Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ გიორგი ბარამიძის დანაშაულებანი

”ამ სამხედრო დანაშაულებისთვის გიორგი ბარამიძეს სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის!”

12 07 2013

სამხედრო გენერალი, სააკაშვილის პოლიტპატიმარი და ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები _ ადამიანის უფლებებისთვის” სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელი ტრისტან წითელაშვილი შეგვპირდა, რომ ბევრ ნაციონალს ჰააგის სასამართლოს კართან მიიყვანს.

ის ექსკლუზიურად, პირველად, სწორედ “ქრონიკაში” ყვება იმ სამხედრო დანაშაულების შესახებ, რომელიც ნაციონალების თავდაცვის მინისტრებმა _ გია ბარამიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, დავით კეზერაშვილმა და ბაჩო ახალაიამ ჩაიდინეს. ასევე, ამხელს სამხედრო დანაშაულებში პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძესა და ქვეყნის მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს. “ქრონიკაში” გამოქვეყნების შემდეგ, ის ამ მასალებს სათანადო უწყებებს წარუდგენს და რეაგირების დაწყებას მოსთხოვს.

ინტერვიუ, რომელიც სკანდალურობიდან და მოცულობიდან გამომდინარე, რამდენიმე ნაწილად გავყავით, გიორგი ბარამიძის მხილებით იწყება, რადგანაც შესაძლოა, ეს ადამიანი სულ მალე “ნაცმოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინოს, თუ დავით ბაქრაძეს, შოთა მალაშხიასა და ზურაბ ჯაფარიძეს პრაიმერში აჯობებს!

ტრისტან წითელაშვილი:

_ “ვარდების რევოლუციით” ნაციონალების მოსვლისთანავე, მსუყე სკამების გადანაწილება მოხდა, რა დროსაც, გია ბარამიძე შს-ს მინისტრი გახდა. ბარამიძე “მოქალაქეთა კავშირის” ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო და იქ ჟვანიას კადრად მოიაზრებოდა, მიხეილ მაჭავარიანთან, ხათუნა გოგორიშვილთან, გიგი წერეთელთან ერთად. შევარდნაძის დროს კი ბარამიძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ. ამ დროს მოხდა პანკისის ხეობაში გარკვეული პროცესებიც, რაშიც მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართული და იქ მყოფ ბოევიკებსაც ისინი იცავდნენ. ახლა არ ჩამოვყვები, რა ურთიერთობები ჰქონდა თითოეულ მათგანს ამ ჯგუფების მეთაურებთან, თუმცა ვიტყვი, რომ ერთ-ერთი მთავარი პირი ასეთ საქმეებში გახლდათ გია ბარამიძე. ბაქოში იყო ვაჰაბისტების ორგანიზაცია, რომელსაც აბუფ-აფლახტარი ხელმძღვანელობდა. გვქონდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს შეხვდა ბარამიძე და აბუფ-აფლახტარმა მას გადასცა საკმაოდ სოლიდური თანხა იმისთვის, რომ პატრონაჟი გაეწია პანკისის ხეობაში მყოფი ვაჰაბისტებისა და ტერორისტებისთვის, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. რაც პანკისში მოხდა, ყველაფერი მიზანმიმართულად იყო გაკეთებული. ბარამიძის ამ დანაშაულს რამდენიმე კუთხიდან უნდა შევხედოთ. პირველი კუთხე არის ის, რომ ის მოქმედებდა რუსული სპეცსამსახურების სქემით. რუსებს უნდა მისცემოდათ საბაბი და იმის თქმის საშუალება, რომ საქართველო ტერორისტებს, ბანდიტებს იფარავდა. ალბათ, გახსოვთ, რუსეთის დუმამ ამ დროს მიიღო კანონპროექტი, რომელიც უფლებას აძლევდა რუსებს, იმ ქვეყნებში, სადაც არიან ტერორისტები, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა, თავიანთი ჯარები შეეყვანათ. შემდგომ, პანკისის ხეობის დაკარგვა ამის გაგრძელება იყო, რაშიც ბარამიძეს დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

_ მაშინ თავად თქვენ სად იყავით, თუ იცოდით მისი ფარული კავშირების შესახებ, რატომ არ ამხელდით, იქნებ შეგეჩერებინათ?

_ მაშინ თავდაცვის სამინისტროში ვიყავი. ბარამიძე კი ჩვენი ზემდგომი იყო და მასზე რამის თქმას ვინ გაბედავდა?! პოლიტიკა იყო ასეთი და ჩვენ, ქვემდგომებს, რა უნდა გაგვეკეთებინა?

რუსებს ჰყავდა აგენტი აივ პაიკაევი. ეს მისი მეტსახელი იყო, თორემ სინამდვილეში იუსუფ ხაკიმოვი ერქვა. ამ ადამიანთანაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა გიორგი ბარამიძეს და ამაში საკუთარი თვალებით დავრწმუნდი. რადგან ეჭვი არსებობდა, მოვახერხე და თავად დავაფიქსირე მათი შეხვედრა პარლამენტში. თბილისში, პარლამენტის შენობაში შევიდა ხაკიმოვი და პაიკაევის პირადობით გამოუწერეს საშვი. ფირი სადაც აღბეჭდილია, როგორ შედის რუსეთის აგენტი ბარამიძის კაბინეტში და როგორ გამოდის იქიდან საათ-ნახევრის შემდგომ, ცხადია, მაქვს.

შეხვედრის დროს რა ისაუბრეს, ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ თქვენც ხომ გიჩნდებათ კითხვა, რა ესაქმებოდა რუსეთის აგენტთან ბარამიძეს და რაზე უნდა ესაუბრათ მათ?!

_ თქვენი აზრით, რატომ შეხვდნენ ერთმანეთს?

_ რასაც ქვემოთ მოგიყვებით, ეს იქნება ამ კითხვის პასუხი. მოკლედ, ამის შემდეგ მოხდა “ვარდების რევოლუცია” და ბარამიძე მოგვევლინა შინაგან საქმეთა მინისტრად. პირველი, რაც ამ პოსტზე მყოფმა გააკეთა, “დაარტყა” გენერალ გია ვაშაკიძეს. გარკვეულ შეიარაღებულ ჯგუფთან ერთად, ის აიყვანეს საბურთალოს სასაფლაოზე და იქ მთელი ღამე აწამებდნენ. ბარამიძეს ვაშაკიძესთან პირადი ანგარიშები ჰქონდა და ეს გატაცებაც ამიტომ მოაწყო. როგორც მე ვიცი, გიამ გარკვეული შენიშვნები მისცა მას და დაბოღმილმა, ამპარტავანმა ბარამიძემ, ეს ვერ აპატია. ვაშაკიძე კარგად უხვდებოდა მას, საით მიჰყავდა საქართველოს თავდაცვა. ის უბედავდა და ეუბნებოდა ამას. ხოდა, როგორც კი მინისტრი გახდა, ჩათვალა, ანგარიშსწორება შეეძლო, რაც სასწრაფოდ გააკეთა. სასაფლაოდან რომ ჩამოიყვანეს, არარსებული დანაშაული შეუთითხნეს. დააბრალეს, ვითომ ვიღაც კაცის გატაცებას აპირებდა ვაშაკიძე და 9 წლით გაუშვეს ციხეში. რაც ნაციონალები ხელისუფლებაში იყვნენ, ვაშაკიძე ბარამიძეს ციხეში ჰყავდა გამომწყვდეული. არანაირი ამნისტია და შეწყალება მას არ შეეხო. ხელისუფლება რომ შეიცვალა, ვაშაკიძე მხოლოდ მაშინ გამოუშვეს. ეს რომ დამართეს, ვაშაკიძე მაშინ თავდაცვის სამინისტროში, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე იყო, ის საკმაოდ პატიოსანი მებრძოლი გახლდათ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომები საკუთარ მხრებზე ჰქონდა გადატანილი და ეროვნული მოძრაობიდან მოდიოდა ამ საქმეში. ამდენ ჭირგამოვლილი ადამიანი “ნაციონალური მოძრაობის” დროს წამების მსხვერპლი გახდა და სრულიად ტყუილად დაიჩაგრა. შს მინისტრობის დროს, ბარამიძეს არანაკლები საშინელება აქვს მოწყობილი სვანეთში, რადგან აფრასიძეების წინააღმდეგ მან სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. საჰაერო თავდასხმა, სპეცრაზმების გადასხმა სვანეთის ერთ დაუსახლებელ სოფელში სამი ადამიანის გამო მოაწყო, რაც იყო პიარი და მეტი არაფერი.

ეს “საქმე” მერე იმით დაუფასდა, რომ თავდაცვის მინისტრი გახდა. სპეცრაზმები შსს-სი გამოიყენეს, ვერტმფრენები კი სასაზღვრო ჯარებიდან და თავდაცვის სამინისტროსგან ჰყავდათ წამოყვანილი. სამი უწყება იყო ამ გრანდიოზულ სამხედრო ოპერაციაში ჩართული. ამ დროს თავდაცვის მინისტრი იყო ბეჟუაშვილი, თუმცა მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. ფაქტობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს გია ბარამიძე მართავდა.

ამ მასშტაბებისა და დონის ოპერაციები მსოფლიოში ტარდება ხოლმე მოქმედი, ორგანიზებული, შეიარაღებული ჯგუფების წინააღმდეგ, ამან კი ეს მოაწყო სოფელში, სადაც ორი მოსახლე ცხოვრობდა და ბავშვები და ქალები იმყოფებოდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ მან ასევე შეურაცხყოფა მიაყენა ამ ხალხის წინაპრების საფლავებს და მე-18 საუკუნეში დასაფლავებული მიცვალებულების ძვლები ამოუყარათ მაღლა. რაც მთავარია, ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დახვრიტა ხალხი, ყოველგვარი სასამართლოსა და ბრალდების გარეშე. მარტო ამ დანაშაულისთვის ბარამიძეს სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის.

_ კიდევ რა დანაშაულები აქვს ჩადენილი?

_ შეიარაღებული ძალები მოიცავს მთელ სახელმწიფოს, რადგან საბრძოლო მოქმედებების დროს, ყველა ძალოვანი უწყება შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში შედის. ამიტომ მისი გადაყვანა შს მინისტრობიდან თავდაცვის მინისტრის სკამზე იყო დიდი ნახტომი და წინსვლა.

ამ პოსტზე დაინიშნა თუ არა, დაიწყო თავდაცვის სამინისტროდან პროფესიონალების განთავისუფლება. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან უშვებდა ადამიანებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება სამხედრო საქმეს შეალიეს. გენერალიტეტი, რომლებიც თავის დროზე საბჭოთა კავშირის ძალებში მუშაობდნენ, დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები, აკადემიები და გამოზრდილი ჰყავდათ სერიოზული კადრები, სამსახურიდან უპრაგონოდ გაყარა.

გაათავისუფლა გურამ ნიკოლაიშვილი, ზაურ უჩაძე, ავთანდილ ცქიტიშვილი და სხვები. ბარამიძისთვის მიუღებელი იყო ყველა ის ადამიანი, ვინც მასზე მეტი იცოდა. რეალურად, ბარამიძის მინისტრობიდან დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ნგრევა.

ახლა ვთქვათ, ვის არ აწყობდა საქართველოში ყოფილიყო ძლიერი შეიარაღებული ძალები?! ცხადია, რუსეთს. მას არ სჭირდებოდა, გვერდით ჰყოლოდა ის ძალა, რომელიც შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევდა. ამ ძალის დასუსტება რუსეთმა სწორედ ბარამიძის ხელით დაიწყო. შემდეგ ეს ხაზი გააგრძელა ოქრუაშვილმა, კეზერაშვილმა, ახალაიამ. ამ ადამიანებმა დამარხეს ქართული ჯარი, რა თქმა უნდა, მთავარსარდლის, სააკაშვილის მეთაურობით.

სიტყვებით თითქოს ურტყამდნენ რუსეთს, მაგრამ წმინდა სამხედრო საქმით, მათ სასარგებლოდ მოქმედებდნენ. ნელი, ნებისმიერი სამხედრო ფიქრობს, როგორმე შეასუსტოს მოწინააღმდეგე მხარე. ეს მხოლოდ იარაღისა და ძალის გამოყენებით არ ხდება და არსებობს სხვა მეთოდებიც. ჩვენი ჯარის შესუსტებაში აქტიურად იყო ჩართული რუსეთის დაზვერვა _ “გრუ”, რომელიც ახდენდა როგორც პოლიტიკოსების, ასევე სამხედროების გადაბირებებს. კადრის შესუსტება კი ნიშნავდა იმათი საქმის კეთებას და ჩვენი ბრძოლისუნარიანობის დაკარგვას. როცა ჯარიდან გამოიყვან პროფესიონალს და მის ადგილზე მიიყვან ფიზიკოსს, ქიმიკოსს, ეკონომისტს, იქ ჯარისკაცის ქმედუნარიანობაც დამთავრებულია. ის, ფაქტობრივად, უკვე არის გაუვნებელყოფილი. გახსოვთ, ოქრუაშვილის გამინისტრების დროს სამინისტრო ახალციხის უნივერსიტეტის რექტორს რომ დაუპირისპირდა? დაპირისპირების მიზეზი იცით, რა იყო? თავდაცვის სამინისტროში, ქუჩიდან მოყვანილმა კადრებმა პროფესიონალ კადრებს გადააჭარბა. ოფიცრების თანამდებობებზე მოჰყავდათ ისეთები, რომელთაც ათწლედიც კი არ ჰქონდათ დამთავრებული.

მათი იქ დანიშვნის საფუძველი მხოლოდ ის იყო, რომ იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები. ბატალიონის მეთაურებად, სამმართველოს უფროსებად ინიშნებოდა ასეთი ხალხი. ეს შტატი არის ოფიცრის, ოფიცერი კი უმაღლესდამთავრებული უნდა იყოს, ამიტომ შეექმნათ პრობლემა კანონთან. მათი კადრი ხომ უმაღლესდამთავრებული არ იყო, ამიტომ სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩავიდა ახალციხეში და რექტორს შესთავაზა, 50 ყალბი დიპლომი გაეკეთებინა მათთვის, რაზეც რექტორი წინააღმდეგი წავიდა და დაუპირისპირდათ მათ. ამ ადამიანმა პრინციპული ნაბიჯი გადადგა და უთხრათ, მე ამას არ გავაკეთებო, ამიტომ მერე ის დაიჭირეს.

ეს ყალბი დიპლომები იმიტომ სჭირდებოდათ, ეს უსწავლელი და გაუნათლებელი ადამიანები კანონთანაც რომ ყოფილიყვნენ მორგებული და არავის ეთქვა, უკანონობას სჩადიხართო. სინამდვილეში ეს იმიტომ კი არ კეთდებოდა, მართლა ნაციონალების დასაქმების დარდი ჰქონდათ, არა, ამას უფრო ღრმა ფესვები აქვს. 2008 წლის აგვისტოში რაც მოხდა, ეს იყო სწორედ ამათი ასეთი ნაბიჯების შედეგი. ამხელა მსხვერპლი ამ ადამიანების ზურგზეა. ჯარში არაპროფესიონალების მოყვანის გამო დავკარგეთ ეს ტერიტორიებიც და ჩვენი გენოფონდი _ პატარა ბიჭებიც. პროფესიონალი სამხედროები ზოგი სახლში დაჯდა, ზოგმა ქვეყანა დატოვა და სხვაგან წავიდა სამუშაოდ. ვინც წინააღმდეგობა გაუწიათ და სამსახურიდან განთავისუფლების შემდგომ რაიმე თქვა, მას დევნა დაუწყეს. ქართული ჯარი რუსებმა ომამდე გააუვნებელყვეს ამ ადამიანების ხელით და ეს ამათ არ უნდა ეპატიოთ. ქართულ ჯარს ტვინი და გული გამოაცალეს და ფაქტობრივად, ფიტული დატოვეს მისგან.

_ ბარამიძის სამხედრო დანაშაულები ამით ამოიწურება?

_ არა, რას ამბობთ. რადგან პროფესიონალები აღარ იყვნენ ჯარში, მერე, ცხადია, ფინანსურ ოპერაციებსაც თავისუფლად, ხელგაშლით გააკეთებდნენ. უკანონო შესყიდვებით, გაბერილი თანხებით ხელის მოთბობა სწორედ ბარამიძის დროს დაიწყო. სქემა ასეთი იყო _ შემოდიოდა გარკვეული რაოდენობის პროდუქტი, მაგრამ ის არა, რა დასახელებისაც იწერებოდა ფურცელზე. პროდუქტების ნუსხაში წერდნენ ძვირფას, პირველი კატეგორიის პროდუქტს, მაგრამ მოჰქონდათ იაფფასიანი, საიდანაც სოლიდური “ატკატები” კეთდებოდა.

ჯარს კვებავდნენ იაფფასიანი პროდუქტით, ცუდად, აცმევდნენ საშინლად, მაგრამ დოკუმენტებზე ეს პროცესი ბრწყინვალედ მიმდინარეობდა. ბარამიძის დროს საკმაოდ იაფად იკვებებოდა ქართული ჯარი. ყაზარმების ერთჯერადი რემონტებიც ბარამიძემ დაიწყო.

_ ერთჯერადი რემონტი რას ნიშნავს?

_ სამხედრო ნაწილებს მასიურად არემონტებდნენ, მაგრამ, როცა ონკანს ან ნებისმიერ ახლად გაკეთებულ საგანს ხელს წაავლებდი, ყველაფერი ძვრებოდა და ინგრეოდა. უხარისხოდ კეთდებოდა, დოკუმენტებში კი ეწერა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული და თითქოს ძალიან კარგად გაკეთებული ჩაბარდა. აქედანაც, ცხადია, ფული ტყდებოდა. კომისია იბარებდა ამ რემონტებს, კომისიაში კი ბარამიძეს თავისი ხალხი ჰყავდა ჩასმული, რომლებიც მისი სურვილისამებრ წერდნენ ყველაფერს. იარაღის შესყიდვებზე ფულების გათეთრება ბარამიძემ ვერ მოასწრო, ეს უკვე ოქრუაშვილის დროს დაიწყო და გაგრძელდა კეზერაშვილისა და ახალაიას პერიოდში.

თუმცა კიდევ ერთი მსუყე დანაშაული აქვს ბარამიძეს მინისტრობის დროს ჩადენილი. 2004 წლის ივლისში, ცალკეული ქვედანაყოფები და სპეცრაზმი პროვოკაციულად შეიჭრა ცხინვალში. ეს ოპერაცია ბარამიძის ხელმძღვანელობით დაიწყო, კონფლიქტი კიდევ უფრო რომ გაღვივებულიყო. ამ ოპერაციის დროს, ქართულ ჯარს იარაღი რომ აუტანეს და გახსნეს, “პირამიდებში” ყუმბარმტყორცნების ნაცვლად ქვები აღმოჩნდა. ამას მოჰყვა ის, რომ ქართველი ჯარისკაცები მძევლად აიყვანეს, დააჩოქეს, იარაღი აჰყარეს და დაიტოვეს.

რუსებმა ქართველთა ერთი ასეული აიყვანეს მძევლად და ეს ავანტიურაც ბარამიძის მიწყობილი იყო რუსების სასარგებლოდ. ამაზე, ადრე თუ გვიან, მან პასუხი უნდა აგოს. ოქრუაშვილი ამ პერიოდში იყო შს მინისტრი. ქართული პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე მალე ფიგურები იცვლებიან. ბარამიძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ გადაჰყავთ, ოქრუაშვილს კი მის სკამს უთავისუფლებენ. ეს გამოიწვია შიდა კლანურმა დაპირისპირებამ. ამ დროს უკვე მიდიოდა ჟვანია-სააკაშვილის დაპირისპირება და მიშა ზურაბს პირად კონკურენტად მიიჩნევს. სანამ თავად ჟვანიას მოუღებენ ბოლოს, მის კადრს აცილებენ წამყვან ადგილებს. სააკაშვილსა და ჟვანიას შორის სიტუაცია მწვავდება, რასაც ჟვანიას სიკვდილი მოსდევს. როგორც ვიცი, ამ საქმეს ძალიან მალე გახსნის პროკურატურა. ბარამიძე და ჟვანიას გუნდის წარმომადგენლები კი, იმის ნაცვლად რომ სააკაშვილი ამხილონ, საკუთარ მამას, გამზრდელს ღალატობენ და მკვლელს უდგებიან გვერდით. თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ბარამიძემ, გოგორიშვილმა, მაჭავარიანმა და წერეთელმა მანამდეც უღალატეს ჟვანიას და სააკაშვილისა და მერაბიშვილის ხახაში ჩააგდეს. ჟვანიას სიკვდილი მათ ადვილად იმიტომ მოახერხეს, რომ დარწმუნებული იყვნენ, მის გუნდს ის უკვე გაყიდულ-გაწირული ჰყავდა.

თავდაცვის მინისტრის სკამი ბარამიძისთვის იყო ჟვანიას სისხლის წილი და გამყიდველისთვის გადაგდებული მსუყე ლუკმა. იმის მიუხედავად, რომ ბარამიძე ჟვანიას სიკვდილის შემდეგ ამ პოსტს ჩამოაცილეს, მაინც არ გაწირეს და როგორც მოღალატე და საკმაოდ გასვრილი, სააკაშვილმა თავის გუნდში მიიღო.

თუ ის რაიმე წინააღმდეგობას გაუწევდა, ჩადენილი “საქმეებიდან” გამომდინარე, ციხეში თავისუფლად მიაბრძანებდა. ამიტომ მიშასთვის ბარამიძე კარგ გამოსაყენებელ ობიექტს წარმოადგენდა. სააკაშვილის ყველა მინისტრი იყო გასვრილი და მიშა ისე მართავდა ამ გუნდს, როგორც სჭირდებოდა. სამხედრო სპეციალისტი ვარ და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ამ ადამიანებმა მიიყვანეს ქართული ჯარი 2008 წლის კატასტროფამდე.

_ ნაციონალებმა ქართულ ჯარს ამერიკული ელფერი შესძინეს. ამერიკელი ინსტრუქტორები აწარმოებდნენ იქ სამხედრო სწავლებებს, ამერიკაში აგზავნიდნენ ქართველ ოფიცრებს გადასამზადებლად. ესეც პიარი იყო?

_ წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ჯერ კიდევ დავით თევზაძის მინისტრობის პერიოდში დაიწყო, უფრო სწრაფი ტემპით კი რევოლუციის შემდგომ განვითარდა, მაგრამ

ამერიკელებმა ქართველი სამხედროების მომზადება დაიწყეს თავისთვის, ანუ სამშვიდობო ოპერაციებში გამოსაყენებლად. გარკვეულ ბრიგადებზე ჰქონდათ მხოლოდ აქცენტი. ვაზიანისა და კიდევ რამდენიმე ბრიგადას ამზადებდნენ მხოლოდ. ამერიკელებისგან ჯარი მზადდებოდა ერაყისთვის, ავღანეთისთვის, ეს ინსტრუქტორები კი ჯარისკაცებს ასწავლიდნენ პოლიციურ ფუნქციებს, _ საგუშაგოებზე, შლაგბაუმებზე დგომას, საგუშაგოებზე პიროვნებების შემოწმებებს და ა.შ.

ჩვენ დამატებით ხომ უნდა შეგვეტანა ჩვენი პროგრამები ჯარის განვითარებისთვის? მაგრამ ეს არ ხდებოდა. ჯარი არ მზადდებოდა ფართოდ, მასშტაბურად, რომელსაც ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ან აღსადგენად გამოიყენებდა. იმისთვის, რომ ჯარს საქართველო დაეცვა, ამაზე არც ამერიკელები ზრუნავდნენ და არც კიდევ ჩვენები. სამაგიეროდ ჩვენებმა კარგად გაიგეს ამერიკული დოლარების გემო, გაიგეს ისიც, როგორ უნდა მიეთვისებინათ ამ პროცესებიდან ეს ფული და ყველაფერზე წავიდნენ. თავდაცვის სამინისტრო აქედანაც აკეთებდა ცხადია, “ატკატებს” და ნაციონალურ ყულაბაში დებდა. საქართველო სისხლს, ტერიტორიებს გასცემდა და ამას ნაციონალები მწვანე დოლარებად იდებდნენ ჯიბეში. მეწველი ძროხასავით დაიყენეს საცოდავი ჩვენი ქვეყანა და წველიდნენ დოლარებს. მარტო ფორმის ჩაცმა ხომ არ არის ჯარისკაცი, არა?! ჩვენ ჯარს შინაგანადაც ვამზადებდით. ვასწავლიდით, რას ნიშნავდა სამშობლო და როგორ უნდა დაგვეცვა ის, მერე გაგვყავდა პოლიგონებზე საწვრთნელად. ვასწავლიდით თეორიულადაც და პრაქტიკულადაც, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის დაცვას, დღის, ღამის სროლებს, სიარულს. სამშობლოს რომ გაუჭირდებოდა იმ დროს უნდა გამოეყენებინათ ეს ყველაფერი, ამას ვდებდით მათ ფსიქოლოგიაში. ამათ კი ჯარის სწავლებიდან სიტყვა სამშობლო ამოიღეს. ჩვენს ჯარს ეროვნულ სიმღერებს ვამღერებდით და ამერიკულად გაწვრთნილი ჯარისთვის გადათარგმნეს ამერიკული სიმღერები. ჯარისკაცისგან დაგვიტოვეს ფიტული. ის აღარ იდგა სამშობლოს სადარაჯოზე. ავღანეთში რაც ხდება, იქ ბიჭები რომ იხოცებიან, ეს კიდევ ცალკე თემაა. ავღანეთში არიან ქართველი სამხედროები, რომლებიც არიან ყოფილი ნაციონალები და უნდა დაისაჯონ. ეს ხალხი ჯერ ზონდერებს ამზადებდა აქ, მერე სააკაშვილმა იქ ჩაიყვანა და დანიშნა ბრიგადების ხელმძღვანელებად. ბაზა საომარ ზონაში ისეთ ადგილებზე უნდა განალაგო, რომ ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებდე, ამათი ბაზა კი დგას გზის პირას. ამბობენ, თითქოს სამი დამცავი შემოღობვა ჰქონდა ბაზას, ასეთი ბაზის აფეთქება მოხდა და სამივე შემოღობა დაინგრაო. ეს არის გამორიცხული. ჭურვი რომ ამოქმედდება და პირველ შემოღობვას დაანგრევს, მეორეზე მას არანაირი ეფექტის მოხდენა არ შეუძლია და ესენი ვის ატყუებენ?! აქ იყო ყველაფერი მიშვებული და უსაფრთხოების ზომები იყო ნული. რამდენი სააკაშვილი იქ ჩავიდა და შეხვდა აქედან მის მიერ გაგზავნილ ოფიცრებს, ამას მოჰყვა მსხვერპლი. ამის დასკვნებსაც დაგიდებთ, რა ბრალი მიუძღვის სააკაშვილსა და მის ხალხს ამ ბიჭების დახოცვაში. მეცოდებიან იქ მყოფი ბიჭები ამათ ხელში. იმ სამხედრო დანაშაულების, რაც იქ ხდება, აღმოფხვრა ძალიან ადვილია, უნდა გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები, მაგრამ შეგნებულად არ აკეთებენ, რადგან ეს მდგომარეობა მათ ძალიან სჭირდებათ, ყველაფერი ახალ ხელისუფლებას რომ დააბრალონ. იმიტომ მიუშვეს იქ ხელოვნურად პროცესები. სულ ვამბობ, ახალმა ხელისუფლებამ დროულად უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და ეს ადამიანები ჩამოაცილოს თანამდებობებს. სანამ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები იქნებიან თავდაცვის სამინისტროში და წამყვან სტრუქტურებში, ასეთი პრობლემები სულ გვექნება.

 

ნელი ვარდიაშვილი

ქრონიკა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s