Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ეროვნული თვითშეგნება

ავთანდილ სონღულაშვილი

ირანში ქართველთა  ნაკვალევზე

 

ეროვნული თვითშეგნება

 

უცხო მხარებში გადაკარგულებმა თავი არ დაუხარეს შაჰინ-შაჰის ვერაგულ ზრახვებს. მტრის გასაკვირვად ვაჟკაცურად გაუძლეს ყველა გაჭირვებას, დამცირებას და საქვეყნოდ გამოიტანეს ქართველი ხალხის შეუდრეკელი ბუნება და სულიერი სიმდიდრე.

ფერეიდნელი ქართველისათვის ყველაზე საამაყო და სანუკვარია ქართველობა და ყველაზე მშობლიური ადგილი დედამიწაზე _ ოცნებადქცეული საქართველო, რომლის სიყვარულს აკვნიდანვე უნერგავს შვილს ფერეიდნელი დედა445.

ფერეიდანში არსებობს გადმოცემა, რომ მათ წინაპარს საქართველოდან წამოღებული ვაზის რქა დაურგავს, რომელსაც იქ მოურწყველად გაუხარია და გამრავლებულა. ამ ადგილს “პაპას ბაღი” დარქმევია და მის მიდამოებში ყოველ გაზაფხულს სალოცავად მიაშურებენ მარტყოფელები. აქ ხდება ახალგაზრდების გაცნობა და ერთმანეთის არჩევაც. “პაპას ბაღი” მარტყოფელებს დაკარგული სამშობლოს სიმბოლოდ მიაჩნიათ. “ღმერთმა ნუ ქნას მისი გახმობა, მაშინ ხომ მამა-პაპათა და დიდი საქართველოს მახსოვრობა დაეკარგება ჩვენ ხალხს”446.

ფერეიდნელმა ქართველმა ჯარისკაცებმა ერთი მეორის გატანა და ქომაგი იციან. 20-იან წლებში ერთმა მათგანმა, ცუდად მოპყრობისათვის, თავის უფროს ოფიცერს ხელი ჰკრა და აუზში გადააყირავა. ამის გამო გაასამართლეს და სასჯელად ასი როზგის დარტყმა გადაუწყვიტეს. როცა სასჯელი სისრულეში უნდა მოეყვანათ, ჯარის უფროსები და თვით ჯარიც მოიყვანეს საყურებლად. უკანასკნელ წუთში ჯარიდან გამოვიდა მისი ამხანაგი, მარტყოფელი ჯარისკაცი მოჰასებ დავითაშვილი და განაცხადა: სასჯელი გაყავით შუაზე. ასიდან ორმოცდაათი მე დამკარითო.

_ შენ რაღა დაგიშავებია? _ ეკითხება უფროსი.

_ მე არაფერიც არ დამიშავებია, მაგას რომ ასი შალაღი დაჰკრათ, ვერ აიტანს. შეიძლება მოკვდეს კიდევაც. მაშინ მე თავი ცოცხალი რაღათ მინდა?!.

_ ყოჩაღი ყოფილხარ, _ ეთქვა უფროსს გაკვირვებით. გაროზგვა სხვა დროისათვის გადადვეს და შემდეგ სრულიად აპატიეს447.

ბახთიარებისა და ქურთების სოფლებში ქართველებიც ცხოვრობენ, რომელთაც დედა-ენა შემოუნახავთ. ფერეიდნელი ქართველის მუსტაფა პაპაშვილის ნაამბობი: “წავედით ყაჩაღების დასაჭერად. ქურთის ერთ სოფელში დავბინავდით. ჩვენ, ორი ქართველი ერთს ოჯახში შევედით ღამის გასათევად. დაღლილები ვიყავით. წამოვწექით, მაგრამ გვშიოდა. ძილი არ მოგვეკიდა. ცოტა ხნის შემდეგ, ქალებმა ქართულად დაიწყეს ლაპარაკი ჩვენ შესახებ:

_ ახლა ამათ საჭმელი არ ჩავახეთქოთ?..

_ თვალებიც დავსებიათ და შიმშილითაც ამოწყვეტილან. მაგათი დარდი მაქვს?

_ უპასუხა მეორემ.

ჩვენ ჯერ გავიტრუნეთ. შემდეგ ვიფიქრეთ, აქ კეტი არ დაგვცხონ თავში-თქო. გამოვეხმაურეთ ქართულად: რას იწყევლები, ჯერ ხომ არასა გთხოვთ. ეს რომ გაიგეს, დაიწყეს თავში ცემა: ვაი, ჩვენს თვალებს, ეს ვინ ყოფილხართ,

ჩვენ კი ბახტიარები გვეგონეთო. შემდეგ, სანამ არ წამოვედით, სულ იქ ვიყავით და დიდი პატივი გვცეს”448.

ფერეიდნელ ქართველთა ეროვნული თვითშეგნების შესახებ ლ. აღნიაშვილი სამ ელემენტს გამოყოფს: პირველი მათგანი არის ენა, მეორე ელემენტი არის ის, რომ ყოველი მათგანი განურჩევლად ასაკისა და სქესისა აღიარებს თავს წმინდა ქართველად. ვერავინ გაუბედავს მათ სხვაფრივ მოხსენიებას, თუ არა გურჯი. “მას ესმის, რომ ის გურჯია და ესმის სრულის შეგნებით. ესმის და თავი მოსწონს ამითი. პირველი ქართველი მას ჯერ თავისი თავი ჰგონია და მერე სხვები”.

მესამე ელემენტი არის ტიპი და ზნე: კეთილი და სათნო, სტუმართმოყვარე, პატიოსანი, თავმოყვარე, მამაცი, გამბედავი, ლმობიერი და პირში მთქმელი449.

ყოველ ადამიანს ერთი დედაენა აქვს, რომელზედაც დედა ესაუბრება, რომელზედაც ენას აიდგამს. ენათმეცნიერებს გამოთქმული აქვთ მოსაზრება, რომ ფერეიდნელი ქართველებიდან ქართული ენა მხოლოდ იმ ოჯახებმა შეინარჩუნეს, სადაც ბავშვებს დედა ქართველი ჰყავდათ! ესაა მისი ერის, მშობლების ენა450.

ეროვნული ენის ცოდნა დღემდე განაპირობა ქართველების კომპაქტურად დასახლებამ ფერეიდანში. თუმცა ზოგიერთ სოფელში მმართველობამ შეძლო აეკრძალა ქართულ ენაზე ლაპარაკი451.

ფერეიდნის მხარის სხვადასხვა ქართულ სოფელში ზოგჯერ სხვადასხვა სიტყვას ხმარობენ. მაგალითად, თუ ერთ სოფელში ამბობენ “ჩირდილი” (ჩრდილი), სხვაგან იტყვიან “ქოლღა”-ო. საინტერესოა, რომ ფერეიდანში, გათხოვლ ან განათხოვარ ქალს “ცოლს” ეძახიან, განურჩევლად იმისა, ჰყავს მას ქმარი, თუ არა, ხოლო გასათხოვარს _ “ქალს”. როცა ისინი ამბობენ “ცოლი მოვიდა”-ო, მარტო იმას კი არ გულისხმობენ, რომ მისი ან სხვისი ცოლი მოვიდა, არამედ იმასაც, რომ გათხოვილი ქალი მოვიდა452.

სოფელ თოლერში ლაპარაკობენ გვიანი შუა საუკუენეების ქართლ-კახურ დიალექტზე. მეტყველებაში ჩართულია უმნიშვნელო რაოდენობის სიტყვები ფარსის ენაზე. სოფელში ცხოვრობს მცირე პროცენტი არაქართული მოსახლეობა, რომლებიც კარგად მეტყველებენ ქართულად453.

1998 წელს ფერეიდანში ყოფნისას ენათმეცნიერმა დარეჯან ჩხუბიანაშვილმა გააკეთა საინტენესო ჩანაწერები. თურმე ფერეიდნელი ქართველები განიცდიან, რომ მათ ენას “ბე რი  არსი შა რევია”.

გულჩერა ხუციანი (ხუციაშვილი) წერდა თურმე: ადრე “იფო კარგი წესი იყო, გული ერთი ჰქონდაყე, პარსული არ შამოსეულიყო. შამოიდა პარსულმა და ჰარზადო (=ყველაფერი) გააფუჭა… ჰკანჭურებენ ენასაო, მაგრამ ინახვენო, ნამად (=კარგად) ინახვენო, რო არ დაიკარგოს ეს ჩონ ენაო. პარსულათ არ ვამბობთა… მოხუცებმა ბეñრია, რო არ იციან, რო პარსული იბნან… ძალიან საყორველია ჩონ ენა ჩონთი”. ჰკანჭურებენ სიტყვის მნიშვნელობა ასე განუმარტავს: “აი ყმაწვილს რო ვირზე შავსომთყე, ვეტყითყე, რო მაგრა ჩაYკანჭურე, მაYკანჭურე (=ჩაებღაუჭე), რომ არ გადმოვარდეო”454.

აკად. ა. ჩიქობავამ 1922 წელს საქართველოში დროებით ჩამოსულ ფერეიდნელ ქართველ სეიფოლა იოსელიანთან მეცნიერული კონტაქტების შედეგად შექმნა ნაშრომები: “ყე ნაწილაკი ფერეიდნულში და მისი მნიშვნელობა გრამატიკა-ლოღიკის ურთიერთობის თვალსაზრისით” (წელიწდეული, 1-2 ტფ., 1923-24); “ვინის რეფლექსები ფერეიდანში” (ჩვენი მეცნიერება, 2-3, ტფ. 1923) და “ფერეიდნულის მთავარი თავისებურებანი” (ტფილისი უნივერსიტეტის მოამბე, 7, 1924). ამ გამოკვლევათა შედეგად ქართულ დიალექტებს შეემატა კიდევ ერთი _ ფერეიდნული კილო.

20-იანი წლების დასაწყისში ფერეიდნელმა ქალებმა მუქარით იფრინეს მოლები, რომლებიც ურჩევდნენ მათ სპარსულ-არაბული ენის შესწავლას, რომელზედაც უნდა ელოცნათ ყოველდღე. მოლების მოთხოვნაში ქალებმა ქართული ენის მოსპობის საფრთხე დაინახეს455.

1928 წელს ფერეიდნელმა ქალებმა ზემო მარტყოფში ჯოხებით სცემეს ვაჟების ჯარში გაწვევის თაობაზე მისულ მთავრობის წარმომადგენლებს. საყურადღებოა, რომ მთავრობას პასუხისგებაში არ მიუცია არც ერთი ქალი. მათი დანაშაული მამაკაცებს აზღვევინეს456.

საქართველოში საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ პირველი ქართველი ქალი იყო სარა ჭელიძე, რომელმაც ფერეიდანი და იქაური ქართველები ნახა.[152]

პირველ ხანებში, ბანკი სადაც მისი მეუღლე მუშაობდა კვირას და პარასკევს ისვენებდა. უქმე დღეს ამბაკო ჭელიძე მეუღლესთან და ალექსანდრე ჭელიძესთან (ბანკის მძღოლი) სანადიროდ გავიდნენ თეირანიდან. მამაკაცები გორას აუყვნენ გარეულ ფრინველებზე ნადირობისთვის, სარა კი მანქანასთან დატოვეს. აი, რას იგონებს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სარა ჭელიძე: იქვე ახლოს “ხეხილის მშვენიერმა ბაღმა მომაჯადოვა… ვერცკი შევნიშნე, როგორ აღმოვჩნდი ბაღის შუაგულში… უცებ ხმაური მომესმა. თვალი გავახილე და შეკვრთი: ჩემს წინ ბრგე ირანელი ვაჟკაცი აღმართულიყო, რაღაცას მეუბნებოდა, ხან მე მიყურებდა და ხან ჩვენს ავტომანქანას.

ძალიან შევშინდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ავდექი, მშვიდად გავუარე წინ და დავიწყე ძახილი: “ამბაკო, ალექსანდრე!” კარგად ვიცოდი, ხმას ვერ მივაწვდენდი, მაგრამ მინდოდა იმ კაცს სცოდნოდა, რომ მარტო არ ვიყავი.

უცებ ჩქარი ფეხის ხმა მომესმა, გული სიხარულით ამევსო, რადგან ჩვენები მეგონენ. მაგრამ სასტიკად მოვტყუვდი, ჩვენების ნაცვლად სამი ირანელი ჯარისკაცი მოიჭრა ჩემთან აქოშინებული.

შიშმა და გაკვირვებამ კიდევ უფრო შემიპყრო. ჩემმა გაოცებამ იმატა, როცა ერთი მათგანი აღელვებული მომვარდა და მომაძახა ქართულად:

_ ვინა ხარ, საიდან ხარ, საიდანა იცი ჩვენებური? (ე. ი. ქართული). _ იმედი მომეცა და სხაპასხუპით ვუპასუხე:

_ საქართველოდან ჩამოსული ქართველი ქალი ვარ, ჩემი ქმარი თეირანის ბანკში მსახურობს. ამჟამად იგი აქვეა, ახლავე მოვა.

გაოცებული მიცქეროდნენ, თითქო რაღაც წარმოუდგენელი ამბის მოწმენი გამხდარიყვნენ. მეც გავთამამდი და ვკითხე:

_ თქვენ ვინა ხართ?

ჯარისკაცმა მიპასუხა:

_ ფერეიდნელი ქართველი ვარ, სოფელ ვაშლოვანიდან, სახელად ალია მქვია.

ეს ჯარისკაცები თურმე მახლობელ სოფელში მიდიოდნენ. ჩემი ძახილი რომ გაუგონიათ, ფერეიდნელი ქართველი ქალი ვგონებივართ; უფიქრიათ: რაღაც უჭირსო, და მოსაშველებლად გამოქცეულან457.

მართალია, აშკარად ხელი ვერ შეუშალა ა. ჭელიძის “ვიზიტს” ფერეიდანში, მაგრამ ყველა გარემოებით ჩანდა, რომ ირანის ხელისუფლებას არ სიამოვნებდა უცხო თვალს ენახა გაჭირვებული და გაღატაკებული სოფელი.

სამ საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი ქართველთა შთამომავლობა დახვდა ამბაკოსა და მის მეუღლეს 1927 წელს ფერეიდანში. დიდი ცნობისმოყვარეობა განსაკუთრებით ქართველი ქალის მისვლამ გამოიწვია. ქართველი ქალი უმეტესობას ჯერ არ ენახა. ჯარად ეხვეოდნენ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ქალები. ყველას უნდოდა დალაპარაკება და ამასთანავე, ხელით შეხება. კოცნიდნენ ტანისამოსზე, ხელებზე… ყოველი ეზოდან გამორბოდნენ, ესალმებოდნენ და ემატებოდნენ ხალხს. ვინც სალამს ვერ გაბედავდა, იმათ სხვები ეუბნებოდნენ: _ სალამი მიე, ჩვენები არიან. ჩვენებური ნამაათ (ლამაზად) იციან458. შიგადაშიგ გაიძახოდნენ: “დიდ საქართველოდან მოსულან!”459

ძალიან უყვარდათ ფერეიდნელ ქართველებს თავიანთ თავზე ლაპარაკი, უმთავრესად, თავიანთ უბედურებაზე. ხშირად იტყოდნენ: “დავსილო ჩემო თავო, დავსილები ვართ”.

არავინ სიტყვას ისე არ იტყოდა, რომ ფერეიდნელ ქართველთა გაჭირვება და ჩამორჩენილობა არ ეხსენებინა460.

როდესაც მასპინძლებთან შეხვედრის დროს ამბაკო და სარა ჭელიძეებმა იმღერეს _ “ქართველო ხელი ხმალს იკარ”, სარას მოგონებით ფერეიდნელ ქართველებს თვალები ენთებოდათ, ტუჩები უთრთოდათ, ნესტოები ებერებოდათ და ერთხელ კიდევ გამოხატავდნენ დიდ გრძნობას, რომ ისინი ქართველები არიან, რომ მათ ვერ გატეხს სულიერად ვერავითარი გაჭირვება. როცა ესმოდათ სიმღერა _ “ახ, ნეტავი ჩიტი ვიყო”, ყველანი დიდ სიხარულს გრძნობდნენ, თვალები უბრწყინავდათ. ყველა მიხვდებოდა მათ უსიტყვო ნატვრას: გადაქცეულიყვნენ ჩიტად, გაფრენილიყვნენ და ენახათ მშობლიური საქართველო…461

ფერეიდნელი ქართველები “შუშპრობას” ნაკლებად ეტანებოდნენ. მოლხენა უფრო მეტად სომხებში იყო შემორჩენილი. ქორწილსა და სხვა მხიარულებაში სომეხ დამკვრელებს იწვევდნენ. მუსიკალური ინსტრუმენტებიდან გავრცელებული იყო სტვირი, დოლი, ჩონგური, თარი და სხვ. ნ. მაისურაძემ გამოავლინა მეტად საინტერესო ცეკვა “ჰარი ბეშტა”. ცეკვავდა ორი მამაკაცი, ხელები თავქვეშ ჰქონდათ ამოდებული, იძახდნენ “ჰარი ბეშტას”. ირანელებს ეს ცეკვა არ სცოდნიათ. აღსანიშნავია, აგრეთვე, ცეკვა, რომელსაც ათი ქალი ასრულებს: “ხუთი იქეთ დადის, ხუთი აქეთ. ჩაფულს (ტამს) ცემენ, ნიფხავი ერთნაირი ჩაიცვიან, ერთმანეთს მიუმღეროდნენ ქართულად”. ზ. შარაშენიძის მასალების მიხედვით, ქორწილის დროს უკრავს საზი და დოლი. იკრიბებიან ახალგაზრდები: თამაშობენ რიკ-ტაფელას (“ჩუზ-ბაზი”) და ცეკვავენ ჯგუფურ ცეკვას “ჯოხურს”462. და ეს იმიტომ, რომ ფერეიდნელი დედა ქართული ნანათი აკვნიდანვე უნერგავდა შვილს დაკარგული სამშობლოს სიყვარულს და ზღაპრებითა და ლეგენდებით საქართველოს შესახებ ზრდიდა მათში სამშობლოს ძიების ფარულ სურვილს და ინტერესს.

ფერეიდანში მყოფ ა. ჭელიძეს ბახთიარმა უთხრა: “ჩვენ ბახთიარები ბევრი ვართ, მაგრამ თქვენ, ქართველებს რომ ერთი მეორის სიყვარული გცოდნიათ, ჩვენ ასე არ ვიცით. პირიქით, ერთი მეორეს თავზე ვესხმით და ვანადგურებთ”463.

1944 წლის პირველ აპრილს თბილისიდან მანქანით გაემგზავრა ირანში ირაკლი კანდელაკი. მის წინაშე ფრიად პასუხსაგები ამოცანა იდგა _ ჩასულიყო ფერეიდანში და ენახა 328 წლის წინათ დასახლებული ქართველები _ შეესწავლა მათი ყოფა-ცხოვრება. რამდენიმე დღის შემდეგ ქართველი მოგზაურები დაბინდებისას ისფაჰანში შევიდნენ. ქალაქის განაპირას, ერთი ქუჩის გადასასვლელზე, ირანელი პოლიციელი გადაეღობათ და ხმამაღლა სპარსულ ენაზე ბრაზიანი კილოთი დაიწყო ლაპარაკი. ხელებზე თეთრი სამაჯურები ჰქონდა, რაც რეგულატორი ყოფილა. როგორც ჩანს, მძღოლმა მოძრაობის წესები დაარღვია და ამიტომ გააჩერეს. პოლიციელმა და მგზავრებმა ერთმანეთს ვერაფერი გაუგეს. მაშინ ი. კანდელაკმა მძღოლს უთხრა გზა განეგრძო. პოლიციელი მაინც არ ეშვებოდა. ირაკლიმ თავისთვის ჩაილაპარაკა ქართულად _ რა გააჭირა ამ კაცმა საქმეო! _ ამ სიტყვების შემდეგ პოლიციელი შემოახტა მანქანის კიბეს და დაიწყო ქართულად ლაპარაკი. _ ქართველი ხარ? შენი ჭირიმე, მეც ქართველი ვარ, თქვენი სისხლი და ძვლები, ფერეიდნელი ვარ, სოფელ ავჭალიდან, სად მიდიხართ? ასეთი დიდებული შეხვედრა მოულოდნელი იყო. ირაკლიმ აღარ იცოდა საიდან დაეწყო ლაპარაკი. ისინი მალე დამეგობრდნენ. პოლიციელი გვარად ხუციშვილი აღმოჩნდა. მან სთხოვა, რომ დილით ისფაჰანში მომუშავე კიდევ ოთხ ქართველს მიიყვანდა მათთან. მეორე დღეს, დილის 10 საათზე, ფერეიდნელი ქართველები მართლაც მივიდნენ საკონსულოსთან. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ იქ, ირანის ძველ სატახტო ქალაქ ისფაჰანში ელაპარაკებოდი სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს…

ი. კანდელაკი ისფაჰანში უნდა შეხვედროდა რამდენიმე ქართული სოფლის ბატონ-პატრონს ჰუსეინ დავითაშვილს. ოფიციალურად იგი იწერებოდა დათხო დავითაშვილად, ზამთრობით ცხოვრობდა ისფაჰანში, ზაფხულობით კი ფერეიდანში, სოფელ თორელში. 1944 წელს ჰუსეინ დავითაშვილი 31-32 წლის მაღალი შავგვრემანი კაცი იყო. ლაპარაკობდა მძიმედ ხმადაბლა, ეტყობოდა უჭირდა ქართულად ლაპარაკი, მაგრამ მაინც შეიძლებოდა მასთან საუბარი. თვითოეული სიტყვის გამოთქმას უკვირდებოდა. დავითაშვილმა გადაწყვიტა ქართველ სტუმრებთან ერთად წასულიყო ფერეიდანში. ჰუსეინს ერთი კვირის წინ ორი სოფელი ბანქოში წაუგია, ხოლო წინა წელს 5 სოფელი ნარდში ჰქონდა მოგებული464.

გლეხების ნაწილი მისალმებისას ბატონს ხელზე ჰკოცნიდა დიდის მოწიწებით. ბატონი ზოგიერთს ხელსაც არ აძლევდა საკოცნელად, რადგან ყველას არ ქონდა უფლება ხელზე მთხვეოდა.

ტრადიციის თანახმად, ჰუსეინის ოჯახში შესვლისას კარების წინ დაკლეს დიდი ყოჩი, გარდიგარდმო დადეს კარების წინ, სტუმრებმა გადააბიჯეს და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდნენ სახლში. ჰუსეინ ბატონის სახლი ორსართულიანი იყო, ეზოთი და დიდი აუზით. შენობა დაახლოებით 14 ათასს მოიცავდა. მას კიდევ მეორე სასახლე ჰქონდა. ჰუსეინი ისევე ექცეოდა გლეხობას, როგორც ყველა მებატონე, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძლიერ უყვარდა ქართველი ხალხი.

ი. კანდელაკის დაკვირვებით “მარტყოფში დიდი თუ პატარა, ოჯახში თუ გარეთ, ყველა მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს. ჩადრს არავინ არ ატარებს. საკმაოდ ლამაზები არიან ქართველები. ძლიერ განსხვავდებიან სახით და ფერით სპარსელებისაგან. სპარსელი ქალები მოყვითალო ფერის არიან. ფერეიდნელი ქალები კი მოთეთრო-მოწითალო ფერისა. ალბათ, იმიტომ, რომ ქართველი ქალი იშვიათად თხოვდება სპარსელზე. კითხვაზე, თუ რატომ არ თხოვდება ქართველი სპარსელზე ისინი პასუხობენ: “ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი სისხლი ნამაზია, სპარსელებს კი არეული სისხლი აქვთო”. იქაური მამაკაცები მაღალი, მხრებგანიერი, შავთვალწარბნი არიან. აქვთ არწივისებური ცხვირი465.

1947 წელს თეირანში სეზონურ სამუშაოზე იმყოფებოდა 100-მდე ფერეიდნელი ქართველი466. ისინი ირანელთა მხრიდან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებენ. “გურჯის” სახელით ირანელებს წარმოდგენილი ჰყავდათ გარეგნობით ლამაზი, შრომისმოყვარე, მამაცი და პატიოსანი ადამიანი. თუ ირანელი ვინმეზე იტყოდა, რომ ეს “გურჯია”, მაშინ დასახელებული პიროვნება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების მატარებლად იგულისხმებოდა. თუ ბავშვი ლამაზი და მიმზიდველი იყო, ირანელები მასზე ამბობდნენ _ “მესლე ბაჩე _ გიურჯი მიმონედ” _ “როგორც ქართველი ბიჭი”. ლამაზ ქალზე დაქორწინებისას ირანელები აღნიშნავდნენ _ “გიურჯი დოხტა” ან “გიურჯი კიზ”, ე. ი. ქართველი ქალი467.

XX საუკუნის 60-იან წლებში თეირანიდან სამხრეთით, ყუმისაკენ მიმავალ გზაზე პატარა ერთსართულიან შენობას ეწერა “ჩაიე გურჯი” _ “ქართული ჩაი”, შემდეგ სახლზე იყო წარწერა: “ბისქვითე გურჯი” _ “ქართული ნამცხვარი”. ეს იყო ჩვეულებრივი სავაჭრო მაღაზიები და წარწერები მხოლოდ მყიდველის მისაზიდად გაეკეთებინათ, თორემ ჩაიც და ნამცხვარიც იქ სპარსული იყო468.

ირანის ქარხნებში მომუშავე ქართველებში დიდი იყო ეროვნული სიამაყის გრძნობა. ისინი ჩვეულებრივ ქმნიდნენ ცალკე ბრიგადებს. ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ მხოლოდ ქართულად სპარსული აქცენტით ან ზოგიერთი სიტყვების გამოყენებით. ირანელებთან დაპირისპირების შემთხვევაში ქართველები ყოველმხრივ სოლიდარობას უცხადებდნენ ერთმანეთს. ამხნევებდნენ სიტყვებით: “აბა ბიჭო არ დავაჩაგვრინოთ თავი სპარსელსა!”, ან კიდევ “არ გავაცინოთ ბიჭო, სპარსელი გურჯზეგა!”469

1947 წლის ზაფხულში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეცადინეობით თეირანში მივლინებული იქნა ა. ასლანიკაშვილი, რომელიც უნდა გასცნობოდა ირანში მცხოვრები ქართველების მდგომარეობას, განსაკუთრებით, ფერეიდანში, რასაც ხელს უშლიდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ასლანიკაშვილმა შეძლო ურთიერთობა დაემყარებინა ფერეიდნელ ქართველებთან, რომლებიც იმყოფებოდნენ თეირანში სეზონურ სამუშაოზე. ქართული მხარის სურვილი იყო ურთიერთობა ჰქონოდა იმ ქართველებთან, რომლებსაც უნდოდათ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში მუდმივად საცხოვრებლად. ქართველები მუშაობდნენ შავ მუშებად, ნაწილი შუშისა და აგურის ქარხანაში. უმრავლესობას ბინა არ ჰქონდა და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა470.

ცნობილი ირანისტი ნომადი ბართაია რამდენიმე წლის წინ ფერეიდანში ავტობუსით მგზავრობის დროს ასეთი ფაქტის მოწმე გახდა: “უცებ ჩვენი ავტობუსი შეჩერდა… წინ გავიხედე, გამეგო რაში იყო საქმე. ვნახე, ორი მძღოლი, მსუბუქი და საბარგო ავტომანქანის, მშვიდად ებაასებოდა ერთმანეთს, რის გამოც მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო.

თითქმის მთელი ირანი მომივლია, მაგრამ მსგავსი სურათი არსად მინახავს. ვიგრძენი, რომ ქართველთა ქალაქში ვიყავი…”471

საქართველოს პირველ ელჩს ირანში ჯემშიდ გიუნაშვილს 11 წლის ფერეიდნელმა გოგონამ წერილი გაუგზავნა. თავის მხრივ ბატონმა ჯემშიდმა თავად მიმართა პატარა ქართველს, გამოეგზავნა თავისი ან მისი ნაცნობ-ნათესავების მიერ ქართულ ენაზე დაწერილი ლექსები. ელჩმა თავისი საპასუხო წერილი დაამთავრა სიტყვებით: “შენი პაპა ჯემშიდი”, რასაც კვლავ გოგონას პასუხი მოჰყვა:

“ჩემო ძვირფას პაპა!

იმდენი რომ თქვენი წერილის გაკითხვით გული გამიხარდა ჯერკი სიცოცხლეში არაფერსათვის არგა-ხარებული ვიყავ. ახლა დამეჯერა რომ მართალი ქართველი ვარ. თქვენ რომ იყოთ ჩემი პაპა ემისგან მეტი მინდა რაღა? მე ოთხი ნატვრი მაქვს მაგრამ ლექსი კი არ მითქომ. ქართული ენა იმდენატ მე მაინტერესებს რომ ჩვეულებრივი სავბარიც ქართულად ლექსივით კაი და საინტერესორი. ჩემი პირველი ნატვრი არი საქართველოს დამშვიდება, აყვავება, აშენება, წინსვლა და საქართველოს ხალხის ჯამრთელობა და ბედნიერება. მეორე ჩემი ნატვრი ისი რო ძალიან მიყვარს წავიდე საქართველოში ჩემი და ჩემი წინაპრების სამშობლოში და ჩემი გული, სული, სისხლი ვაჩუკო და თავის მიწა და წყალს ვაკოცო. მესამე ესე რო მინდა წავიდე თბილისის უნივერსიტეტში ქართული ენა კარგად ვისწავლო და შემდეგ მოვიდე ირანში ფერეიდნელ ქართველებს ვასწავლო და გავამრავლო. ჩემი ბოლო ნატვრი და სურვილი ეს არი რო მუდამ ღმერთს ვეხეწები და ვთხოვ ჩემი ძმას თავის წიგნის დაბეჭდუში რომ ჰქვიან ქართველთა როლი ირანის ისტორიაში და კულტურაში მეშელოს და უშველოს. მაპატით თუ შეცდომილვარ.

თქვენი პატარა გოგონა ფარვინ მულიანი”472.

 

განათლება

 

“თუკი წინაპარს შანთებით  ვერ დაავიწყეს ქართული,

თუ დღესაც მღერის ქართველი ფერეიდანში ფანდურით,

შენ აქ რა ღმერთი გაგიწყრა, ვინ იყო შენი გამზრდელი,

შენი გულისთვის დამიწდა როცა ამდენი ქართველი?!”…

მუხრან მაჭავარიანი

XX საუკუნის ათიან წლებში ფერეიდანში ჩავიდა ქართველი, სახელად იუსუფი, რომელიც აწარმოებდა გეოლოგიურ გამოკვლევებს. მალე, მისი წასვლის შემდეგ სოფელ მარტყოფის მცხოვრები ჰუსეინ ონიკაშვილი, პროფესიით დალაქი ჩამოვიდა თბილისში მცირე ხნით. ირანში წაიღო წიგნები, რათა თავის სოფელში გაეხსნა სკოლა. მის განზრახვას წინ აღუდგა ირანის ხელისუფლება და ისლამური სასულიერო წოდება თავად ქართველთაგან473.

ამავე პერიოდში ზოგიერთმა ფერეიდნელმა ქართველმა ასევე მოახერხა ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლა. აქ შეძლეს კარგად დაუფლებოდნენ მშობლიურ წერა-კითხვას. მათი მიზანი იყო წაეღოთ ქართული წიგნები და სახელმძღვანელოები და ფერეიდანის ქართულ სოფლებში გაეხსნათ სკოლები. “ექავრი ამბავი გავაგებინოთყე ჩონ ძმებს, რომელთაც მარტო ტფილისის და მარტყოფის სახელი მეტი არ გაუგონიაყე” _ აღნიშნავდნენ ფერეიდნელები474.

ყოლამ-ჰუსეინ ონიკაშვილის თბილისიდან ფერეიდანში დაბრუნებამ, ქართული წიგნების ჩატანამ და საქართველოს მდგომარეობის გაცნობამ ფერეიდნელი ქართველების დიდი სიხარული გამოიწვია. მოჰამედ სადეხ მესიდაშვილი ქართველ საზოგადოებას წერდა: “სულით გულით სალამს უძღვნი დიდად პატივცემულს საზოგადოების წევრებს და ყველა ჩონი ძმებს, ღმერთს ვთხოვ ყველა თქვენთაგანისთვის ჯანმრთელობას და იმედია, რომ თქვენი სამშობლოდან მოწყვეტილს ძმებს არ დაგვივიწყებთ _ ჩვენი ძმა ყოლამ ჰუსეინას მოსვლამ და საქართველოს სიყვარულმა ორმოცდა ათი ათასი ქართველი გააცოცხლა. თქვენი ერთგული ძმა”475.

ფერეიდანში დაბრუნებულმა, მეტ-ნაკლებად მომზადებულმა მამულიშვილებმა ენერგიულად მოჰკიდეს ხელი ქართველებში წერა-კითხვის შესწავლას. მოკლე ხანში ბევრმა მათგანმა შეისწავლა ქართულად კითხვა, მაგრამ წერა უჭირდათ. ეს იმით იყო გამოწვეული რომ “მასწავლებლები” სოფლიდან სოფელში დადიოდნენ და დროის სიმცირის გამო ვერ ასწრებდნენ ესოდენ დიდი მსურველების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ476.

1921 წელს ქართველი თავადი (სახელი უცნობია ა. ს.), ფერეიდანში ჩავიდა სადაც გარკვეული დრო დაჰყო. გაეცნო ქართველი მოსახლეობის ყოფას. თბილისში დაბრუნების შემდეგ თავისთან მიიწვია სოფელ ზემო ახორის მკვიდრი, წიგნიერი და გავლენიანი სეიფოლა ხან იოსელიანი. ერთი წლის შემდეგ სეიფოლა წიგნებითა და სასწავლო ნივთებით დატვირთული ჩავიდა ფერეიდანში, რათა გაეხსნა სკოლა. მანამდე გზად გაიარა თეირანში, სადაც შეხვდა მომავალ შაჰს რეზა ხან ფეჰლევის, რომელიც მაშინ იყო სამხედრო მინისტრი და მიიღო ნებართვა თავის სოფელში სკოლის გახსნაზე. იოსელიანი ცდილობდა სასწავლო პროცესი წარემართა ქართულ, რუსულ და სპარსულ ენაზე. იოსელიანმა სოფელში ჩაიტანა რკინის ღუმელი სკოლის შენობის გასათბობად. ირანელები და ისლამური ფანატიზმით შეპყრობილი ქართველი გლეხობა, რომელიც წამოეგო სასულიერო წოდების პროვოკაციას ბრალს სდებდნენ იოსელიანს ქრისტიანობის შემოტანის სურვილში. ამ ბრალდების გასამაგრებლად გლეხობა ამტკიცებდა, რომ იოსელიანის მოტანილი ღუმელი სინამდვილეში იყო ეკლესიის ზარი. იოსელიანის წინააღმდეგ იწერება დასმენები, მიმდინარეობს დაკითხვა… ენერგიული სეიფოლა ხანი წინააღმდეგობის მიუხედავად, აგრძელებდა საქმეს. მისი სკოლა, მართალია, მცირე დროით ფუნქციონირებდა და მოასწრო ქართულად ესწავლებინა 15-20 აღსაზრდელისათვის. ასევე, ქართული წერა-კითხვა ასწავლა სოფელ ბოინის 4-5 ქართველს. აქვე მიიღო ცოდნა სეიფოლას ვაჟმა ფათულა ხანმა.

სკოლის შესამოწმებლად თეირანიდან მოსულმა სპეციალურმა კომისიამ დაადანაშაულა იოსელიანი პრობოლშევიკურ მოღვაწეობაში. სკოლა დახურეს. ბრალდებისა და მეთვალყურეობის მიუხედავად, სეიფოლა ხანი ცდილობს კავშირი დაამყაროს სამშობლოსთან. სკოლის დახურვის შემდეგ სეიფოლა ხანს ესტუმრნენ “რუს-პერს-ბანკის” ისფაჰანის განყოფილების თანამშრომლები ამბაკო ჭელიძე, ისფაჰანის კონსულის მეუღლე და ირანში სტუმრად მყოფი რამდენიმე ქართველი477.

სეიფოლა ხანის კიდევ ერთი შეხვედრა ქართველებთან შედგა 1927 წელს, როდესაც მასთან ჩავიდა მასწავლებელთა ჯგუფი თბილისიდან. ისინი რამდენიმე დღე იმყოფებოდნენ ფერეიდანში. სეიფოლასთვის ქართველებთან შეხვედრა ბოლო სიხარული აღმოჩნდა. ცოტა ხანში ის გარდაიცვალა. ზოგიერთი ქართველი და განსაკუთრებით, მეზობელი სომხური სოფლების მცხოვრებნი თვლიდნენ, რომ სეიფოლა მოწამლეს.

ჭეშმარიტი მოღვაწის საქმეს უკვალოდ არ ჩაუვლია. მან ბევრი გააკეთა თანამემამულეთა ეროვნული ცნობიერების გაღვიძებაში. მის საქმეს განაგრძობდა შვილი _ ფათულა ხანი, რომელსაც 40-იან წლებში მაღალი ავტორიტეტი გააჩნდა ფერეიდნელ ქართველებში478.

როდესაც თეირანში სსრკ ბანკი გაიხსნა, საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა გარკვეული კავშირი დაემყარებინა ფერეიდნელ ქართველებთან. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყოფილიყო პოლიტიკური მოსაზრებით და ბუნებრივია, საკავშირო სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული. მით უმეტეს, რომ ა. ჭელიძესთან ერთად წარმომადგენლობაში სხვა ქართველებიც იყვნენ.

ამ პერიოდში თბილისიდან თეირანში ჩავიდა განათლების კომისარიატის წარმომადგენელი. მას ჰქონდა მანდატი, რომ ის იყო საგანგებოდ გამოგზავნილი განათლების კომისარიატის მიერ ფერეიდნელი ქართველების ცხოვრების შესასწავლად და ასაწერად. მან ა. ჭელიძეს გადასცა მოკლე წესდება თბილისში დაარსებული კულტურული საზოგადოებისა, რომელიც მიზნად ისახავდა კულტურულ მუშაობას ქართველ მაჰმადიანებში. წარმომადგენელმა ირანში ჩაიტანა ერთი ყუთი ქართული წიგნები, უმთავრესად, სასწავლო სახელმძღვანელოები და ბელეტრისტული ნაწარმოებები იმ მიზნით, რომ გაევრცელებინა ფერეიდნელ ქართველებში. განსახკომის სახელით ა. ჭელიძეს გადაეცა რამდენიმე წერილი-ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მიდგომოდა ფერეიდნელ ქართველთა ცხოვრების აღწერის საკითხს.

მიღებული წიგნების ნაწილი, რომელიც უფრო მისაღები იყო გაგზავნეს ფერეიდანში, ხოლო ნაწილი დაურიგეს თეირანში მყოფ ქართველებს479.

1928 წლამდე მთელ ფერეიდანის რაიონში არც ერთი საერო სკოლა არ არსებობდა. დაბალი ტიპის სასულიერო სკოლებში _ მექთებლებში _ მოლები, სეიდები და ახუნდები “მასწავლებლობდნენ”. ისინი მუსლიმანური წესის მიხედვით მიწაზე ფეხმორთხმულ ბავშვებს აზეპირებინებდნენ ლოცვებს და ყურანის ცალკეულ სურებს მათთვის გაუგებარ არაბულ ენაზე. ამ “სკოლებში” წერა-კითხვას საერთოდ არ ასწავლიდნენ. სწავლების ერთადერთი მეთოდი მხოლოდ დაზეპირება იყო.

1928 წელს ზემო მარტყოფში გაიხსნა პრიმიტიული საერო სკოლა, სადაც სწავლება მხოლოდ სპარსულ ენაზე წარმოებდა. გლეხის შვილებს ამ სკოლაში არ შეეძლოთ ესწავლათ უსახსრობის გამო480.

40-იან წლებში 11 ქართულ სოფელში, მხოლოდ 2 სკოლა ფუნქციონირებდა, სადაც 3 ირანელი მასწავლებელი იყო დასაქმებული. 16 ათასი მცხოვრებიდან სწავლობდა 90-120 მოწაფე. ქალები საერთოდ წერა-კითხვის უცოდინარი იყვნენ. მამაკაცთა მხოლოდ 20-30% შეიძლება ჩაგვეთვალა წერა-კითხვის მცოდნედ. სკო-ლაში სასწავლო საგნებს შეადგენდა ფარსის ანბანი და ყურანი481.

ამჟამად, როგორც ფერეიდუნშაჰრში (მარტყოფი), ისე დარანში (ფერეიდანი) დაარსებულია უმაღლესი სასწავლებელი. თითოეულში სწავლობს ათასამდე სტუდენტი.

ბოლოს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფერეიდნელმა ქართველებმა არა მარტო ქართული ენა და ეროვნული თვითშეგნება შეინარჩუნეს, არამედ საწარმოო და საოჯახო ყოფის მაღალი მამა-პაპური კულტურაც, რისი მეშვეობითაც გადაურჩნენ კიდეც გადაგვარებას და დარჩნენ ქართველებად.

* * *

დასასრულს, ზოგიერთ იმ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც ირან-საქართველოსა და, გამომდინარე იქიდან, ჩვენსა და ფერეიდნელ ქართველებს შორის იჩინა თავი.

მას მერე, რაც ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია (1978 წ.), ხოლო საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა (1991 წ.) ამ ორ ქვეყანას შორის დამყარდა პირდაპირი კავშირები.

პირველი ოფიციალური შეხვედრა ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის განხორციელდა 1991 წელს _ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის პირველი სამმართველოს ხელმძღვანელი ბაჰრამ ყასემი საქართველოში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, სადაც შემდგომი შეხვედრა დაიგეგმა მომდევნო წელს ირანში.

1992 წელს საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ჩავიდა ირანში აკად. თ. გამყრელიძის ხელმძღვანელობით, სადაც ხელი მოეწერა შეთანხმებას ურთიერთ ცნობისა და კეთილი დამოკიდებულების შესახებ.

1993 წელს ირანში ჩავიდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე.

1993 წელს საქართველოში გაიხსნა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო და საკონსულო.

1994 წელს ირანში გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის საელჩო და საკონსულო.

ირან-საქართველოს შორის არსებულმა ერთიერთკეთილგანწყობამ შესაფერისი პირობები შექმნა ფერეიდნელებთან ურთიერთობის დასამყარებლად. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვანი იყო 2001 წელს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ოფიციალური ვიზიტი ირანში და ფერეიდანში პირველად ასეთი ოფიციალური პირის ჩასვლა.

ასევე მეტად მნიშვნელოვანი იყო იმავე წელსვე საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა ირანში და პატრიარქ ილია II-ის მიერ ასევე ფერეიდანის მონახულება.

მაგრამ განსაკუთრებული მოვლენა გახლდათ ირანში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა ფერეიდანში და ის ენით აღუწერელი შეხვედრა, რომელიც ტელეარხების საშუალებით მთელმა მსოფლიომ ნახა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ირანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ჯემშიდ გიუნაშვილის მოღვაწეობა ირან-საქართველოს კულტურულ-ურთიერთობათა სფეროში, რომლის წყალობით, მრავალ ფერეიდნელს მიღებული აქვს ირანის ოფიციალური ინსტანციებისთვის მისაღები ლიტერატურა, რაც ხელს შეუწყობს მათ ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის, ქართულ-სპარსული ურთიერთობების შესწავლის საქმეში.[164]

ირან-საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობის წყალობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფერეიდანში სამეცნიერო მივლინებით გააგზავნა ირანისტი ნომადი ბართაია, ეთნოლოგი ოთარ მიმინოშვილი და ფოტო ჟურნალისტი მიხეილ როსტომაშვილი.

2004 წელს სატელევიზიო არხებმა “იმედმა” და “რუსთავი-2”-მა ფერეიდანზე შექმნეს დოკუმენტური ფილმები.

ურთიერთობა ირან-საქართველოს შორის დღითიდღე ფართოვდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კავშირურთიერთობებს “დიდსა” და “პატარა” საქართველოს შორის, რომელთა მკვიდრთ დღეს თავისუფლად შეუძლიათ ურთიერთობა. [165]

 

————————-

443 გ. გოცირიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 33.
444 გ. გოცირიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 41.
445 თ. ცაგარეიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 26-27.
446 თ. ცაგარეიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 21.
447 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 91-92. 150
448 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 104.
449 ლ. აღნიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 200.
450 რ. ზექალაშვილი, ქართული მეტყველების კულტურის სა-კითხები, ნაკვეთი პირველი, თბ., 2003, გვ. 28.
451 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 4.
452 ზ. შარაშენიძე, ფერეიდნელი “გურჯები”, გვ. 100.
453 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 275, ფურც. 4.
454 რ. ზექალაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 63-64.
455 ა. ჭელიძე, ექვსი წელი სპარსეთში, გვ. 62.
456 იქვე.
457 სარა ჭელიძე, ფერეიდანში, ჟურნ. “ცისკარი”, 1958, # 1, გვ. 85-86.
458 ა. ჭელიძე, ფერეიდნელი ქართველები, გვ. 32-33.
459 იქვე, გვ. 34.
460 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 23.
461 ს. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 89.
462 ლ. ფრუიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 183.
463 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომში, გვ. 39.
464 ი. კანდელაკი, დასახ. ნაშრომი, გვ. 11.
465 ი. კანდელაკი, დასახ. ნაშრომი, გვ. 12.
470 იქვე, ანაწ. 25, საქ. 229.
471 ნ. ბართაია, დასახ. ნაშრომი, გვ. 23.
472 “მეგობრობის მაცნე”, # 4, 2005, გვ. 11473 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 21.
474 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 138.
475 იქვე, გვ. 150.
476 ზ. შარაშენიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 152.
477 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 22.
478 იქვე, ფურც. 23.
479 ა. ჭელიძე, ფერეიდნელი ქართველები, თბ., 1951, გვ. 13-14.
480 გ. ჭიპაშვილი, ფერეიდნელი ქართველები, თბ., 1963, გვ. 29.
481 სპა, ფ. 14, ანაწ. 25, საქ. 229, ფურც. 30.

 

One Response to “•ეროვნული თვითშეგნება”

  1. giorgi said

    gaixaret da gamravldit pereidnelebo

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s