Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ჰელსინკის კავშირი- კონცეფცია

 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება
         “საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინების”      
          საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების   

კ  ო  ნ  ც  ე  ფ  ც  ი  ა
      
 

შ ე ს ა ვ ა ლ ი

      “საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებ”- ის მიზანია დაანახოს და გააცნოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოს მისი ხედვა ქვეყნის მოწყობის, მისი სრული პოლიტიკური, ეკონომიკრი და სოციალური სტაბილურობის მიღწევის, ერთიანობის უზრუნველყოფის, განათლებული სამოქალაქო და სოციალური სოლიდარული საზოგადოების ჩამოყალიბების გზით ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების, რეალურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების შექმნა-განმტკიცებისა და მისი კანონიერი რეალიზაციის; მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის ფუძემდებლური,  ყოველმხრივი აღორძინების რეალური გეგმა და გზები, რომლითაც მოხდება სახელმწიფოს მიერ ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება, ადამიანის ღირსებების უზრუნველყოფა და რომელიც დაფუძვნებული იქნება  სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური ჰარმონიის პრინციპებზე; ზნეობის პრიმატისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით დაიცავს და დაამკვიდრებს ეროვნული თვითმყოფადობის, დემოკრატიისა, სამართლებრივი სახელმწიფოსა და თვითმმართველობის იდეალებს, პატივს სცემს ხალხთა თანასწორუფლებიანობას, საკუთარი ბედის გამგებლობას; მხარს დაუჭერს საომარი კონფლიქტების, გათიშულობისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების სამშვიდობო ცივილიზებულ პოლიტიკას.

  სახელმწიფოს ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ამ ფუძემდებლურ პრინციპებს კი აშკარად მივყევართ მომავლისაკენ, სადაც წარმატების კრიტერიუმი შრომა, ნიჭი და მსახურება იქნება, სადაც მთავარია: შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა. ეს იქნება ბურჯი, რომელსაც ქართული სახელმწიფო დაეფუძვნება. სახელმწიფო კი უნდა იყოს ენის, მამულის, სარწმუნოების დაცვის გარანტი, ქართული ცხოვრების არსის განმსაზღვრელი. 

 

1. კავკასია, როგორც მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის გარანტი და საქართველოს, როგორც კავკასიური სახლის ქვეყანის, მედიატორული როლი მსოფლიოსათვის.       

ცივილიზაციის განვითარება იმ ფაზაში შევიდა, როდესაც მოწინავე ქვეყნები ერთობლივად ცდილობენ გადაჭრან ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. მსოფლიო პროცესები იმდენად დაჩქარებულია, რომ უახლოეს ხანში ამ წინააღმდეგობათა მოუგვარებლობა უაღრესად ზრდის საყოველთაო კატასტროფის შესაძლებლობას.
     მსოფლიოს ახლებურად მართვის   ეტაპზე დიდად მნიშვნელოვანია პოლიტიკური მოვლენების ახლებურად განსჭვრეტა და წარმართვა. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს გეოპოლიტიკური უპირატესობანი და შესძლოს  დამოუკიდებელი პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა.
    საქართველოს ისტორია ნათლად მეტყველებს, რომ ქართული ფენომენისათვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ეროვნული, რელიგიური თავსებადობა. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების მანძილზე ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების გარეშე გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლები. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ძველი ერის მტკიცე სახელმწიფოებრივი და კულტურული ტრადიციების გამო ყოველთვის მიზანმიმართულად ახერხებდა მოწინავე აზრის, კულტურის ექსპორტირებას მეზობელ მონათესავე ტომებში. ამ მოვლენას ნოყიერი ნიადაგი ასაზრდოებდა – იბერიულ-კავკასიური სამყაროს არსებობა, რომელიც უძველესი და უნიკალური ცივილიზაციის პოლიეთნიკურ და ამავე დროს ერთიან გეოპოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ სივრცეს, დასავლეთსა და აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაჯვარედინს წარმოადგენდა. საქართველოს კავკასიელ მეზობლებთან სარწმუნოებრივი სხვადასხვაობის მიუხედავად, ისტორიულად მუდამ ჰქონდა მთლიანი კავკასიური სამყაროსადმი კუთვნილების, საერთო წარმომავლობის, ბიოგენეტიკური ნათესაობის გრძნობა, ეროვნული წიაღიდან აღმოცენებული, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მეზობელ ცივილიზაციებთან შემაჯერებელი საერთო მენტალიტეტი, კულტურული, მორალური და ზნეობრივი ღირებულებები.
     კავკასიის, როგორც მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონის, შიგა მოწესრიგების პრინციპი კი ისტორიულ-ეთნიკური პროცესების განვითარებამ, მისმა ღრმა ფესვებმა უნდა განსაზღვროს, რაც საქართველოს იბერიულ-კავკასიურ ტომებთან ნათესაობით და ასევე შავი ზღვის ნავსადგურთა გარკვეული ნაწილის კონტროლით განსაზღვრულ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.        კავკასიური ერთობის შესაქმნელად, რომლის საფუძველი იდეაში ყოველთვის არსებობდა, საჭიროა მკაფიო და მკაცრი, თანმიმდევრული მსოფლიო პოლიტიკური კურსის შემუშავება, რაც საჭიროების შემთხვევაში როგორც კავკასიური სახლის, ასევე მსოფლიოს დამცველ მექანიზმად ამოქმედდება. 
   ცხადია, კავკასიური სახლი არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთი მიმართულებით განვითარებას. ასეთი პოლიტიკა განსაზღვრულია საქართველოს და მსოფლიოს კეთილდღეობის ინტერესებით და ოთხივემხრივ უნდა წარიმართოს.
    მაგრამ, მარტო დასავლეთის პროგრესული დემოკრატიული აღმშენებლობის სურვილი საკმარისი არ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული აღორძინებისათვის, მას ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სწორად წარმართვამაც, რომელიც დამყარებული იქნება სამართლიანობისა და კანონიერების ბაზაზე.
     ვიღებთ რა მხედველობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებულ პრინციპებს აპარტეიდისა და ნეოკოლონიალიზმის ლიკვიდაციის, აგრესიის, უცხო ქვეყნის ოკუპაციისა და სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ, “დიდი ევროპის” საქმიანობას, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას ეფუძნება (ევროპის თავისუფალი ადამიანთა დიდი ქარტიის შემუშავება, დიდი ევროპული ბაზის შექმნა, დიადი ევროპული კულტურის სივრცის შექმნა და სრულიად ევროპის უშიშროების კონვენციის მომზადება) და ტრადიციულ სახელმწიფოთა ერთიანობის პრინციპზეა დამყარებული,  ასევე, 1991 წელს ჩატარებული ადამიანური განზომილებისადმი მიძღვნილ ეუთო-ს კონფერენციის დოკუმენტს (პუნქტი 17.1 _ “გადაჭრით გმობენ ძალებს, რომლებიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მსვლელობისას გამოხატული ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და კანონიერად დადგენილი კონსტიტუციური წყობის დარღვევით წარმომადგენლობითი მთავრობისათვის ხელისუფლების წართმევას ლამობენ” და პუნქტი 17.2 _ “ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოში დემოკრატიულად არჩეული კანონიერი მთავრობის არაკანონიერი გზით დამხობის ან დამხობის მცდელობისას მონაწილე სახელმწიფოები გაეროს წესდების თანახმად ულაპარაკოდ დაუჭერენ მხარს ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე მდგარ ამ სახელმწიფოს კანონიერ ორგანოებს, გამოხატავენ რა ამით თავიანთ ზოგად ვალდებულებას, წინ აღუდგენ ამ ფუძემდებელ ფასეულობათა შემზღუდველ ნებისმიერ მცდელობას”), ვეყრდნობით რა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებით, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით განცხადებულ პრინციპებს, ვაცნობიერებთ რა პასუხისმგებლობას ქართული ერის წინაშე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების უზრუნველყოფისათვის, მიგვაჩნია:

 უნდა აღსდგეს ისტორიული სამართლიანობა და ჩამოყალიბდეს მსოფლიოს მშვიდობიანი ერთობის განმსაზღვრელი ახალი რეგიონი და ერთობა _ კავკასია, როგორც გარანტი მსოფლიოში მშვიდობისა, სამართლიანობისა,      ადამიანის უფლებებისა და  თავისუფლებისათვის  დაცვისა, სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თანხმობა-ერთობისა და თანასწორობისა.   

 მშვიდობისა და  თავისუფლებისათვის ბრძოლა მოწინავე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. კაცობრიობის, მოქალაქეობრივი შემწყნარებლობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტიების დაცვის უმაღლესი შეგნება, ყოველთვის სახელმწიფოებრიობის ფუძემყარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, ურომლისოდაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება და განმტკიცდება როგორც სახელმწიფო.
  უკვე ახალ საუკუნეში, მსოფლიო ისტორიული მისიაა საფუძველი ჩაეყაროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (დანიშნულებისა და ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების დაუბლოკავად, გამარტივებულად მიღებისა და ამ გადაწყვეტილებების დროულად შესრულების აუცილებლობა ეჭვს არ იწვევს) თვისობრივად ახალ ინსტიტუტს, რომლის უზენაესი მიზანი ასევე იქნება, ადამიანის უფლებათა დაცვასთან ერთად, მსოფლიოს ერთა  კულტურათა და სახელმწიფოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაც. ახალ სიტუაციაში მკვეთრად გაიზრდება როლი საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების კონტროლის სფეროშიც, ასევე გადაუდებელ ამოცანადაა აღიარებული ეროვნულ ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტთა რეალური მიზეზების ობიექტური შესწავლა, რაც რომელიმე ავზრახვიან ქვეყანას საშუალებას აღარ მისცემს თავიანთი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე პერმანენტული ხასიათი მისცენ ეთნიკურ კონფლიქტებს.

საშუროა, თუ კავკასიაში და სწორედ საქართველოში განთავსდება და მოეწყობა სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა, ერთა კულტურათა, უფლებებისა და თავისუფლებების, დაცვისა და უზრუნველყოფის “მსოფლიო ერთა ანსამბლეა”, რამდენადაც საქართველოს, როგორც “კავკასიური სახლის” ქვეყანას, სახელმწიფოს ისტორიული, გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე და ეროვნული სულის მეოხებით ძალუძს ეზიაროს ჭეშმარიტად საღვრთო საქმეს და განხორციელოს მსოფლიოს სახელმწიფოთა მშვიდობიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობისათვის აუცილებელი გარანტის როლი. იგი უნდა გახდეს მედიატორი სახელმწიფო, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ქრისტიანულ და მუსულმანურ სამყაროს შორის, რაც მისი ოდინდელი ისტორიული მისიის დაბრუნება იქნება.  

    სახელმწიფოთა უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც მსოფლიოს ერთა კულტურათა და  კოლექტიური უსაფრთხოების, მასთან ერთად ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის  ფუძემდებლური პრინციპები უნდა იქნეს აღიარებული ყველა სახელმწიფოს მიერ და ამ პრინციპიდან გამომდინარე ადამიანის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოსა და ადამიანის ღირსების უზრუნველყოფის, მისი კანონიერი უფლების რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანამშრომლობის საძირკველს, რამეთუ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი მდგომარეობის დაუცველობა, ძალზე დიდ დაბრკოლებას იძლევა თვითოეული ერის ღირსების განვითარებაზე. ეროვნული ღირსება კი, არა მარტო თეორიული ცნება, არამედ რეალური ერთეულის, მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და ისტორიის მქონე ერის ძირითადი ატრიბუტია და თავისთავად მიღწევადი რეალობაა, რადგან იგი გამომდინარეობს ერის ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობიდან, რომელიც წარმოშობილია ენის, ტეროტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ბაზაზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა.
     ეროვნული ღირსების გრძნობის ამაღლება შესაძლებელია ქვეყნის სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობის, ასევე ერის იდეურ-მორალური, ეთიკური, ზნეობრივი და საღმრთო რწმენის დონეთა ამაღლებით. ეროვნული ღირსების გრძნობა თავისთავად ერის ნაყოფიერი ორიენტაციაა და იგი დიდ როლს თამაშობს როგორც პიროვნული ღირსების, ასევე ცხოვრების დონის ამაღლებასა და ქვეყნის განვითარებაზე.
     მართალია ისტორიულ ეტაპებზე ხდება ღირებულებათა გადაფასება, მაგრამ მისი მუდმივობის ცვალებადობა ფაქტობრივად არ იცვლება, რამეთუ ცვალებადობას მხოლოდ სუბიექტივიზმი განსაზღვრავს მნიშვნელოვნად. ასე, რომ იდეალიზმთან მიახლოებული რეალობა ობიექტურ, თეორიულ და ემპირიულ განსაზღვრებაში შეიძლება ისტორიულად განსაზღვრულ მუდმივად მივიჩნიოთ. მორალური პრინციპების განხორციელება კი შესაძლებელია არა მხოლოდ სახელმწიფოში და თავად ერში, არამედ საყოველთაოდ და ყველგან.    
      მოწინვე ქვეყნები უნდა ადასტურებდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის, საკუთარი ბედის განმგებლობის უფლების პატივისცემისა და მათი ეფექტური განხორციელების საყოველთაო  მნიშვნელობას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების განვითარებისათვის. მათ უნდა შეახსენონ ურთიერთს აგრეთვე იმის მნიშვნელობა, რომ უნდა გამოირიცხოს ამ პრინციპის დარღვევა ნებისმიერი ფორმით.

მსოფლიო ქვეყნების სახელმწიფოებრიობის დონის ამაღლებისა და აღორძინების მიზნით, ახალი რეალობიდან გამომდინარე სასურველია დაიხვეწოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა აქტები მათი უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა განხრითაც, რათა ახალ საუკუნეში სახელმწიფოებმა და ხალხებმა იცხოვრონ მშვიდობიან, განვითარებად მსოფლიო თანამეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოში. მსოფლიო პოლიტიკურ ძალებს უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ მოვლენათა შორის მუდმივი და უცილობელი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც დასტურდება ბუნებასა და საზოგადოების შემეცნების პროცესში. უნდა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად შესაბამისი პოლიტიკური წყობა, რომლის დროსაც დამყარებულია და პრაქტიკაში ხორციელდება ერთა ხელისუფლებათა საშუალებები და ფორმები, რომლებიც გამაგრებულია თვითოეული ქვეყნის მოქალაქეთა თავისუფლებებისა და თანასწორობის კანონებში.

    სახელმწიფოს დემოკრატიულობა ძევს მის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, რომელიც ამ სახელმწიფოს ისტორიულად   ჩამოყალიბებულ, ევოლუციურად აღმავლობაში მყოფი მისი ბუნებიდან გამომდინარეობს და სარგებლობს როგორც სახელმწიფოს შიგნითა ხალხის, ასევე მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხთა საყოველთაო მოწონებით.
     თანასწორუფლებიანობის პრინციპებიდან და ქვეყნის საკუთარი განმგებლობის უფლებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მუდამ უნდა ჰქონდეს უფლება სრული თავისუფლების პირობებში დაადგინოს თუ როდის და როგორ სურს მას განსაზღვროს თავისი შინაგანი და გარეგანი პოლიტიკური სტატუსი. ქვეყანა საერთო, საყოველთაო რეფერენდუმის გზით, გარედან ჩარევის გარეშე თავადვე უნდა განსაზღვრავდეს თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.             

   სახელმწიფოს დანიშნულება ერის პოლიტიკური და სულიერი დამკვიდრებაა. თვითდამკვიდრების ურთულეს გზაზე ყოველი ერი ესწრაფვის თავისი სულიერი და სოციალურ-პოლიტიკური ველის გაფართოვებას. სწორედ ამაში ვლინდება ერის სიძლიერე და სიცოცხლის უნარიანობა. დემოკრატიის გარეშე კი შეუძლებელია რაიმე სახის სულიერების გავრცელება.

 

     2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამართლებრივი გადაწყვეტა და მისი დაცვა.
     ქვეყნის სახელწიფოებრიობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი ტერიტორიის და  ბუნებრივი რესურსების დაცვას. სახელმწიფოს ტერიტორიას _ ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს მომიჯნავე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან გამოჰყოფს სახელმწიფო საზღვარი. ამდენად, ნათლად სჩანს სახელმწიფოსათვის საზღვრის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის სასიცოცხლო მნიშვნელობა, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი ფუნქციონირების, ასევე სახელმწიფოებათაშორისი ურთიერთობის თვალსაზრისითაც.
     1921 წლის ანექსიისა და ძალდატანებითი გასაბჭოების შემდეგ საქართველომ დაკარგა ერთა ლიგის რიგი ქვეყნების მიერ აღიარებული ტერიტორიის თითქმის მესამედი, ლამის ამდენივე მნიშვნელოვანი ტერიტორიული ნაწილები 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი პროცესების შედეგად        

  სამწუხაროდ, საქართველომ 1918-21 წლების დამოუკიდებლობის პერიოდში, ცნობილ მიზეზთა გამო ვერ შესძლო მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრების სრულად სამართლებრივი განსაზღვრა და დღეისათვის არ მოგვეპოვება ასეთი ნორმატიული ბაზა.
     სასაზღვრო სიტუაცია ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე კარგად ჯერ-ჯერობით აზერბაიჯანთანაა დაცული, ამ შემთხვევაშიც იგი 1938 წლის მდგომარეობას ეფუძნება. კომისია შეიქმნა სომხეთთან დაკავშირებითაც, მაგრამ განსაზღვრულ ვითარებათა გამო პრობლემის გადაწყვეტა ყოველთვის ჭიანურდებოდა. საერთაშორისო ნორმების შესაბამისად დელიმიტირებული გარე საზღვარი საქართველოს მხოლოდ თურქეთთან ჰქონდა, იგი მას სსრკ-სთან ჰქონდა გარკვეული და მდგომარეობა ასევე დარჩა.             გარდა ტერიტორიული დანაკარგებისა ბარბაროსულად განადგურდა საქართველოს ბუნება და კულტურის ძეგლები, გაიძარცვა ბუნებრივი რესურსები. ცხადია, ამ პროცესებმა უზარმაზარი ფინანსური ზარალი მიაყენეს ქვეყანას და ეს სათანადოდ საქართველოს ტერიტორიული დაუცველობითა და სახელმწიფო საზღვრების ფაქტობრივი არარსებობითაც იყო გამოწვეული.
     აღნიშნულიდან გამომდინარე, 1990 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს მიწა, საჰაერო სივრცე, წყლის რესურსები, კონტინენტური შელფი და წიაღისეული ეროვნულ საკუთრებად გამოაცხადა, სსრკ-ს ჯარს მიანიჭა საოკუპაციო ჯარის სტატუსი, მიიღო აგრეთვე საკანონმდებლო აქტები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების შესახებ, საბაჟო სამსახურის შესახებ, ეროვნული საჯარისო ფორმირებების შესახებ, ეროვნული უშიშროების სამსახურის შესახებ.
      ვინაიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა კანონიერი გზით არ გაუქმებულა, საქართველოს კანონიერ მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, არ არსებობდა საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობაში შეყვანის სამართლებრივი საფუძველი. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა 1921 წლის თებერვალში საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენა.
      1991 წლის 21 დეკემბრიდან დაიწყო საქართველოს რესპუბლიკის ცნობა და საქართველოს ტერიტორია, მისი ფარგლები განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენის საფუძვლად აღიარებულია საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მოკავშირე რესპუბლიკებთან საქართველოს სსრ-ს ადმინისტრაციული საზღვრები. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაერო-ს (რომლის წევრიც საქართველო გახდა 1993 წელს), საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ საქართველო იურიდიულად და ფაქტობრივად აღიარებულ იქნა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ანუ საქართველოს დარჩა სსრკ-ს დაშლის შედეგად მიღებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიების სამართალმემკვიდრე.
     საქართველოს 1990 წელს არჩეული უზენაესი საბჭო უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეს, რასაც იმ პერიოდთან დაკავშირებული ზემოთ მითითებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტების მიღებაც ადასტურებს.  1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ შესაძლებლობა მოუსპო ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური პოლიტიკა ზემოთაღნიშნული მიმართულებით.
      გადატრიალებამ ამ მხრივაც ძირითადი სამართლებრივი ბაზაც გამოაცალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. 1992 წლის 2 იანვრის დადგენილებით სამხედრო საბჭომ შეაჩერა საქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის (1990-1991 წლების შესწორებებითა და დამატებებით) მოქმედება ქვეყნის ტერიტორიაზე, რის შემდეგ იმ ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოსთვის მოეგლიჯათ ტერიტორიები, ხელ-ფეხი გაეხსნათ და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სეპარატისტული ხელისუფლების ჩამოყალიბებით ქვეყანას ჩამოაშორეს სამაჩაბლო და აფხაზეთი. მართალია, კანონიერი ხელისუფლების შენარჩუნებით, მაგრამ მაინც კონსტიტუციური ვაკუუმი აღინიშნა აჭარაშიც. საფუძველი დაედო საქართველოს ტერიტორიის სამართლებრივ დანაწევრებას. აღნიშნული დანაწევრების ფაქტობრივი აღიარება საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაა, სადაც არ არის დაფიქსირებული არც აფხაზეთი, არც აჭარა (მოგვიანებით, შედარებით დარეგულირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკითხი) და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი (სამაჩაბლო), ანუ არ არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს დამოკიდებლობას საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას შორის..
     საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას სათანადო გეზს აძლევდა გეოპოლიტიკური ტენდენციები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ქვეყნის შიდა, თუ გარე სქემები. დღეს გეოპოლიტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამუშავდა სხვა სქემები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით, მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია ოპტიმალურად გადავწყვიტოთ დღევანდელი პრობლემები. ოღონდ ყოველივე ამის განსახორციელებლად საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის უნდა გადაჭრას უპირველესი პრობლემა:

უნდა აღდგეს და მოწესრიგდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და მასთან ერთად ქვეყნის ხელისუფლებისა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.     

     ევროპის უშიშროებასა და თანამშრომლობის თათბირის დასკვნითი აქტის (ჰელსინკი, 1975) III და IV პრინციპების თანახმად აკრძალულია ქვეყნის საზღვრების ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. იგივე მიდგომას საზღვრებსა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ადასტურებს 1986 წლის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი მონაწილე სახელმწიფოების ვენის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი.
   აღნიშნული დოკუმენტები ცალსახად განმარტავენ, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ეკუთვნის საქართველოს და მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად ვერავინ სცნობს, ვინაიდან დაირღვევა საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, მაგრამ მითითებული ნორმები ვერ აიძულებენ აღნიშნულ წარმონაქმნებს, დაემორჩილონ საქართველოს ხელისუფლებას, ანუ ისინი მხოლოდ გარედან აწესრიგებენ მდგომარეობას, შიდა მდგომარეობა კი მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციამ უნდა მოაწესრიგოს.
     1978 წლის კონსტიტუცია (1990-1991 წლების შესწორებითა და დამატებებით) იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი აფხაზეთის, აჭარისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებათა დაქვემდებარებების გარანტი. ეს დაქვემდებარება მათი საკუთარი კონსტიტუციებითაც (აჭარა, აფხაზეთი) იყო განმტკიცებული. აღნიშნული კონსტიტუცია აკონტროლებდა საქართველოს მთელ ტერიტორიასა და სამართალმემკვიდრეობის გამო საკონსტიტუციო ვაკუუმი გამორიცხული იყო. 1991-93  წლების  სახელმწიფო გადატრიალებამ დაარღვია ზემოთაღნიშნული მოწესრიგებული მდგომარეობა, რისი ერთ-ერთი ძირითადი შედეგიც არის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომით გამოწვეული ტერიტორიების შემდგომი ფაქტობრივი დაკარგვა და მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების აზრის საწინააღმდეგოდ რუსეთის მიერ ცალმხრივად აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობა..

გამოსავალი აღნიშნული მდგომარეობიდან არის ერთადერთი – რეალობიდან გამომდინარე უნდა სამართლებრივად, პოლიტიკურად და იურიდიულად შეფასდეს 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალება და მისგან გამომდინარე ქვეყნის შემდგომი პროცესები; უნდა შემუშავდეს ახალი კონსტიტუცია და სამართლებრივი აქტები, სადაც გათვალისწინებული იქნება და იურიდიულად აღსდგება 1992 წლის 2 იანვარს გაუქმებული საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები საზღვრების ურღვევობისა, ტერიტორიული მთლიანობისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპების შესახებ, რაც სრულიად აღადგენს სამართლებრივ საფუძველს ტერიტორიული მთლიანობისათვის: 1991-1993 წლებისა და 2008 წლის ომები დაკარგავს თავის პოლიტიკურ შინაარსს და ის ტერიტორიები, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის გარეთ დარჩნენ,  კანონიერად მოექცევიან მისი გავლენის ქვეშ. ამის შემდეგ ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივად აღდგენისათვის წარმოებული ყოველგვარი ღონისძიება საერთაშორისო სამართლის დამატებითი სტატუსითაც იქნება განმტკიცებული.

     ცხადია, არა გვაქვს ილუზია, რომ ზემოთაღნიშნული ქმედებანი ერთბაშად მოაწესრიგებს ყოველივეს, მაგრამ სამართლებრივად მოგვარებული პრობლემების გადაჭრა საერთაშორისო სამართლის პრეროგატივაა. ამას საერთაშორისო არბიტრაჟი მოყვება და ამგვარ დონეზე საკითხთა გადაწყვეტა კი ცხადია, სათანადოდ შეამცირებს ძალადობის ფაქტორს.

 

     3. საქართველოს სახელმწიფოებრივობის ისტორიული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის გზით, ერის საკოველთაო თანხმობით მისი სახელმწიფო სიმბოლიკის, ენის, სახელისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხი.
 რამეთუ, დღეს, ქვეყნის დაშლასთან, ეკონომიკის რღვევასთან, ხალხის გაღატებასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურის დაცემასთან ერთად, საქართველოს ემუქრება ყველაზე საშინელი საფრთხე _ თავისი ეროვნული სახის დაკარგვა და უფრო მეტიც, ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ერთიანობის ფიზიკური გაქრობა.
ღვთის იმედად ყოფნა აუცილებელია, მაგრამ არც ჩვენ არ უნდა ჩამოვუშვათ ხელები.
ისტორიული პროცესების განვითარების დიალექტიკა თავისთავად გვკარნახობს არსებულ წარმოდგენათა გარკვეული კორექტირების აუცილებლობას. ჩვენი სააზროვნო არსენალიდან დღეს ბევრი რამ საჭიროებს აუცილებელ სამართლებრივ გამოსწორებას, სულიერ ფასეულობათა სასწრაფო და გადაუდებელ გადარჩევა-გადაფასებას, რაც მომავალში ქართველი ერის ისტორიული მეხსიერების, დროთა მიერ ტრაგიკულად დარღვეული კავშირისა და “ჩატეხილი ხიდების’’ გამრთელების აუცილებელ წინაპირობად უნდა იქცეს.
საშუროა, ერის საყოველთაო თანხმობით და საქართველოს სახელმწიფოებრივობის ისტორიული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის გზით, ქვეყნის სახელის, სიმბოლიკის, სახელმწიფო ენისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხის გადაწყვეტა.
 ძველი კოლხეთის (ძვ. წ. XVI-XV ს. ს.-დან ძვ. წ. VII ს. ს.) სამეფოს წინარე ეპოქაში სახელმწიფო ცნობილი იყო “იბერიის” სახელწოდებით (ძველი ბერძნები და ბიზანტიელებიც იბერიაში მთელ საქართველოს მოისაზრდებდნენ და საყურადღებოა ასევე, რომ ბერძენსაც “ბერძენი’’ _ “იბერ+ძენი’’ მხოლოდ ქართულად ჰქვია) და მკვიდრ მოსახლეობას “იბერიელები”, ხოლო მათი ენა იყო ქართული _ “იბერიული ენა’’. ქვეყანას “კოლხეთი” დაარქვეს ბერძნებმა იმ მიზნით, რომ განესხვავებინათ აღმოსავლეთის იბერები დასავლეთის იბერებისაგან. ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში “იბერებს” ვხედავთ თითქმის მთელ ევროპაში, ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში, პირენეის ნახევარკუნძულზე, ცენტრალურ ევროპაში, ინგლისში, ირლანდიაში და ა. შ. “იბერების” სამშობლოდ კი კავკასია იყო მიჩნეული.
 ცნობილია ასევე, რომ ძვ. წ. VII-VI საუკუნისათვის კი სახელმწიფო მოიცავდა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ფაქტობრივად მთელი სამხრეთ კავკასიის  ტერიტორიას. “იბერიის’’ შემადგენლობაში იყო კოლხური ტომი და ამ ეპოქისათვის სამეფოში 20-ზე მეტი ერთი ეთნოსისა და ენის მქონე ტერიტორიული ჯგუფების ტომია გაერთიანებული.  შემდგომ, დაწყებული კიმერიელებისა და სხვა რჯულის ურდოების შემოსევების დაწყებიდან, ქვეყნის დაშლის პროცესიდან გამომდინარე “ქართების’’ ტომიც გამოეყო და შექმნეს სახელმწიფო არმაზში და ა.შ. VIII საუკუნის მერე ჩნდება “ქართლი’’ და X ს. დასასრულიდან კი “საქართველოს’’ სახელმწიფო.
  იბერიელები ერთი ეთნოსისა და ენის მქონე ჭეშმარიტი ქართველები იყვნენ. ტერმინ “იბერიას’’ არცერთ ენაზე, გარდა ქართულისა, არ მოენახა ახსნა.
 ჟამთა ცვალებადობამ შემდგომ პერიოდშიც ბევრჯერ შეცვალა სახელმწიფოს საზღვრები, ქართულ სამეფოთა დინასტიები, კუთხე-ტომთა სახელწოდებები და ქართული ენის დამწერლობათა გრაფიკა, მაგრამ ღვთის და ქართველი კაცის მედგარი და დაუოკებელი სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის   წყალობით დღესაც არსებობს ქართული გენი, ენა, მამული და რწმენა.
 დღეს, როცა ასე აუცილებელია, აშენდეს ერთიანი ქართული სხეულით გასხივოსნებული სახელმწიფო, საჭიროა საქართველოს სახელმწიფოებრივობის არამარტო მისი ბოლო წლების, არამედ მთლიანად ისტორიული სამართლიანობის აღდგენაც.
 გამომდინარე ზემოთქმულიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივობის ისტორიული სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენისათვის და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე:

საქართველოს დაუბრუნდეს მისი ისტორიული სახელი და ეწოდოს “იბერია’’ (წარმოთქმით ერთიანი სახელი მსოფლიოში და არა ისე, როგორც დღეს არის _ “ჯორჯია’’, “გრუზია’’, “გურჯისტან’’ და სხვა. სახელმწიფოს სახელწოდება სიტყვებით “საქართველო’’ და “ქართველები’’ არცერთი ქვეყნისათვის ცნობილი არაა), სახელმწიფოს მოქალაქეებს კი “იბერიელები’’; შემუშავდეს სახელმწიფოს ახალი და სამართლებრივი სიმბოლიკა; სახელმწიფო ენად გამოცხადდეს “იბერიული ენა’’ _ იგივე დღევანდელი ქართული ენა, რომლის დამწერლობაშიც შენარჩუნდეს, როგორც დახვეწილი  მხედრული დამწერლობა და რომელსაც დაემატოს ანბანიდან ამოღებული განსაკუთრებული ჟღერადობის რამდენიმე ასო-ბგერა; ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის ახალი სათემო სტრუქტურა, რომელშიც შენარჩუნებული იქნას ქვეყნის კუთხეთა არსებული, დღევანდელი დასახელებები (ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი, რაჭა, ლეჩხუმი, აჭარა, მესხეთი, ჯავახეთი, სამაჩაბლო, თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი და სხვა), გაუქმდეს დრომოჭმული “იმპორტირებული’’ რაიონული დაყოფის სქემები და მათ მაგივრად შეიქმნას ადგილობრივი საკრებულოები, ხოლო ე. წ. ავტონომიურ წარმონაქმნებს და ქვეყნის კუთხეებს გაეზარდოს და მიეცეთ იბერიულ-ქართული სახელმწიფოს ახალი, ძლიერი და თავისუფალი, ჭეშმარიტად შესატყვისი სტატუსები, რომლებიც კი არ დააკნინებენ, პირიქით გაუზრდიან ეთნიკურ-კულტურულ უფლებამოსილებებს, მკვეთრად ამაღლებულად იქნებიან წარმოდგენილნი ქვეყნის სახელმწიფო მმართველობით არჩევით საკანონმდებლო, სააღმსრულებლო და სხვა სტრუქტურებში, რითაც ისინი ვალდებულნი და თავისუფალნი იქნებიან იღვაწონ არამარტო თავიანთი კონკრეტული კუთხის, არამედ დიდი და ძლიერი ქვეყნის საკეთილდღეოდ; ამასთან ერთად მოხდეს მათი საერო გაერთიანებები ისტორიული სამართლიანობიდან გამომდინარე (კოლხეთი, ქართლი, ჰერეთი, ეგრისი, ლაზეთი, ჭანეთი, არგვეთი და სხვა), ექნებათ თავიანთი არჩევითი საკანონმდებლო-სააღმასრულებლო ორგანოები და მათი წარმომადგენლობით ინტეგრირებული იქნებიან მთლიანი ქვეყნის მმართველ სტრუქტურებში; ამასთანავე კარგი იქნება, თუ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღედ შეირჩევა არა ორი, არამედ ერთი თარიღი, სამართლიანობისა და კანონიერების მიხედვით (ისტორიულად, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს იმდროინდელი მთავრობა, მხოლოდ ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდგომ და გარე ქვეყნების რჩევა-მოთხოვნით იძულებული შეიქმნა ამ გზით გამოეცხადებინა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რისი გამყარებაც ვერ მოხერხდა საერთაშორისოდ და  1920 წელს ერთა ლიგის მიერაც სათანადოდ ვერ მოესწრო ქვეყნის დამოუკიდებლობის ცნობა). 1918 წლის 26 მაისის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებით, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით განცხადებული პრინციპებითა და მათზე დაყრდნობით _ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ უნდა დარჩეს თარიღი _ “9 აპრილი’’.

 ეროვნული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ასევე აუცილებელია:

  •  უნდა მოხდეს სრული, ჭეშმარიტი ეროვნული თანხმობა და შერიგება საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების ძირითად პრინციპეპზე დაყრდნობით, რომელიც საჭიროა დაფიქსირდეს სახელმწიფოს ძირითად კანონში კონსტიტუციაში და წარმოადგენდეს ერთადერთ სავალდებულო პოზოციას სახელმწიფოს ყველა მოქალაქისათვის, პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ორგანიზაციებისათვის;
  • უნდა შემუშავდეს, მომზადდეს და რეფერენდუმის გზით მიღებულ იქნას ახალი ეროვნული კონსტიტუცია, სადაც ასევე აღნიშნული იქნება სახელისუფლო კანონიერებისა და მისი სამართლებრივი უწყვეტობის საკითხი, რითაც ერთხელ  და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ქვეყნის სამართლებრივი, პოლიტიკური და იურიდიული მოწყობის სამართლიანობა და კანონის უზენაესობა;
  • სახელმწიფოს მმართველობითი სისტემის მოწყობა: საპრეზიდენტო, ორპალატიანი პარლამენტი და მთავრობა. მასთან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სრული გამიჯვნა;
  • პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაცია, აზრთა და პოზიციათა პლურალიზმის რეალური დაშვება, ადმინისტრაციული აპარატის სრული დაქვემდებარება სამართლებრივად და კანონიერად არჩევითი ხელისუფლებისადმი;
  • პოლიტიკური მართვის სისტემის ძირეული დეცენტრალიზაცია;
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, ბრალდებებისა და დაცვის უფლებათა გათანაბრება;
  • სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების, ასევე კონსტიტუციის საყოველთაო რეფერენდუმის წესით გადაწყვეტა;
  • დაკანონდეს მრავალპარტიული, საყოველთაო დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა;
  • ეროვნული, სახელმწიფოებრივი საკანონმდებლო წესით განისაზღვროს ქვეყნის მოქალაქის სტატუსი და ამ სტატუსის მიღების წესი;
  • გარდაიქმნას და ჩამოყალიბდეს ქვეყნის თავდაცვის, უშიშრეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თანამედროვე სტრუქტურები და საჯარისო ფორმირებები (საზღვრის დაცვის, უშიშროების, შინაგანი ჯარის ფორმირებები და ეროვნული გვარდია);
  • დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად გადასინჯული იქნას ყველა ის კანონი, რომელმაც განსაზღვრული დაბრკოლებები შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების სფეროებში.

 

4. საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური აღორძინების პრინციპები.
 საქართველოს სახელმწიფოს ბუნებრივ რესურსებსა და სტრატეგიულ ადგილმდებარეობაზე კონტროლი მუდამ იყო არაკეთილმოსურნე სახელმწიფოთა მეტოქეობის ძირითადი მიზანი, რომელთა  ინტერესები ნთქავდა საქართველოს მდიდარ, ბუნებრივ, შრომით და ფინანსურ რესურსებს. დავიწყებას მიეცა საუკუნეებით გამომუშავებული და ქართველი კაცის ეთნოფსიქიკაზე დაყრდნობილი მეურნეობის სისტემა, მისი გაძღოლის მეთოდები. ქართველი კაცისათვის არატრადიციულმა წარმოებითმა ურთიერთობებმა საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, ქართველი მეურნე კი დიდწილად მეწარმისა და აღმშენებლობისაგან მიმთვისებლად და მომხვეჭელად აქცია, დაავიწყა გენით კოდირებული რუდუნება შრომისადმი. რეალობაა, რომ დღეს ქვეყანაში დარღვეულია სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმები, წესი, მოშლილია საზოგადოების იერარქიული წყობა, დარღვეულია სოციალურ ფენათა საზღვრები და გაურკვეველ – შემოუფარგლავია მათი ინტერესების სფერო, განუსაზღვრავია საზოგადოების განვითარების დინამიკა.        მიუხედავად განუწყვეტელი შემოსევებისა და ომებისა, ქართველი ერის მძლავრი ინდივიდუალიზმის, არახელსაყრელი პირობებისადმი მისი შეგუების უნარის, ასევე ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი რესურსების წყალობით, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა სიცოცხლისუნარიანობას და მისი განვითარების ისტორია მოწმობს, რომ მას ძალუძს იყოს მაღალგანვითარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო.                  

ეკონომიკის აღორძინების უდიდესი პოტენციალი საქართველოს ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ მდებარეობაში, მის ბუნებრივ რესურსებში, კლიმატურ პირობებში და ქართველი კაცის შესაძლებლობებში მდგომარეობს. ოღონდ ეკონომიკური სისტემითი რეორგანიზაცია და შეცვლა არ უნდა ხდებოდეს ერთი ხელის დაკვრით, რაც მხოლოდ ეკონომიკის ნგრევას, ეროვნული ცნობიერების, ფსიქიკის, ცხოვრების წესის რღვევას, ქართველი ერის თვითმყოფადი ბუნების გადაგვარებას იწვევს.     

 ყოველივე ამის გაცნობიერება და იმ გზების ძიება, რომელიც ქართველ მეურნეს გაათავისუფლებს, არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულება. მხოლოდ თავისუფალ მეწარმეობაზე დაყრდნობილი მეურნეობა შესძლებს ეკონომიკური ზღუდის გარღვევასა და საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში უშუალოდ ჩართვას, მყარ საფუძველს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო სიძლიერისა, ცივილიზირებულ ერთა ოჯახში საქართველოს ღირსეულ შესვლასა და დაფუძნებას. წარმოების საშუალებებზე, საქართველოს მოქალაქეთა კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ჯანსაღი ეკონომიკური სისტემა ამ ენერგიას მიმართავს მოსახლეობის ყველა ფენის სასიკეთოდ, საყოველთაო სიუხვისა და კეთილდღეობისათვის, საქართველოს ბედნიერი მომავლისათვის. საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისაკენ მიმართული ეკონომიკურ ღონისძიებათა სისტემა უნდა გამოხატავდეს თავისუფალ მოქალაქეთა საერთო ნებას. იგი უნდა ჰქმნიდეს პიროვნების მატერიალური და სულიერი თავისუფლების საფუძველს.           

დადგა გადარჩენის უკანასკნელ შესაძლებლობათა გამონახვა–გატარების აუცილებლობის გარდაუვალობა, ამისათვის ყველა საქმე, იქნება ეს მეურნეობრივი, წარმოებრივი, ცხოვრებისეული, სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური თუ სხვა,  უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად. სწორედ აი ამ მიმართულებით უნდა ავაღორძინოთ საკუთარი ეკონომიკა, აღვადგინოთ და დავამყაროთ ახალი პარტნიორული, სუვერენული ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით მოწინავე განვითარებულ ქვეყნებთან, სხვა შემთხვევაში ყველა ქმედება სხვისი სამსახური იქნება და არა საკუთარ მოთხოვნილებათა მეურნეობრივი საქმიანობის წარმართვა.        

 გასაღები ქართული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობისა, ქართველი მეურნის უცხო, თავსმოხვეული ეკონომიკური სისტემისაგან გათავისუფლებაში ძევს. საკუთარი ეკონომიკისა და ტრადიციული მეურნეობის გარეშე, ქართული ცხოვრების წესის თანამედროვე ცივილიზაციის გათვალისწინებით აღორძინება და დაცვა წარმოუდგენელია.      წიაღისეული უნდა იყოს საქართველოს განძის რანგში ასული, მისი გამოყენება აუცილებლად უნდა ხდებოდეს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. სახელმწიფომ მონოპოლია უნდა განახორციელოს სტრატეგიული დანიშნულების მეურნეობაზე.  მეურნეობის იმ დარგებში და საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც მეურნეობისათვის არახელსაყრელი პირობებია, უნდა შენარჩუნდეს სახელმწიფო საკუთრება, რომლის სუბიექტიც იქნება არა სახელმწიფო ზოგადად, არამედ საქართველოს მთავრობა პერსონალურად, რომელიც ერის წინაშე პასუხისმგებელი იქნება მის მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობაზე.          

ამჟამად, მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ანალიზიდან გამომდინარე, საქართველოში, სადაც პოლიტიკური სპექტრის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს, ის კაპიტალი, რაც შემოვა საქართველოში საერთაშორისო პროექტების მეშვეობით, უნდა ჩაიდოს ეროვნულ ინსტიტუტებში: ცოდნაში, ანუ განათლების სტრუქტურებში, ჯანმრთელობაში, მომავალი თაობის აღზდის საქმეში, ეროვნული თავდაცვის სისტემაში, ანუ ცნობიერებამ უნდა განსაზღვროს ყოფიერება.ა უცილებელია სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების მიერ აღებული უცხოური ვალების შესწავლა და მათ შემცირებაზე ზრუნვა.         

სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ეროვნულ-ტრადიციული ეკონომიკის თანამედროვე ინდუსტრიულ საფუძველზე მოწყობას და დემოკრატიულ მმართველობას ანუ ქართული ცხოვრების დღევანდელი ცივილიზაციის მოთხოვნის შესაბამის აღორძინებას.       

ეკონომიკის აღორძინების უმნიშვნელოვანესი პირობაა ადამიანის თაოსნობის სტიმულირებისა და მისი შრომის შედეგების დასაკუთრების შესაძლებლობების შეუზღუდველობა.

უპირველესი პრობლემაა საკუთარი მოთხოვნილებისათვის საკუთარი წარმოების შესაბამისი გაცვლა-ვაჭრობის აღორძინება, ტრადიციული და სტრატეგიული მეურნეობის მიზანშეწონილი თანამედროვე განვითარების დონეზე აღდგენა, მისი რეგულირება, სამართლიანი კონკურენციისა და პარტნიორული ეკონომიკურ ურთიერთობათა დამყარება, საკუთარი მოთხოვნილებისათვის საკუთარი მატერიალური ბაზის შექმნა, საკუთარი სოციალური გარანტიების სისტემების ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე, საკუთარი ეკონომიკით მსოფლიო ეკონომიკურ ინტეგრაციაში თანამშრომლობის დამყარება იქნება უმნიშვნელოვანესი ძირითადი ამოცანა და სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვის შესაძლებლობა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საკუთარი რესურსების მობილიზაციასთან ერთად უცხო ქვეყნის კაპიტალის, ინვესტიციების მოზიდვა და მათი დახმარებით წარმოებისა თუ მეურნეობის გამართვა, შეჰქმნა და განვითარება, მაგრამ ამასთან აუცილებელია დამუშავდეს და მოქმედებდეს ქონების გასხვისებისაგან თავდაცვის მექანიზმები. საფინანსო სისტემა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცების ერთ-ერთ საფუძვლად უნდა გადაიქცეს.    

    თავისუფალი ფასწარმოქმნა მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს მწარმოებელთა ინიციატივის ფართოდ გაშლას, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, რაც წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის დინამიკური განახლებისა და ხარისხის ამაღლების უპირველესი ეკონომიკური საფუძველი გახდება.
     გამოყენებული უნდა იქნას საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელმაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სტიმული უნდა მისცეს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. შეღავათების სისტემის ამოქმედება გარკვეულ გავლენას მოახდენს ინფლაციური პროცესების შეჩერებასა და ფასების განუსაზღვრელი ზრდის შეზღუდვაზე. აუცილებელია ნორმალური საგადასახადო კანონმდებლობის შემუშავება, რომ უპირველესყოვლისა დასაქმდეს საქართველოს მოსახლეობა. სახელმწიფო შემოსავლების ხარჯვა კი უნდა იყოს გამჭვირვალე.
     სახელმწიფო განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა მტკიცედ უნდა იყოს განსაზღვრული და მისი განხორციელებისაკენ უნდა მიმართული იქნეს საგადასახადო შემოსავლები.
     გადასახადების გადახდა უნდა იყოს თავმოყვარეობის რანგში აყვანილი. გადასახადის ოდენობა უნდა განისაზღვროს სიცოცხლისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობიდან გამომდინარე.         

    საზღვარგარეთიდან მოზიდული სახსრები უნდა მიიმართებოდეს ეროვნულ-ტრადიციული საქმიანობის აღორძინებისაკენ, რასაც უნდა ემსახურებოდეს საბაჟო სამსახურები. შედარებით დიდი განაკვეთით უნდა იბეგრებოდეს ის პროდუქცია, რომელსაც ეროვნული-ტრადიციული საქმიანობის აღორძინებას ხელს უშლის.
     აუცილებელია ერთიანი საბანკო სისტემის ჩამოყალიბება. უნდა შეიქმნას ერთობლივი ბანკები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ეროვნული ეკონომიკის ინტერესებისათვის გამოვიყენით ჩვენი პარტნიორების საკრედიტო ხაზები და მათ მიერ გაცემული გარანტიების საფუძველზე გაცილებით ადვილი იქნება როგორც უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ასევე ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია.
    უნდა ამაღლდეს დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფა. ეროვნული ეკონომიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა, ჩამოყალიბდეს საქართველოსათვის შესაფერისი სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ოპტიმალური სტრუქტურა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ენერგეტიკის არატრადიციული დარგების (მზის, ქარის, თერმული წყლების) განვითარებას, მნიშვნელოვანია აგრეთვე მტკნარი წყალის რესურსებისა და სხვადასხვა ჰიდრორესურსების სათანადო გამოყენება, ამასთან ბიოგაზის ენერგეტიკის მოსახლეობის სამსახურში ჩაყენება. საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ჩვენს ჰიდროენერგეტიკაში ჰიდროელექტროსადგურების ადგილის და როლის უდიდესი მნიშვნელობა.
     როგორც მრეწველობის, ისე სოფლის მეურნეობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს მანქანათსამშენებლო კომპლექსმა. მან საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა აწარმოოს ისეთი პროდუქცია, რომელიც უზრუნველყოფს წარმოების ინტენსიფიკაციის გაძლიერებას და არსებული მდიდარი სასოფლო-სამეურნეო ბაზის ოპტიმალურ გამოყენებას.
     ამასთან, მაღალი ტემპებით უნდა განვითარდეს შავი და ფერადი მეტალურგია, კვების მრეწველობა, თევზის მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა. მრეწველობის ამ დარგებში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს წარმოებასა და პროდუქციის ტექნიკური დონის ამაღლებას.
     სოფლის მეურნეობის განვითარებად გზად მიჩნეული უნდა იქნას ინტენსიფიკაცია. აღდგენილ უნდა იქნეს სოფლის მეურნეობის ეროვნულ-ტრადიციული ფორმები: მემარცვლეობის კერები აღმოსავლეთ საქართველოში ხორბლისა და სიმინდის წარმოებით, დასავლეთ საქართველოში _ სიმინდისა და პარკოსნების წარმოებით, მაღალმთიან ზონაში მოზანშეწონილია  საგაზაფხულო თავთავიანი კულტურებისა და კარტოფილის წარმოება, მევენახეობა, მეციტრუსეობა, მებოსტნეობა-მებაღეობა და მეცხოველეობა.
     ქვეყნის სატრანსპორტო სისტემაში წამყვანი ადგილი უკავია საავტომობილო ტრანსპორტს, მაგრამ არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს საზღვაო ტრანსპორტის განვითარებას, ასევე სარკინიგზო, საჰარეო ტრანსპორტსა და მის სპეციალურ სახეობებს.
     განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალურ ინფრასტრუქტურას: ვაჭრობა, საზოგადოებრივი კვება, საყოფაცხოვრებო მომსახურება და სხვა. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია რეკრეაციულ-ტურისტული კომპლექსის განვითარება.
     მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის უნდა შემუშავდეს და განხორციელდეს მთლიანად ქვეყნისა და ასევე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული სოციალური პროგრამები, რომელთა საფუძველზე საქართველოს ყველა მოქალაქეს მიეცემა განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურებათა მინიმუმით უფასოდ სარგებლობის გარანტია.
     სუვერენული საქართველოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, მისი ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქეთა შრომის უფლების რეალიზაცია.       

   უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის თვისობრივი განახლება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პროფილაქტიკური და სადაზღვევო მედიცინის განვითარებას. საჭიროა შეიქმნას განათლების მთლიანი კონცეფცია, მისი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა და მაღალკვალიფიციური ეროვნული კადრების უზრუნველყოფა.
     საშუალო ფენა ერის, სახელმწიფოს სულიერ და მატერიალურ სხეულს უნდა წარმოადგენდეს, ამდენად მასთან დაკავშირებული ყოველგვარი პრობლემა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დონიდან და პოზიციიდან უნდა განიზომებოდეს. გამომდინარე აქედან, აქტუალურია აღნიშნული პრობლემის განმაპირობებელ ფაქტორთა პოლიტიკურ სპექტრში გააზრება. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ძლიერი საშუალო ფენა, რომელიც ერის სულიერ და ფიზიკურ განვითარებას სახელმწიფოებრივ რანგში აიყვანს.      

   აუცილებელია ეროვნული მეცნიერების მიღწევების დაპატენტება მსოფლიოს მასშტაბით, სახელმწიფო ხარჯებით.     მთავარი მიზანია, ასევე დღეისათვის აუცილებლობა იმისა,  რათა ახალი საუკუნის ადამიანები გავათავისუფლოთ ე. წ. “ეკონომიკური ადამიანის” შეზღუდული მენტალური მოდელისაგან, რამეთუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება თავის თავში მოიცავს გაცილებით მეტს, ვიდრე ეს ტექნიკურ-ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტაა. იგი ძირითადად სოციალური, ფსიქოლოგიური, კულტურული და პოლიტიკური პრობლემაა.  ამ მხრივ კი, ასევე ფუძემდებლურ პრინციპებს წარმოადგენს ქვეყანაში ახალი ეკონომიკური რეფორმისტული პროგრამების შემუშავება და დანერგვა, როგორიცაა: ინსტიტუციონალური რეფორმა, მაკროეკონომიკურ სტაბილიზაცია, ფასების რეფორმა და საწარმოების პრივატიზაცია-რესტრუქტურიზაცია, ასევე ღია ეკონომიკის განვითარება, ფიზიკური და ადამიანური რესურსების აკუმულირება და ტექნოლოგიური განვითარება.                           

სულიერი ეროვნული კულტურის განვითარება უმჭიდროვეს კავშირში უნდა იყოს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცვლილებებთან. უაღესად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის ორიენტაციის საკითხი, რათა ქართველმა ერმა ნათლად შეიცნოს თავისი თავი და მისი ადგილი მსოფლიო კულტურაში.

სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა ასევე გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ე. წ. “გლოკალიზაციისა” და სხვა თავდაცვითი “საცრელი ფილტრების” _ სპეციალური არეალების დაცვის მექანიზმების დანერგვა-განვითარება, რათა თავიდან იქნას აცილებული გლობალიზაციისაგან შესაძლო პოტენციური საშიშროება. ჩვენი ქვეყანა უნდა მოერგოს გლობალიზაციის პროცესს და იგი იყოს სასარგებლო და პროგრესული ჩვენი ქვეყნისათვის. სახელმწიფომ უნდა იღვაწოს, რათა ჩვენს ქვეყანაში შეიქმნას: 21-ე საუკუნის ახალი ცოდნის საზოგადოება, ახალი ლიდერები; ახალი სამთავრობო პოლიტიკა; ახალი მსოფლიო ეკონომიკა: მიკროელექტროტექნიკა, კომპიუტერული ტექნიკა, ტელეკომუნიკაცია, ხელოვნური მასალები და ბიოტექნოლოგია; ახალი მართვის ხელოვნება, ქართული ინოვაციების სახეობები; ახალი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა _ ე. წ. “საბსიდიარობა” ანუ დეცენტრალიზაცია; სოციალური უსაფრთხოების ბადეები და ახალი სოციალური სექტორი.  

 

დასკვნითი   ნაწილი

“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებას” დასახული მიზნების მისაღწევად სურს მჭიდრო თანამშრომლობა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან, მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სახელისუფლებო, პოლიტიკური ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო გაერთიანებებთან, სახელმწიფო საელჩოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და ცალკეულ მოქალაქეებთან.       

“საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება” თავისი სამოქმედო პროგრამით ძირეულად იზიარებს და ეყრდნობა ჭეშმარიტი ეროვნული იდეოლოგიის საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია იბერიულ-კავკასიური მსოფლმხედველობის, როგორც ჭეშმარიტად ეროვნული იდეოლოგიის აღორძინება და დამკვიდრება საქართველოში.
 ერთა თანაარსებობის ზემოთ  მითითებულ ტრადიციებზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ ხელი შეეწყოს რელიგიური თვითმყოფადობის დაცვას. თავსებადობის ამ პრინციპთა ცხოვრებაში გატარება ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა გახდეს (მით უფრო, რომ ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკურ, კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ თვითმყოფადობის დაცვის პრინციპებს კონსტიტუციური კანონის ძალა აქვს), რაც მისი საერთაშორისო  ავტორიტეტის გარანტადაც იქცევა. ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალზე საშური შეიქმნება, რადგან უაღრესად გამძაფრებული პოლიტიკური, ეთნიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებამ შესაძლოა კატასტროფა მოაახლოოს. ჩვენ აუცილებლად უნდა ავიცილოთ იგი.
    სახელმწიფო უნდა იბრძოდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ, სახელმწიფოს სახელისუფლებო კანონიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, მისი მკვიდრი მოსახლეობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინააღმდეგ, დემოგრაფიული ექსპანსიის შესაჩერებლად, ეროვნული თანხმობისა და ერთიანობისათვის. მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყველა ის ძირითადი უფლებანი, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. აღიარებულია, რომ არ არსებობს ადამიანის სამართალი. სახელმწიფოს კი აუცილებელია ჰქონდეს შეფარდებითი სამართალი, რომელსაც საფუძვლად დაედება სულიერ ღირებულებათა უპირატესობის აღიარება. დრო სწორედ სულიერ ღირებულებებს ვერ ხელყოფს, რადგან მისი დაგროვება და სრულყოფა ხდება მხოლოდ დროში.
    მთავარი ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა  და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერსახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება.
     სახელმწიფოს კეთილდღეობა უმაღლესი კანონია და მისთვის თავდადებული ზრუნვა ყოველი ეროვნული ღირსების მქონე ადამინისათვის აუცილებელი და საჭიროა. ეროვნული ღირსების იდეა ერისა და ეროვნებების ძირითადი მსოფლმხედველობის პრინციპს უნდა წარმოადგენდეს, რითაც უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა როგორც თეორიულ მსჯელობაში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეროვნული და სახელმწიფოებრივი ღირსების ამაღლება   – ერის, სახელმწიფოს სულიერი და მატერიალური განვითარების გარანტი უნდა იყოს.
საქართველოს ნამდვილ მამულიშვილს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს და სჯეროდეს, რომ უნდა ემსახუროს ქართველი ხალხის უზენაესობას, მარადიული ჭეშმარიტების მოთხოვნებს. დიდი მიზნების მიღწევას შესაძლოა ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდეს. გამარჯვების გარანტი სწორად საქართველოს ჭეშმარიტი თავისუფლებისაკენ დაუოკებელი სწრაფვაა.
     არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელად ერთადერთი გზაა მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინება და განვითარება.
       საქართველომაც პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისია კაცობრიობის წინაშე.

 

 საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა   და განვითარების კონცეფცია

მიღებული და დამტკიცებულია

 ” საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინებ”- ის მიერ

2009 წლის 13 სექტემბერს.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s