Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● 1924 წლის სახალხო აჯანყება

 

მიხეილ მჭედლიშვილი

1924 წლის სახალხო აჯანყება

ვიდრე აჯანყების დეტალებზე ვისაუბრებდეთ, მინდა დავსვა კითხვა, რომელიც აუცილებლად აღეძვრება მკითხველს: რუსეთის ფედერაციაში შემავალი რესპუბლიკებს შორის, ან თუნდაც ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის, რატომ მხოლოდ საქართველოში მოხდა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება და სხვაგან არსად?! მე პირადად, იმ აზრისა ვარ, რომ იგი წინასწარ, შეგნებულად შეამზადეს სტალინმა და ორჯონიკიძემ იმ მუქარის განსახორციელებლად, რომლის შესახებაც ღიად განაცხადა სტალინმა თბილისში მარცხიანი ვიზიტის შემდეგ – „საქართველო წაღმა-უკუღმა უნდა გადაიხნასო“.

ბუნებრივია, იგი საქართველოს ვერ გადაუვლიდა მშვიდობიან პირობებში. ამისათვის მას სჭირდებოდა ხელშესახები მიზეზი. საჭირო იყო საზოგადოების გამოწვევა. ეს კი შეიძლებოდა, უპირველეს ყოვლისა, გაუსაძლისი სოციალური პირობების შექმნით, ერის უფლებების შებღალვით, მისი სახელმწიფოებრივი ნგრევით და ყოვლად უსაფუძვლო რეპრესიებით.

ფაქტია, რომ რუსეთის განახლებულ იმპერიაში ძალით შეთრეულ რესპუბლიკებს შორის არც ერთს არ მოქცევიან ისე მტრულად ეს ორი გარეწარი, როგორც ისინი მოექცნენ საქართველოს. მათ მხოლოდ საქართველოს, და სხვას არავის, ჩამოაჭრეს ძირძველი ვეებერთელა მიწაწყალი და მის მეზობლებს გადაუნაწილეს. ქვეყანას წაართვეს სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი არსებობის უფლება და მისი ვინაობა ამიერკავკასიის ფედერაციაში ჩაკარგეს. სტალინი ასე როდი მოექცა უკრაინას, ბელორუსიას და თვით პირველყოფილ დონეზე მყოფ შუა აზიის რესპუბლიკებს!

ხალხი დაბეგრეს უზარმაზარი გადასახადებით – იმას ვინ ჩივის, რომ თავადაზნაუნრობას და ბურჟუაზიას წაართვეს ყველაფერი, თვით გლეხობასაც ჩამოაჭრეს კუთვნილი მამულები და საკარმიდამო ნაკვეთების ამარა დატოვეს. ამის საკომპენსაციოდ, კომკავშირელ აქტივისტთა თაოსნობით, გაბოგანოებული გლეხობა მიუსიეს თავად-აზნაურობას და თვით გამრჯე გლეხთა ოჯახებს – სტაცებდნენ მათ ქონებას, ერეკებოდნენ სახლებიდან, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კლავდნენ. საშინელ დღეში ჩააყენეს ინტელიგენცია, აუკრძალეს თავისუფალი შემოქმედებითი მოღვაწეობა, მათ უნდა ეფიქრათ და ეაზროვნათ მხოლოდ საბჭოურ-კომუნისტურად. ციხეები გაავსეს პოლიტპატიმრებით, ხალხს აპატიმრებდნენ უმეტეს შემთხვევაში ეჭვის ნიადაგზე – სათანადოდ ვერ ერთგულობ საბჭოთა ხელისუფლებასო.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მოაქციეს ეკლესია, კულტის მსახურები და თვით მორწმუნე საზოგადოება. გაუქმდა 1500-ზე მეტი ეკლესია, ბევრი მათგანი საგანგებოდ, საქონლის გომურებად გადააქციეს, – საფლავებიდან ამოყარეს დიდი ეროვნული გმირების – წმინდანებად [159] შერაცხული ძმების – დავითისა და კონსტანტინეს ძვლები – პისტოლეტებს ესროდნენ პარტიულ-კომკავშირლები და თან ღრეჭით მიმართავდნენ იქ შეკრებილ ხალხს – აბა, ერთი რამე გვიყოსო?! ციხეში ჩააგდეს საქართველოს დიდი პატრიოტი – ერის სულიერი მესაჭე – კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია. მას თავდაპირველად დახვრეტა მიუსაჯეს – 1922 წელს გამართული გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მიმართვისათვის, რომელშიც იგი ითხოვდა დახმარებოდნენ საქართველოს წართმეული სუვერენიტეტის აღდგენაში. მან, დასახვრეტად გამზადებულმა, ასე მიმართა კომუნისტ-ჯალათებს: „ჩემი გული ერს ეკუთვნის, სული ღმერთს, ხოლო ჩემს ხორცს რაც გინდათ ის უყავითო“.

აჯანყება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოიწვიეს სტალინმა და ორჯონიკიძემ ქვეყნის უკიდურესი დამცირებით და ხალხის გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაყენებით. ერთსაც და მეორესაც ამოძრავებდათ ქართველი ერისადმი თითქმის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ბიოლოგიური სიძულვილი და მზად იყვნენ მათი ნება-სურვილის დაუმორჩილებლობისათვის მოეწყოთ სისხლიანი ანგარიშსწორება და მოაწყვეს კიდევაც. როგორც ზემოთ ითქვა, მიზეზი ასეთი სიძულვილისა ის იყო, რომ ქართველობამ, არც მათი ჯოგური სოციალიზმის იდეოლოგია გაიზიარა და არც ეროვნულ დამოუკიდებლობაზე თქვა უარი რუსული ნეოკოლონიალიზმისა და მათი კარიერისტული მისწრაფებების სასარგებლოდ.

ანტიხალხური, ბარბაროსული რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყების დროშა პირველებმა – მთის ხალხმა – სვანებმა და ფშავ-ხევსურებმა ააფრიალეს. სვანეთში აჯანყებას სათავეში ედგნენ მოსესტრო დადეშქელიანი, ნესტორ გარდაფხაძე და ბიძინა პირველი. ფშავ-ხევსურეთში კი, რომელთაც კახეთიც მიემხრო, სათავეში ჩაუდგა განთქმული მებრძოლი და დიდი ეროვნული გმირი – ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილი.

აჯანყებულებმა თავდაპირველად საგულისხმო წარმატებებს მიაღწიეს საქართველოში დაბანაკებულ რუსის ჯართან და რეჟიმის დამცველ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ბრძოლაში, მაგრამ აჯანყება იმჯერად მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ გავრცელდა.

ამიტომ, როგორც საქართველოში, ასევე ემიგრანტული მთავრობისწინაშე დაისვა საკითხი, მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო ორგანიზებული, საყოველთაო აჯანყების მოწყობის შესახებ. ამ მიზნით, აჯანყების სამეთაუროდ პარიზიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდნენ ყოფილი ხელისუფლების ცნობილი წარმომადგენლები – ნ. ხომერიკი, ვ. ჯუღელი, გ. წინამძღვრიშვილი, გ. ფაღავა, ბ. ჩხიკვიშვილი და სხვ.

შეიქმნა ხელმძღვანელი ცენტრი – „დამოუკიდებლობის კომიტეტი“ ანუ „დამკომი“. ასევე, საბრძოლო ოპერაციების სახელმძღვანელოდ ჩამოყალიბდა „სამხედრო ცენტრი“ ცნობილი გენერალიტეტის შემადგენლობით, რომელსაც სათავეში ედგა ილიას დისშვილი კოტე აფხაზი. აჯანყების მთავარსარდლად დაინიშნა გენერალი ს. ჭავჭავაძე. პარტიზანულ რაზმებს სათავეში ჩაუდგნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მიხეილ ლაშქარაშვილი. [160]

 არ შეიძლება ემიგრანტულ ხელისუფლებას არ სცოდნოდა, რომ რაცარუნდა საყოველთაო ხასიათი მიეღო აჯანყებას, მაინც ვერ შესძლებდნენ საქართველოში დაბანაკებულ რუსის ჯართან გამკლავებას. მათ ისიც კარგად მოეხსენებოდათ, რომ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მრავალი ცდის მიუხედავად, ევროპა მათ თხოვნას – ეკისრათ საქართველოს მფარველობა, არ გამოეხმაურნენ – საქართველო არც ერთალიგაში მიიღეს, საბჭოთა რუსეთის ხათრით, და არც რომელიმე დიდმა ქვეყანამ იკისრა მისი დაცვა ბოლშევიკური აგრესიისაგან, კვლავ საბჭოთა რუსეთის მორიდებით. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს აგრესია განხორციელდა და ისინი უცხოეთში გაიხიზნენ, მრავალი ცდის მიუხედავად, ევროპამ, გარდა სიტყვიერი თანაგრძნობისა და რუსეთის მიმართ საპროტესტო განცხადებისა, არც ამჯერად არ გაუწევია საქართველოსთვის რეალური დახმარება. ის კი არა, საქართველოს ემიგრანტული მთავრობის წარმომადგენლები გენუის კონფერენციაზეც-კი არ დაუშვეს.

მაშ, რას ეყრდნობოდნენ მენშევიკები, როცა ისინი ხალხს საყოველთაო აჯანყებისაკენ მოუწოდებდნენ? როგორც ცნობილია, პარიზში გახიზნული საქართველოს ხელისუფლება ევროპას უმტკიცებდა, რომ რუსეთმა საქართველო დაიპყრო წითელარმიელთა შემოსევით! ლენინის ხელისუფლება კი ამას უარყოფდა და თავის მხრივ იმას ამტკიცებდა, რომ მენშევიკურ მთავრობას თვით საკუთარი მოსახლეობა აუჯანყდა, ხოლო ჩვენ, ქართველი ხალხის თხოვნით, ძმური დახმარება გავუწიეთ აჯანყებულებს წითელარმიელთა მცირე კონტინგენტითო.

ამ სიყალბის გასანეიტრალებლად, მენშევიკები ფიქრობდნენ: როგორც კი საყოველთაო აჯანყებით დავანახებთ ევროპის ქვეყნებს ქართველი ხალხის ნამდვილ პოზიციას, ისინი დაუყოვნებლივ აისხავენ იარაღს და მოგვეშველებიან საქართველოდან რუსი ოკუპანტების გასარეკადო. ისინი ამაში არა მარტო თავად იყვნენ დარწმუნებულები, ხალხსაც არწმუნებდნენ – საცაა ევროპის სახელმწიფოთა ჯარები შემოვლენ ბათუმში ჩვენს დასახმარებლადო. ხალხის გასაბრიყვებლად სიცრუესაც არ თაკილობდნენ. ასე მაგალითად, ხელისუფლების მენშევიკი წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ „რიზესა და ხოფას შუა სდგანან იარაღით, სურსათით და დესანტით დატვირთული გემები გენერალ მაზნიაშვილის და ნ. რამიშვილის მეთაურობით, რომლებიც ელიან მხოლოდ იმას, რომ ჩვენ დავიჭერთ ზღვის სანაპიროებს. მაშინ ისინი ჩაუდგებიან სათავეში აჯანყებულებს და თვითონ იციან, რასაც გააკეთებენო“ (გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, გვ. 527-528).

საერთოდ, გ. მაზნიაშვილი, ისე როგორც საზღვარგარეთ ემიგრირებული, აბსოლუტურად ყოველი პარტიის ლიდერი, გარდა მენშევიკი ლიდერებისა, სასტიკი მოწინააღმდეგენი იყვნენ საქართველოში აჯანყების დაწყებისა. მენშევიკებმა ეს აჯანყება მოაწყვეს მათგან ფარულად. ძალიან საინტერესოა აზრი ამ აჯანყების კანონზომიერების [161] ირგვლივ, რომელსაც გადმოგვცემს თავის მოგონებებში, იმ დროს კომუნისტურ ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი და ბოლოს რეპრესირებული – ალექსანდრე (საშა) პაპავა. აი, რას წერს იგი: „ჰქონდა კი რაიმე გამართლება აჯანყებას? რა მიზანს ისახავდა იგი? როგორც ჩანს, იყო ისეთი გონებადაკარგული ხალხი, რომელსაც სჯეროდა, ან იმედი ჰქონდა, რომ აჯანყების დაწყებისთანავე ინგლისი და საფრანგეთი არმიებს დაძრავდნენ შავი ზღვისაკენ და საქართველოს გაანთავისუფლებდნენ. ასეთი გონებრივი მონაცემების ხელმძღვანელები ნამდვილად ფსიქიატრიული საავადმყოფოს კანდიდატები არიან და, ჩვენდა საუბედუროდ, ერის მხსენელებად მოგვევლინენ. უნდა დაკარგო რეალობაში გარკვევის ელემენტარული უნარი, რომ ევროპის იმედით დაიწყო აჯანყება. არავითარი გამართლება არა აქვს აგვისტოს გამოსვლებს, ეს იყო ნამდვილი ავანტიურა და არსებითად მოღალატური აქტი. მას არავითარი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია, მსხვერპლი კი განუზომლად დიდი იყო“ (ალ. პაპავა, „სტალინი და საქართველო“, გაზეთი „მამული“, 1990 წ. №1, 29 ნოემბერი).

თუ ვისი ინიციატივით დაიღვარა მაშინ ათასობით შესანიშნავი ქართველის სისხლი, ამის შესახებაც უაღრესად საინტერესო ცნობებს გვაწვდის იგივე ბატონი ალექსანდრე: „იმ ზაფხულს სტალინი კისლოვოდსკში ისვენებდა. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ს. ორჯონიკიძე, მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა, ბ. კვირკველია… დაცვას ხელმღვანელობდა ლ. ბერია, რომელიც მაშინ საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ (ასე ერქვა მაშინ ჩეკას); უფროსი კი, ძველი ბოლშევიკი ეპიფანე კვანტალიანი იყო. სტალინი, გასაგები მიზეზების გამო, თვალყურს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. როცა ყველა სადავე ჩეკას ხელში იყო, კვანტალიანმა სტალინისა და რესპუბლიკის ხელმძღვანელთა წინაშე დასვა საკითხი პრევენტიული ზომების მიღების შესახებ, რაც აჯანყებას ჩაშლიდა. მისი წინადადება უარყვეს, გამოსვლები კი მოხდა. მაშინვე გავრცელდა ხმა, ასეთი იყო სტალინის ნებაო.

რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერ ბ. კვირკველიამ, შემდეგ მ. ორახელაშვილმა, აი, რა მიამბეს. ამასთან, მათი ნაამბობი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა ერთმანეთს: „კვანტალიანის ინფორმაციას ყველა სულგანაბული უსმენდა. მხოლოდ ორჯონიკიძე იჩენდა მოუსვენრობას. ინფორმაციის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარად იგრძნობოდა, რომ წინადადებამ, აჯანყების თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ყველანი დუმდნენ და სტალინს მისჩერებოდნენ.

ბოლოს სტალინმა ამოიღო ენა და შეგვეკითხა, რა აზრისა ხართო. ყველამ თანხმობა განვაცხადეთ. სტალინი ადგა, გაიარ-გამოიარა, ჩიბუხი დატენა, ერთიც გააბოლა და სარკასტული ღიმილით მოგვმართა: „თქვენ თუ ასეთი ბრიყვები იყავით, ვერ წარმოვიდგენდი. როგორ შეიძლება ასეთი დიდებული შემთხვევის ხელიდან გაშვება. საქართველომ უსისხლოდ მიიღო რევოლუცია. ახლა საბაბი გვეძლევა მას სისხლი ვადინოთ და თქვენ ასეთ სულმდაბლობას და ლაჩრობას იჩენთო. დაე, გამოვიდნენ, რაც უფრო მასობრივი იქნება გამოსვლები, მით უკეთესი, არავინ დაზოგოთო“. თანაც მოითხოვა, რომ გამოსვლის დღეებში არც ერთი ჩვენგანი საქართველოში არ ყოფილიყო. მან თვით დაასახელა ორი ახალგაზრდა ჯალათი, რომელთაც უნდა ეხელმძღვანელათ დამსჯელი ოპერაციისათვის. ერთი მათგანი ლ. ბერია იყო, მეორე სახ. კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლ. ღოღობერიძე. სტალინმა არჩევანი იმით ახსნა, რომ ისინი არავითარი ყალბი ტრადიციებით არ არიან დამძიმებული. უფროსებს ნახევრად მენშევიკები გვიწოდა…

ამას მოჰყვა შემზარავი ამბები: ზესტაფონის ჩიხში ყოვლად უდანაშაულო 600-800 ადამიანის ტყვიამფრქვევით დახვრეტა; ძირითადად ამოწყვიტეს დასავლეთ საქართველოს ინტელიგენცია, მრავალი ოჯახი ააწიოკეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავადაზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მასობრივი რეპრესიები, გადასახლებები და სხვადასხვა. ჯერაც დაუდგენელია მსხვერპლის საერთო რაოდენობა. ჩემი ვარაუდით, 15-ათასს აღწევს, აქედან დახვრეტილები არანაკლები 5-6 ათასისა (იხ. გაზეთი „მამული“, №1, 1990 წ. 29 ნოემბერი, ალ. პაპავა, სტალინი და საქართველო). ბატონ ალექსანდრეს, ეტყობა, გამორჩა – იმ ორ ჯალათთან ერთად, ქართველთა ჟლეტაში ლომის წილი მიუძღვის აგრეთვე, საქართველოს იმდროინდელ პროკურორს – ტალახაძეს. კერძოდ, ის თაოსნობდა ზესტაფონის ჩიხში, ვაგონებში შემწყვდეული ხალხის ბარბაროსული მეთოდით ხოცვას. საქმე ის გახლავთ, რომ დახვრეტის მომლოდინე ხალხი ვაგონებიდან არ გამოდიოდა. მაშინ, ტალახაძემ ვაგონებს ტყვიამფრქვევები დაუდგა და ტყვიებით დაცხრილა. დახოცილთა სისხლი თურმე წკრიალით გასდიოდა ვაგონებს.

აჯანყების დაწყებამდე დააპატიმრეს „სამხედრო ცენტრის“ მთელი შემადგენლობა და დახვრიტეს – მათ შორის ილიას დისშვილი, გენერალი კოტე აფხაზი. მიაგნეს და დახვრიტეს „დამკომის“ ძირითადი შემადგენლობაც – ნ. ხომერიკი, ვ. ჯუღელი და სხვები. რადგან საბაბი მიეცათ, აჯანყებულებზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს მხოლოდ ეჭვის ნიადაგზე, ანუ როგორც ითქვა, იმ ბრალდებით, რომ იყო თავადი, აზნაური ანდა მღვდელი. საერთოდ, დახვრიტეს ანდა საქართველოდან ციმბირში გადაასახლეს და იქ დაასამარეს ძირითადად ელიტარული საზოგადოება.

მათ შორის აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიჭიერესი შვილი ლევან რაზიკაშვილიც. მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით მისულ დელეგაციას – ეგ, ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხია – „ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“.

დიახ, დახვრეტდნენ სტალინი, ორჯონიკიძე და სხვა მისთანა გარეწრები ვაჟა-ფშაველასაც, ილია ჭავჭავაძესაც (იგი რომ უფრო ადრე არ მოეკლათ სწორედ ამ ვანდალისტებს), აკაკი წერეთელსაც და ყველას, ვინც არ [163] იზიარებდა მათს მანქურთულ იდეებს, და მართლაც, განა სწორედ ამ ნიშნის მიხედვით არ ამოწყვიტეს სტალინმა და მისმა დამქაშებმა შემდეგშიც ცნობილი ქართველი მწერლები, მეცნიერები და კულტურის მუშაკები?

ზემოთ უკვე ითქვა, რომ აჯანყების მოწყობის ინიციატორები იყვნენ ემიგრაციაში გახიზნული მენშევიკური ხელისუფლება. მაგრამ მათ შორის უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება ნოე ჟორდანიას. ნოე და მისი მთავრობის წევრები გემზე რომ სხდებოდნენ საფრანგეთში გასამგზავრებლად, ფიქრობდნენ, მალე უკან დავბრუნდებითო. მაგრამ მერე, საშინლად განიცდიდნენ, რომ ვერ დაბრუნდნენ. ამიტომ ავანტიურასაც არ მოერიდნენ და ქართველთა სისხლით მოინდომეს დაკარგული სავარძლების დაბრუნება. თუმცა ისინი თავს როდი იმჟღავნებდნენ აჯანყებას რომ ამზადებდნენ. რის აჯანყება, რა აჯანყება, სულ არაფერი ვიცით საქართველოში აჯანყების შესახებო, აცხადებდნენ ისინი მეტოქე პარტიების წინაშე. ამგვარადვე, სირაქლემასებრ იმალავდა თავს ნოე ჟორდანიაც.

ასე მაგალითად, როცა პარიზში მოიტანეს გაზეთები „ზარია ვოსტოკა“ და „კომუნისტი“, სადაც დაბეჭდილი იყო ნოე ჟორდანიას მიერ ხალხისადმი აჯანყების მომწოდებელი მიმართვა, რომელიც დაპატიმრებული ბ. ჩხიკვიშვილისათვის ჩამოერთმია ჩეკას, – კურორტზე მყოფმა ჟორდანიამ, ოპოზიციონერთა მიერ დასმულ შეკითხვაზე – მართლა იგია თუ არა გაზეთში გამოქვეყნებული მიმართვის ავტორი, ასე უპასუხა ორჭოფულად: „საზოგადოდ მე ბევრ წერილებს ვწერ და არ მახსოვს ხსენებული წერილი ჩემი დაწერილია თუ არაო(?)“ (იხ. გ. მაზნიაშვილი, მოგონებანი, გვ. 221).

ჟორდანიას უპასუხისმგებლობა აღნიშნული მოვლენის მიმართ თუნდა იქიდანაც სჩანს, რომ რა სისხლი დაიღვარა მისი ლოცვა-კურთხევით მოწყობილი აჯანყების გამო და ვითომ აქ არაფერიო, სიტყვასაც არ ძრავს ამის ირგვლივ, 1939 წელს დაწერილ თავის უმსგავს მემუარებში. დაუკვირდით ჯერ გლეხური ენით დაწერილ მის გურულ კილოკავს, ორთოგრაფიულად გაუმართავ წინადადებებს და სხვა. კითხულობ მის აბდაუბდა მემუარებს და გაკვირვებას ვერ ფარავ არა მარტო იმის გამო, რომ თავისი უსუსური მმართველობის შედეგად საქართველოს დაღუპვას სხვებს აბრალებს, არამედ იმიტომაც, რომ ასეთი პროვინციული დონის კაცი, როგორ ბედავდა და ედავებოდა ისეთი ერუდიციის ადამიანს, როგორიც ილია იყო.

არ ვიცი, ვინ როგორ და მე კი, საერთოდ, იმ აზრის ვარ, რომ მენშევიკებს და პირადად ჟორდანიას, თავისი უნიათო და უმეცარი პოლიტიკით, არანაკლები ბრალი მიუძღვით საქართველოს დაღუპვაში, ვიდრე ბოლშევიკებს. რომ არა ეს უბადრუკი ხელისუფლება, საქართველოს ასე ადვილად ვერ მოინელებდა ის ძალა, რაც რუსეთმა 1921 წელს საქართველოს დაუპირისპირა.

აქ არ შეიძლება არ გაიზიაროს კაცმა რ. გაბაშვილის დასკვნა იმ ფაქტის ირგვლივ, რაც შესანიშნავი ლოგიკურობით ბათილდება ჯერ მენშევიკებისა და მერე იმ ისტორიკოსების აზრი, ვინც ამტკიცებდა და ამტკიცებს – რუსეთი მინც დაიპყრობდა საქართველოსო. „თქმა იმისი, რომ „დიდი რუსეთი პატარა საქართველოს“ მაინც მოერეოდა, მეტ ჯარს მოიყვანდაო შემდეგ (?) – საწყალობელი თავის მართლებაა უვიცობისა. იმ დროს რომ გაგვემარჯვნა, პოლონეთ-ბალტიელებივით, 20-ს წელიწადს მაინც გაგრძელდებოდა ჩვენი დამოუკიდებლობა, სამის მაგიერ და, იქნება, არც მთელი კავკასიის პლაცდარმი დაეთმოთ დღემდის ევროპიელებსა და ამერიკას, – რუსებისათვის.

მაგრამ მართალი გამოდგა ის ურია, რომელმაც დამოუკიდებლობის დროსვე გვითხრა: „ჩვენ ერთი ნოე გვყავდა და ღმერთმა წარღვნა მოიყვანაო, თქვენ ოთხი ნოე გყავთ და კარგი რა დაგემართებათო“-ო (იქვე, გვ. 333-334).

 

გაგრძელება

„ნებაყოფლობითი“ კოლექტივიზაცია
სტალინური რეპრესიების თანხლებით

  

3 Responses to “● 1924 წლის სახალხო აჯანყება”

  1. Elene said

    : )) saiinteeresooa dzaliiian )))

    Like

  2. irakli said

    martla saintereso da mnishnelovani temaa dzalian kargia imedia sxva bevri faktebic daiwereba romlebic uvnobia dghes

    Like

  3. […] ვაგონში გამომწყვდეულ ხალხი ტყვიამფრქვევებით დაცხრილეს. ეს საბჭოთა საქართველოს გარიჟრაჟის […]

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s