Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•სეგმ- მანიფესტი (სრული)

საქართველოს

ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის

 

თბილისი – სტრასბურგი

2011

 

ეძღვნება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის,

საქართველოს რესპუბლიკის  ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების 1991 წლის 31 მარტის არჩევნების,

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებისა და

1991 წლის 26 მაისს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას  არჩევის მე–20 წლისთავს

 

***

საქართველოს

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის

 

მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი

პრეამბულა
I. საქართველოს სახელმწიფოს უახლესი ისტორიული, სამართლებრივი, გეოპოლიტიკური რეალიზმი და ტენდეციები
II. საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა, როგორც ერთადერთი იარაღი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინებისა და განვითარებისათვის
III. ლეგიტიმაცია და ხელისუფლების ცვლა სამართალმემკვიდრეობითობისა და კანონიერების პრინციპების დაცვით
IV. საკითხი ეროვნული ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ
V. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითადი პრინციპები
VI. ხალხი და დემოკრატია სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენისათვის
VII. თავისუფლება დამოუკიდებლობისა და კანონიერების დასაცავად
დასკვნა – ეპილოგის მაგიერ
დანართი
 

***

პრეამბულა

 

ცივილიზაციის განვითარება იმ ფაზაში შევიდა, როდესაც მოწინავე ქვეყნები ერთობლივად ცდილობენ გადაჭრან ზოგად­საკაცობრიო პრობლემები. მსოფლიო პროცესები იმდენად დაჩ­ქარებულია, რომ უახლოეს ხანში ამ წინააღმდეგობათა მოუგვა­რებლობა უაღრესად ზრდის საყოველთაო კატასტროფის შესაძ­ლებ­ლობას. მსოფლიოს ახლებურად მართვის ეტაპზე დიდად მნიშვნელოვანია პოლიტიკური მოვლენების ახლებურად განსჭვრე­ტა და წარმართვა. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს გეოპოლიტიკური უპირატესობანი და შეძლოს დამო­­უ­კიდებელი პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა.

მშვი­დობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლა მოწინავე მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარ­მოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. კაცობრიობის, მოქა­ლაქეობრივი შემწყნარებლობის, მოქალაქეთა უფლებრივი გარანტი­ების დაცვის უმაღლესი შეგნება, ყოველთვის სახელმწიფო­ებრი­ობის ფუძემყარ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს, ურომ­ლისოდაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება და განმ­ტკიცდება როგორც სახელმწიფო, მაგრამ მარტო პროგრესული, დემოკრატიული აღმშენებლობის სურვილი საკ­მარისი არ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული აღორძინებისათვის, მას ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის სწორად წარმართვამაც, რაც დამყარებული იქნება სამართლიანობისა და კანონიერების ბაზაზე.

სახელმწიფოს დანიშნულება, ამავე დროს, ერის პოლიტიკური და სულიერი დამკვიდრებაა. თვითდამკვიდრების ურთულეს გზაზე ყოველი ერი ესწრაფვის თავისი სულიერი და სოციალურ-პოლიტიკური ველის გაფართოებას. სწორედ ამაში ვლინდება ერის სიძლიერე და სიცოცხლისუნარიანობა. დემოკრატიის გა­რე­შე კი შეუძლებელია რაიმე სახის სულიერების გავრცელება.

სახელმწიფოს დემოკრატიულობა ძევს მის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში, რომელიც ამ სახელმწიფოს ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ევოლუციურად აღმავლობაში მყოფი მისივე ბუნებიდან გამომდინარეობს და სარგებლობს როგორც სახელ­მწიფოს მკვიდრი ხალხის, ასევე მსოფლიოს თავისუფლების­მოყვარე ხალხთა საყოველთაო მოწონებით.

თანასწორუფლებიანობის პრინციპებიდან და ქვეყნის საკუთარი განმგებლობის უფლებიდან გამომდინარე, სახელმწიფო, გარედან ჩარევის გარეშე, თავადვე უნდა განსაზღვრავდეს თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვი­თარებას.

ისტორიული პროცესების განვითარების დიალექტიკა თავის­თავად გვკარნახობს არსებულ წარმოდგენათა გარკვეული კო­რექტირების აუცილებლობას, რამეთუ, დღეს, ქვეყნის დაშლასთან, ეკონომიკის რღვევასთან, ხალხის გაღატაკებასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურის დაცემასთან ერთად, საქართველოს ემუქ­რება ყველაზე საშინელი საფრთხე – თავისი ეროვნული სახის დაკარგვა და უფრო მეტიც, ქართველი ერის, როგორც კულტურულ-ისტორიული ერთიანობის, ფიზიკური გაქრობა. ჩვენი სააზროვნო არსენალიდან დღეს ბევრი რამ საჭიროებს აუცი­ლებელ სამართლებრივ გამოსწორებას, სულიერ ფასეულო­ბათა სასწრაფო და გადაუდებელ გადარჩევა-გადაფასებას, რაც მომავალში ქართველი ერის ისტორიული მეხსიერების, დროთა მიერ ტრაგიკულად დარღვეული კავშირისა და `ჩატეხილი ხი­დების’’ გამთელების აუცილებელ წინაპირობად უნდა იქცეს.

დადგა გადარჩენის უკანასკნელ შესაძლებლობათა გამონახვა–გატარების აუცილებლობის გარდაუვალობა, ამისათვის ყველა საქმე, იქნება ეს მეურნეობრივი, წარმოებრივი, ცხოვრებისეული, სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური თუ სხვა, უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართვე­ლოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად, რათა აშენდეს ერთიანი ქართული სხეულით გასხივოსნებული სახელმწიფო.

ღვთის იმედად ყოფნა აუცილებელია, მაგრამ არც ჩვენ უნდა ჩამოვუშვათ ხელები.

 

***

I. საქართველოს სახელმწიფოს უახლესი ისტორიული, სამართლებრივი, გეოპოლიტიკური რეალიზმი და ტენდეციები

 

სახელმწიფოთა უფლებებისა და თავისუფლებების, როგორც მსოფლიოს ერთა კულტურათა და კოლექტიური უსაფრთხოების, ამასთან ერთად, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფ­ლებების დაცვის ფუძემდებლური პრინციპიდან გამომდინარე, ადამიანის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვ­რებაში გატარება უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოსა და ადამიანის ღირსების უზრუნველყოფის, მისი კანონიერი უფლებების რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანაარსებობის საძირკველს, რამეთუ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სულიერი მდგომარეობის დაუცველობა, ძალზე დიდ დაბრკო­ლებას იძლევა თითოეული ერის ღირსების განვითარებაზე. ეროვ­ნული ღირსება კი, არა მარტო თეორიული ცნება, არამედ რეა­ლური ერთეულის, მრავალსაუკუნოვანი წარსულისა და ისტო­რიის მქონე ერის ძირითადი ატრიბუტია და თავისთავად მიღ­წევადი რეალობაა, რადგან იგი გამომდინარეობს ერის ისტო­რიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობიდან, რაც წარ­მოშობილია ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ბაზაზე, რის გამოხატულებაცაა კულტუ­რის ერთობა.

აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ აღიარებული პრინციპები აპარტეიდისა და ნეოკოლონიალიზმის ლიკვიდაციის, აგრესიის, უცხო ქვეყნის ოკუპაციისა და სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის დაუშ­ვებლობის შესახებ, `დიდი ევროპის~ საქმიანობა, რომელიც ოთხ ძირითად მიმართულებას ეფუძნება (ევროპის თავისუფალ ადამიანთა დიდი ქარტიის შემუშავება, დიდი ევროპული ბაზის შექმნა, დიადი ევროპული კულტურის სივრცის შექმნა და სრუ­ლიად ევროპის უშიშროების კონვენციის მომზადება) და ტრა­დიციულ სახელმწიფოთა ერთიანობის პრინციპზეა დამყა­რებული, ასევე, 1991 წელს ჩატარებული ადამიანური განზო­მილებისადმი მიძღვნილ ეუთო-ს კონფერენციის დოკუმენტი (პუნ­ქტი 17.1 – `გადაჭრით გმობენ ძალებს, რომლებიც თავისუ­ფალი და სამართლიანი არჩევნების მსვლელობისას გამოხატული ხალ­ხის ნების საწინააღმდეგოდ და კანონიერად დადგენილი კონსტიტუციური წყობის დარღვევით წარმომადგენლობითი მთავ­რობისათვის ხელისუფლების წართმევას ლამობენ” და პუნქტი 17.2 – `ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოში დემოკრა­ტიულად არჩეული კანონიერი მთავრობის არაკანონიერი გზით დამხობის ან დამხობის მცდელობისას მონაწილე სახელმწიფოები გაეროს წესდების თანახმად ულაპარაკოდ დაუჭერენ მხარს ადამიანის უფლებათა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე მდგარ ამ სახელმწიფოს კანონიერ ორგანოებს, გამოხატავენ რა ამით თავიანთ ზოგად ვალდებულებას, წინ აღუდგნენ ამ ფუძემდებელ ფასეულობათა შემზღუდველ ნებისმიერ მცდელობას”).

ასევე, უნდა ვეყრდნობოდეთ 1918 წლის 26 მაისის საქარ­თველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტით, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებით, 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით განცხადებულ პრინციპებს და ვაცნობიერებდეთ პასუხის­მგებ­ლობას ქართველი ერის წინაშე, საქართველოს სახელმწი­ფოებრივი დამოუკიდებლობის, აღდგენა-აღორძინებისა და განვი­თარების უზრუნველყოფისათვის.

ვინაიდან გასული საუკუნის გარიჟრაჟზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკი­დებ­ლობა კანონიერი გზით არ გაუქმებულა, საქართველოს კანო­ნიერ მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია, არ არ­სე­ბობდა საქართველოს სსრკ-ის შემადგენლობაში შეყვანის სამარ­თ­ლებრივი საფუძველი. 1991 წლის 9 აპრილს საქართ­ვე­ლოს უზენაესმა საბჭომ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა 1921 წლის თებერ­ვალში საქართველოს დაკარგული სახელმწიფოებრიობის აღდგენა.

1991 წლის 21 დეკემბრიდან დაიწყო საქართველოს რესპუბ­ლიკის ცნობა და საქართველოს ტერიტორია, მისი ფარგლები განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიისა და, შესაბამისად, სა­ქართველოს სახელმწიფო საზღვრის დადგენის საფუძვლად აღი­არებულია საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მოკავ­შირე რესპუბლიკებთან საქართველოს სსრ-ის ადმინისტრაციული საზღვრები. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გაერო-ს, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს რესპუბლიკა იურიდიულად და ფაქტობრივად აღიარებულ იქნა მის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ახლა უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საქართვე­ლოში 1991-93 წლების შეიარაღებული, სისხლიანი სახელმწიფო, სამხედრო გადატრიალების გზით დაამხეს კანონიერი ეროვნული, სახალხო ხელისუფლების ყველა შტო და შესაძლებლობა მოუსპეს ხელისუფლებას ეწარმოებინა აქტიური პოლიტიკა სახელმწიფოებრიობის აღორძინე­ბისა და განვითარების მიმართულებით, დაამკვიდრეს ანტიქართული და ანტისახალხო კრიმინალური, ნომენკლატურული რეჟიმი.

საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას სათა­ნა­დო გეზს აძლევდა გეოპოლიტიკური ტენდენციები და მათ განსახორციელებლად შემუშავებული ქვეყნის ში­და თუ გარე სქემები. გადატრიალებამ ამ მხრივაც ძი­რი­თადი სამართლებრივი ბაზაც გამოაცალა საქართვე­ლოს ტერიტორიული მთლიანობას. 1992 წლის 2 იან­ვრის დადგენილებით სა­ქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ შეაჩერა სა­ქართველოს რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუ­ციის (1990-1991 წლების შესწორებებითა და დამა­ტებებით) მოქმედება ქვეყნის ტერიტორიაზე, `აღსდგა” 1921 წლის კონსტიტუცია, აფხაზეთის უზენაეს საბჭოში დაიწყო ქართული დეპუტაციის ყოვლად გაუაზრებელი მოქმედებები, რასაც მოჰყვა 1992 წლის 14 აგვისტოს ომის იურიდიული მომზადება რუსეთის, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნისტური ნომენკლატურების მიერ, რის შემდეგ იმ ძალებს, რომლებიც ცდილობდნენ საქართველოსათვის მოეგლიჯათ ტერიტორიები, ხელ-ფეხი გაეხსნათ და სეპა­რატისტული ხელისუფლებების ჩამოყალიბებით ქვეყანას ჩამო­აშორეს სამაჩაბლო და აფხაზეთი. საფუძველი და­ე­დო საქართველოს ტერიტორიის სამართლებრივ და­ნა­წევრებას.

1978 წლის კონსტიტუცია (1990-1991 წლების შესწო­რებითა და დამატებებით) კი იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი აფხაზეთის, აჭარისა და ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებათა დაქვემდებარებების გარანტი. ეს დაქვემდებარება მათი საკუთარი კონსტიტუციებითაც (აჭარა, აფხაზეთი) იყო განმტკიცებული. აღნიშნული კონსტიტუცია აკონტროლებდა საქართველოს მთელ ტერიტორიასა და სამარ­თალმემკვიდრეობის გამო საკონსტიტუციო ვაკუუმი გამო­რიც­ხული იყო.

1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ დაარღვია ზემოთაღნიშნული მოწესრიგებული მდგომარეობა, გაუქმდა და არ არსებობს კანონი, რომელიც არეგულირებს დამოკიდებულობას საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებას შორის, რისი ერთ-ერთი ძირითადი შედეგიც არის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომით გამოწვეული ტერიტორიების შემდ­გომი ფაქტობრივი დაკარგვა და მსოფლიო ცივილიზებული ქვეყნების აზრის საწინააღმდეგოდ რუსეთის მიერ ცალმხრივად აფხაზეთისა და ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთის” ,,რესპუბლიკების” დამოუკი­დებლობის ცნობა..

დღეს გეოპოლიტიკური სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიც­ვალა, ამუშავდა სხვა სქემები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკით, მსოფლიო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოპტიმალურად გადაწყდეს დღევანდელი პრობლემები. ოღონდ ყოველივე ამის განსახორციელებლად საქართველომ, სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა შორის, უნდა გადაჭრას უპირველესი პრობლემა: უნდა აღსდგეს და მოწესრიგდეს სა­ქარ­თველოს სახელმწიფოებრივი კანონიერების, სამარ­თალმემკვიდრეობისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვეყნის ადმინის­ტრა­ციულ-ტერიტორიულ მოწყობასა და, მასთან ერთად, ქვეყ­ნის ხელისუფლებისა შიდა ადმინისტრაციულ ერთე­ულებთან ურთიერთობებს დაარეგულირებს.

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის დასკ­ვნითი აქტის (ჰელსინკი, 1975) III და IV პრინციპების თა­ნახ­მად, აკრძალულია ქვეყნის საზღვრების ხელყოფა და ტე­რი­ტორიული მთლიანობის დარღვევა. იგივე მიდგომას საზღ­ვრებსა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ადასტურებს 1986 წლის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის მონაწილე სახელმწიფოების ვენის შეხვედრის შემა­ჯამებელი დოკუმენტი.

აღნიშნული დოკუმენტები ცალსახად განმარტავენ, რომ აფხაზეთი და ე. წ. ,,სამხრეთ ოსეთი” ეკუთვნის საქართველოს და მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად ვერავინ ცნობს, ვინაიდან დაირღვევა საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, მაგრამ მითითებული ნორმები ვერ აიძულებენ აღნიშ­ნულ წარმონაქმნებს, დაემორჩილონ საქართველოს ხელის­უფლებას, ანუ ისინი მხოლოდ გარედან აწესრიგებენ მდგომარეობას, შიდა მდგომარეობა კი მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციამ უნდა მოაწესრიგოს.

გადატრიალების შემდეგ, არც საქართველოს რესპუბ­ლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და არც საქართველოს რესპუბ­ლიკის მინისტრთა კაბინეტსა და უზენაეს საბჭოს უფლებამოსილება არ მოუხ­სნიათ და დევნილობაში აგრძელებდნენ ფუნქციობას. დევნილობაში კანონიერი ხელისუფლების მოქმედების მთავარი მიზანი დანაშაულებრივი რეჟიმის შინაური და საერთაშორისო პოლიტიკის მხილება და იზოლაცია იყო. რეაგირების გარეშე არ დარჩენილა ამ პერიოდის არცერთი რამდენადმე მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის, სეპარატისტების მიერ აფხაზეთში მიღებული ანტიკონსტი­ტუ­ციური გადაწყვეტილებაც, რომელიც საქართველოს რესპუბ­ლიკის პრეზიდენტმა გაუქმებულად გამოაცხადა. ეს იყო შექმნილი საკონსტიტუციო ვა­კუუმის შევსების მცდელობა, რაც უპასუხოდ დარჩა.

საგანგებოდ აღსანიშნავია, რომ არალეგიტიმური ხელისუფ­ლების რეორგანიზების დაწყებიდან დღემდე ფაქტობრივმა მმართველობამ და მათ უკან მდგარმა ძალებმა ცალსახად არ განაცხადეს მათი დამოკიდებულება 1991-92 წლების პუტჩისა და შემდგომ – 1993 წელს რუსეთის არმიის ინტერვენციის გზით კანონიერი ხელისუფლების ხელახალი განდევნის გამო. მათ არ მიიღეს არავითარი ზომები პოლიტპატიმრებისა და პოლიტი­კური დევნილების დაუყოვნებლივი სრული რეაბილიტაცი­ისა­თვის. არ დაწყებულა რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა რაიმე გამოძიება ან შესწავლა. ფაქტობრივმა რეჟიმმა გააყალბა სა­პრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, მიიტაცა აღმასრუ­ლებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ქვეყანაში მოკლა პოლიტიკური პროცესი და ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუ­ჩის პოლიტიკის არეალი, ციხეები გაავსო პოლიტპატიმრებით, დაიმორ­ჩილა მედიის დიდი ნაწილი და აწარმოებს საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზემოქმედებას, ეკონომიკის “პრიორიტეტად” აქცია წართმევა, სოციალური დაცვის პოლიტიკა შემოფარგლა დევნილთა ბანაკების მშენებლობით, გააღატაკა მოსახლეობა, მიზან­მიმართულად გაანადგურა პროფესიონალი კადრები, სამარ­ცხვინოდ დაკარგა სამაჩაბლო და აფხაზეთი.

საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლებები პირა­დი ანგარების მიზნით ნერგავენ ქართველთა შორის ცრუ იმე­დებს, დეზინფორმაციას და ამით უსინდისოდ მანიპულირებენ ხალხის აზრით. პარალელურად მიმდინარეობს ყველაფერ ეროვ­ნულზე სასტიკი შეტევა და ყოველგვარი ეროვნული ფასეულობის განადგურება, ხდებოდა და ხდება ეროვნული დოვლათისა და სიმდიდრის არნახული დატაცება-პრივატიზება მმართველი კასტის მიერ. ქართველობა „ერი-პროლეტარი” გახდა, ხოლო მთელ მწარმოებლურ კაპი­ტალს უცხოელები დააპატრონეს, საშუალო ფენა კი პრაქტიკულად აკვანშივე ჩაკლეს.

საქართველოში მოშლილია პოლიტიკური პერსპექტივებისა და პროცესების დემოკრატიული, საზოგადოებრივი ანალიზისა და თავისუფალ პაექრობაში საუკეთესო გზების ძებნის მექანიზმი იმ პირობებში, როდესაც მასმედიის მთელი სიმძლავრეები მმარ­თველი კასტის პროპაგანდისტული მანქანის როლს ასრულებს, პრაქტიკულად დამყარებულია ტოტალიტარული ერთპარტი­ული დიქტატურის სისტემა.

დასავლეთი, რომელსაც საკუთარი ანგარებითი ინტერესები გააჩნია რუსეთის მიმართ, ბოროტად იყენებს რა ქართველობის ბუნებრივ მისწრაფებას, დაიბრუნოს გაყიდული აფხაზეთი და სამაჩაბლო, აიძულებს საქართველოს უკიდურესობამდე და სერიოზული დადებითი პერსპექტივის გარეშე გაამწვავოს ურთი­ერთობა რუსეთთან.

ამავე დროს, თვალნათლივ გამოჩნდა, რომ დასავლეთს არ აქვს რაიმე დასტური ან შეთანხმება რუსეთის მხრივ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კვლავ რეალური გაერთიანების შესახებ (გარდა ლიტონი დეკლარა­ცი­ებისა, რომ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას) და საქართველოს ყოველგვარი რეალური გარან­ტიების გარეშე უბიძგებს რუსეთს ხისტად, მწვავედ, სარისკოდ დაუ­პირისპირდეს.

,,ნატოში” გაურკეველ მომავალში და სათუო გაწევრიანების პერსპექტივებით, ისტერიული პოლიტიკური სპეკულაციების შედეგად, რეალურად და ამჟამად საქართველოს აქვს ამ სპეკულაციებით პროვოცირებული რუსეთული სადამსჯელო-დრაკონული მეთოდების გამოყენება საქართველოს მიმართ, არსებითად სრული ბლოკადა, ქართვე­ლობის რუსეთიდან დეპორტაცია, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობისათვის და ეკონომიკისათვის ხელოვნურად პროვო­ცირებული სირთულეები.

ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს 1992 წლიდან, ლეგიტიმუ­რობის დარღვევითაა გამოწვეული და დღესაც არ ძალუძთ ლეგიტიმურობაზე დაბრუნება. ყველაფერ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმა­თაც, ვისაც ახლა კვლავ ,,საერთო-სახალხო ჯანყით” სურს ისარ­გებლოს და ხელისუფლებაზე აცხადებს პრეტენ­ზიებს, ვინც რეჟიმთან კოლაბორაციონისტობდა და ლეგიტიმიზების მორიგ მცდელობაშია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით.

აქედან გამომდინარე, საჭიროა დაპირისპირება ანტიეროვნულ პოლიტიკასა და იდეოლოგიასთან, რომელსაც ქვეყანაში ნერგავენ ფაქტობრივი ხელისუფლება და მისი სხვადასხვა სატელიტი ფსევდო-დემოკრატიული ორგა­ნიზაციები.

უკანონობას შეიძლება მოვერით მხოლოდ კანონით!

უსამართლობას შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სამართლით!

სიცრუეს კი შეიძლება მოვერიოთ მხოლოდ სიმართლით!

 

***

II. საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა, როგორც ერთადერთი იარაღი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინებისა და განვითარებისათვის

 

განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი საქართველო საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ეთნიკური იდენტობის, საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და სულიერების შესანარჩუნებლად. ამდენად, ქართველი ხალხისათვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი სულისკვეთება, ეროვნულობა, მთელი ისტორიის მანძილზე იყო დამახასიათებელი, მაგრამ ის არ გამიჯვნია ადრეულ თუ გვიან–შუასაუკუნეებში მსოფლიოში მიმდინარე დადებით პოლიტიკურ პროცესებს (გაემიჯნა რელიგიურ სექტანტიზმს, ხატთმებრძოლობასა და ა.შ.), არც ახალ ეპოქაში დაპირისპირებია ლიბერალიზმს, დემოკრატიას, თვით კოსმოპოლიტიზმსა და გლობალიზმსაც კი, მხოლოდ კარგი გაგებით.

XX საუკუნის საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რამდენიმე ეტაპად, რთულ და მეტად თავისებურ ისტორიულ პირობებში წარიმართა. დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა ორჯერ აღიდგინა ქვეყანამ და ორჯერვე ქვეყნისგარეთა დამპყრობლურ, ნეოკოლონიურ სულისკვეთებას შეეჯახა. იდო თუ არა მათ პროგრამაში სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგია, ქართული ეროვნული ინტერესები, გარეგნულად მაინც გამოხატავდა მას და ქართველი ერის სამსახურში დგომის პრეტენზიას აცხადებდა.

XX საუკუნის ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეოლოგიური საფუძვლები მართლაც საინტერესო, ჯერ შეუსწავლელი საკითხია და მისი მონოგრაფიული განხილვისათვის აუცილებელია XX საუკუნის დასაწყისიდან თანამედროვე პერიოდამდე მსოფლიოში ჩამოყალიბებული და მოქმედი იდეოლოგიური მიმართულებების ანალიზი, მათი გავლენა ქართველ მოღვაწეთა აზროვნებაზე, იმ თავისებურებების გამოვლენა, რასაც ქართული სინამდვილე კარნახობდა ამა თუ იმ იდეოლოგიის მსახურთ. მათში საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრიობის საფუძვლები, სხვადასხვა პარტიათა იდეოლოგიური მიმართულებები, მათი პროგრამები და ქართული საზოგადოების წინსვლისათვის აუცილებელი რეალური დოქტრინების გამოყენების ფორმებია მოცემული.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებრივი მოძრაობის სხვადასხვა ჯგუფებში შეინიშნება საყოველთაოდ მიღებული იდეოლოგიური ნორმებისაგან გადახვევა, ეროვნულ რეალობასთან შეფარდებული იდეოლოგიური აზროვნება და, საერთოდ, ჩვენი პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური პროგრამები საზოგადოებამ უკეთ უნდა იცოდეს, რათა არჩევანის დროს გაითვალისწინოს რამდენად შეუძლიათ, გამარჯვების შემთხვევაში, ამ პარტიებს საზოგადოებრივი დაკვეთის განხორციელება.

ეროვნული იდეა ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და სააზროვნო სისტემის მთავარი დასაყრდენია. ეროვნული ცნობიერების ხაზი საუკუნეების მანძილზე განიხილებოდა და ეროვნული იდეოლოგია იყო ჩვენი ლიტერატურის, ხელოვნების, განათლების მთავარი ღერძი, პოლიტიკის მამოძრავებელი, ქართული სახელმწიფოებრიობის შემანარჩუნებელი და განმამტკიცებელი ძალა. პატარა და გეოპოლიტიკურად ურთულეს რეგიონში არსებული ქვეყანა ამ ძალას ეყრდნობოდა და მის გარეშე დაღუპვა ემუქრებოდა.

ამიტომ, როდესაც ეროვნულობას სოციალიზმი და კოსმოპოლიტიზმი დაუპირისპირდა, ქართული ეროვნული ინტელიგენციის მოწინავე ნაწილი ამ ფაქტმა სამართლიანად შეაშფოთა. ეს დაპირისპირება კი არა, ომი იყო, სადაც ერთმანეთის პირისპირ ქართული ეროვნული იდეოლოგია, ეროვნული ძალები და ის ქართველი სოციალისტ-კოსმოპოლიტები იდგნენ, რომელთა უკან იმპერიული ინტერესები იკითხებოდა.

დღესაც უჭირს ქართველს იმ ე. წ. დასავლური თეორიების გაზიარება, სადაც ეროვნული იდეა, სამშობლოს სიყვარული, არ განიხილება დადებით კონტექსტში.

თუ ამ თვალსაზრისით გადავავლებთ თვალს XX საუკუნის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, დავინახავთ, რომ წარსულის ეროვნულ სიდიადესაც იხსენებდა ქართული აზროვნება, სამხედრო სიძლიერესაც, მაგრამ არ დაუკარგავს სწრაფვა არც პოლიტიკური თავისუფლებისაკენ, არც დემოკრატიული ფასეულობების ერთგულებისაკენ, არც ქსენოფობია გასჩენია და ტოლერანტიზმის ჩვეული თვისებაც შეინარჩუნა. თუკი თავის უნიკალობას ამტკიცებდა, ქართველი პატრიოტისათვის ეს, უბრალოდ, იყო საშუალება, რათა ადამიანები გაემხნევებინა, გაეხსენებინა გარდასული დიადი ეპოქები და მომავლისათვის საბრძოლველად განეწყო.

XX საუკუნის ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები. ამასთანავე, ევროპული ტიპის პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა საქართველოში მოდერნიზაცია განიცადეს, რაც ადგილობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეალობით იყო გამოწვეული. ეს იყო ლიბერალიზმისა და დემოკრატიზმის, ნაციონალიზმის, სოციალიზმის, კონსერვატიზმის, ანარქიზმის, მონარქიზმის, ქრისტიანული და კონსტიტუციური დემოკრატიზმის, ახალი მემარჯვენეობის, ლეიბორიზმის, პატერნალიზმისა და სხვა იდეოლოგიის თეორიული და ორგანიზაციული ჩამოყალიბების პროცესი, მათი ეროვნული პროგრამები, თუ მათი დამოკიდებულება ეროვნული საკითხისადმი, მონაწილეობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენასა და განმტკიცებაში. საქართველოში დღეს არსებული ამ პარტიების იდეოლოგიისა და ეროვნული კონცეფციების შესწავლა ხელს შეუწყობს საზოგადოების პოლიტიკურ გათვითცნობიერებას, საარჩევნო ელექტორატს დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამოვლენაში, XX საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური იდეოლოგიებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში მათ მიერ შეტანილი წვლილის გააზრება კი ხელს შეუწყობს ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად შესწავლილი რიგი საკითხის გაანალიზებას, საქართველოს ისტორიის ბევრი პრობლემის ახლებურად დამუშავებას.

განსაკუთრებით აღსანიშნავი და საყურადღებოა XX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობის ლიდერების – ზვიად გამსახურდიასა და მისი სულიერი ძმის, მერაბ კოსტავას მეთაურობით აგორებული საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა.

მათი ინიციატივით შეიქმნა საქართველოში ადამიანისა და ერის უფლებათა დამცავი პირველი სერიოზული ორგანიზაცია – ,,ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი”. სწორედ ამ ჯგუფის ბაზაზე 1976 წელს მათივე ხელმძღვანელობით დაფუძნდა ყოფილ საბჭოთა იმპერიაში ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი ლეგალური, ჰელსინკის შეთანხმების (1975) ხელშემწყობი ორგანიზაცია – ,,საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი” (1989 წელს ჯგუფს ეწოდა ,,საქართველოს ჰელსინკის კავშირი”, ხოლო შემდგომ კავშირი გარდაიქმნა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ორგანიზაციად – ,,საქართველოს ჰელსინკის კავშირი – ეროვნული აღორძინება”). ორგანიზაციის უცვლელი თავმჯდომარე იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორგანიზაცია იმთავითვე მკვეთრად განსხვავდებოდა ყველა სხვა ანალოგიური ჯგუფისაგან: იგი გახლდათ სწორედ ეროვნული ხასიათით გამორჩეული ორგანიზაცია და სრულიად კანონზომიერად, სწორედ იგი იქცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმთავრეს ბირთვად (მასთან ერთად ამ მოძრაობაში დიდი წვლილი შეიტანა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით დაფუძნებულმა მეორე ორგანიზაციამ – ,,სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებამ”).

ქართული ეროვნული მოძრაობა – საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ცალსახად და კატეგორიულად იბრძოდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობის აღდგენისათვის – როგორც უზენაესი მიზნისათვის. ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორის გაუცნობიერებლად შეუძლებელია ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისადმი გარეშე ძალების მტრული დამოკიდებულების სწორად გაგება.

ამ პერიოდის წინააღმდეგობები თვალნათლივ აისახა ფართო და საჯარო ოდიოზურ დისპუტში: ,,ჯერ დემოკრატია, თუ ჯერ დამოუკიდებლობა”. საქართველოს დამოუკიდებლობის მტრები საქართველოში ამტკიცებდნენ, რომ არ ივარგებს საქართველოს დამოუკიდებლობის მიღწევა მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული მთელი საბჭოთა სისტემის დემოკრატიზირება. ქართული ეროვნული მოძრაობა კი სავსებით მართებულად ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებლობის გარეშე ვერავითარი დემოკრატია ვერ იარსებებს.

საუბედუროდ, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვებისთანავე აქტიურად დაიწყეს ძირგამომთხრელი მუშაობა ანტიეროვნულმა ძალებმა, შეიარაღებულმა ოპოზიციამ, რუსეთის ნეოიმპერიების სპეცსამსახურების აგენტურამ და სამხედრო მანქანამ. მათი მოქმედების სავალალო შედეგი სახეზეა.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას მრავალი ღირსეული წარმომადგენელი ჰყავდა, რომლებმაც ჭეშმარიტ ეროვნულ იდეალებს სიცოცხლეც შესწირეს.

ქართველმა ხალხმა ღირსეული პასუხი გასცა თავისი რთული ეპოქის გამოწვევებს და არა მარტო ფიზიკურად გადარჩა, არამედ სულიერადაც და დღესაც მზადაა საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მეშვეობით სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის საბროლველად.

ნიშანდობლივია იმის გახსენება, რომ ქართული ეროვნული მოძ­რაობის ორგანიზაციებმა 1990-იან წლებში მთელი ქართვე­ლი ერი დარაზმეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეალებით და გაუძღვნენ მას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგ­ენისათვის ბრძოლაში. ამ ბრძოლის შედეგად დაწყებული სსრკ-საქართველოს ომის ვითარებაში საქართველომ შექმნა ეროვნული მთავრობა, ეროვნული ხელისუფლება, რომელმაც ჩაატარა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის რეფერენდუმი და მის შედეგებზე დაყრდნობით გამოაცხადა სა­ქარ­თველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა, შეუდგა დამო­უკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობას.

საქართველოს ეროვნული მთავრობა, ეროვნული ხელის­უფლება, მთლიანად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გააქტიურებისთანავე წააწყდა შინაგანი და გარეგანი ანტიქართული, ანტიეროვნული ძალების მძაფრ წინააღმდეგობას, სსრკ-საქართველოს ომის გამძაფრებას _ რომელმაც 1991 წლის შუახანებიდან მწვავე ხასიათი მიიღო „მცოცავი” პუტჩისა და სამაჩაბლოში პრო-საბჭოთა ძალების მხრივ საბრძოლო ქმედებათა გამწვავების სახით.

1991-93 წლებში საქართველოს წინააღმდეგ მოეწყო შეთქმულება, როცა შინაგანმა და გარეგანმა ანტიეროვნულმა ძალებმა მოაწყვეს სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება, რო­გორც ის კვალიფიცირებულია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილებაში, ხო­ლო 1992 წლის დამდეგს ეროვნული მთავრობა იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი (სადაც გრძელდებოდა მისი მხარ­დამჭერების მასსობრივი უმძაფრესი საპროტესტო მოძრაობა) და ბრძოლა განეგრძო უმთავრესად დასავ­ლეთ საქართველოდან, რაც 1993 წლის შუახანებში გადაიზარდა ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენის მასობრივ, ძირითადად მშვიდობიან, შეუიარაღებელ მოძრაობაში. მაგრამ, სსრკ–ის სამართალმემკვიდრე რუსეთისა და დასავლეთის საქართვე­ლოს შინაურ საქმეებში უხეში ჩარევით, რისი კულმინაციაც გახდა მასშტაბური ერთობლივი შეიარაღებული ინტერვენცია დასავლეთ საქართველოში, ეს პროცესი შეწყდა. საინტერვენციო ძალების შეტევის შედეგად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია თავის პოსტზე დაიღუპა, ხოლო ეროვნული, ლეგიტიმური მთავ­რობა კვლავ იძულებული გახდა დევნილობაში წასულიყო.

1993 წლის მიწურულიდან ძალაუფლება მთელ საქართვე­ლოში ხელთ ჩაიგდეს ანტიქართულმა, ანტიეროვნულმა ძალებმა, რომლებიც არსებითად დამპყრობლებად მოგვევლინენ. მათ უმკაცრესი ზომებით, მასობრივი რეპრესიებით დათრგუნეს ეროვ­ნული მოძრაობა, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები.

1992 წლიდან მოყოლებული, საქართველოს დამპყრობლურმა, ანტიეროვნულმა რეჟიმებმა არაერთი არალეგიტიმური საერთა­შორისო აქტით (დსთ-ში გაწევრიანება, რუსეთის „სამშვიდობო” ანუ საოკუპაციო ძალების დამკვიდრება აფხაზეთსა და სამაჩაბ­ლოში და სხვა) არსებითად დაამკვიდრეს საქართველოს გაყოფა რუსეთისა და დასავლეთის გავლენის სფეროებად.

საქართველოში მძაფრდება და ღრმავდება ინსპირირებული დემოგრაფიული კატასტროფა, ეკონომიკური დამონება, მთელი ქართველი ერის პროლეტარიზება, კულტურული დეგრადაცია.

1991-1993 წლების შეიარაღებულმა სამხედრო-კრიმინა­ლურმა, სახელმწიფო გადატრიალებამ საფუძველი დაუდო ტო­ტალურ უკანონობას, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერი­ტორიული მთლიანობის ხელყოფას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა მასობრივ დარღვევებს, დაამკვიდრა რა ძალმომრეობის კულტი, მოსახლეობის ნაწილში დაამდაბლა სამარ­თალ­შეგნება, ან სულაც უარი ათქმევინა მას კანონის უზე­ნა­ესობის პრინციპზე. ამან კი თავისთავად დააბრკოლა საქარ­თველოში სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფ­ლების განმტკიცება, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაძლიერება და, ამასთან, ქვეყნის საკაცობრიო განვითარებაც. ცხა­დია, შექმნილმა ვითარებამ განსაზღვრა თავისუფლებისა და დემოკრატიის საფუძვლად ძალადობის მიჩნევა, რამაც მრავალ უკიდურესობას მისცა გასაქანი.

1992 წლის 2, 3 და 4 იანვრის დადგენილებით ,,სამხედრო საბჭომ”: შეაჩერა საქართველოს რესპუბლიკის კონს­ტიტუციის მოქმედება ქვეყნის ტერიტორიაზე, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, უკანონოდ დაიქვემდებარა საქართველოს რესპუბლიკის სამართალდამცავი და ადმინისტრა­ციული ორგანოები.

აი, ვისი სამართალმემკვიდრენი არიან დღემდე არსებული ფაქტობრივი ხელისუფალნი, რომელნიც იძულებულნი იყვნენ, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, ეღიარებინათ 1991-1993 წლებში მომხდარი შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება: ,,საქართველოს პარლამენტის” 2000 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შეფასებულია, როგორც კანონიერი ხელისუფლების დამხობა და სამოქალაქო კონფრონტაცია, ეს იყო კომუნისტურ-ნომენკლატურული რევანში, ხოლო 2004 წლის 11 მარტის ,,საქართველოს პარლა­მენტის” დადგენილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: “საქართველოს პარლამენტი კვლავ ადასტურებს 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოსა და 1991 წლის 26 მაისს არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათდამი დაქვემდებარებული სრუქტურების (შეიარა­ღებული ძალების ჩათვლით) და ადგილობრივი თვითმმართვე­ლობისა და მმართველობის ორგანოების ლეგიტიმურობას სათა­ნადო კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. დაიგმოს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის ანტიკონსტიტუციური შეიარა­ღებული სახელმწიფო გადატრიალება”. ასევე, უშედეგოდ დამთავრდა არათანმიმდევრული ცდა ეროვნული შერიგებისა და თანხმობის ნიშნით შენიღბვისა – ეროვნული თანხმობის დეკლარაციის სახით.

ამასთანავე, 2008 წელს ნაციონალისტური ისტერიის ვითარებაში ინსპირირებულმა და მოღალატურად წარმართულმა „ომმა” (რისი მიზანიც იყო საქართველოში რუსეთისა და დასავლეთის გავლენის სფეროების მკაცრი გამიჯვნა) გამო­იწვია ქართველი ხალხის უმძაფრესი საპროტესტო მუხტი, რითაც სპეკულაციური მიზნებით სარგებლობენ კვლავ ის ანტიეროვნული ძალები, რომლებმაც თავის დროზე ეროვნული ხელისუფლების განდევნაში მიიღეს მონაწილეობა, ამჟამად კი ხელისუფლების გარეთ დარჩნენ. გამძაფრდა ფაქტობრივი, დამპყრობლური რეჟიმის არალეგიტიმურობის საკითხი.

არსებულ ვითარებაში, ქართველი ერის, ქართული სახელ­მწიფოებრიობის გადასარჩენად სავსებით აუცილებელი და გადაუდებელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელახალი აღმავლობა, მისი ორგანიზაციების აღდ­გენა-აღორძინება.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფ­ლებელი მოძრაობა მოიცავდა ორ სტრატეგიულ დანიშნულებას, პირველი – ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება და მეორე – ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შექმნის გზით. ორივე საკითხი კომპლექსურად უნდა ამოქმედებულიყო. ორივე ამ სტრატეგიული მიმართულებით სვლას ესაჭიროებოდა საკმაო ოდენობით რისკი, რამეთუ მო­წინააღმდეგე აქ ძალიან სერიოზული იყო – რუსეთის იმპერია. აღნიშნული რისკი საკმაოდ მაღალი ამპლიტუდით გამოირჩეოდა, რასაც შესაძლოა მოჰყოლოდა მისი ფიზიკურ დონეზე განადგურება. მთავარი მომენტი აქ იყო ის, რომ უნდა გადადგმულიყო რადიკალური ნაბიჯები იმპერიის წინააღმდეგ, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა რადიკალური პასუხები იმპერიის მხრიდან, რაც ასევე ცხადი იყო.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფ­ლებელი მოძრაობის მოღვაწეობის ისტორიულობა და მისი ეგზი­სტენციალური დრო არ შეწყვეტილა. იგი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო თავის თავისუფლებაში არ განმტ­კიცდება ყველა _ ეკონომიკური, პოლიტიკური და გეო­პოლიტიკური ასპექტით. შესაბამისად, უწყვეტია ისტორიულ-თემატური დრო და ამ ყოველივეს დამწყები პიროვნების როლი. მის მიერ დატოვებულია კვალი ამ ისტორიულ-თემატურ დროში, რაც გრძელდება მომავალში. საერთოდ, პიროვნებები, რომლებიც ისტორიას ქმნიან, მათი მოღვაწეობა არ მთავრდება ეგზისტენ­ციალური დროის დასრულებით. მათი მოღვაწეობა სიუჟეტურ დროში გრძელდება და ყველა სიუჟეტს, რაც მათ ერს შეს­თავაზეს, განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა. მიუხედავად ლეგიტიმიზების არაერთი მცდელობისა, ვითომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გზით, უკანონო რეჟიმმა ვერ შესძლო საბოლოო დამკვიდრება საქართველოში. ეროვნული ძალები, ქართველი ხალხი არ შეეგუა მის არსებობას, არ აღი­არა იგი და მის წინააღმდეგ განუწყვეტელ ბრძოლაში ჩაება. ამასთან ერთად, დროებით მმართველობაში თითქოს არის ზოგიერთი შედარებით პროგრესული და უფრო ჯანსაღ პოზიცი­აზე მდგომი პიროვნება და ძალა, რომლებიც ამ ეტაპზე ეროვ­ნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის მხრივ ხელშეწყობასა და დახმარებას იმსა­ხურებენ, რითაც შესაძლებელი იქნება უკიდურესად რექციული ნაწილის დასუსტება და ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა, განმარტების თანახმად, არ შეიძლება იყოს ცალკეული პარტია, საზოგადოების ერთი ნაწილის ნებისმიერი წარმომადგენლობითი ორგანო, არც ხელისუფლებაში ინტეგრირებული, ან მის გარეთ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალა.

საუკეთესო შემთხვევაში, ის მხოლოდ არსებული ვითარების სტაბილიზაციის შენარჩუნების მექანიზმია. საზოგადოების არსებითი განვითარების შესაძლებელობა, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკის, კულტურისა და თვით პოლიტიკის სფეროებში ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობას მოაქვს, რადგანაც ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა თავისი არსით ეყრდნობა უმაღლეს ზნეობრივ პრინციპებს და მოქმედებს მხოლოდ მათ შესაბამისად. ის აერთიანებს ადამიანებს არა საერთო პოლიტიკური პლატფორმისა თუ კერძო პარტიული ინტერესების მიხედვით, არამედ – კატეგორიული იმპერატივის საფუძველზე.

ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა საკუთარ წიაღში ატარებს გამთლიანებისაკენ ლტოლვას, ერთობის ზნეობრივ საფუძვლებს. ის ყოველთვის აერთიანებს და არასოდეს ჰყოფს.

ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკის ფუნქციაა შეინარჩუნოს და ერის კუთვნილებად აქციოს ის შედეგები, რასაც უდიდესი ძალისხმევისა და თავდადების ფასად მოიპოვებს თავისუფალ პიროვნებათა ზნეობრივი მოძრაობა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ,,საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელიმოძრაობა დამოუკიდებლობისათვის” უნდა ტრანსფორმირდებოდეს ,,საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობად თავისუფლებისათვის” და თუ ამას რამე წინ ეღობება და თავისუფლებისათვის ბრძოლა შენელდა, მაშინ თვით დამოუკიდებლობაც ეჭვქვეშ დგება.

ასეთ პირობებში იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და საქართველოში კანონიერებისა და სამართლის აღდ­გე­ნის ახალი ეტაპი.

უნდა შეიქმნას საქართველოს ძლიერი ეროვნულ-განმა­თავისუფლებელი მოძრაობა (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ), რომელიც იქნება პრინციპული, რომე­ლიც არ გაიყიდება და არ დაიხევს უკან.

მიზნად უნდა იქნას დასახული საქართველოს გათავისუფლება ბოროტი ძალებისაგან და ამ მიზნის მისაღწევად განახლდეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობა, ჩამოყალიბდეს და გაერთიანდეს ადამიანური, ორგანიზაციული, საინფორმაციო, ფი­ნანსური და სხვა რესურსები, არჩეულ იქნეს მიზანმიმართული, შეურიგებელი და თავგანწირული ბრძოლის გზა, უნდა მოვუხმოთ ყველა ჭეშმარიტ მამულიშვილს, რათა ერთად ვიხსნათ სამშობლო.

საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა ერთადერთი იარაღია საქართველოს სახელმწიფოებრივი აღორძინებისა და განვითარებისათვის.

***

 

III. ლეგიტიმაცია და ხელისუფლების ცვლა

სამართალმემკვიდრეობითობისა და კანონიერების პრინციპების დაცვით

 

მნიშვნელობა ენიჭება ხელისუფლების ცვლას სამართალმემკვიდრეობითობისა და კანონიერების პრინციპების დაცვითცივილიზებული სახელმწიფოს ისტორიასა და განვითარებაში არსებითი .

კერძოდ, მონარქიის დროს არსებითია კანონიერი მემკვიდრის ინსტიტუტი, ხოლო რესპუბლიკისა და საპრეზიდენტო სახელმწიფოს დროს არჩევითი ხელისუფლების მემკვიდრეობითობა განისაზღვრება არჩევნების სამართალმემკვიდრეობით, კანონიერებით, საყოველთაოობითა და დემოკრატიულობით.

როგორც წესი, არჩევნების კანონიერებას განსაზღვრავს მისი პერიოდულობა, დანიშვნისა და ჩატარების პროცესი: კანონიერი არჩევნები ინიშნება და ტარდება არსებული ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ. არსებული, კანონიერი ეს ხელისუფლება აგრეთვე ამტკიცებს სათანადო საარჩევნო კანონს და ხელმძღვანელობს არჩევნების პროცესს.

მხოლოდ ამგვარი გზით ხდება მომდევნო ხელისუფლება კანონიერი და წინა ხელისუფლების სამართალმემკვიდრე. ამავე დროს, თუკი არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და საყოველთაოდ, მაღალი იქნება მისი ლეგიტიმურობის ხარისხიც.

საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ხელისუფლების ლეგიტიმურობისა და სამართალმემკვიდრეობის პრობლემა მწვავედ დადგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ:

1801 წელს საქართველოში იძულებით შეწყდა სამეფო დინასტიის უფლებამოსილება. 1918 წელს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი ხელისუფლება, მაგრამ 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის აგრესიით ისევ დაემხო საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოდან განდევნილ იქნა პირველი დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება.

არაადამიანური რეპრესიების მიუხედავად, საქართველოში გრძელდებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის, რამაც ზენიტს მიაღწია 1989 წლის 9 აპრილის ღამეს და ამ ბრძოლის პირველი ეტაპი დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით. მანამდე კი, 1990 წლის 28 ოქტომბერს, მრავალპარტიულ, არასაბჭოთა, საყოველთაო, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა ხელისუფლებამ, რომელმაც 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა კიდეც საყოველთაო რეფერენდუმი სამართალმემკვიდრეობით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფოებრივი სტატუსის შესახებ – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გადაწყვეტილებით, რეფერენდუმის შედეგების შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის სამართალმემკვიდრეობით. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოში აღსდგა არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, არამედ – 1918-21 წლების კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობაც.

შესაბამისად, 9 აპრილი არის გმირული ბრძოლისა და ამ ბრძოლაში გამარჯვების დღე.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეროვნულმა ხელისუფლებამ აღიარა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების პრიმატი და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის ჯარს საოკუპაციო ჯარის სტატუსი მიანიჭა.

1991-93 წლებში რუსეთის იმპერიამ საქართველოში ისევ განახორციელა აგრესია და რუსეთის სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლების უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა პუტჩი: საქართველოდან განიდევნა კანონიერი ხელისუფლება – საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, მინისტრთა კაბინეტი და ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოები. ძალადობის გზით მოსულმა ხუნტის ხელისუფლებამ რუსეთის საოკუპაციო ჯარს მიანიჭა მეგობარი ქვეყნის ჯარის სტატუსი და გამოაცხადა საქართველოს შეყვანა რუსეთის ნეოიმპერიაში – დსთ-ში.

1992-2011 წლებში უკანონო რეჟიმის მიერ დაიდო საქართველოსათვის წამგებიანი ბევრი ხელშეკრულება. საქართველოს სახელმწიფოს სახელით მილიარდობით სესხი აიღეს ხელისუფლებაში უკანონო გზით მოსულმა კრიმინალურმა კლანებმა. არაკანონიერი ხელისუფლების მიერ უცხოური ბანკებიდან ნასესხები თანხა გამოყენებულ იქნა კრიმინალთა კერძო ინტერესების შესაბამისად, არადა, მათი გადახდის ვალდებულება დაკისრებულია საქართველოს სახელმწიფოსათვის. ნათელია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პატიოსან მოქალაქეებს მოუწევთ ამ ვალების გადახდა, ვალებისა, რომელნიც საბოლოო ჯამში საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული.

უკანონო რეჟიმის მიერ 1992 წელსვე იყო წარუმატებელი მცდელობა, საქართველოს დედაქალაქში შეეკრიბა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და ხუნტის მხრიდან იყო მცდელობა, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ინსტიტუციის ამ კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოსაგან მაინც მიეღო ლეგიტიმაცია (როგორც ეს მოხდა აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ელჩიბეის კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ).

მომდევნო პერიოდში შეიცვალა ტაქტიკა და, ერთის მხრივ, უკანონო არჩევნებში კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩათრევით, მეორეს მხრივ კი, ,,ურჩთა” (დევნილი კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა) დაშინება-განადგურებით შეეცადნენ, ფიზიკურად მოესპოთ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლობა. ამ მიმართულებით ერთ–ერთი გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ფაქტობრივმა რეჟიმმა მაღალი სადეპუტატო–საკომპენსაციო პენსია გასცა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატებზე – იმ პირთათვის, ვინც თავისი ნებით შეიწყვეტდა დეპუტატის უფლებამოსილებას. სამწუხაროდ, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები საკმაოდ ბევრი დეპუტატი დათანხმდა ამგვარ მზაკვრულ შემოთავაზებას.

მიუხედავად მძიმე განსაცდელებისა, დევნილმა, კანონიერმა ხელისუფლებამ, მისმა ინსტიტუციებმა და ამ ხელისუფლების კანონიერმა წარმომადგენლობამ, მაინც შეინარჩუნა რა თავისი სტატუსი, დევნილობის პირობებში გააგრძელა მოღვაწეობა როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოშიც.

რამდენადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, მინისტრთა კაბინეტს, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, მათ ხელმძღვანელ პირებსა და წარმომადგენლობას, ანუ მთლიანობაში დევნილ კანონიერ ხელისუფლებას დღემდე არ გამოუცხადებია თვითლიკვიდაცია, არ დაუნიშნავს ახალი არჩევნები და თავისი სამართალმემკვიდრეობა არ გადაუცია არცერთი მომდევნო ხელისუფლებისათვის;

რამდენადაც დღესაც არსებობს სამართალმემკვიდრე, კანონიერი ხელისუფლების, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის, დევნილი ხელისუფლების ეროვნული ინსტიტუციები და კანონიერი სახელისუფლებო წარმომადგენლობა, დღესაც და იმედია უახლოეს მომავალშიც, რეალურად შესაძლებელია მისი, კანონიერი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ბაზის კანონიერი, ფაქტობრივი მოქმედება.

ასეთ შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია კრიმინალური კლანების მიერ არსებული სესხების სახელმწიფოსათვის (ხალხისათვის) დაბრუნება, საქართველოსათვის წამგებიანი ბევრი ხელშეკრულების, გარიგების გადასინჯვა და სხვა.

კანონიერი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის ლეგალიზაცია და აღდგენა გარდამტეხ როლს შეასრულებს ქვეყანაში სამართლიანობისა და ამომრჩეველთა ღირსების აღდგენის, ზოგადად, საქართველოს სახელმწიფოს მოწყობის თვალსაზრისითაც.

არსებითია ისიც, რომ ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის აღდგენით დენონსირდება ისეთი ანტიქართული ხელშეკრულებებიც, რომლებიც საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლადაა დადებული მეზობელ თუ შორეულ სახელმწიფოებებთან.

საქართველოს სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ სივრცეში არ უნდა არსებობდეს შავი ხვრელები, რომლებიც სჭამენ არამარტო საბიუჯეტო სახსრებს, არამედ სწორედ ასეთი არასამართლებრივი, არაკანონიერი და არაკონსტიტუციური ორგანოების მეშვეობით ზიანს აყენებენ ქვეყნის იმიჯს.

ზოგადად, ლეგიტიმურობა კანონიერებას, სამართლებრივი საფუძვლების არსებობას ნიშნავს, ეს ცნობილია.

ცნობილია ასევე, დევნილი ხელისუფლების – მთავრობის საკუთრივ სამშობლოში თუ სხვა ქვეყანაში დევნილობაში მოქმედება, სამართლებრივი თუ პოლიტიკური თვალსაზრისით მისი პრეცედენტულობა.

ლეგიტიმური ფუნქციობის მაგალითები კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ მოიპოვება. ამას ადასტურებს საქართველოს უახლოესი წარსულიც. მაგალითად, საქართველოს 1918–1921 წლების მთავრობა და 1990–1993 წლების მთავრობა. მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გარკვეული სამართლებრივი ფუნქციები გააჩნდათ და გააჩნიათ, მათ შორის, წარმომადგენლობითიც.

მაგრამ ასევე, ერთი ქვეყნის შიგნით გადაადგილებული ადგილობრივი და თვითმმართველობითი კანონიერი ხელისუფლების ორგანოების (აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიების სახელისუფლებო, პრეფექტურათა თუ საკრებულოთა ინსტიტუციები და მათი კანონიერი წარმომადგელობითობა, რომელთა ფუნქციები სამართლებრივად და იურიდიულად არსებობს) ფუნქციობას თანამედროვეობა არ იცნობს. ამიტომაცაა, რომ ეს არის გარკვეულწილად პრეცედენტული. პრეცედენტულობა კი თავისთავად არაკანონიერებას როდი ნიშნავს.

აფხაზეთში დარღვეულია ტერიტორიული მთლიანობა. იქ, როგორც მთელ ქვეყანაში, მოქმედებს უკანონო და დანაშაულებრივი რეჟიმი. აფხაზეთი ოკუპირებულია და შექმნილია ხელისუფლების ვაკუუმი. აფხაზეთში არსებული უკანონო ხელისუფლების მიერ გარეშე ძალების დახმარებით განხორციელებულია არამარტო ქართული, არამედ – თავად აფხაზური მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და გენოციდი. მთელი მსოფლიო საზოგადოება, გარდა ერთი ქვეყნისა (რუსეთისა), იქ ჩატარებულ არჩევნებს მიიჩნევს უკანონოდ და ბათილად. აფხაზეთის კანონიერი უზენაესი საბჭოსა და მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების წარმომადგენლობითი უმრავლესობა, რომლებიც დევნილნი არიან თავიანთივე სამშობლოსა თუ ქვეყნის გარეთ, ფაქტობრივად არის მთელი აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი.

აქ თითქოს სადაო არაფერია, მაგრამ მთავარი ფაქტორი, რაც მათ ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აქცევს, არის თითქმის ოცწლიანი სამართლებრივი, კანონიერი და კონსტიტუციური გადაურჩევლობა და ყოველივე დღეისათვის არსებულ ზოგიერთ ამ ორგანოს არადემოკრატიულად აქცევს. აფხაზეთის კანონიერი უზენაესი საბჭოსა და მთავრობის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების დღევანდელი წარმომადგენლობითობის უფლებამოსილება ეჭვქვეშ აყენებს წარმომადგენლობითი არჩევითი ორგანოს ისეთ აუცილებელ ატრიბუტებს, როგორიცაა, სამართალი, კანონიერება, დემოკრატიულობა, არჩევითობა, ხალხის ნების გამოხატვა, პოლიტიკური პლურალიზმი, რესპუბლიკური სახელმწიფოებრივი წყობილება.

არ შეიძლება, სამართლებრივად, კანონიერად და კონსტიტუციურად არჩევითი თუ დანიშვნითი ორგანოები და წარმომადგენლობა იყოს კანონიერი სამართლებრივი და კანონიერი არჩევნების გზით მისი განახლების გარეშე.

ეს არის წარმოუდგენელი და მსოფლიოში უპრეცედენტო მოვლენაა. ასეთ შემთხვევაში ირღვევა ადამიანის უფლებები. ხალხის უფლება, იყოს ხელისუფლების წყარო და პიროვნების უფლება, აირჩიოს და იქნეს არჩეული, თავისუფლად გამოხატოს კანონიერ არჩევნებში თავისი ნება. მნიშვნელოვანია ერთი არგუმენტიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათი სამართლებრივი და კანონიერი არჩევნები თუ კონსტიტუციური დანიშვნები უნდა ტარდებოდეს გონივრული პერიოდულობით.

მოწინააღმდეგენი შეიძლება თვლიდნენ, რომ კანონიერი, კონსტიტუციური არჩევნები ხელისუფლების დევნილობის პერიოდში, რომ აუცილებლად აფხაზეთში უნდა ჩატარდეს, რაც არსად არ წერია. ამომრჩეველი არის ხალხი და არა ტერიტორია, აფხაზეთის ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა ხომ, დღეს დევნილთა სტატუსით აფხაზეთის გარეთ ცხოვრობს. უსაფუძვლოა ამ აზრის მოწინააღმდეგეთა ის ეჭვიც, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ავტომატურად ლეგიტიმურს გახდის სეპარატისტების საოკუპაციო რეჟიმს.

საოკუპაციო რეჟიმის უკანონობა საერთოდ არ არის დამოკიდებული აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა თუ უმაღლესი საბჭოს არსებობაზე. საოკუპაციო-სეპარატისტული რეჟიმი არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უცვნია. ნებისმიერი საერთაშორისო დოკუმენტი თვით აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს თვლის უკანონოდ, თუნდაც იმიტომ, რომ დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია ეთნიკური წმენდისა და მასობრივი განადგურების შედეგად დაზარალებულ, ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას. მაშასადამე, საერთაშორისო ინსტიტუტების აზრით, აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები და, შესაბამისად, მის შედეგად არჩეული ხელისუფლება კანონიერი და ლეგიტიმური იქნება მხოლოდ ამ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ.

აფხაზეთი არის ოკუპირებული ტერიტორია. იქ მოქმედებს უკანონო რეჟიმი, რომელიც არის ეთნიკური წმენდისა და ადამიანების მასობრივი განადგურების ორგანიზატორი რეჟიმის მემკვიდრე და მონაწილე. ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება საქართველოს თუნდაც ფაქტობრივი რეჟიმის იურისდიქცია. დღესაც უხეშად ირღვევა ადამიანის ელემენტარული უფლებები. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობაზე. ამა თუ იმ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით არჩევნებში მონაწილეობის შეუძლებლობა სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უფლება წავართვათ დანარჩენ მოსახლეობას. ანუ, თუ იქ არ შეუძლია კაცს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაშინ რა დააშავა, როგორც იქ მაცხოვრებელმა და იქედან დევნილმა მოსახლეობის უმრავლესობამ?!

აფხაზეთის დაბრუნებისა და აფხაზეთში დაბრუნების სუბიექტი აფხაზეთიდან დევნილი უმრავლესი მოსახლეობაა. საკუთარი ინტერესების დასაცავად და უკან დასაბრუნებლად მათ სამართლებრივი, კანონიერი და კონსტიტუციური წარმომადგენლობითი ორგანოები სჭირდებათ, რომლებმაც, საქართველოს რესპუბლიკის კანონიერ ხელისუფლებასთან ერთად, უნდა დაიცვან მათი შელახული უფლებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასეთი ორგანოები კი უნდა იყვნენ სამართლებრივი და კანონიერი კონსტიტუციის სახელმწიფოებრივი სტატუსის მატარებელი და არჩევითობის შემთხვევაში არჩევითი. ისინი უნდა გახდნენ ქმედუნარიანი, მოქმედი, ახალი ძალებითა და საზოგადოებისაგან უფლებამოსილების მატარებელი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული.

ანალოგიურად, ოდნავ განსხვავებულად (რამეთუ აჭარა ოკუპირებული არ არის ქვეყნის გარეშე ძალების მიერ), სამართლებრივად, კანონიერად და კონსტიტუციურად უნდა აღსდგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერი წარმომადგენლობითი ორგანოების ფუნქციებიც.

ყოველივეს კი ხელს უნდა უწყობდეს ლეგიტიმური, სამართალმემკვიდრე, კანონიერი დევნილი ხელისუფლების კანონიერი, კონსტიტუციური და სამართლებრივი წარმომადგენლობა.

საერთაშორისო სამართალი და ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია კონკრეტულ განმარტებას აძლევს ლეგიტიმურ ხელისუფლებას: ლეგიტიმურია ხელისუფლება, თუ მას აქვს ხალხის ნდობის სამართლებრივი და კანონიერი მანდატი, ანუ თუ იგი გამოხატავს თავისი ერის კანონიერ ნებას. ყველა დროში ასე აღიქმებოდა იგი.

ქართველი ერის ნების წინააღმდეგ დაამხეს საქართველოს მეორე, სამართლებრივად, კანონიერად, საყოველთაოდ, დემოკრატიულად არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება და საქართველოს წინააღმდეგ ,,შეთქმულმა ძალებმა” სისხლიანი რეჟიმის მეშვეობით ფეხქვეშ გათელეს ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების საერთაშორისო დეკლარაცია, როდესაც ქართველ ხალხს განუცხადეს, რომ სისხლიანი აჯანყების უფლებას ამ დეკლარაციის პრეამბულა უტოვებს ყველა ხალხსო. იცრუეს და ცრუობენ კაცობრიობისა და თითოეული კეთილი ნების ადამიანის მტრები, რადგან ეს დეკლარაცია სწორედ მსგავსი ვანდალიზმების პრევენციისათვის იქნა შექმნილი და იგი გვაუწყებს, რომ უკანასკნელი მეთოდი – სამოქალაქო და ეროვნული დაუმორჩილებლობა მხოლოდ ტირანიის წინააღმდეგ საბრძოლველად არის და არა – დემოკრატიულად, საყოველთაოდ არჩეული ხელისუფლების დასამხობად, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდანვე დემოკრატიულად, ქართველი ერის ნებითა და საერთაშორისო სამართლის, ისტორიული სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე იბრძოდა ქვეყნის სრული თავისუფლებისათვის.

ლეგიტიმურობა არ არის ზოგადი ცნება. ლეგიტიმური ხელისუფლება, მთავრობა კონკრეტულად არის ნამდვილი (ერის ნების გამომხატველი) რეალური ხელისუფლება და მთავრობა. ნებისმიერი ერი მხოლოდ მაშინაა თავისუფალი ერი საკუთარ მიწაზე, როცა მას ჰყავს საკუთარი ინტერესების გამომხატველი და მსახური ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ერი თავად ხდება მსახური, ნიჰილისტური ფსიქო-ინტოქსიკაციითა და ტერორით იქცევა ვიტალისტურ მასად, რომელსაც არ გააჩნია ეროვნება და, აქედან გამომდინარე, არც – სამშობლო.

ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი სამართლებრივ-პოლიტიკური ბაზა არის ნამდვილი საშუალება და გასაღები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენადაც. ეს მომენტი უაღრესად მნიშვნელოვანია სოციალური ფსიქოლოგიის თვალსაზრისითაც, რადგან ამ ,,გასაღების”, პირობითად, მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ პეკინში ძებნა მიუთითებს ნიჰილისტურ მარაზმს სრული ამნეზიით, რეალობის აღქმის სრული დაკარგვითა და თვინიერობით რომ აღიწერება.

ლეგიტიმურობის ,,გასაღები” – დამხობილი ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი კოსტიტუციური და სამართლებრივ-პოლიტიკური ბაზის ამოქმედება, ერთადერთია ასევე აფხაზეთისა და შიდა ქართლის დასაბრუნებლადაც. ის საქართველოშია, მის უდიდებულესობა ხალხშია და მის ნება-გადაწყვეტილებაშია.

ლეგიტიმური წყვეტის აღდგენის აუცილებელი ნიშანია არა მხოლოდ კანონიერი არჩევნების დანიშვნა, არამედ – ლეგიტიმური სამართლებრივი ბაზის ამოქმედება საქართველოს გადასარჩენად.

აუცილებელია, მოხდეს სამართლებრივი, კანონიერი და კონსტიტუციური წყვეტის აღდგენა და შემდგომ ქვეყანამ უნდა აირჩიოს ახალი ლეგიტიმური ხელისუფლება. კანონიერმა ხელისუფლებამ, მთავრობამ უნდა დანიშნოს და ჩაატაროს არჩევნები. მხოლოდ ამ არჩვენების შედეგად მოსული ხელისუფლება იქნება სამართლებრივი, კანონიერი, ლეგიტიმური, ასევე უფლებამოსილი და ვალდებულიც, რომ იხელმძღვანელებს ლეგიტიმური, სამართლებრივი ბაზით.

ამ მხრივ კი, აუცილებელია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტივიზაცია, რათა აღსდგეს ეროვნული ცნობიერება, ქრისტიანული რწმენისა და ქართული ეროვნული იდეოლოგიის აღორძინება, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ხელისუფლების აღდგენა.

ეს კი ჩვენი ბრძოლის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს. ღვთისა და მამულისათვის თავგანწირვა დღეს ერთადერთი გზაა გადარჩენისა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგველის ეროვნული გადაგვარება და კატასტროფა.

ამრიგად, ლეგიტიმურობა აუცილებელია იყოს სამართლებრივ–კანონიერი ანუ რაციონალური. მთავარი ამოცანაა სამართლებრივი, კანონიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც, თავის მხრივ, უპირისპირდება ტოტალიტარულ, ავტორიტარულ სახელმწიფოებს.

***

 

IV. საკითხი ეროვნული ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

 

უმნიშვნელოვანესია საქართველოში ლეგიტიმურობის აღდგენის საკითხები ანუ საკითხი ეროვნული ხელისუფლებისა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.

1992 წლის შემდგომ, მას შემდეგ, რაც განდევნეს ეროვნული ხელისუფლება, არ შემწყდარა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობის პრობლემის აქტუალობა. წლები გადის და ეს საკითხი ისევ რჩება საქართველოს უმძაფრეს პოლიტიკურ პრობლემად. ლეგიტიმური, ეროვნული ხელისუფლების აღდგენა საქართველოს სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტიად რჩება.

ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ, თუ რას წარმოადგენდა ეროვნული ხელისუფლება და ეს საფიქრალი მიუთითებს იმასაც, თუ რა გზებით შეიძლება ამ და ასეთი ხელისუფლების აღდგენა – ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა.

მთავარი ისაა, რომ ეროვნული ხელისუფლება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ შექმნილი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იმდროინდელი უმთავრესი მიზნის – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უპირობოდ და საყოველთაოდ აღიარებული ლიდერების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთადერთ შესაძლებელ გზად გამოძებნილი იქნა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში არსებული სამართლებრივი ბზარის გამოყენება, რომელიც აღიარებდა და შესაძლებლად მიიჩნევდა საბჭოთა კავშირიდან საბჭოთა რესპუბლიკის გასვლის შესაძლებლობას. საბჭოთა კონსტიტუციაში არსებული ამ ბზარის გამოყენება შესაძლებელს ხდიდა ომისა და დიდი სისხლისღვრის გარეშე მომხდარიყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მაგრამ, ამისათვის საჭირო იყო ყველაფერი საბჭოთა კანონმდებლობის ფარგლებში მოგვარებულიყო.

და მართლაც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მოახერხა ქართველი ხალხის ისეთი დარაზმვა და ამ დარაზმულობის ისეთი მასშტაბური დემონსტრირება უზარმაზარი მანიფესტაციებითა და დემონსტრაციებით, როდესაც საბჭოთა კანონმდებლობის ზოგად ფარგლებში და შეძლებისდაგვარად გაუმჯობესებული საბჭოთა კანონებით შესაძლებელი გახდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას დამორჩილებული და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზნების განმახორციელებელი ინსტრუმენტის, ინსტიტუციისა და ამავე დროს საბჭოთა კანონებითაც აღიარებული ორგანოს – უზენაესი საბჭოს ჩამოყალიბება არჩევნების გზით.

ამდენად, ლეგიტიმური უზენაესი საბჭო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანო იყო და ასრულებდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზნებს. ამ მიზნებს კი უშუალოდ და პრაქტიკულად საქართველოს ამ უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში ახორ-ციელებდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციების წარმომადგენლები უზენაეს საბჭოში – უზენაესი საბჭოს დეპუტატები. მაგრამ, რამდენადაც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი თუ პატარა ლიდერების უმეტესობა უზენაესი საბჭოს დეპუტატები და უზენაესი საბჭოს მაღალი თანამდებობის პირები გახდნენ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ჩათვლით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს უზენაესი საბჭო გადაიქცა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელად. სინამდვილეში და პრაქტიკულად კი სრულიად საპირისპირო იყო – უზენაესი საბჭო იყო და დარჩა კიდეც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი იმდროინდელი მიზნების შემსრულებელ ინსტიტუციად.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გავლენისა და კონტროლის ქვეშ მყოფმა უზენაესმა საბჭომ შეძლო ჯერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარება, ხოლო შემდგომ, ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია, რითაც საქართველო ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ამით უზენაესმა საბჭომ სავსებით და სრულად შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანი–დაკვეთა ამ ეტაპისათვის, მოიპოვა დე-იურე დამოუკიდებლობა. ეს ფაქტები გასახსენებელია იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ ეროვნული ხელისუფლება დიდწილად კანონიერი იყო თვით საბჭოთა კანონების თვალსაზრისითაც კი!

შემდგომ ეტაპზე, იმისათვის, რომ განხორციელებულიყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემდგომი მიზანი – საქართველოს დე-იურე დამოუკიდებლობის გადაქცევა დე-ფაქტო დამოუკიდებლობად, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობას (და არა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინსტიტუციას უზენაესი საბჭოს სახით) დასჭირდა სრული ზომით დაპატრონებოდა სახელმწიფოს ფაქტობრივ მართვას ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას უკვე ფრიად გართულებულ პირობებში. ამისათვის ჩატარდა ჯერ პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო ამის შემდგომ არსებითად და პრინციპულად შეიცვალა მთელი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა – მთავრობის ფორმალური მეთაური გახდა პრეზიდენტი (მანამდე, ჯერ კიდევ საბჭოთა კანონების შესაბამისად, მთავრობის მეთაური იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), ხოლო მინისტრთა საბჭოს მაგივრად შეიქმნა მინისტრთა კაბინეტი და დაარსდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომლებიც უშუალოდ და პირდაპირ ემორჩილებოდნენ მთავრობის მეთაურს ანუ პრეზიდენტს. ამით ეროვნული ხელის-უფლება ცალსახად დაეპატრონა სახელმწიფო ეკონომიკურსა და სოციალურ რესურსებს და მყარი სოციალურ-ეკონომიკური საფუძველი შეიქმნა საქართველოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობის აღსადგენად. სწორედ ეს გახდა უმსგავსოთა განდგომისა და პუტჩისტებად გადაქცევის საბაბი.

აღმასრულებელი ხელისუფლების ორივე საკვანძო თანამდებობაზე – პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციების წარმომადგენლების დაფუძნებამ მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება მტკიცედ გადააქცია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ინსტიტუციად (უზენაეს საბჭოსთან ერთად) – ინსტრუმენტად. შესაძლებელი გახდა ეროვნული ინტერესების დამცველი კანონების რეალურად აღსრულების შესაძლებლობა და შეიქმნა ყოველივე ამისი მატერიალური გარანტია.

აღსანიშნავია, რომ 1978 წლის კონსტიტუციაში (1990-1991 წლების შესწორებითა და დამატებებით) აღნიშნულია: “ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა 1990 წლის 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვეს ეროვნულმა ძალებმა, ამით დაიწყო ახალი ხანა, რომელიც უნდა დაგვირგვინდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით. ახალი კონსტიტუციის შემუშავებამდე საქართველოს არსებული კონსტიტუცია სათანადო ცვლილებებითა და დამატებებით იმოქმედებს გარდამავალი პერიოდის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც საქართველოს რესპუბლიკის დროებითი კანონი. გარდამავალი პერიოდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომლის განმავლობაში უნდა მომზადდეს საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამო-უკიდებლობის აღდგენის რეალური საფუძვლები.”

თუ რატომ გახდა მაინც და მაინც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების სრული დამორჩილება, პუტჩის ერთ-ერთი უშუალო საბაბი, ახლა, ალბათ, ყველასათვის გასაგებია (მაშინ ეს ძალზე ბევრისათვის ფრიად ბუნდოვანი იყო). ახლა ყველამ იცის, რომ პარლამენტები კი არ მართავენ უშუალოდ ქვეყნებს, არამედ მთავრობები მართავენ (პარლამენტების მიღებული კანონებით).

პუტჩისშემდგომ პერიოდში (მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი, პარლამენტი და მინისტრთა კაბინეტი იძულებულნი გახდნენ დროებით ემიგრაციაში გასულიყვნენ), წინააღმდეგობის უპრეცენდენტო მასშტაბების თავგანწირულ და გმირულ მოძრაობას თბილისსა და რეგიონებში კვლავ ცალსახად და უშუალოდ ახორციელებდნენ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ორგანიზაციები, მათი გაერთიანებები ხელმძღვანელობდნენ და არა ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების ორგანოები (პარლამენტი ან მთავრობა).

სწორედ ეს იყო მთავარი და ეს წარმოადგენდა ამ წინააღმდეგობის მოძრაობის ძალას. სწორედ ამიტომ იყო ხუნტისათვის წინააღმდეგობის მოძრაობასთან ბრძოლა ასეთი რთული და უშედეგო. გარკვეული ბუნდოვანება ამ საკითხში ზოგჯერ იმას შეაქვს, რომ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია იმავდროულად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტიც იყო და ბევრი განწყობილი იყო მხედველობაში ყოველთვის ჰყოლოდა პრეზიდენტი გამსახურდია და არა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი გამსახურდია.

ზემოთქმულის შემდეგ უნდა დავძინოთ, რომ ეროვნული ანუ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა, პირველ რიგში და საფუძველში, გულისხმობს მის აღდგენას, როგორც ეროვნული მოძრაობის ინსტიტუციისას, ინსტრუმენტისას და არა რაღაც განყენებული აბსტრაქციისას, ანუ ლეგიტიმურობის აღდგენა პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ზოგადად, ქართველი ერის მიზნების განმახორციელებელი ხელისუფლების აღდგენას. ლეგიტიმურობა და კანონიერება ეროვნულობაზეა აგებული და არა შემონერგილ რაღაც ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალურ აბსტრაქტულობებზე.

ამდენად, მთელი ამ ჩვენი მსჯელობების მიზანია, დავასაბუთოთ და განვმარტოთ, რომ პირველადია საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციები, ხოლო ეროვნული მოძრაობის მიერ შექმნილი სახელმწიფოებრივი სტრუქტურები – პარლამენტი იქნება ეს თუ მთავრობა, კი მეორადია, დაქვემდებარებული ინსტრუმენტია და მეტი არაფერი და თუ ეს ასეა, მაშინ, ეროვნული ხელისუფლებისა და ზოგადად ჩვენი კანონიერებისა და ჩვენი სამართალ-სიმართლის აღდგენა შეუძლებელია მთლიანად საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციების ხელახალი და მძლავრი აღმავლობისა და მომძლავრების გარეშე.

ყველაფერ აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი ხელისუფლება ლეგიტიმური იყო და არის, პირველ რიგში, როგორც ეროვნული ხელისუფლება და მხოლოდ ამავე დროს, მეორე რიგში, როგორც კანონიერი ხელისუფლება. საქართველოში მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება შეიძლება იყოს კანონიერი, ლეგიტიმური და ვერავითარი ტრანსნაციონალურ-ინტერნაციონალური ხელისუფლება ლეგიტიმური ვერ იქნება და ქართველი ერის ინტერესებს ვერ მოემსახურება. ქვეყნის არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსახსნელად კი ერთადერთი გზაა – მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინება და განვითარება.

***

 

V. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითადი პრინციპები

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიზანია, დაანახოს და გააცნოს სამშობლოსა და მთელ მსოფლიოს მისი ხედვა ქვეყნის მოწყობის, მისი სრული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის მიღწევის, ერთიანობის უზრუნველყოფის, განათლებული სამოქალაქო და სოციალური, სოლიდარული და მებრძოლი საზოგადოების ჩამოყალიბების გზით ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების, რეალურად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო წყობილების შექმნა-განმტკიცებისა და მისი კანონიერი რეალიზაციის, მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის, დემოკრატიული და სამართლებრივ სახელმწიფოთა მშენებლობის, მათი მშვიდობიანი თანაარსებობის ფუძემდებლური, ყოველმხრივი აღორძინების რეალური გეგმა და გზები, რითაც მოხდება სახელმწიფოს მიერ ადამიანის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეროვნული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ცხოვრებაში გატარება, ადამიანის ღირსებების უზრუნველყოფა და რაც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური ჰარმონიის პრინციპებზე, ზნეობის პრიმატისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებით დაიცავს და დაამკვიდრებს ეროვნული თვითმყოფადობის, დემოკრატიისა, სამართლებრივი სახელმწიფოსა და თვითმმართველობის იდეალებს, პატივს სცემს ხალხთა თანასწორუფლებიანობას, საკუთარი ბედის გამგებლობას, მხარს დაუჭერს საომარი კონფლიქტების, გათიშულობისა და კონფრონტაციის თავიდან აცილების სამშვიდობო ცივილიზებულ პოლიტიკას. სახელმწიფოს ამოცანაა ყველა სფეროში ერის პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, ეროვნული ინტერესების დაცვა, ერის თვითმყოფადობის, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრება, საკუთარი იერ-სახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ამ ფუძემდებლურ პრინციპებს კი აშკარად მივყევართ მომავლისაკენ, სადაც წარმატების კრიტერიუმი შრომა, ნიჭი და მსახურება იქნება, სადაც მთავარია: თანაბარი შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა და სოციალური სოლიდარობა. ეს იქნება ბურჯი, რაც ქართული სახელმწიფო დაეფუძნება. სახელმწიფო კი უნდა იყოს ენის, მამულის, სარწმუნოების დაცვის გარანტი, ქართული ცხოვრების არსის განმსაზღვრელი.

მიგვაჩნია, რომ არა რომელიმე სხვა მოწოდება, ლოზუნგი, არამედ სწორედ სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის, დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს რესპუბლიკის გადარჩენის იდეა უნდა გახდეს ის შემაკავშირებული სტრატეგია, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს ეროვნულ ძალთა გაერთიანება და რეალურად ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თანხმობის მიღწევა.

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითადი პრინციპებია:

1. სამართლებრივი და კანონიერი ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-აღორძინებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნა. რეალობიდან გამომდინარე, უნდა სამართლებრივად, პოლიტიკურად და იურიდიულად შეფასდეს 1991-1993 წლების სახელმწიფო გადატრიალება, მისგან გამომდინარე შემდგომი პროცესები, რათა მომავალში გამორიცხული უნდა იქნეს ამ გზით ხელისუფლების შეცვლა;

2. დემოკრატიის პრინციპების შესაბამისად, გადასინჯულ იქნას ყველა ის კანონი, რომელმაც განსაზღვრული დაბრკოლებები შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების სფეროებში. უნდა შემუშავდეს, მომზადდეს და რეფერენდუმის გზით მიღებულ იქნას ახალი ეროვნული კონსტიტუცია და სამართლებრივი აქტები, სადაც ასევე აღნიშნული იქნება სახელისუფლო კანონიერებისა და მისი სამართლებრივი უწყვეტობის საკითხი, რითაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას ქვეყნის სამართლებრივი, პოლიტიკური და იურიდიული მოწყობის სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხი;

3. უნდა მოხდეს სრული, ჭეშმარიტი ეროვნული თანხმობა და შერიგება საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენა-აღორძინებისა და განვითარების ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით, რათა მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის, დაშვებულ შეცდომათა აღიარება-მონანიებისა და მიტევების გზით შეიქმნას პირობები, საფუძველი და გარანტი სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენის, ოკუპაცია-ანექსიის შედეგების ლიკვიდაციისა და საქართველოს ჭეშმარიტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინებისათვის. საჭიროა მკაფიო, თანამიმდევრული პოლიტიკური კურსისა და მართვის სისტემის ჩამოყალიბება, რაც, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოებრივი საფუძვლების დამცავ მექანიზმად ამოქმედდება;

4. უნდა მოხდეს: სახელმწიფოს მმართველობითი სისტემის მოწყობა და მასთან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების სრული გამიჯვნა; პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიზაცია, აზრთა და პოზიციათა პლურალიზმის რეალური დაშვება, ადმინისტრაციული აპარატის სრული დაქ-ვემდებარება სამართლებრივად და კანონიერად არჩევითი ხელისუფლებისადმი; პოლიტიკური მართვის სისტემის ძირეული დეცენტრალიზაცია; ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, ბრალდებებისა და დაცვის უფლებათა გათანაბრება; სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების, მათშორის კონსტიტუციის მიღების, საყოველთაო რეფერენდუმის წესით გადაწყვეტა; დაკანონდეს მრავალპარტიული, საყოველთაო დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა; ეროვნული, სახელმწიფოებრივი საკანონმდებლო წესით განისაზღვროს ქვეყნის მოქალაქის სტატუსი და ამ სტატუსის მიღების წესი; გარდაიქმნას და ჩამოყალიბდეს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროთა ახალი თანამედროვე სტრუქტურები და საჯარისო ფორმირებები; საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული პრინციპებიდან გამომდინარე სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობა, სახელმწიფოს საზღვრებისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პრობლემატური საკითხების ნორმატიული ბაზების შექმნა; სახელმწიფოს თავდაცვის ბაზისის შექმნასა და აღორძინებაში უმნიშვნელოვანესია ეროვნული ღირსების იდეა, რაც ქვეყნის ძირითად მსოფლმხედველობის პრინციპს უნდა წარმოადგენდეს;

5. საგარეო პოლიტიკა ჩამოყალიბებული უნდა იყოს ეროვნულ ინტერესებსა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე. საქართველომ მიზანმიმართულად უნდა გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური უპირატესობანი, დამოუკიდებლად შესძლოს პოლიტიკურ-დიპლომატიური აქტიურობა და კავკასიის სტაბილურ რეგიონად გადაქცევა. მთავარი ამოცანაა ისტორიული ფუნქციის აღდგენა კავკასიაში და ყოველმხრივ თანაბარუფლებიანი პარტნიორული ურთიერთობის განვითარება, მშვიდობიანი სახელმწიფო კურსი მსოფლიო ასპარეზზე, გეოსტრატეგიულ ინტერესთა გადაკვეთაში საქართველოს ადგილის დამკვიდრების გაღრმავება, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სახელმწიფოს ძირითადი ამოცანაა ასევე გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში ე. წ. “გლობალიზაციისა” და სხვა თავდაცვითი “საცრელი ფილტრების” სპეციალური არეალების დაცვის მექანიზმების დანერგვა-განვითარება, რათა თავიდან იქნას აცილებული გლობალიზაციისაგან შესაძლო პოტენციური საშიშროება. ჩვენი ქვეყანა უნდა მოერგოს გლობალიზაციის პროცესს და იგი იყოს სასარგებლო და პროგრესული ჩვენი ქვეყნისათვის;

6. სახელმწიფოს ეკონომიკური სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს ეროვნულ-ტრადიციული ეკონომიკის თანამედროვე ინდუსტრიულ საფუძველზე მოწყობასა და დემოკრატიულ მმართველობას, ქართული ცხოვრების დღევანდელი ცივილიზაციის მოთხოვნის შესაბამის აღორძინებას. აქედან გამომდინარე, საკუთარი ეკონომიკით მსოფლიო ეკონომიკურ ინტეგრაციაში თანამშრომლობის დამყარება. გასაღები ქართული ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობისა, ქართველი მეურნის უცხო, თავსმოხვეული ეკონომიკური სისტემისაგან გათავისუფლებაში ძევს. საკუთარი ეკონომიკისა და ტრადიციული მეურნეობის გარეშე, ქართული ცხოვრების წესის თანამედროვე ცივილიზაციის გათვალისწინებით აღორძინება და დაცვა წარმოუდგენელია. ეკონომიკის აღორძინების უმნიშვნელოვანესი პირობაა ადამიანის თაოსნობის სტიმულირებისა და მისი შრომის შედეგების დასაკუთრების შესაძლებლობების შეუზღუდველობა;

7. სუვერენული სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი უნდა გახდეს საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობის მიღწევა, მათი შრომის უფლების რეალიზაცია, სიღარიბის დაძლევა, უნდა შემუშავდეს მთლიანად ქვეყნისა და ასევე რეგიონული სოციალური პროგრამები, უნდა დამკვიდრდეს სოციალური სამართლიანობა და სოციალურად ორიენტირებული თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა;

8. საფინანსო სისტემა სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტის განმტკიცების ერთ-ერთ საფუძვლად უნდა გადაიქცეს. საფინანსო სტრატეგიული კონცეფციების რეალიზაცია უნდა ვაქციოთ საკუთარ საქმედ და გავხადოთ ერთიანი, განუყოფელი საქართველოს სახელმწიფოს, მისი ხალხის ინტერესების დამცველად. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სისხლხორცეულ საქმედ;

9. სახელმწიფო უნდა იბრძოდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ, სახელმწიფოს სახელისუფლებო კანონიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, მისი მკვიდრი მოსახლეობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური კატას-ტროფის წინააღმდეგ, დემოგრაფიული ექსპანსიის შესაჩერებლად და ეროვნული ერთიანობისათვის. მაქსიმალურად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ყველა ის ძირითადი უფლება, რაც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის ნორმებით. სახელმწიფოს აუცილებელია ჰქონდეს შეფარდებითი სამართალი, რასაც საფუძვლად დაედება სულიერ ღირებულებათა უპირატესობის აღიარება, საკუთარი იერ-სახის შენარჩუნება-განვითარებით მსოფლიო ცივილიზაციაში ქართველი ერისათვის ღირ-სეული ადგილის დამკვიდრეობა, ისეთი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელშიც გაცხადდება და განივთდება ქართველი ხალხის ნება;

10. მთლიანად გადასახალისებელია საარჩევნო სისტემა და კანონი, რომელიც უნდა ემყარებოდეს ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისა და აღმშენებლობის პრინციპებს, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის საფუძვლებს;

11. უნდა განმტკიცდეს ქრისტიანული მართლმადიდებლური ქართული ტრადიციული რელიგია. ერისა და ქვეყნის სულიერი, ზნეობრივი ამაღლებისათვის აღიარებული უნდა იქნეს რწმენისა და სინდისის თავისუფლება. ერთა თანაარსებობის ზემოთ მითითებულ ტრადიციებზე დაყრდნობით სახელმწიფოს მიერ ხელი შეეწყოს რელიგიური თვითმყოფადობის დაცვას. თავსებადობის ამ პრინციპთა ცხოვრებაში გატარება ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი უნდა გახდეს (მით უფრო, რომ ეროვნულ უმცირესობათა ეთნიკურ, კულტურულ, ენობრივ და რელიგიურ თვითმყოფადობის დაცვის პრინციპებს კონსტიტუციური კანონის ძალა აქვს), რაც მისი საერთაშორისო ავტორიტეტის გარანტადაც იქცევა;

12. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა თავისი სამოქმედო პროგრამით ძირეულად იზიარებს და ეყრდნობა ჭეშმარიტი ეროვნული იდეოლოგიის საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ აუცილებელია იბერიულ-კავკასიური მსოფლმხედველობის, როგორც ჭეშმარიტად ეროვნული იდეოლოგიის აღორძინება და დამკვიდრება საქართველოში, ერთიანი კავკასიური სახლის შექმნა, ემიგრანტთა, ლტოლვილთა და დევნილთა მშობლიურ კერაზე დასაბრუნებლად ხელსაყრელი პირობების შექმნა.

რატომღაც ყოველი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყნის სამთავრობო წრეებში და მის გარეთაც, განახლებული ენერგიით იწყება საუბარი საქართველოს ქვეყნის მოწყობის ახალ–ახალ მოდელთა წარმოდგენით.

სამწუხაროდ, ქართველ საზოგადოებაში ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა არსებობს ქვეყნის მოწყობის რაობაზე.

ფედერაციულია სახელმწიფო, რომელსაც აფუძნებენ და შეადგენენ ცალკეული სახელმწიფოები („სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები“), რის გამოც იწოდებიან კიდეც ეს უკანასკნელნი ფედერაციის სუბიექტებად, სათანადოდ უზრუნველყოფილნი, საკუთარი კონსტიტუციითა და შესაბამისი ინსტიტუტებით. ფედერაციის ეს რაობა უშუალოდაა გამოხატული პირველი ფედერაციული სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების (state – სახელმწიფო) – თვით სახელწოდებაში. ზემონათქვამიდან გასაგები უნდა იყოს, რომ ფედერაციის შექმნისას „მოქმედ პირებად“ გვევლინებიან მომავალი მოკავშირე სახელმწიფოები (ფედერაციის სუბიექტები), რომლებიც საზღვრავენ, სახელმწიფო სუვერენიტეტის რა ნაწილი უნდა გადაეცეს ფედერალურ (ცენტრალურ) ხელისუფლებას და რა დაიტოვონ თავისთვის (ამიტომაც ითქმის, რომ ფედერაციულ სისტემაში ნაწილები წინ უსწრებენ თავის „საერთო ეროვნულ“ მთელს, საპირისპიროდ უნიტარული სისტემისა, სადაც ეს მთელი პირველადია). ფედერაცია არის პოლიტიკური სისტემა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძაბვა ცენტრიდანულ და ცენტრისკენულ ძალებს შორის და რომლის არსებობაც, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძალუძს მას, დაიცვას ამ ძალთა ბალანსი.

ფედერაციულის საპირისპიროდ, უნიტარული ჰქვია სახელმწიფოს, რომელიც არ შეიცავს, როგორც თავის შემადგენელ ერთეულს, არანაირ სახელმწიფოს, რაც სრულებითაც არ გამორიცხავს მის შემადგენლობაში ავტონომიის არსებობას, თუ საამისო საჭიროებაა. პირიქით, ავტონომია, რომლის შექმნა, გარკვეული რეგიონისთვის ასეთი სტატუსის მინიჭება, სახელმწიფოს, მისი ხელისუფლების პრეროგატივაა და სწორედ უნიტარული სახელმწიფოსათვისაა ნიშნეული.

უზნეობისა და უმეცრების ჩვენში ინტენსიურად მიმდინარე „იდეოლოგიზაციის” პირობებში ე. წ. „შავი ფიარის“ ობიექტებად იქცნენ არა მარტო ადამიანები, ცნებებიც კი, ერთი რომელთაგანიც უნიტარიზმია. „ფედერალისტები“ მოსახლეობაში ავრცელებენ და ამკვიდრებენ აზრს, თითქოს თვითმმართველობის პრინციპი უნიტარიზმთან ძნელად შესათავსებელია, თუმცა ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ ადგილობრივი ინტერესები ფედერაციულ სისტემაში უკეთ არის დაცული და წარმოდგენილი, ვიდრე უნიტარულში.

ის გარემოება, რომ ფედერაციის სუბიექტებს საკუთარი კონსტიტუციები უნდა ჰქონდეთ, მათი სიმრავლე, „ადგილობრივი სუვერენიტეტის“ სხვა კომპონენტებთან ერთად, ისეთ ქვეყანაში, როგორიც დღევანდელი საქართველოა, მისი ამჟამინდელი სამართლებრივი და მასთან პოლიტიკური კულტურის მეტად არასახარბიელო მდგომარეობის გათვალისწინებით, ნამდვილად არ იქნება ხელშემწყობი ერთიანი სამართლებრივი სივრცის შესაქმნელად, ჩვენთვის ესოდენ საჭირო შეუფერხებელი და ეფექტიანი საერთო სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად, ადამიანის უფლებათა, მათ შორის, საკუთრების უფლების დაცვის სფეროში.

სწორედ დეცენტრალიზებული უნიტარული საქართველოს (და არა ფედერაციულის) პირობებში იქნება უკეთესი შესაძლებლობები ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებისთვის, თავისუფალი მეწარმეობის დამაბრკოლებელი ყოველგვარი ბარიერის გარეშე, რაც უზრუნველყოფს რეგიონების შედარებით თანაბარ და ჰარმონიულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ისევე როგორც მეტი სტიმული მიეცემა მოსახლეობის მობილურობასაც ქვეყნის შიგნით.

ერთადერთი რეგიონი, რომლის უფლებაც ავტონომიაზე, რამდენადაც ეს შესაძლებელია ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, არის აფხაზეთი, ისტორიულად ჩამოყალიბებულ სხვადასხვა ფაქტორთა გამო, სამშობლო როგორც ქართველი და ქართველური ერის ნაწილისა და რომელიც ორგანულად განუყოფელია საქართველოსაგან.

შეხედულება საქართველოზე, როგორც ,,მრავალეროვან” ქვეყანაზე, სწორი არაა. ის, რომ გერმანიაში რამდენიმე მილიონი თურქი ცხოვრობს, არ ნიშნავს იმას, თითქოს იქ თურქი ერი ცხოვრობდეს: თურქი ერი თურქეთში ცხოვრობს და არა გერმანიაში (ან კიდევ სხვაგან, თურქეთის გარეთ). იგივე ითქმის საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზეც: სომხებზე, აზერბაიჯანელებზე, იმავე ოსებზე.

ქართველი ერი არასდროს არ ყოფილა „ერიჭამია”, მისთვის, თვით უკიდურესი კულტურული დაქვეითების დროსაც კი, ყოველთვის უცხო იყო, ეს უსაზიზღრესი ფორმა, რისი მოწმობაცაა ქართველებისა და ებრაელების ორათასწლეულზე მეტი ხნის მშვიდობიანი თანაცხოვრება.

საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპებზე დაფუძნებული უნიტარული სახელმწიფო, შესაძლო ავტონომიით აფხაზეთისათვის (გადაწყვეტილება რეფერენდუმით) და ადგილობრივი თვითმმართველობით მთელი ქვეყნისათვის. ისტორიული-პოლიტიკური კონტექსტის გარეშე შეუძლებელია ასეთი საკითხების გადაწყვეტა.

სწორედ ასეთი პირობით შეიძლება ლაპარაკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.

სულ არ არის საინტერესო, კონსტიტუციონალისტები როგორ მოიხსენიებენ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის ფორმას. საინტერესოა, რამდენად მყარი და ნაკლებრისკიანი იქნება ერთიანი ქართული იდეისათვის დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქვეყნის შიდა მოწყობის სუბიექტებს შორის, მაგრამ ცალსახაა – ქვეყნის ფედერალიზაცია ვერ გადააწყვეტინებს საქართველოს უკვე განდგომილ რეგიონებს რეინტეგრაციას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ეყრდნობა რა, უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის აუცილებლობის ძირითად პრინციპებს, კვლავ ხაზს უსვამს, რომ არსებული კრიზისული მდგომარეობიდან საქართველოს გამოსახსნელი ერთადერთი გზაა ყველა ეროვნული ღირსების მქონე ჯანსაღ ძალთა გაერთიანება და ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისათვის ბრძოლა, რათა საქართველომაც პირუთვნელად უნდა აღასრულოს თავისი სულიერი მისია კაცობრიობის წინაშე.

 

***

VI. ხალხი და დემოკრატია სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენისათვის

 

სამართალმემკვიდრეობისა და კანონიერების აღდგენისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს თავად ხალხის როლი და დემოკრატიის სწორი არსი, რამდენადაც უნდა გვახსოვდეს, რომ ძალაუფლება და თავისუფლება ერთმანეთის ბუნებრივი მტრები არიან, რამდენადაც ხშირად დემოკრატია და თავისუფლებაც გაიგივებულადაა მიჩნეული, ეს კი ჭეშმარიტებას არ შეესაბამება.

როგორც ცნობილია, თანამედროვე მსოფლიოში ლეგიტიმაციის მეთოდად სამართლიანი არჩევნები მიიჩნევა, ანუ ის, თუ როგორ ახორციელებს ხალხი ხელისუფლებას. ამისათვის კი საჭიროა სამოქალაქო მებრძოლი საზოგადოების ჩამოყალიბება, რაც ბევრად უფრო რთული პროცესია, ვიდრე სრულყოფილი კანონების შექმნა.

დემოკრატიის პრინციპის მიხედვით, ხელისუფლების მართვა–გამგეობა მხოლოდ მართულთა თანხმობით უნდა ხორციელდებოდეს. ამ თანხმობის ყველაზე სრულყოფილი ფორმაა, როდესაც მოქალაქეები თვითონ ახორციელებენ თვითმმართველობას და ემორჩილებიან მათივე შექმნილ კანონებს. თვითმმართველობამ შეიძლება წარმომადენლობითი ან უშუალო დემოკრატიის სახე მიიღოს, თუმცა ხალხის ნების პირდაპირი გამოხატვა ზოგჯერ გადაულახავ ტექნიკურ სიძნელეებს წარმოშობს. ხალხის საქმეა, რომ მიანიშნოს, რას ფიქრობს ხელისუფლებაზე, თუ იგი არღვევს კონსტიტუციას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს საკუთარ უფლებებზე უარის თქმას. ხალხი სულ ცოტა იმდენ ძალაუფლებას მაინც უნდა ინარჩუნებდეს, რაც საშუალებას მისცემს მას, უკან დაიბრუნოს სხვისთვის გადაცემული უფლებები, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ვერ გაამართლებს მინიჭებულ ნდობას და დაარღვევს ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ხელისუფლების დანაწილებაცა და სახალხო ნებაც თავისუფლებას ემსახურებიან, თანაც სახალხო ნება არის თვითმმართველობის ფორმა.

აქვე, კვლავ თავს იჩენს ლეგიტიმური გადაწყვეტილება და თუ ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას, რა როლი უჭირავს დემოკრატიულ ღირებულებებს კონსტიტუციონალიზმთან მიმართებაში. დემოკრატია და კონსტიტუციონალიზმი ვერანაირად ვერ გაიგივდება ერთმანეთთან, მაგრამ თანამედროვე კონსტიტუციური სისტემა ვერ იარსებებდა დემოკრატიული ლეგიტიმაციის გარეშე. ამიტომ კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე იდეალი ვერ უარყოფს ხალხის სუვერენიტეტს, ამის ნაცვლად იგი საკუთარ სისტემაში ნერგავს დემოკრატიის გარკვეულ მოლოდინსა და პრინციპებს.

საჭიროა, რადიკალურად შეიცვალოს, როგორც ლიბერალური, ისე დემოკრატიული აზროვნებისათვის დამახასიათებელი პერსპექტივები.

ლეგიტიმურობის წყარო არ არის წინასწარ განსაზღვრული ნება, არამედ იგი გადაწყვეტილების შემუშავებისას არსებული მსჯელობა და დისკუსიაა. ლეგიტიმური გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ყველა ადამიანის ნებას, იგი არის შედეგი საყოველთაო დისკუსიისა, რომელშიც მონაწილების უფლება აქვს ყველა მოქალაქეს. ამ გაგებით დემოკრატია კონსტიტუციური, ანუ ხელისუფლების შემზღუდველი ხდება სწორედ იმიტომ, რომ ხალხია სუვერენული და სხვას არავის და არცერთ ინსტიტუტს არ შეუძლია სუვერენული ხელისუფლების პრეტენზია განაცხადოს. მთელი ის ძალაუფლება, რაც კონსტიტუციურ ინსტიტუტებს აქვთ, სწორედ ხალხმა მიანიჭა მათ.

მეორეს მხრივ, ხალხის სუვერენიტეტი სულაც არ ნიშნავს, რომ მათ ვინც ამ სუვერენიტეტს ახორციელებს, შეუძლიათ სუვერენულად განაგონ ყოველი ადამიანის ბედი. გამარჯვებული იღებს ყველაფერს – ეს პრინციპი მიუღებელი უნდა იყოს. უმრავლესობის ნების გამოხატულება, რეფერენდუმისა თუ ერის ნაწილის მიერ სამართლებრივად და კანონიერად არჩეულ საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით, მთელი ხალხის ნებაა და ამიტომ ყველასათვის სავალდებულოა. ასეთი უმრავლესობის ნება მისაღები უნდა იყოს, რადგან შეუძლებელია აბსოლუტური ერთსულოვნების მიღწევა, სამართლიანობისა და კანონიერების უმრავლესობის წესი კი ყოველთვის უნდა უზრუნველყოფდეს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის არაორაზროვან შედეგს.

ამავდროულად, თანასწორობა ერთ–ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს, ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მხოლოდ კონსტიტუცია ზღუდავს მოქალაქეთა დემოკრატიული მონაწილეობის მეშვეობით მისაღები გადაწყვეტილებების სფეროსა და შინაარს. ამ საკითხში მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციამ უმცირესობა უმრავლესობისაგან დაიცვას და პირიქითაც. ასეთი დაცვის მექანიზმები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ის, რასაც უმრავლესობის ტიტული აქვს სინამდვილეში უმცირესობის ბატონობას ნიშნავს და პირიქით, როცა ხელისუფლებაში მოსული პირები განუდგებიან ხალხის ნებას. მათ უმრავლესობა ჰქვიათ, პრაქტიკულად კი უმცირესობაში არიან.

სწორედ ასეთი, კანონიერი და შემდგომ ახალი სამართლებრივი კონსტიტუცია უნდა უზრუნველყოფდეს, როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის უფლებათა დაცვასაც. დაცვის მძლავრი მექანიზმი კი უნდა იყოს დემოკრატიის ბურჯი – სამართლებრივი და კანონიერი უზენაესი სახალხო სასამართლო. სასამართლოს როლი ხელისუფლების დაბალანსებაში მნიშვნელოვანია. უარყოფილ უნდა იქნეს ის მოძღვრება, რის მიხედვითაც მოსამართლე მხოლოდ კანონის რუპორი იქნება და რაც მოსამართლეებს საკანონმდებლო ხელისუფლებაზე უფრო დაბალ დონეზე არ დააყენებს.

ამგვარად ხელისუფლების დანაწილების ერთ–ერთი უმთავრესი პრინციპია ხელისუფლების შტოების იმგვარად ფორმირება, რომ დაცული იქნას მათ შორის წონასწორობის პრინციპი. წონასწორობის პრინციპის დაცვას კი ემსახურება: 1. ხელისუფლების შტოების გამიჯვნა; 2. მათი ფორმირებისას, ერთმანეთზე დამოკიდებულება; 3. დამოუკიდებელი საქმიანობა და ერთიანი გადაწყვეტილებები; 4. დემოკრატიის ჭეშმარიტი, სამართლებრივი ცნება: ა) ხალხი, როგორც ხელისუფლების ერთადერთი წყარო; ბ) ლეგიტიმაციის საკითხები; გ) ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ეროვნული უფლებები და თავისუფლებები.

სახელმწიფო განსაკუთრებული სამართლებრივი, კანონიერი და კონსტიტუციური წესით მოწყობილი პოლიტიკური ეროვნული ინსტიტუტი უნდა იყოს. სახელმწიფო ენა კი ამ ეროვნული სტატუსით უნდა იყოს განსაზღვრული ქვეყნის კონსტიტუციაში.

ქართული და ქართველური ენა საქართველოსათვის უპირველესია.

მთავარ, პირველ და უკანასკნელ ძალას სახელმწიფოში უნდა წარმოადგენდეს, რა თქმა უნდა, ხალხი. მხოლოდ ხალხის მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს ნებისმიერი სახელმწიფო სახელისუფლებო ძალაუფლება.

კაცობრიობამ, კერძოდ, საქართველომ, თავის ისტორიულ განვითარებაში გაიარა ბევრი სახელმწიფოებრივი წყობილება და ხალხის მიერ მრავალი საუკუნის განმავლობაში შექმნილ იქნა უამრავი ეროვნული სიმდიდრე, დამკვიდრდა ხალხის უფლება, აირჩიოს თავისი მმართველი ხელისუფლება და გაუწიოს მას კონტროლი. სწორედ ამას ჰქვია დემოკრატიული სახელმწიფო.

ხალხი იმიტომ უნდა აკონტროლებდეს ხელისუფლებას, თანამდებობის პირებს, რომ ისინი არსებობენ ხალხის ხარჯზე და ამიტომაც ხელისუფლებამ უნდა დაიცვას ხალხის უფლებები, ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ განვითარებას, ეკონომიკას, მიიღოს კანონები ხალხის უმრავლესობის სასარგებლოდ, გაატაროს სწორი შიდა და საგარეო პოლიტიკა – ამას ჰქვია დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლება და არა იმას, რომ ხელისუფლებამ იფიქროს მხოლოდ თავის გადარჩენაზე ხალხის მოტყუებითა და ძალადობით. სახელმწიფო თანამდებობა უნდა იყოს დიდი პასუხისმგებლობა ერის წინაშე.

ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნება წყვეტს ყოველი ხელისუფლების ბედს და ეს საყოველთაოდ ცნობილია. ხელისუფლების შეცვლა, ხალხის გარდა, სამართლებრივი და კანონიერი გზის გარეშე, არავის და არანაირი უკანონო ხერხით არ უნდა შეეძლოს.

ხალხს არ უნდა ჰქონდეს შიში უსამართლობის წინაშე და, საბოლოო ჯამში, ცხოველურ-ხორციელი შიში, რითაც სარგებლობს და ყოველთვის შეიძლება ისარგებლოს უკანონო და უზნეო ხელისუფლებამ თავისი ბუნებიდან გამომდინარე.

ყოველ ადამიანს აქვს უფლებები და თავისუფლებები, მაგრამ უფლებებისა და თავისუფლებების გარდა, მას აქვს მოვალეობები, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოებისა თუ მისი თითოეული წევრის წინაშეც.

და ბოლოს, განსაკუთრებით, როგორც მორწმუნე ერს, უნდა გაგვაჩნდეს სიყვარული და შიში ღვთის წინაშე.

მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ თვითონ, ყოველი ჩვენგანი, ქართველი ხალხი არ იბრძოლებს სამართლიანობისა და კანონიერების აღსადგენად, ვერასოდეს მოვიპოვებთ სახელმწიფოებრივ თავისუფლებას, თუ მთლიანი საქართველო არ გავხდებით თავისუფალი.

მწვავეა სიმართლე და ძნელიც, მაგრამ აუცილებელი, რადგან სიმართლეა თავისუფლება და თავისუფლებაა სიმართლე. სიმართლე და თავისუფლება არაფერში გაიცვლება. მხოლოდ სიმართლე სპობს შიშს და აძლევს ადამიანს თავისუფლებას და მხოლოდ სიმართლით იმარჯვებს ხალხი.

 

***

 

VII. თავისუფლება დამოუკიდებლობისა და კანონიერების დასაცავად

 

საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ ეროვნულ–განმათავისუფლებელმა მოძრაობამ მოუტანა.

საქართველოს ეროვნულ, კანონიერ ხელისუფლებაში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა შევიდა არა მარტო ლიდერების, ან პარტიების სახით, არამედ იმ სულისკვეთებისა და განწყობის სახით, რასაც მანამდე მთელი ერი ეზიარა. ეს სულისკვეთება გახლდათ თავისუფლებისაკენ სწრაფვის კატეგორიული იმპერატივი.

თავისუფლებას პოზიტიური აზრით, ზნეობრივი საფუძვლებიც აქვს და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ხალხმა ხმა მისცა არამარტო რომელსამე კონკრეტულ პარტიას თუ პიროვნებას, არამედ მათი სახით თავისუფალ ქვეყანას.

ხალხი არ აძლევს თავის ხმას მონობას!

მონობას საქართველოში არ უწერია ლეგიტიმაცია!

საქართველოს მოსახლეობა არა მონობაში მყოფი, არამედ თავისუფალი ქვეყნის შვილებია და ასეც უნდა იყოს.

სულელი უნდა იყოს ადამიანი, ვინც არ ფიქრობს, რომ საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა, სამშობლოს სახელმწიფოებრივობის კეთილდღეობისა და პრიმატის გარეშე შეიძლება. დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს გარეშე ასეთი ადამიანის კეთილდღეობა დროებითი და დაუცველია.

დასავლური, ცივილური საზოგადოება, თავისუფლების ხარისხითაა მიმზიდველი. ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის წინააღმდეგ ბრძოლას სწორედ ხალხისათვის თავისუფლების წართმევის სარჩული უდევს საფუძვლად. რეალური და ჭეშმარიტი დემოკრატიის მიღწევის უმთავრესი ელემენტი კი არის ობიექტური, საყოველთაო, სამართლებრივი და კანონიერი სახალხო არჩევნები.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებსა და დეპუტატებს, მათი არჩევის შემთხვევაში, მათ პარლამენტში შეაქვთ არა მარტოოდენ თავიანთი პროგრამების კონკრეტული შინაარსი, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათთვის დამახასიათებელი თანამშრომლობისა და ურთიერთობების სტილი. პარლამენტი ისეთია, როგორც მასში შემავალი პარტიების შინაგანი წყობა, მენეჯმენტი. პარლამენტში წარმოდგენილია თავისუფლებისა და დემოკრატიის ის ხარისხი, რითაც პოლიტიკური პარტიები და დეპუტატები ხასიათდებიან.

ამიტომ ქვეყნის მოწყობის თვალსაზრისით უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს პოლიტიკური კულტურა, რითაც ხასიათდება პარტიათა და დეპუტატთა შინაგანი ცხოვრება, საკითხების დასმის, განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების დირექტიული, ავტორიტარული, ხულიგნური თუ დემოკრატიული სტილი, საზოგადოებასთან ურთიერთობების გახსნილობის ხარისხი და ინტენსიობა. პიარსტრატეგიების პოზიტიური მნიშვნელობა, უპირველესყოვლისა, პარტიათა და დეპუტატთა საზოგადოებასთან ურთიერთობების ოპტიმალურ მოწესრიგებას გულისხმობს. პარტიები და დეპუტატებია ის ინსტრუმენტები, რისი საშუალებითაც საზოგადოება უნდა მართავდეს საკუთარ სახელმწიფოს. ჩვენთან, დღესდღეისობით, პარტიათა უმრავლესობა ხელისუფლების, გარეშე ძალების და არა საზოგადოების მიერაა შექმნილი და დაფინანსებული, ამოტომ ისინი სწორედ ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს, ანუ საკუთარ და არა საზოგადოების ინტერესებს იცავენ. ხელისუფლება არ ფლობს რეალურ ლეგიტიმურობას, თუ საზოგადოებას არ გააჩნია პარტიებზე და ინდივიდუალურ დეპუტატებზე ზემოქმედების და მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა.

არჩევნები, თუნდაც გაუყალბებელი, ხელისუფლების ლეგიტიმურობის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ფაქტორია. ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხს გამსაზღვრავს პარტიათა დემოკრატიულობისა და ღიაობის ხარისხიც. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ხელისუფლების რეალური და არაფორმალური ლეგიტიმაციის დეფიციტი წარმოადგენს. სახელმწიფო უდრის მის ხელისუფლებას, ხოლო ხალხი სახელმწიფოს გარეშეა დარჩენილი.

სამართლებრივი და კანონიერო ხელისუფლების არჩევნების ლეგიტიმურობა სწორედ ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის, ეროვნულად განწყობილი საზოგადოების წიაღში შექმნილმა და არა ხელისუფლების მიერ ხელოვნურად დაარსებულმა და ცალკეული პიროვნებების მიერ დაფინანსებულმა და მართულმა პარტიებმა განსაზღვრეს.

უზენაესი საბჭოს სუსტი მხარე სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ჭეშმარიტად ლეგიტიმური პარტიების გვერდით მასში წარმოდგენილი იყო ფსევდო-ლეგიტიმურ პარტიათა და დეპუტატთა რიგი, რომლებიც ცდილობდნენ შიგნიდან აეფეთქებინათ დამოუკიდებლობისაკენ მსწრაფი ქართული, ეროვნული პარლამენტი და გაეტარებინათ იმათი ინტერესები, ვინც შექმნა და აფინანსებდა მათ.

უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი სამართლებრივი სახელმწიფოს მოდელი სწორედ პოლიტიკური პარტიებისა და თავისუფალი დეპუტატების შიგნით ყალიბდება.

დამოუკიდებლობის შენარჩუნებას საქართველო შესძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლებას მოიპოვებს და შეინარჩუნებს. ამისათვის აგრეთვე საჭიროა: ა) დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება; ბ) საზოგადოების გარკვევა დემოკრატიასა და პროსაბჭოულ დემონოკრატიას შორის სხვაობაში; გ) კორუფციის ფენომენის პოლიტიკური ასპექტების გაცნობიერება და მასთან ბრძოლა არა როგორც ეკონომიკურ დანაშაულთან, არამედ როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ მომარჯვებულ პოლიტიკურ იარაღთან; დ) სოციალურად დაუცველი, ტრავმირებული მოსახლეობის ფენებისათვის, დევნილებისათვის დახმარების გაწევა, მათთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების გაგრძელება; ე) დევნილთა სოციალური იზოლაციიდან გამოყვანა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესის ინტენსიფიკაცია; ვ) აფხაზეთისა და შიდა ქართლის პრობლემების პოლიტიკური გზით გადაჭრის დაჩქარება; ზ) ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნება; თ) განათლების სისტემის რადიკალური რეფორმირება, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კორუფციის აღმოფხვრა. სწავლების ფორმებისა და მეთოდების გადაფასება; ი) კომუნიკაციის არადირექტიული, ფსიქოლოგიურად კორექტული ფორმების სწავლება და დანერგვა; კ) დამოუკიდებელი აზროვნების ტენდენციის წახალისება.

დღეს ბრძოლით ხელახლა უნდა მოვიპოვოთ თავისუფლებაცა და კეთილდღეობაც.

ბრძოლის გარეშე ვერავინ ვერაფერს მოიპოვებს.

უნდა აღსდგეს საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკური ორგანიზაციები, დამფუძნებელი ორგანიზაციები, უნდა გააქტიურდნენ ახალი ორგანიზაციებიც, თუ ისინი ნამდვილი ორგანიზაციებია და არა ხუნტისა და მტრების მიერ ეროვნულ მოძრაობაში შემოგზავნილი.

საქართველოს იხსნიან მისი საუკეთესო შვილები, თავდადებული და თავგანწირული შვილები.

საქართველოს იხსნის მისი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა.

 

***

დასკვნა – ეპილოგის მაგიერ

 

საქართველოს გადასარჩენად აუცილებლად სჭირდება ეროვნული ხასიათისა და სულის მქონე პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური სტრუქტურები, სჭირდება განახლებული ეროვნული აზროვნება და ყოველივეს, ნებისმიერ ეროვნულს კი, პირველ რიგში აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ეროვნული იდეოლოგია და თეორია, საყოველთაოდ გაზიარებული და დაფასებული ავტორიტეტული აზრი და სიტყვა.

აღსანიშნავია ასევე, რომ ათასწლეულებია, რაც ადამიანი, კაცობრიობა განუყოფელია სარწმუნოებისაგან და სწორედ ამ თვალსაზრისით, ამ კუთხით უნდა შევხედოთ სადღეისო პრობლემებსაც — განსაკუთრებით კი უფლის, სარწმუნოებისა და აქედან გამომდინარე ზნეობრიობისა და სულიერების ავტორიტეტსა და ძალაუფლებას, რასაც უნდა ნერგავდეს და ახორციელებდეს დედაეკლესია.

ტრადიციული ანუ რელიგიაზე, სარწმუნოებაზე, შესაბამისად, ზნეობასა და სულიერებაზე დაფუძნებული სახელმწიფოები იმართებოდა სიტყვის ავტორიტეტზე, თაყვანისცემაზე დაყდნობით. სიტყვაზე დაყრდნობით — ტაძრის, ეკლესიის, მეფის სიტყვისმიერ (მორალურ, ზნეობრივ და სულიერ) ავტორიტეტსა და სიტყვისმიერ თაყვანისცემაზე დაყრდნობით, რაც, თავის მხრივ, უფლის, ღვთაებების ავტორიტეტისა და თაყვანისცემიდან ამოიზრდებოდა, მომდინარეობდა, ანუ განსახელმწიფოებრიებულ ხალხს აერთიანებდა სიტყვა და არა მატერიალური რამ (ოქრო-ვერცხლი, ეკონომიკა, ფინანსები, არმია და სხვა მსგავსი).

არსებითწილად სახელმწიფოების წარმოქმნა და განსახელმწიფოებრივებული ხალხების არსებობისა და ორგანიზაციის საყოველთაო წესად, ხერხად და მეთოდად გადაქცევა უმჭიდროესადაა დაკავშირებული „სახელმწიფო რელიგიაზე“, „სახელმწიფო სარწმუნოებაზე“, „სახელმწიფო სიტყვაზე“, ანუ ისევ და ისევ სიტყვის (არამატერიალურის) ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებულ სისტემაზე.

სარწმუნოებაზე, სიტყვაზე, ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი სისტემები წარმატებით არსებობდნენ ათასწლეულების განმავლობაში მანამ, სანამ ფულად-სასაქონლო ურთიერთობები იმდენად არ განვითარდნენ, რომ დაიწყეს სიტყვის ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებული სისტემების ჯერ ჩანაცვლება და შემდგომ შეცვლა-გარდაქმნა.

ორიათასი წლის წინ კაცობრიობის ცხოვრებასა და არსებობაში უდიდესი გარდატეხა მოხდა — განკაცებული უფალი, სიტყვა თვით მოევლინა ამ ქვეყანას და აჩუქა საკუთარი ადამიანური არსის მეშვეობით სიყვარულის სიტყვა. ათასწლეულების განმავლობაში ხალხში ღვთიური ძალით დათესილი სიტყვის მოლოდინი სიტყვად გადაიქცა და მოევლინა. ამის შემდგომ კაცობრიობისათვის სიტყვის მთავარი მნიშვნელობა სიყვარული შეიქნა და ამ სიყვარულის ავტორიტეტი და თაყვანისცემა.

უფალთან დაახლოებამ ყოველ ცალკეულ ადამიანს, ცოდვათა მიტევების, სამუდამო სასუფევლის, უფლის მადლის მოპოვების საშუალება მისცა, რათა გათითოკაცებული ადამიანები კვლავ და უფრო ძლიერად გაერთიანებულიყვნენ ღვთის სიყვარულში და ურთიერთისადმი ღვთიურ სიყვარულში. ამდენად გათითოკაცებული ადამიანების გაერთიანების საფუძველი გახდა უფლის ავტორიტეტი და თაყვანისცემა. მართალი და შეურყვნელი ღვთიური სიტყვა კი, პირველ რიგში, მოციქულთა და წმინდა ღვთისმეტყველთა საშუალებით მიჰქონდათ მიწიერ და ცოდვილ ადამიანებთან. ღვთიური სიყვარულის სიტყვაზე დაყრდნობით, ამ სიყვარულში მადლიანი გაერთიანებით, ადამიანის თანდაყოლილი და შეძენილი სულიერი სნეულებების მიუხედავად, ქრისტიანი ხალხები საოცარი ტემპებით განვითარდნენ, მათ შორის, ეკონომიკურად, სოციალურად, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაზრისით. ქრისტიანული ქვეყნები ყოველმხრივ დაწინაურდნენ და თანამედროვე ცივილიზაციის მამოძრავებლები გახდნენ, მაგრამ ეკონომიკურმა განვითარებამ, მატერიალური სიმდიდრის უზარმაზარმა დაგროვებამ, სიყვარულის სიტყვის მადლის მეოხებით განვითარებულ და დაწინაურებულ ხალხებშიც გააჩინა მატერიალურის, სიმდიდრის გაკერპების ტენდენციები. სიმდიდრის, მატერიალურის კერპი თანდათანობით სულ უფრო და უფრო ძლიერი გახდა და ძლიერად დაუპირისპირდა ღვთიური სიყვარულის სიტყვას. სამწუხაროდ, მანამდე ასკეტიზმით გამორჩეულ ეკლესიაშიც დაიწყო სიმდიდრის კერპმა გავლენის მოპოვება.

იმისათვის, რომ შეესუსტებინათ და შემდეგ მოესპოთ სიტყვის ავტორიტეტსა და თაყვანისცემაზე დაფუძნებული სისტემები, ფულად-სასაქონლო სისტემაზე დაფუძნებულ, აგებულ სისტემებს (და მათ შორის, სახელმწიფოებრივებს) პირველ რიგში, უნდა მოესპოთ ზოგადად სიტყვის, ანუ საერთოდ ავტორიტეტისა და თაყვანისცემის გავლენა, შესაბამისი ინსტიტუტიები, წეს-ჩეულებები, ტრადიციები, დაესუსტებინათ და სახელი გაეტეხათ სიტყვის მცველი ეკლესიისათვის და სანაცვლოდ დაენერგათ სიტყვისგარეშე, სიტყვისმგმობელი ე. წ. „დამოუკიდებელი“, „თავისუფალი“, „ლიბერალური“, „პლურალისტული“ ამორფული აზროვნება, რასაც არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს ფუნდამენტური, საყოველაო ავტორიტეტი და მათდამი თაყვანისცემა, ანუ უნივერსალურ და საყოველთაო ღვთაებრივ სიტყვაზე დაფუძნებული რაიმე.

სიყვარულის სიტყვის მადლს მოკლებული, ატომიზებული საზოგადოების ადამიანი, მარტოსული, უძლური ხდება გაუგოს და დაეხმაროს სხვა ადამიანებსა და საზოგადოებებს, ჩაწვდეს მათს ჭირ-ვარამს. იგი შეუთავსებადი, ყინულივით ცივი ხდება სხვის მიმართ და ამდენად, საკუთარი თავის მიმართაც.

სამწუხაროდ, დღეს არსებული აღზრდისა და სწავლების სისტემები სულ უფრო მეტად წვრთნის ფუნქციით შემოიზღუდებიან და იმთავითვე უნერგავენ ახალგაზრდობას ნიჰილიზმს, ავტორიტეტისა და თაყვანისმცემლობის უარყოფას უნერგავენ, რომ არ არსებობს რაიმე უნივერსალური, საყოველთაო და, მით უმეტეს, ღვთიური დოგმები, წესები და წესრიგი. განათლების სისტემა, ანუ ღვთიურ სინათლესთან სულიერი ზიარების სისტემა, სრულებით ისპობა.

პრაქტიკულად არსებობს მხოლოდ ერთი, ფუნდამენტურად უცხოური ფესვების მქონე ცენტრალიზებული მატერიალური ინტერესებით შედუღაბებული, ორგანიზებული, კომპრადორული, გლობალისტური პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალა, მმართველი კლასი, რომელსაც უპირისპირდებიან აგრეთვე მატერიალური ინტერესების ზეგავლენაში მყოფი ოპოზიციური ძალები, რომლებიც ვერაფრით ვერ ერთიანდებიან იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ არც ერთიანი ავტორიტეტები და სათაყვანისცემო ობიექტები და არც ერთიანი დამფინანსებელი.

უფლისადმი სულიერ დამონებას, მორჩილებასა და თაყვანისცემას მასობრივად ცვლის კერპთაყვანისმცემლური მისწრაფება მატერიალური ღირებულებების, ფულის, დოვლათისა და სიმდიდრისადმი.

ქართული ეროვნული მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და კანონიერი ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა „კატეხიზმო“ წარმოადგენს მზა პასუხებს ყველა იმ პროვოკაციულ საკითხზე, რაც კი ანტიეროვნულად განწყობილმა წრეებმა შეიძლება წამოჭრან, რათა ეროვნულად განწყობილ ქართველობას მიეცეს დასაბუთებული, დოკუმენტირებული არგუმენტები მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ და მიეცეს ზოგადი მეთოდოლოგიური საფუძველი კამათისა და სიმართლის დასამტკიცებლად.

მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის კონცეფციის ობიექტური და აუთენტური ისტორიის შექმნა, დღეს არსებული პრიორიტეტებისა და თეორიულ-მსოფლმხედველობრივი მიდგომების გადასინჯვის საჭიროებაც და წყაროთა კორპუსის მნიშვნელოვანი გაფართოება.

ახლებური კონცეპტუალური მიდგომის ერთ-ერთი აუცილებელი გამოვლენაა, საჭიროებისამებრ, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდიზაციის მეტ-ნაკლებად ოპტიმალური სქემის ფორმირებაც: რა შეიძლება ავირჩიოთ ძირითად კრიტერიუმად, ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის პროცესის შინაგანი ეტაპების კლასიფიკაციის სისტემად ამ სფეროში, სადაც ძირითად ორიენტირს უნდა წარმოადგენდეს ქართული ეროვნული იდეა – საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეა. ამ იდეის მატარებელი ადამიანები თუ სოციალური ჯგუფები უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის სუბიექტს. ეს სუბიექტი, ცხადია, ყოველთვის იყო გარკვეული ერთობა, გარკვეული ეროვნული მოთხოვნილებებისა და ინტერესების მქონე ადამიანთა აპოლიტიკური დასი. ამასთან, ეს კოლექტიური და იერარქიზებული სუბიექტი, არსებული კრიზისული სიტუაციების პერიოდული ცვალებადობის კვალად, თვითონაც იცვლებოდა რაოდენობრივადაც და ხარისხითაც, განიცდიდა ევოლუციას. სწორედ ამ ევოლუციის ცალკეული ფაზების კონტექსტშია მიზანშეწონილი ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ეტაპობრივი დიფერენციაცია. ეროვნული მოძრაობის სუბიექტის შინაგანი დინამიკაა სწორედ ამ უაღრესად ღირებული და პროგრესული პოლიტიკური პროცესის პერიოდიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორი და მისი იმანენტური თვისობრიობისა და ორგანიზაციის ფორმების პოლიტოლოგიური ანალიზისათვის მეცნიერული ბერკეტი.

შესაძლოა, ისტორიის ამ ფაზაზეც, როცა კვლავ არსებობს და საგრძნობლად გაღრმავდა მმართველი რეჟიმის დელეგიტიმაციის პროცესი, საქართველოში კვლავ დღის წესრიგში დადგეს თავისებური ორხელისუფლებიანობის სიტუაციის წარმოშობა. სახელისუფლო თუ ოპოზიციური სტრუქტურებისა და ფრთების პოლიტიკური პოტენციიის გამოფიტვისა და მათი მზარდი დეზორიენტაციის პარალელურად, სულ უფრო გაიზრდება ეროვნული–განმათავისუფლებელი მოძრაობის ავტორიტეტი და პოლიტიკური რესურსები. მიუხედავად იმისა, რომ პარადიგმამ ,,ჩვენ და ისინი” მიიღო ტოტალური ხასიათი, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელმა მოძრაობამ შეძლო იმ ძალების ბლოკირება და ფაქტობრივი იზოლაცია, რომლებიც ამუხრუჭებდნენ ეროვნული იდეის რეალიზაციის პროცესს. ორხელისუფლებიანობის რეჟიმის დამკვიდრებას, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს იმპერიულ ცენტრში მიმდინარე პროცესებიც.

საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში ინტეგრირებულმა ძალებმა იმპერიულ ცენტრთან და მის ადგილობრივ ადმინისტრაციასთან ბრძოლის თავისებური, ფრთხილი სინთეზური ტაქტიკაც შეიძლება აირჩიოს ასევე ტაქტიკური ბრძოლის ორიენტირად. ამ ტაქტიკაში ერთმანეთს უნდა შეერწყას, როგორც სამოქალაქო და ეროვნული დაუმორჩილებლობის კურსი, ისე წმინდა პოლიტიკურ-პრაგმატული თვალსაზრისით აუცილებელი მოლაპარაკებებისა და იძულებითი კონტაქტების (მაგრამ არა კაპიტულაციებისა და კომპრომისების) კურსი, რის საფუძველზეც რეჟიმის მიერ თავისივე განვლილი პერიოდის უკანონობა უნდა დაფიქსირდეს თავიანთივე გადაწყვეტილებით. შემდგომ კი ერთობლივი შეთანხმებით, უშუალოდ კანონიერი ხელისუფლების მიერ უნდა დაინიშნოს საყოველთაო, ლეგიტიმური, მრავალპარტიული, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები.

ცხადია, რომ ამას ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო დონეზე გლობალურმა პროცესებმაც, რისი იურიდიულ ბაზა საჭიროებისამებრ უნდა შექმნას გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალური დეკლარაციით, რითაც ბოლო მოეღება ე. წ. თალასოკრატიული იმპერიების არსებობას. ამ იმპერიების ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ სტრუქტურას მეტროპოლია-კოლონიის სუბორდინაციის სისტემაზე აგებული იურიდიული ხასიათი უნდა ჰქონდეს.

საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელმა მოძრაობამ უნდა განმარტოს ულტრარადიკალების მცდარი და უიდეო ტაქტიკური ჩავარდნები, რეალურად ეროვნული ოპოზიციური სტრუქტურების კოორდინაციის გზით უნდა უნდა აიღოს პოლიტიკური ინიციატივა ეროვნული იდეისა და ლეგიტიმიზაციის ფაზის განხორციელებისათვის,

ამ ახალ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავისებურებები ისაა, რომ იგი ამიერიდან სათავეში უნდა ჩაუდგეს ბრძოლას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ბრძოლაში, რამდენადაც მას ენიჭება დუალისტური ფუნქცია – ის, თავის კანონიერ და სამართლებრივ სტრუქტურებთან (ინსტიტუციებთან) ერთად, წარმოადგენს, როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ასევე ეროვნული მოძრაობის წარმმართველ ცენტრსაც, ეროვნული დაუმორჩილებლობის მთავარ იურიდიულ ინსტიტუტს.

ამდენად, აუცილებელია დაიწყოს საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლეგიტიმიზაციის, სამართლებრივი განსახელმწიფოებრივობის ახალი ეტაპი, რადგანაც საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა კონსტიტუციურად თავად წარმოადგენს სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეროვნულ ხელისუფლებას, ქვეყნის პოლიტიკური სივრცის იურისდიქციის სუბიექტს.

რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია, რატომ უნდა უწოდონ არსებული სამართლებრივი და კანონიერი კონსტიტუციური სისტემის ფარგლებში და საარჩევნო კანონმდებლობის ბაზაზე განხორციელებულ პოლიტიკურ ცვლილებას გადატრიალება ან ე. წ. ,,რევოლუცია”?! ამ მოვლენისათვის შეიძლება მშვიდობიანი, სამართლებრივი, კანონიერი სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების აღდგენა გვეწოდებინა, რასაკვირველია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მოხდებოდა მმართველ რეჟიმზე არაძალადობრივი დაუმორჩილებლობის აქციის ზეწოლის სახით და დაუმორჩილებლობის კოორდინატორი სტრუქტურა შეიძენდა საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივებს.

სამართლებრივი და კანონიერი არჩევნების გზით მოსული ლეგიტიმური ხელისუფლება უნდა გახდეს სამართლებრივად წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირმშო, საერთო-ეროვნული სუვერენიტეტის განსახიერება და არა – სახელმწიფო გადატრიალების პროდუქტი.

საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენების მიზიდულობის ცენტრი უდავოდ სამართლებრივი, კანონიერი და ეროვნული სუვერენიტეტის აღდგენის იდეა უნდა იყოს და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღორძინების კონტექსტში უნდა გავიაზროთ. ეროვნულ-პოლიტიკური თვითიდენტიფიკაციაში უნდა დავინახოთ ამ მოვლენის არსი და იმპერიალისტურმა ნომენკლატურულმა ფაქტობრივმა რეჟიმმა სწორედ რომ ვერ უნდა გაუწიოს რეალური წინააღმდეგობა სამართლებრივი, კანონიერი, ეროვნული ძალების ხელისუფლების სათავეში დაბრუნების პროცესს, რამეთუ პოლიტიკური ტრანსფორმაციის შეფასება კომპლექსურ-ინდუქციური პოლიტიკური ანალიზის საფუძველზე გაცილებით მართებული, ობიექტური იქნება და უნდა შეფასდეს შემდგომ მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთიან სისტემაში და არა – მათგან იზოლირებულად და განყენებულად.

პროცესის ამგვარი დეფინიციის საფუძველს ქმნის კითხვაზე პასუხის გაცემაც, თუ რაში მდგომარეობდა საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული და სულიერი წყაროები და, სახელდობრ, რომელ საგარეო ძალას დაუპირისპირდა იგი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობა, როგორც ადრე დაუპირისპირდა, შეიძლება კვლავ დაუპირისპირდეს მსოფლიო იმპერიალისტურ ძალებს. ისტორიულადაც ხომ ამ ბრძოლებში, ეროვნული იდეალებითა და პოლიტიკური გამოცდილებით იკვებებოდა XIX საუკუნის დასაწყისის მონარქისტული განმათავისუფლებელი მოძრაობა, XIX საუკუნის II ნახევრის ლიბერალურ-დემოკრატიული მოძრაობა (,,ილიას დასი”), ასევე 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკაც. ამდენად, ეს იყო და არის სერიოზული ეტაპი ჩვენი ქვეყნის ეროვნული აღორძინების გზაზე. თვით აღორძინების არსი, უპირველეს ყოვლისა, არის ეროვნული ისტორიის ღრმა სულიერი გააზრება, ისტორიული ეროვნული თვითშემეცნების აღდგენა, იმპერიათა ექსპანსიამდე არსებული ტრადიციებისაკენ მიბრუნება. აღორძინება ხომ თავადვე მოიაზრება, როგორც მთელი ერის მობილიზაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მოპოვებისათვის საბრძოლველად, როგორც მთელი მამულის კონცენტრაცია ეროვნული იდეის ბაზაზე.

კიდევ ერთი ფუძემდებლური მომენტი: ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აუცილებლად უნდა დადგეს ერის გვერდით. მან მთელი თავისი სულიერ-ზნეობრივი ძლიერებით უშუალო მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთო-ეროვნული აღორძინების პროცესში, რითაც უნდა გამოიკვეთოს ჩვენს ეპოქაში შექმნილი სულიერი ვაკუუმის ქრისტიანული რწმენით შევსების ტენდენცია.

,,იბერია – საქართველო გაბრწყინდება!” – ქართული სახელმწიფოებრიობის ფაქტობრივად ერთადერთი ,,პოლიტიკური დოქტრინაა”, რომელიც პოლიტიკური მართლმადიდებლობისა და ქართული ეროვნულობის ჰიბრიდმა წარმოშვა და უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკურ ცნობიერებაში დომინირებს. რადგანაც ამ ხნის მანძილზე საქართველოში მოქმედ არცერთ ფაქტობრივ სახელისუფლებო თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას რეალობასთან მიახლოებული ქართული სახელმწიფოებრიობის არანაირი კონცეფცია არ შეუქმნია, ეს ფორმულა ერთადერთი პოლიტიკური რეალობის განსახიერებად იქცა.

საქართველოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის შინაგანი დინამიკა უნდა იყოს ,,ახალი მსოფლიო წესრიგის” არქიტექტონიკაში კავკასიის გეოპოლიტიკური სივრცისა და მისი ღერძული სახელმწიფოს – საქართველოს სუვერენობის საკითხის უცილობელი ჩასმა და აღდგენა და იმ ბარბაროსული კოსმოპოლიტური ოკეანედან გამოსვლა, სადაც პოსტინდუსტრიული ცივილიზაციის გენეზისის ეპოქაში ქართული ეროვნულობა შთაინთქა იმპერიალისტური ძალების დროებითი გარიგებებით.

უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ მთავარი არგუმენტი და უმოკლესი გზა მთელი კავკასიის რეკოლონიზაციისაკენ, დამოუკიდებელი და თავისუფალი კავკასიის, როგორც მსოფლიო ახალი რეგიონის ჩამოყალიბებისაკენ, საქართველოს სამართლებრივ და კანონიერ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე გადის.

თუ ჩვენ ერთ მთლიანობაში გავიაზრებთ ისტორიულ, ეროვნულ და მართლმადიდებელ–ქრისტიანულ ტრადიციებს, მხოლოდ მაშინ აღმოვაჩენთ ეროვნული ღირებულებების ჭეშმარიტ ფასეულობათა სამართლებრივ სისტემას.

ვისაც სჯერა – დაიჯეროს, ვისაც არა – არა, მაგრამ შემთხვევითი როდია წინასწარმეტყველება: ,,კაცობრიობის ხსნა იბერიიდან მოვა”, იბერია კი ოდითგან საქართველოს სახელია.

გამგებელნი სახელმწიფოს ბედისანი აცხადებენ, რომ ერი პოლიტიკისათვის არის ქვეყანაზე გაჩენილიო, სახელმწიფოს გულშემატკივარნი, ერის მოყვარენი კი პასუხად მიუგებენ – პოლიტიკაა ერისათვის გაჩენილი და არა ერი – პოლიტიკისათვისაო.

ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისათვის ვიზრუნოთ, მისი მდგომარეობა ვაუმჯობესოთ, და მაშინ, თუ ვინმე მოინდომებს ჩვენს დახმარებას და ხელის მომართვას, ხომ უკეთესი და თუ არ მოინდომებს, ის ჩვენი ნაშრომი და შენაძენი ხომ ხელიდან მაინც არ წაგვივა და ისევ ჩვენ დაგვრჩება.

ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებსაც მზერა უჭრით გაცილებით უფრო შორს, ვიდრე საზოგადოებას ზოგადად და ამ საზოგადოების ყველაზე განათლებული ნაწილსაც კი. ასეთი ადამიანები ხედავენ საშიშროებას მაშინაც კი, როდესაც საზოგადოების დიდი უმრავლესობა აღტაცებული და ეგზალტირებულია.

სიცოცხლისათვის, არსებობისათვის, გადარჩენისათვის, სიყვარულისათვის, მემკვიდრეობის დატოვება–გაგრძელებისათვის, სწავლისა და ზრდა-განვითარებისათვის ბრძოლამ დღეს მოითხოვა ადამიანის ახალი პარადიგმის აუცილებლობის შეჰქმნა: გულისხმიერად მოქცევა, შემოქმედებითად გამოყენება და საზოგადოებისათვის პატიოსანი სამსახური დადგა დღის წესრიგში. ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი დაბალი იერარქიიდან მაღლისაკენ: წინააღმდეგობა-აჯანყებიდან, ბოროტი დამორჩილებიდან და საკუთარი სურვილის დათმობიდან ხალისიან თანამშრომლობამდე, გულსავსე ვალდებულებამდე და შემოქმედებით აღტკინებამდე.

ასევე გვსურს, ერთ დეტალზე გავამახვილო ქართული ინტელიგენციის ყურადღება: მოგეხსენებათ, კანონიერი ხელისუფლების დამხობის დღიდან საქართველო უმძიმესი ტერორის ქვეშ იმყოფება. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ამ ტერორისა არის ომი ყოველგვარი ინტელექტუალურის ანუ გონიერების წინა-აღმდეგ, მისი განადგურების მიზნით, რადგან მხოლოდ ეროვნული თვითშეგნების ამოძირკვით, ქართული ინტელექტის განადგურებით მიაღწევს მტერი თავის განზრახვას – აღგავოს პირისაგან მიწისა ქართველობა და მოსპოს საქართველოს სახსენებელი! სწორედ ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ერთი სტრატეგიის ფარგლებში ტაქტიკურ ლოიალობას, სრულ ინტოლერანტობას უკანონობისა და არალეგიტიმურთან მიმართებაში, მტრის გეგმის გაანალიზებასა და სწორი სამოქმედო ნაბიჯის გადადგმას. კრიტიკულმა მიდგომამ საკითხებისადმი არ უნდა გამოიწვიოს ურთიერთდაპირისპირება, რადგან ეს მხოლოდ ინტელექტის ანუ ჭკუის ნაკლებობის მაჩვენებელი იქნება, რაც დამარცხების ტოლფასია. მხოლოდ ეროვნული, ქართული იდეა შესძლებს, გააერთიანოს ქართველი ხალხი და აღმოფხვრას დანარჩენი საზოგადოებრივი, სოციალური და ა.შ. პრობლემები.

მხოლოდ ამ აზრით გაერთიანებული ადამიანები შესძლებენ ქვეყნის გამოხსნას, მხოლოდ მაშინ აღიკვეთება ცრუ თავისუფლების ინსტიტუტის ტერორი საქართველოში, თუ ქართველი ხალხის გაერთიანებას საფუძვლად დაედება სულისკვეთება, განწყობა, რწმენა და სამშობლოს სიყვარული. პერმანენტული მშვიდობიანი აქციებითა და კონკრეტული კანონიერი მოთხოვნებით შესძლებს ქართველი ერი, გაწმინდოს საქართველო და გადაარჩინოს მამული განადგურებას. დღევანდელობაში გაბატონებული ზიზღი, უნდობლობა, ურთიერთგამეტება, მასობრივი დეპრესია ხელოვნურადაა მოხვეული ჩვენს თავს და დამღუპველია, როგორც თითოეული ქართველისათვის, ასევე ქვეყნისათვის მთლიანობაში.

ამასთანავე, დავძენთ, რომ ჩვენ არ გვამოძრავებს შურისძიების გრძნობა, თუ არა ქვეყნის გადარჩენის წმიდათაწმიდა იდეა, რაც გვავალებს, მოვთხოვოთ გზააბნეულთ – ზურგი შეაქციონ მორიგ პოლიტიკურ ავანტიურას, საქართველოს განადგურებით რომ ემუქრება და აღიარონ საჯაროდ, ქართველი ერის წინაშე ჩადენილი შეცდომები. მათ, ვინც გაითავისებს კანონიერი ხელისუფლების აღდგენის მოთხოვნას, მიეცემა ტრიბუნა, 31 მარტის – თავისუფლების ტრიბუნა და შანსი საქმით გამოისყიდონ შეცდომები იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც თავისუფალი საქართველოს იდეა პირველადია და შეუცვლელი!

ჩვენს ერს, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოში ლეგიტიმური ხელისუფლება შეიძლება, იყოს მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება და არა – ამა თუ იმ დამპყრობლის მიერ დასმული რომელიმე მარიონეტული ძალაუფლება.

ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ქართველი ერის მოკავშირე, მფარველი და მხსნელი უფალია და არა – რომელიმე ზესახელმწიფო. საქართველოში არსებულ ყველა ეროვნულ ძალას მოვუწოდებთ გაერთიანებას გულწრფელი, გაუსვრელი ეროვნული მოღვაწეების გარშემო, ვუსურვებთ ეროვნული მოძრაობის თანდათანობით აღორძინებას ტყვეობის ურთულეს გარემოში – რამდენადაც მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას შეუძლია, იხსნას ქართველი ერი, მთელი ქართველი ხალხი ტყვეობისაგან და კვლავ შექმნას ეროვნული, ლეგიტიმური ხელისუფლება – ქართველების, მთელი ქართველი ხალხის უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი ხელისუფლება.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ქართველ ერს ჰპირდება თავისუფლებას!

ღმერთმა დალოცოს ქართველობა! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

საქართველო, თბილისი

საფრანგეთი, სტრასბურგი 31. 03. 2011

 

***

დ ა ნ ა რ თ ი

 

ამონარიდი საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციიდან

 

 

 

***

 

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მანიფესტი PDF ფორმატში

 

 

                                   

 

                          

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s