Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი თუ 9 აპრილი?

♥ მამულიშვილებს

ჟორდანია და გამსახურდია

შეგნებული ფალსიფიკაცია თუ გონებისა და სინდისის სიდუხჭირე?

დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი თუ 9 აპრილი?

ყველასათვის ცნობილია ის, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ ერთ-ერთი უპირველესი სახელმწიფო დღესასწაულთაგან დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღად იქცა 26 მაისი, რაიც მცდარია როგორც ისტორიულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.

jordania

ნოე ჟორდანია

ცნობილია, რომ 1918 წლის 26 მაისს ქალაქ თფილისში, გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“. ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა.

როგორც ვიცით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იარსება 1921 წლის 25 თებერვლამდე, საქართველოში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ძალისმიერი გზით დამყარებამდე,

26 მაისი, როგორც დამოუკიდებლობის დღე რუსული საბჭოთა ოკუპაციის პირობებში უკანასკნელად ქართველმა ხალხმა აღნიშნა 1922 წლის 26 მაისს, შემდეგ კი ამ დღესასწაულს დაედო კომუნისტური ტაბუ.

მამულიშვილი ქართველები ამ თარიღს ოჯახურ და სამეგობრო წრეში აღნიშნავდნენ მალულად, ფარულად.

საბჭოთა ოკუპაციის პირობებში 26 მაისის დღესასწაული ქართველ მამულიშვილთა მცირე ჯგუფმა ღიად 65 წლის შემდეგ აღნიშნა 1988 წლის 26 მაისს თბილისსა და ქუთაისში.

თუ არ დაგვიწყებიათ, 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში გამართულ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა ძალებმა ზვიად გამსახურდიას თავკაცობით, რამაც სათავე დაუდო ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.

თუ გვახსოვს, 1991 წლის 31 მარტს ქვეყანაში გაიმართა საერთო სახალხო რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. სარეფერენდუმო კითხვა კი ასეთი იყო: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. სარეფერენდუმო კითხვის ასეთი სახით დასმას ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშთობას 1921 წლის 25 თებერვალს.

ამგვარად, საქართველო აუწყებდა თანადროულ მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ საქართველოს დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო 70 წლის წინ დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა და იქ დაამყარა საოკუპაციო რეჟიმი კომუნისტურ-საბჭოთა „ხელისუფლების“ სახით.

1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ამას საქართველოს ისტორიაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა 1989 წელს 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეროვნულმა ხელისუფლებამ ამით უკვდავყო საქართველოს თავისუფლებას შეწირული გმირების სახელი.

 

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა 9 აპრილი, ამ დღესასწაულმა კი სამწუხაროდ ერთი წელიც ვერ მოათია. 1992 წლის 6 იანვრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ფიქტიური აღნიშვნის დღედ 26 მაისი დატოვა „მიმოქცევაში“, იმიტომ რომ 9 აპრილი ზვიად გამსახურდიას სახელთან არის დაკავშირებული.
1992 წლის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა… 2003 წლის 23 ნოემბრის „ვარდების რევოლუციად“ მონათლული პოლიტიკური ფარსის შემდეგაც ეს ვითარება უცვლელად დარჩა. 2012 წელს ქვეყანაში „სამართლიანობის აღდგენის“ ეგიდით გამართული „არჩევნების“ შემდეგაც 9 აპრილი კვლავ რჩება დატუსაღებულად, იმიტომ რომ ქვეყანაში ხელისუფლება აიღო შევარდნაძის გერების მეორე ჯგუფმა, რომელსაც იგივე, შევარდნაძიეული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პირველ პრეზიდენტთან.

ახლა გადავხედოთ თუ როგორ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს ყოფილი საბჭოთა იმპერიის ექსკოლონიებში:
ლიტვა: რუსეთის ცარისტული იმპერიისაგან თავდახსნისას 1918 წელს 16 თებერვალს ლიტვის ტარიბამ (Lietuvos Taryba) ანუ ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად, 20 ხმით, ლიტვის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
1944 წლის ივლისის მეორე საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ 1990 წლის 11 მარტს ლიტვამ გამოაცხადა საბჭოთა კავშირიდან გასვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა, დღეს ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენა იზეიმება სწორედ ამ თარიღით.

აქ უნდა ავღნიშნოთ ერთი გარემოება, მეოცე საუკუნის 80 წლების ბოლოს ლიტველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის თავკაცობა წილად ხვდა ვიტაუტას ლანდსბერგისს, რომლის ბაბუა გაბრიელიუს ლანდბერგის-ჟუამკალნისი და მამა ვიტაუტას ლანდსბერგის-ჟუამკალნისი, ლიტვის პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი, იყვნენ ლიტვის თავისუფლებისათვის ბრძოლის ავანგარდში გასული ორი საუკუნის მიჯნაზე. შვილმა გააგრძელა წინაპრების საქმე და სამშობლო გაათავისუფლა.

ლატვიამ რუსულ ცარისტულ იმპერიას თავი დააღწია 1918 წლის 18 ნოემბერს და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მსგავსად ლიტვის სახელმწიფოსი, ლატვიაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის კვლავ მოექცა რუსული საბჭოთა იმპერიის მარწუხებში. 1991 წლის 21 აგვისტოს ლატვიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა და დღეს ეს თარიღია დამოუკიდებლობის საზეიმო დღე.

ესტონეთმა 1917 წლის 12 აპრილს, რუსეთის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ გამოაცხადა ავტონომია. დამოუკიდებლობის დეკლარაცია კი მიიღეს 1918 წლის 24 თებერვალს, მსგავსად მეზობელი ქვეყნებისა, გასული საუკუნის ორმოციანი წლების დასაწყისში ესტონეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ხელყო საბჭოთა რუსეთის იმპერიამ. ესტონეთმა რუსული საბჭოთა იმპერიის ტყვეობას თავი დააღწია 1991 წლის 20 აგვისტოს. სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღედ დღეს სწორედ ეს თარიღი იზეიმება.

ანალოგიური ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც: როგორც ვიცით აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918 წლის 28 მაისს თბილისში და დღეს ეს თარიღი აღინიშნება, როგორც რესპუბლიკის დღე. დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია 1991 წლის 18 ოქტომბერი და შესაბამისად სახელმწიფო დღესასწაული თავისუფლებისა.

სომხეთის დამოუკიდებლობა, მსგავსად აზერბაიჯანისა გამოცხადდა თფილისში 1918 წლის 28 მაისს და დღეს ეს თარიღი აღინიშნება როგორც პირველი რესპუბლიკის დღე. საბჭოთა იმპერიაში სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა 1991 წლის 21 სექტემბერს და აღინიშნება როგორც დამოუკიდებლობის დღესასწაული.

ახლა გადავხედოთ საქართველოს დღეს მოქმედ კონსტიტუციას:
1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.

თუ ჩენ ჩავხედავთ ინტერნეტ სივრცეში საქართველოს სახელმსიფოს უქმე და სადღესასწაულო დღეების შესახებ არსებულ ბმულებში, ვნახავთ ასეთ სურათს:
ძირითადი ეროვნული და რელიგიური დღესასწაულები

1 იანვარი – ახალი წელი
7 იანვარი – ქრისტეშობა
19 იანვარი – ნათლისღება
3 მარტი – დედის დღე
8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
9 აპრილი – ეროვნული ერთიანობის დღე
15 აპრილი – სიყვარულის დღე (საქართველო)
სააღდგომო დღეები – ბრწინვალე აღდგომა
9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
26 მაისი – დამოუკიდებლობის დღე
1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
28 აგვისტო – მარიამობა
14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი – გიორგობა
19 დეკემბერი – ნიკოლოზობა
http://betravel.ge/index.php?hide=publ&lang=ge

საქართველოს შრომის კოდექსის გავუწყებს ანალოგიურს:
მუხლი 20. უქმე დღეები
1. უქმე დღეებია:
ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

რამდენად მართებულია ჩვენს მიერ ხსენებული ზემო ორი ცხრილი, ამის გარკვევა იურისტებისა და საქმის სპეციალისტებისათვის მიგვინდვია.

***

ახლა რაც შეეხება თვით 26 მაისის თარიღს, როგორც ზემოთ ავღბიშნეთ, საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ და ეწოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

noe ramishvili

ნოე რამიშვილი

ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ იმდროინდელი ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენების გაყალბება დღესაც ხდება, 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია სოციალ-დემოკრატი ნოე რამიშვილი, რომელმაც ამ თანამდებობაზე 1918 წლის 23 ივნისამდე დაჰყო. სწორედ ნოე რამიშვილი იყო საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე და არა ნოე ჟორდანია, როგორც ამას დღეს ანშლაგით აფრიალებენ. ჟორდანია-ჯუღელის ტანდემმა აიძულა ის გადამდგარიყო და ამის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა ნოე ჟორდანიამ, რაიც საბედისწერო აღმოჩნდა ახალგაზრდა საქართვლოს დემოკრატიული რესპუბლიკის მერმისისათვის.

ხელისუფლების იძულებით შეცვლაზე მიუთითებს მემარცხენე სოციალ- დემოკრატ რაჟდენ არსენიძის სტატიაც, რომელიც დაიბეჭდა 1961 წლის ოქტომბერში, პარიზში გამომავალ ჟურნალ “ბრძოლის ხმაში”.

გენერალი კვინიტაძის თქმით: “ვალიკო ჯუღელი რამდენჯერმე შემოვარდა მთავრობის სხდომაზე ყვირილით, გვარდია არავითარ მთავრობას არ დაემორჩილება, თუ მისი თავმჯდომარე ნოე ჟორდანია არ იქნებაო. არადა, საკმარისი იყო ნოე რამიშვილს ჩემთვის ეთხოვა და მეორე დღითვე მივართმევდით გვარდიის გაბაწრულ გენერალურ შტაბს… გვარდია ამით დაიშლებოდა. მთავრობის გადატრიალებას მაშინ ვეღარავინ შეძლებდა. სულ იმას ვფიქრობ, რატომ არ მთხოვა ეს ნოე რამიშვილმა”

ჟორდანია რამიშვილისაგან განსხვავებით ბოლშევიკების მიმართ მეტად ლოიალური იყო. ხშირად ხდებოდა ის, რომ ნოე რამიშბვილის მიერ დაპატიმრებულ ბოლშევიკებს ჟორდანია სატუსაღოდან ათავისუფლებდა.

ხდებოდა საბოტაჟი არმიაში, რომელსაც ფარულად თუ აშკარად უძღვებოდა ჟორდანია-ჯუღელის ტანდემი. ამის შესახებ შემდგომ წლებში ბევრი მოღვაწე წერდა, მათშორის თვით მენშევიკებიც.

ეროვნულ-დემოკრატ გერონტი ქიქოძის შეფასებით: “დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი იყო. ეს გამხდარი, ფერმკრთალი მამაკაცი არავის უნახავს გაცინებული. მისი ხელის ენერგიული მოძრაობა, ლაკონიური, მბრძანებლური სტილი და პირქუში სახის გამომეტყველება მოწმობდნენ, რომ ის დიქტატორად იყო გაჩენილი. მან თბილისი გაწმინდა სომხის ბურჟუაზიის უკანასკნელი ნაშთებისგან, მკაცრად ჩააქრობინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აჯანყება და სიკვდილით დასჯა დააკანონებინა დამფუძნებელ კრებას; უეჭველია, რამიშვილი სასტიკად გაუსწორდებოდა ქართველ ბოლშევიკებსაც, თუ ჟორდანიას არ შეეკავებინა და თუ, საერთოდ, საქართველოს მთავრობა იძულებული არ გამხდარიყო ხელშეკრულება დაედო მოსკოვის მთავრობასთან და ანგარიში გაეწია მისი მოთხოვნებისთვის”.

ნოე რამიშვილი კი არ იყო ის პიროვნება, ვინც საკუთარ ამბიციებს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენებდა.

როგორც არ უნდა შევნიღბოთ არსებული მდგომარეობა, ნათელია, რომ 1918 წლის ივნისში ადგილი ჰქონდა სამთავრობო გადატრიალებას, ასე ფიქრობდა გენერალი კვინიტაძე.

Kvinitadze and Cholokashvili

გენერალი კვინიტაძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მებრძოლი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ნოე რამიშვილზე წერდა: “ნოე ჟორდანიას ადგილზე ნოე რამიშვილი რომ ყოფილიყო, 1921 წელს ჩვენ რუსებს დავამარცხებდით. ეს კაცი ისეთი ძლიერი იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავსაც შესწირავდა და თავის შვილებსაც”.

ნოე რამიშვილის მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ძლიერ ანტიბოლშევიკურ საქმიანობასთან, ამიტომაც მას განსაკუთრებით აღიზიანებდა ნოე ჟორდანიას მეტისმეტად ჰუმანური დამოკიდებულება ბოლშევიკებისადმი.

ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილს შორის კიდევ ერთი სერიოზული კონფლიქტის მიზეზი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება გახდა. ეს ხელშეკრულება დაიდო და მისი ტესტირება განხორციელდა ნოე ჟორდანიას ინიციატივით. მან ამ საქმეში, რა თქმა უნდა, დაიხმარა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი (შემდგომში მთავრობის სხვა წევრებთან გეგეჭკორი აღიარებდა, რომ ეს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ გააკეთა). როგორც ჩანს, ჟორდანია მართლაც დიდ იმედებს ამყარებდა ამ ხელშეკრულებაზე. ის სჭირდებოდა, რათა საერთაშორისო საზოგადოებას ეღიარებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რაც არ მოხდებოდა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე.

შს მინისტრი ნოე რამიშვილი ხელშეკრულებას უარყოფითად აფასებდა, მიაჩნდა, რომ საბჭოთა რუსეთს იგი ცალმხრივ უპირატესობას ანიჭებდა. განსაკუთრებით აღელვებდა საქართველოს კომპარტიის ლეგალიზაცია და პატიმრობიდან ბოლშევიკ დამნაშავეთა გათავისუფლება. რამიშვილის აზრით, მართალია, საქართველოს კომუნისტური პარტია ძალიან სუსტია, მაგრამ ასეთი სუსტი პარტიაც, როცა მას ისეთი ძლიერი მფარველი და მხარდამჭერი ჰყავს, როგორიც საბჭოთა რუსეთია, საქართველოს რესპუბლიკისთვის წესის ასაგებად სავსებით საკმარისი იქნებაო.

1920 წლის 7 მაისის “სამშვიდობო ხელშეკრულება” დაიდო ისე, რომ ნოე ჟორდანიას მითითებით, მთავრობის დანარჩენი წევრებისა და მათ შორის რამიშვილისთვისაც ბოლო დრომდე იგი საიდუმლოდ რჩებოდა. ნოე რამიშვილმა ამ ხელშეკრულების შესახებ გაიგო პრესაში მისი გამოქვეყნების შემდეგ, რამაც მისი დიდი გულისწყრომა გამოიწვია. აი, როგორ აღწერს ამ ფაქტს ნოე რამიშვილის დის შვილიშვილი გოლა ხვედელიძე: გაცეცხლებული ნოე რამიშვილი პირდაპირ მიიჭრა ნოე ჟორდანიას კაბინეტში (იქ მას დახვედრია თავისი მეგობრები სილიბისტრო ჯიბლაძე, ნოე ხომერიკი და გრიგოლ ლორთქიფანიძე). ნოე რამიშვილს თავი ვერ შეეკავებინა და პირდაპირ მიუხლია ჟორდანიასთვის: ეს რა გაგიკეთებია, საქართველო დაგიღუპავს, ელოდე ორ-სამ თვეში საქართველოს გასაბჭოებასო. მერე როგორ დაეთანხმე რუსეთის საელჩოს 400 თანამშრომლის მიღებას, საქართველო 400 გამოცდილ ჯაშუშსა და დივერსანტს ლუკმად არ ეყოფაო.

ნოე რამიშვილის შიში, რომ ხელშეკრულება საქართველოსთვის დამღუპველი იქნებოდა, სრულად გამართლდა. სულ მალე, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა განზრახვა სისრულეში მოიყვანა.“

***

zviadi-da-merabi[1]მივუბრუნდეთ ისევ დღევანდელ ყოფას, ქვეყანას აქვს სხვა სახელწოდება, სხვა კონსტიტუცია. ასევე დარღვეულია საქართველოს მაშინდელი სახელმწიფოს ტერიტორიული შემადგენლობა, ამ თარიღს თავისი სახემწიფოებრივი მნიშვნელობა დაკარგული აქვს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაშინდელი ტერიტორიული შემადგენლობის სულ მცირე 40%-ში, სადაც ფაქტიურად არ სცნობენ ამ თარიღს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს

ჩვენი სამშობლოს ჟამთაღმწერლობაში 26 მაისი სამმაგად მნიშვნელოვანია:
1.ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ – თავისუფალი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაბადების დღე.
2. 26 მაისის თარიღი არის საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოს შეწირული რაინდის მერაბ კოსტავას დაბადების დღეც
3. ჩვენი სამშობლოს მატიანეში 26 მაისი კიდევ ერთი გარემოების გამო იჭერს საპატიო ადგილს. ამ დღეს, 1991 წელს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი დემოკრატიული არჩევნები, რომელშიც წარდგენილი იყო 6 კანდიდატი და მაშ შორის საარჩევნო შედეგებით ხმები ასე განაწილდა:

ზვიად გამსახურდია 86,26 %
ირაკლი შემგელაია 0,91 %
ჯემალ მიქელაძე 1,7 %
ვალერიან ადვაძე 8,15 %
თამაზ კვაჭანტირაძე 0,29 %
ნოდარ ნათაძე 1,22 %

როგორც უკვე ვთქვით, 1992 წლიდან მოყოლებული კი „გვაზეიმებენ“ მხოლოდ იმ სახელმწიფოს – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, რომელიც ისტორიის საკუთრება გახდა!

როგორც ჩემს მიერ გაკეთებული მოკრძალებული მიმოხილვიდან ჩანს, საქართველო დღეს ამოვარდნილია ისტორიული სამართლიანობისა და კანონზომიერების ჩარჩოდან!
მიზეზი კი, კვლავ გავიმეორებთ, არის საქართველოს 1990 წლეს მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული კანონიერი საკანონმდებლო ორგანოს -საქართველოს უზენაესი საბჭოს, ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას, დამოუკიდებლობის აღდგენის ხელდამსმელისა და სულისჩამბერის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების – რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შეიარაღებული გზით დამხობა და განდევნა, რომელიც განხორციელდა 1991 წლის 22 დეკემბერი -1992 წლის 6 იანვრის ორკვირიანი პუტჩის შედეგად.

სწორედ ზვიად გამსახურდიას მიერ გაცოცხლებული სახელმწიფოს მბჟუტავ კოცონზე ითბობს ხელს მეოთხედი საუკუნის მანძილზე ათასი პოლიტიკური შარლატანი, მის სახელს და საქმეს კი მკაცრი ტაბუ და სიძულვილის ბოქლომი ადევს!

საქართველოს წკვარამით დასუდრულ ცისთავანზე მოგუდულად გაისმის კითხვა:
კატალინა, როდემდე უნდა გძულდეს?

ზიგმუნდ ვოლტეტერი
24. 05. 2018

 

*პუბლიკაციაში გამოყენებულია ამონარიდები ჟურნალიდან “ისტორიანი”, 2013 წლის მაისი, #5/29, რომლის ავტორიც გახლავთ ქალბატონი თამარ სიდამონიძე