Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რუსეთთან “შეერთება”

რუსეთთან “შეერთება”

“მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შექმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დასტოვა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და, მასთან ერთად, ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს: მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს” – ვკითხულობთ 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის პრეამბულაში.

იმხანად საქართველოს დამფუძნებელი კრების უმრავლესობაში იყვნენ ქართველი მარქსისტი სოციალ-დემოკრატები, ამიტომ დამოუკიდებლობის აქტსაც მათი კვალი მკაფიო დაღად ადევს.

ყურადღება მივაქციოთ მაშინდელი აქტიდან ჩვენს მიერ მოტანილი ამონარიდის დასაწყისს: “მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.”

ახლა კი გადავხედოთ ამ “თავისი ნებით შეერთებას”

ალბათ გეორგიევსკის ტრაქტატი იგულისხმეს, და თუ იგულისხმეს იმ ტრაქტატის ტექსტსაც გადავხედოთ, რომელიც რამდენიმე პუნქტისაგან შედგებოდა:

  • ხელშეკრულების პირველი მუხლით ქართლ-კახეთის მეფე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით აცხადებდა, რომ უარყოფდა ირანის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსადმი რაიმე დამოკიდებულებას და ცნობდა მხოლოდ რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას, აღუთქვამდა რუსეთის საიმპერატორო ტახტს ერთგულებას და რუსეთის სახელმწიფოს შეწევნისათვის ყოველთვის მზადყოფნას, როცა ამას მისგან მოითხოვდნენ.
  • მეორე მუხლით იმპერატორი ეკატერინე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით პირობას დებდა, ყოველთვის მზრუნველობა გამოეჩინა და მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის მეფეებისათვის. ამის ნიშნად იმპერატორი ერეკლეს სამფლობელოს მთლიანად და და უკლებლად დაცვას ივალებდა. გარდა ამისა, ხელმწიფის ეს თავდებობა გავრცელდებოდა იმ ქვეყნებზედაც, რომელნიც დროთა განმავლობაში საქართველოს შეუერთდებოდნენ.
  • მესამე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე ახალასული მეფე ამიერიდან რუსეთის იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა სათანადო სიგელითა და ინვენსტიტურის* ნიშნების გამოგზავნით. ახლად გამეფებულს რუსეთის წარმომადგენლის წინაშე საზეიმოდ უნდა მიეცა ფიცი, რომლის ტექსტიც ტრაქტატს თან ერთვოდა.
  • მეოთხე მუხლში ნათქვამი იყო, რომ ქართლ-კახეთის მეფე ამიერიდან უცხო სახელმწიფოებთან დამოუკიდებელ დიპლომატიურ ურთიერთობას არ აწარმოებდა. ყოველ ასეთ შემთხვევაში იგი მოვალე იყო რუსეთის საიმპერატორო კარის რეზიდენტს ან კიდევ კავკასიის ხაზის უფროსს შეთანხმებოდა.
  • მეხუთე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სამეფო კარზე უნდა დაენიშნა თავისი წარმომადგენელი რეზიდენტი ანუ მინისტრი.
  • მეექვსე მუხლით რუსეთის იმპერატორი, თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით, საქართველოს მეფეს აღუთქვამდა შემდეგს: 1. ქართლ-კახეთის სამეფოს მცხოვრებნი ჩაითვლებოდნენ რუსეთის იმპერიასთან მჭიდრო კავშირში მყოფად და მათი მტრები რუსეთის მტრებად გამოცხადდებოდნენ. ოსმალეთთან და ირანთან ან სხვა რომელიმე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების პირობები გავრცელდებოდა საქართველოზედაც; 2. მეფე ერეკლე და მისი მემკვიდრენი ქართლ-კახეთის ტახტზე უცვლელად დაცულნი იქნებოდნენ; 3. ქვეყნის საშინაო მართვა-გამგეობა, სამართლის წარმოება და გადასახადების აკრეფა მთლიანად საქართველოს მეფის უფლებებში რჩებოდა. რუსეთის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს ეკრძალებოდათ საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა.
  • მეშვიდე მუხლში ერეკლე თავისი და თავისი მემკვიდრეების სახელით დაპირებას იძლეოდა: 1. ყოველთვის მზად ყოფილიყო თავისი ჯარით რუსეთის იმპერიის სამსახურად; 2. ყოველ მნიშვნელოვან საკითხში, რაც რუსეთისადმი სამსახურს შეეხებოდა, შეთანხმებოდა რუსეთის ხელისუფალთ, დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნები და დაეცვა რუსეთის ქვეშევრდომები ყოველგვარი განსაცდელისა და შევიწროებისაგან; 3. ამა თუ იმ პირის თანამდებობაზე დანიშვნისა თუ დაწინაურების დროს გაითვალისწინებდა რუსეთის წინაშე მის დამსახურებასაც.
  • მერვე მუხლი საქართველოს ეკლესიის საკითხს შეეხებოდა. როგორც ჩანს, ამ საკითხში მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმებულან. 1771 წლის 30 დეკემბერს ერეკლეს მიერ რუსეთის საიმპერატორო კარისადმი გაგზავნილ პირობებში აღნიშნული იყო, რომ „კათალიკოზიცა წესსავე თვისსა ეგოს მოუშლელად“, ე. ი. საქართველოს კათალიკოსი უნდა დარჩენილიყო თავის უფლებებში ხელშეუვალად. ამჯერად კი იგი (თუმცა კი მის გვერდით და მის მაგიერად დასახელებულია საქართველოს არქიეპისკოპოსიც) ჩაყენებულია რუსეთის საეკლესიო იერარქიის რიგში, იგი მერვე ადგილზეა (გობოლსკის ეპისკოპოსის შემდეგ) დაყენებული და სამუდამოდ მინიჭებული აქვს უწმინდესი სინოდის წევრის ტიტული. საქართველოს ეკლესიის საკითხი უფრო ვრცლად უნდა განმარტებულიყო ცალკე დანართში, მაგრამ ასეთი განმარტება ტრაქტატისთვის აღარ დაურთავთ.
  • მეცხრე მუხლში აღნიშნული იყო, რომ ქართველ თავად-აზნაურებს რუსეთში ისეთივე პრივილეგიები ექნებოდათ, როგორც რუს თავად-აზნაურებს ჰქონდათ. ერეკლეს რუსეთში უნდა გაეგზავნა ქართველ თავად-აზნაურთა სია.
  • შემდეგ მუხლებში (მეცხრე, მეათე) დადასტურებული იყო, რომ ქართლისა და კახეთის მცხოვრებთ რუსეთში გადასვლის, ასევე საქართველოში დაბრუნების სრული უფლება ჰქონდათ. რუსეთის მთავრობა კისრულობდა თურქეთის, ირანისა და სხვათა ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველების სამშობლოში დაბრუნებას იმ პირობით, რომ ანაზღაურებული ყოფილიყო მათი გამოხსნისა და გადმოყვანის ხარჯები. საქართველოს მეფე კი, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა ასევე მოპყრობოდა ტყვეობიდან გათავისუფლებულ რუსებს.
  • მეთერთმეტე მუხლი შეეხებოდა ვაჭრობას. ქართველ ვაჭრებს რუსეთში თავისუფალი აღებ-მიცემობის უფლება ეძლეოდათ და ენიჭებოდათ ყველა ის შეღავათი, რითაც თვითონ რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ. ერეკლე კისრულობდა ვალდებულებას, რომ შეღავათები მიეცა რუსი ვაჭრებისთვისაც.
  • მეთორმეტე მუხლში გამოცხადებული იყო, რომ ეს ხელშეკრულება დადებუღი იყო „საუკუნოდ“, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო.
  • მეცამეტე მუხლის მიხედვით სარატიფიკაციო ვადად დაწესებული იყო 6 თვე. დამატებით სეპარატულ (საიდუმლო) მუხლებში, რომლებიც არ უნდა გამოქვეყნებულიყო, აღნიშნული იყო, რომ ერეკლე სოლომონ იმერთა მეფესთან თანხმობით ყოფნას ივალებდა, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში ის რუსეთის იმპერატორს „მეშუამავლედ“ ცნობდა და საცილობელ საკითხს მის მსჯავრს მიანდობდა; საქართველოში მუდმივ სამყოფად გამოიგზავნებოდა ორი ქვეითი რუსული ბატალიონი 4 ზარბაზნით, ომის შემთხვევაში ამას სხვა ძალაც დაემატებოდა: კავკასიის ხაზის უფროსს ჰქონდა რწმუნება, შეთანხმებულიყო ერეკლე მეორესთან საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის. უკანასკნელი სეპარატული მუხლით რუსეთის მხარე აღუთქვამდა საქართველოს მეფეს, რომ ომისა თუ დაზავების დროს რუსეთის საიმპერატორო კარი ყოველ ღონეს იხმარდა, რათა საქართველოს დაბრუნებოდა მტრების მიერ მიტაცებული მიწები — ახალციხე და ყარსი სამცხეში, საინგილო — აღმოსავლეთ კახეთში.

მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის ბედის ბორბალი უკუღმა დატრიალდა, რუსეთის იმპერატორის მიერ მოსყიდული ქართული თავადაზნაურობის ერთი ნაწილი ეახლა რუსეთის იმპერატორ პავლე პირველს და წარუდგინა ახალი თხოვნა, რის საფუძველზეც 1801 წლის 18 მარტს პავლე პირველმა გამოსცა მანიფესტი, მასში ეწერა გიორგი მეფის ყველა მოთხოვნა, თუმცაღა არაფერი არ იყო თქმული ქართული სამეფო დინასტიის ყოფნა არყოფნის შესახებ.

მალე პავლე გარდაიცვალა და ახალი იმპერატორი ალექსანდრე პირველი წინამორბედის მიერ გამოცემული და შემდეგ თბილისში წაკითხული მანიფესტის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი მიეღო თუ არა საქართველო იმპერიის შემადგენლობაში. იმპერატორის აზრით რუსეთის იმპერიას არ ჰქონდა მორალური უფლება ლიკვიდაცია მოეხდინა ქართული სამეფოსი, თუმცა მის ამ აზრს სამთავრობო საბჭო არ ეთანხმებოდა.

საბჭო მიიჩნევდა რომ დასუსტებული ქართული სამეფო დიდხანს ვერ იარსებებდა და შესაბამისად შედგა ისეთი პროექტი, რომელშიც იდო მუხლი რომ საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენლები დაინიშნებოდნენ ქვეყნის გამგებლებად გენერალ-გუბერნატორის უფლებით, მაგრამ მეფის ტიტულით და ამავდროულად იყო გამოცხადებული შეცვლილი შინაარსის მატარებელი მანიფესტი. ამით ისარგებლა გიორგი მეფის მემკვიდრემ დავით ბატონიშვილმა და კიდევ ერთხელ სცადა სახელმწიფო სადავეები მის ხელში მოექცია. ლაზარევმა დაუთმო დავით ბატონიშვილს ქვეყნის მმართველობა, ხოლო კნორინგი, რომელიც იმპერატორ ალექსანდრესაგან დავალებული ჰქონდა საქართველოს შემოერთების მიზანშეწონილობა ადგილზე გაერკვია, დაარწმუნა რუსეთის იმპერატორი რომ საქართველოში რამდენიმე სამეფო გვარის ურთიერთქიშპობა ბოლოს მოუღებდა ქვეყანას. 1801 წლის აპრილის თვეში დავით ბატონიშვილის დავალებით კვლავ ჩავიდნენ პეტერბურგში ქართველი ელჩები რათა გადაეცათ იმპერატორისათვის ახალი მესიჯი, რომ დანიშნულიყო საქართველოს სამეფო ტახტის რომელიმე მემკვიდრე საიმპერატორო მეფისნაცვლის თანამდებობაზე ოღონდ მეფის ტიტულით. თავისთავად რუსეთის მიერ შეერთებული ქვეყნის მომავალ მმართველად დავით ბატონიშვილი მოისაზრებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის იმპერიაში შეუძლებელი იყო პარალელურად არსებულიყო სხვა სამეფო ინსტიტუტი, გადაწყდა ყველა სამეფო მეკვიდრის პეტერბურგში გასახლება.

იმპერატორმა დიდი ფიქრის შემდეგ მაინც გადაწყვიტა რომ საქართველო შეეერთებინა რუსეთისათვის, რომლისათვისაც გამოსცა თავისი 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი.

1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტი საქართველოში 1802 წლის 12 აპრილს გამოცხადდა, ხოლო 8 მაისს კი საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს უზენაესი მთავრობა კნორინგის მეთაურობით. ამრიგად, ყოფილი ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე წარმოიქმნა რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციული ერთეული — საქართველოს გუბერნია.

იმ პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოს ისტორია ამომწურავად აქვს გადმოცემული დიდ ივანე ჯავახიშვილს თავის კაპიტალურ ნაშრომში “საქართველო XVIII საუკუნეში”.

თვით რუსი ბოლშევიკების ბელადი ლენინი თავისი გაზეთის “ისკრის” 1901 წლის იანვრის დასაწყისის ნომერში “საქართველოს რუსეთთან “ნებაყოფლობით” შეერთებას უძღვნის მოწინავე სტატიას სათაურით “რუსული ხიშტის ასი წლისთავი საქართველოში”.

აი, ასეთი “თავისი ნებით შეუერთდა” აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიას.

რუსეთის სოცდეკების ქართველი განაყოფების გული და სული ხომ რუსული იმპერიალიზმის სიძლიერისთვის ფეთქდა და სუნთქავდა?!

1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი კი შედეგი იყო იმდროინდელი საქართველოს ეროვნული პარტიებისა და საზოგადო მოღვაწეების წვა-დაგვისა და ძალისხმევისა!