Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გურამ შარაძე- პასუხი თენგიზ სიგუას

 

გურამ შარაძე:  ,,მე პასუხს ვაძლევ მე-20 საუკუნის საქართველოს კიბოს, შაჰ-აბას თენგიზ სიგუას!’’

“ასი წერილი ქართველ ერს!”  წერილი 33-ე

 

 გურამ შარაძის ბრალდების შემდეგ (იხ. ,,ასავალ-დასავალი’’, 2007 წლის მე-11 ნომერში), რომელიც მან თენგის სიგუას წაუყენა, თენგის სიგუას მწარე კომენტარი მოჰყვა, რომელიც უკვე იხილა მკითხველმა ,,ასავალ-დასავალის’’ მიმდინარე წლის მე-16 ნომერში. და აი, დღეს საგაზეთო ტრიბუნა კვლავ გურამ შარაძეს ეთმობა და კიდევ ერთხელ გვიწევს იმ ავბედითი პერიოდის გახსენება, 1991-1992 წლების სამოქალაქო დაპირისპირება რომ შეარქვა ერმა.

 – ბატონო გურამ, მოგეხსენებათ, არც ბატონი თენგიზ სიგუა დაგრჩათ ვალში, ჩემთან საუბარში მან პროვოკატორი გიწოდათ და ბევრი კითხვის ნიშანი დაუსვა თქვენს ნათქვამს…

– ვთქვათ პირდაპირ. მან მე დიდი პროვოკატორი მიწოდა. მე შემეძლო, მაშინვე გამეცა პასუხი, მაგრამ დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა კი თენგიზ სიგუასთან თავის გაყადრება და ასე ვთქვათ, მისი ამ მორიგი ცინიკური და უპასუხისმგებლო განცხადების კომენტირება. მაგრამ, ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ისტორიას რჩება და შეიძლება მომავალმა თაობებმა იკითხონ, რატომ არ გასცა პასუხი გურამ შარაძემ, თუ მართალი არ იყო? ან რატომ დარჩა სიგუას ეს პასკვილი პასუხგაუცემელი? ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ:

მხოლოდ და მხოლოდ, ისტორიის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობის, თქვენი გაზეთისა და მისი მკითხველისადმი პატივისცემის გრძნობა მაიძულებს, რომ პასუხი გავცე ამ მეოცე საუკუნის საქართველოს კიბოს!

ეს კაცი არის მოურჩენელი სიმსივნე, რომელიც უკვე ამდენი წელია წამლავს თავისი ცინიკური და გარეგნულად წარმოსადეგი ფიგურით საქართველოს პოლიტიკურ და ეროვნულ სინამდვილეს.

ჩვენ ქვეყნის ბევრი მოღალატე, შადიმანი, ბერბიჭაშვილი, ორჯონიკიძე ვიცით, მაგრამ შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ასეთი ნიღბის, ასეთი ყოვლად შეუწყნარებელი, ინტელიგენტური ჰაბიტუსით შენიღბული საქართველოს მტერი არც ბერბიჭაშვილი ყოფილა, არც – ორჯონიკიძე და არც – შადიმან ბარათაშვილი; რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველო ასეთი სულგრძელობით იტანს, ითმენს და იმის მაგივრად, რომ მან თავისი ფიზიკური არსებობა შეინარჩუნოს და ქართველმა ხალხმა ის არ ჩაქოლოს ლინჩის წესით – ამდენი წელია, ენას არ აჩერებს და ამდენს ბედავს საქართველოს შეურაცხყოფისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელისა და მისი წმინდა აჩრდილის შეურაცხყოფისთვის!

ამიტომ, მე დღეს არ შემოვიფარგლები მხოლოდ იმ ეპიზოდით, რომელიც თქვენთან წინა საუბრისას ვახსენე…

მოგეხსენებათ, რომ საუბარი იყო იმაზე, რომ 15 მარტს, გამთენიისას, სამ საათზე, როდესაც სიგუამ და მისმა ბანდამ კოლხურ კოშკს ცეცხლი გაუჩინეს და მე ჩემი თანამშრომლებით მთელი ღამე გავათენე იქ, რათა, რისი გადარჩენაც შეიძლებოდა წყლისა და ცეცხლის სტიქიონისგან, გადაგვერჩინა, სწორედ დილაადრიან სიგუამ ჯერ გამოგზავნა აწ განსვენებული გელა ლანჩავა, რომელსაც, სამწუხაროდ, მე ცოცხალ მოწმედ ვეღარ მოვიყვან და ვეღარ ვალაპარაკებ.

– თუმცა, ნუ გამორიცხავთ, რომ ლანჩავასაც სიგუას მხარე დაეჭირა დღეს… ან, თუნდაც, ეცრუა ისტორიის წინაშე…

– ყოველ შემთხვევაში, მე შემიძლია ვთქვა: სიგუაზე მეტი გარეწარი და უტიფარი – ლანჩავა ნამდვილად არ იყო! ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გარდაცვლილია… მე ორივეს ვიცნობდი და ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო – სიგუასავით სინდის-ნამუს გარეცხილი ლანჩავა ნამდვილად არ იყო!

– ბატონო გურამ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს 15 მარტის მოვლენები…

– ასე რომ, დილაადრიან, როცა სიგუამ გელა ლანჩავა გამოგზავნა თავისი შეიარაღებული ბანდიტებით, რათა ხანძრისგან გადარჩენილი ბიბლიოთეკა-არქივი, მემორიალური ნივთები და ავეჯი წაეღოთ და, რომ იტყვიან, კინწისკვრით, უარით გავისტუმრე, მეორედ მოსვლისას ამ ბანდასთან, სიგუას ხალხთან ერთად ლანჩავა აღარ იყო. აქედანაც ჩანს სიგუასთან შედარებით გელა ლანჩავას ნაკლები უტიფრობა და უსინდისობა. ესე იგი, სინდისმა შეაწუხა და ვერ გაბედა ჩემთან მეორედ მოსვლა. აბა, ჩემთან მოსვლას რა გაბედვა უნდოდა, როცა თვითონ გენერალი იყო და შეიარაღებული ხროვა ჰყავდა…

უტიფარ სიგუასთან ერთად 15 მარტს მომხდარი ფაქტის მეორე, ცოცხალი მოწმეც მყავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელ მოსამართლეს ბატონ ვახტანგ გვარამიას მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გამოჩნდეს! გვარამია შესანიშნავად კითხულობს და შესანიშნავად წერს, როცა მას უნდა! მეორედ ვასახელებ ამ კაცს, რომ იგი არის ცოცხალი მოწმე და ახლაც თუ არ გამომეხმაურა, მესამე წერილს უკვე გვარამიას მივწერ თქვენი გაზეთის ფურცლებზე. მე არ ვიკადრებ, რომ ის კაბინეტში მოვძებნო. ესღა მაკლია! კეთილი ინებოს ბატონმა გვარამიამ და, თუ ის არის ღირსეული მოსამართლე და სამართლის დამცველი, ადგეს და ისტორიული სიმართლე ელაპარაკოს ქართველ ხალხს!

ის ხეც კი მახსოვს, არყის ხე რომ არის კოლხური კოშკის ძველი ჭიშკრის გალავნის გვერდით, სადაც იდგა გვარამია, შეიარაღებული ხალხით სავსე ავტობუსისკენ ჩემი წაყვანის დროს ჩქარი ნაბიჯებით გამოვარდა ბატონი ვახტანგი, შემოვარდა ავტობუსში, მან, ფაქტიურად, თავი გაწირა ჩემთვის და გვერდიდან არ მომშორებია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი! იგი არის მოწმე ჩემი საათნახევრიანი რაციით საუბრისა თანგიზ სიგუასთან, რომელიც იქიდან ბღაოდა, ყვიროდა, მემუქრებოდა…

მაშინ ბატონი გვარამია გენერალური პროკურორის მოადგილედ ითვლებოდა და მან, ფაქტობრივად, დახვრეტას გადამარჩინა! თუ გვარამია არ იტყვის სათქმელს, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ის სიგუას გვერდით დგას და ის სიგუასნაირია! და მას არავითარი მორალური უფლება არ ექნება, რომ იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე! მაშინ ისიც ისევე უნდა იყოს ჩაკეტილი შინაპატიმრობაში, როგორც დღეს თენგიზ სიგუა არის!

როგორ ბედავს სიგუა, რომ მე პროვოკატორს მიწოდებს და გურამ შარაძეს სიცრუეში სდებს ბრალს?

მე ყველაფერს ვიტყვი!

თორემ უკვე, ასეთი გაჩუმებით ყველას ყველაფრის უფლება მივეცით და მტყუან-მართალს ვეღარ ვარჩევთ… ამასობაში ამოსძვრა ხალხს სული…

– ბატონო გურამ, მეგონა, ახალს იტყოდით რამეს…

– ეს ერთი ფაქტია, რომელიც უკავშირდება თენგიზ სიგუას სამარცხვინო სახელს ისტორიაში, როგორც კოლხურ კოშკში ხანძრის გამჩენს და მიწასთან გამსწორებელს. მარტო ამიტომ უნდა აგოს პასუხი თენგიზ სიგუამ და მიცემული უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში!

დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახლის, არქივის, ბიბლიოთეკის განადგურებისთვის, დაწვისთვის და ხელყოფისთვის თენგიზ სიგუა უნდა დაისაჯოს!

ახლა მეორე ფაქტს გეტყვით. ამას პირველად ვამბობ! 1991 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც გაჩაღდა სამოქალაქო ომი, მე გახლდით გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი.

ნოდარ ლომოურმა და თენგიზ სიგუამ კიტოვანის კაბინეტში რომ შემაგდეს დასახვრეტად და საწამებლად – იქ ვნახე, როგორ აწამებდნენ ედიშერ გიორგაძეს! იქ ვნახე, როგორ ამცირებდნენ და აწამებდნენ მოხუც კაცს, გვარად დიდებულიძეს, რომელიც ქვეყნის სიყვარულის გამო იმხანად სულ მეწამულ, ღვინისფერ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი დადიოდა მიტინგებზე!

თუმცა, იქ მოხდა სასწაული. კიტოვანმა მუზეუმში დარჩენა და ამით მუზეუმის გადარჩენა შემომთავაზა. კიტოვანი ხომ არის ცოცხალი? დაუკავშირდით მოსკოვში და ჰკითხეთ. მაშინ ჩემი მუზეუმის გარშემო ყველაფერი დაიწვა! დაიწვა პრეზიდენტის სასახლე! დაიწვა პირველი სკოლა! დაიწვა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ინსტიტუტი! დაიწვა სასტუმრო ,,თბილისი’’! განადგურდა მხატვრის სახლი და შედევრები! თვით ქაშუეთის ტაძარსაც კი ძლივს ამოუვსეს ნატყვიარები, ისე იყო დახვრეტილი!

განადგურდა პირველ სკოლაში განთავსებული იაკობ გოგებაშვილის სახელობის განათლების მუზეუმი! ეს არავინ არ იცის! მაგრამ ერთი ტყვია არა აქვს მოხვედრილი ლიტერატურის მუზეუმს, რომელსაც ვიცავდით მე და ჩემი თანამშრომლები! ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ცხონებულმა ლევან ჭილაშვილმა და მე გადავარჩინეთ ჩვენი მუზეუმები!

აი, ასეთი ცოდვა და უბედურება დაატრიალა თენგიზ სიგუამ საქართველოში! ჩამოაგდო პირველი პრეზიდენტი, დაამხო კანონიერი ეროვნული ხელისუფლება, გააჩაღა სისხლისმღვრელი, ძმათამკვლელი ომი, ჩაგვყარა ,,მოქალაქეთა კავშირის’’ ხელში.

– ბატონო გურამ, თენგიზ სიგუა ერთადერთი იყო, სხვათა შორის, იმ სამეულში, ვინც კატეგორიული წინააღმდეგი იყო შევარდნაძის აქ ჩამოყვანის…

– მე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სიგუამ ეს ნაბიჯი გადადგა ერთი რამის გამო. მას შევარდნაძის თავიდან ჩამოცილება და მისი სავარძლის ხელში ჩაგდება უნდოდა. მას პირველობა უნდოდა! მან პირველობისთვის ჩამოაგდო ზვიად გამსახურდია და ამ პირველობის ტახტის ძიებაში არ უნდოდა შევარდნაძის ჩამოსვლა საქართველოში!

ჩვენ სიგუას საქართველო ვნახეთ, რაც იყო. სისხლის ტბებში ცურავდა მის დროს საქართველო.

– რატომ მარტო სიგუასი, ბატონო გურამ? იოსელიანი, კიტოვანი, ლანჩავა, ყარყარაშვილი… მარტო სიგუა იყო ყველაფერში დამნაშავე? ასე ცალსახად ნუ შევაფასებთ მის როლს…

– თანაბრად არ იყო ყველასი. მე ამიტომ ვარ ასე გაცეცხლებული, რომ ამან, ამ გაიძვერა სიგუამ, კიტოვანთან და იოსელიანთან შედარებით მაინც გადაირჩინა თავი და დღეს შემძვრალია ჩირგვებში და ყველა უბედურება სხვებს ბრალდებათ. კიტოვანი და ჯაბა ანგელოზები კი არ იყვნენ. პირიქით, იმას ვამბობ, რომ  თენგიზ სიგუაც ისეთივე დამაქცევარია საქართველოსი, როგორც სხვები!

ან, რომ მაბრალებს, გურამ შარაძე არ მიიღეს აკადემიაშიო… ასეთი ტყუილი შეიძლება? მე ათი წლის წინ ამირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად და … მეტი რაღა უნდა ექნათ აკადემიკოსებს?!

აი, ასეთი ვერაგი და მატყუარა კაცია თენგიზ სიგუა!

– ბატონო გურამ, ამ სამს დაუქცევია ქვეყანა და ეგაა… აბა, სხვები რომ იბრალებენ, ჩვენც გვეჭირა იარაღიო, თან, წეღან ნოდარ ლომოურიც ახსენეთ…

– გეტყვით. მე ვნახე იქ ნოდარ ლომოური. ახლა მასაც შეუძლია პროვოკატორი მიწოდოს, მაგრამ მე მაშინ ვუპასუხებ: თქვენ, ბატონო ლომოურო! ისტორიკოსი რომ ბრძანდებით, როგორ გახდით შალვა ამირანაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების მუზეუმის დირექტორი? ერთი წერილი მაინც გაქვთ დაწერილი ქართულ ხელოვნებაზე ან მის ისტორიაზე? თქვენ როგორ გაბედეთ დიმიტრი შევარდნაძისა და შალვა ამირანაშვილის სავარძელში ჩაჯდომა? როგორ გაბედა ეს ამ ადამიანმა, რომელიც ტყვიით, სისხლით მოვიდა ხელისუფლებაში? ნოდარ ლომოური კამუფლიაჟში ჩაცმული, ავტომატით შეიარაღებული დარბოდა და აწამებდა ხალხს!

სიგუამ და კიტოვანმა ამ დამსახურებისთვის მისცეს ამ უვიცს თანამდებობა. ლომოური მათ პირველივე დღიდანვე გვერდში ედგა!.

თენგიზ სიგუა თავად არის პროვოკატორიც, ქვეყნის დამქცევიც და საქართველოს შაჰ-აბასიც. შაჰ-აბასი ბებიით იყო ქართველი და ეს კიდევ, ბებიით, ბაბუით, დედით, მამით ქართველი შაჰ-აბასია!

– სერიოზული ბრალდებაა, ბატონო გურამ…

– არ დამავიწყდეს. მე ბოდიში მინდა მოვუხადო თენგიზ სიგუას მეუღლეს, შესანიშნავ ექიმს! ბოდიში მინდა მოვუხადო სიგუას სიმამრს, ბატონ გრიგოლ ჟვანიას, ძალიან კარგ პროფესორს! კომუნისტი იყოო, მასზე ამბობენ. ნეტავ, გრიგოლ ჟვანიასნაირი კომუნისტები ბევრი იყოს საქართველოში! რაც მთავარია, მე გული მწყდება, რომ ვკარგავ ამ ხალხს. სირცხვილით როგორ შევხედო მათ… მე ხომ მათი ოჯახის წევრს, ქვეყნის დამაქცევარ თენგის სიგუას ნიღაბი ჩამოვხსენი!

ამაშიც უსინდისოა თენგიზ სიგუა, რომ მე შესანიშნავ პიროვნებას, გრიგოლ ჟვანიას მაკარგვინებს თავისი უტიფრობით, ჩემდამი ჩირქის მოცხებით!

– ბატონო გურამ, საუბრის ბოლოს სხვა ,,შადიმანთა’’ დასახელება მინდა გთხოვოთ…

– ჩემო გიორგი, მე რომ დღეს სხვებზე ვისაუბრო, ჩვენ ამით გავაუფერულებთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შადიმანის პორტრეტს. მე დღეს ყველაზე ვერაგ ადამიანს ჩამოვხსენი ნიღაბი! მე დღეს თენგიზ სიგუა ვამხილე. ხვალ და ზეგ პატარ-პატარა შადიმანების ჯერიც დადგება!

 გიორგი მამაცაშვილი
,,ასავალ-დასავალი’’, 7-13 მაისი, 2007

 

http://guramsharadze.wordpress.com/devnili/100tserili/2007-2/#4

 

 

 

2 Responses to “• გურამ შარაძე- პასუხი თენგიზ სიგუას”

  1. daduna said

    სამწუხაროდ აღარ არის ბ-ნი გურამი, რომელიც ფარისევლებისგან განსხვავებით პირდაპირ,დაუზოგავალ ამხელდა ნაძირალებს. სასუფეველში ამყოფოს მისი ლამაზი სული უფალმა.

    Like

  2. SOS! ქართული სამართალის სახე ამ შემთხვევაშიც ჩანს

    სახელმწიფო დამნაშავე თენგიზ სიგუა უნდა იყოს ბრალდებული რუსულ სამხედრო გადატრიალების მოწყობაში , პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში , აფხაზეთის ომის პროვოცირებით მის გასხვისებაში,სამეგრელოს და სამაჩაბლოს ოკუპაციაში , თბილისში , სამეგრელოში მრავალი მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტა -დარბევაში , 1992 წელს მის მიერ რუსული გადატრილების მოწყობიდან დაწყებულ მრავალ სხვა უბედურებასა და ტრაგედიაში ..

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s