმიანობას…“ (იქვე, გვ. 6-9).

ნათქვამია, მტყუანს ტყუილის კარამდე უნდა მისდიოო! ვთქვათ და ჟორდანიას მართლაც არ ჰქონდა შესაძლებლობა ჯარის შეიარაღებისა – მაგრამ, როცა ამას უანგაროდ სთავაზობდნენ ჯერ გერმანია და მერე ინგლისი, რატომღა უარყო ჟორდანიამ მათი წინადადება?

აი, რას მოგვითხრობს ამის შესახებ რ. გაბაშვილი: „1918 წელს გერმანელებმა შემოგვთავაზეს: „ჩვენ მოგცემთ ფულს, იარაღს, ინსტრუქტორებს, – შეჰქმენით თქვენი საკუთარი ორი რკინის დივიზია, რაც საკმარისია საქართველოსათვის მშვიდობიანობის დროს, და, ომის დროს შეგიძლიათ 300 000-მდეც აიყვანოთ“-ო. – ჩვენმა მთავრობამ უარი უთხრა ასეთ კეთილშობილ დახმარებაზე, როგორც უკუსაგდები კავშირი (?) „იმპერიალისტებთან“ (იქვე. გვ. 203). ასევე, ჟორდანიამ უარი უთხრა ინგლისელებსაც იგივე წინადადებაზე (იქვე, გვ. 204).

 ზოგის თქმით კი, ჟორდანიას ასე განუცხადებია ორივესთვის: ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ, არავის ვეომებით და ჯარი რათ გვინდაო? რა დასკვნა შეიძლება გაკეთდეს აქედან? ან ის, რომ ჩანჩურეთელ ჟორდანიას არ ესმოდა ის უბრალო აქსიომა, რომ „შენ არ ეომები, მაგრამ სხვა შეიძლება გეომოს!“ ანდა, როგორც გენერალი მაზნიაშვილი გვეუბნება – ჟორდანია, იმის შიშით – ვაი თუ ეს ჯარი ჩვენს ხელისუფლებას აქეთ დაუპირისპირდესო, საერთოდ არ სურდა ჯარის ყოლა. ასეა თუ ისე, სულ მალე სომხებმა ფეხებზე დაიკიდეს ჟორდანიას მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტი და ვერაგულად (ომის გამოუცხადებლად), წინასწარ საგულდაგულოდ მომზადებული ჯარით 1918 წლის 7 დეკემბერს თავს დაესხა აქა-იქ გაფანტულ, ზოგს ნასვამს და ზოგს ნამძინარევ ჩვენს მესაზღვრეებს – ზოგი ამოხოცეს და ზოგიც ტყვედ ჩაიგდეს, და მხოლოდ ამის შემდეგ სომხეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ულტიმატუმი ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების დაცლის შესახებ.

 მართალია, სომეხთა მხრივ ეს იყო ვერაგული თავდასხმა, მაგრამ სომხეთის მთავრობა ომს რომ ამზადებდა საქართველოს წინააღმდეგ, ჟორდანიას ხელისუფლებამ არაფერი იცოდაო, აბსოლუტური სიცრუეა. აი, რას გვიყვება ამის შესახებ ბატონი რ. გაბაშვილი თავის მემუარებში: „ომი რომ მზადდებოდა სომხეთის მხრიდან და რუსის „თეთრი არმიის“ ოფიცრებიც ჰყავდათ ხელმძღვანელებად, ჩვენმა მთავრობამ იცოდა, სომხეთში დანიშნული ელჩის, ბატონ სოსიკო მდივნისა და მისი თანაშემწის, მიხეილ ყანჩელის ოფიციალური პატაკებიდან“ (იხ. გვ. 206).

ახლა მოდით მოვუსმინოთ გენერალ მაზნიაშვილს იმ უთაობის შესახებ, რაც ამ ომში გამოიჩინა ჟორდანიას ხელისუფლებამ: „სომხებმა საომარი მოქმედება დაიწყეს სოფ. ვორონცოვკასთან, კამენკასთან და პრივოლნოესთან…, ჩვენში კი არამც თუ არ გამოაცხადეს მობილიზაცია და ჯარის არც ერთი ნაწილი არ გაგზავნეს ბრძოლის ველზე, პირიქით, სოფ. ვორონცოვკიდან გენერალ ციციშვილის მცირერიცხოვან ჯარიდან საჩქაროდ გამოიწვიეს თბილისში გვარდიის დივიზიონის 150 გვარდიელი, სახალხო დღესასწაულებში მონაწილეობის მისაღებად. გენერალ ციციშვილის ვერც თხოვნამ და ვერც მუდარამ ვერა გააწყო რა, 11 დეკემბერს ესკადრონი წამოვიდა თბილისისაკენ. ციციშვილს დარჩა საგუბერნიო ათასეულის ერთი ასეული და სანაპირო რაზმი, სულ 200 კაცი, 4 ტყვიის მფრქვეველით, და ამით უნდა შებრძოლებოდა იგი სომხების ჯარებს“ (იხ. გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, 1917-1925, გვ. 119).

 აი ასე – ქვეყანას ცეცხლი უკიდია, ერთი ბეწო მესაზღვრენი უთანასწორო ბრძოლაში იღუპებიან, მტერი მოიწევს ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის წასართმევად და ქვეყნის მეთაურს კი, იმის ნაცვლად, რომ ჯარი მიაშველოს, პირიქით, ის მცირე ნაწილიც გამოჰყავს ფრონტიდან თბილისში სადღესასწაულო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად! საინტერესოა, რა დღესასწაული ჰქონდა, ანდა რა ედღესასწაულებოდა ამ მართლაცდა ოჩოპინტრე ჟორდანიას?!

ახლა კვლავ ჟორდანიას უპირველეს კრიტიკოსს – ბატონ რ. გაბაშვილს მოვუსმინოთ იგივე თემაზე: „სომხების ჯარმა ზარბაზნები წაართვეს გვარდიას, გარს შემოერტყნენ ჯუღელის რაზმებს ეკატერინენფელდში და მთლად დაატყვევებდნენ, ორ-სამ დღეში შეიძლება თბილისშიც შემოცვენილიყვნენ, რომ საჩქარო ზომები არ მიგვეღო… სარდლად დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი; მოხალისედ გავიდა და შტაბის უფროსად გახდა გენერალი კვინიტაძე; დავით ვაჩნაძემ, კახეთიდან ჩამოიყვანა 500 ჯარისკაცი და სხვა ადგილებშიაც შეკრებილი დანარჩენი 4.500, – გაჰგზავნა ფრონტზე, თუმცა დ. ვაჩნაძეს არავითარი „პოსტი“ არ ეჭირა და ისიც მოხალისე იყო; აი რამ, არა მარტო იხსნა მდგომარეობა, არამედ დაამარცხა სომხები, აიღო მათგან აღებული შულავერი, სირცხვილს გადაარჩინა გვარდია და სომხები მთლად განდევნა საქართველოს საზღვრებიდან“ (იხ. მისი მემუარები, გვ. 207).

 ეხლა მოდით ვიკითხოთ: სომხური დაშნაკური ხელისუფლება იყო თუ არა მთლად მტყუანი, ომი რომ აუტეხა მენეშვიკური ხელისუფლების ქვეშ მყოფ საქართველოს? რ. გაბაშვილის დასკვნით, მათ ჰქონდათ საფუძველი ამ ომისათვის! ჯერ 1912 წელს სოციალისტური პარტიების კიევის კონფერენციაზე მენშევიკებმა სხვა სოციალისტურ პარტიებთან ერთად ხომ განაცხადეს – „რეალური მოსახლეობის“ მოტივით – ახალციხე, ახალქალაქი და ბორჩალოს მაზრა ნავთლუხამდე სომხეთს ეკუთვნისო. ხოლო შემდეგ – 1917 წელსაც ხომ ამტკიცებდა ჟორდანია – თბილისის მესამედი – სომხებისა არისო.

ჰოდა, რადგანაც მენშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაივიწყეს ეს დანაპირები, სომხეთის იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ სხდომებს ესწრებოდნენ და ახლა კი სომხეთის [131] მთავრობას შეადგენდნენ, ძალისმიერი გზით შეეცადნენ ადრე ნაჩუქარი ტერიტორიების დაკავებას, მორჩა და გათავდა! მაგრამ ნაცარქექია მენშევიკების გარდა, საქართველოს ხომ ჰყავდა პატრიოტიმამულიშვილებიც. აი, ვინ იხსნა მაშინ საქართველო სირცხვილისაგან. ახლა, არ შემიძლია მკითხველს არ შევთავაზო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იმის დასამტკიცებლად, თუ ბატონი ნოე რა შორს იდგა იმ შეგნებიდან, რომელსაც თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა, პატრიოტობა და მამულიშვილობა ჰქვია, – თუ რა უბადრუკი კაცუნა იყო იგი, როგორც პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე.

მოგეხსენებათ, ჩვენდა სავალალოდ, ჩვენი საიმედო მოკავშირე, როგორც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ასევე ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში – გერმანია, დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, რის გამოც იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა ჩვენი ქვეყანა. მის ნაცვლად, მსგავსი მეურვის სახით, მოგვევლინა ინგლისი. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ გერმანიის მსგავსად, ინგლისმაც შემოგვთავაზა შეგვექმნა ორი რკინის დივიზია, რომლებსაც თავად შეიარაღებდა და დააფინანსებდა. მაგრამ ჟორდანიამ მასაც ისეთივე უარი სტკიცა, როგორც გერმანიას.

და აი, ახლა უკვე მეორე შესანიშნავი წინადადებით წარუდგა ბატონ ნოეს ინგლისელი გენერალი. იგი თავაზიანად მიმართავს ჟორდანიას: „ამჟამად ინგლისის სამხედრო ძალებს კავკასიაში დიდი მოვალეობა გვაწევს, რათა ხელი შევუწყოთ ამ მხარეში მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებას, ყარსის ციხე და მთლად ყარსის ოლქიც მოითხოვენ განსაკუთრებულ ყურადღებას. მოვედი თქვენთან, რათა გთხოვოთ შეიყვანოთ თქვენი ჯარი ამ ოლქებში და დაადგინოთ თქვენი მთავრობა“. აი, რა უპასუხა ინგლისელ გენერალს „დიდმა ნოვემ“ (მოგეხსენებათ, მაშინ მენშევიკებს ხელისუფლებაში 4 ნოე ჰყავდათ – ერთი, დიდი ნოე – ჟორდანია და სამი – პატარა ნოე – ნოე რამიშვილი, ნოე ხომერიკი და ნოე ………….): „გენერალო, – ჩვენ, ქართველები, ავანტიურისტები არა ვართ, ჩვენი სურვილია საქართველოს სახელმწიფოება (?) გავამაგროთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებში. ჩვენსას არავის დავუთმობთ, მაგრამ არც სხვისას მივითვისებთ – ამიტომ თქვენს წინადადებას ვერ მივიღებთ“. „– მაშ, თქვენის აზრით, ვის უნდა მიეცეს ის ოლქი?“ – შეეკითხა გენერალი. „საქართველოს მთავრობას, ცხადია (?); ამაზე არ გვიმსჯელია, მაგრამ რაკი თქვენ მოითხოვთ ჩემს აზრს, გეტყვით, რომ ამ ოლქს სომხებმა უნდა უპატრონოს (?)“ – პასუხობს ნოე ჩანჩურეთელი (იხ. რ. გაბაშვილის მემუარები, გვ. 161-163).

მიუხედავად მენშევიკური ხელისუფლების მიმართ აქ წარმოდგენილი უსუსურობის ფაქტებისა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი მთლად გულხელდაკრეფილნი შეჰყურებდნენ მოვლენების იმ რთულ ატმოსფეროს, რომელშიც მაშინ საქართველო მოექცა ნაწილობრივ ხელისუფალთა უთავობისა და მეორე მხრივ კი ობიექტურად შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამო. [132]

 კერძოდ, პატრიოტულად განწყობილი გენერალიტეტი, თავისი მცირერიცხოვანი, ხელისუფლებისაგან ათვალწუნებული საჯარისო ნაწილებით, წარმატებით იგერიებდა ირგვლივ მოჯარულ მტრებს. მოგეხსენებათ, პეტერბურგში ავანტიურისტული გადატრიალების შედეგად ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს ბოლშევიკებმა. მაგრამ რუსეთის განაპირა მხარეებში კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლი თეთრი გენერლები მბრძანებლობდნენ. კერძოდ, იმპერიის მთელი აღმოსავლეთი მხარე კოლჩაკს ეკავა, ხოლო საქართველოს მეზობელ ყუბანის ოლქში დენიკინი გამგებლობდა. მართალია, ერთიც და მეორეც კი ებრძოდა ლენინის ხელისუფლებას, მაგრამ ორივენი მტკიცედ იცავდნენ ასევე იდეას იმპერიის ერთიანობისა და განუყოფლობის შესახებ. აქედან გამომდინარე, დენიკინი არ ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ამზადებდა ძალებს საქართველოს საოკუპაციოდ.

ასევე, მართალია, თურქეთმა 1918 წლის დასასრულს, მუდროსის ზავის თანახმად, თავისი ჯარები გაიყვანა მესხეთ-ჯავახეთიდან და აჭარიდან, მაგრამ შემდეგში, კერძოდ, მესხეთ-ჯავახეთში, ადგილობრივ მუსულმანურ მოსახლეობაზე დაყრდნდობით, მათი აჯანყების გზით შეეცადა აღედგინა ამ მხარეში თავისი გავლენა. ამ გეგმას თაოსანიც გამოუჩნდა. ეს გახლდათ სერვერ ბეგ ათაბაგი, რომელმაც ჯერ ყარსში დააარსა მუსლიმანების ცალკე რესპუბლიკა, ხოლო შემდეგ შეეცადა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიდან ქართული ადმინისტრაციისა და ჯარების განდევნას და აქ პროთურქული მთავრობის ჩამოყალიბებას. ერთდროულად მესხეთჯავახეთის საქართველოდან ჩამოცილებასა და რუსეთთან მიერთებისათვის იბრძოდა დენიკინიც, რომელსაც მხარს უჭერდა ინგლისის კავკასიის სარდლობა. მაგრამ არც ერთს და არც მეორეს ეს ჩანაფიქრი არ გაუმართლდათ. ქართულმა მხედრობამ, გენერალ კვინიტაძის სარდლობით, სერვერ ბეგ ათაბაგის ისლამური არმია ამ მხარიდან განდევნა. ასევე, ბათუმის ოლქიც დედა-სამშობლოს დაუბრუნდა ადგილობრივი მცხოვრებლების მტკიცე გადაწყვეტილებით, რაშიც დიდი როლი შეასრულა მეჰმედ-ბეგ აბაშიძემ.

 არ ცხრებოდა დენიკინი. მან სოჭის მხრიდან შემოუტია საქართველოს. მისი ჯარები გაგრაში შემოიჭრნენ და მიზნად დაისახეს აფხაზეთის დაუფლება. მაგრამ, საბედნიეროდ, გენერალ მაზნიაშვილის მხედრობამ ჯერ 1918 წელს ბოლშევიკები გადარეკა სოჭის იქით, ხოლო ახლა, 1919 წელს, დენიკინსაც დააცლევინა გაგრა და ისიც განდევნა აფხაზეთიდან.

ახლა აქ, მე მცირე ხნით მინდა გადავუხვიო თემის ძირითად შინაარსს და მკითხველს მოვუთხრო ჟორდანიას ხელისუფლების ერთ უცნაურ ქმედებაზე, რომელსაც იგი იჩენდა სამშობლოსადმი მუდამ პატრიოტულად განწყობილი საჯარისო ნაწილების წინააღმდეგ. ზემოთაც ითქვა და ახლაც მინდა გავიმეორო ჟორდანიას ოპონენტების – რ. გაბაშვილის და გ. მაზნიაშვილის ის კრიტიკული შენიშვნები, რომელსაც სამართლიანად უყენებენ მენშევიკურ ხელისუფლებას. როგორც კი ქვეყანას გასაჭირი დაადგებოდა გარეშე მტრების მხრივ, [133] მთავრობა საშველად ჯარს მოუხმობდა. ხოლო, როგორც კი მის მიერ აღიკვეთებოდა ეს საშიშროება, იმ წუთსვე შლიდა ჯარს და მხოლოდ გვარდია ჰყავდა დაუშლელად და მუდმივ მზადყოფნაში. ამას, ბატონები – გაბაშვილი და მაზნიაშვილი იმით ხსნიან, რომ მთავრობა მუდამ შიშით შესცქეროდა ჯარს, ვაითუ გარეშე მტერზე გამარჯვების შემდეგ ჩვენს დასამხობად გამოილაშქროსო. აი, რისთვის ევლებოდა თავს ბატონი ნოე გვარდიას და გერივით რატომ ეპყრობოდა ჯარს.

როგორც კრემლის ბოლშევიკური ხელისუფლება, ასევე, ადგილობრივი ქართველი ბოლშევიკები სასტიკად ილაშქრებდნენ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენის წინააღმდეგ და მოითხოვდნენ, მის კვლავ, ამჯერად უკვე საბჭოურად გარდაქმნილ იმპერიის წიაღში დაბრუნებას, მარქსის მიერ მოწოდებულ ლოზუნგზე დაყრდნობით – კლასობრივი მტრის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის მიზნით, ყველა ქვეყნის პროლეტარების ერთიან ძალად გაერთიანების შესახებ, რაც სინამდვილეში საქართველოს კვლავ რუსეთის ასიმილატორულ ქვაბში აქცევდა უფრო უმტკივნეულოდ მის გასარუსებლად ინტერნაციონალიზმის ყალბი ლოზუნგების საფარქვეშ.

რუსეთის ნეოიმპერიალისტების ბრმა იარაღად გადაქცეული ქართველი ბოლშევიკები – მახარაძე, ორჯონიკიძე, ს. გეგეჭკორი და სხვები ძალას არ იშურებდნენ ქართველი გლეხების ასაჯანყებლად, ლამაზ-ლამაზი დაპირებებით ზღაპრული ცხოვრების შექმნის შესახებ, თუკი ისინი დაამხობდნენ საკუთარი ქვეყნის მთავრობას და რუსულ საბჭოთა ქვეყანას მიუერთებდნენ საქართველოს. ამ შემთხვევაში თქვენ გადმოგეცემათ თავადებისათვის წართმეული სახლ-კარი და ქონება, ასევე მიწები, ფაბრიკა-ქარხნები, სურსათით გატენილი საწყობები, სასადილორესტორნები, დაჯექით და მოულხინეთო!

თანაცო, უმატებდნენ, – კომუნისტური პრინციპის მიხედვით, რამდენიც მოგესურვებათ, იმდენს იმუშავებთო, ხოლო რაც გინდათ და რამდენიც გინდათ, იმდენ საჭმელ-სასმელს მიიღებთო – გნებავთ მწვადსა და გნებავთ ჩაქაფულსო. აქ თქვენ ჭადიც რომ არ გაქვთ მაძღრისად, რუსეთში სწორედ საბჭოთა წყობილების გამოისობით ცხოვრება დუღს და გადადუღსო, როცა სინამდვილეში, ჯერ მსოფლიო ომისა და შემდეგ სამოქალაქო ომების შედეგად გაპარტახებული ეკონომიკის პირობებში, რუსი მოსახლეობა ძაღლისა და კატის ხორცსაც სიამოვნებით მიირთმევდა. საყოველთაოდ ცნობილია ამ გაუსაძლისი სიდუხჭირის გამო ვოლგისპირეთისა და რუსეთის სხვა მხარეების გლეხთა მასიური გამოსვლები ლენინის მატყუარა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც სისხლში ჩაახშვეს კომუნისტებმა.

აი ასე, ქართველი ბოლშევიკების მიერ წაქეზებულმა და მადააშლილმა გლეხობამ მრავალ ადგილას მოაწყო აჯანყებები: დუშეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში და სხვა, რომელიც ჩაქრობილ იქნა. ამ მხრივ უფრო მაღალი შეგნების დონეზე აღმოჩნდა ქალაქის მოსახლეობა. მიუხედავად მძიმე სოციალური მდგომარეობისა, აქ არსად არ ჰქონია ადგილი მუშათა [134] გაფიცვებს, ანდა, მითუმეტეს, აჯანყებებს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ითმენდნენ ყოველივეს და მტკიცედ უჭერდნენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას. ქვეყნისათვის უფრო საშიში ხასიათი მიიღო სეპარატისტულმა მოძრაობამ, რომელიც ძირითადად კრემლის წაქეზებითა და მხარდაჭერით ხდებოდა. თუმცა, ამ ბოროტულ ქმედებებში თავისი წვლილი შეჰქონდათ ქართველ ბოლშევიკებსაც.

1918 წლის 11 მარტს აფხაზეთში შეიარაღებული აჯანყება დაიწყო. აჯანყებულთა დასახმარებლად სოჭიდან და არმავირიდან შემოიჭრნენ რუსული წითელი არმიის ნაწილები. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. ამიერკავკასიის სეიმმა ეს აჯანყება ჩაახშო. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კვლავ სცადეს აღედგინათ საბჭოთა ხელისუფლება აფხაზეთში, მაგრამ ამ დროს საკმაოდ მომძლავრდნენ აქ საქართველოსთან ერთიანობის მომხრე ძალები, რის შედეგადაც აფხაზეთი შენარჩუნებული იქნა მისთვის ავტონომიის მინიჭებით.

გაცილებით უფრო დაუძლეველი აღმოჩნდა ოსური სეპარატიზმი. ჩრდილოეთ ოსეთიდან სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შემოხიზნულ კომპაქტურად დასახლებულ ოსებს სავსებით კანონზომიერად კულტურული ავტონომია ჰქონდათ მინიჭებული. ლენინის რუსეთი კი, საქართველოსთან მათი დაპირისპირების მიზნით, პოლიტიკურტერიტორიულ ავტონომიას ჰპირდებოდა, თუ ისინი საქართველოს მთავრობას აუჯანყდებოდნენ.

ამ მიზნით, საბჭოთა რუსეთი უხვად ამარაგებდა ოსებს საბრძოლო იარაღით. აქ ფართო წამქეზებლურ მუშაობას ეწეოდნენ ქართველი კომუნისტები – ს. ორჯონიკიძე, ფ. მახარაძე, ს. გეგეჭკორი. „სამხრეთ ოსეთის“ ეგრეწოდებული „ეროვნული საბჭო“ ავტონომიის ძალდატანებით განხორციელებას შეუდგა. მათი პროექტით ოსურ ავტონომიაში, გარდა სამაჩაბლოსი, უნდა გაერთიანებულიყო რაჭის, გორისა და დუშეთის მაზრების ის ნაწილი, სადაც ოსები კომპაქტურად იყვნენ დასახლებულნი. აჯანყება დაიწყო ოსმა აჯანყებულებმა, საკუთარი სოფლებიდან განდევნეს ქართველები. მათ საშინელი ამბები დაატრიალეს ცხინვალში. წამებით ამოხოცეს ადმინისტრაციის ქართველი წარმომადგენლები. ამიერკავკასიის კომისარიატი იძულებული გახდა, ოსთა შეიარაღებული გამოსვლა ქართველთა წინააღმდეგ, იარაღითვე ჩაეხშო.

 ოსებმა მაინც არ მოისვენეს. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ ბრძოლა კვლავ განაახლეს. ახლა ისინი არა მარტო ოსური ავტონომიის შექმნას, არამედ ამ მიწა-წყლის საბჭოთა რუსეთთან შეერთებასაც მოითხოვდნენ. ამ შემთხვევაში აჯანყებას სრულილად აშკარად წარმართავდა რკპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტი. მისი მითითებით, 1920 წლის 23 მარტს შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის“ რევოლუციური კომიტეტი (მთავრობა), რომელმაც საქართველოს ეს ისტორიული მიწა-წყალი რუსეთის „განუყოფელ ნაწილად“ გამოაცხადა. [135]

 ბრძანებულებაში ნათქვამი იყო: „ცხადდება საბჭოთა ხელისუფლება ტერიტორიაზე ონიდან დუშეთამდე… მთელი ძალაუფლება ეკუთვნის სამხრეთ ოსეთის რევკომს… ეცნობოს რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს, რომ სამხრეთ ოსეთის მშრომელთა სურვილია რუსეთთან შეერთება“.

დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად სამაჩაბლოში გაეგზავნა სახალხო გვარდია. გვარდიელებმა ჯუღელის მეთაურობით ოსთა აჯანყება ისეთივე სისასტიკით ჩაახშეს, როგორადაც აჯანყების დროს ისინი აქ მცხოვრებ ქართველებს უსწორდებოდნენ. მართალია, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში უმრავლესობას სოციალ-დემოკრატები წარმომადგენლობდნენ თავიანთი კოსმოპოლიტური იდეებით, მაგრამ ვერც ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფდნენ, კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების საქმეში, რადგან ამ მხრივ დიდ ზეწოლას ახდენდნენ მათზე პარლამენტში შემავალი ეროვნული სულისკვეთების მქონე პარტიების დელეგატები.

ამიტომ იყო, რომ მენშევიკებმა „დაივიწყეს“ ტერიტორიების გაჩუქების ადრინდელი დანაპირები, რომელსაც საფუძვლად ედო „რეალური მოსახლეობის“ პრინციპი და ახლა უკვე ისტორიული კუთვნილების მიხედვით იცავდნენ ეროვნულ მიწა-წყალს. ამ მხრივ დიდებული იყო მიდგომა საინგილოსა და აჭარის მუსლიმანური მოსახლეობის მიმართ ტერიტორიული მოწყობის საქმეში. მთავრობამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ სწორ გზად მიიჩნია, როგორც აჭარის, ასევე საინგილოსათვის ტერიტორიულ-ავტონომიური თვითმმართველობის მინიჭება და საქართველოს კონსტიტუციაშიც ასე ჩაიწერა. ერთი სიტყვით, გარდა აფხაზეთის ავტონომიისა, იქმნებოდა აჭარისა და საინგილოს ავტონომიური ერთეულები.

გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა ხელისუფალთა საქმიანობა საერთაშორისო სარბიელზე. ამ მხრივ უმთავრესი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა უცხო სახელმწიფოების მიერ და უშიშროების გარანტიის მოპოვება ისეთი საერთაშორისო ორგანოს მხრიდან, როგორც იყო 1-ლი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1920 წელს შექმნილი ერთა ლიგა. ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად საკმაოდ პრესტიჟული დელაგაცია გაემგზავრა პარიზში, სადაც 1919 წლის იანვარში ომში გამარჯვებული ქვეყნების – ინგლისის, საფრანგეთისა და აშშ-ს ლიდერებმა (ლოიდ ჯორჯი, კლემანსო, ვილსონი) მოიწვიეს კონფერენცია მთელს მსოფლიოში ახალი წესრიგისა და სამართლიანობის დასამყარებლად. დელეგაციაში შედიოდნენ – კარლო ჩხეიძე, კაკი წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი და სხვები.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, პირველ რიგში, თავად სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა მათი ჩამოყალიბების დღიდანვე. შემდეგ კი, 1918 წლის 28 მაისის „დროებითი შეთანხმებით“ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს ფაქტობრივად გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა – ავსტრია-უნგრეთმა, თურქეთმა და [136] ბულგარეთმა. მაგრამ ომში ამ ქვეყნების დამარცხების შემდეგ საჭირო იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა, უპირველეს ყოვლისა, გამარჯვებული სახელმწიფოების მიერ და ეს აღიარება დაემტკიცებინა უაღრესად პრესტიჟულ პარიზის კონფერენციას.

დელეგაციამ კონფერენციას წარუდგინა მემორანდუმი (მოხსენება), რომელშიც დასაბუთებული იყო საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის კანონზომიერება მისი ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი არსებობით, რომელიც 1801 წლიდან ძალადობის გზით შეუწყვიტა რუსეთმა, – ხოლო ახლა, დამოუკიდებლობის აღდეგნის შემდეგ იგი არის ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საკაცობრიო ცივილიზაციის შემდგომ განვითარებაში, რისთვისაც კონფერენციის მონაწილეთაგან მოითხოვდა მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის ოფიციალურ აღიარებას, ანდა, უარეს შემთხვევაში, ევროპის რომელიმე ძლიერი სახელმწიფოსაგან „მანდატის“ ანუ მფარველობის მოპოვებას.

მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაცია აქ დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. ევროპის ქვეყნებს საქართველოზე უფრო რუსეთის საკითხი აინტერესებდათ, სადაც ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა ლენინის კომუნისტურ ხელისუფლებასა და თეთრგვარდიელ გენერლებს შორის. როგორც ერთნი, ისე მეორენი ერთიანი და განუყოფელი რუსეთის იმპერიის პრინციპებს იცავდნენ, რის გამოც საქართველო მათ მიერ საშინაო საკითხად წარმოიდგინებოდა. ამასთან, ევროპის დიდ ქვეყნებს მიაჩნდათ, რომ რუსეთი ვეებერთელა ეკონომიკური და პოლიტიკური შესაძლებლობის ქვეყანა იყო და ამის გამოც არ სურდათ მასთან ურთიერთობის გაფუჭება პატარა საქართველოს გამო. ამას გარდა, მისგან მილიარდიანი ვალების გადახდასაც ელოდნენ და სხვ.

ევროპის დიდ სახელმწიფოთა მიერ ამიერკავკასიის სახელმწიფოებრივ ერთეულთა ცნობას ისიც ართულებდა, რომ ეს ქვეყნები ვერა და ვერ შეთანხმდნენ სასაზღვრო დავაში. სომხეთის დელეგაცია პარიზში წარსდგა საქართველოს მიმართ არნახული ტერიტორიული პრეტენზიებით. ისინი მოითხოვდნენ სომხეთისათვის გადაეცათ სამხრეთ საქართველოს მიწაწყალი და ასევე მიეცათ მისთვის კვლავ საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე შავ ზღვაზე გასასვლელი საკუთარი ნავსადგურით. მათ აქვე დაბეჭდეს და კონფერენციას წარუდგინეს სომხეთის სახელმწიფოს რუკა, სადაც მის საზღვრებში იყო მოქცეული მტკვრის მთელი მარცხენა მხარე გორისა და თბილისის ჩათვლით. სწორედ ამ ურთიერთ გაუშველებლობის გამო, ვერც სომხეთმა და ვერც საქართველომ, ვერ მიიღეს მფარველობის მანდატები ევროპის ვერც ერთი ქვეყნიდან.

ვითარება საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა მხოლოდ მას შემდეგ, როცა ნათელი გახდა რუსეთში თეთრგვარდიელთა და ინტერვენტთა მარცხი და შეიქმნა პირობები კომუნისტური რეჟიმის გაძლიერება- განმტკიცებისა, რაც ხელს არ აძლევდათ ევროპასა და ამერიკას. ამის შემდეგ დაიწყო უკვე საქართველოს სერიული ცნობა მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების მიერ. [137]

 ამ მხრივ პირველი ნაბიჯი გადადგა არგენტინამ. 1919 წლის 15 სექტემბერს მან სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. შემდეგ უკვე მას მიჰყვნენ ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და მთელი რიგი სხვა ქვეყნები. 1921 წლის დასაწყისისათვის, იმ დროს მსოფლიოში არსებული 40 სახელმწიფოდან, უკვე 25-მა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა.

იმ ურთულეს ვითარებაში, როცა ახლად ფეხადგმულ საქართველოს უამრავი მტერი უპირისპირდებოდა შიგნიდანაც და გარედანაც, საჭირო იყო ქვეყნის უშიშროებისათვის დასაყრდენი ბერკეტების ძიება. როგორც ვიცით, ჩვენმა უხერხემლო ხელისუფლებამ გასაოცარი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა, როცა არ მიიღო ჯერ გერმანიის, ხოლო შემდეგ ინგლისის შეთავაზება – შეექმნათ, თვით მათი დაფინანსებით, მძლავრი არმია. ამიტომ ახლა, პარიზში წარგზავნილმა დელეგაციამ იმედის თვალი მიაპყრო იმ დროისათვის ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას – ერთალიგას, რომელსაც შეეძლო, მათი აზრით, კრემლის ბოლშევიკური აგრესიისაგან საქართველოს დაცვა.

დელეგაციამ ამ ორგანიზაციის პრეზიდიუმს წარუდგინა მემორანდუმი, რომელშიც ასაბუთებდა მისი ქვეყნის დამოუკიდებლობის სამართლიანობას და მოითხოვდა მათგან დახმარებას აგრესიის შემთხვევაში. ქართველთა ამ მისწრაფებას წინ აღუდგა იმ დროისათვის ყველაზე მძლავრი ინგლისი. მისი ფორმალური არგუმენტი ის იყო, რომ ერთალიგას არ ჰქონდა ქმედითი შესაძლებლობა დაეცვა საქართველო ისეთი დიდი სახელმწიფოს აგრესიისაგან, როგორც იყო რუსეთი. ნამდვილი მიზეზი კი ის იყო, რომ ინგლისის პრემიერი ლოიდ ჯორჯი ამ დროს ეკონომიკურ კავშირებს აბავდა საბჭოთა რუსეთთან და არ უნდოდა მისი განაწყენება პატარა საქართველოს გულისთვის.

აი, რას წერს ამ ფაქტის ირგვლივ, ისევე, როგორც ლენინის ველური ხელისუფლების ცნობის შესახებ, რაზედაც ყოვლად აბსურდულ განმარტებას იძლეოდა ლოიდ ჯორჯი, ცნობილი ემიგრანტი და პოლიტიკური მოღვაწე ალექსანდრე ცომაია: „განა ჩვენ კანიბალებთან არ ვვაჭრობთ? რატომაც არ ვივაჭროთ მოსკოვთან?“ – ასეთი იყო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ლოიდ ჯორჯის სიტყვები მაშინ“.

რამდენადაც იმ პერიოდში ინგლისი ლიდერობდა ევროპაში, მას მიჰყვნენ ევროპის დანარჩენი ქვეყნებიც, რის შედეგადაც პოლიტიკურმა ინტერესებმა გზა დაუთმო კომერციულ ინტერესებს. ლენინის მთავრობა მიიღეს როგორც კანონიერი მთავრობა, „ფული მიედინებოდა საბჭოთა კავშირში სესხების სახით. ევროპული კაპიტალი და ევროპელი ინჟინრები ქმნიდნენ საბჭოთა სამხედრო ინდუსტრიას. ევროპამ ააღორძინა, შეიარაღა და გააძლიერა მოსკოვის კომუნისტური რეჟიმი“, რომელიც შემდეგ უდიდეს ზნეობრივ, მორალურ და სისხლის ფასად დაუჯდა თვით ევროპას. როგორც ცნობილია, 1919 წლის 19 იანვრიდან ინგლისის ჯარი იდგა [138] ბათუმში, რაც ერთგვარად ამუხრუჭებდა საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიას. და აი უცებ, 1920 წლის მაისში, ყველასათვის მოულოდნელად ინგლისის ჯარმა დატოვა ბათუმი, რაც გამოწვეული იყო საბჭოთა რუსეთსა და ინგლისს შორის საიდუმლო შეთანხმებით. ინგლისის მთავრობამ ამ აქტით, ისევე როგორც ერთალიგაში მისაღები კარის გადაკეტვით, საბოლოოდ გაწირა საქართველო სარუსეთოდ. თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ამ დროისათვის საბჭოთა რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა უკვე აზერბაიჯანი 1920 წლის აპრილიდან, საიდანაც შემდეგ განხორციელდა წითელარმიელთა თავდასხმა საქართველოში, უკვე გასაგები ხდება, თუ ყოველმხრივ გზამოჭრილმა საქართველოს ხელისუფლებამ რატომ აიღო გეზი ისევ ლენინის რუსეთზე, რათა მისგან მიეღო საქართველოზე თავდაუსხმელობის გარანტია.

1920 წლის 7 მაისს დაიდო რუსეთ-საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება. ლენინი ამ სამშვიდობო მისიას „სრული გაგებით“ შეხვდა. თუ საქართველოს მთავრობის მიზანი ის იყო, რომ ამ ხელშეკრულებით რუსეთის აგრესია აეცილებინა თავიდან, ლენინის მიზანი იყო ის, რომ აგრესიისათვის საჭირო ყველა დეტალი გულდასმით შეემზადებინა, რომ საქართველო რაც შეიძლება იოლად მოენელებინა. ეს ხელშეკრულება, თავისი შინაარსითა და მზაკვრობით, დიდათ ჩამოგავს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს. როგორც მაშინ, რუსეთი ახლაც სცნობდა საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის უფლებას და ორივე შემთხვევაში პირობას სდებდა არ ჩარეულიყო მის საშინაო საქმეებში. სინამდვილეში რუსეთი მაშინაც და ახლაც აშკარად ერეოდა საქართველოს საშინაო საქმეებში. კერძოდ, ხელშეკრულების იმ ნაწილით, რომელიც „საიდუმლო დამატების“ სახით ერთვოდა ხელშეკრულებას, საქართველო ვალდებულებას კისრულობდა უზრუნველყო კომუნისტური ორგანიზაციების თავისუფალი საქმიანობა, რაც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა ამ ორგანიზაციების სახით შეექმნა საქართველოში თავისი „მეხუთე კოლონა“, მისი დაპყრობის მოსამზადებლად.

და ბოლოს, ორივე ეს ხელშეკრულებები, უპირველესად, იმით ჰგვანან ერთმანეთს, რომ რუსეთმა მაშინაც და ახლაც ვერაგულად დაარღვია თავისივე დანაპირები და აშკარა აგრესიის გზით დაიპყრო საქართველო. ვიმეორებთ, რომ ლენინს ეს ხელშეკრულება საქართველოს შინაგანი მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლისა და დაპყრობის მოსამზადებლად სჭირდებოდა (ასევე, ყურადღების მოსადუნებლად), ცხადად გამოჩნდა იმითაც, რომ საქართველოს რუსული საელჩო დააკომპლექტა 400 თანამშრომლით, რაც ყოვლად უჩვეულო იყო სახელმწიფოთა ურთიერთობის პრაქტიკაში. ისინი მოედვნენ მთელ საქართველოს და ღიად ეწეოდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდას, რაშიც უმთავრეს როლს ასრულებდა მათ მიერ დაარსებული გაზეთი „კომუნისტი“.

 ახლა ვნახოთ, როგორი მზადებით ხვდებოდა ჟორდანიას ხელისუფლება მოახლოებულ საშიშროებას. თქვენც არ მომიკვდეთ, რისი საშიშროება, რა საშიშროება! პირიქით, ბატონი ნოე სანეტარო ილუზიებით იყო ამ დროს [139] შეპყრობილი, მითუმეტეს, რომ ლენინმა მას სამშვიდობო ხელშეკრულება დაუდო. მას სჯეროდა, რომ „პარტიული პოზიციით ახლო მდგომი საბჭოთა რუსეთი არ გაწირავდა საქართველოს დასაპყრობად“. ხოლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ასეთი სიტყვებით ამშვიდებდა დამფუძნებელ კრებას: „ჩვენ არ ვართ მარტო, მთელი ევროპა, განურჩევლად პარტიისა და მიმართულებისა, ჩვენთან არისო“.

ამიტომაც, რომ იტყვიან, ჟორდანიას მხართეძოზე წამოწოლილს მშვიდი ძილით ეძინა, როცა ლენინი და, უპირველეს ყოვლისა კი, მის გვერდში მყოფი ქართველი გარეწრები, თავსაც რომ აბეზრებდნენ ლენინს – ჩქარა დაერთო ნება, შესეოდნენ საკუთარ სამშობლოს რუსული არმიებით, საქართველოს ანექსიისთვის ემზადებოდნენ.

აი, რას მოგვითხრობს გენერალი მაზნიაშვილი ჟორდანიას ხელისუფლების არნახულ უპასუხისმგებლობაზე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართ, რაც სამშობლოს ღალატად შეიძლება ჩაეთვალოს მას. დიახ, როცა ეცნობი გენერალ მაზნიაშვილის მიერ მოწოდებულ მასალებში ჟორდანიას, არათუ მხოლოდ უმოქმედობის, არამედ მის მიერ აშკარად ჩადენილ მავნებლურ ქმედებას, აუცილებლად გებადება კითხვა: ხომ არ იყო ჟორდანია ფარულად შეთანხმებული მარქსისტული იდეოლოგიით ახლოსმდგომ ლენინთან – საქართველო განიარაღებული დაეხვედრებინა თავდამსხმელ მხარესთან ბრძოლაში?! მაშ, მოვუსმინოთ სამშობლოსათვის თავდადებულ ცნობილ გენერალს. გენერალი მაზნიაშვილი: „1920 წლის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმები, რომ ომი ბოლშევიკებთან აუცილებელია. უკვე ენკენისთვეში სამხედრო მინისტრის კანცელარიამ შეადგინა ვრცელი მოხსენება, რომელიც წარუდგინა მთავრობის თავმჯდომარეს. ეს მოხსენება ამბობდა, რომ ბაქოში სდგება ცალკე მე-11 არმია, რომელსაც სათავეში უდგას გეკერი, და ამ არმიის მიზანი და დანიშნულება არის საქართველოსკენ წამოსვლა (მოხსენება ეკუთვნოდა სამხედრო მინისტრის ამხანაგს).

 მე-11 არმია რომ სდგებოდა ბაქოში, ამას აცნობებდა აზერბაიჯანის მთავრობასთან დანიშნული ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელიც. უნდა ვიფიქროთ, რომ სამხედრო მინისტრის ამხანაგის მოხსენებისა და ბაქოში ჩვენი წარმომადგენლის განცხადებების შემდეგ, მთავრობას უნდა მიეღო საჭირო ზომები თავდასაცავად და უნდა ებრძანებინა სათანადო ორგანოებისათვის, მზად ყოფილიყვნენ ყოველგვარ მოსალოდნელ ხიფათის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ მთავრობამ არ მიიღო არავითარი ზომები… ნოემბრის დასაწყისში საინჟენერო ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა, ჩემი თხოვნით დაათვალიერა თბილისის აღმოსავლეთის საზღვრები და შეადგინა გეგმა თბილისის მიდამოებში დროებითი სიმაგრეების მოსაწყობად, სახელდობრ: საგარეჯოსთან, ფოილოს ხიდის რაიონში და სამხრეთ-აღმოსავლეთით იაღლუჯის მაღლობებზე. ეს გეგმა წარედგინა ჯერ სამხედრო მინისტრს, ხოლო მისგან მთავრობას. მაგრამ საამისოდ ფულის გაღებაზე მთავრობამ უარი განაცხადა. ხიფათი კი თანდათან აშკარავდებოდა. [140]

 ცხადი იყო, რომ მთავრობა ეყრდნობოდა რაღაც სხვას, რადგან თუ ამით არა, სხვა არაფრით აიხსნება მთავრობის უარი დროებითი სიმაგრეების მოწყობაზე და სხვა სათანადო ზომების მიუღებლობაზე. და ამ „რაღაცა სხვას“ მთავრობა ჩვენ, ჯარის უფროსებს გვიფარავდა და არ გვიხსნიდა. ავიაციის საქმეც მეტად ცუდ მდგომარეობაში იყო. მთავრობამ, მართალია, შეიძინა იტალიაში რამდენიმე აეროპლანი, მაგრამ ავიაციის უფროსის მოხსენებიდან სჩანს, რომ მას არ ჰქონდა ამ აეროპლანებისთვის საკმაოდ ბენზინი, და შიშობდა, რომ თუ ხიფათი თავს დაგვატყდებოდა, მას არ ეყოფოდა ბენზინი და ზეთი.

 ავიაციის უფროსმა რამდენჯერმე მიმართა თითქმის ყველას, ვინც კი მთავრობაში იყო და დაჟინებით მიუთითებდა ბენზინისა და ზეთის მარაგის საჭიროებაზე, მაგრამ ყური არავინ ათხოვა…“

ყველაფრის ჩამოთვლა აქ შეუძლებელიაო, ამბობს გენერალი მაზნიაშვილი და აცხადებს – „მარტო ამით რომ თავდებოდეს ამ ხნის ყველა უბედურებანი, შესაძლებელია ხიფათისათვის თავი დაგვეხწია. მაგრამ მთავარი უბედურება ჯერ კიდევ არ ვიცოდით…

 დამფუძნებელ კრებასთან არსებობდა სამხედრო კომისია, რომლის ფუნქციებში შედიოდა სამხედრო სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კანონპროექტების გადასინჯვა, რომლებიც დამფუძნებელ კრებას უნდა დაემტკიცებინა.

დეკემბერში, თუ იანვრის დასაწყისში (როცა მთავრობა დღე-დღეზე ელოდა წითელ არმიელთა თავდასხმას) ამ კომისიამ სხდომაზე მოიწვია გენერლები, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი, სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, გრიგოლ ლორთქიფანიძემ, რომელიც სამხედრო კომისიის თავმჯდომარეც იყო, კრებას წარუდგინა დასამტკიცებლად გვარდიის მთავარი შტაბის მოთხოვნილება, რომ „დ ა თ ხ ო ვ ნ ი ლ ი ქ ნ ა ს უ ვ ა დ ო შ ვ ე ბ უ ლ ე ბ ა შ ი ყ ვ ე ლ ა ჯ ა რ ი ს კ ა ც ი , რ ო მ ე ლ მ ა ც ი მ ს ა ხ უ რ ა ჯ ა რ შ ი ო რ ი წ ე ლ ი წ ა დ ი დ ა მ ე ტ ი … გენერალმა ოდიშელიძემ და მის შემდეგ გენერალმა გედევანიშვილმა მოახსენეს კრებას, რომ თუ ეს ჯარისკაცნი დათხოვნილ იქნებიან, ჯარი დარჩება უუნტერ-ოფიცრებოდ, რაც ძალიან დასწევს ჯარის ბრძოლის უნარს, და რადგანაც ომი მოსალოდნელი იყო, ამიტომ სამხედრო მინისტრის ორივე ამხანაგმა უარჰყვეს გვარდიის წინადადება. მაგრამ მთავრობამ, პირადათ ნ. რამიშვილმა, მხარი დაუჭირა გვარდიის მთავარი შტაბის წინადადებას და ამგვარად, გამოცხადდა ბრძანება ძ ვ ე ლ ი გ ა მ ო ც დ ი ლ ი , მ ც ო დ ნ ე ჯ ა რ ი ს კ ა ც თ ა დ ა თ ხ ო ვ ნ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ “. მაგრამ არც ეს კმარა. 1921 წლის იანვრის დასაწყისში ბაქოდან ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი გაბო ხუნდაძე, რომელმაც მთავრობას მოხსენება წარუდგინა და დაადასტურა, რომ ბაქოში დამთავრდა მე-11 არმიის შედგენა, რომლის მიზანია საქართველოს მიმართ ოპერაციების დაწყება. მაგრამ არც ამ განცხადებამ იქონია გავლენა მთავრობაზე“ (იხ. გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, გვ. 150-154).

ოჩოპინტრე მენშევიკური [141] ხელისუფლების უთავობისა თუ ამ შეგნებული ბოროტმოქმედების შესახებ იგივეს ადასტურებს რევაზ გაბაშვილიც:

„როცა უკვე ვიცოდით შავი და კასპიის ზღვაზედ რუსის ჯარის მოგროვება, დარიალის ყელთანაც, სომხეთშიც; ჰეკერის პლანიც, – 1920 წლის ქრისტეშობის თვეში, მომზადებისა და ქუდზე კაცის დაძახების მაგიერ – ჩვენ მოვახდინეთ „დემობილიზაცია ჯარის კადრებისა!“ ეს მაშინვე გასაშტერებელი უტვინობა, შემდეგ, პარიზში, ბ-ნმა დავით შარაშიძემ თავის წიგნში არა მარტო დაადასტურა, ახსნაც გამოუნახა: „უნდა გვეჩვენებინა ბოლშევიკებისათვის, რომ ომი არა გვწადიანო“-ო. ტუტუცი ცხვარის ანგარიში, – მგლის მადის… ვითომ გასანელებლად“ (იხ. რ. გაბაშვილი, „რაც მახსოვს“, გვ. 284-285).

ერთი სიტყვით, მენშევიკურმა ხელისუფლებამ ნოე ჩანჩურეთელის მეთაურობით, როგორც ზემოთ ითქვა, შეუგნებლად თუ ღალატით, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველო უბოროტეს მტერს განიარაღებული დახვედროდა.

ახლა ვნახოთ, რა ხერხეს მიმართა რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საქართველოს დაპყრობა გაემართლებინა და იგი ნაკლებ საგანგაშო გაეხადა გარე სამყაროს თვალში. მოვუსმინოთ ისტორიკოს აკაკი სურგულაძეს: „საქართველოში შეჭრას უნდა მისცემოდა გამართლება საერთაშორისო ასპარეზზე იმით, რომ საქართველოს მთავრობამ თითქოს დაარღვია ხელშეკრულების პირობები. გასაბჭოების სცენარი ითვალისწინებდა საქართველოში სოციალისტურ გადატრიალებას შინაგანი ძალებით. საბჭოთა რუსეთის როლი კი უნდა გამართლებულიყო კლასობრივ თანამოძმეთადმი „ძმური დახმარებით“….

1921 წლის თებერვალში კრემლისათვის ხელსაყრელი დრო დადგა: წითელმა არმიამ დასავლეთით მოიგერია პოლონეთის შეტევა, სამხრეთში დაამარცხა ვრანგელის არმია. ამასთან, მომზადდა სავაჭრო ხელშეკრულება ინგლისთან. პრემიერმა ლოიდ ჯორჯმა საქართველოს საკითხი აღიარა საბჭოთა რუსეთის საშინაო საქმედ, რითაც წააქეზა კიდევ რუსეთის აგრესია საქართველოში“. უფრო ადრე, 1920 წლის ნოემბერში რუსეთმა მოახდინა სომხეთის ოკუპაციაც, რის შედეგადაც საქართველო ორმხრივ რკალში მოექცა.

მოვუსმინოთ ისევ აკ. სურგულაძეს: „აჯანყების ინსცენირება დაიწყო 11 თებერვალს ლორეს რაიონში ე. წ. „ნეიტრალურ ზონაში“. სინამდვილეში ეს იყო არა აჯანყება, არამედ სომხეთში განლაგებული წითელი არმიის ნაწილების თავდასხმა საქართველოზე. და აი, უკვე 15 თებერვლის თარიღით სტალინმა ბაქოში მყოფ ორჯონიკიძეს გაუგზავნა ქართულად დაშიფრული დეპეშა: „ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი“… ამავე დღეს აზერბაიჯანიდან საზღვრები გადმოლახა მე-11 არმიამ, რომელიც კავალერიის ორი დივიზიით იყო გაძლიერებული. ასევე, შედარებით უმნიშვნელო ძალებით, უფრო საპანიკოდ, საქართველოს საზღვრებში შემოჭრა განხორციელდა სოჭის მხრიდან, მამისონის უღელტეხილით და დარიალის ხეობით. [142]

 და აი, 16 თებერვალს მოსკოვში შედგა „საქართველოს დროებითი მთავრობა“ ასეთი შემადგენლობით: ფ. მახარაძე (რევკომის თავმჯდომარე), მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა, ა. გეგეჭკორი, ბ. კვირკველია, ან. ნაზარეტიანი და სხვ. საგულისხმოა, რომ ლორეს რაიონში, სადაც ეს „აჯანყების“ სცენარი გათამაშდა, ეგრეთწოდებული „რევოლუციური კომიტეტის“ წევრთაგან იქ, ადგილზე არც ერთი მათგანი არ ყოფილა. თვით რევკომის თავმჯდომარე ფ. მახარაძე შულავერში, სადაც ეს მთავრობა დაფუძნდა, ჩავიდა იმ დროს, როცა უკვე ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა თბილისის შემოგარენში საქართველოს ეროვნულ ძალებსა და შემოსეულ რუსულ არმიას შორის. და აი, ამ დროს, 16 თებერვლის თარიღით დეპეშას უგზავნის ლენინს „აჯანყებული გლეხობის“ სახელით, სადაც იგი ითხოვს წითელარმიელთა დახმარებას. როგორც იტყვიან, ცინიზმი ამაზე შორს ვეღარ წავა.

რუსეთის მე-11 არმიის ძირითადი, დამრტყმელი ძალა წითელ ხიდზე გადმოვიდა და იქიდან შემოუტია თბილისს. მეორე, მცირე ნაწილი კი ზაქათალის მხრიდან გადმოვიდა და კახეთში შემოიჭრა. აქ მას რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა არ დახვედრია. გადამწყვეტი ბრძოლები გაიმართა კოჯორთან, ტაბახმელასთან და სოღანლუღის მიდამოებში. თავიდან საქართველოს ჯარს სათავეში ედგა გენერალი ოდიშელიძე, შემდეგ კი გენერალი კვინიტაძე. სოღანლუღთან გამართულ ბრძოლებს უშუალოდ წარმართავდა გენერალი მაზნიაშვილი.

 ახლა, მოვუსმინოთ რ. გაბაშვილს იმის შესახებ, თუ რა პირობებში და რა შესაძლებლობებით უხვდებოდა მტერთან ბრძოლა ჩვენს ჯარებს:

„ავედი ტაბახმელაზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა. ბრტყელ ბექობზე იდგა 4 პატარა, სამთო ზარბაზანი. ოფიცერი ჩრდილელი მბრძანებლობდა ამ „ბატარეას“. სამი ზარბაზანი ისროდა და მეოთხე პირდაღებული იდგა ჩუმად. აქვე მყოფ ჩემს ყოფილ მასწავლებელს („გიმნასტიკისა“) ა. ჩხეიძეს ამის მიზეზი რომ ვკითხე, მიპასუხა: ამ სამი ზარბაზნისათვისაც ძლივს გვყოფნის ყუმბარებიო. წამოსვლისას მითხრა: ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა და უთხარით თბილისში, ყუმბარები მოგვაწოდონ, რამდენი ხანია ვეხვეწებით, გვპირდებიან და არსადა სჩანს; მესამე დღეა, ახალგაზრდებს, ამ სიცივეში, არც ცხელი საჭმელი უნახავთო.

იმ საღამოსვე წერილობითი „პატაკი“ წავიღე თბილისის შტაბში, საცა მხოლოდ თევზაძე დამხვდა. სიტყვიერადაც ავუხსენი მდგომარეობა და მხრები აიწია: რა ვქნათ, ხალხი არა გვყავს, მაგრამ ხვალვე ვეცდები ერთი კამიონი ყუმბარა და ერთი კამიონი საჭმელი გაუგზავნო მაინცაო. მეორე დღეს, როცა ტაბახმელაზე უკვე სამნი ავედით, – მე, გიორგი ამირეჯიბი და საშა ჩხეიძე, გზაზე ერთმა დახურულმა კამიონმა გაგვიარა და გულში გავიფიქრე: „ყოჩაღ თევზაძე, მაინც მოუხერხებია რაღაც!“ მაგრამ შტაბში რომ მივედი, შემომჩივლეს – ყუმბარებისა და საჭმლის მაგიერ, შეცდომით (?) ერთი კამიონი ძველი შინებით მოგვივიდაო“, და საწყალი გაყინული იუნკრებიც, ისევ ცივი ჭადით ილოღნებოდნენ“ (იქვე, გვ. 303-305). [143]

 „24 თებერვალს, განთიადისას, მე, ლელი ჯაფარიძე და გრიგოლ ვეშაპელი, ავტომობილით გავემგზავრეთ სოღანლუღის ფრონტზე, გამარჯვებულ მაზნიაშვილთან, რომელმაც წინა დღეებში სასტიკი მარცხი მიაყენა რუსებს და 1600 ტყვე გამოგზავნა თბილისში. სწორედ 18-ს და, შეიძლება ამიტომ (?) გასცა ბრძანება ჟორდანიამ – ევაკუაციისა… ვაი, თუ ჩვენმა ჯარმა გაიმარჯვოსო?!..

„სოღანლუღის ფრონტზე“ უცნაურობანი ვნახე. ჯერ ერთი, „შტაბში“, – რკინის გზის (?), თუ რაღაც მინაგვარ შენობაში, „მეისრეებისათვის“ რომ აშენებენ, ყუმბარა ჩამოვარდნილა, რის გამოც შეშინებული ჯარისკაცები აქეთ გამორბოდნენ. აი, თქვე ლაჩრებო, მაშ ფრონტზე ვაშლებს ხომ არ ჩამოყრიდნენ-მეთქი და გავემართე მაზნიაშვილის შტაბისაკენ. დავინახე გენერალი მაზნიაშვილი, აჩქარებით გამოსული, რაღაც დაკეცილი ქაღალდის ქნევით ჰაერში: აბა ჩქარა, ერთი ცხენი მიშოვეთ, შიკრიკი უნდა გაიგზავნოს შავნაბადაზე!“ შეიქნა რაღაც ჩოჩქოლი… სადა გვყავს ცხენები? – აგერ ცხენები… ეგ გვარდიისაა, ჯარს არ ეკუთვნის და სხვა… ჩემი თვალით ვხედავდი ათიოდე მშვენიერ ცხენს, დაბმულს შორიახლოს ფარდულში, ფრუტუნით ქერსა და თივას რომ სჭამდნენ, მაგრამ, – მტკვრის გაღმა და გამოღმა რამდენიმე ვერსის ფრონტის სარდალს, გენ. მაზნიაშვილს, არა მარტო შიკრიკისათვის, თავისთვისაც არა ჰყავდა ცხენი… რომ „ეკუნკულნა“ ფრონტებს შორის.

გაიმართა ხვეწნა-ჭიდილი-ვაჭრობა ფრონტის უფროსსა და გვარდიის „წარმომადგენელს“ შუა, და, რის ვაი-ვაგლახით „კომპრომისით“ გათავდა: გვარდიელის ცხენზე შესხდნენ ორნი, – ერთი გვარდიელი და ერთი ჯარისკაცი, შიკრიკი მაზნიაშვილისა საჩქარო ქაღალდით და წავიდნენ“ (იქვე, გვ. 306-307).

 ვფიქრობ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება ის კამათიც, რომელიც გაიმართა ჯარის სარდალსა და რიგით გვარდიელს შორის: სარდალი ეფიცება გვარდიელს – „ცხენს ერთ საათში დაგიბრუნებთ! – არა, ეს გვარდიის ცხენებია, თქვენ საკუთარი უნდა გყავდეთ! – კაცო, რა დროს მაგაზე დავაა, საჩქარო საქმეა! – გვარდიის შტაბი ნებას არ იძლევა ჩვენი „ინვენტარისა და იარაღის თხოვებაზე“… და ასე გაუთავებლად (იქვე, გვ. 307)…

ახლა კვლავ მაზნიაშვილს მოვუსმინოთ იმ უპასუხისმგებლობის შესახებ, რასაც მთავრობა და თბილისში მყოფი შტაბი იჩენდა ფრონტებზე მებრძოლი ჯარისა და მისი მეთაურების წინაშე, და საერთოდ, იმ ფაქტის შესახებ, თუ ხელისუფლების უთაობითა, თუ აშკარა მავნებლობით როგორ იყო მოშლილი ყველაფერი: „ომის დაწყების პირველ დღეებიდან თბილისის დაცლამდე, მებრძოლ რაიონებს მოწინააღმდეგის შესახებ შტაბი არავითარ ცნობებს არ აწვდიდა… ჩემს განკარგულებაში არ იყო კავალერიის არცერთი ნაწილი, რომ შეძლება მქონოდა გამეგზავნა მტრის ბანაკის დასაზვერად“ (გვ. 11). „ჩემს განკარგულებაში არ იყო არცერთი ცხენოსანი კაცი, რომელიც შემეძლო გამეგზავნა მოხსენებით შტაბში, თუ ვინიცობაა [144] ტელეფონის ქსელი გაფუჭდებოდა, ამ დროს კი შტაბში გარდა ცხენოსან ორდინარცებისა იდგა რამდენიმე ავტომობილი“ (გვ. 174). „ლაშქრის შტაბმა, არ ვიცი რა მიზეზით, საჭიროდ არ ჩათვალა გამოეგზავნა ჩემთვის კავალერიის ერთი ესკადრონი მაინც, ცხენოსანი ჯარი კი იდგა იმ დროს სოფელ ლილოსთან სრულიად უსაქმოდ“ (გვ. 166). „მაშინ, როდესაც დ. ჭავჭავაძე რეკვიზიციის სახით ჰკრებდა დანჯღრეულ უნაგირებს ქუთაისში და სამტრედიაში, ნავთლუღის საწყობებში იყო თურმე რამდენიმე ათასი საკავალერიო ახალი უნაგირი და ცხენის სხვა მრავალი მოწყობილობა.

 შემდეგში საპატიმროში, პირადათ გოგუას და მთავრობის ზოგიერთ დარჩენილ წევრთ ხშირად ვეკითხებოდი: როგორ მოხდა, რომ საწყობებში დაგროვილი იყო აუარება ქონება, მთარობას კი პოზიციებზე გამოჰყავდა ცუდად ჩაცმული ჯარისკაცები, ხოლო სამობილიზაციო პუნქტებს ხშირად უარს ეუბნებოდნენ საჭირო საგნების გაცემაზე? მთავრობის წევრნი, ჩემს შეკითხვაზე მომეტებულ შემთხვევაში სდუმდნენ, ხანდახან კი იტყოდნენ: შემდეგში, როდესაც ისევ ხელისუფლებას დავიბრუნებთ, ამგვარი რამ აღარ განმეორდებაო“. ასეთივე დურაქულ პასუხს იძლეოდა თურმე კალისტრატე გოგუა: „ვცდილობდით ეს ქონება შეგვენახა, რომ დიდხანს გვყოფნოდაო“ (გვ. 169- 170).

რა უნდა უწოდო ასეთ ხელისუფლებას? – შეურაცხადნი, თუ ტვინნაღრძობი იდიოტები? უბოროტესი მტერი კარზე გადგას, არ იცი ხვალინდელი დღე გაგითენდება თუ არა, – ქვეყანა ყოფნა-არყოფნის წინაშე სდგას, შენ კი, მთავრობა რომ გქვია, არ აძლევ ფრონტზე მებრძოლ ჯარს საწყობებში უქმად არსებულ საბრძოლო მასალას. კავალერიისათვის საჭირო აღჭურვილობას, ხოლო ჯარისკაცს ტანსაცმელს და საჭმელს, ხელმომჭირნეობის იმ მოტივით, რომ „შემდეგისათვის დიდხანს გვყოფნოდაო?“ ანდა, რა პასუხია, „შემდეგში, როდესაც ისევ ხელისუფლებას დავიბრუნებთ, ამგვარი რამ აღარ განმეორდებაო“? მიკვირს, რატომ არ მიუგო მაზნიაშვილმა ოჩოპინტრე მოკამათეებს – ქვეყნის გამაუბედურებელო უბადრუკებო – ვინ დაგაბრუნებთ ხელისუფლებაში?!

აქვე მინდა მკითხველს ერთი მეტად საგულისხმო ფაქტზე მივუთითო იმ გასაგონადაც, ვინც თვლის, რომ მაინც არაფერი გამოვიდოდა რუსის ჯართან ბრძოლაში დიდი წინააღმდეგობის გაწევით, რადგან, კიდევაც რომ დაგვემარცხებინა მე-11 არმია, ახლა აგერ სხვა არმიები მოდიოდნენ ჩვენი ქვეყნის დასაპყრობადო.

კი მაგრამ, რუსეთის მთავრობამ, იგივე საქართველოსოდენა ფინეთს, ანდა უფრო პატარა – ბალტიისპირა ქვეყნებს რატომ არ შეუსია რუსის ჯარი?! იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ლენინმა აღნიშნულ ქვეყნებში, არათუ ვერ იპოვა დასაყრდენი – მე-5 კოლონა, ბოლშევიკ-ნაძირალათა სახით, არამედ პირიქით, ლენინმა იქ ნახა ერთ მუშტად შეკრული ხალხი მტკიცე ხელისუფლებით და შესაფერისი თავდაცვისუნარიანობით, რის გამოც ლენინმა ვერ გაბედა მათ ქვეყნებში შეჭრა. ყველამ კარგად იცის, თუ რა [145] დღე აყარა რუსის ჯარს პილსუდსკის პოლონეთმა. ყველამ კარგად იცის ისიც, რომ ლენინი საქართველოსგანაც მსგავს წინააღმდეგობას მოელოდა და იმიტომ ვერ რისკავდა დიდხანს მასთან ომის წამოწყებას. იგი მას შემდეგაც ორჭოფობდა, როცა სტალინი და ორჯონიკიძე პირიქით, საქართველოს სისუსტეზე მიუთითებდნენ და მისი წრაფი მოხრჩობის იმედს აღუთქვამდნენ, თუკი მათ ნებას დართავდა იქ ჯარებით შესევაზე.

ამიტომ ლენინმა საქართველოს შინაგანი მდგომარეობის, უპირველეს ყოვლისა კი მისი საბრძოლო მზადყოფნის დეტალური ცნობების მიღების მიზნით, საქართველოსთან გააფორმა ფიქტიური სამშვიდობო ხელშეკრულება, საელჩო დააკომპლექტა 400-კაციანი მზვერავჯაშუშებით, და როდესაც მათ მიერ მიღებული ცნობების საფუძველზე დარწმუნდა ჟორდანიას ხელისუფლების უსუსურობაში, საბრძოლო უუნარობაში და ქვეყანაში არსებულ ანარქიაში, მხოლოდ მას შემდეგ დართო ნება ქართველ გარეწრებს – სტალინსა და ორჯონიკიძეს, შესეოდნენ საქართველოს რუსული არმიებით.

ახლა მე გეკითხებით: საქართველოს რომ ჰყოლოდა ჯერ ის ორი რკინის დივიზია, რომლის შეიარაღებას უფასოდ სთავაზობდა ჯერ გერმანია და მერე ინგლისი, – ამასთან, რაც მთავარია, მთავრობას რომ შეექმნა 67000- იანი არმია, რომლისთვისაც საჭირო ბიუჯეტი 1919 წელს „დამფუძნებელმა კრებამ“ დაამტკიცა, მაგრამ ხელისუფლებამ სადღაც გააქრო, ლენინი ჩვენთან ომს გარისკავდა?

არა, ვერ გარისკავდა! მაგრამ, ვთქვათ და ეს ომი მაინც წამოეწყო – თუკი ცუდად შეიარაღებულმა, ხელისუფლების მიერ გერად მიჩნეულმა ერთმა მუჭა ჯარმა სოღანლუღის ფრონტზე, სადაც ამ ჯარის სარდალ მაზნიაშვილს არა თუ უსაჭიროესი კავალერია, არამედ ერთი ცხენიც არ ჰყავდა თავისთვის, და მაინც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი და 1600 მათი ჯარისკაციც ტყვედ ჩაიგდეს, რა დღეს დააყენებდნენ, ამ ჩვენს შესანიშნავ სარდალს ზემოთხსენებული რაოდენობის ჯარი რომ ჰყოლოდა სათანადო შეიარაღებით?

აი, თვითონ გენერალი მაზნიაშვილის საწუხარი სიტყვები, რასაც გადმოგვცემს სოღანლუღის ფრონტზე ჩასული პარლამენტარი ეროვნულდემოკრატიული პარტიიდან რ. გაბაშვილი თავის მემუარებში: „აი, ხომ ხედავთ, რა პირობებში გვიხდება ომი, ვეხვეწებით, ერთი ცხენი მაინც გამომიგზავნონ ასეთ საჭიროებისათვის (ლაპარაკია იმაზე, გვარდიელი ცხენს რომ არ ათხოვებდა ფრონტის სარდალს შიკრიკის გასაგზავნად), შემდეგ გამიყარა ხელი მაზნიაშვილმა და წამიყვანა იმ ადგილების საჩვენებლად, სადაც წინა დღეებში ქართველმა მებრძოლებმა სასტიკი მარცხი მიაყენეს რუსებს. აი, ამ სანგარში შემოიჭრა მტერი, მაგრამ დახოცეს, დასჭრეს, გაჰყარეს და ტყვეები ჩავიგდეთ ხელში. ორიოდე ცხენოსანი ესკადრონი რომ გვყოლოდა, გაქცეული მტრების სადევნელად, სულ გავანადგურებდით და ათასობით კიდევ მეტს ტყვეებს ჩავიგდებდით ხელშიო… შემდეგ მითხრა: გადაეცით თბილისში, რომ არაფერი საშიშო არ არის, ფრონტი მთლიანად გვიჭირავს, და თუ დაპირებულ ბატალიონს დააჩქარებენ, კიდევ დიდხანს ვერას დაგვაკლებენ ეს უნიფხვო ბოლშევიკებიო. [146]

 ისე დამშვიდებული წამოვედი, რომ ნასადილევს, დაქანცულს, დამეძინა და მარტო საღამოს 9-საათზე მივედი „ფრასკატი“-ში, ახალი ამბების გასაგებად. ვლაპარაკობდით ომიანობაზე, რომ შემოვარდა ვეშაპელი და გამოგვიცხადა: „ბრძანებაა გაცემული, 12-საათზე ღამე იხსნება ფრონტი და თბილისსა ვტოვებთ!“-ო. – როგორ, რათა, ვისი ბრძანებაა? დილას ფრონტზე მაზნიაშვილი მარწმუნებდა, არაფერი საშიშროება არ არისო და რა მოხდა ამის შემდეგ? – მთავრობის დადგენილებაა… და, ხეირიანადაც აღარ აგვიხსნა, ისევ გავარდა.

ისეთი თავზარ-დამცემი ამბავი იყო მორალურად, რომ არა გვჯეროდა, მაგრამ ჩაბნელებული, უკვე მიძინებული – მიწყნარებული თბილისი, საიდანაც მთავრობა და სამხედრო ძალა იპარებოდა ხალხის გაუფრთხილებლად, – მძიმე შთაბეჭდილებას სტოვებდა“ (იქვე, გვ. 307- 309).

ახლა მოვუსმინოთ თვით გენერალ მაზნიაშვილს. თბილისის უბრძოლველად დატოვების „ამ ბრძანებამ ძალიან გამაკვირვა და გამაოცა. 12-საათამდე დარჩენილი იყო რამდენიმე წუთი. რამდენიმე წუთის შემდეგ გუდა-ნაბადი უნდა აგვეკრა და გავქცეულიყავით თბილისიდან.

ჯერ კიდევ 24 თებერვალს საინტენდანტო და საარტილერიო საწყობებმა მოზიდეს ჩემს რაიონში სანოვაგისა და ვაზნების უამრავი მარაგი და… უცბად უკან დახევა სატახტო ქალაქიდან! ეს საშინელება იყო. რა მოხდა? რაში იყო საქმე?

ყველაზე მეტად მე ერთი გარემოება მაოცებდა: თბილისის დაცლა ისეთი დიდი საკითხია, რომ მისი გადაწყვეტა ასე მოჩქარებით, ასე დაუფიქრებლად ვერაფრით ვერ ამეხსნა. იმ კრებაზე, რომელზედაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამც თუ არ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომლებიც ფრონტს თვალით დავყურებდით, რომლებმაც კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგისა და ჩვენი ძალები, მათი და ჩვენი სულიერი განწყობილება, არამედ არცკი შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენა არცკი ინებეს. ქალაქიდან ოთხივე ფრონტი დაშორებული იყო, ზოგი ორ ვერსზე, ზოგი სამზე და ზოგი ხუთზე. ძნელი იყო ჩვენი დაბარება? ავტომობილებით ხომ ოთხივე ფრონტის უფროსი 5-წუთში მოვიდოდით შტაბში! “ (იქვე, გვ. 174-175).

 ასე სამარცხვინოდ ომის დამთავრებას, არცთუ დაუძლეველ მტერთან და თბილისის უბრძოლველად დატოვებას, ნოე ჟორდანია თავის მემუარებში, მის მიერვე დანიშნულ მთავარსარდალს – გენერალ კვინიტაძეს აბრალებს, კვინიტაძე კი, ალბათ, ჟორდანიას (მე არ ვიცნობ მის მემუარებს), მაგრამ სინამდვილეში მთავარსარდალიც მთხლე აღმოჩნდა და ოჩოპინტრე ჟორდანიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. [147]

 თვით ცნობილი ისტორიკოსი და დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი, რომელიც მენშევიკური ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომათა თუ აშკარა დანაშაულობათა სერიალების უშუალო მოწმე იყო, ამ მარცხისათვის პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს მენშევიკურ ხელისუფლებას, არა მარტო ქვეყნის მართვის საქმეში სრული უნიათობისათვის, არამედ მარქსისტულ-კოსმოპოლიტური კურსისათვის, რითაც ამ ხელისუფლებამ ქართველობაში, ნაცვლად სამშობლოსადმი სიყვარულისა და თავდადებისა, მავნე ინდიფერენტიზმს მისცა გასაქანი.

აი, რას წერს ამის შესახებ ზ. ავალიშვილი: „მშობელი ერისა და შემოსეულ უცხოელის უკანასკნელ წამში დაპირისპირება, უეცრად გადასვლა საერთაშორისო სოციალისტური ყრილობების კილოდან მამულიშვილურ და ეროვნულ პათოსის ენაზე – უკვე დაგვიანებული და უიმედო საქმე იყო, 1918 წლიდან რომ მიეღოთ ამ მხრით სრულიად საშუალო სახელმწიფოებრივი ზრუნვა, ასეთი უეცარი და უშედეგო ფერისცვალება აღარ იქნებოდა საჭირო“ (ზ. ავალიშვილი, საქართველოს დამოუკიდებლობა, გვ. 6).

რაღა შორს წავიდეთ, თვით ერთ-ერთმა ცნობილმა მენშევიკმა – პეტრე გელეიშვილმა აი, რა უპასუხა მტრის შემოსევითა და ქართველ ხელისუფალთა უცხოეთში გაქცევით შეცბუნებულ მუშებს, როცა მათ ჰკითხეს: „– ამხანაგო პეტრე, ეს რა ამბავია, რავა იქნება ეხლა საქმე? რა გვეშველება? „ამხანაგმა“ პეტრემ ნერვიული გაბრაზებით შეჰყვირა: – გამიჭირეთ საქმე, ყველგან მაგას მეკითხებიან: „რა მოხდა, რა მოხდა?!-ო, რა მოხდა? რაზე ღელავთ?: ერთი სოციალისტური პარტია მიდის, მეორე მოდის, სხვა არაფერი, საღელავი რაა?“ (იხ. რ. გაბაშვილის მემუარები, გვ. 324).

ეხლა კვლავ ზ. ავალიშვილს მოვუსმინოთ. იმ ბოროტმოქმედების შესახებ, რაც ჩადენილი იქნა 1921 წელს საქართველოს მიმართ, ასეთ განმარტებას იძლევა ზ. ავალიშვილი: „როცა 1921 წელს, თებერვალმარტის მძიმე დღეებში, საქართველო გააწვინეს მაგიდაზე და გამოცდილმა ქირურგმა – საბჭოთა ხელისუფლებამ – სასტიკი ოპერაცია გაუკეთა, მან იცოდა, რომ ავადმყოფი გააბრუა და ოპერაციისათვის უკვე მოამზადა მასზე არა ნაკლებ გამოცდილმა, თუმცა არა მასავით გამბედავმა ქართველმა სოციალ-დემოკრატიამ“ (იქვე. გვ. 7).

დაბოლოს, ზ. ავალიშვილი ასე აგვიწერს 25 თებერვლის დღეს, უბოროტესი მტრის ჯარების შემოსვლას თბილისში, რომელსაც არნახული სისხლისღვრა უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში: „25- თებერვალს, 1921 წ., საბჭოთა ჯარები შედიოდნენ თბილისში; წინ მოუძღოდა წითელი ბაირაღით ხელში, თეთრ ცხენზე მჯდომი, ერთი ქართველ-კომისართაგანი. მას გვერდით უხილავათ მოჰყვებოდა, გაძვალტყავებულ ჯახრიკაზე, ძონძებში გახვეული ჩონჩხი, და გასისხლიანებულ თითებში ეჭირა ნგრევის ცელი“ (იქვე, გვ. 243).

„1921 წლის 25-თებერვალი უმძიმესი დღეა ქართველი ხალხი მატიანეში. ამ დღიდან საქართველოს ისევ დაედგა კისერზე რუსეთის უღელი – ახალი, საბჭოთა, ანუ კომუნისტური, გაცილებით უფრო მძიმე, სასტიკი და სისხლიანი, ვიდრე მანამდელი რუს-ხელმწიფის უღელი. ამაოდ დაიქცა კოჯრის მთაზე და სხვაგან სისხლი ქართველი ახალგაზრდებისა, რომელთაგან ცამეტი გმირი თბილისში, ერთ საძმო საფლავში ჩააწვინა და დაიტირა ქართველმა ხალხმა“ (. სანიკიძე). დარჩა მხოლოდ რუსეთის უღელი და უმწარესი ქართული სიმღერა:

სიზმრად ვნახე საქართველო, –
სისხლის ზღვაში ბანაობდა, –
დაფლეთილი მისი დროშა
კოჯრის მთაზე ქანაობდა…

 

გაგრძელება

საქართველო ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ
(სტალინი და საქართველო)

 

12 Responses to “● ოჩოპინტრე მენშევიკები ხელისუფლების სათავეში”

  1. დაჩი said

    მოღალატე (ჟორდანია-შევარდნაძე-სააკაშვილი) ხელისუფალთა დასჯა და სამარცხვინო ბოძზე გაკვრა, მამულიშვილური საქმეა!

    Like

  2. Dale George said

    I saw something about that topic on TV last night. Great article.

    Like

  3. Morris Sizemore said

    Well I truly liked reading it. This tip procured by you is very useful for accurate planning.

    Like

  4. I like your blog.

    Like

  5. I also wish to signal on your RSS feeds. Thank you as soon as once more and maintain up the excellent perform!

    Like

  6. LIC said

    Found you blog via yahoo I must say I m impressed with your posts!

    Like

  7. Susan Vanderbilt said

    Hey greet blog !

    Like

  8. migraine said

    Hi! I found your blog on Yahoo.It’s really comprehensive and it helped me a lot.

    Continue the good work!

    Like

  9. Simerly said

    I found your blog website on google and check a few of your early posts. Proceed to maintain up the excellent operate. I simply additional up your RSS feed to my MSN Information Reader. Searching for forward to reading extra from you in a while!…

    Like

  10. irakli said

    samwuxaro isa rom jordanias gayidul oms bevri axalgazrda ymawvili shewira ise kargi nashromia

    Like

  11. – პასუხად 21 წლის კონსტიტუციის უზენაესობის მქადაგებლებს

    როგორც ჩანს ნაპუჩისტარმა სუკის ნასედკებმა მიიღეს ახალი დავალება კანონიერი ხელისუფლების აღდგების იდეასთან საბრღოლველად, რომელიც გულისხმობს ზვიადის-ანუ ეროვნული ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენებას 21 წლის კონსტიტუციის უფრო ლეგიტიმურად გამოცხადების ნიადაგზე.
    ჯერესერთიც ლეგიტიმაციის უმთავრესი წყარო არის არა კონსტიტუცია, არამედ ხალხის ნება, ანუ დემოკრატიული არჩევნებით მოსული ხელისუფლება, რომელიც უფლებამოსილია შეცვალოს კიდეც კონსტიტუცია, ან მიიღოს ახალი კონსტიტუცია საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე.
    1918 წელს სახალხო არჩევნების გარეშე შექმნილმა ეროვნულმა საბჭომ დანიშნა 1919 წლის 14 თებერვლის არჩევნები. ამ პერიოდში საქართველოს შემადგენლობაში არ შემოდიოდა აფხაზეთის, ბათუმის, ახალციხის, ახალხალაქის და ა.შ. ოლქები. ამასგარდა საარჩევნო კანონი არ შეესაბამება თანამედროვე არჩევნების კრიტერიუმებს დემოკრატიულობის თვალსაზრისით და ამასთანავე ამ არჩევნებს არ ესწრებოდა არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი. გარდა ამისა ის არ ჩატარებულა მთელ რიგ რაიონულ ცენტრებში და ყველაზე ოპტმისტური მონაცემებითაც კი ამომრჩეველთა მხოლოდ 60% მიიღ მასში მონაწილეობა და გაიმარჯვა ჟორდანიას პარტიამ. ეს არჩევნები ახლოსაც ვერ მოვა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ არაკომუნისტურ, მრავალპარტიულ, ნამდვილად ეროვნულ არჩევნებთან ვერც გამჭვირვალობით, ვერც ლეგიტიმურობით, ვერც მოცულობით და ვერც შედეგით, რომელშიც დიდი უმრავნესობით გაიმარჯვა ზვიადის მრგვალმა მაგიდამ.
    რაც შეეხება ერთა ლიგას, მას არასოდეს უცვნია საქართველოს დამოუკიდებლობა და მხოლოდ მასში შემავალმა ქვეყნების ნაწილმა ცნო. ხოლო როცა ერთალიგა გაუქმდა მასთან ერთად გაუქმდა მისი ყოველი დოკუმენტიც. გაერო კირ არ არის ერთალიგის კანონმემკვიდრე. გაეროს ერთერთი მთავარი დამფუძნებელი იყო საბჭოთა კავშირი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველო, როგორც სუვერენული საბჭოთა რესპუბლიკა- დიახ, გაერო დაარსების დღიდანვე ცნობდა საქართველოს სუვერენიტეტს საკუთარი კომუნისტური კონსტიტუციით და იმავე საზღვერებით რა საზღვრებში ის დღეს გვცნობს. ის საქართველოს ლეგიტიმურ მთავრობად მიიჩნევდა კომპარტიას, რადგან ჟორდანიას მთავრობამაც ოცდაათიანი წლების დასაწყისში სცნო საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმურობა, რის შემდეგაც საფრანგეთის მთავრობამ მოფიციალურად შეუჩერა ჟორთანიას მთავრობას დევნილი ლეგიტიმუთი მთავრობის სტატუსი. ასე რომ კომუნისტური საქართველოს კონსტიტუცია საერთაშორისო სამართლითაც კი იქცა ლეგიტიმურად და 21 წლის კონსტიტუციამ იურდიულადაც ძალა დაკარგა. კომუნისთურ კონსტიტუციაში კი იყო ერთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბზარი, რომლის მიხედვითაც საქართველოს შეეძლო საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა საყოველთაო რეფერენდუმით, რაც ბრწყინვალედ გამოიყენა ჩვენმა გენიალურმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა თვით საბჭოთა წესდებითაც კი გახადა აბსოლუტურად ლეგიტიმური.
    21 წლის კონსტიტუცია მიღებულ იქნა 21 თებერვალს ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე, თბილისის დაცემიდან სამი დღით ადრე, როცა საქართველოს უდიდესი ტერტორია უკვე ოკუპირებული იყო და ის ძალაში ფაქტობრივად არასოდეს შესულა.
    რაც შეეხება 18-21 წლის საქართველოს საზღვრებს, აქაც უნდ აღინიშნოს რომ იმ პერიოდში საქართველოს საზღვრების დემარკაცია-რატიფიკაცია არ მომხდარა და ჩვენ მეზობელ ყველა ქვეყანას ქონდა ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ. ასე რომ 21 წლის კონსტიტუციის ამოქმედება იურიდიულადაც ვერ დაგვიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს. პირიქით, პერსპექტივაშიც შეგვზღუდავს, რადგან საქართველოს სამეფოს საზღვრები და ქართველი ხალხის ბუნებრივი განსახლების არეალი გაცილებით უფრო ფართოა ისტორიულად ვიდრე 18-21 წლის მერყევი საზღვრები.
    ზვიადის, ანუ ქართველი ერის, ხელისუფლებამ იმდენი ცვლილებები შეიტანა 78 წლის კომუნისტურ კონსტიტუციაში რომ ის ნამდვილად ეროვნულ კონსტიტუციად აქცია და კიდევ უფრო დახვეწავდა რომ დასცლოდა. ასე რომ საქართველოს ხსნა კანონიერი ხელისუფლების აღდგენაშია მისივე კონსტიტუციით და არა 21 წლის თანამედროვეობასთან შეუსაბამო კონსტიტუციის ამოქმედებაში ქართველთმმუსვრელი შევარდნაძის ნაპუჩისტარი ლეკვების მიერ.
    “აი გზა ბარაბასი და აი გზა ქრისტესი…
    აირჩიე ქართველო ერო!!!”

    Like

  12. giorgia said

    dachi martali xar magram ertma didma kacma tqva(mgoni zviad gamsaxurdiam) qveyanashi sadac amdeni mogalatea makedonelic ver gaamarjvebinebso

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s